UNUS MUNDUS


ეკუმენისტური მოძრაობის საკითხისათვის

წერილი მეორე 

*პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „მერიდიანი 44“ (2000 წელი, 13-20 დეკემბერი, N 129). გაზეთში გამუქებული ადგილები რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და მცირე დამატებებით.

მსოფლიო განვითარების დღევანდელი დონე ადამიანს მთელი ოიკუმენის გაერთიანების წინაშე აყენებს. , მაგრამ ამ დროს გაერთიანების გეოპოლიტიკური ასპექტები წამოიწევს წინ და ფარავს გაერთიანების რელიგიურ შინაარსს. გეოპოლიტიკური ასპექტები კი ისაა, თუ რომელი სახელმწიფოს დომინაციით მოხდება გაერთიანება და რას მოიმოქმედებენ ამ დროს მისი მოწინააღმდეგე დიდი სახელმწიფოები. დასავლური Weltpolitik  წარმართავს დღეს ერთი მსოფლიოს შენებას. ახალ მსოფლიო წესრიგად წოდებული ატლანტიზმის დოქტრინა ყოველგვარი მრავალვარიანტულობის გამომრიცხველია. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე კონტინენტალიზმი არასოდეს ყოფილა ასე დამცრობილი, როგორც დღეს. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დასავლეთი პლანეტის ჰეგემონად ჩამოყალიბდა. მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა, რაც სულაც არ ადასტურებს ლიბერალ-დემოკრატიის ჭეშმარიტებასა და ერთადერთობას. მსოფლიო გონი რაღაც დიდი კატაკლიზმისაკენ წარმართავს  მსოფლიოს დაპყრობით გატაცებულ დასავლელ ადამიანს. რამდენად შეძლებს დასავლეთი ბიზანტიური მემკვიდრეობის სრული ანიჰილირების შემთხვევაში შეინარჩუნოს ევროპეიზმის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა ? ატლანტისტური გლობალიზაცია ერთი მსოფლიოს (one world) შექმნას ისახავს მიზნად. ატლანტიზმი მხარს უჭერს ეკუმენისტურ მოძრაობას, შესაბამისად, საძიებელია ის, თუ რა მიმართებაში იმყოფება ეკუმენისტური ერთი მსოფლიოს იდეა მონდიალიზმთან (როგორც მის მემარჯვენე, ასევე მემარცხენე მხარეებთან). თუ ის მასთან სრულ შესაბამისობაშია, მაშინ ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქრისტიანობა დასავლური Weltpolitik-ის ინსტრუმენტია, გვარწმუნებს ეკუმენისტთა არაკეთილსინდისიერებაში. დღეისთვის დასავლური ქრისტიანული ეკლესიები ვერ ახდენენ გავლენას დასავლურ პოლიტიკაზე. თუ ეკუმენისტური მოძრაობა არ აკრიტიკებს დასავლურ პოლიტიკას, რომელსაც ევროპეიზმის ინვოლუციისაკენ მივყავართ და უზარმაზარ რეგიონებს გაველურებისა და ბარბარიზაციისათვის სწირავს, მაშინ ეს მოძრაობა პლანეტარული ბოროტების სათავეში აღმოჩნდება. აქ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 80-იანი წლების ნეოლიბერალებმა გაიმარჯვეს 60-იანი წლების მოჯანყე ახალგაზრდობაზე დასავლეთში. 60-70-იანი წლების მიჯნაზე დასავლეთში წარმოიშვა ინდური ფილოსოფიით, ძენ-ბუდიზმით, დაოსიზმით დაინტერესებული ჯგუფების მოძრაობა. ყველა ეს ჯგუფები დასავლური სისტემის მიმართ დისიდენტურად იყვნენ განწყობილნი, მაგრამ მათი კრიტიკა უფრო იმ ღირებულებებზე იყო მიმართული, რომელთა მიხედვითაც დასავლური სამომხმარებლო საზოგადოება ცხოვრობდა. ეს კრიტიკა დასავლურ აზროვნებას უარჰყოფდა ისე, რომ ნაკლებად ეხებოდა პოლიტიკურ წყობას. საბჭოთა დისიდენტურა  60-70-იანი წლების დასავლელი ალტერნატივისტებისა და ორიენტალისტებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი კრიტიკა ეხებოდა საბჭოთა იმპერიის პოლიტიკურ წყობას და დასავლური სისტემის, მისი სამომხმარებლო საზოგადოების აპოლოგეტად გამოდიოდა. საბჭოთა დისიდენტურას მთელი ყურადღება სოციალისტური წყობისა და მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიის უარყოფაზე ჰქონდა მიმართული და მხოლოდ ეს მიზანი განაპირობებდა რელიგიით მის დაინტერესებას. საბჭოთა იდეოლოგიის უარყოფა ქრისტეს სახელით ძალზე იოლდებოდა.  დრომ წარმოაჩინა, რომ საბჭოთა დისიდენტების უდიდესი ნაწილი არარელიგიური იყო. დისიდენტებმა ვერ მოახდინეს გავლენა პოსტსაბჭოთა პოლიტიკაზე, რომელიც მთლიანად დასავლეთის დიქტატის ქვეშ მოექცა და ამ პოლიტიკამ დისიდენტები უკანა პლანზე დასწია. პოსტსაბჭოთა საზოგადოებაშიც გაიმარჯვა ღირებულებათა იმ სისტემამ, რომელსაც საბჭოთა დისიდენტები ღმერთისა და დასავლეთის სახელით უარყოფდნენ. პოლიტიკა არ გამხდარა ზნეობრივი, როგორც ამას საბჭოთა დისიდენტები მოუწოდებდნენ. პოლიტიკა აქაც და დასავლეთშიც ბინძური დარჩა. საბჭოთა იმპერიის დაშლა არ მეტყველებს დისიდენტების სიმართლის გამარჯვებაზე. ეკლესიის დიდი ხელშეწყობით პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში გაიმარჯვა სწორედ იმ ღირებულებებმა, რომელთაც უარყოფდნენ 60-70-იანი წლების  დასავლელი დისიდენტები და ეს მიიჩნევა ზნეობისა და თავისუფლების გამარჯვებად პოსტსაბჭოთა ადამიანის მიერ.

თვით დასავლეთში  80-იანი წლების ნეოლიბერალებმა გაიმარჯვეს 60-70-იანი წლების ორიენტალისტ დისიდენტებზე.  ორიენტალისტი დისიდენტებისგან მომდინარე  კრიტიკა დასავლურ საზოგადოებაში მიჩნეულ იქნა როგორც აღმოსავლეთის ძირგამომთხრელი საქმიანობა და იდეოლოგიური დივერსია დასავლური ცივილიზაციის დასამხობად. ამ საბაბით დაიწყო დისიდენტების რეპრესირება. მოხდა დასავლური საზოგადოების რეიდეოლოგიზაცია ნეოლიბერალიზმისა და ნეოკონსერვატიზმის იდეების საფუძველზე. ამ იდეოლოგიამ გაამართლა სამომხმარებლო საზოგადოება და საბაზრო ურთიერთობები. ე.ი. იდეურ გამოწვევას, დაფუძნებულს აღმოსავლურ რელიგიებზე, დასავლეთმა ვერაფერი დაუპირისპირა გარდა საბაზრო ეკონომიკისა და სამომხმარებლო საზოგადოებისა.  არა ქრისტიანობის დიდი  იდეები, არამედ სწორედ ბაზარი და მომხმარებელი ადამიანი აღმოჩნდა  დასავლეთის კონტრარგუმენტი. დასავლური საზოგადოების რეიდეოლოგიზაცია არის ის მოვლენა, რომელიც ერთი ათწლეულით  წინ უსწრებს პოსტსაბჭოთა საზოგადოების ასეთსავე რეიდეოლოგიზაციას და მისი მოთავენი იყვნენ სწორედ ის საბჭოთა დისიდენტები, რომელნიც ქრისტესა და ადამიანის უფლებათა სახელით საზოგადოების გარდაქმნისაკენ მოუწოდებდნენ.  ის, რომ დასავლეთში გაიმარჯვა ისევ იმ ღირებულებათა სისტემამ, რომელსაც ორიენტალისტი დასავლელი დისიდენტები უარყოფდნენ  60-70-იან წლებში, არ ნიშნავს ამ ღირებულებათა ერთადერთობას და ჭეშმარიტებას. ისევე როგორც საბჭოთა სისტემის დაშლა და მარქსიზმის უარყოფა არ ნიშნავს საბჭოთა დისიდენტურის გამარჯვებას და დასავლური იდეების ჭეშმარიტებას.  დასავლეთშიც და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაშიც ისევ იმ ღირებულებათა რესტავრაცია ნიშნავს იმას, რომ დასავლეთს არა აქვს იდეა, რომლითაც დასავლელი მომხმარებლის დარწმუნება იქნებოდა შესაძლებელი იმაში, რომ არ შეიძლება ლიბერალიზმი თავის თავს საბოლოო ჭეშმარიტებად  მიიჩნევდეს, რომ არ შეიძლება ადამიანი მთელ ცხოვრებას სამომხმარებლო კომფორტის მოპოვებას ახმარდეს, რომ ორიენტალისტი დისიდენტების მიერ დასავლური ღირებულებების კრიტიკა სწორია და საფუძვლიანი, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები მათგანვე გაკრიტიკებული საზოგადოების ხარჯზე მცხოვრებნი და ამ საზოგადოების ყველა სიკეთით მოსარგებლენი იყვნენ.

საბჭოთა დისიდენტები კი აკრიტიკებდნენ თავისი საზოგადოების მანკიერებებს, მაგრამ ამ მანკიერებებს მარქსიზმს აბრალებდნენდა მიუთითებდნენ, რომ დასავლეთში სხვაგვარად იყო. ეს არ იყო სწორი მსჯელობა. მათ კრიტიკას დასავლელ დისიდენტთა კრიტიკა მრავალი წლთ წინ უსწრებდა და მე არ ვიცი არც ერთი ფაქტი, რომ საბჭოთა დისიდენტებისათვის დასავლელი ორიენტალისტი დისიდენტები ავტორიტეტულნი ყოფილიყვნენ. კრიტიკამ ისინი ვერ დააახლოვა, რადგან რასაც დასავლელი დისიდენტები უარყოფდნენ, იმას საბჭოთა დისიდენტები ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ.

დასავლეთში ჰიპი იაპიმ (yuppie – young urban professional – ახალგაზრდა ქალაქელი პროფესიონალი)  შეცვალა.  იგი არის მემკვიდრე მამათა კონსერვატიზმისა და მათ მსგავსად წარმატებასა და კომფორტზეა თავგადაკლული. იაპი ეს არის ნეოკონსერვატორი, სოციალ-დარვინისტი და ევროცენტრისტი. მან მოახდინა „ფულისა და სექსის“ იდეის იდეის რევალვაცია. ჰიპი რეპრესირებულ იქნა და მისეული კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რადგან ეს კრიტიკა ძალზე ხშირად ეპატაჟის სახეს იძენდა. იაპი დღეს ტიპური დასავლელი ადამიანია. ის ბურჯია დასავლურ ღირებულებათა სისტემისა, რომელსაც ორიენტალისტი დისიდენტები უარყოფდნენ. ჰიპის, ბიტნიკის და სხვათა კონტრკულტურა დღეისთვის კომერციალიზებულია და ხდება მისი როგორც ეგზოტიკური სამომხმარებლო საქონლის ტირაჟირება შოუ ბიზნესსა თუ კინემატოგრაფში. დასავლელი იაპის ზუსტი ასლია პოსტსაბჭოთა იაპი, რომელიც იდეალადაა დასახული მედიის მიერ და ხდება მისი კულტივირება. ეს ზეკონფორმისტი კოპწია დეგენერატი, დემოკრატიაზე მოლაპარაკე ახალგაზრდა თვალთმაქცი სწრაფად ექცევა საზოგადოებას თავზე. რელიგია არნახულ პროფანაციას განიცდის და მხოლოდ ასეა შესაძლებელი რელიგიური იდეა ლიბერალიზმისა და ბაზრის შემადგენელ ნაწილად, მის მუდმივ ვექილად იქცეს.

ასეთ დროს, როცა დასავლეთშიც და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაშიც გაიმარჯვა იმან, რასაც დასავლელი დისიდენტები უარყოფდნენ არა ქრისტიანობის იდეებზე, არამედ აღმოსავლურ რელიგიათა იდეებზე დაყრდნობით, დასავლეთში წინ წამოიწია ეკუმენისტური გაერთიანების იდეამ და ის ძალზე აქტუალური გახდა პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვისაც. ეკუმენისტური მოძრაობის გაშლა ემთხვევა 80-იან წლებში დასავლელ დისიდენტებთან იდეურ ბრძოლაში რესტავრირებული ნეოლიბერალიზმის ლიბერტარიზმად და სოციალ-დარვინიზმად ქცევას. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დასავლეთი იქცევა როგორც მეკობრე, როგორც საზოგადოების მაფიიზაციის დიდი ხელშემწყობი და აქედან ჩანს , რომ ის არაა დაინტერესებული განმანათლებლური ევროპეიზმის განვითარებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეკუმენისტები ლაპარაკობენ გაერთიანებაზე, მაგრამ უკრიტიკოდ ტოვებენ დასავლურ პოლიტიკას. ზერელიგიური გაერთიანების იდეა წინ კი არ უსწრებს დასავლური მონდიალიზმის იდეას და მასზე მაღლა კი არ დგას, არამედ ის უკან მისდევს მას და ამით ხდება პროფანაცია ქრისტიანული საკაცობრიო ერთობისა. ლიბერალიზმის ლიბერტარიზმად ქცევა ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი მზადაა ევროპეიზმის ინვოლუციისათვის, ოღონდაც ურყევად შეინარჩუნოს იმ ღირებულებათა სისტემა, რასაც უარყოფდნენ დასავლელი ორიენტალისტი დისიდენტები.

მსოფლიო გაერთიანება, როგორც ხალხთა ერთიანი საცხოვრისი, არ შეიძლება დაიყვანებოდეს ერთ რაღაცაზე და ეს ძველი დროის ადამიანებმა ახლანდელებზე უკეთ უწყოდნენ. იმპერიებში მონოთეიზმიცა და პოლითეიზმიც თანასწორნი იყვნენ და ერთნაირი სტატუსი გააჩნდათ. ასე წყდებოდა ერთისა და სიმრავლის მარადიული პრობლემა ძველ იმპერიებში.  რომის იმპერიაში ამ პრობლემის სხვაგვარმა გადაწყვეტამ გამოიწვია ელინისტი რომაელების შეჯახება ჯერ იუდაისტურ მონოთეიზმთან, შემდეგ ქრისტიანობასთან. წარმართი რომაელი თუ ბერძენი არ ეთანხმებოდა იმას, რომ ჯვარცმული კაცღმერთი მის მიმდევართა მიერ ერთადერთ ჭეშმარიტებად ცხადდებოდა და სხვა ღმერთები სიცრუედ მიიჩნეოდა. ელინისტური ტოლერანტიზმი ჯვარცმულ რაბის ერთ-ერთ ღმერთად მიიჩნევდა თავის პანთეონში და ის, რომ ქრისტიანები ამას არ ეთანხმებოდნენ, იწვევდა ამ უკანასკნელთა დევნასა და ჟლეტას. რომის იმპერია დაეცა და ქრისტიანობამ გაიმარჯვა, მაგრამ გამარჯვებულის წინაშე ისევ დადგა მსოფლიო გაერთიანების შექმნის პრობლემა. ამას დაემატა უამრავი ერესი, განდგომა და ქრისტიანული მოძღვრება დანაწევრდა მრავალ მიმდინარეობად. ეს ტენდენცია დანაწევრებისა ადრეული ქრისტიანობის დროიდან  მოსდევს ქრისტიანობას და არსებობს დღევანდელ დღემდე. კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები ძველი დროიდანვე ერესებს ებრძოდნენ და ერთურთსაც დღემდე ერესებად მიიჩნევენ. რომის იმპერია დაიშალა, მაგრამ მის ნანგრევებზე დაშთენილმა გაქრისტიანებულმა ბარბაროსებმა კვლავ საიმპერიო გაერთიანებისათვის დაიწყეს ბრძოლა. თითოეული დიდი რელიგია მოუწოდებს, რომ მსოფლიო გაერთიანება უნდა იყოს ისეთი, როგორადაც ამ რელიგიის ტრადიციასა და ავტორიტეტებს მიაჩნიათ. ყველა დიდი რელიგიის ტრადიცია იმპერიის შექმნისაკენ მოუწოდებს. ქრისტიანობამ რომაულ-ელინისტური საიმპერიო პოლითეიზმი ქრისტეზე მითითებით საიმპერიო მონოთეიზმით შეცვალა, მაგრამ ამ მონოთეიზმმა ვერ შეინარჩუნა მოძღვრების ერთიანობა და ეკლესია თავისი დაფუძნების დღიდანვე ერესებს ებრძოდა. ესე იგი, ერთისა და სიმრავლის პრობლემამ ერესების სახით იჩინა თავი და ეს პრობლემა ქრისტიანულმა მონოთეიზმმა, როგორც საიმპერიო ერთიანობის იდეურმა საფუძველმა, ვერ გადაჭრა. ამით კი მსოფლიო ქრისტიანული გაერთიანების იდეა სულაც არ უფასურდება. ამ გაერთიანებისათვის ბრძოლა იყო წინა ასწლეულის ევროპული პოლიტიკის მიზანი. მრავალი ევროპელი მოაზროვნისათვის მსოფლიო ქრისტიანული გაერთიანება დიდ იდეალად მიიჩნეოდა.

გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი (1646-1716) იდეალად სახავდა მსოფლიო ეკლესიას, სადაც გაერთიანებულნი იქნებოდნენ კათოლიკური, სხვადასხვა პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიები. ნოვალისის (1772-1801) იდეალი იყო ერთიანი საქრისტიანო და მასზე ეფუძნება ატლანტიკიდან ურალამდე ერთიანი ქრისტიანული ევროპის  შექმნის კონცეფცია. ტეიარ დე შარდენი (1881-1955) მსჯელობდა  ისეთ ზესიცოცხლეზე, რომელიც შორეულ მომავალში იარსებებდა და არ იქნებოდა რასობრივი და რელიგიური მტრობა.  ხალხთა სამომავლო დიდ გაერთიანებაზე წერდნენ რერიხები. ვლადიმირ სოლოვიოვი (1853-1900)  რუსეთის მისიას ხედავდა რელიგიურ უნივერსალიზმში და ლაპარაკობდა ეკლესიათა გაერთიანებაზე. წინა ასწლეულის დასაწყისი რუსეთის იმპერიაში იყო მასონურ ლოჟათა გავრცელებისა და ინტერკონფესიური  ქრისტიანობის პერიოდი. უკვე მაშინ ფიქრობდნენ მასონურ ლოჟათა გაერთიანებაზე.  იმპერატორი ალექსანდრ I               (1777-1825) მასონთა მსგავსად ეძებდა უნივერსულ, ჭეშმარიტ ქრისტიანობას. იგი თანაუგრძნობდა ინტერკონფესიურ მისტიციზმს.  იმპერატორი საღვთო კავშირის სულისჩამდგმელი იყო, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხთა გაერთიანება ქრისტიანული უნივერსალიზმის საფუძველზე. ის, რომ საღვთო კავშირი რეაქციულ ძალად იქცა, ოდნავაც ვერ ამცრობს მის იდეას. კათოლიკე ფილოსოფოსი ფრანც ბაადერი (1765-1841) ლაპარაკობდა რუსეთთან დაახლოებაზე და მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაკავშირებლად და შუამავლად განიხილავდა. ბაადერი ლაპარაკობს ქრისტიანული ევროპის დაცემაზე და გამოსავალს ეძებს რუსეთსა და მართლმადიდებლობაში.  XX საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი პროტესტანტი ღვთისმეტყველი დიტრიხ ბონჰეფერი  ეკუმენისტურ მოძრაობაში დიდ მონაწილეობას იღებდა.  ანტინაციზმის გამო ომის დამთავრებამდე მცირე ხნით ადრე ის ჩამოახრჩვეს ფლოსენბურგის კონცლაგერში. მის ნააზრევს მიძღვნილი აქვს მრავალი გამოკვლევა. შეიძლება ჩამოთვლა მსოფლიო ავტორიტეტის მქონე თანამედროვე კათოლიკე და პროტესტანტი ღვთისმეტყველებისა, რომელნიც ეკუმენისტურ მოძრაობაში არიან ჩაბმულნი. ორთოდოქს ღვთისმეტყველთაგან ეკუმენისტი იყო სერგი ბულგაკოვი (1871-1944). ამდენი ფაქტის აღნიშნვა იმისთვის მიმაჩნია საჭიროდ, რომ წარმოჩინდეს ქართულ საზოგადოებრივ  აზროვნებაში დამკვიდრებული აზრის უსაფუძვლობა, რომ ეკუმენიზმი სატანიზმია. რელიგიით გამართლებული ეთნოცენტრიზმი აქაც ავლენს თავს და უაპელაციო მსჯელობით გამოირჩევა. მონოთეიზმსა და ტრანსცენდენტური ღმერთის არსებობაზე აგებული პროვინციული ქართული კულტურისათვის  რელიგიური პლურალიზმი მიუღებელია. მისთვის გაუგებარია რელიგიათა თანაარსებობის ისეთი წესი, როგორც ინდოეთში, ჩინეთში ან იაპონიაშია. ჯერ კიდევ მინის დინასტიის იმპერატორმა ჩინეთში გამოსცა ედიქტი, რომლის ძალითაც ლაო-ძი, კუნ-ძი და ბუდა იმპერიის მფარველებად ცხადდებოდნენ. ინდოეთსა და ჩინეთში არ ყოფილა ისეთი რელიგიური ომები, როგორც იყო ევროპაში. მრავალ იაპონურ ოჯახში ბუდისტური, დაოისტური და სინტოისტური საკურთხევლები ერთად არის. კონფუციანური წესებით მცხოვრები იაპონელი ქორწინების რიტუალს, ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ წესებს სინტოიზმის ტრადიციების მიხედვით ასრულებს. გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ცერემონიალს კი ბუდისტური ტრადიციის მიხედვით. ეს არის ის ეკუმენიზმი, რომლის განხორციელებას ეკუმენისტური მოძრაობა საქრისტიანოში ცდილობს. აღსანიშნავია ისიც, რომ სუფიზმი და მისი მოძღვრების უნივერსული ბუნება არის ის, რასაც დღეს ეკუმენისტური იდეა ეწოდება. ეკუმენისტი იყო ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც თაყვანი სცა ეგვიპტურ ღმერთებს. ის იყო დიდი კოსმოპოლიტი და მან განახორციელა ერთი მსოფლიოს იდეა. რომაელები აზიურ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და ისინი თავის პანელინისტურ პანთეონში შეჰყავდათ, მაგრამ რომაელებს იმპერიის არსებობის უკანასკნელ დღეებამდე უჭირდათ იმპერიის მოქალაქედ არარომაელი მიეჩნიათ. მათთვის არარომაელი ბარბაროსობას ნიშნავდა და ასევე იყვნენ მანამდე ბერძნები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ პოლიტიკურმა და ეთნიკურმა შეურიგებლობამ არც ბერძნებს, არც რომაელებს არ შეუშალა ხელი სხვა ხალხების ღმერთები ეცნოთ.

პლურალიზმი, როგორც ლიბერალური საზოგადოების პრინციპი, გამორიცხავს ქრისტიანულ მონოთეიზმს, საეკლესიო მონოიდეურობას. საპირისპიროს მტკიცება, რაც დღემდე მიმდინარეობს, უმეცრობის ნიშანია. ეკუმენიზმი კი ცდილობს შეარიგოს  რელიგიური პლურალიზმი ქრისტიანობის მონისტურ ტრადიციას და ასე გადაწყვიტოს ერთისა და სიმრავლის პრობლემა. ეკუმენიზმი როგორც კულტურული მოვლენა არის ტრანსკულტურა, რომელიც რასობრივ და რელიგიურ განსხვავებულობაზე მაღლა დადგომას ცდილობს. ეკუმენისტური იდეა წარმოშობს კითხვას – რამდენად არის კაცობრიობა მზად გლობალური ინტერკონფესიური  ეთიკისა და ამ ეთიკის საფუძველზე შექმნილი ერთობისათვის ? როგორ უნდა მოხდეს რელიგიათა ტრადიციების დაახლოება, როცა ისინი ერთურთის უარმყოფელნი არიან ?   დასავლეთი ცდილობს ისეთი მონდიალისტური მსოფლიოს შექმნას, რომელშიც დემოკრატია ერთადერთ და ჭეშმარიტ წყობად იქნება გამოცხადებული, მაგრამ თუ ქრისტიანობა დღეს შეთანხმებულია ლიბერტარიზმთან და დემოკრატიასთან, შეუძლებელია, რომ აღმოსავლური რელიგიები მუდმივ ანტაგონიზმში არ იმყოფებოდნენ დასავლეთის ამ მისწრაფებასთან. თავის მხრივ, დასავლეთი ამ რელიგიათა და მათ კულტურათა მაქსიმალურ ვესტერნირებას ცდილობს. დასავლეთს არ შეუძლია შეჩერდეს საბჭოთა იმპერიის დაშლაზე. ის ამას არ კმარობს და მიისწრაფის პლანეტარული ჰეგემონიისაკენ. ამ მიზნის მისაღწევად ლიბერალიზმი ლიბერტარიზმად იქცა და მსოფლიო მევახშე ყველა ხალხის პრეტორად გამოსვლას ლამობს. ამ დროს მონდიალისტები შეეცდებიან თავისი მისწრაფებანი საკრალური სწავლების იდეაზე მითითებით გაამართლონ. ამ სწავლებას კი დღეს მასონობის რომელიღაც განხრის სახე აქვს. ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისათვის მასონობა სატანიზმია და ეს აძნელებს იმ ვითარების დანახვას, რომ მასონობის რაღაც  განხრა მოსწყდა იმ იდეებს, რომელნიც განმანათლებელთა (გოეთე, ფიხტე და ა.შ.) დროის მასონობას  დაედვნენ საფუძვლად ევროპაში. მასონობა, რახან ის მასონობაა, არ არის დაზღვეული პროფანაციისა და ცრუსიმბოლოებისაგან.

ეკუმენიზმის იდეის უარყოფა არ ნიშნავს, რომ უარმყოფელნი ზნეობრივად აღმატებულნი არიან მათზე, ვინც ინტერრელიგიური დაახლოებისათვის იღვწის და ეს უკანასკნელნი, იმის გამო, რომ გაერთიანებისათვის  იღვწიან, ვერ დაიცავენ ეკუმენიზმის იდეას მონდიალიზმის ჰეგემონისტური მისწრაფებისაგან. დღევანდელი მეტაისტორიული გაურკვევლობა ადამიანისაგან სააზროვნო ძალთა დიდ დაძაბვას მოითხოვს. ეს არის ინფერნალური დრო, რომელშიც ბოროტი დემიურგი, ალბიგოელთა მოძღვრების თანახმად, მსოფლიო მეფედ (Rex mundi) წოდებული, თავის ძალმოსილებას თანდათან სრულად ავლენს. ბოროტს მიაქვს სოფელი. პავლე მოციქული ასწავლის: „დღე იგი უფლისა, ვითარცა მპარავი ღამისა, ეგრეთ მოიწევის“. კაცი მოლოდინით უნდა ფხიზლობდეს და ბრძოლა მის გულში უნდა დაიწყოს. ვინაც არ მოელის, მისთვის ეს ბრძოლა არ იქნება. ანტიქრისტეს მიერ შექმნილ ერთ მსოფლიოს მეორედ მოსვლისას მესია დაშლის თუ მხოლოდ ანტიქრისტეს დაამხობს და ერთ მსოფლიოს შეინარჩუნებს ? შესაძლებელია თუ არა სატანის ღმერთთან დაბრუნებაზე ვიმსჯელოთ ? რა არის ეშმა, რომელიც ქრისტიანობამ უნივერსულ ბრალდებად აქცია ?

დანიილ ანდრეევი (1906-59) ახალი დროის ზოგადსაკაცობრიო ეკლესიას უწოდებს მსოფლიო ვარდს (Роза мира). იგი წინ უნდა აღუდგეს მომავლის მსოფლიო ტირანიას, საკაცობრიო ტირანულ გაერთიანებას. ანდრეევის არაერთი დებულება საკამათოა. მისი ვიზიონერიზმი უნიკუმია და სხვა ასეთი მხილველი არსადაა. მისი სწავლება ეკუმენისტურია, მთელი ოიკუმენის მომცველია. ანდრეევი ახლანდელი ეპოქის ადამიანშიც ხედავს იმას, რომ მას შეუძლია იბრძოლოს ზნეობისათვის, სულისათვის, სამყაროს ღვთის ნათლით შემოსვისათვის. ანდრეევი თავისი თხზულების „მსოფლიო ვარდის“ პირველ თავში ამბობს, რომ სახელმწიფოთა კონგლომერატი და ეკლესიათა წყება თანდათან განზავდებიან  საერთო, საკაცობრიო საძმოსა და ინტერრელიგიურ ეკლესიაში, სადაც ყველა ხალხისა და კონფესიათა საუკეთესო წარმომადგენლები იქნებიან მმართველები. აქვე ანდრეევი აღნიშნავს, რომ არა იეროკრატია, არა მონარქია, არა ოლიგარქია, არა რესპუბლიკა, არამედ რაღაც ახალი, ყოველივე არსებულისაგან თვისებრივად განსხვავებული უნდა იყოს ახალი წყობა, რომლის არსი არის შრომა კაცობრიობისა და ბუნების განსულიერებისათვის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s