ჰუსერლის ფენომენოლოგია და ავგუსტინეს მოძღვრება


*პუბლიკაცია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „რელიგია“ (2002, N 10-11-12). წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება შესწორებებით.

ფენომენოლოგიური პრობლემატიკის შესწავლა წარმოაჩენს ჰუსერლის შემეცნების თეორიის სიახლოვეს რელიგიურ შემეცნებასთან. ფენომენოლოგიის საკითხები საზღვრითი საკითხებია, რომელნიც ერთდროულად მოიცავენ ფილოსოფიურ და რელიგიურ მხარეებს. მათ შორის მკაცრი საზღვრის გავლება რთული საქმეა. ამ მხარეთა ურთიერთშეღწევადობა და ურთიერთგადასვლა ვლინდება სუბიექტური დროის, ანუ ფენომენოლოგიური ცნობიერების კვლევისას. ცნობიერების კვლევა გონის (Geist, Дух, Spirit) პრობლემატიკის კვლევაა. ამიტომ ის მიმოიქცევა ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებას შორის.

ჰაიდეგერის ფილოსოფიაში ჰუსერლის შემეცნების თეორიის ეს თავისებურება უფრო კონტრასტულად გამოიკვეთა. ყოველთვის მწვავე დისკუსიის საგნად რჩება ის, არის თუ არა ჰაიდეგერის მოძღვრება ღმერთის ფილოსოფიური შემეცნება, თუ ეს არის თეოლოგიური შემეცნება. მის მოძღვრებას სეკულარიზებულ თეოლოგიას უწოდებენ ხოლმე. ჰუსერლის ფილოსოფიის განხილვისას საკითხი ასე კატეგორიულად არ დაისმის იმის გამო, რომ ჰუსერლს ცნობიერების კვლევა მკაცრი გარკვეულობისა და ნათელი მეცნიერული დებულებების ჩამოყალიბების გზით მიჰყავს. მისი ფენომენოლოგია მიუთითებს იმ რაციონალისტურ ტრადიციაზე, რომელსაც დეკარტმა ჩაუყარა საფუძველი. ჰაიდეგერის ფენომენოლოგია კი მასწავლებლის რაციონალისტური გზის უარმყოფელია და ირაციონალიზმის უფლებებს იცავს. ამის გამო ჰუსერლი დანანებით აღნიშნავდა, რომ მასთან განსწავლულმა ჰაიდეგერმა ფენომენოლოგიური ძიება მისთვის მიუღებელი გზით წაიყვანა. (И. Михайлов. Был ли Хайдеггер „феноменологом“? Логос. 1995. N 6, стр. 283, 287, 297,  ასევე Alwin Diemer. Edmund Husserl. Meisenheim am Glan. 1965, S. 19-20).

ჰუსერლი სუბიექტის ცნობიერებას იკვლევს და ტრანსცენდენტალური ეგოლოგიის შექმნით მიისწრაფის უნივერსულ არსთა შემეცნებისაკენ. სიძნელე მდგომარეობს იმაში, თუ როგორ შეიძლება ერთეული, უნიკალური მოაზრებულ იქნეს ზოგადის, უნივერსულის კატეგორიებით. ფენომენოლოგია თავის მიზანდასახულობაში უახლოვდება პლატონის მოძღვრებას, მაგრამ მიზნისაკენ მიმავალი გზა მას მეტად თავისებური აქვს. ჰუსერლი ყოველთვის უარყოფდა კრიტიკოსთა ბრალდებას, რომ ის პლატონისტია. ცნობიერების კვლევისას ჰუსერლი გამორიცხავდა ყოველგვარ მისტიკას და ნათქვამი ჰქონდა, რომ არ საჭიროებდა არანაირ სამყაროსიქითა იდეების დაშვებას თავის ფენომენოლოგიაში. პლატონთან, როგორც ვიცით, ზედროულ იდეებზე არის მსჯელობა. ფენომენოლოგიაში ყოფიერების შემეცნება ცნობიერების ყოფიერების შემეცნებაა, ამიტომაც  ფენომენოლოგიური გნოსეოლოგია არის ონტოლოგია. ჰუსერლის შემდეგ ჰაიდეგერიც განავითარებს თავის ონტოლოგიას. ცნობიერების ონტოლოგიური დაფუძნების ფენომენოლოგიურ გზას ჰუსერლი მეტაფიზიკის აღორძინების აუცილებლობამდე მიჰყავს.

ფენომენოლოგიის შესწავლისას წარმოიშობა საკითხი, თუ რამდენად შეიძლება იყოს ჰუსერლის უნივერსულ არსთა შემმეცნებელი რაციონალისტური მოძღვრება მკაცრი მეცნიერება? ამ სიძნელის გამო იყო, რომ მის მოწაფეთა უმრავლესობა თავდაპირველი ფენომენოლოგიის საზღვრებს შორს გასცდა. მათ სულ სხვა მიმართულებით განავითარეს დიდი მასწავლებლის დებულებანი. შემთხვევით არ იყო ის, რომ ჰუსერლის მოწაფენი (ჰედვიგ კონრად-მარტიუსი, ადოლფ რაინახი, მაქს შელერი, ედიტ შტაინი) რელიგიურ რწმენამდე მივიდნენ საკუთარ ფენომენოლოგიურ ძიებაში.

ევროპულ ნეოსქოლასტიკაში დიდ ყურადღებას იპყრობს როგორც ჰუსერლის, ასევე ჰაიდეგერის ფილოსოფია. აქ ხდება ამ მოაზროვნეთა დებულებების თეოლოგიურ არეალში გადატანა და შესაბამისი განვითარება (Дитрих фон Гильдебранд. Что такое философия? Изд. «Алетейя», СПб. 1997, стр. 339-340). თეოლოგიური საკითხების ფენომენოლოგიური განხილვა კი ხდება რელიგიის ფენომენოლოგიაში (ვან დერ ლეუვი, რუდოლფ ოტო, ფრიდრიხ ჰაილერი და სხვები).

აზროვნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია სუბიექტური დროის საკითხის ჰუსერლისეული დამუშავება. ამ საკითხის სიღრმეს ჰუსერლი ავგუსტინეს სწავლებაზე დაყრდნობით ჩასწვდა. დროის სუბიექტივაცია მომდინარეობს ავგუსტინედან. ჰუსერლამდე ამ საკითხს იკვლევდნენ კირკეგორი და  ბერგსონი. ოფიციალური ეკლესიის დიდი კრიტიკოსი სიორენ კირკეგორი რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხთა დასმის სიმწვავით ავგუსტინეს არ ჩამოუვარდება. დროის სუბიექტივაციის საკითხზე მსჯელობისას კირკეგორი ჰეგელის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ გამოდიოდა და არ ეთანხმებოდა მას იმაში, რომ  აბსოლუტური გონი სუბიექტური დროისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს. წამი ერთ-ერთი ცენტრული ცნებაა კირკეგორის ფილოსოფიაში. ჰუსერლი იცნობდა კირკეგორის ნააზრევს. ცნობილია, რომ ლევ შესტოვს ჰუსერლი ურჩევდა წაეკითხა კირკეგორის შრომები (И. Чубаров. История любви Л. Шестова к Эд. Гуссерлю, рассказанная им самим (предисловие к публикации). Письма к Льву Шестову. Логос. 1996, N 7, стр. 139). შესტოვი ჰუსერლის რეკომენდაციით 1928 წელს გაეცნო კირკეგორის შრომებს და გაკვირვებას გამოთქვამდა, რომ რაციონალისტი ჰუსერლი მას ურჩევდა წაეკითხა რაციონალიზმის კრიტიკოსის, კირკეგორის შრომები (იქვე, стр. 139). (იხილე ასევე შესტოვის 1938 წელს დაწერილი, ჰუსერლისადმი მიძღვნილი სტატია «Памяти великого философа»).

ანრი ბერგსონის მოძღვრება ჰუსერლს არ შეუსწავლია. სუბიექტური დროის განხილვისას იგი მხოლოდ ავგუსტინეს ეყრდნობა. მაგრამ როდესაც ალექსანდრ კოირემ წაიკითხა ლექცია ბერგსონის შესახებ, ჰუსერლმა აღნიშნა, თანმიმდევრული ბერგსონიანელები ჩვენ ვართო (Und als er im gleichen Jahr durch einen Vortrag von Koiré Bergsons Gedankenwelt näher kennenlernt, erklärt er von sich, daß er also der konsequente Bergsonianer sei) (Alwin Diemer. Edmund Husserl. Meisenheim am Glan. 1965, S. 59).

სუბიექტური დროის საკითხს ჰუსერლი განიხილავდა ლექციებში, რომელიც წაიკითხა გიოტინგენში ზამთრის სემესტრის მსვლელობისას 1904-05 წლებში (1900-14 წლები ფენომენოლოგიის ისტორიაში პირველ პერიოდადაა მიჩნეული და „გიოტინგენის ფენომენოლოგიად“ იწოდება). ამ საკითხისათვის ჰუსერლს ხშირად მიუმართავს, მაგრამ სხვაგან არსად არაა ის ისე საფუძვლიანად დამუშავებული, როგორც ამ ლექციებში. ჰუსერლის ეს ლექციები 1928 წელს გამოაქვეყნა ჰაიდეგერმა. ამ გამოკვლევის ერთ-ერთი ფრაგმენტი გამოქვეყნდა სათაურით „ლექციები დროის შინაგანი ცნობიერების  ფენომენოლოგიაში“ 1928 წელს (Роман Ингарден. Введение в феноменологию Эдмунда Гуссерля. Дом интеллектуальной книги. М., 1999, стр. 218). ეს ლექციები შევიდა ჰუსერლიანას მეათე ტომში სახელწოდებით „დროის შინაგანი ცნობიერების ფენომენოლოგიისათვის“  (Zur Phänomenologie des inneren Zeitbewusstseins (1893- 1917)).

ჰუსერლი უახლოვდება კანტს თავის იმ მოთხოვნით, რომ სუბიექტზე მსჯელობის განმსაზღვრელი მკაცრი მეცნიერულობა უნდა იყოს. კანტისათვის „აპრიორული და მეცნიერული კი არ გამორიცხავს, არამედ მოითხოვს სუბიექტურობას. კანტმა სოკრატეს და დეკარტის შემდეგ კიდევ ერთხელ მოაბრუნა ევროპული ფილოსოფია სუბიექტისაკენ, მაგრამ ისევე, როგორც სოკრატესა და დეკარტის მემკვიდრეებმა, კანტის გამგრძელებლებმაც ამ სუბიექტურობიდან აბსოლუტური ობიექტურობა გამოიყვანეს. მართალია, საერთოდ აღებული, ამგვარ განვითარებას უდავო გამართლება ჰქონდა, მაგრამ ზოგმა პრობლემამ დაკარგა  თავისი სიღრმე და სიმდიდრე, მათ შორისაა დროის საკითხიც“ (გურამ თევზაძე.  იმანუელ კანტი. თბ. 1974, გვ. 237).

კანტთან დრო არის როგორც ტრანსცენდენტალური შემეცნების საგანი, ასევე ცნობიერების სინთეზთა აღწერის საშუალება. ჰუსერლთან სპეციფიკურია რეფლექსიისა და სუბიექტური დროის ურთიერთობა. ე. ი. განსაკუთრებული ჰუსერლის ფენომენოლოგიაში ისაა, რომ რეფლექტირებადი ცნობიერებაა სუბიექტური დროის შემმეცნებელი. კანტისაგან განსხვავებით, ჰუსერლი დროის კონკრეტიკის მოპოვებას ცდილობს. არკვევს რა რეფლექსიის არსს, ჰუსერლი ყურადღებას მიაპყრობს შემმეცნებლის შინაგან გამოცდილებას. ჰუსერლი აქაც ებრძვის ფსიქოლოგიზმს. მისი აზრით, ნებისმიერი დაშვება ობიექტური დროისა უშედეგოდ აქცევს სუბიექტური დროის შემეცნების მცდელობას. ე. ი. აქაც ხორციელდება ფენომენოლოგიური რედუქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენთვის ხელისშემშლელი ობიექტური დრო ამოირთვება. ჰუსერლი განასხვავებს ფსიქოლოგიურ და ფენომენოლოგიურ რეფლექსიას. ფსიქოლოგიური რეფლექსია შემოისაზღვრება გარკვეულ განცდათა დაფიქსირებით ცნობიერების სხვადასხვა მოდუსში. ესენია: მეხსიერება, აღქმა და ა.შ. მისგან განსხვავებით, ფენომენოლოგიური რეფლექსია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ცნობიერების ამ მოდუსების არსის ანალიზი განვახორციელოთ. გარდა ამისა, ფენომენოლოგიური რეფლექსია არკვევს რიგი ფაქტორების მოცემულობას, რომელთა მეშვეობითაც სხვადასხვა განცდა ყალიბდება.

ჰუსერლი ამბობს, რომ ფსიქიკური „არის ფენომენთა ორმხრივი უსაზღვრო ნაკადი, მასზე გამავალი ერთიანი ინტენციონალური ხაზით, რომელიც არის როგორც ჩამონათვალი ყოვლისგანმსჭვალავი ერთიანობისა, სახელდობრ, ის არის დასაწყისსა და დასასრულს მოკლებული იმანენტური „დროის“ ხაზი, დროისა, რომელიც ვერ გაიზომება ვერანაირი ქრონომეტრით“ (Es ist ein zweiseitig unbegrenzter Fluß von Phänomenen, mit einer durchgehenden intentionalen Linie, die gleichsam der Index der alldurchdringenden Einheit ist, nämlich der Linie, der anfangs – und endlosen immanenten „Zeit“, einer Zeit, die keine Chronometer  messen.), (Edmund Husserl. Philosophie als strenge Wissenschaft. Fr. Am. M. 1965, S. 37).

ფენომენოლოგიური ცნობიერების ძირითადი თავისებურება არის ის, რომ ცნობიერების საკითხი დროის საკითხია. ე. ი. ვაყენებთ რა საკითხს ცნობიერების შესახებ, ვგულისხმობთ რეფლექსიისა და სუბიექტური, იმანენტური დროის შესახებ საკითხის დაყენებას. ეს იმანენტური დრო კი, ჰუსერლის მიხედვით, ვერ გაიზომება წუთებით.

დეკარტისეული cogito-ს ინტერპრეტირებისას ჰუსერლი ლაპარაკობს ფენომენოლოგიური დროითობის სტრუქტურების,  „ჭეშმარიტი უსასრულობების“  აღმოჩენაზე. „კარტეზიანულ მედიტაციებში“  ჰუსერლი მსჯელობს რა ნივთის აღქმაზე (აღქმის თეორიას ჰუსერლი ქმნიდა დაწყებული „ლოგიკური გამოკვლევების“ მეორე ტომიდან, აგრძელებდა „იდეების“ პირველ ტომში და ცდილობდა მისთვის დასრულებული სახე მიეცა „კარტეზიანულ მედიტაციებში“),  ამბობს, რომ ეს აღქმა არსებობს როგორც განგრძობა (Dahindauern), როგორც დროითი დენა აღქმის პროცესისა და აღქმულისა. ეს დროითობა, ეს მიმდინარე      თვით-გან-ფენილობა (Sich-fort-erstrecken) არის ის, რაც არსებითად მიეკუთვნება თვით ტრანსცენდენტალურ ფენომენს.

დროითობა არის შუამავალი ცნობიერებასა და რეფლექსიას შორის. რეფლექსია ფენომენოლოგიაში არაა თვითდაკვირვება. მივმართოთ თვით ჰუსერლს, რომელიც „ფილოსოფია როგორც მკაცრი მეცნიერების“ სქოლიოში ამბობს, რომ მისი „ლოგიკური გამოკვლევები“ არსის ანალიზს ახორციელებს და მას აღნიშნული აქვს, რომ თავი უნდა დავიცვათ ჰიუმისეული ცდომილებისაგან, როცა ფენომენოლოგიური ჭვრეტა აღრეულია „თვითდაკვირვებასთან“, შინაგან გამოცდილებასთან, აქტებთან, რადგან აქ ფსიქიკურ საქმიანობასთან და ფსიქოლოგიზმთან გვაქვს საქმე. ამავე ნაშრომში ჰუსერლი წერს: „წმინდა ფენომენოლოგია, როგორც მეცნიერება, სანამ ის დამოუკიდებელია და სანამ მისთვის უცხოა ბუნების ეგზისტენციალური დადგენის გამოყენება, შეიძლება იყოს მხოლოდ არსის გამოკვლევა და არა არსებობის გამოკვლევა, როგორიც არ უნდა იყოს „თვითდაკვირვება“ (Selbstbeobachtung) და ყოველი მსჯელობა, რომელიც ეფუძნება ასეთ „გამოცდილებაზე“, ძევს მისი საზღვრების მიღმა“ (ibid. S. 43).

ფენომენის ფენომენოლოგიურ კვლევაში ჰუსერლი იმანენტურ მხარეს მიაპყრობს ყურადღებას. იმანენტური ეს არის ცნობიერების შინაარსი, რასაც ის „ლოგიკური გამოკვლევების“ მეორე ტომში გამოწვლილვით განიხილავს. ცნობიერება იმანენტური ტემპორალობაა. შესაბამისად, რეფლექსია როგორც დროითი ნაკადის წვდომა თვითონაა ტემპორალური. ჰუსერლი ამბობს, რომ ნამდვილი სამყარო და მსოფლიო დრო, რეალური დრო, ბუნების დრო, ბუნებისმეტყველების აზრით, ასევე ფსიქოლოგია როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერება სულის შესახებ არაა ფენომენოლოგიური მონაცემი (Husserliana, X, Haag, 1966, S. 4). რეფლექსიის აქტები განსაკუთრებული სახის განცდებია. მხოლოდ რეფლექსიის მეშვეობით ხდება ცნობიერების ტემპორალური ნაკადის ერთიანობაში წვდომა. ამგვარად, რეფლექსია ახდენს ცნობიერების როგორც ნაკადის კონსტიტუირებას. ინტენციონალობა კი აზრის კონსტიტუირების პროცესს წარმოადგენს. ამიტომ ცნობიერება ყოველთვის რეფლექსიის შესაძლებლობის მქონეა. ამგვარად, სუბიექტური დრო როგორც რეფლექსიის, ასევე ინტენციონალობის მომცველია.

ჰუსერლიანას X  ტომის წინასიტყვაობაში ჰაიდეგერი წერდა: „ არსებული გამოკვლევის ძირითადი თემა არის შეგრძნებათა წმინდა მოცემულობის დროითი კონსტიტუირება (die zeitliche Konstitution eines reinen Empfindungsdatums) და ამ კონსტიტუირების საფუძველზე მდებარე „ფენომენოლოგიური დროის“ თვითკონსტიტუირება“ (8. XXV).

ჰუსერლის სწავლებაში სუბიექტურ დროს ორი ასპექტი აქვს. ეს არის ცნობიერების მიერ დროითი ობიექტის კონსტიტუირება და ცნობიერების მთლიანობითი ნაკადის თვითკონსტიტუირება. ჰუსერლი ამის გამო ამბობს, რომ დროის თვალსაზრისით ეს ნაკადი „ ობიექტური“ არაა. ის აბსოლუტური სუბიექტურობაა (absolute Subjektivität) (ეს გამოთქმა ჰუსერლის ტექსტში კურსივითაა გამოყოფილი). ასეთივე მსჯელობა არის მის „პარიზულ მოხსენებებსა“ და შემდგომ „კარტეზიანულ მედიტაციებში“, რის გამოც ჰუსერლს ბრალს სდებდნენ სოლიფსიზმში. აბსოლუტურ სუბიექტურობაზე მსჯელობისას ჰუსერლი არ მალავს საკითხის დიდ სიძნელეს და ამბობს: „აქტუალობის განცდაში გვაქვს ამოსავალი პუნქტი და ყველა შემდგომი მომენტის განგრძობადობა. ყოველივე ამისთვის არ გვყოფნის სიტყვები“ (Hua, X, S. 75).

ჰუსერლი ცდილობს დროის ისეთი თვისებების გარკვევას, როგორიცაა კონტინუალობა და კონსეკვენტურობა. ის ამბობს, რომ სივრცე და სინამდვილე ტრანსცენდენტური არის არა მისტიკური აზრით, როგორც „ნივთი თავისთავად“, არამედ როგორც ფენომენალური სივრცე და ფენომენალური ვრცეულ-დროითი სინამდვილე (die phänomenale raum-zeitliche Wirklichkeit) (Hua, X, S. 6).

ამ ნაშრომის დასაწყისშივე ჰუსერლი აღნიშნავს, რომ ცოდნით გაამაყებული ახალი დრო ვერ ჩასწვდა დროის საკითხს უფრო ღრმად, ვიდრე ეს ავგუსტინემ გააკეთა (ibid. S. 3).

ავგუსტინეს უდიდესი დამსახურება დროის საკითხის დამუშავებაში არის ის, რომ მის მოძღვრებაში ობიექტური დრო გადაიქცა სუბიექტურ და ისტორიულ დროდ. დროის პირველი ასპექტი – სუბიექტური დრო, განხილულია „აღსარებანში“, სახელდობრ XI წიგნის 14-28 თავებში. ჰუსერლისათვის როგორც ფილოსოფოსისათვის ეს ასპექტია საყურადღებო. მეორე ასპექტი – ისტორიული დრო, ავგუსტინეს განხილული აქვს ნაშრომში „ღვთის ქალაქისათვის“, რაც ყველა დროში იპყრობდა ღვთისმეტყველთა ყურადღებას. აქედან ეყრება საფუძველი ეკლესიის მამათა „წმინდა ისტორიზმს“, მესიანისტურ სწავლებას. დიდი გავლენით სარგებლობს იდეა ბოლო ჟამისა და ისტორიული დროის დასასრულის შესახებ.

სუბიექტური დროის კვლევისას ჰუსერლი ავგუსტინესეულ დაყოფას ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, სუბიექტური დრო განიხილება როგორც დინამიკური სტრუქტურა. მასში წარსულს შეესაბამება მოგონება, აწმყოს – აღქმა, მომავალს – იმედი. ჰუსერლი საგანგებოდ შეჩერდა დროის აღქმის პრობლემაზე. მის თანახმად, შინაგანი დრო ცნობიერების სიღრმისეულ შრეებს უკავშირდება.

ძალზე საგულისხმოა ჰუსერლის გულახდილი ნათქვამი X ტომის შესავალში. ის წერს, რომ 1904-05 წლებში ძველი მონახაზების გადახედვისას მას ზოგიერთი მსჯელობა თავის „ლოგიკურ გამოკვლევებში“ არასაკმარისად განვითარებული ეჩვენა. მოგონების მთელი სფერო და თავდაპირველი დროითი ჭვრეტის ფენომენოლოგიის ზოგადი პრობლემა, მისი აზრით, გამოტოვებულ იქნა. აქ არსებული უდიდესი სიძნელეები, აგრძელებს ჰუსერლი, შესაძლოა, ყველაზე დიდი მთელს ფენომენოლოგიაში, მე ვერ დავძლიე და რადგანაც არ მსურდა ხელ-ფეხი ნაადრევად შემკვროდა, საჭიროდ ჩავთვალე, რომ მათთვის დუმილით ამევლო გვერდი (Hua, X, S. XVI).

მართებული იქნება დავაყენოთ კითხვა: თუ ჰუსერლი თვითონვე აღნიშნავს, რომ საკვლევი სფეროს გასაშუქებლად მას არ ჰყოფნის სიტყვები და უდიდეს სიძნელეებს აწყდება, როგორ შეიძლება ფენომენოლოგიური იდეალიზმი იყოს მკაცრი მეცნიერება ასეთივე მკაცრი გარკვეულობებით, როგორც ეს ჰუსერლს სურდა?  ფენომენოლოგიის ჰაიდეგერისეულმა გენეზისმა ნათლად დაგვანახა ამის შეუძლებლობა. დროის საკითხი, მისი როგორც სუბიექტური, ასევე ისტორიული ასპექტები ჰაიდეგერმა თავდაპირველი ფენომენოლოგიისაგან რადიკალურად განსხვავებული გზით დაამუშავა და როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ჰაიდეგერის განაზრებებმა ჰუსერლის მწვავე რეაქცია გამოიწვია. ამის მიუხედავად, თავისი მოღვაწეობის გვიანდელ პერიოდში ფენომენოლოგიის ფუძემდებელმა სცნო ჰაიდეგერისეული საკითხების მართებულობა. „ევროპული მეცნიერებების კრიზისში“ ჰუსერლი ანთროპოლოგიურ პრობლემატიკას განიხილავს და რაციონალიზმის მომავალზე მსჯელობს.

ჰუსერლის თანახმად, სუბიექტური დროის მონაცემები, ერთი მხრივ, არის განცდები, რომლებშიც ვლინდება დროითი, ობიექტური აზრით. მეორე მხრივ, ეს მონაცემები არის განცდის მომენტები, რომელთა მეშვეობითაც ხდება დროის შეცნობა. რედუცირებული (ფენომენოლოგიური ეპოქეს მეთოდით მიღებული) დრო გვაძლევს იმის გაგების შესაძლებლობას, თუ როგორ კონსტიტუირდება თანამიმდევრულობის განცდა, თვით დრო სხვადასხვა საფეხურზე, თუ როგორ ვწვდებით რაღაც ობიექტს როგორც დროითს. ჰუსერლის თანახმად, ჩვენ ვიმეცნებთ ცნობიერებას როგორც აზრისა და მნიშვნელობის წარმოქმნის პროცესს. ე. ი. ცნობიერება თვით იმეცნებს თავის თავს და ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია მივმართოთ რაიმე გარეგანს, იმიტომ, რომ ეს უკვე აღარ იქნება ცნობიერება. ყველგან ჰუსერლი, როგორც ვთქვი, დროის კონკრეტიკის მოხელთებას ცდილობს. ის ამბობს: „დროის აპრიორულობის ნათელყოფას ვცდილობთ, ვიკვლევთ რა ცნობიერების დროს, ვავლენთ რა მის არსობრივ კონსტიტუირებას“ (Hua, X, S. 10). აქვე ჰუსერლი განიხილავს ბრენტანოს სწავლებას დროის შესახებ, არკვევს თუ რა არის მასში ფსიქოლოგისტური.

იმისათვის, რომ ყურადღება მივმართოთ ობიექტური დროიდან სუბიექტურ დროზე, ჰუსერლი გვირჩევს შევხედოთ ცარცის ნატეხს. ჩვენ ვხუჭავთ და ვახელთ თვალს. ამ დროს, ჰუსერლის თანახმად, გვაქვს ორი აღქმა და ვამბობთ, რომ ჩვენ ორჯერ ვხედავთ ერთსა და იმავე ცარცის ნატეხს. ამ დროს, განაგრძობს ჰუსერლი, ჩვენ გვაქვს შინაარსები, რომელნიც ტემპორალურად გაყოფილნი არიან (Hua, X, S. 8).

შესაძლებელია ობიექტური დროითი განსხვავებულობებისაგან აბსტრაჰირება იმის საშუალებით, რომ ორჯერ მივაპყრობთ ყურადღებას საგნის თვისებას, კონკრეტულად იმას, რომ ჩვენს წინ არის ცარცის ნატეხი და არა რაღაც სხვა. ჰუსერლის აზრით, ორგზის აღქმული საგნის თვისებრივი იგივეობის დაფიქსირება დაგვანახებს აღქმათა ტემპორალურ თანამიმდევრობას.

დროითი საგნების აღწერისათვის ჰუსერლს მაგალითისათვის მოჰყავს მელოდია და ტონი. ტონს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ტონს, სანამ ის ხმოვანებს, აქვს თავისი დროითობა და, შესაბამისად, სანამ ამ ხმოვანებას ცნობიერებაში ვაკავებთ, მას აქვს დროითობა. მთელი თავისი ხმოვანების მანძილზე ტონს აქვს დასაწყისი, რომელიც არის პუნქტი „ახლა“. ტონი შეიცნობა როგორც აწმყოში მყოფი, როგორც „ახლანდელი“. ამგვარად, ტონის ყოველი ფაზა შეიმეცნება როგორც „ახლა“. ჰუსერლი ამბობს, რომ ტონის განგრძობადობის სრული ინტერვალი იმგვარად არის, როგორც რაღაც მკვდარი, წარმონაქმნი, რომელიც არ იძენს სიცოცხლეს მწარმოებელი პუნქტით ახლა (ein von keinem Erzeugungspunkt des Jetzt beseeltes Gebilde), მაგრამ ეს წარმონაქმნი მუდმივად მოდიფიცირდება და „სიცარიელეში“ ინთქმება (das aber stetig sich modifiziert und ins „Leere“ zurücksinkt) (Hua, X, S. 24-25).

ჰუსერლი ქმნის ცნებებს „რეტენცია“ და „პროტენცია“. როდესაც აღქმა თავდაპირველი აღქმის მოდუსიდან გადადის „ახლახან გარდასულში“, ეს რეტენციაა. ე. ი. რეტენცია ცნობიერებაში აწმყოს შეკავებაა, პირველადი დახსომებაა. ამგვარად იქმნება რეტენციათა წყება. ყოველი „ახლა“ პუნქტი გადადის „ახლახან გარდასულში“ – რეტენციაში. პროტენცია კი მოლოდინთან, მომავალთან არის დაკავშირებული. ის წინ უსწრებს „ახლა“ პუნქტს. დროის მსვლელობასთან შესაბამისობაში იქმნება ასეთი კონსტრუქცია – რეტენცია, „ახლა“ პუნქტი, პროტენცია. ამის შემდეგ ჰუსერლი ამუშავებს თავდაპირველი იმპრესიის (Urimpression) ცნებას. „თავდაპირველი იმპრესია არის აბსოლუტურად არამოდიფიცირებული, თავწყარო (die Urquelle) მთელი შემდგომი ცნობიერებისა და ყოფიერებისათვის. თავდაპირველი იმპრესიის შინაარსს შეადგენს ის, რაც აღინიშნება სიტყვით „ახლა“, რომელიც აღებულია ყველაზე მკაცრი აზრით. თითოეული ახალი „ახლა“ შეადგენს ახალი თავდაპირველი იმპრესიის შინაარსს (Hua, X, S. 67). ამის შემდეგ ჰუსერლი რეფლექსიასა და ინტენციონალობასთან მიმართებაში განიხილავს მახსოვრობისა და ფანტაზიის ცნებებს.

„აღსარებანის“  XI  წიგნის  27-ე თავში ავგუსტინე ლაპარაკობს ბგერის არსებობაზე, სანამ ის ისმის და ბოლოს მიწყდება და ასევე იმ სიძნელეზე, რომ შეუძლებელია მისი გაზომვა. ჰუსერლს ავგუსტინედან აქვს აღებული ზემოთ მოყვანილი მაგალითი ტონის ხმოვანების შესახებ. ასევე მეხსიერებისა და ხსოვნის შესახებ მაგალითს ჰუსერლი იღებს ავგუსტინეს დასახელებული ნაშრომის  XI წიგნის 28-ე თავიდან.

ავგუსტინეს სწავლება შინაგან სიტყვაზე (verbum intimum) მჭიდროდაა დაკავშირებული ცნობიერებისა და დროითობის საკითხთან. „აღსარებანის“ XI წიგნის 27-ე თავში ავგუსტინე წერს: „ …ჩუმად და უსიტყვოდ წარმოვთქვამთ გულში ლექსს, მის ცალკეულ სტრიქონებსა თუ სიტყვებს, და ისე განვსაზღვრავთ მათ წარმოსათქმელად საჭირო დროის შუალედებსა თუ თანაფარდობებს ამ უკანასკნელთა შორის, თითქოს ხმამაღლა წარმოგვეთქვას ისინი“ (ნეტარი ავგუსტინე.  აღსარებანი. თბ., 1995, გვ. 245).

მხოლოდ სულშია სამივე დრო, ნათქვამია ავგუსტინესთან. სული ელოდება, გულისხმაყოფს და ახსოვს. სულის საქმიანობას, როგორც აწმყოს, გადაჰყავს მომავალი წარსულში და ამგვარად კონსტიტუირდება დრო.

ავგუსტინესაგან სწავლობდა არა მარტო ჰუსერლი, არამედ მისი წინამორბედი წყება ფილოსოფოსებისა და ფსიქოლოგებისა, რომელთაც შექმნეს ფსიქოლოგიზმად წოდებული ის მიმართულება, რასაც ჰუსერლი თავის შემეცნების თეორიაში ებრძოდა. ეს ფსიქოლოგიზმი, ისევე როგორც ტრანსცენდენტალური ფილოსოფია და ფენომენოლოგია, თავის განაზრებებში დროის შესახებ სცილდებიან საღვთისმეტყველო ბაზისს და ამით განსხვავდებიან ისინი ავგუსტინესაგან, ასევე იმ ესქატოლოგიური მიზნისაგან, რასაც ეს დიდი ქრისტიანი მოაზროვნე ისახავდა.

ჰუსერლის სწავლება, როგორც ცნობიერების ყოფიერების შემმეცნებელი მოძღვრება, სუბიექტური დროის რთულ საკითხს იძიებს ფენომენოლოგიის საერთო მიზნის გათვალისწინებით. ანგია ბოჭორიშვილის თქმით, „ფენომენოლოგიას სურს „იხილოს“, როგორ „იქმნება“ სამყარო ტრანსცენდენტალურ ცნობიერებაში, როგორ იძენენ სამყაროს მოვლენები საზრისს ფენომენოლოგიურ კონსტიტუციაში“ (XX საუკუნის ბურჟუაზიული ფილოსოფია. თბ., 1970, გვ. 397).

ღმერთის ცნებას ჰუსერლის მოძღვრებაში გარკვეული ადგილი უკავია. საყურადღებოა მისი დამოკიდებულება რელიგიის მიმართ. გურამ თევზაძეს თავის პუბლიკაციაში „ედმუნდ ჰუსერლი და ქრისტიანული რელიგია“ („რელიგია“. 1994,                   N 6-7-8) მოჰყავს ფაქტები. ის წერს: „1914 წ. ჰუსერლის წერილი  კ. იოელისადმი გვამცნობს, რომ მას მიზნად ჰქონდა მეტაფიზიკა ფენომენოლოგიურ მეთოდზე დაეფუძნებინა. ეს მიზანი ხაზგასმულია მის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომში „კარტეზიანული განაზრებანი“ … ფენომენოლოგია, ამბობს ჰუსერლი, უარყოფს მხოლოდ უაზრო თავისთავადი ნივთების გამომყენებელ მეტაფიზიკას და არა საერთოდ მეტაფიზიკას. ჩვენთვის საინტერესო ნარკვევის ავტორი იმასაც უჩვენებს, რომ ეს მეტაფიზიკა „ჰუსერლს წარმოდგენილი ჰქონდა როგორც გზა რელიგიისაკენ, უფრო კონკრეტულად ქრისტიანული რელიგიისაკენ“ (რელიგია. 1994, N 6-7-8. გვ. 4).

აქვე აღნიშნულია, რომ „მოწაფეების გადმოცემით, ჰუსერლს „ახალი აღთქმა“ მუდამ მაგიდაზე ედო და მუდამ არჩევანის წინაშე იდგა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, გაეგრძელებინა თავისი კვლევა, თუ ამ წიგნს ჩაღრმავებოდა, ე. ი. მიეჩნია, რომ უკვე მზადაა მის გასაგებად. ჰუსერლი მაინც აგრძელებდა მოსამზადებელ სამუშაოს, ე. ი. ხვეწდა ფენომენოლოგიურ მეთოდს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი მოაზროვნე მთელი სიცოცხლე ღმერთის პრობლემას უტრიალებდა“ (ibid.).  „ … ჰუსერლი დარწმუნებული იყო, მისი ფილოსოფია, რომელიც ესმოდა როგორც მეთოდი, ღმერთის ძიებაში გამოადგებოდა და რაც მთავარია, იმასაც ღმერთთან მიიყვანდა, ვინც კვლევას რწმენით არ იწყებდა, მეტიც, იმათაც დაუბრუნებდა ღმერთს, ვინც მას ზურგი შეაქცია ეკლესიის ზედმეტი პოლიტიზების გამო“  (ibid., გვ. 5).

დისკუსია, რომელიც მიმდინარეობდა ჰუსერლის რაციონალურ ფენომენოლოგიასა და ჰაიდეგერის ირაციონალურ ფენომენოლოგიას შორის, სადღეისოდაც ძალზე აქტუალურია. არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი მიმართულება დასავლურ ფილოსოფიაში, რომელსაც ჰუსერლის იდეები არ შეხებოდა.

                   Saint Augustine and Husserl’s study of consciousness

                                                Summary

Husserl said, that the true ontology is possible as the ontology of consciousness. By this he wanted to prove the uniqueness of phenomenological consciousness, it temporariness. His work “Lectures by phenomenology of inner consciousness of time” is devoted to this question, which prepares the rules of transcendental phenomenology.

Phenomenological  problems simultaneously covers the philosophical and religious parties, rational and irrational beginnings. In spite of it Husserl puts before himself the purposes to direct phenomenological research within the limits of strict scientific character. Investigating the consciousness of subject Husserl creates the doctrine about learning of ego. By way of self-knowledge the subject is aspire to comprehension of universal essences. Phenomenology stands close to Plato’s study, Husserl rejected accusation of critics, that he was the supporter of platonic view . The Georgian researcher of Husserl, Angia Bochorishvili speaks about relationship of phenomenological idealism and doctrine of Plato.

In case of the verge of phenomenological problems the majority of known followers of Husserl carried out the research against of direction, designated by the teacher. Their phenomenology was developed up to religious faith.

Basing on the doctrine of Augustine Husserl develops the question on subjective time. In phenomenology the question about consciousness is a question about time, because the study of consciousness is represented as study of time and reflection. The consciousness is immanency temporalisation and accordingly reflection as comprehension of temporary flow, itself is temporal Husserl everywhere struggled with psychologism and distinguished phenomenological reflection from self-supervision and introspection. The consciousness, reflection and time at Husserl is one whole. With a purpose of subject cognition Husserl created construction – retention, “now”, protention, which comes according to Augustine division of time, but the purpose of Husserl’s cognition differ from theological purpose of Augustine.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s