ერთი გავრცელებული მცდარობის გამო


                 რას ნიშნავს სიტყვა „ნაციონალური“?

სიტყვის „ნაციონალური“ სემანტიკაზე, მცდარ თარგმანსა და მის ეტიმოლოგიაზე ვიმსჯელებ. 1990-იანი წლების დამდეგიდან გაძლიერდა ანგლოსაქსური პოლიტიკური ცნებებისა და ფრაზეოლოგიის შემოტანა, კალკირება და მისადაგება ქართული სინტაქსისისადმი. სიტყვის „ნაციონალური“ არასწორი გამოყენება და მისი მოთარგმნა სიტყვით „ეროვნული“ ქმნის ბევრ ნონსენსს.

სიტყვა nation-ს ინგლისურში აქვს როგორც ნაციის, ხალხისა და ეთნოსის, ასევე სახელმწიფოსა (state) და ქვეყნის მნიშვნელობა. ინგლისურ ენაში უფრო მეტად სახელმწიფოს მნიშვნელობით გაიგება და მოიხმარება სიტყვა nation. ქართულში ეს სიტყვა ითარგმნება მხოლოდ როგორც ერი, რაც არაა სწორი თარგმანი. სიტყვა „ერი“ არის სოფლიური ცხოვრებით მცხოვრები ხალხის (საერონი) აღმნიშვნელი, განსხვავებით სიტყვისაგან „ბერი“. ქართულ ენაში არაა nation-ის შესატყვისი ლექსიკური ერთეული. რუსულში სიტყვა nation გაიგება როგორც нация.  ე.ი. ის გულისხმობს ხალხს, ეთნოსს და არა სახელმწიფოს.  სიტყვა nation არის  state-ს სინონიმი ინგლისურში. სათქმელია ისიც, რომ სიტყვას the nation „მეიფლაუერის“ რწმენისათვის ლტოლვილთა თაობის დროიდან (XVII ს.) მომდინარე ანგლოსაქსური მესიანიზმის გავლენით აქვს კრებითი მნიშვნელობა -„ამერიკელები“  და ასევე  „ჩვენი ქვეყნის“ მნიშვნელობა. ამიტომ Yankee nation არის იანკების (ამერიკელების) სახელმწიფო და არა ნაცია (ერი).

სიტყვა national ინგლისურში ნიშნავს როგორც სახალხოს, ნაციონალურს (ეროვნულს), ასევე სახელმწიფოს (ზედსართ. სახ.),  (რუსულად – государственный). როგორც ზედსართავი სახელი  national ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობრივ კუთვნილებას. როგორც არსებითი სახელი კი national ნიშნავს ქვეყნის მოქალაქეს. სიტყვა international კი უნდა ითარგმნოს როგორც სახელმწიფოთაშორისი და არა საერთაშორისო.

სიტყვა nationality ნიშნავს მოქალაქეობასაც და ეთნიკურ კუთვნილებასაც. თუ გავიხსენებთ ანგლოსაქსური ლიბერალიზმის კოსმოპოლიტურ ხასიათს, მაშინ სიტყვა nationality უფრო მეტად  მოქალაქეობას ნიშნავს, ვიდრე ეთნიკურ კუთვნილებას.  გავიხსენოთ ისიც, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, 90-იანი წლების მიწურულს, დასავლეთიდან იყო მოთხოვნა, რომ ახალი ტიპის ქართულ პირადობის მოწმობებში (identity card) აღარ ჩაწერილიყო ეთნიკური კუთვნილება, რაც ყოველთვის იწერებოდა საბჭოთა დოკუმენტებში, გრაფაში  национальность.  აშშ-ში მოქალაქეობის აღსანიშნად გამოიყენება ორი ტერმინი: nationality  და  citizenship.

სიტყვა nationalist კი აღნიშნავს როგორც ნაციონალისტს, ასევე დამოუკიდებლობისათვის მებრძოლს. გააჩნია კონტექსტს და მის მიხედვით უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება. შესაბამისად, nationalism ინგლისურში აღნიშნავს ნაციონალიზმსაც და პატრიოტიზმსაც. პატრიოტიზმის სინონიმია სიტყვა nationalism. Nationalist  ინგლისურში ასევე ნიშნავს სახელმწიფოს ერთიანობის დამცველს და არა ეთნოცენტრისტსა და სეპარატისტს.   რუსული პოლტიკური ლექსიკის, ასევე პოლიტიკური ცნობარებისა და ასევე სხვადასხვა უცხო სიტყვათა ლექსიკონების გავლენით ქართულში ნაციონალიზმი ეთნოცენტრიზმის სინონიმია და ის არ ნიშნავს სახელმწიფო ერთიანობის დამცველს.

თუ ევროპელთათვის ამერიკელი ნეოკონები ჯორჯ ბუშის მოთავეობით იყვნენ ნაციონალისტები (სახელმწიფოს დამცველი უნივერსალისტები), რუსებისათვის ნაციონალისტები არიან კავკასიის სეპარატისტული ორგანიზაციები. ამერიკელი ნეოკონსერვატორების (რობერტ კეიგანი, უილიამ კრისტოლი, ფრენსის ფუკუიამა და სხვ.) nationalism უნდა გავიგოთ როგორც გლობალურობა, უნივერსალიზმი და ეს სულ სხვა რამ არის, ვიდრე ის, რაც ცნობილია ბალკანეთის ან კავკასიის ქვეყნების ნაციონალისტებისაგან.

პოლისემანტიკურია ლათინური სიტყვა natio . შობის ქალღმერთის სახელია Natio.  ამიტომ natio ლათინურში  ნიშნავს დაბადებას. ის ასევე ნიშნავს ხალხს, ეთნოსს, ტომს (მრავლ. რ. – nationes). ეს სიტყვა ევროპულ ენებში მეტად აქტუალური და გეზის დამდგენი გახდა 30-წლიანი (1618 – 48) რელიგიური ომის შემდეგ, როდესაც პანევროპული კათოლიკური იმპერიალიზმის იდეას წინ აღუდგა პროტესტანტული სეპარატისტული აზრი. გაჩნდა ნაცია-სახელმწიფოები. აი აქედან მომდინარეობს nation-სა და  state-ის სინონიმურობა, ნაციისა და სახელმწიფოს იგივურობა ინგლისურ ენაში. სეკულარისტულ ცნებას სინამდვილეში ბიბლიური ფესვი აქვს. ფაქტის ხშირი კონსტატაცია ქართულ პოლიტიკის მეცნიერებასა და ისტორიოგრაფიაში ცოტას ნიშნავს. წაბაძვით და ეპიგონურად ნაწერ წიგნებში საკუთარი საკუთარი აზრი ავტორებს არ აქვთ. მთავარია იმის ძირეულად გააზრება რაც მოხდა ევროპაში ლუთერის დროიდან. კათოლიკობისაგან განვარდნილმა ერესიარქებმა ბიბლიიდან აიღეს რელიგიური სეპარაციის დებულებები და ახალ პოლიტიკურ კულტურას დაუდეს დასაბამი. ნაციის ცნება არის ევროპული ომის შედეგი, რომელიც შემდეგ ყველგან გავრცელდა. ნაცია-სახელმწიფო ეს არის ეკლესიის რესპუბლიკანიზაციის პოლიტიკური შედეგი. ჟან კალვინმა გააკეთა ძალზე ბევრი ქრისტიანული დოქტრინის დემონარქიზებისათვის. კალვინს დაეყრდნო ანგლოსაქსური სეკულარიზმი და  პოლიტიკური კულტურა. თვით იმ ქვეყნებშიც კი, რომელნიც 30-წლიანი რელიგიური ომის დროს ვატიკანის მომხრენი იყვნენ, განმანათლებლობის გავრცელებისას დამკვიდრდა ცნება „ნაცია“. რახან ეს ცნება სეკულარიზებული იყო, ამიტომ მისი დამკვიდრება კათოლიკური ევროპული ერთიანობის მომხრე ქვეყნებში არ გაძნელებულა. განმანათლებლობის გავრცელებისას რელიგიურ დიატრიბას კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის დაკარგული ჰქონდა აქტუალობა. განმანათლებლებმა თავისი სკეფსისით, განსაკუთრებით კი ვოლტერმა თავისი  ანტირელიგიური სარკაზმით, წარსულის კუთვნილებად აქციეს ეს რელიგიური დავა და მას განმანათლებელთა დისკურსში აღარ ჰქონდა მსაზღვრელი მნიშვნელობა. ნაციის ცნებამ კი საგანმანათლებლო ჰუმანიზმში მიიღო გაგრძელება ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის სახით. თუ XX საუკუნის დასაწყისში სუვერენიტეტისათვის ბრძოლას იწყებდა რომელიმე აფრიკული ტომი ან აზიის რომელიმე ხალხი, ავტომატურად ისინი ნაციებად ითვლებოდნენ მსოფლიო პოლიტიკაში. აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა (პრეზ. წლ. 1913- 21) საამისოდ ბევრი გააკეთა.  ამ წესს იზიარებდნენ როგორც ბოლშევიკები, ასევე ევროპელი სოციალ-დემოკრატები და ამერიკელი ლიბერალები.

აღმოსავლურ ქრისტიანობაში არ ყოფილა ასეთი ერესი, რომელიც მაგალითად, სიტყვა „ეთნოსს“ ან „გენოსს“ მიანიჭებდა ბიზანტიური საეკლესიო ერთიანობის დამარღვეველ პოლიტიკურ მნიშვნელობას. რუსეთში ევროპიდან მოვიდა უკვე მთლიანად სეკულარიზებული და განმანათლებლობის მიერ შეთვისებული ცნება „ნაცია“. რუსეთიდან შემოვიდა ეს ცნება საქართველოში განმანათლებლობის გავრცელებასთან ერთად. მანამდე საქართველოში არავინ არა უწყოდა რა იმ რელიგიურ ომებსა და ერესებზე, რამაც შექმნა პანევროპული პროტესტანტული მოძრაობა. რუსეთის მეფის დასამხობად პროტესტანტული ერესი და რუსი ერესიარქების მოღვაწეობა აღარ იყო საჭირო. ცარიზმთან საბრძოლველად უკვე არსებობდა ევროპაში შექმნილი  სეკულარიზებული პრინციპები და ცნებები. საქართველოში დაინახეს მხოლოდ უკვე მთლიანად სეკულარიზებული ნაციის ცნება და მის საფუძველზე წარმოშობილი ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი. ნაციის ცნება გლობალურ პრინციპად იქცა XIX საუკუნის რევოლუციურ მოძრაობაში. ნაციის ცნებაზე მიუთითებდნენ ხალხები დეკოლონიალიზაციის პერიოდში XX საუკუნის 50-60-იან  წლებში. ამ დროს აღარ ექცეოდა იმას ყურადღება, იყვნენ თუ არა ხალხები რელიგიური ერესის მიმდევარნი. რელიგიური მრწამსის გამოხატვას აღარ ჰქონდა ისეთი მნიშვნელობა, როგორც ეს იყო ლუთერისა და კალვინის დროს. ნაციის ცნებასა და თვითგამორკვევის პრინციპზე  მიუთითებდნენ ხალხები საბჭოთა კავშირის დაშლისას.

როდესაც დასავლეთის გავლენით სიტყვა „ნაციონალური“ ასე დამკვიდრდა ქართულ ენაში, ეს ამწვავებს ქართული ეკლესიის რესპუბლიკანიზების საკითხს. მახვილი თვალი ამას შეამჩნევს, რომ უცხოეთიდან შემოსული ტერმინები საბოლოოდ მაინც სარწმუნოების დოგმებს ეხება და მათ რევიზიას საჭიროებს. აღმოსავლური ეკლესიის სწავლება მონარქიის მარადიულობასა და დოგმათა უცვლელობაზე დიდ შეუსაბამობაში იმყოფება იმ პოლიტიკურ სინამდვილესთან და ცნებებთან, რაც ანგლოსაქსური გავლენის შედეგად დამკვიდრდა მსოფლიოში.

ინგლისური ლექსემა national development, რაც ითარგმნება ნაციონალურ (ეროვნულ) განვითარებად და ხშირად გამოიყენება პოლიტიკურ ლექსიკაში, სინამდვილეში გულისხმობს სახელმწიფო განვითარებას და ასე უნდა ითარგმნოს. ეროვნული ვერ იქნება სახელმწიფოს აღმნიშვნელი ქართულში. ეს დიდი შეცდომაა რომელსაც წლობით ვერ ამჩნევენ.  ლექსემა national development ინგლისურ ენაში  თავისი სემანტიკით აღნიშნავს განვითარებას ნაციიდან იმპერიამდე.

მოვიყვან კიდევ რამდენიმე მაგალითს: National debt არის სახელმწიფო ვალი და არა ნაციონალური ან ეროვნული ვალი, როგორც ასეთი თარგმანები არის ეკონომიკურ ლიტერატურაში. National enterprise  თარგმნილი იყო ნაციონალურ საწარმოდ. საბჭოთა დროის ეკონომიკურ ლიტერატურაშიც იყო შეცდომა, როცა национальный доход ითარგმნებოდა როგორც ეროვნული შემოსავალი. უნდა ყოფილიყო – სახელმწიფო შემოსავალი. ტერმინი „ნაციონალიზაცია“ ზუსტად გამოხატავს  იმას, რა აზრიც არის ამ სიტყვის ფუძეში. ეს არის კერძო საკუთრების განსახელმწიფოებრიოება. გამოთქმა national identity გაიგება როგორც  национальная  идентичность და национальный нрав, характер. ის ასევე გულისხმობს სიტყვას sense (смысл, აზრი), (იხ. Oxford Dictionary).  ქართულად „ნაციონალური იდენტურობა“, რაც ხშირად იწერება სოციოლოგიურ ტექსტებში, არის national identity-ს  კალკა და აზრობრივად არაა სწორი და ვერც გვაგებინებს, რას გულისხმობს.  რუსულში სიტყვას идентичность აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. ეს არის тождественность (იგივობა), одинаковость (ერთგვარობა). ის მრავალი რამ, რაც ინგლისურ ენაში ერთი სიტყვით აღინიშნება, რუსულ, ასევე გერმანულ, ბერძნულ და სპარსულ  ენებში სხვადასხვა სიტყვებით აღინიშნება. ამიტომაა ინგლისური ფილოსოფიური ტექსტის წაკითხვა დიდად საწვალებელი. ინგლისურში  identity-ს აქვს როგორც ერთგვარობის, ასევე ნამდვილის და პერსონის, ინდივიდუალობის, ასევე საზრისის მნიშვნელობა. ქართულში სიტყვა იდენტურობა (იდენტობა), რაც ბოლო დროს ხშირად მოიხმარება, რუსულის გავლენით ერთმნიშვნელოვანია და აღნიშნავს ერთგვარს, იგივურს.  National identity  უნდა ითარგმნოს, როგორც ეთნიკური იგივობა და ფრჩხილებში მიეთითოს, რა ითარგმნა ასე. ეს თარგმანი უნდა იყოს მანამ, სანამ სიტყვა nation-ის ქართული შესატყვისი გაჩნდება და დამკვიდრდება.

ინგლისური ენის შემოჭრამ აუცილებელი გახადა იმ უცხოურ სიტყვათა მნიშვნელობების ცოდნა, რომელნიც ადრე მონოსემანტიკურობით იყვნენ ცნობილნი და ასე მოიხმარებოდა მეტყველებაში. სიტყვა „ოკუპაცია“ და „ოკუპანტი“უხშირესად გამოიყენება. იგულისხმება ამ სიტყვის მხოლოდ ის მნიშვნელობა, რაც პოლიტიკურ ლექსიკონებშია მითითებული. Occupant კი მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა.  სიტყვა occupation აშშ-ს ისტორიოგრაფიაში სულ გამოიყენება. მაგ., The occupation of Jamestown, the occupation of Oregon და ა.შ.. ინგლისურში occupant-ს არა აქვს ისეთი ნეგატიური სემანტიკა, როგორც მას აქვს საზოგადოდ პოლიტიკურ ლექსიკაში (მაგ., მოწოდება – Occupy Wall Street (დაიკავე უოლ  სტრიტი)). Occupant იგივეა რაც local resident (ადგილობრივი მცხოვრები). Occupant მოხელესაც ნიშნავს. ახლახანს, 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში, უცხოურ ტელეარხებზე ითქვა, რომ საფრანგეთის სამხედრო კონტინგენტმა მოახდინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (C. A. R.) დედაქალაქის ოკუპირება. რა აზრითაც სიტყვა „ოკუპანტი“ საქართველოში გამოიყენება, ის მხოლოდ ამ სიტყვის ერთ-ერთი მნიშვნელობაა. ამიტომ უცხოეთში გასაგზავნ ინგლისურად თარგმნილ პოლიტიკურ ტექსტებში ამ სიტყვის ხშირი გამოყენება მოკლებულია იმ ლინგვისტურ და მორალურ ეფექტს, რაც მას ქართულში ან რუსულში აქვს. რუსულის გავლენითაა, რომ სიტყვა „ოკუპანტი“ მხოლოდ ერთი მნიშვნელობით გაიგება და მოიხმარება. ასევე არის სიტყვა „პოპულიზმი“, რომელიც ასევე ხშირად მოიხმარება საქართველოში.   ინგლისურად ხალხოსნობა (ნაროდნიკობა) არის populism. შესაბამისად, პოპულისტი არის ხალხოსანი. პოლიტიკური ლექსიკონის განმარტებით კი პოპულისტი სულ სხვა აზრის მქონეა. სიტყვა public ნიშნავს სახელმწიფოს (ზედ.სახ.)  (natonal), სახალხოს და საზოგადოებრივს.  განათლების რეფორმის შემდეგ  საჯარო სკოლა აბრებზე ითარგმნება როგორც Public school, რაც არაა სწორი. უნდა იყოს -სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სახალხო სკოლა. სხვა შემთხვევაში public defender ითარგმნება როგორც სახალხო დამცველი (ომბუდსმენი). სიტყვა politician  ნიშნავს სახელმწიფო მოღვაწეს, პოლიტიკოსს და ამ აზრით გამოიყენება ის ანგლოსაქსურ სამეცნიერო ლიტერატურაში. პოლიტიკანი კი უცხო სიტყვათა ლექსიკონის, ან პოლიტიკური ლექსიკონის მიხედვით, სულ სხვას ნიშნავს. ერთი მაგალითიც: ხშირად წარმოთქმული სიტყვა comfort არის ბიბლიური მნიშვნელობის ცნება და უკავშირდება ხსნას, ცხონებას, ნუგეშინს. ეს არის ლათინური არსებითი სახელის salvatio-ს (ცხონება, ხსნა), (ზმნა – salvo – ხსნა, გადარჩენა.  Salvator ეწოდება ქრისტე მაცხოვარს და აქედანაა ანთროპონიმები -სალვატორე, სალვადორი) ინგლისური შესატყვისი.  კომფორტი (ქამფე(რ)თ) გვარიც არის ანგლოსაქსებში, ისევე როგორც ბაიბლი (Bible).  სიტყვა „კომფორტის“ სხვა მნიშვნელობა არის მოსახერხებლობა, მოსვენება.  ეს სიტყვა ამიტომ დაუკავშირდა რეკლამას და კონსიუმერიზმს. მოხდა ამ სიტყვის ვულგარიზება სიტყვასთან „პრობლემა“ ერთად.

ქართული ლექსიკოგრაფიის უდიდესი ნაკლოვანებაა, რომ დღემდე არ არსებობს ქართული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონი. არც სადმე სამზადისი ჩანს მასზე მუშაობის დაწყებისა. სომხურ ლექსიკოგრაფიას დიდი ხანია აქვს აჭარიანის გამოცემული ასეთი ლექსიკონი. არის ფასმერის რუსული ენის ეტიმოლოგიური ლექსიკონის რამდენიმე ტომი. ბოლო დროს გამოცემული უცხო სიტყვათა განმარტების ქართული ლექსიკონები ეტიმოლოგიური ლექსიკონების არარსებობით გაჩენილ დეზიდერატუმს ვერ ავსებს. ეტიმონების განმარტება სულ სხვა რამ არის.

პროტესტანტული პოლიტიკური კულტურის კვალი ჩანს აბრევიატურაში UN (United Nations). რუსულის გავლენით ის ითარგმნება როგორც გაერთიანებული ერები. წესით უნდა იყოს გაერთიანებული სახელმწიფოები. ამ ორგანიზაციაში ბოლო დროს შესული ერიტრეისა და სამხრეთ სუდანის ტომები ფორმალურად იწოდებიან ნაციებად, მაგრამ რახან აქ შევიდნენ, ისინი ნაცია-სახელმწიფოებად ითვლებიან. ქართული ენის თავისებურებიდან გამომდინარე, სხვაგვარი თარგმანი ვერ იქნება სწორი. თუ რუსები თარგმნიან ასე: объединённые нации, ესეც არაა მთლად სწორი, მაგრამ რუსული ინდოევროპული ენების ოჯახში შემავალი ენაა და ასეთ თარგმანს ის ქართულ ენაზე მეტად ჰგუობს. ამის გარდა, რუსეთში იყო ევროპული რევოლუციონიზმისა და ათეიზმის დიდი პერიოდი. ყოველივე ის, რაც ევროპაში იყო პროტესტანტული მოძრაობის შემდეგ, იყო რუსეთშიც. ამან დააახლოვა რუსეთი პროტესტანტულ პოლიტიკურ კულტურას, ნაცია-სახელმწიფოების მიერ დაწყებულ მოდერნის ეპოქას. ამიტომ რუსულში სიტყვა национальный გულისხმობს სიტყვას – государственный. საქართველოში კი არაფერი საკუთარი არ ყოფილა. ვერ იქმნება ნაციის შესატყვისი ლექსიკური ერთეული. სიტყვა „ერი“ არანაირად არ შეესაბამება სიტყვა „ნაციას“ (nation). აბსტრაქტული და კრებითი სახელების შექმნაში ქართული ენა ჩამორჩება სხვა ენებს. სიტყვები „ხალხი“, „ეთნოსი“, „ტომი“, „ჯამაათი“ არაქართულია.

ქართული ენის განმარტებით რვატომეულ ლექსიკონში (ტ. III, თბ., 1953)  სიტყვა „ერი“ სტალინისეული ცნობილი დეფინიციით არის მოყვანილი. ამას მოსდევს იდეოლოგიური განმარტებანი თუ რა არის ბურჟუაზიული ერი და სოციალისტური ერი. ნაციის ცნება ისეთია, რომ ის მუდამ პოლიტიკიდან გამომდინარეა, ამიტომ მისი განმარტება ვერ აუვლის გვერდს იდეოლოგიას. ის ვერ იქნება დეიდეოლოგიზებული ცნება. ყველაზე ნეიტრალურ დეფინიციაშიც კი სჭვივის იდეოლოგიური, კრატოლოგიური მომენტი. ქართული ენის ახალი განმარტებითი ლექსიკონის (უკვე გამოსულია ორი ტომი) მომდევნო ტომის გამოცემისათვის სიტყვა „ერი“ ახლებურად უნდა განიმარტოს. ეს დიდად საჭირო რამ არის.  ქართულ ენაში ვერ იქნება ისე, რომ nation ითარგმნებოდეს როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. ნაციონალური კი ყოველთვის ვერ იქნება ნათარგმნი როგორც ეროვნული, სანამ არ შეიქმნება nation-ის (ნაციის) ქართული შესატყვისი. მაგალითად, სახელწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითქოს გულისხმობს ეროვნულ მოძრაობას იმ აზრით, რა აზრითაც ეს ცნება მოიხმარებოდა გარდასული საუკუნის 90-იან წლებში. სინამდვილეში კი ამ სახელწოდების სემანტიკა ასეთია:  „ერთიანი სახელმწიფოებრივი მოძრაობა“. როდესაც ითქმის „ეროვნული პროგრამა“, აქ სინამდვილეში კალკასთან გვაქვს საქმე და პროგრამა ეროვნული კი არაა, არამედ სახელმწიფოა.  გამოთქმა „ერთიანი ეროვნული გამოცდები“ ასევე არასწორია. უნდა იყოს „ერთიანი სახელმწიფო გამოცდები“. საბჭოთა დროს სწორედ ასე ეწოდებოდა საატესტატო გამოცდებს. ასევე არასწორია „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“,  „ეროვნული არქივი“, „ეროვნული ბანკი“, „მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“, (მეცნიერებათა აკადემიას ჰქონდა პროგრამა:  „წყალი – ეროვნული სიმდიდრე“),  „აღსრულების ეროვნული ბიურო“, „ფეხბურთის ეროვნული ნაკრები“, „ეროვნული ჩემპიონატი“,  „ეროვნული კვლევითი პროექტები“, „8-ის ნაცვლად აკრიფეთ ეროვნული პრეფიქსი 0“, „საკომუნიკაციო ქსელები ნუმერაციის ეროვნულ სისტემაზე გადავიდა“ და სხვა.  აქ ყველგან „ეროვნულის“ მაგივრად უნდა იყოს „სახელმწიფო“ (როგორც ზედსართავი სახელი).  სახელწოდებაში „საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემია“ იგულისხმება ქართული და არა სახელმწიფო აკადემია. გამოთქმებში „ნაციონალური სამზარეულო“, „ნაციონალური სიმღერები“  იგულისხმება ქართული. მაგრამ,  „საქართველოს ნაციონალური ატლასი“ (გამოვიდა 2011 წელს), გულისხმობს სახელმწიფო ატლასს. გამოთქმაში „ეროვნული წარმოების ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი“ იგულისხმება ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რადგან ეს საწარმო არაა სახელმწიფო. გამოთქმები national interest, national security არ უნდა ითარგმნოს როგორც ეროვნული ინტერესები და ეროვნული უსაფრთხოება, არამედ უნდა იყოს: სახელმწიფოებრივი (სახელმწიფო)  ინტერესები და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება.  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თარგმნილია როგორც Georgian National Academy of Sciences. აკადემიის დასახელება ქართულიდან ინგლისურად კი არაა თარგმნილი, არამედ ინგლისურიდან ქართულადაა თარგმნილი. მეცნიერებათა აკადემია, ვიმეორებ, სახელმწიფო დაწესებულებაა და არა ეროვნული. მეცნიერება ვერ იქნება ეროვნული. ის ზეეროვნულია, კოსმოპოლიტურია თავისი გაჩენის დღიდან.

რომელიმე კერძო უნივერსიტეტს თუ ეწოდება ეროვნული უნივერსიტეტი, ეს იმ აზრით, რომ ქართული სულის მქონე სასწავლებელია, ან მოსწავლეთა მოზიდვის გამო ჰქვია ასე. მაგრამ როცა ამ სასწავლებლების ინგლისური დასახელებაა აბრებზე და დოკუმენტებში, წერია national და არა state. ანგლოფონური მხარიდან მოსული როცა ამას კითხულობს, ის იფიქრებს, რომ ეს კერძო უნივერსიტეტები ან სახალხოა, ან კიდევ სახელმწიფო. უნივერსიტეტს არ შეიძლება ეწოდოს ეროვნული იმ აზრით, რა აზრითაც ეროვნულის ცნება მოიხმარება იმპერიიდან, უნივერსული სახელმწიფო ერთობიდან გასვლის მოსურნე ეთნოსის მიერ. უნივერსიტეტი ზეეროვნულია ყოველთვის და თვით ეს დასახელება – უნივერსიტეტი, გულისხმობს უნივერსულს, სუპრანაციონალურს. ეს იმის მიუხედავად, რომ რევოლუციონიზმის პერიოდში უნივერსიტეტების გახსნა ნაცია-სახელმწიფოებში იყო ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის შემადგენელი ნაწილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დამკვიდრებული სწორი თარგმანია Tbilisi State University და არა National University. ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში იყო თბილისის საერო უნივერსიტეტი და აბრაზე თარგმნილი იჰქონდათ როგორც National University, რაც შეცდომა იყო. საერო არის secular.

ამ საკითხებზე საუბარი მქონდა თსუ-ს ფილოლოგ პროფესორებთან, რომელნიც ლექსიკონებისა და გრამატიკის  შემდგენელნი არიან. დიალოგი არ გამოვიდა. თვით უნივერსიტეტში ვეღარ გრძნობენ ქართული სიტყვის დვრიტას და ვერ ამჩნევენ სად რა ნაკლულებაა. სამაგიეროდ ისწავლეს ლიყიანი ინგლისური ლაპარაკი და მოსაჩვენებელი სამეცნიერო სტატიების წერა.  ესა თუ ის დარგი ბევრ ქართველ მეცნიერს თავისი ნალია ჰგონია, რახან რაღაც დაუწერიათ.

ვფიქრობ ამ განმარტებათა შემდეგ ქართული ენის მოესავი მკითხველი თანდათან ჩასწვდა საკითხის არსს. გულისყურით მივიღებ მის მიერ გამოთქმულ აზრს.

დეკემბერი, 2013 წ.

Summary

This article discusses the use of the term “nation”. In the Georgian language word “national” translated incorrectly and applied in the wrong sense. If in the English language word “nation” has meaning of  “people” and  “state”, in the Georgian this word is translated only in the sense of  “people”. The Georgian language has no word that denotes the word “nation”.

The nation-state is the result of schism in church. Anglo-Saxon political culture goes back to Calvin. The concepts of nation and nation-state have spread worldwide.

გადაბეჭდა ჟურნალმა “საისტორიო ვერტიკალები”, N 31, 2015

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s