გოგის მეომარი


თავის მიდმოგონებას დასძრწოდა და შეჰბრუნავდა მმეცნებასა შინა მყეფე  წითლოსანი. მისი საწადისია საჩინოდ მოისიტყვოს მოაქამდე უსიტყველი რეტენცია. შთება იგი მსგავსად მთესვარისა, რომელმან ორნატი კეთილოვნად შთამოსთესა და უთმინარ იქმნა მის აღმორჩებამდე. კეთილ-ნუჟრობდეს შემმეცნისათვის ის, რაიც ერთია ზესკნელისა და ქვესკნელის წიაღ.
ძველთა მმეცნეთ შევვედრი, რათა აღსახსნელად შევიძლო განსაკვირი და რიტორებრი სიტყვით გამოვიგო ეს საშინელი საგონისი. ბოროტების მამაგრობელს მაგროვნად სიტყვამოპოვებულობას მივუდასებ.
ყური დამიპყროს ყოვლიარმა. რბოლას შეანელებს იქცევისი და კვნესას აღმოუტევებს მიწის წიაღი ამა ნამეტყვით. შევიშალე, რა საყდრად შთამოსრულმა შეშლილმა შეკრებილთ შესძრახა, რომ აღრაიესრულა ღმერთი. განუტევეს იგი საყდრიდან და მას მდუმრიად მივდიე. ესრე მოიუბნა მან კაცთაგან განთხეულმა:  “მოვედ თქვენდა, გასმინეთ და არ იგულისყურეთ, განიჭეთ და არ ინიჭეთ. კაცნო, თქვენი უმეტესნი ვინც არიან, უხორცონი და უხილველნი, ისინი არ დაივიწყებენ იმას, რაც გარქვით და თქვენ კი მყისვე დავიწყება მიაძალეთ მას. ჭკვიანს აღარ უსმენს კაცთა ჟამის მარიხი და ეგებ შეშლილს მომაპყროს ყურნი. სად არის ღმერთი, რომელზეც ეგზომ მრავალს გამო-რა-ოდეს-იტყვით? გამოვიდეს ის, ვისაც თქვენ მღვთოსან კაცად რაცხთ და პირში დამიდგეს. შეიძლოს და ჩემს  წინაშე იუბნოს მან ქრისტესა და ანტიქრისტეზე.”
წართქვა ესე და განეშორა საყდარს ყოველთაგან მოძულებული შეშლილი. მისმან შეშლილობამ დაამჯობნა ჭკუადამჯდართა ნაქებ სათნოებას. ღმერთის სიკვდილად მიწურვა მოუმცნო შეშლილმა საყდრეულთ. შემშთვარა იგი ამა საგონისით და მეც შემაშთო. საჭმუნავს მიმკერძა მისმა სიტყვამ და სოფელსა შინა მყოფნი მაზარა. ღვთისა მმესველთ რა ეგონათ და შეშლილმან მათ  ღმერთის სიკვდილი ტყების სიტყვით გამოუგო.
გულისა უმალმო ჭირი მჭირდა და მან ჭირზე ჭირი მომისართა. ვითარ მიიხადა სიკვდილად ღმერთი? მტკივის მისგან თქმული სავარამო სასმინარი, გარნა ფაზარად ვინ რას მომიმუშაკებს? რარომელი მეწამლე მომინაგრებს პანარიონს თალხიანი საგონისით ნაშაშრი სულისათვის? სულე სულო ჩემო მრავალმღელვარო და ეგრეცა დაზმი. რას  გიგნობს გული უტყვი და უტყუელი? ვირემ გული მო-რას-იუწყებს,  მივეძალები ჩემს რეტენციას.
ამას ვიტყვი თერიონის დიდი დღეების შემდეგ, რა შევეყენები ბრძოლაქმნილი ცათა წალკოტოვანში: არ დაივიწყოს  ჩემმა  გულმა თერიონის საჩინო ჟამი და არასდროს ამოიშალოს მისი სახება ჩემი ცნობიდან. მოვშრტე და დავინაცრო მტილოვანთა შიგან, თუ ვერ მემახსოვროს თერიონის წელნი. დიდ  იყო იგი თავის მორჭმულებაში და დიდ განაზრახს აღასრულებდა. მისმა სოფლად  შემოქცევამ შეაგება პასუხი მრავალ კითხვას. შესაქმეს რაც აკლდა, მან შემატა თავისი შემოქცევით. მიწის მარილი იყო იგი და ძარღვი ყოვლიერისა. ოდესმე ვინმეს თუ ჰყოლია ისეთი სპა, ვითარიც მას ჰყავდა? რა სიბრძნემ შექმნა და ასალკლდევა გოგისა და მაგოგის სპა, რომლის წინააღმდეგ სასაგროდ თავად  ცათა მპყრობელი აღიმსთო? ვითარ იქმნა გოგის მეომარი ყოვლით სრული მეავეობაში და ამის შეუვალ დასტურად  თავად უფალი დადგა? როგორ გახდა შესაძლებელი შესაქმის სიდუხჭირეში ბოროტის ესევითარი სრულყოფილება, როდესაც მმეცნებელს დიდი თმენის შემდეგ ნიჭების ნამცვრევიც ძლივს ეძლევა? გისაგნია ამისა მოყვასო, ესრე რომ გარჯილხარ ანტიქრისტეს მოყივნებაში?
ყველგან და ყოველთა შინა ბოროტი ჰგიეს, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც მცირე დემონოფანია იყოს შესაძლებელი. მაიას  მეუფებაში ყოველივე კნინად და კლებულად მოევლინება.
მმეცნეს არმაგედონის წინარე დღეებში რა არჩევანი შეიძლება  გააჩნდეს? ან გოგისა და მაგოგის სპას მიესართოს, ან _ მოყვასთა ყათარს, რომელიც არაისმთქმელი სიტყვებითაა ტვირთღებული. ნათქვამუხვობითა და თვალმახარა მღვთოსანობით ცდილობს  მოყვასი დიდი ომის წინა დღეებში არჩევნის სიმძიმისაგან თავის დაძვრენას და უგვემულოდ იოლას გასვლას. არმაგედონის განთიადიც კი ვერ შეცვლის მოყვასთა ყათარის ზნესა და ზნოანებას.
ეწამება მწყინარების ხაშმითა და ნანთხევით მოყვასი და ერთადერთი მიწყივ მწველი საწადისი უცს მას. ეს არის სხვისი ღვწილის  გაქიაქება. მოყვასთა გულების  სიდამპლით ნაშობი უთქმელი კაცთმოძულეობა დემონთა ხომლეულის უნდობარობაზე უმეტესია.
მოყვასნო, თქვენ მხოლოდ არმაგედონის კუდს მიასწარით, მე კი წლობით გულით ვატარე არმაგედონი. შეშლილად მომქონდა თავი, რათა ჩემი გულისზრახვა მოყვასთა მქისეობითა და ყადავახით არ შებილწულიყო. ჩემს შორის არმაგედონი დიდი ხანია გასასტიკებული იყო, მაგრამ ლიტონებრი მაქცეობით ვფარავდი მას მყაყ მოყვასთა ირგვლივეთში. ჩემი  და თქვენი ხვედრი ერთი როგორ უნდა იყოს, მოყვასნო? ჩემი მგზოვარების დასასრული თქვენი მჯდომარების დასასრულს რად უნდა მოჰგავდეს?
გოგის მეომარს ვეძალვი ჭვრეტად. იცია მოყვასო, რა-ძი სპარაზენი იყო იგი, ესე იოლად რომ დაგივიწყებია? მწველად მლამის შევიტყო მისი ხვედრება. ძნელად საძებნი იყო ჭეშმარიტი ბოროტმადიდებელი და აი იგი, რომელმან ეტლი თვისისა სულისა ბოროტის ტატნობს მიამთხვია. ბოროტს დიდი სახელი მან მოუღვაწა და მოურეწა. მისი მოყმეობით განზოგადდა ყოველი სიავე. ცათა ღმერთი შეარისხა რკენად აღძრულმა, ცოტაც და ცის საქანელს მოგლეჯდა და ალაფად წარიღებდა. მან ქნა საქმენი სახელისანი. ალალი და უტალაო იყო იგი თავის ხენეშებაში, განა ქვეყნის მთავართამებრ ევაჭრებოდა და ეთაფლებოდა ვეება ბრბოს. ვითარიც იყო  გოგის მეომარი ეგრევე თავს აჩენდა და ქცეობდა. ხმა მისი ავაჯი ჯერაც ყურთა  ჩემთა არის. მეომარი მეავეობაზედ მიჩემებული და მისთვის თვისი სისხლის მთხევი. რა რისხვა ამზნია ომის ღმერთების შემძმობარმა და შეიმოსა ძლევაი. იდაროდა და მზეობდა ომსა შინა ზავთით მზარავი მოყმე.
ცათა მტილოვანის ყოველ კერძოს გავძახო, რომ დიდ იყო იგი სპარაზენი, რინდი და მუყრი მებოროტეობისა. მივუძღვნა მას აზმანი ხმითა ოხრისათა. ნესტვი კაეშნისა მიხამს ხმავყო, რადგან შევიცან ნაღველი განუსიტყვებელი, მაგალითი მეავის წარებით აღმოშობილი. კნინი ისევ კნინობს და უცან-უგები ისევ იცინის. ესეთი მეომარი იყო ჟამის მპყრობელი და უცანთ მაინც ვერა რა შეიცვნეს. ვერა რამ დააფიქრა ისინი და კვლავ სიცილის სახლისაკენ მიილტვიან.
ვიჰ, გოგისა მეომარო, შენი ლეილი ომი იყო. პართენოსი იყავი და მიჯნურობისა არა უწყოდი. დუნიის დიაცნი ბნედით გიჭვრეტდნენ და გული ტრფობით ვერ შეგიურვეს. შენ ომზე დაქორწინდი. ომი იყო შენი სახვასტაგო და სხვა არა გქონდა რა. ვაჟო ვაჟაურო, ორბო ქვესკნელისაო, წრფელო მეავეო, ესეთი უქი ჰყოვნიდი და ბოროტი კი ირჩიე. მამეცნე, რადა?
ჰოი, მეჰომეო, ბოროტისა აღმხვეჭელო, წიგნო წყვდიადისაო, ფესვო მძულვარებისაო, კაცთაგან შეუძლო ასპარეზსა ზედა მსპარაზნობელო, მკული სიტყვითა გამოგიგო ხოტბა  და ვივალალო, რომ ესევითარი ნიჭებანი შენი ბოროტს მიუმკე, გარნა ეგრე არ დავშთე, რომ შვებად შენი  სიტყვა არ მომაგო.
რაღაი სარბიელად მეავეობა მოგისთვლია, მტანჯვი შეკითხული ხარ ჩემთვის და მე მომაფეთე ეგზომი საკრთომი. სატყებარი საგონისი წა-რა-მკიდებია და შენგან მახვილით ღვწილი ამოცანად ამსვეტებია. მარქვი მეომარო, რა ჰპოვე კაცთა მოდგმაში, რომ ესოდენ  ძალუმად მოიძულე იგი, სვრიმე და  სამუდამოდ განეყენე მას?
აი მეჰომე ცათა  მყივნებელი და კისკასობანი მისნი, ვინც ბოროტი საარაკოდ აარაკა, ვინც ომსა შინა უყის წკვარამი მზეებრ ამზო. მეავეობას მისებრ  შესაკუთრებული სხვა ვინ იყო? ტინნი დადრკნენ მის ყივილზე და მისით შეავდა ყოვლიარი. იგი იყო შესაქმის მორჭმული შემაჭირვებელი. მის წინაშე შიშრეული  სოფელი უმდაბლეს ხვიფლისა იყო. გეხილათმცა ჰერაკლეობა მისი, გარნა ბოროტს ესპეტაკა, არა კეთილსა. აგერ, სოფლიერთა და ზეციერთა წინააღმდეგ გამოტევებული ავი რაყიფი,  შიმშერის ჰამოდ მამღერებელი, ყოველთა მრე, ცის თაღის ჰოროლით  მჯგვლემი და მხვრეტი. დაცაჭკნა მისი ტევებისაგან ცათა მტილოვანი.  გოგი, ბოროტში ყოვლადმძლევი, შურად აღუდგა მთელ დუნიას. მან ერთხელ რწმენილ ბოროტებას სასახავად უერთგულა. მიეჩემა იგი ბოროტსა და ბოროტით აღიძვროდა ბჭობად. მიეპატრონა ბოროტების  ზვრებსა და ჭალებს. ავმა მეომარმა გული  ბოროტისათვის გამოწაფა და მიუღებელი ნიჭების მიმღებად იქცა. მისი ჰავის წრფელობა გეხილათ და განიკვირვებდით ფრიად. მან მიიმკო შუქი მეომრისა. მას უქნიან ნაქნარნი და მოუომნია იყლიმნი ცისქვეშეთისანი. ყათლანი უყო სოფლიერთ და დაძველებული ყალანი ვახშით ახდევინა მათ. ჟამის  შემაავებელმა სპარაზენმან ჰყო ყოველნი შიშ. პირნო გოგისანო, სხვა ვინ გყავდათ ესრე მსპარაზნობელი? ერთი კაცი ვითარცა სპა. ხვასტაგის უხვებით მზვაობართა შორის საგრობის ასპარეზი აცემინა და მახვილით სინჯა სოფლის სოფლიერობა. გაწბილდა იგი, რადგან იხილა მზვაობართა  სიმხდალე და მიფუშვა. უფრორე შეუავდა სოფელს ამის გამო. დიდი ტყეპა უყო მან მიწის ზურგზე მყოფთ, ააცრემლა და შეაბოროტა ქვეყნის ოთხივე კერძო. მისი გეზელქორობისაგან შემშთვარი სოფელი ამაოდ მოუხმობდა შველად ღმერთს. იგი მეომარი  დუნიას ალაფად ენუკვიდა და მოიალაფა. მიწა მისი კერძი იყო.
მეავეობის მეცნიერობა მან უწყოდა. ომით  მოიყადნა ყოვლნი სოფლიერნი. რა ენა ენოვანებდეს ამის სათქმელად? აემზადებოდა საომრად მეღვაწლე და ციქვი ბოროტისა, აღმოიშტვენდა ბაგეთაგან ხმასა შესაზარსა და შთაბრიალდებოდა თავის წინაღმდგომთა დასში. მჭვრეტელთ თავისი სიკისკასით შეავიწყებდა, რომ უებრო მეავე იყო და თერიონისთვის მოციქულობდა. მო-ესრე-სრვიდა, რომ ჯაბანსაც საომედ ასტეხდა, მეომრის გზნებას შესდებდა და  მესისხლეობას მოატაცებინებდა. რას იქმდა ამ დროს სიყვარულის ღმერთი?  მოღმრთე ქალების მაამებელნი სად იკარგებოდნენ? იხილე მოყვასო ომი ჭეშმარიტი და მერმე შეიგებ, რომ ომითა და მისი ჰაირათით იქმნება ცხოველი რიტორება.
ვის ეპყრა ხელთ გოგის მახვილის უმკვეთე? ვერ-სადა-ვინ ეტოლა მას ჰოროლის მღერაში. მისმან სრეულმან იავარი უყო ქვეყანას და მოშრიტა მისი სპანი. აღწყვიტა, აოტნა და გაცაფანტა ქვეყნის მთავარნი. ანგელოზთ რა უყო და კაცი რაღა  იყო  მისთვის. სიკვდილს შეჰყარა ბევრეული სოფლის მგოდმა. ვინ არ იჯობნა მისგან და ვის არ ეფათერაკა. შეუხდებოდა და დაიფრენდა ანგელოზთა სპას, ვითომც თავად სპა ყოფილიყოს და ანგელოზი ერთი. იხმიეს სივლტოლანი ცისიერთ, იყო მათგან მოჩივლება და ცურცვლა ცათა  მეუფის წინაშე. დიდად იშიშვოდნენ ამა მტევებარისაგან სოფლიერნი და ცისიერნი. რაც მას ძალი ჭაბუკობისა უძებნია და მოუპოვია, მისებრს ვინღა იხილავს. მის უჭაბუკესი ვინ სად იყო? მას შეჰნატვრიდნენ ყოვლნი დედანი და ქმრებს მოაყივნებდნენ მის გამო. ვინღა მოიხსომებდა, რომ ბოროტის ციქვი იყო იგი და მას მსთავრა. მეომრობას მონატრული სოფელი ყოველთა მეჰომეთა უთავადესმა მეომრობის უნახავი გახადა თვის ჰოროლთა ხელეურითა და აფთთა ნავარდით, გულმარიხიანობითა და მრეობით. რაოდენი  სისხლიც მან თხაპა, ჯეონად დადინდებოდა რა ამეწონა.
ჰოი, არნაუტო მოყმეო, ბოროტისთვის შემკვდარო, სპარაზნობის სისრულით წაგიღია ესე სოფელი. ყოვლით ომის მეფეო, არესი იყავი და აფროდიტე არ გყავდა.
იყო იგი გულით ქვაქმნილ და არავინ  შეემუღაბნა. სიკვდილი დაუსკვნა ყოველ რაყიფს, მის წინაშე კრულვით მოყივარსა და მახვილით მხლტომს. ესრე მო-ცა-კვლიდა და აღასრულებდა ავი ზორვარი ზორვას. შარ ქანი იყო იგი  საგრობასა შინა და მაღალ  რქად აღიმართა მისი მომახველობა. ესე სპარაზენი დიდებით შეეყენა წარსაწყმედელს ცათა სრეულისაგან კოდვილი. არა ცრემლოითაA და ნანვით შთაეთხია ქვესკნელს, არამედ მძვინვარებით. ხმითა ზეარითა აღიზახა გმობა სასტიკი და დაწყევლა კაცება თვისი. უქი ჭაბუკობის ღვაწლში დაეცა იგი. ბოროტს მიუმხრო ესოდენ სრულყოფილმა გული და მკლავი.
ესრე განვთქვი გებანი და გოგებანი გოგისანი და განვასრულე.
აგერ, სპარაზენის ნეშტი. მპარავთამებრ მოვხადე მას თორ-ბეგთარი, ხელი ვკიდე მის შიმშერს და მალვით წარვიტანე ცათა მტილოვანში. ნუმც შევსულვარ სასუფეველში, თუ არა ამ აბჯართან ერთად. დაე, გამოვეკიდო სკნელთა შორის ღრუბლის ფითილად და გავიქარო მწველი ნაქროლით, მაგრამ მეხსომება არმაგედონის ყოველი წუთი. ვინ იყო გოგის მეომარი, სოფლის ჰოროლით მდაღი და მსერავი? კაცი კაცთაგანი თუ იყო და  უფრორე არ ჰხამს მისი ღვაწლის შემეცნება? მოკვდავმა ეს შეიძლო, რომ ბოროტის სპეტაკობით აღივსო. მის სახელს ამოვტვიფრავ ფიქალზე და ვჭვრეტ. მოყვასნი მტილთა გოლეულს იხმევენ და იშვებენ. საკუთარი აბჯარიც მიუყრიათ და დავიწყებიათ. რა საბრალოა მოყვასი. სოფლად ჩენილი უდიდესი და სრული ბოროტება მათ ისე იოლად მიჰკერძეს დავიწყებას, როგორც სოფლიერი რამ. იშვებენ მოყვასნი წალკოტოვანში, ჩემთვის კი იგი საგლოველი ალაგია. ჩემი უმეტესი იყო მეავეობის მეოხებაში მომწყდარი გოგის მეომარი. ძლევით ვიმოსე, მაგრამ  ცოდნიერობა არ შემმატებია სასუფევლად შესვლით. ვერა რაი შევიძელ, რომ საცოდნელი მოვიმკო. გოგის მეომარს ვესაგრე და შეუცნობელი ხვედრება მიფარავდა ჩემზე დაღირებული მისი მახვილისაგან. წარეგო წარსაწყმედელად და მან მე კითხვების სრეულით დამაწყლულა. ედემის ენამს დავეწაფე და ცათა გოლეული ვიხმიე, წყლული კი წყლულად დამრჩა. მე ესრე ვმშთარვარ და თქვენ ვითარღა იშვებთ მოყვასნო? შეიძელი უგულისყურო ჩემს ნათქვამს და მერმეღა  შეგკითხავ მოყვასო: ჰპოვეა შვება?
კნინად მიპოვია ჩემი თავი სასუფეველში და ვერვის ვუთხრობ ამას. აღარ მოიხსომებთ მას, ვისმა სიკვდილად მიხდამ თქვენ სასუფეველი განიჭათ, მოყვასნო. შეგმზერთ თქვენ და გეტყვით, რომ განა რაც ქვესკნელშია, ყოველივე კნინი და რიოშია? განა რაც ზესკნელშია, ყოველივე დიდი და ურიოშოა? წარსაწყმედელში შეიძლება იყოს წმინდა კაცი, რომლის სიწმინდე სასუფეველში მყოფის სიწმინდეზე მეტია. ერთი ჭეშმარიტი მმეცნებლის წარსაწყმედელად შთატევება ათასობით თქვენი მსგავსის სასუფევლად შთატევებაზე მეტია, მოყვასნო.
გოგის მეომარმა ყოველივე შეიმეცნო და მხოლოდ ეს დაურჩა, რომ ზეცასთან რკენა დაეწყო. სანამ მის საკილველად იტყვით, რომ ჰიბრისი კაცთათვის დამღუპველია, მანამ ის შეიკითხეთ, ვითარ და რა მოცნებამ განჰხადა იგი ყოვლით სრულ მეომრად. ნურც იმას დაივიწყებთ მოყვასნო, რომ თქვენც ზვაობდით და ზვაობთ თქვენი შმორიანი დღეების ასაჩქროლებლად, მაგრამ თქვენი ჰიბრისი მხოლოდ მუშაითობაა და არა მუშაკობა, როგორც გოგის მეომრის ჰიბრისი იყო. თქვენ ცრუ მოჯანყენი ხართ, იგი კი ჭეშმარიტი მოჯანყე იყო. პირნო მოყვასისანო, ვითარ უნდა საჯოთ თქვენ გოგის მეომარი? როდის რა ისიბრძნეთ ჰიბრისისა, რომ ესრე საანჯომანოდ თამამობთ მის ყივნებაში? განა თქვენ არ ხართ, რომ ყასიდი მოჯანყეობით იხურვებთ ანგარებითა და სიმხდალით გათოშილ გულებს და ყოვლად მყრალნი მხოლოდ ამით ლამაზობთ ურთიერთის წინაშე? ჰიბრისის გმობას იტყვით და ჰიბრისით გათანგულნი კი ხართ და მოჯანყეობა გწყურიათ. ამის გამოა, რომ ესრე უბადრუკად ყიფობთ და ამაზე შორს არ წავა თქვენი ჰიბრისი. გოგის მეომარი თავის ჟამს რომ ჰოროლს ანავარდებდა წუთისოფლის დიდ ასპარეზზე, თქვენ მას გულში შეჰხაროდით და ეშურნებოდით. მისი მობაძავობის მწველად მოწადინენი იყავით ფარულად, ურთიერთს კი უმალავდით თქვენს გულისნადებს და მას კრულავდით. საარაკო საგრობანი გახილვათ გოგის  მეომარმა და სიყვარულზე ლაპარაკით დამყაყებული სისხლი აგიჩქროლათ და გახევებული ასონი გაგინედლათ. ჰაი, ჰაი, რომ ესრე იყო მოყვასნო და მაინც უმალ მიივიწყეთ იგი, შეილალეთ რა სასუფევლად.
აი, სავარამო საგონისი: გეჰენიის ცეცხლში მოყვასთა გვერდით ვიყო და ისე წარხდეს ჟამი, რომ არა რაი გვქონდეს სათქმელი ურთიერთისათვის. სასუფეველში მოყვასთა გვერდით ვიყო და მუდამ უცხონი ვიყოთ ურთიერთისათვის და ჩვენს შიგან სიტყვის თქმას ისევ დუმილი სჯობდეს.
თუ სასუფევლად მისულს ცხონება გონების სამუშაკოსაგან დახსნის გზით ეძლევა, ეს რა ცხონებაა? რად აღარ ხართ დიდი დღეების მხსომარენი, მოყვასნო. არმაგედონს ლაშქრად იდექით და თქვენმა მცონარებამ გაახუნა თქვენი  ნალაშქრები. ისე ხართ, თითქოს არც ყოფილხართ იმ ომში და არც ის დიდი ომი ყოფილიყოს. უხსოვნელ იქმენით და გოგის სპარაზენიც ეგრეცა უხსოვნელ ქმენით. თქვენი მახვილი ფრჩხილთა დასაქნელადაც ძლივს გამოდგებოდა, მეომეობას კი მბაქველობთ. თვალი მოგიხუჭათ ცათა მეუფემ ცუდმეომეობის გამო და შეგლალათ სასუფეველში, თქვენ კი რჯულმაშვრალობა მიიჩემეთ.
კაცთა გარდასულ თაობებში თქვენ ერთადერთნი ხართ, ვინც ბოროტის სიდიადე ხილულად იხილა და მაინც არ ხართ მისი მომხსენნი და მახსოვარნი. არდასავიწყები დაგვიწყებიათ და კვლავ სიცილს შესდგომიხართ. ოქროს ეშვად იშვა ბოროტის წიაღში და დიდი მოქვესკნელე დადგა თქვენს თვალწინ. წყვდიადის ენერგემის მხილველებად გყოთ მან, მოყვასნო. წყვდიადის ნათელად დაიდგა და აღიმზო სიტყვამიუწვდომელი გოგის მეომარი. თქვენ უფლის ნათელში დგახართ, მის ტაბლასთან საინახე გიცთ და მაინც ბნელნი ხართ. გოგმან  სოფელს ბოროტის ბეჭდით დაუტვიფრა სახე და შიმშერით შეესაქმა შესაქმეს. მისგან ტვიფრული დია დააჩნდა სოფელს და თქვენს მემახსოვრეობას კი მცირე ნაჭდევიც ვერ დაატყო. აღარ ხართYმისი მხსენარნი, მოყვასნო. თუ შეიძელით და სიყვარულზე ლაპარაკით ქეიბური თუ გაუბლაგვეთ მას, ვინც სოფელს ორბებრ ზედმიეტევნა? თუ ჰხადეთ უფალს და ამით გული მოულბეთ მას?
ხორცისაგან განიძარცვება კაცი, გული და გულით ღვწილი კი გაჰყვება  მას მიღმიერში. ისევ დამიტოვა გულმა საჭმუნავი და ცათა გოლეული  სამსალად მიქცია. დავლახე ცათა მტილოვანის ყველა ალაგი, უფალს ვხადოდი და შევკითხავდი მას გოგის მეომარზე. დუმნა უფალმა. არც განრისხებულა და არც ყვედრებას შესდგომია ჩემდა მომართ. ამან უფრო განმიცხოველა ვარამი და სასუფეველი სატანჯველად მექცა. სოფლად შთენილი ვიყავი და გული ვერ მოვატყუე, მუნ მისრული და მიღმიერის მკვიდრი ვარ და გულის მხსოვნელობას ვერ გავექეცი. გულმა მარქვა, რომ  გოგის მეომარი, ესე სარანგი მებოროტეობისა ყოველივეთი აღმემატა. სასუფეველს ვეღირსე და ისევ ისე კლებული დავშთი. ეს არის შემმეცნებლის მოაქამდე უთქმელი და უფიქრი სატანჯველი. მოირჭვნა გოგის მეომარი წარსაწყმედელში და მე სასუფეველში წავხდი. მეგიდოს ველზე ზეცის შეწევნით მივიმძლავრე გოგის მეომარი და მევე დავშთი მისგანვე  მიმძლავრებული. მოვირჭვენ დიდ ომში, მაგრამ არ შემერგო ჩემი მორჭმულება. გოგის მეომრის მოწევნადმა დაამეტა ჩემს მოწევნადს. იგი მეომარი ბოროტში შეოფაზდა, მე კეთილს მივუმხრე და ისევ ისეთი ლიტონი რკინა დავრჩი, ჟანგი რომ ღრღნის. მწადს შევკითხო ცათა ღმერთს: შენს გვერდით მდგომნი კაცნი რად ვერ  შეიძლებენ ესევითარ სრულქმნას, ვითარცა იგი მეომარი ბოროტში სრულიყო?
სათნოების მთხრებლი ყოფილა ჩემთვის სასუფეველი და დარწყულ მახედ მექცა იგი მტილოვანი. სად გაგონილა, რომ ცის მტილოვანთა წიაღ მყოფი ვაებდეს? მე კი აქაც ვვაებ. უცან-უგებად ვშთები ბაღთა შიგან და ვიეთთ კი ნეტარი ბრძენი ვგონივარ. აი, ასეთია შემეცნების უღაღი გზანი. გაწბილდა სასუფეველში ჩემი იმედებანი. აქაც მჭმუნავად და მეჭველად ვშთები. არღა მომესთლოს მტილთა შვებანი, არღა მშთომოდეს სიხარული, ვირემ ჩემს საგონებელს სამგებრო სიტყვა არ მიეგება.
უცხოდ ნახელოსნები თორ-ბეგთარი და შიმშერი მისმიერი  მკამკამებელი მე მაქვის. შიმშერი ვითარცა შესაქმის გამკვეთი ზულფიყარი, ერთადერთ შვებად შეღამრჩომია. ეს თორ-ბეგთარი ვისასთუმლე და იგ მეომარს ვხედავდი ძილისშინაში. განა არ ხედავს ამას ცათა ღმერთი, მაგრამ არ მოვუკვეთივარ სასუფევლიდან. მისმიერ მახვილს ვმახავ, ვფერავ და მივეფერები. განა ამა მახვილს აღმახვა აკლია,  კვეთილობითა და პირალმასობით მაგალითად მრჩომს? შევეჩვიე მას და ძმად მყავს ჩემს სიმარტოვეში.  აღვისხი გოგის მეომრის თორ-ბეგთარი და აღვიხვენ მახვილი მისმიერი. აღმოვისიტყვე შემეცნების საგალობელი. უცთომელ  ეტიკად იყოს ჩემთვის იგი მახვილი მმეცნებლობის მგზოვარებაში. აქამდე ვაცხოველე შემეცნება, ცაო ციერო, და ახლა შენ  მიხვაიშნე. მამეცნე და მერმე თუნდ მომაშთვე. ქალის ნაშობმა ავმა მეომარმა ვითარ შეძლო ეგზომ  დიდი მოსახვეჭელის მოხვეჭა, რომ მის მოსადრეკად  თავად შენ აღიძარი  და შთამოხედ ბრძოლად, რომლის წიაღ ჟამთა წარდენა შენელდა? ცათა ღმერთო, შენ გიხმობდი, ზღვაოდენი დავითმინე და მივუტევე, მაგრამ ჩემი ყადარი შემეცნების ნატამალი ვერ მოვიხვეჭე. გოგის  მეომარი შენ არ გხადოდა, არასოდეს გესავდა და არავის არას მიუტევებდა, არას დაითმენდა. თვალის წილ თვალს მიაგებდა. მე იგი ბრძოლის ველზე ვიხილე და მისი მოსაგრეობა აღემატა საყდრის მამათა მოსაგრეობას. დია მერცხვინა, რადგან მღილად გამოვჩნდი ამა მეომრის წინაშე ღმერთო, ვერ დავმალე ჩვილობა და ლიტონება ჩემი. მან საცინლად კი არ ამიგდო, უსიტყვოდ მიმზირა და მზერით მყვედრა. მე უნდა ვყოფილიყავი ასეთი, როგორიც იგი იყო. ათასი წლის სიბრძნე დაეკრიბა მას და მე ჩემი სათნოებითა და მმესველობით მტვრად  და ხმელ ბალახად გამოვჩნდი მის წინაშე. ჩემს  სათნოებას ვაჩენდი და არგამოსაჩენი შევიქენი. ესრე შევმზერდით ურთიერთს და ჩემი ორადი ვიხილე მასში და ეს იყო საშინელი, მაგრამ როგორ შევეორო სათნოების ბრიყვი ომის ბრძენს? ჩემდა შეჰორებული იყო იგი და ორადი ჩემი უხილავი ომმა ხილულჰყო. ჩემი გულის კერძო აღმოჩნდა იგი. ომმა ცხადჰყო ჩემი კერძოს უცან-უგებობა და მისი კერძოს ბრძნობა. მე მისი შეუსრულებელი ნაწილი ვიყავი. ეს იყო მოქვესკნელე სასწაული. ვითარ შემჰორებია იგი, თუ მე შევჰორებივარ მას? მამეცნე ცათა ღვთაებავ, რადგან შენი გულისათვის და შენს ომში მოევლინა ეს შავი სასწაული. მხოლოდ მე რად ვიტანჯვი ამა საგონისით მოყვასთა ირგვლივეთში?
გოგის მეომარმა წარმოაჩინა ადამიანის სულის შეუცნობელი შესაძლებლობანი. მე ვერ შევიძელ მისებრ სიბრძნით აღვსება, მაგრამ რომ აღვსილიყავი ომის სიბრძნით, განა შევიძლებდი მისებრ დადუმებასა და ლოდინს? განა შევიძლებდი მახვილის დამალვას? გოგის  მეომარმა კი შეძლო და იდუმა. მან მალა მახვილი, ვირემ ომის პაემანმა არ მოაწია. ჩემი გულის არმაგედონამდელი არმაგედონი მცირე გამოჩნდა გოგის მეომრის სიბრძნით მდუმარების წინაშე. განა გოგის მეომარს, ჩემს გულისმიერს არ უნდა ვუმადლოდე, რომ აღმიჩინა ესეთი  საგონისი, რომელიც დია მგვემს, მაგრამ ამამაღლებს. დიდმა  მეავემ, გოგის მეომარმა წბილმყო და მანვე ამიხილა თვალი. მისგან ჩემი წბილყოფა არ ყოფილიყო და რას ვისიტყვებდი გზიანს? ვიჰ, მოყმეო მომწყდარო, ძმისაგანაცა უფრო ძმესო, ხარმცა და განცხოველდი. მე სასუფევლად ვიყო და შენ  ქვედამრჩოდ შთენილი?
მდუმარე შემზერით ამანთო სირცხვილში გოგის მეომარმა და რომ აძრახებულიყო, მაშინ ხომ შიგნიერს დამინაცრებდა. წარსაწყმედელად მისულმა მკვდარმა  დამამჯობნა სასუფეველად მისულ ცოცხალს. ჰე, ცათა ღვთაებავ, შენს მტილოვანთა სიჩჩოება ვერ ანელებს ჩემს დაგვას. ის, რაც ჩემს მოყვასთათვის დასასრულია, ჩემთვის დიდი დასაწყისია. გოგის მეომრის ვალი გამომყვა სასუფეველში და თვით უფალიც ვერ გააუქმებს ამ ვალს. სასუფევლად მყოფს წარსაწყმედელის ვალი მაძევს. ჩემი არმაგედონი კიდევ წინ ყოფილა და ამ ომში მხოლოდ გოგის მეომრის აბჯრით მოსილი თუ შევალ. ჰოი, სიბრძნეო საკვირველო და საშინელო, კაცის გულს ამდენის დატევა და შეტყობა შესძლებია. ჩემამდე რად  ვერავინ ისაგნა ესრე კაცთა თაობებში? ვიტყებ და ვმეჭველობ ისე, რომ ვერვინ შეიგებს, თუ მევე არ გამოვიგო ჯავრიანი სიტყვით. ვფიქრობ ჩემს განვლილ ცხოვრებაზე და მწარედ გამეცინა. ხატ-სანთლისას ვსასოებდი და რა? შემძულდა თავი და საკუთარი სუნთქვა დავწყევლე. გზის დასასრულს შევხაროდი და თურმე არსად წავსულვარ, გზა არ მომილევია. სავალი არ დამისახავს და მის მიწურულში ვიგულვე თავი. სიცრუითა და უმეცრობით მივლია, მთქმელი და გზის დამსახი კი არ მყავდა.
შემაძრწოლა იმ საფიქრალმა, რომ სასუფეველში შესაძლებელია უცან-უგებად გება. სასუფევლად მოსვლით გამიარმდა მმოცნებლობა. ამად მეარმის სასუფეველი. გა-ცა-ვწბილდი მტილთა წიაღ. რას ხელვყრი მტილოვანს, თუ უგები და შეუტყობელი დავშთები? წა-სადა-ვიდოდე ცათა წალკოტოვანში და ჯავრიანი კი ვიყო ყველგან. მომიგერა სოფელმა და ყოველმა მოყვასმა, მაგრამ  სასუფეველმაც  მომიგერა. ნებიერ შვილად შესვლას ვგონებდი მტილთა წიაღ და მოძულებულ გერად კი ვმშთარვარ. ჩემებრი საფიქრალის მექონისათვის რაღაა ვანნი და მტილოვანნი ცისანი? შეიძელ  მოყვასო და რამდენიმე ნაბიჯით მაინც გამომყევი ჩემს საგონისში.
სკნელთა ღმრთეებამ შეიძლება ასე მიეშმაკოს: როდესაც არ ვეშვები შემეცნებას და პასუხს ვეძებ იმაზე, რაიც სხვას შეკითხვადაც კი არასდროს დაუსახია, მაშინ უფალმა შეიძლება დიდი ყისმათი და სვესვიანობა დამატეხოს თავს. ესრე ვიტყვი ამ დროს: რა ხვასტაგიც არ უნდა მომკერძო, უფალო, არასდროს დავივიწყებ გარდახდენილ ვაებასა და ჭირვებას და არც იმას დავივიწყებ, რაზეც პასუხს ვეძებ. ჰე, უფალო, თუ შენ ნიჭნი მანიჭე, ამას ისევ შემეცნებას მოვახმარ და არა სმეულობას  და ნოვაგობას სუფრის მეინახეთა შორის.
ქვებივით მკიდავს ჩემი სამოყვასო სათნოებანი. ჩემს შესარცხვენად მძიმობენ ისინი ჩემს კისერზე. მუნ გავიარე, სადაც მისათნოვია  და კედლებმაც კი დამცინეს. ფოთოლი რაა ხეზე და მის შრიალშიც ჩემდამი სამყვედრო ვისმინე. თან მარცხვენენ ჩემს ყელზე დაკიდებული ქვები და თან კვლავ მოყვასთაკენ ქვედამზიდავენ.
ცათა ღმერთო, ყოვლისშემძლე ხარ, მაგრამ თუ შეიძლებ მომიტევო, რომ მოყვასთ მიუტევებელი მივუტევე? თუ შეიძლებ შენ, ღმერთო, რომ დაწყევლო ჩემი ნასათნოვარი? ჩემს ნათმენსა და ნასათნოვარს, ყოველივე იმას, რაც სასუფევლად შვების სათავდებოდ უნდა დამდგარიყო განკითხვის საზვერეებში, უკან მოგიყრი, ღმერთო. კრულ იყოს ჩემი სათნოება, რადგან არად შემეწია იგი. ჩემი ძვლის კნინიც ვერვის ეპოვოს და ჩემი საფლავის წარმშლელი მევე ვარ. მტანჯვი სახმილავი გამოყრჩის ჩემი გულიდან. ვინ და როგორ  არ მარწმუნებდა, რომ ცაში ღმერთი და მიწაზე მოყვასი იყო ჩემი სათნოების დამნახავი და შემნახავი. ასე კი არ ყოფილა.
სასუფეველი არ ათავისუფლებს შემეცნების მაძებნიერს საგონისისაგან და მუნებურთა შორის ყოფნა არ არის ყოველივეს დასასრული. ესე ვითარმედ არს? ვის ვეტყვი ამას მოყვასთაგან, ხარბად რომ მისწყდომიან წალკოტთა თაფლუჭსა და ჰამოს? მოყვასი არ არის ჩემი სათნოებისა და უთნოების აღმწყველი და განმკითხველი. სავარამო არის  შემეცნების დვრიტა და ოდენ  გულისჯავრი აგზებს კაცში ანგელოზურ სულს. იმარხავ ამას და ღმრთეებრ ძალმორჭმულებას იგზნებ. მერმე მოისიტყვებ: მე ვარ ღმერთი შემკითხველი და სად არის სიტყვის მიმგები ღმერთი? რად მემალვის მგებარი ღმერთი, თუ მე ვერ ვპოულობ მას? თუ ცათა მეუფის სამართალი ისაა, რომ შემეცნების მაშვრალს  მოუვლინოს სიშლეგე, ასოთა წართმევა, მაშინ რად არ აღმოფხვრის ცათა მეუფე მმეცნებლობის უნარს კაცში? თავადაც დაისვენებს ღმერთი კაცისაგან და კაციც დაისვენებს სამეცნავისაგნ. თუ ბოლოს ყოველთვის იმარჯვებს მყაყი მოყვასი და მისი უცანობა, მაშინ რაღა აზრი აქვს რაიმე დიდზე ფიქრსა და სამეცნავად ზიდილს?
დავიწყებიათ შემეცნების ხე სასუფევლად მოსულ მოყვასთ. სუფევაშეღირსებულ მოკვდავს აღუკრძალავს თუ არა უფალი  შემეცნების ხის ნაყოფის ხმევას? რაღაა შემეცნების ხე არმაგედონის  შემდეგ? რა სამეცნავს იფარავს მისი ნაყოფი კრული ადამის მიწაზე  შთამოთხევის შემდეგ? მე, მეჭველობითა  და კითხვებით ასერიგად დამაშვრალს ვითღა მიხებს შემეცნების ხე? თუ ამა ხეს სხვა რამ  ნაყოფი აღარა აქვს, გარდა იმისა, რაც ადამმა იხმია, მაშინ მოიძირკვოს იგი.
რომ დავმდგარიყავი საომედ გოგის და მაგოგის სპაში, განა წარსაწყმედელში დამელეოდა საჭმუნავი და დასაღრეჯი? ვპოვებდი კია უმზეურ ალაგთა შორის ჩემს ყადარ სამეცნავს, რაიც ვერ ვპოვე სასუფეველში?
თქვენ კი შეგრისხავთ მოყვასნო და გაგიხსენებთ, რომ ირიდებდით გოგისა და მაგოგის სპასთან ბრძოლას და მშვიდობას ქადაგებდით. ვირემ თავად ზეცის მეუფე შთამოვიდოდა ბრძოლაში, თქვენ იღაღადეთ, რომ მშვიდობა სჯობსო ომს. არ გწადდათ ომი და თერიონის საქებარიც გითქვამთ ირიბულად, როგორც ამა ქვეყნის ძლიერნი გიქიათ. ზეცის ნაცარქექიებო, მტილოვანთა მეროჭიკენო, დაიმარაგეთ  გოლეული და ყიდეთ. სააქაოს არ აკლდა თქვენი წუნკლობა და ახლა მუნათა წიაღ გწადთ მოდუქანობა. მედუქნისა და ხამარის ზნეს თქვენგან ვერ ამოძირკვავს ვერც სუფევა და ვერც წარწყმედა. გოლეულით შოებულხართ მტილთა შიგან და სხვა რა მოგიშოვიათ? როდის გაუვა ყავლი თქვენს ქირას სასუფეველში? თქვენი სახით ტილი გაჩენილა ზეცის ბაღნარში. გულყრა დაემართება ღმერთს თქვენს ოსანაზე. ვინ დასწნავს გურზს და მისი ცემით გაგგარავთ მტილოვანიდან. დაბუნაგებულხართ და ხვრელები გითხრიათ. დაჰკარგვიხართ ღმერთს სასუფეველში. დაგვიწყებიათ ყოველივე, როგრც ქათამს ავიწყდება ანაქშევი. ყროლის მადანი აღჩენილა მტილოვანში და ეს თქვენ ხართ. უფალს გააქცევს სასუფევლიდან თქვენი ყროლა. როგორ იშვნევთ მტილოვანს, მოყვასნო? მრავლად ეშოვება ღმერთს თქვენი დარი ცხონებულნი? თქვენ  განგიწიაღათ ღმერთმა?  მახილვეთ, რომელი ქერუბიმი გაგისალმდათ?
რა ცეცხლიც არ მოგეკიდებათ, იმ ცეცხლს იკიდებთ. არა რომელი ცეცხლი თქვენ პირს არ მოგკიდებთ, რომ აგანთოთ მცირედ მაინც. მკლავგაშვერილნი იმ კოცონთან ყრილობთ, რომელიც  თქვენ არ გაგათბობთ. წაიბილწა სასუფევლის წყაროსთვალი თქვენი პირის ხლებით და გოლს სიმძაღე მოედო. სასუფეველმა თუ  იცის რა არის არარაობა და უმეტესი არარაობა? დაყათრულხართ მტილოვანში და  სიცილის სახლად გიქცევიათ იგი. უნდა გადიაცდეს ყოველი მამროვანი, რათა ამ სახლს მიესაკუთროს. თქვენგან ნასთვლევ მტილოვანში შესვლა რა სანუკველია? სასუფევლის საფრთხობელებო, თქვენ  რომ ფიქრის ფილფო გქონდეთ, აქ მაინც შეეცდებოდით სამეცნავის პოვნას. მიწის ზურგს ამტვერებდით და სოფლიერ საქმეთ იმიზეზებდით. ახლა ფეხებთან გიყრიათ პოხილშეყოფილი საჭმო და შემეცნების მარტვილობას მაინც ვერ შეეყენებით. მიწყივ მოცალეობა გენიჭათ და ისე წარედინება მტილსა წიაღ თქვენი დღეები, რომ არას ისაკლისებთ. რაც თქვენ წერილთამებრი ვიწრო გზა გგონიათ, სინამდვილეში, ათასი ოხერის ტერფით გაკვერილი გზაა. თქვენი უგებობის სწორფერად შექმნილია ეს მტილოვანი და ესრე გეცუღლუტებათ ღმერთი. ცათა  წალკოტოვანში ხართ, მაგრამ მაინც დაბლოინ დაიზიდებით. გავიარე მტილოვანთა ბილიკზე  და წინ აღარ დავიხედე. განა ისევ  წუთისოფლის ზაკვისა უნდა მშინებოდა? წინ აღარ დავიხედე და წუმპით განვსილ მთხრებლს ძლივს ავარიდე თავი. თქვენგამო დამდგარა აქაც წუმპე და ნათხარი. წალკოტთა მცოცავნო და მხოხავნო, რისად იჩემებთ ფრენას? სასუფევლის ქათმებო, სიმდაბლის კვერცხით აგივსიათ მოფარებული ალაგნი. რძის მდინარე ვინ აამტუტა? გოლის ჭამით სტომაქი ვის გაუსკდა? მუცლის ყვანამ ვის ავნო და პოხიერების გამო ვინ შეირისხა? მხოლოდ ამის გამო, თორემ სხვა რისთვის შეირისხებით, ლოპრიანო ლანდებო. უკანასკნელი ვინ არის სასუფეველში? ის სიტყვა მასმინეთ, სასუფეველში რომ გაცუდდა. ის იფქლი მიჩვენეთ, თქვენ რომ დაგიობდათ და დამალეთ. სასაფლაო სად გაქვთ წალკოტებში? გაზეთს არ უშვებთ და მის მოთავედ თქვენებრ რეგვენი ანგელოზი არ გიზით? მყაყნო მოყვასნო, თქვენგამო ზეცის ჭალა ჭაობად ქცეულა.
ლაბირინთი თუ გინახავთ მტილთა შორის  და მუნ შე-ვინმე-თურე-ვიდა, გამოის რა მოცნება მოიმკო? ცათა მტილოვანის ტევრ-მაღნარში თუ დალანდა ვინმემ გარინდებული დრაკონი? უწყოდეთ ბეჩავნო, რომ თავად უფალია ეს დრაკონი, რომელიც ჭეშმარიტი სასუფევლის კარიბჭეს უდარილებს.
მოყვასნო, მოჯანყე და მარტვილი ტიტანის, პრომეთეს გვემა  ათასგზის მეტია თქვენს სასუფეველში ყიალზე. წარსაწყმედელის უკანასკნელი დემონი თქვენი უმეტესია. ჰგონებთ, რომ სასუფევლად თუ არ მიხვალთ, ეშმა წარგიტაცებთ? ერთი კონა ფიჩხი დაენანება მას, რომ თქვენს დასათუთქად ტაფა გაახუროს.
სასუფეველში მყოფთათვის სიბრძნე რას შეიძლება ეწოდოს? ცხონდი, არ ნიშნავს, რომ შეიმეცნე. მწადდა, რომ შემეცნების გვირგვინი მეპოვა სასუფეველში და ისევ თქვენ კი გიპოვეთ, მოყვასნო. წუთისოფელში არ მაკლდით სავაებოდ და ცათა მტილოვანშიც ისევ თქვენ გადაგეყარეთ. არ თქვათ, რომ ყოველჟამ გვებაასებაო უფალი. ასეც რომ იყოს, ისევ ისეთნი იქნებით. წბილიყოფა ამის გამო იგი, გაგეცლებათ და დაგემალებათ. სირცხვილეულია ის თქვენგამო.
ის უხილველი თუ განიგზენით, ვინც ცათა ბნელში მახვილს სჭედს და ჰპირავს? დიდი ომი არ დამთავრებულა. არა რაი იქნება ის სასუფეველი, სადაც უმანკო ბნელი არ ჰგიეს.
სასუფეველშიც ისეთივე სტუმარი ვყოფილვარ, როგორიც წუთისოფელში ვიყავი. შევიცანი და აღარ ვიკვირვე, რომ სასუფეველიც ისეთივე მაიასეული მოჩვენებაა, როგორიც წუთისოფელია. განა მაიას მეუფებას შეუძნელდება შექმნას მტილოვანის მოჩვენება, რომელიც კიდევ უფრო დიდი საცთურია? განა მაიას, ვინც ღმერთებს და ასურებს მიწყივ ნადიმს უმზადებს, სადაც ჭამადი პრაკრტა-საჰაჯიია და ავიდია არის, შეუძნელდება ღმერთების  მოჩვენების შექმნა? შემმეცნესათვის სასუფეველი უფრო დიდ საცთურად იქმნა, ვიდრე სოფელი იყო. სიკვდილის მიღმა კიდევ სიკვდილია, უფსკრულის წიაღ სხვა უფსკრულის კარიბჭე აღმართულა, დუმილის ფარეზსიქით დიადი დუმილია. იგია ყველა ღმერთისა და ყველა დემონის მშობი წიაღი.
ვინ შექმნა კაცი ასეთად და უბედურებისათვის გაწირა იგი? მიწის პირზე  ჰგიეს მოკვდავი უხილველ დიდთა ჭამადად. რა უცს მოკვდავს ისეთი, რომ მისით ითქვამენ სულს ღმერთები და დემონები? თავად კაცმა კი არა უწყის რა ამისი. რა უვის მოკვდავს ისეთი, რომ ესრე სათუთია იგი უხილველთათვის? ვისი რა მეოხების იმედით შეეყენება კაცი შენამცნეულის ვარამს?
განა ოსანას აღმოვიტყვი სასუფევლად მყოფი, არამედ საგოდებელს და განვეშორები იმ ალაგს, რაიც ვიეთთათვის ეგზომ სანუკველია. ადამიანს ძალუძს გახდეს მათი მსგავსი, ვისთვისაც ის ოდენ ჭამადია მისხით მისხამდე. მე არ მეხილა მტილოვანი და ვინ მეტყოდა,  რომ მუნაც ყოფილან მკბენარნი და მღრღნელნი. სასუფეველი ვერ იქნება შემეცნების დასასრული. ადამის ნატამალს ძალუძს განიქმნას ღმერთთა ან დემონთა მსგავსად, მაგრამ განა ეს იქნება  შემეცნების დასასრული? შესაძლოა თუ არა უფრო დიდი უარყოფა, ვიდრე ის, რომ ცხონებული შემეცნების გულისათვის  სასუფევლიდნ გაიპაროს ისე, ვითარც სიბრძნის მაძებნიერნი გაეცლებოდნენ სოფელს და ქვაბსა შინაAშეეთხეოდნენ? მმეცნებლის მიერ სასუფევლის გაშვება ცის თაღს შეარყევს. ვინც ჯერ კიდევ სოფლად გებისას არ იგვემა კითხვებით, ის ვერც არას სასუფევლად გებისას მოისაკლისებს. თუ წმინდა ალაგას ტრანსცენდენტურის ევიდენტობა უეჭველია, მაგრამ ეს მიიღწევა შემეცნების შრტოთა მოკვეთით, მაშინ უმჯობესია ისეთი ალაგის ძიება, სადაც ერთი მეორის აღსასპობად არ ისწრაფის. როგორ უნდა სიტყვობდეს შემკითხველის ენოია ნუმინოზურის წინაშე?
ყოვლად ბრძენმა იცის რა არის ჭეშმარიტი მკრეხელობა. რჯულის წიგნთა ფეხით გაქელვა, საყდრის აკლება იმ მიზნით, რომ უბირთ ათეიზმის  ჭეშმარიტება უმტკიცო, არის კამათის ომად გადაქცევა. მკრეხელობის მზრახველი უკვე იმით არის შეჭირვებული, რომ მან არ იცის რა არის სამკრეხელოს საპირწონე. ერთმა  შეიძლება ჯვარცმას აფურთხოს, მეორემ _ პენტაგრამას და ორთავენი ამით ვერა  რა მოცნებას ვერ შეიძენენ.
როგორ არის შესაძლებელი შემმეცნემ მოიმკოს ცოდნა ნუმინოზურის გარშემო? როგორ არის შესაძლებელი ამ ცოდნის ზრდა? სად უფრო სრულია საზრისი და სად ჭარბობს იგი, ზესკნელში თუ ქვესკნელში? სადაც საზრისით განვსილობა არის, იქ  შემკითხველობა ვითარ გამოითქმება? გოგის მეომარი რას მომიგებს ამ კითხვებზე? ისიც კაცებრ ხორცსხმული იყო, სისხლსა და კვნესაში ნაშობი მოკვდავი. როგორ შეიძლო მან, რომ ესე იღვაწლა გამაზარ საღვაწოში? ჩემსას არ ეყუდვნის სიბრძნე, არამედ მისას. იმედნეულ მსასოოვრად შევალ დაბლოინ საუფლოში და ვიუბნებ გოგის მეომართან, წარსაწყმედელის მებაღესთან, ვინც  ქვესკნელთა შიგან წალკოტი ახარა და ცეცხლის წყაროთი ალბო და ანოტივა უყთა ხმელიერი. ამის უმჯობესი კი ისაა, რომ კვლავ მიწაზე შევიყაროთ. შენ წარსაწყმედელი დაუტევე მეომარო და მე სასუფეველს დავუტევებ. ჩვენს დედას, მიწას დავუბრუნდეთ. ვერ წინ აღგიდგეს შენ ქვესკნელიერი, რადგან მე, შენი ორადი მოვსწრაფლდები შენსკენ სასუფევლიდან. მიწად ამოხედ, მეომარო.
რად აწვალებს კაცს ასე ძალუმად სხვათა  განსწავლისა და ძვირის თქმის ცთუნება? ნათელიაო ჭემარიტება და არც ნათლისა უწყის კაცმა და არც ჭეშმარიტებისა. ბნელის ჭეშმარიტება და  ჭეშმარიტების ბნელი ჰხამს  სამეცნავად. როგორ იბნელვის ჭეშმარიტება? ვიეთნი ამაზე მომიგებენ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ  მაიას ხილულ  სამყაროში იბნელვის. თუ ეს ასეა, შევკითხავ მათ: მაიას სამყაროში როგორ შევიმეცნებთ მის ანტიპოდს? თავად ყოვლისმძლე მაია ტოვებს  ამის შესაძლებლობას თუ შემმეცნე თავისი მიდმოგონებით აღწევს ამას? რატომ არის ყოველივე ბნელიერი მაიას მეუფებაში და შემმეცნეს მაინც შერჩენილი აქვს არამაიასეული განსჯის უნარი?
სხვა შესაქმე თუ არის სადმე და იქაც თუ ისეთივე საგვემელია და იგივე შემკითხველობაა? სხვაგან სადმე თუ მცენარებს შემეცნების ხე და რა ნაყოფს  გამოუტევებს იგი? არაფერია კაცის საშემწეოდ მისივე ზმულის გარდა. სიყვარულით შეივრდომებს იგი ზნოან მოყვასს და მის ნაშიერს და პირწბილად  კი დარჩება. რჯულის მამათა თანახმად, უფალი არ დატოვებს არავის, ვინც მას მოუხმობს. მამათ ისიც თქვეს, რომ ერთ ნაბიჯს თუ გადადგამ უფლისკენ, ის შენთვის გადადგამს ათას ნაბიჯს. აღვასრულე ფარსანგი არა სასუფევლისათვის, არამედ შემეცნებისათვის და უფალმა ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა ჩემსკენ. მისი ერთი ნაბიჯი დაამეტებდა ჩემს ათასს, მაგრამ მიტოვებული ვარ. შესაკითხისაგან მოგვრილი ტკივილი არის ღმერთთან კაცის დავის ერთადერთი უცთომელი ნიშანი. სამტკივნელი არ გწადს, მაშასადამე, არ გწადს შემეცნება. შემეცნება სხვა არა არის რა, თუ არა სამტკივნელთა სვინაქსარი. როგორც შემმეცნე იშვებს, ისე ვერასდროს იშვებს სასუფევლის გოლეულს მიახლებული მოყვასი.
დაიღალა სოლომონ მეფე ბრიყვთა ჭვრეტით და ბევრი თქვა მწუხრეულმა მათზე თავის იგავებში. ღმერთი, რომელმაც დიდი წყალობა ანიჭა ისრაელს სოლომონობისას, უძლური აღმოჩნდა იმისთვის, რომ იაკობსა შინა ბრიყვთა ბევრეული აღეხოცა. საითკენაც გაიხედა სოლომონმა, ყველგან ბრიყვთა მრავლობა დაინახა. რად არ შეეწია ელი უცანს, რომ მმეცანად ქცეულიყო.  წინ დაუდგნენ ბრიყვთა ხომლეულს წინასწარმეტყველნი, თავად გალილეველმა რაბიმ უქადაგოს მათ მდღევრად და ამით რა?
მკლავი დავიშანთე, რომ არ დავივიწყო სატკივნელი, რომელიც აღმახავს ჩემს სიტყვას და განაცხოველებს ფიქრს. ო, დესპოტა, მოდი და დამდაგე, სხვა რა გემეტება ჩემთვის? სხვა რაის მოლამე უნდა იყოს ის, ვინც საკუთარ თავს დრაკონად ექცა? მტკივის, საზარლად მტკივის ღმერთო. კრულვაა ჩემთვის ყოველი გაზაფხული და ყოველი შემოდგომა. სათხეველი გაგიმართავს ჩემთვის, რათა კვლავ მოყვასთა სამროწლეში შემათხიო. ვერ წამიგვრი სატკივნელს, ღმერთო. მის გამო აღიმსთობი ჩემს წინააღმდეგ და ყივილით ზედმომეტევები. გეშინის იმ  მოკვდავის, ვინც სიკვდილი დაივანა შიგანში და სიკვდილით იმეცნო სამეცნავი. ვინცა მტკივარებით ჰგიეს, ის ვეღარ იქნება ღმერთების სანუზლო. დაუძვირებს იგი და მერმე მთლად დაუჭერს ულუფას ღმერთებს. მოაყმობს და განარისხებს იგი მათ. ვინც სიკვდილით ჰგიეს, ის თავის თავში უდიდეს თეომაქიას ზრდის, ის  დაისახება ახალ იისრაელად, რომელიც არა ერთი ღამის ჟამს, არამედ მდღევრად ერკინება ღმერთს, რათა კაცისათვის ნიჭთა ნიჭება გამოსთხოვოს მას. იიაჰ, მოიწია ამის ჟამმა და სხვა ისტორიას უნდა დაედოს დასაბამი. არა მხოლოდ იაკობისათვის, არამედ კაცთა მოდგმისათვის კურთხევას გეაჯი, ცაო ციერო.  კაცის სადიდებელს დავაგზებ დიდროან ცეცხლად. მაღლოინ აღსწრაფლდეს მისი ალი და უყივლოს ცის თაღს, რომ მოვიდა კაცის კაიროსი.
მოყვასისათვის კი რას ისწავლებიან? ისე იცხოვროს მან, რომ  არასდროს არა ეტკინოს. ამ საბრალოს, უგებ-უცანობისთვის წარწირულს, რჯულზე უმტკიცესად სწამს, რომ ასეთი ცხოვრება შესაძლებელია. მას, შემეცნების ლაჩარს და ღვარძლის ჭურს რად ვემოყვასო? თუ უწინ ვემოყვასე მას, რა მოვიმკე? წიგნთამებრ თქმულია _ რა საერთო აქვთ ბელიარსა და ქრისტეს? ბელიარი და ქრისტე მოინახებიან ურთიერთში, მაგრამ მე რა საერთო მაქვს ჩემს მოყვასთან, ესრე პირწბილად მშთარს? მოდით, ძველი დროის მეუდაბნოე მამათა სულნო და თუ შეიძლებთ, სიტყვა მომაგეთ ამაზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s