ერაყი – XXI საუკუნის აღმოსავლური საკითხი


     

 *პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „ივერია“ (13 აგვისტო, 2004 წელი, N 68). (სიზუსტისათვის: ეს გაზეთი დააფუძნა ილია ბარამიძემ. გამოდიოდა აშშ-ში 2001 წლის აგვისტოდან და საქართველოში 2004 წლის თებერვლიდან).  წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებითა და სრული სახით.

ერაყის კრიზისი მთელი ახლო და წინა აღმოსავლეთის კრიზისად გადაიქცა. რაღაც სიმბოლურია იმაში, რომ კულტურის აკვნის – მესოპოტამიის მიწაზე დგანან ტექნოლოგიური ნომადები- ამერიკელები, რომელნიც ცდილობენ ერაყის ლიბერალიზებას დიდი ევროპული იდეის მსოფლიო კრიზისის ვითარებაში. ამერიკელთა შუამდინარეთში ყოფნა ახალი ერის დასაწყისია, მაგრამ არა იმ ერისა, რომელზეც ამერიკელები ლაპარაკობენ.

ომი შარშან, 19 მარტს დაიწყო და ერაყული ბლიცკრიგი გარკვეული აზრით ზიცკრიგად (მჯდომარე ომი) იქცა. ანტიერაყული კოალიცია დიდხანს ემზადებოდა ომისათვის. პენტაგონისა და თეთრი სახლის ექსპერტები მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლებლობას განიხილავდნენ, მაგრამ შესაძლებელთაგან ყველაზე უარესი მოხდა. გაცუდდა აღმოსავლეთის საკითხთა ასობით სპეციალისტის, ათობით კვლევითი ცენტრის რეკომენდაცია და გეგმა ერაყის ლიბერალური მოწყობის შესახებ. პროგნოზირებისა და რაციონალური შეცნობის შესაძლებლობანი სულ უფრო მცირდება როგორც ერაყში, ასევე ავღანეთში.

ჯორჯ სოროსი ერაყის გამო თავის ნაშრომში აღნიშნავს: „მე გაუთვალისწინებელ ნეგატიურ შედეგებს მოველოდი, მაგრამ რაც მოხდა, მან ბევრად გადააჭარბა ჩემს წარმოსახვას“ (Джордж Сорос. Мыльный пузырь американского превосходства. Альпина Бизнес Букс. М., 2004, стр. 69-70).

ამერიკას აქვს გამოცდილება იაპონიის, როგორც აღმოსავლური ქვეყნის, ომისშემდგომი ლიბერალიზებისა, ასევე გერმანიის დენაციფიკაციისა და ამერიკანიზაციის წარმატებული პრაქტიკა. უფრო ადრე არსებობდა თურქეთის სეკულარიზაციისა და ვესტერნირების მაგალითი, ასევე არაბული ქვეყნების მოდერნიზების მაგალითი. დასავლეთის უდავო მიღწევაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტექნოლოგიურ რელსებზე გადასვლა.  ყოველივე ეს ამერიკელთა მიერ, ცხადია, განიხილებოდა როგორც დასაყრდენი და პრეცედენტი ერაყის ლიბერალიზების საქმეში.

ერაყის პოლიტიკური სინამდვილე განპირობებული იყო პოსტკოლონიური ეპოქის მძიმე მემკვიდრეობით. სტანდარტული მსჯელობა  დემოკრატიის დამკვიდრებაზე, თითქოს ეს რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა ყოფილიყოს, ცდილობენ მიუყენონ ძალზე ცპეციფიკურ რეგიონს – მაშრიყს და კონკრეტულ ქვეყანას – ერაყს, რომელსაც „ბოროტების ღერძის“ ქვეყნებიდან პირველს დაატყდა თავს ამერიკელთა სამხერო ძლიერება.

არ მიექცა ყურადღება იმას, რომ ლაიცისტური (საერო) რეჟიმის არსებობა ერაყში უდავო მიღწევა იყო. სადამ ჰუსეინი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა ისლამური ფუნდამენტალიზმის მოკავშირე. ისლამური რევოლუციის დროს ირანის განაცხადი მსოფლიო სამუსულმანოს ლიდერობაზე  ერაყმა, ისევე როგორც მრავალმა ისლამურმა ქვეყანამ არ მიიღო. ირან-ერაყის ომში (1980-88) ამერიკელები სადამ ჰუსეინის მოკავშირენი იყვნენ, აწვდიდნენ მას იარაღს, რათა  მას დაემხო ირანის ისლამური და ანტიამერიკული მთავრობა. ერაყის მოკავშირე იყო საუდის არაბეთიც. დიდი სიძულვილი ირანსა და ალ-საუდების მონარქიას შორის ისევ ისე ღვივის. აიათოლას რევოლუციის წინააღმდეგ მებრძოლ სადამ ჰუსეინთან ომის დროს, 80-იან წლებში ჩავიდა აშშ-ის ახლანდელი თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. ქიმიური იარაღის კომპონენტებს ერაყი იღებდა დასავლური სამხედრო ფირმებისგან.

ირანის რევოლუციურ არმიას ერაყის ტერიტორიაზე შეჭრისას ჰქონდა მიზანი, რომ დაემხო სადამ ჰუსეინისა და სუნიტური უმცირესობის საერო რეჟიმი და ერაყის შიიტურ უმრავლესობაზე დაყრდნობით შეექმნა ერაყის ისლამური შიიტური რესპუბლიკა, როგორც ეს ირანშია. სადამ ჰუსეინმა მოიგერია ირანელთა შეტევა და შეინარჩუნა სუნიტური უმრავლესობის სეკულარული რეჟიმი.

ირან-ერაყის ომში ირანულ ფუნდამენტალიზმთან ბრძოლამ უფრო გამოკვეთა სადამ ჰუსეინის ხელისუფლების საერო ხასიათი და ის, როგორც საერო მმართველი სისხლში ახშობდა ირანის მიერ ინიცირებულ ერაყელ შიიტთა ფუნდამენტალიზმს. სადამ ჰუსეინი სუნიტური ფუნდამენტალიზმის მიმართაც ძალზე შეუწყნარებელი იყო.

ამერიკელთა ქმედებებმა ერაყის კატასროფულ დესეკულარიზაციას, დეევროპეიზაციას და დემოდერნიზაციას შეუწყო ხელი. ამ დროს აქსიომატურად შემოიტანეს, რომ დემოკრატია ჭეშმარიტებაა, რაც არსებულ სიტუაციაში უაზრობაა. სადამ ჰუსეინის პარტია ბაასი იყო ის ავტორიტეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც ისლამურ ექსტრემიზმს  ერაყში ძალების გაშლის საშუალებას არ აძლევდა. ერაყის დებაასიზაცია, ამ პარტიის გაუქმება და გარეკვა, ცხადია, ძალზე მცდარი ნაბიჯი იყო. ეს პარტია თრგუნავდა მუსლიმ ფუნდამენტალისტთა წამოწყებებს და მათ საერო ისლამიზმისა და პანარაბიზმის ფარგლებში აქცევდა. ეს ძალზე ბევრს ნიშნავდა. ბაასი ინარჩუნებდა ერაყში ევროპეიზმისა და მოდერნის მონაპოვრებს. ეს უფრო მეტს ნიშნავდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ბაასის გაუქმებით კი არა მრავალპარტიულობას, არამედ რელიგიურ ექსტრემიზმს გაეხსნა ხელ-ფეხი. ის, რაც ამერიკელებს გაუკეთებიათ ქრისტიანულ ქვეყნებში ინტერვენციებისა თუ გადატრიალებათა ინსპირირებისას, არ გამოვიდა მუსულმანურ ქვეყანაში.

სიტუაცია უფრო დაამძიმა იმან, რომ ბაასის ხელმძღვანელობამ და გენერალიტეტმა სადამ ჰუსეინს და მთლიანად რეჟიმს უღალატა. ამან სუნიტური უმცირესობა დაამცირა მისგან რეპრესირებული შიიტური უმრავლესობისა და ასევე ქურთების თვალში. აღარ არის ერაყში ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც საერთოერაყული ავტორიტეტი ექნება.

ამერიკელები ეთნიკური წარმომადგენლობის პრინციპზე დაყრდნობით ცდილობენ  ახალი რეჟიმის შექმნას. წინ გამოჰყავთ შიიტი არაბები და ქურთები. სუნიტური უმცირესობა, რომელიც პოსტკოლონიური ერაყის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობდა, ამერიკელთაგან დევნილია.

როდესაც ერაყი ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა, ერაყელი ქურთების შენაერთები გამოიყენებოდა  ოსმალეთის სულთანის წინააღმდეგ აჯანყებული არაბების დასასჯელად. აშშ- ერაყის პირველ ომში სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ ქურთების აჯანყების ინსპირატორი იყო უფროსი ბუში. აჯანყებულნი სადამ ჰუსეინმა სასტიკად დასაჯა. ქურთებს ჰუსეინის დროს ჰქონდათ ავტონომია. დღეს რომ საუბრობენ ქურთებისათვის ავტონომიის მინიჭებაზე, ეს გაუგებარი ხდება. სახელმწიფო აღარაა დღეს ერაყში და რა მნიშვნელობა აქვს ქურთული ავტონომიის გამოცხადებას. თუ ქურთები უფრო მეტს მოინდომებენ, ვიდრე ავტონომიაა, მაშინ შიიტი და სუნიტი არაბები გაერთიანდებიან ქურთთა წინააღმდეგ.

ავღანეთში ამერიკელები პუშტუნებს დევნიან. აქ ძველი დროიდანვე სახელმწიფოს წარმომქმნელი ძალა იყო პუშტუნური ტომები, რომელთა უმრავლესობამ რამდენიმე წლის წინათ თალიბების მოძღვრება მიიღო. ამერიკელებს წინ გამოჰყავთ თალიბების მიერ რეპრესირებული უზბეკები, ხაზარები, თაჯიქები.  აქ უკვე პუშტუნები დაუპირისპირდნენ არაპუშტუნ ავღანელ ხალხებს არა როგორც თალიბები არათალიბებს, არამედ როგორც ეთნოსი ეთნოსებს. ამერიკელთა ავღანეთიდან გასვლა ნიშნავს პუშტუნთა რევანშსა და შურისძიებას. ამერიკელთა შეჭრამ ავღანეთში თალიბთა მოძრაობას უფრო მეტი ფანატიზმი და დაუნდობლობა შესძინა. მიმდინარე მომენტისათვის ავღანეთში ამდენი ტერაქტები არ ხდება, როგორც ეს ერაყშია, რაც ავისმომასწავებელია. თალიბები რაღაცას იზრახავენ.

ფაქტია, რომ ამერიკელები ორივე ფრონტზე- ავღანეთშიც და ერაყშიც, როგორც უდავო გამარჯვებულები, სიტუაციის მძევლებად იქცნენ. ამერიკელთა გასვლა ავღანეთიდან და ერაყიდან ნიშნავს ევროპეიზმისა და საგანმანათლებლო სეკულარული პროზელიტიზმის სრულ აღმოფხვრასა და რეგიონის უფრო მეტ რეისლამიზაციას.

ჯორჯ სოროსი ზემოაღნიშნულ ნაშრომში ამბობს, რომ ერაყიდან გასვლა მიუღებელია. ეს, მისი თქმით, იქნებოდა ტერორისტების გამარჯვების მაუწყებელი და ამერიკის მდგომარეობას მსოფლიოში გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა          (стр. 174). სოროსი ჭაობს უწოდებს ერაყის ოკუპაციას და აღნიშნავს, რომ 2003-04 წლებში ეს ოკუპაცია ამერიკას 160 მლრდ. დოლარი დაუჯდება (стр. 70) და ეს, სოროსის თქმით, შემცირებული შეფასებაა.

ისლამური ქვეყნების თავისებურება ისაა, რომ მაგალითად, პაკისტანში, ირანში, ეგვიპტეში, სირიაში ეკონომიკის მოდერნიზაცია არ იწვევს შემდგომ ვესტერნიზაციასა და ლიბერალიზაციას (მაგ. ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნებს). დასავლური ტექნიკური მიღწევების ათვისება და რეპროდუცირება იწვევს რეორიენტალიზაციას  და ისლამიზაციას. ატომური იარაღის, ბალისტიკური რაკეტების შექმნა პაკისტანსა და ირანში იწვევს სარწმუნოებრივი პროზელიტიზმისა და ისლამური იდენტიფიკაციის განცდის ზრდას. სტანდარტული ლიბერალური იდეოლოგემები – ღია საზოგადოება, თავისუფალი ბაზარი, არჩევნები და ა.შ – არ ყალიბდება.

ამერიკელთა ერაყში შეჭრამ ისლამურ სამყაროში დასავლეთის საერთაშორისო ავტორიტეტს ძალზე ავნო. მუვაჰიდებისათვის  (ფუნდამენტალისტებისათვის) იმას კი აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ დაემხო დიქტატორი ჰუსეინი. მათთვის ეს ფაქტი გაიგება ისე, რომ არამუსულმანებმა დაამხეს პანარაბისტი მუსულმანი მმართველი, რომელიც ამერიკელებსა და ებრაელებს ებრძოდა.

ერაყი იქცა დამდეგი საუკუნის აღმოსავლურ საკითხად. აქ წყდება ევროპეიზმისა და საგანმანათლებლო სეკულარიზმის ბედი. საკითხი მხოლოდ ლიბერალ-კაპიტალიზმის შემდგომ არსებობას აღარ  ეხება.  გლობალური ანტივესტერნიზმი უპირისპირდება გლობალურ ნეოლიბერალიზმს, რადიკალურ ატლანტიზმს უპირისპირდება რადიკალური ისლამი.  ერაყში ამერიკელთა დამარცხება იქნება საგანმანათლებლო კულტურტრეგერობის დასასრული და მზარდი გლობალიზმის მიუხედავად, ევროპეიზმი გადაიქცევა ლოკალურ მოვლენად. ავღანეთსა და ერაყში შეჭრამ ლიბერალიზმის მომავალი უშუალოდ დამოკიდებული გახადა ამ ქვეყნებში საომარი კამპანიების წარმატებაზე.

აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო იერარქიის მიხედვით, საბჭოთა კავშირი იყო მეორე ევროპა. ლიბერალიზმმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განიცადა მარცხი და როგორ იმედოვნებენ ამერიკელები აღმოსავლეთში ლიბერალიზმის დამკვიდრებას? დასავლეთმა რუსული განმანათლებლობის მიღწევები ევრაზიაში არაფრად მიიჩნია და ყველას არწმუნებდა, რომ თავისუფლების სახელით პოსტსაბჭოთა რეგიონების დეკულტურაცია ხალხებს მიიყვანდა  ლიბერალ-კაპიტალიზმამდე, როგორც განმანათლებლობის მეორე ვერსიამდე.

სიტუაციის უნიკალობა იმაშია, რომ ისლამის საგანმანათლებლო სეკულარიზმთან ბრძოლის პირველი ფაზა პოსტსაბჭოთა ათწლეულში დამთავრდა ისლამის უკუგდებით, მაგრამ არა ისლამის მოწინააღმდეგეთა გამარჯვებით. რელიგიურ იდეასთან ბრძოლაში ამერიკელებმა სეკულარისტული ლექსიკის გარდა მოიშველიეს საკუთარი რელიგიური იდეა – პროტესტანტული (კალვინისტური) ფუნდამენტალიზმი. ამერიკელთა იდეოლოგია დღეს წარმოადგენს ნეოკონსერვატიზმისა და პროტესტანტული ფუნდამენტალიზმის ერთგვარ სინთეზს. ლიბერტარიანელთა საბაზრო ორთოდოქსია თავის გამართლებას ნახულობს ქრისტიანობის კალვინისტურ ინტერპრეტაციაში.

კვლავ მივმართავ ჯორჯ სოროსს: მის თანახმად, ბუშის ადმინისტრაციის მიერ ნაქადაგებ ძალის იდეოლოგიაში ერთმანეთს ერწყმის რელიგიური და საბაზრო ფუნდამენტალიზმი  (стр. 25). სოროსი მიუთითებს, რომ რესპუბლიკური პარტია იმყოფება რელიგიური და საბაზრო ფუნდამენტალისტების საკვირველი კავშირის გავლენის ქვეშ და რელიგიური ფუნდამენტალიზმი ამართლებს ბაზრის ამორალურობას  (стр. 28).

აშშ-ის სახელმწიფო სტრატეგემა არის ძალმომრეობისა და აგრესიის აპრიორული გამართლება. სამხედრო დოქტრინა ითხოვდა ამოქმედებას და ის ამოქმედდა ჯერ იუგოსლავიაში (1999 წ.), ახლა ერაყში. სოროსი თავისი ამ ნაშრომის წინასიტყვაობაშივე აღნიშნავს, რომ ბუშის მიერ გამოცხადებული დოქტრინა წინასწარი სამხედრო აქციების შესახებ მას დამღუპველად მიაჩნია. სხვაგან სოროსი მიუთითებს, რომ ამერიკის სათავეში ექსტრემისტები არიან და ქვეყანა ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის ქვეშაა. მისი თქმით, ბუშის დროს მმართველობა უფრო ავტორიტარული გახდა, ვიდრე ოდესმე (стр. 29).

განათლებულ მკითხველს ახსოვს ალბათ, თუ რამდენს ლაპარაკობდნენ  XX  საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ეკოლოგიასა და მომხმარებლობის შეზღუდვაზე, უნარჩენო წარმოებაზე. ეს ლაპარაკი ამაო გამოდგა. ორი სისტემის ბრძოლაში გამარჯვებულმა დასავლეთმა კვლავ იმავე სამომხმარებლო გზით გააგრძელა სვლა, რომლის კრიზისულობაზე თვითონვე მიუთითებდა. ყურად არავინ იღო თვით დასავლელ მოღვაწეთა და მკვლევართა აზრი. მაგალითად, ალბერტ გორი (აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი) აღნიშნავს, რომ ამერიკული სამომხმარებლო ცივილიზაცია მთელ პლანეტას ჩიხში შეიყვანს.

ახლა ამერიკა ნავთობით მდიდარი ისლამური ქვეყნების, როგორც ენერგეტიკული ჰარტლენდის დაპყრობას ცდილობს.

ჯერ ახლა რა არის ისლამური ფუნდამენტალიზმი, როდესაც ერთურთთან მებრძოლი სხვადასხვა მიმართულების ექსტრემისტი მუსულმანები ასეთი ინტენსივობის იდეურ ბრძოლას წარმართავენ დასავლეთის წინააღმდეგ და ფუნდამენტალიზმმა რომ ერთიანი ფრონტით გამოსვლა შესძლოს, ძნელი წარმოსადგენი არაა, რა იქნება. დღეს კი ერთიანი ისლამური ფრონტის არარსებობა  კვლავ ექსტრემისტებისათვისაა ხელსაყრელი. სადამ ჰუსეინის დამხობით ისლამური ფუნდამენტალიზმი უფრო გაძლიერდა. სამოქალაქო ომი 23-მილიონიან პოლიეთნიკურ ერაყში, როგორც ამას ვარაუდობდნენ,  ჯერ არ დაწყებულა. არაბთა და ქურთთა გარდა აქ არიან ერაყელი სპარსელები, ნახევარ მილიონზე მეტი კათოლიკე ქრისტიანი (ასირიელები, სომხები, არაბები), ერაყელი თურქები (400 ათასი), თურქმენები და ა.შ.    სამოქალაქო ომის დაწყება კი კვლავ მუსლიმი ექსტრემისტებისათვის იქნება ხელსაყრელი და არა ამერიკელებისათვის.

მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო ერთ არსებით ვითარებაზე:  სალაფიზმი (სუნიტური ფუნდამენტალიზმი), როგორც რაციონალური თეოლოგია, თითქოს საერთოს უნდა პოულობდეს ნეოლიბერალურ მესიანიზმთან, რომელიც კალვინისტურ-იუდაისტურ (თალმუდისტურ) კავშირს ეყრდნობა, მაგრამ დაახლოება არ ხდება. საღვთისმეტყველო დისკურსის რაციონალურმა ხასიათმა გააერთიანა კალვინიზმი და იუდაიზმი, რაც თითქოს წარმოუდგენელი იყო. მათთან სალაფიზმის დაახლოება კი გამორიცხულია. სუნიტური ფუნდამენტალიზმის შემადგენელი ნაწილია ვაჰაბიზმი, რომელსაც ხშირად ქრისტიანულ-პროტესტანტულ ექსტრემიზმს ადარებენ ხოლმე, მაგრამ ვაჰაბიზმი ყველა ლიბერალური პოსტულატის (ფრაივესის პრინციპი, თავისუფალი ბაზარი და ა.შ.) გადაჭრით უარმყოფელია.

კარლ პოპერთან ფილოსოფიაში განსწავლული ჯორჯ სოროსი ზემოთ დასახელებულ თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ბუშის მმართველობა ღია საზოგადოების პრინციპთა უარმყოფელია და ის ხელმეორედ აღარ უნდა აირჩეს პრეზიდენტად.

არაფერია ამერიკის მტრებისათვის იმაზე უკეთესი, რომ კვლავ ბუში გახდეს პრეზიდენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფრის მიუხედავად, არჩევნებში გაიმარჯვებს ჯორჯ ბუში და ნეოკონსერვატორთა პოლიტიკური დოქტრინა. ამას უკვე ბედისწერის ძალა აქვს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s