Laissez-faire capitalism-ის დასასრულისათვის


თავი  I

ყოველთვის შინაგანად ვეწინააღმდეგები მითითებას ანგლოსაქსურ ლიტერატურაზე. უნდო თვალით ვუცქერდი აგურის სისქე ბრიტანულ-ამერიკულ წიგნებს თავისუფალ ბაზარსა და ლიბერალურ ეკონომიკაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მის დემოკრატიულ ღირებულებებზე.  ეს  წიგნები არის invidious, საძულველი მათი უსამართლობისათვის. ყოველთვის მესმოდა, რომ ფალსიფიკაცია იყო ეს ყველაფერი, რომლის მსგავსი აქამდე არ ყოფილა ადამიანის ისტორიაში. საბჭოთა იმპერიის დროს და მისი დაშლის შემდეგ, თავისუფალი ბაზრის სახელით განსჯა იყო დასავლეთის  ultima ratio (გადამწყვეტი საბოლოო არგუმენტი), რათა ხალხები დაერწმუნებინათ ნეოლიბერალიზმისა და ლიბერტარიზმის ერთადერთობაში.  სულ იდეების გენერირებაზე მოლაპარაკე დასავლეთს სხვა იდეა არ უშვია განვლილ ოცწლედში. ეს ლესე ფერ, ლესე პასე-ს (Laissez faire, laissez passer-მოქმედების თავისუფლება და ჩაურევლობა საქმის მსვლელობაში) აპოლოგია პოსტსაბჭოთა გარემოში იყო argumentum ad hominem (გრძნობაზე მოქმედი არგუმენტი, რომელიც მიუკერძოებელ მსჯელობას ვნებს). ახლანდელ ეკონომიკურ-ფორმაციულ კრიზისს წინ უძღოდა მრავალწლიანი იდეური კრიზისი, რომლის დანახვა დასავლეთს პრინციპულად არ სურდა. დასავლური პოლიტიკური სისტემა იყო და არის კაპიტალის მსახური და უკვე ესაა საკმაო საფუძველი, რომ ადამიანი შეეჭვდეს დასავლური პოლიტეკონომიური და ფილოსოფიური დისკურსის სისწორეში. აქ მივმართავ უილიამ გრეიდერის  800-გვერდიან  ნაშრომს ამერიკული ბიზნესის ქრონიკებზე: William Greider. Secrets of the Temple: How the Federal Reserve Runs the Country. A Touchstone Book. 1987.  ავტორი  ამბობს, რომ 200 წლის განმავლობაში ამერიკა მოხერხებულად უვლიდა გვერდს დემოკრატიასა და კაპიტალიზმს შორის არსებულ წინააღმდეგობას (p. 714). აქვე გრეიდერი მიმართავს ამერიკელი სოციოლოგის ტორსტაინ ვებლენის (Veblen)  (1857-1929) ნათქვამს, რომ ფული იყო ამერიკელთა ცხოვრებისეული კრედო, რომელიც ყველაფერზე მაღლა იდგა (p. 717).  ცოტა ზემოთ კი ნათქვამია, რომ დემოკრატიული კაპიტალიზმით შექმნილ ამერიკულ კულტურაში ფული იყო წმინდა ტოტემი (p. 716).

ცდომილება და ორაზროვნება, რაზეც თავიდანვე უნდა ითქვას, არის ის, რომ ლიბერალ-კაპიტალისტები საბჭოთა სოციალიზმის კრიტიკისას მარქსიზმ-ლენინიზმს უპირისპირებდნენ ლიბერალურ უტოპიას და არა ნეოლიბერალიზმის სინამდვილეს დასავლეთში. ლიბერალური უტოპიის ქება ყოველდღე ისმის. ადამიანს ჰპირდებიან ყველაფერს. ამავე დროს, ლიბერალები მათი სოციალისტი ოპონენტის უტოპიურ ცნობიერებას აკრიტიკებენ და ყველას მოუწოდებენ იყვნენ რეალისტები და პრაგმატისტები.  კაპიტალისტური უტოპია, როგორიც შექმნა ბაზრის აპოლოგეტმა  მწერალმა ქალმა, აინ რენდმა (Ayn Rand), (ალისა როზენბაუმი)  (1905-82), განუხორციელებელია. ათეისტისა და ფემინისტის, აინ რენდის რომანების პოპულარობის პიკი შესრულდა  90-იანი წლების ბოლოს. ამერიკელთა შორის XX საუკუნის 80-იან წლებში პოპულარობის რეიტინგით ბიბლიის შემდეგ რენდის წიგნები პირველ ადგილზე იყო. კაპიტალიზმის ბიბლია იყო მისი რომანი „ატლანტმა მხრები გაშალა“.  რენდს კაპიტალიზმი შედარებული ჰყავს ამ მითურ ტიტანთან. ამ რომანის გამო ლუდვიგ ფონ მიზესმა აინ რენდს წერილი მისწერა. ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს მის მიხედვით- Atlas shrugged. ნეოკონსერვატორ ჯონ აიკენბერისათვის ლიბერალ-კაპიტალიზმი ლევიათანია. მის ანალიტიკურ ნაშრომსაც ასე ეწოდება: John Ikenberry.  Liberal Leviathan: The Origins, Crisis, and  Transformation of the American World Order. Princeton University Press2011.

მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის შეცნობისა და ახსნისათვის არ გამოდგება 90-იანი წლებიდან დღემდე დაწერილი ათეულობით  Economics-ი. კრიზისის გასაგებად შემწეობა არ იპოვება აწ გარდაცვლილი ნობელიანტი ეკონომისტის (დაჯილდოვდა 1991 წელს), რომელიც ანგლოსაქსურ ქვეყნებში XX საუკუნის უდიდეს ეკონომისტადაა მიჩნეული, პოლ სემუელსონის (1915-2009) (ბაზრის მისტიფიცირება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მისი სახელის ხსენებითა და მის Economics-ზე  მითითებით დაიწყო),  ასევე კემპბელ მაკკონელის და  სტენლი ბრიუს, მაიკლ ჰათის (Hutt) და თომას სფეჰის (Speh), მაიკლ ფარქინის (Parkin), დევიდ კოლენდერის  და სხვათა ეკონომიკსებში. ამის პასუხი არაა არც გრეგორი მენქიუსა და სხვათა სახელმძღვანელოებში. სახელოვან საბაზრო მოძღვართა და მონეტარისტული ეკონომიკის დიდაქტიკოსთა თხზულებანი ვერას ამბობენ სადღეისო ვითარებისათვის. არ იპოვება პასუხი სტივენ როსის, რენდოლფ უესტერფილდის, ჯეფრი ჯეფის ცნობილ ნაშრომში „კორპორაციული ფინანსები“. არას იტყვის ჯიმ კრამერისა და ქლიფ მეისონის  ბესტსელინგი ფინანსების განკარგვასა და ინვესტიციებზე.  მათი წიგნი Stay mad for life  2007 წელს გამოვიდა. ღიმილს მოგგვრის ავტორების ჩამოთვლილი ფულის დაბანდების 20 ახალი წესი თავისი განმარტებებით. აქ ნახსენები წიგნებიდან ბევრი რამდენჯერმე გამოიცა და სამეცნიერო ეტალონად იყო მიჩნეული წლების მანძილზე. ბევრზე ბევრი გააკეთა ნეოლიბერალიზმმა, რომ მარქსისტული პოლიტეკონომია უაზრობად წარმოეჩინა. უცნაურობა კი ისაა, რომ სწორედ მარქსიზმში იპოვება ბევრი პასუხი კაპიტალიზმის მიმდინარე კრიზისზე. მარქსისეული დამატებითი ღირებულების (Mehrwert)  თეორია კვლავ გამოსადეგია. მაიკლ ჰარდტი და ანტონიო ნეგრი თავის წიგნში „იმპერია“ წერენ, რომ კაპიტალისტური ექსპანსიის მარქსისეული ანალიზი არის მთავარი კრიტიკის მთელი ტრადიციისათვის. Michael Hardt, Antonio Negri. Empire. Harvard University Press. 2000, p. 221.   აქვე ქვემოთ ჰარდტი და ნეგრი საუბრობენ ლენინის, როგორც მარქსისტის ანტიციპაციაზე (წინასწარ განჭვრეტა) (p. 232).

ჟურნალ Time-ში (February 2, 2009)  პიტერ გამბელი (Gumbel) ანალიტიკური წერილის დასაწყისში აღნიშნავს, რომ მარქსის ნაშრომი  Das Kapital გერმანის ბესტსელერების ნუსხაში იყო ცხრა კვირის განმავლობაში… ამ მძიმე ეკონომიკურ დროს (p. 41).

მარქსისტული ეკონომიკური თეორია კვლავ ადასტურებს თავის სისრულეს. პოპერების, ჰაიეკების, ფუკუიამების და ლუმანების მირიადი ნახევარ მარქსს ვერ დაეტოლება. თუ მარქსი იყო უზნეო, ბოროტი გენია, რომელი დასავლელი ეკონომისტია მასზე ზნეობრივი? მილტონ ფრიდმენი თუ სხვები? მკითხველი ნუ გაიკვირვებს ტერმინ „პოლიტიკური ეკონომიის“ გამოყენებას. ის მოატყუეს 90-იან წლებში, რომ ეს ვითომც აბსურდული ტერმინი მხოლოდ მარქსისტულ თეორიაში მოიხმარებოდა. ვინ აღარ იმტკიცებოდა, რომ პოლიტეკონომია ფიქციური ცნებაა, მარქსიზმ-ლენინიზმის რელიქტია. ამის მტკიცება უმეცრება იყო. ტერმინი political economy დასავლურ მეცნიერებაში უწყვეტად მიმოიქცევა. აქ რომ წლობით ქილიკობდნენ ამ ტერმინის გამო 90-იან წლებში, იმავე დროს და შემდგომ  XXI  საუკუნის დამდეგს დასავლეთის ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს ტერმინი სულ მოიხმარებოდა. ამ შემაეჭვებელმა გარემოებამ ვერ დააფიქრა ლიბერტარიზმისა და მონეტარიზმის პროვინციელი აპოლოგეტები. ისინი ქილიკს განაგრძობდნენ. მაგალითისათვის, 1995 წელს გამოსულ ჯეფრი ფრიდენისა და დევიდ ლეიკის ცნობილ წიგნს პოლიტიკური ეკონომია ეწოდება. Jeffry A. Freiden  and David A. Lake.  International Political Economy: Perspectives on Global Power and Wealth. St. Martin’s Press. 1995. დასავლეთში ასევე მოიხმარებოდა იდეოლოგიის ცნება. აქ კი ამ ცნებას ტოტალიტარიზმის გადმონაშთად მიიჩნევდნენ და ისიც განდევნეს. ნეოლიბერალური მონეტარიზმის დამცველი იყო აშშ-ს რესპუბლიკური პარტია, რომლის ფერი წითელია. აქ ბოლშევიკების წითელ ფერზე დიდხანს ილაყბეს („წითელი სატანისტებისა და გიჟების ფერია“ და მისთანანი). ცუდი ის იყო, რომ მარქსისტული პოლიტეკონომიის გმობა ამ დონეს არ გასცილებია. წითელი ფერი განდევნეს მონეტარიზმის პროვინციელმა ადეპტებმა ისე, როგორც ინკვიზიტორებმა განდევნეს პროტესტანტული ბიბლია ევროპის რელიგიური ომების დროს. წითელი ფერი დააბრუნა დასავლურმა დიზაინმა ამ საუკუნის დამდეგს. ამაზე კი ვერაფერი თქვეს. 1987 წლის 19 ოქტომბერს, როცა საბჭოთა კავშირში გორბაჩოვისეული გარდაქმნის დოქტრინა ძალას იკრებდა, აშშ-ში მოხდა დოუ-ჯონსის ინდექსის ყველაზე დიდი ვარდნა, რამაც შეარყია კაპიტალიზმის საფუძვლები. ეს იყო საფონდო ბაზრის კოლაფსი. ამ დღეს ეწოდა შავი ორშაბათი. იუდაისტი ალან გრინსპენი უკვე იყო FRS-ის (ფედერალური სარეზერვო სისტემა) თავმჯდომარე (1987 წლის აგვისტოდან).  99 წლის წინათ, 1913  წლის 23 დეკემბერს დაფუძნდა FRS  ვუდრო ვილსონის მიერ და ის ასრულებს აშშ-ს ცენტრალური ბანკის ფუნქციებს. ამა წლის 23 დეკემბერს იწურება ვადა FRS-ის მიერ დოლარის ბეჭდვის უფლებისა.  მისი საიტია:  http://www.federalreserve.gov  .  გრინსპენმა ამ პოსტზე შეცვალა პოლ ადოლფ ვოლკერი (Volcker),   რომელიც ახლა  აშშ-ს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკის აღდგენის საკონსულტაციო საბჭოს (The President’s  Economic Recovery Advisory Board) (შეიქმნა 2009 წლის თებერვალში) თავმჯდომარეა. გრინსპენი კი ამ პოსტზე შეცვალა ასევე იუდაისტმა ბენ შალომ ბერნანკემ. იგი ეკონომიკის თეორეტიკოსიც არის.  მან 90-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა ფინანსური აქსელერატორის თეორია, რაც ნეოკეინსიანელობის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა,  და აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკური პროფილის ჟურნალებში. მაშინ კაპიტალიზმის მიმართ მესიანისტური მოლოდინი გაჩნდა საბჭოეთში. სოციალიზმის ღალატი პოლიტბიუროსა და ГБ-ს მიერ გადაწყვეტილი იყო. შავი ორშაბათის კარგი ანალიზი 1987-8 წლების საბჭოთა ეკონომიკურ ლიტერატურაში ძლივს მოიძებნება. მაშინ დისიდენტების მიერ ბაზრის ტრაფარეტულ აპოლოგიას უფრო ყურად იღებდნენ, ვიდრე 1987 წლის ოქტომბრის  რყევას. ჯორჯ სოროსი თავის სტატიაში ამბობს, რომ კრახის დადგომას მოელოდნენ იაპონიაში და არა აშშ-ში, რაშიც ყველანი შევცდითო. სოროსი ადარებს „შავ ორშაბათს“ 1929 წლის საბირჟო კრიზისს და საყურადღებო დასკვნები გამოაქვს. Джордж Сорос. После „чёрного понедельника“ (1987). (www.bull-n-bear.ru/articles/?articles=soros1 ).

ეკონომიკის ისტორიის თანახმად, პირველი გლობალური ფინანსური კრიზისი, რამაც გამოიწვია სუვერენული დეფოლტები მრავალ ქვეყანაში, მოხდა 1825 წელს ინგლისში. ინდური წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი რავი ბატრა ეკონომიკურ ფორკასტერად გამოდის, როცა მან განჭვრიტა 1987 წლის 19 ოქტომბრის კრიზისი და ზუსტად მიუთითა მისი დადგომის ვადა:    Ravi Batra. The Great Depression of 1990. Simon & Schuster. 1987.  ამერიკული ფრიტრეიდერული ეკონომიკის გასაგებად გამოსადეგია ბატრას წიგნი:  Dr. Ravi Batra. The Myth of Free Trade: A Plan for America’s Economic Revival. Charles Scribner’s sons. 1993.  

იდეოლოგიური დივერსიის გამო შეცვალეს პოლიტეკონომია ეკონომიკსით. ყველა ეკონომიკსი ანგლოსაქსური მესიანიზმის ეგზეგეზაა.  ეს მუდამ მხედველობაში საქონია. ყველა ეკონომიკსი კალვინისტური სოტერიოლოგიის დამატებაა. პოლიტეკონომიის ცნებას ისევე მოიხმარდა დასავლეთი, როგორც ის ფარულად ხელმძღვანელობდა კეინსიანური რეგულატორული მეთოდებით ბანკების საქმიანობაში. დასავლეთის ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტები კეინსს ეყრდნობოდა მაშინაც კი, როცა რეიგანომიკის ტრიუმფზე იყო ლაპარაკი 1980-იანი წლების ბოლოს. ტეტჩერიზმი და რეიგანიზმი რაფინირებული ეკონომიკური ბლეფი იყო. სხვათა გასაცურებლად უარიყოფოდა ბაზრის რეგულირების თეორია. აშშ-ს 1987 წლის საფონდო კრახის შედეგების დაძლევას, ასევე 90-იანი წლების დასაწყისის კრიზისის დაძლევას კეინსიანური მეთოდებითა და  რეცეპტებით ცდილობდა აშშ-ს ფედერალური მთავრობა.  კრიზისის საფრთხის ჩავლისას კი ეს მეთოდები და რეცეპტები უარიყო. „კეინსის დემონთან ბრძოლა“ და სრულიად დერეგულირებული ბაზრის იდეა იყო მონეტარისტული, ლიბერტარიანული პროპაგანდა და სატყუარა, რითაც ორივე ფეხით დაიბორკა ანტისაბჭოელი დისიდენტების ლაშქარი, ასევე რუსეთის პოლიტელიტა გორბაჩოვის და  ელცინის დროს. რეიგანომიკის ცნება მანტრა იყო იმ დროის მედიაში. ანგლოსაქსი მონეტარისტების ამ სატყუარამ ვერაფერი ავნო ჩინეთის კომუნისტურ პოლიტელიტას. ამის პოზიტიურ შედეგს მსოფლიო ხედავს. ჩინეთი დენ სიაოპინის დროიდანვე ადგა პროტექციონიზმისა და სახელმწიფო გეგმური კაპიტალიზმის გზას. ჩინეთი სუსტი იუანის პოლიტიკას იცავს, რაც ამერიკას ჩინეთთან კონკურენციას უძნელებს. ამის გამო ობამამ რამდენჯერმე მიმართა ჩინეთს. დასავლეთი მოითხოვს იუანის რევალვაციას. 50-60-იან წლებში გერმანია და იაპონია  ხელოვნურად ადაბლებდნენ საკუთარი ვალუტების კურსს. ამერიკამ აიძულა ისინი უარეყოთ ეს პრაქტიკა. დამარცხებული და ოკუპირებული  ქვეყნები იყვნენ გერმანია და იაპონია და სხვა გზა არ ჰქონდათ. ჩინეთს კი ვერ აიძულებს ამერიკა.  ათობით წიგნი დაიწერა აშშ-ში China rising-ზე (ჩინეთის აღმასვლა). ამერიკულ think tank-ებში (კვლევითი ცენტრები) შეისწავლიან ჩინეთის ეკონომიკურ მოდელს. მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის მიუხედავად, ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო ვაჭრობის პროფიციტის ზრდა არ შეწყვეტილა. ორივე აზიური ქვეყნის გარევაჭრობის აქტიური სალდო ზრდადია და ამას თავად დასავლელი ანალიტიკოსები ადასტურებენ. 1998 წლიდან გამოქვეყნდა უამრავი ნეგატიური პროგნოზი ჩინეთის რეცესიაზე, მის hard landing-ზე (მიწაზე მძიმე დაშვება)  და პირიქით კი მოხდა. რეცესია დასავლეთში დაიწყო და გრძელდება. ძნელად მოსაძიებია, თუ რამდენად დამოკიდებულია ჩინეთი ამერიკული პლუტოკრატიის მიერ შექმნილ გლობალურ საბანკო სისტემაზე. უცხოელებისათვის ჩინეთის საფინანსო და საბანკო სისტემა შეუღწეველია. რა კარგი ახსოვთ ჩინელებს დასავლელი კოლონიზატორებისგან, რომ მათ დასავლელ ინვესტორებს კარი გაუღონ? ჩინეთს აქვს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების გაზრდილი პორტფელი. ამ ქაღალდებზე რომ ჩინეთმა უარი თქვას, ამას მსოფლიო საფონდო ბაზრის დიდი რყევა მოჰყვება. ჩინეთისა და ინდოეთის მაგალითი სახელმწიფო კაპიტალიზმის  სასარგებლოდ მეტყველებს.

ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა  საზოგადო მითითებად აქციეს სახელმწიფო კონტროლისგან ეკონომიკის განთავისუფლება. ამის მეტი მათ არა უთქვამთ რა. დღემდე კეინსის ერთი ნაშრომიც არა აქვთ მათ წაკითხული. ახალი პოსტსაბჭოთა პოლიტელიტა თავიდანვე გადაიქცა ანგლოსაქსი ლიბერტარიანელი ექსპერიმენტატორების გავლენის აგენტად. ამის ნეგატიურ შედეგს მსოფლიო ხედავს.

ნობელიანტი ეკონომისტის, ლიბერტარიანიზმის დიდი ადვოკატის,  პინოჩეტის  მრჩევლის და ჩილეს ეკონომიკური სასწაულის მომგონი მილტონ ფრიდმენის, ასევე   laissez-faire-ს (თავის ნებაზე მყოფი ბაზრის) დიდი აპოლოგეტის, ნობელიანტი  ფრიდრიხ ავგუსტ ფონ  ჰაიეკის, ოლივიე ბლანშარის, ირვინგ ფიშერის,  დევიდ ბოუზის (Boaz) მონოგრაფიები ვერ პასუხობენ კითხვას: რა არის კაპიტალიზმის კრიზისის მიზეზი და რატომ ჩაფლავდა ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპი  laissez faire, laissez passer  (ბაზრის საქმიანობაში სახელმწიფოს ჩაურევლობა) თავად ამერიკაში. ჰაიეკის, ფრიდმენის და მათ მიმდევართა ნათქვამი  იყო verba magistri (ავტორიტეტული მოძღვრის სიტყვები). 30-წლიანი ნეოკონსერვატორული დომინირება (სამი ათეული წელი გრძელდებოდა ბაზრის დერეგულაციის პროცესი) ამერიკის და მთლიანად დასავლეთის ეკონომიკაში განსაზღვრა ამ ორმა ნობელიანტმა მონეტარისტმა – ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა (1899-1992) და მილტონ ფრიდმენმა (1912-2006). ფრიდმენის თანამოაზრე იყო ევროპელი ებრაელი ანა შვარცი (გარდ. 2012  წლის ივნისში), რომელმაც ფრიდმენთან თანაავტორობით რამდენიმე წიგნი დაწერა. მონეტარიზმის სათავეებთან ჰაიეკთან ერთად იდგა მისი თანამედროვე ბრიტანელი ეკონომისტი  რალფ  ჯორჯ ჰოუტრი (Hawtrey) (1879-1975),  ვინაც გასული საუკუნის 10-იან წლებში შეიმუშავა ციკლური რხევების თეორია. ჰაიეკმა უფრო გაითქვა სახელი, ვიდრე ჰოუტრიმ. ეს უკანასკნელი მხოლოდ ეკონომისტთა ვიწრო წრეშია ცნობილი. დღეს ადამიანი დადგა ფაქტის წინაშე. ეს არის systemic failure of academic economics (აკადემიური ეკონომიკის სისტემური მარცხი).  ამერიკელი იურისტი და ეკონომისტი რიჩარდ პოზნერი წერს კაპიტალიზმის მარცხზე: Richard A. Posner.  A Failure of Capitalism. The Crisis of 08 and the Descent into Depression. Harvard University Press. 2009. (კაპიტალიზმის მარცხი. 08 წლის კრიზისი და დეპრესიაში წიაღსვლა).

ჟერარ დუმენილმა და დომინიკ ლევიმ გამოსცეს წიგნი „ნეოლიბერალიზმის კრიზისი“. Gérard Duménil  and Dominique Lévy : The Crisis of Neoliberalism. Harvard University Press. 2011.

ცნობილი ეკონომიკური ფორკასტერი ნურიელ რუბინი (Nouriel Roubini) ვერაფერ დამაიმედებელს ვერ ამბობს დასავლეთის ეკონომიკაზე. ამის გამო მას შეერქვა  Mister Doom (დაღუპვა, წერა). რუბინი ხშირად არის ანალიტიკურ გამოცემებსა და თემატურ გადაცემებში.

2009 წელს გამოვიდა ლარი ელიოტისა და დენ ატკინსონის  წიგნი „ ღმერთები, რომელნიც დამარცხდნენ. როგორ დაგვიჯდა ჩვენი მომავლის ფასად ბრმა რწმენა ბაზრისადმი“. ამ წიგნის გარეკანზე გამოსახულია ოქროს ხარი, რაც ბიბლიურ ოქროს ხბოს განასახიერებს. Larry  Elliott & Dan Atkinson.  The Gods that Failed. How Blind Faith in Markets Has Cost Us Our Future. Nation Books. 2009.

უილიამ გრეიდერის შესავალით გამოვიდა კატრინა ვანდენ ჰეუველის წიგნი „განქარება. როგორ დაანგრია სიხარბემ და კორუფციამ  ჩვენი ფინანსური სისტემა და როგორ შეგვიძლია ძალთა აღდგენა“. Katrina Vanden Heuvel. Meltdown. How Greed and Corruption Shattered our Financial System and How we can Recover. Nation Books. 2009.

რასაც დღეს ამერიკელი და ევროპელი ეკონომისტები ამბობენ კაპიტალიზმის მარცხსა თუ დასასრულზე, ეს არის დადასტურება მარქსისტული დებულებისა, რომ კაპიტალიზმი ოდესღაც დაეცემოდა. ჯონ ფერკინზმა თავის ცნობილ აღსარებაში სხვა კი არაფერი თქვა ისეთი, რაც საბჭოთა მოქალაქემ 50-80 წლების საბჭოთა ეკონომისტების წიგნებიდან არ იცოდა. დასავლურ ფინანსურ იმპერიალიზმზე ბევრზე ბევრი დაიწერა იმ წლებში და მერე ეს ყველაფერი ისე მიივიწყეს, როგორც ბოლშევიკების იდეოლოგიური მონაჩმახი. შემდეგ კი იგივე თქვა თავად დასავლელმა ეკონომისტმა ფერკინზმა. 60-იან წლებში დაბადებულ ჩემი თაობის მკითხველს შეუძლებელია სკოლიდანვე არ ახსოვდეს ვანდერბილტების, გულდების, დიუპონების, მორგანების, მელოუნების, როტშილდების, ასტორების და სხვა ამერიკული ოლიგარქიული დინასტიების გვარები. ახლაც  მათი შთამომავალი თვითნებობს და ბატონობს. დახურული კლუბები, ერთობ გასაიდულოებული თათბირები განსაზღვრავენ ვინ რომელ პოსტზე დაინიშნება სახელისუფლო პირამიდის ზემოთა მხარეს. რისი დემოკრატია?  25 წელი შესრულდა, რაც ამ სისულელით ატყუებენ მილეთის ხალხებს. პოსტსაბჭოთა ჰუმანიტარისტიკაში მოხდა ამერიკანიზმის  მითოლოგიზება. მაშინდელი ნაწიგნი და ნაგაზეთარი მათივე ავტორების შემარცხვენლად და მაბითურებლად დაიდო. რას იმტკიცებოდნენ წლობით, რის ქადაგად იყვნენ დამდგარნი და აგერ ბოლოს. სიცრუე გამოდგა სოციალიზმთან შედარებით  დასავლეთის ზნეობრივ აღმატებულებაზე ლაპარაკი.

აიღე მკითხველო საქართველოში გამომავალი ინგლისურენოვანი ბანკების გაზეთები და გაიკვირვებ, რა ტყუილები წერია. ვითომც არაფერი ხდება. ისევ ის ტრიუმფალიზმი, ივენთები და დაჯილდოებები, სიცილი და მღერა, ტიტველი ქალების სურათები, მქუხარე სტატიები კრიზისიდან გამოსვლაზე.  ვაი პროვინციელთა ზვაობასა და ეგოტიზმს.

დიდი ხანია მონეტარისტები ნიშნის მოგებით  მსჯელობდნენ მარქსიზმის სისტემურ მარცხზე და market economics-ის ერთადერთობასა და მის ჭეშმარიტებაზე. ეს failure მხოლოდ მონეტარისტული ეკონომიკის სიკოტრე კი არა, არამედ კაპიტალიზმის ფორმაციული მარცხია. The King is naked! (მეფე ტიტველია!). სისტემას უნდა წაეყენოს კლეიმსები (პრეტენზიები) და არა საინვესტიციო კომპანიებს, არა ქსელურ ტრეიდერებს (Enron,  Vivendi და სხვა ბანკროტები), არა ათობით და ასობით ჰეჯ-ფონდებს, არა სუბსტანდარტული კრედიტების ინდუსტრიის წარმომადგენელ სპეკულანტ ფინანსისტებსა და ბროკერებს, ვინც მოიგონა მთელი ეს  ფინანსების ალქიმია (ეს ჯორჯ სოროსის გამოთქმაა). კრიზისმა პოლიტიკური yesman-ობის (კონფორმიზმის)  და აკადემიური ფალსიფიკაციის გარდა აჩვენა სამეცნიერო და ბიზნეს წრეებში აქამდე ავტორიტეტული ეკონომისტებისა და ფინანსისტების არაკომპეტენტურობა და უცოდინრობა. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა (Zoellick)  (2012 წლის 30 ივნისიდან მომდევნო პრეზიდენტი არის ჯიმ იონ კიმი) თქვა: „მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ რეცესიული განმეორებითი მკვეთრი ვარდნა მსოფლიოს მთავარ ეკონომიკებში ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ  ჩემი სიმტკიცე ამის დაჯერებაში ყოველდღე ქრება (I still think a double-dip recession for the world’s major economies is unlikely, but my confidence in that belief  is being eroded daily.) ჟურნ. Survival.Vol.53, no.6. December 2011-January 2012, p.14.  აქვე მოყვანილია კანცლერ ანგელა მერკელის სიტყვები: „არავინ უნდა იფიქროს, რომ მომდევნო 50 წელი მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველყოფილია. ეს ასე  არაა.“  (No one should think that a further half century of peace and prosperity is assured. It isn’t.) (ibid.).

ბენ ბერნანკემ აღნიშნა ფილ ენჯელიდისის კომისიის ოფიციალურ მოხსენებაში, რომ 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერი იყო  the worst financial crisis in global history, including the Great Depression (ყველაზე უარესი ფინანსური კრიზისი მსოფლიო ისტორიაში, დიდი დეპრესიის ჩათვლით) და განაგრძობს, რომ აშშ-ს 13 უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტიდან 12 დადგა ბანკროტობის რისკის წინაშე. The Financial Crisis Inquiry Report. Final Report of the National Commission on the Causes of the Financial and Economic Crisis in the United States. Official Government Edition. January 2011. Washington, 2011,  XXVIII+ 633 p., p. 354. (www.fcic.gov).

ამ ვრცელ მოხსენებაში, რომელიც მითითებულ წყაროებთან ერთად შეადგენს 633 გვერდს, ბენ ბერნანკე მუდმივად ფიგურირებს. ამ სამთავრობო დოკუმენტის მეორე ნაწილის მეორე თავში განიხილება shadow banking (ჩრდილოვანი ბანკინგი), შემდეგ თავში კი-სეკურიტიზაცია და დერივატივები. მეოთხე ნაწილის მე-17 თავში განიხილება Fannie Mae-სა და  Freddie Mac-ის ბანკროტობა, მე-18 თავში –  Lehman Brothers-ის ბანკროტობა, მე-19 თავში AIG-ის ბანკროტობა. ეს სამთავრობო მოხსენება დიდად საგულისხმო საბუთია ნეოლიბერალიზმისა და ლიბერტარიზმის  ფიასკოს გასაგებად. დასაწყისშივე წერია, რომ  2007-08 წლების არსებითი მოვლენები იყო არა გზის უსწორობანი (bumps in the road) ან  გამოკვეთილი გადახრა (accentuated dip) საფინანსო ბიზნესის ციკლებში, რომელთაც ვუკავშირებთ თავისუფალი ბაზრის ეკონომიკურ სისტემას. ეს იყო ძირეული დარღვევა (fundamental disruption)… ფინანსური გადატრიალება (upheaval), რომელიც გადაიქცა თემებისა და რაიონების განადგურებად (havoc) მთელ ქვეყანაში (p. xv). შემდეგ ლაპარაკია 26 მლნ. უმუშევარი ამერიკელის ბედზე და წერია, რომ ამ კრიზისის შედეგები  შესაძლოა აისახოს მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში (p. xvi). შემდეგ კი ნათქვამია, რომ ჩვენი მისია არის პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას (ეს კურსივითაა გამოყოფილი): როგორ მოხდა, რომ 2008 წელს ჩვენი ქვეყანა იძულებული იყო ორი ალტერნატივიდან  აერჩია- ან ჩვენი საფინანსო სისტემის ტოტალური კოლაფსის რისკი, ან გადასახადების გადამხდელთა ტრილიონობით დოლარის შემატება საფინანსო სისტემისათვის და კომპანიების კრახი, იმ დროს, როცა მილიონობით ამერიკელს დღემდე დაკარგული აქვს სამუშაო, დანაზოგი და სახლი? (ibid.).

ეს სამთავრობო მოხსენება შეუვალი საბუთია თავისუფალი ბაზრის ეკონომიკისა და ნეოლიბერალური ეკონომიკური თეორიების გაბათილებისა. რას იმტკიცებოდნენ ამდენი წელი მონეტარისტი ეკონომისტები და რა ბოლოს გამოვიდა.   ექვსას-ცხრაასგვერდიანი წიგნები დაიწერა დიდად ნაქებ ნეოლიბერალურ პოლიტეკონომიურ მოდელზე, რომელიც გაიაზრებოდა   ad infinitum (მარადიულად) და ბევრი რამ აქ მცდარი იყო. არ გამოდის ლიბერალური ეკონომიკის უწყვეტი ზრდის თეორია. არ გამოდის ლიბერალური საბაზრო უტოპია. მცდარია აზრი, რომ ბაზარი ყოველთვის იმუშავებდა no-failure operation,  without a hitch ( წყვეტებისა და წაბიძგების გარეშე) და ლიბერალური ბაზარი არის მუდმივად  თვითგანახლებადი (self-renewing) სისტემა. ამდენი ლაპარაკი enterprising-ზე  (მეწარმეობა) პანაცეად მიიჩნეოდა. განუხორციელებელია სახელმწიფო რეგულაციისაგან სრულიად თავისუფალი ბაზარი. არ გამოდის ადამიანის თავისუფლების გააზრება თავისუფალ ბაზართან და დერეგულირებულ  კომერციასთან კავშირში. თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ეკონომიაში  მრავალი წელია ბატონობდა კონვენციონალისტური (შემთანხმებლური) მსჯელობა ლიბერალური ბაზრის  კრიზისებზე. ითქმოდა, რომ ყოველ ათ წელში კაპიტალისტური მეურნეობის წესი წარმოშობდა კრიზისს, რომელიც სისტემური კი არა, არამედ გარდამავალი, დროებითი ხასიათის მქონე იყო. იაპონიიდან ვიდრე კანადამდე ყველა ეკონომისტი ასე მიიჩნევდა შეთანხმების საფუძველზე.  მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო ეს მსჯელობა. ყველა წინამორბედი კრიზისი, დაწყებული 1987  წლიდან, ასე აიხსნა. ახლანდელმა კრიზისმა თავდაყირა დააყენა კლასიკური ლიბერალიზმის, ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსევატიზმის, ლიბერტარიზმის ყველა დებულება. დასავლური ეკონომიკური მეცნიერება  მეცნიერულად  არასარწმუნო გახდა. სადღეისოდ ეს იმდენად თვალნათლივ ჩანს, რომ  ვეღარ დაიფარება ახალ-ახალი ფიქციებით („ინოვაციური ეკონომიკური პარადიგმები და მარკეტინგული სტრატეგიები“,  „ახალი მატრიცები და ფეთერნები“,  „მეგატრენდები“,  „კლასტერები“).  მიმდინარე საინვესტიციო-საფინანსო კრიზისის რაობაზე  ვერას იტყვის, მაგალითისათვის, ცნობილი ფინანსისტის ჯონ ბოგლის (Bogle) აპოლოგიური  წიგნი ინვესტირებაზე. ამისთვის არც იუჟეინ ბრაიემისა  და  მაიკლ ერჰარდტის რამდენჯერმე გამოცემული ცნობილი ნაშრომი  „საფინანსო მენეჯმენტი: თეორია და პრაქტიკა“  გამოდგება. კრიზისის  ქრონიკის გასაგებად არაა საჭირო მრუდების ხაზვა და დიაგრამების წყების შედგენა. უძირო საბაზრო ლიკვიდობის ლიბერტარიანულმა თეორიამ, ასევე ზრდის თეორიამ (Growth Theory) ბაზრისადმი რწმენა აქცია რელიგიად.  ეს ლიკვიდობა სხვა არაფერია, თუ არა პირამიდების, სუბსტანდარტული ფინანსური ოპერაციებისა და  სპეკულაციისკენ სწრაფვა. ლიკვიდობის ბუმი, საკრედიტო და საინვესტიციო აჟიოტაჟი გამოხატავდა დერეგულირებული ბაზრისადმი უსაზღვრო ნდობას.

მარქსის თანამედროვე, ანარქიზმის თეორეტიკოსი პეტრ კროპოტკინი (1842- 1921) ზუსტად საუკუნის წინ, 1912 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის Современная наука и анархия XV თავის დასაწყისში ამბობს, რომ ფორმულა  „აკეთონ, რაც უნდათ“ (laisser faire, laisser passer) არასწორია. მთავრობა, წერს კროპოტკინი, აძლევს  თავისუფლებას კაპიტალისტებს რომ გამდიდრდენ სიღატაკეში მყოფი მუშების შრომით. მთავრობას არასოდეს XIX საუკუნეში მუშებისთვის არ მიუცია იმის თავისუფლება, რომ რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. კროპოტკინი კურსივით გამოჰყოფს, რომ არასოდეს და არსად ფორმულა  Laisser faire, laisser passer  პრაქტიკაში არ გამოყენებულა. აქვე ქვემოთ კრპოტკინი ამბობს, რომ არცერთ სახელმწიფოში არასოდეს არსებულა სისტემა laisser faire. სახელმწიფო ეხმარება და მფარველობს ექსპლუატატორებს.

კროპოტკინის ციტირებისას მავანს მარქსისტული პოლემიკა გაახსენდება და ირონიულად შეხედავს ამას, როგორც გარდასულს, მაგრამ ეს პოლემიკა დღეს კვლავ მეტად აქტუალური გახდა. ისიც სათქმელია, რომ ანარქისტები მარქსიზმის უშეღავათო კრიტიკოსები იყვნენ რუსეთსა და ევროპაში. ბოლშევიკების თვალში მათ პატივისცემა და ავტორიტეტი ჰქონდათ, რადგან გულის სიწრფოებით იღვწოდნენ რევოლუციისათვის. შრომისა დაკაპიტალის დიალექტიკის პრობლემა ისევ ისე მთელი სიმწვავით დადგა შოუბიზნესით გამოშტერებულ და მედიაკრატიის გამყიდველობით მოტყუებულ ადამიანთა წინაშე.

ბარაქ ობამა 2011 წლის 14 თებერვლის საბიუჯეტო გამოსვლას ასე იწყებს: „ამერიკა გამოდის თაობათა მანძილზე ყველაზე უარესი რეცესიიდან“.  Budget of the U.S. Government. Fiscal Year 2012. Office of management and budget (Budget.gov.) . ის აგრძელებს, რომ ამერიკელი ხალხის შეუპოვრობით, ფიზიკურ და სულიერ ძალთა სწრაფად აღდგენის უნარით, ურყევი არჩევანის მეშვეობით  ჩვენ განვლილ წლებში შევძელით ჩვენი ეკონომიკა მოგვეცილებინა მეორე დიდი დეპრესიის უფსკრულის ნაპირისაგან (ibid.).

კონგრესისადმი მიმართულ ობამას 2012 წლის თებერვლის ეკონომიკურ მოხსენებაში ნათქვამია: „პრობლემები, რომელთაც გამოიწვიეს ღრმა რეცესია, დაწყებული 2007 წლის ბოლოს და გაგრძელებული 2009 წლის შუამდე, დიდხანს ყალიბდებოდა და ერთბაშად ვერ გადაწყდება. მაგრამ 2011 წელს სახელმწიფო აგრძელებს აღდგენას დიდი რეცესიის შემდეგ და მიაღწევს პროგრესს უფრო მყარი საფუძვლის შექმნის გზაზე, უფრო მეტად ბალანსირებული და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის მომავალში“. Economic Report of the President. Transmitted to the  Congress. February 2012. United States Government Printing Office. Washington: 2012, p. 21.

ბარაქ ობამას ადმინისტრაცია ჩაერია და ჩაერევა ბაზრის საქმიანობაში. 2012 წლის მაისისათვის დოლარის დაცემას მოელოდნენ, რაც არ მოხდა ფედერალური მთავრობის ჩარევის შემდეგ. არაა ისე, რომ ბაზარი თავისივე  ადამ სმითისეული „უხილავი ხელით“ (invisible hand) თვითრეგულირდება. თავისუფალმა ბაზარმა აშშ კატასტროფის წინაშე დააყენა და ეს თავად ობამას აქვს ნათქვამი. ობამას მითითებით 2011 წელს ჩატარდა FRS-ის (ფედერალური სარეზერვო სისტემა) აუდიტი. ბაზრის თვითრეგულირების მცდარი აზრი ანგლოამერიკულ ეკონომიკურ მეცნიერებაში რევალვირებულ იქნა რეიგანის პრეზიდენტობის დროიდან. მონეტარისტული სკოლები გააფთრებით ებრძოდნენ „კეინსის დემონს“. ამან მანიქეველური სახე მიიღო, რაც ყოველთვის ახასიათებდა ანგლოსაქსურ დისკურსს. რეიგანმა  ხელი შეუწყო  30-იან წლებში ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ იურისტ პეკორას კომისიის (1932-4  წლები) მუშაობის შედეგად დადგენილი საფინანსო ბაზრის შემზღუდველი კანონების მოშლას. ეს ცნობილია როგორც  ჯიმი კარტერის პრეზიდენტობიდან დაწყებული  the deregulation movement (დერეგულაციური მოძრაობა). საბჭოთა იმპერიის დაშლამ ანგლოსაქსურ ეკონომიკურ კონსერვატიზმსა და მარკეტინგულ ფუნდამენტალიზმს უფრო მეტი კადნიერება და ექსტრემულობა შესძინა. რუზველტის მიერ ინიცირებულმა ფერდინანდ პეკორას კომისიამ ნათელი მოჰფინა ამერიკელი ფინანსისტების მეთოდებს, საბირჟო შეთქმულებებს და სავალუტო მაქინატორობას. მან დაადგინა 1930-იანი წლების კრიზისისა  და დიდი დეპრესის მიზეზები. ამ კომისიის მუშაობის ანგარიში გამოქვეყნდა 1934 წელს. მასზე ხშირად მიუთითებდა საბჭოთა პოლიტეკონომია, რათა დაედასტურებინა მარქსიზმის დებულება ლპობად კაპიტალიზმზე. დიდი დეპრესიის (Great Depression) წლებში, 1930 წლის მიწურულს გაკოტრდა ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ბანკი Bank of United States. ის იყო FRS-ის ბანკი იმ დროს.  პეკორას კომისიამდე იყო არსენ პუჟოუს (Pujo) კომისია 1912-3  წლებში. მან ამხილა John Rockefeller’s Standard Oil Trust, რაც საბჭოთა სასკოლო ისტორიის სახალმძღვანელოებშიც კი შევიდა, როგორც ნიმუში კაპიტალისტური მტაცებლობისა. პუჟოუს კომისიამ დაადგინა, რომ აშშ-ს საბანკო-საფინანსო სისტემა არის ბანკირთა მცირე ჯგუფის ხელში. ჯერ კიდევ ზუსტად ერთი საუკუნის წინ იყო იგივე პერიპეტიები, რაც ახლა გაასმაგებული მასშტაბითაა. პუჟოუს კომისიამდე იყო სენატორ ჯონ შერმანის ანტიტრესტული აქტი (1890).  შემდეგ იყო ჰენრი კლეიტონის აქტი (Clayton Antitrust Act-1914).

თავად აშშ-ში მიუთითებდნენ პეკორას კომისიის მასალებზე, როგორც ფინანსისტების დოკუმენტირებულ მხილებაზე. შემდეგ ეს განზრახ დავიწყებას მიეცა და პირიქით მოხდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან მედიაში დაიწყო ბიზნესმენების, საბირჟო ბროკერების მითოლოგიზაცია და ჰიერატიზაცია. ფინანსური ბაზრების აპოლოგია გადაეჭდო რელიგიის აპოლოგიას. ეს იქცა ლიბერალურ ფსიქოზად და პოლიტიკურ მეძაობად. თავისუფალი ბაზრის ადეპტმა ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა თუ არ იცოდნენ აშშ-ს ფინანსების ისტორია, 90-იანი წლების პრესაში გამოსულმა ეკონომისტებმა ხომ იცოდნენ, რომ თავად აშშ-ში შვიდი ათეული წელი მოქმედებდა რუზველტის რეგულაციები. ეს არ თქვეს. ეს დამალეს, რათა ხელი არ შეშლოდათ საბჭოთა გეგმური ეკონომიკის გმობასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქებაში, სამთავრობო პოსტების მიღებაში.

ფრანკლინ რუზველტს უნდა უმადლოდეს აშშ, რომ XX საუკუნის ბოლომდე შემცირებული იყო ფინანსური კატასტროფების რისკი და საბირჟო სპეკულანტებს ლაგამი ჰქონდათ ამოდებული. ფინანსური კაპიტალის შემზღუდველი რეგულაციები რუზველტის პრეზიდენტობიდან იღებენ დასაბამს. ქვეყანამ დაძლია დიდი დეპრესია, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლამდე. დიდი დეპრესიის წლებზე უმცროს შლეზინგერს დაწერილი აქვს ნაშრომი: Arthur M. Schlesinger, Jr.  The Crisis of the Old Order. 1919-1933. A Mariner Book. 2002.

აშშ-ს მარეგულირებელი კანონმდებლობის დემონტაჟი თანდათანობით მოხდა ბაზრის თვითრეგულირების სახელით. დიდი ხნის მანძილზე ბანკებისა და ბირჟების აგენტები პრესაში ბეჭდავდნენ მასალებს სახელმწიფო კონტროლის სრული გაუქმების აუცილებლობაზე. დერეგულაციური მოძრაობის დაწყებაზე უილიამ ჰადსონი წერს თავის წიგნში: William E. Hudson. The Libertarian Illusion: Ideology, Public Policy, and the Assault on the Common Good. CQ Press. 2008, pp. 77-118.

ნეოკონსერვატორული მიმართულების თეორეტიკოსთა გავლენით რუზველტისეული რეგულაციები ერაყის მეორე ომის (2003 წლის მარტი) დასაწყისისთვის მთლიანად მოიშალა. საფინანსო ბაზრის დერეგულაცია დაიწყო რეიგანის დროს. მან 1982 წელს მიიღო კანონი დეპოზიტარული ინსტიტუტების შესახებ. ბილ კლინტონმა გააგრძელა დერეგულაცია და 1999 წელს მიიღო გრემ-ლიჩი-ბლაილის კანონი, რომელმაც გააუქმა 1933 წელს მიღებული გლას-სტიგალის კანონის რიგი დებულებანი. კარტერ გლასისა და ჰენრი ბასკომ სტიგალის კანონი, იგივე საბანკო კანონი (Banking Act of 1933),  XX საუკუნის ბოლომდე კომერციულ ბანკებს უკრძალავდა საინვესტიციო საქმიანობას და ზღუდავდა ბანკების უფლებას ფასიანი ქაღალდებით (securities)  ვაჭრობაზე.   გრემ-ლიჩი-ბლაილის  კანონმა გააბუნდოვანა ზღვარი კომერციულ  და საინვესტიციო ბანკებს შორის. ამ კანონმა ბანკებს მისცა შესაძლებლობა გაეზარდათ თავისი აქტივების ლიკვიდობა. გრემ-ლიჩი-ბლაილის კანონის მიღებას lobbying-ს (ლობირება) უწევდა ბანკი  Citigroup, რომელიც აშშ-ს ცხრა უდიდესი ბანკიდან ერთ-ერთია. ამ კანონმა ბანკებს მისცა შესაძლებლობა გარდაქმნილიყვნენ RUB-ებად (restricted universal banks) (შეზღუდული უნივერსული ბანკები), რაც ნიშნავს, რომ ბანკები ერთდროულად იყვნენ კომერციული, საინვესტიციო და სადაზღვევო ბანკები.  დერეგულაციის  მიზნით ბევრი გააკეთა FRS-ის ბოსმა ალან გრინსპენმა. დერეგულაცია გაგრძელდა უმცროსი ბუშის პრეზიდენტობის დროსაც. ბევრი პრუდენციული ნორმა იქნა შემოღებული, რომ საბანკო სექტორი გათავისუფლებულიყო რეგულაციებისაგან. საფონდო ბირჟებსა და ბანკებს სულ უფრო მეტი თავისუფლება ეძლეოდათ.  საომარი კამპანიის მარცხი ერაყსა და ავღანეთში სულ არ აღელვებდა საფინანსო ელიტას.  2007 წლის კრიზისის შემდეგ კვლავ შეეცადნენ კომერციული და საინვესტიციო ბანკების გამიჯნვას.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მოხდა რუზველტის  დროს გამოჭედილი კაპიტალის შემბორკავი ჯაჭვის დაწყვეტა, იყო ის, რომ სოციალისტურ ეკონომიკასთან დავაში დასავლურ ბანაკს სურდა დამაჯერებელი არგუმენტის მოპოვება. სანამ კაპიტალისტური მეურნეობის წესი რეგულირებული იყო, მანამ დასავლეთის ბანაკის არგუმენტი საბჭოეთთან დავაში ვერ იყო დამარწმუნებელი. ბაზრის თავისუფლების იდეა დასავლეთისათვის იქცა ერთადერთ და საბოლოო არგუმენტად. მან მოახდინა ლეისეი ფეარის (laissez-faire) აბსოლუტიზება. ლიბერალ-კაპიტალიზმის ფილოსოფიური საფუძვლები დიდად მოიკოჭლებს. ფრაივესის პრინციპის ინტერპრეტაციების მეტი ლიბერალიზმის ფილოსოფია არც არაფერი არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ათობით ცნობილი წარმომადგენელი. ეს დიდად სანიშნო რამ არის. ფილოსოფია ვერ იქნება დაყვანილი ბაზრის თავისუფლების საკითხამდე. დემოკრატიის გამოყვანა თავისუფალი ბაზრიდან არაა და ვერ იქნება ფილოსოფია. ფილოსოფიას გაცილებით დიდი ამოცანა აქვს, ვიდრე ფრაივესის პრინციპი და ლიბერალი ინდივიდის  თავისუფალ ბაზარზე დგომაა.

ახლანდელი კრიზისის ძირები, რომელსაც მოუმზადებელნი შეხვდნენ ცენტრალური სახელმწიფო საფინანსო ორგანოები-აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო, FRS და მისი ფედერალური სარეზერვო ბანკი, დასავლეთშივე მისტიფიცირებულ რეიგანომიკაშია საძებნი. პოლიტიკისა და ეკონომიკის დიდი პროფანი, ჰოლივუდის მსახიობი პოლიტეკონომიის დიდ მცოდნედ დასახეს. თავად რეიგანი მხოლოდ კვერს უკრავდა მის გარშემო შემოკრებილ ფინანსისტებს, თორემ ეკონომიკისა კი არა, მას მსოფლიოს რუკისაც არა გაეგებოდა რა. არა, რუკაც ვერ ისწავლა კაცმა თავისი პრეზიდენტობის ბოლომდე  და რეფორმატორი ეკონომისტის სახელი კი გაუვარდა. ისტორიკოსი ქენეთ დეივისი წერს თავის წიგნში რეიგანომიკაზე, რომ რეიგანის იდეებს მისმა რესპუბლიკელმა ოპონენტმა, უფროსმა ჯორჯ ბუშმა უწოდა „ვუდუ ეკონომიკა“ (voodoo economics), (ვუდუ არის დომინიკელი  ზანგი კუნძულელების ჯადოქრობა-გ.გ.).   მოგვიანოდ, წერს დეივისი,  ვიცე-პრეზიდენტად  და შემდეგ პრეზიდენტად გახდომისას,  ბუში ლოიალური იყო რეიგანისადმი.  Kenneth C. Davis.  Don’t Know much about History: Everything You Need to Know about American History but Never Learned. Avon Books. N.Y. 1990, p. 401.

აქ ერთი რამ არის სათქმელი: ამერიკელი დისიდენტი, ეკონომისტი და ფილოსოფოსი უმცროსი ლინდონ ლარუში (LaRouche), მეიფლაუერის თაობის შთამომავალი, აკრიტიკებდა ამერიკის ეკონომიკის კრიმინალურ ბუნებას. ლარუში იდევნებოდა ჰენრი კისინჯერისა და CIA-ს დირექტორის, ჯონ ედგარ ჰუვერისაგან. 1989 წელს, უფროსი ბუშის პრეზიდენტობისას, მას მიესაჯა 15 წელი და 1994 წელს გაათავისუფლეს თავად ამერიკელთა მოთხოვნით. პრეზიდენტ ბუშს აღარ სურდა კრიტიკის მოსმენა ამერიკის ეკონომიკაზე, რადგან თავად იყო ამ პირამიდის წვერზე მოქცეული. ლარუშმა განჭვრიტა კაპიტალიზმის კრიზისი 60-იან წლებში. მას ჰყავს თანამოაზრენი თავად ამერიკაში. თქმა არ უნდა, რომ ის არის მეტად არაორდინარული პერსონა. იგი რვაჯერ იყო აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი. ამერიკული პოლიტიკური სისტემა კი ისეა მოწყობილი, რომ ლარუშს არ გაამარჯვებინებდა. ცრუა ეს ამერიკული დემოკრატია. მუდამ ორი კანდიდატი იბრძვის პრეზიდენტობისათვის. მუდამ ორნი ჩანან, იმის მიუხედავად, რომ არიან სხვა კანდიდატებიც.

90-იანი წლების დამდეგის საბჭოთა მედიამ რეიგანი დიდ ჰუმანისტად და მოაზროვნედ წარმოაჩინა. ეგრე იყო, რომ გორბაჩოვი, რეიგანი და მარგარეტ სეჩერი შეხვედრისას ერთურთს ასე მიმართავდნენ- რონი, მეგი და გორბი, ან მიშა?  შევარდნაძე კიდევ შევი იყო, არა?  და ეს მასხრობა მიაჩნდათ პოლიტიკის ჰუმანიზებისა და მორალიზების, ახალი ეპოქის დასტურად. ლიქნითა და სიცრუით აივსო უკვე მაშინდელი პრესა. ბლეფობა იყო ბრიტანეთის პრემიერის (1979-90), the Iron Lady-დ (რკინის ლედი) წოდებული, პოლიტიკაში ქუდბედიანი, აშარი წითური დედაკაცის, თავისი ოპოზიციის მდევნელის დემოკრატიის სიმბოლოდ წარმოჩენა. ეს ქალი დევნიდა პრესას, ტელევიზიას, წიგნების ავტორებს. ამას არ ამბობდა 90-იანი წლების დამდეგის მედია და მისი ქება იყო ყველგან. ტეტჩერიზმის გაქანებული პროფანული ანონსირება ხდებოდა.  ეს ქალი იყო პირველი ცენზორი, პირველი კაპიტალისტი. აი ისეთი კაპიტალისტი, როგორიც ჩარლზ დიკენსს ჰყავს აღწერილი. ამას რა ისეთი ეკონომიკური თეორია უნდა შეექმნა? რეიგანომიკასა და ტეტჩერიზმში იყო წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების იდეა. ეს აიტაცეს დისიდენტებმა და დაიწყო დიდი საწარმოების გმობა მეგალომანიისა და გიგანტომანიის სახელით. რა დღეში იყვნენ რეიგანომიკის პროვინციელი ადეპტები 1990- 1994 წლებში.  დღეს საზოგადო მითითებად და უგაცვეთილეს შაბლონად იქცა ლაპარაკი წვრილ და საშუალო ბიზნესზე. 25 წელია ამას ილაყბიან და ამ საქმეს მაინც ვერ მოება თავი.

ტყუილია, რომ რეიგანომიკამ მოიტანა აშშ-ს ეკონომიკის არნახული აღმავლობა. რეიგანომიკა ახალ სიტყვად მიიჩნიეს ეკონომიკურ აზროვნებაში. რუსული საბჭოთა ელიტის დიდმა ღალატმა (great betray),  რომელიც ვერ გამართლდება „სატანური ათეიზმის“ გმობითა და ბიბილიას ამოფარებით,  რეიგანს სახელი შესძინა. რომ არა რუსების ღალატი, რეიგანსა და რეიგანომიკას სახელი არ ექნებოდა. მიმდინარე ფორმაციული კრიზისის სუბიექტური ფაქტორები არის მულტიმილიარდერების სიხარბე და ამორალობა. ამაო აღმოჩნდა თვით ანგლოსაქსი პროზაიკოსების  (ფრენკ ნორისი, თეოდორ დრაიზერი, ჯონ სტეინბეკი და სხვები) მიერ კაპიტალიზმისა და კაპიტალისტების მხილება. ტყუილი იყო ბიზნესმენების ჰუმანისტებად წარმოჩენა 90-იანი წლებში. არა, აბა ახლა თქვან რაიმე მათზე ისეთი ყაიდით, როგორც მაშინ, როცა მონეტარისტული ეკონომიკის კლასიკოსები საკრალური ცოდნის ქურუმებად შეირაცხნენ. რუსეთის, პოლონეთის, საქართველოს შოკური თერაპია 90-იან წლებში სხვა არა იყო რა, თუ არა საბაზრო ექსტრემიზმისა და მონეტარიზმის  ყველა საშუალებით დანერგვა. აღმოსავლეთ ევროპაში იყო ლეშეკ ბალცეროვიჩი, რუსეთში იყვნენ ეგორ გაიდარი და ანატოლი ჩუბაისი. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს თავისი ეპიგონები ჰყავდათ. ამ შოკურ თერაპიაზე მედია ისე წერდა, რომ თითქოს უმაღლესი სიბრძნე მოიძიეს. იმ წლებში მაგიურ ჩათქმად და მანტრებად მიიჩნეოდა ასეთი ფრაზები „ვალუტის კურსის თავისუფალ ცურვაში გაშვება“, „ფასების ლიბერალიზაცია“, „ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი“, „კაპიტალის მობილობა და თავისუფალი გადაადგილება“, „თანაბარი სასტარტო შესაძლებლობანი“  და ა.შ.  სიბრძნის გამოკვესებად ჩანდა ასეთი ნათქვამები და ერთი ამბავი იდგა უნივერსიტეტებში, მასმედიაში. ეს როგორ არ ნაქები თავისუფალი ბაზარი ბაზარიონად იქცა უკვე 90-იან წლებშივე. შეიქმნა ლეგენდა მაცხონებელ ინვესტორზე, რომელიც გზაში იყო და ეს-ესაა მოვიდოდა. ან კიდევ ის, რომ უკვე მოსული ინვესტორი ოპოზიციის მიტინგებმა დააფრთხო და წავიდა. ინვესტორის მოლოდინი გოდოს მოლოდინად იქცა. თუ სადმე ინვესტირება ხდებოდა, ეს გასაიდუმლოებული იყო. მოგების მოლოდინი გაუიგივდა მხსნელის მოლოდინს. თეოფანიის რანგში ავიდა ინვესტირება და შემდეგ მისგან მოგების მიღება. 90-იანი წლებიდან დაიწყო მედიაში ჯორჯ სოროსის სახელის ხსენება ისე, როგორც უწინ დიდი საეკლესიო მოღვაწის სახელს ახსენებდნენ. სოროსს ეწოდა ინვესტორი, ახალი, თავისუფალი ეპოქის, ღია საზოგადოების  ფილოსოფოსი. მთელი ეს 90-იანი წლებისა და ამ საუკუნის დამდეგის რიტორიკა ადასტურებს ფულის საკრალიზებას .  კაპიტალის დეიფიცირება და მისტიფიცირება მოხდა და ეკლესია ამას ყოველთვის მხარს უჭერდა. კაპიტალს დაუკავშირდა ეთიკა, პაიდეია და საერთოდ ადამიანის მომავალი.  1995-7 წლებში ბევრი დაიწერა აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკურ ვეფხვებზე, რაც სასაცილო იყო. პონცის მეთოდის უმაღლესი გამოხატულება იყო საბჭოთა საიმპერიო რუბლის განზრახ დევალვაცია, ჰიპერინფლაცია და შემნახველი ბანკებიდან მოქალაქეთა დანაზოგის მიტაცება კაპიტალისტიფიცირებული ხელისუფლების მიერ 1991 წელს. ეს იყო ინსტიტუციური ბანდიტიზმი. მასმედიის მანიფესტური პარადიზი და ტრიუმფალიზმი გასაკვირი იყო თავისი სერვილიზმით, პროფანიზმითა და იდიოტიზმით. სად არის ახლა ის ხალხი, ვინც მაშინ ასეთ მაიმუნობაში იყო? რა შეუძლიათ მათ თქვან?

30 წელია დასავლურ პოლიტეკონომიაში დომინირებდნენ ნეოლიბერალ-ნეოკონსერვატორ- ლიბერტარისტები. ისინი იყვნენ ლიბერალური ეკონომიკური კონცეფციის ერთადერთი გამომხატველები. საკითხი ახლა ასე უნდა დადგეს: რაც დღეს ხდება დასავლეთში, ეს მხოლოდ ლიბერტარიზმისა და კონსერვატიზმის კრახია,თუ მთლიანად ფორმაციის კრახი? კაპიტალისტურმა ფორმაციამ რომ უკუაგდოს ლიბერტარიზმი და მონეტარისტული საბაზრო ექსტრემიზმი, მისგან აღარაფერი დარჩება. კაპიტალიზმი იქცა ნეოკონსერვატიზმისა და ლიბერტარიანელობის სინონიმურ ცნებად. ლაპარაკი ეკონომიკის ჰუმანიზაციაზე არის ტყუილი. კაპიტალიზმი ვერ შეძლებს ლიბერტარიზმის უკუგდებას და თავისი თავის მეტამორფოზისს. ბოლო დროს თითქმის ყველა ცნობილ დასავლელ პოლიტეკონომისტთან კაპიტალიზმი-ნეოლიბერალიზმი-ლიბერტარიზმი ერთ სინონიმურ მწკრივად ჩამოყალიბდა. ანგლოსაქსური მესიანიზმი მას დაუკავშირდა. როცა მავანი კითხულობს ლიბერტარიზმის კონცეფციას, გადმოცემულს რომელიმე ცნობილ დასავლელ პოლიტეკონომისტთან, მან უნდა მიიჩნიოს, რომ მესიანისტურ ნარაციას კითხულობს.

ფაქტია, რომ ბანკების მფლობელებმა, საზოგადოდ აშშ-ს ფინანსურმა ისტებლიშმენტმა, მსოფლიო კონსპირაციულმა დასმა დაიმორჩილა აშშ-ს პოლიტიკა, თეთრი სახლის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი. გამართლდა საბჭოთა პოლიტეკონომიის ერთ-ერთი დებულება, რომ ამერიკული დემოკრატია არაა ნამდვილი. მკითხველს ეს მსჯელობა მარქსისტულ რეციდივად რომ არ ეჩვენოს, დავასახელებ თვით ამერიკელ პოლიტეკონომისტებს, რომელნიც აშშ-ს პოლიტიკურ კრიზისზე წერენ. ესენია: რობერტ კეიგანი (Kagan), ბრიუს აკერმანი (Ackerman), დევიდ კალეო (Calleo) და სხვები. თვით ამერიკული  და მსოფლიო პრესის ორი ფლაგმანი, გაზეთები The New York Times და The Washington Post წერენ ალარმისტულ სტატიებს ამ კონსპირაციული ფინანსისტი მასონების გამო. ჟურნალი Economist  (www.Economist.com ), ჯერ კიდევ კრიზისამდე  აღნიშნავდა: American capitalism is not beyond improvement. The Economist, May 21st, 2005, p. 9. (ამერიკული კაპიტალიზმი მეტად აღარ სრულიყოფა).

2008 წლის ზაფხულში FBI-მ (გამოძიების ფედერალური ბიურო)  19  დიდ კომპანიაში ჩაატარა მოკვლევა. ეს იყო სარეიტინგო სააგენტოები, საინვესტიციო ბანკები, ჰეჯ-ფონდები. გამოვლინდა ეკონომიკური კრიმინალი და ილეგალური ბიზნესის გაქანება სად არ გასული შლეიფებით. ასობით ფინანსისტი სასამართლოს გადაეცა. ბანკროტად (defaulter) გამოცხადდა მრავალი იურიდიული და ფიზიკური პირი.  ამის მიუხედავად, ინსტიტუციური ინვესტორი ისევ და ისევ არიან ჰეჯ-ფონდები, აქტივების მართვის კომპანიები.

2009 წლის მაისში აშშ-ს კონგრესის კომისიამ, ბერძენი ამერიკელის, ფილიპ ნიკოლას  ენჯელიდისის (Angelides) თავმჯდომარეობით (ის ობამას ბანაკიდანაა)  იმუშავა მთელი 2010 წლის განმავლობაში და გამოაქვეყნა შემოწმების შედეგები, სადაც  განმარტა რატომ მოხდა 2007-9 წლებში საფინანსო კრიზისი. ენჯელიდისის კომისიამ დაკითხა FRS-ის ყოფილი თავმჯდომარე ალან გრინსპენი, ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი. ასევე დაიკითხნენ ბანკების Morgan Stanley-ის, Goldman Sachs Group-ის და სხვა დიდი ბანკების ხელმძღვანელები. ფილ ენჯელიდისის კომისიის მასალები არის საიტზე:    www.congress.gov

ობამამ 2010 წლის ივლისში საფინანსო სისტემის რეფორმის დამტკიცებისას, რაც ცნობილია უოლ-სტრიტის რეფორმირების  დოდ-ფრენკის კანონად (The Dodd-Frank Act-2010),  (Dod-Frank Wall Street Reform and Consumer Protection Act.  7.04. 2011. iv+ 26p. (www.sec.gov)),  რომელიც არის აშშ-ს ფინანსური სისტემის რეგულირების მნიშვნელოვანი კანონი რუზველტის დროიდან, არ აკრძალა საფონდო ბირჟებზე   CDS-ების (credit default swaps – საკრედიტო დეფოლტური სვოპები) მიმოქცევა. ობამამ  შეინარჩუნა სვოპების ბაზარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალშიც იქნება  საბანკო პროდუქტი – კრედიტი+სვოპი. ის სისხლხორცეულად დაუკავშირდა საფონდო ბირჟებს და მისი მოკვეთა არ გამოდის. სვოპების ახალი კლასები შეიძლება გაჩნდეს. დოდ-ფრენკის კანონით ფედერალურმა მთავრობამ დაიწყო სვოპების ბაზრის რეგულირება და კონტროლი, რაც უკავშირდება რობოტი ტრეიდერების  ფედერალურ მონიტორინგს. ეს მიზნად ისახავს ფინანსური სპეკულანტებისა და პონცის პირამიდების ამგებთა გამოვლენას ბირჟებზე. სადამდეა შესაძლებელი სავაჭრო ზესწრაფი კომპიუტერებისა და საზოგადოდ ელექტრონული ბირჟების მონიტორინგი, ძნელი სათქმელია. ობამას ადმინისტრაციამ სანაციური ზომების კომპლექსი შეიმუშავა საფინანსო ბაზრისთვის. მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლება მოხდეს რესტრიქცია (შეზღუდვა) სვოპების ბაზრისა. საჭირო ხდება ახალი blanket standard-ის შემოღება. ბლანკეტური ნორმა გულისხმობს, რომ სახელმწიფო ორგანო დამოუკიდებლად ადგენს ახალ დანაწესებს და აკრძალვებს. უოლ-სტრიტის რეფორმირების  კანონი ამას გულისხმობს. დოდ-ფრენკის კანონი შეიცავს პოლ ვოლსკერის წესს (FRS-ის ყოფილი თავ.-რე), რომლითაც საინვესტიციო ბანკინგი, ჰეჯ-ფონდები განცალკევდა სამომხმარებლო დაკრედიტებისაგან. 150 მილიონ დოლარზე მეტი აქტივების მქონე ჰეჯ- ფონდებს ეს კანონი ავალდებულებს დარეგისტრირდენ Securities and Exchange Commission-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია), აღრიცხონ ღია პოზიციების მონაცემები და მიზიდული ინვესტიციები. ჰეჯ-ფონდს უნდა ჰყავდეს თავისი რევიზორი, რეგულატორის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად. ფედერალური მთავრობის მიერ ჰეჯ-ფონდების ამგვარი რეგულირება მათ საინვესტიციო ფონდებად გარდაქმნის. ჰეჯ-ფონდი ყოველთვის გასაიდუმლოებული იყო. ის ბუღალტრული აღრიცხვისა და სახელმწიფო კონტროლის მიღმა იდგა. ჰეჯური ფინანსირება სპეკულაციაა. მასთან უშუალო კავშირში მყოფი სუბსტანდარტული სესხების სისტემა და დერივატების ემისია პირამიდულ-სპეკულაციურია. მთლად აკრძალვა ჰეჯ-ფონდებისა არ გამოდის, რადგანაც დერეგულირებული ლიბერალური ბაზრის სული და გულია სპეკულაცია, პირამიდების აგება, ბუშტების გაბერვა.  ასეთი დიდი რეცესიით, რაც მოხდა და ჯერ კიდევ გრძელდება ამერიკაში, შეიძლება ისარგებლონ  ჰეჯ-ფონდებმა და თავისი ქმედებებით მოარყიონ მთელი ეკონომიკური სისტემა. ვისთვის და რისთვის არის დაწერილი ამდენი წიგნი ბიზნესის ეთიკაზე? ბიზნესსა და ლიბერტარიანულ ბაზარს სადა აქვს ეთიკა, როცა ის ეთიკის უარმყოფელია ყველა თავისი მოქმედებით? ამ რეფორმების გამო ობამა გალანძღეს  ნეოკონ რესპუბლიკელთა მიტინგებზე, ფეისბუკში მას მოკვლის მუქარა შეუთვალეს. ობამას უწოდეს ფაშისტი, სოციალისტი, მარქსისტი. ახლახანს შექმნილი მემარჯვენე ფუნდამენტალისტური TEA party (ჩაის პარტია), რომელიც ახლოს დგას რესპუბლიკურ კონსერვატიზმთან, ობამას საწინააღმდეგოდ შეიქმნა. რესპუბლიკელები (მით რომნი, სარა ფეილინი, ნიუტ გინგრიჩი და სხვები) რევანშს აპირებენ, თეთრ სახლში მოსვლას იქადიან იმავე ნეოლიბერტარიანული პროგრამით, რამაც გამოიწვია დიდი რეცესია ამერიკაში. ისევ ის მონეტარისტული დოგმატიკა ისმის მათგან. მით რომნი უოლ- სტრიტიდან  მოსული მულტიმილიონერი ინვესტორია და წინ გავიდა საპრეზიდენტო მარათონში. რასაც ის ამბობს, ეს იმავე მანკიერი პრაქტიკის დაცვაა, რამაც გამოიწვია კოლაფსი დასავლეთის ეკონომიკაში.  ამერიკული პრესა სავსეა ბარაქ ობამას კრიტიკით. სულაც არაა ისე, რომ მისი კრიტიკოსები უთუოდ რესპუბლიკელები არიან. ობამას აკრიტიკებენ იმისთვის, რომ მან არ დასაჯა ისინი, ვისი ბრალითაც მოხდა 2008-9 წლების რეცესია. ანტიკრიზისული ზომები მხოლოდ საბანკო სისტემასა და საფინანსო ბაზარზეა მიმართული. ამიტომ ეს პალიატური ზომები უფროა. კრიზისის წარმომშობი ინსტიტუტების რეორგანიზაცია არ ხდება. ჯერ ეგრე გალანძღეს ობამა პლუტოკრატიის კლასიდან და მას რომ ეს რეორგანიზაცია დაეწყო, მერე რაღა იქნებოდა.  დასავლეთში მიმდინარე პოლემიკა კაპიტალიზმის კრიზისის გამო ქართულ მას მედიაში მიჩუმათებულია, რადგან  ქართველს მხოლოდ ეპიგონთა ეპიგონობა, გამზადებულზე მისვლა და მდარე, მოჩვენებითი ლაპარაკი, საგაზეთო გულითადობა და ჭკუის კოლოფობა  ეხერხება.

ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ სტიგლიცი დასავლური კაპიტალიზმის იდეოლოგიურ კრიზისზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ამერიკულმა კაპიტალიზმმა დიდად აამაღლა ყველაზე მდიდრების კეთილდღეობა ყველაზე მდიდარ ქვეყნებში და  სხვა შედეგი არც ყოფილა. სტიგლიცი სასტიკად აკრიტიკებს მემარჯვენე ეკონომისტებს. ის ამბობს, რომ საჭიროა უაზრო ომების შეწყვეტა, უნდა შეცირდეს სამხედრო ხარჯები და გაიზარდოს გადასახადები ყველაზე მდიდართათვის.  სტიგლიცი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ის საფინანსო სექტორი დაჟინებით ლობირებს შეზღუდვებისაგან განთავისუფლებას, რათა ის დაუბრუნდეს თავის ადრინდელ, კატასტროფულად თავქარიან ქმედებებს. ევროპის ან აშშ-ს ეკონომიკის მარცხი იქნება მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა, ასკვნის სტიგლიცი . (www.project-syndicate.org/commentary/stiglitz140/Russian ).

თავის წიგნში გლობალიზაციაზე სტიგლიცი მიმოიხილავს ეკონომიკურ რეალიებს და წერს გლობალური ფინანსური არქიტექტურის რეფორმირებაზე (მე-9 და მე-10 თავები).   Joseph E. Stiglitz. Making Globalization Work. W.W. Norton & Company. 2006.

დოდ-ფრენკის კანონის მიღებამდე, აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ეწოდება The Emergency Economic Stabilization Act (საგანგებო ეკონომიკური სტაბილიზაციის აქტი),  2008 წელს ფედერალურმა ბიუჯეტმა გამოჰყო 700 მილიარდი დოლარი ცხრა უმსხვილესი  ბანკის რეკაპიტალიზაციის მიზნით (Bank of America, JP Morgan Chase & Co, Citigroup, Goldman Sachs და სხვები). ამ ცხრა ბანკის სახელი მუდმივად ხსენდება ამერიკულ პრესასა და ეკონომიკურ ანალიტიკაში. სახელმწიფო პროტექცია ამ ბანკებისადმი მიზნად ისახავს საბანკო სფეროსა და მთლიანად ეკონომიკური სისტემის ვალორიზაციას. ჰაიეკისა და ფრიდმენის, ასევე მათი ეპიგონების ყველა პოსტულატი და მთლიანად მონეტარიზმი გაქარწყლდა. აი ახლაა ყველაზე უპრიანი დასვლური ეკონომიკის სორტინგი ანუ ბრაკერაჟი (rejection), რაც წუნის აღმოსაჩენ სინჯვას ნიშნავს. თვით კრიზისული კაპიტალიზმის  პრაქტიკამ, დერეგულირებულმა ბაზარმა უარყო საბოლოო ჭეშმარიტებად მიჩნეული მისი თეორია. უნდა განხორციელდეს ამ სისტემის დურაციული ანალიზი, რომელიც ახალი ეკონომიკური ფორმაციის იდეურ წანამძღვარს შეამზადებს. აქ არაფრად  გამოდგება დიდი კომპანიების უფროსი საპორტფელო მენეჯერებისა და სავალუტო სტრატეგოსების  შემართული გამოსვლები Bloomberg TV-ზე.  რას იტყვის მაგალითად, გაკოტრებული ბანკის Bear Stearns-ის მთავარი ეკონომისტი დევიდ მალპასი საფინანსო სისტემაზე?  ტრილიონიანი კაპიტალის მქონე ამერიკულმა ბანკებმა მრავალგზის უხმეს საშველად ფედერალურ ხელისუფლებას. თავად მათ უხმეს საშველად სახელმწიფოს, ვინც ათეულობით წელი ბაზრის საქმიანობაში ჩაურევლობას იმტკიცებოდა და რუზველტის რეგულაციური კანონების დემონტაჟს ცდილობდა. ამის შემდეგ კიდევ რაიმე არის სარწმუნო მონეტარისტული ლიტერატურისა?

„პოლიტიკური ფორმულა“, როგორც გაეტანო მოსკა იტყოდა, მოძველდა. მის სიძველეს აქამდე მოხერხებულად ფარავდა ფლიბუსტერულ და სპეკულაციურ კაპიტალზე დაყრდნობილი კაპიტალიზმის სიძლიერე და მასზე დაშენებული,  ეფექტიანად ანონსირებული პოლიტეკონომიური იდეებისა და მეთოდების ერთობლიობა. ეს მრავალწლიანი კრიზისი კი იწოდება საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისად, მაგრამ ის მთლიანად დაკავშირებულია ანთროპოლოგიასთან და დეონტოლოგიასთან.

არა, რომ არ მიშველებოდა ფედერალური მთავრობა, ბარაქ ობამა ამ ბანკებს და მიეთითებინა ლიბერტარიზმის პოსტულატზე თავისუფალი ბაზრის საქმიანობაში  ჩაურევლობაზე? აი მაშინ რა იქნებოდა? რომ ეთქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ნეოლიბერალიზმისა და მონეტარიზმის თეორიული პრინციპი და იდეოლოგიური რიგორიზმი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ამ ბანკებისთვის მრავალმილიარდიანი მხარდაჭერით მონეტარისტული კონცეფციის საბოლოო გაცამტვერება, მაშინ რა იქნებოდა?  აი როგორც კომუნისტები დევნიდნენ კერძო მეწარმეობას მარქსიზმ-ლენინიზმის პოსტულატზე მითითებით და ბოლოს ამ იდეოლოგიამ მარცხი განიცადა, იგივე დაემართა მასზე გამარჯვებულ კაპიტალიზმს.

დეფოლტური სვოპების გამო არასოდეს იმდენი არ თქმულა, რამდენიც ითქვა 2009-11  წლებში. სვოპი არის ფლიბუსტერული კაპიტალის ყველაზე  ბრუტალური გამოხატულება ამ საუკუნის ათწლედისათვის. სიტყვა swap ანუ swop ნიშნავს გაცვლას. ეს საბანკო ტერმინი ადრეც გამოიყენებოდა საბანკო ოპერაციების სახეობის აღსანიშნავად. სვოპური სავალუტო ოპერაცია ნიშნავს, რომ ვალუტა იყიდება შემდგომ ამავე ოდენობითა და იგივე კურსით მისი გამოსყიდვის პირობით გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, რაც გარიგებაშია დათქმული. სხვა შინაარსი ადრე სვოპს არ ჰქონია. იყო ოპერაცია, როგორიცაა რიმესა (remittance). იყო ფიუჩერსული ოპერაციები და ჰეჯინგი, როდესაც შესაძლო გაიაფებისაგან  დაზღვევას ცდილობდნენ. აქვე უთუოდ სათქმელია, რომ საბჭოთა ეკონომიკას არ ჰქონდა სულ მცირე შესაძლებლობაც კი ეწარმოებინა სპეკულატურ- დერივატული ფულის მასა. ოპციონები და ფიუჩერსები არ იყო საბჭოთა ეკონომიკაში. საბჭოთა ეკონომიკასთან კონკურირებდა უფრო სპეკულაციური კაპიტალი, ვიდრე საწარმოო კაპიტალი. ორი სისტემის ბრძოლაში საფინანსო-სპეკულაციურმა კაპიტალმა დასავლეთის გამარჯვებისათვის დიდი წვლილი შეიტანა. გასული საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში იყო ოპციონები. ესეც დერივატული პროდუქტია. ოპციონებით ვაჭრობდა უოლ სტრიტის ყისმათიანი სპეკულანტი, ჯესი ლივერმორის თანამედროვე ჯო კენედი. აქვე იყო ჯონ პირპონტ მორგანი. მისი შექმნილია  ბანკი   J.P. Morgan & Co..  ჯესი ლივერმორი (Livermore) ისაა, ვინც 1907 წლის პანიკიდან დიდად იხეირა და ქეში დაითრია. ლივერმორი ბირჟაზე ჭიპმოჭრილი იშვიათი ფინანსური სპეკულანტი იყო. ის იყო ჭეშმარიტი „დიდი დათვი“. მას თავისი ბიოგრაფოსი , პოლ სარნოფი (Sarnoff) გამოუჩნდა. განა მარტო ეს ქეში იყო. ჯესი ლივერმორმა 1929 წლის კრახის შედეგად მოიგო 100 მილიონ დოლარზე მეტი. ეს მაშინ ასტრონომიული თანხა იყო. კენედისა და ლივერმორის გარდა იყვნენ სხვა სპეკულანტებიც უოლ სტრიტზე, მაგრამ 30-იანი წლების დეპრესია ლივერმორს დაბრალდა და ის ბევრჯერ შეჩვენდა მაშინდელ ამერიკულ მედიაში. 30-იანი წლების დეპრესიისას იყო მაღალი საპროცენტო განაკვეთები ონკოლურ სესხებზე (high call rate on margin loans). კრიზისის მიზეზთა ძიებისას ამაზეც მიუთითებდნენ და სპეკულანტებს გმობდნენ. დღეს ბერნარდ მეიდოფზე  დაიწერა გმობა და მას ქოქოლას აყრიან. მას ბრალდება საფონდო კრახი. გამოძიების მასალებში მეიდოფი მიმდინარე კრიზისის ინიციატორადაა დასახელებული. ისიც ფინანსების დათვი იყო. მოსამართლე დენი ჩინმა 2009 წლის ზაფხულში 70 წელს გადაცილებულ მეიდოფს 150 წელი მიუსაჯა. ეკონომიკის შემსწავლელებს ერთს ვურჩევ: მიდით მოხუც ბერნი მეიდოფთან საპყრობილეში და მასთან საათნახევრიანი საუბარი მოგცემთ უფრო მეტს, ვიდრე ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე  შვიდი წელი ყიალი, საბაზრო დიდაქტიკის შესწავლა და შემდეგ სადოქტორო ნაშრომების წერა. კი, ფინანსური აფერისტი და უდიდესი თაღლითია საბირჟო ბროკერი მეიდოფი არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიო ისტორიაში. ის არის უნიკალური speculator-king (ფინანსური სპეკულანტების მეფე), მაგრამ ვინმემ შეძლო, რომ აეგო ფინანსური პირამიდა და მას საფონდო ბირჟაზე  გაეძლო ორ ათეულ წელზე მეტი? 90-იანი წლებიდან დაიწყო მეიდოფმა პონცის სქემის აგება და აქამდე მოვიდა. მეიდოფი იყო  საინვესტიციო კომპანიის და ჰეჯ-ფონდის Bernard L. Madoff  Investment  Securities დამფუძნებელი და  NASDAQ-ის (National Association of Securities Dealers Automated Quotation) ბირჟის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. მეიდოფის touch-and-go (რისკიანი საქმე) ბიზნესი გასაიდუმლოებული იყო. მას ჰქონდა უმაღლესი background-image. ბოლო დროს მისი კაპიტალი 60 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. მან დაარწმუნა მსხვილი ინვესტორები, რომ მისი წამოწყება დიდად პროფიტაბილური იყო და მიიზიდა მილიარდობით დოლარი. ინვესტორებმა მეიდოფის პირამიდის ჩამოქცევის შემდეგ დაკარგეს 60 მილიარდ  $-ზე მეტი. კი დაკარგეს, მაგრამ რად არ ითქმის, თავად ეს ინვესტორები ვინ იყვნენ? ინვესტორი მევახშეა. მეიდოფის პირამიდის ინვესტორები იყვნენ მულტიმილიარდერები, უოლ-სტრიტის ძველი ზვიგენები და ბებერი ღლავები, რომელთაც შეჰქონდათ  3,5 -7 მლრდ. $  და მოელოდნენ თითქმის ორმაგ მოგებას. ჟურნალი Time ბერნი მეიდოფზე წერდა:  „მეიდოფის  პონცის სქემის მსხვერპლი შეიქნა 4 000 კლიენტზე მეტი, რომელთაც დაკარგეს 65 მილიარდი დოლარი.  …მეიდოფის საინვესტიციო ფონდში უმეტესად იყო ებრაული კლიენტელა.  …მეიდოფი ცნობილი იყო, როგორც  რისკისაგან დაცული ებრაელი სახაზინო ბანკნოტა (the Jewish T-bill)“. Time, August 31, 2009, p. 47.

მეიდოფი არის intellectual entrepreneur (ინტელექტუალი მეწარმე), როგორც საპროექტო-კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებს ეწოდებათ ასე შტატებში. ლათინურიდან მომდინარე ზმნა speculate ინგლისურში სპეკულირების ანუ პროფიტირინგის გარდა ნიშნავს რაღაცის მოსაზრებას, მოფიქრებას. ქართულში სიტყვა სპეკულაცია უმეტესად მხოლოდ ჩარჩობის, გადამყიდველობის  მნიშვნელობით გამოიყენება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მკითხველმა უკეთ გაიაზროს ბერნი მეიდოფის ამბავი. მეიდოფი არის სიცრუის ხელოვნება, როდესაც შეგიძლია თაღლითობით თავი მოუყარო ათეულობით მილიარდ დოლარს, შეგიძლია სიხარბე გაუხელო და  დაარწმუნო მუდამ ეჭვიანი და კრიჟანგი მულტიმილიარდერი ინვესტორი, რომ შენს წამოწყებაში ჩამოვიდეს რამდენიმე მილიარდ დოლარს.  რაც არის malinvestment (მცდარი ინვესტირება), შენ წარმოაჩენ, რომ ეს პერსპექტიული და დიდად პროფიტაბილური საბირჟო საქმეა. ამხელა ქვეყნის, აშშ-ს  ეკონომიკა რომ მეიდოფის წამოწყების წინსვლაზე გახდა დამოკიდებული, ეს ვირტუოზული ფალსიფიკატორობაა. ბერნი მეიდოფი კლეპტოკრატიის (მპარავთა ძალაუფლება) უთვალსაჩინოესი წარმომადგენელია. საფონდო ბიზნესისა და მთლიანად დერეგულირებული ბაზრის ავი და კარგი მეიდოფისაგან შეიძლება ისწავლო და არა დეილ კარნეგის, ნაპოლეონ ჰილის დაწერილი, მთელ მსოფლიოში ანონსირებული,  დიდად ნაქები საცოდაობიდან, რომელიც 90-იან წლებში ბიზნესის დამწყებთა კატეხიზმოდ მიიჩნეოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. კარნეგისა და ჰილის რჩევების მიდევნით ვის რა ბიზნესი გაუმართავს? იკითხოს კაცმა მათი წიგნები, იმახსოვროს მათი ინფანტილური მონაყოლი და რა? მიჰყვები მათ რჩევებს და  დახლი დაგიდგება, ბამბა აგიჩხრიალდება?  კი, დიდი დათვი მეიდოფი შეაჩვენეს და განკვეთეს საფონდო ბაზრიდან. მას მოხვდა იუსტიციის მახვილი. მაგრამ  ბაზარზე დარჩენილი ფინანსისტები განა  კრავები არიან? ყველა ისინი პაწაწინა მეიდოფები და პონცები არიან. თავად მონეტარისტული ეკონომიკაა მეიდოფლენდი. ის ვითარდებოდა პონცილენდიდან მეიდოფლენდამდე. მიმოიხილავს კაცი ამ ეკონომიკას და იტყვის: that is Madoff all over- როგორ ჰგავს ეს მეიდოფს. ვინმე იტყვის, რომ ასე არაა? მეიდოფის გარდა იყო სხვა პირამიდის ამგები სპეკულანტი ალენ სტენფორდი (Stanford). ის ახლოს იყო სენატორებთან და მათ კურორტებზე დასვენებას უზრუნველჰყოფდა.  ის აფინანსებდა მაკკეინისა და ობამას საარჩევნო კამპანიებს. რუსეთში ელცინის დროს იყო სერგეი მავროდის პირამიდა МММ. ის ჩამოიქცა და მავროდი ყბად აიღეს. რომ არ ჩამოქცეულიყო მისი პირამიდა, ხომ არვის გაახსენდებოდა, რომ ის ფინანსური სპეკულანტი იყო? ესე იგი, დასაგმობი ხდება ჩამოქცეული პირამიდები და არა მოგების მომტანი პირამიდები. პირამიდა როგორც ასეთი, არ იგმობა. ეს მკითხველმა ზედმიწევნით უნდა შეიგნოს. ასევეა სვოპები, რომელიც არ აკრძალა ობამამ. დეფოლტური სვოპებისგან ისევ დიდ მოგებას მოელიან. სერგეი მავროდი კი ახლაც ცდილობს პირამიდის შექმნას და ინტერნეტით მოუწოდებს ინვესტორებს. ის შეიშალა პირამიდის აგებისა და მოგების იდეით. ასეთი შეშლილი დასავლეთშიც და აღმოსავლეთში ათასობითაა. 2012 წლის 19 ივნისს მედიაში გავრცელებული ცნობით ჩინეთში ლინ ჩუნპინი თავს ასაღებდა უცხოური ბანკის მფლობელად. დიდი გრძნეული უნდა იყოს კაცი, რომ შეიტყოს სად გაქრა მავროდის  წამოწყებაში ინვესტირებული მილიონები, სად წავიდა მედოფის პირამიდაში ინვესტირებული მილიარდები. მავროდი დღემდე იმხილება რუსულ მედიაში, ის კი არ ითქმის, რომ ელცინის დროს მოსკოვში პირამიდები სხვებმაც შექმნეს და კაიხელა ქეშიც მოგლიჯეს. მაგალითად,  ბიზნესმენმა ქალმა ვლასტელინამ პირამიდით დაითრია 100 მილიონი დოლარი. არსად გაგონილა ვლასტელინას საგმობი სიტყვა. არა, აბა ჩამოქცეულიყო მისი პირამიდა. არა, აბა არ ჩამოქცეულიყო მედოფის უზარმაზარი პირამიდა. მის არსებობაზე ისევ თვალს დახუჭავდა მთავრობა. საფონდო კრახის გამო დაიწყო მოკვლევები, მონიტორინგები, სასამართლოები და არა ზნეობრივი მოსაზრების, არა ბიზნესის ეთიკის დარღვევის გამო. კიდევ რაა მიზეზი, რომ ფედერალური აუდიტი თვალს ხუჭავდა ჰეჯური კომპანიების, სეკურიტიზაციული  ფონდების, სვოპების ემიტენტების საქმიანობაზე და მთელ ამ დანაშაულებათა შლეიფზე? ის, რომ ბიუჯეტში დიდი ფული შემოდიოდა. ამ კომპანიების გადარიცხვებით ფინანსდებოდა საარჩევნო კამპანიები, ლობისტური ფირმები, ენდაუმენტები და ბევრი სხვა რამ. მეიდოფს და სტენფორდს ჰყავდათ თავისი კლიენტელა. ისინი მას სულ ატყუებდნენ, დიდ მოგებას უქადიდნენ. განა მთავრობამ გამოავლინა ეს ორი თაღლითი, არამედ იმან, რომ სისტემური საფონდო კრახი მოხდა. რომ არა ეს კრიზისი, ისევ იარსებებდა მეიდოფისა და სტენფორდის პირამიდები. ამ ორმა სპეკულანტმა ფინანსური ბროკერობა აქცია საფონდო პერფორმერობად. მათ, ამ მარადიულ გამყიდველებს, სულ თან ჰქონდათ რაღაც აქციები, ყოველთვის მოეძებნებოდათ დერივატული პროდუქტები, სულ რაღაცას ჰყიდიდნენ და ყიდულობდნენ. მათ შეეძლოთ gaining credit (კრედიტების მიზიდვა), დიდ მოგებაზე დაქიმითებული უმსხვილესი ინვესტორების საკუთარ პროფიტაბილურ  პირამიდაში ჩართვა. ბირჟის სხვა მოთამაშეები მათ მიხედვით მოქმედებდნენ, რადგან მათი საფინანსო ინტუიციისა სწამდათ. ყოველივე ამას ბირჟის შულერობის თავისებური ნიჭი ესაჭიროება, რომელიც ეკონომიკსების კითხვით, სტატიებისა და მონოგრაფიების წერით  არ შეიძინება. მეიდოფზე უკვე 2009 წელს სამი წიგნი დაიწერა. მისი ბიოგრაფოსები არიან: Erin Arvedlund, Jerry Oppenheimer  და Andrew Kirtzman. მეიდოფი ჩარლზ პონცისაც ჯიბეში ჩაისვამდა. თუ მან ციხეში თავისი სქემის შლეიფები გათქვა, ამას მოჰყვება უამრავი ბანკროტობა და დაპატიმრება. ფედერალური ხელისუფლების მოხელეთა ლობირების გარეშე მეიდოფი ასეთ პირამიდას ვერ შექმნიდა. მისი უმცროსი ძმაც ფინანსური პირამიდის შემქმნელია. ეს ცნობა გავრცელდა 2012 წლის 29 ივნისს. ბერნი მეიდოფმა გააბათილა ბიზნესზე დაწერილი წიგნები. მარკეტინგის სოციალური და ეთიკური ასპექტების კონცეფცია ილუზია იყო. რისი ბიზნესის გამჭვირვალობა? გაჩნდა უამრავი საინვესტიციო კონსალტინგი, საშუამავლო ფირმა და  ბროკერი კულისიე, რომელნიც ფარულ, აღურიცხავ დილინგებს (გარიგებები) დებდნენ. 30-იანი წლების დიდი დეპრესიის დროიდანაა ცნობილი მარადიული გამყიდველების სპეკულაციის ორგია. საკრედიტო ბუმისა და სეკურიტიზაციის ტრიუმფალური სტატისტიკა (2002-7 წლები)  იყო აფერა. ეს ბუმი დოლარის ემისიით – დოლარის რაოდენობის გაბევრებითაა ნასაზრდოები. 2008 წლის სექტემბრის კრისისს წინ უძღოდა საბანკო ჰიპერაქტივობა. ამაზე წერდნენ ბრიტანული და ამერიკული გამოცემები. მაგალითად ჟურნალი Economist 2006 წელს წერდა ამერიკის საბანკო ბუმზე, რომ ეს ათწლეული საუკეთესო იყო ამერიკული კომერციული ბანკებისთვის. ბანკები სწრაფად იზრდება მთელ მსოფლიოში, მაგრამ არსად არაა საბანკო ინდუსტრია ასეთი ტრიუმფალური, როგორც ამერიკაში, ასკვნიდა ჟურნალი  Economist-ი და იუწყებოდა ამერიკული ბანკების რეკორდულ შემოსავლებზე ზედიზედ მეხუთე წლის მანძილზე.  The Economist, May 20th-26th  2006, p.14.

მთელი ეკონომიკა ბნელმა მოიცვა და რეკორდულ ფინანსურ მაჩვენებლებზე კი იყო ლაპარაკი. კომერციული საიდუმლოება, საინვესტიციო კომპანიებისა და ჰეჯ-ფონდების ინსაიდერული ინფორმაცია (შიდა მოხმარების მონაცემები საბანკო აუდიტებზე,  კომპანიისათვის სახელმწიფო მხარდაჭერა ან სანქციები) ტაძრის ქურუმთა საიდუმლოების რანგში ავიდა. ყველგან იყო და არის კულისა და private negotiations (დახურული მოლაპარაკებები). კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებები ერთი და იგივე გახდა. ხდებოდა კაპიტალის დეიფიცირება და აპოლოგია. დასავლური ეკონომიკა პონცის მოდელია. ის არის Ponzi scheme. ის ფინანსური განგსტერიზმის, კომერციული ჰულიგანიზმის გარეშე ვერ მოიაზრება. ყველა სახის ბანკინგი ბანდიტიზმის სახეობაა. აშშ-ში იპოთეკური სესხების გაცემა პირამიდაა. მასთანაა დაკავშირებული ობლიგაციები, სახაზინო ვექსელები (Treasury bill). თქვას ვინმემ პოლიტკორექტულობასა და ბიზნესის ეთიკას ამოფარებით, რომ ასე არაა. სისტემა თანამედროვე კაპიტალიზმისა რაციონალიზებული  ქურდობაა. სახელმწიფო სტრუქტურები ამ პირამიდის აგურებია. დასავლეთის ცივილიზაციის პირამიდებისგან ცალკე მოაზრება არ გამოდის. სახელმწიფო ბიზნესისგან მოელის დიდი ფულის შემოტანას ბიუჯეტში. ბევრ კომპანის ჰქონდა „წითელი ალმები“, რაც ნიშნავს კრიმინალურ ფინანსურ აქტივობას და მთავრობა ამაზე თვალს ხუჭავდა. ცენტრალური ინსპექტირება (federal survey) არ ხდებოდა. უმცროსი ბუშის დროს ფორსირებული სეკურიტიზაცია და რესეკურიტიზაცია ახდენდა ეკონომიკის რეალურ შესაძლებლობათა იგნორირებას. მიმდინარეობდა საბანკო ადვერტისმენტი, საბანკო ლიკვიდობის მედიაკრატიული ანონსირება, თუ როგორ გაიოლდა იაფი კრედიტის აღება, თუ როგორ შეიქმნა მოქნილი კრედიტების სისტემები და მცირე ბიზნესი ამით აშენდა. ეს იყო საქართველოშიც (2005-7 წლები). საქართველოს ბანკები მიება ამერიკულ იპოთეკურ პირამიდას. უძრავ ქონებაზე ფასები გაუმართლებლად გაიზარდა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების სახელით. ერთი scheme (სქემა) მოქმედებდა ოკეანის ორივე მხარეს. ჯონ ფერკინზის „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“ კაიხნის ცნობილია, მაგრამ კიდევ ასმა ფერკინზმა რომ დაწეროს ასეთი აღსარება, მაინც ისევ ისე დარჩება ყველაფერი.  ვინმე რუს ეკონომისტს რომ დაეწერა ასეთი რამ, რა ამბავს ატეხდა კრემლის გინებით მედიაკრატია. ჯონ ფერკინზს კი არც ახსენებენ. ვითომ არაა. ეს იმიტომ ხდება, რომ კაპიტალი დეიფიცირებულია, ღვთაების რანგშია აყვანილი. მედია კი ჯიბეში უზის კაპიტალს და ქვეყანას ატყუებს, რომ თავისუფალ აზრს ავრცელებს.  რომ დაარწმუნო ქვეყანა, რომ საბაზრო ექსტრემიზმი არის ერთადერთი სწორი წესი ეკონომიკის წარმართვისა, საჭირო ხდება მუდმივი სამთავრობო ოფერტა და რეფერენცია, საბანკო-საკრედიტო ეგზოტიკით ხალხის ცდუნება. ეს არის the triumph of money (ფულის ტრიუმფი), რაზეც თავად აშშ-ში თქმულა.

მოხდა კორუფცია (შერწყმა) კომერციალიზებული ფედერალური ორგანოებისა და კრიმინალური ბიზნესისა. ამის მაგალითია FRS (ფედერალური სარეზერვო სისტემა) ჯერ გრინსპენის და ახლა ბერნანკეს დროს. ჭეშმარიტებასთან ახლოს დგას აშშ-ს მედიაში გამოთქმული ბრალდება, რომ საფონდო კრახში ბრალი  მიუძღვით  თვით ბერნანკეს დასხვა მაღალი რანგის ეკონომისტებს, რომ კრიზისის მიზეზი საძიებია Fed’s policies-ში (FRS -ის თავმჯდომარის ქმედებები). ცნობილი მონეტარისტი ფინანსისტი ალან გრინსპენი (Greenspan) 18 წლის მანძილზე იყო ამ საკვანძო ფინანსური ინსტიტუტის თავმჯდომარე (1987-2006). ეს იყო აშშ-ს ეკონომიკის ხანგრძლივი აღმავლობის პერიოდი. მას ეწოდა გრინსპენის ეპოქა. ბობ ვუდვორდი თავის წიგნში კლინტონის დროსა და მის გარემოცვაზე, გრინსპენს საკმაო ადგილს უთმობს. Bob Woodward.  The  Agenda: Inside the Clinton  White House. Simon & Schuster. 1994, pp. 69-71, 227-29.

გადადგომის შემდეგ გრინსპენი გახდა მსხვილი ჰეჯ-ფონდის „პოლსონ & კო ინკ.“-ის საინვესტიციო მრჩეველი.  FRS-ის ხელმძღვანელობისას იგი  ყოველმხრივ ხელს უწყობდა საფინანსო დერივატივების გავრცელებას. კრიზისამდე ის ქებით ცაში აიყვანა ამერიკულმა მედიამ და შემდეგ მის ამოგდებას მიჰყო ხელი. მაგალითად, ჟურნალ Newsweek-ის კომენტატორი რობერტ სემუელსონი წერს გრინსპენზე, რომ  როდესაც ის წავიდა თავმჯდომარეობიდან, ის აღიარეს მაესტროდ და მესაჭედ, რომელმაც ქვეყანა გაატარა მრავალი ეკონომიკური მეჩეჩების გავლით. ოთხი წლის შემდეგ მას მასობრივად ბრალი დასდეს 2007-09 წლების კრიზისის ხელშეწყობაში. ახლა გრინსპენი თავს იმართლებს, ასრულებს სემუელსონი. Newsweek, March 29, 2011, p. 21.   ჟურნალი Economist წერდა, რომ ჯონ მაკკეინს კეთილად უხუმრია გრინსპენზე და მას შეუცვლელი (indispensable) უწოდა. The  Economist,  July 18th 2009, p.11.

შეიქმნა დიდი კულისა, სადაც ეს კორუფცია იქცა ნორმად. ამან გააქეზა კორუფცია (მექრთამეობა). ასეა აშშ-ში, ბრიტანეთში, საფრანგეთში და სხვაგან. მისტიფიცირებული ბიზნესის არატრანსპარენტულობა ორგანიზებული და სანქცირებულია პოლიტიკური ხელისუფლების მიერ. დიდი ხანია სიტყვა შულერი დავიწყებულია ბაზრის აპოლოგიის გავლენით. ბირჟის შულერი იყო არა მხოლოდ მეიდოფი. შულერი  არის თავად ფედერალური საფინანსო ინსტიტუტი. პირამიდა არის ნორმა აშშ-ში. მისი ეკონომიკის წარმოდგენა ამის გარეშე  შეუძლებელია. არას შველის ფულის გათეთრების (money laundering) საწინააღმდეგო პროგრამებისა და კანონების წერა. კაპიტალის ნახევარზე მეტი კრიმინალური წარმოშობისაა, პირამიდებითა და ბუშტებით ნათაღლითარია.  მეიდოფლენდი აშშ-ს და მთლიანად დასავლეთის ბიზნესის სინონიმია. თავისუფალი ბაზრის ისტორია არის პონციანა.ზღვარი ლეგალურ და ილეგალურ ბიზნესს შორის ძლივს შესამჩნევია თვით ფედერალური აუდიტორებისათვის.  აი ეს ბიზნესი დაუკავშირდა სახარებას ამერიკელ მოძღვართა მიერ. ერთია საკითხავი: რისთვის და ვისთვის დადიან ამერიკელი რელიგიური მისიონერები მთელ ქვეყანაზე? ჰო კაი, მავანი მეთოდისტი ან  მეშვიდე დღის ადვენტისტი გახდა, მავანი კალვინიზმს შეუდგა და რა? რა აზრი აქვს ქრისტეს სახელის ერთხელ ხსენებას მაინც? ამერიკულ თეოლოგიაში ცენტრალურ ცნებად უნდა იქცეს gross guilt (საერთო ბრალი). ეს ნიშნავს, რომ ყველაა დამნაშავე, ყველას მიუძღვის ბრალი ამ უმსგავსობაში, რასაც ამერიკული კაპიტალიზმი ჰქვია. ადამიანთა საბაზრო სეგრეგაციის იდეა ყოველთვისაა ანგლოსაქსურ თეოლოგიაში, რაც დიდი ცდომილებაა. თეოლოგი ჰანს კიუნგი ლაპარაკობს სიხარბეზე (greed), როგორც დასავლური სოციუმის თვისებაზე. ანგლოსაქსების  ბედისწერად იქცა კაპიტალის დეიფიკაცია. ამისთვის მათ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. არც ერთ სხვა რასას ასეთი ხვედრი არ ჰქონია ადამიანის ისტორიაში.

ნეოლიბერალური ტრიუმფალიზმისა და ვერბალური კომბინატორიკის მაგალითია  ჯეიმს დევისონ ჰანტერისა და ჯოშუა იეიტსის ნარკვევი წიგნში, რომელიც გამოსულია პიტერ ბერგერისა და სემუელ ჰანტინგტონის  რედაქციით:  Многоликая глобализация. Культурное разнообразие в современном мире. Аспект пресс. Москва. 2004. Джеймс Дэвисон Хантер  и Джошуа Йейтс. Мир американских глобализаторов.

ჰანტერი და იეიტსი აქ წერენ: „ევანგელისტური ქრისტიანები … ენთუზიაზმით ეკიდებიან პერსპექტივებს, რომელიც გადაიშალა მათი სარწმუნოების  წინაშე გლობალიზაციის ვითარებაში“.  ამას მოსდევს ორგანიზაცია Focus on the Family-ს ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამი: „ მე ვფიქრობ, რომ  გლობალიზაციის კონტექსტში ქრისტიანობის წინაშე  გადაიშლება კოლოსური შესაძლებლობანი“.  ჰანტერი და იეიტსი განაგრძობენ, რომ  ვიცე-პრეზიდენტის თანამოაზრენი Christian Coalition International-იდან ამბობენ, რომ ისინი გრძნობენ, თუ როგორ უწყობს ხელს მათი რელიგიის გავრცელებას  მსოფლიოს მზარდი დემოკრატიზაცია. ისინი ამბობენ: „ქრისტიანობა, როგორც გლობალური მოძრაობა მეტად ძლიერია. მისი სოციალური შედეგები, სახელდობრ კითავისუფლება, ახლა მთელ მსოფლიოში იგრძნობა“ (стр. 349-50).    აქვე მოყვანილია ბანკ Merrill Linch-ის  სტრატეგიაზე  მომუშავე თანამშრომლის, ასევე  World Vision-ის ვიცე-პრეზიდენტის თავმომწონე გამონათქვამები.

Merrill Linch-ს ფედერალურმა მთავრობამ უშველა და ბანკროტობას გადაარჩინა. World Vision კი არის ცნობილი მისიონერული ორგანიზაცია.  მსოფლიოს ქრისტიანიზაციას ამერიკელი ფინანსისტები უკავშირებდნენ სპეკულაციურ კაპიტალს და ბანკებს. თვით ამერიკაში ეს წიგნი 2002 წელს გამოვიდა. რამდენი ასეთი რეცესიამდელი (კრიზისამდელი) წიგნის დასახელება შეიძლება, სადაც ეს ტრიუმფატორობა ძალუმობს  გლობალიზაციის გამო. დღეს ამერიკაში სულ სხვაგვარად წერენ წიგნებს.

2012 წლის 5-8 ივნისს ლისაბონში ჩატარდა ევროპის კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა  მესამე ფორუმი, სადაც მღვდლების მიერ ითქვა, რომ ქრისტიანობას ადა ეკონომიკას შორის კავშირი უნდა დამყარდეს. აქვე ითქვა „სიყვარულის ეკონომიკაზე“. ამ ფორუმზე ლაპარაკი იყო ეკონომიკის განვითარების ახალ მოდელზე. ეს კი აღარ ითქვა, რომ აქამდე ყოველთვის ეკონომიკის აი ამ მოდელს მიიჩნევდნენ მარადიულ ჭეშმარიტებად საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. აქამდე რატომ არაფერი თქვეს მღვდლებმა ფორუმებსა და თეოლოგიურ სემინარებზე, რომ ახალი მოდელი იყო საჭირო?  აი ეს დიდი რეცესია რომ არ დამდგარიყო, ხომ ისევ ჩუმად იქნებოდნენ მღვდლები, როგორც აქამდე იყვნენ?

თორას დაწერის დროიდანვე არის ცნობილი მევახშეობა (usury) და სესხის პროცენტით გაცემა (advance money, loan capital). სახარების იგავში   მიბარებულ ტალანტებს მონა ბრუნვაში უშვებს და საზრიანობის მაგალითია მისი ბატონისათვის (მათე, 24: 14-27). ჰეჯინგი ანუ ჰეჯირება (hedge) ნიშნავს ფინანსური რისკის მენეჯმენტს საკრედიტო დერივატივების მეშვეობით. ჰეჯირება თავისებური ფორკასტერობაა (წინასწარ გამოცნობა). აქ ინტუიცია დიდ როლს ასრულებს. მხოლოდ  ეკონომიკის ფაკულტეტზე ნასწავლი პოსტულატების იმედზე  ყოფნა  არ შეიძლება ჰეჯ-ფონდის მფლობელი საფონდო ბირჟის მოთამაშისათვის. ჰეჯინგის თვალსაჩინო სპეციალისტი, ვინც საფონდო ბირჟებზე მასტერკლასს უჩვენებს, არის ბირჟის  „დიდი დათვი“, ჯორჯ სოროსი და მისი ჰეჯ-ფონდი.  ჰეჯირების განმახორციელებელი ამავე დროს არის liquidity-maker, ის, ვინც დერივატივების და სეკურიტიზაციის  ლიკვიდობის კონსტრუქტორია. თავად ეს ლიკვიდობა მეტად ფართო ცნებაა და მოხერხებულად იქნა გამოყენებული სუბსტანდარტული ფინანსური ინჟინირინგისას. აშშ-ს  სასესხო კაპიტალის ბაზარზე (loan market) ათობით ჰეჯ-ფონდია (მაგალითად, მსხვილი ჰეჯ-ფონდია TPG-Axon). მათ საქმიანობაში გარკვევა თავად აშშ-ს ფედერალური აუდიტორებისთვის არის სიზიფეს შრომა, რადგან ამ ფონდების საქმიანობა საგანგებოდ გასაიდუმლოებულია. ჰეჯ-ფონდი სულაც არ ისახავს მიზნად ფინანსური ბაზრის სტაბილიზაციას. ის მისდევს პროფიტირინგს  (სპეკულაციას) და  ცდილობს საბირჟო ქაოსიდან  დიდი ქეშის მოგლეჯას, მილიარდების დათრევას. ჰეჯ- ფონდი მეორეული,  მესამეული, მეოთხეული ფინანსური ინსტრუმენტების მიმოქცევით, კონკურენტის საკრედიტო რეიტინგის დეფამაციისა და „დათვური თავდასხმების“ მეშვეობით მოიპოვებს  ზღაპრულ მოგებას. ეს ცენტრალური მთავრობის გამოძიების საგანიც გამხდარა, მაგრამ ბირჟებზე ბევრი არა შეცვლილა რა. საინვესტიციო ბანკი Bear Stearns გახდა ფინანსური ტერორიზმის მსხვერპლი 2008 წლის მაისში. როცა გაჭირდა, სვოპური ბაზრის მოთამაშეების მხრიდან ბანკზე მოხდა „დათვური თავდასხმა“ (bear raid), რაც ნიშნავს დეფამაციას მის ბანკროტობაზე.  ბოროტი განზრახვით შეარყიეს ამ ბანკის ბექგრაუნდი და  ტრეიდ-იმიჯი. ეს გააკეთეს კონკურენტმა კომპანიებმა. ამას მოჰყვა ერთ-ერთი ძველი საინვესტიციო ბანკის Lehman Brothers-ის  ბანკროტობა 2008 წლის  15 სექტემბერს. ამას მოჰყვა იპოთეკური ბანკების Fannie Mae-ს და Freddie Mac-ის ბანკროტობა. დეფოლტი განიცადეს  სხვა ნაკლებად ცნობილმა კომპანიებმა. კარგად ორგანიზებულ „დათვურ თავდასხმას“ ბირჟებზე დიდი რყევის გამოწვევა შეუძლია. ჯორჯ სოროსის მიერ ორგანიზებულმა ასეთმა თავდასხმამ ბრიტანეთის ბანკზე 1992 წელს გამოიწვია ფუნტი სტერლინგის კურსის დაცემა.

Bear Stearns-ის ინსაიდერული ინფორმაცია სხვა არა არის რა, თუ არა პირამიდის აგების, სუბსტანდარტული დაკრედიტებისა და მისი თანმხლები სეკურიტიზაციული ბუმის ქრონიკა. ასეთივეა სხვა ბანკების ინსაიდერული ინფორმაცია. რომ არა ფედერალური მთავრობის მრავალმილიარდიანი დახმარება, ეს ბანკები ერთურთის მიყოლებით გაკოტრდებოდნენ. ბაზრის უჩინარი ხელი მათ ვერ უშველიდა. პირამიდების აგებისა და ბუშტების ბერვის გამო უფრო ადრე, 2002 წელს გაკოტრდნენ ინტერნეტ-ტრეიდერი კომპანიები. ფინანსური მეთოდიკა მაინც იგივე რჩებოდა. ჟურნალი Economist  წერდა  Lehman Brothers-ზე, რომ მისმა ბოსმა თქვა 2008 წლის  10 სექტემბერს: „ჩვენ ვიმყოფებით სწორ გზაზე“. ჟურნალი წერს, რომ 5 დღის განმავლობაში Lehman გაკოტრდა და მალე ნათელი გახდა, რომ მსოფლიო საფინანსო სისტემა  პრობლემების მქონე იყო“  The Economist. September 12th 2009, p. 15.

2007-8 წლების კრიზისამდე ამერიკული საინვესტიციო ბანკების დიდი ხუთეული: Lehman Brothers, Bear Stearns, Goldman Sachs, Merrill Lynch & Co., Morgan Stanley იყვნენ დიდი ფინანსური ილუზიონისტები და ბუშტის მბერავები. Lehman Brothers-ის ბანკროტობაზე ძალზე ბევრი დაიწერა. აქედან დაიწყო პირამიდების  ჩამოქცევა. ითქვა, რომ თუ ამ ბანკს ფედერალური ბიუჯეტი ფულს მიაშველებდა, კრიზისი შესაძლოა არ დაწყებულიყო. ძნელი გასარკვევია რატომ უშველა ბუშის ადმინისტრაციამ სადაზღვევო ჯგუფ AIG-ს  (American International Group) (AIG-მა გამოწერა მეტისმეტი სვოპები და გაკოტრებისგან ის იხსნა ბუშის ჩარევამ), და რატომ არ უშველა მან Lehman Brothers-ს.  არც FRS-ის (ფედერალური სარეზერვო სისტემა), არც NEC-ის (National Economic Council- სახელმწიფო ეკონომიკური საბჭო. საიტია: www.nec.gov )  საიტებზე და ბეჭდურ ანგარიშებში არ იპოვება დამაჯერებელი პასუხი, რა მოსაზრებით დაიხსნეს ბანკროტობისაგან  AIG და გაწირეს  Lehman Brothers.  AIG-ის ბანკროტობა ასევე ბანკროტობით ემუქრებოდა მსოფლიოს ცხრა უდიდეს ბანკს, რომელთაგან ხუთი ამერიკული ბანკია. ესენია: Citigroup, Morgan Stanley, JP Morgan Chase & Co., Bank of America, Goldman Sachs. ერთი ბრიტანული ბანკია: Barclays (ამ ბანკს ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაუკავშირდა „საქართველოს ბანკი“ და მოხვდა ბირჟის პრემიუმ ლისტინგში (2012 წლის თებერვალი)). ორი შვეიცარული ბანკია: Credit Suisse და UBS. ერთი გერმანული ბანკია:  Deutsche Bank. ეს ბანკები ქმნიან მსოფლიო საფინანსო ყიბლას. Morgan Stanley-სა და Goldman Sach-თან დაკავშირებულია ნავთობით მოვაჭრე ორი მონოპოლიური ბირჟა:  NYMEX (New York Mercantile Exchange) ნიუ იორკში  და  IPE (International Petroleum Exchange) ლონდონში. ეს ბირჟები ადგენენ ფასებს  Brent და WTI ნავთობზე.  ერთი სისტემაა ეს ბირჟები, ბანკები, ხელისუფლება. ჩნდება ეჭვი, რომ FRS, რომლის საკვანძო ბანკი არის ფედერალური სარეზერვო ბანკი, თავადაა ფინანსური სპეკულაციების მონაწილე და ამა თუ იმ ბანკს განიხილავს როგორც კონკურენტს, ან როგორც პარტნიორს. Lehman Brothers-ის გაკოტრება ალბათ, წინასწარ განზრახული იყო. ბენ ბერნანკეს საწინააღმდეგოდ ბევრი იწერება აშშ-ს პრესაში. ერთი სისტემაა ფედერალური ხელისუფლება და საფინანსო ბაზარი. საბიუჯეტო პოსტებზე ბანკებიდან მოდიან და შემდეგ ისევ ბანკებში მიდიან. მაგალითად, რობერტ ზელიკი და ჰენრი პოლსონი Goldman Suchs-იდან მოვიდნენ. 2008 წლის სადეპოზიტო და საკრედიტო კრიზისის დადგომაში ბრალი ედებათ ბენ ბერნანკეს, ჰენრი პოლსონს, ტიმოთი გაიტნერს. ჰენრი პოლსონი უმცროსი იყო ფინანსთა მინისტრი და ის შეცვალა გაიტნერმა.  ამ დიდ ბანკებთანაა დაკავშირებული ვატიკანის ბანკიც, რომელიც სრულიად დახურული საფინანსო ორგანიზაციაა. ამა წლის ზაფხულში  ვატიკანის ბანკში ატეხილი სკანდალი იმაზე მეტყველებს, რომ ერთი სისტემა და მეთოდიკაა ყველგან.

ისიც სათქმელია, რომ ბერნანკე არის  ჟურნალ Time-ს 2009 წლის  person of the year (წლის პერსონა). ამ ჟურნალის 2010 წლის იანვრის პირველ ნომერში არის მაიკლ გრიუნვალდის დიდი მასალა ბერნანკეზე  (pp. 20-44).

ჟურნალ  The Atlantic-ში, (2012 წლის აპრილის ნომერი) (www.theatlantic.com )  გამოქვეყნებულია როჯერ ლოვენსტაინის ვრცელი ანალიტიკური წერილი ბერნანკეზე  The Villain (ბოროტმოქმედი) (ეს სიტყვა ხუმრობითაც ითქმის-გ.გ.) (pp. 49-60).  გარეკანზე გამოტანილია ლიდი: „გმირი. ბენ ბერნანკემ გადაარჩინა გლობალური ეკონომიკა. რატომღა ყველას სძულს ის?“. აქ მოხმობილია ნეოკონ ნიუტ გინგრიჩის ნათქვამი ბერნანკეზე, რომ მან მას უწოდა  ყველაზე ინფლაციურად საშიში თავმჯდომარე FRS-ისა (p. 50).

თანამედროვე დეფოლტური სვოპი (CDS), დერივატული ფასიანი ქაღალდი არის თავისებური დაზღვევა, კრედიტის უზრუნველყოფა (security for credit), ჰეჯირების სახეობა, დეფოლტის რისკისაგან თავდაცვის ფინანსური მეთოდი, რომელმაც კოსმოსურ მასშტაბამდე გაზარდა  ფინანსური სპეკულაციით მითვისებული კაპიტალის რაოდენობა და მისი გავლენა ყველა ქვეყანაზე. 2010-11 წლების ამერიკული ანალიტიკური პრესა სავსეა მასალებით, სადაც კონსტატირებულია საფინანსო კაპიტალის,  უდიდესი საინვესტიციო  ბანკების, საინვესტიციო ბროკერებისა და კონსულტანტების, ფინანსური სტრატეგოსების  როლისა და გავლენის განუზომელი ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ძალაუფლების კომერციალიზაცია მოხდა და ფიქცია გახდა ყველა მტკიცება დემოკრატიის განვითარებაზე, სამოქალაქო ღია საზოგადოებაზე. საზრისი დაეკარგა კარლ პოპერის, ნიკლას ლუმანის, ფრენსის ფუკუიამას ლიბერალიზმის ფილოსოფიას. სოციალური პოლარიზაცია იზრდება და მარქსისტული საკითხი მდიდართა და ღარიბთა კლასებზე, მუშათა კლასის აბსოლუტურ გაღატაკებაზე ისევ  აქტუალურია. ამის დასტურია მოძრაობა Occupy აშშ-სა და ბრიტანეთში, რაც  ჯერ კიდევ  პრელუდიაა. იმდენად მდიდარნი არიან საბანკო დინასტიების წარმომადგენელნი, რომ სრულიად  იყიდიან რომელიმე აღმოსავლეთევროპულ ან კავკასიურ ქვეყანას. ფინანსური პირამიდების აგება და ბუშტების ბერვა, მასობრივი დაკრედიტება არის ის მეთოდი, როდესაც პლუტოკრატია უმრავლესობას უქმნის კარგი ცხოვრების ურყევობის ილუზიას. აქვე სათქმელია ისიც, რომ გართობის ინდუსტრია სისხლხორცეულადაა დაკავშირებული სპეკულაციურ ფინანსურ ინჟინირინგთან. ჰოლივუდის მსახიობი და შოუმენი მასხრობაში იღებენ ათეულმილიონიან ჰონორარებს. ეს იოლი ფულია (at an easy rate). ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შოუბიზნესშია ჩართული, არის სპეკულაციური კაპიტალის აგენტი. შეუძლებელია, რომ მსახიობისა და მომღერლის ჰონორარი განისაზღვრებოდეს ათეულობით მილიონი დოლარით. ამ ჰონორარს უზრუნველყოფს სპეკულაციური კაპიტალი. შოუბიზნესთან ერთად მედიაკრატია მთლიანად დაკავშირებულია ამ ფინანსურ ფლიბუსტერიზმთან. საფინანსო, გართობის, სერვისის ბაზარი ერთი მთლიანობაა. აი ამ გართობის ბაზარს ეყრდნობა ჯოზეფ ნაი, ნეოკონსერვატორული იმპერიალიზმის  წარმომადგენელი, როდესაც ის ამბობს, რომ ამერიკულმა soft power-მა უნდა დაარწმუნოს ხალხები ამერიკანიზმის სისწორეში. იმას კი აღარ იტყვის ნაი, რომ ამერიკის ბიზნესი ლას-ვეგასსა და ჰოლივუდს დაემსგავსა. კრიზისმა შეაჭირვა და გააკოტრა შოუ-ბიზნესთან და სერვისის სფეროსთან დაკავშირებული მრავალი ადამიანი. სუბსტანდარტული კრედიტების მეტად სარისკო, ხშირად კრიმინალური ინჟინირინგით ხდება შესაძლებელი შენარჩუნდეს ამერიკელების  კონსიუმერული აქტივობისა და შოპინგ-კალათის მრავალფეროვნება. ეს არის იმიტაცია სოციალური სამართლიანობისა (social justice). მონეტარისტების აზრით, საბაზრო პროცესები არის სპონტანური და მორალურად ნეიტრალური, რაც იმას გულისხმობს, რომ  ბაზარი არის non-partisan (აპოლიტიკური). ამის მტკიცებას ანტისაბჭოთა დისიდენტებმა 90-იან წლებში მთელი ღონე შეალიეს. ეს დიდ რამედ მიიჩნიეს. ნათქვამის გასამაგრებლად ისინი ბრიყვულად ბიბლიას იშველიებდნენ. ბიბლია კი პოლიტიკური, კრატოლოგიური წიგნია. დასავლეთმა დაანახა ყველას, რომ თვით კონსიუმერისტი ლიბერალი  ინდივიდისათვის ლიბერალ-კაპიტალისტური  სისტემა არის რეიდეოლოგიზებული და მოითხოვს imperative partisanship-ს (იმპერატიული  თავდადებულება). სამოქალაქო აქტივობა, პარტიციპაცია  (participation) წარმოუდგენელია partisanship-ის გარეშე. პლატონი გიჟი კი არ იყო, ამას რომ ისწავლებოდა. კარლ პოპერი და მისი მოწაფე ჯორჯ სოროსი ვერ მოერევიან პლატონს. ანტისაბჭოელ დისიდენტებზე კი არც არაფერია სათქმელი. აპოლიტიკურობისა და დეიდეოლოგიზაციის (non-partisan) ცდომილებას სიცოცხლე გაუხანგრძლივა 90-იანი წლების პოსტმოდერნულმა ფილოსოფიურმა ნომინალიზმმა. ღია საზოგადოების ადეპტები ამოდიან იმ მცდარი დებულებიდან, რომ ყოველ კაცს აქვს აზროვნებისა და სოკრატულ დიალოგში მონაწილეობის თავი. ასე კი არაა. კაცთა უმეტესობა მუდამ ჯოხითა და შეძახილით სადევნია ყველა ფორმაციის დროს. კაცთა უმეტესობას ავი მწყემსი ესაჭიროება ყოველთვის. განა ამის მეტი რა დაადასტურა განვლილმა ოცწლედმა? იყო პოლიტიზებული პოსტმოდერნი და რა დატოვა ხელშესახები?  90-იანი წლების კაპიტალიზმის იდეოლოგია იყო პოსტმოდერნი. ბაზრის დერეგულაციას მანაც შეუწყო ხელი. პოსტმოდერნი ლიბერტარიზმთან   უნისონში იმყოფებოდა ამ წლების განმავლობაში. სად იყო აპოლიტიკურობა? პარადოქსი ისაა, რომ ბიზნესის აბსოლუტიზაცია გამორიცხავს იდეურ და მოვალეობით დამოკიდებულებას სახელმწიფოს მიმართ, როგორც კორპორაციების, ასევე ცალკეული ინდივიდების დონეზე. ამის მიუხედავად, საბაზრო ტოტალიტარიზმი გარდაუვალია, non-partisan განუხორციელებელია. ეგრე არაა, რომ ყოველ ოთხ წელში საარჩევნო ურნასთან მიხვალ, წამოხვალ და შენთვის იქნები ინდივიდუალისტურ ნიჟარაში შემძვრალი მომდევნო არჩევნებამდე, როგორც ამას დისიდენტები იმტკიცებოდნენ.

ამერიკული სოციუმი სულ ვალებით ცხოვრობს. Purchase on credit (კრედიტით შეძენა) ამერიკული კონსიუმერიზმის წესია. ამერიკელი დებიტორი თუ ვერ იხდის ვალს, ამისთვის ისევ ვალს იღებს. ის იხდის მხოლოდ პროცენტებს და არა ძირითად ვალს (principial debt). დაკრედიტება სხვა კი არა არის რა, თუ არა დაკაბალება. სტრატეგიული და საბიუჯეტო შეფასების ცენტრის პრეზიდენტი  ენდრიუ კრეპინევიჩი ჟურნალ Foreign Affairs-ის 2009 წლის ივლის-აგვისტოს ნომერში ამბობს, რომ ამერიკა არის მსოფლიო ლიდერი მომხმარებლობასა და ვალების სიმრავლეში (p.33).  ჟურნალ The Atlantic-ის ავტორი მეგან მაკარდლი (Megan McArdle) კრიტიკულ წერილში წერს, რომ ამერიკა არის ყველაზე ბანკროტული სახელმწიფო დედამიწაზე (The Atlantic, June 2009, p. 30).  2012 წლის 5 სექტემბრის ცნობით აშშ-ს სახელმწიფო ვალმა გადააჭარბა 16 ტრილიონ დოლარს. ამერიკის ვალზე ჯერ კიდევ სენატორი ობამა წერდა თავის წიგნში: „ეს ვალი ახლა შეადგენს 9 ტრილიონ $-ს, რაც მიახლოებით არის 30 ათასი $ თითოეულ კაცზე, ქალზე და ბავშვზე ქვეყანაში“. Barack Obama. The Audacity of Hope: Thoughts on Reclaining the American Dream. Crown Publishers. NY. 2006, p. 188.

დიდ რეცესიამდე, 2006 წელს ეს ვალი იყო 9  ტრილიონი დოლარი და 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში გასცდა 16 ტრილიონ დოლარს. სპეკულაციური კაპიტალის, სუბსტანდარტული კრედიტების ეკონომიკაში დიდი ხვედრითი წილის გარეშე ამერიკული სოციუმის  ასეთი არნახული კონსიუმერული აქტივობის შენარჩუნება შეუძლებელია. აშშ-ს გარდა არსადაა მსოფლიოში ასეთი გაქანების მომხმარებლობა. ეს არის overconsumption (გადაჭარბებული მოხმარება). ამის პროპაგანდას ეწევა ჰოლივუდი მრავალი წელი. ამერიკელები პირველობენ სატელევიზიო და ქსელური ფელიციტოლოგიის (ბედნიერების მოძღვრება) შექმნასა და მის გლობალურ გავრცელებაში. გართობის ინდუსტრია ზრდის მოთხოვნილებას მოდურ საქონელზე, ახალ-ახალ გაჯეტებსა და დივაისებზე.  ეს არის კლასობრივი ანტაგონიზმის განეიტრალების  ეშმაკური  საშუალება. გართობის ინდუსტრია ქმნის ეიფორიას, რომ  ცოტაც და ყველა ჰოლივუდურად ბედნიერი იქნება. ამავე დროს Happy few-ს (ბედნიერი უმცირესობა) იდეა გამოხატული ოქროს მილიარდის კონცეფციაში დრომ გააცამტვერა. აშშ-ს ცხოვრება არის ვალებით ცხოვრება. ამ გარემოშია მიღწეული ტექნოლოგიური წინსვლა. სპეკულაციური კაპიტალი არას იშურებს ტექნოლოგიური ინოვაციებისათვის და ხელუხვი ინვესტორია. შემდეგ ეს კაპიტალიზმის ფორმაციულ უპირატესობადაა წარმოჩენილი.

სუბსტანდარტული კონტრაქტები ერთი დიდი პირამიდული ინდუსტრიაა. ხდება ადამიანის შეტყუება და გახლართვა სუბსტანდარტულ, სავახშო აბლაბუდაში. დინამიკა ამ borrowing-ისა (ვალების აღების პროცესი) წაქეზებულია კონსიუმერული იდეოლოგიით, მასკულტურის მოწოდებებითა და შაბლონებით. როგორ არ განაცხოველებენ ამ კონსიუმერულ მაქსიმალიზმს, რას აღარ იგონებენ. ეს არის ყოვლად შიზოგენური, მატრავმირებელი გარემო.  „მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული მოქნილი საკრედიტო პირობები“,  „კლიენტისათვის ხელსაყრელი ვადები“,  „სტუდენტური სწრაფი  მიკროსესხები“ და სხვა მისთანა საბანკო ფრაზეოლოგია ამას ისახავს მიზნად. ვალის პოტენციურ ამღებს აცდუნებენ დაბალი პროცენტით და არ ითქმის, რომ პროცენტი შეიძლება გაიზარდოს ვალის დაფარვის პერიოდში. ვალი შეიძლება გაიყიდოს და ახალმა მევალემ ძველ კონტრაქტში დათქმული პირობები გააუქმოს. თავიდანაა ანონსირებული დაბალი პროცენტი, როცა მავანი საბანკო სესხს იღებს. ვალის ამღებს ედებოდა გაზრდილი პროცენტები და დგებოდა ქონების დაყადაღების საფრთხის  წინაშე. ესაა იპოთეკა, რომელმაც უსახლკაროდ დატოვა მილიონობით ადამიანი აშშ-ში. თეზავრაციამ  და დანაზოგის შავი დღისთვის გადანახვამ პაუპერიზება და პროლეტარიზება  ვერ ააცილა თავიდან ეკონომიკის რეალურ სექტორში მომუშავე ამერიკელებს. როდის აქეთ არის, რომ ბანკი ზრუნავდეს დებიტორზე და მას შეღავათობდეს? ცრუა სატელევიზიო პროპაგანდა, რომ ბანკის ვალით მეწარმემ ბიზნესი წამოიწყო. ასეთი ფაქტები გამონაკლისია და არა ნორმა, როგორც ტელევიზია ამტკიცებს. ცრუა ბანკის მეცენატობაზე ლაპარაკი. ბანკი მოქმედებს როგორც სპეკულანტი კარლო პონცი. ვინ დაიჯერებს, რომ ბანკი ზრუნავს ცალკეულ ადამიანზე? თუ ქვეყნის მოწყობის ერთადერთ ჭეშმარიტ სამეურნეო პარადიგმად მიჩნეულია ლიბერტარიზმი და საბაზრო ექსტრემიზმი, უკვე ამის გამო ხდება საეჭვო ბანკების აპოლოგია მედიაში. საბჭოთა პოლიტიკური პლაკატი შეცვალა ბანკის პლაკატმა ბედნიერ მომავალზე, ვალის ამღებ დაკრეჭილ და ახტუნებულ მომხმარებელზე. პარტიული გაზეთი შეცვალა ბანკის გაზეთმა. ბანკი იჭრება ადამიანის ცხოვრებაში, სავალდებულოს ხდის ნებისმიერი ტრანზაქციის ბანკზე გავლას. ბანკი იქცა ადამიანის დამონების, პოლიტიკური თვალთვალის დაწესებულებად, რომელსაც ეკლესია აკურთხებს. სათავეშივე აყროლებულია ყველაფერი და რა აზრი აქვს მოქალაქეთა არჩევნებზე სიარულს? საერთოდ რა აზრი აქვს ამ ფრაივესის პრინციპს? ჰო კაი, მიდი სადმე მიტინგზე და იდექი. გაზეთში რამე დაწერე და რა? ადამიანმა დაკარგა ორიენტირი. მან არ იცის თავისი სადმიმავლობა.

მარქსის პიტერ დრაკერისეული კრიტიკა XX  საუკუნის ბოლოს  ურყევ ჭეშმარიტებად საღდებოდა. კომუნიკაციური რევოლუცია და გლობალიზაცია ვერ გააუქმებს მარქსს.  ზღვა წიგნები დაიწერა და იწერება ამერიკასა და ევროპაში არსებულ ეკონომიკურ და ფორმაციულ კრიზისზე და არა მხოლოდ რეცესიიდან გამოსვლის გზების ძიებაზე. მთელი ბიოტა ადამიანის ჩათვლით დგას საფრთხეთა კომპლექსის წინაშე. მთელი წყება ამერიკული და ბრიტანული  კვლევითი ცენტრებისა უშვებს კომბინირებულ ანალიტიკურ კრებულებს, სადაც განიხილება დასავლეთის პერსპექტივები მსოფლიოში. ამერიკული პლუტოკრატია არის ის შავი ყუთი, რომლის გახსნაც შუქს მოჰფენდა გლობალური ეკონომიკური და ფორმაციული კრიზისის მრავალ ასპექტს. ტრანსნაციონალური კომპანიებისა და საინვესტიციო ბანკების წარმომადგენელთა უხილავი მთავრობის (the invisible government) გავლენა ყველგან თვალნათლივია. ეს მთავრობა ყველა ხილულ მთავრობაზე მაღლა დგას. აროგანტი მილიარდერების საიდუმლო ლოჟამ მოიმსახურა დასავლეთის ქვეყნების ყველა მთავრობა. ხურდა ფულად ჩაიყრის ჯიბეში აშშ-ს მთელ ადმინისტრაციას ფინანსური ელიტისგან შედგენილი ეს უხილავი მთავრობა. სხვა ქვეყნებზე რაღაა სათქმელი? ამერიკული არჩევნები არის მორიგი კალკულაცია პლუტოკრატების დახურული კლუბებისა. აშშ-ს პრეზიდენტები არიან ტოპ-რეკრუტანტები, დეიფიცირებული კაპიტალის დაქირავებული მენეჯერები.

NYT-ში 2010 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ლუის სთორის მასალა: Louise Story. A Secretive Banking Elite Rules Derivatives Trading (დაფარული საბანკო ელიტის წესები დერივატებით ვაჭრობისას).  The New York Times.  11 December, 2010.  www.nytime.com. აქ ნათქვამია, რომ ყოველი თვის მესამე ოთხშაბათს თვეში მანჰეტენზე ეწყობა ბანკირთა გასაიდუმლოებული შეხვედრები დერივატივებით ვაჭრობაში შეთანხმებისათვის.  ამ სტატიაში ჩამოთვლილნი არიან დიდი საბანკო ცხრეულის წარმომადგენლები. ესენი არიან: თომას ბენისონი JP Morgan Chase-დან,  ჯეიმს ჰილი Morgan Stanley-დან,  ათანასიოს დიპლასი Deutsche Bank-იდან,  პაულ ჰამილი UBS-იდან, პოლ მიტროკოსტასი Barclays-იდან , ენდი ჰაბარდი Credit Suisse-დან, ოლივერ ფრენკელი Goldman Sachs-იდან, ალი ბალალი Bank of America-დან,  ბისვარუპ ჩატერჯი Citigroup-იდან. აქედან კვლავ რწმუნდება მკითხველი, რომ დიდი კაპიტალი კოსმოპოლიტურია და მთელი გლობუსის მოცვას ისახავს მიზნად.

ასეთი არსებითი რამ მოხდა დასავლეთში: მაღალი გრადუსის მასონი მონდიალისტი აღარაა ფილოსოფოსი, ლიტერატორი, უტოპისტი (საუკეთესო, პლატონური გაგებით), როგორც იყვნენ ვოლტერი, გოეთე, ფიხტე და სხვანი. ის აღარაა ფიქრთა მპყრობელი. მქონებლობისა და მოხვეჭის მიხედვით ემატება მასონური გრადუსი და არა ფილოსოფიური სიმაღლის, არა აზრის გაქანების მიხედვით. მეტი კაპიტალის ფლობა მეტი გრადუსია მასონთა ლოჟაში. ახლა მასონი ფინანსისტია, ბანკირია, ინვესტორია. ის ვერასდროს შეძლებს იდეების გენერირებას. მთელი ახლანდელი მასონერია უკავშირდება ფულს და ამის მეტი ის არაფერია. დიდად საგულისხმოა რაზე მსჯელობენ „ტრილატერალურ კომისიაში“, „ბილდერბერგის კლუბში“, „რომის კლუბში“?  ახლანდელი ამერიკა რომ ენახათ ჯორჯ ვაშინგტონს ან აბრაამ ლინკოლნს, დაწყევლიდნენ მას, როგორც თეზევსმა დაწყევლა ათენი. ვაშინგტონისა და ლინკოლნის ნააზრევი სხვაა და სხვაა ამერიკის სინამდვილე. აშშ-ს დამფუძნებელი მამებისადმი ამდენი აპელირება როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელი ნეოკონების მიერ, სიცრუეა.

აქვე უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა CFR- ზე (Council on Foreign Relations-საგარეო ურთიერთობათა საბჭო). მისი საიტია: www.cfr.org  . ეს არის ცნობილი არასამთავრობო, დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ის დაფუძნდა 1921 წელს. მის სათავესთან დგას ვუდრო ვილსონი. ეს ორგანიზაცია უკვე არსებობდა 1916-18 წლებში. მასში შედიან არქიმილიარდერების შვილები, ცნობილი პოლიტიკოსები, ეკონომისტები. ამ საბჭოს წევრები ამავე დროს არიან „ტრილატერალური კომისიის“, „ბილდერბერგისა და რომის კლუბების“ წევრები. ეს არის დიდი ინფლუენციით გამორჩეული დახურული კოსმოპოლიტური კლუბები.  მართლა NGO-ები ესენია და არა ის NGO-ები, სადაც წლობით ლაყბობენ დემოკრატიაზე, ქალთა უფლებებზე, სექსიზმზე, ტრანსპარენტულობაზე, სექსუალურ ლიბერალიზაციაზე და ა.შ. ეს პროფანებისა და პროფანატორების დონეა. ამდენი ხალხი ძალად ბრმაა პურისა და ბედნიერი ტიკინობის გამო. ამ კლუბებს იმდენად ფართო თვალსაწიერი აქვთ, რომ თვით იმპერიალისტური ამერიკა არის მათთვის არის ქვედა საფეხური. მათი გადაწყვეტილებები წარმოჩენილია აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებად. ქვეყნის პრეზიდენტი არის პოლიტიკური კომივოიაჟერი, გინდ რესპუბლიკელი იყოს და გინდ დემოკრატი. არც რეიგანი, არც უფროსი ბუში, არც ბილ კლინტონი არ ყოფილან დიდი IQ-თი (ინტელექტუალური კოეფიციენტი) გამორჩეული პოლიტიკოსები, მაგრამ მრავალსაფეხურიანი ორგანიზაციის წევრები იყვნენ და ეს აჩენდა მათ.

განა ეს ის ელიტაა, რომელიც თავისი მამაცობის, მეომრული ნიჭით ზეობს და დგას აგორაზე ხალხის წინაშე. ეს ელიტა მუდამ დამალულია. არავინ იცის მათი ზნე და IQ . ეს კონსპირაციული ელიტა ქმნის  shadow government-ს (ჩრდილოვანი მთავრობა). არქიმილიარდერების დინასტიები  მძლავრობენ. აღმოსავლეთის ომები (ერაყი, ავღანეთი) პრინციპისა და იდეისათვის მიმდინარეობს და თუ გამოჩენილა ამ ომებში საბანკო დინასტიების რომელიმე ძეთაგანი? არისტოკრატობა და ელიტარიზმი  გინდა და მახვილი არა?  უწინ  იყო, რომ კეთილშობილება მახვილს უკავშირდებოდა.

ოლიგარქიული დინასტიების შვილთა ზღაპრული ცხოვრების  ერთ წელს ვერ შეედრება ერთად აღებული აღმოსავლეთის მეფეების  მთელი ცხოვრება, მაგრამ ვინმე გამოსულა მათგან დიდი მოაზროვნე, ბუნებისმეტყველი? ვინმე გამოსულა მათგან უბრალო მოასკეტე ბერი მაინც, ვინც კაცის ცხოვრების უსვეობაზე დაფიქრდებოდა და რაღაც მოსახსოვნელს იტყოდა?  ვინ არიან? რანი არიან? განა მხოლოდ ისაა, რომ უსამართლობაა, არამედ დანაშაულია, რომ ბანკირთა დინასტიას ჰქონდეს ტრილიონის მეოთხედი  კაპიტალი. ამ წყობილებას სახავენ იდეალურად და ისტორიის დამასრულებლად?  ინფორმაციულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და თავისუფალი ინდივიდები ვართ, არა?  Sotheby’s-ს აუქციონებზე ეს ოლიგარქები აგზავნიან თავის წარმომადგენლებს და ანონიმურად ყიდულობენ ხელოვნების ქმნილებებს. ისე იხდიან 60- 90 მილიონ დოლარს ფერწერულ ტილოში ან ქანდაკებაში, თითქოს „დოლარ სთორის“ მაღაზიაში 8 დოლარად რაღაც მოსახმარს ყიდულობდნენ. როდესღაც აზრი ჰქონდა იმას, რომ მაგალითად, თეოდორ დრაიზერი წერდა ფინანსისტის სიხარბესა და სიცრუეზე, რადგან კაპიტალიზმის ანტიპოდი სისტემა არსებობდა. დამახინჯებული მარქსიზმიც კი ადამიანისათვის პერსპექტივას ტოვებდა.  ახლა რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ ბროკერმა სპეკულანტებმა, არა აქვს აზრი ამის ასახვას პროზაში, დრამატურგიასა და კინემატოგრაფში, რადგან კულტურა კვდება თავად დასავლეთში. ევროპის ცივილიზაცია კვდება. დასავლეთს დაუდგა Lehman moment  (ლემანის მომენტი).

პეტრ კროპოტკინი თავის ნაშრომში Хлеб и воля წერს: „ჰყვებიან, რომ 1848 წელს, რევოლუციის დროს, როცა როტშილდს ეშინოდა თავისი სიმდიდრის დაკარგვისა, მან იხუმრა: „ვთქვათ ჩემი სიმდიდრე  სხვების ხარჯზეა მოპოვებული, მაგრამ თუ მას თანაბრად გავანაწილებთ ევროპის ყველა მცხოვრებზე, მაშინ თითოეულს ერგება არა უმეტეს ერთი ხუთფრანკიანისა (ორი რუბლი). რა გაეწყობა, მე თანახმა ვარ მივცე თითოეულს მისი ხუთფრანკიანი, თუ ის ამას მოითხოვს“. Петр Кропоткин. Хлеб и воля. Современная наука и анархия. М. Изд. „Правда“. 1990,         стр. 57.

ბევრნი არიან ებრაელები აშშ-ს ელიტაში, მაგრამ ებრაელი ინტელექტუალი აღარაა ბოლოვად საკითხებზე მოფიქრალი. ის დაიმალა. ის ამოეფარა ლიბერალიზმს. თორადან ამოდიოდა ყველა დიდი თეისტი თუ ათეისტი აშქენაზი მოაზროვნე  XIX-XX საუკუნეებში. ახლა ასე აღარაა. მეფე დავითსა და მეფე სოლომონს არ ჰქონიათ იმდენი სიმდიდრე და პატივი, რამდენიც აქვს ერთ რომელიმე ებრაულ საბანკო დინასტიას აშშ-ში. ეს კია, მაგრამ რაიმე მოსახსენებელი ითქმება ამ დინასტიების ძეთაგან, რომელთაც უსწავლიათ საუკეთესო უნივერსიტეტებში? რაიმე იდეა გამოსულა მათგან?   საარაკო სიმდიდრე კია, მაგრამ სიბრძნე სადაა მათი? სადმე არის ამერიკელი ცადიკი (წმინდა იუდეველი მერჯულე) ?  იუდაიზმის დასრულება რა არის? თუ ეს არ არის დასასრული, რად არაფერი ითქმის იუდაისტურ მესიანიზმზე?  ასე გამოვიდა, რომ სხვა არა ყოფილა რა იუდაიზმი, თუ არა ჰუმანიტარული ტექნოლოგია? ეს არის იუდაიზმის დასასრული, რომ აცოცდე პირამიდის თავზე უცხო ქვეყანაში და არ ცდილობდე დაბრუნებას მამა-პაპის მიწაზე? საღვთო ვალად გაწვეს სამშობლოში- ქანაანში დაბრუნება და არ მიდიოდე? რატომ გადაეჭდო ამერიკელი აშქენაზების ცხოვრება ფლიბუსტერულ, ტრანსნაციონალურ კაპიტალს? რომ სულ დაეცეს ამერიკა, მერე რაღას იტყვიან ამერიკელი იუდეველები?  სადღა წავლენ და რომც რაიმე თქვან, ვინ დაუჯერებს მათ? ერთ სიტყვას მაინც ვინ ერწმუნება მათ? დიდი ქილიასტი და უტოპისტი აღარ დაიბადება აშქენაზების წიაღში. 

თავად მასონებმა დაადასტურეს თავის წინამორბედ მასონთა, ევროპის სეკულარული კულტურის  ფუძემდებლების იდეათა კორპუსის არსგაცლილობა. ადამიანი არაა ღირსი იმ მაღალი სტატუსისა, რომელიც მას XVIII-XIX  საუკუნეების მასონთაგან ენიჭა. ახლანდელმა მასონებმა წარმოაჩინეს, რომ ადამიანი არაა ღირსი განმანათლებლური გლობალური პროექტისა. განა მხოლოდ ისაა, რომ ეს პროექტი არარენტაბელურია, არამედ ის, რომ ადამიანი არ ყოფილა ამ პატივის ღირსი. აი ამიტომაა თეორიული ბრძოლა და ახალი იდეის შექმნა ძნელი, მაგრამ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება კაპიტალიზმის ფორმაციული ბანკროტობის შემდეგ. ან ქრისტიან თეოლოგს, ან იუდაისტ სწავლულს რისი თქმა შეუძლიათ ამ საკითხზე?  ღმერთის სიკვდილი ნიცშესთან და ადამიანის სიკვდილი ფუკოსთან არაა ოდენ მეტაფორული თქმა. ანთროპოპტოზისი (ადამიანის კვდომა) ყველგან შესამჩნევია.

დაინახა ნეოლიბერალიზმის დანაპირებით მოცდუნებულმა ქვეყნიერებამ რა არის  его препохабие  капитализм. ფილოსოფოსს უხამს ძალოვანი სიტყვით  დიდი დიატრიბის დაწყება კაპიტალიზმთან. არა მხოლოდ ცალკეული ნაწილები, არამედ მთელი სისტემა კაპიტალიზმისა forecasting-ს (პროგნოსტიკას) და დიაგნოსტიკას უნდა დაექვემდებაროს. ლიბერალ კაპიტალიზმის თეორია არის ის ალმაგესტი, რომელიც უნდა უარიყოს ახალი ფორმაციული თეორიით ისევე, როგორც კლავდიუს პტოლემეოსის გეოცენტრიზმი უარჰყო კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმმა.  Upheaval (დიდი სოციალურ-პოლიტიკური ცვლილება) გარდაუვალია. სისტემის forecasting time-frame (პროგნოზირების ჰორიზონტი) უკვე უნდა მოინიშნოს. ეს ფილოსოფოსის საქმეა. აი ახლა უნდა გაისინჯოს ასე ნაქები დასავლური ჰუმანიტარისტიკა. საკითხი მხოლოდ იმას არ ეხება, რომ ლიბერტარიზმის ანტითეზად კომუნიტარიზმი მოიაზრებოდეს, რაზეც წერს ამერიკელი ებრაელი თეორეტიკოსი ამიტაი ეტციონი. გენერალური ფორკასტინგის აუცილებლობა დადგა. არაა ისე, როგორც აშშ-ში იციან თქმა, რომ ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის მარჯვენა მხარეს (on the right side of history). ნეოლიბერალური ბაზარი ის ტოტალიტარიზმია, რომელსაც თვით დასავლეთში უნდა გამოუჩნდეს თავისი მამხილებელი ჰანა არენდტი.

სპეკულაციური კაპიტალი, რომელმაც არნახულად იხეირა სადეფოლტო სვოპებით, მთლიანად სისტემას ემუქრება დაქცევით. ქვეყნების  წყება იქცა supreme borrowers-ად (უკიდურეს  ვითარებაში მყოფი მოვალეები) თვით აშშ-ს ჩათვლით.  საკრედიტო  დეფოლტურ სვოპებს (CDS) მულტიმილიარდერმა ინვესტორმა უორენ  ედვარდ ბაფეტმა მასობრივი განადგურების  ფინანსური იარაღი უწოდა. ჯორჯ სოროსმაც თქვა, რომ საკრედიტო დეფოლტური სვოპები დიდი საფრთხეა საფინანსო ბაზრებისათვის. ფინანსების ისტორიის თანახმად, საბანკო ცხრეულის წევრმა, საინვესტიციო ბანკმა JP Morgan Chase-მა  1994-5 წლებში პირველმა შეიმუშავა მეორეული ფინანსური ინსტრუმენტი, საკრედიტო დერივატივი და სადაზღვევო პროდუქტი წოდებული სვოპად. მოხდა მისი ბრუნვაში გაშვება (put into circulation). სვოპი კაპიტალის ვირტუალიზების ინსტრუმენტია. კლინტონის პრეზიდენტობის დროს აშშ-ს საბანკო სისტემაში სვოპებს ფეხი მყარად ჰქონდა მოკიდებული. სვოპებს ბანკების გარდა მოიხმარდა ათობით უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რადგანაც  CDS თავად წარმოადგენდა სადაზღვევო პროდუქტს და ამავე დროს სვოპური ოპერაცია გულისხმობს სპეკულაციას, რაზეც ქვემოთ ვიტყვი. სვოპების ბაზრის კონიუნქტურა თავიდანვე ბნელით მოცული იყო. ამ ბაზარმა გაზრდისას დიდად გაართულა სვოპების რაოდენობისა და ეკონომიკის სეგმენტებზე მათი გავლენის გარკვევის შესაძლებლობა. საკრედიტო დერივატივები ბირჟის მიღმა მოქმედი ინსტრუმენტია. ის ვერ რეგულირდება და ვერ კონტროლდება სახელმწიფო ორგანოების მიერ. მოხდა საფონდო ბაზრის სვოპიზაცია იმ აზრით, რომ სვოპები იქცა ყველაზე მასობრივ საფინანსო გარიგებად საკრედიტო ბაზარზე. ყველას სურდა ამ საინვესტიციო პროდუქტით დაეზღვია თავი ვალის რესტრუქტურიზაციის, ბანკროტობის და დეფოლტის საშიშროებისაგან. სვოპის ყიდვისას ზარალის ალბათობა და ფინანსური რისკი უმცირესი იყო და ამ დერივატივს მიაწყდა უამრავი კომპანია. ბაზრის სვოპიზაციის მიზეზი კიდევ ის იყო, რომ სვოპური ოპერაციები და შეთანხმებები არ აღირიცხებოდა საბუღალტრო ანგარიშებში (entry). საბირჟო ბიულეტენებში არ აღინიშნება ყველა კონტრაქტი. სადეფოლტო სვოპები შეიქმნა იმ მიზნით, რომ დაეზღვიათ ბაზრის სუბიექტები საინვესტიციო-საკრედიტო, სავალუტო რისკებისაგან. სვოპი შეიქმნა ფინანსური რისკის  პრედიქტოლოგიისათვის  (წინასწარ განჭვრეტა და გამოცნობა). პირიქით კი გამოვიდა. სვოპებმა შიგნიდან გამოხრა  საფინანსო ბაზარი. აქ ირაციონალური   მომენტიც არის. აბსოლუტურად რაციონალური, კალკულირებადი პროდუქტი იქცა ირაციონალურ სტიქიურ ძალად. სვოპური კონტრაქტები კარგად ფუნქციონირებდა ბაზარზე 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დამდეგს და მის პირველ ხუთწლედში. იყო სიმპტომებიც, როგორადაც აშშ-ს მოევლინა ინტერნეტ- კომპანია Enron-ის საფინანსო სკანდალი 2001-02 წლებში. (ამ კომპანიაში მუშაობდა ეკონომისტი გია მაისაშვილი, რომელსაც აქ ჩამოსვლისას ვკითხე კომპანიის ბანკროტობაზე და აზრიანი ვერაფერი მითხრა.).  იყო სხვა ქსელური ტრეიდერის  WorldCom-ის, Vivendi-ის და სხვა კომპანიების მაქინატორობის გამოვლენა. ამ კომპანიების ხელმძღვანელები გასამართლებულნი არიან პირამიდების აგებისთვის, თაღლითობისთვის. ამას მოჰყვა Sarbanes-Oxley-ს კანონის მიღება. სარბეინზ-ოქსლის კანონმა (ბუშმა მასზე ხელი მოაწერა 2002 წლის 30 ივლისს), გაამკაცრა ფინანსური ანგარიშგების  ფედერალური კანონმდებლობა სეკურიტიზაციული ინდუსტრიისათვის. სენატორ პოლ სარბეინზისა და კონგრესმენ მაიკლ ოქსლის ეს კანონი კომპანიების წყების სკანდალებისა და ბანკროტობის გამო იქნა მიღებული. ჯორჯ ბუში მესიანისტი იყო და მისი ყურადღება უფრო პოლიტიკისა  და ერაყის ომისკენ  იყო მიქცეული. ეკონომიკისა მას ბევრი არა გაეგებოდა რა, ისევე როგორც კლინტონს. სამაგიეროდ, ბუში იყო მებრძოლი ნეოკონსერვატორი, ბიბლიური მესიანისტი და რადიკალური იმპერიალისტი. სარბეინზ-ოქსლის კანონმა ვერ ალაგმა ფინანსების ბაზარი. დერეგულაციის ტენდენცია უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ამ სკანდალების მიუხედავად, ფინანსების ბაზარს რყევა არ დასტყობია. სვოპებისადმი ნდობის ხარისხი და მასზე დაყრდნობა განაპირობა ნეოლიბერალიზმისა და მონეტარიზმის  ერთ-ერთმა ძირითადმა პოსტულატმა, რომ  ბაზარს ახასიათებს ხანმოკლე, გარდამავალი კრიზისები და შემდეგ  გადიდება და ზრდა (increase,  growth) გრძელდება. სვოპებისადმი ნდობა ასევე განაპირობა მისით მოვაჭრე სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო ბანკების მაღალმა რეიტინგებმა (AAA). ლობისტური ფირმები და  თავად ცენტრალური მთავრობა ეწეოდნენ სეკურიტიზაცია-რესეკურიტიზაციის წახალისებას (incentives). სეკურიტიზაციის ბაზარი თავისი არსით პოლიტიზებული იყო მონეტარიზმის   მტკიცებათა საწინააღმდეგოდ. ის არ იყო non-partisan. უკვე ეს საეჭვოდ ხდიდა მონეტარიზმის ცნობილ პოსტულატებს. ბაზრის სვოპიზაცია დასავლელი ფინანსისტებისა და პოლიტიკოსების  აროგანტიზმის, უსაფუძვლო presumption-ის (თავდაჯერებულობა) და  conceit-ის  (გადამეტებული თვითშეფასება) გამო, რასაც აცხოველებდა საბჭოთა სისტემის კოლაფსი და მარქსიზმ-ლენინიზმის იოლი ძლევა,   არ ითვალისწინებდა  ერთ არსებით კითხვას: რა შეეძლო სადეფოლტო სვოპებს, თუ ბაზრის კრიზისი იქცეოდა სისტემურ და ფორმაციულ კრიზისად?  სვოპი სიტემურ საკრედიტო რისკს არ მოერგო. საფინანსო ბაზრის სვოპიზაციამ არ შექმნა იმის წანამძღვარი, რომ გაჩენილიყო სადაზღვევო სარეზერვო ფონდები. სვოპი იყო სოკო, რომლის საკრეფად ყველა გავიდა. სისტემურ-ფორმაციული კრიზისისას კი ის შხამად და მაოხრებლად ექცა საფინანსო ბაზარს და მთლიანად კაპიტალიზმს. ეს მასობრივი ფინანსური ექსპერიმენტი ცუდი რეზულტატის მომტანი გამოდგა. ყველა მაღალრეიტინგიანი ფინანსური ინსტიტუტი ერთმანეთზეა დამოკიდებული სვოპური კონტრაქტების ვალდებულებებით.  ეს საფინანსო მუტუალიზმი და მულტილატერალური კლირინგია. კრიზისის მასშტაბიც ამან განაპირობა. საკრედიტო სვოპი დეფოლტის შემთხვევაში ობლიგაციის ინვესტორს აიძულებს მთელი კაპიტალი ბრუნვაში გაუშვას და კოტრდება.  აშშ-ს ფედერალურმა მთავრობამ რუზველტის დროს დადგენილი რეგულაციების მოშლის ტენდენციის გავლენით, არაფერი იღონა იმისთვის, რომ სვოპური გარიგებების ბაზარზე აღრიცხვა და ანგარიშგება სავალდებულო ყოფილიყო. ფედერალურმა მთავრობამ კლინტონის და შემდეგ ბუშის მეორე ვადის დროს წაახალისა და წააქეზა გადასახადებისგან თავის  არიდება (non-payment of taxes). მთელი ეს სვოპების ბაზარი ამდენი წელი ფუნქციონირებდა on the off-chance (საეგებისოდ). სვოპის მომხმარებელთაგან სიხარბის გამო არავინ იფიქრა, რომ სვოპური დაზღვევა, სვოპირებული კრედიტები და სვოპური სპეკულაცია თავად შეიძლებოდა ქცეულიყო რისკად. სუბსტანდარტულ ფინანსებზე დახარბებამ ფორმაციული კრიზისი მოიმკო. პოლ სემუელსონიც და მილტონ ფრიდმენიც მოესწრნენ სვოპების ბაზრის უსწრაფეს ზრდას და სემუელსონმა მისით გამოწვეული კრიზისიც იხილა (გარდაიცვალა 2009 წელს). ფრიდმენი არ მოსწრებია კრიზისს (გარდაიცვალა 2006 წლის ნოემბერში). 2007 წლის ბოლოს სვოპების ბაზრის მოცულობამ შეადგინა 62 ტრილიონ დოლარზე მეტი. 2008 წლის შუა პერიოდში ეს მოცულობა შეადგენდა 58 ტრილიონ დოლარს. 2009 წლის ბოლოს სვოპების ბაზრის მოცულობამ შეადგინა 30 ტრილიონ დოლარზე მეტი. კრიზისის გამო მოცულობა 2007 წლის მონაცემთან შედარებით განახევრდა. ეს ციფრები მოყვანილია ISDA-ს (International Swaps and Derivatives Association) სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციის საიტისა- www.isda.org  და Depository Trust and Clearing Corporation-ის (სასაწყობო ტრასტი და კლირინგული კორპორაცია) მიხედვით. გადაუხდელი სვოპების რაოდენობამ 2009 წლის გაზაფხულზე შეადგინა 28 ტრილიონი $  (www.cfr.org/financial crises/credit-default-swaps-clearinghouses -exchanges/p 197568) .   როსბიზნესკონსალტინგის არხის (РБК) თანახმად,  ინვესტორებმა 2011 წელს მსოფლიოს საფონდო ბაზარზე დაკარგეს 6,3 ტრილიონი დოლარი.  ვინ ინვესტორები არიან, რომ დიდი ქვეყნების წლიურ ბიუჯეტზე მეტი კაპიტალი აქვთ? როგორ შეიძლება ინვესტორებმა დაკარგონ ასეთი თანხა? ეს ხომ არაა რეალური, პროდუქტიული შრომით შექმნილი კაპიტალი, მაგრამ მაინც იანგარიშება. პროდუქტიული შრომით ასეთი ასტრონომიული კაპიტალი ვერასოდეს შეიქმნება, თუნდაც მარადიული მშვიდობა იყოს. ეს არაა ინვესტირება იმ აზრით, როგორც ეს ეკონომიკის ნაშრომებში წერია. ეს სხვა რაღაცაა და ინვესტორის სახელს ამოჰფარებია. ისეთი რაოდენობის ფულია, რომ ის მრავალ ათეულჯერ აჭარბებს world GDP-ს (მსოფლიო მშპ). აშშ-ს ეკონომიკა სამაგალითო ანომალიაა. ემისია მუდმივი მოვლენაა მასში. გაზეთივით იბეჭდება დოლარი. მთელი 2009-12 წლების განმავლობაში სულ არის ტელევიზიაში კადრები, როგორ იბეჭდება ამერიკული ბანკნოტები და დასაწყობებული დასტები ჭერს სწვდება. აქვე ნაანგარიშები უნდა იქნეს დამატებითი სენიორაჟი (შემოსავალი ფულის ემისიიდან).

როგორ ხდება სვოპური შეთანხმება? სვოპის კონტრაქტით დათქმულ თანხას რეგულარულად იხდის CDS-ის მყიდველი. თუ სესხის ამღები (borrower), იქნება ეს კომპანია თუ საბიუჯეტო სტრუქტურა,  გადახდისუუნაროა (insolvency),  დათქმულ ვადას აცილებს გადახდას (failure to pay on time) და აცხადებს დეფოლტს (default of credit), მაშინ სვოპის გამყიდველი იხდის ძირითად კაპიტალსა და ვალის საბაზრო ღირებულებას შორის არსებულ სხვაობას (difference in prices). სხვაგვარად რომ ვთქვათ, სადეფოლტო სვოპი საკრედიტო რისკის მენეჯმენტის სახეობაა. ეს არის გარიგება, რომლის მიხედვითაც ამ სვოპის გამომშვები (emitter)  იღებს  ვალდებულებას დაფაროს სვოპის მყიდველის მიერ  მესამე მხარისათვის გაცემული კრედიტი, თუ დებიტორი (დავალიანების მქონე პირი) ამ კრედიტს ვერ დაფარავს. კიდევ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სვოპი არის სესხის გაცემის გაცხოველების მეთოდი. სვოპი შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც კრედიტორი რეგულარულად გამოისყიდის ვალის ამღები მესამე მხარის  საკრედიტო ვალდებულებას, თუ იგი დათქმულ ვადაში არ გაისტუმრებს  ამ ვალდებულებას. კიდევ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სვოპური კონტრაქტით სვოპის გამყიდველი ვალდებულია სვოპის მყიდველს გადაუხადოს თანხა მესამე კონტრაგენტის გაკოტრების შემთხვევაში. მყიდველი კი სამაგიეროდ ვალდებულია ბონუსები (ეს შეიძლება ინდემნიტეტიც  (კომპენსაცია) იყოს) უხადოს სვოპის გამყიდველს. უთუოდ სათქმელია, რომ სვოპის მყიდველი ამ ფასიანი ქაღალდის ყიდვით დეფოლტის რისკისაგან მთლად  ვერ იზღვევს თავს. სვოპი ცედენტსაც (cedent) გულისხმობს, როცა კრედიტორი მოთხოვნის უფლებას სხვას უთმობს. მყიდველსა და გამყიდველს შორის რისკების გაცვლა ხდება. ეს ფინანსური შიფტინგია, როცა პასუხისმგებლობა კონტრაგენტებს (მზღვეველი- დაზღვეული)  შორის ერთი მხარიდან მეორეზე გადადის. ამავე დროს ეს არის ურთიერთდაზღვევა (mutual insurance), ურთიერთსახეირო  მოგება (mutual  benefit). ვალის ამღების დეფოლტის რისკს ცვლის სვოპის გამყიდველის რისკი. თუ სვოპებით ვაჭრობს მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ლიკვიდური  ბანკი- ემიტენტი (issuing bank), მაშინ რისკი პაკეტისათვის long-term credit + CDS,  ეკონომიკური კონიუნქტურის მცირე ფლუქტუაციის ანუ ვოლატილობის (ცვალებადობის) ვითარებაში სვოპის  მყიდველისათვის მიიჩნევა უმცირეს რისკად. მყიდველი ენდობა ემიტენტის გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს (issue of securities) და არ ახდენს კონტრაგენტის რისკის პროგნოზირებას. აი ამან განაპირობა, რომ სვოპების ემისიამ უნაკლოდ იმუშავა. ამას ხედავდნენ ფინანსისტები და საფონდო ბირჟის ბროკერები. საბროკერო ოპერაციები (brokerage) მასობრივი გახდა.  ბროკერის ჰონორარი (broker’s  fee) გამოიხატებოდა ექვსნიშნა ციფრით. კორუფციაა საკონსულტაციო პრემიები და ბონუსები, პოსტები დირექტორთა საბჭოებში. ამის ანონსირება წლობით მიმდინარეობდა მედიაკრატიის მიერ. სვოპების ბაზარი გიგანტურად გაიზარდა. ის იყო დიდად პროფიტაბილური და პროფიტირინგული (სპეკულაციური). ამ ლივერიჯმა მოიტანა ზღაპრული მოგება. ეს არის სეკურიტიზაციული ინდუსტრია. გაჩნდა  mutual funds (ურთიერთსახეირო ფონდები). სვოპინგი ფინანსური მუტუალიზმია.  სვოპური ვალდებულებით ყველა ერთმანეთთანაა დაკავშირებული შემდეგნაირად:  თუ ბანკმა ან სადაზღვევო კომპანიამ გაყიდა სვოპები, ამავე დროს სხვა ბანკისაგან ან სადაზღვევო კომპანიისგან იყიდა სვოპები. ასერიგად ხდება სვოპის გამყიდველის რისკისა და მოვალის დეფოლტის რისკის დაკავშირება. სვოპის მყიდველისათვის სვოპი დაზღვევა მაშინ არის, როცა ვალის გამო სვოპის მყიდველს,  აქვს საკრედიტო  გრძელვადიანი (long- term ) პოზიცია. ნაყიდი სვოპი აქ მიზნად ისახავს ჰეჯირებას- ვალის  შესაძლო დეფოლტის გამო ზარალისგან დაზღვევას. ესე იგი, დაზღვევის სახით ნაყიდი სვოპი გულისხმობს, რომ სვოპის მყიდველი შესაძლო დეფოლტის დადგომისას დაფარავს მესამე პირის ვალს (repayment of a loan, cancel a credit). თუ სვოპის მყიდველს მოკლევადიანი პოზიცია აქვს, მაშინ სვოპი ნაყიდი ყოფილა პროფიტირინგის  მიზნით. ესე იგი, სვოპის მყიდველი ვალის დეფოლტს ვარაუდობს და მოელის მოგებას ამ დეფოლტისაგან. თუ მოვალეზე „დათვური თავდასხმა“ მოხდა, დეფოლტის გამოწვევის მიზნით, ამის დადგენა აუდიტორს  დიდად გაუჭირდება.

განხორციელდა დიდი საპორტფელო ინვესტიციები ბანკების მიერ. სახსრები გრძელი ვადით ჩაიდო აქციებში, ობლიგაციებში. ეს იყო არნახული ბუმი, გაცხოველებული დილინგი (გარიგებები). დაიწყო მარკეტინგული ფაქტორების იმიტაცია. ბევრი რამ მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. დაიწყო პონცის პირამიდების აგება, ფალსიფიკატორული იპოთეკური სქემების გავრცელება. მთლიანად დასავლეთის ეკონომიკა იქცა ვუდუს ეკონომიკად, ფინანსურ საპნის ოპერად. ფინანსური პირამიდები როკფელერის დროიდან ისედაც არასოდეს აკლდა ამერიკას. მოხდა რეალური ეკონომიკის სუბსტიტუცია (შეცვლა) ვირტუალური ეკონომიკით.  კრეაციული  შრომა და მისით მოპოვებული კაპიტალი (hard money) ითრგუნება იოლი ფულით (easy money), ფინანსური სპელულაციებით. კაპიტალმა დაიპყრო  შრომა. ეს მუდმივი ლაგი (lag) აჩვენებს ეკონომიკის რეალურ შესაძლებლობებსა და სპეკულაციურ ბიზნესს შორის დიდ სხვაობასა და ჩამორჩენას. უფრო კონკრეტულად, ლაგი აქციების ფასებსა და საწარმოო ძალთა ზრდას შორის მუდამ მზარდია. ფასწარმოქმნა აქციებზე ირელევანტური იყო. სტატისტიკა ტყუოდა. შეფარდებები ფიქციური იყო. 90-იანი წლების ბოლოდან ლაპარაკი იყო აშშ-ს ბიუჯეტის მრავალმილიარდიან პროფიციტზე. არ შეესაბამებოდა სვოპური გარიგებების რაოდენობა საწარმოო ძალთა რეალურ შესაძლებლობებს. ეს აღვირახსნილი ფინანსური ვირტუალიზაცია იყო.  ენჯელიდისის კომისიის მასალებში ერთ-ერთი ფიგურანტი, აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ჰენრი პოლსონის წინამორბედი,  ჯონ სნოუ (პოსტზე იყო 2006 წლის ივნისის ბოლომდე) ამბობს: ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახდინეთ ფინანსების უტრირება (გადამეტება) რეალური ეკონომიკის საპირისპიროდ და შედეგად მივიღეთ მცირე სიმრუდე (არათანაბრობა) (a little lopsided). The Financial Crisis Inquiry Report…p. 66.   სნოუმ არ თქვა, რომ ეს მცირე კი არა დიდი სიმრუდე იყო. მცირე სიმრუდეს ასეთი კატასტროფული შედეგები არ ექნებოდა. რეალური ეკონომიკის ფული, მაგალითად, რომელიმე საწარმოს ფონდის თანხები გადაიტანება სპეკულაციის დომეინში (სფერო), სადაც არის საინვესტიციო ინსტრუმენტარიუმი. ინვესტორი ფულით სავსე ტომრით დაწანწალებს მთელ დუნიაზე და ის უფრო სპეკულაციურ ინვესტირებას ეშურება, ვიდრე რეალური ეკონომიკის ინვესტირებას. მას არ სურს ლოდინი მოგებისათვის, არამედ ახლავე უნდა მოგება. ის ჰყიდულობს, აძვირებს და ჰყიდის რაღაც ქაღალდებს. თუ ის რომელიმე საწარმოს ჰყიდულობს, უფრორე იმ მიზნით, რომ მცირე ხნის შემდეგ ის გაძვირებული ფასით გაყიდოს. მას არ სურს ადგილზე ყოფნა და შრომა. მას არ სურს რომელიმე ქვეყნის კულტურით განმსჭვალვა და თავის დავალდებულება რაიმე იდეით. ეს რომ დასავლეთის კულტურის და ლიბერალიზმის მიღწევად მიიჩნევა, არის იდიოტობა, არის თავის მოტყუება.

მეორეული საფინანსო ინსტრუმენტები, დერივატივები და synthetic securities (სინთეტიკური ფასიანი ქაღალდები) იდეალურად მოერგო ტრეიდერი რობოტების ბირჟას, ქსელურ მარკეტინგს. ცხოვრებაში რომ არასოდეს შეხვდებიან ერთურთს სვოპური კონტრაქტის მხარეები და შეუძლიათ კი დადონ ასობით გარიგება. სვოპებმა და სხვა დერივატულმა კლასებმა მოახდინა კომბინატორობისა და აფერისტობის გამოუცხადებელი ლეგიტიმაცია. ფინანსების სფეროში დაკრედიტების წესების შეცვლამ, დოლარის ემისიამ შექმნა მრავალი ვენჩურული კომპანია. კომპანიები დიდი მოგების მიზნით დიდ რისკზე მიდიოდნენ. ინვესტორები რისკს ერთურთში ინაწილებდნენ. შეიქმნა რისკების ჰეჯირების მეთოდიკა. ჰეჯირების ერთ-ერთი მეთოდია ვალების სეკურიტიზაცია, როცა ჯერ კიდევ გადაუხდელი ვალის თავდებით იბეჭდება და ბაზარზე გამოიტყორცნება ახალი დერივატული  ფასიანი ქაღალდები (ეს შეიძლება იყოს სვოპის სვოპი და კიდევ იმისი სვოპი, როგორც დაზღვევა, რაც არის მესამეული, მეოთხეული და ა.შ. დერივატული პროდუქტი). მათი რეალიზება ხდება ახალ ინვესტორთა შორის. ეს არის ტრეიდინგი, როცა ყველაფერი იყიდება ნომინალურ ღირებულებაზე ათჯერ და ასჯერ  მეტი საბაზრო ფასდებით. ინტერნეტ -ტრეიდერებმა დაიწყეს ეს ამბავი და შემდეგ ის გადავიდა იპოთეკურ ბიზნესში, მშენებლობაში და სხვა სფეროებში. უძრავ ქონებაზე ფასების ავარდნა და მშენებლობის ბუმი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. ეკონომიკის დარგები ძლივს ვითარდებოდა და მშენებლობის ბუმი კი გასაკვირი იყო მოსკოვსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქალაქებში.

ფინანსების ბაზარი იყო და იქნება მიდრეკილი სრული არატრანსპარენტულობისაკენ (გაუმჭვირვალობა). მედიაკრატია ქვეყანას ატყუებს გამჭვირვალე დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ლაპარაკით. კაპიტალის სოციოპათიურობაზე, მის დევიანტურობაზე უნდა ითქვას. არც ერთი ბაზარი არაა ისე პროფიტაბილური, როგორც დერივატივებისა და სინთეტიკური ქაღალდების ბაზარი. მეორადი ანუ დერივატული  საფინანსო ინსტრუმენტებით კონსპირაციული ვაჭრობა ბანკებს აძლევდა მრავალმილიარდიან მოგებებს. დერივატივების მოცულობა მსოფლიო ბაზარზე კვადრილიონებში იანგარიშება. ეს არის ბაზელში მდებარე BIS-ის (Bank for International Settlements-საერთაშორისო გაანგარიშებათა ბანკი) 2011 წლის ივნისის Quarterly Review-ს მონაცემი.

ბევრჯერ იყო კონსტატირებული, რომ პირდაპირი ინვესტიციების ბაზარზე ბრუნავს 20 ტრილიონი დოლარი. ამ კაპიტალის სამ მეოთხედზე მეტი სპეკულაციური წარმოშობისაა.  დერივატული კლასები გამაოგნებელია თავისი ეგზოტიკური ფალსიფიკატორობით. ყოველი რესეკურიტიზაცია ისევ ბუშტს ქმნის და ბერავს მას. ამ დერივატივების რეალიზაციისათვის იქმნება ახალი ბაზრები. მოდის ათასობით ბუშტის მბერავი. დიდი რისკების შემცველია ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მას მისდევენ. უამრავი ინვესტორის ფასიანი ქაღალდების პორტფელი განქარდა და მათ ადგილზე ახალი ინვესტორები მოვიდნენ. ეს პროფიტირინგისა და  პროფიტაბილობის გაუნელებელი ფსიქოზია. ამერიკულ სამედიცინო ჟურნალებში ხშირადაა აღნიშნული, რომ რელაქსანტების, ანტიდეპრესანტების, ტრანკვილიზატორების, ანტინევროზული პრეპარატების მოხმარების პროცენტი ინვესტირებისა და მოგების იდეით ეგზალტირებულ ამერიკელთა შორის ძალზე მაღალია.

აშშ-ს გარდა დასავლეთ ევროპაშიც არის ჰეჯ-ფონდები, პონცის პირამიდები, საბანკო ოფშორები. ევროპას თავისი მეიდოფები და სტენფორდები ჰყავს. ესპანეთსა და  საფრანგეთში თავის საბირჟო სპეკულანტებს დასდევენ. სვოპების გარდა არის სხვა ბირჟისგარეშე დერივატივებიც, მაგრამ სწორედ სვოპები გახდა დომინანტური არასაბირჟო საკრედიტო დერივატივები. დერივატივების ბაზრის 90 %-მდე სვოპებმა შეავსო. თავიდან ბანკი JP Morgan იყო სვოპების პროდუცენტი. შემდეგ მისი ემისია დაიწყეს სხვა ამერიკულმა და ევროპულმა ბანკებმა. რუსეთის საბანკო სფეროში სვოპების წილი მცირეა. სვოპირებული (დაზღვეული) აქტივების ბაზრის დინამიკაში გარკვევას დიდი დრო სჭირდება. ეს ეკონომიკა კი არა, არამედ ფინანსომიკაა. ჯონ მეინარდ კეინსის მიმდევარი და ინტერპრეტატორი ამერიკელი ეკონომისტი ჰაიმენ მინსკი (Minsky) (1919-96)  თვლიდა, რომ ეკონომიკური ბუმის დროს რისკების  შეფასება მცირდება. ბაზრისაგან ბევრს მოელიან, იზრდება კრედიტების მოცულობა და იზრდება რისკებიც. მინსკის მომენტის (Minsky moment) დადგომად იწოდება ის, როცა აქტივების, ობლიგაციების საბაზრო ღირებულების მუდმივი ზრდა წყდება. სვოპებზე მსჯელობისას კიდევ ერთია გასარკვევი: პროფიტირინგისათვის ნაყიდი სვოპების რაოდენობა აღემატება თუ არა ჰეჯირებისათვის ნაყიდ სვოპების რაოდენობას?  ფრენსის ფუკუიამამ ნდობისა და იმედოვნების (trust) ფაქტორზე გამოკვლევა დაწერა. ლიკვიდური პორტფელების რაოდენობა და  სეკურიტიზაცია მეტად მასშტაბური იყო. სეკურიტიზაციამ ბაზარზე შემოიტანა აქამდე გაუყიდავი აქტივები (ძველი იპოთეკური ვალები და მისთანანი). სვოპების ბუმმა ხელი შეუწყო იმას, რომ საინვესტიციო ბანკებმა ბრუნვაში შეაპარეს ტოქსიკური, არალიკვიდური, მკვდარი, პრობლემური  აქტივები (illiquid, fixed, dead, sticky, troubled assets) და  ასაღეს ისინი. ეს იყო მოჩვენებითი ლიკვიდობა, ცრუ ბუმი, ცრუ ოპტიმიზაცია. სვოპინგმა ბერა და ბერა ფინანსური ბუშტები. მან გააბევრა პრობლემური აქტივები და ასაღა კარგ, ლიკვიდურ აქტივებად. აქამდე დასადგომი კრიზისი და great crash (დიდი კრახი) სვოპების ბუმმა გადაავადა. ლივერიჯის მასშტაბი გაიზარდა დერივატივების გაყიდვითა და სეკურიტიზაციის ფორსირებით  მოქმედ ჰეჯ-ფონდებსა და საინვესტიციო ბანკებში. ძნელი გასარკვევი იყო ამ ფასიანი ქაღალდების რაობა, ღირებულება. რის მიხედვით დგინდებოდა ფასიანი ქაღალდების ნომინალი და საბაზრო ღირებულება? გაუგებარი იყო რა იყიდებოდა, ვინ რას აზღვევდა. მაინც სწამდათ საფონდო ბაზრის აგენტებს, რომ ეს ფასიანი ქაღალდები ლიკვიდური იყო და ეს-ესაა გაიყიდებოდა. ბანკებში დაგროვდა ამ ქაღალდების მასა, რომელიც იყო junkbond (გადასაყრელი ობლიგაციები). მათ კარგ აქტივებად ასაღებდნენ. მოხდა აფერისტობის უნიფიკაცია გლობალურ საფინანსო ბაზარზე, სადაც ათიათასობით საფინანსო აგენტი და კონტრაგენტი ირეოდა. საბირჟო კრახი გადავადებულ იქნა ლივერიჯისა და ლიკვიდობის მოჩვენებითობის მასშტაბის გაზრდით.  ამასობაში  რეალური ბიზნესი დროში სულ უფრო  ჩამორჩებოდა სპეკულაციურ ბიზნესს. სეკურიტიზაციის აჟიოტაჟი შესაძლებელი გახდა საბაზო აქტივებთან კავშირის გაწყვეტის გზით. ფასიანი ქაღალდების ლიკვიდობასა და რეალური კაპიტალის ლიკვიდობას შორის აღარ იყო მიმართება.  საფინანსო ტრანზაქციები გაიზარდა, მაგრამ ეს კვანტიფიკაცია მირაჟული იყო. გასაკვირი ისაა, რომ მოგება, ადვანტაჟი (advantage) ამ მირაჟულ ინდუსტრიას ხელშესახები ჰქონდა. აქციების ნომინალურ ღირებულებასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობა ხელოვნურად გაიზარდა. აქ  agio-ს (აჟიოს ანუ ლაჟის) (კურსების განსხვავება) გარეშე ვერ იქნებოდა. უამრავი საბირჟო შულერი თამაშობდა კურსების სხვაობებზე. ასე იყო 1929 წლის საბირჟო კრახის დროსაც  აშშ-ში. ეკონომიკურ ანალიტიკაში ჰაიმენ მინსკიმ შემოიტანა გამოთქმა-პონცის ფინანსური პირამიდა. კარლო (ჩარლზ) პონცი იყო ჯო კენედისა და ჯესი ლივერმორის თანამედროვე კიდევ ერთი დიდი თაღლითი. მან 1920-იან წლებში ააგო პირამიდების წყება, მოიპოვა ნდობა და ხალხს დასტყუა მილიონობით დოლარი. ამას ეწოდება confidence trick. სვოპების ინდუსტრიამ იგივე პონცის პირამიდები ააგო. ეს swap გადაიქცა  swoop-ად (თავდასხმად და ტაცებად) თვით დასავლეთის  მრავალი ქვეყნისათვის. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ათასობით კომპანია კოტრდება პორტუგალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, ირლანდიაში, ინგლისში. ზარალობენ ბანკები. საბერძნეთის ეკონომიკის მძიმე მდგომარეობა, რომლის რეიტინგი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის მიერ 2012 წლის დამდეგს განისაზღვრა SD-თი (სელექციური დეფოლტი), დაკავშირებულია ფინანსურ სპეკულაციებთან და სვოპებთან.  2012 წლის 24 თებერვლის ცნობით, აპირებენ ძველი ობლიგაციების გადაცვლას ახალ ობლიგაციებზე, რათა საბერძნეთს ჩამოეწეროს 107 მლრდ. ევროს ვალი. ამა წლის 9 მარტში www.rbc.ru -ს ცნობით, Fitch-მა საბერძნეთის საკრედიტო რეიტინგი დასწია  RD-ს (შეზღუდული დეფოლტი) დონემდე, რათა ქვეყანას ჩამოეწეროს ზემოთ ნახსენები უზარმაზარი ვალი. ვალის ჩამოწერა მხოლოდ ახლაღა გადაწყდა. დიდად იზარალა კრედიტორმა, რომელიც საბერძნეთს ასესხებდა და აქამდე ელოდა ვალის დაფარვას. ეს არის მონდიალისტური ბანკები და ევროკავშირის ბანკები. იგივე  წყაროს 10 მარტის ცნობით, სააგენტო Moody’s-მა საბერძნეთის რეიტინგი განსაზღვრა C დონით. ეს დეფოლტია. 13 მარტის ცნობით, სხვა სააგენტომ,  Fitch-მა საბერძნეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ასწია B-მდე. იყო  RD. 20 მარტის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, საბერძნეთის სვოპური (CDS) კონტრაქტების მფლობელნი მიიღებენ ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 78 %-ს. რაც ბოლო დროს საბერძნეთზე ითქმის, მასზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ქვეყნის რეცესიიდან ამოთრევას ლამობენ სპეკულაციური კაპიტალის მეშვეობით, კაბალური კრედიტებით,  ახალი ფინანსური კომბინაციებითა და პირამიდების აგებით. საბერძნეთი ტიპური მაგალითია იმისა, თუ როგორ იყო შენარჩუნებული კონსიუმერული აქტივობის მაღალი დონე სპეკულაციური კაპიტალითა და ვალებით. ათენის ოლიმპიადა ვალებით მოეწყო. ახლა ეს გადასახდელი აქვს საბერძნეთს.

დიდი ძვრები მოხდა დასავლეთის ეკონომიკაში ელექტრონული ბირჟებისა და   ტრეიდერი რობოტების, ვირტუალური კომპანიების, ვებ-ბანკების შექმნით. ამას ხელი შეუწყო ექსტრემისტულმა ლიბერტარიანულმა კონცეფციამ. ახლანდელ კრიზისზე მსჯელობისას ძნელია საბაზრო დისფუნქციათა და საბანკო-საფინანსო break-down-ის პროგნოზირება და ანალიზი. ეს დისფუნქციები სულ უფრო განტოტვილი ხდება და მას მრავალი მიწისქვეშა დინებებიც აქვს ამერიკის ეკონომიკაში. რა არის ნორმალური ზრდა და რა ექსტრემუმი, როცა მთელი სისტემა თანამედროვე კაპიტალიზმისა ექსტრემისტულია და მიიდრიკება დანაშაულისკენ?

ელექტრონულ ფრიტრეიდერობასთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ ვთქვა: 90-იან წლებში ბევრჯერ აღინიშნა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების ერამ, ინფორმაციული საზოგადოების დადგომამ ბაზარს მეტი შესაძლებლობები მისცა. ეს მცდარი მსჯელობა იყო. ინფორმაციული საზოგადოების კონცეფცია მოახმარეს ბაზრის აპოლოგიას. ინფორმაციის გიგაბაიტური მასივების ცირკულირებას ინტერნეტში არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია პირამიდულ ეკონომიკაზე.  ინფორმაციული საზოგადოების ლიბერალ-კაპიტალიზმის დიდ მონაპოვრად და ახალ საფეხურად  წარმოჩენა ფალსიფიკატორობაა, რომელიც  გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გრძელდება. დღემდე არც ისაა გარკვევით დეფინიცირებული, რას ნიშნავს „ცოდნის ეკონომიკა“, „ცოდნის ინვესტირება“ და მისთანანი. ამ ცნებების გამოყენებით ცდილობენ დაარწმუნონ ადამიანები, რომ ცნობიერების ახალ საფეხურზე ასვლა მოხდა და ეს გააკეთა თავისუფალმა ბაზარმა.

საფინანსო ბაზარზე მანქანა შემოიჭრა. ეს არის ტრეიდერი სუპერკომპიუტერი.    მისმა შემოჭრამ კიდევ უფრო გაახელა სპეკულაციური კაპიტალის სიხარბე და ამორალობა. მიმდინარეობს კაპიტალის აგრესია, ფინანსური ტერორიზმი,  ბიზნესის მუდმივი swoop (თავდასხმა) ყველასა და ყველაფერზე. შეუძლებელია სავაჭრო კომპიუტერული პროგრამის საქმიანობა და ინტერნეტ-ტრაფიკი დაარეგულიროს ფედერალურმა კანონმდებლობამ და შეიტანოს კომპიუტერულ ალგორითმში ზნეობრივი საწყისი. ბირჟებზე წესების დადგენა დაიწყო ტრეიდერმა რობოტმა. სავაჭრო გარიგებები ბირჟის რობოტების მეოხებით ზესწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ობლიგაციების ტრანსფერტები (transfer of debentures), კონტრაქტების დადება და სხვა ოპერაციები წამის მეათედებში ხდება. საბირჟო პანიკის დროს რობოტები ცდილობენ მილიონების მითვისებას. ერთურთის დასწრებასა და მოტყუებაზეა აგებული კომპიუტერული ვაჭრობა. ამ თაობის ბირჟის რობოტები ასეთია და რა იქნება შემდეგი თაობის ტრეიდერი კომპიუტერები, ძნელი სათქმელი არაა. ვერანაირი კანონმდებლობა ვერ აკრძალავს ტრეიდერ რობოტებს. შეუძლებელია ვირტუალური კომპანიების,  ვებ-ბანკების, ელექტრონული ბირჟების სიმრავლის მცირედ რეგულირება მაინც. ამიტომ ვერ შეზღუდა სარბეინზ-ოქსლის კანონმა საფონდო ბაზარი. ვირტუალური ბიზნესი და ტრეიდერი რობოტები არის კრიმინალური კონტენტის მქონე ინოვაცია საინვესტიციო და საფინანსო ბიზნესში, რომელთან შედარებით ოფშორული ბანკების  „ჰოლანდიური სენდვიჩები“ და მისთანა სერვისები ხუმრობად ჩანს (ჰოლანდიური სენდვიჩი ეწოდება საბანკო კომბინატორიკის სახეობას, როდესაც კრიმინალური წარმოშობის კაპიტალი ოფშორულ ბანკში შემტანს გააქვს როგორც საბანკო სესხი. ეს არის ფულის გათეთრების ხერხი). РБК-ს (www.rbc.ru)   2012 წლის 22 ივლისის ცნობით, ოფშორებში მალავენ 21 ტრილიონ დოლარს და გამოითქმის ვარაუდი, რომ ეს თანხა 30 ტრილიონ დოლარზე მეტია. აი ესაა ლიბერალური ბაზრის სინამდვილე. ეს ვირტუალური ინოვაცია ავიწროებს რეალურ ბიზნესსა და ძველი ყაიდით მომუშავე საფონდო ბაზარს. Lag (ჩამორჩენა) ვირტუალურ და რეალურ ეკონომიკებს შორის სეკურიტიზაციასთან ერთად ინტერნეტმა უფრო გაზარდა. ბირჟების არსებობა ტრეიდერი რობოტების გარეშე შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, მათი მონიტორინგის შესაძლებლობა  ნაკლები იქნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის კაპიტალის აგრესიასა და ფინანსური ფლიბუსტერების აროგანტიზმს,  სისტემის რეპრესიულობას. კიბერსივრცის  მეტად აქტუალურ საკითხზე თემატური ნაშრომი გამოსცა ISSS-მა (The International Institute for Strategic Studies): David J. Betz and Tim Stevens. Cyberspace and the State: Toward a Strategy for Cyber-power. ISSS. 2011.

თუ კონკურენტი კომპანიები და ქვეყნები დაჰაკავენ ერთმანეთის სავაჭრო კომპიუტერებს, დაიწყება ქაოსი საფინანსო-სავალუტო ბაზარზე. თუ ტრეიდერ რობოტებზე გადავლენ აღმოსავლეთის ქვეყნები და რუსეთი, ეს კონფრონტაციას გაზრდის. სავაჭრო კომპიუტერული პროგრამების გაყიდვა მოსკოვშიც დაიწყო. თუ დოლარს, როგორც მსოფლიო ვალუტას შემცვლელი გამოუჩნდება, შეძლებს თუ არა ამ ახალი მსოფლიო ვალუტის წარმომადგენელი ქვეყანა სხვა ფორმაციული მოდელის შექმნას?  სვოპური გარიგებები რუსეთში ჯერ არაა გავრცელებული. ესვე ითქმის ჩინეთსა და ინდოეთზე. რუსეთი 2011 წლის დეკემბრის ბოლოს გახდა მონდიალისტური WTO-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) წევრი. ეს ნიშნავს, რომ ის უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა  მსოფლიო საბანკო-საფინანსო პირამიდას. მანქანამ ადამიანს იმპერატივი წარუდგინა. აქ არჩევანის შესაძლებლობა არაა, ხოლო ზნეობაზე ლაპარაკი იდიოტობაა. ან ბაზრიდან განდევნა, ან სავაჭრო ზესწრაფი კომპიუტერების მიერ დადგენილ წესს მიყოლა. ამ ვითარებას ღვთისმეტყველი მყისვე ეშმაკს დააბრალებს, ისევე როგორც ეშმაკს აბრალებს ბიომეტრული პასპორტების შემოღებას. მთელი ეს პროცესი მხოლოდ საფონდო ბირჟებისა და საზოგადოდ ბაზრის დინამიკით არაა წარმოშობილი. ეს არის აშშ-ს ფედერალური მთავრობის მიერ ინიცირებული პროცესი, სახელდობრ კი ფედერალური სარეზერვო სისტემის (FRS) მხრიდან წამოწყებული promotion (წახალისება)  ჯერ ალან გრინსპენის, ახლა ბენ ბერნანკეს ხელმძღვანელობით.  FRS  არის მედიუმი პლუტოკრატიასა და პოლიტიკურ ძალაუფლებას შორის.  ამერიკელი ეკონომისტი ირვინგ ფიშერი 1920-იანი წლების საფონდო ბუმის ისეთივე ქურუმი და იდეოლოგი მონეტარისტი  იყო, როგორიც ამ საუკუნის დასაწყისში იყო ალან გრინსპენი. გრინსპენიც ისევეა მილიონერი ფინანსისტი და უოლ სტრიტის მსხვილი ინვესტორი, როგორც ირვინგ ფიშერი იყო. ფიშერის დროს, დიდი დეპრესიის წინ ისმოდა ფინანსისტ როჯერ ბებსონის ალარმისტული ხმა, რომელიც არვინ გაიგონა. ახლანდელი კრიზისის წინაც ისმოდა დევიდ კალეოს გაფრთხილება. არვინ გაიგონა პათოლოგიამდე მისული კარტეზიანული ოპტიმიზმის, სიხარბის, საფინანსო ჰიბრისის გამო. დიდად ოდიოზური რამ არის ეს სავალდებულო საოფისე მანიფესტური ოპტიმიზმი. აქვე ისიც სათქმელია, რომ აშშ-ს 30-იანი წლების the Great Recession, დიდი დეპრესია  ევროპიდან განჭვრიტეს ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესმა (Mises) (1881-1973) და მისმა მოწაფემ ფონ ჰაიეკმა. ამის შემდეგ ავსტრიელი გერმანელის, მიზესის ეკონომიკური თეორიით  დაინტერესდა ანგლოსაქსური მეცნიერება. ამ დეპრესიის უცდომელმა ფორკასტინგმა ჰაიეკს სახელი გაუთქვა.

ათობით ცნობილი ანგლოსაქსი ეკონომისტის კრედოდ იქცა „კეინსის დემონის გაძევება“ სამეცნიერო დისკურსიდან, ასევე ბიზნეს-პრაქტიკიდან. კეინსის დემონის გაძევებაში იგულისხმებოდა ლიბერალური ბაზრის სრული გათავისუფლება სახელმწიფო რეგულაციისგან. კეინსი ჰაიეკის ოპონენტი იყო და მის დებულებათა ნეიტრალიზებას შეეხარჯა უამრავი ევროპელი და ამერიკელი ეკონომისტის მონოგრაფია, დისერტაცია, კრებული და სხვა. ახლა, როცა საქმე შავად არის, გაძევებულ დემონს თავად უხმობენ საშველად. ობამას ადმინისტრაცია ცდილობს თავისუფალი ბაზრისა და სისტემის გადარჩენას სახელმწიფოს ჩარევით. მონეტარისტების გაკილული the role of government in regulating business დიდად საჭირო აღმოჩნდა. ცრუ გამოდგა ამდენ ნაშრომში არტიკულირებული აქსიომა, რომ ბაზარი თვითრეგულირებადია და კრიზისების დროს თავის თავს უხილავი ხელით თავად არეგულირებს. რაშიც დასავლელ ეკონომისტთა მთელმა დასმა ნობელის პრემიები მიიღო 1992-2008  წლებში, ის დღეს ფიქცია აღმოჩნდა.

დადგა ეკონომიკური თეორიების დიდი რევიზიისა და ინვენტარიზაციის აუცილებლობა. მთელი წყება  ეკონომიკური პოსტულატებისა უკუსაგდებია.  ევრაზიის ჯგუფის პრეზიდენტმა იან ბრემერმა კაპიტალიზმის კრიზისსა და ლიბერალიზმის  შეჩერებაზე  ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნა ესსე: Ian Bremmer. State Capitalism Comes of Age. The End of the Free market? FA May/ June 2009, vol. 88, no.3, pp. 40-55.  აქ იან ბრემერი მიუთითებს ეკონომიკაში სახელმწიფოს შეჭრის ბოლოდროინდელ მოვლენაზე. ბრემერი წერს, რომ თავისუფალი ბაზრის ტალღამ უკან დაიხია და მის ადგილას მოვიდა სახელმწიფო კაპიტალიზმი. ამ თემაზე ბრემერს წიგნიც აქვს გამოცემული. ეს ტექსტი მაინც ნეიტრალურია და მასში არაფერია ნათქვამი საფინანსო კრახის მიზეზებზე ამერიკაში.  ბრემერი იტყვის, რომ თავისუფალი ბაზარი რჩება სახელმწიფო კაპიტალიზმის  ყველაზე ძლიერ და ხანგრძლივ ალტერნატივად (…the free market remains the most powerful and durable alternative to state capitalism (p. 55).

ეს კი სწორია, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება სახელმწიფო კაპიტალიზმზე, როგორც თავისუფალი ბაზრის ალტერნატივაზე. განა ეკონომიკის ისტორია სხვა რაიმეს ადასტურებს?  განა ამის გამო არ იყო დიდად ცნობილი პოლემიკა ჰაიეკსა და კეინსს შორის?

უფრო ადრე ბრემერმა ამავე თემაზე ნარკვევი დაწერა: Ian Bremmer.  The Return of State Capitalism.  Survival. June-July  2008, vol.50, no 3, pp. 55-64. ბრემერმა 2010 წელს გამოსცა წიგნი: Ian Bremmer. The End of the Free Market: Who Wins the War Between States and Corporations? Portfolio. 2010 (თავისუფალი ბაზრის დასასრული: ვინ გაიმარჯვა სახელმწიფოებსა და კორპორაციებს შორის ომში?). აქ განიხილება ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა და სახელმწიფო კაპიტალიზმი. ბრემერი ამბობს, რომ კაპიტალიზმის ამ ორ ფორმას შორის იქნება კონკურენცია მომავალში. ბრემერი, ცხადია, რომ უპირატესობას ლიბერალურ კაპიტალიზმს ანიჭებს.

ცნობილი ნეოკონსერვატორი ფარიდ ზაქარია ჟურნალ Time-ში წერს იმაზე, რომ პოსტამერიკული მსოფლიო პროგრესირებს და ჩამოთვლის ამერიკის სიძნელეებს. Time. January 9, 2012, p. 17.  ფარიდ ზაქარიამ 2008 წელს გამოსცა წიგნი: Fareed Zakaria. The Post-American World. რეცენზია მასზედ დაწერა იან ბრემერმა (Survival. June-July 2009, vol.51, no 3, pp.191-6).

ჟურნალი Economist  2012 წლის დამდეგს წერდა სახელმწიფო კაპიტალიზმის აღზევებაზე  (The Economist. January 21st  2012. The rise of state capitalism (pp.11-12)).  უფრო ადრე, 2009 წლის თებერვალში იგივე ჟურნალი წერდა ეკონომიკური ნაციონალიზმის დაბრუნებაზე (The Economist.  February 7th 2009 (pp.9-10)).

იმანუელ ვალერსტაინი (Immanuel Wallerstein) გაზეთ Le Monde-ს 2008 წლის  ოქტომბრის ნომერში  ლაპარაკობს კაპიტალიზმის სისტემურ კრიზისსა და ახალი სისტემის წარმოშობაზე. მისი თქმით, 2008 წლის კრიზისი ჰგავს XV-XVI  საუკუნეების ფეოდალიზმის კრიზისს დასავლეთ ევროპაში. ამ ტექსტის სათაურია: Le capitalisme touche à sa fin (კაპიტალიზმი უახლოვდება თავის დასასრულს). ბევრი ევროპული პერიოდული გამოცემა მსჯელობს ლიბერალ-კაპიტალიზმის დასრულებაზე. იწერება უამრავი კრიტიკული მასალა. დასავლეთში თავადვე ამბობენ, რომ „პოსტკრიზისულ ერაზე“ ლაპარაკი 2009-11 წლებში კიდევ ერთი ტყუილი იყო და კრიზისის ახალი ტალღები წამოვიდა ეკონომიკაში.

როჯერ ალტმანი თავის წერილში „ გლობალიზაცია უკანდახევაში“ , Roger C. Altman . Globalization in Retreat. Further Geopolitical Consequences of the Financial Crisis. Foreign Affairs. July/August 2009, pp. 2-7. მსჯელობას იწყებს იმით, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის დრო  შეჩერდა და დაიწყო სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და პროტექციონიზმი (p. 2). ალტმანი წერს, რომ the era of laissez-faire economics has ended.  „30 წლის განმავლობაში თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის ანგლოსაქსური მოდელი გავრცელდა მთელ მსოფლიოში (p. 5).  სახელმწიფოს როლი შემცირდა. დერეგულაცია, პრივატიზაცია და ღია ვაჭრობა აღმავლობას განიცდიდა. ეს დრო წავიდა. ანგლოსაქსური ფინანსური სისტემა განიხილება როგორც  მარცხიანი“ (is seen as having failed) (p. 5). ალტმანი განაგრძობს, რომ ახლა მსოფლიო აშშ-ის ჩათვლით განიცდის ახალი დირექტივიზმის ტალღის მოძალებას. სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში კვლავ იზრდება.  ალტმანის თქმით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში მხოლოდ ჩინეთშია აღმავლობა. პეკინის უნიკალური კაპიტალისტურ- კომუნისტური მოდელი ეხმარება ჩინეთს ამ კრიზისის ეფექტიანად დაძლევაში (p. 7). შემდეგ ალტმანი იმეორებს, რომ ეკონომიკური კრიზისი არის გლობალური სეისმური მოვლენა. თავისუფალი ბაზრის, გლობალიზაციისა და დერეგულაციის ერა დასრულდა და ახალი ერა არც ისე შორსაა (p. 7). სახელმწიფოს როლი ფინანსურ და სავაჭრო პროტექციონიზმთან ერთად  აღზევებას განიცდის (is ascending) (ibid.).

სახელმწიფო კაპიტალიზმთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ ფაქტს: 1991 წელს ზვიად გამსახურდია საუბრობდა სწორედ სახელმწიფო კაპიტალიზმის დამკვიდრებაზე საქართველოში. ის უფრთხოდა ლიბერტარიზმისა და დერეგულირებული ბაზრის დამკვიდრებას და სწორიც იყო. ოპოზიციონერმა დისიდენტებმა ამის გამო მას დასცინეს და ყაზარმული სოციალიზმის შემოღებაში დასდეს ბრალი (ცოლ-ქმარი სარიშვილი-ჭანტურია, თამარ ჩხეიძე და სხვები). უკვე ეს ფაქტი აჩვენებს, თუ რა უვიცი იყო დისიდენტობა და მთლიანად ოპოზიცია. თავადაც არ იცოდნენ რაზე ქილიკობდნენ. საქართველოში ლიბერტარიზმის დამკვიდრება ნიშნავდა უსისხლო გენოციდს და ქვეყნის კატასტროფას. დრომ ეს დაადასტურა. ყოფილი დისიდენტები კი ისევ ისე ჭკუას არიგებენ ინტერვიუებში, ვითომ რაიმე იციან. განა დაირცხვენენ, განა რაღაცას შეიმეცნებენ. ძალად არიან თავისი ტუტუცობით, ბოღმიანობით და ამპარტავნებით. მაშინ, 1991 წელს, საქართველოს დეინდუსტრიალიზაცია და გაძარცვა, ქარხნების სრული დემონტაჟი უკვე გადაწყვეტილი იყო პარტნომენკლატურასთან შეთქმული დისიდენტების მიერ, რომელთა ერთადერთი მიზანი მთავრობასა და პარლამენტში მოკალათება იყო. ქართველი უებროა პოლიტიკური ფრაზების ჭახჭახში, საგაზეთო რაინდობაში, საქმეში კი ის მუდამ ხელმოცარულია და გაბითურებული.

ტრიუმფალიზმი დასავლურ მედიასა და ანალიტიკურ გამოცემებში იცვლება მელანქოლიითა და პესიმიზმით. გაჩნდა ბევრი truth-teller (სიმართლის მთქმელი), რომელნიც აცამტვერებენ ლიბერტარიანელი  story-teller-ების (საამო ამბავთა მთხრობელნი)  ნამსჯელს. ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ გაზეთებშიც კი ხშირად ითქმის, რომ ისტორია არ დასრულებულა და ფუკუიამასეული ლიბერალური ფინალიზმი მცდარი გამოდგა.

2012 წლის მაისის ბოლოს ბანკმა JP Morgan-მა იზარალა რამდენიმე მილიარდი დოლარი, რისი მიზეზიც ისევ საფინანსო სპეკულაციებია.  ამავე წლის აპრილში რისკების ჰეჯირებაში ტრეიდერის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ამ ბანკმა დაკარგა 2 მილიარდი დოლარი დერივატივების ბაზარზე. დაიწყო ლაპარაკი კრიზისის კიდევ ერთ ტალღაზე მსოფლიოში.

სექტემბერი  2012 წ.

გადაბეჭდა ჟურნალმა “საისტორიო ვერტიკალები” (2013 წ. N 28, 2014 წ. N 29).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s