UNUS MUNDUS


                                                                                                               

ეკუმენისტური მოძრაობის საკითხისათვის

წერილი პირველი  

«Где вы, о древние народы?

                                                     Ваш  мир был храмом всех богов»

Федор Тютчев

*პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „მერიდიანი 44“  (2000 წელი, 6-13 დეკემბერი, N 128). წინამდებარე ონლაინ ვერსია შესწორებულია და მცირე დამატებებით ქვეყნდება.

სიძნელე, რომელიც წარმოიშობა ეკუმენიზმის იდეის განხილვისას, უკავშირდება მის მრავალწახნაგოვნებას. ეს იდეა სცდება რელიგიის ფარგლებს და უშუალოდ ეხება მსოფლიო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკის დიდ მიზნებს, კულტურათა ურთიერთგავლენის საკითხებს. ამ იდეის ყოვლისმომცველი მრავალსახოვნება განაპირობებს იმას, რომ მასზე მსჯელობა ესქატოლოგიურ ხასიათს იძენს. ეს დიდი იდეა უძველესია და დასაბამს იღებს პირველი ცივილიზაციებიდან.  საღვთო წერილზე მითითებით ამ იდეის გმობა ძალზე ბევრ რამეს ყურადღების მიღმა ტოვებს. არასაკმარისია ასევე მისი აპოლოგია დემოკრატიასა და პლურალიზმზე დაყრდნობით, რადგან ამგვარად იფარება ამ იდეის გამაყალბებელი ვითარებანი.

ადამიანის საცხოვრისი არასოდეს ყოფილა ასე მკაცრად რაციონალიზებული, როგორც დღეს. არასოდეს ყოფილა დიდი სივრცე ასე დაკნინებული. პლანეტარული სისტემა ისეთია, რომ მას ადამიანი ვერსად გაექცევა. თუ უწინ ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად, რელიგიური იდეის სახელით ადამიანი იყრებოდა და გარბოდა, როგორც ძველი მართლმადიდებლები რუსეთში, როგორც ბრიტანელი პურიტანები ამერიკაში, ემიჯნებოდა ეკლესიას და უარყოფდა მას, როგორც ალბიგოელები საფრანგეთში, დღეს გასაქცევი აღარსად არის. ყველგან ერთი და იგივე ნორმები და სისტემაა. ადამიანის ეთნიკური კუთვნილების ღირებულება დაკნინდა და უმნიშვნელო გახდა. მაქსიმალურად რაციონალიზებულ სივრცეში რელიგიის ტემპორალობა იცვლება.  უნიფიცირებულ მსოფლიოში იცვლება რელიგიის საზრისი, ადამიანის დანიშნულებისა და ადგილის გააზრება სამყაროში. ისევ ისე, როგორც ეს იყო ძველად, ადამიანის წინაშე გადაუწყვეტ პრობლემად დგას მიეგოს კეისრისა კეისარს და ღმრთისა ღმერთს. ჩვენს ინფერნალურ დროში ამა სოფლიდან გაქცევა უკვე შეუძლებელი ხდება. ადამიანი იძულებულია შემკითხველ დროს გაეპასუხოს. ის, რაც მას აიძულებს უპასუხოს დროის შეკითხვას, გამოდის ლიბერალ-დემოკრატიზმის, როგორც ისტორიის უკანასკნელი ინსტანციის სახით, მაგრამ ამ იძულებაში ვლინდება მსოფლიო გონის ეშმაკობა. სივრცის რაციონალიზება არაა პასუხი დროის შეკითხვაზე, არამედ ამ შეკითხვისაგან თავის არიდებაა. სივრცის რაციონალიზებისათვის ეკუმენიზმის იდეის გამოყენება იწვევს მის გაყალბებას. გაყალბებული იდეა ლიბერალ-დემოკრატიზმის  საბოლოო ჭეშმარიტების სახელით გამოსვლას ამართლებს. ამის გამო რელიგიური ფუნდამენტალისტები და ტრადიციონალისტები ეკუმენიზმის იდეის უარმყოფლებად გამოდიან. ამ უარყოფაში კი თვალსაწიერიდან იკარგება ის ვითარება, რომ ყველა მსოფლიო რელიგია ერთი მსოფლიოს შექმნისაკენ მიისწრაფის და ეს მისწრაფება თითოეული რელიგიის საკუთარი ტრადიციითაა  სანქცირებული. ამავე დროს თითოეული რელიგია სხვა რელიგიათა ასეთივე მისწრაფების გადაჭრით უარმყოფელია.  ესე იგი, ერთი მსოფლიოს იდეა ყოველთვის უარიყოფა, მაგრამ უარიყოფა ისევ ერთი მსოფლიოს იდეაზე მითითებით. ამ მიზეზით, შეჯახებამ იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის თავიდანვე იჩინა თავი. ძველი აღთქმისეული ბაბილონის გოდოლის ამბავი სულაც არაა ერთი მსოფლიოს იდეის უარყოფის საფუძველი, როგორც ამაზე მრავალი სამღვდელო თუ საერო პირი მიუთითებს. იუდეველთათვის ბაბილონის გოდოლი, როგორც ერთი მსოფლიოს სიმბოლო,  მიუღებელი იყო, რადგან ისინი გოდოლის ისეთივე მაშენებელნი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც სხვა ხალხები და არა რაღაცით აღმატებულნი გოიმებზე, როგორც ამას თორასა და თალმუდის ტრადიციაზე დაფუძნებული სიონიზმი ასწავლის. ესე იგი, იუდაისტური ტრადიცია უარყოფს ერთი მსოფლიოს იდეას და ამავე დროს მოელის ისეთ ისეთ მესიას, რომელიც ისრაელიანებს მსოფლიო მეუფებას უბოძებს და ყველა ხალხზე გააბატონებს. ამიტომ დაუპირისპირდა იესუ თავის ხალხს და ხალხმა ის მესიად არ სცნო. იესუ ქადაგებდა ისეთ მსოფლიო ერთიანობას, სადაც  არა არს ურიაება, არცა წარმართება და ყოველნი ერთნი არიან ქრისტეს მიერ. ახალი აღთქმა ძველი აღთქმისეული ბაბილონის გოდოლის უარმყოფელიცაა და გამგრძელებელიც. თუ ძველ აღთქმაში ცაბაოთ უფალმა გოდოლის მშენებლებს ენა აღურია, ახალ აღთქმაში მოციქულთა საქმე იუწყება, რომ სულიწმინდის მადლით მოციქულებმა იწყეს ქადაგება „სიტყვად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყვად“.  ეს იმპერიული გლოსოლალიაა. ქადაგება სხვადასხვა ენებზე ერთი ქრისტიანული მსოფლიოს შექმნას ისახავდა მიზნად. შეცდომაა, როცა ქრისტიანი ერთი მსოფლიოს იდეას უარყოფს ბაბილონის გოდოლის ამბავზე მითითებით. ერთი მსოფლიოს ამბავი რომ მუდამ აღელვებდა კაცთა გულებს, ამაზე მეტყველებს ის, რომ გოდოლის შენების ამბავი თორას დასაწყისშივეა ნაუწყები. ადამიანი უკვე დაწყევლილია უფლისაგან, კაენი შერისხული და დევნილია. წარღვნის შემდეგ ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველებდა. ბაბილონის გოდოლის შენების შეწყვეტა ენათა აღრევის გამო არის იუდაისტური, მაგრამ არა ქრისტიანული მესიანიზმის დასაწყისი. გოდოლის, როგორც ერთი მსოფლიოს ამბავი, ქრისტიანულ მესიანიზმს იუდაისტურ მესიანიზმთან ვერ აახლოებს. ქრისტიანული მესიანიზმი, ისევე როგორც ნებისმიერი მსოფლიო რელიგიის მესიანიზმი ერთ მსოფლიოს გულისხმობს და სხვაგვარად შეუძლებელია. მესიანიზმი და ერთი მსოფლიო (unus mundus) არის ერთი იდეის სხვადასხვა სიტყვებით გამოხატვა. მესია, როგორც უფალი, ზეცით წარმოგზავნილი მსოფლიო კაცია და ამ მსოფლიურობაში ვლინდება ის, რომ უფალი ცათა მპყრობელი, სამყაროთა მეუფე და ყოვლისმომცველია.  ისიც სათქმელია, რომ ძველ აღთქმაში ცაბაოთ ღმერთი, როგორც ჭეშმარიტი რჯულის უფალი მუდამ სხვა, მეკერპე ხალხთა დამსჯელია. უფლის წინასწარმეტყველთა სიტყვის ძალასა და უფლის ხელის მსახვრალობაში მრავალგზის დარწმუნებულან წარმართი მეფენი და მათი ქვეშევრდომნი, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი არ შესდგომიან იუდაისტურ მონოთეიზმს. ძველ აღთქმაში ვერსად ვნახავთ ამბავს, რომ უფლის ძალის მხილველი წარმართი და მეკერპე იუდაიზმს შესდგომოდა, განსხვავებით ახალი აღთქმისაგან, სადაც ნაუწყებია, რომ მრავალმა იწამა იესუს სწავლა, რა იხილა სასწაულნი და ისმინა სიტყვა მაცხოვრისა. იუდაისტური მესიანიზმი ჭეშმარიტად საკვირველი მოვლენაა ადამიანის ისტორიაში. ეს საკვირველი მოვლენა ქრისტიანულ მესიანიზმს დაედო საფუძვლად და ის  სასტიკად უარჰყო.  ცაბაოთ უფლის ძალის მხილველი წარმართნი კი სცნობენ იუდეველთა და ისრაელიანთა ღმერთის სიდიადეს, მაგრამ იუდაიზმზე არ მოექცევიან. მხოლოდ იუდეველი და ისრაელიანი შეიძლება იყოს იუდაისტი და არა სხვა რომელიმე ხალხი. ცაბაოთ უფალიც მხოლოდ იაკობის სახლის ღმერთია. ამან შვა უდიდესი ტრაგედია, როცა მაცხოვარი ისრაელმა მესიად არ სცნო, გვემა და ჯვარს აცვა. იუდაისტური ტრადიცია თვით მესიის წინააღმდეგ აღსდგა და უარჰყო ის, როგორც ერთი მსოფლიოს მქადაგებელი, სადაც ურიაება სხვათა თანასწორი იქნებოდა ქრისტეში.

იუდაისტური ტრადიცია ძველი აღთქმის მიხედვით, ცრუდ მიიჩნევს მეკერპე ხალხთა სწავლებას, მაგრამ წერილ არს, რომ მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა. ისრაელის დამპყრობმა ნაბუქოდონოსორ მეფემ დანიელი, ხანანია, მისაელი და ყაზარია წაიყვანა ქალდეველთა სწავლის მისაღებად და სახელმწიფო სამსახურში ჰყავდა. სწყალობდა მათ ნაბუქოდონოსორი, ისევე როგორც ფარაონი სწყალობდა იოსებსა და მოსეს. მიუხედავად უდიდესი შეურიგებლობისა წარმართ ხალხთა მიმართ, ებრაულ წერილებში აღნიშნულია, რომ ომებისა და მტრობის გარდა ხალხთაშორის ურთიერთობაში სიქველენიც იყო. იოსები ფარაონმა ეგვიპტის განმგებლად დანიშნა. რელიგიურ სხვაობას ამისთვის ხელი არ შეუშლია. არა ამ და სხვა ასეთი ფაქტების მოყვანა არის აქ არსებითი, არამედ ის, რომ ცრუ ღმერთების მიმდევარ ეგვიპტელებსა და ქალდეველებს გააჩნიათ სიბრძნე, სწავლება. გარდა ამისა, ცაბაოთ ღმერთი სწყალობს იმ წარმართებს, რომელნიც ისრაელიანთა მიმართ მოწყალენი იყვნენ. როცა ცაბაოთ უფალი თავის მრისხანებას უჩვენებს მეკერპეებს და მათი ღმერთების უძლურებას წარმოაჩენს, როგორც ეს წერილ არს, იგი მათ  არასოდეს არ მოუწოდებს არც თვითონ და არც წინასწარმეტყველთა პირით, რომ მოექცნენ ჭეშმარიტ რჯულზე და თაყვანი სცენ მხოლოდ მას, როგორც ჭეშმარიტ უფალს. ახალ აღთქმაში კი მესია ყველას მოუწოდებს იწამონ მისი, გაჰყვნენ მას და ამასვე ასწავლიან მოციქულნი. თავისი ჭეშმარიტი ღმერთობის დასადასტურებლად იუსუ მრავალ სასწაულს იქმს და სასწაულთა ქმნის ნიჭნი მოციქულთაც ებოძათ. სასწაულს წარმართის დარწმუნება და მისი ქრისტეს რჯულზე მოქცევა აქვს მიზნად. ძველ აღთქმაში კი სასწაულის მადლი მხოლოდ ისრაელიანთათვის არის. უცხოთათვის კი თორას ღმერთი წყმედისა და სასჯელთა გარდა არას იმეტებს. ის თავის ჭეშმარიტებას სხვა ხალხებს წარმოუჩენს, მაგრამ მხოლოდ თავის ხალხს -იაკობის სახლს არისხებს და ამხელს, რომ მას განუდგნენ და ბაალებს სცემენ თაყვანს. ეს არის ღმერთი ერთი ხალხისათვის, რომელმაც მას მესია უნდა მოუვლინოს, რომელიც თავის ხალხს მსოფლიო მეუფებას მისცემს. ქრისტიანთა ღმერთი კი არა ერთი, არამედ ყველა ხალხისათვისაა. მეორედ მოსვლისას იგი ყველას განიკითხავს და არა ერთ ხალხს.

მესიანიზმისა და ერთი მსოფლიოს იდეის განხილვისას შეუძლებელია გვერდი აუაროთ  რელიგიური სიწმინდის მახვილით დაცვის საკითხს. ომი სიწმინდის დაცვისათვის გამართლებულია როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. მესიანიზმი წინ წამოსწევს ომის საკრალიზაციის საკითხს და ამ ომში მონაწილე ადამიანის მიზანს. მხოლოდ მესიას შეუძლია თქვას: „რომელი არა არს ჩემთანა, მტერი ჩემი არს“. საღვთო ომი მესიანიზმის ცენტრული იდეაა. სხვა საკითხია ის, რომ ეს ომი ღმერთის სახელით გამართლებულ ძალადობად იქცევა. ადამიანი დღეს აღარაა ისეთი, რომ შეძლოს საღვთო ომის იდეისათვის ბრძოლა, რადგან რელიგია მისთვის სამომხმარებლო კომფორტის  შემადგენელი ნაწილია. ადამიანის გულში უნდა მიმდინარეობდეს ომი. ქრისტიანობა გვემა, ტანჯვა და ჯვარცმის შესაძლებლობაა და არა  „საღად მოაზროვნე“ ლიბერალი ადამიანის მენტორობა. მესიანიზმი არ სცნობს ზნეობრივ კომპრომისს. წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ასწავლის: „უმჯობესია ომი, ვიდრე მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს“.  როგორ უნდა იყოს, რომ ომში ადამიანი მიწყივ მიეახლებოდეს ღმერთს, მყისვე ამჩნევდეს ომის ძალადობად ქცევას და იდეის გაყალბებას ? მესიანიზმი მთელ მსოფლიოს მოიცავს, მაგრამ ადამიანი მუდამ იმ ცდუნების წინაშე დგას, რომ ერთი მსოფლიოს შექმნა არა ღმრთის, არამედ კეისრის ძალაუფლებით წარმართოს.

ქრისტიანობის წიაღში ნაშობი დასავლური ცივილიზაცია თანდათან მსოფლიო ბოროტების სახეს იძენს. ქრისტიანობა დასავლური პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია და ამის გამო ის დასავლეთის ხელში გამოდის როგორც ბოროტება. ქრისტიანობის წიაღში განვითარდა ტექნიკა და მეცნიერული აზრი. არცერთ სხვა რელიგიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. ტექნიკის მონაპოვართა საშუალებით კი დასავლეთი სამყაროს დაპყრობასა და მის გარდაქმნას ცდილობს. ჩვენი ეპოქის თავისებურება ისაა, რომ სამყარო დაფარულის გარეშეა, რომელიც უწინ ასულდგმულებდა მითოსს. დაფარულს მოკლებულობა მოყირჭებას ბადებს. ტექნიკა ცდილობს იდუმალი ცხადად აქციოს და უკვე აზროვნებაზე მიაქვს იერიში, რადგან მასში იდუმალის თავშესაფარს ხედავს. ადამიანი კი კვლავ ცდუნდება სამყაროთი, რომ ის მან დაიპყროს და ცხადად აქციოს ის, რაც ჯერ კიდევ დაფარულად არსებობს.   უმდაბლესი ადამიანი არის დღეს ის, ვისაც მიეგო კეისრისაც და ღმრთისაც. სულის სიმაღლე არა აქვს მას, ვინც მსოფლიო ბატონობას ილამის. დასავლეთის თაოსნობით წარმართული ეკუმენისტური მოძრაობა მისი ჰეგემონიზმის განმტკიცებას უფრო ემსახურება, ვიდრე დიდ რელიგიურ მიზანს. ამის მიუხედავად, საჭიროა არსებობდეს რაღაც გამაერთიანებელი მსოფლიოში, საჭიროა არსებობდეს რელიგიათაშორისი დიალოგის რაღაც ფორმა და საერთორელიგიური კრიზისიდან თავის დაღწევის ხერხი. ეკუმენიზმის იდეა არის გამოსავლის ძიება იმისათვის, რომ ეკლესიამ, ქრისტიანობამ და საერთოდ რელიგიამ აღიდგინოს დაკარგული პოზიციები, გახდეს ადამიანის ყოფნობის წესის განმსაზღვრელი.

ქართველი ფუნდამენტალისტებისათვის  ეკუმენიზმი სხვა არა არის რა, თუ არა სატანის სწავლება და ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი. ევროპელი რელიგიური ტრადიციონალისტები ასევე უარყოფენ ეკუმენისტური ზეეკლესიური ერთობის შექმნის მცდელობას. ეს ერთობა, ეკუმენისტთა აზრით, უნდა მოიცავდეს აღმოსავლურ რელიგიებსაც.  რელიგიათა ამგვარი დაახლოება მსოფლიოში ომების აღმოფხვრისა და მარადიული მშვიდობის დამკვიდრების პირობად  უნდა იქცეს. აქ წარმოიშობა ასეთი სიძნელე, რომელიც ეხება როგორც ეკუმენიზმის იდეის უარმყოფელ რელიგიურ ტრადიციონალისტებს, ასევე ეკუმენისტებს. ოთხივე მსოფლიო რელიგიას – ინდუიზმს, ბუდიზმს, ქრისტიანობასა და ისლამს აქვს საკუთარი ტრადიცია. ეს ტრადიციები ერთურთს უარყოფენ და იბრძვიან ურთიერთშორის. მაგრამ თვით რელიგიურ ტრადიციონალისტთა სწავლებაში არის აზრი, რომ ყველა რელიგიის წყარო ჭეშმარიტებაა, რომელიც ერთია. ეზოთერულ სწავლებათა მიხედვით, საკრალური ტრადიცია უწინ ერთიანი იყო. შემდეგ მოხდა მისი დანაწევრება და დაკარგვა. ესე იგი, რელიგიის დასაბამი იყო ერთიანი, მსოფლიოს გამაერთიანებელი საკრალური ცოდნა, რომელიც ჟამთა სვლაში დაიკარგა და ფრაგმენტული სახით შემორჩა ამა თუ იმ რელიგიის სხვადასხვა განხრებსა და მიმდინარეობებში.  ეს ერთიანი საკრალური ცოდნა გულისხმობს იმას, რომ არსებობდა ჟამთასვლის მხცით მოსილი უძველესი ტრადიცია, რომელიც ინტერრელიგიური და სუპრაეკლესიური იყო.  ეს ნიშნავს, რომ ერთი მსოფლიოს იდეა ტრადიციონალისტთა სწავლებაშიც არის, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ, რომ უარყჰყონ ეკუმენისტური იდეა.  თუ ამ იდეის ტრადიციის სახელით უარყოფა ხდება, მაშინ ინდუიზმზე უხნესი ტრადიცია არცერთ სხვა რელიგიას არ გააჩნია და ამიტომ მათი ტრადიციები უნდა უარიყოს, მაგრამ ასე არ ხდება. გარდა ამისა, ინდუისტური სამყარო არის ერთი მსოფლიო, სადაც ერთურთის გვერდით მრავალი მიმდინარეობა არსებობს. ინდუიზმის წიაღში ნაშობი ბუდიზმი ინდოეთის გარეთ გავრცელდა. თვით ინდოეთში კი ბუდიზმი ისევ ინდუიზმმა შთანთქა და ის თავისი ტრადიციის ერთ-ერთ განხრად მიიჩნია.

ეკუმენისტებისათვის ტრადიციის გააზრების სიძნელე იმაშია, რომ მათ არ შეუძლიათ ტრადიციის იმ ჰაბიტუსის აღმოფხვრა, რაც მას სხვა რელიგიების ტრადიციებს უპირისპირებს, როგორც არაჭეშმარიტ სწავლებებს. ეს ნიშნავს, რომ რელიგიათა მესიანიზმი ვერ ჰგუობს სხვა მესიანიზმის გვერდით მშვიდობიან თანაარსებობას. ეს ვითარება კი ოდნავაც ვერ ამცრობს ეკუმენისტური ერთიანობის იდეას. ამ სიძნელის დასაძლევად ეკუმენისტურმა მოძრაობამ შეიმუშავა განშტოებათა თეორია (branch – theory), რომელიც ქრისტიანულ მიმდინარეობათა გაერთიანებას ისახავს მიზნად. მის მიხედვით, მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობანი არიან ერთიანი ეკლესიის განშტოებანი.

კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ეკუმენისტური მოძრაობის აქტიური მონაწილენი არიან. ამ მოძრაობაში თანდათან ერთვებიან აღმოსავლეთ ევროპის  მართლმადიდებლური ეკლესიები. ცხადია, იქაც არიან ეკუმენიზმის უარმყოფელნი, როგორც ეს ხდება ქართულ და რუსულ მართლმადიდებლობაში.  ეკუმენისტური განშტოებათა თეორია მიზნად ისახავს შეარიგოს კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი და კათოლიციზმი.  ეკუმენისტების თანახმად, ერთიანი ქრისტიანული ეკლესია მომავალში შეიქმნება, რაც მოხდება ყველა ეკლესიის გაერთიანების გზით. ამგვარ განაზრებაში აღარ არსებობს ერესისა და ეკლესიისაგან განდგომის ცნებები. ეკუმენისტური მოძრაობის მოწინააღმდეგეებს დაუშვებლად მიაჩნიათ ერესების ეკლესიის სტატუსით აღჭურვა და მათი გათანასწორება დანარჩენ ეკლესიებთან. ფუნდამენტალისტთა აზრით ეკლესიაში არანაირი განშტოებანი არ წარმოქმნილა. იყო მხოლოდ მისგან განდგომა და ერეტიკულ სწავლებას შედგომა. არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია და ჭეშმარიტი ქრისტიანობა – მართლმადიდებლობა. ფუნდამენტალისტთა თანახმად, ეკლესიათა გაერთიანების ეკუმენისტური იდეა უარყოფს მართლმადიდებლურ დოგმატს ეკლესიის ერთიანობაზე, უარყოფს წმინდა მსოფლიო კრებათა დადგენილებებს. მათივე თქმით, ეკუმენიზმი ჭეშმარიტი ეკლესიის მღვდლობასა და საიდუმლოებებს არ განასხვავებს ერეტიკული მღვდლობისა და საიდუმლოებებისაგან. ეკლესიათა ეკუმენისტური კრება კი სცნობს ერთმანეთის სამღვდელოებასა და ღვთისმსახურებას.

                 თუ მართლმადიდებლურ ეკლესიას  თავისი თავი მიაჩნია ერთიან და ერთადერთ ეკლესიად, ეკუმენისტურ მოძრაობას ერთიან ეკლესიად მიაჩნია ყველა ქრისტიანული ეკლესიის გაერთიანება. ეკუმენისტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ქრისტიანულ  მიმდინარეობებს შორის პოლილოგის გამართვა. ფუნდამენტალისტთა მიხედვით კი ქრისტიანობის გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განდგომილი ერეტიკოსები – კათოლიკეები, პროტესტანტები და სხვები მოინანიებენ და დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ ეკლესიას და მართლმადიდებლურ რჯულს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s