Weltmacht oder Niedergang


                               

*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“  ორ ნაწილად  (29 მარტი – 4 აპრილი, 1996, N 13, 5 -11 აპრილი, 1996, N 14), შეცვლილი, რედაქციისეული ქართული სათაურით.  წინამდებარე ტექსტი შესწორებულია,  ქვეყნდება აღდგენილი შემოკლებებითა და თავდაპირველი სახელწოდებით .

სახელმწიფო აზროვნების არარსებობამ და არა დეფიციტმა, როგორც ეს ხშირად ითქმის, განაპირობა მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების სრული გაუგებრობა, რამაც გამოიწვია ქართული ნაციონალიზმის საბოლოო დამარცხება. მას პროტესტის გამოხატვის ყოველგვარი შესაძლებლობა წაერთვა. ნაციონალიზმის გამოვლინების ყოველგვარი გზა და საშუალება აღმოიფხვრა არა აკრძალვებით, არამედ პლურალისტური ნიველირებით. კოსმოპოლიტიზმი კვლავ დაეჯახა ნაციონალიზმს.

ცნობილი ისტორიოგრაფი არნოლდ ტოინბი (1889-1975) ამბობდა, რომ ნაციონალიზმი კაცობრიობის მტერია. ნაციონალიზმში იგი გულისხმობდა ინტეგრაციული პროცესებისადმი წინააღმდეგობას. დასავლეთში ყოველივე ის, რაც ევროპის გაერთიანებას ხელს უშლის, ჩამორჩენილობისა და კონსერვატიზმის გამოვლინებად არის მიჩნეული. დიდი ხალხის ნაციონალიზმი ყოველთვის კოსმოპოლიტურია, ამიტომ მას ვერ ვუწოდებთ ნაციონალიზმს ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. მაგალითად, ამერიკული ან გერმანული ნაციონალიზმი არის ზენაციური კოსმოპოლიტიზმი და უნივერსალიზმი, ხოლო მცირე ხალხის ნაციონალიზმი არის ეთნოცენტრიზმი და იგი დასამარცხებლად არის განწირული. ეს არის ეთნოცენტრიზმისა და პროვინციალიზმის შეჯახება უნივერსალიზმთან და კოსმოპოლიტიზმთან. ნაციონალიზმის ერთმნიშვნელოვანმა გაგებამ გამოიწვია ნაციონალიზმის, როგორც ეთნოცენტრიზმის, უარყოფა დიდი ხალხების მხრიდან, ხოლო ნაციონალიზმის, როგორც  კოსმოპოლიტური უნივერსალიზმის გამოვლენამ დასავლეთის მიერ, მცირე ხალხების მხრიდან ასევე უარყოფა გამოიწვია. მცირე ხალხებისათვის ნაციონალიზმი არის მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური ეგოცენტრიზმი და არაღიაობა მსოფლიოსადმი. ეს თვისებები კი დასავლური მედიის მიერ მიჩნეულია როგორც არადემოკრატიულობა და არაპლურალიზმი.  ე.ი. უნივერსული ნაციონალიზმი თავისი უნივერსული ხასიათის წყალობით კარგად ესადაგება ყველა სოციალ-პოლიტიკურ დოქტრინას. ეს კი დღეს ნიშნავს, რომ დემოკრატია და პლურალიზმი უნივერსული ნაციონალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის იდენტურია. მარტივად რომ ვთქვათ, რაც დემოკრატიაა, ის არის კოსმოპოლიტიზმი და რაც დემოკრატიული პლურალიზმია, ის არის უნივერსალიზმი. ცნებათა ურთიერთგადასვლა და გაიგივება ხდება. ამ გაიგივებამ მოგვცა ის, რომ ანტაგონიზმები, იქნებოდა ეს ეთნიკური შუღლი თუ კლასობრივი მტრობა, რომელიც უახლოეს წარსულში არსებითი მნიშვნელობის მატარებელი იყო, დღეს აღარაა ასეთი მნიშვნელობის მქონე. ასეთ ვითარებაში უბრალო სოციალური პროტესტიც კი უნაყოფო დავად და აზრსმოკლებულ ექსცესად იქცევა, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ადამიანის თავისუფლებისათვის ბრძოლა საბოლოო ჯამში სიცრუის აპოთეოზად იქცევა. ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საფუძველი გვაქვს დავასკვნათ, რომ ძალაუფლების ტიპი, რომელიც დღეისთვის დამკვიდრდა, უძლეველია. უძლეველია იმ აზრით, რომ არანაირ ოპოზიციას არ შეუძლია მისი უარყოფა, რადგან თვით ოპოზიცია ეყრდნობა ზუსტად იმავე პრინციპებს, რასაც ეყრდნობა არსებული ძალაუფლება. ე. ი. ყოველი ჯანყი განწირულია იქცეს ფარსად, ხოლო ამ ძალაუფლების პლურალიზმი არის მხოლოდ მრავალგვაროვნება ერთგვაროვნებაში.  ასეთ ვითარებაში კი ყოველი უარყოფა გადაიქცევა იმის მტკიცებად, რაც უარიყოფა. ძალაუფლების  ეს ტიპი გავრცელდა და დამკვიდრდა ორ ოკეანეს შორის არსებულ სივრცეში.

ჩვენი დროის გეოპოლიტიკური კონიუნქტურა არ სწყალობს მცირე ხალხების ნაციონალიზმს, მიიჩნევს რა მას ეთნოცენტრიზმად და ქსენოფობიად. ეს წარსულიდან მომდინარეობს და მხოლოდ ამ დროის მახასიათებელი არაა.

გერმანული ისტორიოგრაფიის ფუძემდებელი ლეოპოლდ ფონ რანკე (XIX ს.), მებრძოლი ნაციონალისტი და „გერმანული სულის“ კონცეფციის დამცველი, მიიჩნევდა, რომ მსოფლიო ისტორიის განვითარებაში მონაწილეობს არა ყველა ხალხი. შემოქმედებითი სულიერი ძალა, რანკეს თქმით, ყველა ხალხს ერთნაირად არ აქვს. დასავლური ცივილიზაცია, რანკეს თანახმად, გერმანელთა შექმნილია. ხალხთა შორის ურთიერთობის წესი ყოველთვის არის ომი, რომლის მიზანია სივრცის დაპყრობა და მსოფლიო ძალაუფლების მოპოვება. რანკეს მიხედვით, ზოგადკაცობრიული შეგნების განვითარებაში ომი უმთავრეს მნიშვნელობას იძენს. ბრძოლისუუნარონი იღუპებიან და ითქვიფებიან სხვა ხალხებში. ომის, მსოფლიო ძალაუფლებისა და საარსებო სივრცის (Lebensraum) საკითხები გერმანულ ისტორიოგრაფიაში რანკესა და მის მიმდევართა მიერ განსაკუთრებული საფუძვლიანობითაა შესწავლილი. ეს საკითხები ფილოსოფიაში დაამუშავეს ჰეგელმა, ნიცშემ, შპენგლერმა.

რანკეს ნაციონალიზმი არის უნივერსალიზმი და მსოფლიურობისაკენ სწრაფვა. ჰაინრიხ ფონ ტრაიჩკე, რანკეს მიმდევარი, გერმანიას მთელ დასავლეთს უპირისპირებდა.  იგი გერმანიის მსოფლიო ჰეგემონობას ქადაგებდა. ტრაიჩკემ შექმნა გერმანულ ისტორიოგრაფიაში ოტო ფონ ბისმარკის კულტი. ბისმარკი კი გერმანიის ჰეგემონიის აპოლოგეტი იყო. რანკეს ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ფრიდრიხ მაინეკე ამართლებს ძლიერის მიერ სუსტის დაპყრობას, აქტიურ საგარეო პოლიტიკას და ომს. რანკეს იდეები შემდგომ განვითარდა ამერიკულ გეოპოლიტიკაში  ალფრედ მეჰენთან, ჰენრი კისინჯერთან, ზბიგნევ ბჟეზინსკისთან.

ჰეგელი, რომლის გავლენასაც განიცდიდა რანკე, ომს ადამიანთა ერთობის ხრწნისაგან შემაკავებელ საშუალებად მიიჩნევს და „სამართლის ფილოსოფიის“  §  324-ში ამბობს, რომ ომი ხალხებს იცავს ლპობისაგან. ეს აზრი მას უფრო ადრეც, 1803  წელს ჰქონდა გამოთქმული. ჰეგელისა და რანკეს იდეები ნაცისტებმა თავის იდეოლოგიას დაუდეს საფუძვლად. მათ განავითარეს რანკეს იდეა Machtpolitik-ის შესახებ. რანკემ ისტორიოგრაფიაში შექმნა სახელმწიფოს კულტი, რომელიც ჯერ კიდევ ჰეგელთან გვხვდება. ჰეგელმა პრუსიის სახელმწიფო იდეალად მიიჩნია. სახელმწიფოსა და სამართლის გერმანული გაგება განსხვავდება მათი ფრანგული, ინგლისური და ამერიკული გაგებისაგან. გერმანულ თეორიაში ეს საკითხები მეტაფიზიკური მნიშვნელობისანი არიან. სახელმწიფოს კულტი ზერელე მიდგომით გვეჩვენება ეტატიზმისა და ტოტალიტარიზმის დაფუძნებად და გამართლებად, მაგრამ სახელმწიფო გერმანულ აზროვნებაში მოიაზრება როგორც მსოფლიო გონის გამოვლინება. ქართული აზროვნებისათვის ამგვარი განაზრებანი უცხო და ხშირად გაუგებარია, რადგან ქართველობა წარსულშიც და ახლაც სახელმწიფოს საკითხის მიმართ დანაშაულებრივი დაუდევრობით გამოირჩეოდა. უახლოეს წარსულში კი სახელმწიფოს მოვლენის დაყვანამ დემოკრატიაზე და სახელმწიფოს გაიგივებამ დემოკრატიასთან ანარქია და დაცემა მოიტანა.

მარქსთან სახელმწიფოს იდეა გამარტივებულია და ის მოწყვეტილია მსოფლიო გონს, მიუხედავად იმისა, რომ მარქსი ჰეგელიდან ამოდის.  ასევეა მარქსისეული სამართლის იდეაც. მარქსზე გავლენა მოახდინა სახელმწიფოს ფრანგულმა გაგებამ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს გაგება სოციალისტურია. მეორეც იმიტომ, რომ მუშათა და გლეხთა სახელმწიფო ყოველგვარ მეტაფიზიკას მოკლებული უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო მარქსთან გაიგება როგორც საწარმოთა და მწარმოებელ ძალთა ერთობლიობა, რომელსაც სოციალისტური მასები უნდა უზრუნველეყო პურით. სახელმწიფოს ამგვარი გაგების დემაგოგიური უარყოფა რელიგიაზე მითითებით ძალზე იოლია, რაც გააკეთეს კიდეც ლიბერალებმა.

დღეს ჩვენ ვდგავართ სახელმწიფოს რაობის სრული გაუგებრობის წინაშე. ამან მოიტანა ქვეყნის დაცემა. სახელმწიფოსა და მისი მარეგულირებელი როლის უარყოფამ გამოიწვია ის, რომ დემოკრატიის იდეა საქართველოში შენების ნაცვლად ნგრევისა და დაცემის წანამძღვრად იქცა. დემოკრატია საქართველოში გაიგება სახელმწიფოს იდეისაგან მოწყვეტით, როგორც დამოუკიდებელი და თვითკმარი ღირებულება. სახელმწიფოს იდეა კი უარიყო თავისუფლებისა და ტოტალიტარიზმის უარყოფის სახელით. მინდა ვთქვა, რომ გამოთქმა „ტოტალიტარიზმის სისტემა“ უკვე უღვთოდ გაცვდა. პოსტსაბჭოთა საზოგადოება კიდევ უფრო ტოტალიტარული გამოდგა, ვიდრე მის მიერ უარყოფილი წინამორბედნი. ეს არის საბაზრო ტოტალიტარიზმი. ტერმინ „ტოტალიტარიზმის“ მიყენება სახელმწიფო ძალაუფლებისადმი იმ აზრით, რომ ტოტალიტარიზმი სახელმწიფოს მანკიერებაა, არის უსაფუძვლო. ამ ცდომილების გავლენის ქვეშ მოექცა მრავალი პოლიტიკოსი და დისიდენტი. სახელმწიფო ძალაუფლება ყოველთვის ტოტალიტარულია – ყოვლისმომცველი და სრული მთლიანობის სახით განხორციელებულია. ტოტალიტარულსტრადიციისამებრნაცისტურდაკომუნისტურ  საზოგადოებებსუწოდებენ.უფროშორსგახედვაამდროსარსურთ, რადგან შორეულ ეპოქებს დაკარგული აქვს პოლიტიკური აქტუალობა. პოლიტიკური შანტაჟისა და მანიპულაციისათვის ეს ეპოქები ისტორიული სიშორის გამო აღარ გამოდგება. ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ უმეცრების გამო საფრთხობელად აქციეს და მისი არსი დავიწყებას მისცეს.

ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც ტოტალიტარული კი არა, ინფერნალურია. ყბადაღებული დემოკრატია და პლურალიზმი ამ ვითარებას არ ცვლის. იდეალად მიჩნეული ამერიკა და მისი მმართველობა სინამდვილეში ქიმერაა. ამერიკული ორპარტიული მმართველობა პირობითია. ეს პარტიები არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აქ პარტიის ევროპული ან რუსული გაგება სრულიად განსხვავდება პარტიის ამერიკული გაგებისაგან. ორპარტიული მმართველობა ქიმერაა იმ აზრით, რომ მოჩვენება და ურჩხულია. იგი არასოდეს დაუშვებს მესამე პარტიის შემოსვლას პოლიტიკურ ასპარეზზე. დემოკრატიული პარტია იგივეა, რაც რესპუბლიკური. სიტყვა „დემოკრატია“ სიტყვა „რესპუბლიკის“ სინონიმია ამერიკულ პოლიტიკურ კულტურაში.

ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ ძალაუფლების მეტაფიზიკის შემეცნებას არაფერში წაადგა. იგი მხოლოდ სიმულაციური ინტელექტუალიზმისა და შანტაჟის საშუალება იყო. ძალაუფლების მოვლენა დროში ყოველთვის ტოტალობის მოვლენაა. ძალაუფლება არის სრული, მთელი, უნივერსული. შეუძლებელია ძალაუფლება არ იყოს ყოვლისმომცველი, ტოტალური. ძალაუფლების მეტაფიზიკის შემეცნებისას ნიცშე ისეთ სიღრმეებს წააწყდა, რომელიც მანამდე ფილოსოფიისათვის უცნობი იყო. ძალაუფლება ერთდროულად არის ღვთიური და დემონური. ის არის ორსახოვანი მითოსი. ძველ მსოფლიოში ამის შესახებ კარგად უწყოდნენ ეგვიპტელებმა, ჩინელებმა, ინდოელებმა. ჩვენს დროში კი მოხდა ძალაუფლების მოვლენის სოციალურ გაგებამდე დაყვანა, როგორც მაგალითად მარქსთან არის და ის პირდაპირ მიმართებაში მოექცა ადამიანის ყბადაღებულ უფლებებთან, რომელთა დაცვა რატომღაც ცივილიზაციის წინსვლის აუცილებელ პირობად იქნა მიჩნეული. ეს უფლებები კი დღეს ფიქციაა. ამით შეიქმნა აზროვნების მასშტაბის მკვეთრად შემცირების საფუძველი. უცნაურია, რომ რაციონალიზმისა და მეცნიერული მეთოდის გაჩენამდე ძველ ეგვიპტეში ან ჩინეთში ადამიანმა გაცილებით მეტი იცოდა სამყაროზე, ვიდრე ჩვენი დროის ადამიანმა იცის.

ამ ასწლეულის უდიდესი სახელმწიფო – ამერიკა, თავის პრეტენზიას მსოფლიო ძალაუფლებაზე ყოველთვის საკმაო დამაჯერებლობით ამართლებდა და აფუძნებდა. დევიზი  Universal yankee nation გულისხმობს იანკების უნივერსულ ნაციად ჩამოყალიბებას და ისინი არიან კიდეც ასეთნი. ამერიკული ექსპანსია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმდენად იმტენსიური და მძლავრი იყო, რომ ხშირად პირდაპირ ავიწროებდა დასავლეთ ევროპას, რომელიც თავის მხრივ თავისი უნივერსალიზმისათვის იბრძოდა. დაპირისპირება ამერიკულ და ევროპულ უნივერსალიზმს შორის არ მიდიოდა განსაკუთრებულ გამწვავებამდე, რადგან არსებობდა ორივესათვის საერთო მტერი – საბჭოთა კავშირი, რომელიც თავის მხრივ იბრძოდა უნივერსალიზმისათვის. ის მარქსისტულ ინტერნაციონალიზმს ეფუძნებოდა. როგორც ამერიკის, ასევე საბჭოთა კავშირის დიპლომატიაში საგარეო პოლიტიკის პრიმატი ყოველთვის გამოკვეთილი იყო. ამ პოლიტიკის მიზანი იყო მსოფლიო სახელმწიფო. ზემოთ თქმული ადასტურებს, რომ ამერიკული ნაციონალიზმი, ისევე როგორც რუსული და გერმანული ნაციონალიზმი არის უნივერსალიზმი. ნაციის სრულფასოვნებისა და შემოქმედებითობის საზომი ყოველთვის იყო მისი უნივერსალობა, მსოფლიურობისაკენ სწრაფვა, ღიაობა ყველას მიმართ.

თეოდორ რუზველტი და რონალდ რეიგანი დაუფარავად გამოხატავდნენ ამერიკული უნივერსალიზმის, მსოფლიო ჰეგემონობისაკენ სწრაფვის სამართლიანობასა და საფუძვლიანობას. რუსულ უნივერსალიზმთან ჭიდილში ამერიკულმა უნივერსალიზმმა გაიმარჯვა. აქ გასახსენებია ბონაპარტის ნათქვამი, რომ მომავლისათვის მსოფლიო გადაიქცევა ან ან რუსეთის მსოფლიო მონარქიად, ან ამერიკის მსოფლიო რესპუბლიკად.

ამერიკული ექსპანსია დღეისათვის მსოფლიოში ვეღარ მოქმედებს ისეთი გაქანებით, როგორც 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში. აზიის რიგმა ქვეყნებმა ძალზე სწრაფად აითვისეს დასავლური კულტურის მონაპოვრები და უკვე ცდილობენ შემხვედრი ექსპანსიის გატარებას. ტერმინი „განვითარებადი ქვეყნები“ მათ მიმართ უკვე მოძველებულია. ის ინერციის გავლენითღა გამოიყენება. ვერნერ ჰაიზენბერგს ნათქვამი აქვს, რომ მეცნიერული ცოდნის მოპოვებას ევროპამ  სამი საუკუნე მოანდომა და ეს მონაპოვარი აღმოსავლეთის მიერ 30-40 წელიწადში იქნება ათვისებული. ოსვალდ შპენგლერი დანანებით ამბობს, რომ ტექნიკამ აღმოსავლეთში გაჟონა და ამით ევროპამ ჰეგემონობა დაკარგა, მას საშიში მეტოქე გამოუჩნდა.

ეს მართლაც ასეა. დაუბრკოლებელ მოქმედებას მიჩვეული ამერიკა ცდილობს ხელიდან არ გაუშვას კულტურულ-ისტორიული ინიციატივა და იმოქმედოს ვითარებათა შესაბამისად. ზბიგნევ ბჟეზინსკის თქმით, პოსტსაბჭოთა პერიოდში ამერიკაში შეიმჩნევა იზოლაციონისტური ტენდენციები.  ის მოუწოდებს თავის ქვეყანას იმოქმედოს და არ მიატოვოს აქტიური საგარეო პოლიტიკა.

დასავლეთის ძალისხმევით საბჭოთა იმპერია დაიშალა. საშუალებები, რომელნიც ამ მიზნისათვის გამოიყენებოდა და გაიგებოდა თავისუფლების სიმბოლოებად, დღეს უკვე საწინააღმდეგოდ  გაიგება. მაგალითად, უახლოეს წარსულში რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ თავისუფლების სიმბოლო იყო. დღეს იგი კონფორმიზმის ციტადელია. აქვე სათქმელია, რომ კონფორმიზმი დემოკრატიის დროს არ ისპობა. ერთპარტიული სისტემის დროს კონფორმიზმი ერთსახოვანია და ტლანქი და ამის გამო ძალზე თვალშისაცემია. დემოკრატიის დროს იგი მრავალსახოვანია და დახვეწილი, რის გამოც ძნელად შესამჩნევია.

ბევრი რამ შეიცვალა და ამოყირავდა. თუ გუშინ უკანასკნელი დისიდენტის გამონათქვამიც კი დასავლური მედიის განსჯის საგანი ხდებოდა, დღეს დისიდენტები დაივიწყეს და თუ ვინმეს კიდევ აქვს დისიდენტობის პრეტენზია, თავიდან იშორებენ, როგორც აბეზარ ბუზს, უცქერენ მას, როგორც სულელს. ეს ნიშნავს, რომ თავისუფლების იდეითა და ადამიანის უფლებებით ხმაურიანი მანიპულირების ძირითადი მიზანი – საბჭოთა უნივერსული სახელმწიფოს დაშლა – მიღწეულია. ამის სანაცვლოდ დასავლეთი საქართველოს სთავაზობს თავის უნივერსულ გაერთიანებაში შესვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ხალხებისათვის და ყველა ყოფილი სატელიტისათვის ოქროს ხანა დადგა, როგორც ეს საბჭოთა დისიდენტებს ეგონათ. გაბატონდა ჯუნგლების კანონი, რომელსაც დღევანდელი იდეოლოგიის თანახმად თავისუფალი კონკურენცია და საბაზრო ეკონომიკა ეწოდება. ეს არის ვითარება, რაზეც წერდა რედიარდ კიპლინგი. მის იდეას პროვინციელმა ლიბერალებმა უგუნურად დასცინეს, როგორც ანაქრონისტულსა და იმპერიალიზმის მაჩვენებელს. კიპლინგის მიხედვით, ხალხთაშორის ურთიერთობაში მოქმედებს ჯუნგლის კანონი: უძლური იღუპება. კიპლინგის ეს იდეა ახლოს დგას სოციალური დარვინიზმის კონცეფციასთან. მისი მომხრე იყო ამერიკელი სოციოლოგი უილიამ სამნერი (1840-1910). მის თანახმად, არსებობისათვის ბრძოლის ბიოლოგიური კანონი ვრცელდება სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე. ამით გამართლებულია თავისუფალი კონკურენციის მტაცებლური კანონები. ეს არის struggle for life-ის დაკანონება და ერთადერთად მიჩნევა. დღეს მიღებული აღარ არის სოციალ-დარვინისტულ კონცეფციაზე ხმამაღლა საუბარი. მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის იდეაზე საუბრობენ, როგორც თავისუფლების გამოხატულებასა და გარანტზე. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი და მიმზიდველი იდეა თავის თავში მრავალს გულისხმობს. პირველ რიგში კი იმას, რომ თავისუფალი კონკურენცია არ აუქმებს ბრძოლას ქვეყანათა შორის და არ არის გარანტი, რომ უძლური ქვეყნები და მცირე ხალხები ასპარეზიდან არ განიდევნებიან. თავისუფალი კონკურენციის იდეამ თავისუფლების ტვირთი ყველა ხალხს ერთნაირად გაუნაწილა. ამ ტვირთისაგან საქართველო წელში წყდება. იგი არ აღმოჩნდა მზად ტვირთის მისაღებად. მისი ზიდვის ვერშემძლე საქართველოს კი სამომავლო იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ქართველთა ეროვნული მოძრაობა დამარცხდა სწორედ იმიტომ, ზემოთ ხსენებულ ვითარებათაგან არც ერთი არ მიუღია მხედველობაში. დემოკრატიის იდეა მან პანაცეად მიიჩნია და თავისი ისტორიული უინიციატივობისა და გულისამრევი პროვინციალიზმის გამართლებას მოახმარა. ამ პროვინციალიზმს ქართული ეროვნული თავისებურება და ეროვნული ხასიათი ეწოდება. ეს კი სხვა არა არის რა, თუ არა კნინობის გამართლება. დღეს პოლიტიკოსობის პრეტენზიით გამოსული ადამიანი პოლიტიკის ანბანს სატელევიზიო გამოსვლის დროს სწავლობს და ამავე დროს კიდევ სხვებს ასწავლის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ზერელედ ამოკითხულ ისტორიულ ცნობებს. ასეთი პოლიტიკოსები აღმომჩენის ტონით საუბრობენ იმაზე, რაც მსოფლიო პოლიტიკაში ყოველდღიური და მოსაწყენი ბანალობაა. აუტანლად მდარე, მენტორული გამოსვლები განათლებულ მსმენელში დამცინავი ღიმილისა და ძალზე უარყოფითი დამოკიდებულების გარდა არაფერს აღძრავს.

საქართველო სადღეისოდ მზად არ არის თავისუფალი კონკურენციის ასპარეზზე გასასვლელად. თავისუფლების ხარისხი, რაც მას გლობალური პოლიტიკური ვითარების წყალობით მიერგო, ძალზე მძიმე ტვირთი გამოდგა. ამიტომ ის, რასაც დღეს საქართველოში თვალთმაქცურად „ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის  ბრძოლა“ და  „ეროვნული ხასიათის გათვალისწინება“ ეწოდება, სინამდვილეში არის მფარველის ძებნა და ეს მფარველი დაცემული საქართველოსათვის ისევ მრავალგზის ნაგინები რუსეთია. საქართველოს აწმყო და  მწირი პერსპექტივა ისევ გეორგიევსკის ტრაქტატით გათვალისწინებულ ფარგლებში განისაზღვრება. დიდი პოლიტიკა სწორედ ის არის, რომ ჰეგემონის მიერ დადგენილი მიზნები და ამოცანები საუკუნეებზეა გათვლილი, ხოლო პოლიტიკის სიბრძნეა ის, რომ რაც უარყოფილად და უკუგდებულად საღდება, სინამდვილეში ისევ აქ არის.

პირველი ნაწილის დასასრული

                           WeltmachtoderNiedergang

იულიუს კეისარმა რომის პოლიტიკას დაუდგინა მიზნები, რომელიც ასწლეულებს სწვდებოდა თავისი გრანდიოზულობით. პიოტრ დიდმა გრძელვადიანი მასშტაბური მიზნები დაუდგინა რუსულ პოლიტიკას, რაც თანდათანობით ხორციელდებოდა მისი მემკვიდრე იმპერატორების, შემდეგ ბოლშევიკების, დღეს კი რუსი დემოკრატების მიერ. წინამორბედის გარეგნული უარყოფა და დოქტრინის შეცვლა არ ნიშნავს უნივერსალობის და მსოფლიურობის უარყოფას, ხოლო აკვიატებული გამოთქმა „ იმპერიული ჩვევები და იმპერიული აზროვნება“ შემეცნებისათვის სრულიად უვარგისია. ჯერ კიდევ ლენინი ცარიზმის იმპერიალიზმს მკაცრად აკრიტიკებდა. მან ევროპულ იმპერიალიზმს გამოკვლევაც კი მიუძღვნა, რომელიც იწოდება: „იმპერიალიზმი, როგორც  კაპიტალიზმის უმაღლესი სტადია“. ამან ხელი არ შეუშალა ლენინს, რომ თავად ყოფილიყო იმპერიალისტი. მან უნივერსული სახელმწიფო შეინარჩუნა და საბჭოების ქვეყანა უწოდა.

სრული სიმართლეა, რომ როდესაც ზენაცია უარს ამბობს ექსპანსიაზე, ეს მის დაღუპვას ნიშნავს. ამ აზრს ჯერ კიდევ რანკე გამოთქვამდა. ამასვე ამბობდნენ ამერიკული გეოპოლიტიკის ადეპტები. რანკე აცხადებდა: მცირე ხალხებს არა აქვთ ისტორია და მომავალი, ამიტომ მათი დაპყრობა და ასიმილირება რანკეს გამართლებულად მიაჩნდა. ამერიკული გეოპოლიტიკის ფუძემდებელნი და მიმდევარნი ამბობდნენ, რომ   უძლური და ლაჩარი ხალხი უნდა დავიმორჩილოთ და ვაზიაროთ ამერიკული ცხოვრების წესს. მანამდე ამ აზრსვე ავითარებდნენ ნაცისტი სოციოლოგები და ისტორიკოსები. დღეს გარეგნულად ხდება ამ იდეების უარყოფა, მაგრამ ეს არ ნიშნავს სინამდვილის უარყოფასა და შეცვლას. მაგალითად, რასიზმი, როგორც პოლიტიკური დოქტრინა და მეცნიერული სწავლება დღეისათვის უარიყოფა, როგორც უსაფუძვლო და ანტიმეცნიერული, მაგრამ ეს არ ნიშნავს რასიზმის სინამდვილის, რასობრივი განსხვავებულობის უარყოფას. რასიზმი გარეგნულად უარიყოფა იმიტომ, რომ იგი დამაბრკოლებელი ფაქტორია ეგალიტარული ნიველირების გლობალური ტენდენციის განვრცობის გზაზე. რასიზმი და რასისტული ორგანიზაციები არსებობს ევროპაშიც და ამერიკაშიც. იგი ძნელი შესამჩნევი გახდა, რადგან მას პირდაპირ გამოვლინების საშუალება აღკვეთილი აქვს.

სადღეისოდ თანასწორობისა და პარტნიორობის იდეის ქადაგება არ ცვლის ხალხთაშორისი განსხვავებულობის სურათს და მთლიანად გეოპოლიტიკურ სინამდვილეს. ისევ არსებობენ სუსტები და ძლერები, სატელიტები და დომინანტები. სუსტს მიეცა თავისუფალი მოქმედების საშუალება და მან მხოლოდ თავისი უძლურება გამოავლინა. იგი დაეცა და დეგენერაციის გზას დაადგა.

დიდი ხალხი თავისუფალი კონკურენციის პირობებში (open-door politics) თავისუფლად მოქმედებს, ხოლო ეგალიტარული ნიველირების გლობალური ტენდენციის ძალით თავისუფალი კონკურენციის ასპარეზზე გაყვანილ მცირე ხალხს თავისუფალი მოქმედების გაწევა კი არა, თავდაცვაც არ შეუძლია, მაგრამ ის უარს ვეღარ იტყვის თავისუფალ კონკურენციაზე. ის იძულებულია იყოს მისი მომხრე, რადგან თავისუფალი კონკურენციის იდეა უშუალო მიმართებაშია პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან, უფრო ზუსტად, სუვერენობის რაღაც დოზირებულ ხარისხთან. ის, რომ ზესახელმწიფოთა დროშების გვერდით უკანასკნელი ქვეყნების დროშებიც ფრიალებს, არ ნიშნავს, რომ ყოველივე გათანასწორდა. თავისუფალი კონკურენციის ჯუნგლის კანონებით შევიწროებული მცირე ხალხი იძულებულია იცავდეს ამ კანონებს, რადგან უარყოფის შემთხვევაში მას ცივილიზაციის კარი დაეხშობა. საქართველოში მრავლად არიან დასავლური ცივილიზაციის ფილისტერები, რომელნიც ამტკიცებენ იმას, რაც არ იციან. მცირე ხალხების უპერსპექტივობის იდეა უარყოფილი და შეცვლილია თანასწორობის იდეით, მაგრამ თავისუფალი კონკურენციის პირობები ამ თანასწორობისა და პარტნიორობის იდეას ჩანასახშივე კლავს და ქიმერად აქცევს.

ამერიკელები დღეს აღარ საუბრობენ თავის წინამორბედთა რასისტულ იდეებზე. იანკების ექსპანსია კიდევ უფრო დაიხვეწა და რაფინირებული ინტელექტუალიზმის სახე შეიძინა. ეს ვითარება ძალზე მიმზიდველია ყოფილი სატელიტი ხალხებისათვის. ისინი ძალაუნებურად ხდებიან თავისუფალი კონკურენციის მომხრენი. ეს იწვევს დემოკრატიული ძალაუფლების სწრაფ გავრცელებას. დემოკრატია და ეგალიტარული ეთოსი ადამიანს აძლევს ყველაფრის ნებას და ხელს კი არ უშლის სიცრუეს, არამედ ჰუმანისტური სოფისტიკით ამართლებს მას, როგორც ადამიანის უფლებას. ამგვარი გაყალბების ხარჯზე კი, რაც უცხო იყო არისტოკრატიული საზოგადოებისათვის, მიიღწევა სრული მხარდაჭერა დემოკრატიული ძალაუფლების მიმართ. ე. ი. საკითხის პირდაპირი დაყენება მსოფლიო ძალაუფლებისა და ჰეგემონობის შესახებ დღეს აღარ არის მიღებული. თუ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა მეომრული პირდაპირობით დააყენეს საკითხი Weltmacht oder Niedergang (მსოფლიო ძალაუფლება ან დაღუპვა), დღეს იგივე საკითხი იმგვარადაა დასმული, რომ ის თავისი ნამდვილი სახით და დილემური ხასიათით არ ჩანს.

ნაციონალიზმი, როგორც კოსმოპოლიტური უნივერსალიზმი (ამ შემთხვევაში ამერიკული ნაციონალიზმი), ყოველთვის გამოირჩევა სწრაფვით, რასაც ნიცშე უწოდებს Wille zur Macht (ნება ძალაუფლებისაკენ).

ამერიკული გეოპოლიტიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს ალფრედ მეჰენს მიაჩნია, რომ მცირე ხალხები დიდი ისტორიული ამოცანების შესასრულებლად ყოვლად უვარგისნი არიან. დიდი ხალხები ბუნებრივად შთანთქავენ მცირეთ, ამბობს იგი. მეჰენი აქ რანკეს აზრს იმეორებს. მეჰენსვე უთქვამს, რომ იანკები იძულებულნი და ვალდებულნი არიან, რომ ექსპანსირებდნენ. ამ იძულებას კი მსოფლიო ჰეგემონიისაკენ სწრაფვა წარმოშობს.  XX საუკუნის ამერიკის საგარეო პოლიტიკა მეჰენის დოქტრინის მიხედვით მოქმედებს და მას ეყრდნობა.

დუაიტ ეიზენჰაუერის დროს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო „დამონებული ხალხების განთავისუფლება“. ზუსტად ამ ფრაზას იყენებდა საბჭოთა საგარეო პოლიტიკა კაპიტალისტური სისტემის მიმართ. ჯონ ფოსტერ დალესი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ამერიკის 50-იანი წლების საგარეო პოლიტიკა, ამუშავებდა კომუნიზმისაგან განთავისუფლების დოქტრინას. ეს დოქტრინა 80-იან წლებში რონალდ რეიგანთან განვითარდა კომუნიზმის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის იდეად. რიჩარდ ნიქსონი ამბობდა: ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ამერიკას არ სჭირდება პრეზიდენტი საშინაო საქმეების მოსაგვარებლად. ამისათვის საკმარისია კომპეტენტური კაბინეტი. პრეზიდენტი საჭიროა საგარეო პოლიტიკისათვის (ეს მოთხრობილია ევანსისა და ნოვაკის 1969 წელს გამოცემულ წიგნში ლინდონ ჯონსონზე).  ნიქსონის დროს ცნობილი პოლიტოლოგი ჰენრი კისინჯერი (პრეზიდენტის თანაშემწე სახელმწიფო უშიშროების სფეროში) ამბობდა, რომ მომავლის ჭვრეტისას, ხუთი, ათი, შესაძლოა თხუთმეტი წლის ვადითაც, ჩვენ ვხედავთ ხუთ დიდი ეკონომიკურ ზესახელმწიფოს:  აშშ-ს, დასავლეთ ევროპას, საბჭოთა კავშირს, ჩინეთსა და იაპონიას. ეს ხუთეული განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს ყველა მიმართულებით საუკუნის ბოლო მესამედში. კისინჯერის გავლენით ამერიკული საგარეო პოლიტიკის საფუძვლად იქცა ძალთა ბალანსის დოქტრინა. ეს იდეა კისინჯერმა ოტო ფონ ბისმარკის დროინდელი გერმანიის პოლიტიკიდან აიღო. კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები მსოფლიოში ერთმანეთს უნდა აწონასწორებდნენ და ამით მიღწეული იქნება საყოველთაო ბალანსი. ამ იდეას მხარს უჭერდა მეორე ცნობილი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი. ის საბჭოთა პროპაგანდას დიდი ხნის მანძილზე განსაკუთრებული განქიქების ობიექტად ჰყავდა ქცეული. არ დარჩა ეპითეტი, რომელიც მის მიმართ არ გამოუყენებიათ.

60-იან წლებში ბჟეზინსკიმ წამოაყენა „ხიდების გადების“ იდეა და კომუნისტურ სისტემას უწოდა ტოტალიტარული. ბჟეზინსკიმ ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ აიღო მარტინ ჰაიდეგერის მოწაფის, ჰანა არენდტის განაზრებებიდან. არენდტის აზრით, ტოტალიტარიზმისაგან განთავისუფლება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც რევოლუცია ამხობს არსებულ სისტემას და ხდება „ახლის დაბადება“. პრინციპულად რაიმე ორიგინალური აქ არენდტს არაფერი  უთქვამს. ბჟეზინსკიმ მისი ფილოსოფია გამოიყენა თავისი პოლიტიკური დოქტრინის ასაგებად. აქედან დაწყებული, ჯერ დასავლურ მედიაში, შემდეგ ანტისაბჭოელ დისიდენტებთან და პოსტსაბჭოთა მედიაში ტერმინი „ტოტალიტარული სისტემა“ ყბადაღებულ გამოთქმად გადაიქცა. ჰანა არენდტის ნაშრომი „ტოტალიტარიზმის წყაროები“ (1951 წ.) მთელი რიგი სოვეტოლოგიური ინსტიტუტების შესწავლის ობიექტი იყო. ჩამოყალიბდა პოლიტიკური თამაშის წესი, რომლის მიხედვითაც ერთპარტიული სისტემა უდავოდ ტოტალიტარულია, ხოლო მრავალპარტიული სისტემა კი ადამიანის თავისუფლების გარანტი არის. აქ ფრანგულად და ანგლოსაქსურად გაგებული თავისუფლება არის თავისუფლების სოციალური გაგება და მისი მეტაფიზიკისაგან მოწყვეტა. ამგვარმა გამარტივებამ კი  გამოიწვია ფილოსოფიური აბსურდების გამრავლება.

მეორე ნაწილის დასასრული

                        

                       Weltmacht oder Niedergang

*ეს მესამე ნაწილი  გაზეთში არ გამოქვეყნებულა.  მეორე ნაწილის ქვესათაურად რედაქციის მიერ აღებულია ნაწყვეტი მესამე ნაწილიდან. მეორე ნაწილის ბოლოს კი მიეთითა, რომ დასასრული იქნებოდა შემდეგ ნომერში, მაგრამ გამზადებული მესამე ნაწილი აღარ გავიდა ახალი რედაქტორის, ზვიად ქორიძის ჯიბრისა და შურის გამო. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება პირველად.

ეს აბსურდები დამკვიდრდა ხელოვნებაშიც და მოიტანა იდიოტიზმი. ხელოვანი ხალხი ვითომ ამ ტოტალიტარიზმს უარყოფდა და თავისუფლებას თავგანწირვით ელტვოდა. ტოტალიტარიზმს დაუპირისპირდა აზრთა პლურალიზმი, მრავალპარტიულობა და სამართლებრივი სახელმწიფო, რაზეც ჯერ კიდევ ვოლტერი ლაპარაკობდა, მაგრამ ტოტალიტარიზმის საკითხი ამით არ გადაწყვეტილა. მხოლოდ მისი გადაწყვეტის მოჩვენებითობა შეიქმნა. ამაზე არა უთქვამთ რა ფილოსოფოსებს, რომელნიც ბიბლიის სახელით ქვეყანას იმ თავისუფლების დადგომას ახარებდნენ, რომელიც სინამდვილეში არ იყო დამდგარი. თავისუფლების ყალბმა გაგებამ, მისი პარადოქსულობის იგნორირებამ მოიტანა ახალი ტოტალიტარიზმი, რომელიც პოსტმოდერნის ფილოსოფიას ამოეფარა. დაიწყო ლაპარაკი უკონფლიქტო საზოგადოების, მეტიც, იდეალური ლიბერალური საზოგადოების შენებაზე.

ქართველ ჰუმანიტართა მიერ ყველა ეს გარემოება უგულებელყოფილი და მიჩქმალული იყო. ადამიანები ერთურთს ექიშპებოდნენ, ვინ უფრო დიდ ლიბერალად წარმოჩნდებოდა დასავლეთის თვალში. ამან მოიტანა ის, რომ დემოკრატიის იდეა პოსტსაბჭოთა დროის დასაწყისშივე სრულ ნონსენსამდე მივიდა. საქართველოში გაჩნდა უაზრო ლოზუნგი „მეტი დემოკრატია – მეტი თავისუფლება“. ეს ნიშნავდა, რომ დასავლეთზე უფრო მეტი დემოკრატობა საქართველოში დააპირეს. პანი აპოლონს ქნარზე დაკვრას ასწავლიდა. ამ ლოზუნგის გამო ქართულ პრესაში კამათი დაიწყო და გაგრძელდა.  ტუტუცმა  დისიდენტმა, შევარდნაძის მოდასე გიორგი ჭანტურიამ და სხვებმა ამის გამო ერთი ამბავი დააყენეს.

ზბიგნევ ბჟეზინსკი ცოტა ხნის წინათ საქართველოში ყოფნისას თავის გამოსვლაში დაკმაყოფილდა ზოგადი ფრაზებით დემოკრატიის შენების შესახებ. აუდიტორიის მხრიდან არ დასმულა არცერთი აზრიანი შეკითხვა, ხოლო ტელევიზიის მიერ გადაცემული სიუჟეტი იყო სტანდარტულად კონფორმისტული. გუშინ საბჭოთა პრესაში სულ იკილებოდნენ ნიქსონი, კისინჯერი, ბჟეზინსკი, რეიგანი. დღეს კი ისინი აქ ჩამოდიან და მათ ისე წარმოაჩენენ, როგორც უფრო მაღალი რანგის სამყაროდან მოსულ ბრძენებს. ის ძველი თამაში, რასაც ორი ბანაკის დაპირისპირება ეწოდებოდა, დასრულდა, მაგრამ თამაში გრძელდება. ყოველივე რაც აქამდე იყო, იყო გაწელილი პრელუდია. თამაში ახლა დაიწყო.

უბედურება ისაა, რომ ქართული ეროვნული მოძრაობა საერთოდ ვერ გაერკვა დასავლურ იდეოლოგიურ კაზუისტიკაში და მის მიერ მოწოდებული მორიგი იდეოლოგიური კონცეფცია მან ჭეშმარიტებად მიიჩნია. გლობალური ფსიქოლოგიური ომი, რომელიც ჯერ კიდევ ნიქსონ – კისინჯერის დროს იყო დაწყებული, ეროვნული მოძრაობისათვის გაუგებარი აღმოჩნდა. ქართველთა პროვინციული პატრიოტიზმი ამ იდეურ და ინტელექტუალურ ომში არ გამოდგა. სხვაგვარად ვერც იქნებოდა.

არად ვარგა ქართველ პოლიტოლოგთა დისკურსი. საქართველო დღეს სრულიად სხვაზე დამოკიდებული ქვეყანაა. მისი სუვერენობა ფორმალობაა. ქართველთა მხრიდან საკითხის დაყენება მიმდინარე პოლიტიკის თაობაზე დასავლეთის მიერ გაგებული იქნება, როგორც მონის ჯანყი. ქართველი დადასტურდა დასავლეთის წინაშე, როგორც მონა. უამრავმა ქართველმა თავისი სერვილიზმით ახალ კონიუნქტურაში შეიქმნა კარიერა. ისინი ახალი სისტემის თავგამოდებული დამცველები არიან და ეს წარმოჩენილი იქნება თავისუფალი ინდივიდების სამოქალაქო პოზიციად. მიმდინარე გლობალურმა კონიუნქტურამ, ლიბერალურმა კოსმოპოლიტიზმმა საქართველოს წაართვა თავისი არჩევანის შესაძლებლობა. ამაში ქვეყნის პრეზიდენტის, შევარდნაძის  დადანაშაულება, როგორც დღეს ხდება, არის საკითხის გამარტივება. ყველაფრის მისთვის დაბრალება კი იმას გულისხმობს, რომ ქართველთა საზოგადოება პასუხისმგებლობის ვერშემძლე ბრბოა, რომ ქართველთა რადიკალიზმი ცრუა. საქვეყნო უბედურება არ დაიყვანება ერთი კაცის, შევარდნაძის პასუხისმგებლობაზე. ასე რომ ყოფილიყო, ცხოვრება გაცილებით იოლი იქნებოდა.

საბჭოთა კავშირი ამერიკულ იდეოლოგიურ დოქტრინებს უპირისპირებდა „პრინციპულ ლენინურ საგარეო პოლიტიკას“. ეს კოლიზია დიდ ინტელექტუალიზმს მოითხოვდა, ამიტომ დოქტრინების შესწავლა და მათი საპირისპიროს გამომუშავება ხდებოდა მოსკოვის სადაზვერვო-ანალიტიკურ ინსტიტუტებში. ბჟეზინსკიც და კისინჯერიც ისტორიისა და პოლიტოლოგიის პროფესორები არიან. ორ სისტემას შორის დაპირისპირების ისტორია არის უნიკალური ფაქტოლოგიური მასალა მისთვის, ვინც იდეოლოგიის გენეზისს სწავლობს. 80-იანი წლების  დასავლური ანალიტიკური ჟურნალები (Foreign Affairs და სხვები) სავსეა დიდად საყურადღებო მასალებით. სუვერენულად არსებობის პრეტენზიით გამოსულ ქვეყანას უნდა გააჩნდეს იდეოლოგია. საქართველოში კი მსგავსი არაფერია. მავან ფილოსოფოსთა გამოსვლა, რომ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი იდეოლოგია პლურალიზმის პირობებში, არის ის ძველი ნეტარი ქართული უმეცრება. ხელმოცარული და ზნედაცემული ქართველობა თავს ირთობს ისეთი ფობიებით, როგორიცაა მასონოფობია, იუდოფობია. ხდება ყველაფრის გადაბრალება მასონებზე, სიონისტ-თალმუდისტებზე.  არაფერს არ ნიშნავს ეს მხილება მაშინაც კი, როცა ამაში სიმართლეა.

კიდევ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი ტერმინ „ტოტალიტარიზმზე“:    პოლიტიკურ ლექსიკაში ეს ტერმინი შემოიტანა ბენიტო მუსოლინიმ. მან თავისი მეთაურობით დაწყებულ ფაშისტურ მოძრაობას ტოტალიტარული უწოდა. მუსოლინის მიემხრო ცნობილი ფილოსოფოსი ჯოვანი ჯენტილე, რომელმაც დუჩეს ბოლომდე უერთგულა. ჯენტილე იტალიური ნეოჰეგელიანელობის წარმომადგენელია. მისი აზრით, ტოტალიტარული რეჟიმი ხალხის ერთიანობის უმაღლესი გამოხატულებაა. მუსოლინი თავის იდეოლოგიას ჯენტილეს ნააზრევზე აგებდა. ჰეგელი ცდილობდა  თავისი მოძღვრება ყოვლისმომცველად, მაშასადამე, ტოტალურად ექცია. მარქსი თავისი მოძღვრების შექმნისას სწორედ ჰეგელს დაეყრდნო პირველ რიგში. ფილოსოფიური მოძღვრება რომ ტოტალიტარულია, ის მისი პოლიტიკური აქტუალობის გამო ხდება დისიდენტური შანტაჟის საგანი. ამ დროს შეუმჩნეველი რჩება ხოლმე ის, რომ ყველა დიდი რელიგია ტოტალიტარულია, ყოვლისმომცველია, რადგან ეს არის კოსმოსური ძალაუფლების გამოვლენა ადამიანის სიტყვაში. ფილოსოფიურ აზროვნებას ყოველთვის ახასიათებს სწრაფვა ყოვლისმომცველობისკენ. უკვე ლოგიკის დონეზე ეს სწრაფვა სრული სახით ვლინდება. მაგალითად, არისტოტელეს ლოგიკა უკვე ყოვლისმომცველია. მეტაფიზიკური სისტემების სისრულე მათი ყოვლისმომცველობით იზომება. კონფუციანური მეტაფიზიკა ტოტალურია და მისი იდეალი არის ზეადამიანი, რომელიც უნივერსული და ყოვლისმომცველია. ამ გზით კუნ-ძის ზეადამიანი ზეციერი ხდება, რადგან თავად ზეცა არის ტოტალობა, უნივერსალობა.

მუსოლინის გარდა ტერმინი „ტოტალიტარიზმი“ გამოიყენა კაუდილიო ფრანკომ. ის ამბობდა, რომ ევროპაში კომუნიზმის საფრთხის თავიდან აცილება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმს შეუძლია. ის გულისხმობდა ფაშისტურ დიქტატურას ესპანეთში. კაუდილიო ფრანკოს არ შეიძლება არ დაეთანხმო. ნაციზმი დაამარცხა არა დემოკრატიამ, არამედ კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა. მის გარეშე დასავლური ლიბერალიზმი ნაციზმს ძლევას ვერ უზამდა.

ჯენტილე თავის მოძღვრებაში აყენებს უნივერსული სუბიექტის იდეას. ეს კი სხვა არა არის რა, თუ არა ტოტალური ადამიანი, რომელიც მეტაფიზიკაშიც და სოციოლოგიაშიც მიჩნეულია ადამიანის უმაღლეს ტიპად. ასევე არის ნიცშესთან. დოსტოევსკის სიტყვით რომ ითქვას, ეს არის всечеловек.

ჰეგელის სისტემის ტოტალობა გერმანულმა ნეოჰეგელიანიზმმა განავითარა ფილოსოფიისა და რელიგიის სინთეზის სახით. ჰეგელმა მოახდინა რაციონალიზმისა და ირაციონალიზმის ისეთი სინთეზი თავის „ლოგიკის მეცნიერებაში“, როგორიც მანამდე ევროპული ფილოსოფიისათვის უცნობი იყო. ნეოჰეგელიანელების, განსაკუთრებით გეორგ ლასონის ნააზრევი ნაცისტურმა იდეოლოგიამ თავისი იდეების გასამართლებლად გამოიყენა. გეორგ ლასონმა განავითარა ჰეგელის აზრი, რომ გერმანული სული მსოფლიო ისტორიის უმაღლესი საფეხურია. ნიცშეს მოძღვრება ჰეგელიანიზმთან ერთად ნაციზმის საფუძველია. მატიანიდან ცნობილია, რომ გერმანელ ჯარისკაცს სანგარში თან ჰქონდა ნიცშეს „ზარათუსტრა“ და ფიხტეს „მოწოდება გერმანელი ნაციისადმი“.  მხოლოდ სპეციფიკური გერმანული მოვლენაა ის, რომ ისტორია, პოლიტიკა და ფილოსოფია ერთიანობაში მოიაზრება. ეს არის გნოსეოლოგიური ტოტალიტარიზმი.

ზემოთ ვთქვით, რომ სახელმწიფოს გერმანული გაგება განსხვავდება სახელმწიფოს  ფრანგული და ანგლოსაქსური გაგებისაგან. ფრანგული გაგება მოგვიანოდ დაუახლოვდა ანგლოსაქსურს. ჰეგელმა პრუსიის სახელმწიფო უმაღლეს იდეალად მიიჩნია. ამ სახელმწიფოში ის ხედავდა მსოფლიო გონის გამოხატულებას.  ასევე რანკესთან სახელმწიფო არის იდეათა მშობი და მათი შემკრები. თეოლოგი და ისტორიკოსი  ერნსტ ტრიოლჩი (1865-1923)  ამბობს: შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნეში საისტორიო აზროვნების სფეროში გერმანია ასრულებდა უმთავრეს როლს. ტრიოლჩი რანკეს მიმდევრის, ფრიდრიხ მაინეკეს ნააზრევს მაღალ შეფასებას აძლევდა. ნაშრომში  „ისტორიზმი და მისი პრობლემები“ ტრიოლჩი წერს: „ განსაკუთრებულობა გერმანიის ისტორიისა ჰეგელისა და რანკეს დროიდან … მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს და მის ძალას განიხილავენ როგორც ყველა ღირებულების მასშტაბს და კულტურულ ცენტრს და ამაში ხედავენ სწორედ ისტორიისათვის დამახასიათებელ, ფილოსოფიისაგან დამოუკიდებელ ღირებულებათა და მასშტაბთა სისტემას“.

აქვე სხვაგან ტრიოლჩი ამბობს: „განსაკუთრებით არ უნდა დავივიწყოთ, რომ სპეციფიკურად ისტორიული აზროვნების უდიდესი გენიოსი ლეოპოლდ ფონ რანკე იმყოფებოდა ჰეგელის იდეების ძლიერი გავლენის ქვეშ. …რანკე არის გონი (Geist) ჰეგელის გონისაგან“.

გერმანული ნაციონალიზმი მჭიდროდ დაკავშირებულია უნივერსული სახელმწიფოს იდეასთან. პოსტნაცისტურ გერმანიაში სოციოლოგთა და ისტორიკოსთა საკმაოდ დიდი ნაწილი ისტორიოსოფიულად ამართლებს გერმანულ მილიტარიზმსა და პანგერმანიზმს, რომლის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო ერიხ ლუდენდორფი. გერმანული ნაციონალიზმი, როგორც მეტაფიზიკურად დაფუძნებული მოძღვრება, ჰეგელსა და ნიცშეს ეყრდნობა. ნიცშე კი უცქერდა ირონიით გერმანულ ნაციონალიზმს, მაგრამ  ის მაინც მის ბურჯად იქცა. ეს ნაციონალიზმი ვლინდება ტრაიჩკესთან, შპენგლერთან, ლუდენდორფთან, როზენბერგთან, ჰაიდეგერთან.   სახელმწიფო არის ცენტრი და ყოველივე მასთან მიმართებაში იძენს საზრისს.

დღეისათვის გერმანია ჰელმუტ კოლის მეთაურობით მიისწრაფის ინტეგრაციისაკენ. კოლი აჩქარებს ინტეგრაციულ პროცესებს, რადგან გერმანია გაერთიანებულ ევროპაში უდავო დომინანტი იქნება. გერმანულ უნივერსულ ნაციონალიზმს არ ეშინია ინტეგრაციისა. ის მისთვის მისწრებაა. გერმანელები არიან გასაკვირად შემოქმედი, სიცოცხლისუნარიანი და მეომარი ხალხი. ასეთნი იყვნენ ისინი ფრიდრიხ II-ისა და კაიზერ ვილჰელმის დროს, ჰიტლერისა და ადენაუერის დროს. ასეთნი არიან ისინი სადღეისოდ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ერიხ ლუდენდორფთან ერთად მოუწოდებდა გერმანელებს  ეამაყათ იმით, რომ ისინი გერმანელები და პირველი ხალხი იყვნენ მსოფლიოში. გერმანიაში ახლაც ასე ფიქრობენ, ოღონდ არ ამბობენ.

ერნსტ ტრიოლჩი აღნიშნავს, რომ გერმანელები თავისი ბუნებით მეტაფიზიკოსები და მოაზროვნეები არიან, რომელნიც ცდილობენ შინაგანად, უნივერსუმის სულიერი სიღრმიდან გაიგონ სამყაროსა და ადამიანების არსი. ტრიოლჩის თქმით, ეს მხოლოდ გერმანელთა თავისებურებაა.

ალფრედ ვებერი კი ამბობს, რომ ჩვენ, გერმანელები უნივერსალობისა და სიღრმის თვითშეგნებით აღჭურვილნი,  შევედით XIX  საუკუნეში, რის გამოც უეჭველია, რომ ჩვენი შეშურდეს მრავალ ხალხს, რომელთაც ვერ შეძლეს ამის მიღწევა.

გერმანიის სწრაფვა ევროპის გაერთიანებისაკენ არის გერმანული უნივერსალიზმის დაპირისპირება ამერიკული უნივერსალიზმისადმი. ეს არის ორი ტოტალობის შეჯახება. უმცროსი არნოლდ ტოინბი დასავლეთის გაერთიანების მომხრე იყო და უარყოფდა პტარა ქვეყნების სეპარატიზმსა და ნაციონალიზმს, როგორც მავნებელს. ტოინბი ატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე იყო, რაც გულისხმობს ამერიკისა და ევროპის დაახლოებას. ამ იდეას იცავდა ისტორიკოსი ლუდვიგ დეჰიო და სხვები.

ამერიკანიზმი არის მეცნიერებაზე დაფუძნებული მატერიალური ძალმოსილება. მეტაფიზიკური აზროვნება ამერიკაში არ განვითარებულა. სამაგიეროდ უკიდურესად განვითარდა სოციოლოგია და პოლიტოლოგია. ბჟეზინსკი ჯერ კიდევ 70-იან წლებში სიამაყით ამბობდა, რომ მომავლის საზოგადოებაში შესაძლებელი იქნება ადამიანის სრული პროგრამირება.

საბჭოთა იმპერიის დაშლა და დასავლური იდეოლოგიის გამარჯვება არის არა მზის ამოსვლა, არამედ ევროპის კულტურის მზის ჩასვლა. და რადგანაც დაისი ძალზე ბრწყინვალეა, ამიტომ ის აისად გვეჩვენება. საბჭოთა იმპერიაზე გამარჯვებით გამოწვეული სიხარული დასავლეთს ძალზე ცოტა ხანს გაჰყვება. ნიჰილიზმი ევროპულ კულტურაში კვლავ დაუძლეველი რჩება, ისევე როგორც  taedium vitae (ცხოვრებით მოყირჭებულობა), რომელსაც დღეს ცივილიზებული ევდემონიზმის, გადამეტებული მომხმარებლობის სახე აქვს.

თუ ქვეყანას გააჩნია ნაციონალიზმზე დაფუძნებული ერთიანობის შეგნება, მაშინ მისთვის არანაირი პოლიტიკური სისტემა და იდეოლოგია საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში არსებული ვითარების ხელისუფლებაზე გადაბრალება, როგორც ეს დღეს ხდება, არაა სწორი მსჯელობა. საქართველო, ამდენი პატრიოტული ლაპარაკის მიუხედავად, არ მისულა  ნაციონალური ერთიანობის  შეგნებამდე. მეტი უბედურება კი ისაა, რომ ის საეჭვოა მივიდეს აქამდე. საქართველო ტომობრივ გათიშულობასა და თვით დედაქალაქში ტრაიბალიზმის გამოვლინებებს არ გასცილებია.

ერთი რამ არის დიდად გასაოცი: თანმიმდევრული მეცნიერული გამოკვლევა ბოლოს ემთხვევა რელიგიურ და მეტაფიზიკურ გამოკვლევას იმაში, რომ დგება ინფერნალური დრო, მოდის აპოკალიფსური ჟამი.

ევროპის ინტეგრაცია არის Weltmacht oder Niedergang დილემის გადაწყვეტა მსოფლიო ძალაუფლების სასარგებლოდ. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი დილემა თან მოიყოლებს მეორე დილემას – aut Caesar, aut nihil (ან კეისარი, ან არაფერი).

დასასრული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s