დასაწყისი


შემოკრბით ჯვარვილი კაცღმერთის მმესველნო, უსმინეთ უყთა წითლით მოსილს. შეიოკეთ ენისა მქისეობა და ბორგნა უმეცრული. ყური მიუგდეთ დიდი ვარამის  საზარელ სიტყვას, აქამდე ართქმულს  და არგასმენილს დუნიაზე. მიაპყარით  სასმენელნი მას, ვინც მიწის ციქუს მოგიმცნობთ. ჰგონებთ, ღმრთისას მისულხართ და არღარა გიცთ სამეცნავად. სამუნაოდ ეშურებით და დაისკვენით, რომ მხოლოდ თქვენთვის არის დაყორუღებული სასუფეველი. საჭმუნავი დაგიგდიათ და ბედშავად ბედნიერობთ. გულისჯავრი გულმოდგინედ მიგივიწყებიათ. მუდამ ღვთისას ამბობთ და სოფელი კი უფრორე შეავებულა.
მოჯარდით ძენო იაკობისანო, ყურნი მიაპყარით უყთა ვარდის მყნოსავს. ბაგე დაიდუმოს ყოველმან მის წინაშე, ვინც ისევ მიწას დაუბრუნდა  და შემმეცნეთა მოხვაიშნედ მშთარა. იდავებს უფალთან წითლოსანი იიობის გამო და აგატირებს ისე  იუდა, როგორც  არ გიტირია მრავალ თაობაში. შენ გიხამდა ისრაელო დავა იიობის გამო და ვერ გამოიგე სიტყვა. შენ უნდა ყოფილიყავი ედომი კაცი  და ვერ შეიძელ.
მოდექით ვაჟნო ჰაგარისანო და აყურადეთ უყთა გრემანი მნათობის მხილველს. ვისთვისაც მოცნების ათას ერთი ღამე ოთხმაგად იქმნა. წითლოსანმა ადავრიშა სამეცნავი და დერვიშთა ჯარვა იყოს მის გარშემო. იგია მიწის მაულანა და ღამეული რიტორების ყადი. ზარიანია მისი ზიქრი და მისი ფიქრი. იგია მუბარაქ  ალ-ჰამრა, ვინც გულის ჯიჰადის ჩალმით მუდამ უხილავად იმოსავს თავს. მიეწოდოს მას საწდე ბადახშოვანი იმ  ღვინით, რომელიც ვაზზე უწინარეს იყო. რაღად უჩნს მას ლეილის გამო მეჯნუნობა? რაღა სანუგეშოს მოუმცნობს  მას უზრიული მეტრფეობა? ჰე, მუსლიმნო, ცალი თვალი დაგევსებათ, რა თქვენ დერვიშება მოაყივნოთ.
იდასეთ ალთა მბადი აგნისა და სიკვდილის ღვთაების, იამარაჯას მესავნო. შთამოგძახებთ, რომ ესევითარსა მაგალით რიტორებაში იდგნენ თქვენი ღმერთმრავალი მამანი  და მათ ნატამალთ გიხამდათ ვედების მეოხებით არიული ზეკაცის ოქროს ეშვად აღმოშობა. თქვენ კი ისიც დაგკარგვიათ, რაიც მყოვარჟამ მეღვაწლეობით მოსახსოვნელი იყო. შვილთ ცვად მოგებარათ დიდად საესავ მამათა საუნჯენი და ვერ კი იუნჯეთ. ამა საუნჯეთა  მსგავსი თვინიერ მამათა თქვენთა, მილეთის ხალხებში არავის ებადა და თქვენგამო ყოველივე იქმნა ოხერ. ძალუმად იძალა თქვენში მაიას ხიბლმა  და გრძნიბვამ. ამას ოდენ კალი-იუგას  ტევებას  ნუ  შესწამებთ ბრალად. დიდ არიელთა მცირე ნატამალნო, წითლოსანს უსმინეთ, ვინც არა იოგინთამებრ უარყოფს მაიას მეუფებას, არამედ  თვით მისი შემეცნებისაკენ მოგიხმობთ.
არსადნაფიქრი ფიქრისას იტყვის უყთა წითლით მოსილი  და არავისგან თქმულს აღმოატევებინებს თვისთა ბაგეთ. ძრწოლა წაეკიდოს ყოველ სკნელს  წითლოსანის შეკითხულზე და ამაოდ დაშვრეს მისაგებელი სიტყვის ძებნაში. დაიშრიტება ოდესმე ის საჭმუნავი, რომლის გარეშე შემმეცნე ვერ მმეცნეობს? ყოვლიართათვის ერთნაირად მძიმობს მოცნებათა სიმძიმილი და ერთნაირად შეუმძიმდებათ აზმნობა მოსეს, მაჰმადის და ბრაჰმანის მესავთ. ბერძლ, ჰრომინებრ, ჰურიაებრ, მოარაბებრ და ჰინდუსებრ წერილნი ერთ სავარამოს იუწყებიან კაცთათვის.
რკალად შეგვამული  მირინდებული უნასი და თავის ნაქსელავში გაშეშებული  ობობა მიწის ნიშია. ვერ შეიძლებენ ასე მირინდებასა და გაშეშებას დედის წიაღიდან ნაშობი და ფრთოსანი. სიკვდილს მიწურვილი  კატა რარიგ  იფარავს  თავის კვდომას კაცის  მზერისაგან. ვინ ჰკიდა თვალი ამ მაგალითი ცხოველის მინელებას? რისად მალავს იგი თავის სიკვდილს ესე გულდაგულ? კატამაც უწყის სიკვდილს სხვათაგან შეუმზერად, მარტოობაში მიეგებოს, კაცმა  კი არ უწყის. კაცი გულდაგულ თავის სიმდაბლეს და მსიძაობას მალავს. თავისი სიკვდილის დამალვა კი ემძიმება მას. სხვათაგან შემზერაში ნუგეშინს მოელის მომაკვდავი, რომლის ცხოვრება ესრე უცანობაში წარდენილა. სასუფევლის სასომიხდილი მსასოოვარი ნათელში შეყვანებას იმედნეულობს. მისებრ მდაბალი და უცანი  დამრჩონი აგულიანებენ მას, რომ იგი უთუოდ  შეეღირსება უფლის წალკოტოვანს. თავადაც სასუფეველს დაღირებიან დამრჩონი სულთახდის ჟამის მოწევნისას. საანჯომანოდ კვდება კაცი და იტყვის კი ვერას. სიკვდილის გერში მოუშთვია მას თავის თავში, აზარფეშას და ქოს-ქამანჩას ვაგლახად გამოჰკიდებია. სევდის ცვარით ამევსო თვალნი ამა მომაკვდავისა და მის მანუგეშებელთა შემცქერს. მოვუმცნო სამეცნავი და რას  შეიგებენ უცანობისათვის განწირულნი? ჟამსაქცეველის ათასობით წელში მდუმრიად ჭვრეტს ცის თაღი კაცთა ბევრეულის ამ დიდ უეტლობასა და  უვარდობას.
მაინც შეირჩინა მიწამ დაფარული და თავისას იტყვის. ჯერ უშობელ უხორცოთ იფარავს იგი თავის წიაღში. საუკუნეთა მახსოვარი კლდე კაცის გულზე მეტად შემგრძნობელია. ისევ ენოვანებს ხეთა  და ფრინველთა ენა, მაგრამ კაცს აღარ ესმის. რა დანაშავარის გამოა იგი  ეზდენ უძლური? Mმხოლოდ იმიტომ აქვს მას განბჭობის ნიჭი, რომ საკუთარი სვეხენეშობა ივარამოს და ვერრა  კი შეძლოს მის დასაძლევად? როგორი იქნებოდა მოცნების წესი, კაცს რომ ჰქონოდა მოკვდომისა და მობრუნების მემახსოვრეობა, სიკვდილის ცოდინი?  როგორი იქნებოდა ადამიანის ისტორია, ნებიერ ეროსს რომ უფრო ნაკლები ან უფრო მეტი სააშიყო გრძნეულება ჰქონოდა მოკვდავზე?
ბერმონაზონმა ასწავლა, რომ საღვთო თავდებანი და საწინდარნი კაცთათვის ერთადერთი წყალშეუყენებელი იმედია. სათნოებრივი მისწრაფებანი უთუოდ  ჰპოვებს თავის მისაგებელს მიღმეთში. შემეცნების მექონი კი იმას ასწავლის, რომ ღმერთის თავდება სამეცნავში კნინოდენ მეოხებასაც არ იძლევა. ერთობ ძუნწია ღმერთი მისთვის, ვისთვისაც შესაქმე და კაცი მხოლოდ მტანჯვი და შეცამსჭვალავი კითხვებია, ვისთვისაც მარიხის ტევებით  შედუხჭირებულ სოფელში სახარელი მეტად მცირეა. დაემალება ღმერთი საგონისთა მძებრს და  საფარიდან დაუშენს ისარს. იყარიბებს კაცი მოცნების უვალ სავალზე და  ღმერთი წინ აღუდგება მას. მხოლოდ ასე გაისინჯება რიტორებაში ჭაბუკობის მდოსანი. მას უხამს თქვას _ არა სასუფევლისათვის, არამედ შემეცნებისათვის. ჰე, ცაო ციერო,  შემრისხე საგონისთა მძებრი ისერიგად, როგორც არავინ  შეგირისხავს, დაღათუ ჯერ სიტყვა მომაგე ჩემგან შეკითხულზე. ვაგლახად ჰგიან კაცნი და ძნელია მათი ცხოვრება. უმეტესი ძნელოვანი კი მმეცნებელს რაყიფად მიეტევება. უჭიროდ ვერვინ  მოურჩება მძმაცველ სოფელს, მაგრამ მმეცნებლის საჭირველი კიდევ სხვაგვარია. ჰე, ცაო ცისადო, მიწამდე იმდაბლე და შენს ვარსკვლავთ, მზესა და მთვარეს მიწის ზურგიდან შეხედე. Hჰე, ცაო, შენმა მნათობებმა  ზემოდან დაგხედონ მიწის პირზე განრთხმულს. მერმე მოგივალ და მოიუბნე ჩემთან ყიფურ-ამაყურად სათნოებაზე, რომელიც აღსრულებად მიხამს.
გამო-ღმერთო-მცდის განგება და შვებას მაინც ვერ შევიძენ. მრავალს დაითმენს მოცნების კაცი, გაარმდება და დაიკარგება მისი თმენა. გულის მეცნიერებას მიწევნილი ლამობს გა-ცა-ექცეს მათ, ვისაც სირეგვნეში დაუღამდა და განგება განგებისად კვლავ მათ შორის მოაქცევს მმეცნებელს. არსთა მხადს გახედავს სიბრძნის მლამი და ის კი პირს იბრუნებს მისგან. ვითღა შეღამრჩეს ნიშატი ესოდენი ვალალებით? ვითარ მოვილოდინო თუნდაც  ერთი პასუხი ირგვლივ მოჯარულ კითხვებზე? მაგრამ კითხვებზე მისაგებელი სიტყვის მთქმელის  დუმილი მაიძულებს დავაგდო სამეცნავი? ჰე, ზეცაო, გიყივლებ, რომ პასუხებზე უმეტესია ჩემი კთხვები და თითოეული მათგანი შენებრ მაღლოვანია თავის სიღრმეში. ამად არის, რომ ნამეტყვი ჩემი არ იქნება ოხერ და წბილ ყოვლის მომაოხრებელ და გამაწბილებელ სოფელსა შინა.
ჰე მეო, რა ჯავრს მიმაძალე, რომ მისგან გულმა  აღარ განიშვა? რა მწუხარებამ ამიხვნა, რომ ჟამის ცემა ჩემთვის უწყვეტ ტყებად იქცა? ცეცხლით შემეგრაგნა ასონი და ცნობა ჩემი უფსკრულის ფშვენით შესვარულა. ძნელოვანია ფრიად, მაგრამ ესრე არ ვიყო და სამეცნავთა მმესველი ვითარ  ვიქნები?
ჯავრო და ვარამო, მომეც ჰუნე, მალად ვაარებ, შევიქვესკნელებ და მრავალ ეჯს მოვილევ. არ შემაკრთობს გზანი უღაღნი და ღრატონი. ჰუნე დაეცემა და ფეხად   განვლევ სავალს. ჰოი, თავთავო ცეცხლისაო შეუწონელო, მოვალ და მოგისთვლი ჩემად. ქვესკნელის ხმას ზეცით ვისმენ და ქვესკნელთა სიღრმეში ცათა სიმაღლეს ვჭვრეტ. ზღვაოდენიც მცირეა წითლოსანისათვის, ვინც სულით აღიმსთო და ბნელთა შორის ვიდა. კვლავმცა ვიხილო მორჩება და ბუტკოვნება უყთა ვარდისა. შევეყარო მუნაურ ციაგ-გმირ მოყმეს და შევეთარგმანო მისსა ენასა.
უწყოდეთ სოფლიერნო, რომ მმეცნებლის სულის უმზეურობა უცანთა სულების სინათლეზე მეტია. ესე სინათლე ლპობის ალისგანაა, თვალს რომ ატყუებს და მოღმრთე სულის გამონაშუქად რომ წარმოუჩენიათ. სულში აძრახებული უნასი ზენაისაც მოიუწყებს და ქვენაისაც. ის შემმეცნე, რომელსაც საკუთარი სულისა ეშინია, ყველა ავაზაკზე უარესია, რადგან არ სურს მას იცოდვოს  კნინოდენიც კი და სამოძღვროდ ეტევება სოფლიერთ. გვამთა უვიცობის მიზეზით კი იგი სათნომსიტყველად შერაცხულა.
იხილეთ სოფლიერნო, არა მრიდი სატკივნელისა, არამედ მლამი მისი და თვისისა სულისა უწყალოდ მქნელი, რათა ჰპოვოს მან შუქი აღმსთობარი და ღირსექმნას მოცნებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s