ვაჰაბიტური მისიონერიზმის საკითხისათვის


                

*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში The Georgian Times“  (21-28  მარტი, 2002)  რედაქციისეული ბრიყვული ლიდით,  სათაურითა და ქვესათაურით. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება თავისი სათაურით, შესწორებული სახითა და ამოკლებული ადგილების აღდგენით.

საქართველოში უგულებელყოფილია აღმოსავლელ მეცნიერთა ნააზრევი, სადაც განხილულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობა. ეს ხდება პროვინციული ევროცენტრიზმისა და იმ აკვიატების გამო, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო არაა და არ იქნება ევროპა.

გასული წლის 11 სექტემბრის არგაგონილმა ტერაქტმა აშშ-ის ცენტრში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ მსოფლიო ასპარეზზე შემოდის ძალა, რომლის შესწავლა და შეფასება ჩვეული ტერმინებითა და კრიტერიუმებით არ ხერხდება. დასავლეთის მეხოტბეობამ საქართველოს თვალები დაუვსო და გააძლიერა მისი პროვინციული ევროცენტრიზმი.

ისლამური ფუნდამენტალიზმი არის ლიბერალ-დემოკრატიზმის იდეური ოპონენტი, რომელთან პოლემიკაც დასავლეთს ლიბერალიზმის კატეგორიების გამოყენებით ძალზე უჭირს. ძნელია, რომ ფუნდამენტალისტებს საკუთარი პოლიტიკური იდეის სისწორე ადამიანის უფლებებზე მითითებით დაუმტკიცო.  ეს არის სულ სხვა სამყარო, რომელიც დასავლური სეკულარიზმის ტრიუმფალურ სვლას დაუძლეველ კედლად წინ აღუდგა. ლიბერალთა ბანაკში ყველას დიდად სურს, რომ დასავლეთმა ისლამური ფუნდამენტალიზმი დემოკრატიაზე მითითებით იარაღის ძალით მალე დაამარცხოს და აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობის საკითხი ამოიწუროს. ცდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ  ომი ავღანეთში დასავლეთის სამხედრო და იდეური გამარჯვებით დამთავრდა.

11 სექტემბრის მეგატერაქტის შემდეგ თალიბურ ფუნდამენტალიზმზე შეიძლება ის ითქვას, რომ  кашу, которую заварили студенты-талибы, придётся расхлёбывать американцам. ამერიკელთა  როლი მოძრაობა  „თალიბანის“ მომძლავრებასა და მის მიერ ძალაუფლების მიტაცებაში უკვე ცნობილია.

ქართულ მედიაში ისლამური ექსტრემიზმი ხშირად მორიგი საინფორმაციო ინტრიგის, ყასიდი შეშფოთებისა და ქილიკის საგანი ხდება. არადა, საქმე გვაქვს არა ჩვეულებრივ  კრიმინალთან, როგორც ამის წარმოჩენა ბევრჯერ უცდიათ, არამედ იდეურ გამოწვევასთან დასავლეთის წინააღმდეგ. საქართველო ისლამური სამყაროს მოსაზღვრე ქვეყანაა. მას ევროპამდე გაცილებით ადრე, მასთან ჰქონდა ინტენსიური ურთიერთობა. ევროინტეგრაციაზე იმედის დამყარება საქართველოს ფუჭი ოცნებაა. გადაუდებელი საქმეა ისლამური ფუნდამენტალიზმის მიზნებისა და იდეური ჩამოყალიბების, ასევე მასთან დაკავშირებული ყველა პერიპეტიის შესწავლა. შიიტური და სუნიტური იდეურ-კულტურული მოძრაობანი ყურადღების მიღმა არ უნდა რჩებოდეს.

ვაჰაბიზმი სუნიტურ ისლამში არსებული მოძრაობაა, რომელიც თვით ორთოდოქსულ მაზჰაბთა (სკოლები) წინააღმდეგ გამოდის. საამისოდ მას გააჩნია საკმაო თეოლოგიური საფუძველი. ვაჰაბიტები აგრძელებენ იმ დიდ შეურიგებლობას ყოველგვარი ნოვაციისადმი ისლამში, რაც მომდინარეობს იმამ აჰმედ იბნ ჰანბალის (780-855) მოძღვრებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია XIV საუკუნის სირიელი ღვთისმეტყველი თაქი ად-დინ იბნ თაიმიია, რომლის განაზრებებზეც დაეფუძნა ვაჰაბიზმი. თავის თანამედროვეთაგან დევნილი იბნ თაიმიია საუკუნეთა მანძილზე ისლამური რადიკალიზმის ფარული სულიერი წყარო იყო.

ქართველი მკითხველისათვის რომ უფრო გასაგები იყოს ამ სირიელი თეოლოგის პრობლემატიკა, ვიტყვი შემდეგს: იბნ თაიმიია და აბდ ალ-ვაჰაბი მაჰმადის რჯულის ძველმორწმუნენი არიან, ისევე როგორც ქრისტიანობაში იყო და ახლაც არის ძველი მართლმადიდებლობა, რომელიც პიოტრ პირველის დროს დამკვიდრებულ ყოველგვარ სიახლეს ქრისტიანობაში უარყოფს და ამ სიახლეებს სატანის მძლავრებად მიიჩნევს.

ისლამურ რადიკალიზმზე მსჯელობისას უთუოდ უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიური ლიდერი უშუალოდ მონაწილეობს პოლიტიკაში, რომ ქვეყნის მეთაური არის ღვთისმეტყველი. ისლამში ისიც არის, რომ წარსულშიც და ახლაც რელიგიურ მოძრაობას ქმნიდნენ მედრესეთა (სასულიერო სასწავლებლები) მოწაფეები. მაგალითად, იმამ შამილის მოძრაობა კავკასიაში იყო რელიგიურ-სამხედრო. ირანის ისლამურ რევოლუციაში დიდ როლს ასრულებდნენ მედრესეთა სტუდენტები. დღეისათვის ავღანურ რადიკალიზმს შეადგენენ მედრესეთა კურსდამთავრებულნი, ხოლო ამ მოძრაობის წინამძღოლი არის  მოლა ომარი, რომელიც ავღანეთის უზენაესი ხელისუფალი იყო ამერიკელთა ქვეყანაში შესვლამდე.

ავღანური, ძირითადად პუშტუნთა ექსტრემიზმი არის სწორედ უკიდურესი ჰანბალიზმი და აბდ ალ-ვაჰაბის პრინციპთა განხორციელება. თალიბებს მიაჩნიათ, რომ  ქალებისათვის ჩადრის ტარების ვალდებულების აღდგენით, მამაკაცთათვის წვერის მოშვების ვალდებულების დაწესებით, მუსიკის, თეატრის, კინოს აკრძალვით, ისლამამდელი საკულტო ნაგებობების დანგრევით ამკვიდრებენ ჭეშმარიტ  რჯულიერებას და ებრძვიან ეშმაკის მსახურთ. თალიბები თავისი მოძღვრების გავრცელებას ცდილობენ შუა აზიაში, კავკასიაში, რუსეთისა და უკრაინის მუსლიმთა შორის. ამ მხრივ ავღანური ფუნდამენტალიზმი ისეთივე მისიონერული სულისკვეთების მქონეა, როგორც თავის დროზე ალ-საუდების სამეფოში აბდ ალ-ვაჰაბი იყო, რომელიც მთელი არაბეთის ნახევარკუნძულზე აგზავნიდა მისიონერ ულემებს (XVIII ს. 50-60-იანი წლები). დიდმა მისიონერულმა სულისკვეთებამ განაპირობა ვაჰაბიზმის გავრცელება ინდოეთში, ინდონეზიაში, ჩრდილო და აღმოსავლეთ აფრიკაში, პაკისტანში, მაგრამ არა ირანში. შიიტებსა და ვაჰაბიტებს შორის თავიდანვე დიდი ურთიერთსიძულვილი იყო, უფრო დიდი, ვიდრე შიიზმსა და სუნიტურ ორთოდოქსულ მაზჰაბთა შორის ყოფილა. 1801 წელს ვაჰაბიტებმა გაძარცვეს და დაანგრიეს შიიტთა წმინდა ქალაქი ქერბელა ერაყში. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ მტრობამ საუდის არაბეთსა და ირანს შორის ახალი ძალით იჩინა თავი.

ირანის გარდა ვაჰაბიზმი ვერ გავრცელდა თურქეთში. თურქეთის იმპერიამ თავის მაზჰაბად სცნო ჰანიფიზმი, რომელიც ისლამში ყველაზე ლიბერალური იყო და მაქსიმალურად პასუხობდა პოლიეთნიკური თურქული იმპერიის ინტერესებს.              ალ-საუდების პირველი სამეფო, რომლის ძლიერების ზენიტი XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა, თურქეთის სულთნის ბრძანებით, დიდი ბრძოლის შემდეგ გაანადგურა ეგვიპტის ფაშამ მუჰამედ-ალიმ 1815-18 წლებში. მანამდე ვაჰაბიტებს ებრძოდა ბაღდადის ფაშა ბუიუქ სულეიმანი, წარმოშობით ქართველი, რომელმაც 1780 წელს ერაყში შინაომების შედეგად ხელთ იგდო ძალაუფლება. თურქეთის სულთანი ბუიუქ სულეიმან ფაშასგან ვაჰაბიტთა განადგურებას მოითხოვდა. თურქებისათვის ვაჰაბიტები ურწმუნონი და უღმერთონი იყვნენ. მათ სასტიკად დასაჯეს დამარცხებული საუდიდების სამეფოს ხელისუფალნი და ვაჰაბიტი ულემები. თურქულ ისტორიოგრაფიაში ყველგან გამოსჭვივის მტრული დამოკიდებულება ვაჰაბიზმის მიმართ.

ვაჰაბიზმის ფუძემდებლის, ღვთისმეტყველ მუჰამედ იბნ ალ-ვაჰაბის როლი ძალზე დიდია ალ-საუდების სამეფოს წარმოშობასა და განვრცობაში. ის  XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში და მიზნად დაისახა არაბული ტომების გაერთიანება. ამ ადამიანმა მარტომ შეძლო მთელი არაბეთის ნახევარკუნძულის ეკლექტური რელიგიური სისტემის უარყოფა.  მან თავისი იდეური წინამორბედის იბნ თაიმიიას მსგავსად განიცადა დევნა. იგი იყო დიდი მქადაგებელი და მჭევრმეტყველი, ჰქონდა უდიდესი რწმენა. ალ-საუდების სამეფო კარისა და აბდ ალ-ვაჰაბის მოღვაწეობა ერთმანეთსაა გადაწნული.  XVIII საუკუნის ნეჯდის ოაზისების არაბული ტომებისათვის ვაჰაბიზმი იყო არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ ნაციონალური გაერთიანების იდეაც. მუჰამედ ალის მიერ განადგურებული ალ-საუდების სამეფო  მალევე აღდგა, კვლავ დამარცხდა ეგვიპტელთა მიერ და შემდეგ ისევ იბრძოდა.

ჩეჩნეთისათვის ვაჰაბიზმი და საერთოდ ისლამური ექსტრემიზმი მოგვიანებით იქცა ნაციონალ-სეპარატისტული იდეოლოგიის საფუძვლად. ჯოჰარ დუდაევის პრეზიდენტობისას ჩეჩნური ნაციონალიზმი არ აპელირებდა რელიგიისადმი. ის მიუთითებდა დემოკრატიის სეკულარისტულ ღირებულებებზე.  ვაჰაბიზმი ჩეჩნეთში რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის წინა პერიოდში გავრცელდა და თავიდანვე კავკასიის ლიდერობაზე განაცხადა პრეტენზია, შეეცადა მისიონერული მოღვაწეობის გაშლას კავკასიის მუსლიმთა შორის, შეეცადა აღედგინა შამილის დროინდელი ჩეჩნურ-დაღესტნური გაერთიანება.

რელიგიური ექსტრემიზმის გავრცელების საფრთხე არსებობს ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, განსაკუთრებით სუნიტური ისლამის მიმდევარ ახალგაზრდობას შორის. საქართველოს დამოუკიდებლობიდან ერთი ათწლეული გავიდა, მაგრამ ქართული ენის საყველპუროდ მცოდნეთა რიცხვი კვლავ თითზე ჩამოსათვლელია. აქ არსებობს სეპარატისტული მისწრაფებანი, რომელნიც სათავეს იღებენ ჯერ კიდევ 1989 წლიდან. სეპარატისტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის არა ქვემო ქართლი, არამედ ბორჩალოს მხარე, რომელიც ქართველებმა დაიპყრეს. ისლამური რადიკალიზმის დამკვიდრება სეპარატიზმის ძალებს გააათმაგებს.

საქართველოს ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ კონტრპროპაგანდის წარმართვა უჭირს იმ მიზეზის გამო, რომ არსებულ ტრადიციულ სუნიტურ და შიიტურ ისლამს ის ქედმაღლურად ეპყრობა. საქართველომ არ იცის რა დაუპირისპიროს ისლამურ მოძრაობას. აქ მცხოვრები მუსლიმები გამიჯნულნი არიან საქართველოსაგან. პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანელებისათვის ქართული კულტურა, ქართული გარემო არაფრით არაა მიმზიდველი. ამ კულტურის ქმედითობის არეალი აღმოსავლეთის მიმართულებით თბილისს ოდნავ სცილდება. აზერბაიჯანელებიც ხედავენ რა უსამართლობაც ხდება ქართველთა შორის  და უდიერი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მათში ძლიერდება. ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ სოფლებში ჩასული ადამიანი დაინახავს, რომ არანაირი ნიშანწყალი ქართული კულტურისა იქ არ არის. სრულიად უცნობია, არის თუ არა რაიმე იდეური მოძრაობა ამ დიდ სოფლებში. უცხო ქვეყანაში გეგონება თავი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s