ალ-ისლამ ალ-ჯიჰადი


                                     

ისლამის გეოპოლიტიკის საკითხებისათვის

წერილი პირველი

*პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „მერიდიანი 44“  სამ ნაწილად  (20- 27 სექტემბერი 2000 წელი, N 104-106).  გაზეთში მუქი შრიფტით გამოყოფილი ადგილი რედაქციისეულია.  წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და ამოკლებული ადგილების აღდგენით.

ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ისლამური ექსტრემიზმის განხილვისას თავიდანვე აღნიშნავენ, რომ ისლამი ებრძვის ქრისტიანობას და ამ დროს მიუთითებენ მუსულმანთა და ქრისტიანთა ურთიერთჟლეტაზე ინდონეზიაში, კავკასიაში, იუგოსლავიაში.  აზრი, რომ ისლამი ებრძვის ქრისტიანობას, მთლად სწორი არ არის. ეს აზრი ხელს უშლის არსებული გეოპოლიტიკური რეალიების დანახვას და ისლამურ მოძრაობაზე მსჯელობას პოლიტიკანურ მარჩიელობად აქცევს.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ისლამოფობია მიზნად ისახავს გაამართლოს საქართველოს დაცემა და მისი ჭირი სხვას დაბრალდეს. ისლამოფობიამ გაამართლა ერეკლე II-ის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა. ქართველ ისტორიკოსთა მიერ ითქმის, რომ ერეკლე მეფის ასეთი პოლიტიკის გარეშე საქართველოს მუსულმანური აღმოსავლეთი ჩაყლაპავდა. ეს არასწორი მსჯელობაა. მისი გავრცელება საბჭოთა ისტორიოგრაფიის  გაჩენამდე მოხდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიამ ეს აზრი მხოლოდ გაიმეორა და შტამპად აქცია.

ეთნოცენტრისტული თვალსაწიერიდან ერეკლე II სამშობლოსათვის ტანჯული მეფე იყო, ხოლო საიმპერიო ურთიერთობების სიმაღლიდან – მოღალატე. შაჰის კარზე აღზრდილი და სპარსულ კულტურას ნაზიარები ერეკლე-ხანი, გაურკვევლობის ჟამს სპარსელებისაგან მეფობის დასტურმიღებული, თანდათანობით განუდგა სპარსეთს და სავსებით ბუნებრივია, რომ შაჰის კარს ეს ძალზე აღაშფოთებდა. აღა მაჰმად-ხანის ლაშქრობა 1795 წელს, იყო არა ურჯულო და სისხლისმსმელი ყიზილბაშების მიერ ქრისტიანული საქართველოს აოხრება, არამედ საიმპერიო ცენტრისაგან განდგომილი, ურჩი პროვინციის დასჯა. ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდეგ (1747 წ.) ყაჯართა და ზენდთა შორის ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ამის მიუხედავად, დასუსტებულ ირანს ძალა მაინც ეყო, რომ განდგომილი პროვინცია დაესაჯა. ამის შემდეგ, სპარსელები მათი მომხრე ქართველი არისტოკრატების მხარდაჭერით არაერთხელ შეეცადნენ განდგომილი პროვინციის დაბრუნებას, მაგრამ კავკასიაში გადმოსულ რუსულ არმიასთან ვერაფერი გააწყვეს.

ერეკლე მეფის პოლიტიკამ  მის სამეფო კარზე განხეთქილება გამოიწვია. ბატონიშვილთა და თავადთა საკმაო ნაწილი სპარსეთთან ძველი ურთიერთობის გაგრძელების მომხრე იყო. ეს კი ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ისლამოფობიის  წინააღმდეგ მეტყველებს. ერეკლე მეფის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა კი ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე საკამათო საკითხად რჩება. და ის, რომ ეს საკითხი საკამათოა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართული ისლამოფობიის უსაფუძვლობაზე. ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებს საქართველოს მოსპობა რომ სდომოდათ, ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდათ. განზრახ არ აღინიშნება ის ფაქტი, რომ სპარსეთშიც და ოსმალეთშიც დამპყრობლური ომების მიუხედავად არსებობდა რელიგიური ტოლერანტობა. ასე რომ არ ყოფილიყო, ეს იმპერიები ამდენი ასწლეულის განმავლობაში ვერ იარსებებდნენ. მაგალითად, აღინიშნება ოსმალოთა მიერ ანატოლიელ ბერძენთა და სომეხთა ჟლეტა, მაგრამ არ აღინიშნება ის, რომ ბერძნებიც და სომხებიც ამ ამბამდე ოსმალური იმპერიის შემადგენლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.

ასეთი შესავალი იმისთვისაა საჭირო, რომ ნათელი მოეფინოს გარემოებას, რომელიც ისლამური მოძრაობის განხილვის სწორად წარმართვას უშლის ხელს. ისტორიული კვლევისას მკვლევარის ქრისტიანობაზე თავის დადება და პროვინციული ამპარტავნება, რასაც ეროვნული შეგნება ეწოდება, ხელს უშლის  საგნის გაშუქებას.  ისტორიკოსის მოჩვენებითი მამულიშვილობა უმეცარ და ტუტუც მკითხველს აქეზებს მუსულმანობის დასაცინად და ის ოსმალო-ყიზილბაშების ლანძღვით გულს იოხებს. წარსულზე რეზონერულად მოლაპარაკე ამ დროს არ ხედავს, რომ მისი აწმყო საძაგელია. სიმცდარის თავიდანვე გარკვევა აუცილებელია.  ქართული საისტორიო და პოლიტიკური აზროვნება ხშირად ცდილობს მიუტევებელი გამარტივებებითა და ეთნოცენტრისტული პატრიოტიზმით იოლას გასვლას იქ, სადაც მკვლევარის მიუკერძოებლობა და ადამიანური სიმართლეა საჭირო. თორემ რა გამოდის: პატრიოტული შეგნება, ქართველთა ნაწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალუმად ჩქეფს, მაგრამ ის უნაყოფოა. დღემდე საკამათოა, საქართველო ევროპული ქვეყანაა თუ აზიური, როცა საკითხის ასე დასმა არასწორია. მაგრამ სწორედ ასეთი ცდომილებანი იქცევა ქართული ფუჭსიტყვაობის ულევ წყაროდ. საკითხი საქართველოს აზიურ ან ევროპულ კუთვნილებაზე  წარმოშობს იმ გაუგებრობას, რომ რუსული კულტურა ახლანდელი დემოკრატებისათვის აზიელობა და ტოტალიტარიზმია, მაშინ, როცა რუსული კულტურა არის სინთეზი აღმოსავლური და დასავლური კულტურებისა, არის ევროპეიზმის საყრდენი რუსული ევრაზიის სივრცეში, არის ის ევროპეიზმი, რომელსაც სპარსულ ორბიტას მოწყვეტილი ქართული არისტოკრატია ეზიარებოდა და სპარსული კულტურის გავლენას თანდათან აღმოფხვრიდა. დღეს კი დემოკრატები რუსულ ევროპეიზმს აზიელობად მიიჩნევენ, ცდილობენ მისი გავლენის აღმოფხვრას და საქართველოს ვესტერნიზაციას. დაუძლეველი პროვინციალიზმი დაღად აზის ქართველობას და მისი თვალსაწიერი ხშირ შემთხვევაში კონიუნქტურის ფარგლებს არ სცილდება. როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა, მაშინაც ერთმორწმუნეობაზე მითითებით ითქმოდა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და დამცინავად უცქერდნენ სპარსულ კულტურას, როგორც აზიელობასა და ჩამორჩენილობას.

საქართველო არის მსოფლიო ისლამის საზღვართან მდებარე ქვეყანა, ამიტომ ისლამის გეოპოლიტიკის საკითხები მისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე უაზრო კამათი დემოკრატიაზე, ვიდრე საგანგებო იმედის დამყარება ევროპულ ინტეგრაციაზე. თავისი არსებობის განმავლობაში საქართველო მსოფლიო იმპერიების უკიდურესი პროვინცია იყო. საქართველო ყოველთვის ექცეოდა სპარსული, ბიზანტიური, არაბული, თურქული, რუსული იმპერიების ფარგლებში, როგორც უკიდურესი ჩრდილოეთი ან უკიდურესი სამხრეთი პროვინცია. დღესაც, საქართველო ევროპული ინტეგრაციის განაპირა მხარედ თუ იქცევა. ევროპული ინტეგრაცია საქართველოს იქით ვერ გავრცელდება, რადგან იწყება აღმოსავლური ცივილიზაციის არეალი, სახელდობრ, დიდი სპარსული, ისლამური კულტურის  არეალი. ირანი, ისლამური სოციალიზმისა და ისლამური რევოლუციის აკვანი, დღეს დასავლური ცივილიზაციის ანტაგონისტად გამოდის, მაგრამ ეს არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ისლამური ფანატიზმი ქრისტიანობას ებრძვის. ირანული ფუნდამენტალიზმი  არის ძირეული დაპირისპირება ატლანტიზმთან, თალასოკრატიასთან. ატლანტიზმს ექიშპება რუსეთიც  და ამის გამო ის კავკასიაში ატლანტისტური ევროპული ინტეგრაციის გავრცელებას შეეწინააღმდეგება მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. ეს ვითარება კი არ უნდა იქცეს მხილებისა და მორალიზების საფუძვლად, როგორც ეს ქართულ პოლიტიკურ აზროვნებას სჩვევია. ხოლო თუ ირანი ებრძვის ატლანტიზმს, ისევე როგორც რუსეთი, მაშინ უსაფუძვლო ხდება იმის მტკიცება, რომ ირანული ფუნდამენტალიზმი ქრისტიანობას ებრძვის. თუ ამას გამეტებით მაინც ამტკიცებენ, ეს აზრის სისუსტეზე მიუთითებს და არა დემოკრატიის ერთგულებაზე.

უახლოეს წარსულში ისლამური საღვთო ომის იდეამ ქართველობის ყურადღება მაშინ მიიპყრო, როცა ჩეჩნურმა რელიგიურმა ექსტრემიზმმა რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადა. ამ მოვლენის განხილვისას ისევ აგორდა ისლამოფობიის ტალღა. ჩეჩნურ ექსტრემიზმზე მსჯელობისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ დაუკავშირდა კავკასიის განთავისუფლების იდეა ისლამურ მოძრაობას. საქართველოზე უკეთ არავინ უწყის, რომ გამსახურდიასეული კავკასიური ერთობისა და კავკასიის განთავისუფლების იდეა რელიგიურ საფუძველს მას შემდეგ დაეყრდნო, როცა  სამოქალაქო ომის შემდეგ საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ეს იყო ქართულ-ჩეჩნური დაახლოების  თავიდანვე დარღვევა. მარტოდ დარჩენილ ჩეჩნეთს არ შეეძლო ყველა კავკასიელის გამაერთიანებელ ძალად ქცეულიყო. ამის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს ჰქონდა და მან ის საბოლოოდ აფხაზეთის ომის შემდეგ დაკარგა. თუ თავდაპირველად, 90-იანი წლების დასაწყისში კავკასიის განთავისუფლების იდეა გამორიცხავდა რელიგიური განსხვავებულობის ფაქტორს და ეს მთლიანად პოლიტიკური იდეა იყო, გამსახურდიას დამხობისა და აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე ეს იდეა თანდათან რელიგიურ იდეად იქცა და მთლიანად ისლამურ ექსტრემიზმს დაუკავშირდა. აფხაზეთში ჩრდილოკავკასიელები ქართველ ქრისტიანებს კი არ ებრძოდნენ, არამედ ებრძოდნენ იმ მთავრობის ჯარს, რომელმაც რუსეთის დახმარებით კავკასიური ერთიანობისათვის მებრძოლი გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო. ჩრდილოკავკასიელთათვის საქართველოს ახალი ხელისუფლება მოღალატედ მიიჩნეოდა, რომელმაც უარყო კავკასიური ერთიანობისა და კავკასიის განთავისუფლების იდეა. ამ არსებითი ვითარების წარმოჩენას ქართული საისტორიო და პოლიტიკური აზრი  ყოველნაირად თავს არიდებს და ჩრდილოკავკასიელთა ლანძღვას თავს ვერ ანებებს. 1989-91 წლებში ჩრდილოკავკასიელთა შორის, საქართველო კავკასიის განთავისუფლების იდეის მედროშედ და ამ იდეისათვის ბრძოლის ცენტრად მიიჩნეოდა. გამსახურდიას პოლიტიკა იყო კავკასიელთა რუსული ორბიტიდან  გამოცლისა და საქართველოს გარშემო შემოკრების პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ქართველმა დისიდენტებმა და ინტელიგენციამ ბოროტად დასცინეს , რამაც ჩატეხა ჩრდილოკავკასიელებთან დამაკავშირებელი ხიდი.

ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ ჩეჩნეთმა მარტომ გააგრძელა ბრძოლა რუსეთთან. აქ ჩაერთო დასავლეთი, რომელიც შეეცადა ჩეჩნური ექსტრემიზმის გამოყენებას რუსეთის შემდგომი რღვევისათვის. ანტირუსული მედია, როგორც დასავლეთში, ასევე საქართველოში, ჩეჩნეთის ისლამიზაციის კურსს რუსეთ –  ჩეჩნეთის პირველი ომის დამთავრების შემდეგ წარმოაჩენდა რელიგიურ აღორძინებად საბჭოთა ათეიზმის შემდეგ. შარიათის კანონების შემოღება, ვაჰაბიზმის იდეოლოგიის გავრცელება დიდი რელიგიური ზნეობის მაჩვენებლად მიიჩნეოდა. ჩეჩნთი არის ის ჩრდილოკავკასიური ქვეყანა, რომელსაც ევროპეიზმის გავლენა ყველაზე ნაკლებად შეეხო. ქვეყნის ისლამიზაციის მცდელობა ვერ იქცეოდა მისი განვითარების წანამძღვრად. ისლამიზაცია ჩეჩნეთში ნიშნავს ევროპეიზმის ელემენტების აღმოფხვრას და შუა საუკუნეების დროინდელ ადათებთან დაბრუნებას. დასავლეთს კი აღელვებს არა ევროპეიზმის ბედი, არამედ ის ნებისმიერი გზით რუსეთის დაშლას ცდილობს. დასავლეთს ასევე არ აღელვებს ის, რომ ავღანეთში თალიბების ხელისუფლებამ აღმოფხვრა ევროპეიზმი და ქვეყანა შუა საუკუნეების დროინდელ ადათებს დაუბრუნა. დასავლეთისათვის უმთავრესი ისაა, რომ თალიბების მოძრაობა, რომელიც ვაჰაბიზმთან ახლოს დგას და ჩეჩნური ექსტრემიზმის უშუალო ხელშემწყობად და მოკავშირედ გამოდის, ანტიევრაზიულია. ჩეჩნეთი კავკასიაში და ავღანეთი ცენტრალურ აზიაში დაძაბულობის კერებად გვევლინებიან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავის მეზობელ ქვეყნებს. სულ სხვაა რელიგიისადმი ის ინტერესი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის უარყოფის შედეგად წარმოიშვა და სულ სხვაა პოლიტიკური მიზნებით რელიგიური ექსტრემიზმის გამოყენება. პრობლემა ის არის, რომ პოსტსაბჭოთა ისლამურ ქვეყნებში ისლამისადმი განუწყვეტელი აპელირება ვერ ქმნის იმ საზოგადოებრივ იდეალს, რომლის განხორციელებისათვის ადამიანი იბრძოლებდა. აქ კიდევ რაღაცაა საჭირო. დასავლური ღირებულებებით სწრაფად განხიბლვა პოსტსაბჭოთა ისლამურ ქვეყნებს აყენებს დიდი იდეურ გაურკვევლობასა და დაბნეულობაში. ყველა პოსტსაბჭოთა ისლამური ქვეყანა, მხედველობაში გვაქვს შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნები, წინა ასწლეულში რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევისას , ისლამური კულტურის უჩამორჩენილეს პროვინციებს წარმოადგენდა. ამანაც განაპირობა, რომ ისლამს უვიცობისა და სიბნელის რელიგია ეწოდებოდა საბჭოთა ათეისტურ პროპაგანდაში. ჩრდილო კავკასიასა და შუა აზიაში შესული რუსი ბოლშევიკი ხედავდა სიბნელეს. თვით ისლამური კულტურის ცენტრები არაბეთსა და სპარსეთში დაქვეითების გზაზე იდგნენ და იქ შესული ევროპელი დამპყრობელი ასევე სიბნელეს ხედავდა. სწორედ ევროპული კოლონიალიზმის დროს იშვა ევროპოცენტრიზმი, რამაც თავისი ფილოსოფიური გამოხატულება ჰეგელის მოძღვრებაში ჰპოვა. ევროპოცენტრიზმის უსაფუძვლობაზე აზრი გამოთქვა ოსვალდ შპენგლერმა და სხვა მრავალმა მკვლევარმა ევროპაში, მაგრამ ევროპოცენტრიზმს დღესაც მტკიცე პოზიციები უკავია.

ჩეჩნეთში ვაჰაბიზმის გავრცელების შემდეგ, კავკასიის განთავისუფლების იდეა დაუკავშირდა რუს ურჯულოთა წინააღმდეგ გამოცხადებულ ჯიჰადს. ცუდი ისაა, რომ კავკასიის განთავისუფლების იდეის მოაზრება ჩეჩნური რელიგიური ექსტრემიზმის გარეშე უკვე შეუძლებელია. ჩეჩნური ექსტრემიზმი მხარდაჭერას პოულობს საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ავღანეთის მხრიდან. ეს მხარდაჭერა არ ნიშნავს ბრძოლას ისლამური იმპერიული იდეისა და ისლამური მესიანიზმისათვის. ანტირუსულად განწყობილმა ექსპერტებმა  და ანალიტიკოსებმაკი სწორედ ეს შეხედულება დაამკვიდრეს რუსეთისადმი ჯიბრში დგომის სურვილით. 1999 წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ჩეჩნეთში ფედერალებსა და სეპარატისტებს შორის დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა, ეს ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ მთელი ისლამური სამყარო ინდონეზიიდან მაღრიბამდე ჩეჩნურ სეპარატიზმს მხარს უჭერდა. ექსპერტები ამკვიდრებენ აზრს, რომ თუ სადღაც შეიარაღებულ მუსლიმთა ჯგუფმა გამოაცხადა ჯიჰადი, მთელი ისლამური სამყარო მაშინვე მხარს დაუჭერს ამ ჯგუფს, მხოლოდ იმის გამო, რომ გამოცხადდა ჯიჰადი. ისლამური სამყარო არ არის ერთიანი. ისლამური სამყარო კი არა, არაბული სამყარო არაა ერთიანი. არსებობს მრავალი მიმართულების ფუნდამენტალიზმი და არ შეიძლება ყველა ფუნდამენტალიზმის ერთ სიბრტყეში განხილვა. სულ სხვაა ალჟირელ ოპოზიციონერთა ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი და სულ სხვაა, მაგალითად ლიბანში მყოფი ირანული ფუნდამენტალიზმის მიმდევარი შეიარაღებული ჯგუფი „ჰეზბოლაჰი“, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ გამოდის. მათგან სრულიად განსხვავებულია ავღანური თალიბური ექსტრემიზმი. ამ უკანასკნელისაგან განსხვავდება ავღანელ ავღანელ მოჯაჰედთა ფუნდამენტალიზმი და ექსტრემიზმი, რომელნიც საბჭოთა არმიას ებრძოდნენ და დღეს კი თალიბებს ებრძვიან აჰმად-შაჰ მასუდის ხელმძღვანელობით. გარდა განსხვავებისა გეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხში, არის დაპირისპირება შიიტურ და სუნიტურ ჯგუფებს შორის, მაგალითად, ერაყელ შიიტთა შევიწროება, ავღანელ შიიტთა შევიწროება სუნიტური მთავრობის მხრიდან. ირანის მწვავე რეაქცია ერაყელ და ავღანელ შიიტთა რეპრესიების გამო იწვევს მისი ურთიერთობის დაძაბვას ერაყთან და ავღანეთთან. უთუოდ უნდა აღინიშნოს ის, თუ როგორია დამოკიდებულება ვაჰაბიზმისა და თალიბური მოძრაობის მიმართ ირანში, ერაყში, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთში, შუა აზიისა და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში. საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ავღანეთის მიხედვით ისლამურ ფუნდამენტალიზმზე მსჯელობა არასაკმარისია და ძალზე მიკერძოებული, რომელიც არსებული ანტირუსული კონიუნქტურისათვის ძალზე ხელსაყრელია.

პაკისტანი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანტიევრაზიული ინგლისური ძალების ხელშეწყობით შეიქმნა. პაკისტანი თავიდანვე მსოფლიო ისლამის მედროშედ გამოსვლას ლამობდა. პაკისტანის ხალხებს შორის არსებული რელიგიური ენთუზიაზმი მალე მიინავლა მწვავე სოციალური პრობლემების გავლენით. ამ ქვეყნის შექმნა აღინიშნა ინდუსების დიდი ჟლეტითა და მათი განდევნით. პაკისტანური ნაციონალიზმი ცდილობს ინდური კულტურის კვალის სრულიად აღმოფხვრას ისლამის სახელით. პაკისტანის მიერ წინ წამოწეული ისლამის იდეა მკვდრადშობილია, რადგან ეს ქვეყანა შეიქმნა იმ ძალის მიერ, რომელიც ისლამის ანტაგონისტი და ნებისმიერი იდეოკრატიის მოწინააღმდეგეა. ის, რომ პაკისტანმა თავი გამოაცხადა ისლამური იდეისათვის მებრძოლად, შეუძლებელია არ ყოფილიყო მწვავე რეაქციის გამომწვევი ირანისა და თურქეთის იმ წრეებში, რომელნიც ინარჩუნებდნენ ისლამურ ტრადიციას და ისლამურ იმპერიულ იდეას. მიუხედავად მეზობლობისა და ორივე ქვეყნის რელიგიური ფუნდამენტალიზმისა, ირანი და პაკისტანი არასოდეს დაახლოებულან. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის მტრობამ მთელი ძალით იჩინა თავი. პაკისტანი ატლანტიზმის ბანაკში იყო და ირანი მის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ გამოვიდა. პაკისტანი ვერ შეიძენდა იმპერიულ ტრადიციას ვერც სამხედრო ბლოკებში წევრობით და ვერც ანტისოვეტიზმით, რომელიც საბჭოთა ათეიზმის რელიგიურ მხილებას ეფუძნებოდა. თავისი სიდიდის მიუხედავად, პაკისტანი დარჩა იმ იმპერიათა განაპირა მხარედ, რომელთა ცენტრებიც მდებარეობდა ისპაჰანსა და დიდ მოგოლთა დელიში. პაკისტანის შექმნის მიზანი იყო სტაციონარული გეოპოლიტიკური დაძაბულობის შენარჩუნება  ევრაზიის სამხრეთ კიდეზე. ისლამისადმი კუთვნილების დემონსტრირება მხოლოდ ამ დაძაბულობის ესკალაციას ახდენდა და არანაირად ხელს არ უწყობდა იმპერიული ნომოსის წარმოშობას.

 

                                  ალ-ისლამ  ალ-ჯიჰადი

ისლამის გეოპოლიტიკის საკითხებისათვის

                           წერილი მეორე

როდესაც იმპერიის პროვინცია დამოუკიდებლად თუ სხვათა დახმარებით ცდილობს იქცეს იმპერიული იდეის მედროშედ, ამ დროს ცენტრი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება თავისი პროვინციის იმპერიულ და იმპერიულ-სეპარატისტულ მისწრაფებებს. ეს არის კანონზომიერება, რომელიც ყოველთვის ვლინდება ერთიანი საიმპერიო სივრცის რყევის დროს. პაკისტანის განცხადებები ისლამურ რადიკალიზმზე ეწინააღმდეგებოდა თურქულ და ირანულ იმპერიულ იდეას და ახდენდა ამ ქვეყნებში არსებული ისლამის ტრადიციის უგულებელყოფას. პაკისტანის რელიგიური რადიკალიზმი ანტიიდეოკრატიული დასავლური დახმარებით იყო ნასაზრდოები და საკუთარ ტრადიციას მოკლებული იყო. იმპერიასა და მის პროვინციას შორის ურთიერთობაში გამოვლენილი ზემოთ აღნიშნული კანონზომიერება შესამჩნევია ბიზანტიისა და საქართველოს ისტორიაში.  დავით IV-ის მეფობისას საქართველო საერთოკავკასიურ იმპერიად იქცა, რაც ერთადერთი გაბრწყინება იყო მის არსებობაში. ბიზანტიის დამოკიდებულება მასთან მუდამ ორაზროვანი იყო, მიუხედავად ძველი იდეური ნათესაობისა და კულტურული სიახლოვისა. ბიზანტია თავად წარმართავდა ბრძოლას ქრისტიანული საიმპერიო ერთობისათვის საეკლესიო დოქტრინაზე დაყრდნობით. თურქული ექსპანსიის შემდეგ ბიზანტიური ეკლესია ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სწრაფვას ქცეულიყო ბიზანტიური იმპერიული იდეის მემკვიდრედ. გაუგებრობაა, როცა სახელმწიფოსა და ხალხს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის იმპერიული იდეისათვის იბრძოდა. ეს გაუგებრობა ქართულ საისტორიო აზროვნებაში მყარად ფეხმოკიდებულია და მისი გავლენით ხშირად აღინიშნება, რომ ქართველი არასოდეს არ ყოფილა დამპყრობელი. ამას მისი ზნეობის უდავო დასტურად მიიჩნევენ, მაგრამ ასეთ ზნეობრივ ქართველს, თუ ის დამპყრობელი არ იყო, არც თავისი მიწის დაცვისას გამოუდვია თავი და საკუთარი ქვეყნის მაოხრებელიც ბევრჯერ ყოფილა.

პროვინციასა  და საიმპერიო ცენტრს შორის ურთიერთობისას ზემოთ აღნიშნული კანონზომიერება თავს იჩენს რუსეთ – უკრაინის დღევანდელ დაპირისპირებაში. ის, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ატლანტიზებას, სავსებით ბუნებრივია. ბუნებრივია ისიც, რომ რუსეთს არ სურს იხილოს უკრაინა შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონულ ლიდერად. ეს კი ანტირუსული მედიისათვის რუსეთის განქიქების მორიგი საბაბი ხდება.

დავუბრუნდეთ პაკისტანს: დასავლეთის ხელშეწყობით, სახელმწიფო ტრადიციის არქონის კომპენსირება ამ ქვეყანაში ისლამური რადიკალიზმის გზით ხდებოდა. ამ რადიკალიზმს პაკისტანისათვის ხელი არასოდეს შეუშლია ანტიიდეოკრატიულ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობაში. პაკისტანს შექმნის დღიდან ძალზე მძიმე ურთიერთობა აქვს ინდოეთთან. ახლახანს, გაეროს ათასწლეულის სამიტზე აღინიშნა იმ საფრთხის შესახებ, რომ შესაძლოა ამ ქვეყნებს შორის ბირთვული ომი დაიწყოს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პაკისტანში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დასავლური კაპიტალის წინააღმდეგ არ ყოფილა ისეთი ინტენსიური და მასშტაბური, როგორც ეს ირანში, ინდოეთში, ერაყსა და ავღანეთში იყო.

რაც შეეხება ავღანეთს, რომლის მიერ ჩეჩნეთისადმი გაწეულ დახმარებაზე ხშირად აღინიშნება მედიაში, იქ მოჯაჰედების ოპოზიციად დასავლეთის დახმარებით ჩამოყალიბდა თალიბების მოძრაობა. ამ მოძრაობის რელიგიური ექსტრემიზმი ხელს არ უშლის ავღანეთის დღევანდელ ხელისუფლებას მჭიდროდ ითანამშრომლოს დსავლეთთან, რომელიც ცდილობს ცენტრალურ აზიაში ავღანეთი ატლანტიზმის საკვანძო პოსტად აქციოს, რათა აქედან მიაყენოს დარტყმები შუა აზიას. თალიბებისადმი დამოკიდებულება შუა აზიაში ნეგატიურია.  ანტირუსულ პოზიციაზე მდგარი ექსპერტები წერენ, რომ აზიის ქვეყნების ლიდერებმა თალიბებთან საერთო ენა ვერ გამონახეს და ამის გამო ამ რეგიონში დაძაბულობაა. ეს არის ცარიელი ფრაზა, რომელიც ანალიზად საღდება. არსებულ ვითარებაში უაზრობაა იმის თქმა, რომ „ თალიბებთან საერთო ენა ვერ გამონახეს“. ეს გამოთქმა არ შეეფერება იმ საგანგაშო ვითარებას, რაც შუა აზიაშია. მონოეთნიკურ პუშტუნურ თალიბურ მოძრაობას იდეურად ბევრი საერთო აქვს ჩეჩნურ ვაჰაბიზმთან. ერთიც და მეორეც არის რელიგიურ-პოლიტიკური დივერსია არა მხოლოდ რუსეთისა და ევრაზიელობის წინააღმდეგ, არამედ ჩეჩენი ხალხისა და ავღანელი ხალხების წინააღმდეგ. ეს არის დასავლეთის დივერსია ისლამის წინააღმდეგ ისლამის სახელითვე. უაზრობაა მრავალი ქართველი ექსპერტის მტკიცება, რომ ვაჰაბიზმი რუსეთის აგენტურამ შექმნა. ჩეჩნური ვაჰაბიზმი ჩრდილოკავკასიური  ისლამური ტრადიციის უარმყოფლად გამოდის. ჩეჩნები გადაჭრით უარყოფენ ვაჰაბიზმის უარყოფას თავის ქვეყანაში. ამავე დროს ისინი მის არსებობას რუსულ აგენტურას აბრალებენ.  მისაუბრია საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ჰიზრი ალდამოვთან, მის მოადგილესთან და წარმომადგენლობაში მყოფ რამდენიმე ჩეჩენთან, რომლებმაც გადაჭრით უარყვეს ვაჰაბიზმის არსებობა ჩეჩნეთში. მტრობამ ვაჰაბიზმსა და ჩრდილოკავკასიურ ისლამს შორის თავი იჩინა რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებამდე, როცა მოკლეს ჩეჩნეთის მუფტი.

ზემოთ ვთქვი, რომ უნდა აღინიშნოს ვაჰაბიზმისადმი დამოკიდებულება სხვა ისლამურ ქვეყნებში. ეს განზრახ არ კეთდება, იმიტომ, რომ ანტირუსულად განწყობილ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ ვაჰაბიზმი არის ისლამის ხმა და რაღაც ისეთი, რასაც მთელი ისლამური სამყარო თავისად მიიჩნევს. გავრცელებული ცნობების თანახმად, ავღანელმა თალიბებმა ჩეჩნეთისადმი მხარდაჭერის ნიშნად რუსეთს ჯიჰადი გამოუცხადეს, მაგრამ მისი მეზობელი ირანული ფუნდამენტალიზმი მის გვერდით არ დამდგარა. თალიბების ხელისუფლება ისლამურ ქვეყანათა დიდმა ნაწილმა არ სცნო. ამ ფაქტებიდანაც ჩანს ის, რომ ისლამური მიმდინარეობები არაერთგვაროვანია, ჩანს ისლამოფობიის სრული უსაფუძვლობა.

ჯერ კიდევ წინა ასწლეულში მაშრიყის ქვეყნებსა და თურქეთში ვაჰაბიზმის მიმდევრებსა და ტრადიციის მიმდევარ მუსლიმთა შორის მტრობა არსებობდა. დღეს ჩეჩნეთში ვაჰაბიზმის მიმდევართა მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულებაა. მათ მხარს უჭერენ, რადგან ისინი რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან სამშობლოს თავისუფლებისა და ისლამის სახელით და მათი ეშინიათ, რადგან ისინი ოპონენტებს კლავენ. ვაჰაბიზმის გავრცელება ჩრდილოკავკასიელთა შორის საქართველოს მოაქცევს ძალზე მტრულ გარემოცვაში. ჩრდილოკავკასიელები აფხაზეთის ომის შემდეგ ისედაც მტრულად უცქერენ საქართველოს. ის, რომ ვაჰაბიზმი ატლანტისტური ორიენტაციისაა და საქართველოც ამავე ორიენტაციას ადგას, ეს ცუდი ნუგეშია. გეოპოლიტიკური ხაზის ეს ერთობა ვერ შეაკავებს რელიგიურ ექსტრემისტთა აგრესიას საქართველოსადმი. დასავლეთმა კი ,საეჭვოა, ასეთ შემთხვევაში საქართველო დაიცვას. აღსანიშნავია, რომ წინა ასწლეულში, როდესაც თურქეთი ევროპისათვის ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევ ძალად რჩებოდა, ვაჰაბიზმის გავრცელებას ინგლისის აგენტურამ შეუწყო ხელი, რათა ტრადიციული თურქული ისლამისა და ოსმანთა ჯამაათის ერთიანობა დაერღვიათ. ამის შესახებ თვით თურქული წყაროები აღნიშნავენ. ცნობილი თურქი რელიგიური მოღვაწის ფეთულაჰ გიულენის მოძრაობა „ნურჯულუქი“ არაა ვაჰაბიტური მიმდინარეობა, როგორც ეს მედიაში აღინიშნება. ეს არის ქემალ ათათურქის პოლიტიკის უარყოფა  და თურქეთის რეისლამიზაციის გზა.

ამერიკელთა დიდ მხარდაჭერის მიუხედავად, რაც ხშირად თქმულა მედიაში, ავღანელი თალიბების რეჟიმი ძალზე არამყარია. ის ტერორითა და რეპრესიებით ინარჩუნებს თავს. ძნელად დასაშვებია, რომ მთელი პუშტუნი ხალხი თალიბებს ემხრობა. ამერიკელთა ორაზროვანი დამოკიდებულება თალიბების მიმართ ვლინდება იმაში, რომ გეოპოლიტიკური მიზნების გამო ისინი თვალს ხუჭავენ  თალიბების ფინანსური ძლიერების წყაროზე – ნარკობიზნესზე.  ამერიკელები თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობის გზით თალიბები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, რომ მათ მიერ შემოღებულ წესებსა და კანონებს ქვეყანა ისლამის სახელით გამართლებულ სიბნელეში მიჰყავს. ამერიკელებმა დაბომბეს ავღანეთი ტერორიზმთან ბრძოლის სახელით. მათ სურდათ ცნობილი ექსტრემისტის ოსამა ბენ ლადენის შტაბ-ბინის ლიკვიდაცია. ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს თალიბების ტერორიზმს და ახლა იძულებულნი ხდებიან მას ეომონ, რადგან ისინი ამერიკასაც ემუქრებიან.

ახლა განვიხილოთ საუდის არაბეთის მდგომარეობა, რომელიც პაკისტანთან ერთად მხარს უჭერს ავღანურ „თალიბანსა“ და ჩეჩნურ ვაჰაბიზმს. არაბეთის ნახევარკუნძულზე ისლამური იმპერიული იდეის ტრადიცია არასოდეს არსებულა. იმის მიუხედავად, რომ მექა მსოფლიო ისლამის სულიერი ცენტრია, არაბეთის ნახევარკუნძლი არაბთა ხალიფატისა და ბრწყინვალე პორტის დროს მივარდნილი პროვინცია და მსოფლიო ისლამური იმპერიების უკიდურესი სამხრეთი მხარე იყო. ისლამური იმპერიული იდეის ცენტრები იყვნენ ბაღდადი, დამასკო, ისპაჰანი, სტამბული, სამარყანდი (თემურ-ლენგის დროს), დელი (დიდ მოგოლთა იმპერატორ აკბარის დროს). მექა ასეთად არასოდეს ყოფილა. იგი რჩებოდა სულიერ ცენტრად და რელიგიურ წმინდა ალაგად, რომელსაც გლობალური რელიგიური სტატუსის შესაფერი პოლიტიკური სტატუსი არ გააჩნდა. მექის მსოფლიო სულიერ მნიშვნელობას არ მოუხდენია გავლენა არაბულ ტომებზე, რომელნიც საუდთა მონარქიის შექმნამდე  ისევე ცხოვრობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე, როგორც ადრეული ისლამის დროს. საუდთა მონარქია შეიქმნა ამ ტომთა ომით გაერთიანების შემდეგ XX საუკუნის დასაწყისში. ჰიჯაზი პროვინციად რჩებოდა ოსმანთა იმპერიის ბოლო დღეებამდე. საუდთა მონარქიის შექმნამ მექას პოლიტიკური სტატუსი არ მიანიჭა, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში უკვე აღარ არსებობდა ისლამური იმპერიული იდეის პოლიტიკური ცენტრი თურქეთის ევროპეიზაციის დაწყების შემდეგ. ისლამური ქვეყნები მოექცნენ დასავლური კაპიტალის უღელქვეშ. საუდის არაბეთის შექმნის მომენტში ყველა ისლამური ქვეყანა დასავლური კოლონიალიზმის  მმართველობაში იყო მოქცეული. თვით საუდის არაბეთში მექა მონარქიის დედაქალაქად არ ქცეულა. აქ გასაგები ხდება ის პარადოქსი, რომ ერ-რიადი, მონარქიის ფინანსური სიძლიერის მიუხედავად არ არის ისლამური იმპერიული იდეის მედროშე და არც ყოფილა ასეთი საერთო ისლამური პოლიტიკური ცენტრის არარსებობის დროს. არაბული ქვეყნების გათიშულობამ არ შეუწყო ხელი ერ-რიადის საერთო ისლამური მნიშვნელობის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევას. საუდების აბსოლუტურმა თეოკრატიულმა მონარქიამ და ვაჰაბიზმმა, რომელიც მონარქიის ოფიციალური იდეოლოგიაა, გამოიწვია არაბული და ისლამური ქვეყნების დისტანცირება საუდის არაბეთისაგან. ე. ი. ის სახელმწიფო სისტემა, რომელსაც  წესით არაბული და ისლამური ძალების  ერ-რიადის გარშემო კონცენტრირებისათვის უნდა შეეწყო ხელი, სინამდვილეში გათიშულობის გამაძლიერებელი აღმოჩნდა. თვით ისლამის თეოკრატიულ ტრადიციას წესით ხელი უნდა შეეწყო ერ-რიადის მსოფლიო ისლამის პოლიტიკურ ცენტრად გადაქცევისათვის. ეს არ მოხდა. საუდების მონარქია მტრულ დამოკიდებულებაშია მეზობელ ირანთან და ერაყთან. ის, რომ საუდის არაბეთიც და თურქეთიც ატლანტიზმის ბანაკში არიან, ეს მათ არ აახლოებს. საუდის არაბეთი მაღრიბისა და მაშრიყის ქვეყნებიდან ყველაზე განვითარებულია, მაგრამ ის ისლამის იმპერიული იდეის მედროშედ ვერ იქცევა. ირანთან ან ერაყთან შეჯახების შემაკავებელი ფაქტორი ამერიკული სამხედრო ძალაა. საუდების მონარქიასა და რევოლუციურ ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში ჩასული ოთხასი ირანელი მოკლეს ანტიმონარქისტული პროპაგანდის ბრალდებით. რომ არა ამერიკელთა და ბრიტანელთა ჩარევა ერაყ-ქუვეითის ომში 1991 წელს, რაც პოსტკოლონიალისტური სტატუს-კვოს შენარჩუნებას ისახავდა მიზნად სპარსეთის ყურეში, ერაყის შეჭრა საუდის არაბეთში გარდაუვალი იყო. საუდების მონარქია ისლამური ტრადიციის დესტრუქტორია და არა მისი მცველი. იგი ატლანტიზმის მძლავრი ციტადელია ისლამურ აღმოსავლეთში. იმის მიუხედავად, რომ  საუდის არაბეთი წარმოადგენს მსოფლიო ისლამის სულიერ ცენტრს და აფუძნებს თეოკრატიულ მონარქიას არაბული ხალიფატის მსგავსად, ის არაა მიმზიდველიგარშემომყოფი არაბული ქვეყნებისათვის. საუდების ისლამური ფუნდამენტალიზმი თავისი პრინციპების დაცვით უნდა მიდიოდეს ხალიფატამდე, რადგან ის საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ ისლამიზაციას გულისხმობს ტრადიციაზე მითითებით, მაგრამ ასე არ ხდება. ირანსა და საუდების მონარქიას შორის მტრობის მიზეზი იმდენად ირანული ისლამის შიიტური მიმართულება არაა, რამდენადაც ირანული ფუნდამენტალიზმის რადიკალურად ანტიმონარქისტული ბუნება. ირანი საუდების მონარქიასა და ვაჰაბიზმს უპირისპირდება და არა სუნიტურ ისლამს. ირანული ფუნდამენტალიზმი დასაშვებად მიიჩნევს თეოკრატიას, მაგრამ გამორიცხავს მონარქიას და თეოკრატიულ მონარქიას. ირანული რევოლუციური ფუნდამენტალიზმი (რევოლუციური როგორც ანტიმონარქისტული, მაგრამ არა როგორც ანტიკლერიკალური და ანტირელიგიური) იცავს ისეთ იდეოკრატიას,  რომელიც ეგალიტარული დემოკრატიის ნეგატიურობის ნეიტრალიზებას ახდენს თეოკრატიული ძალაუფლების დაფუძნებით. რელიგიური იდეა კი არ უარყოფს ხელისუფლების დემოკრატიულ არჩევითობას, არამედ ცდილობს მის გაკეთილშობილებას სარწმუნოებრივი ტრადიციით, ცდილობს დაუბრუნოს ადამიანს დაკარგული სიწმინდე.  და ის, რომ ამის განხორციელება მხოლოდ რელიგიური აკრძალვებით არის შესაძლებელი, ეს თვით ირანში კრიტიკის საგანი ხდება. ამ დროს ფუნდამენტალიზმის კრიტიკოსები მუდამ დასავლეთზე მიუთითებენ. დასავლეთიც არ აყოვნებს და მთელი ძალით ცდილობს ირანის დისკრედიტაციას.  დასავლეთში რელიგია უკვე არააკრძალვითია და ქრისტიანობის პროჰიბიტური ხასიათის დაკარგვა იწვევს დენომინაციური ტენდენციის გაღრმავებას. დენომინაცია ამართლებს რელიგიური იდეის კომერციალიზაციას. იგი არაფერს მოითხოვს თავისი მიმდევრისაგან. დენომინაცია არის რელიგიის გადაგვარების უკიდურესი სახე.

თავის დროზე საბჭოთა იდეოლოგიაში აღინიშნა მარქსისტულ-ლენინური სოციალიზმისა და ირანული ისლამური სოციალიზმის სიახლოვე. დემოკრატები ამ ფაქტს დაცინვით აღნიშნავენ. მათ ეს საბჭოთა იდეოლოგების უჭკუობის  დასტურად მიაჩნიათ. ირანის ისლამურმა რევოლუციამ გაგლიჯა ატლანტისტური სანაპირო ხაზი, რომელიც რუსულ ბოლშევიკურ კონტინენტალიზმს ზღუდავდა. ამ ფაქტის ძალით ირანი რუსეთის გეოპოლიტიკურ მოკავშირედ იქცა. დღეისთვის არსებობს ღერძი მოსკოვი – ერევანი – თეირანი. რომლის დანიშნულება არის ატლანტიზმის დესტრუქციული მოქმედებებისადმი წინააღმდეგობა კავკასიასა და შუა აზიაში.  ირანის ისლამურ რევოლუციაზე დასავლური კრიტერიუმებით განსჯას მივყავართ უაზრობამდე, რომლის გამეორება მრავალი დემოკრატისათვის  ფრიად მიმზიდველ საქმედ ქცეულა. აიათოლა ჰომეინი უდავოდ დიდი რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეა. ის დასავლელი ადამიანის სრული ანტიპოდია, რომელიც უარყოფდა დასავლურ კულტურას. მისმა იდეებმა მთელ ისლამურ სამყაროში ჰპოვა გამოძახილი და წარმოიშვა მრავალგვარი ფუნდამენტალისტური ჯგუფები. ევროპაში ასეთი იდეური მოღვაწე იყო კათოლიკური ეკლესიის უდიდეს ავტორიტეტთაგანი ბერნარ კლერვოელი, ჯვაროსნული ომის სულისჩამდგმელი და უმკაცრესი ასკეტი.

შიიზმი ინდოევროპული ისლამია. არიული წარმოშობის უძველესი ხალხი, რომელთანაც საქართველოს ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ჰქონდა ურთიერთობა, გამოეყო სემიტურ ისლამს. არაბებისაგან დაუნდობლად ისლამიზებულმა სპარსულმა გონმა საკუთარი თავი შიიზმში გამოხატა და ირანი შიიტური ისლამის ცენტრად აქცია.

როდესაც ხალიფატი ოსმანთა ხელში გადავიდა, ისლამის არაბული ცენტრები დასუსტებულნი იყვნენ და ისლამის დროშის ოსმანთა ხელში გადასვლამ ეს ცენტრები თურქული იმპერიის პროვინციებად აქცია. ამის შემდეგ, არაბული ძალები არ მონაწილეობდნენ ევროპის, რუსეთის, კავკასიის წინააღმდეგ გამოცხადებულ ჯიჰადში. ისლამის ფრონტი ოსმანთა იმპერიის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მოიცავდა ბალკანეთს, კავკასიას, შავი ზღვის ჩრდილოეთ აკვატორიას. არაბული ქვეყნები მუდამ  იმპერიის ზურგში რჩებოდნენ. დღეს თურქეთს არავითარი გავლენა არა აქვს არაბულ ქვეყნებზე. ქვეყანას, რომელიც არაბული ხალიფატის მემკვიდრე იყო ამ ასწლეულის  20-იან წლებამდე, თავის ყოფილ არაბულ პროვინციებთან მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობა აქვს. თურქებს სრული საფუძვლიანობით შეუძლიათ წყენით აღნიშნონ, რომ მათი თავდადება მსოფლიო ისლამისათვის არაბებმა არ დაინახეს. თურქეთის ატლანტისტური ორიენტაცია რიგ არაბულ ქვეყნებს მის მიმართ მტრულად განაწყობს. აქვე თავს იჩენს კულტურული აღმატებულების ფაქტორი. არაბები თავიანთ თავს თურქებზე მაღალკულტურულ ხალხად თვლიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაქვეითების გზას ადგნენ XV- XIX საუკუნეებში და დიდი ხანი თურქეთის საიმპერიო პროტექციის ქვეშ იყვნენ. არაბებიარ სცნობენ თურქული  ფუნდამენტალიზმის ახლანდელ მისწრაფებებს და მას არაბულ ფუნდამენტალიზმს უპირისპირებენ. დიდმა რელიგიურმა თავდადებამ, უნივერსალისტურმა სულმა ნომადური თურქები იმპერიულ ხალხად აქცია, რომელმაც სამას წელზე მეტ ხანს წარმატებით დაიცვა ბრწყინვალე პორტა.

 

                                    ალ-ისლამ  ალ-ჯიჰადი

                             ისლამის გეოპოლიტიკის საკითხებისათვის

წერილი მესამე

ოსმანთა იმპერიის დაშლა, ხალიფატსა და იმპერიულ სტატუსზე უარის თქმა ქემალ ათათურქის მთავრობის მიერ, თურქებისათვის მომაკვდინებელი არ ყოფილა. ამ დროს მისი ძველი მეტოქე, ირანი დასუსტებული იყო, ხოლო სირია და ერაყი ვერ ჩაითვლებოდნენ იმ ძალად, რომელიც თურქეთს საფრთხეს შეუქმნიდა. თურქეთის ევროპეიზაციამ დისტანცია მასსა და არაბულ ქვეყნებს შორის ძალზე გაზარდა. არაბული ნაციონალიზმის არაიმპერიულმა ბუნებამ ხელი შეუწყო თურქეთის გეოპოლიტიკური სტატუსის უდავიდარაბო შეცვლას. თვით თურქეთში იყვნენ წრეები, რომელნიც ათათურქის პოლიტიკას სარწმუნოების ღალატად მიიჩნევდნენ. „ახალგაზრდა თურქებსა“ და იმპერიულ წრეებს შორის ამის გამო ცილობა დიდხანს გრძელდებოდა. პოსტიმპერიული თურქეთის გეოპოლიტიკური სტატუსის კატაკლიზმების გარეშე შეცვლას ხელი შეუწყო ქვეყნის გეოგრაფიამაც. თურქეთი სანახევროდ შეჭრილია შავ და ხმელთაშუა ზღვებში და თავის პროვინციებთან არა ისეთი მჭიდრო შეხება აქვს, როგორც პოსტიმპერიულ რუსეთს, რომელიც თითქმის ყველა ყოფილ პროვინციასთან მჭიდრო შეხებაშია. თურქეთი კონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი კიდეა, რუსეთი კი კონტინენტის ცენტრია. „ახალგაზრდა თურქების“ ასპარეზზე გამოსვლის დროიდან ირანის ისლამურ რევოლუციამდე პერიოდი არის ისლამური იმპერიული იდეის მიტოვებულობის პერიოდი. რა თქმა უნდა, ირანის ფუნდამენტალისტურ იდეებამდე იყო ისლამური რადიკალიზმის გამოვლინებები მაშრიყის, მაღრიბის, შუა აზიის ქვეყნებში, მაგრამ ირანული ფუნდამენტალიზმი არის ის მოვლენა, რომელმაც დასავლური დემოკრატიული წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი იდეოლოგია შექმნა და მთელი ისლამური სამყარო შეარყია.

ამერიკელთა ორაზროვანი დამოკიდებულება ისლამური აღმოსავლეთის მიმართ, ავღანელ თალიბებთან ურთიერთობის გარდა,  ვლინდება საუდების მონარქიასთან ურთიერთობაში. ამერიკული დემოკრატია ახერხებს აბსოლუტურ თეოკრატიულ მონარქიასთან ისეთ ურთიერთობას, რომ არ ლაპარაკობს დემოკრატიის პრინციპებისადმი საუდის არაბეთის სახელმწიფო წყობის შეუთავსებლობაზე.  ეს კეთდება იმ მიზნით, რომ შენარჩუნებულ იქნეს ატლანტიზმის ციტადელი ისლამურ აღმოსავლეთში. თუ დასავლეთი, მაგალითად, ჩინეთში ან ირანში ახდენს დისიდენტური მოძრაობის ინსპირაციას, ამას არ აკეთებს საუდის არაბეთში. ძალზე დიდია იმის შესაძლებლობა, რომ თუ ამერიკელები ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის სახელით მხარს დაუჭერენ ანტიმონარქისტულ ძალებს, საუდების ხელისუფლების დამხობა გამოიწვევს დიდ არეულობას მთლიანად ისლამურ აღმოსავლეთში და ატლანტიზმის პოზიციები აღმოიფხვრება. საუდის არაბეთის ტახტის დაცემა გამოიწვევს მასთან მოსაზღვრე სამთავროების დაცემასაც. პოსტკოლონიალისტურ პერიოდში საზღვრების დემარკაციის გზით დასავლეთმა მინიმუმამდე დაიყვანა საერთო არაბული გაერთიანების შესაძლებლობა. არაბულ ქვეყნებში ურთიერთქიშპობა დაუსრულებელია. ეგვიპტელები თავის თავს სხვა არაბებზე მაღალკულტურულად მიიჩნევენ და ამის შესაბამისად იქცევიან არაბულ ორგანიზაციებში. ეს აღაშფოთებს სირიას, ერაყსა და სხვებს. ეგვიპტეს არაერთხელ ბრალი დასდეს ღალატში. თვით საუდების მონარქიისათვის არ შეიძლება სამძიმო არ იყოს დასავლური ექსპანსიონიზმი. უახლოეს წარსულში მოეწყო ტერაქტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საუდის არაბეთში არსებობს ლატენტური მოძრაობა თუ ჯგუფი, რომლის იდეურ სახეზე მსჯელობა ძნელია. არაბულ ქვეყნებსა და რუსეთს შორის დამოკიდებულება ყოველთვის კარგი იყო. თუ ყველა არაბულ და ისლამურ ქვეყანაში არის ამერიკელთა ინტერესები, აქვე არის რუსეთის ინტერესები. როგორი ფორმაც არ უნდა მიიღონ ისლამურმა მოძრაობებმა, რუსეთი ყოველთვის უნდა იყოს ისლამურ სამყაროში. წარსულის ფაქტებზე მითითებით იმის მტკიცება, რომ ისლამი ქრისტიანობის მტერია, არაა სწორი. ტრადიციული ისლამი, როგორც სუნიტური, ასევე შიიტური, არაა ქრისტიანობის მტერი.  არა მარტო ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, სირიაში, არამედ თვით ავღანეთშიც ტრადიციული ისლამი ქრისტიანობის მტერი არაა. სხვაა გეოპოლიტიკური ანტაგონიზმი და სხვაა ის, როცა ,მაგალითად, თურქეთი ევროპას ებრძოდა, ირანი საქართველოში რუსეთის შემოსვლას ეწინააღმდეგებოდა.

არაბულ სამყაროს ძალზე დიდი შესაძლებლობა აქვს საერთო არაბული გაერთიანების შექმნისა. ამას დასავლეთი ყოველმხრივ ეწინააღმდეგება, რადგან ეს გაერთიანება უმალ დასავლეთის წინააღმდეგ გამოვა. ისლამური რადიკალიზმი ებრძვის დასავლურ დემოკრატიასა და ატლანტიზმს და არა ქრისტიანობას. დასავლეთის ქრისტიანობა კი არის მოჩვენებითობა, რომელიც მის მტაცებლურ პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. სოციალიზმი და იდეოკრატია არაბებისათვის უფრო ახლობელია, ვიდრე დასავლური ინდივიდუალიზმი.

რელიგიური პროვინციალიზმის ექსტრემისტული გამოხდომები, რომელსაც ვხედავთ ჩრდილო კავკასიაში, შუა აზიაში, ყირიმში, თათარსტანში, ძალზე მალე ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და მოახდენს საკუთარი თავის სრულ დისკრედიტაციას. ეს მხოლოდ ახლა არის ასეთი მომენტი, როცა ისლამური ექსტრემიზმის იდეები ჩრდილო კავკასიასა და შუა აზიაში ძალზე იზიდავს საზოგადოების რაღაც ნაწილს, რომელიც თავის თავს რელიგიურ მეომრად მიიჩნევს. ამ დროს, ნებისმიერი მხარდაჭერა ისლამური აღმოსავლეთიდან დიდი სიხარულით მიიღება და მიიჩნევა საკუთარი პოლიტიკური კურსის სისწორის დასტურად. ცუდი ისაა, რომ ჩრდილოკავკასიელი და შუააზიელი ექსტრემისტები ვერ ერკვევიან ისლამურ აღმოსავლეთსა და მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ანტაგონიზმებში. ისინი მიიჩნევენ, რომ რახან ჯიჰადი გამოაცხადეს, მათ ერთნაირად დაეხმარებიან, მაგალითად, პაკისტანი და ირანი. ანტირუსულ პოზიციაზე მდგარი ექსპერტები კი ამ დროს ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, რომ სადღაც კავკასიის აულში მცხოვრები მუსლიმი, ისლამის რომელიმე ცენტრში მცხოვრები მუსლიმის თანასწორია. ღიმილს მოგგვრის მათი რელიგიური რეზონერობა, ვინც კრიმინალიზმს ისლამისათვის ბრძოლის სახელით ამართლებს. ექსტრემისტები ცდილობენ რელიგიური ენთუზიაზმის გაღვივებას საზოგადოებაში, მაგრამ ეს ენთუზიაზმი კი არაა, არამედ პროვინციალიზმი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაა. სხვაა ის ჯიჰადი, რომელსაც არაბული ხალიფატი ბიზანტიის წინააღმდეგ, ბრწყინვალე პორტა კი ევროპისა და რუსეთის წინააღმდეგ ეწეოდნენ და სხვაა ის ჯიჰადი, რომელსაც ჩეჩენი ექსტრემისტები დასავლეთის მხარდაჭერით რუსეთის წინააღმდეგ ეწევიან. ჩეჩენი სეპარატისტები ფედერალური არმიის წინააღმდეგ მარტონი იბრძვიან. ჩრდილოკავკასიელთაგან ჩეჩნეთის მოკავშირედ არავინ გამოსულა. კავკასიის განთავისუფლების იდეა ჩრდილოკავკასიელთათვის უკვე გაუფასურდა. ჩეჩენთა საარაკო თავგანწირვა არ კმარა საიმისოდ, რომ მოგებულ იქნეს სამხედრო-პოლიტიკური კამპანია. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველ ომში ფედერალური ძალების ჩეჩნეთიდან გაყვანა არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთმა ეს ომი წააგო. ჩეჩნებისათვის ეს იყო პიროსის გამარჯვება. რუსეთის დათმობამ ჩეჩნურ სეპარატიზმს ფრთები შეასხა და მან სცადა თავისი გავლენის გავრცელება მეზობელ დაღესტანში. პირველი ომის დასრულების შემდეგ მთელი გამეტებით ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი აღმოჩნდა. რა ამბავი ედგათ ქართულ გაზეთებს. იმპერია, რომელიც მუდმივად ექსტრემალურ ვითარებაში იქმნებოდა და მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ ყალიბდებოდა, შეუძლებელია  თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი ყოფილიყო.  რუსეთის მოძულე ექსპერტები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ჩეჩნეთის მეორე ომი მთელ კავკასიას ხანძარივით მოედებოდა. აქ იგულისხმებოდა ის, რომ არსებობდა საერთო კავკასიური შეგნება, რომელიც კავკასიის რომელიმე ნაწილის გასაჭირს მთელი კავკასიის საქმედ მიიჩნევდა. მაგრამ კავკასიელის ცნება ძალზე პირობითია. ის უფრო გეოგრაფიული ცნებაა, ვიდრე კულტურული და პოლიტიკური.  რა საერთო კავკასიურ შეგნებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა თვით კავკასიის ყოფილ ლიდერ ქვეყანაში – საქართველოში ქართველის ცნებაც კი საკამათოდ არის გამხდარი?

ის, რომ დასავლეთის გავლენით გამოითქმის აზრი კავკასიაში რუსული და ისლამური კულტურების გვერდიგვერდ ცხოვრების შეუძლებლობაზე, არის დივერსია, რომლის მეშვეობით დასავლეთი ცდილობს აღმოფხვრას ყოველივე ის დადებითი, რაც საბჭოთა უნივერსალიზმმა კავკასიაში შექმნა.

ისლამური ექსტრემიზმის გამარჯვება კავკასიასა და შუა აზიაში ნიშნავს ევროპეიზმის უსწრაფეს აღმოფხვრას ამ რეგიონებშიდ მათ ისლამიზაციას ამ სიტყვის ნეგატიური გაგებით. შეიქმნება მილიტარისტული რელიგიურ – კრიმინალური ძალაუფლება. დასავლეთი ვერ შეძლებს ნეგატიური ისლამიზაციის შეჩერებას. ყველა შემთხვევაში, როგორც კი დასავლეთი შეეცდება ზეგავლენის მოხდენას ვითარებაზე, ექსტრემისტები ომს დაიწყებენ მასთან, როგორც ისლამის მტერთან. ასე ხდება დღეს ავღანეთში, სადაც შექმნილია ძალზე აგრესიული, ფინანსურად უზრუნვეყოფილი ძალაუფლება. საეჭვოა, რომ რუსეთის განდევნამ შუა აზიიდან ან კავკასიიდან ხეირი მოიტანოს. ამას ტყუილად იმტკიცებიან ანალიტიკოსები. საეჭვოა, რომ დასავლეთს კავკასიასა და შუა აზიაში  ევროპეიზმის შენარჩუნება აღელვებდეს. საქართველო ვერ დაიცავს ევროპეიზმს, მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში ის ყველაზე მეტად ევროპეიზებული ქვეყანაა. საქართველო ვერ დაიცავს ევროპეიზმს, რომელიც მხოლოდ დემოკრატიას არ ნიშნავს, არათუ კავკასიაში, არამედ თავის საზღვრებშიც კი. ის თავისივე ახლომხედველობისა და უჭკუობის გამო გამოდევნილია ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ასპარეზიდან და არანაირი გავლენა მას არა აქვს კავკასიის მთიელებზე.

აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომების ერთ სიბრტყეში მოქცევა არამართებულია. მრავალგზის ითქმის, რომ ინსპირირებული აფზაზური სეპარატიზმი რუსეთს ბუმერანგივით უკან მოუბრუნდა ჩეჩნური სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის სახით. ეს არაა სწორი. შევარდნაძემ თქვა და ქვეყანა კი ქოთანივით ამოიძახებდა ამას. ჯერ ერთი, ბუმერანგი იმიტომაა შექმნილი, რომ ის მსროლელს უკან დაუბრუნდეს. შევარდნაძემ ესეც არ იცოდა, რა რისთვის შეედარებინა.  მეორეც, ჩეჩნები რუსეთთან ომისათვის ემზადებოდნენ  ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე. უკვე 1989-90 წლებში ვრცელდებოდა საომარი პროპაგანდა. ასე განზრახ გამარტივება და პარალელების გავლება იქ, სადაც სხვადასხვა სიმაღლეებია, არ ეგების. ჩეჩნეთის ომი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა. ამის გამო დასავლური მედია მის გაშუქებას და რუსეთის დადანაშაულებას  გაცილებით მეტ დროს უთმობს. აფხაზეთის ომის გაშუქება კი ძალზე ხშირად დასავლურ მედიაში საქართველოსათვის არახელსაყრელ მიმართულებას იძენდა. აფხაზეთის ომს არ ჰქონია ასეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ამის გამოა, რომ აფხაზეთის საკითხის მოგვარებით დასავლეთი არაა დაინტერესებული. ატლანტიზმმა ჩეჩნური ექსტრემიზმი გამოიყენა როგორც ეს შესაძლებელი იყო არსებულ ვითარებაში და შემდეგ მან მიატოვა ჩეჩნები. აქ ის ისევე მოიქცა, როგორც ერაყ-ამერიკის პირველი ომის დროს. დასავლეთმა მოახდინა ერაყელ ქურთთა სეპარატიზმის ინსპირაცია და შემდგომ მიატოვა ისინი. დასავლური დიდი პოლიტიკის ინტერესების გამო ჩეჩნები უღვთოდ განწირულნი აღმოჩნდნენ.

დღეს დასავლეთი კოსოვოდან შუა აზიამდე, ყირიმისა და კავკასიის გავლით, ქმნის ერთიან ფრონტს ექსტრემისტული ისლამური იდეოლოგიის გამოყენებით. მცირე ხალხების ბედ-იღბალი ამ დროს გიგანტების სათამაშოდ იქცევა. ისლამური ექსტრემიზმის განხილვისას ეს ნაყალბევი ალარმიზმი, მოჩვენებითი ჭირისუფლობა, რომელიც დღეს მედიაში არის დამკვიდრებული, ძალზე ცუდ სამსახურს უწევს მათ, ვინც გლობალისტიკის საკითხებს იკვლევს. ამის გამო, როცა, მაგალითად, ჩეჩნურ თუ ავღანურ რელიგიურ ექსტრემიზმზე საუბრობენ, მხედველობაში აქვთ ირანული ფუნდამენტალიზმის იდეები. ხდება ერთურთისაგან რადიკალურად განსხვავებული ისლამური მიმდინარეობების აღრევა ექსპერტების ნამსჯელში. ამის შემდეგ კი, ჩეჩნური თუ ავღანური ექსტრემიზმის განხილვისას ლაპარაკობენ მოსალოდნელ მსოფლიო ისლამურ რევოლუციაზე. სინამდვილეში, მსოფლიო ისლამური რევოლუციის იდეა ირანული ფუნდამენტალიზმის კუთვნილებაა. უჭირთ იმის დანახვა, რომ ირანული ფუნდამენტალიზმი გამიჯნულია ჩეჩნური და ავღანური ექსტრემიზმისაგან და შეუძლებელია, რომ ეს ძალები დაახლოვდნენ. დღეს ირანსა და ავღანეთს შორის ძალზე დაძაბული ურთიერთობაა და სწორედ ფუნდამენტალისტური იდეების სხვაობა, მათი მსგავსების მიუხედავად, იწვევს დაძაბულობას და არა დაახლოებას  ირანსა და ავთანეთს შორის. ირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ამ დროისათვის მიმდინარე ბრძოლებს თალიბებსა და აჰმად-შაჰ მასუდის ძალებს შორის. თუ თალიბებმა აიღეს ფანჯერის ხეობა, სადაც ავღანეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ძალები არიან გამაგრებულნი, პირდაპირი საფრთხე ემუქრება ტაჯიკეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს. რა თქმა უნდა, რუსეთი მზად არის ექსტრემალურ ვითარებაში მოქმედებისათვის. თალიბების გამარჯვება ნიშნავს ჩეჩნური სეპარატიზმის პოზიციების გამყარებას. თალიბები საფრთხეს შეუქმნიან აზერბაიჯანსა და საქართველოს.

თუ ავღანური და ირანული ისლამური მოძრაობების ერთმანეთში აღრევა სწორად მიაჩნიათ იმის გამო, რომ ამას დასავლელი პოლიტოლოგები ამბობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლეთში მთელი 80-იანი წლების განმავლობაში მასშტაბური ანტიირანული კამპანია მიმდინარეობდა და მან გავლენა მოახდინა თვით დასავლელ საუნივერსიტეტო წრეებზე. ამის შემდეგ კი ისლამზე მსჯელობისას გულისხმობენ, რომ ნებისმიერი ისლამური მოძრაობა მანამდე არსებულ ისლამურ მოძრაობას უახლოვდება და ერწყმის მას, და ასე მზადდება მსოფლიო ისლამური რევოლუცია. შეუძლებელია, ძირეულ იდეურ წინააღმდეგობათა გარეშე ისე გაკეთდეს, რომ ირანული ფუნდამენტალიზმისაგან აღებულ იქნეს რაღაც დებულებები გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გარეშე, ახალი ისლამური მოძრაობის შექმნის სახელით და დანარჩენი დებულებები ყურადღების გარეშე იქნეს დატოვებული.

მსურს გავამახვილო ყურადღება ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში არსებულ ერთ ტენდენციაზე: უახლოეს წარსულში საუბრები გეოპოლიტიკაზე რაღაც ახალი გატაცება და ინტელექტუალური მოდა იყო. დღეს, იმის გამო, რომ ის მოსაწყენი გახდა, მას ნაკლები ყურადღება ექცევა. გეოპოლიტიკით გატაცება თავშესაქცევ საქმედ მიიჩნეოდა და მისგან რაღაცას მოელოდნენ. რა არის გეოპოლიტიკა? ეს არის ომის ფილოსოფიის ნაწილი. ეს არის მკაცრი მეცნიერული დისციპლინა , რომლის საფუძველი ისტორიაა, რომელიც მოითხოვს ფიქრსა და შრომას. გეოპოლიტიკაზე უსაფუძვლო ლაპარაკმა, გეოპოლიტიკის ცნების უხშირესმა და წარამარა გამოყენებამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოება გაბეზრებულია ამაზე საუბრით  და ის საკითხები, რომელნიც საფუძვლიან განხილვას მოითხოვენ, ხშირად ყურადღების გარეშე რჩება. ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, პოსტსაბჭოთა საქართველოს არ დაუსაბუთებია თავისი გეოპოლიტიკური ორიენტაცია. ორიენტაციის არგუმენტირება კი გაცილებით მეტს მოითხოვს, ვიდრე დასავლური დემოკრატიის აპოლოგეტობაა.

 

One thought on “ალ-ისლამ ალ-ჯიჰადი

  1. სწორი ანალიზია ბევრი საკითხის ირგვლივ, რაზეც საქართველოში თითქმის წარმოდგენა არ აქვთ, საექპპერტო წრეებშიც კი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s