ლუსტრაციის შესახებ ქართულ საზოგადოებაში


          

                                                   წერილი პირველი

*პუბლიკაცია ორ წერილად  პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „მერიდიანი 44“   (31 იანვარი – 7 თებერვალი, 7 – 14 თებერვალი  2001 წელი, N 4, N 5). გაზეთში მუქი შრიფტით გამოყოფილი ადგილები რედაქციისეულია.  პუბლიკაციას  ჰქონდა დიდი გამოხმაურება, რადგან  ლუსტრაციის საკითხის ამგვარი დაყენება აქამდე არ ყოფილა. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და ამოკლებული ადგილების აღდგენით.

არასწორია ლუსტრაციის პრობლემაზე ყველაფრისაგან მოწყვეტით, მხოლოდ კონიუნქტურასთან მიმართებაში მსჯელობა და ისე წარმოდგენა, რომ ლუსტრირების პროცედურა ქართველთა შორის ზნეობრივ საკითხს გადაჭრის. ეს პრობლემა არ თავსდება ნორმატიული ეთიკის ფარგლებში და სცილდება არსებულ კონიუნქტურას. მასზე მსჯელობა აზრის პროვოცირებას უნდა ახდენდეს. სხვა საკითხია თუ კამათში ჩართულთ არ ძალუძთ კონიუნქტურის ფარგლებს გასვლა. ამის მიუხედავად, ისინი მსჯელობისას უაპელაციონი და კატეგორიულნი არიან. ლუსტრაციის და საერთოდ ისტორიის შესახებ სწორედ ასეთი რედუქციონისტული მსჯელობა არის აღმაშფოთებელი. ასეთი მსჯელობა ბოლშევიზმის მხილებას და დემოკრატიის აპოლოგიას ისახავს მიზნად და აღწევს რა ამას, მიაჩნია, რომ საკითხი ამომწურავად განხილულია. მაგრამ ლუსტრაციის საკითხი პოსტსაბჭოთა ადამიანს ფიქრად უნდა აღძრავდეს – როგორ ვლინდება პროვიდენცია პოსტსაბჭოთა სინამდვილეში? რა არის ისტორიის საზრისი?

ლუსტრაციის საკითხი უკავშირდება ისტორიას, საერთაშორისო სამართალს, რელიგიას და ზნეობრივ პრობლემატიკას. ლუსტრირება არ არის მხოლოდ გამოვლენა საბჭოთა პერიოდის ინფორმატორებისა და დამსმენებისა, არამედ ის ნიშნავს, რომ ჩვენ სამსჯავროზე გამოგვაქვს ისტორიული ხდომილებანი, მაგრამ რამდენად ვართ ჩვენ ზნეობრივად უფლებამოსილნი იმისათვის, რომ განვსაჯოთ?  გვაძლევს ჩვენ ღმერთზე მითითება საამისო პრეროგატივას? ამ მსაჯულობით საკუთარი თავი მიგვაჩნია ისტორიულ ადამიანებად. ეს კი ასე არ არის. ისტორიულობა ვერ შეიძინება იმის აპოლოგიით, რაც დიდ რევიზიას საჭიროებს.

ლუსტრაციის საკითხის ასპექტები ასეთია:

a)      საკითხი, როგორც ფილოსოფიური და რელიგიური;

b)      – როგორც ისტორიული;

c)      – როგორც ზნეობრივი

 

განვიხილოთ ის ამ თანმიმდევრობით:

            a) დღეისათვის პოსტსაბჭოთა ადამიანი დგას დიდ გზაგასაყარზე. მისთვის აზროვნების დაწყება ნიშნავს არჩევანს რევოლუციონიზმსა და რევოლუციამდელ ეპოქას შორის. ლაპარაკი დემოკრატიაზე არ წყვეტს არჩევნის სიძნელეს. არჩევანი ეხება არა მხოლოდ ბოლშევიკურ რევოლუციას და მის მიერ უარყოფილ მონარქიას, არამედ რევოლუციონიზმის იდეას, რომელიც დიდი ფრანგული რევოლუციიდან მომდინარეობს,  და საეკლესიო იდეას, რაც საზოგადოების მონარქიულ – არისტოკრატიულ მოწყობას გულისხმობს. არჩევანი ეხება მომავალს, რომელიც სულაც არაა ისეთი, როგორადაც მას წარმოაჩენენ. ის, რომ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ეკლესიაზე მითითებით ქმნის არჩევანის დასრულებულობის მოჩვენებითობას, ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მომავალი არსებული სინამდვილის სრულ შესატყვისად მიაჩნია.

ადამიანი პოლიტიკური არსებაა და მან უნდა გაარკვიოს თავისი დამოკიდებულება ძალაუფლებისადმი, არა ხელისუფლებისადმი, რომელიც დემოსის მიერ იქნა არჩეული, არამედ ძალაუფლების იდეისადმი. პოსტსაბჭოთა ადამიანმა უნდა გაარკვიოს, რა აქვს მას მხედველობაში, როცა ერთდროულად ეყრდნობა ლიბერალურ დემოკრატიას და ეკლესიას. ეს ნიშნავს, რომ მას დემოკრატიული თანასწორობის პრინციპი გამოჰყავს ადამიანის უფლებებიდან, ბუნებრივი უფლებიდან, რაც განმანათლებლური ფილოსოფიის მაგისტრალური დებულება და ევროპეისტული რევოლუციონიზმის გულია. ამავე დროს იგი მიუთითებს სახარებაზე. ამგვარად, პოსტსაბჭოთა ადამიანი ერთიანობაში მოიაზრებს ლიბერალურ დემოკრატიასა და ეკლესიას, მაგრამ ასეთი ხერხით არჩევანი – ან რევოლუციონიზმი, ან რევოლუციამდელი ეპოქა, არ გადაწყვეტილა. რა უფლებით ახდენს პოსტსაბჭოთა ადამიანი განმანათლებლური თანასწორობის იდეისა და სახარებისეული თანასწორობის იდეის სინთეზირებას? ეგალიტარიზმისა და ქრისტიანული თანასწორობის იდეის გაერთიანებით პოსტსაბჭოთა ადამიანი ცდილობს არსებული ძალაუფლების ლეგიტიმაციას. არჩევანი რევოლუციონიზმსა და რევოლუციამდელ ეპოქას შორის გულისხმობს ადამიანის დამოკიდებულებას ღმერთის პრობლემის მიმართ. აქ, პირველ ყოვლისა, უნდა შევეხოთ ნიცშეს თეზისს – ღმერთი მოკვდა. ეს ნიშნავს, რომ სამყარო, ადამიანის საცხოვრისი ღმერთს მოკლებულია. პოსტსაბჭოთა აზროვნებამ, იმის გამო, რომ ათეიზმი უზნეობად მიიჩნია, მოახდინა ამ აზრის  ყოველმხრივი უგულებელყოფა, მაგრამ ფილოსოფემა –  ღმერთი მოკვდა, არაა ათეიზმის დასტური, როგორც ამას რელიგიური რეზონერები ამტკიცებენ. ათეისტური აზრი ღმერთის არსებობის გამომრიცხველია, როგორც ეს არის მარქსიზმში. სულ სხვაა ის აზრი, რომ ღმერთი მოკვდა. ამით მისი არსებობა კი არ უარიყოფა, არამედ  ითქმის ის, რომ ის იყო სამყაროში. შემდგომ სამყარო რადიკალურად გარდაიქმნა და გახდა ისეთი, რომ ღმერთის ყოფნა მასში შეუძლებელი გახდა. ღმერთმა ვეღარ გაუძლო ასეთ სამყაროს და ის მოკვდა. პოსტსაბჭოთა ადამიანი კი ცდილობს შეარიგოს შეურიგებელნი, როცა ეგალიტარიზმს სახარებისეული თანასწორობის იდეის გაგრძელებად მიიჩნევს და ამით ახდენს გაუმართლებელი ძალაუფლების გამართლებას. არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სინამდვილე, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროს სინამდვილე გაუმართლებელია. ადამიანი სამყაროს ცენტრში დგას, მაგრამ მას აღარ ძალუძს იყოს ღირებულებათა მაკონსტიტუირებელი. ნიჰილიზმი, რომლის არსებობა საბჭოთა ათეიზმს ბრალდებოდა, ვერ დაიძლია ეკლესიაზე მითითებით. ადამიანის არნახულ გაყალბებას და სიცოცხლის პაროდირებას აქვს ყველგან მეუფება. ეპოქის თავისებურება ის არის, რომ მსოფლიო გონი დღეს შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ როგორც დიდი შურისმაძიებელი, უარმყოფელი და იავარმქმნელი ყოველივე იმისა, რასაც ადამიანი აფუძნებს და სინთეზირებული თანასწორობის იდეით ამართლებს.

ლუსტრაციის საკითხის დასმა გულისხმობს იმას, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანი დემოკრატიას მიიჩნევს იმ კრიტერიუმად, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდება საბჭოთა ათეიზმისა და ბოლშევიკური ტერორის გმობა. ე. ი. იქმნება ზნეობის პრობლემის სრულად გადაწყვეტის მოჩვენებითობა, მაშინ როცა საკითხიც არ დაყენებულა სწორად მის გამო. საკითხის დაყენების მიზანი არის ბოლშევიზმის მიმართ უაპელაციო მსჯავრის გამოტანა. ასე ხდება იგნორირება მთელი რიგი ვითარებებისა, რაზეც ზემოთ აღვნიშნე.

b) განსახილველი საკითხის ისტორიული ასპექტი ისეთია, რომ შეუძლებელია თავიდანვე არ აღინიშნოს უახლოესი წარსულის გაყალბების ტენდენციაზე პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიაში. ხდება ტერმინ „ტოტალიტარიზმით“ მანიპულირება და ითქმის, რომ ბოლშევიზმი, ისევე როგორც ფაშიზმი, არის ტოტალიტარული სისტემა. კატეგორიულად მოითხოვენ ბოლშევიზმს მოუწყონ  ნიურნბერგის პროცესი.  ამაზე ლაპარაკობენ 1989-90 წლებიდან. ვის აქვს ზნეობრივი უფლება, რომ ბოლშევიზმს სასამართლო პროცესი მოუწყოს? შედარება რაშიც არ შეიძლება, იმაში ადარებენ ერთმანეთს ბოლშევიზმსა და ფაშიზმს. შეუძლია დასავლურ სოციალ-დემოკრატიას მარქსიზმ-ლენინიზმის გამართლება? იყო პერიოდი, როცა ადამიანს არ ჰქონდა არჩევანი. ის უნდა მიმხრობოდა ან ნაციონალ-სოციალიზმს, ან კომუნიზმს. დღეისათვის ადვილია მენტორობა. აღინიშნება ხოლმე, რომ იდეოლოგია არის ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი. აქ ისევ ბოლშევიზმი და ფაშიზმი იგულისხმება. ითქმის, რომ იდეოლოგია უტოპიური, ცრუ მეცნიერებაა, რომ ფაშიზმისა და ბოლშევიზმის ტოტალიტარულმა იდეოლოგიამ კრახი განიცადა და ეს მიუთითებს მის უტოპიურობაზე. განხორციელებადობის კრიტერიუმით თუ ვიმსჯელებთ, ქრისტიანობაც უტოპიაა, რადგან მან პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში თავიდანვე მარცხი განიცადა იმის მიუხედავად, რომ ეს საზოგადოება მასზე მითითებით ამხელს ბოლშევიკურ იდეოლოგიას. ქრისტიანული სწავლება ვერ განხორციელდა ვერც ევროპაში, ვერც რუსეთში. გამოდის, რომ ქრისტე ბრიყვი იყო, როცა თავის მოძღვრებას ქადაგებდა.

მონარქია გაცილებით ტოტალიტარული საზოგადოებაა, ვიდრე სოციალისტური და ნაცისტური საზოგადოებანი. მონარქიზმი ღმერთის ავტორიტეტითაა სანქცირებული და ძალაუფლების ლეგიტიმაციის საკითხი აქ ამომწურავად გადაჭრილია. კომუნისტური იდეოლოგია თვითონ ადგენს ღირებულებებს და ადამიანს მოუწოდებს მათი დაცვისათვის იბრძოლოს. ის ღმერთმებრძოლი და ეკლესიის მდევნელია. ნაციზმი ბოლშევიზმისაგან განსხვავებით ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემას წყვეტს ოკულტური ძალებისადმი აპელაციით. ნაციზმი ევროპულ ეკლესიებს მტრულად უცქერდა, მაგრამ ისეთი ათეისტური ომი, როგორიც იყო საბჭოეთში, ნაცისტურ იმპერიაში არ ყოფილა. ნაციზმს ათეისტური ძალზე ძნელად შეიძლება ეწოდოს. მას ბევრი რამ ჰქონდა აღებული ნიცშეს მოძღვრებიდან. დღეს დემოკრატები აღნიშნავენ, რომ ნაცისტურ და ბოლშევიკურ ტოტალიტარულ სახელმწიფო მანქანაში ადამიანი ჭანჭიკად იყო ქცეული და სულიერებას იყო მოკლებული. სულიერებაში დემოკრატები გულისხმობენ ეკლესიას. თვით ნაციზმისა და ბოლშევიზმისათვის იყო ცნობილი ის, რის გამოც დემოკრატები ამ სისტემებს აკრიტიკებდნენ.  ნაცისტების დროს ცდილობდნენ დაეძლიათ მექანიცისტური შეხედულებანი ადამიანზე, რომელიც ტოტალიტარიზმმა კი არა, არამედ ნაციზმამდელმა საბუნებისმეტყველო  აზროვნებამ შობა. ადამიანზე მექანიცისტურ შეხედულებას ნაცისტები უპირისპირებდნენ გერმანულ რომანტიზმს. მას უნდა დაეძლია ადამიანის მექანიცისტური განხილვა. ბოლშევიკებიც ცდილობდნენ ადამიანის მიმართ არ ყოფილიყო ისეთი დამოკიდებულება, როგორც მანქანისადმი. დღეს ყველგან თვალშისაცემია ტექნოცენტრული აზროვნება, რომელსაც ვერ ფარავს დემოკრატების ლაპარაკი სულიერებაზე და ეკლესიაზე მითითებანი. ტოტალიტარიზმი თანამედროვე საზოგადოებისა ისეთია, რომ მას ვერ შეედრება ნაცისტურ და კომუნისტურ საზოგადოებათა ტოტალიტარიზმი. დღეს ხდება ადამიანზე ფინალური შეტევა ტექნიკური აზროვნების მხრიდან. პრიმიტივიზმი, რომელიც დამკვიდრდა ისტორიოგრაფიულ აზროვნებაში, თანამედროვე           ტექნოცენტრიზმისათვის პირდაპირ მისწრებაა. მსოფლიო ძალაუფლებისაკენ მისწრაფების გამართლებისათვის დასავლეთის ისტებლიშმენტი ოკულტურ ძალებსა და მასონურ სწავლებებს მიმართავს. ეს არის ტექნოცენრისტული წარმართობა, რომლის ხიბლს ყოველდღე ვხედავთ ტელეეთერში. ეს არის ისტორიის ნემეზიდის აღმძვრელი და დიდ ტანჯვაში მსოფლიო უნდა ღირსიქმნეს საიმისოდ, რომ ღმერთი კვლავ მოვიდეს.

ისტორიულ კონკრეტიკასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ლუსტრირება არ უნდა შემოიფარგლოს 20-30 -იანი წლების რეპრესიებით. ლუსტრირებას უნდა დაექვემდებაროს საქართველოს ისტორია, დაწყებული იქიდან, როცა მენშევიკები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და თან მოიყოლეს ასობით მედროვე, ქვეყნის დამაქცევარი. შესასწავლი არის 20-იან წლებში მენშევიკთა, ეროვნულ-დემოკრატთა, სოციალ-ფედერალისტთა, მემარჯვენე სოციალისტ-რევოლუციონერთა და სხვა წვრილი პარტიების საქმიანობა. დღესაც არ არის გამოაშკარავებული მათი საქმიანობა, ვინც მენშევიკური მმართველობის დროს ქვეყანა გაღლიტა და ბოლშევიკთა შემოსვლის შემდეგ უცხოეთში გაიქცა. პარტიათაშორისმა მტრობამ ხელი შეუშალა ქართველთა გაერთიანებას, რათა მას შესძლებოდა ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად. საქართველოს უსახური სინამდვილე მუდმივად საჭიროებს შელამაზებას. ამის გამოა, რომ 80 წელი გავიდა და დღემდე ერიდებიან მენშევიკთა ხელისუფლებაში მყოფი თაღლითებისა და ხაზინის ქურდების სახელთა ხსენებას. ქართველობამ ცუდად იბრძოლა და ვერ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ბოლშევიკური ტერორი რომ დაიწყო, ასობით რენეგატი მიემხრო მას. სხვა პარტიათა წარმომადგენელნი ნებაყოფლობით თუ შანტაჟის მეშვეობით ბოლშევიკთა ინფორმატორებად იქცნენ. შემდეგ თვით ბოლშევიკები გახდნენ იძულებულნი შეელამაზებინათ ქართული სინამდვილე. 20-იანი წლების რეპრესიები დიდი ეროვნული სირცხვილის აღმნიშვნელი მოვლენაა. დღესაც ასეულობით ქართულ ოჯახს ცოდვა აწევს და მაშინდელი შერცხვენის სიმძიმე ტანჯავს. 20-იანი წლების რეპრესიებმა იმჟამინდელი ქართული საზოგადოების  ზნეობრივი სახე წარმოაჩინა.  90-იანი წლების ანტიკომუნისტურმა საზოგადოებრივმა აზროვნებამ გამოკვეთა დაუოკებელი რესენტიმენტული სწრაფვა ბოლშევიზმის მხილებისაკენ. ეს იყო შურისძიების მცდელობა ზნეობისა და ღმერთის სახელით უწინ განცდილი შერცხვენის გამო. დაკვირვებული თვალი მყისვე შეამჩნევდა თუ რაოდენ ნაყალბევი იყო ანტიბოლშევიკური მხილებანი. უამრავი ფაქტი ბოლშევიკური რეპრესიებისა სააშკარაოზე იქნა გამოტანილი, მაგრამ ამან ვერ შეძრა მომხმარებლობაზე დაქიმითებული საზოგადოება. ქართული სინამდვილე დღესაც ისეთივე უსახურია. პოლიტიკა გადაგვარებულია და წვრილმანი ინტრიგებს ვერ სცილდება. ისევ ის პარტიათაშორისი მტრობა, ოპორტუნიზმი, ფარული შეთანხმებანი ხელისუფლებასთან და ფსევდოოპოზიციურობა მკვიდრობს ქვეყანაში.

ზღვა მასალა გამოქვეყნდა ილიას მკვლელობაზე, მაგრამ დღესაც დაუდგენელია, თუ ვინ მოკლა ერის წინამძღოლი. ილიას მტრობდნენ არა მარტო მენშევიკები და ბოლშევიკები.ილიას მკვლელობაზე ამდენი ლაპარაკი ზნეობრივი მოჩვენებითობის მიზნით გამოიყენეს ქართველებმა. სწორედ ეს არის ის მანკიერება, რის გან განკურნებაც ქართველთა საზოგადოებას არ შეუძლია.

c)საკითხის ზნეობრივი ასპექტი ეხება რელიგიური კათარზისის პრობლემას. არსებული საზოგადოება ზნეობრივად აღმატებული უნდა იყოს წინამორბედ საზოგადოებაზე, რათა შეძლოს მისი განკითხვა. ჩვენ არაფრით მეტნი არა ვართ გუშინდელ დღეზე. წარსულის გამო ხანგრძლივი საქვეყნო აღშფოთება და გაზეთების არტისტობა ვერ უწყობს ხელს ზნეობრივი კანონის განმტკიცებას. ქართველობა ის საზოგადოებაა, სადაც სინდისი ყოველთვის უკანა რიცხვით ახსენდებათ. ლუსტრირების პროცედურის დაწყება საქართველოში ნიშნავს ახალ მტრობას და ანგარიშსწორებას. ეს ნიშნავს ლახვრის ჩაცემასა და ყველა იმ ილუზიის გაცამტვერებას, რაზეც ეყრდნობა ქართველთა წარმოდგენები ცხოვრებაზე. ხელისუფლებას შეადგენენ ის ადამიანები, რომელნიც დამნაშავენი არიან ეროვნული მოძრაობის დამარცხებაში, აფხაზეთის ომის წაგებაში, ქვეყნის დაცემაში. ლუსტრაცია არ შეიძლება არ შეეხოთ მათაც, ვინც 80-იან წლებში ქვემო ქართლის მიწები გაყიდა, ვინც ეროვნული მოძრაობის დისკრედიტაციას ეწეოდა. ქართველთა ქვეყანაა ისეთი, რომ ლუსტრაცია ვერ შემოიფარგლება 20-30-იანი წლების რეპრესიათა მასალების გამოქვეყნებით. ლუსტრაცია თავისთავად გაგრძელდება და მოიცავს მთელ ქვეყანას, მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ ქართულ საზოგადოებას არ შესწევს ძალა ამგვარ ზნეობრივ დაძაბულობას გაუძლოს. სინდისზე ლაპარაკი საქართველოში მუდამ ერთურთის მოსატყუებლად სჭირდებათ. ლუსტრირების პროცედურამ არ შეიძლება არ მოიცვას პარტიული ცხოვრება, რაც გულისხმობს პარტიათა შემოსავლების, წევრთა რიცხოვნებისა და ვინაობის გარკვევას. გასარკვევია უამრავი NGO-ს საქმიანობა და არსებობის მიზანი. მათ დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის სახელით ქმნიან, მაგრამ ქართულ პოლიტიკაზე არანაირ გავლენას ისინი არ ახდენენ.

არასწორია მრავალთა მიერ გამოთქმული აზრი, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონის ამოქმედებამდე უნდა დავიცადოთ, სანამ მარქსიზმ-ლენინიზმს ნიურნბერგის პროცესს არ მოუწყობენ. მაგრამ განზრახ ავიწყდებათ, რომ ნიურნბერგის პროცესის მოწყობის უმთავრესი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო, როგორც მეორე მსოფლიო ომში ყველაზე მეტად დაზარალებული მხარე. დასავლეთი არ ყოფილა ისეთი თანმიმდევრული ამ პროცესზე, როგორც საბჭოთა კავშირი და დასავლეთმავე შეუწყო ხელი გერმანული სამხედრო მანქანის უსწრაფეს აღდგენას. ნიურნბერგის პროცესი არ არის თანამედროვე მსოფლიოს ზნეობრივი სახის დამადასტურებელი მოვლენა და ამის დაუნახაობა პოლიტიკის არცოდნაა. ლუსტრაციის კანონი პირველად ამოქმედდა ნაციონალ-სოციალისტების წინააღმდეგ ნიურნბერგის პროცესზე. ამგვარი პროცესი მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა იყო, ამიტომ მყარად დამკვიდრდა წარმოდგენა, რომ ასეთი პროცესის სამომავლო შესაძლებლობა პოლიტიკის ზნეობრიობის გარანტი იქნებოდა. დღეს, როცა ამას ამტკიცებენ, გულისხმობენ იმას, რომ დასავლური დემოკრატია უმაღლესი ზნეობის გამოხატულებაა და სწორედ დასავლეთს აქვს ზნეობრივი უფლება გაასამართლოს ბოლშევიზმი. მაგრამ დასავლეთი იყო ის, ვინც ნაციონალ-სოციალისტებს საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ აქეზებდა. მისი სახის მაჩვენებელია ისიც, რომ მეორე ფრონტი მან ძალზე დიდი დაგვიანებით გახსნა.

 

 

ლუსტრაციის შესახებ ქართულ საზოგადოებაში

                                                       წერილი მეორე

თუ პოსტსაბჭოთა ადამიანი უმაღლეს ზნეობაზე  აცხადებს პრეტენზიას, ეს ნიშნავს მსოფლიო ისტორიის რევიზიას მის მიერ. მან უნდა გაასამართლოს ფრანგული რევოლუცია და განმანათლებელთა მოძღვრება ბუნებრივი უფლების შესახებ ეკლესიასა და ღმერთზე მითითებით. ვთქვათ, ასეთი რამ მოხდა, მაგრამ უმაღლესი ზნეობა ამაზე ვერ შეჩერდება. უნდა დაიწყოს მონარქიისა და ეკლესიის ლუსტრირება. უნდა გასამართლდნენ იეზუიტები, რომელნიც მეცნიერების მდევნელნი იყვნენ. უნდა გასამართლდეს ცარისტული რუსული ეკლესია. თავის დროზე ევროპის უნივერსიტეტები აღდგნენ იეზუიტთა წინააღმდეგ და განდევნეს ისინი. იეზუიტის სახელი მაშინ ისეთივე მნიშვნელობის მქონე იყო, როგორც დღეს ГБ-ს მუშაკის სახელია და მანამდე მეფის ჟანდარმერიისა და ოხრანკის სახელი იყო. იეზუიტთა ორდენი განდევნეს ბევრი ქვეყნიდან და აკრძალეს ევროპაში, შემდგომ კი ისევ აღადგინეს.

ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში ნიურნბერგის პროცესი ისე მიმზიდველი გახდა, რომ სამოქალაქო ომის დროს გონებაარეული ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას უპირებდა მსგავსი პროცესის მოწყობას, უწოდებდა რა მას ფაშისტს და ისე წარმოაჩენდა, რომ ის ფიურერის მსგავსად, მთავრობის სახლის ბუნკერს აფარებდა თავს და ოპოზიცია კი მას უტევდა.  დღეს აფხაზებს ემუქრებიან ნიურნბერგის პროცესით და დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით ხვდებიან მათ საქართველოში ჩამოსვლისას. საკუთარი თავის პატივისმცემელი ქვეყანა ასე არ მოიქცეოდა. ვლადისლავ არძინბა თბილისში იყო ჩამოსული და ჩიტირეკია ქართულმა მედიამ ეს შევარდნაძის სიბრძნედ წარმოაჩინა. გამარჯვებული არძინბა ჩამოვიდა დამარცხებულ ქართველთა დედაქალაქში.

ლუსტრაციის საკითხზე მსჯელობისას ნათლად წარმოჩინდება ქართველთა პოლიტიკური აზროვნების ანტიისტორიზმი. როცა ადამიანი პოლიტიკური ტერმინების მონაა, ეს იგივე იდიოტიზმია. ხშირად აღინიშნება, რომ ლუსტრაციის პროცედურა უნდა წარიმართოს ზნეობაზე დაყრდნობით. ზნეობად კი დასავლური დემოკრატია მიიჩნევა. ჯიუტად არ სურთ იმის დანახვა, რომ ლიბერალ-დემოკრატიაც იმავე ევროპეისტული რევოლუციონიზმის პირმშოა, რომელმაც მარქსიზმი, სოციალ-დემოკრატია შობა. ქართული პროვინციალიზმის მიერ ისტორიის რევიზიის პრეტენზია იმასაც უნდა გულისხმობდეს, რომ ევროპა გასამართლდეს კოლონიალიზმის ეპოქის გამო, რომ ამერიკელები და ესპანელები უნდა გასამართლდნენ ინდიელთა ამოწყვეტის გამო, რომ ამერიკული დემოკრატია გასამართლდეს ლათინურ ამერიკაში 50-80-იან წლებში ჩადენილი დანაშაულებებისათვის. სულ ახლახანს, აუგუსტო პინოჩეტის გასამართლებას შეეცადნენ ევროპაში, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ კი არა, რომ ყოფილი დიქტატორი ავადმყოფი კაცია, არამედ იმიტომ, რომ ატლანტიზმის ბანაკში მყოფ ევროპას არა აქვს ზნეობრივი უფლება ის გაასამართლოს. ამიტომ დააბრუნეს პინოჩეტი თავის ქვეყანაში. პინოჩეტს ბრალად ედება პოლიტიკური ოპონენტების წამება, მკვლელობები, დევნა. ამ საქმეთა გამოძიებისას კი ამერიკული აგენტურის როლს ვერანაირად ვერ აუქცევენ გვერდს. პინოჩეტი სამხედრო გადატრიალების გზით ამერიკულმა აგენტურამ დასვა ქვეყნის სათავეში და დაეხმარა მას ჩილეს ეკონომიკური სასწაულის ბლეფის შექმნასა და მის რეკლამირებაში. ამერიკული დემოკრატიის კისერზეა ათობით გადატრიალება ლათინურ ამერიკაში და დიქტატორების მხარდაჭერა. გამსახურდიას ოპოზიცია ამერიკელთა სიტყვიერი მხარდაჭერით ისე დაბრმავდა, რომ არასაკმარისად მიიჩნია პრეზიდენტის ფაშისტად სახელდება და ის პინოჩეტის მიერ დამხობილ სოციალისტ პრეზიდენტს, სალვადორ ალიენდეს შეადარა. საკუთარი თავი კი ძლევამოსილ დემოკრატიულ ოპოზიციად მიიჩნია. რა ხორხოცი და ქილიკი იდგა თბილისში 1992-2002 წლებში. უმეცარი კაცები ქვეყნის მეგზურობას იჩემებდნენ. ქართველ დემოკრატთა შორის არავინ საუბრობს იმაზე, რომ პინოჩეტის თემა ისე განიხილება დღევანდელ მსოფლიო მედიაში, თითქოს მან დამოუკიდებლად მოახდინა გადატრიალება. არავის სურს გამარჯვებულ ამერიკელთა როლზე ილაპარაკოს ჩილეს გადატრიალებაში. დამარცხებული ბოლშევიზმის მხილებას კი ერთურთს არ აცლიან. ჩილეს მოვლენები იყო გეოპოლიტიკური ანტაგონიზმის გამოვლინება, ისევე როგორც კუბის რევოლუცია და კარიბის კრიზისი. პინოჩეტის საქმე ჩილეშიც ისევე გაიწელება, როგორც ეს ევროპაში მოხდა. სადამდეც შესაძლებელი იყო, გაწელეს პროცესი და შემდეგ ბრალდებული პინოჩეტი თავის ქვეყანაში გაამგზავრეს.

შეუძლებელია გეოპოლიტიკა გასამართლდეს ნიურნბერგის მსგავს პროცესზე. გერმანული გეოპოლიტიკის უდიდესი ავტორიტეტი კარლ ჰაუსჰოფერი ნიურნბერგის ტრიბუნალმა დამნაშავედ ვერ ცნო. პოტსდამის კონფერენციამ დაგმო გეოპოლიტიკა, როგორც ომის გაჩაღების იდეოლოგია. მრავალი მეცნიერის ძალისხმევა დასჭირდა გეოპოლიტიკის ნაცისტური იდეოლოგიისაგან გამოცალკევებას. გეოპოლიტიკის რეაბილიტაცია დასავლეთსა და თვით გერმანიაში უსწრაფესად მოხდა. უკვე 50-იანი წლების დასაწყისში ევროპაშიც და ამერიკაშიც აღინიშნა ჰაუსჰოფერის დიდი ღვაწლის შესახებ. საბჭოთა იდეოლოგია კი გეოპოლიტიკას თავისი არსებობის ბოლო დღეებამდე უარყოფითად უცქერდა. ნიურნბერგის პროცესი მსოფლიო ისტორიაში ერთადერთი და უკანასკნელი ასეთი პროცესია.

ეთნოცენტრიზმი ხელს უშლის ქართულ პოლიტიკურ აზროვნებას, რომ მან მიიღოს მსოფლიო პოლიტიკა ისეთად, როგორიც ის არის. ვინ უნდა მოუწყოს ბოლშევიზმს აუტოდაფე, როცა აქ ამაზე ასე დაჟინებით ლაპარაკობენ? ვინმემ მახვილით დაშალა საბჭოთა იმპერია, როგორც მესამე რაიხი დაშალეს, თუ ვინმე მოსკოვში შევიდა ტანკებით?  დამარცხებულის გასამართლებას რომ ცდილობენ ღმერთზე მითითებით, საკითხავია,  ვინ დაამარცხა ის, რომ მისი გასამართლება შეძლებოდეს? თვით დასავლეთი თუ ლაპარაკობს ამდენს ბოლშევიზმის გასამართლებაზე, როცა აქ ამაზე ლაპარაკით წლები გაჰყავთ?

საბჭოთა იმპერიის ზნეობრივი უპირატესობა დასავლეთის წინაშე მოპოვებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპიდან არმიის გამოყვანით დასავლეთის მხრიდან რაიმე გარანტიების გარეშე. ე. ი. საბჭოთა იმპერიამ ნებაყოფლობით დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი სტატუს-კვო. ამერიკელები კი ისევ დარჩნენ დასავლეთ ევროპაში და NATO რუსეთის საზღვრებისაკენ მოიწევს. ზნეობრივი ქმედება ამერიკელთა მხრიდან იქნებოდა NATO-ს რეორგანიზაცია, ატლანტისტური ბლოკის გლობალური უსაფრთხოების სისტემად გარდაქმნა და მასში რუსეთის შესვლა. მსოფლიო პოლიტიკის უმკაცრესი რეალიები ქართული პოლიტიკური ნაცარქექიობით ვერ დაიფარება. რუსეთის აგენტობაში ბრალის დადება დიდად გავრცელებულია და ის ღიმილის მომგვრელია. არ გამოვლენილა არც ერთი აგენტი უცხო ქვეყნისა. მხოლოდ ის ითქმის, რომ საქართველოში რამდენიმე ქვეყნის აგენტურული ქსელი მოქმედებს. პოლიტიკური აზროვნების სიმახინჯემ და ისტერიულობამ დაამკვიდრა მსჯელობა, რომ მავანი ვიღაცის კაცია, რომ მავანს ვიღაცა მართავს. ეს ითქმის ძალზე ხშირად და ყოველთვის აღმომჩენის ტონით. ყოველივე ამაში არასრულფასოვნება გამოსჭვივის. ნებისმიერი იერარქიის უარყოფაა შესაძლებელი ამ პრიმიტიული ნეგატივიზმით. მაგალითად, ესა და ეს ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი რომის პაპის კაცია და პაპისაგან იმართება. აი, ამ დონეზეა ქართული პოლიტიკა და უაპელაციო შეფასებად გამოდის ნათქვამი „რუსეთის კაცი“, „ედუარდის კაცი“. „ზვიადის კაცი“ და სხვა მსგავსი. სადაც ვინმე ჭკუანაკლული და უმეცარი იყო საქართველოში, ყველა პოლიტიკას მიეძალა.

ლუსტრირების პროცედურამ უნდა გამოიწვიოს ხელისუფლების შეცვლა და მრავალ ადამიანს საერთოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. ლუსტრაცია ქართული კულტურის დიდ შერყევას გამოიწვევს, რადგან მრავალი ხელოვანი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე დამდაბლდება ქვეყნის თვალში და ერისკაცის სახელით საფლავში ჩასული მრავალი ადამიანი გაიკილება. ლუსტრაციის ისე წარმართვა, როგორც ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპის ექსსოციალისტურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საქართველოში შეუძლებელია. ქვეყნის სათავეში 1972 წელს მოსული ხელისუფლებაა, რომელმაც მმართველობა დაიწყო ვასილ მჟავანაძის წრის რეპრესიებით კორუფციასთან ბრძოლის სახელით და შექმნა ახალი კორუფციული ქსელი. ამ ქსელის ნაწილად იქცა გამსახურდიას წინააღმდეგ მებრძოლი ანტისაბჭოელი დისიდენტურა. ეს იყო ქართველი დისიდენტების დიდი რენეგატობა და თვითგაუქმება. ამის მიუხედავად სულ ისინი ჭკოსნობენ გაზეთებსა და ტელევიზიაში. შევარდნაძის კორუფციულ ქსელში ჩართული იყო ინტელიგენციაც, რომელსაც ეშინოდა, რომ გამსახურდიას მთავრობას მისი ლუსტრირება არ დაეწყო, რითაც ის ოპოზიციაში მყოფ ინტელიგენციას დაემუქრა. სამოქალაქო ომის დროს უშიშროების არქივის ნაწილი დაიწვა. ამ არქივშია არა მხოლოდ 20-30-იანი წლების საქართველოს, არამედ ქართველთა მოდგმის ნამდვილი სახე.

ლუსტრაცია შეუძლებელია იმის გამო, რომ მთავრობა მთლიანად პროტეჟეებით, სინეკურებითა და კრეატურებით არის შედგენილი. ამის გარდა, ეს არის ტრაიბალური (ტომური) მთავრობა, რადგან  მაღალი პოსტები შევარდნაძის ერთგულ გურულებს უკავიათ. სხვა ტომის წარმომადგენლებს შევარდნაძე ვერ ენდობა. ეს არის კომპრადორული ქართული ბურჟუაზია, რომელმაც დასავლეთის მიმართ სერვილისტური პოლიტიკის მეშვეობით შეძლო საკუთარი წარსულის დამალვა. მან საბჭოეთის დროინდელი კორუფციითა და ხაზინის ქურდობით მოპოვებული სიმდიდრე დღეს დააკანონა საბაზრო ეკონომიკის სახელით. აქაც ისევე მოხდა, როგორც აზია-აფრიკის ქვეყნებში ხდებოდა კოლონიალიზმის ეპოქაში. მთელი ეს ლაპარაკი ქართველთა განსაკუთრებულობასა და საქართველოს ღვთივრჩეულობაზე აღმოჩნდა ბლეფი. კომპრადორული ქართული ბურჟუაზია დღეისათვის აღარ საჭიროებს ინტელიგენციის მხარდაჭერას. მან ინტელიგენციისაგან მაქსიმალურად გამოწურა მისი ძველი ავტორიტეტი, რაც ესაჭიროებოდა პლუტოკრატიული მისწრაფების გამართლებას და შემდეგ ის უცერემონიოდ თავიდან მოიშორა. ინტელიგენციას კი ეგონა, რომ ქვეყნის ავანგარდში იდგა, მაგრამ ის დიდად მოტყუვდა. მის შესარცხვენად დარჩა ეს ამდენი თავმომწონე და ომახიანი ინტერვიუები.

თუ აზიისა და აფრიკის ხალხები კოლონიალიზმის დროს ინარჩუნებდნენ წინააღმდეგობის უნარს და რეპრესიების მიუხედავად აგრძელებდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას, ქართველებს  მსგავს ვითარებაში არ აქვთ ძალა, რომ აღდგნენ და იბრძოლონ. ეროვნული მოძრაობა დამარცხდა და დისკრედიტაცია განიცადა თვით იდეამ ეროვნული მოძრაობისა. ინტელიგენციას თავისი ძველი ავტორიტეტიდან ძონძებიღა შერჩა და ლუსტრაცია მას ამ ძონძებსაც შემოაცლის. ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, მან თავისი წრიდან წინ ვერ წამოსწია უმწიკვლო წინამძღოლნი. ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდანვე ყველაფერი ძალადობისა და სიცრუის გზით წარიმართა. ცოდვა ცოდვას დაედო და დაირღვა სამოქალაქო კონსენსუსი – პირველი და ერთადერთი მონაპოვარი ეროვნული მოძრაობისა.

არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ ლუსტრირება შურისძიებას დაედოს საფუძვლად და მკვდრებიც აღარ დააყენონ საფლავში. არსებული პოლიტიკური მტრობის ვითარებაში ლუსტრირება შურისგების მიზნით შეიძლება გაყალბდეს და სალუსტრაციო სიები პროსკრიპციულ სიებად იქცეს. დამალული წარსული და დიდი კორუფცია ერთურთს არის შეზრდილი საქართველოში. მათ ერთიანობას კი მავანთა ხელისუფლებაში ყოფნა განამტკიცებს. კორუფცია ვერ აღმოფხვრილა, იმის მიუხედავად, რომ მას ებრძვის ხელისუფლების ყველა შტო, მას ებრძვის მთელი წყება NGO-ებისა და დემოკრატიის ინსტიტუტებისა. მასთან ბრძოლაში ხელისუფლებას ეხმარებიან „მეგობარი ქვეყნები“. ყველაფერი ეს არის ბლეფი, რომლითაც ატყუებენ ერთმანეთსა და საკუთარ თავს. ლუსტრირების დასაწყისი შეუძლებელია არ შეეხოს კორუფციულ ქსელს, რომელიც აიძულებს ადამიანს გაისვაროს, რათა მასზე არსებობდეს კომპრომატი და ამ გზით მოიპოვება კომპრადორული ბურჟუაზიის ერთიანობა.

უცხოეთში არსებობს სიძველის ცენზი.  მაგალითად, 50 წლის შემდეგ ქვეყნდება მანამდე დახურული დოკუმენტები და საარქივო მასალები. საქართველოს 20-იანი წლების ბოლშევიკური რეპრესიები უკვე  80 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ საარქივო მასალების გახსნისა ეშინიათ, რადგან თითქმის მემკვიდრეობით, ისევ იმათი შთამომავალნი არიან ქვეყნის სათავეში, ვინც ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობდა. ვარლამთა და აბელთა ოჯახები დღეს დემოკრატიას ასწავლინ, ეკლესიებს აგებენ.

ქვეყანა, რომელსაც ეშინია თავისი წარსულისა, სულ მალავს და ასხვაფერებს მას, თავისი მომავლისაც ეშინია. ამაოდ შეჰყურებს საქართველო დასავლეთს, ელოდება რა მისგან სიუხვეს. ჩვენი თაობა არის ის, ვინც ისტორიის ნემეზიდის შურისგებას უნდა შეეგებოს და ემზადოს არა მშვიდობისათვის, არამედ ომისათვის. მომავალი საზარელია და ჩვენი თაობა გახდება მოწმე ადამიანის დაცემის აპოთეოზისა. დიდი კათარზისი დიდ ტანჯვასა და ადამიანის ძალთა უკიდურეს დაძაბვაში უნდა იშვას. სხვა მომავალი არ არსებობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s