”ჰარი პოტერის” ერთი შეფასების შესახებ


გაზეთ “ჩვენ მწერლობაში” (2 -8 მაისი, 11-17 ივლისი, 2003 წ.) გამოქვეყნდა ლევან მათეშვილისა და ირაკლი ლომოურის მამხილებელი პუბლიკაციები, რომელნიც ეხებიან ინგლისელი მწერალი ქალის ჯოან როულინგის ზღაპარს ”ჰარი პოტერს”. ავტორები ცდილობენ დაასაბუთონ ამ ზღაპრის სატანური ხასიათი და შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ბავშვები დაინტერესდებიან ოკულტიზმითა და მაგიით, ხოლო მოზრდილნი ერესის საცდურის წინაშე დადგებიან. ჩემი ამ წერილის ნაწილის იმავე გაზეთში გამოქვეყნება ვერ შევძელი. სხვა სალიტერატურო გამოცემებმა მის დაბეჭდვაზე ასევე უარი თქვეს.

სანამ ბატონების ლევანისა და ირაკლის მოსაზრებებს განვიხილავთ, ერთი რამ მსურს გავიხსენო: მკითხველს ნანახი ექნება ფილმი ვამპირთა შესახებ ”ბლეიდი -2”, შემზარავი კინოსურათია. ერთია ვთქვათ, რომ ეს დემონური წარმოსახვის ძალით შექმნილი ფილმია და დავიწყოთ მისი ქრისტიანული მხილება. მეორეა, რომ ეს ფილმი ჰოლივუდის მიერ შექმნილ მორიგ თვალისსეირად მივიჩნიოთ. ამაში კი დაგვეხმარება მრავალი ასეთი ფილმის არსებობაზე მითითება.
ფილმ ”ბეტმენში”, რომელსაც ბატონი ლევანი ახსენებს თავისი პირველი წერილის დასასრულს, ღამურასებრ მფრენი მეღამური შავი რაინდი ჩაგრულთა შემწე დემონის სახეა. შავით მოსილი უძლეველი რქოსანი უცნობის, კაცი-მღამიობის კინოპერსონაჟი XX საუკუნის 80-იან წლებში ამერიკაში დიდ აჟიოტაჟს იწვევდა. ფილმის მიხედვით, ადამიანი სწორედ შავ, დემონური იერის სამოსელში გამოწყობისას ხდება ყოვლისშემძლე. ტანსაცმლისა და ნიღბის მაგიასთანაა დაკავშირებული ფილმის ეს სიუჟეტი. ღამურას სიმბოლო მაგიიდან კარგადაა ცნობილი. ამ არსების თავდაყირა დაკიდების ჩვევა ძველ დროში შიშს იწვევდა და ეშმაკეულს უკავშირდებოდა. სასწაულებრივი ტექნიკით აღჭურვილი ბლეიდიც და ბეტმენიც ღამის მხსნელნი არიან და არა დღისა.
ფილმი ”სპაიდერმენი” ასევე კაცი-მაქციას შესახებ მოგვითხრობს. მასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კონოპერსონაჟი ბავშვთათვის საყვარელი გმირი გახდა. მათ კოსტიუმირებულ წარმოდგენებზე არიან ბეტმენი, სპაიდერმენი, ჰარი პოტერი. იქმნება თოჯინები, პოსტერები, ლოგოტიპები და ა.შ.
მომავალში ახალი ფილმი შეიქმნება და შემდეგ ის გახდება კომერციული პოპულარობის სიმბოლო. 1991 წელს საქართველოში გადიოდა ტელესერიალი ”მემკვიდრეობა”. დეტექტივთა ჯგუფი ურჩხულებსა და მოჩვენებებს დასდევს. 2002 წელს ეს ტელესერიალი კვლავ გავიდა, მაგრამ ძალზე მოძველებული გამოჩნდა. რა არის აქ უთუოდ აღსანიშნავი? ის, რომ გართობის ინდუსტრიის მიერ შექმნილი ტელე და კინოპროდუქციის მომხმარებელი სულ უფრო მეტს მოელის, მეტს ითხოვს, რადგან უკვე შექმნილი მალე ძველდება და ვეღარ იწვევს მაყურებლის აღტყინებას. მისი განცდა სწრაფად უფერულდება. ამ სიტუაციას მიესადაგება ანდაზა ა wოnder lაsts bუt nine days. სულ უფრო მეტის მოთხოვნა ბადებს სწორედ ასეთ ფილმებს, როგორიცაა ”ბლეიდი-2”, ”კაცები შავებში-2”, ”მატრიცა-2” და სხვა. კომპიუტერული თამაშები იქმნება ერთმანეთზე სისხლიანი და ბოროტებით გამსჭვალული.
წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი ფილმები ენახათ იეზუიტებს XVII საუკუნეში. დაიწყებოდა ინკვიზიციის მძვინვარება. ათასობით ადამიანს შეაჩვენებდნენ და კოცონზე დაწვავდნენ. მკითხველს ამაზე გაეცინება, მაგრამ იმ დროში ,მაგალითად, ”ბლეიდი-2” ანტიქრისტეს ლაშქრის შემოსევად იქნებოდა გაგებული და ვატიკანი ევროპას წყევლითა და ცეცხლით შეაზანზარებდა.
ვინ ამარცხებს ვამპირთა უფრო სრულყოფილ გენერაციას, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ”ბლეიდი-1”-ში ნაჩვენები ვამპირები? მათ ამარცხებს კაცი-ვამპირი, ვამპირის ნაშობი ადამიანი. ეს როგორ გამოდის, მორწმუნის თვალით რომ შევხედოთ: ეშმაკთ შეებრძოლება მხოლოდ ეშმაკეულს ზიარებული კაცი და არა სხვა ვინმე. სამყაროს მხსნელის იდეა აქ თავდაყირაა დაყენებული, ქაჯურადაა გაგებული. საოცარია, სადამდე მივიდა თანამედროვე ადამიანის კინემატოგრაფიული წარმოსახვა, უკვე დამარცხებული და თითქოს ჯვარცმული, სამსჭვალისებიან საწოლზე მიჯაჭვული ბლეიდი, ვამპირისებურად აღდგება სისხლში განბანილი და სისხლით ნაკვები, რათა შეებრძოლოს ვამპირების გაუმჯობესებულ გენერაციას და მოსპოს მათ ნაშიერთა საცავი. სისხლით სავსე აუზიდან აღდგინებული კაცი-ვამპირი, კაცთა მხსნელი და მათი მეოხია. ამ ფილმის მაყურებელი მხოლოდ ერთობა. ეს არის და ეს. სხვა რაზე ფიქრობს თანამედროვე მასობრივი ადამიანი, რომ ამ ფილმმა დააფიქროს?
ქართულ საერო პრესაში არა ზემოთ ნახსენებმა ფილმებმა, არამედ ”ჰარი პოტერმა” (ზღაპარმა და ფილმმა) გამოიწვია მამხილებლური წერილების გამოქვეყნება. რა არის ”ჰარი პოტერი?” კომერციალიზებული საზღაპრო სიუჟეტი პროფანული მაგიის ელემენტების გამოყენებით. როულინგის ზღაპარი ორგანულად თავსდება თანამედროვე ევროპული სალიტერატურო ტრადიციის კონტექსტში. ჯონ ტოლკინის წიგნი და მის მიხედვით გადაღებული ფილმი ”ბეჭდების მბრძანებელი” შექმნილია წარმართული ძველგერმანული მითების საფუძველზე. ნიბელუნგების ბეჭდისა და მასთან დაკავშირებული წყევლის ამბავი კინემატოგრაფიულად აისახა.
დასავლურ გართობის ინდუსტრიაში ზღაპრების ბუმია. აგერ, ესტრადის მომღერალი და კინომსახიობი მადონაც წერს ზღაპრებს. დიდმა მემრუშემ სცენურ სახელად მადონა დაირქვა. მისი საესტრადო ხელოვნება არის სახიობაი მეძვისა და სიძვის მესტვირეობა. მადონამ ბავშვებს რა უნდა ასწავლოს? მაგრამ მთელ მსოფლიოში იყიდება მისი ზღაპრები. მეზღაპრეობას სხვა მსახიობებმაც მიჰყვეს ხელი.
თავის დროზე ევროპა რომანტიკოსების მისტიკური ნაწერებით იყო გატაცებული. ბნელი მეზღაპრის, ჰოფმანის რომანი ”სატანის ელიქსირი” ცნობილი იყო, მაგრამ მხოლოდ ამის გამო ოკულტიზმში არავინ შთაფლულა.
ბატონ ლევანს ზღაპრის სატანურობის საბუთად მოჰყავს როულინგის მოგონება, თუ როგორ ეწვია მას შთაგონება მატარებლით მგზავრობისას და წარმოესახა 11 წლის ბიჭუნა, დიდი მოგვი ჰარი პოტერი. ბატონი ლევანი ამას დემონურ ინიციაციას უწოდებს. როულინგი, ბატონი ლევანის თანახმად, ამბობს, რომ მას შეუყვარდა ჰარი პოტერი და მასზე წერა დაიწყო. ბატონ ლევანს ეს პედოფილიის გამოვლინებად მიაჩნია, რაც, ჩემი აზრით, დიდი გადამლაშებაა და აი, რატომ: როულინგის ნათქვამი მისმა მამხილებელმა გაიგო ისე, რომ ზღაპრის ავტორ ქალს გული შეუვარდა პატარა ბიჭზე. ინგლისურ ენაში ძალზე ხშირად უფართოესი მნიშვნელობით გამოიყენება ზმნა tო lოvე. ანგლოსაქსურ ქვეყნებში დგანან ხოლმე პლაკატით ”ჩვენ გვიყვარს ”ბითლზი!”, ”მე მიყვარს სელინ დიონი!” და ა.შ. ზმნის მაგივრად პლაკატზე გულიც დაუხატავთ. ასეთი პლაკატები დასავლეთში ხშირად გამოიყენება შოუბიზნესის პრეზენტაციებზე, წინასაარჩევნო კამპანიაში (”ჩვენ გვიყვარს ბუში!”) რამდენს ეცადა PR-ტექნოლოგია ქართულ, რუსულ და სხვა ენებში დაემკვიდრებინა tო lოvე-ს შესატყვისები, მაგრამ არ გამოვიდა. კალკა მეტად აშკარაა და უხეში. აი, hაppy -ს შესატყვისები კი მყარად დამკვიდრდა. ყოვლად უაზროდ, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და სხვები ხშირად აღნიშნავენ, რომ ”მე ბედნიერი ვარ!”. ეს დაცემულ ქვეყანაში ღიმილისმომგვრელია. ინგლისურში ამ hაppy -ს გამოყენება უფართოესი აზრით, ბუნებრივია. მეშვიდე ცამდე აიყვანა ქართულმა პოლიტიკურმა PR -მენეჯმენტმა ჯერ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი, მაგრამ ერთობ ძნელად სათქმელია ამერიკული ფამილარულ-პრიმიტივისტული მანერით, რომ ”გვიყვარხარ შევი!” ან ”მე მიყვარს მიშა!” ინგლისური, თანამედროვე PR -ტექნოლოგიების დედაენა, ყოველთვის არაა ყოვლისშემძლე.
ჯოან როულინგი ის ქალი არაა, რომ მას თავის 11 წლის პერსონაჟზე პედოფილური აზრით რაღაც ეთქვა და თავი სასაცილოდ აეგდო. ამ სკოლის მასწავლებელმა საბავშვო ლიტერატურაში და გართობის ინდუსტრიაში რაღაც ახალი შემოიტანა. ზღაპარი დაწერა ქალმა და ზღაპრული ხვასტაგი დაუდგა.
”ჰარი პოტერის” გამო ბატონების ლევანისა და ირაკლის შეშფოთება გადამეტებულია. ის, რაც დაინახა როულინგმა მატარებლით მგზავრობისას და რა შთაგონებაც მიიღო, უეჭველად სატანისეული იყო? თუ სატანამ სწორედ ჯოან როულინგი გამოარჩია რაღაც განზრახვისათვის, ზღაპარზე მეტი მას ვერაფერი შთააგონა?
კარგი შარლატანი ერთნაირი მოხერხებულობით შეიძლება თემაშობდეს როგორც ღვთიურ შთაგონებას, ასევე ეშმაკეულ შთაგონებას. საეკლესიო აფერისტი შეიძლება მთელი ცხოვრება გვატყუებდეს და სიკვდილის შემდეგ ის ღვთის კაცად შეირაცხოს. აღარაფერს ვიტყვი მასზე, ვინც თავს მისნად და მეწამლედ ასაღებს. სადა აქვს თანამედროვე ადამიანს იმის უნარი, რომ არკვიოს – რა არის დემონური ინიციაციით შექმნილი და რა არა გართობის ინდუსტრიაში?
ბატონო ლევან, მეჭველობა და ორჭოფობა უთუოდ სატანისაგან არის? თუ ბარუხ სპინოზა ქრისტეს ღმერთკაცობაში შეეჭვდა, ეს სატანისგან იყო? ის რომ სატანის სატანობაში შეეჭვებულიყო, ეს რა ეჭვი და გულისსიტყვა იქნებოდა? ადამიანს შინაგანი ხმა რაღაცას რომ აუწყებს, როგორ უნდა გაარკვიოს მან – ეს ეშმაკისაგანაა თუ ღმრთისაგან?
როულინგის ქართველი კრიტიკოსები შიშობენ, რომ «ჰარი პოტერით» გატაცებისას ეშმაკს არ წამოვავლოთ ხელი. მაგრამ რჯულის გულისათვის მოშურნეობა არავის დაუწყია მაშინ, როდესაც საქართველოში «ჰარი პოტერამდე» იყო ჰარი პოტერო¬ბა. ნეტავი, მართლა ისე იყოს საქართველოში, რომ აი, ეს ზღაპარიღა რჩებოდეს მოსაგინებელი და სხვა ყველაფერს მირონი გადასდიოდეს თავზე. ის გულმოწყე მუნათი, რაც ამ ზღაპარს დაედო, უსაფუძვლოა.
XX ს. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა დაწყებულივე საშვილიშვილო შერცხვენით დამთავრდა. ერიც და ბერიც იძახოდა «ჩვენთან არს ღმერთი!» ეშმაკის ხმობად კი იქცა ეს დაძახილი. თავიდანვე დიდად ნაყიშიანი იყო ეროვნული მოძრაობა და ის ვერ გაასწორა წარამარა ღმერთზე ლაპარაკმა. მისხით მისხამდე რომ იდავებს უფალი ქართველებთან, ისეთი რამ არის ჩადენილი. ღვთისათვის შური სინამდვილეში ჟურნალ-გაზეთობის ბოზური კუთვა და საეკლესიო არტისტობა აღმოჩნდა. ენოვნებით ცდუნდა ერიც და ბერიც. ღვთისმეტყველთაგან ვის გაუმართავს გლოვა ამის გამო? სხვათა განსჯისა და დაცინვის სურვილით მომშთვარნი გზიანს მაინც ვერას ამბობენ, მისდღემჩი კი იმოძღვრებიან სახელნატყუარნი და რიოშნი.
რეცა ჭეშმარიტ ღმერთს ესავენ და რჯულის გულისათვის შურით ინთებიან, მაგრამ ვერ ჰპოვა ერმა მადლი უფლის თვალში. რატომ? როგორ, სად და ვის მიერ უნდა იქნეს ნაპოვნი რჯულის გაყალბების წყარო?
ისეთ საკითხებზე ვიწყებთ მსჯელობას, რომ ბატონობით მიმართვა ყურს ეხამუშება. მხოლოდ სულის სიდუხჭირის ნიშანია ხაზგასმულად მშვიდი, კანცელარიული სტილით საუბარი იმ საკითხებზე, რანიც ტანჯვას მოითხოვენ. უფლის ქოფაკი უნდა იყოს ჭეშმარიტი მერჯულე და ასე რომ არ ყოფილიყო, წმინდა წერილი არ დაიწერებოდა იმ ენით, რომელიც ყველა ეპოქაში მიწყივ ცხოველ კამათს, საღვთო შურსა და მძვინვარებას იწვევდა.
საღვთო ღვაწლში მდგომ კაცს ისევე მიმართავენ შენობით, როგორც თვით უფალს. ძმებს გეტყვით ლევან და ირაკლი. ცუდად უბნობთ და მხილების სურვილს აუტანიხართ. «ჰარი პოტერმა» შეგაშინათ? სხვა ვერაფერი ჰპოვეთ განსასჯელი? რჯულისა და მრევლის დარილი კი არაა ეს ნაუბარი, არამედ ანგარიშია ცხონების მიზნით, სასუფევლის თადარიგის დაჭერაა ისე, რომ არაფერი გეტკინოს, სული არ შეგეძრას. აი, მოვდიოდი უთვალავი ფეხით ნათელი გზით და მივიჩნევ, რომ ვიწრო გზით მივლია. დაე, განმეღოს მე სასუფევლის კარი. აქაც კარგად ვიყავი და იმქვეყნადაც კარგად ვიქნები. ეგრე ვერ იქნება. თუ ქართველობისათვის არის ასე, იმიტომ არის რჯული ასეთ ჯუქამში. არ გტკიოდეს, არ ევნებოდე, ტკივილსა და ვნებაზე კი სიტყვობდე, კულტურულობდე და ლიბერალობდე.
ლაოდიკეის ეკლესიის ანგელოზისადმი ნათქვამია: «მაგრამ რაკი ასე ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან» (გამოცხ. 3.15).
დიდ საქმეს შესჭიდებიხართ საჯაროდ, ძმებო ლევან და ირაკლი, მაგრამ გული კი მეტად ცივი გაქვთ. თქვენმავე ნაწერმა გამხილათ ამაში.
თვალთმაქცობაა ამდენი საქვეყნო შერცხვენის შემდეგ «ჰარი პოტერის» გამო წუხილი. ეს ზღა პარიღა დარჩა და სხვა ყველაფერი რიგზეა. თავის აუგით გინება გამოვიდა ამ ზღაპრის მოგინება. როგორ ვირწმუნო, რომ «ჰარი პოტერის» გამო ედებით გულს?
ვერ რჯულყო ქართველმა თავისი ცხოვრება, სულ რჯულს კი მოქადულობდა. ის უმტკიცო ქრისტიანია. თავად არა სწამს, სხვას კი ასწავლის. ფუჭი უბნობა და ცუდმაშვრალობა. ურთიერთს ელამაზებიან და ეშაქრებიან, მაიმახები და მყრალნი კი არიან. ბოღმითა და უილაჯო მრისხანებით მოწყლული სულები. არ შეეწია ერს საყდრებისა და მირონდადენილი ხატების სიმრავლე. ასე საჯაყად თუ იქნებოდა ქვეყნის საქმე, რომელმა ღვთისმეტყველმა განჭვრიტა? რჩეულ ხალხს უფალი გვცდისო, ამბობენ სამღვდელონი. ეს უფრო თავის გამართლებაა, ვიდრე მართალი მსჯელობა. ერი და ბერი ირწმუნებოდა, რომ 1989 წლის 9 ოქტომბრიდან, როდესაც საქართველოში ჩამოაბრძანეს ღვთის დედის «კარიბჭის» ხატის ასლი, და უფრო ადრე, კოლხთა და იბერიელთა ქვეყანა, რა დაიწყო მან «სატანური ბოლშევიზმის» გმობა, ივერიის ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მოექცა. მერამდენე წელია წელში ვერ გამართულა ქვეყანა და ამბოკარ ხალხს პური ვერ უჭამია. ცრუ ქრისტიანებად რომ არიან მიჩნეულნი, სწორედ იმ კათოლიკეთა და პროტესტანტთა სამადლოდაა ქვეყანა. მე არ მესმის, ღვთის დედის რა წილხვედრობაზეა ლაპარაკი. საქართველო უნივერსალურ ევროიმპერიაში ცდილობს შესვლას, სადაც არავინ კითხულობს საქართველოს წილხვედრობაზე და არავისთვის აქვს ევროპაში ამას მნიშვნელობა. იქ ქართველი ამის გამო კრინტს ვერ შეუბედავს ვერავის და თუ ხმამაღლა იტყვის თავისი ქვეყნის წილხვედრობაზე, მას დასცინებენ და პირშიც მიახლიან – თუ ეს ასეა, აქ რაღას მოეთრეოდითო. ევროიმპერია ქართველს საბჭოთა იმპერია არ ეგონოს, სადაც მას კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული. რაიმე რომ არ მოეწონებოდა მას, ხატებით ხელში მიტინგებს მართავდა და რუსებს დასცინოდა.
აი, ეს სასტიკი სინამდვილე რომ დაიფაროს, მრავალგვარ ეფექტურ ვერბალურ ხერხებს იგონებს ქართული მედიაკრატია და განუწყვეტლივ მსჯელობენ ქართული და ევროპული კულტურების ნათესაობაზე, ერთიან ევროქრისტიანულ ცივილიზაციაზე და სხვა მისთანებზე. ამასთან ერთად, მრავალი ინტელიგენტი ხედავს რა, რომ არაა ისე, როგორც წარმოაჩენენ ამ საკითხში, ზოგადად მიუთითებს, რომ დასავლეთი ტრადიციებს სპობს. ეს კი არაა საკმარისი იმისთვის, რომ მოხდეს ვითარებაში გარკვევა. ინტელიგენტები 1989-91 წლებშიც ამბობდნენ, რომ ბოლშევიკები ტრადიციებს ებრძოდნენ. თანამედროვე ევროპასთან დაახლოების იდეური საფუძვლების ჩამოყალიბების მცდელობა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში ძნელად მოსაძიებელია. სჯულთამებრ ცხოვრება ლიბერალურ ინდივიდუალიზმს როგორ ეთანხმება? ამის გამორკვევიდან უნდა დაიწყოს ძიება.
ძმებო ლევან და ირაკლი, «ჰარი პოტერს» ამხელთ, ქვეყნის გათახსირებაზე კი დუმხართ. თუ რჯული ცხოვრებისაგან შორს იჭერს თავს, მაშ რაღა რჯულია? ბევრჯერ მოქცეულან ასე ახლანდელი ღვთისმეტყველნი. შენ საყდარში იარე, იმარხულე და ინანიე. ქვეყანა რომ ასე მომყრალდა, მღვდელი მოგიგებს, რომ ეს ამაოებაა. მთავარი, მისი თქმით, სულზე ზრუნვაა. ეს კი მეტად ცუდი ნუგეშია მისთვის, ვისაც აფიქრებს ახლანდელი ვითარება. ბოლშევიკმა არ უყო რჯულს ის, რაც მას უყო თეთრის მოყვარე ქართველი დემოკრატების ხომლმა. მიწისა ვერაფერი შეუცვნიათ, მაღლა მხედნი კი არიან. ცრუმორწმუნეობა რწმენად გასაღებულა და PR – მენეჯმენტის ნაწილად ქცეული რელიგია დღეს ისევე არის ხალხის ოპიუმი, როგორც ის იყო გასული საუკუნის დასაწყისში. ასეთი სულიერი გაპარტახება, მედიაკრატიის შაბაშის თანხლებით, არ ყოფილა საქართველოს წარსულში.
მუდამ სოფლისას ეძიებენ და მაინც არ არიან ქართველები მიწასთან ზიარნი. გულარძნილნი არიან, მამულიშვილებად კი მოაქვთ თავი. ქონდრისკაცები ერისკაცობენ და სამშობლოს ძახილი ფანდია განცხრომის მოსაპოვებლად. თეთრის გროვებაში გაწაფულან და წინაპრების ხსენება დაუბეჯითებიათ. მათ ვკითხავ: მიწასთან რა გაქვთ საზიარო, რომ ტატნობს უცქერთ, ცამდე ჰყოფთ ხელს, ანგელოზებს ელაციცებით და ღმერთზე სიტყვობთ? არც მიწის მოყვარენი ხართ, არც ცისა. თავს იტყუებთ და სხვებსაც ასულელებთ. არაფერში ემართება ხელი ქვეყანას, ამიტომ მატულობს სიცრუე.
თქვენ რომ შესჭიდებიხართ, ძმებო ლევან და ირაკლი, იმას სხვა ენა, სხვა ქართულით განთქმა სჭირდება. ყველგან ღმერთზე ლაპარაკი ისმის, მაგრამ გულისა არავის უუბნია. გულის შიმშილით არავინ დატანჯულა. მედიაკრატიის რჯულისათვის გზნება კი ანგარებითი მაიმუნობაა. ჩადე გაზეთში სანთელი, ხატი, ჯვარი, ზეთი ბოთლაკით და გაყიდე. რომ არავინ აღშფოთდეს, მიაწერე, რომ ამ ყველაფერს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ახლავს.
ეს ამბავი უნდა ინიშნოთ, ძმებო ლევან და ირაკლი. რა გულდებითაც თქვენ ამბობთ «ჰარი პოტერზე», ეშმაკსა და ღმერთზე, ასე არ არის.
მეტი მონასტერი და ხატი ქვეყანაზე მეტი მადლის მოღებას და მეოხების განძლიერებას ნიშნავს, მაგრამ ასე არ მოხდა. ქვეყანა მღამიობივით ქაჯურად თავდაყირა დგას. ღამის ცხოველი იყო საქართველო და ასეთად დარჩა.
XX ს. 90-იანი წლების დასაწყისიდან და უფრო უწინ ითქმოდა, რომ ქართველი ერი საუკუნოვანი ტრადიციების მქონე თვითმყოფადი ერია. მაგრამ თუ ის ასეთია, რატომ არის ასე იოლი მისი აბურთავება რეკლამითა და გართობის ინდუსტრიით? რატომ არის ქართველობა ასეთი პრიმიტიული?
ძმებს ლევანისა და ირაკლის «ჰარი პოტერის» გმობისას მოჰყავთ ფაქტები, რომ ბავშვი მაგიდაზე ავიდა, ცოცხით გაფრენა სცადა, ჩამოვარდა და დაშავდა. უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს რაღაც დაალევინეს და მოწამლეს. მე აქ დავუმატებდი პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას, რომ რუსეთში «ჰარი პოტერის» გავლენით გაიზარდა მოთხოვნილება ბუს ფიტულზე, ტყეში ბუ აღარ მოასვენეს და მისი სინსილა გააქრეს.
ასეთი ფაქტების ჩამოთვლა ნაწარმოების განქიქებისა და მხილების მიზნით იმას ჰგავს, როდესაც ახალგაზრდებს შორის არსებულ მსიძაობას, ნარკომანიას, დანაშაულებებს ხსნიან ძალადობისა და სექსის მქადაგებელი კინოს მოძალებით. მაგრამ იგივე ფილმებში არის კეთილშობილება, უსამართლობასთან ბრძოლა. ახლა ასე დავსვათ საკითხი: თუ ადამიანები კინოპერსონაჟებს ბაძავენ მრუშობასა და კაცისკვლაში, რატომ არ ბაძავენ მათ კეთილშობილებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში? თუ ბაძავენ, რატომ არსად გასმენილა ამის შესახებ? დანაშაულებათა ახსნისას კინოს ცუდ გავლენაზე ლაპარაკი გადამეტებულია.
XX ს. 60-იან წლებში, ფილმი «ტარზანი» რომ გადიოდა კინოთეატრებში, იყო შემთხვევა, როდესაც ტარზანის მიმბაძველი კაცი გადახტომისას დაიმტვრა. ფილმ «შესანიშნავი შვიდეულის» ნახვის შემდეგ იულ ბრინერს Bაძავდნენ გავლაში და შემოტმასნილი შავი «საროჩკები» შემოვიდა მოდაში. თბილისელი «შავებიც» კი ბაძავდნენ მას, იმიტომ, რომ ,მათივე თქმით, იულ ბრინერი «კაი მასტი» იყო. ფილმ «ტერმინატორი -2»-ის გასვლის შემდეგ სქელლანჩიან ბათინკებსა და ტერმინატორის «კურტკებს» დაეძებდნენ (1993-96 წწ.). მანამდე ბრიუს ლის ბაძავდნენ, თვითნაკეთი ნუნჩაკუებით დადიოდნენ ქალაქში, კარატეს არალეგალურ სექციებზე ეწერებოდნენ (XX ს. 80-იანი წლების დასაწყისი). ეს სექციები აკრძალეს კარატისტების მიერ ქალაქში ატეხილი ჩხუბების გამო, რადგან ზოგს ნეკნები ჩაუმტვრიეს, ზოგს ხელი მოსტეხეს. 80-იანი წლების დასაწყისში ტელევიზიით ნაჩვენებმა ფილმმა «ლედი კარატე» პატარა ფურორი მოახდინა.
როდესაც ასეთი ფილმები კონვეიერული სახით იწარმოება, მაშინ კინემატოგრაფი და კინოპერსონაჟი კარგავს თავის გავლენას მაყურებელზე. ფილმით მხოლოდ თავს იქცევენ. აღარავის აღაფრთოვანებს დადებითი გმირი, არავინ ბაძავს მას. არავინ გამხდარა კეთილშობილი შურისმგებელი, ვერაგულად მოკლული ძმაკაცის სისხლის ამღები და თუ ასეთი რამ ხდება მხოლოდ შავ სამყაროში, საზოგადოებას ამის დაფასება და დამახსოვრება არ შეუძლია უსაზღვრო ფლიდობის გამო. საზოგადოება როგორც ეკრანის წინ არის სეირის მაცქერალი, ისე ცხოვრებაში არის მოსეირე და მოლაყბე.
რაც არ უნდა კარგად გადაღებული იყოს ფილმი, მხოლოდ ერთხელ თუ ნახავს კაცი. ამიტომ კინემატოგრაფი იძულებულია შექმნას სულ უფრო მეტი თვალის შესაპყარი სანახაობა. კინო ახლანდელი ჟამის ზმნობა და მისნობაა.
ჰარი პოტერს, ამ მემკვიდრეობით მოგვს, შუბლზე ელვის ნიშანი აქვს. ძმა ლევანის მიერ ეს განიმარტება ლამის როგორც სატანის დაღი. იგი საუბრობს ელვის სიმბოლოს ოკულტურ მნიშვნელობაზე და მიუთითებს სატანურ საიტებზე. მაგრამ ელვის სიმბოლოს სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ელინურ და ევროპელ ბარბაროსთაწარმართობაში (საიდანაც აიღო ის ნაციზმმა). რაც ოკულტურია, ის სულაც არაა სატანური. სახელდებამ არ უნდა გვაცდუნოს. გარკვეული აზრით, ოკულტიზმია მართლმადიდებლური ისიხია, კათოლიკური მისტიკური სიყვარული. ოკულტისტი იყო იდუმალის შემეცნებაში ფრიად მიწევნილი გრაფი დე სენ-ჟერმენი, რომლის მოღვაწეობამ თვით მისი თანამედროვე ვოლტერის ყოვლისშემმუსრავ ირონიას გაუძლო. ოკულტისტები იყვნენ ალქიმიკოსი ნიკოლას ფლამელი და ფულკანელი. ისე ჩვენ მოგვეცეს ისეთი შეტყობა და მოცნება, ძმაო ლევან, როგორიც მათ ჰქონდათ. მირჩა ელიადეც ოკულტისტი იყო.
იესუმ გვასწავლა: «იყვენით მეცნიერ, ვითარცა გველნი და უმანკო, ვითარცა ტრედნი». თვით ის არის ცეცხლის, ე.ი. ელვის სიმბოლოც და მისი საპირისპირო წყლის სიმბოლოც. ისიც გავიხსენოთ, რომ რჯულში გველი არა მხოლოდ სატანის, არამედ ქრისტეს სიმბოლოცაა. წესისამებრ, ღამე მაცდურისაა, მაგრამ იესუც ღამის კაცია, შუაღამის სასიძოა. ღამეულ ჟამს უბნობს კაცი უფალთან ისე, როგორც დღისით ვერ იუბნებს. ესეც ოკულტური აზრის მქონეა. სიმბოლო მრჩობლია. სხვაგვარად შეუძლებელია, რომ იყოს.
თვით იმ სატანურ საიტებზე, რომელთა შესახებ ძმა ლევანი ლაპარაკობს, ბევრზე ბევრი რამ არის კომერციალიზებული, პროფანირებული, ვიზუალურ ეფექტებზე აგებული. ფრთოსანი ურჩხულები და უცხო სამყაროთა არსებანი გამოსახულია ა ლა ბორის ვალეჯო, იმიტომ, რომ თვალს იპყრობს.
ამ სატანური საიტების ყოველდღიური ჭვრეტაც კი ვიეთთ ეშმაკს ნამდვილად არ გადაჰყრის. არავინ იქნება ამის გამო ცხვარი წყმედული და ვერც სატანის სიმაღლესა და სიღრმეს (τα βαθεα του- Σατανα – , ალტიტუდინეს შატანაე) (გამოცხ.2.24) შეიმეცნებს.
რახან ამაზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც ვთქვათ, რომ ახლანდელი მკითხველისათვის წარსული დროის (XVI -XVII სს.) ევროპელ დემონოლოგთა (ნიკოლა რემი, სილვესტრ პრიერიო, მარტინ ანტონიო დელრიო, ფრანჩესკო – მარია გუაცო, ლუდოვიკო – მარია სინისტრარი, ჯონ დი და სხვ.) ნაშრომები მხოლოდ სასაცილო რამ არის. ვინ არის ისეთი, ვინც ამ ტრაქტატებში, ისევე როგორც ოკულტურ, ჰერმეტიკულ და გნოსტიკურ ტექსტებში იპოვის და შეიმეცნებს უდავოდ უეჭველსა და ღირებულს?
ძმაო ლევან, შენ რომ ელვის სიმბოლოს სატანურ მნიშვნელობაზე საუბრობ ასეთი სიიოლით, გიფიქრია როგორ არის ელვა, შუქი, ცეცხლი წყვდიადის მეუფისა და ამა სოფლის თავადის (ასე იესუსაც ეწოდება წერილში) სიმბოლო? რატომ იწოდება იგი ლუციფერად? რა შუქის მქონეა ის, ვინც ღმერთმა ზეცით შთამოდევნა? როგორ განვასხვავოთ მისი შუქი ღვთის შუქისაგან? (ლუკა მახარებლის სახელიც შუქს უკავშირდება) როგორ ინარჩუნებს შუქს ესევითარსა მოჯანყე ღვაწლსა შინა მყოფი ძველი გველი? განიღმრთო თუ არა სატანა ზეცით განდევნითა და დაცემით? ცოდვით განღმრთობის იდეა როგორ შეიძლება გავიგოთ? რჯულში მდგომი ღვთისმეტყველი მოგვიგებს, რომ ეშმაკი მხოლოდ დაცემული ანგელოზია და არა ღმერთი. მხოლოდ დაცემულ ანგელოზს როგორ შეუძლია ამდენი ბოროტების ქმნა?
წერილ არს, რომ ღვთისშვილნი ერთხელ შეიკრიბნენ უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? (იობ. 1.6-7). რატომ დატოვეს ეს ადგილი შეუცვლელად ადრეული ქრისტიანობის დროინდელმა ბიბლიის რედაქტორ-კორექტორებმა, როდესაც სხვაგან რაღაც ვითარებანი შეცვლილია? (ქართულ ტექსტში, სხვათაგან განსხვავებით, სატანა უფალს მეტად მკვახედ მიუგებს, რომ ის ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან მოდის). სატანაც ღვთისშვილია, იობის წიგნის მიხედვით, და ეს ითქმის მისი ზეცით შთამოდევნის შემდეგ. უფრო მეტი შეძრწუნება შეუძლებელია, როდესაც იობის უბედურებაში ვხედავთ, რომ სატანის მოვლინება სინამდვილეში ღმერთის მოვლინებაა, რომ ღმერთი სატანაა და სატანა ღმერთია.
ორიგენემ (185-254 წწ.) თავისი სწავლება აპოკატასტასისით დაასრულა და ამგვარად შეეცადა გადაეჭრა შესაქმის კეთილგანზრახულობის იდეისა და მასთან მოპაექრე ზოროასტრულ-მანიქეველური იდეების ურთიერთობის საკითხი. ორიგენეს სწავლება ოფიციალურმა ეკლესიამ ერეტიკულად შერაცხა, მაგრამ მოძღვრის უდიდეს ავტორიტეტს ვერაფერი მოუხერხა და ის ადრეული ქრისტიანობის მამათა შორის კაშკაშა მნათობად შთება.
ამბობდნენ კი ბოლომდე თავის გულისსიტყვას მოგვიანო დროის წმინდა მამანი, როდესაც ამ ვითარებას საგანჰყოფდნენ?
თუ ჩვენი დროის დემოკრატ ღვთისმეტყველთ თავი ჭეშმარიტ მერჯულეებად მიაჩნიათ, მაშინ მათ თქვან რაღაც საეპოქო მნიშვნელობისა. ეკლესიის რომელიმე დიდმა მამამ რომ ისიტყვა და დიდ სიმაღლეზე ავიდა, თქვენც მათ კვალად ისიტყვეთ და ადით რაღაც სიმაღლეზე. განმარტეთ რჯული თანამედროვე ვითარებათა შესაბამისად. რატომ ვერ სიტყვობთ და მხოლოდ ცუდმედიდობთ? თუ ჭეშმარიტი მერჯულენი ხართ, ამეტყველდეს თქვენში სულიწმინდა, დაძლიოს თქვენი უძლურება და საღვთო ნიშატი აღგინთოთ. ფრიად მოცუდდა დემოკრატიას შემდგარ ღვთისმეტყველთა ნასარჯი, როდესაც ისინი ლამობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა სწორედ კაპიტალიზმის და არა სოციალიზმის მონათესავე მოძღვრება იყო და უფლის მადლი სწორედ ინდივიდუალისტ, თეთრის მგროვებელ ლიბერალზე გადმოდიოდა.
აი, აქ მივადექით იმას, რასაც ძმა ლევანიც ეხება. ესაა შესაქმის კეთილი დასაბამისა და ღვთის როგორც სიკეთის წყაროს მოაქამდე გადაუჭრელი, უმძიმესი საკითხი.
ბოროტების ზეობა აფიქრებდა მათ, ვინც რჯულთმეცნიერებასა და ქრისტეს ცხოვრებას შეიმეცნებდა. ბოროტების ზეობის გამო შეჰქონდათ ეჭვი ქრისტეს ღმერთკაცობაში. ეს ინტენცია ჯერ სპინოზასთან, მოგვიანოდ კი ფრანგ განმანათლებლებთან გამოვლინდა. მანამდე, ბოროტების ზეობა აფიქრებდა ბოგომილსა და ალბიგოელს. იმავე საგონისით იყვნენ დამძიმებულნი კირკეგორი და ნიცშე. დღეს ქრისტიანობა უკიდურესად პოლიტიზებულია, რაც დემოკრატიისა და პლურალიზმის პირობებში თითქოს გამორიცხული უნდა ყოფილიყო. ეკლესია კეისარს მორჩილებს. ქრისტიანობა პოლიტიკის PR -ფორმა და მანიპულაციური ტექნოლოგიის საგანია.
რჯულის დებულებათა ბოგომილურ-ალბიგოური ინტერპრეტაციის ასეთი უკიდურესობა და შეურიგებლობა თვით ეკლესიის სწავლებაში, მოციქულთა ეპისტოლეებში საკითხთა რადიკალური დასმისაგან მომდინარეობს. ბოგომილურ-ალბიგოური ფანატიზმის მასულდგმულებელი წყარო თვით ეკლესიის დოქტრინა და ქრისტეს სიტყვაა. ბოგომილი ასკეტი ძალზე ძნელად გამოსარჩევია საეკლესიო მოწესისაგან. დიდი ერესები წარმოშვა ღმერთსა და ეშმაკს შორის ბრძოლის იდეამ როგორც კანონიკურ, ასევე აპოკრიფულ ტექსტებში. ამ ტექსტებში არსებული უკიდურესობანი ერეტიკულ ინტერპრეტაციებს უფრო გაუმწვავებიათ და ცენტრალურ ექსტრემისტულ მეთოდოლოგემად უქცევიათ. ორიგენე მისი ნებაყოფლობითი საჭურისობის გამო შეიძლება სათნოვყოთ და შეიძლება დავგმოთ კიდეც. სათნოვყოთ იმისთვის, რომ მან თავი დაისაჭურისა ქრისტეს სიტყვის თანახმად. და დავგმოთ იმისთვის, რომ თავის დასაჭურისებით ორიგენე უარყოფს იმ ბუნებას, რაც მას ღვთისაგან ებოძა.
ძმაო ლევან, უკვე ამ საკითხის განსჯა ჩვენს შორის გამოიწვევს ისეთ კამათს, რომ ერთმანეთს შეიძლება მოსისხლე მტრებად ვექცეთ. ამ დროს კი ორთავენი მართალნი ვიყოთ და ჭეშმარიტებას ვუბნობდეთ. აი, ასეთი საკითხები რომ აღელვებდათ ადამიანებს წარსულში, იმიტომ წარმოიშობოდა დიდი და მცირე ერესები. აქ მხოლოდ სატანაზე მითითება საკითხის მეტისმეტი გაუბრალოებაა.
ინდუიზმმა და მისგან ამოზევებულმა ბუდიზმმა არ იციან ასეთი მტრობა თავის ერესთა და მწვალებლობათა შორის. ეს ასევე არ იცის დაოიზმმა, სინტოიზმმა, იმიტომ, რომ ღმერთსა და ეშმაკს შორის ბრძოლის იდეა ამ რელიგიებში არაა. ასეთი მტრობა მხოლოდ აბრაამიტულმა რელიგიებმა და მათმა ერესებმა იციან.
გნოსტიკოსებისა და ქრისტიანული ერესების უკიდურესობანი სწორედ შესაქმის საკითხის გააზრებაში თანხვდებიან ერთმანეთს. დავაკვირდეთ: საკითხის რადიკალური დასმა ისტორიასა და თანამედროვეობაში ღმრთისა და ეშმაკის ბრძოლაზე, მეტად დასაბუთებულად და ლოგიკური სიმკაცრით მიგვიყვანს ეშმაკის მძლავრების აღიარებასა და ღმერთის მარცხამდე. ათეიზმი აქ კეთილი ღმერთის გადარჩენის ერთგვარი ხერხია. ფრანგ ენციკლოპედისტებს კი ეს კარგად ესმოდათ.
შესაქმის საწყისისა და მიზნის შესახებ კამათი ახალ დროში გაგრძელდა ევროპელ განმანათლებელთა, თეისტთა და დეისტთა შორის. მოგვიანოდ ეს საკითხი განიხილებოდა ათეისტების მიერ. ათეიზმი კი სხვა არაფერია, თუ არა გნოსტიციზმის ვარიაცია. ეს ძველი სულიერი წყლულის აშლაა.
ახალი ევროპის დიდი მოაზროვნენი – ლაიბნიცი, ნიუტონი და სხვები ფილოსოფიურად გაიაზრებდნენ შესაქმის საწყისის საკითხს. ლაიბნიცის თეოდიცეამ დაიცვა საეკლესიო სწავლება შესაქმის კეთილგანზრახულობის შესახებ.
დღეისათვის სასაცილოდ ჩანს კამათი თეისტებსა და დეისტებს შორის, მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში ეს კამათი ევროპული აზროვნების მაგისტრალურ მიმართულებას ქმნიდა. ეს კამათი კი ისევ იმ ბოგომილურ-ალბიგოური საკითხების სეკულარულ და რევოლუციურ განასერში გადატანა იყო.
თანამედროვე უნივერსიტეტელი კი უფრთხის ამ საკითხებს და თავს აჩვენებს, რომ მას სწორედ ისე სწამს, როგორც პატრისტიკულ კლასიკაში და კონფესიურ ავტორებთანაა განმარტებული. მას არ აფიქრებს ბოროტების დიდი აღზევება. დუბიტატური აზრი დასაწყისშივე დაგმობილია, როგორც სატანური. ერთობ პოლიტიზებული რელიგიისათვის კი ასეთი ვითარება პირდაპირ მისწრებაა. დემოკრატი ინტელიგენტი თავს იწონებს იმით, რომ მან ვერ გაბედა შემეცნება.
შესაქმის დასაბამის შესახებ ძველისძველი პოლემიკის უკიდურესმა ესკალაციამ დასავლურ ცივილიზაციაში გამოიწვია ისეთი ინტენსივობის ბრძოლა რელიგიასა და სეკულარულ, ფილოსოფიურ აზროვნებას შორის, როგორიც არ ყოფილა აღმოსავლურ ცივილიზაციებში. ტექნიკის არნახული წინსვლაც, რისი წყაროც რელიგიასთან ბრძოლაა, სატანის განზრახულობას დაუკავშირდა სწორედ დასავლეთში და არსად სხვაგან. აზრად არ მოუვა იაპონელ ბუდისტს, კონფუციანელს ან ვედური რელიგიის ინდოელ მიმდევარს, რომ ტექნიკა დემონურად შერაცხოს. კოლონიალიზმის ეპოქის დროს, აღმოსავლელი კაცი ევროპულ ტექნიკაში თავისი დამონების პოლიტიკურ იარაღს უფრო ხედავდა, ვიდრე დემონთა ნახელავს.
სწორედ ქრისტიანულ კულტურაში და არსად სხვაგან, იშვა ღმერთმებრძოლობის ისეთი იდეა, რომელმაც ეპოქები გაანათა და ადამიანს უდიდესი ისტორიული წინსვლა მოუტანა. აღმოსავლეთში, მაგალითად, ტიბეტსა და ინდოეთში არაა საღვთოდ და სატანურად ისეთი დაყოფა, როგორც იუდაისტურ-ქრისტიანულ სამყაროში, რაც არ უშლიდა ხელს ტიბეტსა და ინდოეთს რელიგიური სათნოების მიღწევაში. მაგრამ ის მებრძოლი სათნოება, რომელიც აბრაამიტული რელიგიების წიაღში იქმნება, ინტენსიურად ისტორიზებული და ტემპორალიზებულია. ეს არის ყველაზე არსებითი, რაც განასხვავებს აბრაამიტულ რელიგიებს ინდო-ბუდისტური რელიგიებისაგან. ამას იუდაიზმსა და ისრაელის სახლის რელიგიურ გენიას უნდა ვუმადლოდეთ, რომლის წინაშე მთელი დასავლური ცივილიზაცია განუზომელ ვალშია.
ტიბეტში, ინდოეთსა და იაპონიაში ღმერთი უშვერი სახის მქონე შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი დემონია. დემონური ღვთაებების მსახურება ინდოეთის ხალხებში ისევე ხდება, როგორც ვედური ღვთისმსახურება. ინდუისტური და ასევე ბუდისტური სათნოება შემრიგებლურია. იგი არ ახდენს რელიგიური საკითხების ისეთ ისტორიზებას, როგორც ამას აკეთებს იუდაისტურ-ქრისტიანული და ასევე ისლამური სათნოება.
ჰეგელიც ფიქრობდა შესაქმის დასაბამზე და მას ნათქვამი აქვს, რომ ეშმაკმა არ მოატყუა ადამიანი და მან ის შემეცნების გზაზე დააყენა. ასე მივიღეთ იდეა, რომელსაც ეშმა კეთილი შეიძლება ვუწოდოთ.
შესაქმის დასაბამის შესახებ თავისებურ კონტრინტერპრეტაციას წარმოადგენს დასავლეთში წარმოშობილი საიენტოლოგია და ნიუ-ეიჯერთა სწავლებები. ისინი ქრისტიანობის ახალ ოპოზიციად ყალიბდებიან.
აბრაამიტული რელიგიების და სახელდობრ, ქრისტიანობის ზემოაღნიშნული თავისებურება გართობის ინდუსტრიამ საფარსაგო საქმედ აქცია. ძმა ლევანი აღნიშნავს, რომ მოგვი ჰარის ლოგოტიპი სარფიანად გაიყიდა. ის გამოსახული იქნება სხვადასხვა საგნებზე. მე ვიკითხავ: ბავშვთა სამოსელზე, ჩანთებზე გამოსახულია ბეტმენის სიმბოლო, მაგრამ განა ეს ავნებს ყრმათა სულებს? ძმა ლევანის მსჯელობას თუ მივყვებით, სახაზავზე და რვეულზე დახატული ჰარი პოტერი და ჰერმიონა წარწყმედს სულს. ეს სურათი წარწყმედს კაცის სულს და ეკლესია რომ სულ შევარდნაძის ღვთისგარეგანი ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, ეს არა?
ჰარი და ჰერმიონა კი არა, თუნდაც სატანა დახატონ საგნებზე. ეს ისევე არვის შესძენს გველის სიბრძნეს, როგორც ქრისტეს დახატვა – მტრედის უმანკოებას.
განა ეშმაკი ის არის, «ჰარი პოტერით» გატაცებულ მანტიამოსხმულ ბიჭ-ბუჭებსა და გოგოცუნებთან ჯოხის ქნევაზე მივიდეს? ჭეშმარიტი დემონოფანიის მიღწევა ასე იოლი ვის ჰგონია?
რომ შევქმნათ პენტაკლები, შანა და ბაზმანდი ვამრავლოთ ისე, როგორც მოგვი პაპიუსი გვასწავლის თავის წიგნში მაგიის შესახებ, წარმოვთქვათ შელოცვა, ქვესკნელის რომელიმე ავსული უთუოდ გამოგვეცხადება? ყველაფერი ზედმიწევნით ისე რომ შევასრულოთ, როგორც მაგიური რიტუალები გვასწავლის და სასურველი სული მაინც არ მოვიდეს, რაღა რჩება მოგვთა მეცნიერებისაგან?
თავის დროზე ევროპაში ფრიად შესახელებული იყო ალან კარდეკის წიგნი სულთა გამოხმობის შესახებ. მაგრამ ყველა ის, ვინც ამ სახის შემეცნებით დაინტერესებულა, დაგვეთანხმება, რომ კარდეკის წიგნში სულები ისე ვერ უბნობენ, როგორც მათ შეჰფერის. კარდეკთან საკვირველი და გასაშტერებელი არაფერია.
ჩვენი საკითხის განხილვისას ძმები ლევანი და ირაკლი არ აქცევენ ყურადღებას ერთ მეტად არსებით ვითარებას. ყველა მაგია არაა მაგია. როგორც საეკლესიო სწავლების შემთხვევაში, აქაც ძალზე დიდია ფალსიფიკაციის შესაძლებლობა. რახან რაიმე გრძნეულება, სახრვა, მესტროლაბეობა ასეთად იწოდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის არასოდეს გაყალბდება და რაც მაგიად იწოდება, უეჭველად მაგიაა. ამ ყოვლისმომცველი პროფანაციის გამო წუხდა რენე გენონი და იგი თქვენს მიერ ნახსენებ პაპიუსსაც აკრიტიკებდა, რომელსაც თავის დროზე თავად ემოწაფებოდა.
ღმერთმა რომ ქვესკნელს შთაათხია შესაქმის დამწუნებელი ეშმაკი და მისი თანამოსაგრენი, ამის შემდეგ მტრობა უფალსა და სატანას შორის ისტორიაში სულ უფრო იზრდება და ინტენსიური ხდება. აი, აქ ვიგულისყუროთ, მოვიკრიბოთ ღონე და დავაყენოთ კითხვა: ქაჯური სასწაული, შავი მადლი თუ შეიძლება გაყალბდეს? იქნება კი სატანის კაცის მოვლინება გაუყალბებელი? გვსურს თუ არ გვსურს, კითხვა გნოსტიკურ ხასიათს იძენს.
აქვე მინდა გავიხსენო უახლოესი წარსულის ერთი ფაქტი. 1990 წელს საქართველოში მოიწვიეს იმ დროისათვის ცნობილი ტელეპატი კაშპიროვსკი, რათა მას ემკურნალა 9 აპრილს დარბეული და მოწამლული ადამიანებისათვის. კაშპიროვსკის სეანსი არ ჩაატარებინეს. მრევლმა იგრძნო, რომ ეშმაკეული კაცი იყოო კაშპიროვსკი. ასე განმარტეს მღვდლებმა. თუ იცოდნენ ვინ იყო, რაღას მოჰყავდათ? თუ ასეთი მორწმუნენი იყვნენ, რომ ტელეპატია ეშმაკეულ საქმედ მიაჩნდათ, რატომ მივიდნენ კაშპიროვსკისთან შესახვედრად? რა, ფსალმუნების კითხვას დაიწყებდა კაშპიროვსკი და ასე უწამლებდა? მღვდლები ამბობდნენ, რომ ტელეპატიის უნარი ამ კაცს ეშმაკისაგან ჰქონდა მინიჭებული. ცრუმესიაც კი უწოდეს მას. ილუზიონისტ კოპერფილდის სანახაობა 1996-97 წლებში საქართველოში ბევრმა სამღვდელომ სატანურად შერაცხა. დღეს არც კაშპიროვსკი და არც კოპერფილდი ახსოვთ.
კაშპიროვსკის უნარი ადამიანის გონების ახალ შესაძლებლობათა წარმოჩენა იყო. ძველ დროში პოლიგლოტობა ან მხატვრობის ნიჭი ღვთის წყალობად მიაჩნდათ. დღეს ეს მოწადინებისა და ტექნიკური გარჯილობის, გამოხელვის შედეგია. კანტი, ნიცშე და ჰაიდეგერი რომ ძველ საბერძნეთში დაბადებულიყვნენ, ელინები იტყოდნენ, რომ მათი მამა ოლიმპოს რომელიმე ღმერთი იყო. ადამიანის გონების ასეთი უნარი და გაქანება ღმერთების მეოხების გარეშე იმ დროში წარმოუდგენელ ამბად მიაჩNდათ. მძიმე ათლეტიკაში მსოფლიო ჩემპიონის შესახებ ელინები იტყოდნენ, რომ მისი მამა გმირი ჰერაკლე იყო და ჩემპიონის დედას პატივს მიაგებდნენ როგორც ღირს ქალს. იგივეს იტყოდნენ ელინები ბოდიბილდერზე (კულტურისტზე) და მის სხეულს სკულპტორებს ნიმუშად დაუსახავდნენ. მოკვდავის მიერ უმეშვეოდ ამის მიღწევას ვერ დაუშვებდნენ ელინები. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მამას დღეს აღარავინ ეტყვის «მოკვდი დიაგორას!»
«ჰარი პოტერი» მაგიის მოძალებასა და სულის საცთურთა მომრავლებას კი არა, არამედ რელიგიის დაცემას, ქრისტიანობის აქამდე არნახულ პროფანაციას და მასთან ერთად ყველა სახის მისტიციზმის, ყველა სახის საკრალური სწავლების, ყველა მითის პროფანაციას გვიჩვენებს.
ოდესღაც, «ჰაგაკურეს» თანახმად, ჩინეთში იყო დრაკონთა მეტრფე კაცი, რომელმაც თავისი სამოსი და ავეჯი მათი გამოსახულებებით მორთო. ამ კაცის ასეთმა გატაცებამ დრაკონთა ღმერთის ყურადღება მიიპყრო და ერთხელ ამ ჩინელის სახლის ფანჯრის წინ გამოჩნდა ნამდვილი დრაკონი. კაცმა შიშისაგან მყისვე სული განუტევა. იგი, სამურაის კოდექსის თანახმად, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ხმას იმაღლებს, საქმეში კი სხვაგვარნი არიან.
სხვა თქმულების თანახმად, უფალი შივას ერთგული ინდოელი თავისი ნანდაურის გამოცხადებას ელტვოდა. შივამ შეისმინა მისი, მოიღო მოწყალება და უბედურმა კაცმა, რა იხილა შესაზარი, მრჩობლედი სახიერების მქონე მძვინვარე ღმერთი, სული გააცხო შიშით.
მავანი ამ ჩინელსა და ინდოელს შორიდან შეხედავს და იტყვის, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთ გადაჰყრია. ღვთის მსასოებელნი კი სწორედ ასეთი გამოცხადებით გამოიცდებიან.
ყოვლისმომცველი პროფანაციისა და კომერციალიზაციის გავლენით არის, რომ ასე გავრცელდა ესქატოლოგიური სიუჟეტების ეკრანირება. მაგალითად, ფილმი ენდ ოფ დაყს, სადაც პოლიციელი კინოპერსონაჟი შვარცენეგერის შესრულებით ანტიქრისტეს მოვლინებას უშლის ხელს და თვით სატანას ამარცხებს.
წერილ არს: «არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაი ზმნით». გართობის ინდუსტრია კი კინემატოგრაფიული ზმნობით ცდილობს აუწყოს ახალი სამყაროს შესახებ.
მკითხველი როგორ ფიქრობს, მთელ დასავლეთში გავრცელებული ჰელოუინი აქ რომ აღნიშნონ ალქაჯების, ჭინკებისა და მოჩვენებების კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა, რა, ავსულები მოვლენ და ბავშვებს დაუწყებენ ბღლარძუნს? მექსიკაში ნოემბრობით სიკვდილის დღე აღინიშნება. ქუჩებში კუბოები და ჩონჩხები დააქვთ, მაგრამ მკვდრები არ ამდგარან და ცოცხლებში არ გარეულან.
XX ს. 60-70-იანი წლების ევროპაში როკითა და ჰარდ-როკით გატაცება საყოველთაო იყო. ეშმაკთმიმდევარი ალისტერ კროული ამ მუსიკის ერთ-ერთ ფუძემდებლადაა მიჩნეული. ჰარდ-როკთან კავშირში შეისწავლებოდა დემონური, სპირიტუალისტური კულტები. ფართოდ გამოიყენებოდა ნარკოტიკები. ამ ადამიანთაგან ბევრი დღეს ბიზნესმენი, ადვოკატი, მენეჯერი და პოლიტიკოსია. მომღერალ ოზი ოსბორნის სცენური ეპატაჟი დაუვიწყარი იყო, მაგრამ ოსბორნი დღეს ოჯახის მამა და ცნობილი შოუმენია.
ალისტერ კროული ქართულადაც გადმოიღეს, მაგრამ ეშმაკის ხმობა არვის დაუწყია. კროული წაიკითხეს, როგორც რაღაც მორიგი თავშესაქცევი და მიივიწყეს. სადა აქვთ ადამიანებს იმისი უნარი, რომ შეიკრიბონ და ღვთისა ან ეშმაკისა განსაჯონ ერთმანეთში.
ჰარდ-როკი რომ დემონური სულისკვეთების მუსიკაა, ბევრჯერ თქმულა. ამ მუსიკის მოთაყვანე მსმენელი მხოლოდ ხანმოკლე აჟიტაციას განიცდის და არა სატანურ ინვოლტაციას. სიძნელე კი ისაა, რომ ასეთივე აჟიტაცია იმავე ადამიანმა შეიძლება განიცადოს დოღზე ან კრივზე.
თუ კურტ კობეინმა თავი მოიკლა, ეს მუსიკას ვერ დაბრალდება. მღვდელი და ღვთისმეტყველი კი ამას სატანის ჩარევით ახსნიან. მათი აზრით, «ბითლზის» მუსიკა სატანურია. ასე არის სენ-ჟერმენის ნაუწყების მიხედვითაც. აქ ასეთი სიძნელე იქმნება: თუ «ბითლზის» წევრი ჰარისონი სატანურ მუსიკას ქმნიდა, რატომღა შეუდგა ის უფალ შრი კრშნას სწავლებას? მღვდელი მყისვე მოგვიგებს, რომ კრშნა სატანაა და ჰარისონი რომ კრშნას ერთგული გახდა, ეს არის როგორც «ბითლზის», ასევე ვიშნუიზმის სატანურობის უეჭველი დადასტურება. იყო თუ არა ჰარისონის შექმნილი მუსიკა უფალი კრშნასთვის დემონური? ამ კითხვაზე თვით სვამი პრაბჰუპადა ვერ გვიპასუხებდა. სვამის მოსწონდა «ბითლზის» მუსიკა? ვინ გაარკვია, ჯონ ლენონი სტილიზატორი სატანისტი იყო, თუ ნამდვილი? ვინც ბითლომანი იყო, ჯიბით დაჰქონდა ლენონის კომპოზიციების აუდიოჩანაწერები და სულ «ბითლზს» უსმენდა, რატომ ვერ გამოირჩია ის სხვა მოკვდავთაგან თუნდაც მცირედი დემონური უნარით?
«ბითლზის» სხვა წევრი პოლ მაკარტნი დღეს უმდიდრესი მუსიკოსია და მთელ მსოფლიოში ტურნეებს მართავს. რა ეტყობა მაკარტნის სატანისა?
ჰარდ-როკი, მაგალითად, «აირონ მეიდნი», XVI საუკუნის რომელიმე ცნობილ ევროპელ დემონოლოგსა და იეზუიტს რომ მოესმინათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, რას იტყოდნენ და მოიმოქმედებდნენ.
უამრავი წიგნი იყიდება ვარსკვლავთადმი მსასოებლობაზე, რამლის ყრაზე, წინათმოსწავებაზე. არის ზღვა ლიტერატურა დაოისტურ, ტიბეტურ, კელტურ და ა.შ. მაგიაზე. ასევე მრავლადაა წიგნები ყველა დიდი რელიგიის ყველა მიმართულებაზე. მერე? მიჩვენე, ძმაო ლევან, ერთი მოგვი, ნეოპაგანისტი, ალქიმიკოსი, მაჩხიბი, გაზარელი ჭეშმარიტი ლუციფერიანელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი საზოგადოებაში. ვინაა უცხოდ შეზმნილი ამ წიგნების წაკითხვით და ვინმე თუ ფლობს საკვირველის მიწევნილებას?
ადამიანთა მირიადი რა უგბილი და თვალთმაქციც დღემდე იყო, ისევ ის დარჩა. წიგნთა სიმრავლემ ადამიანთა ურთიერთობებსა და მათ ცნობიერებას კვალი ვერ დაატყო. საითაც გაიხედავ, ყველგან არაფრობის გამოფენაა. ამდენი მოხითხითე სიფათისათვის სულ ერთია ღმერთიც და ეშმაკიც. ნუ მოგვატყუებს ლიანგის მედიდურობა, მდაბალ კაცთა ყიფობა და ყიყინი, მათი მწიკვლოვანება და უწესური საქმენი. რახან ისინი ასეთნი არიან, ეს არ ნიშნავს, რომ უთუოდ ეშმაკს არიან შესაკუთრებულნი. სატანის სუნთქვა რომ გაიგონონ, შიშის ფახი დაეცემათ და ისე მოკურცხლავენ, თვალს ვერვინ მიატანს. მათი ფიქრი და გზნება მიიქცევა თვალთმაქცობისაკენ და არა სატანის საფერი ბოროტებისაკენ. კაცი მიჩვენეთ, ვინც შეიძლებს სატანის სატრაპეზოში დაჯდეს და რაღაც იგემოს, ბილწებათა სიბრძნეს ეზიაროს. თუ სულით საპყარ კაცს არ ძალუძს უფლის სერობაზე ჯდომა, ეს არ ნიშნავს, რომ მას სატანის სერობაზე ჯდომა ძალუძს.
განათლებული ადამიანების უდიდესი ნაწილი თავს იქცევს რაგინდარა სამისნო წიგნების ასეთი სიმრავლით. შემდეგ მათ ავიწყდებათ ეს წანაკითხი, ერევათ სხვა რაღაცაში და იქმნება დურდო, რომელშიც წიგნიერი კაცნი მთელი ცხოვრება ვაგლახად ფართხალებენ. აღარაფერს ვიტყვით უბრალო ხალხზე.
რა არის აქ მეტად სავალალო? ის, რომ ადამიანის ონტოლოგიური და მეტაფიზიკური სტატუსის დიდი დამდაბლება მოხდა სწორედ დღეისათვის, საბჭოთა ათეიზმის უარყოფის შემდეგ. გვარწმუნებდნენ, რომ პირიქით მოხდებოდა. აღმოჩნდა, რომ ის, ვინც ღვთის ხატად და შესაქმის გვირგვინად იყო მიჩნეული, იოლად მოსაღორებელი და საბურთაო მარტივი არსება, სიცრუით ნაწვართი მოლაპარაკე ავტომატი ყოფილა. აი, ამის პოსტულირებას ახდენს გართობის ინდუსტრია, პოლიტიკური PR -მენეჯმენტი და მთლიანად დასავლური ცივილიზაცია. ამ დროს, კვართების საქართველოში დავანებულობაზე, როგორც ნეომექანიციზმისაგან თავის დაცვის საწინდარზე საუბარი, მწარე ღიმილის მომგვრელია.
ძმა ლევანი აღნიშნავს «ჰარი პოტერში» (ზღაპარში) გამოთქმულ აზრს, რომ ადამიანი სულის გარეშე შეიძლება არსებობდეს. ძმა ლევანი მიუთითებს თეოფანე დაყუდებულის საწინააღმდეგო აზრზე. მაგრამ ამ ზღაპარში ჩანს ებრაულ მისტიკაში არსებული გოლემის იდეის გავლენა. გავიხსენოთ ფილმი «ფრანკენშტაინი» (შავ-თეთრი), რომელსაც თავის დროზე საბჭოთა იდეოლოგია ამრეზით უცქერდა. ამ ფილმის სიუჟეტის ახალი კინოვერსია რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა. მეცნიერების მეშვეობით მკვდრის აღდგინება არის გოლემის იდეის გააზრება. ფილმი «ფრანკენშტაინი» (შავ-თეთრი) ყველგან დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ გვამების მოპარვა მათი გაცოცხლების მიზნით არავის დაუწყია. ნახეს, იყბედეს და დაივიწყეს ეს ფილმი. სხვა ფილმი «უნივერსალური ჯარისკაცი» კიბერნეტიკული გოლემის იდეას გამოხატავს.
სჯულთამებრ ცხოვრებაზე ზრუნვა საქებარია. ღვაწლისმძლეობა, სიმხნე და ჭირთათმენა თანაგვაძს როგორც სჯულთა, ასევე ჯადაგობასა შინა, მაგრამ საქართველოში ეს ძვირად ვინმემ იცის. საღვაწო ნიშატი და ილაჯი დანელებია ერსაც და ბერსაც. სამღვდელოება ქვეყნის ალი-კვალია. ჭირსა შიგან კიდევ ერთხელ გამოიცადა ერი და რაც გამოდგა, ყველამ დაინახა. მუდამ გაუგონარი ავაზაკობითაა ნაგვირისტალი ქვეყნის წარსულიც და აწმყოც. ერთთავად სალაზღანდაროდ და საყალთაბანდოდ შეყრილი ქართველობა ვერ ახერხებს იყოს იმაზე მეტი, ვიდრე არის. ეროვნული მოძრაობის დროიდან ქართველებზე, როგორც ღვთის ჭურჭელზე და საზეპურო ერზე იმდენს ამბობდნენ, რომ აღარ გაიგებოდა – ქართველს ეჯდა ანგელოზი მხარზე, თუ ანგელოზს ეჯდა ქართველი მხარზე. დიდი ორყაბაზობა იყო ეს ყველაფერი. ასე ალა-ალა ეგონა ქართველს მესიანისტური იდეის ტვირთვა. ქართველებში, როგორც მართალ ერში იცვებაო ის მადლი, რაც სხვა ერებმა დაკარგესო. ამის მტკიცება არ შეწყვეტილა სამოქალაქო ომის დროსაც. გამსახურდიასადმი სიძულვილით გათანგულნი იღრეკდნენ სახეებს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მის მოგინებაში. უკვე მერამდენედ, საქართველოს წარსულში ბოღმა გასალკლდევდა, შური ჩაიკირა. ცოფით ნასათუთები იყო ის, რასაც სამოქალაქო ომის დროს ქრისტიანობისათვის ბრძოლა ერქვა. ქართული ცნობიერების ღობე-ყორეს მოდება, შფოთი და წრიალი ისევ გრძელდება. ჯეილ მედროვეთა სახელოდ იქცა მთელი ქვეყანა. მხეცთამბრძოლობაა ქართველთა შორის ცხოვრება. ურთიერთში ილალვიან ძველები და ახლები, ისევ ერთად კი არიან. ნაბიჭვართა კოჰორტა მიუძღვის წინ ქვეყანას. ასეთი ჰარი პოტერობის დაწერა თუ მოაფიქრდებოდა ჯოან როულინგს, ძმაო ლევან?
ასეთი სვედავსილობის ჟამს, მოგვი ბიჭუნასათვის ეკლესიის მამათა მსჯელობის დაპირისპირება, როგორც შენ ცდილობ, ძმაო ლევან, ძალზე როყიოდ და სასაცილოდ გამოდის. ვინ ოხერია ეს ჰარი პოტერი, რომ მასთან საპაექროდ თეოფანე დაყუდებულს უხმობ?
ძმა ლევანის განსჯას თუ მივყვებით, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი კინომსახიობი ბიჭუნა წყვდიადის მეუფის თვალში წყალობას ჰპოვებს და სატანური მადლით აღივსება. ძველმა გველმა ამ ბიჭუნას ნიჭნი საკვირველნი უნდა ანიჭოს. დენიელ რედკლიფი ეშმაკის რჩეულთა შორის დასამკვიდრებლად უნდა ემზადებოდეს. «ჰარი პოტერი», როგორც ლიტერატურული და კინემატოგრაფიული პროფანაცია მოგვობაზე, ვერ შექმნის ეშმაკის მადლთან ზიარების შესაძლებლობას. თუ საპირისპიროს ვიტყვით, მაშინ გამოდის, რომ ეშმაკისათვის სულ ერთია, მის შესახებ ნამდვილი რამ ითქმის, თუ რიოში. ეს კი შეუძლებელია. რჯულისკაცი და ჯადაგო ამას ერთნაირად უნდა გულისყურობდნენ. რახან მათზე ჩამოვარდა სიტყვა, ჰხამს ითქვას შემდეგი: მოფილოსოფოსე კაცის ღვაწლი არანაკლებია, ვიდრე მეუდაბნოე ბერისა. ფილოსოფიას გულისა თუ არ შესწირე, ვერას მოიპოვებ. საყდრის სენაკში მოღვაწებისას შეგიძლია ბევრზე ბევრი ბალახტარობა და გამჩვენეობა, ძმაო ლევან. ფილოსოფიური გონების ასპარეზზე დგომა კი ძნელია. აქ გონებაა მწე და მეოხი. შემეცნებითი შეჭირვებისას პავლე მოციქულის ან ეკლესიის მამის ციტირება კი არ უნდა დაიწყო, არამედ სული უნდა მოითქვა და ისევ ფილოსოფოსობა გააგრძელო.
ასე გკითხავ, ძმაო ლევან: წმინდანად შერაცხული ოხერი დიაკონი რითი სჯობს ნიცშეს? განა ნიცშე ნაკლები მარტვილია, ვიდრე ის, ვინც ქრისტეს გულისათვის უდაბნოში ან ხაროში ხუნდებდადებული ევნებოდა? რომელიღაც ტილიანი ბერი რომ იყო მონასტერში და უფლის ხმა ესმოდა, როგორც ვტყობილობთ მერჯულეთა ცხოვრებიდან, ვინ გასინჯა ამ ბერის განცდების ნამდვილობა მის გარშემომყოფთაგან? რატომ ვერ გაიგონა ღვთის ძიებით დიდად დამაშვრალმა და სასოწარკვეთილმა ნიცშემ თუნდაც ერთხელ ზეციური ხმა? ამ დროს ბერს ხშირად ესმოდა უფლის ხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ილოცვიდა და იმარხვიდა. თუ ეს ასეა, მაშინ ამ ბერის გონებას რაღა რჩებოდა? შეუძლებელია, რომ ღმრთის მკვირცხე მხოლოდ ის იყოს, ვისაც სოფლის სიმანქნე მოსძაგდა და უდაბნოში ჰპოვა თავშესაფარი.
ძმა ლევანის თანახმად, მოგვი ჰარის მოძღვარი, კეთილი ჯადოქარი დამბლდორი ღმერთის მკრეხელური პაროდიაა. მაგრამ აქ უნდა ითQვას, რომ ბეტმენი ეშმაკის პაროდიაა. ასეთი გატრიზავების გამო ეშმაკს ბეტმენის როლების შემსრულებელთათვის რისხვა არ მოუვლენია. ფილმ «ჰარი პოტერის» ნახვის შემდეგ მაყურებელი სულ არ იფიქრებს იმაზე, რომ დამბლდორი ღმერთის პაროდიაა. ღმერთის, ეშმაკის და ადამიანის პაროდია აგერ, ცხოვრებაში ყველას ყოველთვის თვალწინ აქვს და ეს არავის აფიქრებს. დამბლდორის ნამოქმედარის გარჩევას ვინღა დაიწყებს?
დიდი წარმოდგენა გქონია, ძმაო ლევან, ახლანდელ ადამიანზე. იგი თავისი ცხოვრების სპექტაკლად ქცევას კარგად შეეთვისა. შენ მას რჯულის სახელით დიდ ავანსს აძლევ. შემდეგ კი იძულებული ხარ ვალად ქცეული ეს ავანსი ისევ ქრისტეს სახელით ჩამოაწერო მას, რამეთუ ასეთი ვალებით განსავსე ადამიანი იმ მოღვაწებისათვის, რასაც სიორძილი სულისაი ჰქვია, სრულიად უმაქნისია. თავის თავისა ვერაფერი გაუგია ამ მუდამ მოლაყბე, უდებ და უმადლო არსებას. დამბლდორისას რაღას გაიგებს და გაიკვლევს?
კინოში და მთლიანად გართობის ინდუსტრიაში, უბრალოდ რომ ვთქვათ, ყველაფერი გადის. არავის აფიქრებს რა ღვთისაა, რა ეშმაკისაა, რა ჭეშმარიტი სწავლების მიხედვითაა შექმნილი და რა ერეტიკულია. მთავარია დიდი ფულის მომტანი თვალისსეირის შექმნა, რომელიც მორიგი თერაფინი იქნება დიდისა და მცირესათვის. «ბეტმენი-1-3» არის კინემატოგრაფიული ერეტიკოსობა ეშმაკის გააზრებაში. გავიხსენოთ მარტინ სკორსეზეს ფილმი ქრისტეს ცხოვრებაზე, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია თვით ლიბერალურ დასავლეთში. მაგრამ ფილმის გავრცელების შემდეგ არ წარმოშობილა ახალი ერეტიკული სწავლება რჯულის შესახებ. არც ქრისტეს როლის შემსრულებელი მსახიობი შერისხულა უფლისაგან. აქვე გავიხსენოთ ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლი «ქრისტე-სუპერვარსკვლავი». დღეს რომ აუდიტორიამ ნახოს ნაცისტი კინორეჟისორის ლენი რიფენშტალის (1902-2003) ფილმი «ნების ტრიუმფი», რომელიც დოკუმენტური კინოს ჟანრში შედევრად ითვლება, განა ის ნაციზმისაკენ მიიქცევა?
ჩანს, რომ ძმა ლევანი სასულიერო აკადემიიდანაა და ღვთისმეტყველების მძიმე სავალს შესდგომია. «ჰარი პოტერის» გარჩევისას იგი მსჯელობს «ერეტიკოს-გნოსტიკოსებზე». ეს გამოთქმა გულისხმობს ისეთი გნოსტიციზმის არსებობას, რომელიც ერეტიკული არ იქნება. ამის გარკვევა კი ერთობ საძნელო საქმეა. გნოსტიციზმისა და ჰერმეტიზმის მძლავრი ნაკადები თვით ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაშია. ამიტომ არსებობს ქრისტიანული გნოსტიციზმი და ქრისტიანული ნეოპლატონიზმი. ზღაპარ «ჰარი პოტერში» გნოსტიკური ელემენტის არსებობას ბავშვები კი არა, ზრდასრულნიც არ მიაქცევენ ყურადღებას. ქრისტიანი კაცი, ძმა ლევანის თანახმად, აქაც კვლავ საცდურის წინაშე დგება. მე ძმა ლევანს ვერ დავეთანხმები.
ვალენტინ ეგვიპტელი და ვასილიდ სირიელი რომ მოვიდნენ და თავისი სწავლება განმარტონ, ადამიანები მათ სანახავად მივლენ ისე, როგორც დღეს პრეზენტაციებზე დადიან. ვიეთმა შეიძლება ვასილიდთან უკმეხი კამათი დაიწყოს არა რჯულში მოშურნეობის, არამედ ტუტუცობისა და ამპარტავნების გამო. იკამათებს, თორემ რომელიმე სახარებას ან სჯულთამდებელ მამათა სწავლებას აბულბულებს. ვიეთს ერთი დღისა ვერაფერი გაუგნია და ვასილიდთან კამათში იმას რჯულყოფს, რომ ცაბაოთ უფალი კეთილი ღმერთია და არა ბოროტი?
ვალენტინსა და ვასილიდს დღევანდელთაგან არავინ გაჰყვებოდა იმის მიუხედავად, რომ უცუდესი ქრისტიანები არიან. ნომინალურ ქრისტიანად დაშთენა უფრო სარფიანია. ეს კი წარმოჩნდება, როგორც რჯულში მტკიცედ დგომის დასტური.
ახლა შემდეგი ვითარება საგანვყოთ: ვალენტინსა და ვასილიდს სატანამ ათქმევინა ის, რაც მათ თქვეს? თუ ჰო, მაშინ გამოდის, რომ დიდროსაც სატანამ ათქმევინა, დეკარტსაც, ნიცშესაც. თუ არა, მაშინ მეჭველობა შესაქმის შემეცნებაში ადამიანის გონების ის დამოუკიდებელი უნარი ყოფილა, რომელიც უმრავლეს კაცთათვის გაუსაძლისი ტვირთია.
სიკეთე და ბოროტება სამყაროში თანაბარძალოვანნი არიან, თუ არა? ზარდუშტის შემდეგ, ქრისტეს შემდეგ, გნოსტიკოსებმა ეს საგონისი უფრო ამიზეზეს. არანაირად არ გამოდის, რომ გნოსტიკოსები შეაჩვენო და ამით საკითხი გადაწყვეტილად ჩათვალო. ევროპული აზროვნების ისტორია სწორედ ამას გვიდასტურებს, რომ გნოსტიციზმი საწუნელი არაა.
აი, კაცი, ვისაც სოფლის უშვერებანი შესძულდა, ყოველივე ამქვეყნიურს განერა და უკაცრიელ ალაგას ქვაბში დაეყუდა. ასეთი კი შეიძლება იყოს როგორც გნოსტიკოსი და ბოგომილი, ასევე ქრისტიანი განდეგილი. რომელია მათ შორის უარზანიგესი ღვთის თვალში? ისინი რომ გვერდიგვერდ მწირობდნენ, რას იუწყებდნენ ურთიერთში კაცთაგან შორს მყოფნი?
ძმა ლევანს ბევრი მსჯელობა აღებული აქვს მცირე კრებულიდან «ჰარი პოტერი მართლმადიდებლური თვალთახედვით», რომელიც გამოსცა ვიქტორ ავდოიანმა. ამ კრებულის ბოლოსიტყვაობაში არქიმანდრიტი რაფაელი ამბობს, რომ ადამიანებს ოკულტიზმის შხამს სისხლძარღვებში უშხაპუნებენ მსგავსად არცთუ შორეულ წარსულში გაბატონებული ათეიზმისა (გვ.53).
ათეიზმი რატომაა შხამი, მამაო რაფაელ და ძმაო ლევან?
არქიმანდრიტი რაფაელი მსჯელობს, რომ «ნიცშემ სცადა შეექმნა ჰიმნი ბოროტებისათვის, მაგრამ ბოლოს შეშლილობამდე მივიდა…»(გვ.54).
ეს როგორ გავიგოთ? სამღვდელონი ნიცშეს შეშლილობაზე ხშირად მიუთითებენ, რომ აი, მოჯანყე ფილოსოფოსი, ქრისტიანობის დიდი მგმობარი და მღვდელთა მოძულე, უფალმა დასაჯა. ეს ვერაფერი შვილი არგუმენტია.
რატომ არ დასაჯა უფალმა ათეისტი, ანტიმონარქისტი რევოლუციონერები ევროპასა და რუსეთში, როდესაც მათ სამეფო დინასტიები დაამხეს?
მუშა, რომელიც ათეიზმსა და ბუნებისმეტყველებაზე დაყრდნობით თავისი შრომითი უფლებების დაცვისათვის იბრძოდა, რატომ არ დაისაჯა ღვთისაგან?
მამაო რაფაელ, სიბერეში შესული დიდი ცოდვილი რომ სინდისმა შეაწუხოს და განიზრახოს თავისი ცხოვრების დარჩენილ დღეთა სინანულში გალევა, ბერთა სავანეში მორჩილად დადგეს, გველმა დაგესლოს და მოკვდეს უნანებელი, რა უნდა ვთქვათ? უფალმა არ მისცა მას მონანიების შესაძლებლობა თუ ეს ეშმაკმა ქნა, რათა ცოდვილი სული მოეტაცა? თუ ეს ეშმაკმა ქნა, ღმერთმა რატომ არ დაუშალა? თუ ღმერთმა არ ისურვა დიდი ცოდვილის მონანიება, როგორღაა ის ყოვლადმოწყალე?
ძმა ლევანი ყურადღებას ამახვილებს ადამიანების დაყოფაზე «ჰარი პოტერში». ზღაპრის თანახმად, არიან მაგლები (უცოდინარნი) და მოგვები. ძმა ლევანი ამას რელიგიურ რასიზმს უწოდებს. ეს მეტად პუბლიცისტური განსჯაა. გნოსტიკური სექტების სწავლებაში არსებული დაყოფა მცოდნე და უცოდინარ ადამიანებად, შეუძლებელია იწოდოს რელიგიურ რასიზმად. ეს შემეცნებითი არისტოკრატიზმია, რომელიც გნოსტიციზმში დამკვიდრდა პითაგორასა და პლატონის მოძღვრებებიდან. ვედური კასტების არსებობამ ხელი არ შეუშალა ინდოეთს დიდი სულიერების მიღწევაში. მისტერიებისა და ინიციაციის ცნება უკვე გულისხმობს ადამიანთა დაყოფას მცოდნეებად და უბირებად. არაფერი ანტიჰუმანური აქ არაა. განა ქრისტე მცირეთა ცნობას არ ეძიებდა? ასე ისიტყვა: «ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა…». ადამიანთა დაყოფას შემეცნებაში ძმა ლევანი ადარებს ადამიანთა დაყოფის ნაცისტურ თეორიას, რაც კიდევ ერთი გადამლაშებაა. ეზოთერიზმი რელიგიაში უთუოდ ადამიანთა დაყოფას გულისხმობს. იმის თქმა, რომ ქრისტეში ყველა თანასწორია, არ აუქმებს ეზოთერიზმს. ამის გარეშე რელიგია ვერ იქნება რელიგია. ეგზეგეტიკას ყველა ვერ გაიგებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მოვაყივნოთ. ქრისტე ხალხთან მხოლოდ იგავებით უბნობს, თავის მოწაფეთ კი ცალკე განუმარტავდა (მარკ.4.34), მაგრამ მოწაფენი ვერ გულისყურობდნენ. მოძღვარი ამის გამო მათ ხშირად საყვედურობდა.
კაცთა გნოსტიკური დაყოფისა კი არა, ჩვენი დროის ლიბერალური დაყოფისა ვიკითხოთ. ათეული წელი მედიაკრატია ამტკიცებდა, რომ სწორედ მან, მსოფლიო პოლიტიკოსმა იცოდა დემოკრატიად წოდებული საკრალური ცოდნა, სწორედ შევარდნაძემ იცოდა რაღაც დიდი და შეუცნობელი, რაც არავინ იცოდა. აღმოჩნდა, რომ მან არაფერი იცოდა. ახლა სააკაშვილის შესახებ ირწმუნება მედიაკრატია ისეთივე ჟინითა და სიაფთრით, რომ სწორედ მან უწყის რეფორმებად წოდებული იდუმალი რამ. PR -მენეჯმენტი ყველას უმტკიცებს, რომ დემოკრატიასთან ნაზიარები ადამიანი უვიცთა შორის დიდად ირჩევა და ლიბერალიზმის ავგურთა სახელოვან დასს უერთდება. რაღა ლიბერალიზმი სცოდნია კაცს და რაღა დაფარული სიწმინდენი. აი, ამას ამტკიცებს მედიაკრატია, რომელიც ახლანდელი დროის უბოროტესი მზმნელია.
და კიდევ ერთს გეტყვი, ძმაო ლევან, გულში ილეკროს სიმტკიცით რომ გამოგესახება და ფრიად გაგტანჯავს. შენ რომ გვერდით ამოგიდგეს რომელიღაც სალახანა და შენეულ სულიერ ნაღვაწთან შეზიარება მოგთხოვოს რჯულისმიერი ძმობის სახელით, ხომ აღშფოთდები, გააგდებ მას და ეტყვი – წადი, ვისაც აქამდე ეცინებოდი და ელაღებოდი, იმასთან იყავი. იგი თავად ხომ სულით საპყარია და სიბილწით შეალმაგებული. შენც წაგბილწავს, ძმაო ლევან. თავის ბარაში გაგიყვანს და უკმეხი მოპყრობით ნაღვაწსა და სათნოებას გაგიარაფრებს. თუ ეს სალახანა ხედავს, რომ შენ რჯულისათვის დაგითმენია, ღვთისათვის გიმუშაკნია, ის ნამუშაკარის გაყოფას უტიფრად მოგთხოვს, როგორც მოყვასი და თუ მას თვინიერად გაუყოფ, ვითომც არაფერი, ისე შეიქვილიფებს. როდესმე მას გული გაუსარკდება შენი მართალყოფნით? ვითომ მამა-პაპურ წესს მისდევს და შენთვის რამე ემეტება, ძმაო ლევან. ქართული პურისტეხითა და მოსმურობით შეგსვრის და დაგაწყლულებს. სუფრით გაგიარმებს ყველა სიკეთეს. ჟუჟღიანი გულით იოხუნჯებს ეს ენაჭარტალა. შეგეთამამება და შეგესიტყვება. სუფრა მისთვის შურისგების ილეთია. ვითომ შენი მოთაულია, ისე დაგიწყებს სოფლის ავან-ჩავანის სწავლებას, ვინძლო გაუვიდეს. პურზე და ღვინოზე უნდა დაუფურთხო მას და გულ-ბოყვი წიხლით გაუტანო. მესისხლედ ვექცევი მას და მივუგებ – თუ არ შეგიძლია კარგი იპატიო, შე ოხრიშვილო, რაღას ითხოვ? ეგდე, როგორც გდიხარ. შენს საფერაოდ შენივე ამყოლი მოსცდეს. მან უსმინოს შენს ცუდად მეტყველებას.
ამაზე კი კარგად ვერ გიფიქრია, ძმაო ლევან, და ამიტომ წაგიქანდა სიტყვა. ეს არის, თორემ ლიტონად იმის თქმა, რომ ყველა თანასწორია ქრისტეს წინაშე და კაცთა გნოსტიკოსთამებრ დაყოფა არაქრისტიანულია, ვერას ნათელჰყოფს.
აი, ამ სალახანამ, რომელსაც მთელი ჭკუა თვალებსა და ხახაში აქვს, იმის მეოთხედი გააკეთოს, რაც მე ღვთისათვის მიმოქალაქნია და მოყვასად მერე დამიდგეს გვერდით. ასეთ კაცს, ყველაფრის მიუხედავად, მოყვასურად ბევრზე ბევრ შეღავათს რომ მისცემ და ქრისტესმიერი სიყვარულით მოეპყრობი, იგი მაინც დაგცინებს და ძვირს იტყვის. მე თუ სათნოება საღმრთო წიგნთამებრ შემისრულებია, შემეცნების და არა ოხერთაგან შექების გულისათვის, რატომ უნდა ვაიაფო ეს სათნოება იმ სალახანას გამო, რომელიც მეშურნეა ჩემი და ავისმყოფელი და რომელსაც ასე ჰაიჰარად ჩემს მოყვასს უწოდებენ?
თავად ამ მოყვასმა ანგარებით ზუზვივ რაღაც მომიგდოს და ჩემგან კი სიმწრით მოპოვებული პატიოსანი თვალი ბისტის ფასად წაიღოს? ამ მოყვასს რახან სადღაც სანთელი დაუნთია, რჯულით უნდა განმიკითხოს და მამხილოს? ის სხვებს ასწავლის რა ჰხამს და რა არა ჰხამს. სააქაოსი ვერაფერი გაუგია და საიქიოსას უბნობს.
დიდად რომ დაგეთმინა და მოყვასისათვის მიუტევებელი მიგეტევებინა, ძმაო ლევან, განა შენდა თავად ასე არ იტყოდი? ასეთმა მოყვასმა თუნდაც მდღევრად იაროს საყდარში, ამით რა, ან ღმერთს, ან კაცს?
ძმაო ლევან, ვფიქრობ, ყველგან გინახავს კაცი, აკმეს რომ კარგა შორს გასცდება და თავისი ზნით ისევ ის მაცაცერაა. ასეთი კაცები ეროვნული მოძრაობის დროიდან შეუსვენებლივ ლაპარაკობენ ღმერთსა და დემოკრატიაზე, სამშობლოსა და სინდისზე. ფინთნი და უშვერნი ასწავლიან, თუ რა ჰგიებს კაცის სულისათვის ცუდად.
მე ვიჯანყებ და დიდი მკრეხელი ვიქნები იმის გამო, რომ სიყვარულის სახელით სურთ უწიფთა, ბრიყვთა და უნიათოთა მარაქაში გამრიონ. ღვთის გმობას ვიტყვი იმის გამო, რომ ჩემს ნამუშაკარს მცონარენი და თაღლითნი მოყვასურად შემოეხვეწებიან. ასეთი მოყვასი ძაღლთუმრავლესია.
რაც ჩემი არაა, იმას მაძლევდნენ და რაც ჩემია, იმას მართმევდნენ, სხვას აძლევდნენ ღმერთისა და სამშობლოს სახელით. აი, ამიტომ ვიდავებ ღმერთთან და მოყვასს მოლალედ ვექცევი მისი უსინდისობის გამო.
რა გულითაც ჩემს მოყვასს ვიძმობ, ის მიძმობს? ესაა საკითხავი, ძმაო ლევან, თორემ საკურთხეველთან მისვლა და სანთლის დანთება არავისგან არას მოითხოვს. ტაძრად მისვლა ყველას ძალუძს. ეს ჩანს და ამას ყველგან რჯულიერების დასტურად წარმოაჩენენ. ბევრეულნი მივლენ ტაძრად, ხატებსაც ეახლებიან, მაგრამ გულხენეშნი და უნდობარნი, ძაღლნი ძაღლთაგანნი არპიან. არც ისეა, რომ მღვდელი მთელი ცხოვრება ლიტანიობს, ილოცვის, იმარხვის და მხოლოდ ამის გამო სასუფეველში დაემკვიდრება.
ვინც თავისი თავი იმეცნა, მისგან ძნელია მოითხოვო მოყვასისადმი სიყვარული. არა სჯულის მამათა გამჩვენედ მალი-მალ ხმობით, არამედ შეშლილობამდე მისული მდუმარე ღვაწლისმძლეობითა და დათმენით აღიდგინება სულის სახილველნი. საკუთარ თავში შუქმოიეფე ტაძრის განქმნა ხილულ ტაძრად ყოფნაზე უმეტესია. გულის ტაძრის ძალითაა, რომ კაცი ყველგან შინ არის და მაინც ყველგან მიუსაფარია, სახლს ეძიებს. ერთდროულად დიდი სიხარულისა და მწუხრის მომტანი ცეცხლის მნათობი აღჩნდება მოკვდავში და მწველ უდაბნოს შობს მასში. ცეცხლოვანი იქნება კაცის საგონისი. ასეთ მოცნებაში ყოფნა მადლიც არის და წყევლაც. ასეთი წყევლის თავისი ნებით ტვირთვა მცირეთ ძალუძთ. აი, მაშინ იუბნებს კაცი – ჩემი სულის უდაბნო მირჩევნია შენს ბაღებს, უფალო. არა მსურს მე მტილნი და სამოთხენი, არცა სხვათათვის სანუკველ წალკოტებს ვესწრაფვი. ღმერთი და უდაბნო, უდაბნო და ღმერთი. ცეცხლი მსურს და არა ჰამო ჩრდილოვანნი და სიჩჩო შვებისათვის. რაღა ნუგეშია საბაღნარონი ზეცისა?
კაცნი საკუთარი სულის ძალოვანებისა და სიღრმის მიხედვით სხავადსხვაგვარად განმარტავენ დაუსაბამ მიწყივ ერთს და ამის გამო განიწვალებიან ურთიერთისაგან რჯულნი და სწავლებანი.
თავისი სამსჯავროს წინადღით იესუმ თქვა, რომ სურს ძმათაგან უმცირესში მას ხედავდნენ (მათე 25.40,45). მასვე მიეწერება არაკანონიკური გამონათქვამი: «ვინც თავის ძმას ხედავს, ღმერთს ხედავს». ჭეშმარიტად ასე ჰხამს, მაგრამ ძმათაგან უმცირესი თუ მხედავს მე? ქრისტესმიერი სიყვარული მოყვასის მიმართ როგორ შეიძლება იყოს სამართლიანი? ისიც ნათქვამია – დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს შენმა ძმამ და შვიდჯერვე მოიქცეს სინანულით, მიუტევე (ლუკ.17.4). მაგრამ ღვაწლში დგომის ვერშემძლე მდაბალთათვის ასეთი მიტევება მათი სიმდაბლის მუდმივი ალიბია.
წერილიდან ისიც შეგვიტყვია, რომ სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს (იგავ.16.32). მაგრამ მხოლოდ ქალაქის აღების შემდეგ შეიცნობს კაცი, რომ სულგრძელობა მამაცობაზე უმეტესია. ესეც ამა სოფლის სიბრძნეა.
რამდენის მიტევება და დათმობა უწევს დამაშვრალ მოძღვარს, რომ ბრბოი მძვინვარე და მხდალი მრევლად შეინარჩუნოს. თუ ქრისტეს გულისათვის ამდენი მიეტევება, ასე რჯული წახდება. თუ ადამიანს ეწოდება ქრისტიანი, ეს არ ნიშნავს, რომ მას შეუძლია ქრისტეს ვნებათაგან უმცირესი დაითმინოს. ყოველთვის უნდა იყვნენ რჩეულნი, ვინც დაითმენს და იუწყებს, ვისი გულიც დარდით იქნება მოცული. ეს კარგად იცოდნენ იეზუიტებმა. არა ყოველმა შეიძლოს ის, რაც პავლე მოციქულმა ასწავლა: «მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესი». მაგრამ პავლე რომ ნიცშეს დარად გაკილო და მოაყივნო, ქრისტეს სიტყვა ნიცშესებრ უნდა იგზნო და ივნო.
ეს დღესაა, რომ ადამიანები თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ და ამით ზვაობენ, მაგრამ რომელიმე მათგანი თუ გაჰყვებოდა მის სიცოცხლეში იმას, ვინც თქვა : «დაივიწყე თავი შენი და აღიღე ჯვარი ჩემი»? რომელიმე მათგანი თუ შეაშველებდა ხელს ჯვრის ზიდვაში მას, ვინც თავს ღვთის ძედ აცხადებდა? აი, ასეთი მზვაობარნი დღეს ლიბერალობენ, რევოლუციონიზმის ეპოქას რჯულით განსჯიან. ისინი ვითომ სატანას გაუგულისდნენ და პირზე ოფლგადამდინარენი წყევლიან მას. მე მათ კვლავ ვკითხავ: რომელიმე თქვენთაგანი 1905-07 წლებში, უფრო წინ და უფრო გვიან ეკლესიას დაიცავდა თუ რევოლუციონერი და ანტიმონარქისტი გახდებოდა? საბრალონო, რა უწყით თქვენ ან რჯულისა და ან რევოლუციისა? ვინ ხართ, რომ სატანის ძრახვაში ასე გარჯილხართ? ლიბერალიზმის მადევრობამ გაგხადათ თქვენ ასეთ მგზნებარე ქრისტიანებად და სატანის მსაჯულებად? ისემც თქვენ რა გითხარით. ცუდად გარჯილხართ და ფუჭად გიუბნიათ. ბზე გიგროვებიათ და ბაჯაღლოდ გისაღებიათ. სატანის ლალვითა და კილვით არ იღლებით, ქაჯური სახიერებისანი კი ხართ. ქაჯებს ესავთ და შეჰფრფინვით. საიგავოდ დაგცინათ განგებამ და გაგიცუდათ განსჯა. ვეღარაფერი გიღონიათ, ასე კანთიელად ორყაბაზობთ, უშვერი სულთქმით გათანგულთ ხატი და ჯვარი თქვენივე უმსჯავროების დარაჯად დაგიყენებიათ.
რჯული ყოვლისმომცველი და განუწილველია, ამიტომ ერთგან რომ სცემ, სხვაგან ხვდება. ვინ უნდა იტვირთოს და გააგრძელოს ბიზანტიზმის მოღვაწეობა რუსეთის წახდომის შემდეგ? თუ ეს სიძნელე ვერ გიცვნიათ, რაღა ქრისტიანები ხართ? თუ რჯული დღეს მხოლოდ სუვერენიტეტის დაცვას ემსახურება, მაშინ რაღა აქვს უნივერსალური მართლმადიდებლობას? დამოუკიდებლობის სახელით სამშობლო ავაზაკთა ხელშეუხებელ საბუნაგედ გიქცევიათ და ტაშ-ფანდურობთ.
დავუბრუნდეთ ზღაპარს. «ჰარი პოტერში» შრომით დასჯაზეა ლაპარაკი და ძმა ლევანი ამას ზღაპრის მკითხველ მოზარდთა ცდუნებას უკავშირებს. ბავშვები შრომაზე უარს იტყვიანო ამ ზღაპრის გავლენით. «ჰარი პოტერის» ამ პასაჟს ძმა ლევანი უპირისპირებს ამონარიდებს საღვთო წერილიდან.
შრომის საკითხის გააზრება ისევ და ისევ შესაქმის კეთილგანზრახულობის პრობლემას, შესაბამისად, გნოსტიციზმისა და ქრისტიანობის პაექრობას უკავშირდება. შრომის შესახებ ქრისტიანობაში არაერთგვაროვანი აზრი იყო. წერილიდან ვიცით, რომ ადამი შრომით დაიწყევლა. ადრეული ქრისტიანობისათვის დამახასიათებელი თებაიდის მასობრივი განდეგილობა ამ წყევლისაგან თავის დახსნას ისახავდა მიზნად. შრომის საკითხის საღვთისმეტყველო ექსტრემიზაციამ წარმოშვა პროტესტანტიზმი. მასთან შედარებით, შრომის მეშვეობით სამყაროს რაციონალურ მოწყობას კათოლიციზმში, ისევე როგორც მართლმადიდებლობაში, ნაკლები ყურადღება ექცეოდა. კალვინის მიერ ითქვა, რომ ადამიანი შრომით უნდა ცდილობდეს ღვთის მადლის მოპოვებას. ამ პროტესტანტულმა თეოლოგემამ მოგვიანოდ სეკულარული სახე მიიღო ფრანგულ განმანათლებლობაში. შრომის შესახებ ასეთი რამ არ უთქვამთ რეფორმაციასთან მებრძოლ იეზუიტებს და კათოლიკე ღვთისმეტყველებს. იცოდნენ, რატომ არ უნდა ეთქვათ.
ასევე გადამეტებულია ძმა ლევანის შეშფოთება იმის გამო, რომ «ჰარი პოტერში» ერთგან ნიუ-ეიჯიდან აღებული სულთა გადასახლების იდეაა ნაგულისხმევი. ძნელად სარწმუნოა, რომ ამ ზღაპრის გავლენით ადამიანები ურთიერთგარდასხეულების იდეას მიემხრობიან და ნიუ-ეიჯს გამოეკიდებიან. ქრისტესი და მოციქულებისა რა იციან, რომ სულთა გადასახლებაზე იფიქრონ? ძმა ლევანი ლაპარაკობს ზღაპრის ავტორის ფარულ მცდელობაზე, რომ მკითხველს შეაპაროს სულთა მრავალჯერადი გადასახლების რწმენა. ეს უფრო პუბლიცისტური ინტრიგაა. ვთქვათ, ირწმუნა რამდენიმე ასეულმა კაცმა რეინკარნაციის მოძღვრება, როგორც სწამთ ქართველ ვიშნუიტებს. ეს ავნებს რჯულს და უფრო მრავალთა მიერ ქრისტიანად თავის გასაღება და რჯულში დიდი ცუღლუტობა კი არა?
თუ ეს არის ჯოან როულინგის ფარული მცდელობა, ძმაო ლევან, მაშინ ბუდისტური წელთაღრიცხვის სიმბოლოთა კომერციალიზებაზე რაღას იტყვით? მერამდენე წელია საქართველოში ყოველი ახალი წლის დადგომაზე გასაყიდად გამოაქვთ გველის, ცხენის, მაიმუნის, ძაღლის, ღორის, ვირთხის და ა.შ. ნაკეთობანი. საამო მოსასმენია, რომ ბუდას დაძახილზე მასთან მივიდნენ ხარი, ვეფხვი, ცხენი , დრაკონი. მაგრამ ღორი, ვირთხა და მაიმუნიც მივიდნენ ბუდასთან. ეს კი უსიამო რამ არის.
იწერება პროგნოზები, თუ როგორი იქნება ამა თუ იმ ცხოველის ნიშნით აღბეჭდილი წელი. რჯულში მდგომი მეტანიობდეს, წყალკურთხევისათვის და მარხვისათვის ემზადებოდეს, მას კი ერთიმეორეზე ყიამყრალი ათობით გაზეთი ფამილარულად ემასლაათებოდეს ვირთხის წელზე ან იმაზე, თუ როგორი ზნე და ბუნება აქვთ ღორის ან მაიმუნის წელს დაბადებულ ადამიანებს. ძმა ირაკლის მხოლოდ ზღაპრის მხილებისას ახსენდება, რომ «ვირთხა სასტიკად უსიმპათიო ცხოველია (ასევე ბაყაყიც)».
მრავალი გაზეთი დიდი ხალისით მუსაიფობს კარმულ კანონზე, რაც მეტემფსიქოზისს გულისხმობს, მაგრამ დუმს იმაზე, რომ ეს არაქრისტიანულია. მთავარია, გაზეთის გვერდები ფამილარული ზრუნვით შეივსოს. პერიოდულ გამოცემებსა და ტელეარხებს აქვთ მუდმივი რუბრიკა რჯულის მცნებათა შესახებ და იქვე ვარსკვლავთმჩხრეკელობაზეა საუბარი, ჰორისკოპებს ადგენენ, რომელთა წაკითხვაზე შეუძლებელია ირონიით არ აღივსო. არა მხოლოდ ცთომილთა მისანნი, არამედ ჟურნალისტები, პუბლიცისტები ბაასობენ გატაცებით ჩვენი ეონის დასასრულზე, აურასა და კუნდალინიზე, ელემენტალსა და ეგრეგორზე, გრაალსა და არკანებზე, სატანასა და უფალზე.
ასე იქმნებოდა 1989-91 წლებში ახლადნაბარტყები მედიაკრატიის მიერ რელიგიისა და სულიერებისაკენ შემობრუნების მოჩვენებითობა «სატანური ათეიზმის» უარყოფის შემდეგ. იმ დროის ყალთაბანდური და არტისტული, ღვარძლიანი სულისკვეთების დავიწყება ასე ადვილად არ ეგების. იმ დროიდან აიწყვიტა თავი მედიაკრატიამ და ყოველთა მსაჯულად დაჯდა. აღმოჩნდა, რომ ეს განსჯანი ღირს მამებზე, წარმართთა მიერ ქრისტიანთა დევნაზე, წამხდართა ფლიდური შურისგება და ქაღალდის აბჯრის ჟღარუნი იყო. ჯანდაბად და დოზანად იქცა მთელი ეს საუბრები ეონებსა და ცრუქრისტეების მოსვლაზე. რელიგიური არტისტობა მალე მოიწყინა მედიაკრატიამ და 1992 წლიდან ის სიძვის მოციქულად იქცა. აიღე, ძმაო ლევან, იმ დროის გაზეთები. რა ბაყლი, რა სიგიჟე, რა ცინცხალი მატრაბაზობაა მათში. ამ საგაზეთო ჰარი პოტერობით გააშტერეს და გააბრიყვეს ქვეყანა. გაზეთში დახატული ძუძუ და უკანალი ადამიანის განთავისუფლების ნიშნად მიიჩნიეს. თურმე ადრე ამას ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი კრძალავდა. სოფლის ნათლიად იქცა ქართველი და ყველას დიდად მოეწონა ეს ხელობა. მაგრამ ამ ხელობას რომ ჭკუა არ უნდა, იმიტომ დახვავდა ამდენი მთხლე ნამსჯელ-ნაკალმევი, ქაჯური წესი და თარგვა. ნაყიში მირონად და ღვთის წყალობად წარმოჩინდა. არ დაარჩინეს არაფერი წაუხდენელი. ცოდვის მყვარი ამბიონიდან ბრძნობდა. შეეკვეთა ქვეყანა უწმინდურებას და სულ უფრო ამრავლა იგი. სულ იყვედრებოდნენ, სადაც არ ჰხამდა, იქ აბნიეს ორჭოფობა. არა მწვალებლებმა, მასონებმა, სატანისტებმა და სხვებმა, არამედ ცხოვრებამ და მასში გამოვლენილმა განგების ძალამ გალახა ერი და ბერი. მაინც იხტიბარს არ იტეხენ და თავს იაბდლებენ. არ გატყდა ქართველი და ისევ ის მეცრუე დარჩა. ცუღლუტურად ითქმის, რომ ჭირსა შიგან გამაგრება ასე უნდა ვით ქვითკირსაო. ქირის მამულიშვილთა მოქენეობა გრძელდება. შურით ეწამება ეს ბორგნეული და გათანგული ქვეყანა. ვერ იუნჯა მან უნჯი და საუნჯეთა ფლობაზე კი სიტყვობს. ერის ღვთივრჩეულობაზე ბჭობდნენ, რათა გაუტანელ მოდგმაში ურთიერთობების მოჩვენებითობა ყოფილიყო. თავიდანვე პირი უშალეს რჯულს.
ძმაო ლევან, შენი მსჯელობის მიხედვით, სადაც სულთა გადასახლების იდეაა ნახსენები, ის თხზულება და მოძღვრება უნდა მოითხაროს. მაგრამ თვით ქრისტიანობის ისტორია საპირისპიროს გვასწავლის.
რა არის შესაპარები სულთა გადასახლების იდეაში? ჰო, ისეთი ნდობა და ურთიერთობებია ქართველთა შორის, რომ დასხდებიან და განბჭობენ პლატონი უფრო სწორია თუ ავგუსტინე, ნეოპლატონისტი პროკლე თუ მაქსიმე აღმსარებელი. ევროპულ სქოლასტიკაში რომ მეტემფსიქოზისის მქადაგებელ პლატონს უტიეს გზა, ამით რა წახდა? იოანე პეტრიწის დროს, კავკასიის ქართულ იმპერიაში ნეოპლატონიზმის თარგმანება გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე იმ დროის ევროპაში.
ღმერთი რატომ არ გაუწყრა, ძმაო ლევან, მათ, ვინც ქრისტიანობაში პლატონი შემოიტანა? ღვთისმეტყველებას კი დია თასლიბი გაუწიეს პლატონმა, პლოტინმა და პროკლემ.
ლიბერალური პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით ძმა ლევანი მსჯელობს, რომ «ჯადოქრების სამყაროსათვის, რეალურად არსებული სახელმწიფოებიდან, ყველაზე უფრო ახლობელი ფაშისტური თუ კომუნისტური რეჟიმის მქონე ქვეყნები აღმოჩნდნენ.» აქ ძმა ლევანს მრავალთა მსგავსად, კვლავ მიაჩნია, რომ ლიბერალ-დემოკრატიზმი ჭეშმარიტად თავისუფლების მცველი წყობილებაა, რომ ის არაა და არ შეიძლება იყოს ტოტალიტარული.
ეკლესიის ავტორიტეტით განმტკიცებულ მონარქიაზე უფრო ტოტალიტარული სისტემა არის სადმე, ძმაო ლევან? ნებისმიერი საეკლესიო და ასევე რაციონალურ განსჯაზე აგებული საერო ორგანიზაცია ტოტალიტარულია და ეყრდნობა ებგურობასა და მეთვალეობას.
ტოტალური ორგანიზაციის ნიმუშია საგიჟეთი და მილოშ ფორმანის ცნობილი ფილმი, გავრცელებული აზრის თანახმად, მიზნად ისახავდა საბჭოთა სისტემის მხილებას, რასაც მე გადაჭრით არ დავეთანხმები. ეს ფილმი («ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა») არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ ნებისმიერი რაციონალური ორგანიზაციის უნიფორმულ და რეპრესიულ ხასიათს წარმოაჩენს. დანარჩენი კი ამ ფილმში არის შეურიგებელი და მოჯანყე ადამიანის ძველისძველი და ათასგზის გადაღეჭილი თემის კარგი კინემატოგრაფიული იმპროვიზაცია.
გაუშვან ახლა ფორმანის ეს ფილმი, როგორც გადიოდა წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აჟიოტაჟის თანხლებით, და ის იქნება თანამედროვე ნეოკონსერვატიზმის, საბაზრო ტოტალიტარიზმისა და გლობალიზმის კრიტიკა. მაგრამ კინომცოდნენი, ასევე ტელეეკრანს გამოკერებული მატაროცი ტიპშები რომ ხმაჩაკმენდილნი იქნებიან, ამას კამათი არ სჭირდება.
ტოტალური ორგანიზაციის ნიმუშია საარმიო სტრუქტურა, სასპორტო კლუბი, სატუსაღო, მასონური ლოჟა, კიბუცი, ბერების სავანე, განსაკუთრებით იეზუიტთა ორდენი და საბავშვო ბაღიც კი.
ასე არ არის, რომ კაცმა თან ილიბერალოს, ბოლშევიზმისა და მთლიანად რევოლუციონიზმის გმობას გული შეაყოლოს, სატელევიზიო ჭრელა-ჭრულებით თავი შეიქციოს, მრავალპარტიულ არჩევნებზე ეთრიოს და თან მართლმადიდებლობის ტოტალიტარულ პრინციპებს იცავდეს. ამ სიძნელის გააზრება არ ხდება. ეკლესია გაურბის ამ მეტად საჭირბოროტო საკითხს, საერონი კი თავს აჩვენებენ, რომ ყველაფერი სწორედ ისე უნდა იყოს, როგორც არის. ასეთი მსჯელობით ისინი სინამდვილეს კრიტიკის მიღმა აყენებენ. მათი აზრით, ჯერარსულობა და არსებული ერთია, შესაბამისად, კრიტიკისათვის არაფერი რჩება. თეოლოგია როგორ არის შესაძლებელი პოსტსაბჭოთა მრავალწლიანი გაპარტახების შემდეგ?
ძმა ირაკლი გაწბილებას გამოთქვამს, რომ როულინგის ზღაპარი არაფერი თაბაუთია, რეკლამა კი მას ძალზე აქებდა. მაგრამ დასავლეთში თუ იტაცებენ და სულმოუთქმელად კითხულობენ ამ ზღაპარს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იქ ბრიყვნი არიან. ზღაპრისა კი არა, არამედ ისაა საკითხავი, თუ როგორ ქმნის ქართველისაგან განსხვავებული სულიერი წყობის უცხოელი სიმდიდრეს? ქართველობა სულ სხვისი ავ-კარგის გარჩევაშია და ეს კარგადაც გამოსდის, მაგრამ ვის რაში არგია ეს ჭკოსნობა და კულტურულობა? სიყმილის აჩრდილი ვერ მოუშორებია ქვეყანას. რატომ ვერ ქმნის სიმკოდვეში მყოფი ქართველი დოვლათს? კი, ეცინებათ დასავლური გართობის ინდუსტრიის პრიმიტივიზმზე, მაგრამ ეს სულაც არაა წანამძღვარი რაიმე იდეური წამოწყებისათვის. სიმდიდრე ჰქონდა საქართველოს და ვერ იპატია. თეთრის მორეწას ქართველი ჭკუიდან გადაჰყავს და წერას ატანილს ცხოვრება თავისი ჰგონია. ქარის მოტანილივითაა ქართველთა სიმდიდრე. ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. რაც არის, ისიც ნაარმალია და ნაჯალათარი, რომელსაც გულმოდგინედ დარაჯობენ, რომ ისიც არ განქარდეს.
როგორია, დაწერა სკოლის მასწავლებელმა ქალმა ზღაპარი და მულტიმილიონერი გახდა. დაწერა უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ტოლკინმა ზღაპარი და სახელი გაითქვა მსოფლიოში. არ უკვირთ ეს ინგლისში. სიმდიდრეს ნაჩვევი ხალხია და სიმდიდრე მათ არის შეჩვეული. სულ მათ კარზეა ბარაქა. საქართველოში კი «კუტოკის» მწერალი რომ ბელეტრისტულ ჯამბაზობას შეთხზავს, მის ქებას ვერ რჩებიან. ცუდმეტყველთ კიდევ ჰყოფნით იმდენი თავხედობა, რომ უცხოელნი დაუნდობლად გაქირდონ. თავად აზროვნების სიმკაცრისა ეშინიათ, უცხოთ კი სიმქისითა და გულმოწყეობით განსჯიან. ქართველისათვის რომ ყველაფერი შეურაცხი არის, იმიტომაა უაზრობა ასე დაუძლეველი ქვეყანაში. ისინი, ვისი ხელობაც ყველაფრის გაარაფრებაა, თავად არაფერნი არიან. არაფრობის ყველაფრობა და ყველაფრობის არაფრობა.
ინგლისსა და მთლიანად ევროპაში კი შრომის დაფასება იციან. მაღალი ლიტერატურის ყადრიც კარგად უწყიან და იმისიც, რასაც ფანტასყ და მეზღაპრეობა ჰქვია. ქართველთა ცხოვრება კი ჰარი პოტერობა იყო და არის. ჯერ სად იყო როულინგი, რომ «ჰარი პოტერზე» მრავალჯერ აღმატებული ჰარი პოტერობა საქართველოში იწერებოდა. ქართული სინამდვილეა ძირშივე დემონიზებული. ზედაპირზე კი პროფანაციული წრედები იცვლებიან. ვოლდემორტები და დამბლდორები აქ არიან. ჩართე ტელევიზორი, გადი ქუჩაში, შედი ნებისმიერ დაწესებულებაში, ძმაო ლევან, და მათ სიმრავლეს იხილავ. რეფორმატორი ჰარი პოტერები და ჰერმიონებიც იკლებენ ქვეყანას.
სატანას გაფიქრებული არა აქვს, ქართველებმა კი უკვე უწყიან ამის შესახებ. ყველაფერი რომ იციან, ის ხალხია ქართველები და მაინც ყველაფერი თავზე ემხობათ. რატომ? მადლსა და წყალობაზე ერისმთავარნი სიტყვობენ, მადლი კი ვერ უპოვია ერს უფლის თვალში. ერისმთავარნი თავგამოდებით იმასაც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი რაციონალურად შეიძლება შევიმეცნოთ, ყველაფრის დაგეგმვა და გამოთვლა შესაძლებელია, ყველაფრის PR-იზაცია მისაწვდომია. ეს უპირველეს მიზნად ისახავს საკუთარი საშვილიშვილო სიგლახის მიფუჩეჩებას რაციონალურ განსჯათა (ლიბერალური რეფორმები, საბაზრო ეკონომიკა და ა.შ.) მეშვეობით. ამავე დროს ასგზის ხელნაცარავი ქართველი სწორედ ამ საქმეში მოითხოვს ღმერთისაგან მეოხებასა და შემწეობას. ოღონდ წარსულის ნაარმალი როგორმე გაბათილდეს რაციონალური გაიმასქნებითა და ხიმანკლობით. ქართველი ამ მიზნით ღმერთსაც თავისი უგვანი სინამდვილის მსახურად აქცევს, ვინძლო ამ მსახურმა მაინც შეძლოს ესოდენი მწიკვლოვანების მოშორება.
ბნელი ასწლეულებიდან კი კვლავ და კვლავ გამოტყვრებიან წარსულის ერთიმეორეზე საზარელი აჩრდილები, რომელთა მოშთობა ზემოაღნიშნული ფანდით ვერ ხერხდება.
სიღატაკემ დიდი ძალა უყო ქვეყანას, ჭირი და ვაგლახი დაეკვება მას. განგებისაგან ასეთ განპატიჟებას არავინ ელოდა. რამდენიც გააგორეს კოჭი, სულ თაფი და თაფი ამოვიდა.
ანგია წინასწარმეტყველის წიგნში ნათქვამია: «ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ; რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ, რატომ? ამბობს ცაბაოთ უფალი. იმიტომ, რომ მიგდებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ»(1.9).
თენგიზ აბულაძის ფილმი «მონანიება», ვფიქრობ, გახსოვს, ძმაო ლევან. ისიც XX საუკუნის 90-იანი წლების ქართული ჰარი პოტერობის ნაწილი იყო. რა სინდის-ნამუსობა აუტყდა ყველას. ვითომ რჯულით განსჯიდნენ ვარლამსა და აბელს. ქართველის ფარული გულისთქმა კი ვარლამად ყოფნა იყო. ეს მალევე ერთობ კანთიელად წარმოჩინდა. პოსტბოლშევიკური პერიოდის საქართველოში ათწლეულზე მეტი ხნის მანძილზე ვარლამ-აბელობა იყო. ქართულ სინამდვილეში თორნიკე თავის მამას არ დასტაკებია და თავი არ მოუკლავს. თორნიკეს მამამ ეროვნული მოძრაობა მოაშთო. აბელი და თორნიკე დემოკრატიულ ლიდერებად იქცნენ და გაზეთებს ბოლშევიკების ძაგებით იკლებდნენ. თორნიკე ეროვნულ მოძრაობას შორიდან უცქერდა. დღეს თორნიკე დეპუტატია ან მინისტრი. აბელიც თავის ძესთან არის. მამა-შვილი დიდ ვარლამს მიაგებენ პატივს.
აქაც განგებამ არაადამიანურად დასცინა ქართველობას. საბჭოთა ბანაკის ხალხებიდან სწორედ ქართველებს უნდა გადაეღოთ ასეთი ფილმი და სწორედ ქართველებს უნდა მოეხდინათ ის 1991-92 წლებში, რაც სხვას არავის მოუხდენია.
ფილმის პათოსიდან და ასევე ქართული მორალიზმიდან გამომდინარე, უნდა შექმნილიყო «მონანიება-2», «მონანიება-3», «მონანიება-4». 1989 წლიდან დღემდე საქართველოში ავაზაკობის კონცენტრირება ხდება, მაგრამ არავინ ინანიებს და არც ფილმი «მონანიება» იწვევს კამათს და ნამსჯელის გადახედვას. ძმაო ლევან, არ გაფიქრებს, რა ხდება დღეს მათ სულებში, ვინც 1991-92 წლებში გამსახურდიას გაქირდვას დღისით არ კმარობდა, ღამით დადიოდა თბილისის ქუჩებში და მას უშვერი პირით აგინებდა? რას იქმიან ის კაცები და ქალები, რომელნიც ცოდვის სიმძიმისაგან თავის დახსნას ქალაქის ანონიმურ მასაში დაკარგვით ლამობენ?
1991-92 წლების შემდეგ ქართული კულტურა მისი დეკლარაციებითა და რელიგიური აპელაციებით არის თაღლითობა. ეს და შემდგომი წლები არის უახლესი დროის ანთროპოლოგიური კატასტროფა საქართველოში. ამ ჩიტის ბუდისოდენა ქვეყანაში ადამიანები ასე უცხონი და შორებელნი არიან ერთმანეთისათვის. თავის ქვეყანაში ქართველი ცხვირწინ ბუზს არ აიფრენს, უცხოეთში მყოფი კი, ის მოქენე და მონაა.
დიდი მოსახევი კალენდარია ქვეყნის ცხოვრება. ერთიმეორეზე მყვირალა და აჭრელებული ფურცლები ერთმანეთს მისდევენ. ირწმუნებიან, რომ სწორედ დღეს, აი, ამ ფურცელზე არის ის, რაც არსად არის. ასე მისდევს ერთმანეთს სიცრუისა და სირცხვილის დღეები და წლები.
კინოში და თეატრის სცენაზე ახსენდებათ ის სინდისი, რომელიც ცხოვრებაში არა აქვთ. ფილმი «მონანიება» უდიდესი რესენტიმენტულობის გამომხატველი შედევრია. საქართველოში მსახიობი და მოაზროვნე ერთ სიმაღლეზე დააყენეს. ამიტომ იყო, რომ სამოქალაქო ომის წინ და შემდეგ კინოსა და თეატრის მსახიობთა პოლიტიკური გამოსვლები უკამათოდ მიიჩნეოდა აზროვნების ნიმუშებად. ფილმი «მონანიება» ბოლშევიზმის მანამდე არნახულ მხილებად იქნა გაგებული მთელ საბჭოთა ბანაკში. ქართულმა სინამდვილემ კი ეს ფილმი ქართველთავე დიდ მხილებად და დაცინვად გადააქცია. რაც ღმერთისა ეგონათ, ეშმაკისა გამოდგა.
ძმა ლევანი ამბობს, რომ ეშმაკმა ადამიანი თავის არარსებობაში დაარწმუნა. თუ ეს ასეა, მაშინ ადამიანმა ღმერთზე რა უნდა იფიქროს? ეს გავრცელებული გამოთქმაა და ეშმაკის ასეთი ოინის შესახებ თვით დასავლურ კინოფილმებში პერსონაჟები ლაპარაკობენ ექსპრესიული დიალოგების შექმნის და არა სხვა რამ მიზნით. ფილმებში ეშმაკიც და ღმერთიც გაშარჟებულნი არიან.
დასავლეთი ქმნის ასეთ ფილმებს და არავინ სხვა. ინდუსთა რელიგია დემონებითაა სავსე, მაგრამ ასეთ ფილმებს იქ არ იღებენ. დასავლეთში განიცდიან ღვთისაგან კაცის მიტოვებულობასა და სამყაროს ღმერთსმოკლებულობას. ეს უმძიმესი საკითხი წარმოიშვა სწორედ ევროპულ კულტურაში. ის არის ქრისტიანული და ბოგომილურ-ალბიგოური პაექრობის გაგრძელება და გამოძახილი. ფილმებით ხდება იმ ძველი, მძიმე საფიქრალის აშლა შესაქმის დასაბამის შესახებ, რომლის ქრისტიანულ გადაწყვეტასაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებმა სისხლიანი ძალისხმევა მოახმარეს. თუ კაცთა საცხოვრისი ღმერთსმოკლებულია, ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგი ეშმაკსმოკლებულიცაა? ღმერთსმოკლებულობა ახლანდელ ჟამს უნდა გავიგოთ მხოლოდ ფილოსოფიურად და ელინურად, თუ ის უნდა გავიგოთ ქრისტიანულადაც და გნოსტიკურადაც?
თუ ადამიანი სათნოების გამო უფრო მეტად იგვემება და ევნება, ვიდრე მზაკვრობის გამო, მაშინ როგორ უნდა დაშთეს ის სათნოდ ისე, რომ არ შეეჭვდეს ღვთის სამართალში?
კინომისტიკისა და სოტერიოლოგიური სიუჟეტების ასეთი მოძალება დასავლეთში არის ფაუსტური ადამიანის კაეშანი ღვთის გამო. ოღონდ იგი კინოხელოვნებაში შებრუნებული სახით ვლინდება – ეშმაკი მაინც ვიხილოთ, თუ ღმერთს ვერ ვიხილავთ. ამ მისწრაფებაში ეშმაკიც ღმერთადაა ნაგულისხმები. ამის გამო მნიშვნელობას კარგავს ის, რომ ფილმებში ბოროტება ბოლოს მაინც მარცხდება. საინტერესოა, რამდენად გააზრებული აქვთ ეს ვითარება ჰოლივუდის კინორეჟისორებსა და მსახიობებს.
ერთი კია, რომ ეს ვითარება არის რაციონალიზმის დიდი კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება. თავად განსაჯე, ძმაო ლევან, საკომუნიკაციო საშუალებათა ფანტასტიკური განვითარება ბოლო 10 წლის მანძილზე არ იწვევს იმ აღტაცებას, ახალი ერის დადგომის იმ განცდას, რაც იყო XX საუკუნის პირველ ნახევარში. უახლოეს მომავალში ნანოტექნოლოგიების კონვეიერული წარმოება იგეგმება, მაგრამ აღარაა ის ენთუზიაზმი, რაც მეცნიერების ახალ-ახალ აღმოჩენებს უკავშირდებოდა. აღარ არის მეცნიერული მესიანიზმი და აღტყინება გონების მონაპოვართა გამო.
ადამიანი დემონურ სამყაროთა ტექნიკური, კინემატოგრაფიული ვიზუალიზაციით იამებს კაეშანს ღვთის გამო. ისეთი პოეტი, როგორიც ჰოლდერლინია, მხოლოდ დასავლეთში შეიძლებოდა ყოფილიყო. ვარამი ღვთისაგან კაცთა მიტოვების გამო ჰოლდერლინთან ფილოსოფიურ ექსტრემუმადაა ქცეული. ფრანგული ღმერთმებრძოლობისა და ელინური წარმართობის ეს დიდი, შეშლილი მოციქული ქრისტეს ელინურ ღმერთად მიიჩნევდა და ღმერთების კვლავ მოსვლას იუწყებოდა. ღვთისაგან კაცთა მიტოვების საკითხსვე ეჭიდებოდა ჰაიდეგერი და მანამდე, მეორე დიდი შეშლილი ნიცშე, ასევე ელინური წარმართობის მოციქული, რომელმაც დაწყევლა ქრისტიანობა, მაგრამ არა ქრისტე. ამის გააზრება გონების დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
ღვთისაგან კაცთა მიტოვების მტანჯველი განცდის გამო, დასავლელი ადამიანი ილტვის ეშმაკისა და ეშმაკეულთა მხატვრული ხილვისაკენ და საამისოდ გონების მონაპოვრებს იყენებს. ტექნიკის საშუალებით მოუხმობს კაცი ეშმაკთ, რათა დაიამოს თავისი მეტაფიზიკური სევდა. ეშმაკთა გამოსახვა იზიდავს მას და აღიტაცებს. კვლავ ვიტყვით, რომ აღარა აქვს მნიშვნელობა იმას, იმარჯვებს თუ არა ბოლოს სიკეთე. აზროვნების ფუნდამენტური არაგარანტირებულობა დასავლურ ლოგოცენტრიზმში და არსად სხვაგან, მთელი სიმწვავით გამოვლინდა.
ძმა ირაკლი ჰარი პოტერის სახელის ეტიმოლოგიაზე (მეთუნე ეშმაკი) ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ განა სიბრძნის მამას და ძველ გველს, მას, ვინც უწყის უყი უფსკრულისა და სიმაღლეთა შინა ჰგიებს, თიხისაგან ქოთნის შეძერწვა გაუჭირდება? მირჩა ელიადეს თავის «აზიურ ალქიმიაში» აღწერილი აქვს, თუ როგორ მახინჯდება ხოლმე რომელიმე თქმულება ჟამთა მსვლელობაში, ხალხური ზეპირსიტყვიერების ცუდი გავლენით.
ძმა ლევანს «ჰარი პოტერის» სატანურობის დასადასტურებლად მოჰყავს როვენის ეკლესიათაშორისი კავშირის განცხადება, რომლის თანახმად, როულინგის ზღაპრები სატანისტურ ლიტერატურას მიეკუთვნება. აქ მივადექით საკითხს, რის გამოც მე მრავალ მხცოვან და ჯეილ მღვდელთან მიკამათნია, ძმაო ლევან. მღვდელმა არც მიძმო და არც მოყვასად მიმიღო. ამ კამათისათვის მომიძულა, ცილი დამწამა და გამაგდო.
როვენის ეკუმენური კავშირის განცხადებას მართლმადიდებლისათვის რა მნიშვნელობა აქვს? დასავლურ ეკლესიებს ქართული მართლმადიდებლობა ცრუდ მიიჩნევს. «ჰარი პოტერის» მათეულ შეფასებასა და განაჩენს მართლმადიდებლისათვის რა ღირებულება უნდა გააჩნდეს? არამართლმადიდებლური ეკლესიები და მათი ეკუმენური გაერთიანება, ქართველ სამღვდელოთა თანახმად, თუ ეშმაკს შემდგარნი არიან, მაშინ გამოდის, რომ მათ მიერ «ჰარი პოტერის» სატანურად შერაცხვით, ეშმაკთმიმდევარმა ეშმაკს აუკრძალა.
ძმა ლევანს მოჰყავს ფაქტი, რომ ამერიკელმა პასტორმა ჯორჯ ბენდერმა და მისმა მრევლმა როულინგის წიგნებს აუტოდაფე მოუწყო. თუ ეს ფაქტები ძმა ლევანს «ჰარი პოტერის» უეჭველი დემონურობის კიდევ ერთ დასტურად მიაჩნია, მაშინ გამოდის, რომ იგი როგორც მართლმადიდებელი, სცნობს კათოლიკეთა და პროტესტანტთა ქრისტიანობას. ესე იგი, მათაც აქვთ ჭეშმარიტი სულიერება. მაშასადამე, კათოლიკეც და პროტესტანტიც შეიძლება ცხონდნენ სიკვდილის შემდეგ. ლოიოლას და კალვინს ალალად სწამდათ, მაშინ ისინი უეჭველად უნდა ცხონდნენ. მართლმადიდებელი რჯულთმოძღვარი კი გვასწავლის, რომ შესაძლოა, მათ მართლაც სწამდათ, მაგრამ ცხონებისათვის აუცილებელია მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში დაბრუნება. მაგრამ როგორ უნდა დაბრუნდნენ ლოიოლა და კალვინი მართლმადიდებლობის წიაღში? მე ვერასოდეს დავეთანხმები მღვდელს იმაში, რომ ყველა არამართლმადიდებელი წარიწყმიდება იმის მიუხედავად, რომ არსებობს უმწიკვლო კათოლიკე, არსებობს მგზნებარე პროტესტანტი. სამღვდელოთა თანახმად, ასევე წარიწყმიდება ყველა ფილოსოფოსი, ესე იგი ისინი, ვინც ამა სოფლის სიბრძნეს უბნობს და შლეგობს უფლის წინაშე.
მღვდელი იმასაც ირწმუნება, რომ დასავლეთის სიმდიდრე უმადლოა და მას მალე უფლის რისხვა გააცამტვერებს, ხოლო ვაებაში მყოფი ივერია კი გაბრწყინდება. ასეთი მსჯელობა გულისხმობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ღვთის მადლი მაინც მართლმადიდებელ ივერიას აქვს. გულისხმობს ასევე იმას, რომ გაბრწყინება ხდება მხოლოდ ზნეობრივი ჭირთათმენით და სათნო ცხოვრებით. ქართველობაზე კი ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით. არც ერისმთავრებს, არც მღვდელთმთავრებს თავისი ქვეყნის გაჭირვებითა და უბედურებით ერთი დღეც არ უცხოვრიათ. ქართველთა მოლოდინი ღმრთის სიტყვასა და მის მოსვლას კი არა, არამედ ტელემედიის სიტყვას და საბაზრო ეკონომიკის მოსვლას უკავშირდება.
ისიც ვთქვათ, ძმაო ლევან, რომ თუ «ჰარი პოტერი» დასავლურმა ეკლესიებმა აკრძალეს, როგორც სატანური წიგნი, ეს არ ნიშნავს, რომ კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი რაიმე გავლენას ახდენენ ნეოლიბერალიზმის მატერიალისტურ და რადიკალურად ეკონომოცენტრულ პროექტზე. დასავლური პლურალიზმისათვის სულ ერთია, დაიგმობა «ჰარი პოტერი» თუ ხოტბა აღევლინება მას. მაგრამ დასავლეთი სწორედ თავის საბაზრო მესიანიზმში ვერ იქნება პლურალისტი.
ძმების, ლევანისა და ირაკლის ნააზრევის გამოქვეყნებიდან საკმაო ხანი გავიდა. ადამიანებს დაავიწყდათ ზღაპარიც და ფილმიც. ისინი დღეს კინოინდუსტრიის ახალ პროდუქციას აწყდებიან. არც დიდი, არც პატარა, მოგვთა მოსასხამებით არ შემოსილან, მაგიურ წრეში მისნობა არავის დაუწყია. არც ეშმაკი ეტორღიალება ვინმეს.
ადამიანები, რომელნიც არც ღმერთს არგიან და არც ეშმაკს, შავ სასწაულთა ხილვის შემდეგ ეშმაკს არ დაემოწაფებიან. ზიზღით იბრუნებს პირს მათგან არა მხოლოდ სასუფეველი, არამედ წარსაწყმედელიც.
საზოგადოება ინფერნალურია, მაგრამ არა ასეთი, ყოვლად უვარგისი ადამიანების გამო. ბევრეულნი მხოლოდ PR-ტექნოლოგიების, სოციალური მექანიკის და გართობის ინდუსტრიის მუდმივი საექსპერიმენტო მასალა არიან. ერთეულნი კი სრულიად მარტოსულნი, კვნესითა და ვაებით, ხშირად ღვთისგმობით ეძიებენ ჭეშმარიტებას. ამ ერთეულთა ნაღვაწს აღიარებენ ხოლმე შემმეცნებელთა თაობები და ისინი მათზე სწორებით ცდილობენ ახალ მონაპოვართა შექმნას. ფილოსოფოსი კი არ წარიწყმიდება, არამედ გონების ძალას ამტკიცებს. მრავალი ფილოსოფოსთაგანი არა მხოლოდ არ ჩამოუვარდება წმინდანებს, არამედ მათზე მეტიც არის. პავლე მოციქულმა კი მოიძულა ფილოსოფია, მაგრამ ევროპული აზროვნება პავლესთან და მთლიანად საღვთო წერილებთან მძიმე კამათში ამაღლდა და გაბრწყინდა. სულიწმინდა კი არ გმობს ფილოსოფიას პავლე მოციქულის პირით, არამედ მისი მოძღვარი _ ფარისეველი გამალიელი ბჭობს ფილოსოფიის საწინააღმდეგოდ.
ძმაო ლევან, შენც გაბედე და შემეცნების მიზნით ისეთი რამ ჰქმენი, რომ სინანულად და მისით ამაღლებად ღირდეს, თორემ რას უშველის სულს რჯულზე ხაზგასმულად მშვიდი და კულტურული სიტყვაობა და ყასიდი წუხილი იმის გამო, რომ იუდეველებმა არ სცნეს ღვთის ძე და გვემეს ის. იუდეველებმა უმძიმეს ისტორიულ პირობებში დაამტკიცეს, რომ მოსეს რჯული ქრისტეს შემდეგ ისევ უწყვეტად გრძელდება და ის დასავლურ ცივილიზაციაში უდიდესი ძალის იდეური გენერატორია. რომ არა ებრაელები, დასავლეთი არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ის არის.
შენ თუ შეგიძლია, ძმაო ლევან, ცოდვით შეიმოსო, დაეცე და ასე ამეტყველო შენში შინაგანი სიტყვა? ვულკანური სიძულვილი ან ასეთივე სიყვარული თუ შეგხებია? თუ ძალგიძს ჭვრიტო სატანის სიმაღლენი და უყნი უფსკრულთანი? მაშ, რატომ არის კაცი ღმერთის მმეცნებელი? კაცთა შორის იმის გამორჩევა თუ შეგიძლია, ვინც ჭეშმარიტად ზიარექმნა მიწრიელის ნათელს?
სატანის საკითხის ფილოსოფიური დამუშავებისას ყოველ წუთს ჩნდება იმის ცდუნება, რომ კვლევა თეოლოგიისაკენ მიიდრიკოს. თუ ამა სოფლის სიბრძნე სატანისაგანაა, მაშინ სატანა უნდა შეგვეწიოს იმაში, რომ სატანის საკითხი ფილოსოფიურად შევიმეცნოთ. მაშ, საიდანღა ჩნდება იმის ცდუნება, რომ ძიება თეოლოგიისაკენ მიიდრიკოს? ვინღა მაცდუნებს? წესითა და რიგით, მაცდუნებელი მხოლოდ ამა სოფლის თავადია. ადრეული ქრისტიანობის ჟამს ქრისტიანი ღვთისმეტყველის ფილოსოფიისაკენ მიდრეკა აპოსტასიად და სატანის გამარჯვებად გაიგებოდა. მოგვიანოდ ფილოსოფია თეოლოგიის მსახურად გაამწესეს და თუ ფილოსოფია ასეთ მსახურებაზე უარს ამბობდა, მას შეაჩვენებდნენ. ახალ დროში, დეკარტის წამოწყების შემდგომ, ფილოსოფიამ თეოლოგიის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოაწყო. მან გაიმარჯვა და თეოლოგიაზე მაღლა დადგა. ამან ევროპულ კულტურას უდიდესი ექსპანსიონისტური შესაძლებლობანი მიანიჭა.
თუ მე სატანის საკითხის შემეცნებისას ვფილოსოფოსობ და ამ დროს თეოლოგობის ცდუნება მიჩნდება, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩემს ფილოსოფოსობაში ერთმანეთს ღმერთი და სატანა ებრძვიან? თეოლოგობის ცდუნება რომ მიჩნდება, რა, ღმერთი მაცდუნებს, რათა ჩემი თავი ეშმაკს მოსტაცოს? ისიც სიძნელეა, თუ როგორაა შესაძლებელი, რომ სატანის საკითხის ფილოსოფიურმა შემეცნებამ თავი დააღწიოს გნოსტიკურ და ბოგომილურ გავლენას. სატანის გარკვეული იპოსტასის განხილვას წმინდა მამანი მუდამ თავს არიდებდნენ, რათა დიდ ერესებთან მებრძოლ ეკლესიას უფრო არ დამძიმებოდა ქრისტიანობის განმტკიცების საქმე.
როგორ არის ის, რაც საზოგადოებას ინფერნალურ ხასიათს ანიჭებს ტოტალური რაციონალობის, ნეოლიბერალური მატერიალიზმისა და ტექნიციზმის პირობებში? ამის კვალად ვიკითხავთ – ტექნიკის ონტოთეოლოგია და ბოროტების ფენომენოლოგია სატანის საკითხის ფილოსოფიურ შემეცნებასთან ერთად როგორ უნდა შეიქმნას? ჭეშმარიტ სატანას ეთნება ნეოლიბერალური პლანეტარიზმის განზრახულობანი, თუ არა?
ტექნიკის ასეთი წინსვლა და მთელი სამყაროს ექსტრემისტული მაშინიზაცია ხშირად ეშმაკეულ საქმედ ცხადდება თვით ფილოსოფოსთა მიერ. განკითხვის ჟამს მესია მთლიანად უარყოფს ტექნიკას, თუ მის მადლით შემოსვას დაიწყებს? ტექნიკის უკამათოდ სატანის საქმედ ცნობა კი კვლავ გნოსტიციზმსა და ბოგომილობასთან მიგვიყვანს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s