ერაყის კრიზისის გამო


                                

*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“  (2003 წ. 14-20 მარტი, გვ. 7, გვ. 14), რედაქციისეული სათაურით „ქვეყნის დაშლა – მისი დემოკრატიზაციის მიზნით ?!“.  წინამდებარე პუბლიკაცია შესწორებულია.  ქვეყნდება თავისი სათაურითა და თავდაპირველი სახით.

ერაყზე ქილიკი საქართველოში მასობრივ თავშექცევად იქცა. აქედან ჩანს ქართველთა პოლიტიკური აზროვნების უიდეობა და უნიადაგობა. სხვა შემთხვევაში ერაყზე მსჯელობის მონაწილენი თავს ამდენის ნებას არ მისცემდნენ. პოლიტოლოგთა და ექსპერტთა კომპეტენცია და მეცნიერული ეთოსი გაისინჯა ომის დაწყების  წინა პერიოდში მათივე ნათქვამით და აღმოჩნდა, რომ ისინი უმეცარნი და უსინდისონი არიან.  ახლა  გატაცებით საუბრობენ ომის შემდეგ ერაყის დაშლაზე: აქვეყნებენ ვითომ ექსკლუზიურ მასალებს რაღაც გეგმებზე, სადაც ლაპარაკია ქურთული სახელმწიფოს, შიიტური ანკლავის და კიდევ სხვა რაღაცის შექმნაზე. ომის დაწყება თვით მოკავშირეთა შორის გამხდარა სათუო ამდენი ხნის მანძილზე და უკვე ერაყის დაშლაზე ლაპარაკი და რაღაც გეგმების გამოქვეყნება არის წამქეზებლობა და ომის პროპაგანდა; ან კიდევ, მედია იქამდე თავისუფალია, რომ მის ნათქვამს არანაირი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს. ასეთ ვითარებაში სხვაგვარი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია. ამგვარი ორაზროვნება ვნებს სიტყვის თავისუფლების პრინციპს ისევე, როგორც ერაყის დაშლაზე საგაზეთო ინტრიგის შექმნა.

არავის სურს იმის დანახვა, რომ ერაყის დაშლაზე ასეთი გაცხოველებული მსჯელობა ან ამგვარი მსჯელობის ინსპირაცია მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიის გარანტად მიჩნეული ქვეყნისაგან – აშშ-სგან, არის ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის უგულებელყოფა და აი, რატომ:

არა მხოლოდ ერაყის შესაძლო ძალადობრივი დაშლის პრეცედენტის შექმნა, არამედ ამაზე სისტემატური, საჯარო მსჯელობა აბათილებს ლიბერალური „ახალი მსოფლიო წესრიგის“ იდეას;

არღვევს საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ძირითად პოსტულატს -საზღვრების უცვლელობას და ხელშეუხებლობას, როგორც მშვიდობისა და ქვეყანათა შორის კეთილმეზობლობის ფაქტორს.

ერაყის კრიზისის შემთხვევაში დასავლეთს ეს პოსტულატი არაფრად მიაჩნია. ამავე დროს ქართველთა პოლიტიკური აზროვნება მნიშვნელოვნად თვლის იმის ხშირად გამეორებას, რომ დასავლეთი სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ხელშეუხებლობას. აქ ეს უხარიათ და დასავლეთის ამ ნათქვამს აფხაზეთის დაბრუნების საწინდრად მიიჩნევენ.

ერაყის შესაძლო დაშლაზე ასეთი ფართო მსჯელობა მახსენებს 1991-97 წლებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიას რუსეთის დაშლაზე. ამ პერიოდში დასავლეთში მაღალი სამთავრობო ტრიბუნებიდან მსჯელობდნენ იმაზე, რომ აუცილებელი იყო უზარმაზარი რუსული სივრცის კომპაქტურ ერთეულებად დანაწევრება, რათა ქვეყნის დემოკრატიზაცია სწრაფად მომხდარიყო. ამავე აზრს ავითარებდა მრავალი დასავლელი პოლიტოლოგი (ზბიგნევ ბჟეზინსკი და სხვები). ქვეყნდებოდა „რუსეთის დემონტაჟის“ გეგმები.  ე.ი. დასავლური დემოკრატია დასაშვებს ხდის ქვეყნის დაშლას მისი უფრო წარმატებული დემოკრატიზაციის მიზნით. ეს უაზრობაა. უფრო სწორად, ეს იდეოლოგიური დივერსიაა. დასავლურ მედიაში  რუსეთის დემოკრატიზაციასა და დაშლაზე მსჯელობა პარალელურად მიმდინარეობდა. ამავე დროს,  დასავლეთი გამალებით არწმუნებდა ყველა პოსტბოლშევიკურ ქვეყანას, რომ დაიცავდა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. დასავლური სიუხვით მონუსხულთ არ სურდათ მის მტკიცებაში შეუსაბამობათა დანახვა.

ერაყის დაშლა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვევს მძიმე შედეგებს. ახლა არ არის კოლონიალიზმის ეპოქა, როცა ევროპელი დამპყრობლები მაღრიბ-მაშრიყში საზღვრებს ფანქრითა და სახაზავით ავლებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ერაყში აკრძალული იარაღი, აშშ-ს შეჭრა ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ ის იქნება აგრესორი და თავდამსხმელი. ამის უარყოფა ვერ მოხერხდება იმაზე მსჯელობით, რომ ერაყი არადემოკრატიული ქვეყანაა და საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ ერაყში განხორციელებული ოპერაცია მსოფლიოს თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ა.შ.

ერაყის დაშლა და მისი ნაწილების დემოკრატიზაცია კი არა, არამედ ისაა, რომ აშშ-მა ვერ გადაჭრა და ვერც გადაჭრის ავღანეთის საკითხს. ერაყის კრიზისმა უბრალოდ დროებით გადაფარა ავღანეთის პრობლემა. ომი ავღანეთში გაჭიანურდა. მანამდე , 1999 წელს აშშ-მა დაბომბა სერბეთი კოსოვოს პრობლემის გადაჭრის მიზნით, მაგრამ პრობლემა ვერ გადაიჭრა. სერბეთის დაბომბვას დასავლურ მედიაში თან სდევდა შესატყვისი ფარული თუ აშკარა PR-ი. ცხადდებოდა, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარება იუგოსლავიიდან იწყება. სინამდვილეში არანაირი წესრიგი მსოფლიოში არ დამყარებულა. ისიც არის, რომ სერბეთის დაბომბვა ამერიკული სახედრო სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო ახალი თაობის იარაღის გამოსაცდელად.

ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე გაცხოველებული მსჯელობა კვლავ დაიწყო 2001 წლის 11 სექტემბრის უდიდესი ტერაქტის შემდეგ.  მაშინ ითქვა, რომ 9/11-ის შემდეგ მსოფლიო კარდინალურად შეიცვალა და დაიწყო ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ისიც ითქვა, რომ 11 სექტემბრიდან დაიწყო მესამე მსოფლიო ომი. სინამდვილეში არანაირი კარდინალური ცვლილებები მსოფლიოში არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ 11 სექტემბრის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ეს ტერაქტი აშშ-მა თავისი ახალი სამხედრო და პოლიტიკური დოქტრინის გასამართლებლად გამოიყენა, მაგრამ პრინციპულად შეუძლებელია, რომ მთელი პლანეტის მასშტაბით კარტ-ბლანშის უფლება ამერიკელებმა მიითვისონ.

სად არის დასავლეთში ისეთი ზნეობა, ეთიკური პრინციპები პოლიტიკაში, ან ისეთი პოლიტიკური მოღვაწენი სად არიან, რომ სარწმუნო იყოს საუბარი მსოფლიოს კარდინალურ შეცვლაზე?

ახალ მსოფლიო წესრიგზე დასავლეთში 1991 წლიდან საუბრობენ. ერაყის დღევანდელმა კრიზისმა წარმოაჩინა, რომ არავითარი ახალი მსოფლიო წესრიგი არ დამყარებულა, მიუხედავად დასავლეთისა და, სახელდობრ, აშშ-ის არნახული ძლიერებისა, მიუხედავად ლიბერალური დემოკრატიის საყოველთაო დამკვიდრებისა და ბოლშევიზმის მარცხისა. არსად დამკვიდრებულა თანასწორი, სამართლებრივი და დემოკრატიული ურთიერთობანი ქვეყანათა შორის, როგორც ამას დასავლური იდეოლოგია ამტკიცებდა. ადამიანიც ისევ ისეთია დღევანდელი თავისი ლიბერალობის მიუხედავად. ჩვენ ყველანი ლიბერალ-დემოკრატიზმის იდეური მარცხის მხილველნი ვართ.

2002 წლის ოქტომბერ-დეკემბერში და უფრო ადრეც- 1998-2000 წლებში დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „აშშ არ გამორიცხავს ატომური იარაღის გამოყენებას ერაყთან ომში“. ამ ინფორმაციის გამეორებისა და კომენტირებისას საქართველოში ქილიკობდნენ და იცინოდნენ. კი მაგრამ, თქვენ მთელი მსოფლიო საქართველოს მსგავსად ჩალით დახურული გგონიათ? ამგვარი ინფორმაციის გავრცელება არის ამერიკელთა მიერ მთელი მსოფლიოს დაშინება. როცა ჟურნალისტი თუ პოლიტოლოგი აღტაცებითა საქმეში ჩახედულის იერით ლაპარაკობს ერაყში აშშ-ის მიერ ატომური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, რაც ლიბერალური დემოკრატიის მეხოტბეობის თავისებური გამოვლინებაა, საჭიროა იმის აღიარება, რომ ეს არის არა უბრალოდ უვიცობა და პროვინციალიზმის შედეგი, არამედ დანაშაული.

მრავლად არიან ისეთებიც, ვინც ერაყის კრიზისსა და საერთოდ  ისლამურ რადიკალიზმზე მსჯელობისას ჰანტინგტონის თეორიაზე დაყრდნობით ლაპარაკობენ ცივილიზაციათა ომზე.  მსჯელობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მტრობაზე იქცა ზოგად მითითებად, ერთგვარ ხელისშემშლელ შაბლონად პოლიტოლოგიაში, ისტორიაში, პუბლიცისტიკაში.

მსოფლიო სულ უფრო ნაკლებად ევროცენტრულია. გამორიცხულია, რომ მთელი დასავლეთი გაერთიანდეს ისლამური აღმოსავლეთის წინააღმდეგ. ეს მაშინაც არ მომხდარა, როცა ევროპა არ იყო ეგალიტარული და სეკულარული. ქრისტიანული ევროპა ყველა საშუალებით ხელს უშლიდა რუსეთის იმპერიას, რომ კონსტანტინოპოლის აღებით განეხორციელებინა რევანში ბიზანტიის დაცემის გამო. მანამდე ბიზანტიას მტრობდნენ ჯვაროსნები, ვენეციელები, გენუელები, რომელთაც თურქების მოსვლამდე მოაოხრეს კონსტანტინოპოლი. მონარქიულ-კათოლიკური ევროპა რუსეთს ყოველთვის მტრობდა . ეს ყველაფერი კი არ უნდა დაივიწყოს ჰანტინგტონის თეორიით გატაცებულმა აქაურმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, რომელიც ერაყ-ამერიკის დაპირისპირებაში მაინცდამაინც ქრისტიანობის ისლამთან შეჯახებას ხედავს.

ერაყი პოლიეთნიკური სივრცეა და აქ ქრისტიანული თემებიც არსებობს. ეს არის 23-მილიონიანი ქვეყანა შიიტური უმრავლესობით, რომელშიც მოსახლეობის თითქმის ნახევარი არაარაბია. ახლა ამ ფაქტზე დაყრდნობით აშშ ცდილობს პოლიეთნიკური სივრცის დანაწევრებას დემოკრატიზაციისა და მშვიდობის, ტერორიზმთან ბრძოლის სახელით. ამერიკელებმა მეტად ფართო მნიშვნელობა მიანიჭეს ტერორიზმის ცნებას. ამჟამად ტერორიზმის კვალიფიკაცია ეძლევა ყველაფერს, რაც ეწინააღმდეგება დასავლურ დემოკრატიას. დასავლურ განმარტებებს თუ ვერწმუნებით, ნებისმიერი რადიკალური ქმედება არის ტერორიზმი. რით განსხვავდება რადიკალური, ექსტრემისტული ქმედება ტერორიზმისაგან? თუ ნებისმიერი რადიკალური ქმედება ტერორიზმის  კვალიფიკაციას იძენს, მაშინ რაღას ნიშნავს რადიკალიზმი პოლიტიკაში, რომელზეც ასე ხშირად საუბრობენ?

რამდენიმე წლის წინ ქურთები ევროსაბჭოს შენობაში ძალით შეიჭრნენ და ამით შეეცადნენ მიეპყროთ ყურადღება თურქეთის არმიის მიერ ქურთული სოფლების გადაწვის გამო. ანტიგლობალისტმა ახალგაზრდებმა  ევროპის რომელიმე ქალაქში თუ დაარბიეს კვარტალი პროტესტის ნიშნად, ეს ექსტრემიზმია თუ ტერორიზმი?

სოციალისტურ და კაპიტალისტურ ბანაკთა დაპირისპირების დროს ორივე სისტემა თავისი იდეების გავრცელებას ცდილობდა. სოციალისტური ბანაკის დამარცხების შემდეგ მრავალი წელი იმეორებდნენ, რომ ბოლშევიზმი რევოლუციის ექსპორტს ეწეოდა. დღეს ამერიკელები ყველა საშუალებით დემოკრატიის ექსპორტს ეწევიან, ერევიან ყველგან და ყველაფერში. არის თუ არა ეს ტერორი? მტრობას ამერიკელთა მიმართ აღრმავებს მათი უცერემონიო ჩარევა ყველაფერში. ისლამური ფუნდამენტალიზმი არის საპასუხო ქმედება. ირანის ისლამური რევოლუცია იყო რეაქცია ინგლისისა და ამერიკის ქმედებებზე ამ ქვეყანაში. დასავლეთში ამ რევოლუციას ტერორიზმისა და ფანატიზმის კვალიფიკაცია მიეცა.

თუ აშშ-ს მოწინააღმდეგე რომელიმე აღმოსავლური ქვეყანა ცდილობს უახლესი სამხედრო ტექნიკის მოპოვებას ან ქმნის ატომურ ტექნოლოგიას, ამერიკისათვის ეს ტერორიზმად გაიგება. ამერიკის ადმინისტრაციამ შეადგინა „ბოროტების ღერძის“ შემადგენელი ქვეყნების  ნუსხა. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ტერორის ცნება ძალზე ფართო გამხდარა.

როდესაც ამერიკელთა მოკავშირე პაკისტანი ქმნიდა ატომურ იარაღს, მაშინ გაეროს ინსპექცია პაკისტანში არავის გაუგზავნია. არც აშშ-ის ადმინისტრაციას გამოუთქვამს შეშფოთება იმის გამო, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება პაკისტანის მხრიდან. ამრიგად, აქ დემოკრატია კი არაა მთავარი, არამედ ის, რომ ატომური შეიარაღების მქონე პაკისტანი აშშ-ის საიმედო მოკავშირეა. აშშ ბრალს სდებს ჩრდილოეთ კორეას, ერაყსა და ირანს ატომური იარაღის შექმნაში. ერაყის ინსპექტირება მრავალი წელია მიმდინარეობს. ინსპექტირების პროცესი უკვე თავად ამერიკაში ირონიის საგანი ხდება.

იღონა კი რაიმე დასავლეთმა, რომ პაკისტანსა და ინდოეთს შორის მრავალწლიანი ტერიტორიული დავა მოგვარდეს? ისინი ბირთვული ქვეყნები გახდნენ. ამერიკელთა მტკიცებით, კაცობრიობას საფრთხეს უქმნიან სწორედ ერაყი და ირანი. ინდოეთი არაა აშშ-ის მოკავშირე, მაგრამ მასზე ამერიკელები არ ამბობენ, რომ ის უნდა განიარაღდეს.

ამერიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი კონცეფცია ერთ დონეზე აყენებს ქვეყნის მმართველსა და ფუნდამენტალისტურ ორგანიზაციას. ამერიკელთათვის ტერორისტია არა მარტო შეიხი ბენ ლადენი, არამედ სადამ ჰუსეინიც. ეს მსჯელობა აიტაცეს ქართველმა მედასავლეთეებმა და მედიასაც ლხენა მიეცა. ითქმის, რომ ტერორისტია ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო, ირანის ისლამური მთავრობა, აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა. აფხაზეთის შესახებ ასე ასკვნიან: თუ არძინბა ტერორისტია, მაშასადამე,  NATO-ს ძალები სოხუმში უნდა შევიდნენ. იქმნება პრიმიტივიზმის შედევრები პოლიტიკურ აზროვნებაში.  აქვე გასახსენებელია უაზრო ანალოგიები და პარალელები, როცა სადამ ჰუსეინსა და ზვიად გამსახურდიას ერთურთს ადარებდნენ ჯერ კიდევ 1991-93 წლებში. მავანი დემოკრატები ამბობდნენ, რომ მათ ჰუსეინის მმართველობა გამსახურდიას აგონებდა. დღეს ამბობენ, რომ ჰუსეინის მხარდამჭერი მიტინგები ერაყში ჰგავს გამსახურდიას მხარდამჭერთა მიტინგებს. ეს დემოკრატები გამსახურდიასა და ლუკაშენკოს შორისაც ავლებენ პარალელებს. უფრო ადრე გამსახურდიას ჩაუშესკუს ადარებდნენ.

მრავალწლიანი ერთპიროვნული მმართველობის მიუხედავად, სადამ ჰუსეინი შეუძლებელია გაუთანაბრდეს ტერორისტს ან არანორმალურ ადამიანად იქნეს მიჩნეული. ეს დასავლეთს სურს, რომ ასე იყოს. ამერიკელებს აღარა აქვთ ის მორალური ავტორიტეტი, რომელიც მათ ჰქონდათ 1990-95 წლებში. მათი რიტორიკით დღეს ასე იოლად აღარ ტყუვდებიან მსოფლიოში, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. დასავლურ და რუსულ ლიბერალურ მედიას აყოლილი ქართველი დემოკრატი ერაყის პრეზიდენტს უდიერად და თანაც სახელით მოიხსენიებს. რა სადამი? რა ფამილარობაა? შენი მამის ამხანაგია? ჰო კარგი, უცხოეთში ასე ამბობენ, მაგრამ აქ სახუმაროდ არის საქმე? ქართველი შტერი ხან ვის შეაჩვევს პირს და ხან ვის. ესაა მისთვის თავისუფალი აზროვნება.

საქმის გასაიოლებლად ამერიკელები სადამ ჰუსეინს ბენ ლადენთან კავშირში სდებენ ბრალს. ერაყის პრეზიდენტი საერო მმართველია და არა ფუნდამენტალისტი. ამის დანახვაში არც იმან უნდა შეგვიშალოს ხელი, რომ ერაყის მმართველი პანარაბისტია. არაბული ფუნდამენტალიზმი (სალაფიზმი) არის არაბული ნაციონალური და პანარაბული მოძრაობაც. ერაყის პრეზიდენტის ხელისუფლება საეროა, მაგრამ მმართველი „ბაასის“ პარტიის იდეოლოგიაში ყოველთვის არის ისლამური იდეები. ეს ისლამური გარემოს თავისებურებაა. საერო ხელისუფლებაა ეგვიპტეში, მაგრამ ხელისუფალნი ხშირად მიუთითებენ ისლამურ იდეებზე. დასავლეთში ასე არ ხდება, არც რუსეთში. ქვეყნის მმართველნი არ ლაპარაკობენ ქრისტიანულ იდეებზე. ახლახანს ევროპაში წარმოიშვა კამათი იმის გამო, უნდა შეიტანონ თუ არა ევროკავშირის კონსტიტუციაში ქრისტიანული პრინციპები.

ერაყში მმართველი „ბაასის“ პარტია ყოველთვის პანარაბიზმის იდეებს იცავდა, მაგრამ ის ამ იდეათა განხორციელებას ფუნდამენტალიზმის გარეშე ცდილობდა. არაბები არიან ერთი ხალხი მრავალი სახელმწიფოთი, რომელიც მსოფლიოში ვერ ასრულებს იმ როლს, რაც მას ეკუთვნის. პანირანიზმის, პანთურქიზმის თუ პანსლავიზმისაგან პანარაბიზმი განსხვავდება გარემოს ერთგვაროვნებით. ირანელთა გარდა ირანული წარმოშობისანი არიან პუშტუნები, თაჯიქები, ოსები, ქურთები, მაგრამ ცალკე ეთნოსებად არიან ჩამოყალიბებულნი. თურქების გარდა თურქული წარმოშობისანი არიან აზერბაიჯანელები, თურქმენები, უზბეკები და სხვები, მაგრამ ისინი ცალკე ხალხებად ითვლებიან. რუსების გარდა სლავური წარმოშობისანი არიან პოლონელები, სერბები, უკრაინელები, ბელორუსები და სხვები, მაგრამ ყველა ცალკე ხალხად მიიჩნევა. არაბი ყველგან არაბია, მაღრიბშიც და მაშრიყშიც. პანარაბიზმს პანირანიზმის, პანთურქიზმისა და პანსლავიზმისაგან განსხვავებით ამის გამო განხორციელების მეტი შესაძლებლობანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ის უდიდეს შინაგან თუ გარედან ინსპირირებულ წინააღმდეგობებს აწყდება. ამის მიუხედავად, არაბულ და მთლიანად ისლამურ სამყაროში დიდ ისლამურ საგრობას ეყრება საფუძველი. ვაჰაბიზმი და მთლიანად სუნიტური ფუნდამენტალიზმი (მუვაჰიდიზმი) რელიგიური პანარაბიზმია თავის განვითარების პირველ საფეხურზე, რომელიც პანისლამიზმად გადაქცევას ცდილობს.

ერაყი განვითარების თავისებური გზით წავიდა და სადამ ჰუსეინის ერთმმართველობა ქვეყნის წარსულითაა განპირობებული. ახლა იმის მტკიცება, რომ ერაყში უნდა დამკვიდრდეს მრავალპარტიულობა, არის საკითხის უკიდურესად გამარტივება. ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტს, ხედავს რა მასში პანარაბული ინტერესებისათვის მებრძოლს. შეუძლებელია ამდენი წლის მანძილზე ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერა მხოლოდ რეპრესიებით ყოფილიყო შესაძლებელი. ერაყის ხელისუფლების ოპოზიცია უცხოეთში ამერიკელთა მხარდაჭერით შეიქმნა, რაც ყველა საერთაშორისო ნორმის უგულებელყოფაა. ამან თავისი პრეზიდენტისადმი ერაყელი ხალხის მხარდაჭერა უფრო გააძლიერა. ამერიკელებმა ვერ აამოქმედეს ერაყში გახრწნის ტექნოლოგია. ახლახანს ერთმა ქართველმა ვიგინდარა პოლიტოლოგმა თქვა, რომ „ფანატიკოს ერაყელთა ბრბოები თავის ტერორისტ პრეზიდენტს ესალმებიან“. ეს ის ლექსიკაა, რომელიც საქართველოში გამსახურდიას დასამხობად გამოიყენებოდა და ამგვარი მსჯელობა უდავო განათლებულობისა და მოაზროვნეობის ნიშნად მიიჩნეოდა.

დასავლური მედიის წაბაძვით აქ კვლავ იმეორებენ, თუ როგორ მოჰყვა ქუვეითის ანექსიას პროგრესული სამყაროს ელვისებური რეაქცია და უმწეო ქუვეითიდან ცივილიზებულმა მსოფლიომ როგორ გააძევა ერაყელი დიქტატორი. იმაზე კი არას ამბობენ, რომ ქუვეითი იყო ერაყის შემადგენელი ნაწილი წარსულში და რომ არა ინგლისის ქმედებანი, ის დარჩებოდა ერაყის ნაწილად. ერაყული პანარაბიზმი სწორედ კოლონიალიზმის მძიმე მემკვიდრეობის აღმოფხვრის მიზნით იპყრობდა ქუვეითს. აშშ – ინგლისის დაუყოვნებელი რეაქცია (და არა მთელი ცივილიზებული მსოფლიოსი) დასავლური დემოკრატიის ზნეობის დასტური კი არ არის, არამედ იმისა, თუ როგორ უფრთხის დასავლეთი არაბული გაერთიანების იდეას, რომელიმე არაბული ქვეყნის გაძლიერებას. ძირითად და არსებითი ერაყ – ამერიკის პირველ ომში ეს იყო, რაც ლიბერალური ფრაზებით დაიფარა.  დავუშვათ, 1991 წლის ომში აშშ-ს დაემხო სადამ ჰუსეინი. მოიტანდა კი ეს დასავლეთისათვის სასურველ ერაყის დემოკრატიზაციას?  დღემდე უცნობია მიზეზები, თუ რატომ არ შევიდა ბრიტანულ-ამერიკული არმია ერაყის სიღრმეში. ეს მას არც 1998 წელს გაუკეთებია. არაა სწორი, როცა ითქმის, რომ ერაყის წინააღმდეგ  1991 წელს იბრძოდა 28 ქვეყნისაგან შემდგარი კოალიცია. ძირითადად იბრძოდა ბრიტანულ-ამერიკული არმია. სხვების მონაწილეობა  იყო მხოლოდ სიმბოლური. ამის საფასურად კოალიციაში შემავალმა ქვეყნებმა შემდგომ მიიღეს ფინანსური დახმარება. ავღანეთის ომშიც დღეს იბრძვის არა დასავლური კოალიცია, არამედ ბრიტანულ – ამერიკული არმია. თვით დასავლეთში ინგლისს ირონიულად  ამერიკის 52-ე შტატს უწოდებენ იმის გამო, რომ საგარეო პოლიტიკაში ბრიტანეთის ქმედებები ყოველთვის ამერიკის ქმედებათა იდენტურია.

ერაყის კრიზისმა წარმოშვა პირველი დიდი უთანხმოება NATO-ს წევრებს შორის. ამ ორგანიზაციაში ახალმიღებული პოლონეთისა და უნგრეთის თავგამოდებას კი არ აქვს მნიშვნელობა ომის დასაწყებად, არამედ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას. აშშ – ბრიტანეთის კოალიცია ძალზე დიდხანს ემზადებოდა ომისათვის და ძალზე დიდხანს მერყეობდა მის დასაწყებად. ერაყის ომის დაწყება ისლამურ სამყაროში გახსნის მეორე ფრონტს ავღანეთის შემდეგ. ავღანეთში გაურკვეველი სიტუაციაა და აშშ-მა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. ერაყში მეორე ფრონტის გახსნა ძალზე სარისკო საქმედ იქცა. ომის დაწყებამ შესაძლოა გააღრმავოს განხეთქილება NATO-ში. ომი დააჩქარებს იმ პროცესებს ევროპაში, რაც აქ ხელოვნურად შენელებული იყო მრავალი წლის მანძილზე. ერაყში შეჭრა გამოიწვევს პანარაბიზმის უდიდეს გააქტიურებას. შესაძლოა ერთი მეორის მიყოლებით დაემხოს აშშ-ს  მოკავშირე  იორდანიის, ეგვიპტის, საუდის არაბეთის, წვრილი არაბული ქვეყნების მთავრობები.

ერაყის დაშლა და აშშ-ინგლისის ჯარის ჩადგომა ახალ წარმონაქმნებში ნიშნავს ამერიკისა და ირანის ხელახალ შეჯახებას. ერაყის დაშლის შემთხვევაში ისრაელი ძალზე ორაზროვან მდგომარეობაში ჩავარდება. მისთვის თითქოს ხელსაყრელი უნდა იყოს ერაყის დაშლა, მაგრამ ისრაელს ეს კარგს არას მოუტანს.

ირანის ელჩი რუსეთში ღოლამრეზა შაფეი  ლაპარაკობს ირანის ნეიტრალიტეტზე  ერაყის კრიზისში და მის მოგვარებას დიპლომატიური გზით იმედოვნებს. ელჩი აყენებს კითხვას – რატომ მფარველობს აშშ ისრაელის ატომურ პროგრამას? ელჩის თქმით, ისრაელმა სამასამდე ბირთვული ქობინი დააგროვა და არ ემორჩილება არანაირ საერთაშორისო კონტროლს. ელჩი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ერაყის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და შეუძლებელია მას თავს მოახვიო უცხოეთზე დამოკიდებული წყობა (Независимая газета, 11. II. 03).

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი საუდ ალ-ფეისალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დიპლომატიურ ძალისხმევაში ერაყის გამო, რუსეთი მთავარი მხარეა (НГ, 17. II. 03).

ერაყში არაა ის საზოგადოება, რომლის ანალიზი დასავლური პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ცნებებითა და მეთოდებით იქნებოდა შესაძლებელი. ამგვარი მცდელობანი მხოლოდ ხელს უშლის ანალიტიკოსს საკითხის გარკვევაში.

გასაკვირია ის, რომ ინსპექტირების ხანგრძლივ პროცესში აქამდე არ ფიგურირებდა ის მცირე სიშორის რაკეტები, რომელთაც ახლა ერაყის მთავრობა სრულ ლიკვიდაციას უპირებს. არის ერთი ასეთი ორაზროვნება: დავუშვათ, განიარაღდა ერაყი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ შეეგუება ერაყის პრეზიდენტის თავის პოსტზე დარჩენას? განა აშშ ომის დაწყებას ერაყის დემოკრატიზაციის სახელითაც არ ცდილობს? დასავლურ მედიაში ერაყ-ამერიკის პირველი ომის დამთავრების დღიდან გადაიცემა ინფორმაცია, რომ აშშ ამზადებს ერაყულ ოპოზიციას. ესე იგი, ათ წელზე მეტია აშშ პრეზიდენტ ჰუსეინის დასამხობად ოპოზიციას ამზადებს, მაგრამ სადამ ჰუსეინისადმი ხალხის მხარდაჭერისა და ერთგულების გამო გადატრიალების მოწყობას ვერ ახერხებს. სხვა დასკვნის გამოტანა არსებულ ვითარებაში შეუძლებელია.

ერაყი ევროპულ კოლონიალიზმთან ბრძოლის მრავალ წელს მოითვლის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერაყში ინგლისის გავლენა იყო და ერაყის მეფე ფეისალი ინგლისელთა მსახური იყო. მეფეს ებრძოდნენ და 1958 წლის 14 ივლისის რევოლუციამ რამდენიმე პარტიის მონაწილეობით ფეისალი დაამხო და ის მოკლეს. ამ რევოლუციაში ახალგაზრდა სადამ ჰუსეინიც მონაწილეობდა. არაბულ ქვეყნებში უკვე მაშინ იყო გაშლილი პანარაბული მოძრაობა. ერაყის რევოლუციური მთავრობა პანარაბიზმისაგან შორს იდგა. ამ მთავრობის დამხობა ითავა პანარაბისტულმა, სოციალისტურმა  „ბაასის“ პარტიამ. მან განზრახვა აღასრულა. ამის შემდეგ  „ბაასი“ არმიის გენერლებმა დაარბიეს.  1968 წლის ივლისში „ბაასმა“ გადატრიალება მოაწყო და დახვრიტა მთავრობა. ამის შემდეგ „ბაასმა“ განახორციელა საპასუხო რეპრესიები წარსულში გენერლებისაგან დევნის გამო. სადამ ჰუსეინმა გაიარა პოლიტიკური ბრძოლის, ინტრიგების, დევნის, პატიმრობის გზა. ის არის არაბული ეროვნული ბრძოლის წარმომადგენელი. იგი ახალგაზრდობიდანვე ერაყელთა უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა. დაუსრულებელი პარტიული ბრძოლის, ინტრიგების, სხვადასხვა ქვეყნების აგენტურათა ქმედებების მნახველმა კაცმა აკრძალა ყველა პარტია „ბაასის“ გარდა. ერაყის კომპარტიის მრავალი წევრი დახვრიტეს, როგორც უცხოეთის აგენტი. პრეზიდენტმა შექმნა დიდი არმია და ცდილობს ერაყი არაბული სამყაროს წინამძღოლად აქციოს.  XX საუკუნის 50-იან წლებში  თურქეთიც ცდილობდა აშშ-ს მხარდაჭერით შეექმნა თურქულ-არაბული კოალიცია, რათა ახლო და შუა აღმოსავლეთის დომინანტად ქცეულიყო.  თურქეთის ამ მცდელობას არაბული ქვეყნები უარყოფითად აფასებდნენ.

ერაყის საკითხის სიმძიმე ვერ დაიძლევა დასავლეთის პროპაგანდისტული მოწოდებებით: „ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და პიროვნების თავისუფლება, მან ხმა უნდა აღიმაღლოს ერაყელი დიქტატორის  წინააღმდეგ!“ და სხვა ამგვარები. დღეს ძნელია ასეთი მსჯელობით ადამიანთა დარწმუნება. 10 წლის წინ კი ასეთმა დემაგოგიამ მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყანა გააპარტახა.

ქართული პოლიტიკური აზროვნების ზერელობა იქიდანაც ჩანს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაჭრას ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხან ამერიკის მიერ სერბეთის დაბომბვას, ხან ავღანეთის დაბომბვას და ქვეყანაში შეჭრას, ახლა კი ერაყის შესაძლო ომს უკავშირებენ  (გაზეთის ეს ნომერი მზადდებოდა და გამოვიდა ომის დაწყების წინა დღეებში. ერაყის მეორე ომი დაიწყო 2003 წლის 19 მარტს). თუ სხვაგან დასავლეთი შლის ქვეყნებს, ამას საქართველოში აღტაცებით ხვდებიან. ამავე დროს, იმედოვნებენ, რომ დაშლილ საქართველოს  სწორედ დასავლეთი გააერთიანებს. ქართველი პოლიტიკოსები უცხოელთა ხელით, დასავლეთისადმი ლიქნითა და ლაქუცით ცდილობენ გაასწორონ წინაპართა და თანამედროვეთა მიერ გამრუდებული საქმე.

****************

ყოველკვირეულ “ახალი 7 დღის” მომდევნო ნომერში (28 მარტი – 3 აპრილი, 2003 წ., გვ. 3, 8-9) დაიბეჭდა ჩემი მასალა ერაყის ომზე, სათაურით – ერაყი – XXI საუკუნის “აღმოსავლეთის საკითხი”. ჩავიწერე გია ნოდიას და პაატა ზაქარეიშვილის ვრცელი ნაუბარი. ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე ვერ უპასუხეს. არ მესმის, რატომ ეწოდებათ მათ პოლიტოლოგები და ექსპერტები. ისინი არიან სამეცნიერო მიმიკრიის განსახიერება. წლობით ტელეეკრანს არიან გამოკერებულნი და მათი ლაპარაკი ისმის. ორთავენი არიან შევარდნაძის კრეატურები და შევარდნაძის გაგრძელება. ორთავენი არიან კონფორმისტები და გამყიდველი კარიერისტები. ორივე მათგანმა კარიერა გაიკეთა იმით, რომ იყვნენ და იქნებიან ამერიკული გავლენის აგენტები. არა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ნოდია სააკაშვილის მომხრე იყო და არის, ზაქარეიშვილი კი – ოპოზიციონერი. ზაქარეიშვილის ნატყუარი კრიტიციზმი განკუთვნილია თავისუფალ ექსპერტად თავის მოჩვენებისათვის. ნოდია არის ფილოსოფიის რენეგატი და ერთ-ერთი დამსამარებელი ქართული ფილოსოფიისა. ზაქარეიშვილი რაც არის, კიდევ ახლა გამოჩნდა. ეს ორნი დღემდე გამოდიან და ქვეყანას ჭკუას არიგებენ.

ეს მე გავმართე გია ნოდიასა და პაატა ზაქარეიშვილის ნაბოდიალები. ხან ასე სურდათ თქმა, ხან ისე, რათა მიუკერძოებელ ექსპერტებად წარმოჩენილიყვნენ. დრო მცირე იყო, დიდი ჯახირის შემდეგ მორიგი ნომრისათვის მოვამზადე ეს მასალა და დედლაინისათვის ჩავაბარე. ჩემგან დასმულ კითხვებზე მევე ვუპასუხე, რომ მკითხველისათვის აზრი ჰქონოდა ამ ჩანაწერის წაკითხვას. ნომრის გამოსვლა ორთავეს შევატყობინე და არაფერი უთქვამთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s