რადიკალური ისლამის პოლიტოგენეზის საკითხისათვის


*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ივერია“ (2004 წლის  3 სექტემბერი, N 71), (გამომც. ილია ბარამიძე). წინამდებარე ტექსტი შესწორებული და მცირედ შევსებულია.

კონსტანტინოპოლის დაცემით (1453 წლის 13 მაისი ძვ. სტ.) ხმელთაშუაზღვისპირეთში შეიცვალა ცივილიზაციური ჰაბიტუსი. გეოგრაფიული არეალი, სადაც ბიზანტიური პროზელიტიზმის წყალობით მრავალი საუკუნე დომინირებდა ქრისტიანობა, ოტომანთა ისლამური ექსპანსიის გამარჯვებათა ასპარეზად იქცა. ხმელთაშუაზღვისპირეთის აფრიკული სამხრეთ-დასავლეთის არაბიზაციას დაემატა მცირე აზიის ნახევარკუნძულის თურქიზაცია. არაბებისაგან ხალიფატის დროშა თურქებმა მიიღეს და ისინი რამდენიმე საუკუნე იცავდნენ ისლამურ საიმპერიო იდეას როგორც ყოფილი ბიზანტიური ოიკუმენის საზღვრებში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

ევროპელ ჯვაროსანთა, იტალიელ მევახშეთა, კათოლიკე ბერმონაზონთა ბიზანტიელთადმი მტრობის გამო მედიტერანულ აღმოსავლეთში დაეცა corpus christianum, რაც საქრისტიანოს უდიდესი დამარცხება იყო. ამ დამარცხების სიმძიმე ვერ შეამსუბუქა რეკონკისტამ (სამხრეთ ესპანეთიდან არაბების განდევნამ), შემდგომ ახალაღმოჩენილ ამერიკაში ესპანელთა კონკისტამ, აზიასა და აფრიკაში კოლონიალიზმის ეპოქის ქრისტიანულმა მისიონერიზმმა. ადრეული ქრისტიანობის კერები (სირია, გვიპტე, ბიზანტიის პროვინციები) სამუდამოდ გადავიდა მუსლიმთა ხელში.

ახლო აღმოსავლეთს გეოპოლიტიკაში ეწოდება the land of the five Seas. ეს არის სპარსეთის ყურის, წითელი, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვებით მოსაზღვრული, ზღვათა ხუთკუთხედში მოქცეული კონტინენტური მასივი, სადაც უძველესი დროიდანვე იქმნებოდა ერთმანეთთან მებრძოლი იმპერიები. ეს ზღვათაშორისი სივრცე დღევანდელობამდე არის ქრისტიანობისა და ისლამის მრავალსაუკუნოვანი საგრობის ასპარეზი. დღეისათვის აქ ირანსა და ერაყს ებრძვის ამერიკული პროტესტანტულ-ნეოლიბერალური ფუნდამენტალიზმი. თავის მხრივ, ისლამური ფუნდამენტალიზმი ეჭვქვეშ აყენებს ლიბერალიზმის ისტორიულ პერსპექტივასა და ევროპეიზმის იდეურ მონაპოვრებს.

ბიზანტიური ოიკუმენის ხალხებიდან წმინდა ქალაქის – კონსტანტინოპოლის დაცემა ყველაზე ტრაგიკულად რუსებმა განიცადეს. მათ აიტაცეს საღვთო იმპერიის იდეა, რაც ნიშნავდა, რომ კათოლიკური ევროპა ახლა რუსეთს გაუხდებოდა მტრად, ხოლო რუსეთი კი თურქეთის იმპერიის მტერი იქნებოდა. ცხადია, ასეთ დროს ევროპული ქვეყნები ისლამის მოკავშირედ გამოვიდოდნენ. ასე გაგრძელდა მრავალი საუკუნე. ბიზანტიის დაცემის შემდეგ ევროპამ მალევე დაამყარა ურთიერთობა თურქებთან. შიში თურქთა ექსპანსიის გამო შეიცვალა ისლამოფილობის ზრდით ევროპელ ჰუმანისტთა შორის.

ჯვაროსნული ომის მომხრე პაპმა ნიკოლას V-ემ (1447-55) ყველა ქრისტიან მთავარს 1453 წლის 30 სექტემბრის ბულით დაავალა თურქებთან ბრძოლა. პაპთან ახლო ურთიერთობაში მყოფ კარდინალსა და ვიკარიუსს, ჰუმანისტთა კეთილისმყოფელს, ლორენცო ვალას მეგობარს, ფილოსოფოს ნიკოლას კუზელს               (1401-64)  დაევალა გერმანელი თავადების ჩართვა ჯვაროსნულ ომში. თურქებთან ომის წამოწყებას ნიკოლას კუზელი პონტიფექს პიუს II-ის (1458-64)  დროსაც ცდილობდა. ცნობილია, რომ არაბულისა და ებრაულის მცოდნე ამ გერმანელმა კარდინალმა სულთანს ნაშრომით Cribratio Alchorani მიმართა, სადაც ის განიხილავს ისლამს და საუბრობს ქრისტიანობის უპირატესობაზე. ამ მიმართვის მიზანი იყო სულთნის ქრისტეს რჯულზე მოქცევა.

თურქთაგან ლტოლვილი, კათოლიკობას შემდგარი სახელოვანი ბიზანტიელი უნიატი, კარდინალი ბესარიონ ნიკეელი (1403-72)  ასევე  ცდილობდა ჯვაროსნული ომის წამოწყებას 1459 წელს. პაპებისა და კარდინალების ამ მცდელობებიდან არა გამოვიდა რა. ევროპელი მთავრები შეურიგდნენ ბიზანტიის დაცემას.

XV საუკუნეში ისლამისადმი ამბივალენტური დამოკიდებულების მაგალითია იტალიაში გადასული ლათინურენოვანი ბიზანტიელი ფილოსოფოსის გიორგი ტრაპიზონელის (1395-1486)  მოღვაწეობა.  მან წამოაყენა აზრი ისლამის გარდაუვალი ტრიუმფისა და მისი ქრისტიანობის თანასწორ რელიგიად მიჩნევის თაობაზე. ეს იტალიელი ბერძენი სულთან მეჰმედ II-ზე ამბობდა, რომ ის ბედისწერის ძალით მსოფლიოს მბრძანებელი უნდა გამხდარიყო და სათავეში უნდა ჩასდგომოდა ერთიან ისლამურ-ქრისტიანულ იმპერიას.  ასეთმა აზრმა საშინელი სკანდალი გამოიწვია და მის ავტორს საპყრობილეში ოთხთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გიორგი ტრაპიზონელმა მეჰმედ II-სათვის დაწერა ტრაქტატი ქრისტიანობაზე და ასევე წერილები მისთვის, რომელნიც ხელში ჩაუვარდა იტალიის ხელისუფლებას და ავტორს ბრალი დასდეს თურქოფილობაში. ამას გვატყობინებს თანამედროვე რუსი ბიზანტინისტი იგორ მედვედევი. ამ მეცნიერის თანახმად, გიორგი ტრაპიზონელი მეჰმედ II-ის  გამარჯვებებში ხედავდა  ღვთის განზრახვას. იგი მოუწოდებდა დიალოგისაკენ ისლამსა და ქრისტიანობას შორის და თავად ისლამის შესწავლის გზას ადგა.

კონსტანტინოპოლის დაცემიდან მცირე ხნის შემდეგ მეჰმედ II-ის კარზე ჩადიოდნენ ბერძენი და იტალიელი ჰუმანისტები და ხოტბას აღუვლენდნენ სულთანს. თურქული იმპერია ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა ევროპაში. გაჩნდნენ თურქოფილები და თურქოფობები.

ინდუიზმისა და ბუდიზმისაგან განსხვავებით ისლამი დასავლური ცივილიზაციის მიმართ მეტად შეურიგებელია. ინდუიზმი და ბუდიზმი რელიეფურად გამოხატული მისტიკური სულის მიუხედავად, არ ომობენ სამყაროს რაციონალური მოწყობის კალვინისტურ-ლიბერალურ იდეასთან. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ტექნოლოგიური რევოლუცია, ასევე ინდოეთსა და ჩინეთში მიმდინარე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურების დამკვიდრება იმის დასტურია, რომ ეს ქვეყნები ითვისებენ სინამდვილის რაციონალური გარდაქმნის ევროპულ იდეას. ისლამური ქვეყნებიდან მხოლოდ მალაიზია არის გამონაკლისი, სადაც ტექნოლოგიური რევოლუცია ხორციელდება ისე, რომ რელიგია ომს არ იწყებს საერო იდეებთან. ამ ფაქტის მნიშვნელობა უფრო იზრდება, თუ გავიხსენებთ, რომ მალაიზია მონარქიული ქვეყანაა. აბსოლუტისტურ საუდის არაბეთში ეკონომიკის მოდერნიზაცია რელიგიურ მისიონერიზმს აძლიერებს და ალ-საუდების მონარქიას აქვს მთელი სამუსულმანოს ლიდერობის პრეტენზია.

მალაიზიის ტექნოლოგიზების მაგალითი აბათილებს იმ აზრს, რომ მუსულმანებს არ შეუძლიათ ტექნოლოგიური ცენტრების შექმნა.  ეს ისლამის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი დივერსიული აზრია. მეცნიერების შეტანა ევროპაში არაბთა დამსახურებაა. ისიც სათქმელია, რომ მალაიზია ისლამური სამყაროს პერიფერიაა. მის გარშემო არიან ბუდისტური ქვეყნები და ბუდიზმი თავისი მშვიდობისმყოფლური სულით გავლენას ახდენს მალაიზიურ ისლამზე. მალაიზიისაგან განსხვავებით ინდონეზიაში ექსტრემისტული ისლამია გავრცელებული. მალაიზიური ისლამი არაა ისეთი რადიკალური სულისკვეთების მქონე, როგორც არის პაკისტანური, ავღანური ან ირანული ისლამი.

ბუდიზმი ინდუიზმის წიაღიდან გამოვიდა და მან ვედური რელიგიის მრავალი დანაწესი უარჰყო, მაგრამ აქ არ ყოფილა ისეთი მტრობა, როგორიც იყო იუდაიზმისა და ქრისტიანობის  ურთიერთობის ისტორიაში. ქრისტიანებმა დაწყევლეს და დევნეს ძველი აღთქმის მიმდევრებად დაშთენილი ებრაელები. ასევე მტრულად მოეკიდა ისლამი იუდაიზმსაც და ქრისტიანობასაც.

ჩინეთსა და იაპონიაში გავრცელებისას ბუდიზმი მშვიდობიანად თანაარსებობდა  დამხვდურ რელიგიურ კულტებთან- დაოიზმთან, კონფუციანელობასთან და სინტოიზმთან. ადრეული ქრისტიანობისა და ადრეული ისლამის ისტორიიდან კი ისაა ცნობილი, რომ ქრისტიანი ბერები და მუსლიმი დამპყრობლები ანტიკურ დანატოვრებს სპობდნენ. რაც ანტიკურობას ქრისტიანობამ დააკლო, ის ისლამმა დაუმატა. ორივე მსოფლიო რელიგიის ასეთი შეურიგებლობა იუდაიზმიდან იღებს სათავეს. ქრისტიანობისაგან განსხვავებით ისლამმა თავიდანვე ბევრი გააკეთა მეცნიერებისათვის, ანტიკური მონაპოვრების განვითარებისათვის.

ექსტრემისტული სოტერიოლოგია, როდესაც სულის ცხონების საკითხი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დგას, ერთი ფესვიდან ამოსული ამ სამი აბრაამიტული რელიგიის მახასიათებელია. სულის ცხონების საკითხის ასეთმა გადაწყვეტამ ნეტარი ავგუსტინე რელიგიური ძალთაქმედების გამართლებამდე მიიყვანა. სულის ხსნაზე გამუდმებულმა ფიქრმა წარმოშვა პროტესტანტიზმი და ჟან კალვინის მძვინვარება. ამავე საკითხის საწინააღმდეგო გადაწყვეტამ წარმოშვა კონტრრეფორმაცია და იეზუიტების მოძრაობა.

ქრისტიანობისა და ისლამის უდიდესი შეუწყნარებლობის წყარო არის იუდაისტური მესიანიზმი. ცაბაოთ უფალი წინასწარმეტყველთა პირით ისრაელიანებს მუქარას უთვლის ცუდი მერჯულეობის გამო. ქრისტეს მუქარა „არა მოვედ მოფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“, საბოლოო განაჩენივით ისმის. ალაჰი მუქარას შემოუთვლის მუსლიმებს რჯულში გამოჩენილი სიზანტის გამო.

მუსულმანობა ჩამოყალიბდა უკიდურესად შეურიგებელ იუდაისტურ და ქრისტიანულ გარემოში. ამან განსაზღვრა ისლამის მებრძოლი ბუნება. ისტორია გვაძლევს მოვლენებს როგორც აუცილებლობას, მაგრამ ისვე გვაძლევს ევენტუალური გააზრების შესაძლებლობას. იქნებოდა კი ისლამი ასეთი, რომ ჩამოყალიბებულიყო არა იუდაიზმთან და ქრისტიანულ მიმდინარეობებთან, არამედ ინდუიზმთან ან ბუდიზმთან ურთიერთობაში?  რას ხედავდა რელიგიურ საკითხებზე ღრმად მოფიქრალი ახალგაზრდა მუჰამედი თავის გარშემო? იუდეველებისა და მრავალი ქრისტიანული დასის ურთიერთმტრობას, ერთურთის შეჩვენებასა და საუკუნო წარსაწყმედელში შთაცვივნის მუდმივ მუქარას. ქრისტეს აქეთ VII საუკუნე იყო დაწყებული და არსებული სინამდვილე არ შეესაბამებოდა მაცხოვრის სიტყვას. მუჰამედი ამის გამო ქრისტეს ღმერთობაში შეეჭვდა. ის შეეცადა ერთღმერთიანობაში განწვალებათა აღმოფხვრას. ისლამური მონოთეიზმი ამის გამო ქრისტიანულ მონოთეიზმზე გაცილებით მკაცრია.

სასწაულის ტოლძალოვანი მოვლენაა ის, რომ საერო კაცმა, ვაჭარმა შექმნა ასეთი რელიგია. არა უდიდეს ასკეტურ ღვაწლში დამაშვრალი ბუდას მსგავსად, არა მამათა რჯულს მტრად მტრად მოკიდებული უპოვარი კაცღმერთის, იესუს მსგავსად, არამედ სოფლიერი კაცის ცხოვრებაში გამოვლენილი მოწესეობით მუჰამედმა თავისი ხალხის წინაშე უდიდესი ისტორიული ჰორიზონტი გადაშალა. ის ვაჭარი იყო, მაგრამ ვაჭრული სული და ანგარება არ ჩანს მის მოძღვრებაში. ამითაც არის ეს ადამიანი უნიკალური. რელიგიის მრავალ მკვლევარს დაცინვით აღუნიშნავს, რომ მუჰამედი ვაჭარი იყო და არა განდეგილი ღვთისმსახური, რის გამოც მისი მოძღვრება არ არისო სარწმუნო.

თუ მუჰამედ წინასწარმეტყველის შექმნილი მოძღვრება სიყალბეა, როგორღა შეიქმნა ორიგინალური არაბული კულტურა და ისლამური ცივილიზაცია?  რატომ არ გამოავლინა დრომ, რომ ეს ყალბი მოძღვრებაა? ისლამმა გაუძლო მრავალ შემოტევასა და იდეურ კრიზისს და ის დღეისათვის გლობალური მასშტაბით ებრძვის სეკულარულ დასავლეთს. ასეა სუნიზმიც და შიიზმიც.

არც ერთი ისლამური მიმდინარეობა თავის განვითარებაში არ მისულა ბურჟუასა და კაპიტალისტის შრომითი ასკეტობის პრინციპებამდე, როგორც ეს იყო პროტესტანტულ ქრისტიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ პრედესტინაციონიზმი ისლამში თავიდანვე რელიეფური მთავარი ძარღვია. აზრსმოკლებულია ვაჰაბიზმის შედარება პროტესტანტიზმთან იმიტომ, რომ პროტესტანტული მოძღვრების ცენტრული იდეა არის შრომითი ასკეტობა, ქონების დაგროვება და ასეთი ცხოვრებით ცხონების მოლოდინი. პროტესტანტიზმში არსებული სამყაროს რაციონალური მოწყობის ტოტალური მისწრაფება იოლად უთანხმდებოდა ქრისტიანობის ექსტრემისტულ სეკულარიზაციას დასავლეთში. ბურჟუასათვის დრო ფულია. ისლამურ ქვეყნებში კი ასეთი რამ არ ითქმის. იქ დრო ალაჰისაა და არა ბანკირისა. ისლამური ბანკინგი პრინციპული საკითხია. პროტესტანტული და საბაზრო ფუნდამენტალიზმი დღეს დასავლეთში ერთი მთლიანობაა და ეს იქ ბუნებრივი მოვლენაა. კი გამოდევნა მაცხოვარმა ტაძრიდან მოვაჭრენი, მაგრამ დასავლეთში რელიგიას სადღეისოდ კაპიტალი განაგებს.

ბურჟუაზიული შრომითი ასკეტობის არარსებობა ისლამში უფრო დასაფასები მოვლენა მაშინ ხდება, თუ მხედველობაში გვექნება, რომ ისლამში (ძირითადად სუნიზმში) ძალზე სუსტადაა დამუშავებული ესქატოლოგიური სწავლება, განკითხვის დღისა და ბოლო ჟამის იდეა. ქრისტიანული ესქატოლოგიისა და მესიანიზმის პირდაპირი გავლენით ისლამში არის ცრუმესიის (ალ-მასიჰ ად-დაჯალ) იდეა, როგორც ეკლესიის მამათა სწავლებაში არის ქრისტესმტყუვარის იდეა. ისლამი საერო რელიგიაა და პარადოქსი ისაა, რომ ამ რელიგიამ , რომელშიც განდეგილობა და ამა სოფლისაგან განარება ყველაზე ნაკლებად იყო გამოხატული, შეინარჩუნა საღვთო მისწრაფება. ქრისტიანობაში კი გამოიკვეთა და დომინანტურად იქცა ის ტოტალური ანგარებითი მისწრაფება, რაც ამ რელიგიაში თავიდან საერთოდ არ ყოფილა. ამაო გამოდგა კათოლიკე ბერთა ორდენების ნაღვაწი, იეზუიტების უდავოდ დიდი ნამუშაკარი, ბერნარ კლერვოელის (1090-1153), წმ. დომინიკეს (1170-1221),  ფრანცისკ ასიზელის (1182-1226), ინიგო ლოიოლას (1491-1556) ასკეტური ზრუნვა.

პროტესტანტიზმისა და საბაზრო ფუნდამენტალიზმის ერთობასთან შედარებით კათოლიკური ინდულგენციები, სიმონია და ნეპოტიზმი, იეზუიტების მზაკვრობა და სისასტიკე ბავშვის თამაშად მოჩანს.

ისლამის მიწიერ ცხოვრებაზე მიმართულობის გამო არაა გამოკვეთილი მოძღვრება ბოლო ჟამზე. ეს საკითხი შიიზმში უფრო არის დამუშავებული, რაშიც დიდ როლი შეასრულა ზარდუშტის რელიგიის მისტიკური ტრადიციის არსებობამ და სპარსელთა უდიდესმა მიდრეკილებამ მისტიკური შემეცნებისაკენ. საგულისხმოა ის, რომ ისლამის ოთხივე მაზჰაბი (სკოლა) შიიტური ფარული იმამის (ყაიიმ) იდეას და საერთოდ შიიტურ ესქატოლოგიას მტრულად მოეკიდა. გარკვეულწილად შიიზმი თავისი მესიანისტური სულისკვეთებით ქრისტიანობას უახლოვდება.

სუფიურ ორდენებში მიურიდებს მოეთხოვებათ საერო წესით ცხოვრება, ოჯახს მოკიდება. ესეც რელიგიური ღვაწლის შემადგენელი ნაწილია. ამით მიურიდი განსხვავდება ქრისტიანი ასკეტისა და ეკლესიის სენაკს შეფარებული ბერისაგან. სუფიების გარდა მუსლიმი ღვთისმსახურნიც საერო ცხოვრებით ცხოვრობენ. კათოლიკური ცელიბატი აქ მიუღებელია. მეჩეთი არაა ტაძარი ქრისტიანული აზრით. ისლამის თანახმად, ქრისტეს სუნნა (მისი მოძღვრება და ცხოვრება) არის შაჰიდის გზა. თუ ქრისტიანი იტყვის, რომ კეისარმა კეისრისაც მიიღო და ღვთისაც, ის გულისხმობს ძალაუფლების დაყოფის ქრისტიანული პრინციპის დარღვევას. ისლამში კი ასე ვერ იტყვი, იმიტომ რომ ალაჰი კეისარიც არის. ქრისტიანობაში ქრისტე მხოლოდ ზეციერი მეუფეა. მაცხოვარი კეისარი ვერ იქნება.

ისლამში ბოლო ჟამისა და განკითხვის დღის იდეის განუვითარებლობის გამო, ასევე დასაბამიერი ცოდვისა და ცოდვითდაცემის იდეის არარსებობის გამო თითქოს უფრო იოლი უნდა იყოს ამ რელიგიის სეკულარიზაცია, მაგრამ პირიქით ხდება. ევროპის ისტორია განვითარდა ქრისტიანობასთან ბრძოლით და ყოვლისმომცველი სეკულარიზაციის გზით. ქრისტიანობისათვის დამახასიათებელმა ამა სოფლის გმობამ ვერ დაიცვა ვერც ერთი მიმართულების ქრისტიანული ეკლესია სეკულარული ტოტალიტარიზმისაგან.

საზოგადოებისა და კაცობრიობის განვითარების ფორმაციულ თეორიაში არსებული რეპრესიული ლოგიკა ევროპის ქრისტიანულ გარემოში განვითარდა და არა აღმოსავლეთში. აღმოსავლეთში ასეთი ლოგიკა განვითარების მეთოდოლოგიად არავის გამოუყენებია. ფორმაციულმა ექსტრემიზმმა დასავლეთი წინ წაიყვანა, აღმოსავლეთი კი ჩამორჩა. აქაც ძველი აღთქმის შეუწყნარებლობა გამოვლინდა, რომელიც გარდაისახა პროგრესისტულ უტოპიზმად.  თორას სული გამოსჭვივის ინგლისის რევოლუციაში კრომველის დროს (XVI ს.). პურიტანიზმი და კალვინიზმი სწორედ ქრისტეს სიტყვის ძველი აღთქმისეული ინტერპრეტაციაა, რაც გულისხმობს საღვთო მძვინვარებასა და უდიდეს რელიგიურ ექსტაზს. სოციალიზმისა და ლიბერალიზმის გენეზისი ისევ ძველი აღთქმიდან იღებს სათავეს. ევროპული რევოლუციონიზმის სეკულარისტული ესქატოლოგია იგივე ძველი აღთქმისეული ღვთის მოლოდინია.

ისიც უნდა ითქვას, რომ ფრაივესის (ადამიანის უფლებები) პრინციპის დაკავშირება ქრისტიანობასთან, რასაც ლიბერალიზმის იდეოლოგები აკეთებენ, გაუგებრობაა. ეს უფლებები წარმოიშვა პოლიტიკის დესაკრალიზაციის შედეგად.  ეს უფლებები განმანათლებლობის მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ დაიძლია ადამიანის ტრანსცენდენტურ, ნუმინოზურ (ღვთიურ) ძალებზე დამოკიდებულება. ისტორია რაციონალური გახდა. ასეთი რამ არცერთ აღმოსავლურ ქვეყანაში და არა მხოლოდ ისლამურ ქვეყნებში არ მომხდარა.

ებრაული წარმოშობის ყოფილი ანტისაბჭოთა დისიდენტი გრიგორი პომერანცი თავის ნარკვევში „XXI  საუკუნის არჩევანი“ აღნიშნავს: „მონარქიის დამხობა ირანში იყო ანტიდასავლური და ანტიპორნოგრაფიული რევოლუცია. დასავლეთი იქცა სულიერი იერარქიის ნგრევის სიმბოლოდ … ისლამური ფუნდამენტალიზმი არის მტკივნეული რეაქცია თანამედროვე დასავლეთის გამოწვევაზე; მაგრამ ეს არის რეაქცია უეჭველ ბოროტებაზე“.

დასავლეთმა დაკარგა ის ზნეობრივი ნაპერწკალი, რაც  XIX-XX საუკუნეებში ევროპულ უნივერსალიზმს ჰქონდა. უწინ ევროპაში ორიენტირი ანტიკური და რენესანსული დროიდან მომდინარე ადამიანის იდეა იყო. ხელოვნებასა და მწერლობას ეკისრა უდიდესი როლი. არავინ ლაპარაკობდა ამდენს ადამიანის უფლებებზე. დღეისათვის არც ორიენტირი არსებობს, არც ადამიანის იდეა. არსებობს მხოლოდ სიძულვილი, სიცრუე, ანგარება და მევახშეობა. ყველაფერი დასრულდა ყოვლისმომცველი PR-ტექნოლოგიების პრიმიტივიზმითა და პორნოგრაფიით. ასეთ დასასრულს გადაჭრით ეწინააღმდეგება ისლამური ფუნდამენტალიზმი. ადრეული ისლამისდროინდელი ხალიფატის აღდგენაში რადიკალი მუსულმანები ხედავენ სამართლიანობის, თანასწორობის, სათნოების იდეალის (აშ-შარია) განხორციელებას. ყურანის ხალხმა უნდა გაუნათოს გზა მსოფლიოს ყველა ხალხს. ქრისტიანობაში იდეალი მომავალს უკავშირდება. უფლის დღის მოყურადე ქრისტიანისათვის  იდეალი ის არის, რაც არასოდეს არსებულა. ისლამური იდეალი წარსულს უკავშირდება. მუსლიმისათვის იდეალი ის არის, რაც უკვე ოდესღაც იყო.

მუსლიმ მოაზროვნეთა თანახმად ამერიკელთა აღზევება და მძლავრება მსოფლიოს ხალხებზე ხდება გონისა და ზნეობის სრული უარყოფის ხარჯზე, რის გამოც ამერიკელთა ძალაუფლება ცრუ და უმართლოა.

არის თუ არა ადამიანის ისტორიაში ამერიკელთა ასეთი არნახული აღზევება მათი ღვთივრჩეულობისა და კალვინისტური მესიანიზმის  უეჭველი ჭეშმარიტების დასტური, თუ ეს არის რაღაც დიდი საცდური და გამოცდა ამერიკანიზმისა და მთლიანად დასავლური კულტურისათვის ? პროვიდენციის რა განზრახვა იფარება დღევანდელ გლობალურ სიტუაციაში? რატომ სწორედ სამყაროს ღმერთსმოკლებულობის ვითარებაში განხორციელდა ამერიკული Manifest Destiny (ბედის განზრახვა) ? ე.ი. სწორედ ამერიკული პროტესტანტიზმი არის ის ჭეშმარიტი ქრისტიანობა, რომელიც ღვთის მადლის უეჭველი მფლობელია. ასე მიაჩნიათ ამერიკელებს.

რა არის დასავლური ცივილიზაციის ფინალი ? ორი ფუნდამენტალიზმი ეჯახება ერთურთს: ანგლოსაქსური პროტესტანტული, გამოხატული ამერიკულ გლობალურ ჰეგემონიაში და ისლამური, რომელიც ესქატოლოგიური ანგლოსაქსური ნაციონალიზმისაგან განსხვავებით, ინტერნაციონალურია. ანგლოსაქსური მესიანიზმის, როგორც ძველი აღთქმისეული ეთნიკური თეოლოგიის წყარო ოლივერ კრომველის საღვთო ანტიმონარქიზმშია. იგი დღეს მთლიანად სეკულარული  ცნებითი აპარატით გამოხატავს თავის თავს. ისლამური ფუნდამენტალიზმი კი თავის თავს ხაზგასმულად რელიგიური ცნებებით გამოხატავს. ანგლოსაქსური მესიანიზმი იუდაისტური ნაციონალისტური ესქატოლოგიის მოკავშირეა. მის თანახმად, პროტესტანტებსა და იუდაისტებს ბოლო ჟამის დადგომისას ერთი ბედი აქვთ, ერთად წარსდგებიან უფლის სამსჯავროზე და ერთად განიკითხებიან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s