კრიპტოვალუტა და მისი მომავალი მსოფლიო ეკონომიკაში


*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში: „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 3, (171), 2014).
XIX-XX  საუკუნეების ცნობილი ანარქისტები (პიერ ჟოზეფ პრუდონი, ჰენრი დევიდ თორო, მიხაილ ბაკუნინი, რუდოლფ როკერი, მიურეი როტბარდი და სხვ.) ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ და შეეტყოთ ბიტკოინისა (Bitcoin, BTC) და სხვა კრიპტოვალუტების (cryptocurrency) არსებობა, ალბათ, დიდად გაიხარებდნენ,  რადგან ბიტკოინი და ყველა პირინგული ვირტუალური ვალუტა არის ანარქიზმის, დეცენტრალიზაციის და სახელისუფლო რეგულაციის უარყოფის გამოხატულება.  ბიტკოინი სადღეისოდ გამოდის, როგორც კრიპტოანარქიზმის სიმბოლო, რომელიც შვა ლიბერტარიანულმა ეკონომიკურმა დისკურსმა.

ნობელიანტმა ეკონომისტმა (1974), თავისუფალი ბაზრის უთვალსაჩინოესმა აპოლოგეტმა, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკმა (Hayek, 1899-1992) 1976 წელს გამოაქვეყნა წიგნი: „ფულის დენაციონალიზაცია“ (Denationalization of Money: An Analysis of the Theory and Practice of Concurrent Currencies). ჰაიეკის აზრი ის იყო, რომ სახელმწიფო მონოპოლია ფულის ემისიაზე უნდა გაუქმებულიყო.  ჰაიეკის განაზრებით, ფულის, როგორც ჩვეულებრივი კომერციული პროდუქტის წარმოება უნდა მომხდარიყო საბაზრო წესით. ჰაიეკის აი ამ ნაშრომმა შეამზადა იდეურად ვალუტის სუროგატის – ბიტკოინის ემიტირება კომპიუტერული ალგორითმების გზით. ბიტკოინი არის ელექტრონული ფული, იგივე კრიპტოვალუტა. ის არის ფიატური (სახელმწიფო) ვალუტის არა მხოლოდ კონკურენტი, არამედ ალტერნატიული ანტიფიატური ვალუტა. ბიტკოინი არის არასახაზინო, ემიტირებული ონლაინური ფინასური ინსტრუმენტი. ის არის კერძო ვალუტა (private currency), რომელიც დირექტიული ორგანოებისაგან დამოუკიდებლად მოქმედებს საფინანსო ბაზარზე.
კონფიდენციალური გადახდა-ანგარიშსწორების მიზნით კრიპტოგრაფია გამოიყენებოდა 1990 წლიდან დევიდ ჩომის (David Chaum) მიერ შექმნილ სისტემაში DigiCash.  მოგვიანოდ,  90-იანი წლების ბოლოს პროგრამისტმა ვეი დაიმ (Wei Dai) დაწერა კრიპტოსავალუტო პროგრამა. აქვე უნდა ვახსენო სამართლის სკოლის პროფესორი ნიკ ზაბო (Nick Szabo). ეს ორი გვარი ყოველთვის ხსენდება ციფრული ვალუტის ისტორიაში.  ბიტკოინი არის 1998 წელს შექმნილი PayPal ონლაინ სისტემის გაგრძელება. ამ სისტემაში ტრანზაქციებს მინიმალური ღირებულება აქვთ.  Google-ს დირექტორთა საბჭოს თავ.-რემ,  ერიკ ემერსონ შმიდტმა (Schmidt) და ამავე კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ჯარედ ქოენმა  (Jared Cohen) 2013 წელს გამოსცეს წიგნი: „ახალი ციფრული ეპოქა“ (The new digital age: reshaping the future of people, nations and business). აქ ლაპარაკია კიბერვალუტის საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და კიბერრისკებზე. შმიდტმა  და ქოენმა ამ წიგნის გამოცემამდე  ჟურნ. Foreign Affairs-ში (Novemb./Decemb. 2010, pp. 75-85) ერთობლივ წერილში იმსჯელეს ინტერნეტის გავრცელებასა და ახალ კომპიუტერულ საფრთხეებზე.   ვირტუალური ვალუტის იდეა არსებობდა ამერიკელი ფანტასტიკოსის, ნილ თაუნ სტივენსონის რომანში „კრიპტონომიკონი“ (Neal Town Stephenson. Cryptonomicon, 1999), რომელმაც 2000 წელს მიიღო ლოკუსის პრემია (The Locus Poll).
ინტერნეტში მომრავლდა ასეთი ტიპის განცხადებები: „გვჭირდება მაინინგი! ყოველ 60 წამში გარიგება და მოგება 85 %-მდე. დარეგისტრირდით!“, „გთავაზობთ ბიტკოინით ვაჭრობის საუკეთესო საშუალებას!“, „გადაცვალე  ელექტრონული ფული რეალურ ვალუტაზე!“ და სხვა.
ასეთი განცხადებები გულისხმობს პირინგად (peer-to-peer, P2P – ტოლფარდისადმი ტოლფარდი)  წოდებულ კრიპტოსავალუტო დეცენტრალიზებულ  ქსელში  დარეგისტრირებას, როდესაც საკუთარი მძლავრი კომპიუტერით მონაწილეობ ვირტუალური ვალუტის მოპოვებაში (მაინინგში).  კრიპტოვალუტა არის გადახდის საშუალების განსაკუთრებული სახეობა (აქ შედის ბიტკოინი, ლაითკოინი, ნეიმკოინი და ა.შ.). კრიპტოვალუტის ემისია და აღრიცხვა ემყარება კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. ეს ციფრული ვალუტა არაფრით არაა დაკავშირებული არც მწარმოებლურ ეკონომიკასთან, არც საბანკო კაპიტალთან. კრიპტოგრაფია არის კონფიდენციალობის დაცვის სამეცნიერო დისციპლინა. რახან კრიპტოგრაფია გამოიყენება ელექტრონული ფულის შექმნისა და შენახვისათვის, ამიტომ მოიხმარენ ტერმინ „კრიპტოვალუტას“. ყველა კრიპტოვალუტის პროგრამული უზრუნველყოფა ეფუძნება ბიტკოინის სისტემის ღია საწყის კოდს.
არსებობს კრიპტოლოგიური გამოკვლევების საერთაშორისო ასოციაცია (International Association for Cryptologic Research), რომლის საიტია: http://www.iacr.org . მას აქვს თავისი ჟურნალი Journal of Cryptology (www.iacr.org/jofc/). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრონულ ვალუტას აქვს პერსპექტივა და ამის შესწავლას ეძღვნება მრავალი შეხვედრა, რაც ამ ასოციაციის საიტზეა ნაუწყები. ბუნებრივია, რომ მსოფლიო ფინანსების ისტორიაში ამ ახალ მოვლენას ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები. ერიკ შმიდტმა ბიტკოინს კრიპტოგრაფიის დიდი მიღწევა უწოდა. 2013 წლის ნოემბერში, ბენ ბერნანკემ, ფედრეზერვის (FRS) აწ უკვე ყოფილმა თავ.-რემ, ისაუბრა კრიპტოვალუტის პერსპექტივაზე. დეკემბერში კი მისმა წინამორბედმა ამ პოსტზე, ალან გრინსპენმა განაცხადა, რომ ის ბიტკოინს სპეკულაციურ ბუშტად მიიჩნევს. ბერნანკეს შემცვლელმა, ჯანეტ იელენმა (Yellen) ამა წლის თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ ფედრეზერვი დაარეგულირებს ბიტკოინის ბაზარს. ამა წლის მარტში უორენ ბაფეტმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბიტკოინზე თქვა, რომ ეს არაა ვალუტა და გადხდის საშუალება. მე ვერ ვხედავო მას მიმოქცევაში უახლოესი 10-20 წლის განმავლობაში. ნობელიანტმა ეკონომისტმა (2008), პოლ კრუგმანმა ასევე ნეგატიურად შეაფასა ბიტკოინი. პროგნოზისტმა ნურიელ რუბინიმ (Roubini) აღნიშნა, რომ ბიტკოინი სულაც არაა ვალუტა და ის წარმოადგენს ფინანსურ პირამიდას. Bundesbank-ის  (გერმანიის ფედერალური ბანკის) პრეზიდენტმა, იენს ვაიდმანმა  (Jens Weidmann) ბიტკოინისადმი ინტერესი სპეკულაციური მოტივით ახსნა.  ამავე ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, კარლ-ლუდვიგ ტილემ განაცხადა, რომ ბიტკოინი სპეკულაციური ფინანსური ინსტრუმენტია.
2009 წელს, როდესაც ეკონომიკური კრიზისი დასავლეთში პიკს აღწევდა, სატოსი ნაკამოტომ (Satoshi Nakamoto),(მიიჩნევა, რომ ეს ან ფსევდონიმია, ან პროგრამისტთა ჯგუფის სახელი) გამოიგონა ბიტკოინი, დაწერა პროგრამა-კლიენტი ამ ვირტუალური ვალუტისათვის. სიტყვა „ბიტკოინი“ არის კომპოზიტი (bit – 1. ნაწილი, 2. ორმაგი რიცხვი (ინფორმაციის უმცირესი ერთეული); coin – მონეტა). ერთი ბიტკოინი არის ციფრების კომბინაცია, უნიკალური პროგრამული კოდი.  ბიტკოინი არის ვირტუალური ოფშორი, საბაზრო ექსტრემიზმის უკიდურესობა, როდესაც ვალუტა საერთოდ მოწყვეტილია რეალურ ეკონომიკას, საბანკო ლიკვიდობას. ის კიდევ უფრო დაშორებულია რეალურ წარმოებას, საწარმოო ფონდებს, ვიდრე დერივატივები. ვირტუალური ვალუტა ცვლის რეალურ ვალუტას. ამ ელექტრონულ ფულს აქვს დიდი პერსპექტივა, რომელიც შეიცავს როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. ბიტკოინს არ ემუქრება ინფლაცია და ფალსიფიკაცია. ეს კიბერვალუტა უფრო სწრაფად გაიჩენს თავის კლონებს, ვიდრე დეფოლტური სვოპები გაიჩენს ახალ დერივატივებს.  ვირტუალური ვალუტის ბაზარს რომ დიდი პერსპექტივები გააჩნია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბიტკოინის ბირჟებზე – Kraken, BTC.com, Cryptsy და სხვ. უკვე საკმაოდ დიდი კაპიტალი გაჩნდა. ჩინური უმსხვილესი ბიტკოინ-ბირჟა არის Huobi. ამა წლის თებერვლის მიწურულს მოსკოვში გაიხსნა ახალი კრიპტოსავალუტო ბირჟა Exmoney. ელექტრონულ ბირჟებზე ივაჭრება ბიტკოინი და უკვე დაიწყო მისი გამოყენება გადახდის საშუალებად, როდესაც ყიდულობენ სერვისს ან პროდუქტს.  2013 წლის ნოემბერში აშშ-ს სენატის კომიტეტმა სახელმწიფო უშიშროების სფეროში ბიტკოინი აღიარა კანონიერ საფინანსო საშუალებად. ვირტუალური ვალუტის რეგულირება აშშ-ში სულ ახლახანს დაიწყო. ბიტკოინის ბაზრის მონაწილენი ანგარიშვალდებულნი არიან 10 ათას $-ზე მეტი გარიგებების დადებისას. კრიპტოვალუტის ბირჟები არის რისკიანი სამყარო, როგორც XVII საუკუნეში იყო შორეულ ნაოსნობაში წასვლა. ზღვათა მოგზაური ან დაიღუპებოდა, ან ბედს ეწეოდა. მაშინ მრავალი ვაჭარი და მეკობრე აწყდებოდა გემთსადგომებს. ახლა ბიტკოინის ბირჟას მიაწყდება უამრავი ინვესტორი. ცნობილმა ტყუპებმა, ტაილერ და კემერონ უინკლვოსებმა (Winklevoss), რომელნიც Facebook-ის შემქმნელ მარკ ცუკერბერგს ბრალს სდებდნენ იდეის მოპარვაში, 2013 წლის ზაფხულში დააფუძნეს საკუთარი ბიტკოინ-ფონდი და შექმნეს თავისი ინდექსი Winkdex, რომელიც თვალს ადევნებს ვალუტის კურსებს.
ბიტკოინის კურსმა აიწია კვიპროსის შარშანდელი საბანკო კრიზისის დადგომისას.  ამა წლის თებერვალში კვიპროსში გაიხსნა პირველი ბიტკოინ-ბანკი. 2013 წლის ნოემბერში ნიქოზიის უნივერსიტეტმა ბიტკოინი სწავლის საფასურის გადახდის საშუალებად მიიჩნია. ეს უნივერსიტეტი პირველია ამ საქმეში. მან მიმართა კვიპროსის მთავრობას, მიიღოს ზომები ქვეყნის საბიტკოინო ცენტრად გადაქცევისათვის.  ბიტკოინ-ბანკომატი ამავე პერიოდში დაიდგა ესპანეთში. კანადის ფინანსთა სამინისტრომ გასული წლის სექტემბერში მოიწონა საბიტკოინო ბანკომატების დადგმა ქვეყანაში. ამა წლის თებერვლიდან აშშ-იც დაიწყო ბიტკოინმატების დადგმა. გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის აგვისტოში ბიტკოინი საფინანსო აღრიცხვის ერთეულად მიიჩნია, რაც ნიშნავს, რომ ის ფულის სახეობად არის მიჩნეული გერმანიის მთავრობის მიერ. კომპანია Amazon-მა  განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ბიტკოინის მიღებას დაიწყებს. ჰოლანდიაში ამ გაზაფხულზე დაიწყება ბიტკოინის გადახდის საშუალებად მიღება.
კრიპტოვალუტის გავრცელება იმას ნიშნავს, რომ ირღვევა უძველესი დროიდან მომდინარე სახელწიფოს მონოპოლია ფულის მოჭრაზე. ეკონომიკის კლასიკური პარადიგმა, იქნება ეს ლიბერალიზმი თუ სოციალიზმი ვერ ახსნის კრიპტოვალუტის ფორკების (განშტოებების) გაჩენას და მათ მიერ სულ უფრო დიდი სეგმენტის დაკავებას საფინანსო ბაზარზე. ამ ფულადი სუროგატის ახსნას ახალი ეკონომიკური პარადიგმა ესაჭიროება.  შეიქმნა კრიპტოუტოპია, რომ ბიტკოინი დაეხმარება ღარიბ ქვეყნებს ისე, როგორც სხვა არაფერი. კომპიუტერული ტრეიდერების განვითარებასთან ერთად მოსალოდნელია უამრავი ახალი კრიპტოვალუტის შექმნა. კონკურენტი ქვეყნები შექმნიან თავის ვირტუალურ ვალუტებს. უკვე გაჩნდა ალფაკოინი, ვორლდკოინი, ფასტკოინი, პრაიმკოინი, კვარკბარი, ცაიტკოინი, ფიზერკოინი. ინდოელებმა შექმნეს ლაქშმიკოინი, როგორც ბიტკოინის ანალოგი.  ვირტუალური  ვალუტის ახალ-ახალი კლონები ათობითაა. მათი სია მოცემულია გვერდზე:  http://www.coinwik.org/List_of_all_DCs                   ლაითკოინი ბიტკოინის განვითარებაა და მას ამ უკანასკნელზე ნაკლები გავრცელება აქვს. ამა წლის მარტში ლაითკოინით ვაჭრობა დაიწყო ჩინურმა ბირჟამ BTC China-მ. ბიტკოინის შემდეგ ლაითკოინი მეორე ადგილზეა. კრიპტოვალუტის ახალ კლონებს აქვთ უფრო რთული კოდირებული ალგორითმი და მათი ემისიის სისწრაფეც იზრდება. კრიპტოვალუტის ემისია ხდება მაინინგის (mining – მოპოვება) საშუალებით. ერთი კომპიუტერით მაინირებისას (სოლო-მაინინგი) ბიტკოინების მოპოვება ძნელია, ამიტომ იქმნება პულები (საერთო კომპიუტერული ფონდი) და მოპოვებულ ვალუტას ინაწილებენ მეწილე მაინერები.  ბიტკოინის ანონიმური ტრანზაქციის ბლოკების შექმნას ესაჭიროება 24-საათიან სისტემაში ჩართული ზემძლავრი კომპიუტერები, რომლებიც წამში მილიარდობით მათემატიკურ გათვლას ასრულებენ. დროის მსვლელობასთან ერთად, არაფრისაგან იქმნება ციფრული ფული, როდესაც მსოფლიოში გაფანტული კომპიუტერები ასრულებენ მათემატიკურ ოპერაციებს და ქმნიან ბიტკოინს. მაინერები მილიონობით კომბინაციიდან ირჩევენ ერთ ჰეშს (hashing – ჰეშინგი, ჰეშირება არის პროგრამული ოპერაციის სახეობა), რომელიც მოერგება ყველა ახალ ტრანზაქციას და მაინერი იღებს 25 ბიტკოინს, რომელიც ინახება ელექტრონულ საფულეში კომპიუტერის მყარ დისკზე. ჰეშის გამოცნობის შემდეგ ძველი ბლოკი იხურება და იწყება მაინირების ახალი ციკლი.  მაინერების (სამაინერო კომპიუტერების) და გიგაჰეშების (Gigahashes) წარმოება უკვე დაწყებულია და გაუმჯობესებული მოდელებიც გამოჩნდა ბაზარზე.  ერთდროულად შესაძლებელია ბიტკოინების მოპოვებაც და გაყიდვაც.  უზარმაზარი გამომთვლელი კლასტერები გახდება საჭირო, რადგან ბიტკოინის მაინირება სულ უფრო გართულდება. ეს გადაიქცევა სპეკულაციურ ინვესტიციად, იოლი ფულის მოპოვების საშუალებად. კრიპტოსავალუტო ტრანზაქციები საფრთხეს უქნის საბანკო სისტემებს და არსებულ ფიატურ (სახელმწიფო) ვალუტებს. სახელმწიფოსა და ბანკებისაგან კრიპტოსავალუტო ტრანზაქციების დამოუკიდებლობა ქმნის სპეკულაციებისა და ფინანსური პირამიდების დიდ შესაძლებლობას. თქმა არ უნდა, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ ოფშორული კომპანიები, მაფია, ტერორისტული ორგანიზაციები, ასევე  კონკურენტი სახელმწიფოები. ჰაკერები კი შეეცდებიან ბიტკოინის ბირჟების გატეხვას და კრიპტოვალუტის მოპარვას, რაც  2011 წელს ანტივირუსულმა კომპანიებმა აღნიშნეს კიდეც. ევგენი კასპერსკის ლაბორატორიამ 2011 წლის ივნისში აღმოაჩინა ბიტკოინების მოსაპარი ვირუსული პროგრამა. მაინინგ-ტროიანები (ვირუსული პროგრამები) სხვა ქვეყნების ქსელებშიც იქნა აღმოჩენილი.   თაღლითობის მაგალითია 2007 წელს დაფუძნებული უდიდესი იაპონური საბიტკოინო ელექტრონული ბირჟის Mt.Gox-ის ბანკროტობა. ინტერნეტში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჰაკერებმა მოიპარეს 400 მლნ. დოლარზე მეტი. ამა წლის თებერვალში ამ ცნობილმა ბირჟამ მთლიანად შეაჩერა ვაჭრობა. კანადელი მეანაბრეები  გაკოტრებულ ბირჟას სთხოვენ 500 მლნ. დოლარს. იაპონური Mt.Gox-ის გაკოტრებამ გააძლიერა  მისი  კონკურენტი კრიპტოსავალუტო ბირჟები, პირველ რიგში ჩინური ბირჟები. ჩინეთის კომპარტიას უძლიერესი ფინანსისტები ჰყავს, რომელნიც მყისვე აფასებენ მსოფლიო საფინანსო ბაზარზე გაჩენილ ნოვაციას და მოქმედებას არ აყოვნებენ. მრავალი რყევის მიუხედავად, ბიტკოინი მაინც მკვიდრდება ელექტრონულ ბირჟებზე და მისი კურსიც იწევს. მსოფლიო ეკონომიკის გაჭიანურებული რეცესია ხელს უწყობს კრიპტოსავალუტო ბირჟების მომრავლებას. 2010-2 წლებში ჰაკერული შეტევების გამო ბიტკოინის ბაზარმა კრახი განიცადა. 2013 წლის გაზაფხულზე მოხდა ბიტკოინის კიდევ ერთი კოლაფსი. სულ ახლახანს ცნობილი საბიტკოინო ბირჟა CoinEX.pw გაიძარცვა ჰაკერების მიერ. 2013 წლის ბოლოს ერთი ბიტკოინი ღირდა 1 200 $, როცა იმავე წლის თებერვალში ბიტკოინის ერთი მონეტა ღირდა 31, 91 $, აპრილში – 100 $, ამავე თვის ბოლოს კი ერთი მონეტა ღირდა 266 $. აქედან ვხედავთ, თუ რა მაღალი ფლუქტუაციის (ვოლატილობის) მქონეა ბიტკოინი. ნდობაზეა დამყარებული მისი ღირებულება. ამრიგად, ის არის ფიდუციარული (ნდობითი) ფული. რაც უფრო ნაკლებად სტაბილურია კრიპტოვალუტა, მით უფრო პროფიტაბილურია (მომგებიანია) იგი.  კომპიუტერულ ალგორითმს  ენდობი და ამიტომ ბიტკოინის ემისია მოქმედი საშუალებაა. ოღონდ ინფლაციისაგან დასაცავად პროგრამა  თავიდანვე ისე განსაზღვრული, რომ ბიტკოინის ემისია შეზღუდულია ფიატური ვალუტისაგან განსხვავებით, როდესაც აშშ-ს ფედრეზერვი ულიმიტოდ ბეჭდავს ტრილიონობით დოლარს. კრიპტოვალუტის პროგრამის მიხედვით კი, ციფრული ფულის მაქსიმალური თეორიული მოცულობა შეზღუდულია 21 მლნ. ბიტკოინით.
მიმდინარე წლის 28 იანვრის ცნობით, ბიტკოინებით ვაჭრობასთან დაკავშირებული კომპანიის Bitlnstant bitcoin exchange  გენ. დირექტორი, 24 წლის ჩარლი შრემი (Charlie Shrem) დააპატიმრეს ფულის გათეთრების ბრალდებით. ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტია ბიტკოინის მსოფლიო ბაზარზე. ასეთი დრამატული ისტორიის მიუხედავად,  კრიპტოვალუტა სულ უფრო მეტ სოლიდურობას იძენს. გასახსენებია ნორვეგიელი კრისტოფერ კოხის (Kristoffer Koch) ამბავიც. მან 2009 წელს 27 $-ად იყიდა 5 ათასი ელექტრონული მონეტა და ოთხი წლის შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრის მიწურულს, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი მაღალი იყო, გადაცვალა თავისი ელექტრონული ფული და გახდა 886 ათასი $-ის მფლობელი. კურსის სხვაობამ კრისტოფერ კოხი უცებ გაამდიდრა.
ბანკი JP Morgan Chase ცდილობს შექმნას საკუთარი კრიპტოვალუტა, რომელიც ბიტკოინის კონკურენტი იქნება. გერმან გრეფმა, რუსეთის Сбербанк-ის თავ.-რემ, განაცხადა, რომ შესაძლოა ამ ბანკმა გამოუშვას საკუთარი კრიპტოვალუტა Yandex-ის ბაზაზე.  ეს იმას ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტებს შექმნიან ქვეყნების მთავრობები და აქ უკვე იკარგება ვირტუალური ვალუტის შექმნის ფუძემდებლური იდეა, რომ ინტერნეტსივრცეში ვირტუალური კაპიტალი უნდა იყოს მთავრობის კონტროლისა და რეგულაციის მიღმა. ახლა მრავალი ქვეყანა ცდილობს თავის ტერიტორიაზე კრიპტოსავალუტო ჰაბის (ცენტრის) შექმნას. საკითხავია ის, რამდენად ანონიმური და დამოუკიდებელი იქნება ის ვირტუალური ვალუტა, რომელსაც შექმნიან კომერციული, საინვესტიციო და სახელმწიფო ბანკები?  ცხადია, მხოლოდ ახლა იქმნება კანონმდებლობა კრიპტოვალუტების ბირჟებისათვის. წარმოვიდგინოთ, რა კოლიზიები იქნება ინტერნეტში, როდესაც ერთმანეთს შეხვდებიან დერივატივებითა და ბიტკოინებით მოვაჭრე კონკურენტი ქვეყნების ტრეიდერი რობოტები. წარმოვიდგინოთ, რა ამბავი იქნება, როდესაც ბრძოლაში ჩაებმებიან კიბერსავალუტო გაუმჯობესებული კლონები ბაზრის მეტი სეგმენტის მოსაპოვებლად. ყოველივე ამის კანონებით რეგულირება ძალზე ძნელია. სულ მალე ახალი თაობის ინერნეტი გაჩნდება. ეს იქნება კვანტური კომპიუტერების ქსელი. აქ იქნება ათეულათასობით უსწრაფესი ტრეიდერი რობოტი. სახელმწიფო აგენტურა, ასევე ინდივიდუალური ჰაკერები შეეცდებიან ამ რობოტების შეცდომაში შეყვანას ახალ-ახალი ტროიანების (ვირუსული პროგრამების) მეშვეობით. კიბერსივრცე მთლიანად მოწყვლადი ხდება იმის გამო, რომ ნებისმიერი  აკაუნტისა და შიფრის დაჰაკვა შეიძლება. ყოველთვის მხედველობაში უნდა გვქონდეს ის გარემოება, რომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოფშორული კაპიტალი, ასევე დერივატივების კლასები ხელს უწყობს ბანკების ლიკვიდობას, ქმნის კოლოსურ კაპიტალს, ამიტომ მათი აკრძალვა ხელს არ აძლევს გლობალურ საფინანსო სისტემას. საქმე ეხება ტრილიონობით დოლარს. ელექტრონულმა ბირჟებმა განამტკიცა დეფინიცია, რომ  ადამიანი არის homo informaticus  (ინფორმაციული არსება).  ის სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ელექტრონულ ქსელზე. გასარკვევია ისიც, რამდენად დაცული იქნება მაინერების ანონიმურობა. დეცენტრალიზაცია მსოფლიო მასშტაბით, რაც ხორციელდება კრიპტოსავალუტო ბირჟების მიერ, ქმნის კრიმინოგენურ გარემოს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წელია აქვს პროექტი TIA (Total Information Awareness), (ტოტალური საინფორმაციო ჩახედულობა), რომელიც ტერორიზმთან საბრძოლველად შეიქმნა. კიბერკრიმინალთან ბრძოლა კი შეუძლებელია ტოტალური თვალთვალის გარეშე, როგორც ინტერნეტში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ კრიპტოსავალუტო ბირჟების მინაწილეთა ანონიმურობა ვერ იქნება დაცული. ნებისმიერი სოციალური ქსელი გადაიქცევა მუდმივი თვალთვალის ადგილად. მაგალითისათვის, Facebook-ი ქმნის ადამიანის ვიზუალური გამოცნობის კომპიუტერულ სისტემას  DeepFace. არსებობს პროგრამა Tor, რომელიც უზრუნველყოფს ანონიმურ ქსელურ კომუნიკაციას, ფარულ ინტერნეტკავშირს, მაგრამ შესაძლებელია ამ პროგრამის დეანონიმიზაცია.  არსებობს სხვა შპიონაჟური სისტემები, როგორიცაა X-Keyscore, Stellar Wind, Carnivore და სხვა. ისიც სათქმელია, რომ ჩინეთის გავლენა სულ უფრო მზარდია მსოფლიო ეკონომიკაში. ბევრჯერ დაწერილა ჩინურ შპიონაჟზე, როდესაც ჩინური კომპანიები ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების მოპოვებას. მაგალითისათვის, ნაიჯელ ინკსტერი (Nigel Inkster), რომელიც ბრიტანეთის დაზვერვაში (SIS) მუშაობდა და ახლა საფრთხეებისა და რისკების ცენტრის დირექტორია, წერს ჩინურ შპიონაჟზე ელექტრონულ ერაში (Survival, February-March, 2013, pp. 45-65).
დოლარისა და ევროს კრიზისი ისევ გრძელდება და იუანი (ჩინური ფიატური ვალუტა) მათ კონკურენტად გამოდის.  ასეთ დროს კრიპტოვალუტების გავრცელება სულაც არ შეანელებს კონკურენციას. თითოეული მსოფლიო სავალუტო სისტემა არსებობს 30-40 წელი. დღეს აი ამ პერიოდის დასარულია. 1870 წლიდან 1914 წლამდე არსებობდა ოქროს სამონეტო სისტემა. შემდეგ იყო ორი მსოფლიო ომი და გაჩნდა ბრეტონ-ვუდსის სავალუტო სისტემა (1944).  ამ სისტემის რეორგანიზაციის შედეგია დღემდე არსებული  იამაიკის სავალუტო სისტემა (1976-8).  2008-9 წლების რეცესიამ გააცხოველა საუბრები ახალი მსოფლიო სავალუტო სისტემის საჭიროებაზე.  საკითხავია ის, რა ადგილს დაიკავებს კრიპტოვალუტა ახალ სავალუტო სისტემაში. ფაქტია, რომ ვირტუალური ფინანსები არის ონლაინ-ტექნოლოგიების ახალი სიტყვა, რომელიც მომავალში იარსებებს მრავალი სახეცვლილებით, იმის მიუხედავად, როგორი იქნება ეკონომიკის წარმართვის ახალი მოდელი, რაზეც G20-ის (დიდი ოცეულის) სამიტებზეც ყოფილა საუბარი. 2008-9 წლის დეპრესიამ შეარყია ნდობა როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ. კიბერანარქიზმი და კრიპტოვალუტების შექმნა არის კრიტიკის გაგრძელება არსებული გლობალური საფინანსო სისტემის მიმართ. ფიატური ფულის ლიკვიდობის დაქვეითების მაჩვენებელია კრიპტოვალუტის გავრცელება. ფაქტია, რომ ფედრეზერვმა (FRS) ბენ ბერნანკეს ხელმძღვანელობით,  2008-9 წლების დეპრესიის დაძლევა ნაწილობრივ მოახერხა დოლარის ძალზე დიდი მასის გამოშვებით, კუპიურების განუსაზღვრელი ბეჭდვით. რომ არა მრავალმილიარდიანი სახელმწიფო დახმარების გამოყოფა დიდი ბანკებისა და კომპანიებისათვის, ახლა მსოფლიო ეკონომიკის საქმე გაცილებით უარესად იქნებოდა.
მრავალი კომპანია უკვე უნდობლად ეკიდება არსებულ საფინანსო სისტემას და მზადაა დაიწყოს ბიტკოინ-ბირჟების ინვესტირება, რათა ხელიდან არ გაუშვას ხელსაყრელი შესაძლებლობა. იქმნება ბიტკოინომიკა, ახალი ონლაინ- ბირჟები, სადაც ხდება კრიპტოვალუტის კონვერტირება და საბაზრო კაპიტალიზაცია.  სერვისი Neo EasyCoin, რომელიც  გასული წლის დეკემბერში შეიქმნა, მიზნად ისახავს ბიტკოინის საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და მის მასობრივ გავრცელებას.   ბიტკოინს ჰყავს მრავალი მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში. ის ხდება freelancing-ის ნაწილი (ფრილანსერობა არის ფულის შოვნა ინტერნეტ-სერვისის გზით). 2013 წლის დეკემბერში ინდოეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრში, ქალაქ ბანგალორში ჩატარდა კონფერენცია კრიპტოვალუტის თემაზე. მიმდინარე წლის 25 მარტს სან-ფრანცისკოში (აშშ) იგეგმება საერთაშორისო შეხვედრის  – კოინსამიტის ჩატარება, სადაც ცნობილი ბიზნესმენები და ფინანსისტები იმსჯელებენ ბიტკოინზე. ასეთივე შეხვედრები იგეგმება აპრილისა და მაისის თვეებშიც. ბიტკოინი არის მხოლოდ  დასაწყისი ელექტრონული ფინანსებისა. სულაც არაა აუცილებელი კრიპტოვალუტების ბირჟებზე შეიქმნას მრავალმილიარდიანი კაპიტალი იმისთვის, რომ მოხდეს ახალ-ახალი კლონების სრულყოფა, რომელნიც თავად ბიტკოინის შევიწროებას დაიწყებენ. ეს იქნება ალტერნატიული კრიპტოვალუტის ალტერნატივა. ამა წლის თებერვალში უკვე გამოჩნდა გაუმჯობესებული კრიპტოვალუტა Ethereum coin, თავისი საკუთარი მაინინგ-პროგრამით.
ჩემი აზრით, რაც არ უნდა მოხდეს მსოფლიოს სავალუტო ბირჟებზე, ამიერიდან რაღაც ფორმით ყოველთვის იარსებებს კრიპტოვალუტები. ინტერნეტი მის გარეშე უკვე წარმოუდგენელი იქნება. თუ ერთხელ გაჩნდა ელექტრონული ფული და მან რყევების მიუხედავად მაინც აჩვენა ის შედეგი, რასაც მოელოდნენ მისი შემქმნელები, მაშინ ის ტრანსფორმაციის შემდეგ მყარად მოიკიდებს ფეხს საფინანსო ბაზრებზე. დაველოდოთ, რას გვიჩვენებს მსოფლიო ეკონომიკა.
მარტი, 2014

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s