გამოხმაურება შოთა ბოსტანაშვილის პოეტურ კრებულზე


შოთა ბოსტანაშვილის ლექსების კრებული „ოთხი ლაპარაკი“  (გამომც. „უნივერსალი“, თბ., 2012 წ.) დიდად ყურადსაღები მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ეს არის რიცხვითი თანმიმდევრობის მიდევნით შექმნილი არქიტექტურულ-ფილოსოფიური პოეზია. ავტორს ერთ წიგნში შეუკრებია სხვადასხვა წლებში (2004-10) გამოსული თავისი ქმნილებები. ლექსები განლაგებულია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად, არამედ ბუნების სტიქიათა მიხედვით (წყალი, ცეცხლი, ჰაერი, მიწა).  ყველაზე დიდი ადგილი კრებულში უკავია ლექსებს წყლისა და ცეცხლის სტიქიებზე. ეს არის დესტრუქტივიზმი და ხელახალი კონსტიტუირება პოეზიაში. წიგნში კარგად ჩანს ჟაკ დერიდას დისკურსის კვალი. დესტრუქციულია ამ კრებულში მოცემული ლექსები იმ აზრით, რომ ხდება სიტყვების დაშლა და მათ სემანტიკაში ახლებურად ჩახედვა. აქვე აღსანიშნავია ქართული ენის ცოდნის შესაშური დონე. მშვენივრად იკითხება სტრიქონები წყალზე, ცეცხლზე, ჰაერსა და ქარზე. წიგნს ეპიგრაფად უძღვის ლათინური გამოთქმა  Ab uno disce omnes (ერთის მიხედვით შეიცან ყოველი). ლექსთწყობის ასეთმა რიცხვითმა აგებამ მომაგონა ავგუსტინეს დიალოგი  De libero arbitrio (ნების თავისუფლებისათვის), სადაც ნათქვამია, რომ რიცხვები ნაკლებად დაფასებულია კაცთა მიერ, სიბრძნე კი მათ დიდად დაუფასებიათ, რადგან თვლა ეიოლებათ, ბრძენად ყოფნა კი არა (Nec mireris numeros ideo viluisse hominibus, et caram esse sapientiam quia facilius possunt numerare quam sapere) (Lib. II, cap. XI, 32).

ბატონი შოთას ლექსთა კითხვისას სტრიქონთა ნუმერაციას უნდა ვუსწოროთ თვალი, რადგან ამას მის პოეზიაში მაორიენტირებელი საზრისი აქვს. ავტორი ხუროთმოძღვარია პოეზიაში და პოეტია ხუროთმოძღვრებაში. ამას ემატება თორას სიტყვათა ძირების ცოდნა და მათი ჰერმენევტირების უნარი, რაშიც ბევრჯერ დავრწმუნებულვარ ბატონ შოთასთან საუბრებისას. ლექსი იგება ვითარც სახლი, სიტყვის სავანე. აქ სიტყვები დესემანტიზებული და შემდეგ რესემანტიზებულია.

ებრაელ ინტელექტუალთა თვისებაა სიტყვის ძირის ჩხრეკა და გრამატიკული ძიებანი. ბატონი შოთას ლექსებს აქვს მიმართება ედმუნდ ჰუსერლის „ლოგიკურ გამოკვლევებსა“ და „იდეებთან“, ასევე თეოდორ ადორნოს „ნეგატიურ დიალექტიკასთან“. ამ კრებულის ავტორი ფილოსოფოსია, რომელიც საკუთარ ლექსთმთხზველობას დიდ გნოსეოლოგიურ მიზანს უსახავს. ერთობ დასაფასებელია ამ წიგნის ავტორის ნიჭი, როდესაც თვალისათვის ჩვეულ საგანში, ყურისათვის ჩვეულ სიტყვაში ის ხედავს არაჩვეულებრივ მოვლენას. პოეტი-არქიტექტორი პოულობს განსაკვირველს იქ, სადაც  საკვირველი თითქოს არაფერია. ბატონი შოთა თანამედროვე არქიტექტურაზე ლექციის კითხვისას გადადის სიკვდილის საკითხის განხილვაზე, პოეზიის რაობაზე დღევანდელობაში. ეს ვიცი მისი ყოფილი სტუდენტებისაგან. იგი სტუდენტებს აჩვევს აზროვნებას არქიტექტურაში და მის გარეთ. იგი ყოველთვის ცდილობს სტუდენტებს ასწავლოს ხუროთმოძღვრებაში ფილოსოფიური მიმართების შემჩნევა და მისი გააზრება. იგი მუდამ ეძიებს და იტყვის:

„1355.       ფიქრის ქორე ავაქორე,

1356.       სიტყვის ქორი ავაქროლე…“ (გვ. 46)

წინამდებარე კრებული მცირერიცხოვანი მკითხველისათვის არის განკუთვნილი. ავტორი ქმნის ლინგვისტურ არქეოლოგიას პოეზიაში, როდესაც ის ცდილობს ჩვეულ და ბანალურად ქცეულ სიტყვებში ამოიკითხოს შესაქმემდელი მნიშვნელობა სიტყვისა „წყალი“. ბატონი შოთა უტრიალებს სიტყვას, განჩხრეკს მას ყოველი მხრიდან, განწვალავს და არ ეშვება მას, უმზერს მისგან წარმოებულ სხვა სიტყვებს. ავტორი ლამობს სიტყვის აქამდე დამალული სემანტიკის ნათელყოფას და ახლებურ ლინგვისტურ კონსტიტუირებას. იგი იტყვის:

„1153.   განწვალვის წამით გავწამდი“  (გვ. 40).

ავტორი ცდილობს გამოავლინოს კიდევ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიტყვებს, რომელიც ყოველდღე გვესმის სხვებისაგან და თავადაც წარმოვთქვამთ მათ. კიდევ რა შეიძლება დაგვანახოს სიტყვამ დაშლისა და ხელახალი კონსტიტუირების პროცესში? ეს მეტად არსებითი საკითხია ენის ფილოსოფიაში და ავტორს ის გადმოაქვს პოეზიაში.  ბატონი შოთა გულმოდგინედ უჭვრეტს სიტყვებს მათი იმ მნიშვნელობების მოსახელთებლად, რომელიც ყოველდღიურ მეტყველებაში ყურადღების მიღმა რჩება. ავტორს აღელვებს „სიტყვა ლაპარაკამდელი“, როგორც ამას თავადვე იტყვის. ის წერს:

„157.       – ისევ ავშლი (დავშლი, გავშლი)

158.         გადავშლი და გავაძევებ,

159.         კედლის იქით გავაძევებ;

160.         გადავაწყობ-გადმოვაწყობ

161.         და ხელახლა გავაწყობ,

162.                               – ავაწყობ! „      (გვ.13)

ბატონი შოთას პოეზიას სისხლხორცეული კავშირი აქვს თორას რაბინული განმარტების ტრადიციასთან და ასევე გემატრიასთან. მის პოეზიაში არის ბიბლიური სახებანი (გვ. 31, 32, 35 და სხვ.). აქ არის პროზოპოპეა (უსულოს განსულიერება), როცა წყალი ლაპარაკობს და რღვნის წყლად იქცევა, როცა ცეცხლი იწყებს ლაპარაკს.  ეს ლექსები მკითხველისათვის უფრო გასაგები მაშინ იქნება, როდესაც ის გაეცნობა ავტორის პუბლიკაციებს სხვადასხვა სალიტერატურო გამოცემებში. ბატონი შოთა პროდუქტიული მწერალია და მისი წერილები ყოველთვის ფილოსოფიურ სიახლეს სთავაზობს მკითხველს.

მის კრებულში არის ადგილები, როცა მხოლოდ რიცხვითი თანმიმდევრობაა და სტრიქონები არაა (გვ. 64, 66, 71 და სხვა). სიცარიელეა. ეს იშვიათი პოეტური ხერხი ლექსის აგებაში, ეს  მაპროვოცირებელი სიცარიელე მკითხველს უბიძგებს წარმოისახოს აქ რა უნდა ყოფილიყო. მკითხველს ეს სიცარიელე აიძულებს იაზროვნოს და ეძიოს საზრისით ნიჭებული სიტყვები. აღსანიშნავია ასევე ერთი გრაფემით (ასო – შ) პირამიდის აგების ხერხი (გვ. 78). კრებულის დამასრულებელი (გვ. 89) არის კონსტრუქცია “მიწა ვარ”. აქ სიტყვათბმაა მთელ გვერდზე და იკითხება როგორც მიწა და წამი. კონსტრუქცია მიწით იწყება და წამით მთავრდება. ჩემი აზრით, ამ სიტყვათბმას მიმართება აქვს სიტყვათა წაკითხვის რაბინულ  წესთან. სიტყვის ვოკალიზაციაზეა დამოკიდებული სემანტიკის გაგება. გარდა ამისა ეს მონოტონური გამეორება (მიწამიწამიწა…) რელიგიური მედიტირების სახეა, რომელიც ავტორმა პოეზიაში გადმოიტანა. ამ გამეორებათა აზრის გასაგებად გონების კონცენტრირებაა საჭირო. წამია მიწა. ამაოა წუთისოფელი და შეუძლებელია აქ ეკლესიასტეს მწუხარებით სავსე წიგნი არ გაახსენდეს მკითხველს.

აი ამ რიცხვებმა, ამ სტრიქონებმა ასევე გამახსენა ლექსის ექსპერიმენტატორის, პოეტური ენის რეფორმატორის, ანტიბურჟუაზიული უტოპისტის, პოეზიის პროფეტულ მისიაზე მოლაპარაკე ველიმირ ხლებნიკოვის (1885- 1922) შემოქმედება. ხლებნიკოვი რიცხვს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის პოეზიაში. მისი გავლენა იკვეთება XX საუკუნის მრავალ რუს პოეტთან. საქართველოში ველიმირ ხლებნიკოვი ნაკლებად ცნობილია.

რამდენადაც ვიცი, ქართულ პოეზიაში  ასეთი ძიება, ერთდროულად დაკავშირებული ევროპულ ფილოსოფიასა და თორასთან, შოთა ბოსტანაშვილამდე არავის ჰქონია. შემიტყვია, რომ ბატონი შოთა აპირებდა ახალი კრებულის გამოცემას. ამ დღეებში ის უეცრად გარდაიცვალა. ბატონი შოთა რჩებოდა საქართველოში და მისთვის იღვწოდა როგორც უნივერსიტეტში, ასევე ქართული სიტყვიერების ასპარეზზე. მოუსვენარ მეძიებლად შთებოდა როგორც იუდაიზმის, ასევე ფილოსოფიის წიაღში. სხვებშიც ამ უნარს აფასებდა. წავიდა ამ სოფლიდან უფროსი თაობის ერთი სათნო და წიგნიერი კაცი, ქართველი ებრაელი, რომელსაც მე კარგად ვიცნობდი და რომლისთვისაც ვიყავი უმცროსი მეგობარი. თავისიანად მიმიჩნევდა. ევროპული ფილოსოფიის კარგი მცოდნე, ის ერთობ მკაცრი კრიტიკოსი და მოპაექრე იყო. მასთან საუბრები მაძლევდა შესაძლებლობას, რომ შევსულიყავი იუდაურ საკითხებში.  ბატონი შოთა ის იყო, ვისთანაც შეიძლებოდა ფილოსოფიური საუბარი თორასა და თალმუდზე. დიდი ერუდიცია ჰქონდა და იუდაური საკითხების დაყენებაც ისე შეეძლო, როგორც ამას სხვა ვერ იზამდა. შოთა ბოსტანაშვილი ჭეშმარიტად თავისუფალი მოაზროვნე და ის განმჩხრეკელი იყო, ვისაც საზღვრებს ვერ დაუწესებდი. თორას კაცის თვალით დანახული სოფელი სხვაა და მისი ეს თვალთახედვა კიდევ უფრო განსაკუთრებულია, როდესაც მოსეს რჯულის მოესავი ფილოსოფოსიც არის. ამაში დამარწმუნა ბატონი შოთას საუბრებმა. ის დიდად დააკლდა საქართველოს. სხვა ასეთი აქ არავინ იყო. ნათელში ეგოს მისი სული. გამჩენმა მიაგოს მას მისი კაცთმოყვარებისა და სათნოებისათვის.

30 მაისი, 2013 წ.

One thought on “გამოხმაურება შოთა ბოსტანაშვილის პოეტურ კრებულზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s