ბედისწერისა და ნების თავისუფლებისათვის


  მეორე, განვრცობილი ვერსია

 

საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარი (დაიბ. 1935 წელს)  შიიტი ღვთისმეტყველია ქალაქ ყუმიდან. ის არის აწ განსვენებული აიათოლა საიიდ ალი ასღარ ლარის შვილი.   ვაქვეყნებ  ნაწყვეტს ბედისწერასა და ნების თავისუფლებაზე   მისი რუსულად  გამოცემული  ცნობილი  წიგნიდან   Бог и Его атрибуты. Лекции по мусульманской догматике, რომელიც გამოცემულია ისლამური ცენტრის ირშადის მიერ 2004 წელს. ყუმელი ღვთისმეტყველის შრომები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ესპანურ, გერმანულ და ურდუს ენებზე.  საიიდ მუჯთაბა მუსავი ლარის საიტია: http://www.musavilari.org      

ვფიქრობ, რომ ღვთისმეტყველური ფილოსოფიით შემსჭვალული  მეძიებელი მკითხველისათვის საგულისხმოა ის ძველისძველი შებრკოლების ქვა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერც ერთი რელიგია, ვერც ერთი ფილოსოფიური მოძღვრება. ეს არის წინასწარდადგენილებისა (предустановление) და წინასწარგანსაზღვრულობის (предопределение)  ანუ ბედისწერის საკითხი, რომელთანაც არსობრივად დაკავშირებულია  liberum  arbitrium-ის (თავისუფალი არჩევანი) პრობლემა. არის მშვენიერი ძველრუსული სიტყვა юдоль, რაიც კაცის სავარამო ბედს აღნიშნავს. ბედის აღმნიშვნელი სხვა ძველი სიტყვაა жребий. არაბულში რამდენიმე სიტყვაა ბედისწერის  აღსანიშნად: ალ-ყადრ, ალ-ჰაკკა, ად-დაჰრ (ეს სიტყვა ჟამსა და უბედობასაც აღნიშნავს), ალ-კარი’ა.  ძველქართულში მოწევნადის აღსანიშნად გებული სიტყვები „ყირანი“ და „აჯალი“ არაბული წარმოშობისაა. ბედკეთილობასთან,  სვესთან და მადლთან (მადლიც არაბული წარმოშობისაა)  დაკავშირებულია ქართულში დამკვიდრებული ასევე არაბული სიტყვები „იღბალი“,  „ყისმათი“, „ხეირი“ და „ბარაქა“. სიტყვა ყადრიც დამკვიდრდა ქართულში, მაგრამ მან სხვა მნიშვნელობა შეიძინა. ძველ ქართულში ბედის აღმნიშვნელია სიტყვები „ეტლი“ და არაბული წარმოშობის  „ვარდი“. ბედს გულისხმობს სიტყვა „ჟამი“, რომელიც სომხურშიც არის. სიტყვა ჭირი ასევე მქონობს ავი ბედის, ბედნავსობის მნიშვნელობას. ამ აზრითაა დავით გურამიშვილთან ლექსემა „ქართლის ჭირი“. ბედთან დაკავშირებულია ასევე არაქართული სიტყვები „ნავსი“ და „თარსი“. ქრისტიანიზებულ ბერძნულში „კაიროს“ ნიშნავს პერსონული მოსაწევნის ჟამს. სახარებაში ქრისტეზეა ნათქვამი, რომ ეძიებდეს მას შეპყრობად და არა ვინ დაჰსხნა მას ხელნი, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი მისი (იოანე. 7: 30). თავად რაბი იესუ ბევრგან იტყვის, რომ ჟამი ჩემი ჯერ არ მოწევნულ არს.  ეს არის ქრისტეს კაიროსი. ევკაირია კი ნიშნავს ხელსაყრელი შესაძლებლობის დადგომას, ყისმათის გამოჩენას.  სუფიური თხზულება „ათასი და ერთი ღამე“ ბევრჯერ ახსენებს ბედსა და ხვედრს. ბერძნულად ეს არის თესპესიოს, ადრასტეია,  ჰეიმარმენე, ანანკე, ტიქე და მოირა (თეია მოირა ნიშნავს ღვთიურ ნიჭს). ბედისწერის ქალღმერთი ანანკე მოირების დედაა. ის ღმერთებზე აღმატებულია. პლატონთან ეს განიხილება. აუტომატია არის შემთხვევითობის ელინური ქალღმერთი, რომელიც მიმართებაშია ბედისწერასთან. ავტომატი საუკუნეების შემდეგ დაერქვა თვითმოქმედ მანქანას და აღარ ახსენდებათ, რომ ეს ქალღმერთის სახელია. ადრასტეია ღვთაებაა ბერძნულ პანთეონში. მასზე პლატონიც უბნობს „ ფედროსში“.  ადრასტეია სადაც არის, იქვეა შურისგების ქალღმერთი ნემეზიდაც. ნიუქსის (ღამის ქალღმერთი) შვილთაგანი იყვნენ მოროსი (ბედისწერა),  კერი (ბედისწერა), თანატოსი (სიკვდილი). ნემესისიც (შურისგება) ნიუქსის შვილია. ღამემ შვა ისინი და არა დღემ. დიადია ღამე და მემითეებზე უკეთ ეს ვინ უწყოდა?  ჰაიდეგერს თავის პოლილოგში  Aus einem Feldweggespräch über das Denken (1944-5)  (თემშარის საუბრიდან აზროვნებისთვის) ნათქვამი აქვს, რომ კაცში მშთარი ყრმისათვის ღამე მიწყივ ვარსკვლავთა მკერავია და იგი მკერავი ჰკერავს ნაკერ- ნაწიბურებისა და  ძაფის გარეშე (Für das Kind im Menschen bleibt die Nacht die Näherin der Sterne. Sie fügt zusammen ohne Naht und Saum und Zwirn). სულის სახარელი სიტყვა უთვამს ჰაიდეგერს ღამეზე. მისი სიტყვით დაისკვნის სიბრძნის მძებრი, რომ უკერველის  მკერავია ღამე. სიტყვათა თამაშში- Nahe (ახლოობა), Näherin (მკერავი), Nacht (ღამე) ჰაიდეგერი წარმოაჩენს, რომ ღამე აახლოვებს კაცს იმასთან, რისი დახელთებაც ფრიად ძნელია. თავისი ენის მოგვი იყო ჰაიდეგერი და მან ენის შესაძლებლობანი ისე წარმოაჩინა, როგორც სხვამ ვერვინ.

დიადია ღამე და კაცმა ეს თავისი გულით უნდა იგზნოს, რათა ეს თქვას. მცირედნი არიან, ვინც იტყვის – ჩემია ღამე და მე ღამისა ვარ, ბნელთ შევსაკუთრებივარ და გულით ვემისები წყვდიადს. მე თავად ღამე ვარ და წმინდა მხეცი მასშიგან. ღამის წიაღში ვარ მეცნიერ, ვითარცა გველი და უმანკო, ვითარცა ტრედი, გარნა ვერვინ შემიტყობს ამას სამოყვასოში. ღამის წყვდიადში დვრინავს უფსკრულის მადლი. მისით შეჰკითხავ ნივთთა მაარსს იმას, რაიც არვის უკითხავს მისთვის ადამის მოდგმაში. ვინც წყვდიადს ემისა, მისი თვალის ქუთუთოზე ღამე ვერ მძლავრობს და ძილად ვერ მიჰხდის მას. იგი მსასოოვარი მძებრი გულით ეგებება ღამეს, ვით წმინდა ნადირი და მონადირე. მისთვის одна ночь глубиннее тысячи дней. უბიწო მაქციაა იგი მოყვასთა შორის და სიტყვა არაა, რაიც მის ეულობას გამოსთქვამდა. სასჯელია მისთვის კაცთა შორის გება. ვერსად ვერვის ეტყვის იგი თავის ჯავრზე.  „ბჰაგავად-გიტაში“ არჯუნას ეწოდება ძილის მძლეველი. უფრო ბევრად უწინ მიღმეთში მყოფიარე უკვდავების მძებნ გილგამეშს უხამს დიდი მოფხიზლარობა. იესუ შუაღამის სასიძოა. ღამეულ ჟამს ხდება მისი ფერისცვალება. მისი მოწაფენი კი ამ დროს ძილად მივარდნილნი ჰგიან. აღვიძებდა მათ რაბი და ისევ იძინებდნენ.

წინასწარგანჭვრეტა ბერძენთამებრ არის პროლეფსისი, პრონოია, პროგნოზისი. ამ ბოლო სიტყვას აქვს მიზნის მნიშვნელობაც. თეიაზმოს  ნიშნავს წინასწარმეტყველებას.   ტო პეპრომენონ  ასევე ბედისწერას ნიშნავს. ბერძნულს მეტად ბევრი სიტყვები მოეძევება ღმრთის მოსწავების აღსანიშნად. თესპატოს, თეოპროპიონ და თესპიოდოს გამოხატავს მოსაწევნს, ღმერთის ნების ვლენას. სახარებისეულ ბერძნულში ღამის აღსანიშნავად დარჩა სიტყვა ნიუქსი. ნემეზიდას მაგიერ კი მოიხმარება სიტყვები – მისთაპოდოსია, ანტიმისთია და ანთაპოდომა. ბევრს ეცადა ქრისტეს შემდგარი ბერძენი, რომ ელინური ღმერთების სახსენებელი გაექრო. სიტყვა „მითოსს“ სახარებაში მიენიჭა იგავის, არაკის, გამონაგონის მნიშვნელობა. ფილოსოფიაზე  პავლე მოციქულის ნათქვამის ძალით ელინური აზროვნება დამცირდა და შეჩვენდა ეკლესიის მამებთან. ქრისტიანობა თავად იქცა მითის გაგრძელებად, ახალ მემითეობად. ახალ აღთქმაში უფალს ეწოდება კარდიოგნოსტეს – გულთამცნობელი. აქვე კაცის წილი აღინიშნება სიტყვით „კლეროს“. სიტყვა „ქარის“ ნიშნავს ღვთის მადლს, ღვთის ვლენასა და გებას. აქედანაა წარმომდგარი „ქარიზმა“, რაც ღვთის ნიჭს ნიშნავს. სახარებისეულ ბერძნულში დარჩა სიტყვა „პითონ“, რაც წინასწარმეტყველების სულს, ნიჭს ნიშნავს. პითონ აქვე (ქრისტიანიზებულ ბერძნულში) ნიშნავს მოწევნადის განმჭვრეტ მისან ღვთაებას, რომელსაც ასევე ეწოდება დაიმონიონ მანტეიონ. მანტეიის (მისნობა) ლათინური შესატყვისი არის  divinatio.  თეომანტიკოს ნიშნავს ღმრთისაგან შთაგონებულს. სიტყვა „პითონ“ ძირეულად უკავშირდება ელინურ მითოსსა და ღმერთებს. პითონი ღმერთის წმინდა გველია, დიდი დრაკონია, რომელიც ასევე ღმერთმა, აპოლონმა მოაშთო. ამის გამო აპოლონს ზევსისგან ცხრაწლიანი ეპიტიმია დაედო. ის ნახირს მწყემსავდა. პითია დელფოსის აპოლონის მისანი ქალწულია. პითიას ლათინური შესატყვისია divina. აპოლონის ერთ-ერთი ეპიკლესია (ზედწოდება) მოირაგეტოს (ბედის გამრიგე). აპოლონი წინათმცნობელი ღმერთია. პითონის მოშთობის გამო აპოლონის სინანულის დღესასწაულებს ეწოდება დაფნეფორია. პითიური ასპარეზობანი ოლიმპიურ ასპარეზობათა გვერდით პანელინური მნიშვნელობისა იყო. ფილოსოფოს პითაგორას დაბადებაც პითიას მიერ იყო ნამისნი და სახელიც ამის მიხედვით ეწოდა ამ მოაზროვნეს. მოსწავებით ( პლატონთან მოსწავება არის ევფემია, ლათინურად ეს არის omen)  შეუტყო პითიამ, რომ ამ ყრმას დიდ ფილოსოფოსად გახდომა ეწერა. პითაგორიზმი პლატონის ტაძრის კუთხის ქვაა.

ბერძნული ტრაგედია კაცის ბედისწერასთან ჭიდილს ასახავს. ოიდიპოს მეფის ხვედრი წინასწარ დადგენილია ტრაგიკოს სოფოკლესთან (ძვ.წ. მიახლ. 496-406). ბერძნულმა ტრაგედიამ ფრანგ კლასიკოსებთან (ჟან რასინი, პიერ კორნელი, ნიკოლა ბუალო) ჰპოვა გაგრძელება.  XVII  საუკუნის  ფრანგული ტრაგედია იყო არისტოკრატიული. ის გულისხმობს გმირობას. არისტოკრატი დასტურდება ჰეროიზმით. ფრანგული კლასიცისტური თეატრი არის არისტოკრატის ჰეროსული მოქმედება. ჰეროსი ებრძვის ბედისწერას, ღმერთებს და ამ ბრძოლაში ის ამაღლებულია, კეთილშობილებით გამორჩეულია. მხოლოდ არისტოკრატის ხვედრია ასეთი ბრძოლა და არა მდაბიორისა. დიდი უბედურება არისტოკრატის ბედისწერაა. არისტოკრატი ავლენს არისტოფანიას ბედისწერასთან, ტრაგიკულთან მიმთხვევისას. საკუთარი ტრაგიკული ყოფნობის შეგნება მხოლოდ კეთილშობილ კაცს ძალუძს. Roturier-ს (მდაბიორი) ეს არ შეუძლია და აქ არა მხოლოდ მისი  სოციალური სტატუსი, არამედ მისი ხვედრი იჩენს თავს. კლასიციზმმა იდეალად დასახა არისტოფანიის მვლენი ადამიანი. ეს არის არისტოკრატიული პრედესტინაციონიზმი ხელოვნებაში. ტრაგიკულის წინაშე წარმდგარი კაცი ამაღლდება სულიერად. უბედურება, ტაპეინოზისი (დამცირება) (ლათინურად  imminutio, inopia)  ახდენს ადამიანის ლუსტრირებას (განწმენდა). იიობ ყუცელის ამბავი ამაზეა. ლათინური lustratio-ს ბერძნული შესატყვისია კათარზისი ანუ აგნიზმოს. ამ ბოლო სიტყვაში ცეცხლით განწმენდა იგულისხმება. უსვეობასა შინა დაგვა, შინაგანი გვემა არის ის ცეცხლი, რომელიც განწმენდს. აგნეია ნიშნავს სიწმინდეს, უბიწობას, ასევე რელიგიურ განწმენდას. ვედური ღვთაება აგნი ცეცხლია, ელვაა და მზეც არის. სადაც მსხვერპლი იწირვის ბრაჰმანთა მიერ, აგნიც მიწყივ მუნ ჰგია სამსხვერპლო ცეცხლად. თავად აგნია ბრაჰმანთა ბრაჰმანი. ის ყველგან და ყოველთა შინა გებადია და ამად არის მისი ერთ-ერთი ეპითეტი ჯატავედას – ყოველთა მეცანი. აგნის თავად ღმერთები უწოდებენ ჯატავედასს კენა უპანიშადას მესამე თავში.  მან იცის ყოვლიართა წინა გარდასხეულებების ხვედრი. ზორვისას ჰოტრი (მიმხადელი ბრაჰმანი) მოუხმობს მას, ადჰვარიუ (მზორველი ბრაჰმანი) კი ზორვას აღასრულებს. სადასიაც (უზენაესი ბრაჰმანი) მუნ ჰგია და შესაწირის მირთმევის წესთამებრ აღსრულებას ჭვრეტს. ყველა ზორვას ახლავს აგნი, იქნება ეს აგნიჰოტრა, ჰომა, სომასანსტჰა და სხვა.  აგნი ეხვაიშნება კაცთ წინაშე ღმერთთა. რიგვედაში აგნის 200-მდე ჰიმნი ეძღვნება. ცეცხლის ალს ცად ააქვს სამსხვერპლო და ღმერთებს ატყობინებს ზორვისას.  აგნის ეწოდება რუდრა, რაც შივას სახელიცაა. აგნიმ დაიდო წილი  წუთისოფლის დამცარავი, ბოლო ჟამის საზარელი ქალღმერთის,  კალის შექმნაში. ამას იუწყება მარკანდეია-პურანა.  ცეცხლი სულ ხსენდება უპანიშადებშიც.  ბრიჰადარანიაკა უპანიშადის  მე-9 ბრაჰმანა (24), ასევე მე-5 თავის მე-15 ბრაჰმანა   ახსენებენ აგნის. აქვე, მესამე ბრაჰმანას დასაწყისში ნახსენებია აგნიჰოტრა. ჩჰანდოგია უპანიშადა იუწყება, რომ ვითარც შემშეულნი ყრმანი დედის კალთას ელტვიან თავშესაფრად, ეგრეც ყოველი იძვრისი აგნიჰოტრას ელტვის თავშესაფრად (კარი 5, თავი 24).  აგნიჰოტრა ხსენდება  კაუშიტაკი, ტაიტირია და კანტჰაშრუტი  უპანიშადებშიც.  ღრმა წყალთა წიაღ მყოვნებია აგნი. ძველსლავური სიტყვა агнец  მქონობს სამსხვერპლო კრავის მნიშვნელობას. ქრისტეზე ითქმის, რომ ის არის კრავი, რომელმანცა მიიქედა ცოდვანი სოფლისანი და ჯვარზე შეიწირა. იგი დიდი ზვარაკია.  ქრისტეა ცეცხლი და წყალიც.  ლათინური ზმნა lustro ნიშნავს გაწმინდავებას, მსხვერპლშეწირვით გამოსყიდვას. მისი ბერძნული შესატყვისია აგნეიო. ლუსტრაცია დაკავშირებულია  lux- თან (შუქი, დღის ნათელი). ძველი გველის სახელია ლუციფერი.  პოლისემანტიკური სიტყვაა სუბსტანტივი lustrum. ის აღნიშნავს აპოლონისათვის მსხვერპლვას და  საზოგადოდ ღმერთებისათვის გამომსყიდველურ, განსაწმენდ მსხვერპშეწირვას.

იმისათვის, რომ მდაბიორის კეთილშობილების მოჩვენებითობა შეიქმნას, საჭირო ხდება ნიველირება, პროფანაცია და პრიმიტივიზაცია, რასაც დღეისთვის ხორცს ასხამს პოლიტიკური ტექნოლოგიები და მედიაკრატია.  ნიცშემ ეს ადრევე შეამჩნია და განგაში დასცა ფილოსოფიაში.  ნიცშე Wille zur Macht-ის (ნება ძალაუფლებისკენ)  § 355- ში რუსულ გამონათქვამს მოიხმობს, რომ უბედურება არ არსებობს უღონო გულებისათვის. ნიცშეს ფილოსოფიაშიც არის ასეთი არისტოკრატიზმი. ზარათუსტრას წიგნი ამითაა განმსჭვალული. ნიცშემ საკმაოდ დაწერა ტრაგედიაზე. ჰაიდეგერი პლატონურად დაწერილ თავის ზემოთ ნახსენებ პოლილოგში, სადაც ირჩევა die Gelassenheit (განარება, განდგომილება), უბნობს კეთილშობილებაზე. გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი (1729- 81) ფრანგული კლასიციზმის ამ პრინციპს უარყოფდა. მისი თქმით, ტრაგედია შეიძლება ეწიოს არა მხოლოდ თავადს, მეფეს, არამედ მდაბიორსაც. ლესინგის შემდეგ  რევოლუციონერებმა მიაჩემეს როტიურეს ტრაგიზმი არისტოკრატიასთან ომში. ეს კი ასე იყო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ დენი დიდროსათვის ათეიზმის პრობლემის გააზრება ყველასთვის არაა განკუთვნილი. დიდროსეული კაცთა რჩევაც ათეიზმის გასაგებად  თავისებური შემეცნებითი პრედესტინაციონიზმია. ათეიზმი ხომ რევოლუციური მასების იდეოლოგია იყო, მაგრამ მის გაგებასაც კი რჩეულთა ცნობის ძალუმობა ესაჭიროება. XIX-XX  საუკუნეების ევროპელ და რუს რევოლუციონერ ათეისტთაგან მათი თავგამოდების მიუხედავად, ცოტას თუ ესმოდა დიდროს ათეიზმი და საზოგადოდ შესაქმესა შინა ღმერთის არარსებობის საკითხი. ათეიზმსაც თავისი ქურუმი ესაჭიროებოდა. აქ მხოლოდ ის არაა, რომ ათეიზმს სატანიზმი უწოდო, რეზონერული ინტერვიუები გააბნიო გაზეთებში და ეკლესიის მამათა ნათქვამები ძველ გუდასავით დააბერტყო. მდაბიორი არა მხოლოდ ვერ ეზიარება ტრაგედიას, არამედ მისთვის გამოვლენილი კეთილშობილებისა და დიდსულოვნების დამნახავიც არაა. აქ მხოლოდ სოციალურ სტატუსზე არაა ლაპარაკი. ადამიანი ზნებუნებით არის მდაბიო, ძაღლიშვილი და ბილწი მონა. მისი წერაა წუთისოფლად ესევითარი წესით გება. განა შეიშნოვა მან ის, რაც მისთვის განმანათლებელმა მასონებმა და სოციალისტებმა გააკეთეს წინა ორ საუკუნეში? ახსოვს კი მცირედი მაინც? ეს რაღა ტრაგედიის მცნობია? ახლა სათეატრო ხელოვნებასა და კინემატოგრაფს  აღარ აკისრია ის დიდი მისია, რაც მას ეკისრა  XIX- XX საუკუნეებში. თეატრი და კინო ახლა  სიძვითა და სისხლით ართობს canaille-ს (მდაბიონი). ამიტომ აღარ ღირს დავის განახლება ლესინგის  დრამატურგიული დემოკრატიზმისა და ფრანგული კლასიციზმის გამო. ჟამის დენამ ის დაადასტურა, რომ ფრანგული კლასიციზმი მისი სქემატურობის, არისტოკრატიზმის, სტატიკურობის მიუხედავად, რის გამოც მას განაქიქებდნენ, ჭეშმარიტებასთან  ერთობ ახლოს მდგომია.

უბედურებასთან მიმთხვევამ, დამცირებამ, ადამის ნაშიერის ტრაგიზმმა შექმნა ბიბლია. კაცის უსვეობაა საღვთო წერილის  ლიბო და ამაზეა დაშენებული ყველა ბიბლიური განაზრება. უბედურებით, წყმედითა და მწუხრეულობით იწყება ბიბლია და ისევ უბედურებით მთავრდება. ძველ აღთქმად წოდებული ტექსტები არის ადამიანის გვარის ისტორია გამოსახული იაკობის სახლის მატიანით. დიდი ნიჭია, ოდეს უბედურებაში მყოფ კაცს ძალუძს სამისხო სიტყვის გამოგება. ძველმა იუდეველებმა ეს შეძლეს ისე, როგორც არვინ.

ტრაგიზმი შესაქმისა, ტრაგიზმი მითოსისა და რელიგიისა რომ განიცადო, სულით უნდა იყო კეთილშობილი. კეთილშობილებას ეძებდა კაცთა შორის ჩინეთის დიდი მოძღვარი კუნ-ძი. სწავლება კეთილშობილ კაცზე არის კონფუციანელობის ბირთვისი ანუ გულისგული. ერთია ყველგან კაცის საოხარი და საფიქრველი. გინდ წარმართი იყავი, გინდ ქრისტესი, გინდ მაჰმადისი. ზნესრული კაცისას ქადაგებდა პავლე და სხვა მოციქულები. ზნესრულობას და დიდსულოვნებას ისწავლებიან სუფიური ორდენების შეიხები. ეს პაიდეია დიდი რამ არის კაცის ცხოვრებაში, რის დანახვასაც ხელს უშლის ამდენი რიოშად  ნაწერი წიგნი ზნეობაზე, რომელნიც ხელში არ აიღება. მათი დამწერნი კი კეტით საბეგვნი არიან. ისინი არიან მოჩვენებათა მაბარტყებელნი და უსაზრისობის პატივმოსილი მოციქულნი. ქარის მოტანილია მათი წიგნები და ჟამის ქარსვე მიაქვს.

ბერძნულ მითოსში, სრულიად ელინობაში ბედისწერა ღმერთებზე მაღლა დგას. ასევე არის ინდუისტურ მითოსში. მუნ ღმერთებიც კვდებიან. შრიმად ბჰაგავატამის  მიხედვით, თუ სანადიროდ გასული მაჰარაჯა პარიკშიტი ტყეში მედიტაციაში დანთქმულ ბრაჰმან შამიკას გადააწყდა და მკვდარი გველის მხარზე შეგდებით ის შეურაცხყო, ეს წინასწარდადგენილია. ასე უნდა მომხდარიყო ყველა შემთხვევაში. ეს დიდი უბედურების  დასაწყისია. არჯუნას შვილიშვილი მაჰარაჯა პარიკშიტი მოაკვდინა გველთა მთავარმა ტაკშაკამ. პარიკშიტის ვაჟი, დიდი ბრაჰმანი ჯანამეჯაია შურისგების მიზნით, გველთა გვარეობის ამოსაწყვეტად დიდ ზორვას იქმს. სამსხვერპლო ცეცხლმა უნდა დანთქას ყველა გველი. მონუსხული გველნი თავად ცვივიან ცეცხლში. გველთა გადაშენების შესაჩერებლად ბოლოს ღმერთები აღიძვრიან, ვითარც მაჰაბჰარატა იუწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ გველის გარეშე სოფელი ვერ იქნება სოფელი.  არსადაა მითოსი, სადაც გველი არ ჰგიეს კაცის გვერდით. ინდუისტური მითოსით სამყაროს ღმერთები და დემონები ერთად ქმნიან დიდი გველის დახმარებით. მის გარეშე შესაქმე ვერ შენივთდა. პურანების მიხედვით, პარიკშიტის გამეფებით დაიწყო ინდუისტური ბოლო ჟამი – კალი იუგა. ყველა იუგა (ისტორიული დროის პერიოდები)  წინასწარ არის განსაზღვრული. წუთისოფლის ბოლო, ინდუიზმის მიხედვით, ოხრება და  წყმედაა. ინდუსთა მითოსზე ფიქრისას იტყვი, რომ დრო ღმერთების კენოტაფია (ცარიელი სამარხი) და კაცზე რაღა რჩება სათქმელი?

სანსკრიტული სიტყვა „დაივა“ აღნიშნავს ბედს, ღმერთების ნების ვლენას წუთისოფლის გებაში. ასკეზისით აღშენებულ იოგინს ძალუძს დაძლიოს დაივა. კარმის ანუ სანსარას კანონი ღმერთების ნებაზე მაღლა დგას. ინდუისტური სწავლებით, სასუფეველში (სვარგა) მოხვედრა არაა საკმარისი კარმიული ჯაჭვის გასაწყვეტად. ინდუიზმში სასუფეველი კი არაა საბოლოო მიზანი, არამედ მოკშა, როდესაც ატმანი (ინდივიდური სული) ერთობს ბრაჰმანთან (უნივერსული სული) ანუ პარამატმასთან. ყველა უპანიშადის დვრიტა ატმანისა და ბრაჰმანის ერთობილობის სწავლებაა.  ბუდას მოძღვრება არის ვედებიდან აღმომხდარი და ბრაჰმანიზმს გაშორებული  გზა კარმიული ჯაჭვის გასაწყვეტად. მასში არაა თავდაპირველი და საყოველთაო ცოდვის ცნება. გარდასხეულებათა უწყვეტი ციკლის დამძლევი ბუდისტი მიიჩნევა ცხონებულად. საკითხავია, იყო თუ არა ინდუიზმის ბედისწერა მისი წიაღიდან ბუდიზმის ამოსვლა? გაუტამა სიდჰარტჰას ეწერა ბუდად გახდომა. ასეა მოთხრობილი მის ცხოვრებაში. მოსწავებანიც იყო მისი დაბადებისას.  ბუდას უნიკალობა არ უფერულდება იმით, რომ მის მოვლინებამდე ათობით ბუდა იყო და სოფელმა ისინი ვერ იცნო. ბუდიზმი არის დაპატარავებული ინდუიზმი. ინდუიზმი კი მიწაზე დატეული გალაქტიკაა. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ შეიქმნა და ისიც კაცის ისტორიის ადრეულ წლებში. მაჰაბჰარატას  X  წიგნში (საუპტიკაპარვა) ნათქვამია, რომ მხოლოდ ბედისწერაზე დაყრდნობით ვერას მიაღწევ. ასევე ვერას მიაღწევ კაცის მუშაკობაზე დაყრდნობით. საჭიროა ორივეს შეწყობა. აქვე ნათქვამია, რომ კაცთა შორის უდიდესი, ვინც არ  ეწყალება ბედისწერას, უნაყოფოა წუთისოფელში, მაშინაც კი, ოდეს მეცადინობს. ბჰაგავად-გიტაში უფალი კრშნა აუწყებს არჯუნას, რომ ომი კურუკშეტრას ველზე წინასწარ განგებულია და მას სხვა რა დარჩენია, თუ არა ის, რომ იომოს, ვითარც მეომრის ვალია. უფალი კრშნა საომედ აქეზებს  მოეჭველ არჯუნას.  მაჰაბჰარატას  XI  წიგნში (სტრიპარვა) იუდჰიშტჰირა აუწყებს დჰრიტარაშტრას ომში დაღუპული მეომრების ხვედრზე და ამბობს, რომ ოქროდშობილი მოყმეები, ვინც ქშატრიათა წესთამებრ შეუდრეკელნი ეგებებიან მტრის მოქნეულ მახვილს, სულთახდისას ბრაჰმას საუფლოში მიდიან. ეს ქშატრიების უმაღლესი ხვედრია.

ვინც იცის, ის დამყაბულდება, რომ არ არსებობს ინდუსთა მითოსსა და ფილოსოფიაზე უფრო აღმატებული რამ. ეს მსოფლიოს პირველი საოცრებაა. დასაწყისი ადამიანის ისტორიისა შორეულ ათასწლეულში იყო ისეთი ზეაღსწრაფვა და გაქანება აზრისა და  სულისა, როგორიც არავინ უწყოდა არც მანამდე და არც მის შემდეგ. იმ ძველ დროში არ იყო ცივილიზაციის მიღწევები, დიდად ბეჩაობდა კაცი და იგი მაინც ბოლოვად საკითხებზე ფიქრობდა გამეტებით და რაც აწიგნა, მას წარუვალი მნიშვნელობა აქვს. ეს საოცარი რამ არის. ამა ჟამის ჭვრეტით დაშრეტილ რწმენას კაცისადმი განგიღვიძებს და აღგიგზებს, რა მიუბრუნდები ძველ არიელთა სიბრძნეს. ძველ ინდუსებს იმ კომფორტის მეოთხედი რომ ჰქონოდათ, რაც ახლანდელ ადამიანს აქვს, მერე რაღას შექმნიდნენ ისინი?  იმ ძველ დროებაში, ისტორიის დასაწყისში, ოდეს ცივილიზაციის მიღწევები მეტად მცირე იყო, ადამიანმა უკვე წუთისოფლის ბოლოზე იფიქრა და თქვა, რომ შესაქმის დასასრული არის გაცამტვერება. ამით ერთობენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის მითები.

შუამდინარულ მითოსში გილგამეშსა და ენქიდუზე ქალღმერთი სიდური კაცის სვეზე უბნობს გილგამეშთან. სიკვდილზე ფიქრმა აქცია ვარამღებული გილგამეში სიბრძნის მეძიებლად. ენქიდუს სიკვდილმა დააფიქრა იგი კაცის ბედზე.  ბედისწერა, ხვედრება ლათინურად არის fatum  და fortuna (Fortuna კი ქალღმერთია), ასევე პროვიდენცია და პრედესტინაცია. ამ ორ ცნებას შორის მეტად მცირე მანძილი ძევს და ამაოა ყოველი მცდელობა მათი სემანტიკური დაშორებისა. ისინი სულ ერთმანეთში გადადიან. ასევე განგებასა და ბედისწერას ვერ დააცალკევებენ. ისინი მიწყივ ერთურთში გარდაისახებიან. განა ქრისტეს ხვედრი თავიდანვე გადაწყვეტილი არ იყო? ის თავად ლაპარაკობს ამაზე. ყველა რელიგიაშია ფატალიზმი. თუ ქრისტიანობაში ის განდევნილი ან მიჩქმალულია სქოლასტიკის მიერ, ისლამში რელიეფურად გამოკვეთილია. ისლამი მოსაწევნელთან შეხვედრის  სამზადისია. ამ რელიეფური ფატალიზმის  გამო მუსლიმთა რჯული ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ და მიუთითებიათ ქრისტიანობის უპირატესობაზე. ეს კი არაა საკმაო არგუმენტი საამისოდ. ფატალიზმის უარმყოფლებს დიდად შეეწია ისლამური ცივილიზაციის ხანგრძლივი დაქვეითება. ისინი სულ ამაზე მიუთითებდნენ. ეს კი არ გამოდგება ფატალიზმისა და პრედესტინაციონიზმის უკუსაგდებად. განა ბუდიზმი და ინდუიზმი ასევე არ დაქვეითდა  XVI- XIX საუკუნეებში? განა თავად დაქვეითებული ქრისტიანობა თავისუფალ მოაზროვნეებად (libre penseur) წოდებულმა   განმანათლებელმა მასონებმა არ გამოაცოცხლეს? განა ათეიზმმა არ შექმნა აზროვნების პერსპექტივა ევროპაში?  Révolte (აჯანყება) გახდა ევროპის ცენტრული აზრი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს არ იყო დასავლეთისა და ქრისტიანობის ბედისწერა?  იყო თუ არა მონოთეიზმის ბედისწერა ის, რომ მუჰამედმა თანმიმდევრულად არ სცნო ქრისტიანული ერთღმერთიანობა და ახალი მრწამსი შექმნა? უცნაური იყო, რომ ქრისტეს შემდეგ კვლავ გამოჩნდა წინასწარმეტყველი არაბეთიდან და შექმნა რჯული.  ერთი ზნემაღალი კაცის ხილვებმა და სიტყვამ შექმნა ისლამური ცივილიზაცია. განა ეს უდიდესი სასწაული არაა? ეს როგორ უნდა იქნეს განმარტებული? ქრისტეს ჯვარცმამ ტრინიტარულ მონოთეიზმს თითქოს სამუდამო საზღვრები დაუდგინა და არაბეთში კი  მონოთეიზმის ახალი, ანტიტრინიტარული ინტერპრეტაცია  გაჩნდა. თურმე კიდევ ყოფილა მონოთეიზმის განმარტების შესაძლებლობა ქრისტეს შემდეგ და ამან გაამწარა ეკლესიის მამანი. მათი იდეური მონოპოლია და თეოლოგიური გალავანი დაირღვა ჰაზრეთ-მუჰამედის სიტყვით. რაოდენი ცუდი თქვეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიის მამებმა ისლამზე. და კიდევ ის იყო, რომ ისლამის აღმოცენებას მოჰყვა დიდი კულტურა, მეცნიერების აღმავლობა. ევროპაში კი გავრცელდა ქრისტიანობა, მაგრამ მან დიდხანს ვერაფერი შექმნა. ბარბაროსობა იყო იტალიიდან ბრიტანეთამდე ათას წელზე მეტი. გაქრისტიანებულმა ევროპამ დიდხანს კულტურა ვერ შექმნა. კულტურის, მეცნიერების შექმნა დაიწყო შეჩვენებული და გაძევებული ანტიკურობის კვლავ მოხმობით. ამას კი საფუძველი ჩაუყარეს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ იტალიაში გადასულმა წიგნიერმა, თურქთაგან ლტოლვილმა ბიზანტიელმა ბერძნებმა.  ეკლესიის მამებმა იცოდნენ რაც იყო ელინიზმი და ის მაინც შეაჩვენეს, რადგან მასთან პოლემიკა ფრიად უჭირდათ. ევროპაში ელინური ფილოსოფია არაბთა თარგმანებიდან შეისწავლეს  ქრისტიანებმა. მეტი რაღა უნდა ყოფილიყო? არაბებმა არ იცოდნენ ელინიზმი. მოვიდნენ და ისწავლეს. განა მისი გმობანი წერეს და წერეს. აქლემის მწყემსი იყო არაბი და მუჰამედის სიტყვამ ის კულტურის მეჩირაღედ აქცია მთელ დუნიაზე. მუსლიმებს არსად უთქვამთ ამდენი აუგი ელინობაზე, ვითარც ეკლესიის მამებმა თქვეს. დღეს რამდენი ღვარძლიანი რამ ითქმის ევროპაში ისლამზე, რადგან უჭირს გაკოტრებულ ლიბერალურ დასავლეთს მასთან იდეური კამათი.

ქრისტიანულ თეოლოგიაში არსადაა ნათქვამი, თუ როგორ იყო შესაძლებელი ისტორიაში, რომ ღმერთს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ კიდევ შეექმნა სხვა მონოლატრია. არც მართლმადიდებლურ, არც კათოლიკურ, არც პროტესტანტულ ღვთისმეტყველებაში ამაზე არავინ მსჯელობს. კითხვა უნდა იქნეს დაყენებული: როგორ მოხდა, რომ თორას განმმარტებელმა მუჰამედმა შექმნა ახალი მრწამსი იმ ადგილიდან, საიდანაც ასეთ რამეს არავინ ელოდა?  ნაზარეთიდან არვინ მოელოდა დიდი სიტყვის გამოსვლას და რაბი იესუმ მრწამსი იქადაგა. ეგრეც  იმას არვინ იფიქრებდა, რომ ეკლესიის მამების ამდენი ნასარჯის შემდეგ, როდესაც ქრისტიანული დოგმატიკა და რელიგიური სისტემა სრულად ჩამოყალიბდა, არაბეთის უდაბნოდან ახალი, დიდი რელიგია გამოვიდოდა, რომელიც არასწორად მიიჩნევდა ტრინიტარულ მონოთეიზმს და მასზე მახვილს აღმართავდა.

ნებისმიერი პრედესტინაციონიზმი არის თანატოლოგია (სიკვდილის მოძღვრება). ბედისწერაზე ფიქრი სიკვდილზე ფიქრია. კულტურა და პაიდეია, როგორც ასეთი, აღმოიშობა სიკვდილზე ფიქრიდან. კულტურისა და მისი ტრადიციის ორიგინალობას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად შეუძლია მოკვდავს სიკვდილის შთაგრძნობა. გილგამეშის წიგნის შექმნიდანვე ასეა. ეგვიპტურ „მკვდართა წიგნში“ ქალღმერთ ნეითს ავედრიან მკვდარს, რომ იგი იმსოფლად მორჭმით ჰგიებდეს. სიკვდილის მითოსია მთლიანად ეგვიპტური კულტურა. სიკვდილზე ფიქრიდან პაიდეიისა და კულტურის აღმოშობა  საქართველოში ძნელად გასაგებია, რადგან აქ არაა კულტურა. ქართველთა შორის მრავლად არიან არარსებული კულტურის კულტუროლოგები, მოჩვენებების მკვლევარნი, სიმულაციების ორიგინალობად გამსაღებელნი.

ფრიად კარგი წასაკითხია ჰელმუტ პლესნერის შრომა: Helmuth Plessner . Über die Beziehung der Zeit zum Tode (1952). Gesammelte Schriften. IX. Schriften zur Philosophie. Suhrkamp Verlag. 1985.

პრედესტინაციონიზმი   მიმართებაშია პაიდეიასთან. დეკარტის  cogito ergo sum, რომელიც თითქოს შორს დგას პრედესტინაციონისტებისა და პელაგიანელების, ასევე სემიპელაგიანელების საუკუნოვანი დავისგან, სინამდვილეში ისევ კაცის ხვედრზე უბნობაა, რომელიც ავგუსტინედან ამოდის. ავგუსტინესეულია დეკარტის  cogito. დეკარტმა მოკლედ თქვა საკუთარი არსებობის უეჭველობაზე ის, რაც ავგუსტინემ გამოხატა გრძელი დისკურსით თავის სხვადასხვა ნაშრომებში. რაც დეკარტთან ერთი წინადადებითაა არტიკულირებული საკუთარი არსებობის უტყუარობაზე, ის ავგუსტინესთან მთელი გვერდებია (De Civitate Dei, XI, 26, და სხვა) ავგუსტინეს კოგიტაცია პლატონისტებთან საკამათოდ, ბედისწერისა და მადლნიჭებულობის შემეცნებისათვის, ღმრთის წყალობის გასარკვევად არის გამიზნული. ავგუსტინეს დებულება si fallor, sum ( თუ ვცდები, მაშინ ვარსებობ) გამოთქმული აქვს რამდენიმე ნაშრომში: De vera religione,  De Genesi ad litteram და სხვა. დეკარტთან კი სხვა მიზანია დასახული და მასთან მაინც გამოსჭვივის ეს ძველი სავარამო. მისი cogito სხვადასხვაგვარად გამოხატეს კათოლიკე ფილოსოფოსმა ფრანც ბაადერმა (1765- 1841), მატერიალისტმა მღვდელმა და ფიზიკოსმა პიერ გასენდიმ (1592-1655), ოკაზიონალისტმა ნიკოლა მალბრანშმა (1638-1715). მალბრანში დეკარტის პრინციპის  თავისმა განმარტებამ  პანთეიზმამდე მიიყვანა. ესეც სათქმელია, რომ ჯერ სად იყო ფრანგული განმანათლებლობა, როდესაც დეკარტმა ფილოსოფიური პრობლემები მოსწყვიტა ძველ რელიგიურ ფესვებს. ამის გამო რენე გენონმა  კარტეზიანელობა უარყოფითად განიხილა. განმანათლებლობას მოჰყვა ის, რომ ყველაფერი ბრბოსმიერი გახდა. რენე გენონამდე ეს ნიცშემ ძალზე მკვახედ, ბიბლიური ყაიდით გამოთქვა. ედმუნდ ჰუსერლი (1859-1938) დეკარტისეული  cogito-ს ფენომენოლოგიურ ინტერპრეტაციას ასაბუთებს. მისი მოწაფე მარტინ ჰაიდეგერი (1889- 1976)  კი cogito-ს პრინციპს სხვაგვარად განმარტავს. მასთან ძველი სქოლასტიკური პრობლემები ფილოსოფიურ განასერში განიხილება. ჰაიდეგერი იეზუიტებს გაექცა და ათეისტობას შეეყენა. ამ მოუნანიებელმა ნაცისტმა, ათეისტმა კაცმა, ქრისტიანული თეოლოგიისათვის იმდენი გააკეთა, რამდენსაც გააკეთებდა რომელიმე დიდი სქოლასტიკოსი. ის ისე ეძებდა ღმერთს, როგორც არვინ. მან გაიგო ფრანგული ათეიზმის მნიშვნელობა და შთასწვდა მოჯანყე ფრანგების ნაფიქრს. ჰაიდეგერი კაცის ხვედრის, მისი ეგზისტირების ისეთ გააზრებას აფუძნებს, როდესაც სქოლასტიკური ცნებითი აპარატი, რომლის სათავესთან ავგუსტინე დგას, კვლავ ბევრის მომცემია. კაცი შთაგდებულია სამყაროში და უსასოოდ გდია მიწის პირზე. ჰაიდეგერის ეს აზრი იიობ ყუცელისა და  დავით მეფსალმუნის მოთქმას ჰგავს ღმრთისგან კაცის მიტოვების, მისი გაწირვის  გამო. აზროვნების პარადოქსი ისაა, რომ დეკარტის  cogito-მ ახალ ეპოქას დაუდო სათავე ფილოსოფიის ისტორიაში. არადა, ეს cogito მაიას ბურზე მოფიქრალი ინდოელი ფილოსოფოსებიდან  მომდინარე ძველისძველი პრინციპი იყო, რომელიც შემდეგ პლატონთანაც აისახა, და მისმა დეკარტისეულმა არტიკულირებამ განსაზღვრა სქოლასტიკასთან კავშირის გაწყვეტა.  Cogito-ს  ჰუსერლისეულმა განმარტებამ კიდევ სხვა ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი.

პლატონიდან ამოსული ორიგენეს (185-254) დროიდანვე ცნობილია ეს შებრკოლების კლდე თეოლოგიაში, როდესაც ძნელდება ღმრთის წინასწარგანგებულებისა და კაცის თავისუფალი ნების ურთიერთში მორიგება. ორიგენე ფანატიკოსი ქრისტიანი იყო, ვინც ქრისტეს სიტყვის მიხედვით, ცათა სასუფევლისათვის თავი დაისაჭურისა. მის ნაშრომში „საწყისებისათვის“ ჩანს, რომ ბევრს ფიქრობდა იგი ტერმინულ საკითხებზე და გასცდა კიდეც დოგმატიკის საზღვრებს. ის ეკლესიის დიდი მამაცაა და დიდი ერეტიკოსიც. ბევრია მასთან ელინობა და პავლე მოციქულის ნათქვამის საწინააღმდეგოდ იგი მიმართავს ფილოსოფიას ქრისტეს სიტყვის განმტკიცებისათვის.

თუ პეტრე მოციქულმა მამლის ყივილამდე სამჯერ უარჰყო მოძღვარი და ეს იესუმ პეტრეს წინდაწინ უთხრა, გამოდის, რომ პეტრეს ასე ეწერა და მან თავისი ნებით კი არ უარჰყო რაბი, არამედ წინასწარი დადგენილებით.  რომ არ უარეყო პეტრეს რაბი იესუს წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, იესუ რას იტყოდა? ორჯერ რომ უარეყო პეტრეს რაბი და მესამედ აღარ, რას იტყოდა იესუ ამაზე?  პეტრეს მიერ რაბის  მამლის ყივილამდე სამჯერ უარყოფის განხილვა პრედესტინაციულ ჭრილში არსადაა ეგზეგეტიკაში. აქ მხოლოდ ფაქტის დამოწმებაა.

ჟან კალვინი (Calvinus) (1509-64), ამოდიოდა რა ავგუსტინედან, ასწავლიდა აბსოლუტურ წინასწარგანსაზღვრულობას. ეს პირიქითი პელაგიანელობა იყო. მის თანახმად, ქრისტემ თავისი თავი მსხვერპლად შესწირა არა ყველა ადამიანის, არამედ მხოლოდ რჩეულთა ხსნისათვის. ცხონების მადლი რჩეულთათვისაა. ყოველ კაცს წინასწარ განსაზღვრული აქვს სად მოხვდება-წარსაწყმედელში, თუ საცხონებელში. კალვინის თქმით, ადამიანი ამას ვერ შეცვლის და თავის ხვედრზე მას შეუძლია იმსჯელოს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი ამსოფლიური ცხოვრება. კაცმა თავისი წყალობილობა,  სოტერიოლოგიური ქუდბედიანობა  შეიძლება დაიდასტუროს თეთრის შოებულობით. თუ მას სოფლიური საქმენი ყისმათიანად მისდის, ეს იმის ნიშანია, რომ ის ცხონების მადლითაა ცხებული. ეს არის კალვინიზმის ექსტრემუმიცა და ნაკლიც. ფულით დასტურდება კაცის მადლმოსილება. ტრაფარეტული კილვა კალვინის თეოლოგიისა, რაც მრავლად არის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ წიგნებში, არაა საკმარისი სიძნელის შესაცნობად. თავად კალვინი კათოლიკური გარემოდან გამოვიდა და მან კარგად უწყოდა მთელი მისი არგუმენტაცია. მაგალითად, იოლია იობის წიგნის კალვინისტური ინტერპრეტაცია, როდესაც ეძებ და სწუხხარ.

პროტესტანტიზმის ისტორიაზე უტა რანკე-ჰაინემანმა კარლ რანერის წინასიტყვაობით გამოსცა წიგნი: Uta Ranke-Heinemann. Der Protestantismus. Wesen und Werden. Hans Driewer Verlag. Essen. 1962.  კალვინის პრედესტინაციონიზმი განახილება 62-68-ე  გვერდებზე. ნათქვამია შემდეგი: Calvin selbst war  überzeugt, daß das lutherische Anliegen der Heilsgewißheit aus dem vertrauenden Glauben, ohne alle Seitenblicke auf die Verdienstlichkeit der eigenen Werke, nur durch seine Prädestinationslehre gewahrt werden könne (S.67-8).

კალვინი ლამობდა მოეხელთებინა კაცის წყალობილობის, ნამადლევობის  ნიშანი ხილულ სოფელში, რაც ფრიად ძნელოვანი რამ არის. სოფლის ხენეშებით შეძრწუნებული კაცის ნააზრევია კათოლიკეთაგან დევნილი კალვინის ლოგომაქია. ვინც იცის რა არის კალვინის ძირითადი თეოლოგიური ნაშრომი Institution (ინსტიტუციები) ( დამოძღვრანი ანუ სწავლანი)), ის ამას გაიგებს. ამ წიგნს კალვინი კარგახანს ავსებდა და სრულჰყოფდა. აქაა მისი პრედესტინაციონიზმის კვინტესენცია. მისი ღმერთი საზარელია და ჰგავს უდაბნოდ მარებ ოქროს ხბოს ჩამომსხმელთა გასაწყვეტად აღძრულ ცაბაოთ უფალს. ამის გამო გაილანძღა და შეჩვენდა თავის ოპონენტთაგან კალვინი მისსავე სიცოცხლეში. მისი ოპონენტები იყვნენ არა ოდენ კათოლიკენი, არამედ სხვა პროტესტანტებიც.

კალვინის ბიოგრაფოსია ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი ბერნარ კოტრე (Bernard Cottret). ქართულად არის მისი წიგნი: ბერნარ კოტრე. კალვინი. ბიოგრაფია. გამომც. „თერგი“. თბ. 2000.

მაიას ბურის  შეცნობის სიძნელიდან მომდინარეობს ბედისწერის საკითხის სიძნელე.  კალვინი ლუთერის (Luther)  მოწაფედ მიიჩნევდა თავს. ლუთერიზმში პავლესა და ავგუსტინედან მომდინარე პრედესტინაციონიზმი თუ ექსტრემიზებულია,  კალვინიზმში და არა კალვინთან ის უფრო მეტად გასასტიკდა. ამერიკელ კალვინისტებს აშშ-ს ასეთი აღზევება ბედის განზრახვის გამოვლენად, სამღთო დესტინაციად (Manifest Destiny) მიაჩნიათ. დესტინაცია ნიშნავს არჩევას, დანიშნულებას, განწესებას. ამერიკული მესიანიზმის სათავესთან დგას ერთ-ერთი პროტესტანტული სექტა- პლიმუტის ძმები. იანკების პრედესტინაციონიზმს ეთავსება მათი გამოთქმა self made man (საკუთარი თავის თავად შემქმნელი კაცი). ანგლოსაქსურ თეოლოგიაში სულ ირჩევა God’s grace-ის (ღვთის წყალობა, მადლი) საკითხი. პავლეს ნათქვამს რომაელთა მიმართ (8: 31), რომ ღმერთი ჩვენ მხარესაა (God is on our side), იმეორებდნენ ნეოკონები ერაყთან ომის დროს 2003 წლის გაზაფხულიდან. ამას ხშირად იტყვიან იანკი პოლიტიკის თეორეტიკოსები.  ამერიკელი ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერი უოლტერ რასელ მიდი ბევრს ამბობს ანგლოსაქსებისა და აშშ-ს მისიაზე, საგანგებო პროვიდენციაზე, იანკების ყისმათიანობაზე.  ეს არის მაგალითად, მის საისტორიო ნაშრომში:  Walter Russel Mead.  Special Providence. American Foreign Policy and how it Changed the World. Routledge. Taylor & Francis Group. 2009.

აქ მიდი ამბობს: But the good luck or, for those who prefer, the providential blessings of the United States go further. We are fortunate not just in having a democratic form of government and federal and constitutional structures ensuring that many voices are heard in our process; we are fortunate in the political culture that informs our democratic society (pp. 310-11).

თავისი სხვა წიგნის  Power, Terror, Peace, and War. America’s Grand Strategy in a World at Risk. Vintage Books. N.Y. 2005, მეექვსე თავში  უოლტერ რასელ მიდი ბუშისდროინდელ  ნეოკონსერვატორების მოძრაობას ადარებს რელიგიურ მოძრაობას, როცა მოციქულს (იგულისხმება ამერიკელი ლიბერალი  ექსპანსიონისტი-გ.გ.) ელინისტთათვის (იგულისხმება ყველა ის, ვინც ეწინააღმდეგება ამერიკას-გ.გ.) მოაქვს ნეოკონსერვატორული სახარება (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თავისუფალი ბაზარი- გ.გ.) და ეს ავტორს შედარებული აქვს პავლე ტარსოსელის მისიონერიზმთან  (pp. 95-6).

თავად კალვინთან პრედესტინაციონიზმი ისე არაა ექსტრემიზებული, როგორც მომდევნო, XVII საუკუნის პრედესტინაციონისტებთან. ისტორიაში კალვინი მიიჩნევა უკიდურეს პრედესტინაციონისტად, რაც არაა სწორი. კალვინი სულიწმინდის მადლის მნიშვნელობაზე მიუთითებდა რჩეულთა საცხონებლად.  ლორდ- პროტექტორ ოლივერ კრომველის (Cromwell)  (1599-1658) თანამებრძოლი, ოქსფორდის უნივერსიტეტის დეკანი და შემდეგ მისი ვიცე-კანცლერი, ინდეპენდენტი  ჯონ ოუენი (Owen) კალვინის უმეტესი პრედესტინაციონისტია, რომელიც არ ხსენდება წინასწარგანსაზღვრულობის იდეის ისტორიაში. ოუენთან ეს  ცენტრული თეოლოგემაა, რომელიც განსაზღვრავს ყოველივე სხვას. მან 1647 წელს დააფუძნა შეზღუდული ცხონების სწავლება. მის თანახმად, იესუს ჯვარცმამ ყველას მისცა ცხონების შესაძლებლობა, მაგრამ  არა ყველა იხსნა ადამის ცოდვისაგან. ხსნა მხოლოდ რჩეულთა გარდუვალი ხვედრია. ჯონ ოუენმა რევოლუციის დიდებისათვის განაცოფა პრედესტინაციონიზმი. ეს იყო ოლივერ კრომველის ხელისუფლებისა და ბრიტანული მონარქომაქიის, პურიტანი ფანატიკოსების იდეოლოგია. თავის დროზე ავგუსტინემ მოახდინა პრედესტინაციონიზმის პოლიტიზება. შემდეგ ასე გაკეთა კალვინმა ვატიკანთან ბრძოლაში. მოგვიანოდ ასევე გააკეთებენ ამერიკაში გაქცეული ბრიტანელი პურიტანები, რომელნიც პრედესტინაციონიზმში პოულობდნენ არგუმენტს ბრიტანეთის იმპერიასთან და ინგლისელთა მესიანიზმთან ბრძოლისას. რელიგიურმა ომმა გადახვეწა პურიტანები ბრიტანეთიდან. მათ თავისი მესიანიზმით უარყვეს ბრიტანეთის სამეფოს მესიანიზმი.

პრედესტინაციონიზმი არის ფილიპ იაკობ შპენერთანაც, რომელიც კრიზისში მყოფი ლუთერიზმისათვის ქმნიდა პიეტიზმის სწავლებას (XVII ს. ბოლო). კალვინთან პრედესტინაციონიზმის გამო კამათობდა დირკ კოორნჰერტი. პასტორი იაკობ არმინიუსი აქ ცდილობდა კალვინისეული შეხედულების დაცვას. ეს კამათი დიდხანს გრძელდებოდა არმინიანელებსა და ანტიარმინიანელებს შორის. ავგუსტინეს სწავლების გამოც დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იეზუიტებსა და კორნელიუს იანსენიუსის (1585-1638) მიმდევრებს შორის. კამათის არსი კი  ისევ და ისევ პრედესტინაციონიზმსა და კალვინს ეხებოდა. იანსენიუსი 30 წელი წერდა დიდ წიგნს ავგუსტინეზე და ისიც ავგუსტინეს კვალად მიზნად ისახავს პელაგიუსთან ბრძოლას. იანსენისტები ავგუსტინეზე მითითებით ამბობდნენ, რომ ცხონება შესძლებელია მხოლოდ ღვთის წინასწარგანგებულებით. იანსენიზმი პროტესტანტიზმისაკენ მიდრეკილი თავისებური კათოლიციზმია.  ამ დავაში იყო ჩაბმული ბლეზ პასკალი (1623- 62) . ის მთელი გულით მონაწილეობდა ამის გასარკვევად.  პასკალის თანამედროვე დეკარტი (1596- 1650), ცხადია, შემსწრე იყო ამ რელიგიური ომისა, დიდი დავისა პრედესტინაციონიზმის გამო, მაგრამ დეკარტის ნაწერებში ამაზე თქმული არა იპოვება რა. დეკარტი განზე იდგა ყოველივე ამისგან. დიდრომ თავისი „ფილოსოფიური აზრების“  XIV თავში თქვა: კარგი იქნებოდა პასკალი რომ მის თანამედროვე თეოლოგთა დავაში არ ჩარეულიყო.  პასკალი ყველა თავის მოკამათეს აღემატებოდა და მას ეს არ ჰქონდაო შეგნებული, ამბობს დიდრო.

დავა ბედისწერითა თუ ნების თავისუფლებით ცხონების გამო ისე გასასტიკდა, რომ სამოქალაქო ომამდე მიდიოდა საქმე ევროპის ქვეყნებში. ყველა შემსჭვალა სიკვდილისშემდგომი ხვედრის საკითხმა. მდაბიორი დადიოდა და ისიც ამაზე ლაპარაკობდა. ის მზად იყო მახვილი აეღო ხელში თავისი სიტყვის დასაცავად.  პროტესტანტობის მატიანის მიმოხილვისას გაგახსენდება ქრისტეს ნათქვამი: „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას“. როგორი იყო იდეური კონფრონტაცია, რომ თვით ავგუსტინე, ბურჯი ქრისტიანობისა,  კათოლიციზმის უდიდესი ავტორიტეტი დაწყევლილ იქნა 30-წლიანი რელიგიური ომის (1618-48) მომსწრე პონტიფექსის,  ურბან VIII-ის მიერ (პაპობის წლები 1623-44). ყოველდღე ავგუსტინეს მოიწოდებდნენ მოკამათენი. სულ მისი სახელი ისმოდა ყველგან. ყველა ბერი მას იმოწმებდა. შემდეგ ეს წყევლა ვატიკანმა  ავგუსტინეს მოუხსნა. პაპმა დაწყევლა ავგუსტინე, რომ მისი სახელი, მისი წიგნები აღარ ხსენებულიყო, მაგრამ ავგუსტინე არ ხსენებულიყო და მაშ ვიღა? პრედესტინაციონიზმი ავგუსტინეზე  უადრეს პავლე მოციქულთან და თავად რაბი იესუსთან არის. პაპი პავლეს ხომ არ შეაჩვენებდა? აი ამ პერიოდში წარმოიშვა ჰუგენოტებთან (ფრანგ პროტესტანტებთან)  მონარქომაქების იდეები ცუდ მეფეზე და მის სიკვდილით დასჯაზე. ამაზე წერდნენ ეტიენ ლა ბოესი (1530-63),  აგრიპა დ’ობინიე (1552-1630). სიძულვილი მეფის მიმართ თავის გამართლებას პოულობდა ბიბლიაში. ასე იყო ინგლისში. ყველა ინგლისელი მონარქომაქი რელიგიური დისიდენტი იყო. ესენია: პრესვიტერიანული ეკლესიის დამაარსებელი შოტლანდიაში  კალვინისტი ჯონ ნოქსი (მიახლ. 1514-72), ეპისკოპოსი ჯონ პონეტი (Ponet) (მიახლ. 1516-56) და მისი მიმდევრები. მონარქომაქია შემდეგ გამოვლინდა ფრანგ და რუს რევოლუციონერებთან. კონტინენტზე  ეს უპირველესად  ქრისტომაქია იყო და შემდეგ მონარქომაქია. იმ 30-წლიან ომში კათოლიციზმის დამცველ ესპანელ და ავსტრიელ ჰაბსბურგებს სურდათ მსოფლიო კათოლიკური იმპერიის შექმნა. 30-წლიანი რელიგიური და იმპერიის იდეისათვის მიმდინარე ომის დამასრულებელი 1648 წლის ვესტფალიის ზავი არის ახალი ათვლის წერტილი პანევროპულ პოლიტიკაში. კათოლიკურ იმპერიალიზმთან დავა შემდგომ გააგრძელეს განმანათლებელმა მასონმა, დეისტმა ან ათეისტმა ბუნებისმეტყველმა, რევოლუციონერმა.

ფილოსოფიის ისტორიაში, საზოგადოდ ისტორიოგრაფიაში  სეკულარისტული და ათეისტური შაბლონების გავლენით ჟან კალვინზე ხშირად ძვირი ითქმის (ჟენევის პაპი, მიგელ სერვეტის ინკვიზიტორი, რეაქციონერი და მისთანანი). მისი მოღვაწეობა არაა გააზრებული და ვერც მკითხველს ასწავლის ამის შემეცნებას. ფილოსოფოსი იყო პარიზისა და ორლეანის უნივერსიტეტებიდან გამოსული კალვინი. ჭაბუკობაში ერაზმუსს მისდევდა. სენეკას მოძღვრებას კალვინმა ნაშრომი მიუძღვნა. შემდეგ იგი თეოლოგიაში გადავიდა. ახალგაზრდა კალვინი პელაგიანელობისკენ მიიდრიკებოდა. ავგუსტინეს შეწავლით კი იგი პრედესტინაციონისტი გახდა. კალვინისათვის ბერნარ კლერვოელი დიდი ავტორიტეტი იყო. მიგელ სერვეტი (მიშელ სერვე) კალვინმა დასაჯა არა როგორც მეცნიერი, ვითარც ეს ისტორიის წიგნებში წერია, არამედ როგორც მასთან სასტიკად მოდავე ღვთისმეტყველი, რაც არ შეიწყნარა კალვინმა.

ლუთერის კამათი ერაზმუსთან ნების თავისუფლების გამო ჰგავს ავგუსტინეს კამათს პელაგიუსთან. თუ ავგუსტინე პრედესტინაციონიზმის სწავლებით ეზრუნვიდა ეკლესიის ერთიანობას, ლუთერმა მისი სწავლება გამოიყენა დიდი განხეთქილებისათვის ეკლესიაში. პროტესტანტული პრედესტინაციონიზმი უტრიალებს ცხონების sola gratia-ს (მხოლოდ მადლით) საკითხს. ლუთერიც და ერაზმუსიც ავგუსტინელი ბერები იყვნენ.  ლუთერის მიერ ერაზმუსის ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტზე (1516) დაყრდნობით გერმანული ბიბლიის გამოცემა 1522 წელს, იყო პოლიტიკური მოვლენა, კათოლიკური იმპერიის, ერთიანი ოიკუმენის  დამარღვეველი და  საეკლესიო განხეთქილების განმამტკიცებელი ოპუსი. ბიბლიის გერმანულად თარგმნამ საფუძველი ჩაუყარა  ახალ იმპერიალიზმს, ახალ მესიანიზმს. ლუთერმა შთამოჰყივლა ვატიკანს 1517 წელს  და მთელს ევროპაში გაიღო ექო მისმა ყივილმა.

ყველა პროტესტანტი მართალი იყო იმაში, რომ რაღაც აკლდა კათოლიციზმს. ყველა პროტესტანტ ბელადს აღელვებდა პედაგოგიური საკითხები. ლუთერის მეგობარი ფილიპ მელანქტონი (1497-1560) მაგალითია ამაში. ჰაბსბურგების მიერ ჩეხეთიდან განდევნილი პროტესტანტი „მორავიელი ძმები“ მთელ ევროპაში ხსნიდნენ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს. დიდად ცნობილია „მორავიელი ძმების“ ერთ-ერთი მოძღვარი იან ამოს კომენსკი (1592-1670). იანსენისტების თემების სკოლებმაც ბევრი გააკეთეს  განათლებისათვის. იეზუიტებმა პროტესტანტული აღზრდის საწინააღმდეგოდ შექმნეს თავისი საუკეთესო აღზრდის სისტემა. ის დღესაც ასეთია. კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვით, ქრისტე პედაგოგოსია, რომელიც კაცთ ჭეშმარიტებას ასწავლის.

პროტესტანტმა დისიდენტებმა ეჭვი შეიტანეს საეკლესიო დებულებაში, რომ სოფელს მადლი მოეფინა ქრისტეს აღდგომით. ეს ზოგადი და მეტაფორული ნათქვამია. მადლნიჭებულობა რჩეულთათვისაა. ჯვარცმა ხსნა კი არა, არამედ ხსნის შესაძლებლობაა. ამაში ერთობს ახალი დროის  ყველა ქრისტიანი პრედესტინაციონისტი. პროტესტანტული სკოლები შვიდი საიდუმლოდან რომ ყველას არ თვლიდნენ რიტუალურ აუცილებლობად, ეს პრედესტინაციონიზმის გააზრებიდან მომდინარეობს და არა სატანის ჩაგონებით. ჯერ კიდევ ჯონ უიკლიფი  (მიახლ. 1330-1384)  უარყოფდა ზოგ საიდუმლოს. მან 1382 წელს ბიბლია ინგლისურად თარგმნა. ის რეფორმაციის იდეურ სათავეებთან დგას. უიკლიფის იდეებმა შეამზადა ლოლარდების მოძრაობა, ასევე იან ჰუსის (1371-1415)  დისიდენტობა ჩეხეთში. უიკლიფის ძვლები ინკვიზიტორებმა  საფლავიდან ამოიღეს და დაწვეს 1428 წელს. ბიბლიის ფრანგულად მთარგმნელი იყო ლეფევრ დ’ეტაპლი (მიახლ. 1450- 1536).  შვიდ საიდუმლოს რომ იმარხავს კაცი, ეს, პროტესტანტი მოძღვრების მიხედვით, სულაც არაა უთუო ხსნის საწინდარი. აქ კიდევ რაღაცაა ნათელსაყოფი და ამის გამო იბრძოდნენ ეს მოძღვრები. პროტესტანტმა ასწავლა ქრისტიანს ბიბლიის გულდასმით კითხვა და ჯავრობა ქრისტეს სიტყვების გამო.  ნორდული მოდგმის კაცებმა დაიწყეს ბიბლიურ ბედისწერაზე ფიქრი და  განსჯა. მოგვიანოდ მათვე აჩინეს ჩაუქობა ბუნებისმჩხრეკელობაში.

დავა ბიბლიის წაკითხვის გამო კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის განხილული აქვს ევანსს: G.R.Evans. The Language and Logic of the Bible: The Road to Reformation. Cambridge University Press.2008.

ლუთერის  მოქალაქობაზე გამოკვლევა დაწერა გერჰარდ რიტერმა:                Gerhard  Ritter. Luther. Gestalt und Tat. Deutsche Verlags-Anstalt. 1983.

ლუთერზე, კალვინსა და პასკალზე ნაშრომი აწიგნა დმიტრი სერგეევიჩ მერეჟკოვსკიმ: Дмитрий Сергеевич Мережковский.  Реформаторы. Лютер. Кальвин. Паскаль. Изд. „Жизнь с Богом“. Брюссель. 1990.

მრავალი პროტესტანტი მოძღვრის ცხოვრება იტყობინება, რომ მათ ხილვები ჰქონდათ. თავისი ნათქვამი მათ განამტკიცეს განცდილ ხილვებზე მითითებით. ფანატიკოსები იყვნენ პროტესტანტი მოძღვრები და ვატიკანთან შეჭიდება სხვაგვარად არც იქნებოდა. რა ძალუმი იყო თუნდაც ლუთერის თანამედროვე, მასთან, ბუცერთან და ცვინგლისთან მოკამათე გერმანელი ანაბაპტისტების (XV ს.-ის ბოლო)  საღვთო ექსტაზი და გამოცხადებები. ანაბაპტისტები ქადაგებდნენ ქილიასტურ იდეებს და ეს იდეები გავრცელდა მოგვიანო დროის სოციალურ, სეკულარულ მოძღვრებებში. ანაბაპტისტები იყვნენ კომუნის და სოციალისტური სამართლის ფუძემდებლები პროტესტანტულ ევროპაში – გერმანიასა და ნიდერლანდებში. ანაბაპტისტ წამებულთა სისხლმა ასაზრდოვა გვიანდელი პერიოდის რევოლუციურ-სეკულარული თეორიები. ანაბაპტიზმის სათავესთან დგანან მიხაელ ზატლერი (Sattler), რომელიც 1527 წელს კათოლიკეებმა კოცონზე დაწვეს, კონრად გრებელი (Grebel), ფელიქს მანცი (Manz), რომელიც 1527 წელს წყალში დაახრჩვეს. მენო სიმონსი (Menno Simons) ჰოლანდიისა და ჩრდილო გერმანიის ანაბაპტისტთა მოძღვარი იყო. მისგან მოდის სახელწოდება მენონიტები. ძირითადი, რის მიხედვითაც მათ ანაბაპტისტები ეწოდათ, არის ის, რომ ნათლვა უნდა ხდებოდეს შეგნებულ ასაკში, როცა ადამიანს უკვე შესწავლილი აქვს ბიბლია. ჩვილთა ნათლვას ისინი გმობდნენ. ანაბაპტისტებთან კალვინიც კამათობდა და სხვა პროტესტანტი ბელადებიც.  ქალაქი მიუნსტერი 1534 წელს რევოლუციონერმა ანაბაპტისტებმა ააჯანყეს. მათთვის ეს ქალაქი ახალი იერუსალიმი იყო. მიუნსტერის კომუნის სახელით შევიდა ისტორიაში ეს აჯანყება. კათოლიკეები და პროტესტანტები ერთად იბრძოდნენ აჯანყებული ქალაქის დასამხობად. მიუნსტერი დაეცა 1535 წელს და გამარჯვებულებმა სისხლის კალო დაატრიალეს. ანაბაპტიზმი პროტესტანტული განშტოებაა და მისი იდეები გადავიდა მრავალ სხვა პროტესტანტულ მიმდინარეობებში.

ხილვები ჰქონდათ ასევე  კათოლიკე მოძღვრებს. ესეც სიძნელეა, რომ ირწმუნო მათი ხილვები. კათოლიკე პროტესტანტის ხილვაზე ძვირს იტყვის და ასევე იზამს პროტესტანტი. იგნატიუს ლოიოლას უამრავი ხილვა განუცდია. ეს მოთხრობილია ჰუგო რანერის წიგნში ინიგო დე ლოიოლას ცხოვრებასა და მოქალაქობაზე:                  Хуго Ранер. Игнатий Лойола и историческое становление его духовности. Колледж философии, теологии и истории Святого Фомы Аквинского в Москве. 2002.

შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ  ლოიოლა  უფალმა აირჩია იმ  ღვაწლისათვის, რასაც იეზუიტთა ორდენის მამამთავრობა ჰქვია? ბასკმა ლოიოლამ უკუჰყივლა ვატიკანისადმი შთამომყივლელ პროტესტანტებს, რომ ვატიკანია ჭეშმარიტ გზაზე მდგარი და მას მიდევნა უხამს ყოველ ქრისტიანს. ესპანეთში ყარიბობის დროსვე სახელი გაუვარდა მას, როგორც წმინდა კაცს. საკვირველ არის ესე. იყო თუ არა ლოიოლას ბედისწერა, მისი პრედესტინაციული დანიშნულება ის, რომ მან კონტრპროტესტანტულ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი ევროპაში? იყო თუ არა ის თეოდიდაქტოსი (ღვთისაგან მოძღვრებული)?  თუ ეს მხოლოდ მისი დისციპლინირებულობითა და მისივე ფანატიკური ნების ძალით აღძრული ქმედება იყო?  (აქვე სათქმელია, რომ ლათინური სიტყვის fanaticus (მას ესდაგება furor)  ბერძნული შესატყვისებია  ექსტატიკოს, მანიკოს და თეოლეპტოს. სიტყვა თეომანეს ნიშნავს ღმრთისაგან შეშლილს. ბერძნულს კიდევ მოეძევება სხვა სიტყვა ამ მდგომარეობისათვის. ესაა მაინომენოს (შეპყრობილი, ქართლის მთიანეთის დიალექტით- ხატების აყვანილი), რომელიც წარმოსდგება ზმნიდან მაინომაი, რაიც ექსტაზურ შლეგობასა და ჭკვას გადაცდენას ნიშნავს. ექსტაზირებაზე, როგორც კაცის ცნობის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე  წერს ჰაიდეგერი ნაშრომში „ფენომენოლოგიის ძირითადი პრობლემები“ (ეს არის ჰაიდეგერიანას 24-ე ტომი. Die Grundprobleme der Phänomenologie (1927)).  ნაშრომში Der Spruch des Anaximander (ანაქსიმანდრეს თქმული) ჰაიდეგერი განიხილავს ჰომეროსის ილიადის იმ ადგილს, სადაც აქილევსი მისან კალხასს სთხოვს შეიტყოს ღმერთების რისხვა, რის გამოც ტროას გალავანთან მდგარი აქაველები შავი ჭირით იხოცებიან. მისანი კალხასი, ჰაიდეგერის თქმით, ფუტურუმის პერფექტიდან განმჭვრეტია. ჰაიდეგერი აქ იტყვის, რომ წინასწარმჭვრეტელი არის მაინომენოს, შეშლილი, შეპყრობილი. ჰაიდეგერი მისან კალხასის შეშლილობას, თვალთა გადატრიალებასა და ასოთა თრთოლას განიხილავს.  ექსტაზისი განხილულია პლატონის რამდენიმე დიალოგში. ექსტაზისზე მსჯელობენ ფსევდოდიონისე, გრიგოლ ნოსელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი. ესვე განიხილება მოგვიანო დროის დასავლეთის ეკლესიის მამებთან, მისტიკოსებთან. ისრაელის მეფეთა ქრონიკებშიც ნათხრობია ქადაგად დავარდნილ კაცებზე. ფანატიკოსის ცნება ახლა მხოლოდ ნეგატიური აზრით გამოიყენება და საგმობელ მოვლენას აღნიშნავს, ხოლო სიტყვა „მანია“ ფსიქიატრიაში მოიხმარება სნეულების აღსანიშნავად. შოუბიზნესში არის კომპოზიტი  „მელომანია“ თავშექცევის სემანტიკით.  ფანატიკოსის სლენგური ფორმა „ფანი“ გამოიყენება შოუბიზნესისა და სასპორტო ასპარეზობის ამბავთა მბობისას. ამ დროს მას არა აქვს ნეგატიური აზრი.)  ლოიოლამ დაწერა კათოლიკეთა შორის დიდად ცნობილი Exercicios espirituales (სულიერი მეცადინობანი) და  Diario spiritual (სულიერი დღიური).

ევროპული სქოლასტიკა, თეოლოგიური რაციონალიზმი ცდილობდა ბედისწერის მწველი პრობლემის განდევნას თუ არა, მომდოვრებას მაინც საღვთისმეტყველო დისკურსში. თომა აკვინატი (Thomas Aquinas) (1225-74)  და სქოლასტიკოსი არისტოტელიკოსები მიუთითებდნენ კაცის თავისუფალი ნებისა და საღვთო მადლის, პრედესტინაციის თანამიმართებისა და ურთიერთშეთავსების  მომენტებზე. აკვინატის დროს, 1261 წლის ივლისის მიწურულს  ბიზანტიელებმა  გაყარეს  კონსტანტინოპოლიდან  ჯვაროსნები და დაიწყო პალეოლოგოსების დინასტიის მეფობა ბასილევს მიხეილ VIII- ის კონსტანტინოპოლში გამეფებით. მონღოლთაგან იოლად გაცამტვერებულ საქართველოს იმპერიაში ამ დროს მეფობდა დავით VI ნარინი (1245-93).

ადრეული სქოლასტიკის სათავესთან მდგარი, ავგუსტინური მიმართულების ანსელმ კენტერბერიელი (Anselm of Canterbury) (1033-1109) მოხუცებულობისას დაწერილ  დიალოგურ თხზულებაში Cur Deus homo? (რატომ განკაცდა ღმერთი?) მსჯელობს, რომ ადამის ცოდვის შემდეგ ღმერთის განკაცება გარდაუვალ მოვლენად იქცა. განკაცება თავად ღმერთისათვის იყო მოსაწევნელი. ანსელმის ამ აზრის გამო კამათი დიდხანს შეიძლება. სახელდობრ, როგორ აქცია ადამის ცოდვამ ღმრთის ბედისწერად სოფლად კაცის სახით მოვლენა? კაცმა ვითარ განსაზღვრა ღმრთის მოწევნადი?  უკვე ამაზე ფიქრიც კი სცდება საეკლესიო დოგმატიკას. აღარას ვიტყვი მის განხილვაზე. მსგავსმა განხილვებმა შეაზანზარა დასავლეთი და მოიპოვა ჭეშმარიტად დიდი, რამდენიმე საუკუნის სამყოფი  ჰორიზონტი. ჰაიდეგერის მიერ დაფასებული დიდი საეკლესიო ავტორიტეტისა და ამავე დროს დიდი ერეტიკოსის მაისტერ ეკჰარტის ცნობილი ნათქვამის მოხმობა მკითხველს უფრორე შემსჭვალავს იმ საგონისით, რასაც ამ ნარკვევში განვიხილავ: Wäre aber ich nicht, so wäre auch Gott nicht (მე რომ არ ვყოფილიყავი, არც ღმერთი იარსებებდა). იცოდა თუ არა დეკარტმა ეკჰარტის ეს აზრი? რომ სცოდნოდა, ის სხვაგვარად იტყოდა  cogito-ს.

ანსელმის Cur Deus homo?-ზე მსჯელობს კარდინალი იოზეფ რატცინგერი (ახლანდელი პაპი ბენედიქტე  XVI) თავის ცნობილ წიგნში „შესავალი ქრისტიანობაში“. ის წერს, რომ განკაცებული ღმერთი, რომელიც თავად მიეკუთვნება ღმრთის შეურაცხმყოფელთა მოდგმას, აღასრულებს ცოდვის გამოსყიდვას. მას აქვს „უსასრულო მოწყალების მიღების ძალა, რაც უბრალო ადამიანს არ გააჩნია. ასე ხორციელდება ცხონება – მთლიანად მადლით, და მთლიანად როგორც სამართლიანობის აღდგენა. ანსელმი თვლიდა, რომ ამ გზაზე მან რთული კითხვის-   „Cur Deus homo?“, განკაცების და ჯვარცმის შესახებ კითხვის, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტა იპოვა. … მის მიხედვით, ქრისტე ჯვარზე უნდა მომკვდარიყო …“                         იოზეფ რატცინგერი. შესავალი ქრისტიანობაში. ლექციები სამოციქულო სიმბოლოს შესახებ. ვაჟა ვარდიძის თარგმანი. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი. თბ. 2010, გვ. 284.

აქვე სხვაგან კარდინალი რატცინგერი წერს, რომ ანსელმის მსჯელობა მცდარია, რადგან ძრწოლით აქცევენ ზურგს იმ ღმერთს, რომლის უმოწყალო მართლმსაჯულება მოითხოვს ადამიანურ მსხვერპლს, საკუთარი ძის მსხვერპლს, რომლის ავბედითი რისხვა სიყვარულის კეთილ უწყებას არასარწმუნოს ხდის               (გვ. 347).

პრედესტინაციონიზმის საშინელი სწავლების შესარბილებლად ბევრი თქმულა თეოლოგიაში. ანსელმის ნააზრევი ღმერთის განკაცებაზე მცდარად მიუჩნევიათ. ჭეშმარიტებაა ანსელმის ნათქვამი და ამას ჯვარცმის პრედესტინირებულობა ადასტურებს. თავად შესაქმეა ძრწოლის მომგვრელი თავისი ასეთობით და მართალი აზრი მასზე ასეთივე იქნება. იესუ სრული კაცი იყო და სრული ღმერთი. მას, როგორც კაცს, ან როგორც ღმერთს უარი რომ ეთქვა თავის სოტერულ მისიაზე  – ჯვარზე ასვლაზე, მხოლოდ ექადაგა სიტყვა და წასულიყო სამუდამოდ, მაშინ რა იქნებოდა? რომ უარეყო იესუს თავისი წარმომგზავნელი მამის ნება და განშორებოდა სოფელს? არა, დაისვას ასე საკითხი თეოლოგიაში. ის მეტად არსებითია და არ კი დაისმის ორი ათასი წლის განმავლობაში. მხოლოდ იმის თქმა, რომ უფალი უსაზღვრო სიყვარულია, მცირე ნუგეშია და არა რა მოცნებას არ იძლევა. აი რომ ეთქვა მამისთვის კაცთა სიმდაბლისა და ბრიყვობის შემცქერ იესუს – მე ამათ გულისთვის ჯვარს არ ვეცმები. რას ეტყოდა მას მამა? თუ იესუს, როგორც სრულად განკაცებულს, ჰქონდა ნების თავისუფლება, მაშინ ეს კითხვა უნდა დაისვას მათ წინაშე, ვისაც მსჭვალავს პრედესტინაციონიზმის სიძნელე. ეს ევენტუალიზმი ბევრის მომცემია.

დასავლეთის ორივე მიმართულების (კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი) ეკლესიის მამები უფრო თანმიმდევრულნი, ალალნი და ექსტრემისტულნი არიან პრედესტინაციონიზმის განხილვაში. ეს საკითხი აღმოსავლეთის ეკლესიის მამებთან ნაკლებადაა განხილული და ის როგორც საღვთისმეტყველო პრობლემა, აქ არ გამოკვეთილა არც სქიზმამდე, არც სქიზმის შემდეგ, როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქელ კერულარიოსმა (1043-58) შეაჩვენა პაპის ლეგატები 1054 წელს, ხოლო ლეგატმა, კარდინალმა ჰუმბერტმა სამაგიეროდ დაწყევლა ბიზანტიელები. რჯულის პოლიტიკური განმარტების გამო დაწყევლეს ერთურთი ბერძნებმა და ლათინებმა.  პრედესტინაციონიზმი არც რუსულ პატრისტიკაშია გამოკვეთილი თემა. აქ ერთი-ორი შაბლონური ნათქვამია პავლეს ეპისტოლეთა განმარტებისას და სულ ესაა. ქართულ პატრისტიკაშიც ასეა. პავლე მოციქულის პრედესტინაციონიზმი მიჩუმათებულია, ან უბრალოდ მას ვერ გებულობდნენ და ეფარებოდნენ საღვთისმეტყველო კლიშეებს.

ძველებს ერთი დიდი სათნოება გამოარჩევდათ ახლანდელთაგან. მათ აფიქრებდათ ბოროტის სოფლად გება. აი ამან შვა დიდი მოძღვრებები, რომელნიც მომდევნო მოძღვრებათა წყაროდ იქცნენ. ბოროტზე ფიქრმა შვა მაიას მეუფების ფილოსოფია ძველ ინდოელებში. ბოროტის ზეობა აფიქრებდათ მანიქეველებს, რომელთა შორის თავის ჯეელკაცობისას ირეოდა წარმართი ავგუსტინე და მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა მანიქეველური მინარევი. ეს მანიქეველობა ევროპაში გარდაისახა კათართა მოძღვრებად. ბოროტზე ფიქრობდა ზარდუშტი, ფიქრი აწიგნა და რელიგია შექმნა. ბოროტების განმარტებას ცდილობდნენ ნეოპლატონიკოსები ქრისტიანი პრედესტინაციონისტებისაგან განსხვავებული გზით. ახლანდელი ადამიანის განსჯაში ეს სათნოება გამქრალია. კარტეზიანული ცივილიზაციის, რაოდენობის სამეფოს, ვითარც რენე გენონი (1886-1951)  იტყვის, სავალდებულო პროფანული ოპტიმიზმი აღმაშფოთებელია. კაცი აღარას ფიქრობს ბოროტზე. ის კი მრავლად იტყვის ანტიქრისტეს მოსვლაზე, ბოლო ჟამზე, მაგრამ ეს არაა ის სიტყვა, რაც ჟამის რბოლას გაუძლებს და სამისხოდ გამოდგება.

პრედესტინაციონიზმის იდეა ქრისტეს იგავებიდან, შემდეგ პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან, შემდეგ ავგუსტინედან  (Aurelius Augustinus), (354-430) მომდინარეობს. იესუ უქადაგებს ფარისევლებსა და თავის მოწაფეებს: „ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა,  არამედ  მხოლოდ იმათ, ვისაც მიეცა. ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ. არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ;  და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს“ (მათე, 19:11-12).  სხვაგან იესუ იტყვის: „…ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არა აქვს, წაერთმევა ისიც, რაცა აქვს“ (მათე, 13:12). პრედესტინაციონიზმის განხილვისას ავტორთა მიერ ხშირად არ ითქმის ხოლმე, რომ ეს დიდი სიძნელე თავად ქრისტეს ნამოძღვრევიდან იღებს დასაბამს.  ნეტარი ავგუსტინე,  მოციქული პავლე, ჟან კალვინი და სხვები მერე იყვნენ. ქრისტედან იღებს დასაბამს ეს საკითხი. მან იუბნა თავის პრედესტინირებულ მოვლინებაზე. წინაშე მამისა რომ ეღაღადა უკვე კაცთა შორის შემოქცეულ იესუს, რომ სოფელი არ იყო მისი მოვლინებისა და გამომსყიდველური მსხვერპლის ღირსი, რას ეტყოდა მამა ძეს? წერილ არს, რომ იესუმ მამას ჰვედრა: „უკეთუ შესაძლებელ არს, თანა წარმხედინ სასუმელი ესე ჩემგან“.  სოფლად მოსული ძე რომ წინ აღდგომოდა თავის დესტინაციას, როგორც კაცი ან როგორც ღმერთი, რა იქნებოდა?  აი რომ განეყარა ფერხთაგან სოფლის მტვერი კაცთა შემყურე იესუს, ვითარც თავად ისწავლებოდა, და წასულიყო?  განა მხოლოდ წასულიყო, არამედ კვლავ დაეწყევლა სოფელი და კაცნი მასშიგან მყოფნი?

პავლე მოციქული ასე ქადაგებს კორინთელებისათვის: „…თვითეულს თავისი მადლი აქვს ღმრთისგან, ზოგს ასე, ზოგს ისე“ (1 კორინთ. 7: 7). აქვე პავლე იტყვის: „ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი“ (1 კორინთ. 7:20). რომაელთა მიმართ პავლე იტყვის, რომ წყალობა ანუ მადლი დამოკიდებულია არა იმაზე,  „ვისაც სურს, ვინაც რბის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“ (რომ. 9: 16). აქვე პავლე ლაპარაკობს წყალობის ჭურჭელზე, რომელიც უფალმა წინასწარ განამზადა დიდებისათვის (რომ.9: 23). პავლე სანამ ქრისტეს იწამებდა და გალილეველი რაბის მოწაფეთა მდევნელი ფარისეველი იყო, მანამდეც ასე ფიქრობდა და იტყოდა სინაგოგაში? პავლეს, სანამ ის სავლე იყო, უთუოდ ეცოდინებოდა ეკლესიასტეს სიტყვები: „ვიხილე ღვთის ყოველი საქმე, რომ ვერ მიხვდება ადამიანი ვერაფერ საქმეს, რაც მზის ქვეშ ხდება…“ (ეკლ. 8: 17). პავლეს არ უნახავს გალილეველი რაბი მის სიცოცხლეში. ხილვაში იხილა და რწმენით აღემატა ყველა მოციქულს, რომელნიც რაბის ყოველდღე ხედავდნენ და უსმენდნენ ამ ცხოვრებაში და მაინც  მცონარენი და უგებნი იყვნენ. სავლეს ბედისწერა იყო პავლედ გახდომა. კამათი შეიძლება იმაზე, თუ რა იხილა სინამდვილეში დამასკოდ მიმავალმა სავლემ გზაში, მაგრამ მან იწამა, რომ ის ღმრთის ძე იყო. ამ ხილვის შემდეგ მან შეიძინა სრული რწმენა, რაიც ბერძნულად აღინიშნება სიტყვით- პლეროფორია. პავლეს რომ ეჭვი შეეტანა თავის ხილვაში და არ ეწამა ქრისტესი, ქრისტიანობის ისტორიას სხვაგვარი დასაწყისი ექნებოდა. რომ არა პავლე, ეკლესიის ორგანიზაცია ვერ შეიქმნებოდა. პავლე რომ უფრო ადრე შეჰყენებოდა ქრისტეს, ის უთუოდ იდგებოდა ჯვარცმასთან. ყველა მოციქული გაიქცა იოანეს გარდა. ქალებიღა, სამი მარიამი იყვნენ მომაკვდავ მაცხოვართან. პავლე არ გაიქცეოდა. ის მტლად დაედო ქრისტეს სწავლებას. ყველაზე გვიან მოვიდა და ყველას დაემეტა მოციქულთა დასში. პავლეა პირველი ქრისტიანი ღვთისმეტყველი და მან თავიდანვე პრედესტინაციონიზმი იქადაგა. პავლეს თანმხლები ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზ მახარებელი, მოგვიანოდ ალექსანდრიის პირველი ეპისკოპოსი, ნეტარი იერონიმეს მიხედვით, პავლეს გვერდით იყო მის პირველ სამქადაგებლო მოგზაურობაში. ამას იტყობინება პავლეს ეპისტოლე კოლოსელთადმი (4: 10). მარკოზი გაექცა პავლეს მასთან შეკამათების შემდეგ. პავლე გამწარდა მასთან ლაპარაკისას. ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეებში (15: 37-40). იოანე-მარკოზი შემდეგ დაუბრუნდა მოუღლელ მისიონერ პავლეს. გაიგო მარკოზმა პავლეს პრედესტინაციონიზმიდან მცირე რამ მაინც? ეს არსად ეტყობა მის მიერ ლიტონად დაწერილ სახარებას. ვერ ჰყო ცნობანი მარკოზმან, ვერცა პეტრემან, ვერცა იოანემან. მოციქულებთან ერთად პირველი თაობის ქრისტიანი პროზელიტები არიან ნახსენებნი რომაელთადმი ეპისტოლეს ბოლოში, რომელთაც პავლე „უფალში მშრომელებსა“ და „უფალში რჩეულთ“  უწოდებს (ანდრონიკე, ურბანუსი, აპელესი, ჰეროდიონი, ჰერმესი და სხვები). რომელიმე მათგანმა შეიგო პავლეს პრედესტინაციონიზმი?  მოციქულთა მოწაფეებმა (კლიმენტი რომაელი, სმირნის ეპისკოპოსი პოლიკარპე, ანტიოქიის ეპისკოპოსი, წამებული იგნატიოსი),  რომელნიც შუალედურ ადგილს იკავებენ მოციქულთა ნაწერებსა და პირველ აპოლოგეტ ღვთისმეტყველთ (გნოსტიკოსებთან მოკამათე ირინეოს ლიონელი, რომელსაც ნახსენები აქვს იუდა მოციქულის  სახარება და რომელიც მხოლოდ  რამდენიმე წლის წინათ იქნა აღმოჩენილი, კვინტუს ტერტულიანე,  კლიმენტი ალექსანდრიელი) შორის, არაფერი თქვეს პავლეს პრედესტინაციონიზმზე, რადგან მათ ვერ გაიგეს ამ საკითხის მნიშვნელობა და  სიძნელე.

რატომ ვერ თქვეს პრედესტინაციაზე პეტრემ, იოანემ, იაკობმა, თადეოზმა და სხვა მოციქულებმა  ის, რაც პავლემ თქვა?  ამაშიც გამორჩეულია პავლე მოციქულთაგან. რაც პავლემ თქვა წინასწარგანგებულ ცხონებაზე, ეს მოციქულებსაც ეხებათ. ისე არაა, რომ დაიხოცნენ და უმალვე რაბის გვერდით დასხდნენ ცათა სასუფეველში. თვით ქრისტეს მოციქულად ყოფნაც კი არ ნიშნავს მოციქულის ცხონებას მისი სიკვდილის შემდეგ. აი ამას გულისხმობს პროტესტანტული პრედესტინაციონიზმი, ოღონდ ამას პირდაპირ არსად ამბობს. ამაზე ფიქრობდა პროტესტანტული გარემოდან გამოსული ნიცშეც (1844-1900). რამდენი რამ არის ამ დიდ მოჯანყესთან პროტესტანტულიც და ათეისტურიც. ვინ წაიკითხა წუთისოფლის რიტორებით მამშვენებელი  ნიცშე ისე, რომ ეს დაენახა? კითხვა უნდა დაისვას ასე: რის გამო შეიძულა ნიცშემ ასე მწველად ქრისტიანობა და წარმართობის დასაცავად დადგა?  ნიცშე ამბობს „ ანტიქრისტეს“ პირველი ნაწილის ბოლოს, რომ: Unser Fatum- das  w a r  die Fülle, die Spannung, die Stauung der Kräfte (ჩვენი ბედისწერა იყო სისრულე, დაძაბულობა, ძალთა მოკრება). Friedrich Nietzsche . Kritische Studienausgabe Herausgegeben von Giorgio Colli und Mazzino Montinari. B.6. Der Antichrist. Fluch auf das Christenthum (1888). Deutscher Taschenbuch Verlag de Gruyter. S.169. ამავე წელს დაიწყო ნიცშემ დიონისეს დითირამბები,  Dionysos-Dithyramben (1888-89). ის ელინთა ღმერთმა შემსჭვალა. ნიცშემ მოთხარა პროტესტანტიზმი ამ წიგნის მე-10 და მე-11 ნაწილებში.   აქაც, მესამე ნაწილის პირველივე აბზაცში მისი საფიქრალია ის, ადამიანის როგორი ტიპი უნდა გამოიზარდოს, რადგან der Mensch ist ein  E n d e (კაცი დასასრულია). ნიცშეს სწავლების გული ესაა, რომ ადამიანი უნდა დაიძლიოს და ამ საქმეში აზრის ძიებით წამებულ ნიცშეს ქრისტიანობა  დიდ მტრად მიაჩნია. ნიცშე  Übermensch-ის (ზეკაცი) მახარებელი და ევგენიკოსი მოფიქრალია, რომლის სახარებაც ადამიანის სახეობის დაძლევა და კაცის გვარეობის მელიორიზაციაა. ვითარც წინასწარმეტყველთ დასცინეს ბაალისა და დაგონის მოესავთ, რომ სად არისო თქვენი ღმერთი, მტვერი ედება და ჩიტი ასკინტლავსო თქვენს კერპებს, იქნებ ჩასძინებიაო და მიტომაც არ მოდისო, ვითარც ელია თიშბელმა ისრაელის მეფე აქაბის წინაშე უთხრა ბაალის ქურუმებს, ასევე ნიცშემ დასცინა ქრისტიან მღვდლებს და შეაჩვენა ისინი.  ზარათუშტრას წიგნში არის ადგილები, როდესაც გეგონება, რომ ესაია ან იერემია უბნობენ და არა ნიცშე. ევანგელია (სახარება) ნიცშესათვის არის Dysangelium (არასაკეთილო ცნობა).  „ანტიქრისტეს“ 42-ე ნაწილში ნიცშე იტყვის, რომ პავლე იყო  Dysangelist  და ყალბი ფულის მჭრელი. პავლეს, ლუთერს და მთლიანად ქრისტიანობას ნიცშე არ ინდობს  თავის  Vermischte Meinungen und Sprüche-ში (შერეულ აზრები და გამონათქვამები). ნიცშეს დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი ორაზროვანი იყო. ის ქრისტიანობის წარმოშობას დადებითადაც  განიხილავდა და სახარებაზე კარგს იტყვის.  ის ლუთერზეც რაღაც საკეთილოს იტყვის. ნიცშეს რომ ორი საუკუნით ადრე ეცხოვრა, იგი იქნებოდა ან უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ან უდიდესი ერესიარქი. მას რომ გულისყურით წაეკითხა ავგუსტინე, ანსელმ კენტერბერიელი ან ჯონ ოუენი, მისი მსჯელობა ქრისტიანობაზე სხვაგვარი იქნებოდა. ნიცშე ახალი დროის მოაზროვნეა, როდესაც ყოველივე ის, რაც ძველი პაიდეიის გულს შეადგენდა, უარყოფილი და მივიწყებული იქნა  ფრანგი სეკულარისტი დისიდენტების – განმანათლებლების მიერ. ძველი საკითხები სხვაგვარად იქნა დაყენებული. აი ამ სულისკვეთების გამომხატველია ნიცშე. რასაც ნიცშე ქრისტიანობის საგმობად ამბობს, ეს არის ფრანგი ათეისტებისგან ამოსული და  მეტად გასასტიკებული დისკურსი. რეფორმაციას ნიცშე გმობს ნაშრომში „ნება ძალაუფლებისაკენ“, §§ 88, 89, 93-ე და ასევე სხვა პარაგრაფებში.  „ანტიქრისტეს“ დასასრულს, 62-ე ნაწილში ნიცშე იწყებს ქრისტიანობის ამოძირკვას. აქვე, 53-ე ნაწილში ნიცშე იტყვის, რომ წამებულობა არაა ჭეშმარიტების დასაბუთების საშუალება, წამებულს არა აქვს ინტელექტუალური პატიოსნება და მას არა აქვს არანაირი მიმართება ჭეშმარიტებასთან. ნიცშეს ეს მსჯელობა ფრანგი ათეისტების სკეფსისიდან და ირონიიდანაა მომდინარე. გარდა ამისა, ბევრს როცა ფიქრობს ფილოსოფოსი სინდისზე, ჭეშმარიტებაზე, სიკვდილზე, მაშინ იტყვის მარტვილობაზე ასეთ სიტყვას. ამ სკეფსისის მაგალითია დიდროს „ფილოსოფიური აზრების“ LVI თავი. ეს ნაშრომი ეკლესიამ შეაჩვენა და ცეცხლს მისცა. დიდროს „ფილოსოფიური აზრების დამატება“ კი სკეფსისის კონცენტრაციაა. აქ უთუოდ შევჩერდები ყმაწვილობაში იეზუიტთა კოლეჯში განსწავლულ, მღვდელთაგან დევნილ დენი დიდროსთან (1713-84). იგი თავის „ლოცვაში“ დასტრიალებს ბედისწერისა და ნების თავისუფლების საკითხს. ათეიზმის ბურჯად მიჩნეულ დიდროს ვეღარ იცნობს მისი „ლოცვის“ მკითხველი. აქ დიდროს ისე აფიქრებს ღმერთის შემეცნების საკითხი, რომ ის ღვთისმეტყველი გეგონება და არა ეკლესიასთან მოდავე ათეისტი განმანათლებელი. დიდრო ასე ილოცვის: „ღმერთო, მე არ ვიცი, არსებობ შენ თუ არა, მაგრამ ვიაზროვნებ ისე, თითქოს შენ ჩემ სულს ჭვრეტდე, ვიმოქმედებ ისე, თითქოს შენს წინაშე ვიდგე“. აქ, ამ ლოცვისას იტყვის დიდრო, რომ ათეისტი შეიძლება იყოს მხოლოდ პატიოსანი კაცი. ლოცვას დიდრო ისევ ნების თავისუფლებასა და  ბედისწერაზე განსჯით ასრულებს. დიდროს უმეტესი ათეისტი იყო მისი მოწინარე ჟულიენ ოფრე ლამეტრი (1709-51) და ისიც ბევრს ფიქრობდა სიკვდილზე, ღმერთზე. ათეიზმი ის არაა, რასაც მასზე გაზეთში ამბობენ ცრუ ქრისტიანები. ათეიზმი არის თანმიმდევრული დეიზმის გაგრძელება. დეიზმი კი სხვა არა არის რა, თუ არა ღმერთის ყველგანმსუფევობასა და ყოვლისშემძლეობაში ეჭვის შეტანა. თავისი „ფილოსოფიური აზრების“  XIII თავში დიდრო წერს, რომ მხოლოდ დეისტს შეუძლია ათეისტის შეტევას გაუძლოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ფრანგი ათეისტები და დეისტები აღარ კითხულობდნენ პროტესტანტ და კათოლიკე ღვთისმეტყველთა წიგნებს. ამ ახალი ყაიდის დისიდენტებმა მიზნად დაისახეს მათი პრობლემატიკის გაქიაქება ფრანგული ირონიითა და სარკაზმით. მათ აზროვნების დინება სხვა კალაპოტში მიმართეს. ფრანგმა ათეისტმა და დეისტმა სააზროვნო პრობლემატიკა მთლიანად გადაიტანეს ბუნებისმეტყველებაში. მათთვის აღარას ნიშნავდა არც ადამის ცოდვა, არც სხვა ძველი თეოლოგიური საკითხები. მათ განდევნეს ძველი homo religiosus (რელიგიური კაცი).  ათეისტმა და დეისტმა ღმერთი დაუკავშირეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მათი განსჯის მონაგარია  homo scientificus (მეცნიერი კაცი), მისი სამეცნიერო სოტერიოლოგია და მესიანიზმი. ათეისტების non est Deus (არ არსებობს ღმერთი) სინამდვილეში ისევ ღმერთის ძიების საქრისტიანოსათვის მანამდე უცნობი, ეგზოტიკური ფორმაა. განა ყველა გაიგებს და გაიაზრებს ამას თვით ისტორიკოსთა და ფილოსოფოსთა წრეშიც კი. ათეიზმი ცნობილი იყო ძველ საბერძნეთშიც და მანამდე ინდოეთშიც, ჩინეთშიც. ძველმა თეოლოგიურმა საკითხებმა სხვაგვარი გააზრება შეიძინა. გარეგნულად კი ისე ჩანს, რომ ეს საკითხები დავიწყებას მიეცა. ამ საკითხებს კაცი ვერ დაივიწყებს შესაქმის ბოლო დღემდე. ეს კი ასე იყო ფრანგ ათეისტებთან, მაგრამ როცა ფიქრობ კაცის ხვედრზე, ვერ გაექცევი იმას, რის გამოც ერთურთში სასტიკად ილალვიდნენ კალვინის მიმდევარი პრედესტინაციონისტები და კათოლიკე ბერები. ამის დასტურია დიდროს ნააზრევი და მისი დიდი წინამორბედის, ახალი ყაიდის მარტოხელა მოჯანყის, ზეცის შტურმით აღებაზე მოუბნარი ათეისტი ექიმის ლამეტრის ნააზრევი. აქვე   უნდა ხსენდეს ვოლტერი. კათოლიკურმა კონტრპროტესტანტულმა რეაქციამ საფრანგეთში მახვილით ამოშანთა პროტესტანტული დისიდენტობა. ამის გამო იყო, რომ ფრანგების ნონკონფორმისტული რეფლექსია ოფიციალური და ზოგადად რელიგიის საზღვრებიდან გავიდა. საფრანგეთში პროტესტანტიზმს რომ ჰქონოდა გასაქანი, მაშინ ფრანგული ათეიზმი ასეთი ექსტრემისტული არ იქნებოდა. საფრანგეთის 1789 წლის დიდი რევოლუცია არ იქნებოდა ასეთი სისხლიანი და მძულვარე მღვდელთა და არისტოკრატთა მიმართ. რუსეთის იმპერატორმა პიოტრ I-მა (1672-1725) პროტესტანტული ელემენტები ძალთაქმედებით დაამკვიდრა რუსეთში და მახვილით დევნა სტაროვერები. პიოტრ რომანოვმა მოახდინა ეკლესიის რეფორმირება. ეს რელიგიური ომი იყო. იმპერატორის ძალთაქმედებამ აამოძრავა რუსეთი და ის ევროპის პოლიტიკის ნაწილად აქცია. სტაროვერები კი დარჩნენ რეფორმაციამდელი რუსული ეკლესიის ერთგულნი და მტრულად უცქერდნენ რომანოვების დინასტიას, როგორც вероотступник-ს.  ბოლშევიკურ რევოლუციაში საკმაოდ იყო სტაროვერული ელემენტი. ბევრი სტაროვერი ბოლშევიკების გვერდით იდგა. ამაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში კრინტი არ დაძრულა. მხოლოდ ეგაა, რომ დღემდე სატანურს უწოდებენ ამ რევოლუციას. ამ ძველმა მართლმადიდებლებმა რომანოვების სამეფო ოჯახის დახვრეტა ბოლშევიკთა მიერ ღმრთის სასჯელად მიიჩნიეს. რუსი სტაროვერები დღემდე ძველ წესებს იმარხავენ და ცალკე ეკლესიად ჰგიან. ამასაც ვიტყვი აქვე: პროტესტანტული ერესი რუსეთშიც იყო. მაგალითისათვის, ბერი ფეოდოსი კოსოი 1551 წლიდან მრევლში ქადაგებდა თანასწორობას, უარყოფდა საეკლესიო წესებსა და საიდუმლოებებს.

ფრანგმა ათეისტებმა თავისი ირონიითა და სკეფსისით აზროვნების წინსვლას გაუმართეს ხელი, მაგრამ დღეს მათი ნაწერების კითხვა აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ იყო ათეისტი. ეს იმ დროს იყო აზროვნების ძალუმობის დადასტურება და ზედა ზღვარი. ათეიზმის დასაბუთებას ახლა მეტი არგუმენტაცია ესაჭიროება, იმის მიუხედავად, რომ ქრისტიანობის კრიზისი სულ უფრო მიზეზდება, იმის მიუხედავად, რომ გენური ინჟინერიის მიღწევები აიოლებენ ათეისტის საქმეს. ათეიზმი არის კაცის ცნობისჩენის ძალუმობის გასასინჯი ასპარეზი. ჰაიდეგერი სწორი იყო იმაში, რომ ფილოსოფოსობა დაიწყო როგორც ათეისტმა. მან მიიჩნია,რომ  ეს გზა მას უნდა გაევლო და არა დაეგმო ღმერთის სახელით. მან წაიკითხა და განმარტა ნიცშე ისე, როგორც არავინ. როდესაც ნიცშეს შეშლილი ვაებით უბნობს ღმერთის სიკვდილზე, არა ქრისტეს ჯვარზე მოკვლას გულისხმობს იგი, არამედ უფრო დიდ რაღაცას. ათეისტი კი იყო ნიცშე, მაგრამ ღმერთის წარგებას ისე ფიქრობდა, როგორც არვინ. მის ფილოსოფიაში არის გერმანული მისტიკის და ნორდული მითოსის ვლენანი. ნიცშეს სწავლება ზეკაცზე გერმანული მისტიკიდანაა მომდინარე. ელინი ნიცშესი, ნეოპლატონებრ გარდარეული ზეკაცის მახარებლისა  ელინმა ჰაიდეგერმა გაიგო. მან დააფასა ნიცშეს ფილოსოფიური შური და გზნება. დიდი შეგებით შეიგო მან ნიცშეს რიტორული დიონისობა. ბევრი დაწერა ჰაიდეგერმა ნიცშეს გაგებისათვის. ესენია ჰაიდეგერიანას Band 43. Nietzsche: Der Wille zur Macht als Kunst. Band 44. Nietzsches metaphysische Grundstellung im abendländischen Denken: Die Lehre von der ewigen Wiederkehr des Gleichen. ასევე ნიცშეზეა ჰაიდეგერიანას მე-6,  47-ე, 49-ე, 52-ე ტომები. ჰაიდეგერმა სრულად გაიგო ღმერთის საკითხის ათეისტური გააზრების მნიშვნელობა. ის ამ სიძნელის შიგნით იყო, მუნითგან გამოიმზერდა, მის სააზროვნო პერსპექტივას მკაფიოდ და უცდომელად საზღვრავდა. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ჰაიდეგერის ფილოსოფიიდან მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრა. ეს არის გვიანდელი ჰაიდეგერის ნათქვამი, რომ ჩემი ფილოსოფია არისო ღმერთის მოლოდინი. აქ თან ისაა საგულისხმო, რომ მას აქ ქრისტე  არ უხსენებია. ჰაიდეგერი ნეოპლატონიკოსია. ის ნიცშეს კვალად წარმართობისკენ მიდრეკილი დიდი მოგვი და  მჩხრეკელია. ის იეზუიტთაგან გამოქცეული გერმანელი ელინია. მას, სხვა ნაცისტებისაგან განსხვავებით, ნეოპლატონიზმი და მთლიანად ელინობა გაცილებით ღრმად ესმოდა. ბერძენს არ წაუკითხავს სოკრატემდელი მოაზროვნენი და პლატონი ისე, როგორც ამან წაიკითხა. პლატონის ენა ჰაიდეგერმა შთაიგზნო და განმარტა. მან შესძინა ახლებური ინტერპრეტაცია ანაქსიმანდრეს, პარმენიდეს, ჰერაკლიტეს. ჰაიდეგერიანას  54-ე ტომია Parmenides,         56- ე ტომია Heraklits Lehre vom  Logos. ჰერაკლიტეზეა მე-7 და 55-ე ტომები. მის დიდად ცნობილ მცირე ნაშრომში Was heißt Denken? თითქოს ვინმე ელინთაგანი უბნობს. თითქოს  ქარან-ქალაქიდან ან მისტრადან აღმდგარი და ჰაიდეგერში გარდასხეულებული რომელიმე ნეოპლატონიკოსის სული მსიტყველობს. ეს იყო ახალი პლატონი ნორდულ მოდგმაში. მისით აციაგდა მანამდე მიმქრქალი  და მოცრიატე ფილოსოფია დასავლეთში. მან იმოქალაქა სახელოვნად და მისდა უნებურად  დიდი მეოხება უყო  ქრისტიანულ თეოლოგიას ისევე, როგორც ნეოპლატონიკოსთა ნააზრევმა გააძლიერა ძველად  ქრისტეს მოესავთა დისკურსი. ეს გარემოება კვლავ დაგვანახებს, რომ ერთია ბოლოვადი საკითხები ფილოსოფიისა და თეოლოგიისათვის.   

ათეიზმის მნიშვნელობის ვერგაგების ტიპური მაგალითია მღვდლის, ლევან მათეშვილის სტატია საეკლესიო ჟურნალ „კარიბჭეში“ (N-21, 20 ოქტ.-2 ნოემბ., 2006, გვ. 10-11). არაფერია აქედან აქ მოსატანი. სიტყვების რახარუხია. ამას კი ვკითხავ მას: ასეთი ზნეობრივნი თუ ხართ, რაღად მოხდა, რომ სამღვდელოებამ წილი დაიდო ეროვნული მოძრაობის ამოძირკვაში და ლიბერტარიზმის გამართლებას წლები შეახარჯა? გინდათ, რომ ფილოსოფია დამნაშავედ გამოიყვანოთ, რომელიც თქვენ შეაწყალეთ უფალს, აქამდე რომ შლეგობდა და ამპარტავნებდა? წარმართი, რომელიც მავანს ათეიზმში სდებს ბრალს, თავისი ანტიათეისტური არგუმენტებით ახლოს დგას ათეისტის მამხილებელ ქრისტიანთან. ეს როგორ? განა სინდისის უბნობა კაცის გულში იმაზეა დამოკიდებული, რომ ის ღმრთის მოესავია და არა ათეისტი? საიდან მოიტანა ლევან მათეშვილმა, რომ ათეისტს სძულს ფილოსოფია, რელიგია, პოეზია? რამდენი უმეცარი და მხდალი შეჰფარებია ღმერთის სახელს და ათეისტს რად სდებს ბრალს იგი მღვდელი „მეტაფიზიკურ სიმხდალეში“?  პირიქით, ათეისტმა ამხილა მრავალი მრევლთაგანი სიცრუეში, გულბილწობაში, სირეგვნეში. იგი მღვდელი წერს, რომ „ათეისტის ცხოვრებას, ფაქტობრივად, სიკვდილის პანიკური შიში წარმართავს…“.  ეს არასწორი მსჯელობაა. ათეისტს არ ეშინია სიკვდილისა და მისი ათეისტობა არის ამის დასტური. სიკვდილის შიშის გამო რამდენი დაეხეტება საყდრებში? ამას რად არ იტყვიან? ათეისტმა დააყენა სინდისის, სიკვდილის  და ღმრთის საკითხები ისე, როგორც მანამდე არ ყოფილა დაყენებული. ათეიზმი აზროვნების მონაპოვართაგანია და არაა ადვილი მისი უარყოფა  წმინდა მამებზე მითითებით. ამაოდ დაშვრა იგი მღვდელი ათეიზმის საძაგებლად. რახან შენ რჯულში მოესავად ჩანხარ და მღვდლობ, მეტაფიზიკურად მამაცი ხარ? მის  ნაწერს ეტყობა, რომ მან ათეიზმისა არა იცის რა, გარდა საბჭოთა ათეისტური პროპაგანდისა. თავად ათეისტურ საბჭოთა იმპერიაში ცოტანი იყვნენ თანმიმდევრული ათეისტები, ისეთები, ვისაც ეს საკითხი ძირეულად ესმოდა. აზროვნების სიძნელენი ნათელჰყო ათეიზმმა და პარადოქსი კიდევ ისაა, რომ სეკულარისტი და ათეისტი აშქენაზები (ევროპელი ებრაელები)  მარქსის გამოკლებით, თავის განსჯას მაინც თორას უკავშირებდნენ. თავისი ათეისტობა მათ მოსეს რჯულთან მიმართებაში ჰქონდათ დასაბუთებული.

პავლე რომ კაცთა რჩეულობისას ისწავლებოდა, რატომ ვერვინ შეეკამათა მას მოციქულთაგან?  იმიტომ, რომ ისინიც ეთანხმებოდნენ პავლეს. სიტყვის გამოგება კი ამ საკითხზე მათ ვერ შეძლეს.  მხოლოდ მოსვლა მაცხოვრისა და მისი ჯვარზე ვნება არაა საკმარისი საწინდარი, რომ ყველა ცხონდება, რა მოკვდება. ამ სოტერიოლოგიურმა რადიკალიზმმა დასავლეთს უდიდესი ბიძგი მისცა აზროვნების, მეცნიერების განვითარებისათვის. რჯულთამებრ, ყველა მოციქული ღვთის მადლითაა ნიჭებული, მაგრამ აქ საკითხავია შემდეგი: ზეგარდმონიჭებულობას, ღვთივშთაგონებულობას (divinatio)  წყალობილი კაცი სრულად ითვისებს და განიშინაგანებს, თუ რჩება რაღაც, რაც უკან, ზეცაში ბრუნდება? უფალი ვითარ ჰგუობს იმას, რომ მისგან ნიჭებულს კაცი სრულად ვერ ითვისებს? ზეშთაგონებულის სიტყვის მსმენელმა კაცმა ვითარ შეიტყოს, რომ ღმრთისგან ნიჭებული წყალობილმა ვერ სრულად იხმია და მისი ცნობანი ვერ ძალუმობენ?  როცა კაცი, სახარებისეული სიტყვით რომ  ითქვას, არის დიკაიოსი (ღმრთის ნების აღმასრულებელი) და არის თეოდიდაქტოსი (ღმრთისაგან ნამოძღვრევი), რა რჩება მასში მისი თავისუფალი ნებიდან? რაღაცას დიკაიოსი ღვთივ (ღმრთის ნებით) ანუ divinitus (ზეშთაგონებით) იტყვის, რაღაცას კი თავისით. სადამდე მეტობს მასში წინასწარგანსაზღვრულობა?  წინასწარმეტყველნი ვითარ შეიცნობენ იმას, რაც ხდება ღვთის ნებით (კატა თეონ)  და რაც ამავე დროს ხდება კაცის ნამოქმედარით?   სხვა მოციქულების ეპისტოლეთა კითხვა დაგვანახებს, რომ მათ ისე არ ძალუძთ სიტყვის გამოგება, ვითარც პავლეს. პავლე ქრისტესთვის ენამჭევრობდა. ტარსოსელ პროზელიტს დიდად შეეწია იუდაისტური განსწავლულობა და არაა სწორი აზრი, რომ რაბი იესუმ განზრახ აირჩია უბირი მოწაფენი, რადგან მათი ცნობა არ იყო შებღალული ამა სოფლის სიბრძნით. იუდეველებმა სცემეს და გამოაგდეს პავლე, საქოლავად ეტევებოდნენ მას. იუდეველთა შორის პეტრე დადიოდა და ახარებდა ქრისტეს სიტყვას, რაც ნათქვამია გალატელთა 2:7-ში. პეტრეს ეგრე არ ერჩოდნენ მოსეს რჯულისანი, ვითარც პავლეს. პავლეს აღარ მიესვლებოდა იუდეველებთან.  ელინთა და ელინისტთა შორის იარა  დიდმა ტარსოსელმა მისიონერმა. უჭირდა მათ შორის ქრისტეს სიტყვის ქადაგება და ამიტომ მოაყივნა ფილოსოფია. მას ექნებოდა ცოდნა ელინურ ფილოსოფიაზე  დანარჩენი მოციქულებისაგან განსხვავებით. მისთვის უმთავრესი ის იყო, რომ ქრისტეს სწავლება როგორმე გაევრცელებინა ბერძნული და რომაული ღმერთებით განვსილ, მითებით გამსჭვალულ რომაულ ოიკუმენაში. პავლეს ბედი, რომ მისი მისიონერობის დროს მას არ შეხვედრიან ნეოპლატონიკოსები, თორემ მათთან დიაკრიზისი (დავა) მას ფრიად გაუძნელდებოდა.

პავლე მოციქულზეა დაწერილი და ერთ წიგნში გაერთიანებული:   მამა პიერ დიუმულენი.  წმ. პავლეს ცხოვრება და მოძღვრება.                                                               კარდინალი ალბერ ვანუა. წერილი ებრაელთა მიმართ. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი. თბ. 2010.

პავლეს მოქალაქობაზე ჩარლზ ანდერსონ სკოტმა დაწერა: Charles  A. Scott. Christianity according to st. Paul. Cambridge University Press.1961.

პავლეს ცხოვრებაზე და მის ეპისტოლეებზე ნაცისტურ გერმანიაში გოთური შრიფტით 500-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი გამოსცა იოზეფ ჰოლცნერმა: Joseph Holzner. Paulus. Sein Leben und seine Briefe. Freiburg im Breisgau. Herder & Co. GmbH. 1939.

ქართველთა ეკლესია ისწავლება, რომ ყველა რჩეულია, რახან ქართველია და მართლმადიდებელი. საქართველო კი უფლის მხარეა და ივერია გაბრწყინდება. არ გაბრწყინდება ივერია. ქართლსა ზედა მადლის მოფენას იწამებიან მღვდელნი. არ მოეფინება მადლი ქართლს. პრედესტინაციონიზმი არაა მწვალებლური და სატანური.  ნებისმიერ მესიანიზმში უკვე ნაგულისხმებია წინასწარ განსაზღვრული ხვედრი. ვინც საკუთარ მესიანიზმს ასე დასცინა და აფურთხა ქიმერული დემოკრატიის გამო, შემდეგ გაწბილებულმა და შიშნაჭამმა ამავე ნაფურთხი მესიანიზმით სხვების დანამუსება დაიწყო, ის ამ ცხოვრების სამუდამო ბითურია, კრულია და მეტის ღირსია. ჯერ ეს თამარ მეფის დროინდელი მესიანიზმი რა იყო, რომ ეს ქალი სამების მეოთხე ჰიპოსტასად შეირაცხა და მისი შვილი ქრისტეს სწორად?  ეს რა იყო? რა დღეში იყვნენ დედა-ძენი. ეს რა მესიანიზმი და ევროპისკენ სწრაფვის რა გამოხატულება იყო? აკაკი ბაქრაძეს მიაჩნდა ასე და მისი ეპიგონებიც წლობით ამას იმეორებენ.  სადმე გააკეთეს საქრისტიანოში ასე, რომ  ტახტოსანი ბრიყვი დედაკაცი და მისი ძე  სამებას მიუსართეს და ის ხუთწევრი გახადეს? ვინ და რისთვის შერაცხა წმინდანად ეს ქალი? ცრუ წმინდანია თამარი. შვილები ვერ გაზარდა, რომ დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის ფუძეჩაყრილი და აღზევებული, კავკასიის იმპერიად ქმნილი სამეფო მათთვის ჩაებარებინა. ასული მისი რუსუდანი თავზეხელაღებული მრუში, ფანდურა და მტარვალი იყო, რომელმაც მოარყია საქართველოს სამეფოს ძირები თავისი სირეგვნით. ვაჟი მისი ლაშა-გიორგი შლეგი  ლოთი და მრუში იყო. თამარის შვილების მეფობამ შეამზადა საქართველოს დაქცევა. რისთვის ითქმის ამდენი ლექსი თამარზე და საქებარი ლაშა-გიორგიზე? ვის რაში არგია ეს დამტკბარი  ცრუეკლესიურობა და მართლმადიდებლობის ერთადერთობაზე დაჟინებით ლაპარაკი? საქართველოში, ყველაფრის გაარაფრების ქვეყანაში, ისე იქცევიან, თითქოს არსად არავინ ყოფილა, არავის არა უთქვამს რა ღირებული. წლები გადის და სულ ასეა. ეს პროვინციული რელიგიური თვითკმაყოფილებაა. ახალ აღთქმაში ღმრთის ნების ვერშეცნობას ეწოდება სკლეროკარდია. პოლიტტექნოლოგიაზე დახურდავებულ საქართველოში ეს ყველგან ჩანს და მას ვერ დაფარავს ფერად-ფერადი რელიგიური ჟურნალების ნაირობა. ქალები შესჩენიან ამ ჟურნალებს. მათ ღმერთის ხსენებაზე ელეთმელეთი მოსდით და მამანი ამას ითნევენ და ეხარებიან. ეს არაა რელიგიურობა. გააჭირეს საქმე მღვდელთაგან გახალისებულმა  დედაკაცებმა ბოლო ჟამზე წერით, იოანეს გამოცხადების განმარტებით.  ვითომ ანტიქრისტესთან შესახვედრად ემზადებიან და სხვებსაც ასწავლიან ამას. ქალების გასარჩევი გახდა ამა სოფლის დიდი თავადის მოსვლა?  ბნელეთი მძლავრობს ქართულ ეკლესიაში. ქართველთათვის რელიგია კი არაა არსებითი, არამედ რელიგიური პამპული და ვინმეს ჯიბრით ღმერზე ბრიყვული ლაპარაკი.

კიდევ ის იყო, რომ რას პავლე მოელოდა და რას ეკითხებოდნენ მსმენელნი. სიძვისას ეკითხებოდნენ. რამდენი აქვს ამაზე ნათქვამი პავლეს, რომ ყოველ კაცს სიძვისათვის თავისი დედაკაცი ესვინ და სხვა მისთანანი. თითქმის არაა ეპისტოლე, რომ პავლე სიძვათა გამო არ სწუხდეს. სიძვათა შინა მიდრეკილი თემი იხილა პავლემ და მწუხრეულ იქმნა. პავლეს ეჭვი შეეპარა, რომ ესენი კი მოინათლნენ, მაგრამ ცხონების მადლს ვერ მოიპოვებდნენ. კი დადგებოდნენ ქრისტეში ნათლობის შემდეგ იუდეველი და ელინი, მაგრამ ეს არ აუქმებდა კაცის სიკვდილისშემდგომი ხვედრის გააზრების სიძნელეს. არა ყოველი ნათლული და ზიარებული ცხონდება სულთახდისას. აი ამას შეჰბრუნავს პავლესეული, ავგუსტინესეული და შემდეგ პროტესტანტული  პრედესტინაციონიზმი. ეს საკითხი მთელი თავისი სიმწვავით იდგა გნოსტიკოსებთანაც. მათთანაც იყო კაცთა ასეთი რჩევა. დონატისტები, რომელთაც ავგუსტინეს სიცოცხლე მოუშხამეს, იმავე პრედესტინაციულ კითხვას უტრიალებდნენ: ვინაა მრევლში უმწიკვლო და ღმრთის მადლის მიღების ღირსი? ამის გასარკვევად ერთურთიც აღარ დაინდეს დონატისტებმა და ავგუსტინეს რომ მტრობდნენ, ეს აღარცაა გასაკვირი. დონატისტები იყვნენ მეტად შფოთიანი მრევლი. დონატისტი ეპისკოპოსი, მათი თქმით, უმწიკვლო და უშეღავათო უნდა იყოს, რათა მისი მღვდელმოქმედება უფალმა ითნოს. თუ ის არაა უმწიკვლო, მაშინ მისი მღვდელმოქმედება აზრს ჰკარგავს. ავგუსტინე კი მათთან კამათში ამბობდა, რომ ეკლესიაში აღსრულებული  მღვდელმოქმედება ყოველთვის მიითვლება უფლის მიერ, რადგან ეკლესია წმინდაა და მასზე არ ახდენს გავლენას ამა თუ იმ მღვდლის მწიკვლოვანება. დონატიზმი რიგორისტული  საეკლესიო დისკრიმინაციაა და იმ დროებაში ეს განხეთქილებას უწყობდა ხელს. ავგუსტინემ კართაგენის ეპისკოპოს დონატუსის მრევლს დაუპირისპირა თავისი პრედესტინაციონიზმი. აფრიკელებში ისე მძლავრობდა დონატიზმი, როგორც ევროპის ბარბაროსებში არიანელობა მძლავრობდა. როგორც არიოზელობა იყო ბარბაროსთა ეთნიკური იდენტიფიცირების  საშუალება, ასევე დონატისტობა იყო ჩრდილო აფრიკაში აფრიკელი ერეტიკოსი  ქრისტიანების- დონატისტების ეთნიკური იდენტიფიცირების საშუალება. ბარბაროსი ნიშნავდა არიანელს და არიანელი ნიშნავდა ბარბაროსს. დონატისტი ნიშნავდა აფრიკელს და აფრიკელი ნიშნავდა დონატისტს.  არ იზიარებდა აფრიკელი ავგუსტინე  თანამემამულეთა დონატისტურ პატრიოტიზმს და რომთან რელიგიური ომის იდეას. ის ეკლესიის ერთობას ეზრუნვიდა. ქრისტიანი იმპერიალისტი იყო ჰიპონის ეპისკოპოსი ავგუსტინე, განსხვავებით ერეტიკოსი ეპისკოპოსებისგან.

ავგუსტინეც ხედავდა თავისი დროის ათასობით ქრისტიანს. ისიც დააფიქრა  მათი ცხონების საკითხმა. გვიანდელმა ავგუსტინემ კვლავ დაწერა წინასწარგანსაზღვრულობაზე.  411 წელს ავგუსტინე  57 წლისა იყო. პელაგიანელობა მისთვის ის სალესი ქვა აღმოჩნდა, რომელზეც მან თავისი პრედესტინაციონიზმის მახვილი გაპირა. ეს მახვილი მას ადრეც ჰქონდა, მაგრამ კიდევ ესევითარ აღლესილი ის არ ყოფილა. სიბერეს მიწეულმა ავგუსტინემ ისევ პელაგიანელებთან პოლემიკისათვის  428 თუ 429 წელს დაწერა ნაშრომი De praedestinatione sanctorum ad Prosperum et Hilarium (წმინდანთა წინასწარგანსაზღვრულობისათვის პროსპერუსისა და ჰილარიუსისადმი), სადაც ისევ პავლეს ეპისტოლენი ირჩევა. აქ, დასაწყისშივე ახსენებს ავგუსტინე ვერგილიუსის „ენეიდას“. ის განიხილავს ადამის ცოდვას და ღმრთის მადლის ნიჭებას კაცისთვის, ასევე სიკვდილის საკითხს. პელაგიუსის მიმდევრებთან ავგუსტინეს ბრძოლისას რომის პაპი იყო ბერძენი ზოსიმე. ავგუსტინე ახსენებს პაპ ზოსიმუსს De gratia Christi et de peccato originali-ს (ქრისტეს მადლისა და პირველშობილი ცოდვისათვის) მეორე წიგნის VII- IX და სხვა თავებში. ეს ნაშრომი ერთ-ერთია პელაგიუსის წინააღმდეგ. მასში ბევრი არგუმენტია მოხმობილი პელაგიუსსა და მის მიმდევარ ცელესტიუსთან დავაში. პაპმა ზოსიმუსმა განსჯილ პელაგიუსს კეთილი სახელი აღუდგინა და ავგუსტინეს საქმე გაუძნელა. რომის ეპისკოპოსი პელაგიანელი იულიანე ავგუსტინეს დიდად მტრობდა. მან ავგუსტინეს მანიქეველობაში დასდო ბრალი. მრავალი ეპისკოპოსი რომის ეპარქიებში პელაგიანელობას იცავდა და იულიანუსის მხარეზე იდგა. ახალგაზრდა რომაელმა ეპისკოპოსმა იულიანემ გალანძღა მოხუცი ავგუსტინე. ის მტრული თვალით უცქერდა აფრიკელებს და ჰანიბალის რომზე ლაშქრობაც ჰყვედრა ავგუსტინეს, როგორც აფრიკელს. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 429 წელს ავგუსტინემ იულიანეს საპასუხოდ დაწერა  Contra secundam Juliani responsionem (იულიანეს მეორე პასუხის წინააღმდეგ), რომელიც არის imperfectum opus (დაუმთავრებელი ნაშრომი). ახალგაზრდა ეპისკოპოს იულიანეს განზრახული ჰქონდა თავისი მოძღვრის პელაგიუსის შეჩვენების გამო შური ეძია უკვე მოხუცებულ ავგუსტინეზე. დავა და ლალვა დიდი ხნის დაწყებული იყო მათ შორის. იულიანე მოესწრო ავგუსტინეს სიკვდილს, მაგრამ ამის შემდეგ არც თავად გაუხარია. ავგუსტინეს 421 წელს უკვე დაწერილი ჰქონდა Contra Julianum pelagianum  (პელაგიანელი იულიანეს წინააღმდეგ). ზოსიმეს მომდევნო პაპების, ბონიფაციუს I-ისა და ცელესტინ I-ის დროს კამათი მწვავდებოდა. პელაგიანელობა რომაელი არისტოკრატების ქრისტიანობა იყო, რომელიც სეგრეგაციული ხსნის იდეას იცავდა. ავგუსტინე კი ქრისტესაებრ ბეჩავი მრევლის კეთილი მწყემსი იყო  ქალაქ ჰიპონში. რა მრევლი უნდა ჰყოლოდა მას რომის აფრიკულ პროვინციაში?

ვფიქრობ ღირს რამდენიმე სიტყვის თქმა ავგუსტინეს ცხოვრებაზე.  კაშკაშა მნათობია თეოლოგიაში doctor gratiae-დ (მადლის მოძღვარი) წოდებული ავრელიუს ავგუსტინე. ეკუმენისტია იგი იმ აზრით, რომ ის დიდი მოძღვარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებისათვის. მან დაწერა ყველაზე მეტი ძველი დროის ქრისტიან ავტორთაგან. ძნელად მოიძებნება კაცი თავად კათოლიკურ ეკლესიაში, რომ ავგუსტინენი სრულად კი არა, სანახევროდ მაინც ჰქონდეს წაკითხული და შესწავლილი. უზარმაზარი რაოდენობაა ნაწერებისა. მისი თხზულებანი  მოითვლის მრავალ ათეულ ნაშრომს და  უფრო მეტ წერილს. დასავლური სქოლასტიკის ტერმინოლოგია ავგუსტინემ შექმნა. ბერძნული ცუდად იცოდა და არც ისწავლა. ისაა ეკუმენიზმის იდეური მამა. ქრისტიანული იმპერიალიზმის იდეური მამაც ისევ ავგუსტინეა. მან პლატონი აქრისტა და ქრისტე აპლატონა. პლატონის, როგორც ქრისტეს წინათმგრძნობის იდეა, რაიც ბევრჯერ გამეორებულა სქოლასტიკაში, ავგუსტინედან მოდის. პლატონიზმ-ქრისტიანიზმის სიმფონია ავგუსტინესთანაა. კათოლიკე ღვთისმეტყველმა იოჰანეს ჰესენმა (Hessen) თქვა, თავისი წიგნის მეორე ნაწილში ავგუსტინეზე, რომ პლატონიზმი და პროფეტიზმი ერთობენ ავგუსტინეს დიდებულ სულში.

Johannes Hessen. Platonismus und Prophetismus (Die antike und die biblische Geisteswelt in strukturvergleichender Betrachtung),  Auflage, München, Basel. 1955.

ორმოც წელზე მეტი იყო იგი ეპისკოპოსი. 41 წლის ასაკში, 395 წელს ეკურთხა ეპისკოპოსად. ავგუსტინემ შექმნა აფრიკაში რომზე ორიენტირებული ეკლესიის ერთიანი ორგანიზაცია. მისთვის მიუღებელი იყო აფრიკელ დონატისტთა სეპარატისტული პატრიოტიზმი. ჭეშმარიტად ქრისტეში მაშვრალი იყო იგი. განა სხვა მღვდლები კი არ წერდნენ ბევრს. მაგალითებრ, ავგუსტინეს უფროსი თანამედროვე იყო ლათინურენოვანი ფრანგი, პიქტავიის (ახლანდელი პუატიე)  ეპისკოპოსი ჰილარიუსი (IV ს.). ქრისტოლოგიურ საკითხებზე მანაც ბევრი დაწერა, მაგრამ ის ნაკლებად ცნობილია პატრისტიკაში. ჰილარიუსმა დატოვა ფსალმუნთა  ვრცელი განმარტება. ესაა ნაშრომი: Sancti Hilarii, episcopi Pictaviensis. Tractatus super Psalmos. მან, როგორც აქედან ჩანს, ბერძნულიც იცოდა. 800 გვერდზე მეტია ფსალმუნების მისეული განმარტებანი. ფსალმუნები ავგუსტინემაც განმარტა ნაშრომში: Enarrationes in Psalmos (392-418) (განმარტებანი ფსალმუნთათვის). ავგუსტინე მისივე სიცოცხლეში პრედესტინაციონიზმის სწავლებამ და პავლე მოციქულის მისეულმა განმარტებამ, ასევე ერეტიკოსებთან საღვთო პოლემიკამ შეასახელა.

იმ ომის დროს, რაიც ავგუსტინელმა ბერმა, ლუთერმა დაიწყო, კათოლიკენი და პროტესტანტები სულ ავგუსტინეს მიმართავდნენ. სხვა სქოლასტიკოსებს არ ხვდომიათ ასეთი პატივი. პროტესტანტებმა უარყვეს ავგუსტინედან მომდინარე გამოთქმა, რომ salus extra ecclesiam non est (არაა ხსნა ეკლესიის გარეთ). ავგუსტინეს სახელით დაარღვიეს მათ კათოლიკური საეკლესიო ერთიანობა, pax catholica  და ახალი ეკლესია შექმნეს. ლუთერისა და კალვინის აპოსტასია რომ ენახა ავგუსტინეს, რას იტყოდა?

ავგუსტინე ცხოვრების ბოლომდე ერეტიკოსებთან დავობდა. არ მოასვენეს იგი დონატისტებმა და შემდეგ პელაგიანელებმა. ის დიდად გალანძღეს და თავადაც ბევრგან დალანძღა ისინი თავის ნაწერებში.  ამ ადგილების მოხმობას ავგუსტინოლოგიაში ერიდებიან ხოლმე. ავგუსტინეს ბიოგრაფოსთა თქმით, მისი მოკლვასაც იზრახავდნენ დონატისტები, რომლებმაც იმპერატორ თეოდოსიუსის დროს, V საუკუნის დასაწყისში დახოცეს ეპისკოპოსები და კათოლიკეთა ეკლესიები დაწვეს. ისინი რომთან ბრძოლაში დამარცხდნენ. რომში ისინი შეაჩვენეს, გვემეს და ძალთაქმედებით შეუერთეს ერთიან კათოლიკურ მრევლს, რაც ავგუსტინემ მოიწონა. მთელი კორპუსია ავგუსტინეს Scripta contra donatistas (ტექსტი დონატისტთა წინააღმდეგ). განა მარტო ესენი იყვნენ ჰიპონსა და მის შემოგარენში. აქვე ირეოდნენ მარკიონიტები (ადოლფ ჰარნაკს აქვს მარკიონზე ვრცლად დაწერილი:                          Adolf  von Harnack.  Marcion. Das Evangelium vom fremden Gott. Eine Monographie zur Geschichte der Grundlegung der katholischen Kirche. Neue Studien zu Marcion. Wissenschaftliche Buchgesellschaft. Darmstadt. 1996),  გნოსტიკოსები, ტერტულიანესგან გამოსული მონტანისტები, ასტროლოგები და სხვანი. დაიწერა უამრავი აპოკრიფი და ცრუ ცხოვრებაი ამა თუ იმ ცრუ წმინდანისა. ყოველივე ამას ავგუსტინე ყოველდღე ხედავდა. ასტროლოგებთანაც იკამათა მან და სახარებისამებრ განმარტა იმ ვარსკვლავის გამოჩენა, რომელიც ბეთლემს თავზე ადგა იესუს შობისას. მარკიონიტების წინააღმდეგ გვიანდელმა ავგუსტინემ დაწერა: Contra adversarium legis et prophetarium (421) (კანონისა და წინასწარმეტყველთა მომტერის წინააღმდეგ). ერთდროულად კამათობდა მანიქეველებთან და დონატისტებთან ჰიპონელი მოძღვარი და ორთავეთ ჯაბნიდა. მისი ოპონენტი ცნობილი დონატისტები იყვნენ: პეტილიანუსი, ეპისკოპოსები ემერიტუსი და გაუდენციუსი. განა ერთ, არამედ ცალ-ცალკე წიგნებში იკამათა ავგუსტინემ თითოეულ მათგანთან.

ელინისტური განსწავლულობა ავგუსტინეს ერთობ გამოადგა მანიქეველებთან, არიანელებთან, ასტროლოგებთან, წარმართებთან და სხვებთან კამათში. რიტორიკის მასწავლებელი იყო და სიტყვამოპოვებულობაც დიდი ჰქონდა. ის იყო რომაელი პოეტის, ვერგილიუსის (Publius Vergilius Maro, ძვ.წ. 70-19) მცოდნე და დამფასებელი. ეს ის ვერგილიუსია, დანტეს რომ ქვესკნელთა შორეთის ბჭეთ მოახილვინებს. ვერგილიუსის  „ენეიდა“ ავგუსტინემ ჭაბუკობიდანვე იცოდა და მას ბევრგან მოიწვდის. რომაული მითოლოგია და ძმისმკვლელი რომულუსის მიერ რომის დაარსების ამბავი მან ქრისტიანობასთან შეპირისპირებაში დაგმო. წარმართული რომი, მისი თქმით, იყო ვითარც კაენის ქალაქი.  მისი ეიმედებოდათ ერთიანი ეკლესიის ქრისტიანებს. მას ეძახდნენ და ესეც გამორბოდა მანიქეველებთან, დონატისტებთან, არიანელებთან და სხვებთან libenter (ხალისით) საკამათოდ. პირველი პოლემისტი იყო მანიქეველთათვის და სხვათათვის. მისებრი სხვა არვინ იყო და სულ მას უხმობდნენ. მას შეუდარებლად შეეძლო ის, რაც რიტორიკაში იწოდება reprehensio-დ (მოკამათის მტკიცებათა უარყოფა). ავგუსტინეს პოლემიკურ ნაწერებს ეს კარგად ეტყობა. ის ხშირად მიმართავს amplificatio-ს, რაც რიტორიკის ხელოვნებაში ნიშნავს განვრცობასა და სიტყვის ემფატიკურ წარმოთქმას. თეოლოგიისათვის იგი ასევე იყენებს ampulla-ს (მაღალფარდოვანი თქმა).

ავგუსტინე დიდად მომჯდომელი და მომთმენი კაცი იყო, რომ კათოლიკური ეკლესიის გარეთ მდგარ ქრისტიანებთან დისპუტაციისათვის ამდენი წიგნი ეწერა. მოქალაქობა მისი ჭეშმარიტად საკვირველ არს. იგი სამარემდე ეკლესიის ერთიანობის განმარღვეველ ქრისტიანთა  იდეების უარყოფას უნდებოდა. მასზე უკეთ ვინ უწყოდა, რომ იყო სიმართლე დონატისტების, მანიქეველების და პელაგიანელების ღვთისმეტყველურ დისკურსში და ეს სიმართლე ეკლესიის ერთიანობას სქიზმით ემუქრებოდა. მრავალ განწვალებათა შინა მყოფი ეკლესია კი წარმართობას ძლევას ვეღარ უზამდა. ქრისტიანობა დარჩებოდა როგორც ერთ-ერთი კულტი რომში და ბოლოს მას თავის წიაღში განაზავებდა და ესერიგად  შთანთქავდა ელინიზმი. ის ჩაიყლაპებოდა რომისა და საბერძნეთის ღმერთების მიერ. ვედურმა ღმერთებმა ასე შთანთქეს ბუდიზმი ინდოეთში ადვაიტა-ვედანტას აშრამის ფუძემდებლის, შანკარას (მიახლ.VIII ს.) დროიდან.  კრიზისული იყო ელინობა, მაგრამ მაინც დიდად ძალოვანი იყო და ვერ ძლევა უყო მას მოარულმან სიტყვამან, განკაცებულმან ლოგოსმან, უფალმან იესუმან. ამიტომ იყენებს მათთან დავაში ავგუსტინე სქოლასტიკურ კაზუისტიკას. ის იეზუიტებამდელი იეზუიტია. მისმა მიზანმა- შეენარჩუნებინა ერთიანი ეკლესია, გაამართლა მისი პოლემიკური მეხრიკეობა და ძალთაქმედება ერეტიკოსთა წინააღმდეგ. ავგუსტინემ დაიცვა ქრისტე ისე, ვითარც ეს საეკლესიო იმპერიალიზმსა და ქრისტიანთა უნივერსალიზმს შეეწეოდა.

ალარიხის რომში მოსვლის შემდეგ აფრიკაში გაქცეულმა რომაელმა ლტოლვილებმა ისევ ავგუსტინეს ჰკითხეს რომის დაცემის მიზეზი. ამანაც ვრცლად განმარტა, აწიგნა და ქვად დაიდო მისგან თქმული, 22 წიგნისგან შემდგარი  „ღვთის ქალაქისათვის“.  413-427  წლებში დაწერა მან De Civitate Dei. იმპერატორმა ვალენტინ III-ემ  ჰიპონში კაცი გაგზავნა მოხუცებულ ეპისკოპოს ავგუსტინესთან, რათა მას ეწინამძღვრა ეფესოს მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის, რომელიც 431 წელს უნდა შეკრებილიყო.  ამ კრებაზეც ნესტორიანული ერესის საკითხი განიხილებოდა და ავგუსტინე რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნესტორსაც თავგამოდებით ეკვეთებოდა. შიკრიკის ჰიპონში ჩასვლამდე 76-ე წელში მდგარი ავგუსტინე მიიცვალა.  მოკამათე და ორატორი კი უძლეველი იყო ჰიპონის ეპიოსკოპოსი, ოღონდ აქ ერთი რამ არის გასარკვევი: ამდენ დავასა და ლალვაში საკითხთა გააზრების სიღრმე კლებულობდა. შეუძლებელია აფრიკელ ეპისკოპოსს ეს არ ეგრძნო. უმთავრესი იყო ეკლესიის ერთიანობა, concordia. განხეთქილება ქრისტიანულ ეკლესიას დაღუპავდა. დრო იყო ასეთი შფოთიანი. ყველა ერეტიკოსი დანარჩენ ქრისტიანებს სამუდამო შეჩვენებას უპირებდა და მზად იყო მახვილით ედევნა დანარჩენი ქრისტიანები.  რიტორიკული არტიკულაცია რაღაც სადავო საღმრთო საკითხზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მისი სიმძიმის სრულად გაააზრებას. ჰგონებ, რომ ავგუსტინეს მანიქეველებთან და პელაგიანელებთან დავაში საკითხი სრულად გადაუწყვეტია. თან ამაში გარწმუნებს მრავალი წიგნი ავგუსტინეზე.  ასე კი არაა.  მის ნაწერებში პელაგიანური, ნეოპლატონური და მანიქეველური მინარევი მოუშორებელია. გვიანდელი ავგუსტინე, 418-19 წლების შემდეგ, ცოტათი მანიქეველია, ცოტათი პელაგიანელი, ცოტათი ნეოპლატონიკოსი და ამ ყველაფერს ის ათანხმებს ქრისტიანობასთან. ამიტომაა, რომ ბევრი მისი ნაშრომი აღარ განიხილება ხოლმე მასზე მწერ ავტორთა მიერ. ენოვანება ენისა დიდად ეშმაური რამ არის. სიტყვებს ცდუნების ხიბლი მოსდევთ. საკითხები, განხილული ავგუსტინეს მიერ ისევ დგას  წინაშე კაცთა მთელი თავისი შემზარაობით. უპირველესად ეს არის ბოროტების საკითხი, მანიქეველური დუალიზმის საკითხი შესაქმესა შინა. ან კვერს უკრავ სხვათა ნათქვამს და ამით აზროვნების უღლის მიქედებას ემალები, ხატების ამბორყოფით მტყუვარებ  და გულში თავი გეწონება, რომ ეს გამოგდის, ან მართლა ხარ ავგუსტინეს მკითხველი და მისი დამფასებელი. გულს უხსნი მას, რომ შენში შემოვიდეს ამ დიდად ვარამღებული, ქრისტეს ქოფაკი ჰიპონელი ეპისკოპოსის მოუსვენარი სული და ჯავრიანი გული. განა ყველას შეუძლია იყოს ეგზეგეტიკოსი და ჰერმენევტიკოსი. ეს კი არა და ტექსტის ჯეროვანი წაკითხვაც მცირეთ ძალუძთ. ვისაც აუჩქარებლივ უკითხავს ავგუსტინეს ნაშრომები მანიქეველთა და პელაგიანელთა წინააღმდეგ, დამეთანხმება, რომ აქ მძიმე საფიქრალს, ფილოსოფიურ ვარამს შერეულია ენამზეობა და  რიტორიკული ილეთები. ეს არის ავგუსტინეს აქილევსის ქუსლი. ეკლესიის აქილევსი კი ჭეშმარიტად იყო იგი. სიტყვა რომ მოსდგამდა, მიტომაც არის, რომ ლათინური ენის გემოს მასთან დააჭაშნიკებ და დიდად შეიყვარებ ამ მშვენიერ ენას, რომელიც ბუნებისმეტყველებისა და ჰუმანიტარისტიკის  მეოხებით დღესაც ხმიანობს.  ავგუსტინეს თანამედროვეთაგან მძიმე საკითხებზე ფიქრი კი არა, რიტორიკული კამათიც ცოტას შეეძლო. ჰიპონელ მოძღვარს კი ორივე შეეძლო. ცხოვრების ბოლომდე ის თავისებურად ნეოპლატონისტიც იყო, პელაგიანელიც, დონატისტიც და მანიქეველიც. კამათმა გაიტაცა ავგუსტინე. იგი თავის დებულებებს საზრისს სძენდა სხვებთან პოლემიკისას. შემდეგ კი დამარცხებული მხარის არგუმენტებს თავადვე იყენებდა და ქრისტეს დიდებას ახმარდა. იგი იყო მეზვრე ჭეშმარიტი ქრისტეს ვენახისა, რომელმანცა დაუზარებლად შეაგონა საეკლესიო ჰომონოიის (ერთობა) მომშლელნი. მისი დისკურსის გავლით, მის პრიზმაში გარდატეხით პელაგიანელობა, მანიქეველობა, დონატისტობა და პლატონიზმი სამუდამოდ დამკვიდრდა თეოლოგიაში. აქ ერთი რამ უთუოდ სათქმელია: არ არსებობს ერესი, რომელშიც ჭეშმარიტების მარცვალი არ იყოს. აი ამიტომ ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან ავგუსტინეს პრედესტინაციონიზმს, დონატიზმს, პელაგიანიზმს, მანიქეველობას და ასევე ნეოპლატონიზმს. განა  ავგუსტინეზე უკეთ  ეს ვინმემ უწყოდა?   

ეჰა, ერთასოფლის მზაკვარებასა და მღერასა! ქალაქი Hippo Regius (სამეფო ჰიპონი), სადაც ავგუსტინე  ცხოვრების ბოლომდე იყო ეპისკოპოსი, მისი სიკვდილის შემდეგ აიღეს აფრიკაში გადასულმა ვანდალებმა. ის აღესრულა ვანდალების მიერ ჰიპონის სამთვიანი ალყის შემდეგ. რომმა ვეღარ უშველა თავის პროვინციას. ამ ამბიდან ორი საუკუნის შემდეგ ისლამის ლაშქარმა აოტა ქრისტიანობა ჩრდილო აფრიკაში და ჰანიბალის სამშობლო, ნუმიდია, ახლა მაღრიბად წოდებული, ისლამის იმპერიის ნაწილად იქცა. მუსლიმი დამპყრობლების დროს  მიწის პირიდან აღიხოცა ჰიპონიც და მის გვერდით მდებარე ქალაქები ტაგასტა, სადაც ავგუსტინე დაიბადა, და მადავრა. ეს ალაგები ახლა ალჟირია. ავგუსტინეს ნეშტი ვანდალთაგან ჰიპონის აკლების შემდეგ აფრიკელმა ეპისკოპოსებმა გადაიტანეს სარდინიაზე და შემდეგ სარდინიის დამპყრობი არაბებისგან ავგუსტინეს ნეშტი 723  წელს გამოისყიდა ლანგობარდების მეფემ ლიუტპრანდმა. ამა წლის 28 აგვისტოს შესრულდება 1582 წელი ავგუსტინეს სიკვდილიდან.  ამ დღეს ხსენდება ავგუსტინე კათოლიკეებთან. მართლმადიდებლებთან 15 ივნისია მისი ხსენების დღე. 1650 წელზე მეტი გამოხდა მისი დაბადებიდან. ერთმა კაცმა შექმნა ლათინურ დასავლეთში საეპოქო გეზი. განა ვინმე ედგა გვერდით მის დავაში ერეტიკოსებთან. მარტო იყო. არა, იმპერატორი კი მხარს უჭერდა პოლიტიკური განაზრახით, მაგრამ მას მის სიცოცხლეში  იდეური მიმდევარი არ ჰყოლია. მისი დროის კაცთაგან ვერვისზე იტყვი, რომ ავგუსტინეს პრედესტინაციონიზმი მან გააგრძელა. პროვინციაში მოხუცდა და იქვე შეესრულა. მარტოდ მაშვრალობდა. მან გაზარდა მაგალითად ეპისკოპოსი ანტონიუსი. ის არ გამოდგა, ეპარქია ავაზაკთა ბუნაგად აქცია და ამიტომ ავგუსტინემ გააგდო. სხვებიც იყვნენ, ვინც არ გამოდგა. წბილობა და სიმწარე ნახა თავის გაზრდილთაგან და მარტო აგრძელებდა ეკლესიის დაცვას. ავგუსტინეს აფასებდა II ჯვაროსნული ომის იდეური სულისჩამდგმელი, ფრანგი ბერნარ კლერვოელი ( Bernardus abbas Clarae Vallis, Bernard de Clairvaux)  (1090-1153), ასევე ანსელმ კენტერბერიელი და სხვები. ჭაბუკმა ბერნარმა, რომელსაც აფიქრებდა პრედესტინაციონიზმი,  დაწერა ნაშრომი მადლსა და ნების თავისუფლებაზე.  აქ ის ავგუსტინიზმის მიმდევარია.  დასავლური სქოლასტიკისა და  თეოლოგიის ყველა გზა ავგუსტინეზე გადის. ის არის მისი სხივმცემელი მამა. ერთი რამითაც არის დიდი ჰიპონელი განსაკუთრებული: მან განჭვრიტა, რომ ნეოპლატონიზმი გამოადგებოდა ქრისტიანობას. მას არ დაუწყია ფილოსოფიის  მოყივნება. მთლიანად ელინობა კი მოაყივნა, რაზეც ქვემოთ ვიტყვი. მისი წინამორბედი თანამემამულე, კართაგენელი (ახლა ეს ტუნისია) ტერტულიანე (Quintus Septimus Florens Tertulianus) (მიახლ. 160- 220 წლის შემდეგ) ავგუსტინესთან შედარებით პროვინციელი დარჩა. ტერტულიანემ გაქირდა ფილოსოფია და მრავალი მამა ეკლესიისა მის კვალში იდგა, რადგან ცნობანი არ მოუდიოდათ და თანმიმდევრული აზროვნება უჭირდათ. ტერტულიანეებრ ლაპარაკი იოლი იყო.  თომა აკვინელი და ნეოთომიზმი ვერ დაჩრდილავს ავგუსტინეს. თომა მეტად ცივი და მშრალია თავის ცნობილ უზარმაზარ თხზულებაში Summa theologica.  თომასგან ცეცხლს ვერანაირად ვერ გამოაკვესებ. ჰიპონის ეპისკოპოსი კი საუკუნეებში არ ჩამქრალა. ალბერტ დიდთან ნამოსწავლები თომა ნაყოფით ისრიმი და ღატაკი ხეა. ავგუსტინე კი  ჰამო ნაყოფითაა დახუნძლული და შრტონი ეზნიქება სიმძიმით. XIII  საუკუნეში დაიწყო თომიზმის მიერ ავგუსტინეს გაძევება. გაუგებარია, რად მოხდა ასე.  სიწყნარეში გაზრდილი თომა ვერ გაუძლებდა სულის იმ ქარიშხლებს, რაიც ავგუსტინემ იწვნია ცხოვრებაში. თომას ხომალდი ვერ ივლიდა  მღელვარე ზღვაში. ავგუსტინეს ხომალდმა კეთილად იარა ზღვის ტინათა შორის და ნავსაყუდელიც ჰპოვა. ავგუსტინეს ცხოვრება ბევრჯერ იყო ისეთი, რომ მასზე ითქმოდა rudentibus  apta fortuna (ხომალდის ბაგირებთან დაკავშირებული ბედი (არასაიმედოობისა და მერყეობის აზრით)). დია ეთნებოდა ავგუსტინეს საზღვაო მეტაფორები და ხშირად გამოუყენებია. თომა მოვიდა და დაეყუდა მონასტერში შეგირდად, ოდეს აღარ იყო ესოდენ მრავალი ერეტიკული მღელვარებანი. თომამ ვისთან რა იდავა? სად რა ყარიბად იარა? ჰიპონის ეპისკოპოსი ვერ იქნებოდა ასეთი, თავიდან მანიქეველი და ნეპოლატონიკოსი რომ არ ყოფილიყო. ამა სოფლის სიბრძნემ გამოაწრთო აფრიკელი ჭაბუკი. ავგუსტინეა დიდად შემსმჭვალავი თავისი სარისკო ფიქრითა და  ძიებით, ამბივალენტურობითა და სამღთო გზნებით. იდიდოს მისმა სახელმა საუკუნოდ და უფლის ნათელში ეგოს. გულით გვემული კაცი იყო და არც მალავდა ამას თავის ნაწერებში. განა მხოლოდ ქრისტიანი, არამედ მუსლიმი, ინდუისტი და ბუდისტი ნახავენ მის თხზულებებში ბევრ სათავისოს. იუდეველიც ნახავს სათავისოს ავგუსტინესთან. განა იმად, რომ უთუოდ ქრისტეს შეეყენოს და მოსესანი დაამუნათოს, ვითარც მრავალ მონათლულ ებრაელს უქნია, არამედ რომ ფილოსოფიური გზნება ასასტიკოს იუდეველთა შორის და ქრისტიანული თეოლოგიის მიერ დადუმებული მამა-ღმერთი, ელოჰიმ ცაბაოთი აამეტყველოს. ამად არის ავგუსტინე ეკუმენისტი და დიდად თანამედროვე ღვთისმეტყველი. ის ფილოსოფოსი ეპისკოპოსია. მან ერთობილქმნა ფილოსოფია და თეოლოგია ისე, როგორც სხვა ვერვინ იზამდა. ავგუსტინე ის გამონაკლისია ეკლესიის მამათაგან, ვინც ყოველთვის შევა ფილოსოფიის ცნობარებსა და ენციკლოპედიაში, როგორც ქრისტიანი პლატონისტი და ეკლესიის ფილოსოფოსი. სხვა მამებზე ამას ვერ იტყვი. ჰუსერლი შეისწავლიდა ავგუსტინეს თავისი ფენომენოლოგიის განვრცობისათვის. ჰუსერლის მიზანი კი იყო მკაცრი ფილოსოფიური მოძღვრების შექმნა, საიდანაც სამუდამოდ განიდევნებოდა ირაციონალიზმი, მაგრამ ის ავგუსტინესგან იღებს რიგ დებულებებს. ჰაიდეგერიც წერდა ავგუსტინეზე. ესაა ჰაიდეგერიანას მე-60 ტომი, Augustinus und der Neuplatonismus (ავგუსტინე და ნეოპლატონიზმი).  83-ე ტომში შესულია  Platon – Aristoteles – Augustinus.

მამით წარმართი იყო ავგუსტინე და დედით ქრისტიანი. დედამ დაარქვა ავგუსტინე, რაც წარმომდგარია ავგუსტიდან და  პატარა იმპერატორს ნიშნავს. ავრელიუსი საგვარეულო სახელი იყო და რომის მოქალაქეობას ადასტურებდა. სწუხდა დედამისი მონიკა, რომ ჭაბუკი ავგუსტინე მანიქეველობდა. დადიოდა  იგი ჭაბუკი და დედა უკან დასდევდა, რომ სოფლის საცდურთ არ დაეღუპათ მისი ვაჟი.             18-19 წლის ავგუსტინეს უკვე ძე ჰყავდა პირველი concubina-სგან (თანამცხოვრები ქალი). ძეს ადეოდატი ერქვა და მას ავგუსტინე თავის ნაწერებში ახსენებს. მაგალითად, დიალოგურ ნაშრომში De magistro (389) (მოძღვრისათვის). მონიკა ეხმარებოდა მის გაზრდაში.  იგი ადრევე მოუკვდათ. კონკუბინას სახელს კი ავგუსტინე არსად ახსენებს ავტობიოგრაფიულ „აღსარებანში“. ეტყობა, რომ მოგვიანოდ ნანობდა ავგუსტინე მასთან თანაცხოვრებას. ის ქალი დედამ გაუგდო ავგუსტინეს, რომ თავისი ვაჟი ოფიციალურად დაექორწინებინა. საცოლეც დედამ მოუძებნა 30 წლის ავგუსტინეს. ვინ იფიქრებდა ჭაბუკი ავგუსტინეს შემჭვრეტი, რომ ასეთი დადგებოდა, რომ ეკლესიასა და ქრისტეში მდგარ რომის იმპერიას გააბრწყინებდა?  ქრისტეში დაღვინდა იგი მშფოთვარე ჭაბუკი. აღარ დაქორწინდა. ქრისტეს შესწირა თავი და  ბერულად იცხოვრა. თავის ნაწერებში ქორწინებასაც იცავდა და ცელიბატსაც. ამის გამოც ედავებოდნენ მას მანიქეველი ბერები. ეს თხზულებანია: De bono conjigali (400-01 წწ.) (ცოლ-ქმრული სიკეთისათვის), De sancta virginitate (400-01 ) (წმინდა უბიწოებისათვის),  De continentia (395 წ.) (დათმენისათვის). მას სინანული იპყრობდა  ჭაბუკობისდროინდელ სიძვათა გამო. მონიკას, მის დედას, ზმანებაში ეუწყა, რომ  აქეთ-იქით მოყიალე მანიქეველი ავგუსტინე ბოლოს ქრისტეს შეუდგებოდა და ეკლესიის წიაღში დადგრებოდა. 387 წელს აღდგომაზე მოინათლა 33 წლის ავგუსტინე  შვილთან, ადეოდატთან ერთად ეპისკოპოს ამბროსიუს მედიოლანელის მიერ. ამბროსიუსს, რომელიც მის მოძღვრად სახელდება ისტორიაში, მისთვის არ უსწავლებია პრედესტინაციონიზმი. ავგუსტინემ თავად დაიწყო ამის ქადაგება. თანდათან შევიდა სახარებაში და საღვთო შური დააგზო. თავის ჩასვლას აფრიკიდან რომში ის უფლის წინასწარგანზრახვად მიიჩნევდა. ამაზე ის „აღსარებანში“ იტყვის. 43-47  წლისამ დაწერა მან ავტობიოგრაფიული Confessiones და მის უმთავრეს ნაშრომად ეს სახელდება. ავგუსტინეს შემსწავლელთა მიხედვით, ის მან დაიწყო 397 წელს და დაასრულა 401 წელს.  ეს არის სინანულის წიგნი. ლათინური ენაც  აქ ააზატა  პროზაიკოსის ნიჭის მქონე ავგუსტინემ. ამ ლიტერატურული შრომით, ამ მონანულობით იგი ცდილობს დაარწმუნოს ქრისტეს შემდგარნი პრედესტინაციული ქრისტიანობის სისწორეში.  ამად არის, რომ აქ მთელი თავისი ცხოვრება ავგუსტინემ ღმრთისაგან წინასწარგანსაზღვრულად  მიიჩნია. ეს რელიეფურად უნდა გამოიკვეთოს და არა უბრალოდ ითქვას, რომ ავგუსტინეს ავტობიოგრაფოსობა მიზნად ისახავს მადლის ანუ წყალობის მიღების მოძღვრების დაფუძნებას.  Confessiones   შესანიშნავი  აპოლოგიაა პრედესტინაციონიზმისა.  ავგუსტინეს თანახმად, ისტორია კაცთა და ქვეყანათა არის პერმანენტული შესაქმე, რომელსა შიგან ყოველთვის ვლინდება ღვთის წინასწარგანზრახვა. ეს აზრი ჩანს მის სხვადასხვა ნაშრომებში და არა მხოლოდ აქ.

ჟან ჟაკ რუსო (1712-78) ავგუსტინეს ცუდი ეპიგონია, ოდეს თავის აღსარება დაწერა. განმანათლებლობის ეპოქას თავისი შესახელებული მონანული ესაჭიროებოდა და რუსოს ნაწერიც ამიტომ გააბუქეს. რუსოს ნიცშესეული კრიტიკა სავსებით სწორია. მხოლოდ ქრისტიანული კი არა, არამედ საზოგადოდ საღვთისმეტყველო ლიტერატურის დიდი შენაძენია Confessiones.  კაცის ბეჩაობისა და მისი სოფლად ყარიბობის მაჩვენებელია ავგუსტინეს ხვედრი. ამის სრულად შეგებას მისი გულდასმით კითხვა და მასზე ფიქრი ესაჭიროება.

ავგუსტინემ დაწერა ნაშრომი De catechizandis rudibus (399-400) (კათაკმეველთა დასამოძღვრად). თავადაც კათაკმეველი იყო, სანამ ამბროსიუს მედიოლანელი მას გაიცნობდა და  მონათლავდა. დაწერა Sermones (ქადაგებანი) და ასობით Epistolae (386-429) (წერილები). ეპისტოლეები კი ჰქვია, მაგრამ ამასაც ისე წერდა, როგორც ნაშრომებს. იმდენად ვრცელი წერილებია, რომ სათაურად ეპისტოლეები რომ არ ეწეროს, ნაშრომებად მიიჩნევ. მაგალითად, წერილები ევოდიუსისადმი, ნექტარიუსისადმი, ალბინასადმი, დონატუსისადმი, იოანესადმი, ცელესტინისადმი, ბონიფაციუსისადმი.  მოკლე ეპისტოლეები კიდევ ცალკე წიგნებია. რჯულის გამო სწერდა მეგობრებსა და თანამოაზრეებს (რომანიანუსი, ზენობიუსი, ეპისკოპოსი ავრელიუსი, ეპისკოპოსი ალიპიუსი, ევსებიუსი, სიმპლიციანუსი, ქსანტიპუსი, რუსტიკუსი, დონატუსი, ნებრიდიუსი, ევოდიუსი, ჰიერონიმუსი, მელანია, იმპერატორის მოხელე მარცელინუსი, მოგვიანოდ სიკვდილით დასჯილი, მაქსიმუსი და სხვები). ამ წერილების კითხვით ახლანდელი ადამიანი შედის IV-V საუკუნეების მიჯნაზე მდგარ რომში. მაშინდელი პროზელიტების ფიქრი და საზრუნავი საჩინოვდება მის წინაშე. აქ გაგახსენდება პავლე მოციქული, რომელსაც I  საუკუნის 50-60-იან წლებში  ასევე მიმოწერა ჰქონდა გაჩაღებული რომის იმპერიაში მყოფ ახლად მოქცეულებთან. ბევრი მათგანი პავლეს ეპისტოლეებშია ნახსენები.  ავგუსტინემ წინასწარმეტყველთა წიგნებიც სახარებასთან თანხმობაში განმარტა. პავლე მოციქულის ეპისტოლეთა გამო რომაელთა და გალატელთა მიმართ  ავგუსტინემ 393-96 წლებში დაწერა განმარტებანი. აქედან უფრო ცნობილია რომაელთადმი ეპისტოლეს განმარტებანი: Epistolae ad Romanes inchoata expositio  (393-6) (დაწყებითი განმარტება ეპისტოლესი რომაელთადმი) და მეორე: Expositio quarumdam propositionum ex epistola ad Romanes (393- 6) (რამდენიმე დებულების განმარტება ეპისტოლედან რომაელთადმი ). იიობის წიგნზეც დაწერა: Adnotationes in Iob (399) (შენიშვნები იიობის წიგნისათვის). დაწერა ექვსი წიგნისგან შემდგარი De musica (387) (მუსიკისათვის). ასე კი ეწოდება, მაგრამ აქაც თეოლოგიაა. უნდა ხსენდეს ასევე მისი ორ წიგნად დაწერილი  Soliloquia (386-7) (მონოლოგები).  396-7 წლებში  განაწიგნა De agone christiano (ქრისტიანობის აგონიისათვის). მიგელ დე უნამუნო (Unamuno) (1864- 1936) აქედან აიღებდა დასახელებას თავისი ლიტერატურულ-ფილოსოფიური  ნაშრომისათვის: La agonia del cristianismo (ქრისტიანობის აგონია), რომელიც ვატიკანმა აკრძალულ წიგნთა ინდექსში შეიტანა თავის დროზე.  გვიანდელმა ავგუსტინემ აფრიკაში მყოფი ორიგენისტებისა და პრისცილიანელების წინააღმდეგ დაწერა  Ad Orosium contra priscillianistas et origenistas (415) (ოროზიუსისადმი პრისცილიანელებისა და ორიგენისტების წინააღმდეგ). ისიც აღონებდა, რომ იუდეველნი არ შეუდგნენ ქრისტეს და თავისი სიცოცხლის მიწურულს, 429 თუ 430 წელს  იუდეველთა წინააღმდეგ დაწერა Tractatus adversus Judaeos. არიანელებთანაც იდავა მიმხცილმა ავგუსტინემ. არიანელების ეპისკოპოსის მაქსიმიანეს წინააღმდეგ მან დადო თხზულებანი  Collatio cum Maximino, arianorum episcopo (428 ან 429) (დავა არიანელების ეპისკოპოს მაქსიმიანესთან) და Contra Maximinum (428) (მაქსიმიანეს წინააღმდეგ). უფრო ადრე, 418-419 წლებში მას დაწერილი ჰქონდა Contra sermonem arianorum (არიანელთა ქადაგების წინააღმდეგ).  სიბერეში მან დაიწყო თავისი ნაშრომების გადახედვა და კომენტირება. აქაც კვლავ სადისპუტაციოდ შემართულია სახელოვანი მოხუცი Hipponensis (ჰიპონელი). ის კვლავ ახსენებს დონატისტების, პრისცილიანელების, პელაგიანელების იდეებს. დაუმთავრებელი დარჩა ეს Retractationum.  ორ წიგნად არის ეს Retractationes (426-27),  სადაც ბევრია ავტობიოგრაფიული მომენტი.  ეს სიტყვა ლათინურში გადახედვის გარდა ნიშნავს მოგონებას, ასევე უარყოფას. ავგუსტინე შიშობდა, რომ მის გაყალბებას ან ამოკლებას დაიწყებდნენ. ამ განაზრახის აღსრულება სიკვდილმა აღარ დააცალა. რაც მოასწრო ამ რეტრაქტაციებში, იქიდანაც ჩანს, რომ სულ ცდილობდა მანიქეველური და პელაგიანური ელემენტების პრედესტინაციონიზმთან უკეთ მორიგებას და არა მათ ხელაღებით უარყოფას. აქაც, ამ რეტრაქტაციებშიც  დასტურდება, რომ ავგუსტინეს გულში ღრმად ჩარჩა მანიქეველური ქრისტიანობისა და ელინიზმის ფესვები. იგი ყველგან ქრისტეს ეზრუნვიდა და მცირე განმარტებასაც კი უკლებელი საღმრთო თავგამოდებით სწერდა. ადრეული დროის ეკლესიის შექმნის ისტორია იყო დაუსრულებელი ბრძოლა ერესებთან და ამას ნათლივ შევიტყობთ ავგუსტინეს პოლემიკური თხზულებების კითხვით

არიანელი ალარიხი რომში შევიდა 410 წლის  24 აგვისტოს და ერთი წლის შემდეგ დაიწყო იდეური ომი პელაგიუსსა და ავგუსტინეს შორის.  ალარიხი თავისი ვესტგოთებით  402 და 408 წლებში იტალიაში შეიჭრა, მაგრამ განდევნეს რომაელებმა. 416 წელს ვესტგოთებმა დაიპყრეს ესპანეთი. უფრო ადრე, 355 წელს ბარბაროსები შეიჭრნენ გალიაში (საფრანგეთი) და ააოხრეს. ალარიხის უწინარეს,  ვანდალთა ტომიდან გამოსული გერმანელი რომაელი სარდალი სტილიხონი (მიახლ. 360-408) 395 წლიდან იყო დასავლთ რომის იმპერიის ფაქტიური მმართველი. თავად ბარბაროსი სტილიხონი იცავდა იმპერიას ბარბაროსთა მოწოლისგან. სენატორების ზაკვით მოიკლა სტილიხონი და მალე რომიც დაეცა ალარიხის ბარბაროსების შემოჭრით. ალარიხმა რომ რომი აიღო, იმპერატორი ამ დროს იყო არიანელთა და ელინისტთა მდევნელი თეოდოსიუს დიდის (379-95) შვილი ჰონორიუსი (384-423). სტილიხონი განაგებდა რომს, თორემ ჰონორიუსი არ ვარგოდა არც მმართველად, არც სარდლად. რომაელებმა იცოდნენ ბარბაროსთა ომის წესი, მაგრამ სარდლები აღარ ჰყავდათ. აბა ყოფილიყვნენ ალარიხის იტალიაში შეჭრის დროს ან ფელიქს სულა, ან სციპიონი, ან  იულიუს კეისარი.

ქრისტიანად მიიჩნევდნენ ალარიხს მისი არიანელობის მიუხედავად რომაელი მღვდლები. ალარიხმა აიკლო წარმართული ტაძრები, ეკლესიებს კი ხელი არ ახლო. როგორღაც მოხდა, რომ არიანელობა ევროპელი ბარბაროსების  (ვანდალები, გუთები, ლანგობარდები) ქრისტიანობა იყო და მან მათ შორის იარსება VII საუკუნემდე. არიანელმა მღვდლებმა იარეს ევროპის ბარბაროსთა შორის და არიოზისეულ ქრისტიანობაზე მოაქციეს ისინი.  ბარბაროსთა შორის განა ვინმეს ჰქონდა მცირედ მაინც გაგებული რა იყო ან ჰომოუსია და ან არიანული ჰომიუსია, მაგრამ ამ ერესმა საუკუნეები გაძლო ეკლესიასთან დავაში. ეს ბედის უცნაურობაა. არიანელებს ჯერ კიდევ ეპისკოპოსი ათანასე ალექსანდრიელი ებრძოდა IV საუკუნეში. მათ მოძღვრებაში ის ხედავდა წარმართობასთან დაბრუნების საფრთხეს. რომელ ბარბაროსს რა უნდა ეთქვა ტრინიტარულ სიძნელეზე, როდესაც თავად ეკლესიის მამანი ფრიად შეჭირვებულნი იყვნენ მისით? რომელი  ბარბაროსთა მომნათლავი არიანელი მღვდელი ჩამოვიდოდა რომსა თუ კონსტანტინოპოლში და იდავებდა მამებთან  თეოლოგიურ დონეზე?  ეს კი ასე იყო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ არიანელობასაც თავისი ზომიერი და უკიდურესი მხარეები გააჩნდა. უკიდურესობას წარმოადგენდა ევნომიუსი. ის არიანელობის ბურჯი და ავტორიტეტი იყო, რომელმაც თავის Apologia-ში იკამათა ტრინიტარიზმის გამო. ევნომიუსთან პოლემიკა გამართეს ბასილი დიდმა და გრიგოლ ნოსელმა. დიდხანს გრძელდებოდა დავა ჰომიუსიელებსა (არიანელები) და ჰომოუსიელებს შორის. არიანელი იყო იტალიის მბრძანებელი თეოდორიხიც, რომელმაც 504 წელს დაიპყრო რომი. ეს მან დასაჯა სიკვდილით ბოეციუსი. არიანელობა იყო ეთნიკური იდენტიფიკაციის  გამომკვეთი ნიშანი ბარბაროსებში. ეკლესიამ ეს აღმოფხვრა და სწორიც იყო ამაში, რადგან ქრისტეს იმპერიის განვრცობას არიანელობა ხელს უშლიდა. აქაც პოლიტიკური მიზანი იყო განმსაზღვრელი. ნიკეის საეკლესიო კრებაზე  იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (324- 337) მხარი დაუჭირა ათანასეს, არიოზი კი შეჩვენდა. ტრიადოლოგიური დოგმატი არიანელების შეჩვენების შემდეგ საბოლოოდ დადგინდა. ამის მიუხედავად, არიანელობამ კიდევ რამდენიმე საუკუნე გაატანა.

ავგუსტინეს პელაგიუსთან ბრძოლაზე წერს  ჰენრი ჩედვიკი ადრეული ეკლესიის ისტორიის მიმოხილვისას: Henry Chadwick. The Early Church. Penguin Books.1993,  pp. 225-35.

პელაგიუსთან პოლემიკაზე წერს ნიკოლაი გერიე: Николай Герье. Блаженный Августин. Алгоритм. ЭКСМО. 2003. Стр. 586-617.  პრედესტინაციონიზმი კი განხილულია  388-93-ე  გვერდებზე.

ავგუსტინეს მოქალაქობაზე მოგვითხრობს კარლო კრემონა: Карло Кремона. Августин из Гиппона. Разум и вера. Paoline. Дочери св. Павла. 1995.

ჰიპონის ეპისკოპოსის ცხოვრებასა და მის ნაშრომებზე არის წიგნი: Тронд Берг  Эриксен (Trond Berg Eriksen). Августин. Беспокойное сердце. Прогресс-Традиция. М. 2003.

არის ვრცელი გამოკვლევა ავგუსტინეს თხზულებებზე:  Иван Васильевич Попов.  Труды по патрологии. Том II. Личность и учение блаженного Августина. Сергиев Посад. 2005.

პელაგიუსი, იმ  პერიოდის შემსწავლელთა მიხედვით, იყო დიდი ასკეტი და მოწესე. გადმოცემით ის ინგლისელი იყო. ანგლოსაქსებს ამ დროში ბევრი დაუწერიათ  Augustine of Hippo-ზე. სულაც არაა ისე, რომ პელაგიუსს, პავლე მოციქულის ეპისტოლეების ეგზეგეტიკოსს, პირი მიჰყო და გმობა დაუწყო. მისი ცნობილი მიმდევრები იყვნენ ზემოთ ნახსენები ეპისკოპოსი იულიანე, რომელთანაც ავგუსტინე უწინ მეგობრობდა, ეპისკოპოსი ცელესტიუსი. პელაგიუსთან ბრძოლა არ იყო იოლი. ის ახდენს ადამიანის ნების თავისუფლების აქტივიზებას, მორწმუნის უნარების ორგანიზებას პრედესტინაციონიზმის უარყოფით.  ეს პელაგიუსის დიდი მონაღვაწია. პელაგიანიზმი იყო ბერულიც და საეროც. მას ბევრი მიმდევარი ჰყავდა რომშიც და მის გარეთაც. პელაგიუსი ინდივიდის ხსნას ისწავლებოდა. ეს სეგრეგაციული სოტერიოლოგიაა. ავგუსტინესეული პრედესტინაციონიზმი კი ცხონების საყოველთაობას ისწავლებოდა. პავლეს ეპისტოლეების გამო დაეტაკა პელაგიუსს ავგუსტინე. პელაგიუსი სხვაგვარად განმარტავდა პავლეს სიტყვას და ამით ეკლესიის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდა. ავგუსტინემ პელაგიუსის წინააღმდეგ 412  წელს  დაწერა De spiritu et littera ad Marcellinum (სულისა და ასოსათვის მარცელინის მიმართ), რომელსაც საუკუნეების შემდეგ კითხულობდნენ ლუთერი და კალვინი. აქედან გამოვიდა მათი პროტესტანტიზმი.  De gestis Pelagii (პელაგიუსის საქმეთათვის) ავგუსტინემ დაწერა 417 წელს.  418 წელს მან დაწერა De gratia Christi et de peccato originali contra Pelagium et Coelestium ( ქრისტეს მადლისა და პირველშობილი ცოდვისათვის პელაგიუსის და ცელესტიუსის წინააღმდეგ). პრედესტინაციონიზმი აერთიანებდა მორწმუნეთა თემს, მთელ მრევლს იმპერიაში. პრედესტინაციონიზმი იყო ქრისტიანთა შემაკავშირებელი ერესების ზეობისას. ის იყო წინაღობა ერესებისათვის.   ქრისტეს სიკვდილიდან მალევე გაჩნდა სხვადასხვა გაგება მისი სწავლებისა.  I  საუკუნის  90-იან წლებში ეკლესიათა წიაღში იყო დიდი ლალვა და განწვალებანი. მაგალითისათვის იკმარებს კორინთოს ეკლესიის ამბები ამ დროისათვის. ცხონება ავგუსტინესთან არის იმპერიული საკითხი. ცხონება მასთან პოლიტიკაა. პრედესტინაციონიზმის დაცვა პოლიტიკურ საკითხად იქცა. ავგუსტინეს პრედესტინაციონიზმი არის იმპერიაში შემავალი ხალხთა მრევლის კოლექტიური ცხონების სწავლება. ამით ცდილობდა ავგუსტინე ეკლესიური ჰომონოიის (ერთიანობა, თანხმობა) მიღწევას. პრედესტინაციონიზმის დაცვით ავგუსტინემ დაუდო საფუძველი პოლიტიკის საკრალიზაციას ქრისტეს აქეთ. ასევე იყო ამერიკაში გადახვეწილი პურიტანი ბრიტანელი პილიგრიმების პრედესტინაციონიზმი ახალ დროში. უფრო გვიან მარქსიზმი და ბოლშევიზმი ასევე იყო კოლექტიური მიწიერი ცხონების სწავლება. აქ ათეიზმი (სახარებისეული სიტყვით- ასებეია)  რელიგიად იქცა. კალვინისტ პრედესტინაციონისტებსა და კათოლიკეებს შორის მხოლოდ იმაზე კი არ იყო ბრძოლა, თუ ვინ სად შეეთხეოდა სიკვდილის შემდეგ. ეს იყო ბრძოლა ახალი იმპერიული იდეისა ძველი იმპერიული იდეის უარსაყოფად. ეს იყო პოლიტიკა და ძალაუფლების ახლებური საკრალიზაციისათვის ომი. დიოფიზიტობაც და მონოფიზიტობაც იყო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად,  ქართველ მეფეებს დავით აღმაშენებლის დროიდან სომეხი ქვეშევრდომები გაუქართველებიათ მონოფიზიტობიდან დიოფიზიტობაზე გადმოყვანით. სომხის მთავრებს კი ქართველნი გაუსომხებიათ მონოფიზიტობის მიღებით. ორივეთგან ძალთაქმედება იყო. ეს იყო პოლიტიკა, თორემ რას იტყოდა გლეხი ან ქრისტეს ღვთიურ ბუნებაზე და ან კაცებრივ ბუნებაზე?

ბარბაროსთაგან რომის აკლების შემდეგ ეკლესიის გადარჩენა ავგუსტინესათვის ღვთის განგებულებით, მისი მადლით მოხდა. მრავალი საეკლესიო კრების მონაწილე ავგუსტინე ეკლესიის ორგანიზაციის შენარჩუნებისათვის იღვწოდა მაშინ, როდესაც გარშემო ბარბაროსთა ჯარები იდგნენ და ზეობდნენ ერესები-არიანელობა, დონატისტობა და სხვანი. თავად წარმართობა ჯერ კიდევ მოურევნელი იყო. ავგუსტინეს სიცოცხლეში ბევრგან კიდევ იდგა ბერძნული და რომაული ღმერთების ეიდოლონები (სტატუები). პელაგიანიზმი და ავგუსტინიზმი ორი ცალმხრივობაა, ორი უკიდურესობაა, პოლიტიკაში გადასული საღვთო ექსტრემიზმის ორგვარი გამოვლენაა. ამიტომაც  მომდევნო საუკუნეებში მათ შორის დავა ყოველთვის ექსტრემისტული იყო. ერთა თვითგამორკვევის პრინციპი, რითაც ხელმძღვანელობდა მრავალი ხალხი XIX-XX ასწლეულებში, არის  პროტესტანტული თეოლოგიიდან ამოზევებული საკითხი (cujus regio, ejus religio). კანტამდე და ჰეგელამდე ლუთერი დგას მესამე რაიხის სათავეებთან. პროტესტანტიზმის პოლიტოგენეზის ისტორიაში გარკვეულ მკითხველს ეს ნათქვამი უცნაურად არ უნდა მოეჩვენოს. ქრისტე პოლიტიკოსიც არის. კეისარს კეისრისა უნდა მიეგოს. სახარებაში ლაპარაკია იესუზე, როგორც დავითის მემკვიდრეზე. რომაელ მსტოვრებს ეცოდინებოდათ, რომ ისრაელში იყო მოლოდინი იესიან-დავითიანი შთამომავლის გამეფებაზე. მხოლოდ დასაცინად არ იყო, რომ რომაელებმა ჯვრის თავზე მიამაგრეს ფიცარი წარწერით  INRI  (იესუ ნაზარეველი მეფე იუდეველთა). იყო ბევრი რაღაც, რაც თავად მახარებლებმაც არ უწყოდნენ. ბევრი რამ არის დღემდე უცნობი ბიბლეისტიკაში.

ავგუსტინეს ბევრგან ეტყობა, რომ პლატონის კითხვაში დაღალულა. მაგალითად, მის „მონოლოგებში“ (Soliloquia , 386-7)  თითქოს პლატონი უბნობს ქრისტეზე ავგუსტინეს პირით.  მთლიანობაში აღებული ავგუსტინიზმი, როგორც საღვთისმეტყველო სისტემა თავისი პრედესტინაციონიზმით აცამტვერებს ქრისტეს მოესავი მოკვდავის იმედს.  ეპისკოპოსი ავგუსტინე ეკლესიის დიდი ორგანიზატორი იყო პავლე მოციქულის კვალად. ამ მიზანს შეალია მან თავისი გზნება. ახალი სისტემის გამართლებას, მის საკრალიზაციას მოახმარა მან თავისი სამღთო შური. ქრისტეს სახელოვან მყეფრად იქცა ეპისკოპოსი ავგუსტინე. მან მოუნაგრა ათასწლოვანი გეზი ეკლესიას და ქრისტეს ლათინურ იმპერიას. რომში ყოფნა არ ხვდა, თორემ იგი პაპი გახდებოდა. როგორღაც მოხდა, რომ რომში არ იხმეს 415- 428 წლებში. ის რომში უნდა ყოფილიყო და არა სადღაც გადაკარგულში მთელი ცხოვრება. მისი საძვალეც პროვინციაშია სადღაც და არა რომში. ყველგან ამბივალენტურია ყოფილი ელინისტი  და მანიქეველი ავგუსტინე. რამდენჯერ არის ავგუსტინესთან, რომ ის უარყოფს თავის მომდევნო თხზულებებში იმას, რასაც უწინ ამტკიცებდა.  ერთია ავგუსტინე მაგალითად, თავის ნაშრომში De gratia Christi et de peccato originali (ქრისტეს მადლისა და პირველშობილი ცოდვისათვის) და სხვაა იგი თავის Confessiones-ში (აღსარებანი).   სხვაა იგი თავის De Civitate  Dei- ში (ღვთის ქალაქისთვის).  კიდევ სხვაა ის მცირე შრომაში Enchiridion ad Laurentium, sive de fide, spe et charitate (422) (ენქირიდიონი ლავრენტისადმი, ანუ რწმენის, იმედისა და სიყვარულისათვის). ამ ნაშრომს ასევე ეწოდება Manuale. აქ იგი განიხილავს პავლესეულ ტრიადას – რწმენას, იმედსა და სიყვარულს. ის ცდილობს თავისი მკაცრი პრედესტინაციონიზმი შეარბილოს და პლატონიზმის ქრისტიანიზებაც  კარგად მოახდინა. ამ პატარა ნაშრომში კვლავ დაწვრილებით ირჩევა ღმრთის მადლისა და ადამის ცოდვის საკითხი. ვერგილიუსის „ენეიდას“ აქაც ახსენებს ავგუსტინე. „ენქირიდიონში“ ასევე კვლავ განიხილება სიძვა და libido. ითქმის, რომ სიყვარულის ზრდასთან ერთად ლიბიდო იკლებს. ამ ნაშრომის ბოლოს იტყვის ავგუსტინე, რომ ღმერთი სიყვარულია და იმოწმებს იოანეს სახარების   15: 13-ს, სადაც იესუ ასწავლის, რომ იმაზე მეტი სიყვარული არ არის, რომ ვინმემ თავი დადოს მეგობრებისათვის.

ავგუსტინე სასტიკია თავის განსჯაში წინასწარგანგებულებასა და მადლზე (gratia). ამავე დროს ის ჩვილი გულით დასტურდება, როცა აღსარებას ამბობს. მისივე პრედესტინაციონიზმის სასტიკებაზე ფიქრი აღმოშობს კითხვას ჩემში: ცხონდა კი თავად ავგუსტინე სიკვდილის შემდეგ? ავგუსტინეს რომ ქრისტე მის სიცოცხლეში ენახა, გაჰყვებოდა მას? რომის დაცემის მხილველ და ამაზე „ ღვთის ქალაქის“ დამწერ ავგუსტინეს კონსტანტინოპოლის დაცემა 1453 წელს რომ ეხილა , რას იტყოდა ღმერთზე? იყო თუ არა საქრისტიანოს დიდი ქალაქის დაცემა  ღმრთის წინასწარგანგებულება? ეს კი არის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემა ქრისტიანობის უდიდესი მარცხი იყო ისლამთან დავაში.

პრედესტინაცია ისაა, რომ უფალი თავის განგებულებას მისდევს, რჩეული ჭურჭელი თავიდანვე შეურჩევია საცხონებლად. ვინც ეწყალვის ღმერთს, ისვე მიემთხვევა ცათა სასუფეველს. აქ კი ერთი რამ არის გასარკვევი:  პრედესტინაციონიზმის მიდევნას ღმერთი გამოჰყავს კაცთა მიმართ გულცივ მეუფედ. უფალი წინასწარვე წყალობილ მცირეთ აცხონებს და ბევრეულს კი წაწყმედისათვის სწირავს. პავლე ტარსოსელი პრედესტინაციონიზმსაც ისწავლება და სიყვარულის უზენაესობასაც. კორინთელებთან რასაც ამბობს მოციქული პავლე (I კორინთ.13:1-13), ეს მისივე პრედესტინაციონიზმის საწინააღმდეგოა. ავგუსტინე პავლეს ჰგავს ამაში.პავლე ისწავლება, რომ რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან  უმეტესი სიყვარულია (I კორინთ.13:13), (…tria  haec  maior  autem  his  est  caritas). თუ სიყვარული უმეტესია, მაშინ ის აღემატება თუ არა პრედესტინაციას?  პავლე ამბობს, რომ მისდიეთ  სიყვარულს და ესწრაფეთ სულიერ მადლს (sectamini caritatem  aemulamini spiritalia) (I კორინთ.14: 1). კოლოსელთა მიმართ კი იტყვის პავლე: „ხოლო უწინარეს ყოვლისა შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა“ (კოლოს. 3: 14). გარდა ამისა, პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ამბობს: „თუ ვინმე განიწმედს თავს…საპატიო ჭურჭელი იქნება იგი, განწმედილი და უფლისთვის კეთილსასურველი…“(მეორე ტიმოთეს მიმართ, 2: 21).

პავლეს ნათქვამი ტიმოთეს მიმართ შეიძლება გაგებულ იქნეს ასე: კაცი თავისი მეცადინობით შეიძლება გახდეს ისეთი ჭურჭელი, რომელიც უფალს ეწყალვის საცხონებლად. ეს კი ეწინააღმდეგება პავლესავე ნათქვამს, რომ წყალობის ჭურჭელი უფალმა წინასწარ განამზადა დიდებისათვის (რომ.9: 23). განა მარტო ეს არის. პავლე ტიტეს მიმართ ასე უბნობს: „რადგანაც მხსნელი მადლი ღმრთისა ყველა კაცისათვის გამოჩნდა“(ტიტეს მიმართ.2: 11). ესეც ეწინააღმდეგება პრედესტინაციონიზმს, რომლის მიხედვით, მადლი რჩეულთათვისაა. ესეც პავლემ ასწავლა სოფელსა და მოყვასს: „თუ მოწოდებული ხარ როგორც მონა, ნუ ითაკილებ, მაგრამ თუ ძალგიძს განთავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო“ (I კორინთ. 7: 21). გალატელთა 3: 28- ში იტყვის პავლე, რომ ყველანი ერთნი ხართ ქრისტეში, მაგრამ ეს ერთობა არ აუქმებს პავლეს პრედესტინაციონიზმს. რომაელთა სამოძღვრებლად თქმულ პავლეს კიდევ ერთ დიდად საჭმუნავ ამონარიდს მივმართავ: „რადგან რომელნიც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის თანამსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა“ (რომ. 8: 29-30). ვულგატაში ეს ასეა:  nam quos praescivit et praedestinavit conformes fieri imaginis Filii eius ut sit ipse primogenitus in multis fratribus quos autem praedestinavit hos et vocavit et quos vocavit  hos et iustificavit quos autem iustificavit illos et glorificavit (Rm. 8: 29-30).

პავლეს ამ მსჯელობას მოსდევს მისი იქვე თქმული ეს სანუგეშო სიტყვები: „ის, ვინც თავისი ძეც არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისათვის გასწირა იგი, როგორღა არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყოველივეს? (რომ. 8: 32).

პავლე ფილადელფიას (ძმური სიყვარული ქრისტიანთა შორის) ქადაგებდა  ბერძნებსა და რომაელებში, მაგრამ თუ კაცი პავლეს პრედესტინაციონიზმს მიჰყვება, უკვე ამის გამო ფილადელფია შეუძლებელი ხდება. ეს არ გამოკვეთილა თეოლოგიაში. ლამაზი სიტყვები კი ოხრად თქმულა და ითქმის მოყვასთა გამო. როგორ ვუძმო მოყვასს, რომელიც მონათლული ლანდია, ცოცხალი მკვდარია, სოლომონ მეფისეული იგავებისა და ეკლესიასტეს წიგნის ბრიყვია და ცხოვრებაში არა უქნია რა რჯულთამებრ? აქვს აზრი რომ მას როდესმე შეაგონო? ამის მიჩქმალვა ჯვრისკენ თითის გაშვერით და სიყვარულზე ლაპარაკით არ გამოდის. ეს არის ინტერსუბიექტივიზმისა და მუტუალიზმის სიძნელე ქრისტიანობაში.

განა ყოვლადმოწყალე უფალი წყალობის თვალით არ უნდა ჭვრეტდეს უკანასკნელი ქრისტიანის მცირე მოცადეობასაც კი? თუ უფალს უყვარს კაცი, მაშინ აღარ უნდა იყოს იმათი წინასწარი რჩევა, ვისაც ცხონება უწერია. კაცი თვისი რჯულიერი ნასარჯით, იმით, რაც მას კეთილად მოუღვაწავს, უნდა დადასტურდეს წინაშე უფლისა. ფრიად ძნელოვანია ეს შესამეცნებლად. რჯულის წიგნთამებრ, არსთა მხადი ცათა შინა მიანიჭებს კაცს შრომისაებრ მისისა სასყიდელსა. ეს ასე საზოგადოდ ითქმის, მაგრამ მეძიებლისათვის ის არა რა ნუგეშია.  ყოფილმა იუდეველმა პავლემ დაამკვიდრა თეოლოგემა, რომ ღმერთი სიყვარულია. არც დავით ფსალმუნმეტყველს, არც სოლომონ მეფეს, არც ეკლესიასტეს, არც წინასწარმეტყველთ არ უთქვამთ ასეთ რამ ღმერთზე. დღეისთვის ნათქვამი, რომ ღმერთი სიყვარულია იქცა საზრისდაკარგულ მითითებად. ეს არის ლიბერტარიზმის დაუნდობლობით  შეშინებული ადამიანების გაფართხალება, რომელთაც არ იციან დროის შესაფერი სიტყვის გამოგება. ახლა ერთურთში არეულია ყველაფერი, ოღონდ შენარჩუნებული იქნეს რჯულიერების მოჩვენებითობა.თითქოს თავგადაკლული ლიბერალები არიან და თან ოდენ თავმოთნეობის გამო ეკლესიას აწყდებიან. მათ თავისი ლიბერალიზმი ქრისტეს სწავლებიდან გამოჰყავთ.  ეს აპოსტასიაა, რომელიც ორ ათწლედზე მეტია გრძელდება.

პელაგიანიზმი დასავლური სქოლასტიკის მუდმივი საკითხია. XV საუკუნის გერმანელ ღვთისმეტყველთან გაბრიელ ბილთან, ასევე ინგლისელ ფრანცისკელ ბერთან უილიამ ოკამთან   სემიპელაგიანიზმია (სანახევრო პელაგიანელობა). ოკამთან ამის გამო კამათობდა სქოლასტიკის ისტორიაში ნაკლებად ხსენებული, ავგუსტინიზმის პოზიციაზე მდგარი, ოკამის გულდასმით მკითხველი  ინგლისელი თომას ბრადუარდინი, რომელიც ცხოვრების ბოლოს კენტერბერის არქიეპისკოპოსი იყო. თეოლოგიაში ცნობილია 1344  წლისათვის დაწერილი მისი ნაშრომი De Causa Dei contra Pelagium (ღმრთის კამათი პელაგიანელთა წინააღმდეგ).  ბრადუარდინი ავგუსტინეს გასცდა პრედესტინაციონიზმის განმარტებაში. სქოლასტიკის ისტორიაში ცნობილი Occam’s Razor (ოკამის სამართებელი) (სხვაგვარად, უფრო ზუსტად თავიდან, მას ეწოდებოდა  principium parsimoniae (მომჭირნეობის პრინციპი)  (დათმენასა და მარხვასაც ნიშნავს პარსიმონია) თავის თავში შეიცავს განმარტებათა ნაირობის შესაძლებლობას და ასეც მოხდა მათ მიერ, ვინც ამაზე გულით ფიქრობდა. ერეტიკული დასკვნები გაჩნდა. ბრადუარდინის გავლენა განიცადა ჯონ უიკლიფმა. უილიამ ოკამმა იდეური გავლენა მოახდინა ლუთერზე, კალვინზე და სხვა დისიდენტებზე.  ვფიქრობ, ოკამთან ჰხამს რამდენიმე სიტყვით შეჩერება. მინორიტების ორდენის წევრი, შემდეგ ფრანცისკელი სემიპელაგიანელი  უილიამ ოკამი (Occam) (1285-1349)  იყო პაპის საპყრობილიდან გაქცეული ტუსაღი, შეჩვენებული და ეკლესიიდან განკვეთილი. მან შექმნა ანტიპაპური დასი 1330-იან წლებში. ის ამხელდა იოანე XXII-ს,  ბენედიქტე  XII-ს, კლიმენტი VI-ს. წერდა პოლიტიკურ ტრაქტატებს. ოკამი გმობდა პაპის სუპრემატიასა და კათოლიკურ იერარქიას.  საეკლესიო დისიდენტი და პრეპროტესტანტი იყო ოკამი და მას მიმდევრები ჰყავდა. ცნობილი ოკამისტები იყვნენ ზემოთ ნახსენები თომას ბრადუარდინი, პარიზის უნივერსიტეტის რექტორი ჟან შარლიე (გარდ. 1429 წ.), გერმანელი გაბრიელ ბილი (მიახლ. 1418- 95). ოკამმა შეამზადა თავისი პოლიტიკური ტრაქტატებით ოლივერ კრომველის ევანგელისტური რევოლუცია.

ერეტიკოსები აუჯანყდნენ კათოლიციზმს იესუს გულისათვის. დიდი ყივილი შექმნეს ნორდული და ასევე გალური მოდგმის ერეტიკოსებმა ვატიკანის წინააღმდეგ და დიდი სისხლიც დაიღვარა. მათ დროს უკვე ვეღარ იქნებოდა ასე: Roma locuta, causa finita (რომმა თქვა, საქმეც დამთავრებულია).  ალბიგოელებს (კათარებს), ვალდენსებს (XII საუკუნის ბოლოს აღმოცენებული და ევროპაში გავრცელებული ფრანგი პიერ ვალდოს მოძღვრებაც წინარე პროტესტანტიზმია) მოერია ვატიკანი და აღხოცა. პროტესტანტებს კი ვეღარ უყო ძალა. აქეთ დაძალეს პროტესტანტებმა ვატიკანი და დევნეს კათოლიკენი. მათ მრავალგზის შეაჩვენეს პაპი და კათოლიციზმი ევროპაშიც და ამერიკაშიც.  დასავლეთის ეკლესიის ისტორიაში 1378-1417  წლებს ეწოდება დიდი სქიზმის პერიოდი, როცა ვატიკანთან დავაში ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია ირჩევდნენ თავის პაპებს და იყო ორი, ზოგჯერ სამი პაპი. ეს ისევ და ისევ იყო პოლიტიკა. აი ამ დიდმა სქიზმამ შეულახა სახელი კათოლიციზმს და ამანაც შეამზადა პროტესტანტული ერესების აღმოცენება. პაპების ზაკვისა და პირუმტკიცობის  შემცქერი ქრისტიანი დისიდენტი ბიბლიაში ეძებდა სოფლის სიავეთა განმარტებას.

სხვა რელიგიებში არსად ყოფილა ამდენი მტრობა და არ დაწერილა ამდენი ერეტიკული წიგნი ღმერთის გაგების გამო. სემიპელაგიანელობა საუკუნეებს გამოჰყვა. ეს, გადაუმეტებლად რომ ითქვას, წინარე პროტესტანტიზმია. მისი კრედო მოკლედ შეიძლება ასე ითქვას: ღმრთის მადლსა და შეწევნას ის მიიღებს, ვინც საამისოდ რაღაცას აკეთებს. როცა ევროპაში პრეპროტესტანტიზმი იკრებდა ძალას, ბიზანტიაში მეფობდნენ კონსტანტინოპოლის ამღები ნიკეის იმპერატორის მიხეილ VIII- ის შთამომავალნი- მისი ძე ანდრონიკე II პალეოლოგოსი და მისი მომდევნონი. უფრო ადრე, VI საუკუნეში ავგუსტინეს პრედესტინაციონიზმთან ოპონირებდნენ სამხრეთ საფრანგეთის საეკლესიო თემები. ამ მხარეში მოგვიანოდ გავრცელებული იყო კათარების ანუ ალბიგოელების მოძღვრება. 1572-76 წლებში საფრანგეთის სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები, კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის 30-წლიანი ომის დროს ჩამოშორდნენ პარიზს და შექმნეს ჰუგენოტური სამეფო. ორანჟის საეკლესიო კრებაზე 529 წელს სემიპელაგიანიზმი დაიგმო. პაპი ამ დროს იყო ფელიქს IV. ამ კრებამ დააკანონა სანახევრო ავგუსტინიზმი. კრებები მანამდეც იყო და ყველა მათგანს თავისი ვერდიქტი გამოჰქონდა ამაზე. დიდად საძნელო საკითხი იყო და ერთის მსჯავრი მეორისგან ამიტომ სხვაობდა.

განა აპოკალიფსის წიგნი ბედისწერისას არ იუწყება?  მეორედ მოსვლა მოსაწევნელია და ის გარდუვალი ხვედრია მსოფლიოსი. ამის სხვაგვარად განმარტება შეუძლებელია. შემეცნების ხისგან ადამს უნდა ეხმია და ეს მისი ბედისწერა იყო. ის მტილოვანი არაა მტილოვანი, სადაც ძველი გველი არ ჰგიეს. რომ არა ადამის ცოდვა, აზროვნება და ისტორია არ იქნებოდა. რომ არა ადამის ცოდვა, იესუ ქრისტეს გამომსყიდველური ღვაწლი არ დასჭირდებოდა კაცის გვარს. ადამის ცოდვამ მოუვლინა სოფელს იესუ. ადამის ცოდვამ შექმნა ისტორიული დრო. ქალწულმა მარიამმა სოფელს ძე უშვა და იგი დედის საშოდანვე კი არა, არამედ კიდევ უფრო ადრე, ცათა შინა მყოფი შესაწირავადაა პრედესტინირებული. ამაზე ქრისტე ბევრგან ეტყვის მოციქულებს და ჯავრობს, რომ ისინი ვერ შემძლე არიან შეგებად მისისა სიტყვისა. ქრისტე, ბერძნულად რომ ითქვას, არის პეპრომენოს (ბედით განსაზღვრული). ბევრს უბნობენ ბოლო ჟამზე და ნიშნებს ეძებენ, მაგრამ არ ითქმის ის, რომ ბოლო ჟამი ნიშნავს ქრისტიანობის  დასრულს. იესუ მეორედ მოდის მაშინ, როცა ქრისტიანობა დასრულებულია, როცა უაზრობად არის ქცეული ღმერთზე თქმული ყოველი სიტყვა. იესუს მეორედ მოსვლის შემდეგ დაძველდება ახალი აღთქმაც.

რაზე მიმდინარეობდა დიდზე დიდი დავა პელაგიუსსა და ავგუსტინეს, გვიანი დროის სემიპელაგიანელებსა და ავგუსტინისტებს შორის? იმაზე, რომ იესუ არ არის მაცხოვარი ყველასათვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწესეობ, ღმრთის ცნებებს იცავ, სათნოებ, მრავალს დაითმენ, განჰკაფავ გვამსა შენსა მარხვისა სიმრავლითა, ეზიარები, მეტანიობ და მაინც სრულად არ გრწმენის, რომ სიკვდილის შემდეგ ცხონდები. მეჭველობ იმაში, რომ უფალი სიყვარულია. ვერც ამბობ ამას თვით შენს გარშემო მყოფ მოწესეთა წინაშე. მოყვასთან მოყვასობ და შვებას მაინც ვერ ჰპოვებ უფალში. საკუთარი სათნოყოფა არ გეხარება, არ გკმარისობს და  უთქმელად იჭმუნვი. ესაა მეძიებლური ნიჭი. თუ ხარ თუნდაც ფსალმუნთა ან ეკლესიასტეს გულდასმით მკითხველი, გული გეტყვის, საკუთარი შინაგანი ხმა, სოკრატე რომ კაცის დაიმონს უწოდებს, შეგკითხავს – ვინ მსაკლისობს, ვინ მიმელის ცათა სასუფეველში? ვითარც ფსალმუნნი დავითისა არის იმედისა და ღვთისაგან მიტოვებულობის წიგნი, ასევე წინააღმდეგობრივი  არის ავგუსტინეს მოძღვრება. ბევრი ითქმის მის საქებრად და არ ისმის შემეცნებითი აზრი მის გამო. არ კითხულობენ, არ აფიქრებთ რა რისთვის თქვა ასე ამ ყოფილმა მანიქეველმა და ნეოპლატონიკოსმა. ავგუსტინე დიდად ღირებულია შემეცნებისათვის, როგორც მეძიებელი, როგორც პლატონის  ფილოსოფიას გარიდებული და კვლავ მისი შემმზერი მჭმუნავი ქრისტიანი და არა როგორც საეკლესიო კრებებზე მოჩქარე  დოგმატიკოსი ეპისკოპოსი, არა როგორც პოლიტიკოსი. ავგუსტინემ თავისი სიტყვა დიდად განავრცო, კალამი არ დაღალა, წერა და წერა. საღვთო გრაფომანობაც არის მასთან. უამრავი ტავტოლოგიაა მის ნაწერებში. ასეა თომა აკვინატთან. ასევეა ჰუსერლთან, ჰაიდეგერთან. ეს ერთ საკითხზე გამუდმებით მოფიქრალი კაცის თავისებური ზადიერებაა, როდესაც ის ტავტოლოგიების სიმრავლეს ვერ უვლის გვერდს. ერთი დიდი წიგნია ავგუსტინეს ნაწერთა კორპუსი. ასევეა ჰუსერლისა და მას გაშორებული ჰაიდეგერის თხზულებანი. ბევრი წერეს კათოლიკე ფილოსოფოსმა იოჰანეს ჰესენმა (1889-1971), კათოლიკე ფილოსოფოსმა ჰანს კიუნგმა (1928-88), რომელიც თავისმა ფიქრმა დააშორა კათოლიციზმს. მათზე გაცილებით ბევრი წერა კათოლიკე თეოლოგოსმა ჰანს ურს ფონ ბალთაზარმა (1905-88). მისი ტომეულების ხილვისას ვერ დაიჯერებ, რომ ეს ყოველივე ერთმა კაცმა განაწიგნა.

ავგუსტინე კი შეეყენა გალილეველი რაბის სწავლებას, მაგრამ რად არ იწამა  Plotinus- მა ქრისტე? ის წინააღმდეგი იყო ქრისტიანობისა და რომის რეპლატონიზაციაც ამიტომ დაიწყო. პლოტინის წერა იყო დიდ წარმართად დარჩენა და პლატონის ფილოსოფიური ნათელით შემოსვა იმ დროს, როცა ათასობით წარმართმა ძველი ღმერთები გაუშვა, ჯვარცმასთან მუხლს იყრიდა, ახალი ღმერთის სახელით ინათლებოდა, იუდეველებს ღმრთის მოკვლის ბრალდებით აყივნებდა და მახვილს ამზადებდა მათ სადევნად. ათენელი, ალექსანდრიელი და ქარანელი ნეოპლატონიკოსების დიდმა დასმა ქრისტეს სწავლებაში სათავისო ვერაფერი დაინახა, ხოლო ქრისტიანულმა თეოლოგიამ კი ნეოპლატონიზმში ბევრი რამ მოიძია სათავისოდ. ესეც აზროვნების პარადოქსია. რა თქვეს პლატონებრ მსიბრძნებელმა ნეოპლატონიკოსებმა? თქვეს, რომ ქრისტეს შემდეგ მუნვე ჰგიან ელევსნი და პითიანი, რომ მუნვე არნ ათენა, აპოლონი, დიონისე, მთელი დასი ნიმფებისა, რომ ისევ ცხოვლობენ მანტეიონები (სამისნოები)  ბრანქიდესი, სამოსისა, დოდონესი და ამფიარაოსისა, რომ პლატონის სიტყვა ქრისტეს სიტყვის უმეტესია, რომ ელინობა უძლეველია და პავლეს მიერ ფილოსოფიის მოყივნება არას ნიშნავს, რომ ზევსია უფალი და კვლავცა ჰხამს აღმოთქმა ფიცისა ზევსის სახელით- ნე ტონ დია და ფიცისა ჰერაკლეს სახელით- მა ტონ პროკლეა. წარმართობის დიდი ყივილი იყო ნეოპლატონიკოსთა სახელშეძენილი დასის ფილოსოფოსობა. მათ შთამოჰყივლეს გალილეველი ჯვარცმულის ქადილით დაზაფრულ სოფელს – ჰე, წარმართებასა და ელინობის შუქიეფობასა! პლატონი ერთია, პლატონი ღმერთია! პლატონ, უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი! პორფირესთან განსწავლული იამბლიქეს მოწაფენი – სოპატრე აპამეიელი, ედესიოს კაპადოკიელი, სოპატრეს შვილიშვილი უმცროსი იამბლიქე და სხვანი ელინობისთვის კეთილად დაშვრნენ. ედესიოსმა განმსჭვალა პლატონით უკვე მონათლული იმპერატორი ფლავიუს კლავდიუს იულიანე (IV საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისი). იესუს წარუვიდა იულიანე და კვლავ წარმართობას შემოუდგა. ამად ეწოდება მას Apostata. განდგომილმა იულიანემ თავად დაიწყო წერა და მოაყივნა ქრისტიანობა. მან დევნა ქრისტიანები. იულიანე აპოსტატა იყო იმპერატორ კონსტანტინე დიდის (324-37) ახლო ნათესავი და იმპერატორ მარკუს ავრელიუსის მოთაყვანე. ყველაფერი კონსტანტინეს საპირისპიროდ გააკეთა იულიანემ. პლატონის კაცი იყო ეს იმპერატორი,  მისთვის იგზნებოდა და  მოქალაქობდა. ეს კი არაა დღემდე გარკვეული, მან მართლა თქვა სპარსელებთან ომში დაჭრილმა- შენ გაიმარჯვე, გალილეველო!  თუ ეს მოიგონეს მისი განდგომით განრისხებულმა ეკლესიის მამებმა?

აპოსტატა იყო რენე გენონი, რომლის განდგომა და ევროპის კულტურის მისეული კრიტიკა ვატიკანმა დიდად იწყინა. რენე გენონმა არად მიიჩნია მთელი ქრისტიანული თეოლოგია. ის ევროპას, როგორც წაწყმედის ადგილს, გაეცალა, მაჰმადის რჯულს შეეყენა და ალაჰის ხადილით განუტევა სული. აბდ ალ-ვაჰიდ იაჰია იყო მისი მუსლიმური სახელი. მის ფილოსოფიას ჰყავს მიმდევრები ევროპასა და რუსეთში.

კი იქადაგა პავლემ ათენში ქრისტეს სიტყვა და დიონისე არეოპაგელით დაწყებული მრავალი შეასაკუთრა ჯვარცმულ ღმერთს, მაგრამ პლატონი დაბრუნდა ათენში. ის დააბრუნა უმცროსმა იამბლიქემ  IV საუკუნის ბოლოს. აქვე პლატონისათვის მოქალაქობდა პლუტარქე ათენელი. პლატონის აკადემია გააბრწყინა პროკლემ  V საუკუნის მეორე ნახევარში. ამ დროის ბიზანტიელმა პლატონელებმა გააგრძელეს ის საქმე, რაც პლატონის დაარსებული აკადემიის მოძღვრებმა-პლატონის დისწულმა სპევსიპემ და დიდი ფილოსოფოსის უსათნოესმა შეგირდმა ქსენოკრატემ დაიწყეს პლატონის სიკვდილის შემდეგ. ქრისტეს აქეთ ხუთი საუკუნე გავიდა და აკადემიური ელინობა ისევ მოურევნელი იყო. პლატონის კაცებმა კვლავ იღმრთეს ჰერაკლენი და ჰერმესნი. ღმერთს მიუსწორეს პლატონი ნეოპლატონიკოსებმა. ქრისტიანთა ბრბოებმა აიკლეს და ცეცხლს მისცეს მრავალი ელინური საწიგნე. მანამდე რომში მხოლოდ ქრისტიანების დევნა არ ყოფილა ნერონის, დიოკლეტიანეს  და სხვა იმპერატორების დროს. ელინისტმა რომაელებმა იესუ შეიყვანეს თავისი ღმერთების პანთეონში. ის სცნეს ღმერთად, მაგრამ ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ იესუ ყოფილიყო ერთადერთი და უზენაესი ღმერთი და იმპერატორი მხოლოდ მისი მოესავი ყოფილიყო.  კაპადოკიელმა მოძღვრებმა, ავგუსტინემ და სხვა მამებმა მრავალი ძვირი თქვეს ელინობაზე. ავგუსტინეს ამაზე მთელი თავები უწერია და ისე გამოჰყავს, რომ ელინობა სიძვის გარდა არა იყო რა. ამის მტკიცებაში ისე გახელებულა ავგუსტინე, რომ თვით მისი მცოდნეც კი ვეღარ იცნობს მას. ამას გვერდს უვლიან ავგუსტინეს მკვლევარნი, რომელთაც სურთ წარმოაჩინონ, რომ იჯდა იგი საწერად  და ქრისტეს შემეცნებაში ნეტარებდა.                     De Civitate Dei-ში („ღვთის ქალაქისათვის“),  თითქმის დასაწყისშივე, პირველი წიგნის XVI  თავში ავგუსტინე განიხილავს ქალწულობის უნებლიე დაკარგვას. მას მოჰყავს ფაქტები როდესაც ომების დროს გააბახეს ქალწულები, ქალები, მონაზონი ქალები. ავგუსტინე არ ეშვება ამ საკითხს და იგივეს განიხილავს  XVII – XVIII  თავებში. წინა თავებში ავგუსტინეს მოჰყავს რიტუალური სიძვის ფაქტები. აქვე ავგუსტინეს მოჰყავს მაგალითი, რომ ბებიაქალმა  მავანი გოგოს საქალწულე აპკი თითით გახია ბოროტი განზრახვით თუ უცოდინრობის გამო. ეს ორი ცნება: pudicitia (უბიწოება) და libido (ავხორცობა) სულ ისმის ავგუსტინეს „ღვთის ქალაქში“.  მთელ XIX თავში სიძვაზეა ლაპარაკი. „ღვთის ქალაქის“ liber 4, caput VIII-ში ავგუსტინე სიძვის ქალღმერთებზე (ვოლუპია, ლიბენტინა) უბნობს და განმარტავს, რომ სახელი ლიბენტინა libido-დან წარმოსდგება. (Libitina კი სიკვდილის ქალღმერთია რომაულ მითოლოგიაში. ეს სიტყვა ასევე აღნიშნავს სამკვდრო კოცონსა და სიკვდილს- გ.გ.)  X თავის დამასრულებელი მსჯელობა ისევ რიტუალურ სიძვაზეა. ავგუსტინე მოიხმობს  ბაკქანალიებს და სხვა ისეთ ფაქტებს, რაც ეროტიზმსა და სიძვას უკავშირდება. მას მოჰყავს ფაქტები ცნობილი მეძავის ლარენტინას ცხოვრებიდან. ავგუსტინე აქ წარმოგვიდგება როგორც ფსიქოანალიზის წინამორბედი. რახან ფსიქოანალიზი ხსენდა, სათქმელია, რომ ზიგმუნდ ფროიდი არაა ათეისტი. ის შეფარული იუდაისტია. ფროიდი თავისი თეორიის დასასაბუთებლად გადასწვდა ბერძნული მითების ეროტიზმს და საამისოდ კრინტი არ დაძრა იმ სიძვათა გამო, რაც იუდაისტურ ტექსტებშია. ის არსად ეხება არც ისრაელისა და იუდას მეფეთა ქრონიკებს, არც წინასწარმეტყველთა წიგნებს. ფროიდის ათეისტობა არაა სარწმუნო. 4, VIII-ში, 6, IX-ში და სხვაგან ავგუსტინე ბევრს იტყვის ეროტიკულ-პრიაპულ თემაზე. მეექვსე წიგნის IX თავს ავგუსტინე იწყებს იმის განმარტებით, რომ კაცის თესლნთხევის ღმერთს ლიბერი ეწოდება, ქალისას- ლიბერა, იგივე ვენერა. ლიბერის ტაძარში ფალოსი იდგა, ლიბერას ტაძარში კი ვაგინა, ჰყვება იგი.  Liber 6,  caput IX-ში ავგუსტინე დაწვრილებით ჩამოთვლის რომაულ ორივე სქესის ღმერთებს, რომელნიც საქორწინო ღამის განმგებელნი არიან. ავგუსტინე ეროტომანული აკვიატებულობით განიხილავს  ქალწულობის დაკარგვას  ღმერთების ნეფე-პატარძლის ოთახში ყოფნის დროს. ავგუსტინეს ნაამბობით, ძველი წესისამებრ, პატარძალს ურჩევენ ღმერთ პრიაპის დიდ და მახინჯ ფალოსზე დაჯდომას. „ღვთის ქალაქის“ 7, II- ში ავგუსტინე კვლავ განიხილავს ღმერთ ლიბერის და ქალღმერთ ლიბერას სამღთო საქმეს.  ღმერთი იანუსი აღებს საშოს თესლის მისაღებად. იქვე ჰგია ღმერთი სატურნი, განაგრძობს ავგუსტინე. იქვეა ქალღმერთი მენა, რომელიც menstruis-ს (თვიურები) განაგებს. ავგუსტინე არ ისვენებს და ამაზე მსჯელობას აგრძელებს III თავში. აქ კვლავ ლიბერისა და ლიბერას საქმეზეა ლაპარაკი.  7, XXI-ში ავგუსტინე  მოგვითხრობს ღმერთ ლიბერის სათაყვანოდ გამართულ დღესასწაულზე, როდესაც ფალოსი მიჰქონდათ ქალაქში და უპატივცემულესი მატრონა მას გვირგვინით მოსავდა. საღვთო ეროტიზმსა და სიძვაზე  უბნობს ავგუსტინე XXIV და  XXV თავებში. ის არ ეშვება ამას. ყოველივე ამით ცდილობს ავგუსტინე  შეაგინოს წარმართობა. ძალზე ბევრი უწერია მას ამაზე თავის ამ თხზულებაში, რომელიც დიდად ცნობილია საღვთო ისტორიზმისა და ქილიაზმის კონცეფციით. ასეთმა ეროტომანმა შეძლო საკუთარი ლიბიდოს  სუბლიმირება ქრისტეს ეკლესიის დიდებისათვის. „ღვთის ქალაქის“ დასაწყისშივე  ავგუსტინე დემონებად მიიჩნევს ბერძენთა და რომაელთა ღმერთებს. მე-7 წიგნის  XXXIII  თავში ის ამბობს, რომ ქრისტიანობის როგორც ჭეშმარიტი რელიგიის წყალობით გამოვლინდა, რომ წარმართთა ღმერთები უწმინდური დემონები (inmundissimos daemones) არიან. ამ საკითხშიც ამბივალენტურია ეს მეძიებელი კაცი.  De Civitate Dei- ში  ავგუსტინე ბევრგან ახსენებს პლოტინსა და პორფირეს , მაგალითად, მე-10 წიგნის რიგი თავები. აქვე, 8, XII-ში ავგუსტინე წერს, რომ პლატონის მიმდევართაგან ყველაზე სახელშეძენილნი პლოტინი, იამბლიქე და პორფირე იყვნენ. ეს კი, მაგრამ ავგუსტინე არ არკვევს იმას, რატომღა გაახელეს მათ ქრისტეს მოსვლის შემდეგ წარმართობა და უესავდნენ  ძველ ღმერთებს. ავგუსტინე თავად იყო ნეოპლატონიკოსი და მას დიდად უხამდა ამაზე სიტყვის გამოგება. პლატონის მცოდნე და მის მოესავ ავგუსტინეს წარმართობაზე ასე გულხენეშად არ უნდა დაეწერა. სარიტუალო სიძვისა და ფალოსის კულტის გარდა იყო მითები, იყო დიდი მწერლობა, ბერძნული ტრაგედია,  ხელოვნება, მეცნიერება. იყო დიდი ფილოსოფია კაცის სრულყოფისა და ამაღლებისა. ავგუსტინეს რომ ენახა ვატიკანი ჩეზარე ბორჯას მამის, ალექსანდრე VI-ის (1492-1503)  და სხვა მემრუშე  პაპების დროს, რაღას იტყოდა? ავგუსტინეს დღეს რომ ენახა ქრისტიანული ქვეყნების მასკულტურა და  პორნოინდუსტრია, რაღას იტყოდა ის ღმერთსა და დემონებზე?  რასაც ავგუსტინე „აღსარებანში“ იუწყება საკუთარ მოქცევაზე, არაა საკმარისი იმის გასაგებად, როგორ გარდაიქმნა იგი ქრისტეს კაცად.ვინც თავადაა მეძიებელი და ფიქრით გვემული, მისთვის არაა ეს საკმარისი, თორემ ბრიყვი თავისი ღვთისმოსაობის საჩვენებლად ათასჯერ მიუთითებს ავგუსტინეზე  და მაინც ისევ ის ბრიყვი იქნება.

თუ ელინური ღმერთები დემონები არიან, როგორღა შეძლო მათმა მოესავმა პლატონმა შეექმნა ასეთი წარუვალი სიბრძნე? ამაზე ავგუსტინესთან სიტყვაც არაა ნათქვამი. როგორ უნდა საჩინოვყოთ, რა არის შექმნილი პლატონთან და ნეოპლატონიკოსებთან კაცის ცნობის ძალუმობით და რა ღმერთის  წყალობით? წარმართობის მოყივნებაში დამაშვრალ ავგუსტინესთან ეს არ გაიაზრება. თუ ამდენი დემონის გარემოცვაში კაცმა შექმნა საკუთარი სრულყოფის (კალოკაგათია), (სტოელებთან ეს არის არეტე)  მოძღვრება, მაშინ გამოდის, რომ ღმერთის საკითხი არასწორადაა დაყენებული.  ჭეშმარიტი ღმერთი იფარება ამდენი ელინური დემონით (ღმერთით) და ახერხებს იმას, რომ  კაცს ემეოხება დიდი ფილოსოფიის შექმნაში. თუ დემონები დასცინოდნენ ადამიანებს და ბილწავდნენ მათ სულებს, ვითარც ავგუსტინე იტყვის, როგორ შეძლეს ამ დემონებმა აღმოეშვათ ანტიკური მოაზროვნეები? ამის პასუხი არსადაა არა მხოლოდ „ღვთის ქალაქში“, არამედ ავგუსტინეს არცერთ თხზულებაში. დამაჯერებლობას მოკლებულია მისი ნათქვამი „ღვთის ქალაქის“  VII,  35-ში: დემონებს ოდენ ის ძალუძთ, რისი აღსრულების ნებაც მათ ეძლევათ ჭეშმარიტი ღმრთისაგან. ეს ნათქვამი იქცა შაბლონად და მას იმეორებს მრავალი მამა ეკლესიისა, ოდეს ისინი ბოროტების ახსნას ლამობენ. ავგუსტინე არას იტყვის ჰერაკლეს ამბავზე. განა ასეთ მშვენიერებას უწმინდური დემონები შექმნიდნენ? რომმა საბერძნეთიდან გადაიღო ჰერაკლეს კულტი და თავისად მიიჩნია. რომაელები შემსჭვალა და სიქველისთვის აღამსდუვა ჰეროსი ჰერაკლეს მითმა. რად არ იზრუნა ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომ თავად მასზე სცოდნოდათ  დიდ  ელინ მოაზროვნეებს? მათ არა და მაშ ვიღას? პლატონი და მისი მიმდევარნი, რომელთაც ავგუსტინე ჩამოთვლის,  რჩებოდნენ წარმართებად. ავგუსტინეს აქ მოხმობილ მსჯელობას აბათილებს ნეოპლატონიკოსთა დასობა მის დროს და მის შემდეგ. ჭეშმარიტი ღმერთი ხილულად მოვიდა, სოფელი მოძღვრა და ჯვარზე იგვემა,  ნეოპლატონიკოსებს კი ვერაფერი შეასმინა. ჭეშმარიტი ღმერთი არ ზრუნავდა იმაზე, რომ ერთი ღმერთისათვის წიგნი დაეწერა არა ადრეული რომის მეორე მეფეს ნუმა პომპილიუსს (Numa Pompilius) (715-672  ძვ. წ.), რომელზეც ავგუსტინე უბნობს, არამედ პლატონს. პლატონი კი ღმერთებზე წერდა წიგნებს და არა ერთ ღმერთზე. ავგუსტინეზე ადრე ორიგენე ზევსს უწოდებს დემონს და იტყვის, რომ ჭეშმარიტი ღმრთის სახელი არ შეიძლება იყოს ზევსი. ეს მას ნათქვამი აქვს ნაშრომში  Contra Celsum (ცელსიუსის წინააღმდეგ).

         ავგუსტინე არ იკითხავს რად დაუშვა ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომ  ათას წელზე მეტი იყო რომის იმპერია, ძმისმკვლელი რომულუსის ქალაქი თავისი დემონებით და აქამდე არ მოვლენილა ღვთის ძე? ამდენი ხანი ცრუ ღმერთების იმპერია  და მასშიგან აღმოცენებული დიდი პოლიტიკური და მილიტარისტული კულტურა რად იგუა ყოვლისმპყრობელმა უფალმა? ამას არც ავგუსტინეს საღვთო ისტორიზმის მიმდევარი მომდევნო დროის მამანი კითხულობენ თავის ნაწერებში.

არის ასეთი დიდი სიძნელეთაგანი, რომელზეც არსადაა ლაპარაკი ავგუსტინეს შემსწავლელ მეცნიერთა შორის: „ღვთის ქალაქის“ მეორე წიგნის  XXIV თავში ავგუსტინე ჰყვება, რომ ლივიუსის თანახმად, (ეს არის რომაელი ისტორიკოსი  Titus Livius (ძვ.წ. 59- ახ.წ. 17)) როდესაც ლუციუს კორნელიუს  სულა (ძვ.წ. 138- 78) გაიუს მარიუსთან ომში რომის დასალაშქრად ემზადებოდა, მან მსხვერპლშეწირვის დროს მიიღო ისეთი კეთილი წინათმოსწავებანი, რომ ჰარუსპექსმა ( სამსხვერპლოს შიგნეულობაზე შემტყობელმა მისანმა) პოსტუმიუსმა თავისი დატუსაღება და  დასჯა მოითხოვა, თუ ღმერთების ასეთი აშკარა მეოხების ვლენით არ აღსრულდებოდა სულას შთანაფიქრი. ავგუსტინე მსჯელობს, რომ ღმერთებმა სულას წინასწარ აუწყეს  მისი საქმის კეთილად მობოლოვება, მაგრამ ისინი არ შეეცადნენო თვით სულას გამოსწორებას. ავგუსტინე აგრძელებს თხრობას:  როდესაც სულა აზიაში მითრიდატეს ებრძოდა, იუპიტერმა ლუციუს ტიციუსის პირით აუწყა სულას, რომ  ის გაიმარჯვებდა და ასეც მოხდა. ავგუსტინეს კიდევ ერთი ფაქტი მოჰყავს, რომ ერთი ლეგიონერის პირით სულას იუპიტერისაგან გამარჯვება ეუწყა. ავგუსტინე კითხვას აყენებს: რატომ აუწყებდნენ ღმერთები ფელიქს  სულას მოსაწევნს და არას კი ღონობდნენ მის გამოსასწორებლად, რომელმაც მრავალი რომაელის სისხლი დაღვარა? ავგუსტინე ასე დაისკვნის: სწორედ ეს ვითარება დაგვანახებს, რომ სულასთვის ვინც მისნობდა, ისინი არა ღმერთების, არამედ დემონთა ნაუწყებს გადმოსცემდნენ. ავგუსტინე დასძენს, რომ ჭეშმარიტი ღმერთები სულას უთუოდ აღძრავდნენ ზნეობრივი  ქმედებებისათვის. იგი ასე ასრულებს სულაზე განსჯას: დემონებმა განზრახ გააკეთეს ასე, რომ სულა კი გახდა რომაელთა მბრძანებელი, მაგრამ ის დამარცხებული და ტყვექმნილია უმსგავსოებითა და ზადიერებით. ამრიგად, სულა კიდევ უფრო მონა არის.  ესევითარ ასწავლის ავგუსტინე.

სიძნელე კი აი რა არის აქ: ავგუსტინე არას ამბობს იმაზე, რომ სულა გადადგა თავისი ნებით, ყოველგვარი პოზიორობის გარეშე,  რითაც მან გააკვირვა მისი სისასტიკით ზარდაცემული რომი. ადგა და შინ წავიდა. 79 წელს (ძვ.წ.) სულამ დიქტატორის  უფლებანი მოიხსნა და რომს სულ გაეცალა. ეს რომის აბსოლუტურ მმართველ სულას სათნოებაში მიეთვლება. ამაზე არას ამბობს ავგუსტინე, რადგან მისი გადადგომის ხსენება აცამტვერებს მთელ მის მსჯელობას ღმერთებსა და დემონებზე, სულას უზნეობასა და მანკიერებათადმი მონობაზე. ეს რომ ახსენოს ავგუსტინემ, მაშინ დემონებზე სხვაგვარი რეფლექსიის აუცილებლობა წარმოიშობა. ეს კი აღარ ძალუძდა ავგუსტინეს. საკითხი ეხება შემდეგს: ფელიქს სულა რომ გადადგა, ეს ღმერთებისგან იყო თუ დემონებისგან? ყისმათიანი რომ იყო სულა, ამად ეწოდა ფელიქსი. მსგავსი სიძნელეები ავგუსტინეს თხზულებებში საკმაოდაა. სულას უმცროსი თანამედროვე იყო  დიდი გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ. 100- 44). ავგუსტინეს აქ ის არ ჰყავს ნახსენები. განა იულიუს  კეისრის სათნოებანი და ზადიერებანი  დემონთაგან იყო? განა მან დემონთა მეოხებით შექმნა იმპერია?  ავგუსტინე აქ არას იტყვის იმ წინათმოსწავებებსა და გრძნეულ სიზმრებზე, რაც კეისარს ჰქონდა. ქრისტეს აქეთ მყოფი ფილოსოფოსი იმპერატორი მარკუს ავრელიუსი (121-180) და მისი ფილოსოფია?   არც მასზე უბნობს ავგუსტინე.

ავგუსტინე ძველი რომის ისტორიაში კარგ განსწავლულობას ავლენს და  ელინიზმის მოსაყივნად იყენებს ფაქტებს. არის კიდევ ერთი რამ: მითრიდატე  VI  ევპატორთან ომში, საბერძნეთში შეჭრისას, რომელიც მაშინ პონტოს იმპერიის ნაწილი იყო, სულამ სამხედრო საჭიროებისათვის გაცალა აპოლონის დელფოს ტაძარი, ასევე ზევსის, ასკლეპიოსის, ეპიდავროსის ტაძრები. 86 წლის 1 მარტს სულა ათენში შეიჭრა და ააოხრა. პლატონის სახელით შეავედრეს ბერძნებმა სულას ათენი, მაგრამ ვერ შეაწყალეს. ომი იყო საშინელი ორ იმპერიას შორის და სულა ამ დროს პლატონისას არას იკთხავდა. ამის გარდა სამოქალაქო ომი იყო რომში. ტევტონებისა და კიმბრების, ასევე ავგუსტინეს ძველი თანამემამულის, ნუმიდიის მეფის, იუგურთას (ძვ.წ. 160-104)  დამამარცხებელი, შვიდგზის კონსული, ბებერი გაიუს მარიუსი (ძვ.წ. 157-86)  შლეგობდა და სულას მოდასეებს ჟლეტდა. სისხლის ტბორები დააყენა მან რომში. თავისი წასვლის დრო  ვერ გაიგო მარიუსმა და უბედურება დაათია თავს მარადიულ ქალაქს. სულა ყოველივეთი მარიუსზე მეტი იყო. მან შური იძია ყველა მარიუსელზე. შეუძლებელია ავგუსტინეს არ სცოდნოდა სულას მიერ ტაძრების განძეულობის გატანის ამბავი. ის არ კითხულობს: როგორ იყო, რომ დემონთაგან შთაგონებულმა სულამ გაძარცვა დემონთა ტაძრები? ეპაფროდიტი ფელიქს სულა  დიდსულოვანიც იყო და თანამებრძოლები წყალობით აავსო. სიკეთის დამნახავი იყო სულა და გულუხვობდა თავის მოდასეთათვის. ეს სათნოება მას  დემონებისგან ჰქონდა? იმ მამაც მებრძოლს, ვინც სულას ლეგიონებში გამოირჩეოდა, რახან Sullanus (სულას მომხრე) იყო, არ მიეთვლებოდა მამაცობა?

განა მარტო ეს არის. დემონებად რომ მიიჩნევს ავგუსტინე ბერძნულ და რომაულ ღმერთებს, რად ავიწყდება მას, პლატონის მცოდნეს და მისი აკადემიის სწავლების გამრჩევს თავის სამწიგნეულ ნაშრომში Contra Academicos (386 წ.) (აკადემიკოსთა წინააღმდეგ),  რომ ღმერთების მოესავი სოკრატე ქურუმ ევთიფრონთან კამათობდა და ირონიით უცქერდა მის ქურუმობას. ევთიფრონის მრწამსსა და მმესველობაში ეჭვი ეპარება სოკრატეს. ეს დემონებისგან იყო? დემონი როგორ დაუშვებდა, რომ მისი ქურუმი დემონისავე მოესავ პლატონის მოძღვარს ირონიით გაეკილა?  ვისაც დღეს მღვდლის რწმენაში ეჭვი ეპარება და სოკრატულად შეჰკითხავს მას ქრისტეზე, განა ეს დემონებისგანაა? მღვდელი კი იტყვის ასე საქმის გასაიოლებლად, მაგრამ საკითხი ხომ მაინც დგას და შეგებას დიდად საჭიროებს?  ვისაც ცვად აბარია რჯული ქრისტესი, მანვე უყო თარსი მას. ვინმემ მითხრას, რომ არაა ასე. ევთიფრონს  მაინც შეეძლო სოკრატესთან საუბარი და ამ დიალოგმა ათასწლეულებში გამოატანა. მღვდელს თუ შეუძლია მის შემკითხველთან საუბარი კი არა, ორი სიტყვის თქმა მაინც? უღონოებისა და უმეცრობისგან, გულბილწობისა და ავისმოსურნეობიდან  მოდის მღვდლის გაცეცხლება და შემკითხველისთვის ცილისწამება. წამსვე ეშმაკის ქოლვას იწყებს მღვდელი და ესეც ადასტურებს, რომ ცუდი მოესავია ის ქრისტესი. ფიქრი არ მოსდევს მას და მწუხრეულობა არ ესევა გულზედ. ცნობანი არასოდეს უწვრთნია. ტყვილად მოსავს მას შავი კაბა. ვერ კეთილოვნებს  იგი რჯულში. რას იწამებოდა იგი წლობით და რა ბოლოს გამოვიდა. ბნელეთი სუფევს ქართულ ეკლესიაში და უფრო დაბნელდება.

„ღვთის ქალაქის“ დამასრულებელ თავებში ავგუსტინე ქილიასტია და წერს ღვთის ათასწლოვან მეუფებაზე. აქ კიდევ ერთია საკითხავი: ალარიხს რომ არ აეკლო რომი, ავგუსტინე როგორ დაწერდა  De Civitate Dei-ს? და კიდევ: გულზე ხელი დაიდონ და თქვან თვით სქოლასტიკის ისტორიკოსებმა – ვის წაუკითხავს ბოლომდე ავგუსტინეს „ღვთის ქალაქი“?  ამ დიდი თხზულების 12 წიგნი მაინც თუ არის კრიტიკულად წაკითხული? უნდა იყოს მცოდნეთა დასი, რომ ღირდეს მისვლა და უბნობა ავგუსტინეთა გამო.

„ღვთის ქალაქის“  ბოლოში,  XXII, 11-ში, 26-28-ში  ავგუსტინე პლატონთან და პორფირესთან დისპუტსაც ასწრებს.  XX წიგნში ის განმარტავს ესაია და დანიელ წინასწარმეტყველებს.  XXI, 15-ში ავგუსტინე კვლავ ღმრთის მადლის საკითხს ეხება: Quod omne opus gratiae Dei eruentis nos de profunditate veteris mali ad futuri saeculi pertineat novitatem (სრული საქმიანობა ღვთის მადლისა, რომელიც აღმოგვიყვანს ბოროტების სიღრმიდან და მიმართებაშია მერმისის მსოფლიოს ახალ ცხოვრებასთან).  XXII, 1-ში განიხილება  De conditione angelorum et hominum (ანგელოზთა და ადამიანთა მდგომარეობა).  ავგუსტინე არჩევს მომავალ ღვთის სამსჯავროს და მკვდართა აღდგომას (resurrectio).  XXII, 30-ში, რითაც მთავრდება „ღვთის ქალაქი“, ნამსჯელია წუთისოფლის ნეტარ ბოლოზე:   De aeterna felicitate ciuitatis Dei sabbatoque perpetuo (ღვთის ქალაქის მარადიული სვიანობისა და საუკუნო განსვენებისათვის). ავგუსტინეს სიტყვით, უფლის ქალაქი მარადიულ შაბათში სუფევს. აქ, ამ დიდ თხზულებაში ყალიბდება ავგუსტინესეული დუალიზმი, როდესაც ერთურთის წინააღმდეგ დგანან civitas Christi (ქრისტეს ქალაქი) და civitas diaboli (ეშმაკის ქალაქი), რომელ არის civitas terrena (მიწიერი სამეფო). Civitas  კი ითარგმნება ავგუსტინოლოგიაში, როგორც ქალაქი, მაგრამ ეს სიტყვა ავგუსტინესთან უფრო მეტს ნიშნავს. მისი სემანტიკა იმპერიულია. Civitas არის ქრისტესმიერთა  სახელმწიფო  თანამეგობრობა, იმპერია, რომელიც მოქრისტე ხალხებისგან შედგება. Civitas  არის  hominum universitas (ადამიანთა ერთობა, კაცთა უნივერსუმი). ამ ისტორიოსოფიულ თხზულებაში ავგუსტინე წარმოსდგება ვითარც იმპერიის დიდი საეკლესიო მოძღვარი.  ესაა მაშვრალი ავგუსტინეს დამასრულებელი  სიტყვები:

Videor mihi debitum ingentis huius operis adiuvante Domino reddidisse.  Quibus  parum uel quibus nimium est, mihi ignoscant; quibus autem satis est, non mihi, sed Deo mecum gratias congratulantes agant. Amen   (ჩემი შეხედულებისამებრ, ღმრთის შეწევნით განვთავისუფლდი იმ ვალისგან, რომ დამესრულებინა ეს ვეება ნაშრომი. შესაძლოა, ისინი, ვისაც ეს მიაჩნია ძალზე მცირედ ან ძალზე ბევრად, მომიტევებენ; შესაძლოა, ისინი, ვისაც ეს მიაჩნია საკმაოდ მართებულად, იხარებენ და სამადლობელს იტყვიან, მაგრამ არა მე უნდა მმადლობდნენ, არამედ უფალს. ამინ)

ბერძენ-რომაელთა ღმერთებზე როგორც დემონებზე მსჯელობა იქცა შაბლონად ეკლესიის მამებთან. ამის თქმა ადვილი იყო. დემონები ეწოდათ ბერძნულ და რომაულ ღმერთებს ქრისტიანიზებულ ბერძნულში. ატიკურ ბერძნულში კი, პლატონის დროს სიტყვა „დაიმონ“ ღმერთის სინონიმი იყო. დიდად უცნაური აქ ისაა, რომ ღმერთის, ღვთაების აღმნიშვნელი სიტყვა იქცა ეშმაკთა აღმნიშვნელ სიტყვად. ქრისტიანიზებულმა ბერძნულმა ვერ შექმნა სიტყვა, რომელიც  ქვესკნელიერ არსებათა აღმნიშვნელი იქნებოდა. ამაში რაღაც ეშმაური იფარება, რომ მამათაგან ათასგზის მოყივნებულ და კრულ ქაჯთა და ეშმაკთ ეწოდებათ სახელი, რაიც საკუთრივ ღმერთს ნიშნავს. აქ ენაც ეშმაკობს და მეხრიკეობს, ოდეს ეშმაკთ დაურჩათ ღმერთთა აღმნიშვნელი სახელი. არის რაღაც ღვთიური ქაჯთა და ეშმაკთა შორისაც და მის შესამეცნებლად კაცს ჯერ არ დაუწყია მეცადინობა. ყოველთვის დიდად მაკვირვებდა, რომ  უმცირეს ქვესკნელიერსაც კი ღმერთის სახელი- დემონი ეწოდება. ჩემს გაკვირვებას უფრო განაცხოველებს ის, რომ იუდეველთა საღვთო მატიანეში ბაალ- ბერითსა და აშთეროთს (ასტარტე) ყოველთვის ღმერთები ეწოდებათ. სასტიკად ილალვის ცაბაოთ ღმერთი ბაალთან, მაგრამ წინასწარმეტყველთა პირით თავადვე ღმერთს უწოდებს მას და არა რაიმე დამაკნინებელ სახელს. ადამის ცდუნების შემდეგ უფლისაგან კრული ძველი გველი ღვთის შვილად იწოდება იიობ ყუცელის წიგნში და ცათა შინა სხვა ღვთის შვილებთან ერთად ინახობს წინაშე ღმრთისა.

ენამ  ხრიკი მოავლინა, ოდეს ძველ ღმერთებს, სიქველეთა და სიბრძნის მფარველთ, ეწოდათ დემონები ეკლესიის მამათა მიერ. ძველმა ღმერთებმა საფარად მოირგეს ეს სიტყვა. ისინი ამ სიტყვით დაიფარნენ და მითოსის კვდომის მოჩვენებითობა შეიქმნა. დემონოლოგიის კლასიფიკატორთა მიხედვით, ერთ-ერთი უგვანი და უმსგავსი დემონია ბელფეგორი (სახელი მომდინარეობს ფეღორის ბაალიდან, რომელსაც უესავდა ბევრი იუდეველი ჯერ კიდევ მსაჯულ გედეონ იერობაალის დროიდან. ბაალი ანთროპონიმიცაა (კაცის სახელი) იუდეველებში). მითოლოგიის შესწავლისას ბერძნული და რომაული ღმერთები ყველგან მოიხსენიებიან ღმერთებად და არა დემონებად ძველ დროთა  მამათაებრ.

აქ ერთს კიდევ ვიკითხავ იმის გამო, რომ ავგუსტინემ ელინიზმი სიძვად და მისი ღმერთები სიძვის დემონებად შერაცხა: მეძავი რომელიც ელინურ ღმერთთა (ავგუსტინეს მიხედვით, დემონთა) საესავად ისიძვის წარმართულ ტაძარში, განსხვავდება თუ არა მეძავისაგან, რომელიც რომელიმე წარმართული ქალაქის ლუპანარიუმში (საროსკიპო) ისიძვის?    შეუძლია ავგუსტინეს თქვას, რა მეძაობა უნდა იყოს ისეთი, რომ მას ღმერთმა ან ეშმამ თვალი მიაპყროს როგორც მცოდველობას ან როგორც სამღთო მსახურებას?

ბიზანტიის ბასილევსის იუსტინიანე დიდის (მიახლ. 482- 565)   529 წლის ედიქტით დაიხურა ელინური ფილოსოფიის სკოლები. დევნილი ნეოპლატონიკოსები მაინც არ მოინათლნენ და  ბიზანტიიდან სპარსეთში გადაიხვეწნენ. ხოსროვ I ანუშირვანი (? -579), რომლის ზეობისას სასანიდების სამეფო დიდად მძლავრობდა, სწყალობდა ქრისტიანთაგან ოტებულ პლატონელებს . მაშინდელი პაიდეიისა და მეცნიერების მწვერვალი იყო ნეოპლატონიზმი, პლატონის აკადემია და მთელმა ამ პლატონის მოესავთა დასმა არსად ერთი სიტყვა არ თქვა თავის ნაწერებში არც ადამის ცოდვაზე, არც ქრისტეს გამომსყიდველურ ღვაწლზე. ისინი მოწმენი იყვნენ ქრისტიანულ ერესებსა და სექტებს შორის ბრძოლებისა და შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ ამ ბრძოლების აღმძრავი მიზეზები. შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ ავგუსტინეს სახელი. მათთვის ადამის ცოდვასთან, პრედესტინაციასთან, ღმერთის ერთსამობასთან და ორბუნებოვანობასთან  დაკავშირებული საკითხები არას ნიშნავდა. რომ ყოფილიყვნენ ისინი უბირი და უცანი ხალხი, კიდევ რაღაცას იტყოდა ისტორიკოსი. მათგან გადაიღო ქრისტიანულმა თეოლოგიამ მთელი ცნებითი აპარატი და მეთოდიკა. მათ ამოყვანილ კედლებზე დააშენა ქრისტიანობამ თავისი ქონგურები. ამაზე მეტი რაღა უნდა ყოფილიყო? ვითომ არც ყოფილა ქრისტიანთა შორის სასტიკი იდეური ბრძოლა, ასობით შეჩვენება, ერთურთის საკვდავად გაწირვა საეკლესიო იერარქიაში ძალაუფლების მოპოვების მიზნით. არც პლოტინმა, არც იამბლიქემ, არც პროკლემ, არც უმცროსმა იამბლიქემ, არც დამასკიოსმა, არც პლუტარქე ათენელმა, არც ჰიეროკლე ალექსანდრიელმა არა თქვეს რა ქრისტეზე, მის მოესავთა ურთიერთმტრობაზე. 1081 წლამდე იარსება ბიზანტიის იმპერიის ქალაქ ქარანში ელინურმა ბაგინმა (ნაოს თეონ ანუ ეიდოლეიონ). აი აქამდე არსებობდა ნეოპლატონიკოსების სკოლა და წარმართობა (ეიდოლატრია) და ელინური მითოსი. 1081 წელს ბიზანტიის ბასილევსი ნიკიფორე III შეცვალა ალექსიოს I-მა კომნენოსმა (1081-1118). საქართველოში ამ ჟამს მეფობდა დავით აღმაშენებლის წინამორბედი გიორგი II (1072-89).  1099 წელს პირველი ჯვაროსნული ომის დროს აღებულ იქნა იერუსალიმი.

ავგუსტინემ ძლევა უყო დონატისტებს, მანიქეველებს, პელაგიანელებს. ნეოპლატონიზმს  კი მან ძვრაც ვერ უყო. ჰიეროკლე ალექსანდრიელი, ჰერმიასი და სხვა ნეოპლატონიკოსები ავგუსტინეს თანამედროვენი იყვნენ. მოგვიანოდ პლატონიზმმა ბიზანტიაში გაიბრწყინა  XV საუკუნეში გეორგიოს გემისტოს პლეთონის დროს. ქრისტიანობა დააგდო და წარმართობას შეეყენა პლეთონი. ათენაია ალკიმაქეს, ზევსის გამო ჰიმნები დაწერა და ამ ჰიმნებმა დღემდე მოაღწია. ერთ ჯაჭვად იქცა ფილოსოფიის ისტორიაში ეს სამი სახელი – პლატონი, პლოტინი, პლეთონი. საოცარი იყო და იქნება ნეოპლატონიკოსების ფთეგმა (წარმოთქმული სიტყვა). ეს ეგრეა, ვითარც ცათა მტილოვანიდან შემეცნების ხე მიწაზე გადმორგო. პლეთონის დროს მეფობდნენ პალეოლოგოსების დინასტიის იმპერატორები, რომელნიც მფარველობდნენ მეცნიერებას, ფილოსოფიას, ხელოვნებას. ქარანის შემდეგ ქალაქი მისტრა იყო პლატონის მიმდევართა სამყოფელი. იტალიაში გადასულმა მისტრელებმა მოახდინეს რენესანსის ინიცირება. მათ დააგზეს პლატონის ცეცხლი ევროპაში.  განა კი არ ეგზო ავგუსტინესეული პლატონიზმის ცეცხლი, მაგრამ ნეოპლატონიკოსმა მისტრელებმა ელინური პლატონის ალი შესდვეს ჯერ კიდევ ბარბაროს ევროპას. თავად ვატიკანი გამოვიდა რენესანსის ინიციატორად.

ნიცშე „ანტიქრისტეს“ 42-ე ნაწილში წერს, რომ ეკლესიამ გააყალბა კაცობრიობის ისტორია და ის აქცია ქრისტიანობის პრეისტორიად. მე-60 ნაწილში კი იგი იტყვის, რომ ქრისტიანობამ წაახდინაო ანტიკური კულტურის  სამკალი.

ავგუსტინეა ქრისტეს ღვაწლის უარმყოფელი, როდესაც ის ამბობს, რომ ადამის ცოდვა მოუშორებელ, სამარადისო ტვირთად აწევს კაცის გვარეობას და მისხით მისხამდე არსებობს. ავგუსტინეს თქმით, peccatum originale  (პირველშობილი ცოდვა) ვერვის მიერ ვერ გამოისყიდება. კი მაგრამ, ქრისტეს ჯვარცმა, მამათა სწავლებისამებრ, თუ ამ ცოდვის გამოსყიდვისათვის აღესრულა, რატომღა არის საკამათო ადამისეული ცოდვის მოუშორებლობის საკითხი? ბოროტების არსებობის აღსახსნელად ადამის ცოდვაზე მითითება იქცა საღვთისმეტყველო შაბლონად, რომელსაც ყველა იმეორებს. ცოდვა ხომ გამოსყიდულია და რაღად არის ის ცენტრული თეოლოგემა როგორც კათოლიკობაში, ასევე მართლმადიდებლობაში?  წესით ხომ საერთოდ აღარ უნდა განიხილებოდეს ქრისტიანობაში ადამის ცოდვა, მაგრამ დიდად საკვირველია, რომ სწორედ სულ ეს განიხილება. მიწყივ ეს არის ამოსავალი. ავგუსტინემ დაამკვიდრა და ასე ჰგია ეს თეოლოგემა 1500 წელზე მეტი. მის გამო ახლა არის შესაძლებელი ისეთი მსჯელობა, როგორსაც ავგუსტინეს დროს ვერ იტყოდი, რადგან ეს ეკლესიის ერთიანობას ემუქრებოდა. ადამის ცოდვის ცენტრირებით ავგუსტინეს უადვილდებოდა პრედესტინაციონიზმის დაფუძნება და ერეტიკოსებთან დავა. ის ვერ გაიმარჯვებდა პელაგიანელებთან და მანიქეველებთან პოლემიკაში, რომ არა ადამის ცოდვის ექსტრემიზება მის მიერ. ავგუსტინეს შემდეგ, საუკუნეთა გამოხდომისას ამ თეოლოგემას არვინ შეეხო საეკლესიო ავტორთაგან არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში.   ავგუსტინესთან პირველშობილი ცოდვა და პრედესტინაციონიზმი ერთურთისგან გამოდიან. ეს ერთი მთლიანობაა. დღეს ლაპარაკია მხოლოდ ადამის ცოდვაზე და პრედესტინაციონიზმი აღარ ხსენდება. ბოროტების აღსახსნელად ტრაფარეტულად მიუთითებენ ადამის ცოდვაზე. მისი ექსტრემიზების მიზეზებზე კი აღარას იტყვიან მღვდელნი. ისინი ჩქმალავენ ბედისწერის საკითხს და არ სურთ ძველისძველი დიდი თეოლოგიური დავის გახსენება, რადგან არც წინამორბედ მამათა ნააზრევი უკითხავთ და არც რამ ცნობანი  უვით, რომ შესაფერისი სიტყვა გამოიგონ. ამის გამო იყო, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა ეკლესიის მიერ განიმარტა მანიქეისტურად და ბოროტებაზე სიკეთის დიდ გამარჯვებად, ეშმაკის სამეფოს დამხობად და ქვეყანაზე მადლის მოფენად. მადლის მოფენა კი ლიბერტარიანიზმისა და თავისუფალი ბაზრის გამეფებას დაუკავშირდა.  ეკლესიამ გააქეზა რჯულის პროფანაცია 90-იანი წლების დასაწყისში და რა ამბავი ედგათ დისიდენტს, ინტელიგენტს, ჟურნალისტსა და მღვდელს. ეს იყო გაქანებული მანიქეველობა, რომელიც იფარებოდა სახარების წარამარა ციტირებით, გაზეთებში თავის გაგიჟებით და ყასიდი ზნეობრიობით.  ამას მღვდელნი ვერ დააბრალებენ ეშმაკს. კაცმა ქმნა ეს თავისი ბრიყვობითა და გულშავობით. ცუდი ისაა, რომ ეკლესიამ გადაიღო ლიბერალიზმის ტრიუმფალისტური პოლიტტექნოლოგია, მენეჯერიზმის ილეთები და მისით  ცდილობს შეარწმუნოს მრევლი. თეოლოგია კი გადაიქცა აფერისტობად და თავმობეზრებული ლიბერალების სნობურ თავშექცევად. ცუდანი იყვნენ და უარესნი ახლა არიან. ეკლესიის დიდი დანაშაული ისაა, რომ მან პოლიტტექნოლოგიის მეოხებით შექმნა ქრისტიანობის მოჩვენებითობა და ეშმაკთან ბრძოლაში თავი გამარჯვებულად წარმოაჩინა. ცხოვრებამ შეარცხვინა პოსტსაბჭოთა დროის მღვდელი, მისი პირით თქმული ყოველი სიტყვა და მისი ნაწიგნი. მოძღვარი კი არა, არამედ ანაფორიანი ოფის-მენეჯერი და სახელისუფლო ჩაფარი შერჩა ხელთ ქვეყანას.

ესეც უნდა ითქვას: განა ათეიზმის ბრალია, რომ მოყვასთა მირიადი დამპალი გულით და ნაკლული ცნობით იბადება. ეს ათეიზმს დააბრალა მანიქეისტურად მომსჯელე მღვდელმა და მისმა ამქარმა – ანტისაბჭოელმა დისიდენტმა და რიოშად მოღმრთე ინტელიგენტმა. რომ აიღო 90-იანი წლების ამათი გამოსვლები, გაგაკვირვებს მათი სიბრიყვე და მისგან მოგვრილი მზვაობრობა.  არა, ესენი იქადოდნენ ქვეყნის გაძღოლას ბოლშევიზმის გადავარდნის შემდეგ? გაუძღვნენ და აგერ მათგან დათესილი და მკული. ღვარძლის მომკელნი არიან და იფქლად ასაღებენ.

ავგუსტინემ ორი ერთნაირი დასახელების წიგნი დაწერა. ესენია „შესაქმის წიგნისათვის სიტყვასიტყვით“ (De Genesi ad litteram), რომელიც არის liber imperfectus (დაუმთავრებელი წიგნი) (393 ან 394 წლები) და მეორე (410-14). ამ თხზულების მეცხრე წიგნის IV თავში იგი ამბობს, რომ ღმერთმა წინასწარ იცოდა ადამისა და ევას დაცემა. ავგუსტინე  წერს  praescientia, რაც წინასწარჭვრეტასა და მერმისის ცნობას ნიშნავს. შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა ირჩევა მეთერთმეტე წიგნის   I თავში.  IV თავში ავგუსტინე  ამბობს, რომ წინასწარ განჭვრიტა ღმერთმან, რომ ადამი ვერ წინ აღუდგებოდა მაცდურს, რომელიც მას ნაყოფის ჭამას ურჩევდა. ამავე და შემდეგ VI თავში ავგუსტინე კითხულობს:  რატომ უშვებს ღმერთი, რომ კაცის გვარეობა მიწყივ ცდუნდება ეშმას მზაკვარებით?  მეთერთმეტე წიგნის IV თავში ავგუსტინე ამბობს, რომ მე არ ძალმიძსო იმის გაგება, თუ რად დაუშვა ღმერთმა ადამის ცდუნება. ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ გველი ადამს აცდუნებდა. ავგუსტინე წერს, რომ ეს ჩემი გაგების უნარს აღემატებაო. შემდეგ კი ამბობს: est ergo aliqua causa fortassis occultior quae melioribus sanctioribusque reseruatur illius gratia potius quam meritis eorum  ( შესაძლოა, ასე როგორღაც ჰგიეს დაფარული მიზეზი, რომელიც დაცულია უკეთესთათვის, წმინდათათვის, უფრორე ღვთის  მადლით, ვიდრე  მათი დამსახურებით).

გამომდინარე აქედან, ავგუსტინეს მიხედვით, ცოდვითდაცემის გასაგებადაც კი ღვთის წყალობაა საჭირო და კაცს მისი ნასათნოვარი აქ ვერ შეეწევა. ქრისტეს ნასიტყვი, რომ ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ბევრის მთქმელია.

ბედისწერაზე მსჯელობისას უთუოდ სათქმელია, რომ არ კითხულობენ კალვინის, ოუენის, არმინიუსის, არნოს, ინკვიზიტორ ბელარმინოს, იეზუიტ კარლ რანერის  თეოლოგიურ თხზულებებს, არამედ ძლივს კითხულობენ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს ამ თხზულებათა გარშემო. მუნითგან იმოწმებენ, ამას კმარისობენ, მუნვე პოულობენ შაბლონურ დასკვნებს. არ კითხულობენ ავგუსტინეს, კაპადოკიელ მამებს ისე, როგორც მათი წაკითხვა ჰხამს. არ ბჭობენ ურთიერთში  რა როგორ გაიგეს, რა როგორ შეუწონეს ისტორიულ ჟამს. არსად არ ადასტურებენ საკუთარ მეძიებლობასა და გზნებას. ციტირება ცნობილი მოაზროვნეებისა არის ფორმალური წესი. აი, ავგუსტინემ ასე თქვა ღმერთზე, ჰაიდეგერმა კი ისე. ამდენი დამოწმების მიუხედავად, საკითხთა არსში შთასვლა, წიაღგება და მუნშიგან შთაფიქრვა არ ხდება. ასე მაგალითად, 90-იან წლებში ბევრი ილაპარაკეს ჰაიდეგერზე მარქსისტული ათეიზმის ჯიბრით. ვითომ მის ნაშრომებს ტანჯვით ეძებდნენ, Sein-ის ხმას აყურადებდნენ. შემდეგ კი მოიწყინეს ჰაიდეგერი და მიივიწყეს. ვერ გულისხმაყვეს, ვერ თქვეს რატომ დაიწყო ფილოსოფოსობა ჰაიდეგერმა ათეიზმის ბჭეთა გავლით, ვერ გაერკვნენ მის მიერ დაყენებულ საკითხებსა და მათ განმარტებაში.  თავის კანტურით მისდევენ ამ ცხოვრებას, სადღაც დასხდებიან, სურათს იღებენ,  ტაშს უკრავენ, მერე კრებულებს გამოსცემენ, სტუდენტებს მიუყრიან საკითხავად და სულ ესაა. არაფერი და არაფრობა. თავზე რომ დააყენო ამათ ქრისტე და მან ისინი დალანძღოს, ვითარც ფარისეველნი და  გაყაროს ტაძრიდან, ვითარც მეკერმენი, ესენი მაინც ისევ ისე იქნებიან. ესეც მათი ბედისწერისგან მოდის. აქ დასახელებულ  ავტორთა საღვთო წიგნების კითხვისას უნდა დაინახო ის, რასაც ვერვინ ხედავს და რაც არავის დაუნახავს ათასწლეულების განმავლობაში. ბიბლია მცირეთათვის არის სიბრძნისა და ვარამის წიგნი. მისი წაკითხვის ნიჭი მცირეთა ხვედრია.ზეგარდმო ნიჭებულობაც არის საჭირო ბიბლიის წასაკითხად, მაგრამ შემეცნების ხის ნაყოფის ხმევით ნიჭებული ცნობაც უნდა აჩინოს კაცმა ბიბლიის კითხვაში. მხოლოდ ეს არაა, რომ  ადამის ცდუნების გამო ძველი გველი მოაყივნო, ინანულო ცნობადის ხის გემოისხილვის გამო და მესათნოვის სახელი დაიგდო. არა, ხომ ჭამული ხარ ხისგან? შენ თუ ნანულობ ხისგან ჭამას, გინდა თქვა, რომ შენ გიჭამია ნაყოფი. გიჭამია და ჯერ მისგან შეძენილი ცნობანი დაადასტურე და მერე ინანულე. აქვე საკითხავია შემდეგი: ადამის ცდუნების გამო რომ მერჯულე ეშმას აყივნებს, ამას ის ღმრთისგან ნიჭებული ცნობით სჩადის, თუ ადამის მიერ შეძენილი კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარით? ეს არსადაა გარკვეული მამებთან. კაცი ამას ადამისეული კრული ცნობით იქმს. აქ კი საკითხავია შემდეგი: თეოლოგიური განსჯანი სამღთო ცნობამ შექმნა, თუ ადამისგან შეძენილმა ცნობამ?  ნაყოფის ხმევის შემდეგ კაცში რა დარჩა შეურევნელი? როგორ ეთავსება მასში სამღთო გზნება და ადამისგან შეძენილი ცნობა? როგორაა შესაძლებელი ეშმას მოყივნება ადამის ცდუნების გამო მისგანვე ნიჭებული ცნობით? სადმე არის ამის პასუხი მამათა ღვთისმეტყველურ თხზულებებში?

სანამ მსჯელობას განვაგრძობ, მოვიხმობ ჰაიდეგერისგან ჩინებულ გეორგ თრაკლის (Trakl) (1887-1914)  1909  წელს დაწერილ ორ ლექსს მარიამ ქალწულზე:  Metamorphose  და  Der Heilige.

Ein ewiges Licht glüht düsterrot,

Ein Herz so rot, in Sündennot!

Gegrüßt seist du, o Maria!

Dein bleiches Bildnis ist erblüht

Und dein verhüllter Leib erglüht,

O Fraue du, Maria!

In süßen Qualen brennt dein Schoß,

Da lächelt dein Auge schmerzlich und groß,

O Mutter du, Maria!

ლექსი Der Heilige  უფრო  დიდი პოეტური გზნებით დაწერილად მიმაჩნია:

Wenn in der Hölle selbstgeschaffener  Leiden                                        Grausam- unzüchtige Bilder ihn bedrängen                                                         -Kein Herz ward je von lasser Geilheit so                                                  Berückt wie seins, und so von Gott gequält                                                       Kein Herz-hebt er die abgezehrten Hände,                                                   Die unerlösten, betend auf zum Himmel.                                                     Doch formt nur qualvoll-ungestillte Lust                                                     Sein brünstig-fieberndes Gebet, des Glut                                             Hinströmt durch mystische Unendlichkeiten.                                              Und nicht so trunken tönt das Evoe                                                               Des Dionys, als wenn in tödlicher,                                                                Wutgeifernder Ekstase Erfüllung sich                                                        Erzwingt sein Qualschrei: Exaudi me, o Maria!

ბედისწერის იდეასთანაა დაკავშირებული სწავლება ქალწულ მარიამის უცოდველობაზე. როგორც კათოლიკურ, ასევე მართლმადიდებლურ თეოლოგიაში კი ითქმის, რომ მარიამი თავისი უბიწოებით ანგელოზებს აღემატა, ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებული ზეციერი დედოფალია. ბერძნულ ტროპარებში  ნათქვამია, რომ საღმრთო პური ცხოვრებისა საშოსა შენსა შეიცხო, ღმრთისა დედაო, რომელმან უთესლოდ გვიშევ მაცხოვარი და გიგალობთ შენ ყოველნი უკუნისამდე, მაგრამ ამას კონსეკვენტური გააზრება ესაჭიროება. სახარება არას ამბობს მარიამის დიდ უბიწოებაზე, ოდენ საეკლესიო გადმოცემა იტყობინება ამას. მის მიხედვით, მარიამმა სიყრმიდანვე თავი ღმერთს შესწირა და ისეთი სიწმინდის დაცვა შეძლო, რომ ღმერთმა ის თავის დედად გახადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ცაბაოთ უფლისადმი შეწირულმა მარიამმა ქრისტეს ჯვარცმამდე თავისი უმანკოებით ევას ცოდვა და მისი კრულება დაძლია. ეს სხვა არა იქნებოდა რა, თუ არა უფლის წინასწარ განზრახული, მარიამისათვის ნიჭებული მადლი. რად არ მიიჩნიეს მახარებლებმა აუცილებლად, რომ მარიამის უბიწოებაზე დაეწერათ? მარიამი ადამის ცოდვას როდის დაეხსნა? თუ ქრისტეს ჯვარცმამადე  ყველა მოკვდავი ადამის ცოდვითა და  წყევლით იყო დამძიმებული, მარიამი როგორ იყო უცოდველი, რომ ღვთის მუცლადღების ღირსი შეიქმნა? ვითარ შთაეღწვა ძე ღვთისა მიწიერ ქალს? როგორ შეძლო ქალმა მაცხოვრის მოსვლამდე ისეთი სათნოების მონაგრება, რომ სოფელს უთესლოდ ღვთიური ყრმა უშვა? პონტიფიკატს საუკუნეთა განმავლობაში ამაზე პასუხი არ ჰქონია. დავა უბიწოდ ჩასახვის გამო გახელდა ფრანცისკელ და დომენიკელ ბერებს შორის XV საუკუნეში სიქსტუს IV-ის პაპობის დროს. პაპმა ბერებს უთხრა, რომ მოდავეთაგან არავინ იყო ერეტიკოსი, რადგან ამაზე ვატიკანს ჯერ არ ჰქონდა თავისი აზრი. ამის შემდეგ ვატიკანმა უბიწოდ ჩასახვაზე თავისი აზრი მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ ჩამოაყალიბა. გასაგებია immaculata conceptio-ს (უბიწოდ ჩასახვა) დოგმატი, რაიც ჩრდილავს ქრისტეს კაცებრივ ბუნებას, გასაგებია ქალწულ მარიამის კულტი კათოლიკობაში და პონტიფექს პიუს IX-ის 1854 წლის ბულა Ineffabilis Deus. ამავე წელს პაპმა მარიამის უბიწოდ შობის დოგმაც გამოაცხადა. მის მიხედვით, მარიამი, მისი დედის, ანასაგან უბიწოდ იშვა. პონტიფექსმა პიუს XII-ემ კი 1950 წელს მიიღო დოგმატი ღვთისმშობლის სხეულით ზეცად აღყვანებაზე (სამოციქულო კონსტიტუცია Munificentissimus Deus). თუ მაცხოვრის დედა სხეულით იქნა ცად აღყვანებული, თუ ის მხოლოდშობილი შვილის გვერდითაა და თავისი დედობრივი ზრუნვით მიწყივ უბედური წუთისოფლისა და მის ბინადართა მეოხია, მაშინ ის უკვე ქალღმერთია. მარიამის არსება თეომორფოსი (ღმრთის მსგავსი) და ათანატოსი  (უკვდავი) გახდა ზეცად აღყვანებით. სხვაგვარად ის ცათა შინა თავისი ძის გვერდით ვერ იქნებოდა. ღვთის დედა უბიწოებით  ანგელოზთაც კი აღემატა, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მეძიებელ კაცს საგონისისაგან: იესუს მუცლადღებამდე როდის დაეხსნა მარიამი ადამის ცოდვას? მარიამი დაიბადა ადამის ცოდვისგან დახსნილი? თუ ის ადამის ცოდვით დაიბადა ყოველ მოკვდავთამებრ და შემდეგ დაეხსნა ამ ცოდვას ხარებამდე? ამის პასუხი არსაადაა ეგზეგეტიკაში.

კარდინალი რატცინგერი  თავის ზემოთ დასახელებულ წიგნში „შესავალი ქრისტიანობაში“, წერს, რომ  „ქალწულისაგან შობა არ მიეკუთვნება არც ასკეტიზმის თემას, არც უშუალოდ იესოს ღვთის ძეობის შესახებ სწავლებას; პირველ რიგში და საბოლოო ჯამში ის მიეკუთვნება მადლის ღვთისმეტყველებას და წარმოადგენს უწყებას იმის შესახებ, როგორ მოდის ჩ ვ ე ნ თ ა ნ ცხონება: გულწრფელ მიღებაში, როგორც სიყვარულის არამაიძულებელი საჩუქარი, რომელიც სამყაროს აცხონებს“ (გვ.342-43).

თუ ეს მადლის ღვთისმეტყველებაა, ვითარც ავტორი იტყვის, მაშინ შეუძლებელია მასში პრედესტინაციონიზმი არ იყოს. მთელ ამ წიგნში ეს არსად ხსენდება, რადგან კარდინალს კეთილი განზრახვით არ სურს დასავლეთის თეოლოგიის ძველი ჭრილობის კვლავ გამიზეზება, მაგრამ სადაც მარიოლოგიაა, იქ პრედესტინაციონიზმს გვერდს ვერ აუვლი.

თუ  ვირწმუნებთ, რომ მარიამი უცოდველი დაიბადა, ვითარც თვისი მხოლოდშობილი ძე, მაშინ ამით ბათილდება თეოლოგემა, რომ მესიის მოსვლამდე ყველა პირველშობილი ცოდვითა და სამისხო კრულებით იბადებოდა და ასე კვდებოდა. თუ მარიამი მუცლადღებისას დაეხსნა ადამის ცოდვას, მაშინ მანამდე ის ისეთივე ცოდვილი იყო, როგორც ყოველი ადამისაგანი. თუ ამას ვირწმუნებთ, მაშინ როგორღა აღემატა იმთავითვე ცოდვილი ქალწული თავისი სათნომქცეველობითა და უბიწობით ანგელოზებს? თუ მარიამი არ იყო დახსნილი ადამის ცოდვისაგან, მაშინ ქრისტე დედით ეზიარება ამ ცოდვას. თუ ეს ასეა, კვლავ იშვის კითხვა: როგორ შეძლო ადამის ცოდვის მქონე ქალწულმა სათნოებით აღმატებოდა ანგელოზებს? თუ მიწიერმა ქალმა ეს შეძლო, მაშინ ის უკვე განიღმრთო და ქალღმერთია უკვე მუცლადღებამდე და თავის მიწიერ ცხოვრებაში. ამ სიძნელის გადაჭრისათვის შეიქმნა დოგმა მარიამის სხეულით ზეცად აღყვანებაზე. აქ ახლა ისიც საფიქრალია, ეს აღყვანება იყო, თუ ამაღლება. განა მხოლოდ ეს კითხვაა. თუ დედაც და ძეც ადამის ცოდვისგან დახსნილნი იყვნენ, მაშინ ქრისტე სრულად არ განკაცებულა. ის ასწავლიდა არა იმ ცნობისჩენით, რაიც კაცს შემეცნების ხის ნაყოფის ხმევით ენიჭა. ეს კი ძნელად სარწმუნოა, რადგან ქრისტე ვერ გამოისყიდდა ადამის ცოდვას, ვერ დაიხსნიდა  კრულებაში მყოვნ ადამს სატანჯველ ალაგთაგან, სრულად რომ არ განკაცებულიყო და არ ზიარებოდა დასაბამისეულ ცოდვას. იესუმ ჯვარითა წარსაწყმედელი წარმოტყვევნა და ადამ კვლავ მტილოვანს მიაგება. მაგრამ როდის და ვისგან ეზიარა იგი ადამის ცოდვას დედის წიაღში დავანებისას, თუ მარიამი ამ ცოდვისაგან დახსნილი იყო? მარიამი რომ ამ ცოდვისგან დახსნილი არ ყოფილიყო, ის ვერ ღირსიქმნებოდა მესიის მუცლადღებისა. თუ ის სათნოებდა, მაგრამ ცოდვისაგან დახსნილი არ იყო? თუ ცოდვისაგან დახსნილი არ იყო, მაშინ გამოდის, რომ მამა-ღმერთმა შვილი იმას მიამთხვია, რაც მან დაწყევლა ადამის მტილოვანთაგან განთხევის დროს. თუ მამა და ძე ერთია, ვითარც იესუ იტყვის,  მაშინ მამამ თავისი თავი კაცის გულისთვის აზიარა ადამის ცოდვის გამო თავისსავე საშინელ ნაწყევარს და მისით განსაზღვრულ კაცის უბედურ ხვედრს. ესაა ქრისტეს სწავლების უნიკალობა. მამა-ღმერთი სოფლად შთამოხდა როგორც კაცი კაცთაგანი და არა ისე, როგორც მოსეობისას ცეცხლის სვეტად იდგა, როგორც ანგელოზის სახით მოდიოდა იაკობთან, გედეონ მსაჯულთან. კი საზარლად დაწყევლა უფალმა კაცი და მიწა, მაგრამ მაინც ხშირად ევლინება სოფელს ცაბაოთ ღმერთი. ამ დროს აღარაა ლაპარაკი ადამის ცოდვის გამო. იმ დაწყევლილი მიწის საზორავი შთანთქა სამსხვერპლო ქვებთან და წყალთან ერთად ციდან მოვარდნილმა ცეცხლმა, ელია თიშბელმა რომ განამზადა უფლისთვის და მას ჰხადა ბაალთან დავისას. მიწის ნაყოფი შთანთქა უფალმა ელია თიშბელის, აბრაამისა და იაკობის ღმერთისაგან განდგომილი, ისრაელის მეფე აქაბის და  ბაალის მოესავთა წინაშე და ადამის ცოდვით, მიწის ცოდვით არ შეიმწიკვლა ცაბაოთ ღმერთი. განა ჰკითხა ამ დროს უფალს ელიამ, რომ ესე არს ვითარმედ, ელი, რომ შენგანვე დაწყევლილი მიწის ნაყოფი, აღსავლენად დადებული, ესევითარ ითნე?  უფალი იბრძვის თავისი სახელისათვის წინაშე ხალხთა და მას ამ დროს არ ახსოვს ადამის ცოდვა.  დიდად საკვირველია, რომ მოსეს ქრონიკებში არსად ხსენდება ადამის ცოდვა. ვითომ არც ყოფილა. ოქროს ხბოს ჩამომსხმელ ურჩთა მყვედრელი და  მძვინვარე მჟლეტელია ღმერთი, მაგრამ არას იტყვის ის მოსეობისას ადამის ცოდვაზე. ერთხელაც არას ეტყვის ადამზე ცაბაოთ უფალი მოსეს. დიდ და მცირე წინასწარმეტყველთაგან რატომ არსადაა გამოკვეთილი ადამის ცოდვისადან დახსნა? სულ ისრაელის ცოდვიანობაზე და მის ტყეპაზეა მათი ქადაგება. სულ იაკობის ძეთა უმართლობის, სიძვის და  ბაალების გამოა ყვედრება და მუქარა, ოხრება და ოტება. არა ადამის, არამედ იუდას მეფის, მენაშეს ცოდვის გამო მოეკითხება ისრაელს. ეს ითქმის ბევრ წინასწარმეტყველთან. ბაალის დიდი მოესავი იყო მეფე მენაშე და ამით განზოგადდა მისი სახელი. ასე ჰგოდებს იერემია ისრაელის უფლისაგან განდგომის, ბაალების გამო: „შერისხა უფალმა თავისი სამსხვერპლო, შეაჩვენა თავისი საწმიდარი“ (2 : 7). იერემიამვე თქვა: „აჰა, ხალხების მომავალი: უდაბნო, ხრიოკი და ტრამალი!“ (იერ. 50: 12).  მესამე მეფეთა წიგნით, ღვთის კაცი ელია თიშბელი ჰყვედრის ყომრის ძეს, ისრაელის მეფე აქაბს, რომ შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ ისრაელი, რომ განუდექი უფალს და ბაალების გზაზე წახვედი (მესამე მეფეთა. 18: 18).  ელია სხეულით, ცოცხლად აღვიდა ზეცაში. ეს როგორ? განა ის არ იყო დამძიმებული ადამის ცოდვით?  ადამის ცოდვისაგან დაუხსნელი ელია ცოცხლად აღიტაცა უფალმა. უფლის რჩეული იყო იგი, მაგრამ არასოდეს უთქვამს მისთვის უფალს ადამის ცოდვაზე. ესაია და იერემია რად არ აღვიდნენ სხეულით ცაში?  სულ ბაალის გამო, სულ იაკობის დიდი სიძვის გამო იყვედრება ცაბაოთ ღმერთი და ისრაელს ოხრებას უქადის.  არსად ხსენდება მის მიერ ადამის ცოდვა. მთელ ძველ აღთქმას წითელ ხაზად გასდევს ეს გარემოება, რაც არ აღინიშნება ქრისტიანულ თეოლოგიაში. ამას არსად ამბობენ ძველი დროის მამები – კლიმენტი ალექსანდრიელი, ბასილი დიდი, ნეტარი ავგუსტინე, იოანე დამასკელი, მაქსიმე აღმსარებელი, სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, იოანე დუნს სკოტი, ბერნარ კლერვოელი და სხვები. დავით მეფის ფსალმუნებში რად არა ითქმის რა ადამის ცოდვაზე? რაღაზე არ მოიჩივლა ფსალმუნებში  უფლისაგან პოხილმან მეფემან დავითმან და ადამზე კი არა თქვა რა.

თანამედროვე იუდაისტურ დისკურსში ადამის ცოდვის განხილვას იმდენად მცირე ადგილი ეთმობა, რომ ეს დიდად გასაკვირია. ქრისტიანობაშია ადამის ცოდვა ექსტრემული ცენტრული თეოლოგემა. სულ ეს ხსენდება. სულ ამაზეა ლაპარაკი. ადამის ცოდვა გამოისყიდა  იესუს მიერ და მაინც ესაა ამოსავალი როგორც აღმოსავლურ, ასევე ორივე დასავლურ ქრისტიანობაში. იუდაისტ მოაზროვნეებს ასე არ მოუხდენიათ.

რატომ არას ეტყვის იესუ დედას თავის მისიაზე და ეტყვის მოციქულებს?  განა ასეთი სათნო დედა უკეთ არ გაიგებდა შვილის სიტყვას, ვიდრე მაგალითად, ზებედეს ვაჟები ან პეტრე?  რატომ არსად არ უბნობენ ერთურთთან დედა და მისი მხოლოდშობილი ძე სახარებაში იმაზე, რაზეც იესუ იგავებით უბნობს ხალხთან?  ძე მამასთან უბნობს და არა დედასთან. ესე არს ვითარმედ? განა დედა ისევე არაა ადამის ცოდვისაგან დახსნილი, ვითარც ძე მისი?  მაშასადამე, დედის ცნობისჩენა ისეთივე ძალუმი უნდა იყოს, ვითარც ძისა. თუ ქალი თავისი სათნოებით ანგელოზებს აღემატა, მაშინ ეს სათნოება ცნობასაც დიდად  უნდა განაცხოველებდეს. თუ მარიამი ადამის ცოდვისაგან დახსნილი იყო, მაშინ მას არ ჰქონდა შემეცნების ხისგან ნიჭებული კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი. თუ ეს ასე იყო, მაშინ რა ცნობა ჰქონდა მარიამ ქალწულს?  გამოდის, რომ ის იყო ვითარც ევა ძველი გველისგან ცდუნებამდე. დიდად საგულისხმო საკითხია ეს თეოლოგიისათვის და კითხვაც კი არ დასმულა ამაზე.  მოკვდავი ქალი მიწის პირზე ჰგიეს ვითარც ცოდვამდელი ევა. ამავე დროს ის უბნობს ვითარც კეთილისა და ბოროტის მცნობი ადამის ნაშიერი. საიდან და ვისგან შეეძინა მას კეთილისა და ბოროტის ცნობის უნარი? კვლავ ვიმეორებ: თუ მარიამი დახსნილია ადამის ცოდვისაგან და მაინც აქვს კეთილისა და  ბოროტის გარჩევის უნარი, მაშინ მის წიაღსა შინა შთადებით ვითარ ეზიარება ჩვილი იესუ ადამის ცოდვას?  რად არ უბნობს არსად სახარებაში მარიამი მამა-ღმერთთან? განა ის სარაზე დიდად აღმატებული არ იყო, რომელიც ატყუებდა უფალს, რომ არ გამიცინიაო შენს სიტყვაზე? არ შეურისხავს ცაბაოთ უფალს სარა ამის გამო. ის უთხრა მხოლოდ, რომ –  იცინოდი. რად არსად უბნობს მამა ღმერთი მარიამთან სახარებაში იესუს დაბადების შემდეგ? რად არას იტყვის მარიამ ქალწულზე  იოანე ნათლისმცემელი?  მან ხომ უწყოდა, რომ უბიწოდ იშვა იესუ?

რატომ წაერთვა მამას მისი სახელი ღმერთის ტრინიტარიზაციის შემდეგ?  რად აღარსად ხსენდება თავისი სახელით ცაბაოთ ღმერთი ქრისტიანობაში? რად დაუკარგეს ეკლესიის მამებმა მამას სახელი?  სამუდამოდ რად დადუმდა მამა იესუს ჯვარცმის შემდეგ?  რად არვინ იხილა როდესმე ქრისტიან მხილველთაგან მამა-ღმერთი? მხილველნი სულ ძეს ან მის დედას ჭვრეტენ. არასოდეს არც ერთმა ეკლესიის მამამ არ ისაკლისა მამა-ღმერთი და არ ჰხადა მას, როგორც იესუს მშობს. არვინ თქვა მათგან, რომ ძეზე მრავალი უბნობით მისი მამა დავკარგეთ, რომ ქრისტიანობა მამის რჯულიცაა და არა მხოლოდ ძისა. და თუ მამის რჯულიცაა, გვიხამს ვხადოთ მამას მისი სახელით და ვადიდოთ იგი. არსად იპოვება ამის პასუხები ორიათასწლოვან  თეოლოგიაში.  მისმინოს ისრაელმა და მითხრას- განა ისევ ბაალების დადგმა ჰხამს ისრაელში, რომ ერთი წინასწარმეტყველი მაინც გაჩნდეს?  განა ისევ  სვეტების დადგმა, აშთორეთებისთვის კმევაა საჭირო, რომ მამის სიტყვა გაისმას კაცთა შორის? არსად დგას  ბერითისა და ფეღორის ბაალები ისრაელსა შინა, მაგრამ მაინც არაა მასში დიდი საღმრთო შური და მხილველი კაცის აღმომშობი გზნება. თუ არის სადმე ისრაელსა შინა ცადიკი (სრულყოფილი, წმინდა იუდეველი) და რა ჩანს მისი?  ბევრობენ კაბალისტები დუნიაზე და რა იმით, თუ ერთურთში არჩევენ აცილუტს, ბრიას, ციმცუმს? რა იმით, რომ ისინი გოებს ასწავლიან ციმცუმისას. თუ მათ კაბალა გოებისათვის გაუმეტებიათ, აქ რაღაც ეშმაკურთან გვაქვს საქმე. ან კიდევ ეს პროფანაციაა, რადგან იუდაიზმში ვერ იშვა  ქრისტიანობასთან დიდი დიატრიბის ამტეხი ელოჰიმ ცაბაოთის ფილოსოფია. რაბინთა შორის თან ისევ ისე არის რჩევა იუდეველსა და გოის შორის და თან გოისთვის კაბალა ექშერებათ?  აქ რაღაც ვერ არის თავის რიგზე. სად არის მამის ნიშნები და მისი სიტყვა  ქრისტიანთა შორის თუ არა და იუდეველთა შორის მაინც? რად მდუმარებ ცაბაოთ ღმერთო და ყოველთვის ძე რად უბნობს? დადასტურდეს მამა ან სასწაულით, ან თავისი სიტყვით როგორც ცაბაოთ უფალი, როგორც თორას მეომარი ღმერთი, ვითარც მას მოშე რაბენუმ უხოტბა  უდაბნოსა შინა. თქვას ელოჰიმ ცაბაოთმა, რომ ქრისტეს შემდეგ მოსეს სჯულსა შიგან მშთარნი დიდად ცდებიან და მათ აღარაფერი რჩებათ სათქმელი. და ესეც არის: ქრისტეს შემდეგ იუდაიზმი მაინც არსებობს და ეს არც  იუდეველთა სიჯიუტითა და ურჯუკობით აიხსნება, არც სატანის ბირებით, როგორც ეს საეკლესიო მწერლობაში თქმულა. ამასაც ცალკე განმარტება ესაჭიროება.

  რატომ ვერვინ შეიტყო თუნდაც მოციქულთაგან ქრისტეს სიკვდილამდე და მის აღდგომამდე, რომ ღვთისმშობელი ქრისტემდე ადამის ცოდვისაგან დახსნილი იყო? თვით მაცხოვარი რად არას იტყვის ამ დიდ მოვლენაზე? რად არას ჰკითხავენ რაბის ამაზე მოციქულნი? ისინი ხომ ხედავდნენ და იცნობდნენ იესუს დედას? სულთმოფენის შემდეგაც არას იტყვიან ამაზე მოციქულნი.  რატომ არსად უბნობს სახარებაში ღვთისმშობელი მარიამი ქრისტეს დაბადების შემდეგ? ვის და მარიამ ქალწულს უნდა ეთქვა ყველა მოციქულის სიტყვაზე უმეტესი სიტყვა. რად არას იტყვის არცერთი მახარებელი მარიამის ადამის ცოდვისაგან დახსნილობაზე, შემდეგ მის ვარამზე თვისი გვემული ძის გარდამოხსნისას, შემდეგ ღვთის დედის სიკვდილზე?   საუკუნეები გავიდა და საამისოდ დიდი არაფერი თქმულა ეგზეგეტიკოსებთან, ჰაგილოგოსებთან, თანამედროვე ღვთისმეტყველებთან. იცი, მკითხველო, ეს რა შემზარავი საგონისია: მოყვასს რომ ომს გაუმართავ, ოდეს მისით შეიმსჭვალები. სოფლის ღნიოშობასა და მღერას შეიძულებ, სასტიკად  შეაჩვენებ, გაუშვებ მას და  უდაბნოდ გაიჭრები. ძაძაი უნდა შეიმოსოს კაცმა, თავი ნაცრით შეისვაროს, ზარი ედგეს და ვაის ზმიდეს, ოდეს მოკვდავის ხვედრის დუხჭირებას, კაცის არსების უსაშველობას გაიაზრებს. ნიცშე უდაბნოდ არ გახვეწილა და არც უფალს ჰხადოდა, გარნა ამას სრულად გაიაზრებდა და ვაის ზმიდა. რელიგიურ მარტვილთა მომყივნელი ნიცშე თავად იყო ფილოსოფიის მარტვილი. კაცის უეტლობის გამო მარტვილობდა ნიცშე და არა ცათა სასუფევლის გამო. ნიცშე ფილოსოფოსი ევანგელისტია და კაცის დაძლევას აუწყებდა. მისთვის ადამიანი არაა ის, რაც მასზე ამაყურად თქმულა ფრანგ განმანათლებელთა დროიდან. ამას ცოტანი გაიგებენ.   ეგრე არაა, რომ საყდარში იდგე, ღვთისმშობლის ხატს ამბორჰყოფდე, სანთელს მოუნთებდე და ამით ამ დიდი საგონისისაგან,  ღმრთის დედის, მარიამ ქალწულის საკითხისგან, ადამიანის არსების სიძნელისაგან თავს იძვრენდე. საეკლესიო რიტუალების მიდევნა არ ათავისუფლებს ადამიანს აზროვნების ტვირთისაგან.

ქრისტეს სიტყვა იყო სინთეზი ღვთიური გონისა და ადამის მიერ ცოდვით შეძენილი, დაწყევლილი ცნობისა. ქრისტეში, როგორც მეორე ადამში შეერთდა ღვთიური და სატანური. ვითარ უბნობდა ადამის ცოდვის გამშინაგანებელ იესუსთან ძველი გველი? თუ ძე-ღმერთი სრულად განკაცდა, მაშინ  ის ეზიარა ხისგან ხმეული ადამის ცოდვას და მისით მოპოვებულ ცნობის უნარს. ამ ზიარებით ძე-ღმერთიც ისევე დაიწყევლა, როგორც იყო დაწყევლილი ყველა კაცი ადამიდან იესუს მოსვლამდე. თავად იესუ ღმერთია და ვითარ შეიგუა მან ეს საუკუნო კრულება? როგორ მომშვიდდებოდა და ერთობდა  ქრისტეში მამის წყევლა ადამის გამო და მისი ღვთიური ბუნება? შეუძლებელია, რომ მასში კაცებრივი ბუნება და ღვთიური ბუნება თანაბარნი ყოფილიყვნენ. ერთ-ერთი მეტი უნდა ყოფილიყო მეორეზე. შეიძლება თუ არა, რომ სახარებაში გამოვყოთ ადგილები, ოდეს იესუ მხოლოდ კაცებრივი, ადამისეული ცნობით უბნობს და ოდეს იგი მხოლოდ ღვთიური ცნობით უბნობს? სათქმელადაა ადვილი, რომ ქრისტეში ორივე ბუნება  თანაბრობდნენ, თორემ ვინ რა იცის? ვის აუწყა იესუმ, რომ მასში ღვთიური და კაცებრივი ბუნებანი თანაბრად თანაარსობდნენ? ვინ როდის ჰკითხა მას საამისოდ? ამ ფიქრმა წარმოშვა არიანელების ძალოვანი ერესი, რომლითაც ძე-ღმერთი  მამის ერთარსი (ჰომოუსია) კი არაა, არამედ მსგავსი არსია (ჰომიუსია). იესუ იშვა კაცის სახით (ენ ჰომოიომატი ანთროპონ გენომენოს) და მან ხრწნადი ლეში კაცისა ცად აამაღლა. ქრისტეს ჯვარზე გვემით მოკვდავთათვის გაჩნდა შესაძლებლობა. ნაჩვენები იქნა წყმედულებისგან ხსნის (სოტერია) გზა. ქრისტეს სხეული (სომა), (ამავე სიტყვით აღინიშნება ბიზანტიაში ეკლესია) ამაღლდა კიდეც და სოფელსა შინაც განივრცო. რჯულთამებრ ქრისტე სიცოცხლეა, მაგრამ მანამდე ის სიკვდილია. იოანეს სახარებაში იტყვის იესუ, რომ მე კარი ვარ (10: 7, 9). ის სიკვდილის კარია, რომლის იქით იმიერსოფელი ჰგიეს. სიკვდილის მოძღვარია იესუ. ის ასწავლის კაცს თუ როგორ უნდა მოკვდეს, როგორ შესძინოს თავის სულთახდას საზრისი. იესუმ თავისი გვემით ასწავლა კაცს, რომ სიკვდილს დაუპყრავს ყოველი, სიკვდილია სათავე და ბოლოც ისევ სიკვდილია. რაბი იესუ ამბობს, რომ მე ვარ გზაი და ჭეშმარიტებაი. ის სიკვდილის გზაა, ისეთი სიკვდილისა, ოდეს კაცს მისით ძალუცს რაღაც მოინაგროს მოკვდომისას და არა ოდენ პირჯვრის წერით არტისტულად ჩაძაღლდეს მოყვასთა დასანახად.  

ღმერთი სრულად განკაცებით გახდა კაცთაგანი თოჯინა. აი ის თოჯინა, რაზეც მოხუცი პლატონი უბნობს კაცზე. ღვთის ძე გახდა ლეშის მანქანა, ვითარც ყოველი კაცი. ქრისტე გახდა ხორცსხმული გოლემი და ამავე დროს ის იყო ტარიგი უფლისა, უდიდესი სამსხვერპლო, რომელიც მამამ კრულებასა შინა მშთარ სოფელს უწყალობა. რაბი იესუ გახდა თოჯინა და გაერია საცოდავ, სასაცილო თოჯინებში. ამავე დროს ეს თოჯინა დიდი მოვლენის მენიშნეა. აი ეს საგონისი უნდა იყოს თეოლოგიის განმაცხოველებელი. ვითარ არის, რომ ღმერთი კაცად გახდომისას ითვისებს კაცის მანქანურობას? ეს საკითხი არასოდეს დასმულა ქრისტიანულ თეოლოგიაში.

ქალწული მარიამის ამბავი იმითაა განსაკუთრებული, რომ მიწიერმა ქალმა დააკავშირა კრულებასა შინა მყოფი დაცემული უსასოო კაცი და მისი მწყალობელი ღმერთი. სიკვდილისთვის შვა მარიამმა ზეციერი ვაჟი. საზორველად შვა შვილი ქალმა და ამით არის დიდი დედა მიწიერი ქალი. ქალი მიემთხვია ტრაგიკულსა და ბედით განგებულს. ქალს დაედო უდიდესი პატივი აბრაამიტულ რელიგიაში. ცაბაოთ ღმერთი, რომელსაც არა აქვს ანთროპომორფული ნიშნები, შვილის სოფლად მოვლენით კაცის სახების ღმერთად იქცა. ესაა განსაკუთრებული, თორემ მიწიერმა ქალებმა შვეს გილგამეში, ჰერაკლე, დიონისე, კრშნა. აქილევსი კი დედით იყო ღმერთი. დიონისესა და ჰერაკლეს დედებს ჰოლდერლინმა (Hölderlin) (1770-1843) სტროფები უძღვნა. ჰოლდერლინის პოეზია ჰაიდეგერიანას 75-ე ტომშია ისე განხილული, როგორც არავის განუხილავს მანამდე. ელინობამ  შეისაკუთრა ეს დიდი პოეტი. ჰაიდეგერიც ელინობდა და სულმან სათნომან, ყოვლით ელინმან მსგავსი სათნო სული და ყოვლით ელინი ჰპოვა ჰოლდერლინში. ელინურ ფილოსოფიაში განხილვის საგნად არ ქცეულა ჰერაკლეს დედის, ალკმენესა და დიონისეს დედის, სემელეს საკითხი. ალკმენეს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსის მშობ ქალს. მოკვდავ ქალში ღმერთის შთაღწვისა და წიაღღების საკითხი არ იყო ელინობაში. ელინურ პაიდეიაში არ იყო გასაკვირი და საგმობელი ღმერთების სიძვა, ოდეს ისინი მიწიერ ქალებს თანაეყოფოდნენ. ასევე იყო ინდუსთა მითოლოგიაში. პლატონისათვის არაა გნომური პრობლემა ის, თუ როგორ შეიძლება მოკვდავმა ქალმა უზენაესი ღმერთის – ზევსისგან შვას დიდი მოყმე და ანტიკურობის დიადი ჰეროსი ჰერაკლე. ეს აბრაამიტულ პაიდეიაში გახდა პრობლემა. მარიოლოგია  მთელი მოძღვრებაა. ქრისტიანობამ აქცია განხილვის საგნად ის, ვითარ უშვა კრულ სოფელს მოკვდავმა ქალმა მხსნელი ტარიგი. ქრისტეს წინარე რელიგიებში ღმერთი თავიდანვე ანთროპომორფული იყო. თორას ღმერთის კაცის სახით წარმოსახვაც კი მკრეხელობა იყო იუდეველთათვის. გამოსახვაზე აღარაა ლაპარაკი. ამის გამო დავობს ელი (თორას ღმერთი)  კაცთან, რომ მან ღმერთი ხბოებრ და კაცებრ გამოსახა, მან ბაალები დადგა და უკმია. არ სცნო ისრაელმა იესუ ცაბაოთის ძედ. ელოჰიმ ცაბაოთს, მოსეს მიმდევართამებრ, ვერ ეყოლებოდა ძე კაცის სახით.

აჰა, კრავი ღმრთისაი, ამხუმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოვიდა, რათა არღარა როკვიდეს ეშმაკი სოფელსა შინა, გარნა თვისი მოსვლით მხსნელმან სოფლისამან დატოვა დიდი შესაკითხნი. ისევ ბოროტსა შინა ძევს სოფელი და მასშიგან უცხოველეს როკვის ეშმაკი. თავად მამანი ბევრს უბნობენ ამაზე, რომ ბოროტია სოფელი და კაცის დაღუპვას ლამობს მუდამ. რამდენი ჩივილია სოფლის გამო მამებთან. ვითომ არც ყოფილა სოფლად მოსული იესუ.

იესუ არის კოსმიური სამსხვერპლო, აბსოლუტური შესაწირავი და მის შემდეგ ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა  გაუმართლებელია. ასეა რჯულთამებრ. ამ შემწირველობაზე უბნობს პავლე ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში (9: 11- 28). მაგრამ შესაქმე მუდმივი მსხვერპლშეწირვაა, სოფელი დიდი ზორვის მენიშნეა და ეს აზრი ყველა დიდ ფილოსოფოსთანაა (ნიცშე, ჰაიდეგერი). ჩჰანდოგია უპანიშადას მესამე კარის მე-16 თავში თქმულა: „და ჭეშმარიტად! ადამიანი მსხვერპლშეწირვაა“. ბრიჰადარანიაკა უპანიშადაში (თავი მეექვსე, მეორე ბრაჰმანა) ჯაივალის შვილთაშვილი, მოძღვარი პრავაჰანა იტყვის, რომ სოფელი სამსხვერპლო ცეცხლია. ჩჰანდოგია უპანიშადაში (მეხუთე კარი, მეოთხე თავი) პრავაჰანა იმასაც იტყვის, რომ   ზეციერი სოფელი სამსხვერპლო ცეცხლია და ღმერთები ამ ცეცხლზე აღასრულებენ რწმენის მსხვერპლშეწირვას. ძველ ბრაჰმანთამებრ, ვედების სამოსწავლოდ შეგირდობაც მსხვერპლშეწირვაა. ყოველივე, რასაც მოკვდავი იქმს, მსხვერპლვაა. ეს აზრი შესაქმის შეწირულობაზე, ბევრგან მეორდება უპანიშადებში. კაცი თავისი ცხოვრებით დაისკვნის, რომ მიწა მიწყივ მსხვერპლს მოითხოვს მოკვდავთაგან. ეს შეუსაბამობა ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი გადაუჭრელი სიძნელეა. თუ ქრისტე საბოლოო  შესაწირავია, რაღად არის მეძიებელ,  მოაზროვნე კაცში იმის განცდა, რომ ცხოვრება მისი  შეწირულობაა და ჟამი მისგან მუდამ საზორავს ითხოვს? ჯერ ეგრე რაა სოფელი და მასშიგან ცხოვრება და ამისთვისაც დიდ საფასურს იხდის კაცი. რჯულთამებრ, ვინც ქრისტეს გვერდით მოხვდება სიკვდილის შემდეგ, ის ცათა შინა სამარადისოდ ჰგიეს(aeternum esse). ბუდიზმში კი არის აზრი, რომ გარდასხეულებათა ჯაჭვისგან დახსნილი  ღვაწლისმძლე სული როდესღაც ისევ მიწას დაუბრუნდება, რადგან მისგან ღვწილი დროთა მანძილზე ილევა.

რამდენს ცდილობს მამრი, რომ მოინაგროს სიკვდილისშემდგომი შემეცნება, იმსოფლიური გამოცდილება. უფსკრულის მადლით კურთხეულ იყოს ყოველი მამრი, რომელმანცა სიკვდილზე კეთილად იფიქრა და ეს ფიქრი აწიგნა. მამრობანი  მამრისა წინაპირველში სხვა რით დასტურდება, თუ არა ამ ძნელოვან საღვაწოში დადგრომით და სიკვდილით შემოსვით? გილგამეშის მიღმიერის შორეთში ყარიბობიდან  ამას დასრძწის ყველა დროის ფილოსოფია, რადგან დიადია სიკვდილი. იგია კაცთა მცდელი და მსაჯული ყველა დროში და არას აქნევს იგი რომელი ღმერთის სახელი ეწერება მის ბჭეზე. სიკვდილია ლიბო და მამზევებელი მამრის ფიქრისა.

კარდინალი რატცინგერი  ზემოთ დასახელებულ თავის ნაშრომში ქრისტეს მსხვერპლად გახდომაზე საუბრისას იტყვის: „სამყარო ცოცხლობს მსხვერპლით. აქ იძენენ სინამდვილეს და სამართლიანობას დიადი მითები, რომლებიც იმის შესახებ მოგვითხრობენ, რომ კოსმოსი თავდაპირველი მსხვერპლისგან შეიქმნა და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვით ცოცხლობს, დგას მსხვერპლზე“ (გვ. 311). აქვე კარდინალი მიუთითებს პირველკაც პურუშას შეწირვის ვედურ მითზე და სქოლიოში მიუთითებს რიგვედაზე, ასევე იმ ავტორებზე, ვისაც ამისთვის დაუწერიათ (გვ. 463).

ჯვარცმის შემდეგ იესუ წარსასყმედელს შთაჰხდა და ძველი ცოდვილნი დაიხსნა,  აღმოიყვანა ადამ და  კვლავ ცათა სასუფეველს მიაგება. რად არსად არას უბნობს ადამ ამ დიდ მოვლენაზე? ათასობით წლის წინათ დაწყევლილი და განოტებული ბეჩავი პირველკაცი, ვინც ვერა რა ცნობა ვერ აჩინა ნაყოფის ხმევის შემდეგ, ძემ  მამის წინაშე წარადგინა. ეს საკვირველი შეხვედრა იქნებოდა. ამდენი საუკუნე კრულებასა და  წყმედაში მყოფი ადამ იესუმ კვლავ მტილოვანს მიაგება. განა არ უხამდა ადამს სეფე-სიტყვის თქმა? რად მდუმარებს ადამ? როდის შეიტყო ადამმა, რომ ძე ღვთისა მის დასახსნელად იშვა და ევნო ჯვარზე? ზეცად მიბრუნებით ადამს თუ შერჩა რაიმე იმ ცნობისაგან, რაც მას ნაყოფის ჭამით ენიჭა? ღმერთი პანტოკრატორია (ყოვლისმძლე), მაგრამ მას არ შეუძლია დაბრუნებულ ადამს წაართვას ძველი გველისგან ბოძებული ცნობისჩენის ნიჭი. წინაპირველში აი ამაზე უნდა ყოფილიყო კამათი ღმრთის ყოვლისშემძლეობაზე მოფიქრალ სქოლასტიკოსთა შორის და არა იმაზე, შეძლებდა თუ არა ღმერთი, რომ აეწია თავისივე შექმნილი დიდი ლოდი, ან რამდენი ანგელოზი დაეტეოდა ნემსის წვერზე. იცნოღა წარსაწყმედელიდან დახსნილმა,  ნაყოფის გემოისმხილველმან ადამმან ის შემეცნების ხე, რომლისგანაც ცნობა ენიჭა? კვლავ მტილოვანს მიმთხვეული ადამ ცოდვის სამოსელისგან განიძარცვა და შიშვლად იარება უფლის წინაშე? თუ შიშვლად არ იარება, მაშინ ძველი გველის სიბრძნეს თვით ცათა მტილოვანში გამართლება უპოვია. მტილოვანში მობრუნებულ  კრული ცნობით შეცულ, ხისაგან ჭამულ ადამს რაღას აღუკრძალავს უფალი? რაღა შეიძლება იყოს აკრძალვა უფლის ბაღში მოდენილი ადამისათვის? პირველი სიტყვა, რასაც ადამ უფლის წინაშე აღმოიტყოდა, რა იქნებოდა? ვითარ ჰყოვნის და რას იქმს ადამ წინაშე მამისა და ძისა ცათა მტილოვანში? ადამ და იესუ ვითარ უბნობენ ურთიერთში?  ადამის კვლავ მისვლა უფალთან ხომ დიდი დაბრუნებაა? ღვთისმეტყველებაში ანდროგინატი ნიშნავს სქესის დაძლევას და ამით ღმერთთან დაკარგული ერთობის აღდგენას, მაგრამ თუ ადამს არ წაეგვარა შემეცნების ხისგან ნიჭებული ცნობა, მას სქესიც შერჩა. შესაძლებელია თუ არა, რომ დაბრუნებულ ადამსა და ევას შვილი ჰყავდეთ ცათა სასუფეველში? თუ უკვე ჰყავთ, ვინ არის იგი? კვლავ სასუფეველს მიწეული ადამი ვეღარ იქნება ის ადამი, რაც იყო ნაყოფის ჭამამდე. მასში წარსაწყმედელის კვალი არ აღიხოცება. ამის განხილვა არსადაა თეოლოგიაში. არადა, ეს ცენტრული საკითხია. მეორე ადამმა პირველი ადამის საკითხი კი არ გააუქმა, არამედ გაამიზეზა სასტიკად. მხოლოდ ის არაა, რომ იუბნო ღმერთთან შეერთებაზე და მიიწოდო მაგალითად, ფსევდოდიონისეს ღვთისმეტყველების ცნება ენოზისი. რაც მსჯელობისა და ძიების დასასრულად ჩანს და ასეც წარმოუჩენიათ ასწლეულების მანძილზე, ის სინამდვილეში დასაწყისია. სასუფეველი და ცათა მტილოვანი მხოლოდ გზის დასაბამია და არა მისი  დასასრული.

ევაც ხომ დაბრუნდა უფალთან და იესუმ პირველი დედაკაცი ცათა შინა მყოვნი მარად ქალწული დედის წინაშე წარადგინა. როგორი იქნებოდა ორი ქალის შეხვედრა? ღვთისმშობელი იხილავდა ათასობით წლის წინათ წყმედულ დედაკაცს, რომლის გარდაცდენის გამო მისი მხოლოდშობილი ძის შეწირვა პრედესტინირებულ იქნა მამის მიერ. რა იქნებოდა პირველი სიტყვა მათი შეხვედრისას? პირველი ევა და მეორე ევა ცათა შინა ვითარ მქცევლობენ? ადამ რას იტყვის სოფელსა შინა მყოვნებ თავის შთამოებათა მცოდველობის შემჭვრეტი? რას ეტყვის იგი მამა-ღმერთს სოფელზე? რა სიტყვას მიუგებს მას ცაბაოთ უფალი?

რენესანსის ხელოვნებამ შექმნა შედევრები ბიბლიურ თემებზე, მაგრამ არც ადამის დაბრუნება, არც ევას წარდგენა წინაშე მარიამისა არსად ასახულა. ეს არსადაა ასახული არც იკონოგრაფიაში. დაბრუნებული ადამისა და ევას საკითხი არის დიდი ლაკუნა ქრისტიანულ თეოლოგიაში. განა მივა დაბრუნებული ადამ შემეცნების ხესთან და შესჭამს ნაყოფს, თუ ადამის დაბრუნების შემდეგ ეს ერთი ჩვეულებრივი ხეა? თუ შემეცნების ხე აღარსადაა ცათა მტილოვანში, მაშინ შემეცნება რას შეიძლება ეწოდოს სასუფეველში? ძველი გველი თუ მივა როდესმე ადამთან საცდუნებლად და რითი აცდუნებს მას? აი ეს კითხვებია პრედესტინაციონიზმის უმეტესი და ისინი არავის დაუყენებია მოაქამდე საქრისტიანოში. აი ამის განხილვა განაცხოველებს თეოლოგიას და აღანთებს მეძიებელთა გულებს დიდ სამეცნოთა სასიტყვოდ. რამდენი მხილველი იყო ეკლესიის მამათაგან, რომელთაც დაწერეს მათგან ხილულ უფალი იესუს დიდებაზე, ზეციერ ნათელზე, მაგრამ რად არვინ არასდროს იხილა მამისა და ძის წინაშე მყოფი წარსაწყმედელიდან მობრუნებული ნათელში მდგარი ადამი?

ახლა ასე დავაყენებ საკითხს: ადამმა ხისგან ნაყოფი იხმია და რჯულთამებრ მას კეთილისა და ბოროტის გარჩევის ცნობა ენიჭა, მაგრამ მის შთამოებაში ლეგიონია, ვისაც არ დასტყობია ამ ხისგან ნაყოფის ხმევა. ორფეხა ცხოველი და შესაქმის სირცხვილია კაცთა ბევრეული და რა იმით, რომ პირმეტყველია? განა პირმეტყველობა ღმრთისეულობის უდავო ნიშანია? განა მრავალჯერ არ ყოფილა და იქნება, რომ ერთი პირუტყვი ათას პირმეტყველზე მეტია?  რა უთქვამს კაცთა მირიადს და როდის რას იტყვის? რა სიბრძნის მთა დაუდგამს ნაყოფის ჭამით? ბრიყვია კაცთა ბევრეული და არა აქვს კეთილისა და ბოროტის რჩევის ნიჭი. ვაებით საძებნია კაცთა შორის ცნობის მჩენი მოყვასი. თუ ადამის ცოდვა ყველა დროში ყველაზეა გადასული, მაშინ ნაყოფის ხმევით შეძენილი ნიჭი რაღად არის ესევითარ ძვირად საპოვნი კაცთა შორის? მარტო ის არის ადამის ცოდვის დასტური, რომ ყველა მოკვდავია და კაცი უსვეოდ ჰგია სოფელსა შინა? ხისგან შეძენილი ნიჭი რაღად არაა საყოველთაო ადამის სამისხოში? ადამმა კი ჭამა ხისგან, მაგრამ უცნობელი დარჩა იგი. გემოისხილვა ადამისა ბერწად დაშთა. ნაყოფის ჭამის გარდა კიდევ დროში, მიწის პირზე უსვეოდ გება, მიწას შეთვისება იყო საჭირო, რომ  ადამის ძეთ ცნობანი ეჩინათ. თუ ადამმა ნაყოფი ჭამა, მაშინ იგი უნდა ყოფილიყო ბრძენ და დიდად მეცნიერ, ვითარცა თავად ძუელი გუელი. ეს საკითხიც არასოდეს განხილულა თეოლოგიაში ათასობით წელი.

არვინ იყო ცნობამცირე, უბირ მოციქულთაგან, რომ ქრისტესთან მის საფერად ეუბნა.სულ სწუხდა ამის გამო მმწყსელი ცხოვართაი  იესუ და ჰყვედრიდა მოწაფეებს. ჩაძინებულებს  თავზე ადგა მწუხარედ  და  აღვიძებდა. არ ირისხვიდა, ოდეს მისგანვე გაღვიძებულ და  გაფრთხილებულ მოწაფეებს ისევ ძილად მივარდნილთ ხედავდა. ცნობას უხელებდა რაბი იესუ მათ გინა სასწაულთა მოვლენით, გინა საშინელი სიტყვით და ამათ მაინც ვერა. ვერ ჰყვეს ცნობანი მოწაფეთ. მათ გარდა არავინ იყო, რომ ქრისტეს ეუბნა არა ქარაგმითა და  იგავებით, არა მოიარებითა და ნართაულით,  არამედ პირდაპირ, ვითარც წინასწარმეტყველთ.  რაღა ექნა მას? სხვა არვინ იყო მისი მოწაფე ამ ბეთსაიდელ მეთევზურთა გარდა. პავლე რომ ყოფილიყო თავიდანვე იესუს გვერდით, ვითარც ზებედეს ვაჟები, შეიძლება მას ეკითხა რაბისთვის ამაზე, მაგრამ ჩაწერდნენ კი ამას საღვთო წიგნში? რომც დაეპირათ ჩაწერა, გაიგებდნენ კი სიტყვას?  თორას მცოდნე ვინმე ელინი  კინიკოსი, სოფისტი ან სტოიკოსი რომ ყოფილიყო იესუსთან, რას ჰკითხავდა ის მას ღმერთზე?

იესუს ცხოვრებაზე წერს ბრიტანელი ბიბლეისტი მენსონი კრებულში: The Background of the New Testament and its Eschatology. Edited by W.D. Davies and D. Daube. Cambridge University Press. 1964,  pp. 211-21.  მენსონის თქმით, ნაკლებად გასაგებია ხუმრობა, რომ ისტორიული იესუ არის მეოცე საუკუნის  ეგზისტენციალისტი, ჰაიდეგერის თავისებური წინამორბედი. სახარება, მენსონის თქმით, არაა ნაზარეველი ხითხუროს მოხერხებული წინათგრძნობა ყველაზე თანამედროვე ფილოსოფიური იდეებისა (p. 220).

ქრისტიანობის ადრეულ  ჟამს, II-III საუკუნეების გასაყარზე იყო ანტიტრინიტარული სწავლება პატრიპასიონიზმი, რომლის მიხედვით, იესუ კი არ ევნო ჯვარზე, არამედ თავად მამა-ღმერთი ევნო იესუს სახით. სამების დოგმატს პატრიპასიონისტები უარყოფდნენ იმიტომ, რომ სულიც და ძეც მათი თქმით, მამა- ღმერთის აღმნიშვნელია. პატრიპასიონიზმში თორას სული გამოვლინდა. მის მიმდევრებს ეკამათებოდა ავგუსტინეს წინამორბედი აპოლოგეტი ტერტულიანე.

პელაგიუსი ცოდვის მარადიულობას უარყოფდა. ავგუსტინეს თანახმად, ადამიანის ნების თავისუფლება ღმერთის ნების საზღვრებშია დასაშვები და არა სხვაგვარად. რაც ავგუსტინემ ადამის ცოდვაზე თქვა, მან ეს თავისით თქვა, თუ ღვთის ჩაგონებით? ეკლესიის მამათა ნათქვამი ყოველთვის სულიწმინდით ნაკარნახევად მიიჩნევა, მაგრამ შესაძლებელია ეს ასე იყოს? ავგუსტინეს აზრი პირველშობილი ცოდვის მარადიულობაზე გაიმეორა ბლეზ პასკალმაც (1623-62). ამაზე მან შეუდარებლად დაწერა. პასკალთან არის ადგილები, როდესაც გეგონება, რომ ავგუსტინე უბნობს პასკალის ბაგით. ესაა კონგენიალობა, მენტალური მუტუალიზმი.  პასკალი იტყვის: „განა საოცარი არ არის, რომ ჩვენი ცნობიერებისათვის ყველაზე მიუწვდომელი საიდუმლო, ცოდვის მემკვიდრეობითობის საიდუმლოა, სწორედ ის, რის გარეშეც ვერასოდეს შევიმეცნებთ ჩვენსავე თავს?!  რადგან ჩვენს გონებას ყველაზე მეტად აოგნებს იმის მტკიცება, რომ პირველი ადამიანის ცოდვამ ყველას უწია და ცოდვილად აქცია ყველა, ვისაც ცოდვის წყაროსაგან უზარმაზარი დროული დისტანცია აშორებს და ამიტომ, ერთის შეხედვით, თითქოს წარმოუდგენელია წილი ედოს პირველ ცოდვაში. ცოდვის ეს მემკვიდრეობითობა არა მარტო შეუძლებელი გვეჩვენება, არამედ უკიდურესად უსამართლოც, და მართლაც, რა ეწინააღმდეგება უფრო მეტად ჩვენი უბადრუკი სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს, ვიდრე ის, რომ სამარადისოდ შეაჩვენო უმანკო ჩვილი, რომელსაც საკუთარი ნება არც კი გააჩნია, შეაჩვენო იმ ცოდვის გამო, რომელშიაც მას მხოლოდ იმდენად მიუძღვის ბრალი, რომ მისი ჩადენიდან ექვსი ათასი წლის შემდეგ დაიბადა? ღმერთმანი, არაფერი არ გვრთგუნავს ისე, როგორც ეს სასტიკი მოძღვრება, და მაინც, მისტერიათაგან ამ ყველაზე გონებამიუწვდომელი მისტერიის გარეშე, ჩვენთვის სამუდამოდ გონებამიუწვდომელი დარჩებოდა ჩვენივე თავი. ჩვენი არსებობის უსიხარულო ხლართი უსახო რგოლებად იგრაგნება უფსკრულის ფსკერზე და ადამიანი უფრო გაუგებარია ამ საიდუმლოს გარეშე, ვიდრე ეს საიდუმლოა გაუგებარი ადამიანისათვის…“ ბლეზ პასკალი. აზრები.  ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი. გამომც. „საბჭოთა საქართველო“. თბ. 1981. გვ. 290.

ნიცშემ „ანტიქრისტეს“  მეხუთე ნაწილში თქვა, პასკალის გონების დაღუპვის მიზეზი პირველშობილი ცოდვა კი არ იყო, როგორც თავად მას სწამდა, არამედ ქრისტიანობა იყო. ისლამში ადამის ცოდვის საკითხის ამგვარი დაყენება უარყოფილია. არც ერთი მაზჰაბი (მუსლიმური საღვთისმეტყველო სკოლა) არ იცნობს ადამის ცოდვას. ის არაა ამოსავალი სამღთო განსჯისათვის, როგორც ეს ქრისტიანობაშია.

ყოფილი მანიქეველი, შემდეგ ქრისტიანი პლატონისტი ავგუსტინე თავის 13 ნაშრომში მანიქეველთა წინააღმდეგ უარყოფს მანიქეისტურ დუალიზმს თანაბარძალოვანი კეთილისა და ბოროტის ბრძოლაზე. აქ გასახსენებია, რომ მანიქეისტური იყო ამერიკელი იმპერიალისტების- ნეოკონსერვატორების და მათი ლიდერის მესიანისტი ჯორჯ ბუშის ომი აღმოსავლეთში. თავად ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობდნენ, რომ ეს ომი მანიქეისტურად განიხილებოდა. ბუში ბიბლიას ეყრდნობოდა, როცა ბჭობდა სიკეთისა და ბოროტების საბოლოო ომზე. ეს სახარებისეული დუალიზმის გამოვლენა იყო. მანიქეიზმი იყო ამერიკელთაგან სადამ ჰუსეინის მოკლვის შემდეგ იმაზე ლაპარაკი, რომ ბოროტება დამარცხდა და ქვეყანას შუქი მოეფინა. იგივე ითქვა ერაყში მებრძოლი ცნობილი მაშრიყელი სალაფიტის, აბუ-მუსაბ ალ-ზარქაუის (Abu Musab al-Zarqawi) მოკლვის შემდეგ. სალაფიტებთანაც არის ეს მანიქეისტური მსჯავრი, რომ სწორედ ამერიკა არის ბოროტება და ეშმაკის ქვეყანა. სალაფიტ მოძღვრებს ქადაგებისას შეუჩვენებიათ მთელი დასავლეთი. ერაყში ძალთაქმედების გამართლებისათვის ბუში ბიბლიას მიმართავდა და მან გაიმეორა იესუს ნათქვამი, რომ ვინც ჩემთან არაა, ჩემი მტერია.  არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა პასტორმა მანიქეისტურად განმარტა ისლამური ანტივესტერნიზმი და სალაფიზმი. სხვა ამერიკელმა პასტორმა ყურანი ბოროტების წიგნად მიიჩნია და მისი დაწვისკენ მოუწოდა. მანიქეისტური დუალიზმის გამოვლენა გასული საუკუნის  90-იან წლებში, რაც დასავლეთმა წაახალისა, იყო ის, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა ბოროტების დამარცხებად და სიკეთის საბოლოო გამარჯვებად იქნა მიჩნეული და საამისოდ სულ ბიბლიას მიმართავდნენ. ასე შეიქმნა ლიბერალური ღვთისმოსაობის მოჩვენებითობა. თეოლოგიური დისკურსის პროფანაცია და მენეჯერიზაცია მოხდა. მანიქეისტური იყო ნაცისტებისგან დევნილი გერმანელი პასტორების  ნამსჯელი 1945 წლის შემდეგ. მათი გამოისობით დამკვიდრდა ისტორიოგრაფიაში აზრი, რომ ნაციზმი იყო აბსოლუტური ბოროტება. მისი დამარცხებით კი ქვეყანას ნათელი მოეფინა. ფიურერზე რას იტყოდნენ, თქმა აღარ უნდა. მანიქეიზმი მცირე ხნით არის გამოსადეგი პროპაგანდისტული ილეთი  მოწინააღმდეგის ინფერნალიზებისა და დემონიზების მიზნით. შემდეგ კი ისევ აზროვნების მძიმე აუცილებლობა დგება, რომელიც უფრო დამძიმებულია იმით, რომ მანიქეისტური არგუმენტაცია სრულად არტიკულირებულია.

მანიქეისტური ქრისტიანობა რომის იმპერიაში ერთობ გავრცელებული იყო ავგუსტინეს ახალგაზრდობის დროს. მანიქეველების პირქუში მოასკეტე მოძღვრები სათავისოს ნახულობდნენ სწორედ პავლეს ეპისტოლეებში. ისინი პავლეს მანიქეისტურად განმარტავდნენ. ავგუსტინე თავისი მანიქეველობის დროიდან იცნობდა პავლეს ეპისტოლეებს, მაგრამ არა სახარებას. მანიქეველობის შემდეგ ავგუსტინე ნეოპლატონიზმს შეუდგა. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ იგი მანიქეველებთანაც რჩებოდა და პლატონსაც მისდევდა. მოგვიანოდ კი მანიქეველ ფორტუნატუს ჰიპონელთან კამათობდა ავგუსტინე. მან მანიქეველთა წინააღმდეგ 386-90 წლებში დაწერა  De Genesi contra manichaeos  (შესაქმის წიგნისათვის მანიქეველთა წინააღმდეგ), Contra Faustum manichaeum (მანიქეველი ფაუსტუსის წინააღმდეგ), Contra Fortunatum disputatio (392) (დისპუტი ფორტუნატუსის წინააღმდეგ), Contra Faustum libri (წიგნი ფაუსტუსის წინააღმდეგ), რომელიც შედგება 33 წიგნისაგან, Evodii de fide contra manichaeos (ევოდიუსს რწმენისთვის მანიქეველთა წინააღმდეგ). დიდხანს გაგრძელდა ეს დავა, რადგან მანიქეველნი ბიბლიის კარგი მცოდნენი იყვნენ და სათავისო არგუმენტაციას აქ საკმაოდ პოულობდნენ. ავგუსტინე განაგრძობდა დავას მანიქეველ ადიმანტუსთან, სეკუნდინუსთან, ფელიქსთან.  399 წელს ავგუსტინემ დაწერა Contra Secundinum manichaeum (მანიქეველი სეკუნდინუსის წინააღმდეგ). ერთი წლით ადრე მან ფელიქსის წინააღმდეგ დაწერა Contra Felicem manichaeum. მანიქეველთა ნაწერები ცეცხლს მისცეს ეკლესიის მამებმა და თავად ისინი საუკუნოდ შეაჩვენეს. მხოლოდ ავგუსტინეს წიგნების კითხვით არის შესაძლებელი იმის ნათელყოფა, თუ რა გახელებული იდეური ომი იყო ორ ბანაკს შორის. ავგუსტინეს ნათქვამი მის ერთ-ერთ ანტიმანიქეისტურ ნაშრომში („შესაქმის წიგნისათვის მანიქეველთა წინააღმდეგ“) მკითხველს ღიმს მოჰგვრის. ბიბლიის დასაწყისის განმარტებისას ავგუსტინე იტყვის, რომ მას არ ესმის რად გამოვიდა სამყარო იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ეს იყო საჭირო ადამიანისათვის. უთუოდ სათქმელია ერთი არსებითი რამ: მანიქეველებთან დავისას ავგუსტინე არაა პრედესტინაციონისტი. ის ნების თავისუფლებას იცავს და პელაგიანელი გეგონება. როცა მან პელაგიუსთან დაიწყო ხანგრძლივი დავა, აი მაშინ კი ის პრედესტინაციონისტია და საყრედენი მისთვის არის ადამის ცოდვის ექსტრემიზება. აქვე ისიც სათქმელია, რომ ნეოპლატონური ცნება- სტერესისი, რაც ნიშნავს სათავიდან შორობით წარმოშობილ ღმრთის ნათლის კლებას, როგორღაც უახლოვდება მანიქეველთა განსჯას ჰიულეტიკურ (მატერიალურ)  სამყაროზე, როგორც ბოროტებაზე, რომელიც ბოროტმა დემიურგოსმა შეწნა და შენივთა.

ავგუსტინეს პრედესტინაციონიზმს მრავალი მიმართება აქვს მანიქეისტურ დუალიზმთან, თავდაპირველი ბოროტების გააზრების სიძნელესთან. პელაგიუსთან პოლემიკისას ავგუსტინე იმდენად შეჭრილია ამ დუალიზმში (კეთილ და ბოროტ საწყისთა თანაბარძალოვნება), რომ ის მანიქეველურ ცნებით აპარატს იყენებს. ამიტომ იყო, რომ პელაგიანელები ავგუსტინეს სულ მანიქეველობაში სდებდნენ ბრალს და ჰყვედრიდნენ ძველ მანიქეველობას. მანიქეველობასაც ჰქონდა თავისი სიმართლე. ასე არაა, რომ განზრახ გააუბრალოვო მანიქეისტური დუალიზმი და შემდეგ მას საგმობად პირი მიჰყო.

პრედესტინაციონიზმისა და peccatum originale-ს (პირველშობილი ცოდვა) ერთიანობის გარეშე ავგუსტინე ვერ გაიმარჯვებდა პელაგიანელებთან ბრძოლაში. ადამის ცოდვის ცენტრულ თეოლოგემად მიჩნევა მთელ შესაქმეს პრედესტინაციონიზმს უქვემდებარებს. ავგუსტინე ასწავლიდა, რომ ადამის ცოდვამ კაცის მოდგმას ნების თავისუფლება რამდენადმე წაართვა. მან აღარ მიაქცია იმას ყურადღება, რომ ქრისტემ ეს ცოდვა სამუდამოდ გამოისყიდა და მეტად არ იყო მართებული მასზე მითითება. ეს ცოდვა მოიხსნა ქრისტეს მოსვლით.

ადრეული ავგუსტინე თავისებურად  იცავს კაცის ნების თავისუფლებას ნაშრომში  De libero arbitrio (388-95)  (თავისუფალი არჩევანისათვის).  აქედან 411 წლამდე, როცა ის პელაგიუსს ეკვეთა, საკმაო დროა. რამდენი რამ არის De libero arbitrio-ში ისეთი, რაც ემსგავსება პელაგიუსის განსჯას. გვიანდელი ავგუსტინე პელაგიუსის მიმდევრებთან ბრძოლისას რწმენას პრედესტინაციულ ნიჭად მიიჩნევდა. თითქმის ოცი წელი ებრძოდა ის პელაგიანელებს. პელაგიანელებთან პოლემიკას უნდა უმადლოდეს ავგუსტინე თავისი მოძღვრების სრულყოფას  და წინასწარგანგებულების იდეის დასრულებულობას. ამაზე პავლე მოციქულის ნათქვამი რომაელთა მიმართ ავგუსტინესათვის ამოსავალია. პავლეს  ნათქვამი, რომელზეც დასავლეთის ეკლესიაში  საუკუნეობრივი   დავა იყო, ესაა: igitur non volentis neque currentis sed miserentis Dei (Rm. 9: 16).

ავგუსტინეს პოლემიკა პელაგიუსთან მთლიანად პრედესტინაციონიზმის სიძნელის განხილვას ეხება. პელაგიუსის სწავლებით, კაცის ცხონებისათვის საკმარისია თავისუფალი ნება, მოწესეობრივი ცხოვრება. პრედესტინაცია და მადლმოსილება,ზეგარდმონიჭებულება პელაგიუსმა უკუაგდო. ადამისეული პირველშობილი ცოდვის მემკვიდრეობითობა პელაგიუსის მიერ უარიყოფოდა. პელაგიანელობა გავრცელდა V საუკუნის დამდეგს. ავგუსტინეს სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 431 წელს, მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე  პელაგიუსი ერეტიკოსად იქნა ცნობილი და საბოლოოდ შეჩვენდა. პაპი ამ დროს იყო ცელესტინ I. კაცის ნებასა და მის იმთავითვე მადლნიჭებულობაზე დავას იეზუიტებსა და პროტესტანტებს შორის შეეწირა უამრავი ქრისტიანი ევროპის რელიგიურ ომებში. ბევრს ცდილობდა კალვინიზმის სათავესთან მდგარი  მარტინ ბუცერი (Bucer)           (1491-1551) რეფორმაციისა და პაპიზმის შესარიგებლად და ეს არ გამოვიდა. არა, რა იდეაა ასეთი ეს პრედესტინაციონიზმი, რომ მის გამო ამდენი ომი იყო? რა არის ასეთი ქრისტეს სიტყვა, რომ ის მიწყივ ამდენ განწვალებათ წარმოშობდა და წარმოშობს?

თვით ისიც კი, ვინც სულ კითხულობს პროტესტანტულ და კათოლიკურ თეოლოგიას, ფრიად განკვირდება ამ დიდი იდეური ომით ბიბლიის დებულებათა გამო. ქრისტეს ნათქვამი აღსრულდა: „ჰგონებთ ვითარ მშვიდობისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა? არა გეტყვი თქვენ, არამედ განყოფად!“  ასეა ლუკას სახარებაში. რა გაქანების პოლემიკა და სამღთო შური იყო. მთელი ევროპა და აშშ მონაწილეობდა ამაში. ეს თეოლოგია არის თეზაურუსი, ადამიანის ღვთისმაძიებლური შვრომის ნაყოფი. დღეისთვის ინტერრელიგიურ დიალოგზე ლაპარაკმა მოხერხებულად დამალა ინდიფერენტიზმი და კონფორმიზმი. ნუ იტყვიან, რომ მაშინდელი დროის ადამიანთან შედარებით ახლანდელი ადამიანი უფრო ზნეობრივი, განვითარებული და ტოლერანტულია. აბრაამის, იობის, მუჰამედის ღმერთი კაცისგან მიწყივ გზნებასა და შურს მოითხოვს. რჯულში დიდად გავრცელებული ეპითეტი servus Dei,  „მონა უფლისა“ გაგებული მეტაფორულად თუ პირდაპირი აზრით, გულისხმობს ბედისწერის ზეობას კაცის ნებაზე. აქვე სათქმელია, რომ ხატწერასა და ფრესკებში „ბრაქიონ“  ეწოდება ხელს, რაიც ღვთის ძლიერების სიმბოლოა. ბრაქიონის გამოსახვა ამა თუ იმ წმინდანთან ნიშნავს იმას, რომ ის ღვთის რჩეული იყო და მის ნებას აღასრულებდა. ასეა დავით აღმაშენებლის ფრესკაზე. ეს ბიზანტიური ტრადიციაა.

პრედესტინაციისა და პროვიდენციის საკითხი არაა თეოლოგიის ისტორიის კუთვნილება. ის დღესაც მთელი თავისი სიბასრით დგას ყოველი კაცის წინაშე. იეზუიტებთან განსწავლული  ჰაიდეგერის ფენომენოლოგიაში ბედისწერის                  (das Schicksal) საკითხის განხილვას საკმაო ადგილი ეთმობა. ეს არის ამ დიდი მოაზროვნის ფილოსოფიური კეთილსინდისიერების უდავო დასტური. თეოლოგიამ გამოიყენა ჰაიდეგერის დებულებანი. ფენომენოლოგიამ არ უნდა აარიდოს თავი ამ ბოლოვადი საკითხის გააზრებას. ჰაიდეგერის  ბევრი თანამედროვე ძველი დროის სქოლასტიკოსთა დარად გაურბოდა ბედისწერის, პრედესტინაციის განხილვას. გერმანულ აზროვნებაში ბედისწერის თემა ძველი დროიდანვე კონტრასტულად გამოისახებოდა.ნიბელუნგების ამბავში ზიგფრიდის მოძულე ჰაგენი თავად ეგებება ბედისწერას თავის დასაღუპად. ამ ძველი ყაიდის წარმართ რაინდს, რომელზეც ასევე გადასულია ნიბელუნგების წყევლა მათი განძის ხელყოფის გამო, აქვს omen fati (დაღუპვის წინათგრძნობა). ქრისტიანი ბერი წინასწარ აუწყებს სტუმრად მიმავალ წვეულ ჰაგენს დაღუპვას. ჰაგენი მას ნავის ნიჩბით სცემს და მოკლვას დაუპირებს. ბერი თავს დააღწევს განრისხებულ ჰაგენს, რადგან მას არ ეწერა გოროზი რაინდის ხელით სიკვდილი.  ნიცშეს ზარათუსტრა იტყვის:  Und Einige sind greis  in der Jugend…(და ვიეთნი სიყრმითვე მოხუცნი არიან…), ნაწილი პირველი, Vom freien Tode (თავისუფალი სიკვდილისათვის).

კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში დაიწყებოდა ფილოსოფიური დისპუტი ამ საკითხზე. ავი ჟამი დგას, ბევრი რამ კვლავ გააზრებას საჭიროებს და არაფრით გამართლებული არაა თეოლოგიურ შაბლონებს, ეკლესიის მამათა შეგონებებს  ამოფარება და ისე მოქცევა, ვითომც არაფერი ისეთი არ ხდება. ბედისწერისა და კაცის თავისუფალი ნების პრობლემა უფრო გამიზეზდა ლიბერალ-კაპიტალიზმის ფორმაციული კრიზისის გამო. დემოკრატია აღმოჩნდა ბლეფი. რა არის დღეისთვის ადამიანი? რა არის თავისუფლება? რა არის ღმერთი? ბევრს კი ლაპარაკობენ დროის გამოწვევებზე, მაგრამ გამომწვევს ვერ ეგებებიან ისე, როგორც ჰხამს. არც აზრი უვარგათ, არც გული.  ამოჰფარებიან აკადემიურ ფრაზებს, გამოდიან რაღაც სემინარებზე, სადაც მღვდლებიც სხედან, ყასიდად ლაპარაკობენ კონფესიურ  დიალოგზე და სულ ესაა. სამეცნიერო ღონისძიებანი ბევრია, დიალოგი კი ჯერაც არაა. რასაც დღეს ტოლერანტობას ეძახიან, ეს სულის სისავსიდან, სიბრძნიდან და სრულყოფილებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ პროფანული ლიბერალური ყოფნობიდან, გულგრილობიდან  სხვათა მიმართ, ინდიფერენტულობიდან  ბოლოვადი  საღვთო საკითხების მიმართ. ჟან კალვინი რაც იყო, ვიცით პროტესტანტიზმის ისტორიიდან და მას უფრო შეეძლო მომტერე კათოლიკეებთან დიალოგი, ვიდრე ახლანდელ ღვთისმეტყველებს. ასე იმიტომ ხდებოდა, რომ კალვინი მთელი გულით იყო შემსჭვალული იმით, რასაც ქრისტე ქადაგებდა და რაც წერია ბიბლიაში. სულ ამას ფიქრობდა ჭაბუკობიდანვე. ამის გამო მან კოცონზე დაწვა მიგელ სერვეტი, ვითარც იეზუიტმა ინკვიზიტორმა.  ასე იყვნენ  დომენიკელი ბერი მარტინ ბუცერი, კასპარ ჰედიო, იოჰან შტურმი, ულრიხ ცვინგლი, ფილიპ იაკობ შპენერი, ჯონ ნოქსი, ბაპტისტი ჯონ ბენიანი, ვოლფგანგ კაპიტონი და სხვა  განდგომილნი კათოლიციზმისაგან. ეს მგზნებარება და საღვთო შური ქმნის ეპოქას ისტორიაში. კათოლიციზმს დააკლდა საღვთო მოშურნეობა და პროტესტანტობამ ეს რჯულის ახალ, ერეტიკულ ინტერპრეტაციაში მოიპოვა. სხვაგვარად ვეღარ გამოვიდა. პროტესტანტობის მდევნელი იეზუიტობაც დიდი გზნების შედეგად აღმოცენდა. ასეთი ორგანიზაცია და მისი პედაგოგია დეკლარაციების გამოქვეყნებით,  ბრიფინგებითა და პრეზენტაციებით,  ლიბერალი ქალების მიმოდენითა და  ყიყინით, ამოფერადებული საეკლესიო ჟურნალების ბეჭდვით ვერ შეიქმნებოდა. პროტესტანტი იყო ბიბლიური ფანატიკოსი,  ქრისტეს შეშლილი. პურიტანი ჯონ მილტონი (1608-74), დიდი მონარქომაქი, ამის მაგალითია. მეფის ტახტის აღდგენის შემდეგ ინგლისში, მან არ მოინანია ოლივერ კრომველის თანამოაზრეობა და გარიყული მოკვდა. ასეთივე შეშლილი იყო იეზუიტი. მისმა შეშლილობამ ინკვიზიციის  მძვინვარების დროს უამრავი პროტესტანტი იმსხვერპლა. დასავლური ქრისტიანობის ბედისწერა იყო ომი ყველა ყაიდის პროტესტანტებსა და ვატიკანს შორის. ინკვიზიციის იდეური მამა ისევ ავგუსტინეა და არა იეზუიტთა ორდენის დამაარსებელი, ქრისტეს ქოფაკი იგნატიუს ლოიოლა. ავგუსტინემ სახარების სახელით გაამართლა ძალთაქმედება რწმენის გავრცელებაში. ეს მან გაამართლა ჭეშმარიტების სახელით ღმერთის ძალადობა  პავლეზე. ამაზე მიუთითა ავგუსტინემ. რწმენის გავრცელება ძალთაქმედებისა და იძულების გარეშე არ იქნებოდა და თავისი დროის მჭვრეტმა ავგუსტინემ ეს კარგად უწყოდა. ასე არ იყო, რომ თუ არ გერწმუნებოდა მავანთა თემი, ფეხისამოსიდან მათი საცხოვრისის მტვერს დაიფერთხავდი და ბურტყუნით გაეცლებოდი ჯიუტ თემს. კი თქვა ეს ნაზარეველმა რაბიმ (მათე, 10: 14), მაგრამ იდეების კონფრონტაციის დროს, წარმართობასთან დავის დროს, ახალი, ქრისტეს იმპერიის გულისათვის ომში ეგრე ვეღარ იქნებოდა, ვითარც რაბი იესუმ მოძღვრა, რომ განიყარნეთ მტვერი ფერხთა თქვენთა. განა რაბიმვე არ ასწავლა: „რომელი არა არს ჩემთანა, მტერი ჩემი არს“? (ლუკა, 11: 23).  განა რაბიმვე არ მოძღვრა მოციქულნი, რომ წადით და ხალხები მოიმოწაფეთ?  განა იესუმ არ უთხრა მოციქულთ, ოდეს საიდუმლო სერობა დასრულდა და მისმა კაიროსმა მოაწია, რომ „განჰყიდენ სამოსელი და იყიდენ მახვილი“ (ლუკა, 22: 36)?  ყველა ხალხმა უნდა მოისმინოს ქადაგება, ვითარც პავლე იტყვის (2 ტიმოთე,  4: 17). რომაელთადმი ეპისტოლეში (15: 23) მუყაითი მოკარდაკარე პავლე იტყვის, რომ აღარ დამრჩაო ამ მხარეში ადგილი, სადაც არ მიქადაგია. პავლე ამუნათებს გალატელებს, რომ ცუდანი არიან რწმენაში. ის ევედრება მათ, რომ აღარ იმრუდონ. განა გალატელთა საცხოვრისის მტვერს განიყრის ხამლებიდან და წავა. ქრისტეში შეყვანებული მცოდველი  შეგონებით ქრისტეშივე უნდა ამყოფოს  პავლემ  და კეთილი სიტყვით მწყემსოს. რწმენა თვინიერ მახვილისა ვერ გავრცელდებოდა. ბიზანტიის იმპერატორებმა ეს უწყოდნენ. ქრისტეს სწავლებამ დაბზარა რომის იმპერია და მანვე გაამთლიანა ის, როგორც ახალი რომი, რომლის იმპერატორი ახლა ქრისტეს მეომარი იყო. ავგუსტინემ თავიდანვე იცოდა, რომ ვატიკანი პოლიტიკაა და პაპი ჯერ პოლიტიკოსია და შემდეგ პეტრეს მოადგილე. ვატიკანი ჯერ პაპის სამეფოა და შემდეგ კათოლიკეთა სულიერი ქალაქი.

როცა გაფიქრებს ქრისტეს სწავლება, მაშინ ემსგავსები კალვინს, ლუთერს, ლოიოლას. თუ არა და გდიხარ ეგრე მთელი ცხოვრება. მუქთად გინდა მიითალო ქრისტეს ნამოღვაწარიდან, წლიდან წლამდე ყანყალებ, ყბედობ  და გგონია, რომ სიკვდილის შემდეგ საცხონებელში მიხვალ. მღვდელზე გაქვს შეგდებული შენი ცხონება და ამას ისე წარმოაჩენ, რომ ტრადიციას მისდევხარ და მამათა კვალში დგახარ. სწორია კალვინის დისკურსი პრედესტინაციაზე. ის  მოგიწოდებს და გეკითხება- შენ რა შეგიძლია გააკეთო ქრისტესათვის? თუ მისთვის არაფერი შეგიძლია, რატომ მოინათლე თუ არა მცონარებისა და მუქთი ცხონების გულისთვის? ერთხელ მაინც ცხოვრებაში საკუთარ თავს ალალად ეუბნე: ვის გამოვკლებივარ ან  ამსოფლად და ან უხილავ სოფელში? მოვკვდები და რა მიძს, რით ვარ ნიჭებული, რომ მიღმეთში ვინმე დამხვდეს და სასუფევლისკენ გამიძღვეს? ასეთ თვითშეკითხვას შინაგანი სიწმინდე ესაჭიროება. ეს აქ, სხვათა დასანახად მედიდურობ და თავს აჩვენებ, თორემ რა შვილი ხარ სიკვდილად მიხდომისას? გინდ იარსებოს ღმერთმა და გინდ სულ გამქრალა. შენ რა, მოყვასო? ცოცხლობ, მაგრამ ბალახმა უფრო იცის მიწისა და ცისა, ვიდრე შენ. დიდ მოძღვართა დასი რომ მოდგეს, გამეცნოს და გზნებით შეგაგონოს, მაინც ისევ ის უცანი იქნები. თავად რაბი იესუ რომ მოვიდეს შენთან და მაინც იგივე დარჩები. ვაი იმ თეოლოგიას, რომელიც ცრუობს, რომ შენ რაღაც ძალგიძს რახან მოინათლე და საყდრად იარები.

გარდასული დროის ორთოდოქს მოძღვართა და ერესიარქთა სიტყვა მისთვისაა ღირებული, ვისი მამა-პაპაც ამის გამო იღვწოდა და ვისი მისხიც კვლავ შექმნის ისტორიულ ჟამს. ქართველს რა?  გინდ ასე ყოფილა და გინდ ისე. ცოცხლობს ის, იცინის და აყროლებს ქვეყანას. რა მამა-პაპა იყო და რანი ძენი არიან? აგერ საქართველო და ჩანს ყველაფერი. განსაკუთრებული უნამუსობა უნდა გაგაჩნდეს, რომ ასეთ გაპირუტყვებულ ქვეყანაში დაჟინებით იწამებოდე  უფლის მადლის მოფენას. ქართველთა ხვედრი არის ცხოველის ხვედრი. არა, ხომ ჩანს ყველაფერი და ვინმე შეძლებს სხვა რამის თქმას? საქართველო არის არა მხოლოდ ანტიჰუმანურობის, არამედ ექსტრემისტული ანთროპოპტოზისის (კაცის კვდომა) ეტალონი. ბერებთან მითქვამს და აქაც ვიტყვი: დედა ჰყავს ნატირები საქართველოს და დედის დედაც ეტირება.

ფრანგი, ბრიტანელი,  გერმანელი და რუსი ათეისტების იდეური თავდადება პროტესტანტთა ნამოღვაწარიდან ამოდის. ფრანგი და რუსი ათეისტების მძვინვარება სხვა არა არის რა, თუ არა შეძრწუნება ბედისწერისა და სოფლის ხენეშების გამო. ნიცშეს მიერ ქრისტიანობის შეჩვენება როგორც ათეისტური, ასევე პროტესტანტული ნააზრევიდან საზრდოობს. ათეისტი ნიცშე შეშლილი კაცის პირით მოთქვამს ღმერთის სიკვდილზე ისე, რომ გავიწყდება მისი ათეისტობა და იგი ბერი გეგონება. ნიცშეს შეშლილმა იუბნა: Wir haben ihn getödtet, – ihr und ich! Wir Alle sind seine Mörder! (ჩვენ მოვაკვდინეთ იგი- თქვენ და მე! ჩვენ ყველანი ვართ მისი მკვლელნი!). ნიცშეს შეშლილი ეძებს ღმერთს წუთისოფლის ხენეშებაში და მის ამბავს კითხულობს: Wohin ist Gott?  ვინ განმარტა დია კეთილოვნად  ნიცშეს შეშლილის ღვთისმაძიებლური გლოვა? ვინ და ისევ ათეისტმა ჰაიდეგერმა (M. Heidegger. Nietzsches Wort  „Gott ist tot“).   ნიცშემ დაწყევლა ქრისტიანობა, მაგრამ არა ქრისტე. ის ბევრგან იტყვის იესუზე, რადგან ფიქრობდა მის ხვედრზე.  „ანტიქრისტეს“  39-ე  ნაწილში ამბობს ნიცშე, რომ იყო მხოლოდ ერთი ქრისტიანი და ისიც ჯვარზე მოკვდა. აქვე, მე-40 თავში აყენებს ის კითხვას ქრისტეს გამო: wer war das? was war das? (ვინ იყო იგი? რა იყო იგი?).

ფრანგმა და რუსმა ათეისტებმა კი თავად ქრისტესთან დაიწყეს ომი. რელიგიის წინააღმდეგ არსად სხვაგან არ ყოფილა ასეთი ბრძოლა, როგორც ევროპაში.  პროტესტანტული საღვთო მოშურნეობა და ფანატიზმი მოგვიანოდ გადავიდა ფრანგ libre penseur-თან (კონფორმიზმისაგან დახსნილი მოაზროვნე), გერმანელ Freidenker-თან და რუს вольнодумец-თან.  ევროპელი და ყველა მისი ეპიგონი, წოდებული ევროპეისტად, იყო    ის იდეური ინსურგენტი,  ვინც ზეცის შტურმით აღებას იზრახავდა. პროტესტანტებთან ერთად ვატიკანთან დავა დაიწყეს მასონებმა. მასონმა გააცამტვერა კათოლიკური უნივერსალიზმი. ვატიკანი მტრობდა მასონებს. განმანათლებელმა მასონებმა XIX საუკუნეში კრიტიკის შტორმი დაატეხეს თავს ვატიკანს. მაგალითად,  გოეთემ თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის მთელი ისტორია შეცდომები და ძალადობაა. მასონი და პროტესტანტი ერთობენ დღეს ანგლოსაქსური იმპერიალიზმის ხორცშესხმისათვის. მიზანი მათი არის მთელი მსოფლიოს დაპყრობა. ამ საკითხების გააზრებას დიდი გონებრივი ჰორიზონტი და გულის სიწმინდე ესაჭიროება.  რეზონერობა, რომ „ჩვენ ქალკედონიტები ვართ“,  „ფილიოკვე სატანურია“, „მუჰამედი ეშმაკმა ჩააგონა“, „ბუდა სატანაა“, „ახალგაზრდა მარქსი უფალს განუდგა და დემონურ ინიციაციებს ეზიარა“  და მისთანები არსაპატიებელია. რისთვის დადგა XXI საუკუნე?  ბედისწერის ხელს, ჟამის ნიშანს, მოსწავების გაკრთომას  რომ თვალი ჰკიდო ისტორიაში, ამისთვის სულის მოსაგებ წიგნთა კითხვა არაა საკმარისი. სასწაულნი ჟამთანი საკმაოდაა, გარნა მხედველნი მისნი ვერ სიტყვაძალუმობენ.

არცერთ კულტურაში არ მომხდარა ასეთი ომი ეკლესიასა და ერესებს, რელიგიასა და მეცნიერებას, თეოლოგიასა და ფილოსოფიას შორის, როგორც ეს მოხდა ევროპაში. დევნილი მდევნელად იქცა. მეცნიერებამ დევნა ეკლესია და დღეს თუ აღარ დევნის, მასთან დიდი დავა აქვს გაჩაღებული. ეს ევროპის კულტურის ბედისწერაა. ის რასაც ახლა ევროპაში რელიგია ეწოდება, არის სოციალური კალკულაციის პროდუქტი.

რაოდენი მსხვერპლი გაიღო ევროპამ. ჯერ ინკვიზიციის მიერ  ასიათასობით კოცონზე დამწვარი, ჩამოხრჩობილი, დასხიჩრებული ერეტიკოსი იყო. განა ერთი საუკუნე მძვინვარებდა ინკვიზიცია. იყო რელიგიური ომები და ასობით საეკლესიო კრება მრწამსის ნათელსაყოფად. შემდეგ მთელ ევროპას, უკვე პროტესტანტობის დროიდან, მოედო მჩხიბავთა და ჯადოსანთა დევნის ფსიქოზი. დემონთა კლასიფიკატორები იყვნენ (მაგალითად, ჯონ დი) და ნაშრომები დაწერეს უხორცო არსებებზე. ვატიკანში ბევრი ასეთი წიგნი დღემდე დახურულ ფონდშია. შემდეგ ათეისტთა და ბუნებისმეტყველთა დევნა მიმდინარეობდა. ინკვიზიცია კი არა, უკვე საერო ხელისუფალნი დევნიდნენ მოაზროვნეთა და  მეცნიერთ. ასე იყვნენ ვოლტერი, მოპერტიუი, ლამეტრი და სხვები. პროტესტანტობამ შეამზადა ნიადაგი ბუნებისმეტყველური მჩხრეკელობისა და  სამეცნიერო რევოლუციისათვის. რამდენი შვრომა შეახმარეს ევროპელმა საეკლესიო და შემდეგ ფილოსოფოსმა ერესიარქებმა (დეისტებმა, პანთეისტებმა, ათეისტებმა), რომ აზროვნების შესაძლებლობა შექმნილიყო. ამის ჯეროვნად დაფასებას ყრმებსვე უნდა ასწავლიდნენ სკოლებში. მაშ რისთვის ითქმის ამდენი, რომ ადამიანს უნდა ასწავლონ თავისუფალი აზროვნება? აზროვნებას ვერ ისწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში გახსნილი ხატების კუთხეებითა და სამლოცველო ოთახებით. ვაი უნივერსიტეტს, სადაც საკმეველს აკმევენ და ბერ-მონაზონნი იარებიან საწირავად. მონასტერს დაჰკარგვიან და ვერც უნივერსიტეტს შესძენიან. უნივერსიტეტი არაა საკმევლის კმევის ადგილი. ამის ქმნა არაა სულობის დასტური.

ერთიც უთუოდ ცალკე სათქმელია: მამრი ფიქრობდა ყველგან კაცის ბედსა და სიკვდილზე. მამრი ებარებოდა თავისი ნააზრევით სიკვდილს. დიაცის საფიქრალი პოლიტიკური ქიმერები და ღვარძლის გაფესვება იყო. ქალის კი არა, არამედ კაცის საოხარი იყო გილგამეშისა და ენქიდუს დროიდანვე სიკვდილზე ფიქრი და მისით ფილოსოფოსობა, სიცოცხლის საზრისის ძიება. სოფლის საუდიაროს მთქმელი კაცი იდარდვის სიკვდილისას და მისი კარიბჭის გავლისას ცხონება სწყურინ. ცხონებისთვის იჭირვოდა სიკვდილის ფიქრში მაშვრალი მამრი და სულის მოსაგებ წიგნს სწერდა. მამრმა ასიტყვა ჭირნი სულისანი და მისცა სოფელს წიგნნი სულის საოხნი. მისი ნამეტყვი უნათებს სავალს მომდევნო მეძიებელთ. დიაცის სიკვდილზე ფიქრი ვის გაუგია? დიაცის  ფილოსოფოსობა და საზრისის ძიება სად ვის შეუტყვია?   ჭეშმარიტებას ღაღადებს მწუხრსა შიგან მყოვნები  ეკლესიასტე: „ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი ვერც ერთი“ (7: 28). ეს არის ერთ-ერთი ადგილი ბიბლიიდან, რომლის ხსენებას გვერდს უვლიან. სწორია ყოველივე ის, რაიც პავლე მოციქულმა ქალზე თქვა თავის ეპისტოლეებში (1 კორინთ. 11: 8-9, 1 ტიმოთე, 2: 11-15). იუდეველი ლოცვაში  მადლიერებას ეტყვის ცაბაოთ უფალს, რომ კაცად დაიბადა და არა ქალად. ქრისტიანიც უნდა ამბობდეს ამას. გადმოცემით, ბუდამ ქალს უარი უთხრა სიკვდილისშემდგომ  შვებაზე. მისთვის დიდად სათნო მოწაფემ შეავედრა მოძღვარს ქალები და ბუდამაც შეიწყალა ისინი. ემანსიპაციის ერთადერთი მიღწევა ისაა, რომ მილიონობით ქალი პოლიტიკურ მეძაობას შეეძინა. თავის საყრდენად აქცია პოლიტიკურმა სისტემამ ქალის მწყინარება და ზვაობა, მისი ფიზიოლოგია. სისტემამ შექმნა ფემინისტური ცრუ მარტიროლოგი და  ქალის ტანჯულობის პოლიტიკური ლეგენდა. სისულელეა ფემინისტური თეოლოგია. ეს ვინ მოიგონა?  კაცი იმედეულობს, ფიქრობს და მეცადინობს ხსნისა და ცხონებისათვის. მთელი ისტორია კაცთა მოდგმისა სხვას რას ადასტურებს? კაცის ნაღვაწია სამისხო და საანჯმნოქმნილი. კაცია საზორველიც და მზორველიც. დიაცი ვერ იქნება საზორველი, ვერც მზორველი იქნება. კაცს უგნობს გული, რომ შესაქმე მიწყივ ზორვაა და მას უხამს მსხვერპლვა. ქალი ვერ შევა სასუფეველში ამ დაბეჯითებული  სიცრუით, ამ ბოღმით, ამ ზვაობით. ის სასუფეველი, სადაც ქალი შევა, კაცისათვის არაფერია. კაცი უნდა გაიქცეს იქიდან, თუნდაც უფალი ხელით იჭერდეს. მეძავზე ბევრად უარესი გახდა ემანსიპირებული თანამედროვე ქალი. საძაგლობაა მის მიერ დაწერილი წიგნები ზნეკეთილობასა და ღმერთზე. ეს უბედურებაა.  ჭკვას გადააცდინა მრავალი დიაცი პოლიტიკურმა მოჩვენებებმა, რაც ყველგან ჩანს და ასე გაგრძელდება მისი ყოფნობა. ის ასე უნდა დარჩეს. ემანსიპაცია ბოლოს გადაიქცა ქალის კაცისადმი ჯიბრში დგომად,  მის მიერ კაცის დაცინვად და  აშარი დიაცის ისტერიულ  სიკოფანტობად, შიზოიდურ ოპტიმიზმად.  სისტემამ გაახელა ქალის რესენტიმენტულობა და შიზოფრენიის ფართო სპექტრი წარმოშვა. ქალების ლეგიონი ფსიქიკურად სნეულია და პოლიტიკა არის საშუალება დისიმულაციისათვის (სნეულების მალვა). ქათინაური კი არა, დიაცთა უდიდესი ნაწილი იმის ღირსიც არა, რომ მათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხედო. საკითხი უნდა დადგეს ასე: არის კი ქალი იმის ღირსი, რომ შემოქმედი და მოფიქრალი მამრი მას ასე დიდ ადგილს უთმობდა? სადაა ხელოვნებაში ასახული ქალის სიქველე ცხოვრებაში? ნატამალი მაინც ამისა სადმეა?  ამდენი იწერება გენდერულ პრობლემაზე, ქალის უსინდისობაზე კი არაფერი იწერება, ქალის ბრიყვობაზე არაფერი იწერება,  გოლემ ქალზე არაფერი იწერება.  ქალის  სირეგვნე და რესენტიმენტულობა პოლიტიკურმა  სისტემამ გაახალისა და გაახელა. დედაკაცი იშხამება ყველგან. ქალი გამეტებით ამტკიცებს, რომ ის ბედნიერია. ის იცინის და იცინის. თავადაც არ იცის სად მიდი-მოდის, რა უნდა, რა ალაპარაკებს, რას წერს.  ჭეშმარიტად იტყვის იოანე პეტრიწი:  „ცოფი, მყოფელობა რისხვათა შინა ფრიად დედათ თვისება, გამოსთქუეს ფილოსოფოსთ“.  Все древние были вполне правы в том, что женщина у них находилась на подозрении.

ხომ ბევრზე ბევრი ილაპარაკეს სატანური საბჭოთა ათეიზმის დამხობასა და ქრისტიანული სულიერების აღორძინებაზე. კი მაგრამ, რა შექმნა ეკლესიამ საეპოქო პოსტსაბჭოთა ოცწლედში? თუ არის რაიმე ან ქრისტიანულ აზროვნებაში, ან ქართული ეკლესიის ორგანიზაციაში?  ხომ არ შეიძლება სულ ლიბერალ-კაპიტალიზმს ამოფარება? დიდი კრიზისია ქართველთა ეკლესიაში და ეს ჯერ არ დასრულდება. სავაებოა საქართველოს კლერონომია (ღვთისაგან ნიჭებული ხვედრება, მემკვიდრეობა). ცოცხალი კარიკატურაა მთელი ეს დარჩენილი საქართველო. სადაა საღვთისმეტყველო აზრი? რატომ არა აქვთ მოძღვრებს საღვთო თავდადება? რის აღორძინებაზეა ლაპარაკი? რა თქმულა, რომ თარგმნო უცხოელთათვის და გაიტანო, როგორც ქართველი ღვთისმეტყველის გამოსაჩენი აზრი, გენუინური რეფლექსია? ახლა დაწერილი თეოლოგიური შრომების უმეტესობა  შაბლონური, შემგუებლური და სიმულაციურია. დიდი საკითხები აღარ დაისმის, ვითარც ეს ჰხამს. ამ დრომ თავისი ავგუსტინეები ვერ დაბადა. დიდი ასკეტები აღარ არიან. ავგუსტინეს უნდა მიჰბაძოს ყოველმა საღმრთო მწერმა და მისებრ ეკუმენისტი იყოს. არა, ძველი დროის მამებმა რომ თქვეს ასე და ასე, შენ როგორც ქრისტიანს, რა შეგიძლია თქვა ამ ბოროტი დროის შესატყვისად? ჰო კაი, ბასილ დიდმა ასე თქვა, გრიგოლ ნაზიანზელმა ან მაქსიმე აღმსარებელმა კი ისე. მერე შენ რა ამით? მათი ნათქვამების მოხმობით დაამოწმებ, რომ ქრისტიანი ხარ? ქრისტიანი თუ ხარ, ლიბერალი ინდივიდუალისტი როგორღა ხარ? ამბობ, რომ მრევლი ვარ. მრევლი თუ ხარ და სცოდავ, მაშინ სამონასტრო ტიპიკონით გასამართლდი და ნუ ეფარები საერო კანონებს. შეგეძლოს თქმა, რომ ქრისტესი ვარ და რჯულის კანონით მომეზღოს.  შენდათავად როგორც ქრისტეს მოესავი, რა ხარ? რას ბიბლიობ?  შენ რა, თუ პავლემ, იოანემ, თავად ქრისტემ ასე და ასე თქვეს? შენ რა ხარ აი ამდენი რელიგიური ლაყბობის შემდეგ? ჰო კაი, ზეთის ცხებაზე მიხვედი, ღამის ლოცვას დაესწარი, წირვაზე ბოლომდე იდექი, მარხო არ ჭამე. ეს მიგაჩნია ცხონების საწინდრად? ქრისტიანი ხარ? მადლი აქვს შენს ცხოვრებას? ჰპოვეა შვებაი, მოყვასო? აი ამდენი სირცხვილის შემდეგაც რად არ  შეგიძლია კრიტიკული, მეძიებრივი დისკურსის განსიტყვება? შენ კი არ ლაპარაკობ შენი რწმენით და მეძიებლობით, არამედ კონფორმისტულად ამბობ რაღაცას და ამას მიგითვლიან რწმენაში. ან კიდევ ჯიბრითა და ბოღმით უბნობ. შენ გეშინია, რომ რაღაც თქვა. შიშის გარდა არის მცონარება და უმეცრება. არ იცი სათქმელს როგორ მოაბა თავი. გინდ ანტიქრისტე მოვიდეს, გინდ ქრისტე. შენ რა იყავი და რა იქნები, მოყვასო?

ძნელი წარმოსადგენია ქართველი მილენარისტი, ქილიასტი, რელიგიური ფილოსოფოსი,  ქართველი ერესიარქი, ისეთი ქართველი, რომელიც შემსჭვალული იქნება ბიბლიით და მისი დებულებების დამკვიდრებას ცხოვრებაში შეეცდება. ძნელი წარმოსადგენია ქართველი ათეისტი ფილოსოფოსი. დღეს ყველა კონფორმისტული მორწმუნეა, რადგან პოლიტიკა ასე ითხოვს და როჭიკიც აქეთ იშოვება. პლაგიატორობა და იმიტატორობაა ყველგან. განა გაიოლდა გოჯისოდენად მაინც სიცოცხლის საზრისის მოძიება წინამორბედთა ამდენი ნასარჯის შემდეგ?  დემოკრატიის ქიმერას მიბარებული, არჩევნებს გამობღაუჭებული  კაცთა ბევრეული ისევ  უგებად ცხოვრობს და ისე ქრება, ვითომ არც ყოფილა. ერთი დღისთვის არიან ამ ქვეყნად მოსულნი. მათ გვერდითაა ტელევიზია, ეს ბუდე პროფანიზმისა და ბრიყვობისა, დიაცთა ცოფისა და ბაყლისა.

ეს ხომ აფერისტობა და გააბუჩებაა ქვეყნისა, როცა მიზანთროპულ, სოციალ-დარვინისტულ სოციუმში მედია ულოცავს ხარებას, აღდგომას ან ფერისცვალებას? ეს ხომ უფლის დაცინვაა, როცა ლიბერტარიანულ, ყოვლად უსინდისო გარემოში ჟურნალისტებად წოდებული ნაძირალები განმარტავენ სახარებას?  მეოთხედი საუკუნეა ასე გრძელდება და ასე გაგრძელდება.

მოყვასო, შენ გაჰყვებოდი იმ უცნობ კაცს, რომელიც  ზებედეს ვაჟებთან მივიდა, აწამა მათ თვისი სიტყვა, დააგდებინა მეთევზურობა  და თან გაიყოლა ისინი? შენ შეაწევდი სიტყვას მას, რომელიც შოლტით უწყალოდ ჰგვემეს რომაელებმა? შეგეძლო გეთქვა პილატეს წინაშე, რომ მას ბრალი არ ჰქონდა? შეგეძლო მისთვის განკუთვნილი შოლტის ერთი დარტყმა გაგეზიარებინა?  შენ შეეშველებოდი მას ჯვრის ზიდვაში? თუ  ინდივიდის თავისუფლებაზე ლაპარაკით თვალს მიეფარებოდი? იწამებდი  მისი შემცქერი, რომ ის ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო, რომ კაცად მოვლენილი ღმერთი იდგა შენს წინაშე? შეგეძლო მდგარიყავი იქ, სადაც ის ჯვარზე გაკრული სულს ლევდა და გეკითხა მისთვის რაღაც მისთვის საფერი? შეგეძლო მის სამარხთან მესამე ღამე მაინც გაგეტეხა, თუნდაც როგორც მოეჭველ კაცს, რომ მიჰმოწმებოდი მის აღდგომას? სანამ ის მკვდრეთით მობრუნდებოდა, შეგეძლო მის დედასთან მისვლა და მისთვის საფერი სიტყვის მიგება? თუ მას არ სცნობდი ძედ ღვთისად, შეგეძლო მასთან დავა როგორც თორას მკითხველ და მეცოდინ იუდეველს, ან როგორც პლატონის სიტყვით ნაზარდ ელინს? შენ, როგორც მოსეს კაცს, შეგეძლო გეთქვა მისი ჯვარცმისას, რომ ჩემზე იყოს მისი სისხლი?  ჯაჰილიიის დროის მექელი არაბი რომ ყოფილიყავი, ირწმუნებდი ჰაზრეთ-მუჰამედის სიტყვას? გაჰყვებოდი მას ჰიჯრაში?  არა, ერთხელ მაინც ცხოვრებაში კაცურად შეძელი მართლობა.  მზამზარეულად რომ არის ყოველივე და მაშინაც ვერ ხარ ქრისტიანი. მხდალი ხარ, სულ გაქცევასა და დამალვაზე გიჭირავს თვალი. რა, არ ეტყობა ეს შენს ცხოვრებას? ასე ივლი ამ ცხოვრებაში, ივლი და გადაივლი. იკითხე ეს ტროპარები, კონდაკები, სძლისპირები და დაეგდე ძილად. გაათენე და დააღამე. იტყვი ხოლმე სხვათა გასაგონად, რომ დაუჯდომელს ვკითხულობ. გინდ დაჯექი, გინდ იდექი. კითხულობ დაუჯდომელს და რა? არ ხარ ქრისტიანი, არც იქნები. არ გიშველის ეპიტიმიების დადება. ყროლი გიდუღს გულში და პირიდან ბაყლი ამოგდის, მაშინაც კი, როდესაც არ ლაპარაკობ. დიოფიზიტობას ჩემულობ და მონოფიზიტობას ისე გმობ, ვითომ რამე შეგიცვნია. ფილიოკვეს გამო ავენაობ. ამდენს უბნობ შვიდ საიდუმლოზე და რა? ერთი გოჯით მეტი თუ ხარ ან კათოლიკეზე, ან პროტესტანტზე, ან თუნდაც ათეისტზე? რას იმტკიცები? რა იცი?  შენ თუ შეგიძლია საკუთარი განსჯით დაასაბუთო ღმრთის არსებობა, ან მისი არარსებობა? გიფიქრია კი ამაზე? შეგიძლია შენი ცხოვრების ერთ დღეს მაინც საზრისი ანიჭო და რაღაც გულთამყოფელი თქვა შენს თავზე?  შენ გემოყვასო? რისთვის? ვინ ხარ? ან შენი ჭაბუკობა რა იყო, ან შენი კაცობა რა არის, მოყვასო? შენ რა უნდა ასწავლო შენს ძეს, ვითარც მამამ? არა, ხანდახან მაინც ითქვას მართალი, თორემ ყველაფერს საზრისი წაერთვა ამდენ ტყუილში, მოყვასსა და ღმერთზე ნარიოშალ  ლაპარაკში. მოყვასო, შენთან სათნოებით მე მადლში რა მიმეთვლება? გასწავლო რაიმე და შეისმენ? შენი ხვედრი მე რად გავიზიარო? რაც გენიჭა და იმით იარე. შენ რად შეგეშველო შენი ჯვრის ზიდვაში? რა, დაინახავ ამას? კი მოუწოდებს გალატელებს პავლე, რომ ატარეთ ერთმანეთის ტვირთი (6: 2), მაგრამ ვინ დაინახა, რომ მოყვასის ტვირთი ქრისტეს გულისთვის მიტარებია? როდის რა არ დამკარგვია სამოყვასოში, რომ კვლავ მქონდეს მუქთზე გამოსვლის მოსურნე  მოყვასის მადლიერების იმედი?  რა ხარ, რომ შენში ქრისტე დავინახო, მოყვასო? ორ შენებრ მოყვასთან რომ დავდგე და მეორედ მოსვლაზე ვიუბნო, ქრისტე მოვა ჩვენთან უხილავად, ვითარც იგი იტყვის, რომ სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა?  ქრისტემ რომ ეს თქვა, გულისხმობდა სამღთო შურით გზებულ კაცთ, რომელთა შორის მყარდება რჯულიერი მქცეველობა. ესეც ქრისტემ თქვა, რომ როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ(მათე, 7: 12),  მაგრამ ოდეს კეთილად ექცევი კაცთ და საპასუხოდ არას იღებ შურის, გულდამპლობის, უმადურობის გარდა? სულ მუქთი უნდა მოყვასს. აი, მაშინ ეტყვი შენ თავს, რომ მოექეცი მოყვასს ისე, როგორც შენ მოგექცა. ქრისტემ რომ ასწავლა მოყვასისადმი მოპყრობაზე, ეს მხოლოდ მაშინაა სწორი, როდესაც მოყვასი ჩემი თანასწორია გულითა და ცნობისჩენით, როდესაც მოყვასი სხვისი სიკეთის დამნახავია. განა მოყვასნი მოვიდნენ და მე დავხვდი, არამედ მე მოვედი სოფლად და მოყვასნი დამხვდნენ. ამიტომ როგორც დამხვდნენ, ისევე მე დავხვდები. ჩემი მოყვასობითა და გულმოწყალებით სხვისი ხვედრი არ შეიცვლება. წადი შვილო,  გაზეთი იკითხე და მერე ტელევიზორი ჩართე. რამდენი ტყუილი ითქვა მოყვასთათვის და რამდენი კიდევ ითქმება. გაუშვი, იყიალონ ეკლესიაში. ვაი რელიგიას, რომელიც თავის მიმდევრებს პირფერობითა და სახიობით იჭერს. შაქარნამეტ მურაბასავით დამტკბარან მღვდლები და ღმრთის ამბავს ზღაპარივით ჰყვებიან. Good News is not a good story. ქრისტიანობა აღარაფერია, თვინიერ გამოცარიელებული სიტყვებისა. ვაი რელიგიას, რომელმაც ღმერთი პირძაღლი მრევლის კლოუნად აქცია. ვაი ღმრთის სახლს, რომელიც ღმრთის სამარედ იქცა. რელიგია სახელისუფლო დაზღვევის პროგრამაში შესატანი გახდა. ღმერთი უნდა დაეზღვიოს და მისი სადაზღვევო პოლისი საყდრებში ამბიონზე იდოს ყველას დასანახად, იმის დასტურად, რომ მას კიდევ სწამლობენ. ამდენი ანაფორიანი შლეგია ეკლესიაში. სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა კი არა, სანამ მღვდლად იკურთხება ვიეთი, ქიროტონიამდე  ფსიქიატრიული ექსპერტიზის გასავლელად გაიგზავნოს იგი. ვაი საყდარს, რომელსაც ასეთი ხენეში და უგები მღვდლები ჰყავს. ჰაიჰარად ლაპარაკი ისმის ღმერთზე ყველგან. ღმერთზე ლაპარაკს ამოაფარა ბევრმა თავისი უგებობა და ურგებობა.  დღეს ვითარ შეიძლება განიმარტოს  იოანეს სახარების ცნება პარაკლეტოსი? ის არის სიმბოლო ქრისტეს სულიერი გებისა სოფლად. ავგუსტინეს თქმით, კაცთა ცხონების გზაზე სვლას არ აბრკოლებს საქრისტიანოს ცალკეული ქვეყნების ცუდი ქრისტიანობა და ქვეყნების დაცემა, რადგან ქრისტიანულ ოიკუმენაში მათ გარდა სხვებიც არიან რჯულისთვის მოქალაქენი. ავგუსტინეს ვერ წარმოედგინა, რომ ქრისტიანობა შეიძლება დაცემულიყო ისე, ვითარც წარმართობა დაეცა. დღეისობას სწორედ ქრისტიანობა დაცემულა. რადიკალურად ანტიქრისტიანულია ყველაფერი და არ მოეშვნენ იმის  მტკიცებას, რომ ბოლშევიკური ათეიზმის გადავარდნით სოფელს მადლი მოეფინა. მარქსიზმ-ლენინიზმის ქირდვა არაა ქრისტიანობის დასტური. აპოსტასიაა მთელი საქრისტიანო ათეულობით წელი. მერამდენე წელია ქალაქში კედლებზე აკრავენ სახარების ამონარიდებს?  ესეც დასტურია უმადლობისა, უმოყვასობისა და უბედურებისა. პოლიტიკური ფრაზებით  ცნობამიხდილი ბრიყვი სამოძღვროდ იქაჩება მერამდენე წელია. პრობლემა ის კი არ არის, რომ ადამიანი არაა თავისუფალი მოაზროვნე, არამედ ის, რომ ის თავს აჩვენებს მოაზროვნედ. ბრიყვს ამდენი ჭკუა კი შეუძენია ახლანდელი განუწყვეტელი ექოლალიისა და  გარემოში. ჭეშმარიტად თქმულია ზარათუსტრას წიგნში ნიცშეს მიერ, რომ უკეთესია ბრიყვობა საკუთარი თავით, ვიდრე ბრძნობა სხვათა აზრებით.

მინდა მივიდე მღვდელთან, როგორც ჩემიანთან და ვიუბნო მასთან ამ უბედურ საქართველოზე. მღვდელი კი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანია. არ მაახლოებს მასთან არც რჯული, არც ენა. ვერაფერზე იუბნებ მასთან, რადგან ანაფორიანი ბრიყვია. მერამდენე წელია მას მედიდურობით, ისტერიულობითა და აფერისტობით გააქვს თავი? ვითარც უგებ-უცან ძმას, ეგრე ვეტყვი მღვდელს: არ დაგიწყებ ნიცშეებრ მოყივნებას და შეჩვენებას, ვითარც ის მღვდლებს აყივნებს ზარათუსტრას წიგნის მეორე ნაწილში, რომ თვისნი ლეშნი შავებით შემოსეს და მათი სიტყვა გომბეშოს მღერაა. არ ხარ შენ ასეთი განძვინებული სიძულვილის ღირსი. საცოდავი ხარ და არა საძული. კი მოგმართავენ მოყვასნი, – მამაო -, მაგრამ არ ხარ მამა. შვილი ხარ, ბრიყვი, უგები და უდები შვილი. რაღაც უნდა გმსჭვალავდეს ცხოვრებაში. ქოთანში მაინც ჩარგე რაღაც და გულის ხურვებით გაზარდე. მხოლოდ ფსალმუნების დასწავლით და სვინაქსარის მიდევნით ვერ იქნები მამა და მოძღვარი. ფსალმუნებანი შენი ცრუა, მღვდელო. მღვდელმა და სრულიად ეკლესიამ უნდა განაგდონ ლიბერალ-კაპიტალიზმის მეოხებით თავის გატანის ჩვევა. რაღაც უნდა შეიმეცნო გულისმიერად. ცოდნიერი უნდა იყო და შენმავე სიტყვამ დაგადასტუროს, რომ ფიქრიანი მოხრავი ხარ სოფლის ხენეშებისა და კაცთა ბოროტოვნების გამო. საქართველოს ვინღა მიაშავებს ისეთ მღვდლებს, როგორნიც ჰუსერლის მასწავლებელი ფრანც ბრენტანო (1838-1917) და ფენომენოლოგისტური ანტიფსიქოლოგიზმის  წინამორბედი, ღვთისმეტყველი, ლოგიკოსი და მათემატიკოსი ბერნარდ ბოლცანო (1781-1848)  იყო?

ექსტრემისტულად არაქრისტიანულია ყველაფერი. აპოსტასია თავად ეკლესიისგან მომდინარეობს. ქრისტიანობის მძიმე კრიზისი ვერ გადასხვაფერდება ბოლო ჟამის მენეჯერიზმით. ნონსენსია, ოდეს ერთდროულად იტყვიან საბჭოთა ბოროტების ძლევაზე და თან ქრისტიანობის სავაგლახო მდგომარეობას გლობალისტ მასონებსა და ეშმაკს აბრალებენ. ეს პრინციპული საღვთისმეტყველო საკითხია და ის გაუბრალოვდა ქრისტიანობის ტრიუმფალიზმის ილუზიის გულისათვის. სირეგვნეა ამდენი ლაპარაკი მართლმადიდებლობის ერთადერთობაზე, როცა საქართველო საარაკოდ აყროლდა. მღვდლის გაქეზებით მართლმადიდებელთა ხატებით მისვლა რომელიმე თეატრის კარზე, რომ ესა და ეს სპექტაკლი არაქრისტიანულია და ის არ უნდა დაიდგას, ან კიდევ კინოთეატრში სანთლებით მისვლა, რომ ესა და ეს სატანური ფილმი არ უნდა გავიდეს, არის ბრიყვთა გულზვაობა. სოდომია მთელი თბილისი. იმ ბიბლიურ სოდომ-გომორში იმაზე მეტი კი არა იყო რა, რაც ამ წყეულ ქალაქში სულ არის.

არამზადაა მოყვასი, სამსალაა ჩემს მოსაწამლად და მახე ფეხთა საბორკად. ამის მეტს რას ადასტურებს ცხოვრება? სხვაზე ბევრად უკეთესი თუ ხარ შენი გულითა და გონებით, მაშინ მოყვასი შენთვის თარსი და დუშმანია. ვისაც დაუთმენია და  რაღაც გაუკეთებია შემეცნებისათვის, განა იტყვის, რომ ასე არაა? როდესაც ქრისტესეული პაიდეიის მიდევნით შენი თავის სრულყოფას ცდილობ და ამაში წარემატები, მოყვასი მტრად გექცევა. თუნდაც ათასი მოტირალი და მოლაპარაკე ხატი იყოს,  განა ეს ყოფნობისა და აზროვნების ტვირთს ჩემთვის ოდნავ მაინც აღამსუბუქებს? რამდენმა ხატმა იტირა და ილაპარაკა ბოლო ოც წელში და განა ამას მადლი მოჰყვა? ისე მიჰყვა დღეები ერთურთს, რომ წყმედის გარდა არც რა არის რა ჟამისგან გამოსალოდი.

სწორია პავლე მოციქული, რომ „ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან…“. დადიოდა ეს ყოფილი ფარისეველი, ქრისტეს სიტყვას თავგამოდებით ქადაგებდა. მთელი რომის იმპერია მოიარა, საეკლესიო თემებისთვის ეპისტოლეები წერა. მოციქულთა საქმისა და მათი წერილების  ნახევარზე მეტს პავლენი შეადგენს. კაცთა ბევრეული ნახა პავლემ და ხედავდა, რომ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგაც კაცნი იგივენი იყვნენ, უგებნი და ყუდონი, მრუშნი და მუცელღმერთანი. განა პავლემ არ მიმართა კორინთელებს:  „დაბეჯითებით ამბობენ, რომ დაიწყო თქვენში მრუშობა, და თანაც ისეთი მრუშობა, რომლის მსგავსიც არ სმენიათ თვითონ წარმართთაც…“(1 კორინთ. 5:1). ესეც პავლემ თქვა, რომ ღმერთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულით წმიდით (რომ. 14: 17). მანვე ასწავლა, რომ სხეული სიძვისათვის კი არ არის, არამედ უფლისათვის. თითქმის არაა ეპისტოლე, რომ პავლეს ჭამადზე არ ეთქვას. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მოძღვრავს პავლე, რომ კარგია მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმელებით  (13: 8). ფილიპელთადმი ეპისტოლეში  ქრისტეს ეს დიდი მაშვრალი უბნობს ხალხზე, რომელთა ღმერთი მათივე მუცელია.  პავლესაც მეტი რაღა ექნა? როგორიც შეხვდა თემი და ეგრეც იუბნა. გინა იუდეველი, გინა ელინი, ერთი იყო. ამიტომაც ამდენი ილაპარაკა პავლემ მსმენელთათვის სიძვაზე. ამაზე ეკითხებოდნენ და მასაც სხვა რა გზა ჰქონდა, რომ პასუხი არ მიეგო. ქრისტეს სიტყვა გასავრცელებელი იყო, ხალხები მოსამოწაფებელი და არ გამოდიოდა პავლეს მათთვის წინასწარმეტყველთამებრ ეგინა და წასულიყო. გული ნაღველით აევსო მათ შემცქერს. ეჭვი შეეპარა საყოველთაო ხსნის იდეაში და ამიტომ იქადაგა მან წინასწარგანგებულების იდეა. პავლესთან უცოდნელ და უმადლო კაცს ეწოდება იდიოტეს (I კორინთ. 14: 23). მირიადია დღეისთვის იდიოტი. პავლემ, ფარისეველ გამალიელის ნამოწაფარმა, მოციქულთა შორის ერთადერთმა წიგნიერმა კაცმა, ასწავლა ეს იდეა და არა პეტრემ, არა იოანემ, არა ზებედესა და ალფესის ვაჟებმა. მათ ვერ შეიგეს მათ წინაშე მოქადაგე რაბი იესუს პრედესტინაციონიზმი. ყურიც არ შეიბერტყეს ამაზე. პავლეს ქადაგებისთვის, მისი ეპისტოლეებისთვის ფილოსოფიური ტრაქტატი უნდა დაიწეროს. არაა სწორი ნიცშე, ოდეს თავის „ანტიქრისტეში“ პავლეს სასტიკად კილავს. ფარისეველმა კაცმა თავი დადო ქრისტეს სიტყვისათვის და მისი ბრალით არ იყო, რომ ნიცშე თავისი დროის ქრისტიანობაში ბევრ ზადიერებას ხედავდა, მღვდელი აღარად ვარგოდა და ვერ მოძღვრობდა. სულ აფიქრებდა ნიცშეს ქრისტეს ცხოვრება. მან ამოაგდო სამუდამოდ მღვდლები თავის ზარათუსტრას წიგნში. ნიცშე ისაა, ვინც ეძიებდა და ვერ ჰპოვა, ვინც ირეკდა და კარი არ განეღო. ის გაწბილდა ქრისტიანობით და შეიძულა იგი ვითარც ძველი  დროის ელინმა. ეს მან თქვა ზარათუსტრას ამბავში, რომ ადამიანები თანასწორნი არ არიან, რომ ცხოვრება მწვერვალს საჭიროებს.  ნიცშეც ფიქრობდა იმაზე, რაზეც პავლე ფიქრობდა და მან ეს სხვაგვარად გამოთქვა. ნიცშეს ზარათუსტრას ამბავში ბევრი ბიბლიური ძარღვია, იმის მიუხედავად, რომ ეს წიგნი ქრისტიანობასთან დავაა. ზარათუსტრა იტყვის იესუზე: ის რომ ნაადრევად არ მომკვდარიყო, უარყოფდაო თავის მოძღვრებას. ნიცშეს ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ სოფელი არ იყო იესუს მოსვლის ღირსი. ამ ნაშრომის დასაწყისშივე ნიცშეს ზარათუსტრა ლაპარაკობს უკანასკნელ ადამიანზე. განა პავლე უკანასკნელთა სიმრავლეს არ ჭვრეტდა სადაც მივიდა? განა დაუტკბა მათ და ახლანდელ მოძღვართაებრ იქადაგა? პავლემ პრედესტინაციონიზმისა თქვა. ქრისტიანულ სიყვარულზეც თქვა, მაგრამ პრედესტინაციონიზმზე ნათქვამი უმეტესია და არსებითი პავლეს ქადაგებაში.

არის თუ არა ბედისწერის, გინა განგების ვლენა ქართველთა ეკლესიის ასეთი სავალალო მდგომარეობა? სად არს მადლი, რომლის მოფენასაც მრავალი წელი იწამებიან სამღვდელონი და საერონი? რაში ვლინდება საქართველოს ზეპურობა და  ღვთივნიჭებულობა? რისგანაა სულის ასეთი ბერწობა და უსუსურობა, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლაზე ამდენი ბჭობით იფარება? რატომ არ შეუძლია ქართულ ღვთისმეტყველებას შემოქმედებითად გამოიყენოს აღმოსავლური ან დასავლური ფილოსოფიის მინაღწევრები? თუ აზროვნება სხვა არაფერია, თუ არა ძველი დროის ეკლესიის მამათა წარამარა დამოწმება, მაშინ რა აზრი აქვს ბიბლიის გადაშლას?  კრიტიციზმი, მეძიებლობა, შეუსაბამობის, უკმარობის და დანაშაულის   განცდა არაა ქართველთა ეკლესიაში. ბოლშევიკურ რეპრესიებზე დაუსრულებელი ბჭობით, სექტანტური თუ მასონური საფრთხის უტრირებით ეკლესიამ თავი დააყენა ყოველგვარი კრიტიკის მიღმა. რა აზრი აქვს გლობალისტ მასონებზე ამდენ ლაპარაკს? ფილოსოფიურობა არაა მრევლში, კონფორმიზმი და სხვისთვის დასანახი ხალისიანობა კი რამდენიც გინდა. ქართული ღვთისმეტყველება მოსწყდა ისტორიას. ქართველ ინტელექტუალს არა აქვს რელიგიური პროთიმია. კი აიკლო მან გაზეთი ბიბლიის ციტირებით, მაგრამ ეს ის არაა, რაიც ჰხამს. საქართველოში ღმერთზე ლაპარაკს ამოაფარეს ანთროპოლოგიური კნინობა, რასობრივი დეგენერატობა. ქართველი შლეგობს თავის უკანასკნელობაში.როგორიც არის იგი, ეგეთსავე ხვედრს ეწია. ჰგია კაცი უცან-უგებად და იმედეულობს, რომ სიკვდილის შემდეგ სასუფეველს შეეღირსება. იქ ვერ მიხვალ, მოყვასო. იქ ვერვინ მივა. მღვდელთა დასი რომ გეყოს მწედ და მოხვაიშნედ წინაშე უფლისა, იქ მაინც ვერ მიხვალ, მოყვასო. ეს დაიბეჭდე გულზე და შენი თესლის მონაგარსაც ასწავლე. აღარავინაა ქრისტიანი. და თუ ქრისტიანი აღარავინაა, ეს არ ნიშნავს, რომ წარმართნი არიან. ამისი თავი სადღა აქვთ?

მოგვიანო დროის ევროპულმა ფილოსოფიამ უარყო ბედისწერის საკითხი. სციენტიზმისა და სამეცნიერო მესიანიზმისათვის პრედესტინაცია დიდად ხელისშემშლელი იყო. ასე იყვნენ არა მხოლოდ ევროპელი და რუსი ათეისტები და მატერიალისტები. არ არსებობს ისეთი ფილოსოფიური ან თეოლოგიური მოძღვრება, სადაც ბედისწერის სიძნელეს, სიკვდილზე ჭმუნვას თავი არ ეჩინოს.

*     *     *     *

საიიდ მუსავი ლარი თავის ლექციებში კამათობს დეტერმინისტებთან და მატერიალისტებთან, საზოგადოდ დასავლურ ფილოსოფიასთან. ის განიხილავს  ბრიტანელი ათეისტი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის (1872-1970)  მსჯელობას პირველმიზეზის არგუმენტის მცდარობაზე (მე-6 ლექცია). იგი აკრიტიკებს ფრანგ ათეისტ ფილოსოფოსს ჟან პოლ სარტრს (1905-80).  თვალსაჩინო შიიტი მოაზროვნის  ამ ლექციებში ნახსენებია თეოლოგიური ფენომენოლოგიის წარმომადგენელი რუდოლფ ოტო (1869-1937) . საიიდ მუსავი ლარი კამათობს სუნიტ ღვთისმეტყველთან აბუ-ლ ჰასან ალ-აშ’არისთან.  კამათის არსი ეხება ბედისწერას ანუ წინასწარგანსაზღვრულობას. აშარიტების სკოლას ის უპირისპირებს მუთაზილიტებსა და შიიტებს (стр. 122).  ყუმელი ღვთისმეტყველი მოიხმობს ადგილებს შიიტთა წმინდა წიგნიდან   „ნაჰჯ ულ-ბალაღადან“.

მე-19 ლექციაში საიიდ მუსავი ლარი ამბობს: „ყურანის დანაწესებსა და იმამთა გამონათქვამებზე დაფუძნებული შიიზმის ჭეშმარიტი პოზიცია, გამომდინარეობს მესამე სკოლიდან, რომელიც საშუალედო ადგილს იკავებს აბსოლუტური  წინასწარგანსაზღვრულობის მომხრეთა და ნების აბსოლუტური თავისუფლების  მომხრეთა შორის. ეს შუალედური სკოლა ხასიათდება შეუსაბამობათა არქონით. ეს შეუსაბამობანი ნიშანდობლივია აბსოლუტური წინასწარგანსაზღვრულობის იდეისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გონებას, ცნობიერებას, ყველა ეთიკურ და სოციალურ ნორმას, უარყოფს ღმრთის სამართლიანობას“ (стр. 165).

ამ ლექციის დასასრულს ირანელი ღვთისმეტყველი განმარტავს: „შიიზმის მიხედვით, ადამიანს არ გააჩნია ისეთი ნების თავისუფლება, რომელიც მას შეაძლებინებდა ემოქმედა მთელი სამყაროს მომცველი კანონებითა და ნორმებით გამოხატული ღვთის ნებისა და სურვილის საზღვრებს მიღმა. ამავე დროს, ადამიანი არაა ტუსაღი იმ მექანიზმისა, რომელიც აბრკოლებს მას აირჩიოს თავისი გზა ცხოვრებაში, რომელიც აიძულებს მას ცხოველთა მსგავსად იყოს თავისი ინსტინქტების მონა.

წმინდა ყურანი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ ღმერთმა კაცს მიუთითა ხსნის გზა. ამასთანავე კაცს არაფერი აიძულებს საიმისოდ, რომ მან იხელმძღვანელოს ხსნის გზით და არც საიმისოდ არაფერი აიძულებს კაცს, რომ შთავარდეს ცდომილებაში:              „ ჭეშმარიტად, ჩვენ ვუწინამძღვრეთ მას (პირდაპირ) გზაზე ან მადლიერს, ანდა უმადურს “ (76:3), (გიორგი ლობჟანიძის თარგმანი). მაშასადამე, ყურანი უარყოფს კაცის ნებიდან მომდინარე ქმედებათა ღმრთისადმი მიწერას“ (стр. 170).  (ეს აიათი  იგნატი კრაჩკოვსკის თარგმანში ასეა: Мы ведь повели его по пути либо благодарным, либо неверным.).

საიიდ მუსავი ლარი თავის 20-ე ლექციაში ასწავლის: „სამყაროზე ისლამური  შეხედულების მიხედვით, წინასწარდადგენილება და წინასწარგანსაზღვრულობა (ბედისწერა, ხვედრი) აღნიშნავენ შესაქმის ყველა საიდუმლოს ღვთიურ დეტერმინირებულობას. სამყაროში მიმდინარე ყველა მოვლენა, კაცის მოქმედებათა ჩათვლით, წინასწარ განსაზღვრულია ამ მოვლენათა მიზეზებით,  კაუზალობის პრინციპისადმი მათი მიყოლით.

წინასწარდადგენილება (ყადა) აღნიშნავს რაღაც დასრულებულს, შეუქცევადს, რაც დაკავშირებულია  ღვთიურ ნებასთან. წინასწარგანსაზღვრულობა (ყადარ) აღნიშნავს ხარისხს ან პროპორციას; მიუთითებს ნივთთა წესრიგზე სამყაროში და მის სისტემურ   ხასიათზე; ის გულისხმობს, რომ ღმერთმა ხილულ სამყაროს უბოძა გეგმური და სისტემური სტრუქტურა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბედისწერა არის შედეგი ღმერთის შემოქმედებითობისა იმ აზრით, რომ იგი ყოველ თავის შექმნილ ნივთზე ტოვებს კვალს.

…თავისი გეგმის განხორციელებამდე არქიტექტორი წინასწარ იზრახავს მომავალი კომპლექსის ზომებსა და კონსტრუქციას. ყურანში ამაზე ასეა ნათქვამი: „ჭეშმარიტად, ჩვენ ყოველი რამ შევქმენით ზომა-წონით“ (54: 49). „ალაჰმა დაუდგინა ყველა საგანს ზომა“ 65: 3), (გიორგი ლობჟანიძის თარგმანი). (იგნატი კრაჩკოვსკის თარგმანით 49-ე აია ასეა: Поистине, Мы ведь всякую вещь сотворили по мере!  მესამე აია კი ასე: установил Аллах для каждой вещи меру.).

ყურანის მიხედვით, ტერმინი „წინასწარდადგენილება“ (ყადა) აღნიშნავს გონიერ და ბუნებრივ აუცილებლობას, ნივთის წარმოშობის აღმნიშვნელ მიზეზს. ნათქვამი გულისხმობს, რომ ღვთიური ნება აღსრულდება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილი რაოდენობა, ნივთის პირობები და მიზეზები ეტოლებიან ერთმანეთს“   (стр. 171-2).

21-ე ლექციაში საიიდ მუსავი  ლარი ამბობს: „ერთ-ერთი დასავლელი მოაზროვნე, რომელიც არასწორად განმარტავს წინასწარდადგენილებისა და წინასწარგანსაზღვრულობის  კონცეფციას, არის ჟან პოლ სარტრი. ის მიიჩნევს, რომ   შეუძლებელია ერთდროულად იწამო წინასწარდადგენილება  და წინასწარგანსაზღვრულობა ერთი მხრივ  და  იწამო ადამიანის თავისუფლება მეორე მხრივ. ამიტომ, მის (სარტრის- გ.გ.) მიხედვით, აუცილებელია ორიდან ერთის ამორჩევა: ან ღმრთისადმი რწმენა, ან ადამიანის თავისუფლება. ის (სარტრი- გ.გ.) წერს: „თუ მწამს თავისუფლებისა, არ შემიძლია ვიწამო ღმერთი; თუ მწამს ღმერთისა, მე უნდა ვაღიარო ბედისწერის კონცეფცია და თუ მე ბედისწერას ვაღიარებ, მაშინ უარი უნდა ვთქვა თავისუფლებაზე. რადგანაც მე თავისუფლებას ვერთგულებ, არ შემიძლია ვიწამო ღმერთი“(стр. 181).

საიიდ მუსავი ლარი მსჯელობს, რომ ერთი მხრივ ბედისწერის რწმენასა და მეორე მხრივ ადამიანის თავისუფლების რწმენას შორის არანაირი წინააღმდეგობა არაა. საიიდ მუსავი ლარის თქმით, მიიჩნევს რა ღვთის ნებას უნივერსულად, ყურანი კაცს ანიჭებს მოქმედების თავისუფლებას (იქვე).

მე ერთს ვიტყვი და ჩემი საიტის მკითხველსაც შეუძლია აზრი გამოთქვას ამ უცნაურ მოვლენაზე. ჰგონებ, რომ შენსას იქმ შენივე ნებით, შენი თავისუფალი ნებით აღასრულებ რაღაც განზრახვას და თურმე ეს ბედისწერა ყოფილა. მხოლოდ აღსრულების შემდეგ ინტუიციით სწვდები, რომ  ასე გეწერა, რომ შენმა მოსაწევნმა მოაწია. ჰგონებდი, რომ ღვინო კეთილი შესვი და თურმე ისევ ძმარი გიხვრეპია. ბედისწერა თამაშობს შენთან. იმ თოჯინად გრძნობ თავს, მიმხცილ პლატონს რომ უთქვამს კაცზე თავის „კანონებში“. ეს შეგაძრწუნებს. დიდად საძნელო და მზარავი საკითხია და მისი შესამეცნებლად მოხელთება თავისებური მეთოდის მოპოვებას საჭიროებს. სარტრს ბევრი დაუწერია კაცის თავისუფლებაზე. ეს პელაგიანური თემატიკის ათეისტური გააზრებაა. სარტრი დიდი ფრანგი ათეისტების იდეური  ძე არის, რომელიც ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო თანმიმდევრული ათეისტი. მასთან კაცის პასუხისმგებლობის საკითხი დიდად გამწვავებულია. სარტრის თანახმად, ადამიანს არა აქვს ალიბი. ის თავად ირჩევს ამას თუ იმას, თავადაა ყოვლის შემოქმედი.  სარტრის ფილოსოფიიდან ღმერთი სამუდამოდ განდევნილია. მისი ფილოსოფია არის ექსტრემისტული ათეისტური პელაგიანელობა.

მხოლოდ ის გამოდგება ფილოსოფიის სარბიელზე, ვინც თავის თავზე იტყვის, რომ ის სვეუბედური თოჯინაა, ლეშის მანქანაა. ფილოსოფოსობაც ბედისწერაა. წიგნთა კითხვით კი არა, არამედ პრედესტინაციულად ანუ ბედის განზრახვით ხდები ფილოსოფოსი და ეგებები სრულ მარტოობას სამეცნავში. აზროვნების ნიჭი ის მრჩობლედი მადლია, რომელიც ბევრისთვის მაგიჟებელ ერინიად იქცა. სამღთო წიგნების კითხვამ მცირედნი აღამაღლა და მრავალნი ჭკვას გადააცდინა. ეგრე არაა, რომ საფილოსოფიო თხზულებათა ჩხრეკა კაცს უთუოდ სულის მოსაგებად შეეწევა. ამის თქმას გაურბიან. რად არ იტყვიან, რამდენი დაასნეულა ფილოსოფიამ?  მცირედნი არიან გამგებნი და ამას თავად იესუ იტყვის მრავალჯერ. ბრბოის კაცი ბედნიერი თოჯინაა და მის გულზვაობას სწორედ ეკლესიის სამოთნეო ჩიჩინი  განამტკიცებს. ის ვერასოდეს იტყვის თავის თავზე, რომ თოჯინად ჰგია ამსოფლად, უსვეო და უეტლოა. კაცს  მწუხრეულობა  უხამს და სიცილით კი განვვლის წუთისოფელს. ფილოსოფოსობა ბარაქაც (მადლი) არის და წყევლაც, შვებაც არის და ნაღველიც უნაღველესი. ფილოსოფია დიდი საცთურია, ბედის მიერ დაგებული მახეა კაცთა ცუდმედიდობის გასაცუდებლად. ფილოსოფია მაიას მეუფების გვირგვინია. ფილოსოფია ის მაგია და თეურგიაა, რომელიც კაცთ გულმოწყედ სინჯავს.

ქრისტიანობის გაჩენამდე პლატონთან დაეჯახა ერთმანეთს ღვთის ნება და კაცის თავისუფალი ნება. გვიანდელმა, დიდი დარდით შეპყრობილმა  პლატონმა შეარყია ადრეული და შუა პერიოდის პლატონი. პლატონი დაღალა ღმერთების ძიებამ. ედმუნდ ჰუსერლის  მკაცრად რაციონალური ფენომენოლოგიიდან ამოსული მარტინ ჰაიდეგერი ბოლოს ისევ იმის შემოტანასა და შემეცნებას ცდილობდა, რაც რაციონალური, კარტეზიანული ფილოსოფიის მიერ  გაძევებული იყო. ჰუსერლის ნების წინააღმდეგ ფენომენოლოგია განვითარდა ირაციონალიზმის მხარეს და ამან მოიპოვა მსოფლიო აღიარება. ჰუსერლისეულ ფენომენოლოგიურ ორთოდოქსიას დღემდე არ გამოსჩენია სახელშეძენილი გამგრძელებელი. ჰაიდეგერი ვერ იქნებოდა ჰაიდეგერი, რომ არა მისი დიდი დაშორება ჰუსერლისაგან.  ქრისტიანულმა თეოლოგიამ გამოიყენა სწორედ ფენომენოლოგიის ჰაიდეგერისეული ინტერპრეტაცია და არა თავად ჰუსერლის ფენომენოლოგია, როგორც მკაცრი მეცნიერება.ეს არ გამოადგება ღვთისმეტყველებას.  ორთოდოქსული ჰუსერლიანიზმი არ განტოტვილა. მან დღემდე ვერ ჰპოვა განვითარება.  ეს ფენომენოლოგიის ბედისწერა იყო. გაძევებულმა პრედესტინაციულმა იდეამ ასე იძია შური ჰუსერლის ფენომენოლოგიაზე, როგორც ახალ კარტეზიანელობაზე და დიდებით დაბრუნდა ფილოსოფიაში.  ეს იყო მარადიული იდეის ეშმაური რევანში ჰუსერლის საეპოქო ნაშრომებზე:  Logische Untersuchungen  I – II და  Ideen zu einer reiner Phänomenologie und Phänomenologischen  Philosophie.

ამ დროის კაცს კი შემდეგის თქმა უხამს: ორი ბანაკის დავაში გამარჯვებული ლიბერალ-კაპიტალიზმის ოცწლიანი ფალსიფიკატორობის შემდეგ ისევ მითოსის სიბრძნემ გამოაშუქა. გაღვიძებული გონების მიერ ნაშობი ურჩხულები მძინარე გონების მიერ ნაშობ ურჩხულთა უმეტესნი არიან. ესპანელი ფერმწერის მიერ ინკვიზიციის ზეობისას ნათქვამი, რომ მძინარე გონება ურჩხულებს შობს, რაც შემდეგ დიდად გავრცელდა, არაა სწორი. დიდი ომის აჩრდილი ადგას თავს მსოფლიოს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან. წუთისოფლის ბოლო ისევ ესავია.  რამდენი კაცი დაშვრა გზისა და  გეზის მპოვნელი წიგნის წერაში და ისევ სიბრიყვე ზეობს ყველგან. „რა გზითაც არ უნდა იაროს ბრიყვმა, მას აზრი არ ჰყოფნის…“ (ეკლ. 10: 3). საპატრიარქოს 1989 წლის ბიბლიით ასეა: „სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია“ (ეკლ. 10: 3). აქვე ამასაც ეკლესიასტე იტყვის: „უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს; ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში…“ (ეკლ.9: 3). Septuaginta-ში ეკლესიასტეს  ბრიყვი აღინიშნება სიტყვით- აფრონ. აქვე აფროსინე  არის სიშლეგე. აქვე, ეკლესიასტეს 9: 3- ში დუხჭირი ბედის, სიმქისისა და ხენეშების  აღსანიშნავად მოიხმარება სიტყვა – პონეროს. რუსულ ბიბლიაში ეს ასეა: По какой бы дороге не шёл глупый, у него всегда недостаёт смысла…(Еккл. 10: 3).  Это-то и худо во всём, что делается под солнцем, что одна участь всем, и сердце сынов человеческих исполнено зла, и безумие в сердце их… (Еккл. 9: 3).

Homo sapiens კი არა, არამედ homo insipiens (ბრიყვი კაცი) არის საფიქრველი. ყველგან ეს stultitia (სირეგვნე) მეფობს. ეს სიტყვა არის Vulgata-ს ეკლესიასტეში. ის იფარება სამეცნიერო ფრაზებით, ტერმინებით, კონცეფციებით, ქალების ბრძნობით. ბრიყვის სიცილი ისმის ყველგან (გელოს ტონ აფრონონ, ვითარც ბერძნული ეკლესიასტე მწუხარებს). ზარათუსტრას წიგნში ნიცშე იტყვის: Scham, Scham, Scham – das ist die Geschichte des Menschen! (სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი – ეს არის კაცთა ისტორია!).  პროტესტანტ მოღვაწეთაგან და განმანათლებელ მასონთაგან დიდად დავალებულმა დასავლეთმა დააკანონა უსამართლობა და სიცრუე. ფინანსისტი მასონების ხელში აი ეს სინამდვილე მეუფებს, რასაც ყველა ხედავს. დიდად შესახელებული თანამედროვე გერმანელი კათოლიკე ღვთისმეტყველი ჰანს კიუნგი, ვინაც ცდილობდა კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების შერიგებას და თავის ეკუმენისტურ ნააზრევში გასცდა კიდეც კათოლიკურ დოქტრინას, ამხელს დასავლეთს. ავტორიტეტული კრიტიკოსები სხვებიც არიან და მაინც ისევ ისეა ყველაფერი. აყროლდა სოფელი, დაეცა კაცი და თურმე ჯერ სადაა. ვაჟა-ფშაველას უთქვამს 1886 წელს:

„დაე, აყროლდეს სოფელი,                                                                                                                       სრულიად დაღრღნან ჭიათა…“

კარტეზიანული, ოპტიმისტური ცივილიზაცია დასრულდა. ადამის გვარის დაისი მოჰყვა განმანათლებლობის დასრულებას.  ქვეყანასა ზედა მადლის მოფენას გაძალებულნი ისწავლებოდნენ ახლანდელი მამანი, მრევლს სატანური საბჭოთა იმპერიის დამხობას ახარებდნენ და თურმე რა ყოფილა. ბოროტისა მღერანი არის ყოველსა ადგილსა ზედა. მოძღვრად დამდგარმა მღვდელმა ამ ცხოვრებისა ვერა გაიგო რა. კი ეტყვის რაბი მის გამოსაცდელად მოსულ სატანს, რომ არა მხოლოდ პურითა. ჟამმა კი დაადასტურა, რომ მხოლოდ პურითა. პურით ცხონდა კაცი და ეს ნუ დაბრალდება სატანს. მტერია ყველაფერი კაცისათვის. ყამალეკისაა ეს სოფელი. დიდი ომი ახლოვდება. ზარსა და გმინვას აღმოატევებს მიწის წიაღი. ესაია მხილველი იტყვის: „დაეცით ყიჟინა ხალხებო და ძრწოდეთ! ყური უგდეთ, შორი ქვეყნისანო! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! იარაღი აისხით და ძრწოდეთ! (ესაია, 8: 9).  ეზრა ღვთის კაცი კი მოთქვამს: „ვაი, წუთისოფელს და მისთა მკვიდრთა!“ (მესამე ეზრა, 15, 14).

მიწამ, ვითარც ხთონურმა ღვთაებამ თავისი მოითხოვა. უფსკრულის შემზარაობა წარედგინა კაცის წინაშე და მისგან სიტყვის გამოგებას ითხოვს. ცხოვრებამ უკვე მერამდენედ უგინებლად შეაგინა მათი ცხოვრება, ვინც გასული საუკუნის მიწურულს ლიბერალიზმისა და ძველი დროის მამათა სახელით მოძღვრობდა.

ძნელი სათქმელია როგორი იქნება მომავლის რევოლუცია. ის არ იქნება ათეისტური. ის იქნება სასტიკი და ხანგრძლივი. კაცი უნდა დადასტურდეს აქ განხილულ საკითხებთან მიმართებაში. მიწა ისევ მსხვერპლს მოითხოვს.  ეს ისე ვერ იქნება, როგორც ტრეფარეტულად იტყვიან, რომ „მსოფლიო ცვლილებებს საჭიროებს“. ეს არ იქნება wind of change (ცვლილების  ქარი), რაც ლიბერალთა ცნობილი გამოთქმაა. დიდი ქარიშხალი იქნება და ახვეტს ლიბერალთაგან როგორ არ ნაქებ ამ სოფელს.

დასასრულ ვიტყვი, რომ „ჰარი პოტერის“ ცუდი კრიტიკის გამო დაწერილ ჩემს ესსეში (2005 წ.) დავაყენე საკითხები, რომელთა განსახილველად აქამდე  ვერვინ აღვძარი. სასულიერო აკადემიაში ნასწავლმა ორმა  კაცმა, რომელთაგან ერთი მღვდელია, მეორე კი მწერალი და ფილოსოფოსი, სალიტერატურო გაზეთის ორ ნომერში ვეება წერილი გააშანშალეს ზღაპრის ავტორის, ჯოან როულინგის გასაქიაქებლად. მათ  ვრცელ ნაკალმევში ერთი წინადადებაც არაა ხელმოსაჭიდი და ყურადსაღები.ამაოდ დაშვრა ორი კაცი, ვითომ მართლმადიდებლობასა და მის ღვთისმეტყველებას რომ იცავდნენ. სად ჩანს მათი სასულიერო აკადემიაში განსწავლულობა? ეს არის ტიპური ქართული მოვლენა. ამავე სალიტერატურო გაზეთში მისი რედაქტორის მიზეზით  მე ხუთწინადადებიანი გამოხმაურებაც ვერ გამოვაქვეყნე. რედაქტორსაც სწორედ ეს მოჩვენებითი რჯულიერება ეთნებოდა. ასეა ქართული  გამოცემების უმრავლესობა.

„ჰარი პოტერზე“ დაწერილ ესსეში დაყენებული საკითხების გაგრძელებაა  ჩემი თერიონის ვარდი (2009 წ). დავსვი დიდი, აქამდე გამოუთქმელი კითხვები, რომელნიც დგანან თეოლოგიისა და ფილოსოფიის მიჯნაზე და ვერვინ ამყვა. ერთი რომელიმე თემის განხილვაშიც კი ვერვინ ამიბა მხარი. ვითომ ფილოსოფოსობენ, რაღაცას ეძებენ, ჟურნალისტებს ეთაღლითებიან და გაზეთებში ჭკუას აბნევენ. სხვა არც რა შეუძლიათ.

P.S.

ეს ტექსტი არის მეორე რედაქცია ბედისწერის საკითხისა. პირველი რედაქცია  იყო 30 გვერდი და  გახდა 104  გვერდი. მისი განვრცობა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ეს ნაშრომი  მცირე ხანში  საიტზე ასობით  ვიზიტორმა წაიკითხა და მას ჰქონდა დიდი რეზონანსი. უღრმესი მადლობა ყველა მკითხველს, განსაკუთრებით ბერებს,  ვინც შეიმსჭვალა აქ დაყენებული საკითხებით და ხმა მომაწვდინა თავისი აზრის გამოსათქმელად. კარგია, რომ ვიეთნი აქაც ლამობენ იფიქრონ სიკვდილსა და მის შემდგომ ხვედრზე. აქ გამოთქმული მსჯელობანი არის გაგრძელება იმისა, რაც იუდას ფენომენოლოგიაში ვთქვი. ეს   ნაშრომი იყოს ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს განსჯანი ბედისწერასა და სიკვდილზე, ქრისტეს არსებაზე. ნიმუში იმიტომ, რომ აქ დაყენებული ბევრი საკითხი აქამდე არვისგან განსიტყვებულა.

ვცდილობ შემოვიტანო ავგუსტინეს პრობლემატიკა ქართულ საფილოსოფიო ასპარეზზე ისე, რომ ამას მოჰყვეს აზრის განცხოველება. ავგუსტინეზე რაც თქმულა ფილოსოფიის ისტორიის წიგნებში, ეს მხოლოდ კატალოგური ჩამონათვალი და ფაქტების კონსტატაციაა. არ გამოვა ავგუსტინეს იგნორირება, რახან ის ლათინურენოვანი ავტორი და კათოლიციზმის შუქურაა. ის ყველასია და არა მხოლოდ კათოლიკეებისა. ის მოუწოდებს ყველას არა განყოფისაკენ, არამედ ერთობისაკენ. კარგი იქნება მოეწყოს ავგუსტინეს დღეები და სიტყვა უპირველესად ქართლში მყოფ კათოლიკე მოძღვრებზე იყოს. ამისთვის არაა აუცილებელი მრგვალი თარიღის ლოდინი.

აგვისტო, 2012
ამ ნაშრომის პირველი ვერსია გამოვიდა ჟურნალში “პარალელი” (N 5, 2013)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s