ჩემი აზრი ახლანდელ ქართულ ლიტერატურაზე


        ქართული მწერლობა დღეისობას იქცა ეროვნული მოძრაობის მოშთობაში წილის დამდები, პოლიტიკაში ნაწანწალები უმეცარის, მწვავე ფსიქოზით ან შიზოფრენიით  სნეულის, კალმოსანი სალახანის საბოგინოდ. არ გამოდგნენ არც ლიბერალებად, არც ქრისტიანებად და მწერლობას  შეაფარეს თავი. სადამდე აშმორებულა და გაგაზეთებულა ქართული ლიტერატურა. რამდენი ძველი და ახალი ნამარდი შესევია მას. ქალების ღვარძლი და სიყალბე ეძალება ლიტერატურას. თბილისელი ნინონ დე ლანკლოებით,  ჟორჟ ზანდებითა და სიმონა დე ბოვუარებით  გაივსო ქართული მწერლობა. მოფიქრალი  მამრი დააკლდა სამწერლო ასპარეზს. საიდან მოდის ლიტერატურაში ამდენი მედასავლეთეობას შეყენებული მატრაბაზი, დეგენერატი დედაკაცი და მელექსია გოგო?

            ილია ჭავჭავაძეზე წერენ და წერენ.  არ სურთ გაგება, რომ ილია დამთავრებულია. ილიაზე ლაპარაკით ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ქართველობენ, რაღაც ახსოვთ და ისტორიულობენ.  ლიტერატურის მასხარები, კალმის კინტოები, წიგნის თაღლითები ქართლის მთიანეთის დიალექტებსა და ფოლკლორს ეტკბობიან. აყროლდა ლიტერატურა მომწერლო ბილწი არსებების სიმრავლით. არაის მთქმელია ეს სიმრავლე  რომანისტებისა, მემუარისტებისა, ნოველისტებისა, პოეტებისა. დიდი სიცრუე და უცხოობაა ირგვლივ. აზრით სუსტი, გულით მხდალი, უწვრთნელი კაცები შეყრილან ლიტერატურაში. ყველაფერი მოჩვენებითია, რადგან ქართველს დამოუკიდებლად არ ძალუძს საზრისი მიანიჭოს მცირე საქმესაც კი. უფროსი თაობის მრავალ მწერალს მედია ისე წარმოაჩენს, რომ ეტალონი ლიტერატურისა მათ დაუდგენიათ და ისინი ფიქრთა მცნობელნი არიან. სინამდვილეში მათ არ შეუძლიათ გენერალური მიმართულების  შექმნა და იდეის საყოველთაობის დაფუძნება. მთელი ისტორია საქართველოსი აფერისტობა და კატასტროფების წყებაა და სხვა არაფერი. ამის გადასხვაფერებისთვისაა მიმართული საისტორიო მეცნიერება და ლიტერატურა. საზაროა საქართველოს ხვედრი. ეს მონათლული აჰასფერის ხვედრია. საქართველო არის მარადიული მაწანწალა მსოფლიო ისტორიაში. მწერალი მამა-შვილები დაბუდებულან ლიტერატურაში. მამა შევარდნაძის გიჟი იყო, შვილი ვითომ თავისუფალი მწერალია, ხელისუფლებას კი უხოტბის, მის კარზე ტაკიმასხრობს. მონის რიხი და სილაღე მრავალ  სალიტერატურო გამოცემას განუდიდებია და საკითხავად მიუჩეჩებია ქართულ წყაროსთვალს მოწყურებული მკითხველისათვის.   სიმდარის გრადაციებს თავისთავადობა ეწოდება. არავინ მოტყუვდეს ქართველ მწერთა რადიკალიზმით. ეს უჭკუოთა და უძლურთა ალიაქოთია, თარსიანთა არტისტობაა და მეტი არაფერი.

პათოგენური გარემოა ლიტერატურაში. ლექსითა და რომანით ინიღბება თახსირობა, უჭკუობა და ისტერიული თავმოთნეობა. თითოეული მწერი თავისას ერეკება, თავისთვის წიგნობს. ამდენმა შემართულმა და ზნეობრივმა წიგნმა სრულად გამოაჩინა ქართველთა ცხოვრების სრული უსაზრისობა და დიდი დაცემა. ყველა ცოცხალია, ყელს იღერებს და მეტი არც არაფერია. ეს არვინ დააბრალოს ხელისუფლებას ან დასავლეთს. ენციკლოპედიურ საბილწედ, მიზანთროპიისა და ჩიტირეკიობის ბუდედ იქცა ქართული მწერლობა. კომბლით საბეგვ, ახუნტრუცებულ კაცებს, ეროვნული მოძრაობის დამსამარებლებს,  ცოცხალ კლასიკოსებს უწოდებენ. სალიტერატურო გამოცემებს  აჩემებული  მწერლები ჰყავთ და გამუდმებით იმტკიცებიან, რომ ადლი და არშინი ლიტერატურისა მათ დაუწესებიათ. გამომცემელი და მის მიერ დაქირავებული ლიტერატურათმცოდნე ატყუებენ  მკითხველს.  ეს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სისტემას ვეღარ დაბრალდება. საქართველო დანელდა. მას თავისი  ბედშაობა ოთხში ამოსაღებად განამზადებს, ესენი კი ჯილდოებს იღებენ. მათი ქება არ წყდება გაზეთებში.  პანთეონებში დასამარხ მყვირალა ტიკინებს იუბილეებს უწყობენ. რა უქნიათ? რა დაუწერიათ?  ვითომ არ ყოფილა მათი ნაავკაცარი და საიგავო სირეგვნე 1992 – 2003 წლებში. ვითომ არ ყოფილა მათი ლაჩრობა და მალვა 2004 – 2012 წლებში.   თავისუფალ მოაზროვნეობას ჩემულობენ და ყველა მთავრობისაგან ჯილდოებს იღებენ. წლობით პოლიტიკაში იყვნენ და თითით საჩვენებელი ბრიყვნი დარჩნენ. ვიეთნი დეპუტატები, თავმჯდომარეები, ხელმძღვანელები იყვნენ აწ გადავარდნილ მთავრობაში, ახლა მწერალ- გამომცემლები არიან. მცირე თეთრი ვინც მოიშოვა, რიზოგრაფი დადგა და გზას გასცქერს,  ვინ მოვა ფულით ხელში წიგნის გამოსაცემად. არაკაცები გაპოეტდნენ. რაა ამათი დასაჯერები? სულ ესენი როგორ უნდა ეჩხირებოდნენ თვალში ქვეყანას? რა დაუწერიათ, რომ მათ ნაწერს ამდენი ჟურნალ-გაზეთი აბუქებს და აზვიადებს? სახელს უგდებენ მათ, რათა შექმნან ეროვნულობისა და  ერთობის, კულტუროსნობის  ილუზია. შეგაძულებენ არა მხოლოდ ქართულ ენას და ქართველობას, არამედ ადამიანად დაბადებას. ამათი პრუტუნი და ოხუნჯობა არ დამთავრდა. „რათა გემრიელად ვიცხოვროთ“, „ძალიან საყვარელი დღე დადგა“ და მისთანა ლაპარაკი. ქართველს  აკლდა ტაქტი ყველა დროში. ატყაპუნებენ ამ სამწერლო ჟურნალებს თბილისში. რას არ შეეპოტინებიან და გამოელაწუნებიან, სად არ გადასწვდებიან და ბოლოს ნოლი, ბოლოს გაქრობა, ბოლოს გაპარვა.  სალიტერატურო გამოცემათა სიმრავლის მიუხედავად, არცერთი არაა აზრთა მპყრობელი და იდეური გეზის დამდგენი. ჯერ საქართველოს რა სიდიდე აქვს და მაინც ვერც ერთი სალიტერატურო გამოცემა ვერ იქნება თავისი სიტყვით მთელი ქვეყნის მომცველი. დაიცარა და დაკნინდა ყველაფერი. ჯერ წაბილწეს და არიეს ქვეყანა 90-იან წლებში და შემდეგ გამტკნარდნენ. ისევ თავისი ჭიის გახარება უნდათ. აცრუებენ ამ ჟურნალებს. არაა ქართველებში  ეროვნულობა. არის მაიმუნობა, არის თბილისური სალიტერატურო  ბოზანდარობა. შენს სამშობლოში შენიანებმა გაგყიდეს და ახლა ვიეთი მწერლების იუმორს გაჩრიან სახეში, გეგულქართლებიან, გეცინებიან და გებედნიერებიან. ლიტერატურის შულერებითა და ქონდრისკაცებით  არის გატენილი ქართული მწერლობა. ესაა ტაკიმასხარათა და მტარვალთა ფერხული.  სამუდამოდ დაჰკარგვიან ერთურთს საქართველოს ტომები და წიგნებით კი კაიკაცობენ. მახინჯი და უკუღმართია ყველაფერი საქართველოში.

ლიტერატურა თავშესაფრად გაიხადა ასობით ძველმა და ახალმა ნაგიჟარმა და არამზადამ. თუ მართლა ამდენი შესანიშნავი და  თვითმყოფადი მწერალი ჰყავს საქართველოს, რად არ  მოქმედებს კეთილად ეს სიმრავლე ქართველთა მობილწარ თემზე? რად არა აქვს ქართველ მწერალს ასეთ მცირე, გზიან სიტყვას მოწყურებულ ქვეყანაში ავტორიტეტი? რად უღონოებს მისი სიტყვა, როდესაც მას გამოთქმის სრული თავისუფლება აქვს? რამდენი ილაპარაკეს მწერლებმა რელიგიაზე და ისევ ის ურჯუკი კია ქართველი. ათეიზმის ჯიბრით ლაპარაკობდნენ ამდენს ეკლესიაზე. ეს რომ რწმენა არ იყო, დრომ დაადასტურა. ნაძრახ სიცოცხლეს შეეტკბო ქართველი. მხოლოდ ეგაა, რომ ცოცხალია, დადის, იწიგნება ან გაზეთობს. სულ მიჩუმათება და გადასხვაფერება. ვითომ ისევ ისე ზეობს ქართული იდეა. ქართულ მწერლობას მაშინ ჰქონდა წილი დადებული ეროვნულ მოძრაობაში, როდესაც იდეური ცენტრი გარედან იყო ორგანიზებული, როცა იდეური პრინციპების ერთობლიობას რუსი იმპერიალისტი უზრუნველჰყოფდა. მუდამ ნგრევისა და გაქიაქებისკენ მიდრეკილ ქართველს დამოუკიდებლად არ შეუძლია იდეური საწყისის დადგენა და დაცვა. სამაგიეროდ მას კარგად შეუძლია სიმდარის ტირაჟირება და პოლიგრაფიული მიმიკრია.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების დიდ  ლიტერატურას დაეშრიტა ძალა. კლასიკოსები სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. ასეა უცხოეთში და ქართველს კი რა ამბავი დაუყენებია. რისი მომცემია ახლა XIX  და XX საუკუნეების ქართული ლიტერატურა? რას ადასტურებს ეს დუბლირებული გამოცემები? ახალი თვალსაწიერის მოძიება არ ხდება. ეს ისევ იმ ყაყიანში გორვა და ჩქაფუნია, საიდანაც საქართველო განმანათლებელ მასონთა პროექტივიზმმა ამოათრია. დიდი ლაკუნა გაჩნდა ქართულ მწერლობაში ევროპული განმანათლებლობის დასამარების შემდეგ 90-იანი წლებიდან. ცენტრული იდეა აღარაა და კიდევ დიდხანს არ იქნება. რარიგ არ ქებულმა XX საუკუნის ქართულმა მწერლობამ მცირედაც ვერ გააუმჯობესა ზნეობრივად ქართველთა წყმედული თემი,  და მაინც ისევ ისე გრძელდება მისი ქება, წიგნების გამოცემა და სიცილი მაგალითად, ნოდარ დუმბაძის, ოტია იოსელიანის ოხუნჯობებზე.  არა, თუ შენ დღეისობას იცინი, ან ჩოილარი ხარ, ან ჩათლახი, ან ორივე ერთად.

აივსო საწიგნეები გამოსვლისთანავე გადასაყრელი წიგნებით. ტარდება ჩეჩმა პრეზენტაციები. მთავრობის მოხელეთა შვილები და ნათესავები პოეტობენ და  პროზაიკოსობენ. გიჟთა და თახსირთა დინასტიები გაჩნდა ქართულ მწერლობაში. ავტორი ხან ნოველისტია, ხან თეოლოგიასა და ფილოსოფიას  აწყდება,   დეტექტივებსაც  წერს, ეროტიკულ რომანებსაც, ღვინის ისტორიკოსიცაა, მუსიკისაც, პოეზიაშიც ეჩრება. შემდეგ საბავშვო მწერალი ხდება. ბოლოს ფსიქიატრიულ სტაციონარში წასაყვანია. ეს ბევრჯერ მოხდა. ამას საგანგებოდ მალავენ მკითხველისა და ქვეყნისგან. ეს მხოლოდ გრაფომანიად და პოლიგრაფიად  წოდებული სნეულებანი არაა. გამოშტერდა ქართველობა ფერად-ფერადი წიგნების გამოცემით. ქართული წიგნები არის როგორც ქვები, რომელნიც ადამიანს ქედზე დააწვნენ და ქვედაზიდავენ იმ წუმპისაკენ, რასაც საქართველო ჰქვია. წიგნი არ უწყობს ხელს ზეაღსვლას. კაცის მოსაღორებლად და დასაღუპადაა ქართული წიგნები. თანამედროვე პოლიგრაფიიის  ტექნიკური შესაძლებლობები ქართველთა თავმოთნეობას სულ უფრო ახელებს. არ გაგეხარდება ამდენი ქართული წიგნის ხილვა. ჭკუა მაინც  ვაებით საძებნია ქართველთა ჭკუანაკლულ მოდგმაში. გაზეთივით გახდა ეს „რჩეული ბიბლიოთეკა“,  „ოქროს ბიბლიოთეკა“ და მისთანა სერიები. ჯავრს მოგგვრის ეს დუბლირებები. ვისაც არ ეზარება, წიგნის საჭრელი დაზგა დაუდგია და  გამოცემა დაუწყია. კულტურასთან კი არაა დაკავშირებული რიზოგრაფი, არამედ მას აქვს კლინიკური მნიშვნელობა. როგორ გაიწაფნენ თავლაფდასხმული ქართველები ჟურნალებისა და წიგნების ამოფერადებაში. ისე ჩანს, რომ ქვეყანა აშენებულა და ლხინი დგას ყველგან.  წიგნის გამოცემა აღარაა დაკავშირებული იდეასთან, პაიდეიასთან. ეს იოლად გასამეორები ტექნიკური ჩვევაა და მეტი არაფერი. ყველა გამომცემელი გახდა. მეწიგნია ჩარჩები რაღას არ გამოსცემენ. მოწიგნარობა თავის მაამებლობა და თავშექცევაა, ისევე როგორც რაიმე ჟურნალის რედაქტორობა რომელიმე მქონებელი გიჟისათვის. საქართველოში მწიგნობრობა იქცა ფსიქოზად. ცენტრები და პროექტები ქმნიან ეროვნული სულის სიცხოვლის მოჩვენებითობას. მათი მოწიგნარობა მეროჭიკეობაა მორიგი გრანტის მითლისათვის. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ დატაცებული ჰყავთ ავტორები. ერთნი გალაკტიონზე წერას ვერ რჩებიან, მეორენი გრიგოლ რობაქიძეს ეზიდებიან, მესამენი უცხოელ ავტორებს ატორღიალებიან.  კი, გამომცემლებმა მავანთ შეატყუეს თვალშესატაცად გამოცემული სტენდალი, დოსტოევსკი, რილკე, ფოლკნერი და სხვა შესახელებული ავტორები,  მაგრამ მათი წაკითხვისას  საკუთარი შეხედულება თუ აქვთ  ლიტერატურული პროცესის რაობაზე,  ლიტერატურის დანიშნულებაზე, მწერლის მოწოდებაზე ახლანდელ ჟამს?  ბევრჯერ შეიყარნენ ქართველი მწერლები ლიტერატურაზე სასაუბროდ. ცუდმედიდობა და გულშავობა გამოიფინა. აყროლდა იქაურობა. დაიფანტნენ და დაავიწყდათ ერთურთი. მხოლოდ ძვირის სათქმელად ახსენდებათ ერთურთის სახელები. ბევრი ლიტერატურული სალონი იყო თბილისში განვლილ ოცწლედში და ვერსად ვერრა განიხილეს. ეს იყო ნარცისებისა და ლიტერატურული შიზოიდების შესაყარი. ყველა ლიტერატურულ სალონს ბოლო მოეღო.

რას ნიშნავს დღეს ქართული ლიტერატურა? რა მისია აქვს მას ამ უბედურ ჟამს? ის არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გადაასხვაფეროს სინამდვილე, თავი ჭირისუფლად მოაჩვენოს და ისევ ხელისუფლების ყმად იდგეს, ან ცრუ ოპოზიციონერობით მართლობის მომლოდე მკითხველი ატყუოს. ჟურნალისტივით არის მწერალი. რიოშია მისი მწუხარება ქვეყნის დათარსულობის გამო. ეს მისი წუხილი  თავმოთნეობისა და სალიტერატურო ნარცისიზმის სახეობაა. ლიტერატურაშიც დადასტურდა ქართველთა რასის უკანასკნელობა.

თანამედროვე ქართული ლიტერატურა არის დაიჯესტური, პრიმიტივიზებული, დეკადენტური. ამის დამალვა ხდება განუწყვეტელი ღლაბუცითა და ანგლობით, ეროტიზმითა და  ბოლშევიზმის გინებით. ქართველთა რასის გადაგვარების დასტურია  ქართული სიტყვაკაზმულობა. გარყვნილების მოციქულად იქცა ქართული სამწერლო გამოცემები. რაები იწერება. სადამდე გარეკილან ეს შერეკილები. თან მართლმადიდებლობენ, პატრიარქს ექაჩებიან კალთაზე და ხელიდან წასულნი კი არიან. ეს სულით სიძვაა და არა სულიერება. რედაქტორი ქალები რა დღეში არიან. ქართველის ეროტომანია არის დეგენერატის მბილწაობა, მონის გაცოფება და  ლაჩრის ლაჩრული შურისგება ყველაზე. ერთურთს ეჯიბრებიან ლიტერატურული ჟურნალები სიძვაზე წერაში. ამას უდგას კაი  მაზანდა. ამას ეტანება ქართველი.

ლიტერატურის მედიაზირება მოხდა.  წიგნად გამოსული გაზეთია უამრავი მხატვრული ნაწარმოები. ჰორიზონტალი ბატონობს ლიტერატურაში. არაფერია მონუმენტური და ზეაღმსწრაფი.  რეალიზმისა და ისტორიზმისაკენ რიოშული სწრაფვა, მეფეებსა და პატრიარქებზე ყასიდი ლაპარაკი არ ქმნის იერარქიას. ეს სწრაფვა მდაბიორობას აბატონებს. მჭადისხელა თემები, პაჭაპუჭა რამეები, ქალუკა საამბობები ახალ შეყვარებულებზე, მეორე და მესამე ქმრებზე, სიძვაში ძლივს ნაპოვნ ბედნიერებაზე. როგორც ქართველია თავისი ზნებუნებით დიაცებრი,  ჩია და ჭკუამცირე, ეგრეც მისი გულისთქმანია. ქართულ ლიტერატურას არა აქვს  დიდი და მუდმივი თემები. ის მუდამ დიდის მცირედქმნას ცდილობს. სიმარტივესა და სიყალბეშია მიღწეული ლიტერატურული მრავალფეროვნება და მწერთა სიმრავლე. წიგნების სიმრავლემ კონტრასტულად გამოაჩინა საქართველოს დეჰუმანიზაცია, ქართველის სიკვდილი ქართლში. უკუღმართ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმართადაა. რამდენი წიგნიც ამ ოც წელიწადში დაიწერა, ამდენი არ დაწერილა ქართული ლიტერატურის  ისტორიაში. წიგნისმტყუვარებაა დიდად მოძალებული. მრავალგზის დუბლირებული, მისატყუებელი გამოცემები მხოლოდ მავანთა ანგარებისა და ხუშტურის დასტურია. ზნეობის ილუზიაა  ორი ათწლედის მანძილზე ბოლშევიკური რეპრესიების მხილება ლიბერალიზმის სახელით. ეს თბილისელი თაღლითის  საკარიერო ილეთი ან შიზოიდის აკვიატებაა. სრული პლურალიზმის ვითარებაში საქართველოს მწერალთა კავშირს  რაც დაემართა, არის ქართველთა თვითკომპრომეტაციის  ერთ-ერთი მაგალითი. რომელიმე მწერალთან იპოვება პასუხი, თუ როგორ იყო ქართული სულის მქონე მწერალთა კავშირი საბჭოთა დროს და სამუდამოდ რად დაკარგა მან ეს მინაღწევარი ლიბერალ-კაპიტალიზმის დადგომისას? მწერალთა ორგანიზაციაშივე მოხდა ქართული  იდეის გაუფასურება. ჯერ თავს აჩვენებდნენ, ვითომ ერთად არიან და რაღაცაზე ზრუნავდნენ. წაბილწეს სამუდამოდ დიდი საქმე და ახლა ისე დადიან, ვითომ არავის არაფერი ეხება. მწერლებივე აღმოჩნდნენ მწერალთა კავშირის მესაფლავენი. აქაც ისევე უკუღმართად მოხდა, როგორც ეროვნული მოძრაობის მესაფლავენი მისივე წამომწყებნი აღმოჩნდნენ. ეს საქართველოს დაწყევლილობის ნიშანია.  რუსული დისციპლინა და მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგია, საბჭოთა პლატონიზმი იყო საზრისის მიმნიჭებელი.  რა ანგარება და ვირისთავობაც იყო მწერალთა ორგანიზაციაში, ეს ყოველთვის ჩანდა, მაგრამ ამას ანეიტრალებდა და ლაგამს სდებდა რუსული დისციპლინა, რუსის თავზე დგომა. მაინც რუსი სძენდა ქართულ იდეას დიდ საზრისს ლიტერატურას შემოკვეხებული ამდენი არაკაცის, გიჟის  და ნაბიჭვრის ბევრობისას. ქართული იდეა იდეობდა რუსის მეოხებით. ქართულ იდეას დიდი ფასი ედებოდა საბჭოთა ცენზურით. შედარება შესაძლებელია,  თუ რამდენი ქართველი მწერალი ითარგმნებოდა უცხო ენებზე საბჭოთა დროს და რა ცოტა ახლა ითარგმნება. დამოუკიდებლად ვერ შეძლო ქართულმა იდეამ საზრისის შენარჩუნება. მის ხელახლა მოპოვებაზე კი არაფერი აქვთ სათქმელი. გაქრა სახელოვანი გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“ და არც აქვს აზრი მის აღდგენას, რადგან ისევ ისინი მივლენ და დაიბუდებენ, ვინაც წაწყმიდა ეს გაზეთი და ამოძირკვა ეროვნული იდეა.

დღევანდელი ქართული ლიტერატურა თავისი ეპიგონობით, სიმდარით, პლაგიატურობით  დარჩა  გასული საუკუნის დასაწყისის დონეზე. რაც ახლა ლიტერატურულ სტანდარტად მიიჩნევა, არის  ნაბიჭვრობის, თავაშვებულობის, უცოდინრობის, პროვინციული სნობობის დასტური. როდესაც ადამიანი ვერასოდეს პოულობს მრწამსს, ვერ მოინაგრებს ცოდნას რაიმე საგანზე, ის ეკვეხება ლიტერატურაში. ასეთია თანამედროვე ქართველ მწერალთა უმეტესობა. ისინი ერთურთს ეკვრიან, თავისი დონის სტანდარტიზებასა და ნორმატიზებას ახდენენ. ცოცხალი პალოები არიან. დაერჭობიან და ასე ჰგიან სამარის კარამდე. ვერ დაძრავ, ვერას გააგებინებ. აზრი არა აქვს მათთან გამოლაპარაკებასაც  კი.  დიალოგზე კი ბევრს უბნობენ ისინი. ტელესტუდიებსა და რადიოარხებს არ დააკლდებიან.

გასულ ოცწლედში გამოვიდა და დაიხურა ბევრი სალიტერატურო გამოცემა. სიმრავლე ავტორებისა და წიგნებისა არაა ნამდვილი ლიტერატურული  პროცესის დამადასტურებელი. მოეწყო უამრავი ლიტერატურული კონკურსი. სხვადასხვა კონკურსების კი არა, ერთი კონკურსის ლაურეატებიც არ იცნობენ ერთურთს. უკვე ათასობით ლაურეატია. ეს არ ყოფილა ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ქართული ლიტერატურა არას საკლისობს. მისი აპელაციები სიძველისადმი იმპროვიზაციული და იმიტატორულია. ამ აპელაციებს მათი ხანგრძლივობის  მიუხედავად მოსასთვლელი ნაყოფი არ მოეძევება. ბერწობა იფარება ბუტაფორიული ნაყოფითა და ლიტერატურული მულაჟით.

სალიტერატურო ჟურნალის რედკოლეგიები ხშირად სანათესაოებისგან შედგება, რასაც საგანგებოდ მალავენ. მოცლილი ქალაქელი ტიპები ლიტერატურის ავანჩავანებად გამოჩენილან. თეთრი მოუშოვია მავანს და ლიტერატორობას მოჰკიდებია ის და  მისი საჯალაბო. თავს იქცევენ, ჭიას ახარებენ. სხვა კი რა იქნება?

ასეთი თაღლითობაა გამეფებული მწერლობაში: თან პოსტმოდერნული მასხრობა და იმპროვიზება სურთ მწერლებს, თან ქვეყანას ეჭირისუფლებიან და ენაუხვობენ. ჯერ ყველაფერს დასცინიან, აარაფრებენ, შემდეგ ცდილობენ მკითხველი დაარწმუნონ, რომ იდეასა და მრწამსს მისდევენ, რომ მოესავნი არიან. თან იმას იმტკიცებიან, რომ მწერალი არ უნდა ერეოდეს  პოლიტიკურ ცხოვრებაში, თან ხელისუფლების კარზე მოწიგნარ ყარაულად დგანან. ასეთი ილეთებით უკვე ძნელია ვინმე გააცურო.

ქართველთა სალიტერატურო ცხოვრების ძირეული ნიშანი არის უდასობა. ყველა თავისთვის წერს. ეს არაა საქვეყნო ხნულის გამვლები  მუშაკობა. ნაწერს არა აქვს შემაკავშირებელი და იდეურ- სააღმზრდელო ძალა. ეს არაა ის ნათესი, რომელიც ამოიწვერება და დაპურდება. ტექსტით არავინ იმსჭვალება. სიტყვაკაზმულ ტექსტს არანაირი მიზანი არ აქვს. მხატვრული ნაწერი შინაარსის მიუხედავად,  ვითარც გაზეთი,  მალევე ეძლევა დავიწყებას. ენა ქართული მწერლობისა გაუბრალოვდა და აივსო ინგლისური ენის ნაძალით. ეს თითქოს გამართული თანამედროვე ქართული არის მახინჯი, პრიმიტივიზებული, სტილისტურად უნიფიცირებული, მიმიკრიული ენა, დიდად გაფესვებული თბილისში. ამ ენით იწერება ლიტერატურულ თხზულებათა უდიდესი ნაწილი. ბევრი ავტორი ამხილა მისმავე ნაწერმა ენის უცოდნელობაში. ქართველმა მწერალმა აღარ იცის და არც სურს იცოდეს დიდი ქართული ენა. ამავე დროს ის ლამობს წარმოაჩინოს, რომ ფესვებიდან ამოდის.

მწერლობა იქცა სინამდვილისგან დამალვის ხერხად. ამ გულმხურვალე ტექსტების მიღმა დგას  გულძვირობა, ურთიერთუცხოობა, ინდიფერენტიზმი ქართველებისა. საქართველოს ჰყავს უთვალავი რუსთველოლოგი, ილიალოგი, გალაკტიონოლოგი, ვაჟაოლოგი. კიდევ უფრო მეტია პოეტი და მწერალი. ითარგმნება უცხოელი მწერლები, მაგრამ მათი თხზულებების გადმოქართულებაც იმავე გარემოში ექცევა. შესახელებული უცხოელი მწერლის თარგმნა არ ხდება ლიტერატურული მოვლენა. ქართული სალიტერატურო  ნიშნული მაინც ისევ ისაა. თარგმანებს წაიკითხავენ სნობურად და დაავიწყდებათ. ეს ყველაფერი არის საჩხარუნოში  ჩაყრილი ფერადი შუშის ნატეხები. ეს არის ლიტერატურული ბიჟუტერია, მოჩვენებითი დახვეწილობა. ქართული ლიტერატურა უმიზნოა, არაპლატონური და აპაიდევსიურია. ის არ შეესაბამება საქართველოს უბედურ ჟამს. ახლანდელი ქართველი პროზაიკოსების რეალიზმი ნარიოშალია. ქალაქი, რომელიც დიდი ხანია მიზანთროპიისა და იდიოტიზმის სავანედ, ქრისტიანთა სოდომად იქცა, ვერ იქნება ისეთი, როგორც მწერლებს გამოუსახავთ. არაა ამ ქალაქში არანაირი ტრადიცია. თბილისი არის ჰიპერინდივიდუალისტური, ანტიისტორიული,  ერთი დღის ქალაქი. აქ ერთი თაობის ადამიანებსაც არაფერი აკავშირებთ. აქ ყოველივე ეფემერული და კამპანიურია. რაში არგია საქართველოს  ათასობით ლიტერატორი? ერთი რამ მაინც თუ არის ისეთი ახლანდელი ქართველი მწერლებისა, რომ  თარგმნო და უცხოეთში გაიტანო, როგორც ორიგინალური ქართული მხატვრული სიტყვა? ლიტერატურაში კალამწამხდარი,  სამისხოდ თავლაფდასხმული, მაგრად შებერტყილი მწერლები და პოეტები გაზეთებს აწყდებიან,  ბრიყვულად პოლიტიკოსობენ  და ოპოზიციონერობენ. ლიტერატურიდან პოლიტიკაში გარბიან,  პოლიტიკიდან  –  ლიტერატურაში. ასკარმოვლილნი აქაც და იქაც ენას იგრძელებენ.  ვერას ქმნიან ისეთს, რაც არსებულ  სალიტერატურო სტანდარტზე მეტი იქნება.

იანვარი, 2013  წელი

One thought on “ჩემი აზრი ახლანდელ ქართულ ლიტერატურაზე

  1. რა გასაკვირია? მონებს არა აქვთ შექმნის უნარი!… ის სიცოცხლეშივე მკვდარია!…საქართველოც ის ქვეყანაა, სადაც მკვდრებს აცოცხლებენ და ცოცხლებს ასამარებენ!…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s