რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?



წერილი პირველი

ჩამოდიოდა მთიდან ვაჟა-ფშაველა თბილისში და რაც ბევრჯერ დაუნახავს, ისევ იმას ხედავდა. ამიტომაც დაწერა მან თითქმის საუკუნის წინანდელ უსათაურო ლექსში „ჩემ სიყმაწვილეს მივტირი…“ (1913 წ.):

„ათასი მიეთმოეთი,

ფერობა, ენის ტკრციალი,

ათასგან ჩაძრომ-გაძრომა,

ცხოვრება ცუნცრუკიანი –

 ღრეჯის, ფეხების ლოკვისა, –

 უმსგავსი, მუწუკიანი!“

რა არ მოხდა საქართველოში 1913 წლის შემდეგ. განმანათლებლური ევროპული დიდი იდეების ჭიდილი იყო, რომელიც ადამის მოდგმისათვის ფართო ჰორიზონტს სახავდა და გონების მოუღლელი შრომის მეოხებით საყოველთაო გაკეთილშობილებას იზრახავდა. ეს იყო პლატონური  პაიდეიის გლობალური განხორციელების მცდელობა მანქანური წარმოების საფუძველზე. იყო დიდი იდეურობა როგორც კაპიტალისტურ, ასევე სოციალისტურ ბანაკებში. იყვნენ ავტორიტეტული პერსონები და მათი სიტყვა შორს ისმოდა. ქართველმა რელიგიაზე მითითებით ეს ყოველივე გააქიაქა და იგი დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ბრუტალურ ყოფას. რელიგიის რანგში აყვანილმა სოციალიზმმა ქართველთა მოდგმას მაღალი სტატუსი შესძინა. XX საუკუნის  80-იანი წლები საქართველოს აღმავლობის ჟამი იყო. ქვეყანას ჰქონდა დიდი ინდუსტრიული და აგრარული ბაზისი, რისი ბოლოც იყო უსწრაფესი გავერანება და წვრილბურჟუაზიული სტიქიის აბსოლუტიზება. თითქოს არა ყოფილა რა. ეს დიდად გასაკვირია. ქართველი, ეს ყველაფრის გაარაფრების ოსტატი, თავის ქვეყანას მოეპყრო როგორც მაოხრებელი. საბჭოთა კავშირში სხვა ქვეყნებიც შედიოდნენ, მაგრამ ასეთი რამ არავის გაუკეთებია. ინდუსტრია შეცვალა დუქანმა და საროსკიპომ. ქართველთა მოდგმას დაადნობს ეს სოციალ-დარვინიზმი. მისი დამკვიდრება რელიგიამ ვერ შეაკავა.

რა არ თქვეს, როგორ არ თქვეს, რამდენი წიგნი დაწერეს და ერთურთი ატყუეს ქართველებმა. რა როგორ არ გადაასხვაფერეს ყოვლად უსინდისოდ  და ძონძები სტავრად ასაღეს. სად არ იარეს ქართველებმა განვლილ ოც წელიწადში, ვის არ შეხვდნენ, ვინ აღარ ისტუმრეს უცხოელთაგან საქართველოში. კეთილად სათქმელი კი არა არის რა. მონობის ხვედრი იხვედრა ქართველობამ.  ამდენი ჭკვიანის ხელში ქვეყანას რაც დაემართა, შინ და გარეთ ყველა ხედავს. თავში ჩარტყმულობა და ჩახდილობა იყო და არის ქართველთა სვე.

ვაჟა-ფშაველამ თქვა:

„არა მოგვცა-რა ლამაზის

სიტყვებით ამაყობამა.“

ლექსი „ქებათა-ქება“ (მარტი, 1897 წ.)

მერამდენედ გადაბრუნდა ურემი საქართველოში, მაგრამ გზა მაინც არ გამოჩნდა. ქვეყნისა და მოდგმის საუკუნოვან სირცხვილიანობას ვერაფერით ვერ ეკურნა. რას არ იგონებენ ქართველნი, რომ ბედნიერად წარმოაჩინონ თავი. როგორ ცდილობენ დაარწმუნონ ერთურთი, რომ დუნიის ხალხები და მათი მთავრობები ქართველებთან ყონაღობას ჩქარობენ, ფული მოაქვთ.

ერთ უსათაურო ლექსში (1910-11 წლები), ვაჟა-ფშაველამ ირონიით თქვა:

„ბედნიერი ხარ, სამშობლოვ,

ბედნიერი გყავს შვილები!“

ამ დიდი მთიელი შემოქმედის, რევოლუციური ჟამის საქართველოში ძველი ქართული ენის შემნახავის პოეზიაში, რომელიც XIX-XX საუკუნეთა გასაყარს მიეკუთვნება, გამოსჭვივის დიდი გულგატეხილობა და საგლოველი. „თავში ვცემ გუშნდელ სატრფოს“,- იტყვის ვაჟა-ფშველა თავის ქვეყანაზე ლექსში „მე ჩონგურს აღარ ვაჟღერებ“ (1908 წ.). წბილობა და ვარამი მოწვეთავს მის ლექსებში „ათასნაირი ნაღველი“ (1912 წ.), „მარტოობა“ (1912 წ.), „რად ამბობთ, გაზაფხულდაო“ (1909 წ.) და ბევრი სხვა. ქართველთათვის სამისხო ყვედრებად გამოისმის 1911 წელს ვაჟა-ფშაველას ნათქვამი ლექსში „ირაკლი ბრძოლის წინ“:

„როდემდის წუთისოფელი

 უნდა ვაღამოთ შავადა?!“

ერთი საუკუნის წინ, რევოლოციონიზმის იდეებით გარეტებული ქართველნი ერთურთში ილალვიდნენ და ქვეყანა გაზეთისა და გიჟი რედაქტორების დახლი იყო. ასწლეული მიილია და ისევ იგივეა საქართველოში.

ცოტას ნიშნვდა ვაჟს-ფშაველასათვის მის თანამედროვეთა რევოლუციური პოლემიკა. ამიტომ დასწერა მან:

„ჩვენია ჩვენი ქვეყანა,

თუ ვის სხვას ერგო წილადა?

 ქედდახრილნი ვართ, ბეჩავნი,

შთენილნი განაწბილადა!“

ლექსი „კახეთს“ (მაისი, 1913 წ.)

რომ არ მიუთითო ამ ამონარიდების თარიღები, დღეისობას დაწერილი გეგონება. საუკუნე ცოტა დრო არ არის ქვეყნისათვის და ამ მთიელი კალმოსნის სამეთქვო ისევ საფიქრველია. ვაჟა-ფშაველას წბილყოფა და გულგასენილობა არ ისწავლება სასწავლებლებში. ბევრს კი სწერენ მის გმირებზე – გოგოთურზე, მიანდიაზე, ალუდაზე და სხვებზე. თავადაც გოგოთურობენ და მინდიობენ,  ოღონდ ქაღალდზე. ვაჟა-ფშაველას შეწუხილობა ქვეყნის უბედობისა და მოდგმის უმსგავსობის გამო არ განიხილება მოსწავლეთა შორის.

სანამ ამ წერილის სათაურში გამოტანილი თემის განხილვას შევუდგებოდე, ერთ სანიშნოს კიდევ ვიტყვი: ვაჟა-ფშაველა 1909 წელს დაწერილ მწუხარე ლექში „რად ამბობთ, გაზაფხულდაო“, იტყვის:

“მე ვერსად ვხედავ გაზაფხულს,

ვერსად  ვარდს, ვეღარც იასა;

მიწურულია აპრილი,

დღეს კი ვერ ვხედავ მზიანსა…“

ახლაც, როდესაც მიიწურა 2009 წელი, ილევა 2010 წელი, ქვეყანას გაზაფხული არ დასტყობია. მრავალმა ქრისტეშობამ და აღდგომამ ჩაიარა და საქართველოში უხანო ხანია. ქვეყანა, სადაც ურთიერთისათვის არაფერი ემეტებათ ახალი წლისა და აღდგომის გულითადი მილოცვის გარდა. გულს მიძმარავს, როდესაც მაიმუნი რედაქტორი გაზეთში ერთის ამბით ულოცავს ქვეყანას შობასა და აღდგომას. მოიხედავ უკან და რამდენი წელი გასულა უნამუსობაში, მტარვალობაში, სიცილში.

ხშირად მიკითხავს უფროსი თაობის წიგნიერი კაცებისათვის, ჭარმაგი მღვდლებისათვის, თუ რატომ მოუბოლოვდა საქართველოს ასე სასტიკად და უბედურად. აკადემიკოსმა ისტორიკოსმა, ფილოსოფოსმა პროფესორმა, მწერალმა და მღვდელმა პასუხად მომიგეს, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ უდაბნოშია, ვითარც ებრაელობა მოსეობისას და მას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. რომ მოსემ თავისი ხალხი ორმოცი წელი ატარა უდაბნოში და ქართველებიც ასევე ჯერ კიდევ უდაბნოში არიან.

წიგნიერ კაცთა ნამსჯელი ასეთი რიოში და სასაცილოა, მრევლად წოდებულ ბრბოს რაღა უნდა მოეკითხოს განუწყვეტელი რელიგიური მაიმუნობისათვის?

ჰო, კარგი, ქართველები ჯერ კიდევ უდაბნოში არიან, მაგრამ ქართველი მოსე ვინ არის?

იმიტომ ულიქნიან ებრაელებს საქართველოში, რომ ახლა ისრაელს დიდი ხეირი უპოვია დასავლეთის ბანაკში ყოფნით?

როდის როგორ გამოავლინა ქართველმა საღვთო შური, რომ მისი ნათქვამი მცირედ სარწმუნო მაინც იყოს?

თუ სახარების კაცი ხარ და ახალი აღთქმისას ესავ, მაშინ თორაზე მითითება საკუთარი უსინდისო ცხოვრების შესამკობად და გასამართლებალად, შენივე ცრუქრისტიანობის მაჩვენებელია. ქართველისათვის სახარება და რელიგია სამაიმუნო საქმეა.

უფროსი თაობის წიგნიერი კაცები თავის კანტურს და ლიქნობას უფრო ითნევენ, ვიდრე სოკრატულ დიალოგს რაიმე ვითარების გამოსარკვევად. აზროვნების სიმკაცრის ვერამტანნი ისინი ჩვევას არიან სხვებს ასწავლიდნენ და ყოვლად უაზროდ მოიხმობდნენ გრიგოლ ხანძთელის, არსენ  იყალთოელის და სხვათა სახელებს.

მსჯელობა, რომ ქართველობა ებრაელთამებრ დღემდე უდაბნოდ იარება, მრავალი წელია ისმის უნივერსიტეტის კათედრიდან, ამბიონიდან ქადაგებისას. ეს დიდი ცთომილებაა, ხოლო რჯულთამებრ სხვა არა არის რა, თუ არა აპოსტასია (რჯულისაგან განდგომა) და აი, რატომ:

თუ რჯულის ძარღვს გრძნობ და მისი გელმის, მაშინ გული უნდა გიგნობდეს, რა ითქმის  მრუდედ და რაში სცბის მომსჯელე. ამისათვის არაა საჭირო ქრისტოლოგიურ და პატრისტიკულ წიგნებში არტისტული ქექვა და მეღვაწლე მამათა შეგონებების მოხმობა, როგორც ამას ანტისაბჭოელი დისიდენტი შვრებოდა, რათა დაერწმუნებინა ქვეყანა, რომ ბოლშევიკურ ათეიზმთან პოლემიკაში მისი ეჭვშეუვალი კონტრარგუმენტი სახარება იყო. ამ დროს დისიდენტი არ კამათობდა ევროპულ ფილოსოფიურ ათეიზმთან. ის მისთვის არ იყო სატანური. ლიბერალიზმსა და ღმერთზე ამდენი ლაპარაკით ქართველმა თავისი ქვეყანა დაჰკარგა. მოსეს უდაბნოდ სვლაზე მითითება დამარცხებული და მრავალგზის გზიდან გადაგდებული ქართველის მიერ, სხვას რას ადასტურებს, თუ არა სამშობლოს დაკარგვას. თავადაც არ უწყის ქართველმა, თუ რას ამბობს. ოღონდ სულ ილაპარაკოს. დუმილისა მას ეშინია, რადგან მდუმარე ფიქრი გაშოლტავს მას.

სანამ ალექსანდრე ჭავჭავაძე იტყოდა თავისი ქვეყნის დაკარგვას, მანამდე დავით გურამიშვილმა თქვა:

„მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის შემოკრებით,

ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა გარეშემო მტრებით.“

დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას პოეზია არის მოთქმა და საგლოველი ქართველთა მოდგმის ბილწებათა გამო. ისრაელს ძველად გლოვაში მდგარი მძვინვარე წინასწარმეტყველნი ჰყავდა, მკვდრისა და ცოცხლის გინებით იაკობის ძეთა მომყივნელნი. საქართველოს მგლოვიარე პოეტები ჰყავდა. ახლა ასეთნიც აღარ იპოვებიან საქართველოში და ქვეყანა სიცილს მოუტაცნია. ყველაფერი დააკლდა საქართველოს, სიცილი და გაზეთი კი თავზე გადაუვიდა. მთელი სიმკაცრით უნდა დაისვას კითხვები: რატომ არა გვყავს მოაზროვნე? რატომ არა გვაქვს სამშობლო? საიდან უწყვეტი გამცემლობის ასეთი მოძალება? ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, რაც ქვეყანამ 1992-2000 წლებში გაიარა და ეს არ ერცხვინებათ, ეს არ ემძიმებათ საქართველოში. ისევ ისე ლაღობენ და ენაუხვობენ. რა ამბავია თბილისში, რამდენ მასხარას უბარტყია. ეს რა არის? არც ქართველთა ცხოვრების ნირს, არც უფროს-უმცროსთა ურთიერთობას არ დასტყობია შეცბუნებაც კი განვლილი თავისმომჭრელი წლების გამო. მოდგმის  თვითკომპრომეტაცია და თვითლუსტრაცია მოხდა.

მოდგმა ქართველთა განსაკუთრებით მუტირებული და ბასტარდიზებული უნდა იყოს, რომ ის აი ასეთი მამაძაღლური და საჯაყი ცხოვრებით ცხოვრობდეს  და კი არ ზარობდეს ამას, არამედ იცინოდეს. საქართველოში მამანი ძეთ უბედურებისათვის აჩენენ. არ  არის გვარი ქართველისა სათნოდქმნად. ასჯერ მოსცადა სოფელმა იგი და რაღა აქვს მას სათქმელი სამისხოდ პირშერცხვენილს? არაკაცობა და უშვერება მეორე გულად არის ქართველის საგულეში. არ ემძიმებათ არც მამებს და არც შვილებს, რომ მთელი მოდგმა სააბუჩო და დასასტვენი გახდა. ვითარც წინასწარმეტყველი იერემია იტყვის: „ისიც არ იციან, როგორ უნდა იგრძნონ საკუთარი დამცირებულობა“ (იერ. 6, 15). ეზიზღებათ ქართველები ევროპაშიც და აზიაშიც. ამის თქმა არ სურთ.

რაღა უნდა მოხდეს ამაზე მეტი საქართველოში, რომ საქვეყნო უბედურებამ აიძულოს ქართველები ურიოშონი იყვნენ და საკუთარ ნათქვამს აზრი მიანიჭონ? რისთვის არის ამდენი ერისკაცი და მერჯულე, თუ საქართველოს ასეთი საარაკო სირეგვნით მოუბოლოვდა?  წასაკითხად ვისთვის იწერება ამდენი დაშაქრული და მამულიშვილური წიგნი?

მოსეს უდაბნოდ რებაზე მითითება და ქართველთა მოსეს მიდარება მხოლოდ საკუთარი ჩაფლავებულობის გამართლებაა. თავიდან, 1990-91 წლებში მოსეს არ ედარებოდა ქართველი. ამაზე ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეროვნული მოძრაობა დაბადებულივე დაიმარხა და სამოქალაქო ომმა გაარარავა ყოველივე ქართული, რაც ძლივს შეიქმნა და დამაგრდა ბოლშევიკების მმართველობისას. მტერი არ გააქიაქებდა და წაწყმედდა ყოველივე ქართულს, როგორც ეს ქართველთა გამოცემულმა გაზეთმა ქნა. ეს ნაგიჟარ-ნაგაზეთარი წყევლად დაედება მოდგმას და არავინ იფიქროს, რომ ის გაქრა. ქართველს მსახვრალ ხელად წინ დაუხვდება თავისი სიშლეგე და ფეთიანობა.

შემზარავი საფიქრალია, რომ ჭეშმარიტებად წარმოჩენილი ეროვნული მოძრაობა და მისი რელიგიური აპელაციები დიდ რიოშობად გამოისახა. სისხლი და ბედშავობა დაეთია თავს დიკირ-ტრიკირით განათლულ და ასგზის ნაკურთხ ეროვნულ მოძრაობას. იმ რელიგიურ-პატრიოტული პროპაგანდის შემდეგ, რაც საქართველოში იყო, უნდა დამკვიდრებულიყო დიდი იდეურობა, სინდისიერება. ქარის მოტანილს კი დაემსგავსა  ყველაფერი. დილით დაწყებული საქმე სამხარზე სამუდამოდ ჩაფლავდა. ორმილიონნახევარმა ქართველმა, რაც არის აღმოსავლური და დასავლური მეგაპოლისის ერთი გარეუბანი, ვერ შეძლო შეთანხმება ვერც ერთ საკითხზე. მთელი საქართველო ავტობუსის რამდენიმე გაჩერებაა. უაზრობად იქცა კონსესუსის და კონსოლიდაციის ხსენება. ათი კაცი არ გაერთიანდება საქართველოში. აზრი დაკარგა ისეთი სიტყვების ხსენებამ, რომელნიც ერთობას, იდეურობას, ორგანიზებას და დისციპლინას გულისხმობენ. ეს სიტყვებია „პარტია“, „მოძრაობა“, „ასოციაცია“, „საზოგადოება“ და ა.შ. ვიმეორებ, ათი კაცი არასოდეს გაერთიანდება საქართველოში, რადგან ქართველებს ზოოლოგიურად სძულთ ერთმანეთი და ნადირივით მუდამ სისხლი სწყურიათ.

ქართველთა უდაბნოდ სვლაზე რომ იმტკიცებიან, ამით სურთ თქვან, რომ ქართველთა სახელგატეხილი ბანაკი მოსეს ბანაკის მსგავსია. სადმე თუ არის მოდგმა, რომელსაც საკუთარი სიმდაბლე საგაზეთო ბიზნესად  გადაუქცევია? სადმე თუ არის მოდგმა, რომელიც თავის დაცემაზე ასე გემოს ჩატანებით და ბილწი ვნებით ლაპარაკობდეს? ყოველდღე ათას აფრაკობას იტყვის ქართველი, რათა შექმნას ადამანობისა და კულტურის ილუზია.

ხომ არ შეიძლება საღვთო ტექსტზე ისე იუბნო, როგორც ნაგაზეთარზე. თუ მარქსიზმ-ლენინიზმის პროპაგანდას ქართველი ირიდებდა და ამტკიცებდა, რომ მხოლოდ რელიგია არის მისი გულის გასაწყო, სად არის დღეს ეს რელიგიურობა? რა შეიძლება იყოს ისეთი სიტყვა, რომ ამ სამისხოდ თავმოჭრილმა მოდგმამ თავისი არსებობა მისით გაამართლოს? რა შეიძლება იყოს ისეთი იდეა, რომ ქართველმა იგი იმძღვანიოს თავის მურდალ ცხოვრებაში? სადმე რაიმე თუ დარჩა სამიზეზოდ და თავის გასამართლებელი? აგერ, ყელამდეა ეს სიტყვის თავისუფლება, მრავალპარტიულობა და პერიოდული არჩევნები.  არის და რა? ყოველივე ამან ისევ ქართველი ამხილა და შეარცხვინა სამუდამოდ. არა, რა მზაკვრულად მოექცა ქართველს განგება. რა მას ეგონა და რა გამოვიდა.

უდაბნოში ვინც მიდის მოსეებრ და მახვილს ჰპირავს, მას თავისი სიწმინდისა და ღმერთის იმედი აქვს, არა გაეროს რეზოლუციებისა და ეუთოს დასკვნებისა. მოსე ღმერთმა აღძრა ეგვიპტიდან გამოსასვლელად. ცაბაოთმა დაიწყო ომი ეგვიპტელებთან და აიყოლა მოსე. ქართველი კი დასავლეთიდან მოწოდებულმა კეკლუცმა სიტყვამ და სამომხმარებლო დანაპირებმა ააცმუკა და მოაღორა. მოსესგან გაძღოლილმა ყოველმა იაკობმა უდაბნოში უნდა განიშოროს ეგვიპტიდან გამოყოლილი მონობის მწიკვლი. ვინც ამას ვერ შეძლებს, უნდა მოკვდეს უდაბნოში. ასე დაადგინა ცაბაოთ-ღმერთმა, რომელმაც კაცის გულისათვის დაიწყო ომი.

დაუტევა მოსესგან გაძღოლილმა ებრაელობამ ეგვიპტე, თავისი მონობის მიწა. საქართველოში კი ქართველთა უდაბნოდ სვლაზე ლაპარაკი უმადურობა და სირეგვნეა. ეს არის საკუთარი მამულის უარყოფა. ეგვიპტე როგორ არის საკუთარი მიწა ქართველისათვის? ჰო კაი, დააგდო საკუთარი მამული ქართველმა და სად წავიდა? ეგვიპტე როგორ იყო ქართველისათვის საბჭოთა საქართველო, როდესაც საბჭოთა  კავშირში ქართველზე ნაპატივები და გაბუდაყებული არვინ იყო? არა, სად წამსვლელია ქართველი? როდის სად გაგარულა, რომ ეს დუნიას შეეტყო? რა არის ქართველისათვის აღთქმული ქვეყანა, თუ არა დასავლური სიუხვე, რომელიც შექმნა ბიურგერთა შრომამ და რელიგიურობამ  თავის დროზე და ახლა ამ სიუხვეს ინარჩუნებს მანქანური წარმოება და  საბაზრო-სამომხმარებლო კალკულაცია? ბურჟუაზიული ბანალობა, ჭამადისა და სამოსელის ნაირობა როგორ შეიძლება იყოს აღთქმული მიწა? თუ გუშინ იდეალად ჩანდა  მულტიპარტიულობისა და პლურალიზმის პრინციპი, დღეს ამით ძნელად ვინმეს დაარწმუნებ, რადგან დასავლეთის იდეური კრიზისი ღრმავდება. რატომ დაუკავშირა თავის რჯულს ქართველმა ეს დასავლური სიუხვე? მღვდლები რატომ ასხამენ ხოტბას იმას, რაც სხვისი იდეური და ისტორიული მონაპოვარია? მათგან თქმული ხოტბა იმას ნიშნავს, რომ ისინი ითნევენ კალვინისტური  და ლუთერანული რელიგიურ-პოლიტიკური დისიდენტობის მიღწევებს. ისინი ამით ცდილობენ აღმოსავლური ქრისტიანობაც მიაბან ამ მიღწევებს. ეს კი ასეა, მაგრამ რატომღა გმობენ მღვდლები დასავლურ ქრისტიანობას? ეს ისტორიის უცოდინრობაც არის, მთავართმოყვარებაც და ბიბლიური ნათქვამებით შენიღბული სერვილიზმიც. უფიქრიათ საქართველოში რამდენია თორასეული დასავლურ პროტესტანტიზმში?

ქართველების ებრაელთამებრ უდაბნოდ რებაზე ლაპარაკი არის ნაკახპავი სიტყვით სინამდვილისაგან დამალვის ოინი. ეს არის რჯულის პროფანაციის კიდევ ერთი გამოხატულება. არ ემტკივნებათ, არ ემძიმებათ და საქვეყნო ქადაგად კი დგებიან. ეს ერთობ ქართული თვისებაა.

მოსეს ბანაკის უდაბნოდ სვლა და ყამალეკთან ომი არ არის მეტაფორა. ეს არის საღვთო ისტორია, რომლის მოხსომება ყოველ იუდეველს უხამს. მოსეს ბრძოლა არის წინაპართა წარსული ასახული წმინდა წიგნში, რომელიც იკითხება სინაგოგაში. ეს არის მონადყოფილი ხალხის დიდი დასაწყისი, როდესაც თავად ღმერთი მონაწილეობს ისტორიის შექმნაში. ეს ისტორია ძალზე სასტიკი და სისხლიანია. მოსეს ბანაკის წევრს სიკვდილს დაუსკვნიან, თუ იგი საღვთო აკრძალვას გადასცდება. ასე მოისრა ათასობით ებრაელი უდაბნოშივე. აღთქმულ მიწაზე მახვილით უნდა შევიდეს უდაბნოდან გამოტევებული ისრაელიტი. თავისი ბანაკის მოთავეობისას მოსე საღვთო წიგნებს წერდა. მან განაჩინა და დააწესა, რასაც დღემდე იცავს იუდეველი. საქართველოში კი მკლავის სისქე პლაგიატურ და ეპიგონურ წიგნებს წერენ საბაზრო ეკონომიკაზე. ეს მკვდარი წიგნებია.

ხომ არ შეიძლება ყველაფერს ქართული უმსგავსობის ქუდი დაახურო და ქართული კუდი გამოაბა. ქართველის გული ვერ გააკეთილშობილა, ქართველს ფიქრი ვერ აუმაღლა ამდენმა დამცირებამ და ბითურობამ. ეს დიდი ნიჭი და სულობის მადასტურებელია, რომ უბედურებაში შეიძლო მაღალი აზრის მსიტყველობა. ქართველის რელიგიური და ფილოსოფიური ნათქვამი ბერწოვანია. როდის იყო აღთქმული ქვეყნისკენ მოდგმა კონცერტებით, ფერად-ფერადი წიგნებით და ერთურთზე შმორიანი გაზეთებით მიდიოდა?

მოსეს ბანაკი მონობის მწიკვლისგან განიწმინდა და სახელოვან მეომრად იქცა. ქართველთა ბანაკმა კი მონობის უღელი დაიდგა თავის მამულში. ქართველთა სისხლი მხოლოდ ახალი კირთებისათვის დაიღვარა. სუნთქვაც კი წამებაა საქართველოში, რადგან ყველაფერი ყარს, ყველაფერი დამპალია, ყველაფერს წყევლის დაღი აჩნია.

რელიგია იმად არის რელიგია, რომ აქ ყოველ ნათქვამს იმპერატიული და პროჰიბიტული აზრი აქვს. თუ აქაც იგივე ვერბალური კომბინატორიკაა, რაც ყველგან, მაშინ საქმე გვაქვს რელიგიის პროფანაციასთან. ქართველთა უდაბნოდ სვლაზე კუთვით ლაპარაკი იგივეა, რაც მოსეს ამბის მოყოლა გლახაკისა და ქილა ერბოს იგავად. არა მხოლოდ იუდეველისათვის, არამედ ქრისტიანისათვის მოსეს უდაბნოდ სვლა და ბრძოლა ნამდვილი ამბავია, ხალხების გაწყვეტის მატიანეა. ქართველს სურს, რომ ეს იგავი იყოს. ეს ამბავი კი იგავი ვერ იქნება.

ყოველ იუდეველს მრავალგზის შეახსენებს ღმერთი წინასწარმეტყველთა პირით – გახსოვდეს ეგვიპტიდან გამოსვლა, არ დაგავიწყდეს, რომ მონა და მდგმური  იყავი ეგვიპტეში, აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან. იტყვის თორას ეჭვიანი და შურისმგებელი ღმერთი, რომ მე აგირჩიეთ ხალხებს შორის და გავიხსენებ იმ აღთქმას, რომელიც აბრაამსა და იაკობს დავუდე. აი ამ აღთქმის გამო გაწყვიტა თორას ღმერთმა მოაბი, მიდიანი, ყამალეკი და სხვანი. კაცი და ღმერთი ერთად იარებიან მიწაზე, ერთად ომობენ.

ქართველი რომ თავის უდაბნოდ სვლას ირწმუნება, ამით იმის წარმოჩენა სურს, რომ ქართველობა ღმრთისაგან რჩეული მოდგმაა. ეს მრავალი წელია ითქმის. კი მაგრამ, თორას ღმერთმა გამოარჩია ხალხებს შორის ქართველები, თუ სახარების ღმერთმა? რჩეული ხარ და ასეთი? დიდი სირეგვნეა ქართველთა საღვთო რასიზმი.
*შემოკლებით გადაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ ‘საერთო გაზეთში” (12 თებერვალი, 2014, N 4).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s