მაქს შელერისა და დიტრიხ ფონ ჰილდებრანდის ფენომენოლოგიური განაზრებანი


*ნარკვევი  პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „საზრისი“, N 10, 2003. წინამდებარე ტექსტი არის მისი შესწორებული და შევსებული ვერსია.

        ჰუსერლის ნამოწაფარნი, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის ფუძემდებელი მაქს შელერი (1874- 1929) და ცნობილი კათოლიკე ღვთისმეტყველი დიტრიხ ფონ ჰილდებრანდი (1889- 1977) ფენომენოლოგიის ისტორიაში ორიგინალურ და სპეციფიკურ მოაზროვნეებად არიან მიჩნეულნი. ახლო მეგობრობით დაკავშირებულმა ორივე მათგანმა ფენომენოლოგიური ძიება გამოკვეთილად დაუკავშირა ავგუსტინეს მოძღვრებასა და კათოლიციზმს. თუ ჰუსერლი ავგუსტინეს დებულებებს გნოსეოლოგიისა და ფენომენოლოგიური ონტოლოგიისათვის იყენებდა, შელერი და ჰილდებრანდი ავგუსტინეზე მითითებით ქმნიან აქსიოლოგიურ და ეთიკურ მოძღვრებებს.

შელერის ხსოვნას უძღვნა ჰაიდეგერმა თავისი ნაშრომი „კანტი და მეტაფიზიკის პრობლემა“ (1929).  რომან ინგარდენი წერს შელერის ფართო მოღვაწეობასა და მისი ნააზრევის მასშტაბურობაზე (Роман Ингарден.  Введение в феноменологию Эдмунда Гуссерля. Лекции 1967 года  в Осло. Дом интеллектуальной книги. М., 1999, стр. 33).

ცნობილია, რომ „სიცოცხლის ფილოსოფიის გავლენასთან ერთად შელერმა ფენომენოლოგიაში ირაციონალიზმის ძლიერი ნაკადიც შეიტანა. მისი მრავალი მოსაზრება გვაგონებს სიცოცხლის ფილოსოფიის მცდელობებს, რომელთანაც მას აკავშირებს სამყაროსა და ადამიანის ირაციონალურ ძალთა და მომენტთა გათვალისწინება“ (გურამ თევზაძე.  XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია. თსუ-ს გამომც., თბ., 2002, გვ. 327).  „შელერი იმედოვნებდა, რომ რაციონალურისა და ირაციონალურის ახლებურ შეთავსებას შეძლებდა“ (ibid. გვ. 343).

შელერი ცდილობს მეტაფიზიკა ფენომენოლოგიაზე დააფუძნოს, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება ჰუსერლის „კრიზისამდელ“ (1936) ფენომენოლოგიას. ჰუსერლისეულ ეპოქეს მეთოდს შელერი ძალზე განავრცობს და იკვლევს იმას, რასაც ჰუსერლი თავის ფენომენოლოგიურ ძიებაში გვერდს უვლიდა. ეს განხილული აქვს ანგია ბოჭორიშვილს  (XX  საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია. თბ., 1970, გვ. 410 -416.  ასევე: ანგია ბოჭორიშვილი .  ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები (ბურჟუაზიული ფსიქოლოგიის კრიტიკა), ნაწ. მე-2, თავი მეცხრე. თბ., 1959 ).

ადამიანის გონის ძირითად ნიშნად შელერი იდეირებად აბსტრაქციას და ემპირიული სამყაროსაგან განდგომის უნარს მიიჩნევს. მეტაფიზიკამ, შელერის თქმით, უნდა განმსჭვალოს არა მხოლოდ ფილოსოფიური აზროვნება, არამედ სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც. ბოჭორიშვილი წერს შელერზე: „შელერი ამბობს, რომ ფენომენოლოგია … არის თავისებური გონითი განჭვრეტის (Geistesschau) სახელი. ამ ჭვრეტაში გვეძლევა, განიცდება (er-leben) ისეთი რამ, რაც სხვაგვარად, ამ განწყობის გამოუყენებლად ჩვენთვის დამალული იქნებოდა (ibid. თავი მეცხრე, პუნქტი 3).  თავად შელერი აღნიშნავს, რომ ფენომენოლოგია რაღაც ახალი მეცნიერების სახელი კი არაა, ან კიდევ ფილოსოფიის სხვა სახელი,  არამედ გონითი ჭვრეტის ისეთი დადგენის სახელია, როდესაც შესაძლებელია განცდაში ისეთი რაღაცის დანახვა ანუ წვდომა, რომელიც მის გარეთ დაფარული რჩება. სახელდობრ, ეს არის განსაკუთრებული სახის „ფაქტების“ რაღაც მხარე (Макс Шелер.  Феноменология и теория познания // Избранные произведения. Гнозис. М., 1994, стр. 198).

შელერთან ფენომენოლოგიური მეთოდით ისტორიის, პოლიტიკის, სოციალური ცხოვრების შემეცნება ხდება. აქ ჩანს ნიცშეს გავლენა. შელერისა და ნიცშეს ნათესაობაზე მიუთითებდა ფილოსოფიის ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი ერნსტ ტროელჩი (ტროელში) (Troeltsch) (1865-1923). ის წერს: „შელერის, ისევე როგორც ნიცშეს მიხედვით, ადამიანი არის ბიოლოგიური ევოლუციის ჩიხი, ავადმყოფი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ამაღლდეს თავის განვითარებაში მხოლოდ სულიერი მიმართულებით, შთანთქავს რა ამ დროს თავის ცხოველურ ძალას“ (Эрнст Трёльч. Историзм и его проблемы.  «Юрист». М. 1994, стр. 473).  ტროელჩის თქმით, შელერის მოძღვრებამ მთელი ფილოსოფია შეკრიბა ერთი ცენტრის – ისტორიის და ეთიკის გარშემო (იქვე, стр. 468).

აქვე უნდა ითქვას, რომ ნეოკანტიანელი ბადენის სკოლიდან, ჰაინრიხ რიკერტი (1863-1936) ძალზე უარყოფითად აფასებდა როგორც ნიცშეს, ასევე შელერს (Генрих Риккерт. Науки о природе и науки о культуре. Изд. Республика,  М., 1998, стр. 265. 241-65 и др.) ამაზე ჰაიდეგერის მიმდევარი ჰანს გადამერი წერს, რომ „რიკერტი, რომელმაც 1920 წელს საფუძვლიანად გააკრიტიკა „სიცოცხლის ფილოსოფია“, მაინც ვერ შეძლო ნიცშესა და დილთაის სიმაღლეზე დამდგარიყო, რომელთა გავლენა სწორედ მაშინ საგრძნობლად იწყებდა ზრდას“ (Ханс Георг Гадамер. Истина и метод. Основы философской герменевтики. М., «Прогресс», 1988, стр. 406).

თავისი განსჯით შელერი ცდილობს წარმოაჩინოს რაციონალიზმის შეზღუდულობა. ის დარწმუნებულია, რომ სუბიექტი არ არის გონების ობიექტი, არამედ არის სიყვარულის ყოფიერება (ens amans). ადამიანის, როგორც  animal rationale-ს (მოაზროვნე ცხოველი) გაგებას შელერი არასწორად მიიჩნევს. ის ფენომენოლოგიას აქსიოლოგიაზე აფუძნებს და ეძებს მის პრაქტიკულ შესაძლებლობებს.  ამრიგად, შელერი თავიდანვე ისახავდა იმ მიზანს, რაც ჰუსერლთან მხოლოდ მოგვიანებით, მის ნაშრომში „ევროპულ მეცნიერებათა კრიზისი და ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია” (1936 წ.) (Hua, VI) გამოიკვეთა. შელერი ლაპარაკობს მარადიულ და უცვლელ „ღირებულებათა სამეფოზე“.  ფილოსოფია აბსოლუტისაკენ სვლის საფეხურია და ამიტომ შელერი ცდილობს ფენომენოლოგიურ ფუნდამენტზე დააფუძნოს ღვთიურის სფერო (იხილე მისი ნაშრომის  Die Stellung das Menschen im Kosmos  (ადამიანის ადგილი კოსმოსში)  (1927 წ.)  VI თავი. ცნობილია, რომ ამ  ნაშრომს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის წარმომადგენელი არნოლდ გელენი (1904-76)  საეპოქო მნიშვნელობას ანიჭებდა).

დასაწყისში ვთქვი, რომ შელერი და ჰილდებრანდი თავიანთ ფილოსოფიურ ძიებას უკავშირებენ რელიგიას. ასერიგად, ორივე მოაზროვნე ახლოს დგას ერთმანეთთან, მაგრამ აქ უნდა გაირკვეს ერთი რამ, რათა შელერისა და ჰილდებრანდის მოძღვრებათა სიახლოვეს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიენიჭოს. შელერის მოძღვრება ფილოსოფიაა, ხოლო ჰილდებრანდისა -ღვთისმეტყველება. ჰილდებრანდი შევიდა და დამკვიდრდა კათოლიციზმში, ხოლო შელერი მიიდრიკა კათოლიციზმისკენ. ცხადია, თავად ჰილდებრანდი ხედავდა ამ განსხვავებას და ამბობდა: „ მე ძალზე ბევრით ვარ დავალებული შელერისაგან, მაგრამ არ ვყოფილვარ მისი მოწაფე (Дитрих фон Гильдебранд. Что такое философия? Изд. «Алетейя». Санкт-Петербург. 1997, стр. 354).

ფენომენოლოგიურ ძიებაში რელიგიას შელერისა და ჰილდებრანდის გარდა, ჰუსერლის მრავალმა მოწაფემ მიმართა. ჰუსერლის ყოფილი ასისტენტი, 1998 წელს კანონიზებული ედიტ შტაინი (1891-1942) თავის სვლაში კათოლიციზმამდე მივიდა.  ჰედვიგ კონრად-მარტიუსის (1888-1966) ონტოლოგია ახლოს დგას თომიზმთან. ყველასაგან განსხვავებით, ჰილდებრანდი ღვთისმეტყველია და კათოლიციზმის ერთ- ერთ ავტორიტეტად მიიჩნევა XX საუკუნეში.  ფენომენოლოგია ჰილდებრანდთან მთლიანად კათოლიციზმის ამოცანების გადასაწყვეტად არის გამოყენებული. ეს ღვთისმეტყველი თავის ფენომენოლოგიას პლატონსა და ავგუსტინეს უკავშირებს. ჰილდებრანდი მიიჩნევს, რომ ფენომენოლოგიური „მეთოდი“ ყველა დიდი ფილოსოფიური აღმოჩენის საფუძველში ძევს – ვთქვათ, პლატონის „ მენონში“, არისტოტელეს „ორგანონსა“ თუ ავგუსტინეს არგუმენტში  si fallor, sum. ამდენად, ფენომენოლოგია არ არის რაღაც ახალი. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ უფლება გვაქვს ვამტკიცოთ: „ის ნამდვილად ახალია როგორც მეთოდი, ის რევოლუციურიც არის, რამდენადაც წინამორბედი ეპოქების ფილოსოფოსნი იყენებდნენ ამ ძველ ფილოსოფიურ პროცედურას მხოლოდ შემთხვევით და არასისტემურად, ვერ შეიცნობდნენ რა მას სახელდობრ როგორც მეთოდს“ (Что такое философия? Стр. 339-40).

ჰილდებრანდი დარწმუნებულია, რომ „ფენომენოლოგია, როგორც სისტემური მეთოდიკა, გამორიცხავს ევიდენტურის წმინდა ჰიპოთეზურთან აღრევას. წინამორბედი ეპოქების ფილოსოფოსთა ნაშრომებში კი ხშირად ერთ სიმაღლეზეა დაყენებული ჭეშმარიტი აღმოჩენები და ჰიპოთეზები“ (ibid. Стр. 340).

ჰილდებრანდი მიუთითებს ფენომენოლოგიური ფილოსოფიის მკვლევარის კვენტინ ლაუერსის მოსაზრებაზე:  „ ის მოწოდება, რომელსაც ჩვენ ვპოულობთ, მაგალითად, მაქს შელერის ეთიკაში ან დიტრიხ ფონ ჰილდებრანდთან, თავისი პათოსით უფრო მეტად დავალებულია ავგუსტინეს მემკვიდრეობისაგან, ვიდრე ფენომენოლოგიური ძიებისაგან“.  ჰილდებრანდი გამოთქვამს გაკვირვებას, რომ ლაუერსმა მის ნაშრომებში ვერ დაინახა ფენომენოლოგია, რომელიც ძირეულად განსხვავდება ჰუსერლის ფენომენოლოგიისაგან. „ ჩემი ეთიკის, როგორც ფენომენოლოგიური სამოსელით გამოსული ფარული ავგუსტინიზმის ინტერპრეტირების მაგივრად, მას შეეძლო ეჩვენებინა, რომ ნეტარი ავგუსტინე ნამდვილი ფენომენოლოგი იყო თავის დიდ ფილოსოფიურ აღმოჩენებში“ (ibid. Стр. 340-41).

შელერისა და ჰილდებრანდის მოძღვრებებში სიყვარული ერთ-ერთი უმთავრესი ცნებაა. შელერისაგან განსხვავებით, ჰილდებრანდი სიყვარულის ცნების დამუშავებისას საღვთო წერილს ეყრდნობა. ამ ორი მოაზროვნის დებულებათა უკეთ გაგებაში გვეხმარება ავგუსტინესა და პასკალის იდეები სიყვარულით შემეცნებაზე. შელერის თანახმად, ავგუსტინე სიყვარულის გრძნობაში გულისხმობს გაცილებით მეტს, ვიდრე პლატონის ეროსია (ამაზე იხილე შელერის ნაშრომი Ordo amoris  (1916 წ.)).  ქრისტიანული სიყვარულისა და ანტიკური სიყვარულის განხილვისას შელერი უპირატესობას პირველს ანიჭებს. ღვთის დამდაბლებამ,  განკაცებამ და ჯვარცმამ, შელერის აზრით, მნიშვნელობა დაუკარგა სიყვარულის პლატონისეულ სწავლებას (Макс Шелер. Ресентимент в структуре моралей. Наука: Университетская книга. Санкт-Петербург. 1999, стр. 71-89).

ქრისტიანული სიყვარულის ფენომენოლოგიურ გააზრებას ჰილდებრანდი ახდენს თავის ნაშრომში Das Wesen der Liebe (სიყვარულის არსი) (1971 წ.). ამ წიგნზე ავტორი ამბობს, რომ ის არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სიყვარულის არსის ფილოსოფიურ გამოკვლევაში.  „… ჩვენ გვესმის თუ რამდენად ძნელია ამ თაურფენომენის მოცვა მთელ მის უძირო სიღრმეში, რომელიც მოცემულობათა შორის, როგორც არაფერი სხვა, წარმოადგენს mirandum-ს (სასწაული) და იწვევს ჩვენს thaumazein-ს (გაკვირვება), მაგრამ ვის ძალუძს მისი სრულად მოცვა!“ (Дитрих фон Гильдебранд.  Метафизика  любви. Изд. «Алетейя», Санкт-Петербург, 1999, стр. 627).

ჰილდებრანდთან თითქმის შეუძლებელია იმ საზღვრის დანახვა, რომელიც ერთურთისაგან ჰყოფს ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას. ჰილდებრანდი ფენომენოლოგიას იყენებს ბიბლიური ამბების გასაშუქებლად. ფილოსოფიური ძიება მის მოძღვრებაში უთუოდ მაცხოვრისა და მოციქულთა მოღვაწებას უკავშირდება.

ჰუსერლის გარდა ჰილდებრანდის მასწავლებელი იყო ადოლფ რაინახიც (1883-1917). მან განსაზღვრა ჰილდებრანდის მიდრეკა რელიგიისაკენ. რაინახი ჰუსერლის მოწაფეთაგან გამორჩეული იყო და მრავალი ცნობილი ფენომენოლოგი თავის მასწავლებლად მას მიიჩნევდა. პლატონით დიდად აღტაცებული რაინახი ცდილობდა ფენომენოლოგიური ონტოლოგიის დაფუძნების თავისი გზა მოენახა. თუ ჰუსერლი ცდილობდა ცნობიერების ყოფიერების არსებითი მხარეების აღმოჩენას, რაინახი ცდილობდა ცნობიერების საზღვრებს გარეთ გასვლას და იმის შემეცნებას, რაც ცნობიერების იქით და მისგან დამოუკიდებლად არის. რაინახი პლატონის გავლით თავის ფენომენოლოგიურ სვლაში რელიგიურ რწმენამდე მივიდა. ცნობილია, რომ ჰუსერლი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა თავის მოწაფეთა ამგვარ მისწრაფებებს.  ამის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მოწაფეებს ფენომენოლოგიური ძიებანი არ შეეწყვიტათ.

ჰილდებრანდი სიყვარულის არსის გამოკვლევისას ეყრდნობა იესუს სწავლებას. ჰილდებრანდის რელიგიურ ფენომენოლოგიაში ღმრთის რწმენაა წინ გამოსული. შელერთან კი სიყვარული ფილოსოფიური შემეცნების აუცილებელი პირობაა. სიყვარულის აქტით შემმეცნებელი მთელ სამყაროზე არის მიმართული. შელერის თანახმად, ცოდნათა შორის უმაღლესს – მეტაფიზიკურ ცოდნას შევყავართ აბსოლუტურის სფეროში. ნაშრომში Ordo amoris ნათქვამია, რომ ღმერთი და მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს მწვერვალი იმ საფეხურებრივი სამეფოსი, რაც სიყვარულის ღირსია (Макс Шелер. Феноменология и теория познания// Избранные произведения. М., Гнозис, 1994, стр. 356). შელერის თანახმად, ჩვენი გული თავდაპირველადვე წინასწარგანსაზღვრულია სიყვარულისათვის და არა სიძულვილისათვის.

ღირებულებათა იერარქიის საფუძველზე შელერი აყალიბებს პერსონათა იდეალურ ტიპებს. ისინი განლაგებულნი არიან ღირებულებათა რანგის კლების მიხედვით: წმინდანი, გენიოსი, ჰეროსი, ცივილიზაციის წამყვანი გონი და სიამეთა მხატვარი. ეს ტიპები ხორცს ისხამენ ისტორიის მსვლელობაში. თითოეულ ეპოქას თავისი იდეალური ტიპები ჰყავს. იქმნება ღირებულებათა იერარქია და ისტორიული წარსული ამ იერარქიის გამოხატულებად იქცევა. შელერის ამ განაზრებებმა განავითარა ფილოსოფიური ანთროპოლოგია და მთელი ყურადღება ადამიანისაკენ მიმართა.

ადამიანთა ასეთ კლასიფიკაციას კარლ იასპერსიც ქმნის. მისთვის ავგუსტინე პლატონთან და კანტთან ერთად ფილოსოფიის დამფუძნებელი და მიწყივ მისი წარმომქმნელია. იასპერსი ფილოსოფიის ისტორიის წმინდანებზეც ლაპარაკობს.

აბსოლუტური ღირებულებები შელერის ფენომენოლოგიაში ყოველთვის აპრიორულნი არიან. ყოველივე ვიტალურსა და ფსიქიკურს ეს ღირებულებები ემიჯნებიან. მათ შესამეცნებლად საჭიროა ცხოვრებისაგან განდგომა. ეს ისაა, რასაც ჰაიდეგერი die Gelassenheit-ს უწოდებს და რამდენიმე ადგილას განიხილავს ამ საკითხს.  შელერის მოძღვრებისა და ფილოსოფიური ანთროპოლოგიის სიძნელეებზე ჰაიდეგერი წერს „კანტი და მეტაფიზიკის პრობლემის“ §§ 36-37-ში.  „ანთროპოლოგია არ აფუძნებს მეტაფიზიკას მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ანთროპოლოგია“. ჰაიდეგერის თქმით, ნაჩქარევი იქნება, თუ მეტაფიზიკის დაფუძნება დაეკისრება ფილოსოფიურ ანთროპოლოგიას. ჰაიდეგერი უარყოფს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განაცხადს ყოვლისმომცველ ფილოსოფიად გახდომაზე. ჰაიდეგერი წერს, რომ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის იდეა არა მხოლოდ არასაკმარისად გარკვეულია, არამედ მისი ფუნქცია ფილოსოფიის მთლიანობაში რჩება გაუშუქებელი და გადაუწყვეტი (Die Idee der philosophischen Anthropologie  ist nicht nur nicht hinreichend bestimmt, ihre Funktion im Ganzen der Philosophie bleibt ungeklärt und unentschieden) Martin Heidegger. Gesamtausgabe. Band 3, Kant und das Problem der Metaphysik. Vittorio Klostermann. Frankfurt am Main. S. 212

ეს კია უთუოდ სათქმელი, რომ შელერის ღმერთი განსხვავდება ჰილდებრანდის ღმერთისაგან. შელერმა  „ეკჰარტის  „ღვთაებრიობა“ (Gottheit) წამოსწია როგორც ღმერთის ჯერ კიდევ უმზაობა და ამით შესაძლებლობა მასში და მასთან ერთად ადამიანის თანაშემოქმედად ყოფნისა“ (გ. თევზაძე. XX საუკუნის ფილოსოფიის ისტორია. თსუ-ს გამომც., თბ., 2002,  გვ. 340). ეს კი შელერის მიხედვით, რჩეულ ადამიანთა ხვედრია.

ჩემთვის უთქვამთ, ამბობს შელერი, რომ ადამიანი ვერ გაუძლებს უმზაო, ქმნად ღმერთს! (einen unferigen Gott, einen werdenden Gott). მე ვპასუხობ, რომ მეტაფიზიკა არაა სადაზღვევო საზოგადოება სუსტთათვის, ადამიანთათვის, რომელნიც მხარდაჭერას საჭიროებენ ( Макс Шелер.  Избранные произведения.  Гнозис. М. 1994, стр. 191).

შელერის განაზრებანი ფილოსოფიური ფიდეიზმის სახეს იძენენ. შელერი ბევრს ეძიებდა და განიცდიდა სულიერ კრიზისს, მერყეობდა რწმენაში. ყოველივე ამან კვალი დაატყო მის მოძღვრებას. იგი მრავალმხრივი მოაზროვნე იყო და თავისი საქმიანობით რამდენიმე დისციპლინას ჩაუყარა საფუძველი. მან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა დატოვა ყველგან, სადაც მოღვაწეობდა. თუ ჰილდებრანდი თავის ოპონენტს, მაგალითად ჰაიდეგერს,  ბიბლიური გზით ეკამათებოდა, შელერი ამას ფილოსოფიური გზით აკეთებს. მაგალითისათვის, ქრისტიანობის ნიცშესეულ ინტერპრეტაციას შელერი საფუძვლიან ფილოსოფიურ არგუმენტაციას უპირისპირებს (М. Шелер. Ресентимент в структуре моралей. Наука: Университетская книга. Санкт- Петербург. 1999).

ჰილდებრანდმა 1914 წელს მიიღო კათოლიციზმი. თავის ფენომენოლოგიურ და საღვთისმეტყველო ძიებაში ის თანდათანობით განმტკიცდებოდა რწმენაში. ეს, ცხადია, მის ძიებას თავისებურ კვალს ატყობდა. მისი ანთროპოლოგიური ძიებანი მთლიანად საღვთისმეტყველო შინაარსისაა. ჰილდებრანდის ყოველი ახალი ნაშრომი სულ უფრო და უფრო გამოკვეთდა კათოლიციზმის პრინციპებს. მისი თეოლოგიური ოპუსი Die Umgestaltung in Christus კათოლიციზმში დიდ ადგილს იკავებს. ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ პაპმა პიუს XII-ემ (1939-58) ჰილდებრანდს XX  საუკუნის  Doctor ecclesiae უწოდა.  ჰილდებრანდი ასწავლის: „ერთადერთი ნაყოფიერი, ჭეშმარიტი თვითშემეცნება არის ის, რომელიც ღმერთთან შეხვედრის შედეგია. თავიდან ჩვენი მზერა უფალს უნდა მივაპყროთ, დავინახოთ მისი უსაზღვრო დიდება, შემდეგ კი ვიკითხოთ: „ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე?“ ჩვენ ნეტარ ავგუსტინესთან ერთად უნდა ვთქვათ: შეგიმეცნებ რა შენ, მე შევიცნობ ჩემ თავს“  (Дитрих фон Гильдебранд.  Сущность христианства. Изд. «Алетейя». С.Пб., 1998, стр. 61).

შელერისაგან განსხვავებით ჰილდებრანდი ძირითადად ერთი მიმართულების მქონე მოღვაწეა, რელიგიური მოძღვარია, რომელიც თავისი პირადი რჯულიერი ცხოვრებით უფრო აძლევდა სხვებს მაგალითს, ვიდრე ფილოსოფიური ძიებით. ჰილდებრანდი კათოლიციზმის მკაცრ საზღვრებში რჩება. თავისი დებულებების გადმოცემისას ეყრდნობა თომა აკვინელსა და კათოლიციზმის სხვა ურყევ ავტორიტეტებს.  ხოლო შელერი კი არ ერიდება ურყევი ავტორიტეტების, მაგალითად, თომა აკვინელის კრიტიკას და ცდილობს მოიძიოს რელიგიის ახლებური დაფუძნების  საიმედო გზები, აპყრობს რა მზერას ავგუსტინეს.

ჰუსერლის მოძღვრებიდან ამოსული შელერისა და ჰილდებრანდის ნააზრევი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს თუ რა ძნელად შესამჩნევი ხდება რელიგიასა და ფილოსოფიას შორის არსებული საზღვარი ფენომენოლოგიური საკითხების დამუშავებისას. ყოველთვის იკვეთება ახალ-ახალი გნოსეოლოგიური, ონტოლოგიური თუ აქსიოლოგიური ასპექტები, რომელთა გაშუქებისას შელერი , ჰილდებრანდი და სხვები მიმართავენ შუა საუკუნეების სქოლასტიკოსებსა და მისტიკოსებს, ახდენენ მათ ინტერპრეტაციას ფენომენოლოგიურ ჭრილში, შემოაქვთ ირაციონალიზმის პლასტები. ამის წანამძღვარი კი სიცოცხლის ფილოსოფიამ და მის მიერ წამოჭრილმა პრობლემატიკამ შექმნა, რომელსაც ადრეული ჰუსერლი მთელი გულმოდგინებით ემიჯნებოდა. სიცოცხლის ფილოსოფიის პრობლემატიკამ  შეაღწია თვით ჰუსერლთან.  რიკერტი, ადრეული ჰუსერლი და მრავალი ცნობილი ფილოსოფოსი უარყოფდნენ სიცოცხლის ფილოსოფიის პრინციპებსა და ამოცანებს, ბოლოს კი ფენომენოლოგიისა და სხვა ფილოსოფიური მიმდინარეობების ძიებანი განმსჭვალა სიცოცხლის ფილოსოფიამ და მან ირაციონალიზმს ფართოდ გაუღო კანტიანელთაგან, წმინდა ლოგიკის დამფუძნებელთაგან და სხვადასხვა მიმართულების რაციონალისტთაგან გულმოდგინედ  დახშული  კარი.

* * * *

Феноменологические изыскания Макса Шелера и Дитриха фон Гильдебранда

Резюме

Макс Шелер и Дитрих фон Гильдебранд собственные феноменологические искания увязывают  с католицизмом.  Шелер предельно расширяет феноменологический метод и исследует те области, которые были исключены Гуссерлем из поля феноменологии.

К лучшему пониманию Шелера и Гильдебранда нам помогают идеи Августина и Паскаля. Согласно  Шелеру, христианская любовь стоит выше платоновской любви.

Если учение Шелера приобретает характер философского фидеизма, то антропологические искания Гильдебранда полностью имеют богословское содержание. Шелер колебался в своей вере, а Гильдебранд оставался образцовым католиком. Изучение Шелера и Гильдебранда показывает насколько трудноразличимой становится грань, пролегающая между религией и философией при разработке феноменологических вопросов.

Проблематика поднятая философией жизни проникла и закрепилась во многих течениях. Философия жизни обусловила вторжение мощного потока иррационализма в те учения, которые ранее тщательно отмежёвывались от него именем создания строгой и чистой философской науки.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s