რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?


                                                   წერილი მეოთხე

     ილია ჭავჭავაძის  პროფანაციის გამო

ჩემმა მცირე მკითხველმა გულზე დაიბეჭდოს ის, რასაც აქ ილიაზე ვიტყვი. ეს  არ თქმულა აქამდე და  ჩემამდე უნდა თქმულიყო მათ მიერ, ვინც წლობით შეისწავლის ილიას და წერს მასზე. ადრე ვთქვი რამდენიმე სიტყვა ილიაზე, მის წმინდანად შერაცხვაზე, რაზეც ბურტყუნი დაიწყეს და ახლა დავუმატებ:

არ დაიბადება საქართველოში ერისკაცი, ვინც მახვილით ჰკრავს ჩალხს მრავალი თაობის მრუდადნავალს და მობღუნცილ ქვეყანას გამართავს. მუდამ სიბრიყვისაკენ გეზაღებული, უსვეობით გვემული ტაშფანდურა მოდგმა არ იგუებს მკურნალს და მის მოკვლას შეეცდება. ასეთია მამულად ქართველთა ზნე. ხშირად ისმის, რომ ილია სჭირდება საქართველოს. ილია რომც იყოს, ის ვერას დაუგვრის ქვეყანას. ილია XIX  საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩინდა, როცა საქართველოში აღარაფერი იყო მიწურებისა და გომურების გარდა. ათასხუთასწლოვანი მწერლობის მქონე ქვეყანაში ილიამ წერა-კითხვის გავრცელებით, ქართული ენის ვულგარიზებითა და გამარტივებით დაიწყო მოღვაწეობა. ილია იყო იურისტი, მოსამართლე, ბანკირი, მწერალი, ჟურნალისტი. ყველაფერი ილია იყო. დღეს ილია შეუძლებელია. ათი ილია ვერ უშველის საქართველოს. ყველა პროვინციას თავისი ილია რომ ჰყავდეს, მაინც არა გამოვა რა. ქართული საქმე დღეს სხვაგვარად უნდა დაიწყოს. ეს არ ესმით თვით წიგნიერ ქართველებს. ისინი ჩაცინებით იტყვიან, რომ ზვიადს სურდა ილიაობა, აკაკი ბაქრაძეს სურდა ილიაობა და მასო თავი ახალი ილია ეგონა. გურამ შარაძეს სურდაო ილიაობა. შარაძის მკვლელობა შარახვეტია ჟურნალისტმა წარმოაჩინა პოლიტიკურ შურისძიებად. შარაძის მოკვლა მან ილიას მოკვლას გაუტოლა. იდიოტ ბოზს იმდენი ჭკუა კი აქვს, რომ ჩასაფრებული იყოს და თუ ვინმეს რაღაც შეემთხვა, გაზეთში ყროლა დაიწყოს, ქვეყანა შხამოს და  აშტეროს. ისინი ამქვეყნად აღარ არიან და ახლა ჭაბუა ამირეჯიბს აჩემებენ ილია ჭავჭავაძეობას. ცრუმეტყველებას მისდევენ, სიტყვებით იფხანებიან და სულ ერთურთს ატყუებენ. ზვიადს თურმე სურდა ილიაობა, ასევე აკაკი ბაქრაძეს. ერთი იტყვის და სხვანი ამას ღრმა ქოთანივით ამოიძახებენ, თითქოს რაღაც დაფარულსა და ეშმაურს მიხვედრილან. ვითომ რაღაც იციან. თავი ეწონებათ და სიბრიყვეს აბარტყებენ. ამდენი ხანი გავიდა და ილიას მოვლენაც არ გაუაზრებიათ.   გვიანდელი ილია საერთოდ ვერ გაერკვა რევოლუციურ ეპოქაში. ილია იყო მარაზმში მყოფი, იდეურად დამარცხებული, დავთრებარეული, მძიმე ხასიათის დასნეულებული მოხუცი, რომელიც დიდი თავგამოდებით საქვეყნოდ გალანძღეს და მოკლეს ქართველებმა, შემდეგ კი ერის მამად შერაცხეს, ჯამბაზურად გააფეტიშეს. ასე არ მოხდებოდა, ილია რომ არ მოეკლათ. ბერიკაცის მოკლვა  კიდევ ერთ სამუდამო სირცხვილად და ცოდვად დაედო ქართველობას. ილიას მოჭირისუფლეებად დადგნენ ვინგინდავინ მწერალ-მოლექსენი და დღემდე ასეა. აკაკი წერეთელმა ილიას მკვლელობის შემდეგ კი არ დაწერა „ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ“, როგორც ეს წიგნებში დამკვიდრდა, არამედ გაცილებით ადრე, 1879 წელს. აი ამათი მამა-პაპის ზნესა და ცხოვრებას ხედავდა აკაკი წერეთელი, ვისაც დღეს ასე გაბოგინებულს ხედავს ყოველი ქართველი. ესეა, წინაპრის ნახრავი ცოდვის ძვალი შთამომავალს ეჩხირება ყელში. საქართველოს სინამდვილე ამას იუწყება მერამდენე საუკუნეა.1885 წლიდან აღარას სწერდა ილია. 1887 წელს დაწერა „ოთარაანთ ქვრივი“ და ამის შემდეგ 20 წელზე მეტი მას აღარაფერი დაუწერია. ლექსი რაა და ისიც აღარ. კლასობრივ ბრძოლაზე, ქართველთა ერთურთისადმი უცხოობაზე ფიქრობდა ილია და „ოთარაანთ ქვრივი“ ამის პასუხია.  ეს ნაწარმოები ილიასი არის ანტიარისტოკრატიული ფრანგული რომანისტიკის შაბლონური სიუჟეტი იმაზე, თუ როგორ შეუყვარდათ ერთურთი სხვადასხვა კლასების წარმომადგენელ ქალ-ვაჟს. იმ ჟამს ამაზე წერას თავისი საზრისი ჰქონდა. ეს თემა გადავიდა რუსეთში და იქაც საკმაოდ დაიწერა იმაზე, რომ მემრუშე არისტოკრატმა გლეხის გოგო შეაცდინა და გააუბედურა, კეთილმა გლეხმა კი ის ცოლად ითხოვა. ან კიდევ იმაზე, რომ მშობლები წინ აღუდგნენ ქალ-ვაჟის შეუღლების სურვილს და ამას უბედურება მოჰყვა. ამ თემაზე დაწერეს კავკასიის სხვა ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში იქაურმა განმანათლებლებმა. ასე გაჩნდა ნაციონალური კლასიკური ლიტერატურების ვეება კორპუსი. არ ითქმის, რომ აქედან ბევრი რამ მოკლებულია ლიტერატურულ ღირსებას და არის პლაგიატი, არის ეპიგონობა, რომელიც XIX საუკუნეში არ იგმობოდა, რადგან ხალხთა თვითმყოფადობის იდეა ზეობდა განმანათლებელ ევროპელ მასონთაგან. ოღონდ სადმე რაღაც დაწერილიყო იმ ადგილის ენაზე. ილიამ ეს თემა ქართულ ყაიდაზე გადაამღერა „ოთარაანთ ქვრივში“. რა, გადათარგმნი ამ „ოთარაანთ ქვრივს“ და უცხოელს წააკითხებ სადმე? ყველას თავისი აქვს მსგავსი ნაწარმოები და არც კითხულობენ. რამდენმა ქართველმა კრიტიკოსმა მოაცდინა კალამი „ოთარაანთ ქვრივის“ გარჩევაზე. ილიას უმცროსი თანამედროვის, მწერალ ეკატერინე გაბაშვილისთვის ეს თემა მუდმივია. მასთან არის მოთხრობა მდიდარი გლეხის ქალი როგორ შეუყვარდება ღარიბ გლეხს. ისინი სწორედ ამის გამო ვერ შეუღლდებიან. რახან ორივენი გლეხები არიან, ამას არ მისცემია განხილვის შესაძლებლობა საბჭოთა ლიტერატურაში. იდეოლოგიური მიზნით უფრო ხელსაყრელი იყო თავადისა და გლეხის უბედურ სიყვარულზე ლაპარაკი და არისტოკრატიის მოყივნება. ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ ამად გამოსადეგი იყო ბოლშევიკებისათვის, რომელნიც კლასობრივი ანტაგონიზმის მარქსისტულ და მარქსამდელ იდეას იცავდნენ. სკოლებში შესასწავლად შემოიღეს ბოლშევიკებმა „ოთარაანთ ქვრივი“ და დღემდე ისწავლება. ამგვარი მაკეთილშობილებელი ტყუილები სინამდვილედ და პრობლემად იყო წარმოჩენილი. ეს თემა იყო ლიტერატურაში საუკუნეზე მეტი, რომ ქალი სიყვარულით  კი არა, არამედ ანგარებით გათხოვდა და არ იყო ბედნიერი. ეს ირჩეოდა კრიტიკოსთა მიერ,  მკითხველიც გულს ასკდებოდა და ბჭობდა. მაშინ ეს ლიტერატურული აქტუალობა იყო, რომ წერდნენ ღარიბ კაცზე, მის განცდებზე. ამაზე წერეს გოგოლმა, ტოლსტოიმ, დოსტოევსკიმ რუსეთში. ახლა ვის დაჰკარგვია ღარიბი და ვინ წერს მასზე? ან ქალზე რა იწერება გარდა სიძვისა? მაშინ ბურჟუაზიულ დინასტიებზე, მათ გადაგვარებაზე წერდნენ ევროპასა და რუსეთში რომანებს. ადამიანის იდეა აამაღლა განმანათლებლობამ, რომელიც სამუდამოდ დამთავრებულია. განმანათლებლური ანთროპოდიცეის ეპოქა დასრულდა ახალი თაობის დასავლელ მასონთა მიერ. „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული იდეა კლასთა შორის ხიდის გადებაზე საზრისს მქონობდა მხოლოდ ევროპულ რევოლუციურ უტოპიურ პროექტთან მიმართებაში. მის გარეშე ეს ილიასეული იდეა უსაზრისო იყო. ევროპული უტოპია სძენდა საზრისს ილიას უტოპიას, გამოთქმულს „ოთარაანთ ქვრივში“. მე რა მიკვირს, რომ სადაც არაფერია საძებნი, იქ ეძებენ და შემდეგ ისე მაქციობენ, რომ რაღაც ფასდაუდებელი უპოვიათ და სიხარულით გატყობინებენ. ილიას „ოთარაანთ ქვრივი“ არაა დიდი ღირსების ნაწარმოები და მასზე ამდენი არტისტული კუთვა მიუტევებელია. ნუღა ისწავლება სკოლებში „ოთარაანთ ქვრივი“, ნუღა ატყუებენ ბავშვებს. ეს ნაწარმოები არაა ილიას მოაზროვნეობის დასტური, არაა ქართული სულობის გამოვლენა და პასუხი კლასთა ბრძოლის თეორიაზე. ილიამ ვერ გაიგო მარქსიზმი, ვერ გაიგო ევროპული რევოლუციონიზმის მაინსტრიმი. აბსტრაქტულ აზროვნებაში, თეორიულ ცნებებში ილია მეტად მოიკოჭლებდა, რაც მის ნაწერებს ეტყობა. მოხუცი ილია სწავლობდა მარქსიზმს და ვერაფერი კი თქვა. არა, აბა მას ეთქვა რაღაც მარქსსა და რევოლუციაზე. ჯერ როგორ შეამკეს და განადიდეს ბოლშევიკებმა ილია და მკობა და განდიდება მერე გენახა. ილიას ცაში აყვანა ბოლშევიკების მიერ ისეთივე იდეოლოგიური მეხრიკეობა იყო, როგორც ლუარსაბ მეფის დილეგში დახრჩობის დაბრალება შადიმან ბარათაშვილისათვის და ქვეყნის ამრევი გიორგი სააკაძის ეროვნულ გმირად წარმოჩენა. თავადი შადიმანი კილვით მიწაში ჩადეს, თავადი ილია კი ცაში აიყვანეს საბჭოთა მწერლებმა და ისტორიკოსებმა. სისულელეა იმის თქმა, რომ მორწმუნე ილიამ არ მიიღო სატანური მარქსიზმი, მისი კლასთა ბრძოლის იდეა, არ გაიზიარა რევოლუციის მიზნები და ამ პრობლემას უპასუხა „ოთარაანთ ქვრივში“ გამოთქმული ხიდის გადების იდეით. ეს 90-იან წლებში ითქვა ცეტი ილიალოგების მიერ. საქართველოში, კაცთმოძულების ხალას მხარეში, ამერიკაზე უფრო ლიბერტარიანულ ქვეყანაში არის კლასობრივი, ტომობრივი, ასაკობრივი ანტაგონიზმი. რამდენს იტყუებოდა ხელისუფალი და მღვდელი, რომ საქართველოში კაპიტალიზმმა მოიტანა ერთობა, იდეურობა, ეროვნულობა და აგერ, რა არის სინამდვილეში. რევოლუციურმა ქარიშხალმა 905 წელში გააცამტვერა ილიას იდეა ხიდის გადებაზე. რევოლუციამ გაცარცვა ილია მისივე ავტორიტეტისაგან, როგორც ხე იცარცვება ფოთლისაგან ქარიშხლისას. ამ რევოლუციის დროს ილიას დასცინეს მისი ხიდის გადების იდეის გამოც.

XIX საუკუნის ბოლოს- 1895 წლის წლიურ მიმოხილვაში ილიამ თქვა: „შარშანაც, როგორც წინა-წლებშიაც, იგივ შური და მტრობა იყო გააფთრებული, ძმა ძმას ვეღარა ჰნდობია, მამა შვილსა, შვილი მამას, მეზობელი მეზობელს…-განა ეს ცხოვრებაა და არა ჯოჯოხეთი!“ (ილია ჭავჭავაძე. ნაწერების სრული კრებული, ტ.VII, გვ.95).  ძნელია ილაპარაკო ილიას მრწამსზე 1905-7 წლების რევოლუციის დროს. ამ პერიოდში ილიამ დაწერა ორი-სამი ლექსი. ეს ვაების ლექსებია. ამას უკიჟინებდნენ ილიას 905 წლის რევოლუციის დროს, რომ მან არ გამოკვეთა თავისი პოზიცია და ის თავადების მხარეზე დადგა. ამის გამო იყო ერთი ამბავი გაზეთებში. ამას გადააყოლეს ბერიკაცი.

70 წლის მოხუცის მკვლელობამ გამოაჩინა არა 1905-07 წლების გზააბნეული გვიანდელი ილია, არამედ XIX საუკუნის 60-80-იანი წლების ილია. ამ მკვლელობამ  ილიას მოსწმინდა 1905-07 წლების მწიკვლი და აღჩინდა შეწირული ერისკაცი,            დამდაბლებული, გაროზგილი, რუსული ხიშტით დაჯგვლემილი თავქარიანი, შფოთიანი და თარსიანი ქართველების ქომაგი. ამ მკვლელობამ ილიას სახელი ცად აიტანა.   ილიას მოკვდინება აღმოჩნდა საუკეთესო ნიადაგი იმ რიოშობისათვის, რასაც  ქართული პატრიოტიკა ჰქვია. გამოდის და გამოდის წიგნები ილიას მკვლელობაზე. კარგი და ცუდი ერთურთში აირია. ბოლო დროს გამოვიდა ვახტანგ გურულის, გურამ ყორანაშვილის, გურამ თევზაძის, გიორგი აბაშიძის ნაშრომები ილიაზე. 2011 წლის ნოემბერში გამოვიდა თენგიზ სიმაშვილის მონოგრაფია „სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები ილია ჭავჭავაძის მკვლელები“. გამოსულია კრებული „მამული, ენა, სარწმუნოება“ და სხვა მრავალი.

იმის თქმა, რომ ილიას ფენომენი ჯერ კიდევ შეუცნობელია, არის ცრუმეტყველება. არ არსებობს ილიას ფენომენი. ილიას ფენომენზე 1989 წლიდან ამბობდნენ და ისე წარმოაჩენდნენ, რომ ქართველობას ეროვნული მოძრაობის წარმართვის თავი ჰქონდა. 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ცოცხლად დამარხვამ ილიაზე სათქმელი აღარაფერი დატოვა და დღეს მაინც ილიაზე რას როგორ არ ლაპარაკობენ, მიედ-მოედებიან, სიტყვას უსაშველოდ წელავენ.

ილიასათვის რომ სიკვდილი ეცლიათ, მაშინ უფრო მეტად მისი ცხოვრების გვიანდელი, დიდად არგამოსაჩენი პერიოდი გამოჩნდებოდა და ეს გადაფარავდა   XIX  საუკუნის ერისკაც ილიას. რევოლუციური ქარიშხალი ძალას იკრებდა,     მზადდებოდა ევროპული დიდი ომი და ილიას დავიწყების მტვერი მიეყრებოდა.  ილიამ არ მოითმინა ის, რომ წერა-კითხვის მცოდნე გაზეთის მდაბიორებმა მას გასაკილად პირი შეაჩვიეს, ეთამამებოდნენ და აქილიკებდნენ. 1905 წლის რევოლუციამდე ილიამ ნახა ბევრი უმადურობა. წიწამურამდე რამდენიმე წლით ადრე მოიკლა ილია თათხვით, გინებით, სიკვდილის შეთვლით, პოლიტიკოსი გლეხუჭების ყიამყრალობითა და ცილისწამებით. ყველამ ყური დაიყრუა. შემდეგ ყველა მის კუბოსთან დაეყუდა მწუხარე სახით. ილიას ბევრი ჯეილი თანამედროვე 1924-37 წლებში ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ფეხისალაგში აყოფინეს თავი და ისე ხვრიტეს ბოლშევიკებმა ჟორდანიას მთავრობის წარმომადგენელი, ინგლისელების საოკუპაციო რეჟიმთან ნაბოზები ქართველთა დამხვრეტი კარიერისტი ქართველები, ბრიტანელ ოფიცრებთან ნახიმანკლარი საქმოსნები, დიდგულა თავადები და  ინგლისელებთან, გერმანელებთან, თურქებთან ნათრევი ქართველი ქალები. ერთურთის დასაკლავად გამწირავ ტუტუც ინტელიგენტებს, რომელიმე ევროპული ენის ცოდნა და როიალზე თითის ჩამოკვრა თავში რომ ჰქონდათ ავარდნილი და ღობე-ყორეს ედებოდნენ ჟორდანიას დროს, ბოლშევიკებმა ლურსმნით უხვრიტეს კეფა თუ შუბლი. აი ასეთები ხვრიტეს ბოლშევიკებმა, როგორიც თბილისის უნივერსიტეტის  რექტორები იყვნენ, მაგალითად, მალაქია ტოროშელიძე და მისთანანი. ხვრიტეს ისეთი ინტელიგენტები, როგორიც ბენიტო ბუაჩიძე იყო, როგორიც ახლა არის თამაზ წივწივაძე, ილიელი თამაზ კვაჭანტირაძე და ასობით მისთანა.  მარტო ის კი არ იყო, რომ სერგო ორჯონიკიძე წითელ არმიას შემოუძღვა და საქართველომ თავისუფლება დაკარგა. რა თავისუფლება ჰქონდა საქართველოს ჟორდანიას დროს? ამის გარკვევას ისტორიკოსი დღემდე განზრახ არ ცდილობს. ლუსტრაცია, რაზეც ქართველები ამდენს ყვიროდნენ, ვერ განხორციელდა, რადგან მხოლოდ ბოლშევიზმის მხილება კი არა, არამედ ქართველთა მოდგმის კიდევ ერთი დიდი დისკრედიტაცია მოხდება, იმდენი სიბილწეა. ბოლშევიზმის ლუსტრაცია კი არა, არამედ მენშევიკური საქართველოს პოლიტიკოსთა ლუსტრირებაც ვერ მოხერხდა. ეს კი უნდა მოხდეს. არ გამოვიდა ბოლშევიკური ოკუპაციიდან ქართველთა მარტიროლოგის შექმნა, არადა, 25 წელია ამას გაძალებით ლამობენ. თან რუსის ნაამაგარს ჭამდე დღემდე და თან მას გამუდმებით აგინებდე? ეგრე არ არის, ქართველს რომ გაუზომია. ამ ბოლშევიკურმა დახვრეტებმა დაფარა ქართველთა დამპლობა და ლაჩრობა, ბოზური და სადისტური ზნე. ამ დახვრეტებმა შექმნა სამერმისო პოლიტიკური სპეკულაციის შესაძლებლობა. ეს გააკეთეს 90-იანი წლების ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა.დღეს ამით სპეკულირებს ხელისუფლება.

კონსტანტინე გამსახურდიას  რომანში „მთვარის მოტაცება“ ცხენის დალალი ჯოკია თავის მეინახეებზე უამბობს ავტორს: „ესეც ჯვარელი ნახუცარია, გათახსირებული, გარყვნილი კაცი. ნიკოლოზის დროს ყალბი მეტრიკულების გაცემისათვის გააციმბირეს. ბოლშევიკების დროს კატორღელი ვარო ამტკიცებდა. ესეც გაუგეს, გაკრიჭეს და აქედან გადაასახლეს. ახლა სასჯელი მოუხდია. აქ ჩამოეთრა, ცოლი მოუკვდა და სიდედრთან ცხოვრობს.

ის ყოფილი სოციალ-დემოკრატია. ძველი საზოგადო მოღვაწე. ისიც კარგი მამაძაღლია. მენშევიკების დროს ერობის თავმჯდომარე იყო, ბლომად ქაფავდა. მენშევიკები რომ გაიქცნენ, …გაიტაცა…რამდენიმე მილიონის საქონელი. ყველაფერი ბათომში შეაჭამა ბოზებს. მერე ვირის აბანოში ჩააგდეს. ახლა ყოველ დღე საკუთარ ამხანაგებს აბეზღებს. ყოველ წმენდაზე გამოვა და ბღავის: აქამდე რეგვენი ვიყავი, ვცდებოდიო, ახლა კი მოვჭკვიანდიო, მაინც არავის სჯერა, რომ ახლაც არ სცდება“. ასე უბნობს რომანის ავტორთან ცხენის დალალი.

„მთვარის მოტაცების“ მრავალი ადგილი ბოლშევიკური სისასტიკის მხილებად მიიჩნიეს 90-იანი წლების ცანცარა ლიბერალებმა. ამათ ისე გამოაჩინეს, რომ ბოლშევიკების მაგინებელნი ზნეობით აღვსილნი იყვნენ. ამ რომანის ბევრი ადგილი კონიუნქტურული მანიპულაციის საგანი იყო 90-იან წლებში, იმას კი აღარ მიექცა ყურადღება, რომ იმ  ეპოქის სრულად ამსახველ თხზულებაში ნაჩვენებია მაშინდელი ტიპები: გაიძვერა ნათავადარები, რომელნიც რაიკომის მდივნებს უმოყვრდებიან და ინტრიგებს ხლართავენ, ნაბატონარი კონტრაბანდისტი, შარაგზის ყაჩაღი, შინაური საქონლის ქურდი და გამსაღებელი.

ენითაუწერელი ლაჩარი და გამცემია ქართველი ინტელიგენტი სადღეისო პლურალიზმის პირობებში და რა იქნებოდა ის 1920-იან წლებში, ამას თქმა უნდა? ჩანჩურა იყო ინტელიგენცია და  უარეს ჩანჩურად იქცა. ბოღმა და ერთურთის მტრობა ჩაიკირა მაშინდელ თბილისში. პოლიტიკური ფრაზებით გაგიჟებული ტიკინები დაძრწოდნენ  ყველგან და აყროლებდნენ ქვეყანას. არ გამოვა მათგან ტანჯული წინაპრების გამოყვანა. 1921 და 1924 წლებში დახოცილებს დღემდე მერამდენედ ითვლიან ერთურთის მიმართ სრულიად უცხო ქართველები. ახლა საქართველოს ნამრავლი ლაჩრობა და დამპლობა თავზე გადაედინა, მაგრამ აღარავინ იხვრიტება და აღარც პოლიტიკური სპეკულაციის შესაძლებლობაა. ყველა ცოცხალია, ყველა ხტუნავს. გაიბილიკეს ჟურნალისტებმა ათასგზის მძღნერნაჭამ კაცებთან და აყბედებენ მათ. კაცობასა და არაკაცობას შორის სამანის ქვა აღარ ძევს. მხოლოდ ბოლშევიკები და მენშევიკები არ იყვნენ ილიას მაგინებლები 1905-07 წლებში. ილიას აძაგებდნენ ძალზე ბევრნი და ამაში იყო სიმართლე. ილიას განუდგნენ თანამებრძოლნი. მას დუელში იწვევდნენ, სიკვდილს უთვლიდნენ ჯერ კიდევ როდის. ამ ძაგებამ, როგორც ქართველთ სჩვევიათ, შეიძინა ისტერიული, მანიაკური და მეტად მდაბიორული სახე. ამანაც გააიოლა ნაგავს შერეული ილიას სახელის რეაბილიტაცია უკვე XX საუკუნის 30-იან წლებში ბოლშევიკების მიერ.   ეს საჭირო იყო იმისთვის,რომ განმანათლებლობის დიდ მითოსს, ევროპული განმანათლებლობის ბოლშევიკურ ვერსიას მორგებოდა უბედური და ათასგზის სირცხვილნაჭამი, ბოზი და დათარსული ქართველი. ბოლშევიკებმა გამოაჩინეს დიდად გალანძღული  და მოკლული ილია, რათა შექმნილიყო კულტუროსნული უწყვეტობის მოჩვენებითობა საქართველოში. ქართველთა საუკუნოვანი უკულტურობისა და საზარელი წარსულის გამართლებას ილიას მოკვდინებამ დიდად წაახმარა ხელი.

1910-21 წლებში იყო მოუსავლიანობა, შიმშილი, სიღატაკე. სამაგიეროდ გაზეთი იყო ოხრად. გაზეთი იყო დამშეული ქართველის პური და ცხოვრება. გაზეთის გულისთვის ყველაფერი ავიწყდებოდა ქართველს. ახლაც იგივეა, ოღონდ უარესად. ილია რომ ქართველებმა მიივიწყეს, ეს ჩანს 1905-07 წლების რევოლუციის დროის ქართულ პრესაში, 1908-13 წლების პრესაში. შემდეგ ევროპაში დიდი ომი დაიწყო და 1914-17 წლების პრესაში ილია ვის გაახსენდებოდა? შემდეგ ბოლშევიკები შემოიჭრნენ საქართველოში. წითელ არმიასთან ბრძოლა არ ქცეულა სახალხო საქმედ. იმ  დროის შემსწრე მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა, რომ ნახევარმა საქართველომ მარაბდის ბრძოლის დროს ათი ათასი კაცი შესწირა, ხოლო ერთიანმა საქართველომ 1921 წელს თავის დამოუკიდებლობას ასი კაცი ვერ შესწირა. „მთვარის მოტაცებაში“ კი ნათავადარი გვანჯ აფაქიძე ეუბნება თარაშ ემხვარს: „მე მგონია, მახა, ხვალ რო ბოლშევიკები აღარ იქნენ, ჩვენ ყველამ ძეგლი უნდა ავუგოთ მათ, რადგანაც ეს მათ გამოამჟღავნეს კაცობრიობა. შავი და თეთრი სააშკარაოზედ გამოიტანეს, გამოარკვიეს ვინ ყოფილა მამაცი და ვინ დიაცი. მათ ნიღაბი ჩამოგლიჯეს მატყუარა ღმერთებს, ტრაბახა მეომრებს, ცრუპენტელა ხუცებს და ქარაფშუტა პატრიოტებს“.

დიდად საგულისხმოა ერთი გარემოება: XIX-XX საუკუნეებში ჰეგელიანელობა იყო ევროპასა და რუსეთში. ქართველთაგან მას ახლოს არვინ გაეკარა. იყო სპირიტიზმი, ოკულტიზმი, რომლითაც თვით აკადემიური ფილოსოფიის წარმომადგენელნი შეიმსჭვალნენ ევროპაში. იყო ინდოეთისა და მისი ფილოსოფიის აღმოჩენა. განათლებული ქართველობა ყოველივე ამის მიმართ უსმი და უხედველი დარჩა. აქ მარტო იდიოტების აგზნებაა რაღაც პოლიტიკური ტერმინების გამო. აქ საკუთარი ლექსებით დასნეულება და ჭკვას გადაცდენა არის. ბევრჯერ თავმომწონედ უთქვამთ, რომ სოლომონ დოდაშვილმა რუსებს ლოგიკის სახელმძღვანელო დაუწერა. თურმე რუსებს არ შეეძლოთ ამის დაწერა. ილიას დროს ქართველი გიჟდებოდა მაშინდელ ეროტიკულ რამერუმეებზე. მაგალითად, რუსეთიდან ან ევროპიდან ჩამოდიოდა მსახიობთა დასი ეროტიკული სპექტაკლით და ქართველი ჭკვას გადადიოდა სცენაზე მსახიობი ქალის გატიტვლებით. ამით ხარობდა ეს უბედური, ეს აფხიზლებდა ამ საუკუნო მოძილარსა და ყეყეჩს. ამაზე იყო ხორხოცი ტიფლისში. ასეთ სპექტაკლზე ერთგან ილიასაც უწერია აღშფოთებით და სასალახნოს უწოდებს მას. უკვე ბევრმა იცოდა ფრანგული და ეძებდნენ სიძვის მოთხრობებს. პარიზიდან მოწოდებული ეს ლიტერატურა ოხრად იყო მოსკოვსა და პეტერბურგში და აქაც მოჰქონდათ. თარგმნიდნენ კიდეც. არაფერი ფილოსოფიური არ იყო ქართველებში. უცხოეთიდან ქართველმა ვერ მოიტანა ფილოსოფია. ბევრი მწერალი სცოდავდა. მაგალითად, აკაკი წერეთელი, რომელიც სუსტი იყო აზროვნებაში, წერდა პორნოგრაფიულ ლექსებს. სხვებზე აღარას ვიტყვი. ფილოსოფია კი არა, ისტორიული რომანიც ვერ გაჩნდა ილიას დროს. არ იყო ფუნდამენტური ისტორიოგრაფიული გამოკვლევები. ხშირად მოუწოდებიათ ილიას ნათქვამი „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ჩვენი ისტორია ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა. მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ილიამ ისიც თქვა, რომ „ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი“ (თხზულებათა სრული კრებ.           ტ. II. გვ. 483). ამას კი აღარ იტყვიან ხოლმე. ორივე ფეხით მკელობელი იყო ქართველთა მატიანე. ცუდად, ზერელედ იყო დაწერილი ბევრი რამ. სომეხი უფრო უკეთ წერდა ქართლის მატიანეს, ვიდრე ქართველი. განა ეს სირცხვილი არ იყო? სომეხს უფრო მეტი უწერია ქართლის ქრონიკები, ვიდრე ქართველს. ქართული ისტორიოგრაფია ბოლშევიკების დროს დადგა სამეცნიერო დონეზე. იყო კომპარტიის „მოკლე კურსი“ და მისთანა იდეოლოგიური ნაწერები, მაგრამ იყო ძველი დროის შემსწავლელი კარგი ნაკვლევები. მარქსისტულ-ლენინური მეთოდიკა ამას არ უშლიდა ხელს და ტყუილად იგონებენ დღეს ამას. ისტორიული რომანი და ისტორიული სამეცნიერო წიგნები ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ გაჩნდა. ბოლშევიკების დროს დიდად აღზევდა ქართველოლოგია და ამ ამაგს ნუვინ დაივიწყებს. ბიბლია არ გამოსულა იდეოლოგიური მოსაზრებით, მაგრამ ამის კომპენსირება ათმაგად ხდებოდა ქართველოლოგიურ შრომებში, სადაც გაბნეული იყო მთელი ბიბლია. არასოდეს ქართული ენა ისეთ პატივში არ ყოფილა, როგორც ბოლშევიკების დროს. ილიას დროს იყო სიმარტივე, ზერელეობა, პოლიტიკური შლეგობა, აზროვნების ძნელად საპოვნელობა. გარეგანი ზემოქმედების გარეშე ქართველი ვერ ფხიზლობს, ვერ სიტყვობს. ის გამოცოცხლებულია როდესაც მას სცემს, ხარკავს, ააბუჩებს და ქერავს ოსმალო, ყიზილბაში, ინგლისელი, რუსი, ამერიკელი. ქართველს სულ კეტით თავზე დგომა, ცემა და ჰაე-ჰაეს დაძახილი ესაჭიროება. რა არ შეიცვალა და ქართველი მარად იგივეა. ის შინაგანი მრწამსით ვერას ქმნის. მას მისწრაფებაც აქვს ასეთი, რომ იყოს ნაცემი, აკლებული და გაბახებული. შემდეგ ამაზე წლობით ლაპარაკსა და წიგნების გამოცემაში პოულობს ის თავისი ცხოვრების საზრისს. აი ამიტომ, რაც ქართველებმა გააკეთეს 1989 წლიდან დღემდე, არის ძველი რეგვენის შარაზე გამოვარდნა და აყვირება. ეს არის უსაზრისო, ისტეროიდი კაცის თვალის ცეცება, რომ ვინმემ ნაგიჟარი და ნაბოზარი მოუწონოს და ქისა გადაუგდოს. ნებისმიერი კეთილად დანადგენი ქართველს ემძიმება და მის მოშლას ლამობს. ის არ გამოდგება ისტორიული ქმნადობისათვის. მხოლოდ არტისტული ყვირილისა და გაზეთში ჩურთვისათვის გამოსადეგი კაცია ქართველი. არტისტობაა თბილისში გახსნილ ეროტიკულ მაღაზიასთან მრევლის ხატებითა და სანთლებით მივარდნა და ლოცვა. ამ მაღაზიის გახსნამდე თბილისი ერთი დიდი სამეძაო იყო რამდენი ხანია. განა ვინმე მეზობელთაგანს მსტოვრის შემოგზავნა სჭირდება, რათა დაინახოს, რომ ქართველობა არის სრული დეგენერატობისაკენ მიმავალი, რომ ეს არის ამოწყვეტისათვის განწირული მოდგმა. განგება იზამს ასე, რომ კილომეტრობით მიწებს წაგლეჯენ საქართველოს. ხმას ვერვინ ამოიღებს ამაზე თბილისში. ის ხალხი ხმას არ უნდა იღებდეს, ვინც შეიტყაპუნა აი ეს ცხოვრება, რაც მას ჰქონდა შევარდნაძის მოსვლიდან დღემდე. რაა საქართველო და ქართველი რაა?

მენშევიკების მთავრობისას ქართველნი გაზეთობდნენ, ლამაზ სიტყვებს ამბობდნენ, წვრილმანობდნენ. ერთი სიტყვით, ქართული სტიქია სუფევდა. წითელი არმიის შემოჭრამ წარმოაჩინა ქართველთა გათითოება, ურთიერთუცხოობა, ლაჩრობა. ილია აღარავის ახსოვდა. საიმპერიო ცენტრიდან, უშუალოდ სტალინის მითითებით დაიწყო ილიას სახელის წარმოჩენა და პატივით შემოსვა. ეს რომ არა, ილია მცირედ გამოჩინებული იქნებოდა. ქართველები თავისით ასე არ გამოაჩენდნენ ილიას. სტალინი თავისი ჭაბუკობისას იცნობდა ილიას. ილიას გამოჩინება იყო ადგილობრივი კულტურებისა და ხალხების პოზიტივიზაციის გეგმის ნაწილი.

ილიას რომ გზა აებნა, ეს ნიშნავდა, რომ მოდგმას აებნა გზა. ხიდი თავადებსა და გლეხებს შორის არ გაიდო. კლასობრივი სიძულვილი მოურევნელი დარჩა და ეს არაა  მარქსის სატანური ჭკუის ნაყოფი. კლასობრივი სიძულვილი არის ახლაც. დღეს აკრძალულია ამის ხსენება. ქრისტეზე წლობით ლაპარაკმა ეს სიძულვილი ვერ დაძლია. საქართველოში კლასობრივი სიძულვილის გარდა არის ტომობრივი სიძულვილიც. შევარდნაძის მთავრობა გურულებისგან შედგებოდა.მან მსოფლიო მოიარა, დიდი პოლიტიკოსის სახელი დაიგდო და ისევ ის ყაძახი  კი იყო. გურულების გარდა არავის ენდობოდა და გარს მათ იხვევდა. საწამებლები ჰქონდა შევარდნაძეს მოწინააღმდეგეთათვის, ისევე როგორც ჟორდანიას. ჟორდანიას მთავრობის დროიდანვე იყო დაწყებული ათეისტური პროპაგანდა. ამას მალავენ ქართველები, რადგან ეგრე სურთ გამოაჩინონ, რომ  ათეიზმი სატანისტმა ბოლშევიკმა ოკუპანტებმა მოიტანეს, რომ მათ გარდა საქართველოში არვინ იყო ათეისტი. იცი რაა მკითხველო ყველაფერში ჩაჯმულ ქართველთა მიერ ბოლშევიკების ასეთი ხანგრძლივი, ისტერიული გმობის მიზეზი? მიზეზი ამისა არის თახსირობა, მარადიული მონის გულდამპლობა, რომელიც საკუთარი მაწანწალა წინაპრის სიგიჟიდან და ბოზობიდან  მარტიროლოგს ქმნის. ენით მაბოზარებისა და პირით დამფუნავების ლაშქარმა მოწამლა ქვეყანა. რას იზინტლებიან და იგლისებიან წლობით, აღარ გაიგება. რაღას არ გამოელაწუნება ქართველი, რომ როგორმე გაათრიოს თავისი უბედური და უაზრო დღეები. ბორის ძნელაძის კომკავშირელ ახალგაზრდებს, ათეისტ აქტივისტებს საყდრები რომ აუკლიათ და მღვდლები დაუფრენიათ, ამაში გრანტები არ აუღიათ, სახლები და აგარაკები არ შეუძენიათ, დედა თბილისში ბიზნესები არ გაუმართავთ. იდეის გამო იქმდნენ ასე. რწმენა ჰქონდათ და ევროპაზე მითითებით სხვებსაც ამას უქადაგებდნენ. ბევრი მათგანი ნაცისტებთან ომში დაიღუპა მოგვიანოდ. მათი ნაწილი ომამდე რეპრესიებისას დახვრიტეს. ახლა ევროპაზე მითითებით ქრისტეს ქადაგებენ ლიბერალები მეროჭიკეობით, არა მრწამსით. ისინი ბოლშევიკების ჯიბრით მიუთითებენ ეკლესიაზე. ეს არაა რწმენა. ომი რომ იყო 2008 წლის ზაფხულში, ვინ სად გარბოდა არ გაიგებოდა. ისტერიკა დაემართა უამრავ კაცს და გიჟურად დარბოდნენ ქალაქში. ეს რა ვნახე ჩემი თვალით. რა მოსვლია ქართველ კაცს. დარბოდნენ და ძაღლებივით წკმუტუნებდნენ, დიაცებრ წიოკობდნენ. სადამდე გალაჩრებულია მოდგმა. რუსი შემოსულიყო აქ და მერე იქნებოდა სახილველი ჩაჯმულთა ხელახალი ჩაჯმულობა, რუსის კარზე სიცილით ატუზვა თუ ჩაცუცქვა. როცა გადაიარა საფრთხემ, მერე ისევ ისე მედიდურობა გააგრძელეს. ვითომც არაფერი. სიტყვა ქართველი არის დიაგნოზი და ყველა სიმდაბლის სინონიმი. მეტი რაღა უნდა იყოს? საქართველოს დედა ხომ ჰყავს ნატირები სამუდამოდ და დედის დედაც ეტირება. რისი იმედი უნდა გქონდეს, როცა ქართველთა ნახევარზე მეტი დეგენერატია? ესენი სად გამოდგებიან? ამათი რაში გეიმედებოდეს?

ილიამ რომ ვეღარ გაიგნო გზა, ამ დროს სხვები ტყუილად იჩემებდნენ გზის ცოდნას. რა დამტკიცდა ილიას მოკვდინებით? მოსაკლავი ათასობით იყო საქართველოში. თბილისი არაკაცებით გაიტენა 1905 წლის რევოლუციის ჟამს.        გაზეთის მატლები, პარტიებში ნაწანწალები ტურები წამლავდნენ ყველაფერს. მათი ნაწილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს, ნაწილი ახალი სისტემის იერარქიაში შეარჭვეს და თავის სასარგებლოდ აყეფეს. ლექსი და რომანი აწერინეს ბოლშევიზმის სამკობლად. მათ ბინები მისცეს ქალაქში. სომხის სოვდაგრებს წაართვეს და ამათ უფეშქაშეს. ასე ამოთბილისელდა და ამოტუტუცდა ლიხის იქიდან გადმოტანტალებული ათასობით იმერელი, გურული, მეგრელი, რაჭველი. ილიაზე ძვირის თქმა აიკრძალა. ილია დიდებით შემოსეს ბოლშევიკებმა. ვითარც რევოლუციის ბელადების აზმანი იწერებოდა, ეგრეც ილიასი ითქმოდა ყოველთვის. ტყვილად იქადოდა და ლამობდა პოსტბოლშევიკური დროის ქართველი, რომ ილიაზე კიდევ უფრო მეტს იტყოდა. ილიაზე მეტს ვეღარას იტყოდი ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ. ბოლშევიზმთან ერთად ილიაც დამთავრდა. ილიასაგან დარჩა მოჩვენება. 90-იანი წლების დისიდენტებმა პირზე გაიკრეს ილია და ამით დამალა თავისი უცოდინრობა და შლეგობა, რომელიც მაინც გამოვლინდა მალევე. მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ ილია ახალ სიცოცხლეს ვერ შეიძენდა. ილია დამთავრდა ბოლშევიზმის დამთავრებასთან ერთად. ლიბერალ-კაპიტალიზმმა გადახაზა ილია. ამის შეგნება დღემდე ჯიბრით არ სურთ. ქვეყანა, რომელსაც არ ჰყავს რევოლუციონიზმის ეპოქის მოსაგონარი პოლიტიკური მოღვაწენი, მისჩერებია ილიას მოჩვენებას. ეს ქვეყანა აი ამ შეგნებით ვერ შევა ისტორიულ დროში და დარჩება იმად, რაც არის. თაღლითობაა და მაკვირიობა წიგნების ისე წერა ილიაზე, რომ მისი თხზულებები ამოუწურავი წყაროა, სიბრძნის საგანძურია. ვითომ აქამდე რაღაც იყო დაუნახავი ილიას ნაწერებში და ახლაღა დაინახეს. ამას მოსდევს ხოლმე ჟურნალისტების საძაგლური, ყასიდი ლაპარაკი. წლობით ასე მეორდება. მერამდენე წელია იბეჭდება დიდი სტატიები ილია ჭავჭავაძის ქვრივზე. ვინღა არ გახდა ამ მიუხედავობით მომკვდარი ქალის ბიოგრაფოსი.

ილიას ობელისკი რომ დგას წიწამურთან, როდესმე თუ ნახულა შარაზე ამდენი გამვლელიდან ვინმე გამოსულიყო, მასთან მისულიყო და გარინდებულიყო? თუ სადმე ნახულა ხალხი თავად მისულიყო ილიას საფლავთან კამპანიისა და  ღონისძიების გარეშე? რისთვის იწერება ამდენი არტისტობა ილიაზე? დაწესებულებებში ყველგან ილიას პორტრეტია, მაგრამ ქართველთა ოჯახებში არაა ილიას სურათი. გურამ შარაძის გამოცემული ილუსტრირებული ბიოგრაფია ილიასი ადრე ძნელად საშოვნელი წიგნი იყო, ახლა ჩაბარებული წიგნების გროვაში იმტვერება და არავის უნდა. პირიქით, ვინც ხელმოწერით იყიდა, ღამე ათია მის შესაძენად, საოჯახო რელიკვიად ჰქონდა, მანაც გაიტანა და ჩააბარა. აქ მხოლოდ სიღარიბე არაა მიზეზი.

შფოთისა და სისხლისმოყვარე ქართველთა მოდგმა 1905 წლიდან ბილწი სულისნაბვით მოელოდა ილიას სასიკვდილოდ გამეტებას. ასე იყო ტროყინა, ენამყრალი გლეხი, ასე იყო რევოლუციის იდეით გახელებული მუშა, ასე იყო ისტერიული გაიძვერა, მუქთამჭამელი თავადი. ილიას სისხლი ენატრებოდათ. ეს იყო სიგიჟე. ილია წიწამურამდე სიგიჟით, ენის ბოზობით მოკლეს. ყველა ავის მოლოდინში განაბულიყო. ილიას დასაცავად ხმა არ ამოუღიათ. გაირიყა ბერიკაცი და საშინლად გაილანძღა. ერიდებოდნენ და ემალებოდნენ ილიას. ისიც არავინ თქვა, რომ სიკვდილი აცალეთ ამაგდარ, გზააბნეულ მოხუცს. აიღე   მკითხველო მაშინდელი გაზეთები და მიემოწმე ქართველთა სიშლეგეს. შემზარავია ბილწი მონის შეურიგებლობა და რადიკალიზმი. იგივე განმეორდა XX საუკუნის მიწურულს. ზვიადის სისხლი ენატრებოდათ. მის სიკვდილს მოელოდნენ განსაკუთრებული ქართული სადისტობით. ათასჯერ დაემეტა 1905-07 წლების საგაზეთო სიგიჟეს 1991-97 წლების ნაგიჟარ-ნაგაზეთარი.

ივანე ჯაბადართან კამათისას ილია ეყრდნობოდა განმანათლებლურ ანთროპოდიცეას, გონების ძალით ხალხების პოზიტივიზაციის იდეას. სანამ რუსი უჩიჩინებდა და თავზე ადგა ქართველს, მანამ ილია ჩანდა მართალი ჯაბადართან კამათში. ბოლოს კი ივანე ჯაბადარი აღმოჩნდა მართალი, რომელსაც არ სწამდა ქართველთა შემოქმედებითი ძალისა. ნიკო ნიკოლაძე არად აფასებდა საქართველოს წარსულს. ჯაბადარის მსგავსად მოგვიანოდ  იყო ნიკოლო მიწიშვილი. ეროვნული მოძრაობა საქართველოში აღარასოდეს დაიწყება. არ არსებობს ეროვნება ქართველი და შესაბამისად არც ეროვნული შეგნებაა. საქართველოს მეფეებზე და შოთა რუსთველზე ამდენი ლაპარაკი არაა ეროვნული შეგნების უდავო ნიშანი. ახალგაზრდა სტალინიც ხედავდა, რომ ამ ნაგიჟარ და სადისტ მოდგმაში არაფერი გაკეთდებოდა. ის სამუდამოდ წავიდა რუსეთში. საქართველო არ იყო და არაა ის ქვეყანა, რომელიც დეკლარირებული პრინციპებიდან რაღაცას განახორციელებს. ქართველები არიან народ-порученец, სულ სხვისი ჩაძახილით მცხოვრები პლაგიატორები. შეუძლებელია ეს სტალინს არ დაენახა. რუსი დიდად სდებდა ხელს ქართველს და ეს მას სათნოდ აჩენდა, თორემ როდის რა იყო ქართველი?

ილიაზე დაწერილი წიგნების უმეტესი ნაწილი ნატყუარია. ნატყუარი იმიტომ კი არაა, რომ კომუნისტების დროს ვერა რა სიმართლეს ვერ იტყოდი, არამედ იმიტომ, რომ ილიას სახელს შეეყუჟა ბევრი მჯღაბნელი, ქალაქელი ნაბიჭვარი და ახალი ყაიდის გიჟი. 1991 წლიდან ილიალოგების მიერ უამრავი წიგნი დაიწერა და ისევ ის ძალად მაცხონეობა გრძელდება. ილიას ფეტიშიზება გადაიზარდა მის ფალსიფიცირებაში. ილიას სახელი უნამუსოდ მიაბეს ახლანდელ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ილიას პორტრეტი ევროკავშირისა და აშშ-ს დროშების გვერდითაა. ეს რა არის? ილიას ახსენებენ ჯორჯ ვაშინგტონთან, აბრაამ ლინკოლნთან ერთად. აი, ეს დამართეს ქართველებმა ილიას და ნუ დააბრალებენ ამას მასონებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა უგზოობას, უხანობას და უკულტურობას. ერის მამად წოდებული ილია სათრეველად გახადეს, რათა შექმნან მოჩვენებითობა, რომ საქართველოც ევროპაა, რომ ქართველნი დასავლეთის სულიერი ნათესავნი არიან და ამ ნათესაობას ილიამ დაუდო საფუძველი. რამდენიმე სასწავლებელია ილია ჭავჭავაძის თუ წმინდა ილია მართლის სახელობისა. შემირცხვენია ილიას სახელობის ის სასწავლებელი, სადაც მასაჟისტობას და ტურიზმის მენეჯმენტს ასწავლიან.           NGO-ები და ფონდები, პროექტები იყო ილიას სახელობისა 90-იანი წლების ბოლოს, როგორც ეს ითქვა პრესაში. ამით წარმოაჩინეს , რომ ლიბერტარიზმი ილიას სულს ამკვიდრებდა სუვერენულ საქართველოში.

ქართველმა დისიდენტებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში ილიაზე მითითებით დაიწყეს საბჭოთა იმპერიის დაშლის პროპაგანდა. ეს არ იყო სწორი. ილია უკვე საბჭოთა მმართველობის დროს სრულიად იყო ამოწურული და ის სამერმისო  ორიენტირად არ გამოდგებოდა. რახან ქართველთ სხვა არა ჰქონდათ რა თეორიული არსენალიდან, ამიტომ ილიას მიაწყდნენ. ამ დროს ფიქრი აღარ იყო საჭირო. რასაც აქ ვამბობ, ამის თქმა ადრე მსურდა და ქართველმა გიჟებმა ცილი დამწამეს. ჯერ შევარდნაძე ცდილობდა, ახლა სააკაშვილი ცდილობს ილიას პროფანაციით სათავისო ხეირის პოვნას. ვინც მის შემდეგ მოვა, იგივეს გააგრძელებს. უგზოდ მარები ქართველებისათვის პროფანირებული ილია არის ცრუ მეგზური. თავს აჩვენებენ, რომ ილიას მისდევენ, მის ნათქვამს ეყრდნობიან. დღეს ხშირად გაისმის: „ჩვენ ილიელები ვართ!“. ვინ ჩვენ? რას ნიშნავს ილიელი? ვერ ხედავენ ამდენი წელი, რომ მასონთაგან (ვოლტერი, გოეთე და სხვები) ნასაზრდოები ევროპული განმანათლებლობა დასრულდა. დღეისთვის მასონი ბანკირი და ფინანსისტია. ის აღარაა მწერალი, ფილოსოფოსი, უტოპისტი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ამას რომ ხედავდნენ, ასე  არ იტყოდნენ. რა, ეგეთნი არიან, რომ მიხვალ და რაიმეს გააგებინებ? ჯიბრით არ გაიგებენ, ოღონდ არად ჩაგაგდონ, ცილი დაგწამონ, დაგამცირონ და გაგლანძღონ. ესაა ქართველი. განმანათლებლობის სეკვესტრირება რომ არ მომხდარიყო დასავლელ კონსერვატორთა, იგივე ნეოლიბერალთა მიერ 90-იან წლებში, ილია მაინც აღარ გამოდგებოდა დღეის ორიენტირად.

ბოლშევიკების დროს ილიას განდიდება არაბუნებრივად არ ჩანდა, იმიტომ,    რომ ილია იყო ევროპული განმანათლებლობის პირმშო და ბოლშევიკები იყვნენ ამ განმანათლებლობის ექსტრემისტული ფრთის წარმომადგენელნი. დღეს კი განმანათლებლობას დიდი წერტილი დაესვა საბაზრო რადიკალიზმის სახელით. დიდი სიგიჟეა ილიას სახელის მიბმა ატლანტიზმის კონცეფციასთან, საბაზრო რადიკალიზმთან. არას იტყვის ამაზე ეკლესია, რომელმაც ილია წმინდანად შერაცხა.

ბოლშევიკმა რუსმა ამოათრია ქართველი ბატონყმობიდან და ნახტომი აქნევინა სოციალისტურ ინდუსტრიაში. ისტორიკოსობის პრეტენზიის მქონე ყოველმა ქართველმა გულზე ხელი დაიდოს და თქვას: მხდალ  და ჭამპურა ქართველ ინტელიგენციას იმისი თავი ჰქონდა, რომ დამოუკიდებლად შეექმნა ანტიმონარქისტული აზრი და შეემზადებინა ბატონყმობის გადავარდნა? არ შეიძლება, რომ ყველაფერი ყიზილბაშსა და ოსმალოს დაბრალდეს. საუკუნეები გასულა იმერეთის, ქართლის, კახეთის სამეფოებში ისე, რომ რაიმე პოლიტიკური თეორია არ შექმნილა, აზრი არსად გაჩქამებულა. ლექსს წერდნენ და ეგ იყო. ისე შეეგუა ქართველი ტყვეთასყიდვას, რომ მასზე ოხუნჯობდა. საუკუნეები გასულა და ქართველებს ღორულად უცხოვრიათ, ყური არავის შეუბერტყავს. ბოლო 25 წელი თუ ასე ცხოვრობენ, რაღა გასაკვირია? ვის შეეძლო საქართველოში ერთურთზე უარესი ქართული ტომები მოეკრიბა და ნაციად შეეკრა? განა ამას შეძლებდნენ ილია და სხვა ბელადები მხოლოდ  წიგნებისა და გაზეთების გამოცემით? ილია და მისი მოდასენი ქართველ ერზე ლაპარაკობდნენ მაშინ, როცა ეს ერი შექმნა რუსულმა ხიშტმა და პოლიტიკურმა მზაკვრობამ. ბაგრატიონების მეფობა მოშალეს რუსებმა და ამით ქართველობას ნახტომი აქნევინეს. აქ რომ ისევ ყოფილიყო მეფის ტახტი, საჭირო იქნებოდა ანტიმონარქისტული აზრის გაჩენა. ათეულობით წელი გავიდოდა ქიშპსა და ლაყაფში.  ეს არ ითქმის ქართველ ისტორიკოსთა მიერ და ისინი გაუქმებული ტახტის ჭირისუფლობას ლამობენ თავისი წიგნებით. ეს არის შანტაჟი და სპეკულაცია. არა, გენატრებათ მეფე? ხომ ბევრზე ბევრი დაიწერა მეტად არტისტულად ამაზე 1989 წლიდან. გენატრებათ და აღადგინეთ. ვინ გიშლით ამას? მეფეზე ლაპარაკიც არის ქართული მაიმუნობა. მარტო იმ მიზნით ქექავენ წარსულის ფურცლებს, რომ რაიმე მოსამყრალები იპოვონ და წლები ლაყაფში გაავლიონ.

ქართველებს იმის თავი ჰქონდათ, რომ აჭარა და ახალციხის ვილაიეთი დაებრუნებინათ? ქართველი შეძლებდა ლეკიანობის აღმოფხვრას? სამცხის დაკარგვის მიზეზი თურქები კი არა, არამედ ტახტს განდგომილი ათაბაგები იყვნენ. თურქების მოსვლა და გამედგრება მერე იყო. ათაბაგების მეცადინობით წარუღეს თურქებმა ქართლს მისი სამხრეთი. ტახტის მემკვიდრეთა საგაზრდილო იყო მესხეთი და ჯავახეთი. ათაბაგი იყო მეფის გამზრდელი და მეორე კაცი სამეფოში. მეფის მოძღვრის სახელი- ათაბაგი იქცა მოღალატისა და მტრის დამძახებლის სახელად. დიდი ბრიყვობა იყო, რომ თამარის მეფობისას ათაბაგის სახელო დაწესდა და საათაბაგო იყო საქართველოს განაპირას, ყველაზე საშიშ საზღვართან. ბიზანტიის ჯიბრით გააკეთა ასე ტუტუცმა დედაკაცმა თამარმა, რომ მის მიერ დაწესებულ სახელოს თურქული სახელი ათაბაგი უწოდა. არა, თუ მესიანისტი ხარ, წადი და მოიმოწაფე თურქები, ქრისტეს შეუყენე და მერე იყოს ათაბაგის სახელო. თურქულ სასულთნოებზე ორიენტაცია გააგრძელა მისმა თახსირმა ასულმა რუსუდანმა. ერთხელ გაიმართა წელში ქართლოსიანთა მოდგმა დავით აღმაშენებლის მოღვაწებით და მერე უგუნურებით თავზე დაიმხო სამეფო. უბედური კაცი ყოფილა მეფე დავითი. რას ჩაუყარა ფუძე და რა მისმა ბადიშებმა ქნეს. ჯიბრში ედგნენ ბიზანტიას ეს თამარი და მისი შვილები. აკაკი ბაქრაძემ ამას ბიზანტინიზმისაგან თავდაღწევის პოლიტიკა უწოდა. მისი გამოისობით დამკვიდრდა თარსიანი მოჩვენება და არა უბრალოდ მცდარი აზრი ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამაზე სხვაგან ვიტყვი. თემურ-ლენგის შემდეგ შავად წავიდა საქართველოს საქმე და მოაქამდე ასეა. ახლა თბილისი აივსო ათასობით ათაბაგითა და სააკაძით, რომელთაც კიდევ ერთხელ ამოაგდეს ქართლი. ილიას დროის საქართველოს რუკა რომ შეადარო ახლანდელს, დაინახავ, რომ განახევრებულა ქვეყანა. ეს რამდენი მიწები დაკარგულა ერთ საუკუნეში. არა, ქართველს ამოეღება ხმა ეროვნულობაზე? წინა საუკუნეებშიც ასე იყო. შეუჩერებელ პროცესად იქცა მიწების დაკარგვა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს საქართველოს ტომების რიცხოვნება ნახევარ მილიონზე ნაკლები იყო. ბორჩალოელი მუსლიმები და საქართველოს სომხები ერთად აღებულნი უფრო მეტნი იყვნენ. ძმა ძმას არ მოექცეოდა ისე, როგორც რუსი ქართველს მოექცა. საბჭოთა დროსაც კი ახსოვდა ათეისტ რუსს, რომ ქართველიც ბიზანტიის მემკვიდრე იყო.  ქართველი პირველი უნდა ყოფილიყო დღეს რუსეთში. რუსეთი იყო მისი შენახვისა და განვითარების ალაგი. არსად სხვაგან არ გაიხარებს ქართველი რუსეთის გარდა. ქართველს არსად გაახარებენ უცხოეთში.  წავიდა რუსი 1991 წელს და საქართველო ეგრევე ბატონყმობას დაუბრუნდა. კი ჰქვია რესპუბლიკა, მაგრამ ბატონყმობაა ამ ქვეყანაში. დუნია მოიარა შევარდნაძემ, დემოკრატისა და ლიბერალის სახელი დაიგდო. 1992-ში მობრუნდა და ბატონყმობა დააკანონა. ეს აკურთხა ეკლესიამ და ამას იცავდა. ამიტომ ვთქვი ადრე, რომ საქართველო ისტორიის მიღმა დგას. ის გარიყულია მსოფლიო დროიდან. არაფერი საკუთარი მას არ აქვს. ყველაფერი სხვისი ჩაძახილითაა. განმანათლებლობის ბოლო საქართველოში არის თამაზ წივწივაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ტარიელ ჭანტურია და ასობით მათი ფერი დეკლასანტი, თავლაფდასხმული ინტელიგენტი, რომელნიც არ გაჩუმდებიან და ასე იქნებიან გაზეთს შეჩენილნი სამარის კარამდე. რას ერეკებიან, რა ამბავი უდგათ.

1991 წლის აგვისტოში მოიშალა საბჭოთა საიმპერიო ხელისუფლება და ეგრევე ამოხეთქა ქართველთა ზნემ. 91 წლის შემოდგომაზე რა ღვარძლის ზღვა დაგუბდა თბილისში. სუნთქვა აღარ შეიძლებოდა.რა დღეში იყვნენ ოპოზიციონერი მსახიობი, დისიდენტი, ინტელიგენტი. ჩათლახობის სიმფონია ისმოდა ყველგან. რას არ უგონებდნენ ზვიადს. არა, რა იყო 1991 წლის შემოდგომა თბილისში? ამძღნერებული სისხლის მქონე, ნაბიჭვრის ზნის ქართველნი დოვლათიანი, დალაგებული ქვეყნის  ამოსაგდებად მეცადინობდნენ. ქართველთა ლუსტრაცია მოხდა მათივე ეროვნული მოძრაობით. უკეთეს ლუსტრირებას ვერვინ მოიფიქრებდა. გაზეთს დააკვდა ქართველი, ტელევიზორის ცქერაში თვალი ამოუღამდა და მიტინგზე დაბერდა. ნოლია საქართველო. მყისვე ტომებად დაიფანტა ქართველობა რუსის წასვლით. აი ეს ინტელიგენცია შეძლებს იმას, რომ ეს ტომები ნაციად მოკრიბონ? რა ისეთი კულტურა შექმნება როდესმე საქართველოში, რომ ქვეყნის გამაერთიანებელი მისია ჰქონდეს? ადრე განმანათლებლურ პაიდეიასთან იყო დაკავშირებული თეატრი და კინო. მას აღმზრდელობითი მისია ჰქონდა. ახლა ასე აღარ იქნება. ქართული თეატრი და კინო დაიმარხა. ტყვილად მიძვრებიან უმეცარი მსახიობები პოლიტიკაში და ქვეყნის ჭირისუფლად იხატებიან. არ ჰყავს ქვეყანას  მოძღვრები. სიცრუეა ილიასა და მეფეებზე ამდენი ლაპარაკი. ითქმის, რომ „ფარნავაზმა გვიანდერძა…“. ფარნავაზმა რა გვიანდერძა? ბაგრატიონთა მეფეებს არ გახსენებიათ ფარნავაზი და მისი ნაანდერძევი არასოდეს. მათ დავით აღმაშენებელიც არ უხსენებიათ თავი ამდენ ნაწერებში. არა, ილიამაც გვიანდერძა, აკაკიმაც, შოთამაც, შუშანიკმაც. ამ ყალბი ლაპარაკით უნდათ შექმნან მემკვიდრეობითობის, ტრადიციულობის, ხსოვნის მოჩვენებითობა.

რუსთა ძალით ცხოვლობდა საქართველოში ევროპული განმანათლებლური პაიდეია. დამოუკიდებლად ქართველს რევოლუციური იდეა არ უშვია. აქ არასოდეს ყოფილა რელიგიური მოძრაობა თავადთა ან გლეხთა შორის. რუსეთთან შეერთების შემდეგ გაჩნდნენ ქართველი ნაროდნიკები, რევოლუციონერ-დემოკრატები და ა.შ.. დღეისთვის ქართული ლიბერტარიზმი ამერიკელების ჩაძახილით ცოცხლობს. რომ წავიდეს ამერიკელი, მთელი ეს პირამიდა ქართველი ლიბერალებისა უმალ ჩამოიქცევა. ილია, ნიკო ნიკოლაძე და სხვები ჩანდნენ მანამ, სანამ საქართველოს ჰქონდა მიმართება უნივერსულ იდეასთან, რუსულ იმპერიალიზმთან. იდეურ ცენტრირებას რუსი ახდენდა. მოიშალა ეს მიმართება და ვისთვის რაა ილია და მთელი ეს დასი თერგდალეულებისა? ხომ ევროპის იდეური ძმაა ილია, მაგრამ ვინ იცნობს მას ევროპაში? არტურ ლაისტი და ოლივერ უორდროპი თუ მიაწვდენდნენ ხმას მაშინდელ ევროპას, რომ საქართველოს ილია ჰყავდა. იდეური ძმა იყო ზვიადიც, მაგრამ ის გაწირა დასავლეთმა და მიივიწყა.

საქართველო რომ ყოფილიყო ბრიტანეთის იმპერიის კოლონია და ბოლშევიკები აქ არ შემოსულიყვნენ 1921 წელს, ბრიტანელები იმდენს არას გააკეთებდნენ ქართველთა ნაციის ჩამოყალიბებისათვის, რამდენიც რუსებმა გააკეთეს.მეფე იქნებოდა მარიონეტი. თავის მამულებზე აკანკალებული გვირგვინოსანი არაკაცი. არა, სხვა რა იქნებოდა? ბრიტანელების ბატონობისას აქ არ იქნებოდა ინდუსტრიალიზაცია. ეგრე არაა, როგორც ისტერიული ისტორიკოსი იქაჩება სამოძღვროდ და გაზეთებს თავისი ნაჭკუარით აყროლებს. ნახოს მან, როგორი იყო ბრიტანეთის პოლიტიკა კოლონიებში გასული საუკუნის დამდეგს.

ილიას ფეტიშიზების ახალ ტალღას XX საუკუნის 90-იანი წლების ეროვნულმა მოძრაობამ დაუდო საფუძველი. ქართველი დისიდენტებისათვის ილია ჭავჭავაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო ქარიზმატული სახელები. არადა, უკვე მაშინ, ახალ სინამდვილეს სხვაგვარი განაზრება ესაჭიროებოდა. ილიასა და ქაქუცას სახელებით იოლას გასვლა იმას ადასტურებდა, რომ დისიდენტებს მცირე თეორიული თვალსაწიერი ჰქონდათ. ისინი არ ხედავდნენ, რომ დასავლეთისათვის ილია და ქაქუცა არაფერი იყო. დისიდენტები ფიქრობდნენ, რომ ეს ორი სახელი საქართველოს  სამუდამოდ მიაბამდა დასავლეთს. 25 წელია რუსეთთან ჯიბრის გამო ამ ორ სახელს  აფეტიშებენ. ქართველნი ვერ იტანენ მართლის თქმას. ამ ორი სახელით ისინი თავის უმსგავსო ცხოვრებას მალავენ. ისტერიული პრეტენზიულობა აქ არ მოიშლება.

დიდი უაზრობაა ილიას სახელის გადმოტანა XXI საუკუნეში. უკვე გასული საუკუნის ბოლოს მოხდა ილიას პროფანაცია. ახლა კი თავს აჩვენებენ,რომ ილია სამუდამო და ერთადერთი ორიენტირია. ილიას არაფერი ისეთი არ უთქვამს საპოლიტიკოდ, რომ ეს დღეისთვის წარამარა მისათითები იყოს. ილიას არა უთქვამს რა საქართველოს დამოუკიდებლობაზე. მისი იდეა იყო ავტონომია რუსეთის იმპერიის ფარგლებში. ის ხედავდა რა შვილიც იყო საქართველო. არა, ილია არ ხედავდა და მაშ ვიღა ხედავდა? არც ილიას, არც აკაკი წერეთლის, არც ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი არ გამოდგება დღევანდელობისათვის და მით უმეტეს სამერმისოდ. ადრეც მითქვამს და აქაც კვლავ ვიტყვი, რომ ილია უნდა დაიძლიოს. სხვა ყაიდის განსჯაა საჭირო. სხვაგვარი დასობაა აუცილებელი. ქართველთ ამის თავი არ აქვთ. ისევ საგაზეთო სახიობითა და ყიამყრალობით ლამობენ ფონს გასვლას. ბევრს უთქვამს, რომ  „ილიამ გაგვზარდა“, „ილიელები მოვდივართ“. ილიასეული გაზრდილობა ვის რაში დაეტყო? ასეც ითქმის: „ქრისტესა და ილიას მცნებების დაცვა მიგვიყვანს ტაძრამდე!“. ეს ნათქვამი ისე წარმოაჩენს, რომ ილია საეკლესიო მოღვაწე იყო და ქრისტესათვის მოქალაქობდა , ვითარც ძველი დროის მამანი. ილია არ დადიოდა ეკლესიაში. რომ ევლო და რამე დაეწერა ეკლესიის მამებზე, მერე გეხილათ გაზეთების არტისტობა. კანტზე ან ჰეგელზე რომ დაეწერა ილიას ერთი წინადადება მაინც, მერე ფილოსოფოსობას მიაჩემებდნენ მას. არც   ვაჟა-ფშაველა დადიოდა ეკლესიაში. ილიას ქრისტიანობა საერო საქმისთვის უნდოდა. მას არა აქვს რა ნათქვამი ავტოკეფალიაზე, რაზეც მეტისმეტი ილაპარაკეს გასული საუკუნის 90-იან წლებში. ილიას წარმოჩინება ქართველ მესიანისტად უსინდისობაა. განა ბიზანტიის დროს ცხოვრობდა ეს კახელი ღარიბი თავადი. განმანათლებლური რევოლუციონიზმის დროს იყო იგი. მისით გაიზარდა. სულის ხმიადს ევროპელი მასონებისგან იღებდა და დეიზმთან ახლოს იდგა. დეიზმი და ათეიზმი იყო მაშინდელი აზროვნების მაინსტრიმი და ილიაც ამას მისდევდა. აქ დეიზმი სექტანტობა ჰგონიათ დღემდე. „გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება“. აი ასე წარმოედგინა ილიას რელიგია.

ქართველი პარაზიტობდა და ბლეფობდა საბჭოთა ცენზურის დროს. ცენზურის სიმკაცრე და აკრძალვათა სიმრავლე ქართველის ნაციონალისტურ პრეტენზიას ფასს სდებდა. ცენზურის მოშლამ კი ქართველის უსუსურობა გამოაჩინა. ახლა ის ვერვის აეკიდება და ვერ იპარაზიტებს. აღარ გამოვა ასე, რომ კვლავ თავი გაიარიფო, ერთ ხელში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათი დაიჭირო, მეორეში-ხატი და ყვირილით იარო ქუჩებში. ნოლია საქართველო. საქართველოში სიტყვა გაარაფრებულია და პრესის მისია ნეიტრალიზებულია თავად მის მესვეურთაგან. გაზეთს არ შეუძლია სამოჯანყო ნიშატის გაჩენა ხალხში. ქართველის გაზეთი ქვეყნის საწამლავადაა. გაზეთის ხელშეუხებლობა სიტყვის თავისუფლების პრინციპისგან კი არაა მომდინარე, არამედ ეს კეთროვანი მასხარბოზის ხელშეუხებლობაა. ვერბალური პროსტიტუცია არაა თავისუფალი აზრი. სხვა მონობის გარდა სიტყვების მონაა ქართველი.ის გარყვნა გაზეთმა და მიტინგმა. სიტყვებზეა დახურდავებული ყველაფერი. ბოღმის ბუღი და შურის ქარაშოტი დგას და აღარ დაცხრა. არაფრობა აღმოტყინარებულა და ქართველი გარეკილა, მკვდრებით თამაშში გამეცადინებულა. გინდა შენი ბილწი ცხოვრება საგაზეთო ხაფობითა და ენაცქაფობით გაასხვაფერო. ეს 90-იანების დასწყისში გაგიდიოდა. ახლა ასე ვეღარ. ჩაჯდება ვიღაც ბოღოჭელა კაცი გაზეთში და წლობით ყროლავს. შუაზე იხევა, ვითომ რამე ეყურება. უარესი კიდევ გაზეთის ქალია. მეძმურ-მეგიჟიანება ამდენი კეთროვანი. ვითომ სოკრატულად კამათობენ და არასოდეს მათი კამათის ბოლოს არ დადგენილა საგანთა რაობა. ვაი ძეებს, რომელთაც მამები გაზეთების მეტს არას უტოვებენ. დაარგოლეთ ეგ გაზეთები და ჩაითხარეთ ხახაში. ქართველის გულში ადუღებული ბაყლი თავის ფონეტიკას, ლექსიკას და სინტაქსისს მოითხოვს. ყოველი სიტყვა ასო ყ-ზე უნდა იწყებოდეს. განა მხოლოდ ეს. თითო სიტყვაში უნდა იყოს ორი და მეტი -ყ-. ქართველზე საცოდავი და სასაცილო ვინაა და ეს კიდევ სულ სხვა ხალხებს დასცინის. კიდევ კარგი, რომ ქართული არ იციან უცხოელებმა, თორემ გაოგნდებოდნენ ქართველთა რეგვენული ნაწერით. მტერს უმრავლებს ქართველთ მათივე ნაჯღაბნი. რაებს ჩმახავენ წლობით ეს ბითურები. სადამდე დავიდა ქართული პრესა.

ხომ ამბობენ, რომ გენიოსი იყო ილია? ვკითხავ მათ: ილიას ნაშრომებში არის რაიმე ისეთი, რომ თარგმნო დასავლურ ან აღმოსავლურ ენებზე და გაიტანო უცხოეთში? ილიას არავინ იცნობს ევროპაში ან აზიაში. XIX საუკუნის   ქართველი განმანათლებლების მთელ ამ დასს არავინ იცნობს. რომც გაიტანო  მათი რჩეული ნაწერები, არავინ წაიკითხავს. ასეთი დასები ევროპის ყველა დიდ და მცირე ქვეყანას თავისი ჰყავდა. სადაც ევროპეიზმი იყო, იქაც თვ-თავისი დასები ჰყავდათ. ასე იყო უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში და სხვაგან. ილია ადგილობრივი, მხოლოდ ქართული მასშტაბის  მოვლენაა. არტურ ლაისტისა და უორდროპების დაკავშირება ილიასთან ვერ დაასაბუთებს, რომ ილიას მოღვაწეობა ევროპული მოვლენა იყო. ის ასპარეზზე გამოვიდა მაშინ, როდესაც წიგნის წამკითხველნი მხოლოდ ბერები იყვნენ. წერა-კითხვა თავადმაც აღარ იცოდა და არც თაკილობდა.

ილიას გამო ყოველივე ზემოთთქმულის გააზრება საჩინოჰყოფს ერთ რამეს: ილიას გაფეტიშებაზე უარესი იყო მისი წმინდანად შერაცხვა. არ იყო ილია დიდი მორწმუნე. იგი მუდამ საერო კაცი იყო. ილიას წმინდანად შერაცხვას დაეკისრა ქართველთა გამაერთიანებელი მისია, რომელიც ვერ განხორციელდა. ამაზე ვერვისთან ილაპარაკებ. საძაგლობაა ქართველთა დიდგულობა და ფეთიანობა. ამან გაუჩინა საქართველოს ბევრი მტერი უწინაც და ახლაც.

გერონტი ქიქოძემ თქვა ილიაზე: „…მას არ სჭირდება იკონოგრაფიულად დახატვა საშუალო საუკუნეების წმინდანებივით. ეს მისი სახელის შეურაცხყოფაც იქნებოდა და შეუფერებელიც ჩვენი თაობისათვის, რომელიც ვაჟკაცურად გულწრფელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს თავისთავისა და თავის წინამორბედების დაფასებაში.  …ცნობილია, რომ ის ადვილად ვერ იტანდა  შეპასუხებას…თავის გარშემო მაინც ისეთ თანამშრომლებს იკრებდა, რომელნიც სიტყვის შეუბრუნებლად ემორჩილებოდნენ მის ნებისყოფას. ის ყოველთვის სამართლიანი არ იყო თავისი მოწინააღმდეგეებისადმი…“(გ.ქიქოძე, რჩეული თხზულებანი, ტ.1, თბ.1963, გვ.124).

გერონტი ქიქოძე, ისეთივე გამონაკლისი იყო, როგორც პავლე ინგოროყვა. ის ლიხსიქიდან გადმოსული ქართველი იყო და არა თბილისელი გურული. ვფიქრობ,   რომ მას დაეჯერება ილიაზე მსჯელობაში. არ იყო ილია ისეთი მორწმუნე, რომ მისი კანონიზება მომხდარიყო. მის ნაწერებში ვერვინ აღმოაჩენს განსაკუთრებულ სარწმუნოებრივ ინტენციასა და ინტერესს ჰაგიოგრაფიისა და საეკლესიო დოგმატიკისადმი. ილია არ სწყალობდა ძველ ქართულ ენას. მან არც იცოდა ეს ენა რიგიანად და მას ავი თვალით უცქერდა. რახან მან წარმოთქვა „მამული, ენა, სარწმუნოება“, ეს არ ნიშნავს მის ეკლესიურობას. ამას ილიასეული სამება დაარქვეს და დაუკავშირეს სამების დოგმატს. როგორ მოხდა მოსამართლის, ბანკირის, პუბლიცისტის, გაზეთის გამომცემლის, მწერლის საკრალიზება და კანონიზება? ამას ერთობ წაეხმარა ილიას მკვლელობა. აიზეკ ნიუტონს ბევრი უწერია მეორედ მოსვლასა და სამების საკითხებზე, მაგრამ ძნელია ამის გამო მისი წმინდანად შერაცხვა. ფიზიკაზე იმდენს არ ფიქრობდა ნიუტონი, რამდენსაც ბოლო ჟამის მოსვლაზე.ზვიად გამსახურდია დიდად ინტერესდებოდა თეოლოგიით, პატრისტიკით, სპირიტუალიზმით. ის იყო ჭეშმარიტი მოესავი ქრისტესი. ის იყო ქართველთა მესიანიზმის ფუძემდებელი უახლეს დროში. მას ურიოშოდ უყვარდა ქართველების მოდგმა, რჩევა არ იცოდა საქართველოს ტომებში. ყველას გულით ჰყვარობდა. ბევრი მისი მცდარი ნაბიჯი სწორედ მოყვასისადმი რწმენამ განაპირობა. მას სხვების ქრისტესმიერობისა სწამდა. ზვიად გამსახურდიამ ქართველებს ის პატივი დასდო, რისი ღირსნიც ისინი არ იყვნენ. ყოველივე ამის მიუხედავად, ზვიადის წმინდანად შერაცხვა მაინც არ მიმაჩნია სწორად. არადა, ყველაფერი მის კანონიზებას უწყობს ხელს, რადგან ქართველებში ვერ იშვა ქართველთმოყვარე ბელადი, რადგან  ქართველთა უახლოესი წარსული და აწმყო საძაგელია. აი უნდა შეიგინო და დაიწყევლო უკან მოხედვისას. ზვიადი  საერო კაცი იყო. არავინაა მცირედ მაინც მისი მსგავსი პოლიტიკოსთა სიმრავლის მიუხედავად. არავის უყვარს ქართველ პოლიტიკოსთა შორის ქართველები არც ქრისტესმიერი სიყვარულით, არც როგორც თავისი მოდგმა . ხომ ჩანს, ესენი რანიც არიან. ეს უწყობს ხელს ზვიადის სახელის სულ უფრო მაღლა ატანას. ჩაიარა 1992-2003 წლების სიგიჟემ და არავის მოუთხოვია ეროვნული მოძრაობის დასთაგან ზვიადის სიკვდილის გამოძიება 2004-10 წლებში. ეს საქმე არ დაძრულა 2010 წლამდე. რომელიმე უცხოურმა ჰუმანისტურმა ორგანიზაციამ მოითხოვა მისი სიკვდილის გამოძიება? რომელიმე უცხოელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა სინანული, რომ ზვიადი, როგორც დასავლეთის იდეური მოძმე, მოკლეს? არ ემუქრება მათ კარიერას საფრთხე, წლები გამოხდა და მაინც დუმან. რა დასავლურ დემოკრატიაზე და მის მორალზეა ლაპარაკი? ან გენშერმა, ან ბეიკერმა და იმ დროის სხვა პოლიტიკოსებმა თქვეს რაიმე ზვიადზე?

კიდევ ერთხელ ვამბობ მისთვის, ვისაც უჭირს პროფანირებული ილიასგან თავის დახსნა. თავისი სიკვდილით მომკვდარი ილია დღეს მცირედ გასახსენებელი იქნებოდა. იყო პირველი პანევროპული ომი, შემდეგ რევოლუციები. იყო ჟორდანიას მთავრობის სერვილიზმი და ევროპელი კოლონიალისტების თარეში საქართველოში. იყო სამოქალაქო ომი რუსეთში და საქართველოს, როგორც ევროპელი იმპერიალისტების დასაყრდენის დაპყრობა ბოლშევიკების მიერ. ეს მოვლენები ილიას სიბერით სიკვდილს დავიწყების სილით დაფარავდა. ილიას შეთქმულთაგან სიკვდილმა კი საქართველო გამოაჩინა ტანჯულად. XX საუკუნის 40-იან წლებში ბოლშევიკები და პირადად სტალინი იყვნენ ილიას გამო გამოძიებისა და სასამართლოს მომწყობნი. ქართველებს ეს არ გამოუძიებიათ არც ჟორდანიას მთავრობის დროს, არც მანამდე. ეს აღარ აგონდებოდათ საქართველოში. ქართველ თავადებს თავადი ილია არ მოუსაკლისებიათ არასოდეს 1908-24 წლებში. ეს  შეუვალი ფაქტია.

ბევრჯერ მოუხმიათ ვაჟა-ფშაველას ნათქვამი: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოჰკლავენ.“ მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ვაჟამ სხვაც თქვა ქართველებსა და საქართველოზე, რასაც აღარ ახსენებენ. ვაჟა-ფშაველამ ასე თქვა, რომ ეს „ …მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა…რევოლუციის სახელით. საბრალო, საწყალო რევოლუციავ ჩვენს ხელში.“ ( ვაჟა-ფშაველა. „ვერ მოჰკლეს“. 1907 წ.).

ქართველთა მიდრეკილება საგაზეთო მემყრალეობისკენ სულის უღონობისა და აზრის სიმწირისაგან მომდინარეობს. ასე იყო და ახლა ხომ არის და არის ასე. ილია თავისი ბანკირობისას კაპიკს კაპიკზე დებდა,რომ ამ ფულით სოფლად და ქალაქად უკეთესობა ყოფილიყო. ახლა საქართველოს ასობით მილიონერი ჰყავს და ისინი მხოლოდ თავის ჭიას ახარებენ ბანკებისა და ჭრელჭრული ჟურნალ-გაზეთების დაფუძნებით. თავადი ხომ იყო საქართველოში დაუნდობელი მუქთახორა. უარესი გამოდგა მდაბიორთაგან გამოსული ლიბერტინი ნუვორიში. ამან გააბათილა განმანათლებლური იდეა და მრავალი ევროპელი მწერლის ნაწიგნი, რომ მდაბიორნი დიდ სათნოებას იუნჯებდნენ. მის გამოვლენაში კი მათ ხელს უშლიდათ მონარქიული წყობილება. დღეისთვის რევოლუციური ლიბერტინაჟის ილუზია საბოლოოდ გაქრა.

მასონურ – განმანათლებლურ ანთროპოდიცეას ევროპეიზებულ ქვეყნებში დაუკავშირდა ადგილობრივი განმანათლებლების მოღვაწეობა. თავისებური მითოლოგიზაცია მოხდა მათი სახელებისა. ასეთივე მითოლოგიზება და საკრალიზება ხდებოდა შუა საუკუნეებში, როდესაც საეკლესიო ავტორები ყოველთვის ღვთივშთაგონებულ მოღვაწეებად და წმინდანებად მიიჩნეოდნენ. აი ამ წესს შეებრძოლა განმანათლებლობა და ღვაწლის დაფასების თავისი სტანდარტი გაავრცელა ყველგან. უკრაინელთათვის გენიალურია ტარას შევჩენკო, საქართველოში გენიალურია ილია ჭავჭავაძე. სომხეთში, აზერბაიჯანში თავის განმანათლებლებზე (XIX საუკუნის)  ამბობენ, რომ გენიალურნი იყვნენ. განმანათლებლობის იდეებს ზიარება გენიალობას დაუკავშირდა. იქ, ევროპაში ვოლტერზე, რუსოზე, გოეთეზე ითქვა, რომ გენიალურნი იყვნენ. აქ – ადგილობრივ მწერლებსა და პოეტებზე. მთავარი იყო, რომ მოღვაწე ამოდიოდა ფრანგული განმანათლებლობის პრინციპებიდან. ილია ჭავჭავაძე იყო რუსული განმანათლებლობის ქართულენოვანი გამოვლენა. თერგდალეულთა დასმა რუსეთიდან წამოიღო ჩერნიშევსკის, დობროლიუბოვის, გერცენის,პისარევის იდეები. ტოლსტოის და დოსტოევსკის, ვლადიმირ სოლოვიოვს ქართველნი ვერ შესწვდნენ. პოლიტიკური ბროშურების დონე უფრო გასაგები აღმოჩნდა. ილია არ ყოფილა გენიალური მწერალი და პოეტი. ვაჟა-ფშაველასთან ახლოს ვერ მივა ილია, როგორც მწერალი. ევროპელთათვის მთელი დასი თერგდალეულებისა და ასევე ქართველი მარქსისტებისა დიდს არას წარმოადგენს. ეს მათთვის არის მხოლოდ ეპიგონობა მათივე იდეებისა. თერგდალეულთა დასი მხოლოდ საქართველოშია ღირებული. ასეთი დასი კავკასიაში სომხეთს თავისი ჰყავდა, აზერბაიჯანს- თავისი. იქაც მეორდება შაბლონები საბჭოთა დროიდან დაწყებული. იქაურ მოღვაწეთა სახელების მიმდინარე ლიბერალ-კაპიტალიზმთან დაკავშირება ხდება. აი ამიტომ სისულელეა, როდესაც ითქმის, რომ  „ილიალოგიას საერთაშორისო სტატუსი უნდა მივანიჭოთ“.  ილიალოგია არის სამუზეუმო ექსპონატი ქართველთათვის და სხვა არავისთვის. ნუ მოტყუვდება მკითხველი იმით, რომ დღესაც უამრავი რამ იწერება ილიაზე, წარამარა წარმოითქმის ილიასეული ტრიადა „მამული, ენა, სარწმუნოება“. ის ევროპეიზმი, რამაც წარმოშვა თერგდალეულნი და მთლიანად XIX საუკუნის ქართველთა მოძრაობა,  დასრულებულია თავად ევროპელთა მიერ. ახლაც ბრუნდებიან უცხოეთში ნასწავლი ქართველნი და არანაირ იდეურ მოძრაობას ისინი არ დაიწყებენ, თუნდაც სულ დანელდეს საქართველო. მაშინ, XIX – XX საუკუნეების მიჯნაზე,  ქართველთა პოლიტიკური დისკურსი პარაზიტირებდა განმანათლებლური ევროპეიზმის დიდრონ სხეულზე. იქ, ევროპაში აზრთა ჭიდილი იყო, რომელმაც შეაზანზარა  კაპიტალიზმის ბურჯები. სოციალისტური ინტერნაციონალი მსოფლიოს ყველა ხალხისათვის მესიანისტობდა. ეს არ იყო პრივატიზებული და სეგრეგირებული იდეა. ახლა ასე აღარ არის. დასავლური მესიანიზმი თავისი ჰაბიტუსით უფრო თორასეულია, ვიდრე ქრისტიანული. საქართველოში ვერ მოიშალეს დეკლარაციებით თავის გაგიჟება და მალემრწმენობა. დასავლეთი დღეს არის აკანკალებული მოანგარიშეებისა და კრიჟანგების მხარე. აქ მოხდა დიდი სუბორდინირება და რანჟირება მქონებლობაზე მიხედვით. დიდ, საყოველთაო იდეას დასავლეთი აღარ წარმოშობს. იქ, სადაც მხოლოდ პურით ცხონდა კაცი, მესიანისტური იდეა აღარ აღჩინდება. დასავლეთის ყველა მტკიცება მის ქრისტიანულობაზე არის პოლიტიკური   ბლეფი.

საქართველოში კი დამოუკიდებლად ვერვინ შეძლებს ისეთი ახალი იდეის შექმნას, რომ მას ემსახუროს დიდი დასი წიგნიერი კაცებისა. ეს რომ საქართველოში გააზრებული იყოს, აღარ იჩიფჩიფებდნენ, რომ ილია გვინდა. რომც მოვიდეს ქართველთმოყვარე ერისკაცი, ვინ გაუგონებს მას ამ საბილწედ ქცეულ ქვეყანაში?

ქართველმა არ იცის ძალთა მოკრება ზეაღსასვლელად. დიდად სანიშნოა, რომ ამდენი რამ დაიწერა და მონუმენტური ტექსტი კი მაინც ვერაფერია. ესეც ისევ ილიას     პროფანაციას აცხოველებს. ქართველმა შეითვისა ეს შმორიანი ჰორიზონტალი, როცა ყველაფერი ერთად ჩაყრილია სამშობლოდ წოდებულ ჯღანების კიდობანში. აქ ფუთფუთებს უამრავი ჭიაღუა, დიდი წილი რომ დაიდეს ყოველივეს წაწყმედაში.    ისინი მოგონებებს ეძლევიან და მამულზე ბჭობენ. თუ ყოველივე გაარაფრდა, რაღა აზრი აქვს ან მოგონებებს, ან მამულზე ბჭობას? ვისთვისღა ითქმის? ქართველს რომ ამდენი ესმოდეს, თავის შლეგურ ზნეს რკინის სადავეებით დაიჭერდა. ამ მოგონებებით, ამ წიგნუკელებით ვიეთნი თავის სიცოცხლეს შეჰხარიან. ქართველს ხტუნვა-ხტუნვით ცხოვრება სურს, რომ ვინმეს აეკიდოს ზურგზე და იპარაზიტოს.     რუსი მეტად აღარ გამოიჩენს გულუხვობას. ამდენი უმადურობის შემდეგ მანაც  ისწავლა ანგარიში. აქ ვასრულებ ილიაზე განსჯას.

მაისი, 2012 წ.

Advertisements

5 thoughts on “რა არის ეგვიპტიდან გამოსვლა ქართველთათვის?

  1. დიდი მადლობა ამ დაუნდობელი და მომაკვდინებელი სტატიისათვის!

    ვისაც სიკვდილი არ შეუძლია, ის ვერც დაბადებას შესძლებს.
    მე, ყველა ქართველს, მაინც მინდა იმედიანად დავრჩე, ვუსურვებდი სიკვდილის უნარს…

    კიდევ, ერთ-ორი ასეთი ალიყური და იქნებ, ამან მაინც გამოაფხიზლოს ეს, სიყალბის ნარკოტიკებით გაბრუებული ქართველი ხალხი.

    მაგრამ ფაქტია, რომ აქ სიმართლე არავის სჭირდება… სირაქლემასავით უმალ უდაბნოს ქვიშაში ჩარგავენ თავებს. ოღონდ “ეს” არა…

    კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!

  2. თამარ მეფის დროს შოთა რუსთაველი გაიქცა საქართველოდან.. არ მჯერა რომ ის აყვავებული საქართველოს, საქართველოს ოქროს ხანას გაექცა და გადაიკარგა.. არ მჯერა.. ეს შოთა რუსთაველის სიტყვებია;” კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია, სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია”.. სწორედ ამ ავს და ჭირს გაექცა საქართველოდან შოთა და სული დალია უცხო ქვეყანაში.. შოთა გაექცა ქაჯებს.. მან ქაჯები მხოლოდ საკუთარ ოცნებაში, საკუთარ შემოქმედებაში დაამარცხა და არა რეალურ , ხელშესახებ საქართველოში.. დღეს საქართველოში ისევ ქაჯები, ურაპატრიოტი “ლიბერალები” და ფაშისტები ზეიმობენ, ისევ ისინი ტივტივებენ წყლის ზედაპირზე ნაგავივით.. როგორც კოტე იტყოდა “ქაჯობამ ისევ გვაჯობა”!.. და ეს ქაჯები არიან სწორედ იმ ქაჯეთის ციხიდან.. და საერთოდ საქართველო არის და იყო ყოველთვის ის ქაჯეთის ციხე, რომელიც რუსთაველმა “ვეფხისტყაოსანში” გადმოსცა.. საქართველო არის ქაჯეთის ციხე.. ახლა მტავარია ეს გაიგონ და გაიზარონ ქაჯებმა, რომ საკუთარ თავებისგან , ქაჯობებისგან განთავისუფლდნენ.
    პატივისცემით
    ხატია შიუკაშვილი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s