ქართული ენის მანიფესტი


თერიონის ვარდსა (2009) და მთის სახოვნებაში (2009), ასევე შეიხის შევარდნის იგავში (2011) მიზნად დავისახე განსაკუთრებული და აქამდე უთქმელი რამ მეთქვა იმ ენით, რომელიც დავიწყებას მისცემია და ყოვლად უსამართლოდ არის განდევნილი, როგორც ყავლგასული და არქაული.

ჩემს ფილოსოფიურ-ლიტერატურულ თხზულებაში ძველი ქართული ენის გამოყენება ვულგარულ და ადაპტირებულ ქართულს ნაჩვევ მკითხველს ყოვლად გაუმართლებელ არქაიკად და მანერიზმად, ქალაქის ტელესტუდიაში ჯდომას მოწყურებული პროვინციელი ავტორის ეპატაჟად მოეჩვენება. თერიონის ვარდი დასრულდა  2009 წლის  მარტის თვეში და გამოვიდა დაგვიანებით, ამავე წლის 13 ივნისს. მას ჰყავს თავისი, არცთუ მცირერიცხოვანი მკითხველი. წიგნი დასახელდა „საბა“-ს  2010  წლის საუკეთესო ესეისტიკად, რაც ნიშნავს, რომ ჟიურის წევრებმა დაინახეს მისი ლიტერატურული ღირებულება. ის, რომ ამ ნაშრომმა მოიპოვა  თამაზ ჩხენკელის, რისმაგ გორდეზიანის, მიხეილ ქურდიანის, ბაჩანა ბრეგვაძის, ზურაბ კიკნაძის, ელგუჯა ხინთიბიძის ასეთი გამოხმაურებები, ცოტას არ ნიშნავს. მკითხველიც მცირედ შეიმსჭვალა თერიონის ვარდის საგონისით. ღმერთმანი, აზრის მძებრი გერშიანი მკითხველი დაინახავდა, რომ ამ ნაწარმოებში აქამდე უთქმელი დიდი აზრია და ამ დიდ აზრს სწორედ ეს ენა ესაჭიროებოდა გადმოსაცემად. აქ რომ სტილიზატორობა და მანერულობა ყოფილიყო, მაშინ აზრი ასეთი შემაძრწუნებელი აღარ იქნებოდა.  რიოშობა წიგნს მყისვე შეეტყობოდა და ამას იტყოდნენ ზემოთ დასახელებული პირნი თავიანთ გამოხმაურებებში. ეს არ არის ქართველისათვის ჩვეული კუთხე-კუნჭულის თვალსაწიერის წიგნი. შევეცადე, რომ ჰორიზონტი და პროსპექტუსი (გასამზერი) ქართული ლიტერატურისა და ფილოსოფიისა ძალზე შორს გამეტანა. მივიჩნევ, რომ  ამაოდ არ დავშვერი და ქართულ ლიტერატურას მშვენება შევძინე. ჰხამს დაიწყოს დიდი ანამნეზისი ქართულისა ენისაი და სხვა ყოველივე ამას უნდა მსახურებდეს, იქნება ეს ეკლესია, უნივერსიტეტი თუ სამთავრობო დაწესებულება. ქართულ ენას ჯერ არ გამოუვლენია თავისი შესაძლებლობანი დიდი ნააზრევის გადმოსაცემად. ფილოსოფიურ დისკურსს უნდა ჰქონდეს თავისი მაღალი ქართული ენა. ვისაც არ ძალუძს ამ ენის სიმძიმის ტვირთვა და მზარავი აზრით თავის გვემა, ნუ შემოდის სარბიელზე. ვითარც მთათა მაღლოვნება სინჯავს კაცს, ეგრეც ქართულმა ენამ გულმოწყედ უნდა სინჯოს ყოველი კალმოსანი.

აი ახლა, 2013   წლის მარტში შესრულდება ოთხი წელი ამ წიგნის დაწერიდან. ვიტყვი იმას, რისი თქმაც აქამდე  განზრახ დავაყოვნე, რადგან მოთმინებით მოველოდი, თუ როგორ მიიღებდა სადა საკითხავითა და გამარტივებული ენით გაზანტებული მკითხველი თერიონის ვარდს. ქართველს დიდხანს უნდა ელოდო, რადგან მისი უღონო ცნობისჩენა ხეჭეჭურივითაა და  ნაყოფს, რომელიც ისედაც ვერაფერი  შვილია, ძვირად იძლევა.

ამ წიგნით შევეცადე, რომ დავიწყებული ქართული ენა, წინაპართა უხეირობის, უმეცრობის და უილაჯობის გამო ვერმომცვრეული და ვერხმეული, დიდებით დაბრუნდეს. ჰხამს ბოლო მოეღოს ილია ჭავჭავაძის დროიდან დაწყებულ ენის გამარტივებასა და ამჩატებას. ძელქვა ენა ბზედ და ჩალად არ უნდა იქცეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ლაპარაკის საღერღელაშლილი მდაბიორი თავისუფალი აზრის სახელით წლობით მიედ-მოედებოდეს და თითხნიდეს. პროგრესად აღარ უნდა წარმოჩინდეს ის, ოდეს წერა-კითხვას მიჩემებული მდაბიორი უბნობს თავისუფლებაზე და მაინც მუდამ მონაა.  ნუღა მიაქედებთ ხალხს იმ ტვირთს, რისი მტვირთველიც ის თავის დღეში არ ყოფილა. არა მხოლოდ მარქსიზმი და მთლიანად სოციალიზმი, არამედ განმანათლებლურ-მასონური პაიდეია დაკავშირებული მასების რევოლუციონიზმთან, დასრულდა და ახალი პაიდეიის შექმნა ჰხამს. ეს დღემდე არაა გააზრებული, რაც მრავალთა ეპიგონურ და აპოლოგეტურ ნაწერებში ცხადლივ ჩანს. ქართულ ენას თავისი არისტოკრატიზმი და არისტოფანია  უნდა გააჩნდეს. ამ ენამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველთა არისტოკრატიზებას და მათ ქართულ აგორაზე გამოსვლას.

აი, რისი თქმა მსურდა: წარიწყმიდა ენაც, მამულიც, სარწმუნოებაც. ქართველთავე გამოისობით გაუბრალოვდა და დამახინჯდა  დიდი ქართული ენა.  ჰხამს ენით ჩაეყაროს საფუძველი ბრძოლას ქართველთა გადაგვარების შეჩერებისათვის. სხვა მიზნის დასახვა ამ დეგენერაციის  ვითარებაში, ვითარც ამას პოლიტიკოსები და მათ მიტმასნილი ჰუმანიტარები სჩადიან, სიცრუეა. ჯერ ეს უნდა  შესრულდეს, რომ ქართველს ადამიანობა დაუბრუნდეს, საქართველოში აღდგეს იდეური ვერტიკალი. ეს კი ძალანიჭებულმა ქართულმა სიტყვამ უნდა აღასრულოს. ქართული ენის შესწავლის ინსტიტუტი მიჩნეულ უნდა იქნეს საღვთო ალაგად. ქართლის ყოველი მთავრის პირველი ვალი უნდა იყოს ენის, როგორც საღვთო ყორუღის დაცვა. არა დემოკრატიის ქიმერის, არა ადამიანის უფლებების, არამედ ენის დაცვა, რამეთუ, ის ფრაივესის პრინციპზე და ლიბერალიზმზე ბევრად მაღლა მდგარია. ენის მცველთა კასტა უნდა იყოს თავისი სასტიკი წესებით, რათა აქ არ შემოვიდეს ბილწი. ქართული ენის სისხლდადენილი საკითხი არ გადაწყდა იმით, რომ განვლილ ოცწლედში გამოიცა არნახული რაოდენობის საეკლესიო, საისტორიო და სალიტერატურო  წიგნი. ენის წყლულს არ ჰკურნავს ის, რომ კანონში ლაპარაკია ქართულზე, როგორც სახელმწიფო ენაზე.

ვითარც გოთური ტაძარი არის  უფრო დიდის მეუწყე, ვიდრე ქრისტიანული  ეკლესია, ასევე ქართული ენა არის უფრო მეტი, ვიდრე  ამ ენაზე განსიტყვებული ქრისტეს სწავლება და ქართველ მამათა განმარტებანი მისთვის. ენით სულდგმულობს ქართლი დღემდე და არა ეკლესიათა სიმრავლით. ჯერ არ აღშენებულა და განვსილა ქართული ენის ტაძარი. ეს ენა ათასწლეულთა დენაში დარჩა როგორც მარადიული დასაწყისი, ლიბო, რომელზეც კედლების ამოყვანაც არ დასრულებულა. ქართულ ენას თავისი ნიმროდი უნდა ჰყავდეს, რომელიც ამ ლიბოზე გოდოლს ამოაზევებს. ქართულ ენას დასაბამის დამდები თავისი კურთხეული ღმერთმებრძოლი უნდა ჰყავდეს. ქართული ენა თავად ღმერთობს. იგი თავად არის საშინელი, საოცი და უცნაური ღმერთი. ყოველთვის მაკვირვებს, ამ დიდად ზნედაცემულ ხალხს ესევითარი ძალუმი ენა ვისგან რისთვის ენიჭა? ქართველი არაა ქართული ენის ღირსი. ეს მისმა წარსულმა დასტურჰყო. სხვანიც არვინ არიან, რომ ეს ენა მიირქვან და მათთან იყოს. არსადაა ენა, რომელსაც აქვს ასეთი გრამატიკული შექსულობა და აღნაქუსი (სინტაქსისი). ქართული უმეყვისო და მონოგენეტური (ერთადერთი) ენაა მიწის ზურგზე.  არავინ უწყის და მოაქამდე ვერ დადგინდა მისი წარმოშობილობა და სადაურობა. მსოფლიოს ენათა დიდ თემში ქართულს შორეული ნათესავიც არ ჰყავს.  ძელქვაა ქართული ენა. ცალკე მდგარი ხეა მსოფლიოს ენათა გენეალოგიური ხის გვერდით. ძელქვასავით მძიმე და ძნელად დასამუშავებელი ენაა ქართული. ეს მისი მამშვენებელია და არა ზადიერება. ეს არის ენა ანუნაქი. ქართულნი ენანი მრჩობლედი ბუნებისაა. ერთიცაა და მრავალიც, ქვესკნელიერიცაა და ზესკნელიერიც. ესევითარ დასტურდება წინაშე სოფლისა იგი ღმერთი ენა.

ენანი ქართულნი ასტეროიდივით  ჰგიან მიწის პირზე, უშორესი სივრციდან რომ დაცემულა და მისი მსგავსი არსად არაფერია. ბევრი უთქვამთ არაბული, იაპონური, რუსული ენების გრამატიკათა  სირთულეზე, მაგრამ ქართულ ენას ვერა ერთი ენა ვერ შეედრება. ამ ენის აზმანი და საგალობელნი უნდა იწერებოდეს და მას, ვითარც ღვთაებას, ისე უნდა უკმევდნენ და უზორვიდნენ. მაგიერ ამისა კი ისაა, რომ ენა გააუბრალოვეს და გაამდაბიორეს ხალხურობისა და დემოკრატიზმის სახელით.

ენანი ქართულნი ვერტიკალის ენაა. ეს არის მაღალი ვარჯი დიდად ჯიშიანი და მაღლოვანი შემეცნების ხისა. იგი ზეაღსწრაფების ენაა და მასში უფრო დიდი აზრია დავანებული, ვიდრე მესიის მეორედ მოსვლა და სოფლის განკითხვაა. ქართველი კი არაა ზეაღმსწრაფი კაცი. ის ხოხვას და ძრომას მიეჩვია თავის სირცხვილიან საუკუნეთა განმავლობაში და ახლა, ამ წყეულ აწმყოში მთლად დაჭიავებულია. მან ეს ენა მთლიანად ჰორიზონტალში გადაიყვანა. აზრით ცოტა, სულით უღონო და გულით მრუშია ქართველი. სუსტია ამ საუკუნის დასაწყისის მწერლობა. ვერარა დიდი ფიქრი ქართველმა ვერ განასიტყვა და მისი ფილოსოფიური თავდადება ლიბერალიზმის აპოლოგეტობას არ გასცილებია.

ბიზანტიურ ბერძნულს დიდხანს ექიშპებოდა ქართული ენა. ექვთიმე ათონელის (955-1028), გიორგი მთაწმიდელის (1009-1065), ნეოპლატონიკოს იოანე პეტრიწის (XI-XII სს.) ნაწერებში, რომელთაც მრავლად დაუჩხრეკიან წიგნნი ბერძნულნი, ეს კარგად ჩანს. უფსკრულ ღრმა არის ქართული ენა, ვიდრე ბერძნული. ქართულთა ენის ძრწოლის შემდვები უფსკრულოვნება მით აღარ გამოჩნდა, რომ ის ძუელნი ქართუელნი ყოველთვის ბიზანტიელთა განაკვალში შთებოდნენ, ვითარც მარადიული შეგირდნი და საკუთარი ფილოსოფიური თხზულებანი ქართულსა ენაზედ არ შექმნილა.  ლიტერატურის ისტორიაში დიდად შესახელდნენ ქართველი საეკლესიო კომპილატორები, რადგან სხვა არავინ იყო. ქართულ ენას აკლია დამუშავება. მას ერთობ ცოტა აქვს საკუთარი აბსტრაქტული სახელები. სიტყვათწარმოქმნა, ცნებათა შემუშავება და მათი ენაში დამკვიდრება მცირედ ხდება. ყოველმხრივ დამუშავებული და გამოქნილია სანსკრიტი, ბერძნული ენა, მოგვიანოდ კიდევ არაბული და სპარსული ენები გამოიქნა. ბერძნული ენის საფილოსოფიო და სამღთო სახელები გამოჩნდა, ქართულისა კი ვერა. ძველ მთარგმნელთ და შემთავებელთ უთქვამთ, რომ ქართულისა სახელისა არქონებისა გამო ბერძნულივე დავდევითო. ის საფილოსოფიო და სამღთო ტერმინოლოგია, რაიც მამზევებელმან და მადღევებელმან ქართულისა ენისამან იოანე პეტრიწმა შეიმუშავა, გამოუყენებელი იყო საუკუნეთა სვლაში. ეფრემ მცირე (XI საუკუნის მეორე ნახევარი) ამბობს, რომ ბერძენთა ენაი უფსკრულ ღრმა არს და იგივე ერთი სიტყუაი მრავალსა პირსა აღიარებსო. ეფრემმა მაინც ბერძნული დააყენა ქართულზე მაღლა. იოანე-ზოსიმე (იღვწოდა X საუკუნის 40-იან წლებში) ეფრემის წინამორბედია. ეფრემი არას ამბობს ქართული ენის მესიანისტურ განგებულებაზე. არც ექვთიმე და გიორგი არას ამბობენ იოანე-ზოსიმეს მესიანიზმზე. შეუძლებელია მათ არ სცოდნოდათ იოანე-ზოსიმეს შრომანი, რომელ იყო მჩხრეკალი და განმაცხოველებელი ქართულთა ენათა. ვის ვის და ექვთიმე ათონელს უხამდა ქართული ენის იადგარისა და საგალობლის განწიგნება. ენაი ქართველთაი ბერძნულზედ უფრორე ღრმოვანია და მომმარჯვი, გარნა ეს ვერ გამოჩნდა საქვეყნოდ. ქართული ენა ვერ დაუდასტურდა თავისი ძალოვნებითა და მშვენებით დუნიის სხვა ხალხებს. ვერ აღიმზო ქართული ენა და ვერ გამოჩინდა მისი სახელმოდგამი (პოლისემანტიზმი, ომონიმია) და იკითხვისი.

ბერძნული საღვთო წიგნების ქართულად გადმოღების დიდი ტრადიციის მიუხედავად, ძნელად იქმნებოდა ქართული აბსტრაქტული ცნებანი. ქართული ენის დიალექტებში არის ყოფითი სიტყვების დიდი სიმრავლე. აბსტრაქტული სახელები კი მეტად ცოტაა (მრწამსი, სასოება). ეს არის ქართული ენის აქილევსის ქუსლი. აქილევსი რომ არის ქართული, ამას მტკიცება არ სჭირია.  ქართულთა ენისამებრ განყენებულ სახელებს ვერ ვიხმევთ მათი სიმცირის გამო. დიდი უცნაურობა ისაა, რომ ქართულმა ენამ არაბული და სპარსული სიტყვები უფრო ითნო თეოლოგიურ ტერმინოლოგიად, ვიდრე ბერძნული სიტყვები (მაგალითებრ, არაბული მადლი და არა ბერძნული ქარიზმა (მადლის სინონიმური შესატყვისი არაბულივე ბარაქაც დამკვიდრდა ქართულში), არაბული იმედი და არა ბერძნული ელპიდოს. იმედი უფრო მოიხმარება, ვიდრე ქართული სასოება). აბსტრაქტული სახელების უმეტესობა სპარსულიდან და არაბულიდან შემოვიდა ქართულში და ისერიგად გაითავისა ქართულმა ენამ ეს სიტყვები, რომ თუ მაგალითად, კომპარატივისტულ ლინგვისტიკასა და ეტიმოლოგიაში არ ხარ ჩახედული, ვერ შეატყობ, რომ ეს სიტყვანი არაქართული წარმოშობისაა (სევდა, ხვაშიადი, ვარამი, ჯავრი, კაეშანი). ბერძნულად ვარამს აღნიშნავს სიტყვა პენთოს, რომელიც ახალ აღთქმაშიცაა, მაგრამ ის არ დამკვიდრებულა ქართულში, ან კიდევ სიტყვა ლიპე, რომელიც დარდსა და სევდას აღნიშნავს. დამკვიდრდა არაბული ფიქრი და არა ბერძნული ნოემა. ბერძნული სიტყვები ქართულში დაამკვიდრა რევოლუციურმა ეპოქამ და ახალი დროის ფილოსოფიამ (ენთუზიაზმი, გნოზისი, ონტოლოგია, პათოსი და სხვანი). ხშირად არის, რომ სპარსულ ან არაბულ სიტყვას ქართულ შესატყვისს უძებნიან და ეს შესატყვისიც ისევ სპარსული ან არაბული ძირის სიტყვაა. არაქართული სიტყვები – დოსტი, ყორჩი, ამხანაგი, ყონაღი, ასაბია, ამფსონი – დამკვიდრდა ქართულში, ხოლო მათი შესატყვისი ბერძნული ადელფოსი და კოინონოსი (მეგობარი) არ დამკვიდრდა. მითოსის ქართული შესატყვისია ანდრეზი, მაგრამ ესეც სპარსული ძირის სიტყვაა. მითოსის ქართული შესატყვისი არ არსებობს დღემდე. ქართული ენის მამშვენებლად იქცა ბევრი არაბულ-სპარსული ძირის სიტყვა (იღბალი, ყაირათი, ნამუსი, ყისმათი, დასტური, თადარიგი, მუსაიფი, ნობათი, ლაზათი, შარი, ბათილი, ხეირი, ნადიმი, მილეთი). ქართული ენის განმარტებით რვატომეულში ბევრჯერ მითითებული არაა სიტყვების არაბული და სპარსული წარმომავლობა. ქართულს დღემდე არა აქვს ბერძნული სინდისისა და არაბული ნამუსის შესატყვისი. არაა სიტყვა ტრადიციის შესატყვისი, ასევე სიტყვა კულტურის შესატყვისი. დღემდე არ არსებობს მეტად მოხმარებული სიტყვის – ინტერესის ქართული შესატყვისი. ესეც სათქმელია: სანსკრიტი სავსეა აბსტრაქტული სახელებით. ძველ არიელთა შორის ძალზე განცხოველებული იყო განყენებული ჰაზრობა. საკვირველებაა მათი ფილოსოფია და თეურგია. ძველ დროში, ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე, სპარსული ენა ქართულ ენას სანსკრიტთან მიმართებას უძებნიდა. სპარსულის გავლენით დამკვიდრდა ქართულში სანსკრიტული ფუძისეულები (-შტ-, -რშ-, ვახუშტი, არშაკ, აშოტ).

ღვთაებრივი ენაა სანსკრიტი, რომლის წიაღისგანაც აღმოიშვა ბერძნული და ლათინური ენები, გერმანული და რუსული ენები, მაგრამ ქართული ენა უღვთაებრივესია. ის იყო და დღემდე შთება მიწყივ სამერმისოდ დაუნჯებულ ენად, მოსაწევნს მიბარებულ ენად, რომლის ჩინებულება ჯერ არ გამოჩინებულა თავისი ყადარი გამოჩინებით. თავად უფლის ბაგეთაგან აღმოსიტყვების ღირსი ენაა ქართული.

ჰაიდეგერი თავის „მეტაფიზიკის  შესავალში“ (Einführung in die Metaphysik), მეორე თავის (სიტყვა Sein-ის გრამატიკისა და ეტიმოლოგიისათვის)  § 19-ში ამბობს, რომ ბერძნული ენა გერმანულთან ერთად არის ყველაზე ძალოვანი და ამავე დროს ყველაზე განსულიერებული (Daß die Ausbildung der abendländischen Grammatik aus der griechischen Besinnung auf die griechische Sprache entsprang, gibt diesem Vorgang seine ganze Bedeutung. Denn diese Sprache ist (auf die Möglichkeiten des Denkens gesehen) neben der deutschen die mächtigste und geistigste zugleich). ჰაიდეგერის ამ ნათქვამზე  ჰერმენევტიკოს ჰანს გეორგ გადამერსაც მიუთითებია. იცნობენ ატიკურ ბერძნულს მსოფლიოში და ნამეტურ ევროპაში. ჰაიდეგერს რომ ქართული ენის გრამატიკისა სცოდნოდა, ის მასზე რაღაცას იტყოდა. შეუძლებელია, რომ მას არ შეემჩნია ქართული ენის ღრმოვანება. ჰაიდეგერი ლაპარაკობს, რომ აღმოსავლურ ენებს შემოუნახავთო ის, რაც დაკარგესო დასავლეთის ენებმა. განზრახ აღარ მივუთითებ ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის, ასევე ენის სხვა ფილოსოფოსების, ჰუსერლის ოპონენტის გოთლობ ფრეგეს, ნოამ ჩომსკის, სოლ კრიპკეს, ჯონ ოსტინის ნააზრევზე, რათა არ განიბნეს ის შესაკითხი ქართულ ენათა გამო, რომლის ფოკუსირებაც ამ მანიფესტში დამისახავს მიზნად. ენის ფილოსოფია იგივეა, რაც ონტოლოგია.

ან-ი ხმიანობს ქართულში ყოვლად. ეს დასაწყისის ნიშნეულობაა. ყველაზე მეტად ან-ი ისმის ქართულში. ორჯერ და მეტჯერაც მეორდება ან-ი სიტყვაში. მრავალი სიტყვა, არსებითი და ზედსართავი სახელები, ასევე ზმნები, ან-ით მთავრდება. ან-ი დასაწყისიცაა და ზმნათა საწყისი ფორმისა და ნამყოს დამაბოლოებელიც.  ჰაემეტურ ტექსტებში თითქმის თანაბრად ხმიანობენ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. საკვირველი რამ არის ქართულის დვრინვანი და ფშვინვანი. დაღმავალი ტონით და უმახვილოდ იზრახება ქართული კოინე, ვითარც ქართლური საქცევი ადგენს წესად.  დასავლეთ საქართველოს დიალექტებში აღმავალი ტონი და ხმოვნებზე მახვილცემით უბნობაა, ასევეა კახურ დიალექტში, რაიც აშკარად სპარსულის გავლენაა კახურ კილოზე.  საკვირველი მოსასმენია დაღმავალი ტონით ახმიანებული უმახვილო ქართლური ქართული. ქართველთა შორის ცოტანი არიან, ვისაც მისი მოსმენის ნიჭნი შერჩენია და ვინც ესრე უბნობს. მამრად იშვა ქართული ენა. მისი მდვრინავი ხმიანობა ამას ადასტურებს. ქართულში სქესის გრამატიკული კატეგორია და სიტყვებზე მახვილის ცემა არაა (ანტონ კათოლიკოსი რუსული ენის გავლენით ცდილობდა სქესის კატეგორიის შემოტანას ქართულში. მას უწერია „მეფა თამარი“). მამრული საწყისი ენისა ამის გარეშეც თავჩენილია. ხანმეტობანი და ჰაემეტობანი ენის მამრობას რელიეფურად გამოჰკვეთდა. სამივე მისი ანბანი მამრია, კუთხოვანია. კუთხოვნება ქართულის გრაფემებისა დიდად თვალში საცემია. ასომთავრულის გრაფემები შემდგომ დაამრგვალეს. მამრ ენას მდედრული, მრგვლოვანი ანბანი მიუსართეს. კუთხის გამოსახვა ამოიძირკვა ქართული ასო-ნიშნებიდან. მოდგმის დიაცურმა ზნემ ასომთავრულს დია კვალი დააჩნია. პოლიტიკური  კონიუნქტურის გავლენით  ცდილობენ ქართული ენის ინდოევროპეიზაციას, მის მიბმას ინგლისურ ენასთან. ამ მცდელობებმა მიიღო შინაყმური, უმახინჯესი სახე. სიტყვათწარმოთქმა და ბგერათა აღმოფშვინვაც უცხოური ყაიდით ხდება. არასწორად გამოითქმის აღმოსაოხრებელნი მარცვალნი – ლ, ფ, ღ, რ, ყ.  ინგლისური მანერით წამღერებით მეტყველება, სიტყვის ბოლოების მახვილით გამოთქმა ფრანგულ ყაიდაზე, მკვეთრი ხმოვნები და რბილი თანხმოვნები არაა ქართული მზრახეობა. ქართულთა ენისამებრ არა მოვალს ესრე. როგორც XIX საუკუნის მიწურულისა და  XX საუკუნის  10-30 -იანი წლების ქართული ენა იყო რევოლუციის ვერბალური შაბლონებით დაძალული, ასევეა ახლანდელი ქართული ლიბერალიზმის შაბლონებით დაძალული. ვერ იქნება ქართული ენა ბრიტანულ-ამერიკული ენის ეპიგონი და იმიტატორი.  შეურევნელი ქართულითა ენითა მომზრახნი თავად ქართველ მწერალთა შორისაც ძნელად იპოვებიან. ქართულ ფილოლოგიაში დაბერებულმა კაცებმაც კი არ იციან კილოკავები  და კოინე წესთამებრ. ისინი წვალებით მოუბნარნი არიან, რადგან უჭირთ ხალასი ქართული. ხატნი ქართულისა ენისანი არქაიზმებად მიიჩნევა და დავიწყებას ეძლევა იმ დროს, როცა არ იციან ვითარ მოიმცვრიონ და იხმიონ ისინი. დრომოჭმული კი არ არის ეს ძველი ენა, არამედ ვერ რჩეობენ, ვერ მოიხმარენ კეთილად. ამ ენის ლექსიკის ნახევარი და მეტი გამოუყენებელია, რადგან არ იციან თავისი საგაზრდილოს საქცევები და აღმომეტყველებათა წესნი. სიტყვანი, რომელნი დია ათნებენ მკითხველთა, უცანობის გამო მივიწყებულია. რა ქართულს იზრახიან და იუბნიან ახლანდელი ქართველნი? ეს არის 150-180 სიტყვისაგან შემდგარი ლექსიკა. აქედან თითქმის მესამედი არის ჟარგონი. ეს ჟარგონი შედგება უცხოური და ქურდული კონტრკულტურიდან გადაღებული სიტყვებისგან. ჟარგონიც კი არაა საკუთარი ქართველებში. არ იციან ენა და ფრიად საწუხი ისაა, რომ არც სურთ ცოდნა თვით იმათაც კი, ვინც კალამს აცოდვილებს მთელი ცხოვრება, ფინაჩობს მწერლობაში და რიოშობით  შესახელებული, სალიტერატურო გამოცემებშია დაბუდებული. თუ მავანი ჰუმანიტარი ხდება აკადემიკოსი და თან რაიმე სახელოც უჭირავს, მაშინ მისი ნათქვამი დოგმად და არა მხოლოდ ნორმად დგინდება. მას უჩნდებიან უცუდესი ეპიგონები, საუნივერსიტეტო მეროჭიკეები. პირმოთნეობა და ლიქნობა გრძელდება ათეულობით წელი.

მოხდა კანცელარიტის უნიფიცირება და უნივერსალიზება. ეს არის ერთი სტილი, რაიც მოიხმარება მას-მედიაში, დაწესებულებებში, მწერლობაში. ამ ენით უბნობს მდაბიორიც და ინტელექტუალიც. სიტყვა „პრობლემის“ აჩემება ამის ნიშანია. მეორე აჩემებულობა არის წამდაუწუმ წარმოთქმა ლექსემისა „ასე ვთქვათ“, რომელიც ხან წინადადების თავშია, ხან შუაში, ხან ბოლოში. სულის სისუსტეს ადასტურებს ამ ლექსემის აჩემება. ამ გადასხვაფერებულ, მრუდ ენაზე ლაპარაკი მიიჩნევა ცოდნიერობის, გამოსულობის, ლიბერალიზმთან ზიარებულობის დასტურად. ტიპური ნიმუშები ამ მახინჯი ენისა ესაა: „ხარისხიანად ვილოცოთ, რათა უფალი შეგვეწიოს“, „საქართველოში მუდამ ხარისხიანი თოვლი მოდის“, „მზისა და ღრუბლების არაკონფლიქტური ჩანაცვლება ხდება“, „სიტუაცია მალევე განიმუხტა“, „სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ეკლესიას შეუძლია“ და სხვა მისთანა თქმანი. ვერ გერშობენ, ვერ გუმანობენ, რომ ასე უბნობა არაა ქართული. იმად ვერ გუმანობენ, რომ თავის გულში ქართულის ხმიანობას არ აყურადებენ, ქართულად ვერ ფიქრობენ, შინაგანად ქართველნი ვეღარ არიან. სხვათა მოსაჩვენებლად არიან ქართველნი. ახლანდელი ლიტერატურული პროცესი კი საესტრადო შოუს მსგავსია. ერთი დღის ტექსტების დიდი სიმრავლეა. ათასობითაა რაგინდარა კონკურსების საუკეთესო მოთხრობა, პიესა, ლექსი და რომანი. სიმაღლე კი არსადაა. მხოლოდ თავი მოაჩვენე წერით და თავი  შეიქციე კითხვით. ეს კალმის მსახიობობა და ლიტერატურის კინტოობაა. ლიტერატურული ცხოვრება კვალს არსად ტოვებს, საფუძველს არას უყრის. ეს არის საამოდ აჩქამებული გუბის ტალღა, ტბორში კულტურული ჩქაფუნი, ქაღალდის ჭიების ფუთფუთი და წამოყვირება. აქ ხნულის გავლებაზე ფიქრიც კი არ გამოდის. ხომ სრული თავისუფლებაა და არაფერი ამაღლებული, გეზის დამსახავი და ფუძისჩამყრელი არ იქმნება. ამ მწერლობამ არ იცის შესაძლებლის ზღვარამდე მიყვანილი რეფლექსია, არ იცის ტრაგედია და ფიქრთა სიმძიმე, არ იცის ერთ საგონისზე შეჩერება და გულისხმაყოფა.

ენათმეცნიერებაში მკვდარ ენებად მიიჩნევა სანსკრიტი, ძველბერძნული, ლათინური, მაგრამ ეს ენები ახსოვთ, იციან ზედმიწევნით. ევროპასა და რუსეთს გათავისებული აქვთ ეს ენები, ნამეტურ კი ლათინური და ძველბერძნული. ურიცხვი გამოკვლევაა დაწერილი ამ ენებზე. ეს ენები მუდმივად სამეცნიერო მიმოქცევაშია. საბერძნეთმა ისე არ იცის ელინობა, ვითარც გერმანელმა. გერმანელმავე აცხოველა სანსკრიტოლოგია. მკვდარი ენები ასე ახსოვთ და იციან. ცოცხალ ქართულ ენას კი კავკასიაშიც ძლივს იცნობენ. არავინ უბნობს კავკასიის მთიანეთში ქართულად. კავკასიაში არავინ სწავლობს ქართულს. ამ ენის არეალი სულ უფრო მცირდება. ქართული ენა იცოდნენ აფხაზეთში,  ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილო ოსეთში. თუ ამ ალაგებში ვინმემ კიდევ იცის ქართული, არ ლაპარაკობს ამ ენაზე  ქართველთადმი სიძულვილის გამო. ქართულ ენას არ სწავლობენ საქართველოს მრავალათასიანი სომხური და აზერბაიჯანული დიასპორები. ქართულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხოვნება თავად ქართველთა შორის მცირდება აჭარაში, მესხეთსა და ჯავახეთში, ბორჩალოში, თვით ქართლის მთიანეთში.  მრავალგზის ადაპტირებული ქართული ენაც კი არ იცის რიგიანად ამ ენაზე მოლაპარაკე ქართველთა უმეტესობამ. სახელგატეხილი და ავაზაკობით ცნობილი ხალხი გახდა ქართველობა.  რომ გაქრეს ყოველი ქართლი, მთელ დუნიაზე არავინ მოისაკლისებს მას და მის ენას. რუსული ქართველოლოგიური ცენტრი დღემდე როგორღაც ღიმღამობს. გამქრალ ქართულ ენას უცხოეთის ქართველოლოგიური ცენტრები გააშუქებენ ისე, როგორც აშუქებენ აქადურ ან შუმერულ ენებს. არა მხოლოდ ქართველთა სიმცირემ და ოსმალო-ყიზილბაშთა შემოსევამ, არამედ საუკუნოვანმა უკულტურობამ  და უსამართლობამ განაპირობა, რომ მთელ დუნიაზე ქართულ ენაზე მომზრახი სამი მილიონიც აღარაა.

უბადონი არიან საქართველოს ტომები. მოკეთე-მოკიდული მათ არსად უვით. ეული და ობოლ-ოხერი, კრულებაში მყოფი მოდგმაა ქართველობა. თვით კავკასიაშიც არავინაა მათი ნათესავი. კავკასიაშიც არავინ ეძებს ქართველებს, როგორც მოკეთეებს. ქართველთა ძველი ნათესავნი არიან ვაინახური მოდგმის მთიელნი და მათთან მოკეთეობის იდეა თავად ქართველებმა გაააბუჩეს ევროპასთან ნათესაობის სახელით, ფრანგებთან, ესპანელებთან და იტალიელებთან სიახლოვისა და მსგავსების სახელით. ისინი არასოდეს დაიმოყვრებენ ქართველებს. ამის შეგნება ქართველთ ჯიუტად არ სურთ. აქვე უნდა ითქვას, რომ ებრაელებს, სომხებსა და ბერძნებს აქვთ ძლიერი სადიასპორო ორგანიზაციები. ქართველთა დიასპორა კი არსად სახსენებელი არაა. სახელი გაუტყდა ქართველს ყველგან, სადაც კი მივიდა. ვერ პატრონობს ქართველი ქართლსა და თავის ენას. ვერ დასობენ ქართლსა შინა ქართველნი ისე, ვითარც ამ ავჟამობისას ჰხამს.

საქართველოში არ შექმნილა ისეთი კულტურული მონაპოვრები, რომ ეს უცხოელმა შეისწავლოს და გაითავისოს. ერთადერთი, რაც უძთ ქართველთ, არის ენა. მხოლოდ ამით იპყრობს უცხოელ სწავლულთა ყურადღებას საქართველო. კულტურა  როგორც ასეთი, საქართველოში არ არის. რაც იყო, ის თავისუფალი ბაზრის სახელით წარიხოცა. ქართველთა ერთადერთ საგანძურად ენა რჩება.

არაფერია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ისეთი, რომ ეს უცხოელ ქართველოლოგთა და ქართულის მცოდნეთა მიერ ჩხრეკისა და მოხსომების  ღირსი იყოს. უცხოელები ძირითადად იძიებენ ქართული გრამატიკისა და სინტაქსისის თავისებურებებს, ქართულ პარატაქსისსა (თანწყობა) და ჰიპოტაქსისს (ქვეწყობა), შედარებით ასპექტებს, ქართული ენის ისტორიას.

XIX საუკუნისა და უფრო ადრეული მწერლების ხშირი ხსენებით იქმნება ტრადიციულობის, მემკვიდრეობითობის, საისტორიო  ხსოვნის მოჩვენებითობა. ლიტერატორობა საქართველოში თავშექცევად იქცა. წიგნის მწერი აღარაა აღმზრდელი. წერა აღარაა პაიდეია. ქართული ლიტერატურა ვერ ქმნის ვერტიკალს, ვერ ქმნის იდეურ იმპერატივებს. ცრუა მწერლობას მოდებული ღვთისმოსაობა. ქართულ სიტყვას აღარ აქვს პეითო. მისი ახლანდელი სიცხოველე მხოლოდ ზერელეობის  დუღილია, ტუტუცთა ხალისიანობაა, მაიმახთა შაბაშია, მემრუშეთა ხტუნვაა.

ქართული ენის ისტორიაში საუკუნენახევარია დიდი გაუგებრობაა დამკვიდრებული, რაც ჭეშმარიტებად მიიჩნევა. საკითხი ეხება ქართული ენის გათანამედროვებას, გაუბრალოებასა და ვულგარიზებას.  ეს უნდა შეჩერდეს. თამაზ ჩხენკელთან, ბაჩანა ბრეგვაძესთან, ზურაბ კიკნაძესთან, თამაზ გამყრელიძესთან, ელგუჯა ხინთიბიძესთან მქონდა ამაზე საუბარი და ისინი დამეთანხმნენ იმაში, რომ ქართული ენა უღვთოდ შეკრიჭ-შემოკრიჭეს, უცხოური ნაძალებით და კალკებით დახუნძლეს, რომ ქართული ენის მდგომარეობა, წიგნთა სიმრავლის მიუხედავად, სავალალოა და რაღაც ღონე უნდა იქნეს ნაპოვნი, რომ ეს შეწყდეს.

ქართული ენის ფანატიკოსი ვარ და ჩემთვის ძველი ტექსტების კითხვა არის თეოფანია და თეურგია. ჩემთვის თავად ძველი ქართული ენაა უფრო მეტი, ვიდრე ამ ენით გადმოცემული საღვთისმეტყველო ან პატროლოგიური ამბავი. ქართული ენის კარგად მცოდნე კაცს შემჩნეული ექნება, რომ ძველი ქართულით ნაწერი ტექსტი, მისი მხატვრული და შემეცნებითი ღირსების მიუხედავად უკვე მხიბლველი და მნუსხველია. რომც არაფერი აზრიანი არ იყოს დაწერილი ძველის ქართულით, მაინც იკითხება და მნუსხველი ძალი აქვს ქართულ აღნაქუსს. ახალი ქართულით დაწერილი, აზრიანიც რომ იყოს, ძნელად იპყრობს ყურადღებას. ღდინგამცლელი არის ძველი ქართული ენა მისთვის, ვინც არასდროს ლამობდა მისით შემსჭვალვას, ვინც არასდროს დაფიქრებულა იმაზე, რატომ არ ჰყავდა მესიანისტ იოანე-ზოსიმეს ეპიგონები მაინც, ვინც არასდროს შეფიქრებულა იმაზე, რადაა შოთა რუსთველის ენა დღემდე დაულახავი მწვერვალი, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მოკალმე რონინებს ასპარეზზე.

ამა დროის მწერლები, ცოცხალ კლასიკოსებად წოდებულნი, არ საკლისობენ, არ ჯავრობენ იმას, რომ ქართულ ენაში დიდი რაღაც არის დაკარგული, რომ ენის ენოვანება ნაკლულია. ვეება ლინგვისტური და პაიდეიური დეზიდერატუმია (ის, რაც აკლია) ქართულ ენაში თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში. ენის უცოდნელობის გამო არას საკლისობენ, თორემ ესენი რომ წერენ, ამდენს სხვა ვინ წერს?

რაიმე ღირსსახსენებელი თუ შეიქმნა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ნორმად ქცეულ, გამარტივებულ ქართულ ენაზე ან ფილოსოფიაში, ან კაზმულსიტყვაობაში? მაშ რისთვის იდეალისტობდნენ, რისთვის მეტაფიზიკოსობდნენ?  მხოლოდ მარქსისტულ ათეიზმთან არტისტული ჯიბრიანობის გამო? კი, ღვარად მოედინება ახალგამოცემული წიგნები, მაგრამ აზრისა და გულის ცეცხლოვანების ნაკლებობაა. კალმოსან კაცს არ სურს, რომ მისი მთხზველობა მძიმე საფიქრით გვემა და მსხვერპლვა იყოს. პოეტს არ სურს, რომ თავი შესწიროს და მცირედ მაინც უმსხვერპლოს თავისი გულით იმ დიდ სამსხვერპლოს, რასაც პოეზია ჰქვია. ქართული პოეზია საარაკო რიოშობაა.  მიმაჩნია, რომ არსად სხვაგან არ მომხდარა პოეზიის ასეთი შერყვნა, როგორც ეს საქართველოში მოხდა. იყო და არის დათარსულთა ლექსთმთხზველობა, რითმებით გამიზეზებული შიზოთიმია. რომ ითარგმნოს უცხოურ ენებზე ახლანდელი ქართველი პოეტების კრებულები, პასუხად იქნება სიჩუმე. ქვად დასადები აზრი ვერ იქმნება ქართველთა შორის, რომელნიც საბჭოთა ცენზორის თავზე დგომას მიზეზობდნენ. ვითარც ქარს მიაქვს ხმელი ფოთოლი, ეგრეც ქართველთა ნასიტყვი მიაქვს დროის დაქროლას. ქართული სიტყვა ვერ უძლებს ჟამის რბოლას. ჰაი-ჰუის და მიდი-მოდის დონის ქართული შეითვისა ქართველმა, რადგან ამას ფიქრი და ჭირთა მტვირთველობა არ სჭირია. ქართული ენა დიდ ფიქრს ითხოვს. ეს ამ ენისთვის არის როგორც მიწყივ მსხვერპლვა. როგორც სიტყვა “სოფელს” დაემართა, ეგრეც ქართულ ენას. ძველად სოფელი აღნიშნავდა მთელ ქვეყნიერებას, შესაქმეს. ახლა ეს სიტყვა აღნიშნავს ოდენ სოფელს. დაკნინდა ენა, შემოირაგვა პროვინციული ეთნოცენტრიზმით და კუთხე-კუნჭულის მოსახმარ ენად იქცა.

გერონტი ქიქოძემ ერთი საუკუნის წინ, 1914 წელს თქვა, რომ ქართველთა აზროვნება უფორმო და უენერგიოა. ქიქოძე წერს, რომ „დღეს არ არსებობს ძლიერი, ფართო მასშტაბის ქართული აზროვნება. იოანე პეტრიწის, შოთა რუსთაველის, ვახტანგ მეექვსისა და დავით გურამიშვილის მემკვიდრეები იშვიათად სცილდებიან პაწია ესკიზებსა, მინიატურებსა და კუპლეტებს და უზომოდ იტანჯებიან, როცა რაიმე შემთხვევა მათგან მეტ გონებრივ ენერგიას მოითხოვს“ (გერონტი ქიქოძე. რჩეული თხზულებანი, ტ. 2, გვ. 101). აქვე ქიქოძე ამბობს, რომ „წმინდა ქართული ენა კეთილხმოვანია და მდიდარი, რომ ის მზადაა გამოხატოს უმძიმესი ფილოსოფიური იდეები და უმსუბუქესი ეროტული სენსაციები“.

რა არის ახლანდელი ქართული? ეს არის გაქართველებული სომხების ქართულს შერწყმული ლიხსიქითიდან გადმოსულთა ენა. საუკუნოვან მონობაში მყოფმა ხალხმა წერა-კითხვას მოკიდებით დაიწყო უშეღავათო კამათი მაღალ საკაცობრიო იდეალებზე და გაზეთებში თავი გაიგიჟა. ეს იყო საუკუნის წინ. იგივე მეორდება ახლაც.  ენის ვულგარიზაციის პარალელურად მიმდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლებისაგან წამოწყებული დიდი ქართული საქმე. უზარმაზარი სამუშაო შესრულდა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან  80-იანი წლების ბოლომდე, როდესაც გამოიცა კრიტიკულად შესწავლილი, კომენტირებული ძველი ტექსტების  კორპუსი. ამას მაშინაც მცირე მკითხველი ჰყავდა და ახლა ხომ მთლად შემოლევია ჩამხედავი. ეს ნაშრომები უნდა ქცეულიყო სამერმისო ქართული იდეის ლიბოდ და ჩინჩლად და არა კონვენციებსა, დეკლარაციებსა და ქარტიებში გადმოცემული დასავლური პოლიტიკური ცნებები. წელი მოიწყვიტა ქართველმა ამ დიდი საუნჯის წასაკითხად. მას ეზარებოდა ამ ფასდაუდებელი საგანძურის შემეცნება და მიტინგებზე კი თავქუდმოგლეჯილი დარბოდა, ათეიზმს მიზეზობდა და ხელს საყდრისაკენ იშვერდა. ბოლო რაც არის ამ თვალთმაქცობისა, ქვეყანა ხედავს. ქართული იდეა ვერ დაეშენა დასავლურ პოლიტიკურ ცნებებს. უახლოესი წარსული არის ფუჭად ნავალი წლები, გავერანების, ხელნაცარავობისა და წბილყოფის ჟამი.

გაუსაძლისად გაუბრალოვდა ქართული ენა, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს წერა-კითხვის მცოდნე და წერის იშტაზე მოსული ვინგინდავინ უმეცართათვის. ეს vulgar (მასობრივად გავრცელებული) ენა სულ უფრო მეტი სიმარტივისა და კალკირებისკენ  მიიდრიკება. გრძელდება ქართული გრამატიკის ინდოევროპეიზება ანგლოსაქსური soft power-ის გავლენით. ქართულად კი ლაპარაკობენ, მაგრამ უცხონი არიან თვით ამ გამარტივებული ენისადმიც. არანორმატული მეტყველება გაუგებარია უკვე ბევრისთვის და არ ესმით ნათქვამის მნიშვნელობა. მაგალითებრ, თუ რაღაცის ქართულად  თარგმნის მაგივრად იტყვი ქართულად გადმოღებას, უკვე უჭირთ გაგება, რომ ეს სინონიმური თქმაა და სხვა რაღაც ჰგონიათ. ენის სახელმოდგამი (პოლისემანტიზმი და ომონიმია) არ იციან. ენისადმი უცხოობის ნიშანია ის, რომ ხშირად ქართულ იდიომებს, ფრაზეოლოგიზმებსა და ანდაზებსაც კი ბრჭყალებში ჩასმით წერენ. ეს კი არა და საკუთარ მსჯელობასაც ბრჭყალებში სვამენ, რადგან ეუცხოვებათ ქართულ ენათა მსიტყველობანი. ვერ დადგრომილან ენასა შინა, ვერ შინაობენ იქ, სადაც მიწყივ შინანი უნდა იყვნენ და ქართულთა ენათა სამოსელი ვერ მოურგიათ. ამ წიკო-მაკო ქართულის მაგალითებს აქ აღარ მოვიყვან.

ძველმა ქართულმა არ იცის  დაბოლოება -ში. ძველი ფორმაა: ინდოეთს გაემართა, ხორასანს წარვიდა, სოფლად გაემგზავრა და არა ინდოეთში გაემართა, ხორასანში წავიდა, სოფელში გაემგზავრა. ძველი ფორმაა სწორი. ახალი ფორმა დაბოლოებით  -ში, არის შეცდომა. ეს  -ში დამკვიდრდა და ერთადერთ ფორმად იქცა ახლანდელ კოინეში. ძველი ფორმები მთის დიალექტებში შემორჩა. ძველი ქართულისათვის დამახასიათებელი მრავლობითი რიცხვი (ცხროებანი, ლალვანი, ჭირნი ჩვენნი, უკეთურებანი მამათა ჩვენთა) დაიკარგა და ის შემორჩა მხოლოდ ქურდული კონტრკულტურის  ჟარგონში ან ვლინდება კალკის სახით (მიდგომები, ხედვები, გათხრები). მრავლობითის დაბოლოება არის -ები და -ნი (წიგნები, წიგნნი). ახალმა ქართულმა მხოლოდ -ები იცის. წყება ზმნური ფორმებისა გაქრა იმ საბაბით, რომ თანამედროვე ქართულმა უარყო არქაიზმები. არადა, ზმნათწარმოქმნის ეს დავიწყებული ფორმები არაა არქაული. უბრალოდ არ იციან მათი მოხმარება და მათი მეოხებით სიტყვის გამოგება. ახალქართულიდან განდევნილია დიდად კეთილი ზმნა – გება და მისგან წარმოებულნი (გებული, გებადი). ქართული ზმნის წესისა და მწკრივებისა არ უწყიან. ზმნა გაღარიბდა. აღარაა უწყვეტლის ხოლმეობითის მწკრივი, აწმყოს ხოლმეობითის მწკრივი, ტმესები. ნამყოს მრავლობითი რიცხვის დაბოლოება იყო  -დენ და გახდა -დნენ (წერდენ – წერდნენ, უზორვიდენ – უზორვიდნენ). ძველი დაბოლოება ზმნისა მხოლოდ ქართლის მთის დიალექტებში შემორჩა. ასევე მთის საქცევებში დარჩა მიმართვა „მამავ!“. ახლა ასეა მიმართვა: „მამა!“, ვითარც სახელობითი ბრუნვაა. ლოცვა „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა…“, არის ცნობილი მაგალითი, თუ ვითარ არ გამოდის მისი გაახალქართულება. ახალ ქართულზე ვერანაირად ვერ იტყვი რუსთველისეულ სოფლის სამდურავს:

„ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა.

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!“

ენის ცოდნიერობის სიღრმე და ენასა შიგან დადგრომილთა რიცხვი სულ უფრო იკლებს. ახლანდელი ქართული წყალმარჩხი ხდება და ენის მდინარეში შესულს წყალნი თეძომდეც ვერ სწვდება. სამწერლო სარბიელზე მრავლად არიან ქართული ენის კარგად შენიღბული პროფანები, ლიტონად მზრახენი. ისინი ყასიდი გზნებით უბნობენ რუსთველის, ბესიკის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ენაზე და არ კი იციან ეს ენა. ისინი უბნობენ დავით გურამიშვილის ნოვატორობაზე ქართულ ენაში და ვერ კი იტყვიან, რაა ნოვატორული მასთან.

რას ნიშნავს ნოვატორობა ქართულ ენაში? ახლანდელი ქართველი მწერლები იოლას გადიან  XX საუკუნის 50-60-იან წლებში ჩამოყალიბებული შაბლონური ნამსჯელით ენის ისტორიაზე. თავიდანაა დასაწერი ქართული ენის ისტორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის მრავალი თავი. ბესიკის, გურამიშვილის და სხვა ძველათა ხსენებით ისე წარმოუჩენიათ, რომ სიძველესთან ჰგიან და მისგან ამოდიან, ტრადიციის განაკვალში დგანან, ქართლის მთის დიალექტებს ესათუთებიან. წერენ დიალექტიზმებს, სულხან-საბას ლექსიკონიდან აღებულ სიტყვებს (საარი, ბაკმი, თეგი, სპეკალი, არილი და სხვანი), იტყვიან ძველებურად: „ისტორიანი“,  „ყოველნი ქართველნი“ და სხვა. ცალკეული სიტყვების სტილიზატორულ და მანერულ გამოყენებას საქმე არ გასცილებია. ვერ არიან სიტყვამოპოვებულნი, ვერ არიან შინაურნი ქართული ენის ძველისძველ სახლში. ქართული ენის უცნაურობა და ძალოვანება მათ თრგუნავს. არ იცის ქართველმა თავისი ენა და არც აზრი მოუდის, რომ დიდებული მაღალი ქართულით მოსახსოვნელი სიტყვა გამოიგოს. ძველი ქართულისადმი აპელაციები არის მხოლოდ მკითხველის მისატყუებელი ილეთი, რომ საკუთარი ავტოფილიისა და ეგოლატრიის ნაჭიანევი ნაყოფი ვინმეს შეატყუონ.  ძველი ქართული გამოიყენება პამფლეტებსა და პოლიტიკურ სატირაში. ღმერთთა სწორი ძველი ენა სასაცილო გამხდარა ჩიტირეკია და სალახანა მეგაზეთეებისთვის. პამფლეტისა და სატირის მიზანი პოლიტიკური მხილებაა. ძველი ქართული  ენა სამასხროდ ქცეულა. სატირისა და პამფლეტისათვის, იუმორესკისათვის ახსენდებათ ძველი ენა და არა ფილოსოფიისათვის, არა ლიტერატურისათვის. ძველ ენას მცირედნი მოიხმარენ (ბაჩანა ბრეგვაძე, ზურაბ კიკნაძე, თამაზ ჩხენკელი), მაგრამ არ ხდება საიმისო საფუძვლის შემზადება, რომ ძველი, სხვა ქვეყნების მიბაძვით უსამართლოდ განდევნილი ენა შემოვიდეს ფილოსოფიურ ლიტერატურაში და იყოს კეთილად სახმევი და საციქველი. სწორი იყო ერეკლე ტატიშვილი, როდესაც მან ნიცშეს ზარათუსტრა ძველი ენის გამოყენებით გააწყო ქართულად. სწორი იყო ლერი ალიმონაკი, რომელმაც უპანიშადები ძველ ქართულზე დაყრდნობით თარგმნა. ამ წიგნებს, წუთისოფლის ამ სავარამო შესაკითხებს ეს ენა ესადაგება. ძველი ქართული ენა არ უნდა იყოს საეკლესიო წიგნებს შეფარებული ენა. ის იმიტომ არაა, რომ მასზედ ლოცვანი ჩამოაბულბულონ და მთელი ცხოვრება მისი მკითხველი და მისით მოუბნარი ბერმონაზონნი მის ძალოვანებას მაინც ვერ იგზნებდნენ. ეს ენა უნდა გამოვიდეს საქვეყნო ასპარეზზე მთელი თავისი დიდებულებითა და მშვენიერებით და აი რატომ:

ახალ ქართულზე გადასვლა გარედან აღძრული მიზეზით მოხდა. მასზე გადასვლა არ ყოფილა ენდოგენური მოვლენა. ამიტომაც ქართული ენის ინდიქტიონი (ჟამის დათვლა) ვერ მიესადაგება ინდოევროპული ენების ინდიქტიონს. ევროპაში ენების გათანამედროვება საკუთრივი, შინაგანი პროცესებისა და ისტორიული ხდომილებების ძალით განხორციელდა. იყო ერეტიკული მოძრაობანი და გლეხთა აჯანყებები, წარმოიშვა ნაციონალური სუვერენიტეტის პრინციპი, რაც პროტესტანტულმა დისიდენტობამ მოიტანა და 30-წლიანი რელიგიური ომის შემდეგ დამკვიდრდა. ნაცია, რომლის მცდარი ქართული შესატყვისია სიტყვა „ერი“, არის პროტესტანტი ერესიარქების თეოლოგიის პირმშო. ის, როგორც ამოსავალი, არ არსებობდა წინამორბედ თეოლოგიასა და პოლიტიკაში. ამაზე არ შეჩერდა ევროპული აზრი. იყო სამეცნიერო მესიანიზმი, ეგალიტარიზმი, დეიზმი და ათეიზმი. იყო მონარქომაქია და რევოლუციონიზმის ეპოქა. აქედან არაფერი ყოფილა საქართველოში. სხვა ენების მატიანე და ლინგვოგენეზი ტრაფარეტულად  მიაკერეს ქართულ ენას და ასე დამკვიდრდა. უზარმაზარი შესაძლებლობები ქართული ენისა მიიჩქმალა თერგდალეულთა მიერ ენის ვულგარიზებით, რაც ილიასეულ ენის რეფორმად იწოდება. წერა გამარტივდა და მან მასოვიზაცია განიცადა. დამახინჯდა სტილი, ფორმა, გემოვნება. გახენეშდა ენის განცდა.  XIX-XX საუკუნეების გასაყარზე მდგარი ლიტერატურული ენა არის  მდარე და მახინჯი ენა. ვულგარიზებულმა ქართულმა უფრო გააზანტა ისედაც ზანტი ქართველი. იმდენად გაღარიბდა თანამედროვე ქართული, რომ მან დაკარგა თავისი ლექსიკური მარაგის ნახევარი და მეტი. ეს განახევრებული და დაჩეხილი ენა ბატონობს საქართველოში საუკუნენახევარზე მეტი. და რადგანაც დასავლეთი იდეურად დასრულდა, რადგანაც ის მეტად ვეღარ შობს უნივერსულ პროექტებს, რადგანაც ჟამმა გააცამტვერა პოლიტიკური ლეგენდა საქართველოს ევროპასთან ნათესაობისა, ამიტომ ჰხამს დიდი ანამნეზისის დაწყება, ენის გახსენება.

ილია ჭავჭავაძე არ სწყალობდა ძველ ქართულ ენას. მას გაუადვილდა ახალი გამარტივებული ქართულის დამკვიდრება, რადგან XIX საუკუნის 50-60-იან წლებში  ქართულთა ენათა კარგი მცოდნე სამღვდელო კაცთა შორისაც აღარ მოიძებნებოდა.  თავადობა და აზნაურობა უწიგნური იყო, ან ძლივს კითხულობდა. თუ ვინმემ როგორღაც იცოდა ძველი მანუსკრიპტები, გრამატიკა და სინტაქსისი, ის აზრით მწირი იყო და სათქმელი არა მოეძევებოდა რა. ათასხუთასწლოვანი მწერლობის მქონე ქვეყანაში ილიამ მოღვაწეობა დაიწყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნითა და ენის ვულგარიზებით.  XIX საუკუნის მეორე ნახევარი რევოლუციებგამოვლილი ევროპის ქვეყნებისათვის ახალი დრო იყო. დიდი ჰორიზონტი გამოაჩინა რევოლუციონიზმმა და სამეცნიერო მესიანიზმმა. საქართველოში კი XIX საუკუნე იყო ქვეყნის ბოლო, უხანობა და უჟამობა, ისტორიიდან ამოვარდნა. საკუთარი აღარაფერი გააჩნდა ქვეყანას და ის მიეკედლა ევროპის ჟამსათვალავს, მისი ისტორიის ნიშნებს. აქედან დაიწყო შექმნა და დამკვიდრება იმ ქიმერისა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია.

ილიას არსად არა უთქვამს რა ქართული ენის სადიდებლად. მან არ თქვა, რომ ამ ენის შესაძლებლობანი ვერ იქნა გამოყენებული წინამორბედთა მიერ. ის, რომ მან ერთგან თქვა “მამული, ენა, სარწმუნოება!”, ცოტას ნიშნავს. ეს არის მისი პოლემიკური წერილის ერთი წინადადების ნაწილი და არსად სხვაგან ილიას არა დაუწერია რა ქართულ ენაზე.

რომ ყოფილიყო ძლიერი დასი ძველი წესით მოქართულეებისა, ილიას გაუჭირდებოდა ადაპტირებული და რედუცირებული ახალი ქართულის დამკვიდრება. საქვეყნო უწიგნურობამ  საქმე დიდად გაუადვილა ილიას. ანტონ კათოლიკოსი იყო ძველი ენის მცოდნე და მისით მოქართულე. ანტონს ვერვინ აუბა მხარი. მას რომ ილია ჭავჭავაძის დროს ეცხოვრა, კამათი მამათა და შვილთა შორის მერე გეხილათ. ილიასთან მოკამათე გრიგოლ ორბელიანი არც მოკამათედ ვარგოდა, არც პოეტად და არც კაი კაცი ყოფილა. ბერებს შორის ერთი არავინ იყო, რომ ილიასთან სასტიკად ედავა ძველი ენის დასაცავად და ილიას მიერ მისი გასადავების გამო. ილია ჭავჭავაძის ასპარეზზე გამოსვლისას რიგიანი მწერალი აღარავინ იყო ქართლში. დასავლეთ საქართველოში საერთოდ არაფერი ყოფილა. 1832 წლის შეთქმულების თვით შეთქმულთაგანვე გაცემის შემდეგ თავადობამ და სამღვდელოებამ დააგდო ქართული ენა და რუსულად უბნობა დაიწყო.  ბევრი ქართველი სამუდამოდ გადაიხვეწა რუსეთში. მხოლოდ  საქართველოს სირცხვილი კი არ იყო მისი მრავალრიცხოვანი არისტოკრატია XIX  საუკუნეში და  XX საუკუნის დამდეგს, არამედ ის ქვეყნის მტერი იყო თავისი თავაშვებულობით, უნიათობითა და უმეცრებით.  ილიას არ ჰქონდა დიდი მხატვრული გემოვნება. მისი ნაწერები მოიკოჭლებს მრავალი მიმართებით. ქართლში ილიას მოსვლისას რომ ყოფილიყო სალიტერატურო ნიშნული და სიმაღლე, მას ერთობ გაუჭირდებოდა თავისი ადგილის პოვნა მწერლობაში. ილიას გააგდებდნენ ლიტერატურიდან. ილია გაუკაცრიელებულ სამწერლო სარბიელზე შემოვიდა და ეს შველოდა მას. ამის გარდა ის ჟამის ახალი მონაბერის წარმომადგენელი იყო. მას ჩამყაყებულ საქართველოში მანამდე არგაგონილი დეისტური იდეები და განმანათლებლური პოლიტიკური პრინციპები შემოჰქონდა.

ქართული ენის ისტორიაში ბევრჯერ თქმულა, რომ დავით გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს ენის გახალხურების მიზანი ჰქონდათ დასახული და ამისთვის იღვწოდნენ. ეს ითქმის ევროპული და რუსული ენების ისტორიის მიბაძვით. დავითთან და სულხან-საბასთან ეს მიზანი ნახსენებიც არსადაა. გახალხურების ცნება არის ევროპის ლინგვისტური პრობლემის  ქართულ გარემოში გადმოთრევა. ეს განმანათლებლური იდეოლოგიური შაბლონია, რომ ფეოდალური რეაქცია ხელს უშლიდა ენის ხალხურობის დამკვიდრებას, რომ ენის დემოკრატიზება ისტორიული აუცილებლობა იყო, რომ კათოლიკოს ანტონ I-ის სკოლა იყო რეაქციული და ქართული ენის წინსვლას ხელს უშლიდა.

შოთა რუსთაველიდან დავით გურამიშვილამდე ქართულ მწერლობაში უშველებელი  ლაკუნაა, რაც ნაკლებადაა ოსმალოს და ყიზილბაშის ბრალი. საუკუნეთა მანძილზე გალექსილი სიმდარის მეტი არაფერი იქმნებოდა ამ ენაზე. თუ ქართული ენის ისტორიაში ითქმის, რომ რუსთველის სიტყვა არის ქართული კაზმულსიტყვაობის დაუძლეველი სიმაღლე და ასეთად რჩება დღემდე, რომ რუსთველის პოემა არის ქართული ენის  სტილის მწვერვალი, რომ ეს ალიტერაციები და მორფოლოგიური პარონომაზიები ნიმუშად რჩება ყველა თაობისათვის, მაშინ აქედან შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ასეთი დანასკვი: თუ რუსთველზე ასეთი შეფასება გამოითქმის, გამოდის, რომ ქართული ენის ისტორიაში დამკვიდრებული აზრი თანამედროვე ქართულზე, როგორც ენის განვითარების უმაღლეს საფეხურზე, არის არა უბრალოდ ცდომილება, არამედ შეგნებული სიცრუე. თუ ძველ ენაზე დაწერილი სარაინდო-სამიჯნურო პოემა დღემდე დაუძლეველი სიმაღლეა, როდის და როგორ, რა თხზულების შექმნით დაძლია ეს სიმაღლე ახალმა ქართულმა ენამ, როდესაც ის ლაპარაკობს თავის თავზე, როგორც ენის განვითარების უმაღლეს საფეხურზე?  რა ისეთი აწიგნა ახალმა ქართულმა ენამ, რომ რუსთველის ენაზე მაღლა ავიდა? ამის პასუხი არსადაა ენის ისტორიაში.  მწვერვალი რაც არის, ის ასე იოლად ვერ უკუიგდება ენის გათანამედროვების სახელით. მწვერვალის ძირში მყოფი გამდაბიორებული და სადღეისოდ დემონსტრაციულად კანცელარიზებული ენის ნაფაფხურალი ტყუილად წარმოჩინებულა უმაღლეს საფეხურად.  ენის ისტორიაში რუსთველის პოემაზე თქმული არის ძველი ქართული ენის სრული უპირატესობის აღიარება ახალ ქართულზე. ამავე დროს, ძველქართულს იწუნებენ იმის გამო, რომ ის ხალხს დაშორდა და ხალხი მას ვეღარ გებულობდა. ხალხი ვერ იქნება მაღალ ენაზე დაწერილი თხზულების მსინჯველი. თხზულება კი არ უნდა ლამობდეს ხალხის ენამდე დასვლას, არამედ ხალხის წიგნიერი შვილნი უნდა ლამობდნენ თხზულებამდე ასვლას. თუ ხალხი ვერა რას შეიგნებს და იხმევს თხზულებიდან, ამის გამო აქედან საწუნელი დასკვნა არ უნდა გამოიტანონ. და ერთიც: ხომ ისიც თქმულა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, რომ ძველად ხალხში ბევრმა ზეპირად იცოდა ეს პოემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენის ცოდნის დონე ძუელ ქართუელთა შორის უფრო მეტად მაღალი იყო და ხალხის შვილებს არ ეძნელებოდათ შოთას ენით მზრახეობა და მსიტყველობანი.

ჩახრუხი ჩახრუხიძის სამქებრო ლექსების ინტერპოლატორები (შემთავებლები) მრავლად იყვნენ, ასევე რუსთველისა. მათი ლექსების გადაწერამ ძველი გადამწერნი ლექსობის იშტაზე მოიყვანა და სარითმოდ ააგდო. რუსთველის მობაძავნი მეტად ბევრნი იყვნენ (სარგის თმოგველი, ნანუჩა, ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილი და სხვანი), რომელნიც აგრძელებდნენ მის პოემაში გადმოცემულ ამბებს. თავისი სამქებროების დაწერაც უჭირდათ და წინამორბედთა დაწესებულს მისდევდნენ. ჩახრუხ ჩახრუხიძე ილიამ ძლიერ მოაყივნა და მერე მან ძველის ქართულის მოყივნებას მიჰყო ხელი.

ქართულ ენას თავისი ჟამსათვალავი წართმეული აქვს. ის სხვისი დროით ცხოვრობს. არაა სწორი, როცა ითქმის, რომ ახალ დროს ახალი ენა ესაჭიროებოდა და დრომოჭმული ენობრივი ფორმები უარიყო. როდის მოჭამა თავისი დრო ამ ძველმა ფორმებმა?  თუ ეს აზრი ევროპაში გამოითქვა, იქ იყო აზროვნების თვითნაბადი მიღწევები, იყო სეკულარიზმისა და ათეიზმის, დეიზმის ფილოსოფია. საქართველოში რაღა იყო  XVI-XVIII საუკუნეებში? სეკულარიზმმა ევროპაში მოითხოვა ახალი ცნებების, ახალი ენის შექმნა. ამის გამო დაიწერა ევროპული ენის ისტორიაში, რომ ენის მოდერნიზება აუცილებლობას წარმოადგენდა და ძველი, სქოლასტიკის ენა და მისი ცნებები თავად ისტორიამ უარყო.

საქართველოში მთელი წყება ენობრივი მოვლენებისა ისე უკუიგდო, რომ მათ არ ღირსებიათ ფილოსოფიური აზრის გადმოცემა. იყო საცოდაობა თეიმურაზ მეფისა, არჩილ მეფისა, ფეშანგისა, ონანა მდივნისა, გარსევან ჩოლოყაშვილისა და მრავალთა სხვათა. უწყვეტი ლიტერატურული პროცესის წარმოჩენის მიზნით არგამოსაჩენი თხზულებები და არსახსენებელი ავტორები შეისწავლებოდა და განიხილებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის ისტორიაში. საქართველოში იყო საეკლესიო ტექსტების დამთრგუნველი სტერეოტიპია, რაც რჯულიერების დასტურად მიიჩნეოდა.  ამდენი მეფე-პოეტი იყო ძველად საქართველოში, სასახლის კარზე ირეოდნენ თავადური წარმოშობის პოეტები და ერთსაც არ ჰქონდა გააზრებული იოანე პეტრიწის მნიშვნელობა. ნახსენებიც არსად ჰყავთ. ან როგორ გამოაღწია საუკუნეობით გადაუშლელმა პეტრიწის ნაწერებმა XVIII საუკუნემდე? ანტონ კათოლიკოსმა გამოაჩინა და აღაზევა პეტრიწის სახელი. წერაშიც მას ჰბაძავდა ანტონი. ისე იყო საქმე საქართველოში, რომ მადლობა ეთქმით ფეშანგი ფაშვიბერტყაძეს, ონანა მდივანს, გარსევან ჩოლოყაშვილს  კალმის ხელში აღებისათვის. მათ ნაწერთა ლიტერატურულ ღირსებაზე აღარაა ლაპარაკი. ოხრება და გატიალება დაიწყო ქართულ ლიტერატურაში თემურ ლენგის ლაშქრობების შემდეგ. გაუძლო ამას ქართულმა ენამ. მანამდე არაბთა ოთხასწლოვან ბატონობას გაუძლო ქართულმა. ცივილიზაციის მწვერვალი იყო მაშინ არაბული და სპარსული კულტურა და აი ამ უდიდეს ზეგავლენას გაუძლო ქართულმა ენამ. განა იმ ძუელ ქართუელთაგან რაიმე უჩვეულო და ეტალონური შექმნა ვინმემ, მაგრამ ენამ გაძლო და ეს მით უფრო საკვირველ არს, როცა ქართული ლექსიკის ნახევარი არაბული და სპარსული წარმოშობის სიტყვათაგან შედგება. ქართული ენის აღნაგი, მისი გრამატიკა უცვლელი დარჩა. აი ესაა ამ მოგვი ენის მიერ ჩენილი სასწაული. რა მოუვიდა ლათინურს საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში. უფრო სწორად, რა მოუვიდათ ამ ენებს ლათინურის გავლენით. ბერძნული შეიცვალა, რუსული ენა, მისი გრამატიკა შეიცვალა და გამდიდრდა თურქიზმებით. ძველი ბერძნული (პლატონის დროისა) და ბიზანტიური ბერძნული გაყო რეპრესიულმა საეკლესიო პოლიტიკამ. ამის მიუხედავად, ეკლესიის მამათაგან შეჩვენებულმა ატიკურმა, პლატონისეულმა ბერძნულმა მაინც გამოაღწია ქრისტიანიზებულ ბერძნულში, რადგან დიდი პაიდეია იყო პლატონის ჟამს, მითებს გადაწნული ფილოსოფია იყო და მას ეკლესიის მამებმა ძლევა ვერ უყვეს. ბერძნული ენა ქრისტეს აქეთ, წერილობით ძეგლებში განიცდის როგორც ატიკიზაციას (კლასიკურ ბერძნულთან დაახლოებას), ასევე ვულგარიზაციას (გამდაბიორებას), ელინისტური პერიოდის ვულგარულ ბერძნულთან დაახლოებას, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში გაჩნდა. ამის გარდა, არის კიდევ სახარების ბერძნული ენა, რომელიც შორს დგას ატიკურისგანაც და ელინისტური ალექსანდრიული ბერძნულისგანაც. სახარების ბერძნულიდან წამოვიდა სეპტუაგინტიზმები, ბიბლიციზმები. ისინი დამკვიდრებულია ახლანდელ ბერძნულშიც. ამ ბიზანტიური ბერძნულისა და არაბულ-სპარსული ენების ზეგავლენას ჯერ თანაბრად განიცდიდა ქართული ენა, შემდეგ, კონსტანტინოპოლის დაცემის აქეთ, მხოლოდ არაბულ-სპარსულისა და თურქული ენების ზეგავლენას განიცდიდა  ქართული ენა. მან გაუძლო ყოველივე ამას და არ შეიცვალა. მხოლოდ არაბიზმებით, სპარსიზმებით და თურქიზმებით გამდიდრდა. ბერძნიზმები, დამკვიდრებული ექვთიმეს, გიორგის, ეფრემ მცირისა და იოანე პეტრიწის მიერ, დაიჩრდილა.

ქართველმა განმანათლებლებმა – ილიამ, აკაკიმ და სხვებმა გაასადავეს ენა ისე, რომ მათ არ დასჭირვებიათ დიდი დავა ძველი ენის წარმომადგენლებთან. წესით, ძველი ენის დასაცავად ხმალამოწვდილი უნდა დამდგარიყო მთელი დასი წიგნიერი თავადებისა და ბერებისა. ეს დავა უნდა გაგრძელებულიყო ოცი წელი მაინც. ამ დავაში უნდა შექმნილიყო სამანად დასადები თხზულებები. ერთი ხელის მოსმით უკუიგდო ილიას მოდასეების მიერ ძველი ენა. იაკობ გოგებაშვილმა შექმნა გამარტივებული ენის სახელმძღვანელო და ამით ისწავლა ქართველი რაზნოჩინცების თაობამ წერა-კითხვა. ამ ვულგარიზებული ენით შემოწაფებულ, აზრით მცირე ქართველს თავის მამა-პაპათა ლოდივით მძიმე ენა, მისი გრძნიბვანი, ნიჭნი და კიაფობანი სასაცილოდ მოეჩვენა და დღემდე იცინის მასზე. წერა-კითხვის მასოვიზაციამ და  მას-მედიამ ის დაადასტურა, რომ ქართველი კონიუნქტურულმა ტერმინებმა დაიმონა. მას ცნობას ართმევს ანგლოსაქსური მესიანიზმის მიერ მოტანილი ბერძნულ-ლათინური წარმოშობის საპოლიტიკო ცნებები. ამას არ შველის რაგინდარა წიგნების პანტაპუნტით გამოცემა. საეკლესიო წიგნებში ძველქართულ ტექსტებს თუ კითხულობს მრევლი, ეს  არ ცვლის ქართული ენის სავაგლახო მდგომარეობას. კი, ასწავლიან სკოლებში ქართული ლიტერატურის ისტორიას, საეკლესიო ტექსტებს, მაგრამ რა რჩება ამ ენისაგან მოწაფეთა მახსოვრობაში? ქართული ენის მასწავლებლებმა და ლექტორებმაც არ იციან ეს ენა. ეს არაა ისეთი ენა, რომ ერთხელ ისწავლი და მთელი ცხოვრება ამას კმარისობ. ამ ენას და მის ლიტერატურას თავისი ქურუმი, ლიტურგოსი (მსახური) ესაჭიროება, რომელიც დღენიადაგ მის ტაძარსა შინა მშთარია, მას აყურადებს და სხვათა უხილავად უზორვის მას.

ილიას დროს, დასავლეთ საქართველოდან თბილისში ჩამოსულებმა აიტაცეს ეს ვულგარიზებული ქართული. დასავლეთ საქართველოში მრავალი საუკუნის მიყოლებით არ შექმნილა ლიტერატურული ძეგლი.  თუ რაიმე იყო, ისევ ყოველთვის ქართლში იქმნებოდა. ლიხის იქიდან გადმოსულმა მეგაზეთეებმა, რევოლუციის მასხარებმა და პოლიტიკურმა იუმორისტებმა ქართლის სამწერლო ასპარეზზე დომინირება დაიწყეს  XIX  საუკუნის 70-80-იან წლებიდან. საუკუნეთა განმავლობაში წერა-კითხვისა და ქართლური საქცევის უცოდინარი იმერელი, მეგრელი და გურული შეეთვისნენ ამ გაუბრალოებულ ქართულს. წინამორბედი ენა მათ არ იცოდნენ. მათთვის ის დრომოჭმული, საწუნელი და სასაცილო იყო. ეს იყო მიზეზი, რომ ვაჟა-ფშაველას ენის უარმყოფელთაგან ბევრი ლიხსიქითელი იყო. თერგდალეულებმა მოიტანეს და გაავრცელეს ქართლში ჩერნიშევსკი, დობროლიუბოვი, პისარევი, ასევე პარიზული ბულვარული გაზეთების თემები. მათზე გახელებით მსჯელობდნენ. ერთურთს რაღაცას უმტკიცებდნენ, რაც საქართველოს არად გამოადგებოდა. დოსტოევსკის, ტოლსტოის და სოლოვიოვის, ბერგსონის, ნიცშეს ფილოსოფიას ქართველთა ცნობანი ვერ შესწვდა. დოსტოევსკის თემატიკა და გაქანება ქართველთათვის შეუცნობელი დარჩა. რელიგიური საკითხებით გვემა საერთოდ უცხო იყო იმ დროის ქართველთათვის. საქართველოში არავინ იცოდა ჰეგელის ფილოსოფია და ნეოჰეგელიანური სკოლები, რომელნიც საუკუნეთა გასაყარზე ევროპაში ეპოქას ქმნიდნენ და ინტელექტუალურ ნიშნულს აწესებდნენ. საძაგი წარსულის მქონე ხალხი გამოცოცხლდა და გახალისდა ამ გაუბრალოებული ენით. XIX საუკუნის მიწურულს იყო საკვირველი სიმრავლე იუმორესკების და ფელეტონების მთითხნელებისა, რამერუმეების მჯღაბნელებისა. საუკუნის წინ, 1912 წელს გერონტი ქიქოძე ლაპარაკობდა ქართველი ახალგაზრდების  გატაცებაზე წერის მანიით. ქიქოძის ნათქვამი რომც არ იცოდე და ჩახედო 1910- 21 წლების პრესასა და წიგნებს, გაოგნდები იმ დროის ქართველთა ზერელეობის დუღილით, ვერბალური პათოგენურობით, ისტეროიდულობითა და სიცილიანობით.

საქართველოს არ ჰყოლია ენის ფილოსოფოსები, ენის მოგვები. ერთი შოთა რუსთველი იყო მაგალითი ქართულით მზრახე და ისიც გადაკარგეს. ვინ იყო იგი, ესრე საარაკოდ მოქართულე, დღემდე არ იციან. ერთი ხელის თითებიც კი ბევრია, რათა დაითვალო ენის ჭეშმარიტი მცოდნენი, ენასა შინა და ენით მცხოვრები კაცნი. ილიამ რა მოსაზრებით უარყო ძველი ენა და თვით მისი ენა რატომ უარჰყო XX  საუკუნის  10-20 – იანი წლების თაობამ?  კი, სადღაც სოფელში დაჯდა ილია, გლეხები ალაპარაკა და ჩაიწერა მათგან თქმული ყოფითი სიტყვები, როგორც ეს მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, მაგრამ ეს ცოტა საქმე იყო. თვით ილია და მისი მოდასენი (სერგეი მესხი და სხვანი) განა მრავალგზის არ მოიხმარენ ძველ ენობრივ ფორმებს? ხალხმა თუ დაიწყო გაზეთის და ბროშურის კითხვა, რომელშიც არ იყო ტმესები             (შე-რაი-ოდეს-ვიდოდეს), სან-იანი (სწერდა, სცრუის, სტირის), და ჰაემეტური (ჰფარვიდა, ჰამბავი),  -მან დაბოლოებიანი  (მეფემან ქართუელთამან, ბერმან იოვანემან) ფორმები, მრჩობლი გრაფემები (მმესველი, მმწყსელი, სიჩჩო, ჩჩვილი), რომელშიც არ იყო ძველი ზმნური საქცევები (აწვიმნ, ვალნ, რწმენინ, ფუფუნებნ)  და იყო პოლიტეკონომიის, რევოლუციონიზმის და ათეიზმის ცნებები, ეს ნიშნავს თუ არა, რომ ქართული ენა განვითარდა და თან ხალხს დაუახლოვდა? ქართველი ვერ ამაღლდა თავის ენამდე და მან დაამდაბლა და გაასადავა ეს ენა.  ისიც არის, რომ შესახელებულ ქართველ მწერლებს – მიხეილ ჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს აქვთ ცუდი ქართულით ნაწერი ადგილები. მაცდური ენაა ქართული და ბევრ ახლანდელ მწერალს მის ტევრში შესვლა ვერ გაუბედავს. ვინც შესულა და გასაგისი დაჰკარგვია. ვისაც გულდებით უკითხავს მათი წიგნები, ის ამას მყისვე შეამჩნევს. ეს არის იუმორითა და ნატყუარი რიხიანობით დაფარული ძრწოლა საკუთარი ენის წინაშე. მწერალი იოლას გადის ისეთი ლინგვისტური კონსტრუქციებით, რაც გამოიყენება გაზეთსა და ტელევიზიაში. ეს არაა ლიტერატურა. ეს არის ამოფერადებული წიგნების სიმრავლე და კალმით ფინაჩობა.

ამის თქმაც მიხამს: პირობითი ცნებაა ეს „ძველი ქართული ენა“. ქართული ენა არ დაძველებულა. ამითაც საკვირველ არს ენანი ქართულნი. ევროპული საისტორიო პერიოდიზაციის გავლენით ითქმის რიგ ხდომილებებზე, რომ რაღაც ძველია და რაღაც ახალი. არ დაძველებულა ქართული ისე, როგორც დაძველდა გრაბარი (ძველი სომხური) და ის შეცვალა აშხარაბარმა (ახალმა სომხურმა), ფეხლევი (ძველი სპარსული), ფალაური (შუა სპარსული), ატიკური ბერძნული (პლატონის დროისა), ძველრუსული. ქართული ენის გენეზი ისეთივე გამონაკლისია, როგორც გამონაკლისია თავად ქართული ენა მსოფლიოს ენებს შორის.

ქართველი ძველქართული ტექსტის ნახევარზე მეტს განსწავლის გარეშე გებულობს. სპეციალური ცოდნის გარეშე გაიგებს ქართველი ძველით ნაწერ ოთხთავის ტექსტებს, მამათა ცხოვრებასა და მოქალაქობას. ამას ვერ იტყვი ძველსლავურის მკითხველ რუსზე, რომლისთვისაც ძველსლავურის სამი მეოთხედი და ზოგჯერ უფრო მეტი გაუგებარია,  ძველსპარსულის მკითხველ ირანელზე, ძველსომხურის მკითხველ სომეხზე, ძველი ფრანგულის მკითხველ ფრანგზე, შუა საუკუნეების გერმანულის მკითხველ, ჰოხდოიჩზე მომეტყველე გერმანელზე. ებრაულში სიტყვის ფუძეთა მიხედვით შეიძლება გაგება იმ თორასეულ სიტყვათა აზრისა, რომელნიც ახლანდელ ივრითში აღარ გამოიყენება და არსებობს მათი ახალი შესატყვისები. თავისი ენის ცოდნის გარეშე ებრაელი ვერ გაიგებს ძველ ივრითს. სიტყვათა ფუძეებს მაინც ცოდნა უნდა და შემდეგ კიდევ ვოკალიზაციის (ხმოვნების სწორად დასმა) ცოდნაა საჭირო. ყურანის შექმნის დროის არაბული ენა ცალკე სასწავლია, რადგან ძველ არაბულს ახლანდელი არაბული ენა (ალ-ლუღათ ალ-ფუსჰა), განსაკუთრებით დიალექტები (ალ-‘ამიია) საკმაოდ დაშორებულია. ამის აღნიშნვა იმადაა საჭირო, რომ მშვენიერ არაბულ ენას (ალ-ლუღათ ალ-არაბია) ყურანის შექმნის დროიდანვე წარუშლელი კვალი დაუტოვებია ქართულს ენაში. სხვა ენებისგან განსხვავებით თანამედროვე ქართული და მისი დიალექტები დიდად არ დაშორებულა წინამორბედ ქართულს. ამის მიუხედავად, ენის ცოდნის დონე თავად წიგნიერ ქართველთა შორის სულ უფრო დაბლდება. ამის დასტურია მათი საჯარო გამოსვლები. ეს რა ქართულია?

ისიც სათქმელია, რომ ახლანდელი ქართული რომ წაეკითხათ ძველ მწიგნობართ – იოანე პეტრიწს, ეფრემ მცირეს, ექვთიმე ათონელს, რა კარგს იტყოდნენ?  გაგებით კი გაიგებდნენ, მაგრამ ენის კნინობას და მრუდობას მყისვე სცნობდნენ და მის გამართვას შეუდგებოდნენ. ისინი მას შეამკობდნენ იმ შესამკობელით, რომლის გარეშე უწინ ქართული ენა ქართული არ იყო.

ქართული ლიტერატურის ისტორიაში ორიგინალური ფილოსოფიური თხზულებები არაა. დიდი სიმრავლეა აღმოსავლეთიდან გადმოღებული ლიტერატურული სიუჟეტებისა, ჰაგიოგრაფიული წიგნებისა, ხოლო ფილოსოფია კი არაა. თავისი ცნობისჩენით შემაღონებლად უღონო იყო ქართველი. მან ვერ შემართა ავტონომიურად აზროვნება, ფილოსოფიური დისკურსის კონსტიტუირება.  კვალის გავლება მას მეტად უჭირს, სხვის გაკვალულში კი სიხალისით დგება.

ქართული მეტაფრასული ჰაგიოგრაფია უმდიდრესია. მეტაფრასული ნათარგმნი ნაშრომების სიმრავლე სულაც არაა სულობისა და მით უმეტეს აზროვნების დასტური. ეს ამოდენა კორპუსი მეტაფრასული თარგმანებისა არის ბიზანტიელთა ეპიგონობა და მიბაძვა. დიდი გულმოდგინება გამოიჩინა  XI-XII   საუკუნეების ქართველმა, რომ ეთარგმნა ბერძენ ბერთა შექმნილი. ორიგინალური კი მან ვერაფერი განაწიგნა. არადა, ქართველი სულ ამ ტექსტებში ტრიალებდა, ზედმიწევნით იცოდა ბერძნული ენის სინტაქსისი და მთელი ეს საღვთისმეტყველო ცნებითი აპარატი. ჰომილეტიკური და პატროლოგიური შაბლონების დაუსრულებელი განმეორება ხდება. ეს საეკლესიო რუტინაა და სხვა არაფერი. ვერ შემართა (გაბედა) ბიზანტიური ბერძნულისა და აღმოსავლური თეოლოგიის მცოდნე ქართველმა, რომ საკუთარი რაღაც ეთქვა. თავისით ვერას იწყებდნენ ქართველნი, თავისით ვერას უყრიდნენ ფუძეს. ერთი მისტიკოსი არ დაბადებულა საქართველოში ბიზანტიამოვლილ ბერმონაზონთა ასეთი სიმრავლისას. ერთი ერეტიკოსი არავინ ყოფილა, რომ აზრი დაეძრა ამ გაშეშებულ, დაჭაობებულ გარემოში. ფილოსოფოსი არ დაბადებულა ქართლში. ამიტომაც იყო, რომ კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ  ღვთისმშობლის კვართი კი დაესვენა საქართველოში და დღემდე მუნ მსვენარებს, მაგრამ ქრისტიანული საიმპერიო იდეა განგების ძალით ჩრდილოეთში გადავიდა და ის რუსეთმა აღიპყრო. მაცხოვრის დედის კვართის საქართველოში მოხვედრამაც კი ვერ წარმოშვა ქართველთა შორის მესიანისტური იდეა. ეს კი არა და ამის შემდეგაც არ გამოსჩენია მესიანისტ იოანე-ზოსიმეს მიმდევარი. აქვე სათქმელია, რომ არაა სწორი გამოთქმა „ეროვნული ჰაგიოგრაფია“. ჰაგიოგრაფია არ შეიძლება იყოს ეროვნული (ნაციონალისტური). არის მხოლოდ რელიგიური თემატიკის ქართულენოვანი გადმოცემა. ქართულად ითქმის ის, რაც ნათქვამია ბერძნულ, კოპტურ, სირიულ, სომხურ, ლათინურ, რუსულ ენებზე. რა შეიძლება იყოს ეროვნული (ნაციონალისტური) ქრისტიანობაში, გარდა იმისა, რომ ლიტურგია აღესრულოს ქართულ ენაზე? რატომ მიაჩნიათ საქართველოში ქრისტიანობის ეთნიზაცია დიდ მონაპოვრად? საქართველოს მოგონილი წარსულის განმტკიცებას ეთნიზებული ქრისტიანობა შველის. დადებითი ქართულ მეტაფრასულ ჰაგიოგრაფიას ის ჰქონდა, რომ ხდებოდა ქრისტიანულ საიმპერიო უნივერსალიზმთან მიმართება. ქრისტეს სამეფოზე – ბიზანტიაზე მიმართებით იქმნებოდა ტექსტები.

ჩემი გულისნადები ისაა, რომ შეიქმნას ქართული ენის მცველთა დასი, რომლისთვისაც ენანი ქართულნი იქნება საესავი.  ნაწერით და უბნობით გაისინჯოს ყოველი მოდასე. მოდასეთ წესად უნდა დადვან შეკრებები და მსჯელობანი ქართული ენის გამო. ჰხამს ხელახლა გამოიცეს ენიმკის მოამბეები, კიმენები, მთელი რიგი ადრე გამოცემული ძეგლები. დიდად საჭიროა შეჩერდეს ენის შემდგომი გამდაბიორება და გასადავება, მარტივი წინადადებების მოძალება და თანდათანობით სალიტერატურო ენას უნდა დაუბრუნდეს დავიწყებული და გაძევებული ენობრივი მოვლენები. დიდად საჭიროა გაგრძელდეს ქართულ სიტყვათწარმოქმნაზე მუშაობა და აბსტრაქტული ცნებების შემუშავება. ვისაც ელმის ქართული ენის გასაჭირი, მისთვის ეს მანიფესტი ამოსავალ ტექსტად და დასაყრდენად იქცეს. შვებით მივიღებ მკითხველის აზრს აქ გამოთქმულ მსჯელობაზე.

ეს არის 23-გვერდიანი განვრცობილი ვერსია მეცნიერებათა აკადემიაში წასაკითხი ექვსგვერდიანი მოხსენებისა ქართული ენის მდგომარეობაზე. მოხსენება უნდა წამეკითხა აკადემიის პრეზიდენტის, თამაზ გამყრელიძის თხოვნით, მას შემდეგ, რაც ის გაეცნო თერიონის ვარდს და მთის სახოვნებას. აკადემიაში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო მისი წაკითხვა აღარ მოხერხდა.

იანვარი-თებერვალი,  2013  წელი
ეს ნაშრომი სრულად გადაბეჭდა ჟურნალმა “აფრამ” (N 19, ოქტომბერი, 2013 წ., გვ. 209-22).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s