კრიტიკული გამოხმაურება სტივენ ჯონსის ნაშრომზე


ამერიკელმა პროფესორმა, რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარმა, სტივენ ჯონსმა (Stephen Jones) 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence).  2013 წელს წიგნი ქართულად გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. ის თარგმნა ხათუნა ჩხეიძემ.

სტივენ ჯონსი ამბობს, რომ ის ამ წიგნზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 30 წელზე მეტხანს კრებდა მასალებს მისთვის. ნაშრომი ყურადღებით წავიკითხე და მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრებანი. უპირველესად მადლობას ვეტყვი ამერიკელ ისტორიკოსს, რომელიც დაინტერესდა საქართველოს წარსულითა და აწმყოთი და ქართველთა ისტორიაზე წიგნის დასაწერად შრომა გასწია. ანგლოსაქსები ისევ თავისიანის დაწერილ წიგნს წაიკითხავენ საქართველოზე და არა შევარდნაძის სიძის მიერ ინგლისურ ენაზე გამოცემულ მარიამ ლორთქიფანიძის, როინ მეტრეველის და სხვათა წიგნებს. ნურვის აქვს იმის იმედი, რომ ევროპულ ენებზე თარგმნილ ქართველ ისტორიკოსთა შრომებს დასავლეთში ვინმე ყურად იღებს. ფორმალური კოლეგიალობის გამოხატვის იქით საქმე არ წავა. 1998 – 2013 წლებში საკმაოდ ითარგმნა და გაიგზავნა წიგნები დასავლეთში აფხაზეთისა და შიდა ქართლის ომებზე და არც არაფერი.
მთელი რიგი პრინციპული მიზეზების გამო მომიხდება უმკაცრესად გავაკრიტიკო სტივენ ჯონსი მის მიერ ზვიად გამსახურდიაზე გამოთქმული, მეტად მცდარი, ზერელე და აღმაშფოთებელი მსჯელობისათვის. ნაწერში ჩანს, რომ შევარდნაძის ძველი მომხრენი ხვდებოდნენ ამერიკელ ისტორიკოსს და მათთვის მისაღებ, მათი დანაშაულის გამამართლებელ მოსაზრებებს აწვდიდნენ. წიგნში აშკარად ჩანს გამსახურდიას დამხობის გამართლებისადმი დიდი მისწრაფება. ამერიკელ ავტორს საამისოდ მოუშველიებია მთელი არსენალი დღეისათვის უღვთოდ გაცვეთილი, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული ლიბერალური შაბლონებისა.
სტივენ ჯონსის წიგნის ბოლოს მითითებულ ლიტერატურაში (გვ. 402) ნახსენებია გურამ პეტრიაშვილის თავის დროზე ცნობილი პოლემიკური წერილი ლევან ღვინჯილიას წინააღმდეგ, გამოქვეყნებული 1991 წლის მარტის დამდეგს. ცხადია, რომ ეს წერილი აქაურებმა მიაწოდეს სტივენ ჯონსს იმის დასტურად, რომ აი, ზვიადი დემოკრატიის მწველად მოსურნე ინტელიგენტებს დევნიდა და მათ არ უსმენდა. სტივენ ჯონსი ამ საპოლემიკო წერილს თვითონ ძნელად იპოვიდა. იგი კი მიუთითებს ამ წერილზე, მაგრამ საქმის არსს არ ეხება. გ. პეტრიაშვილის ამ წერილს ეწოდება „რას მერჩოდა, რას მებრძოდა, რას მერქაგრეხილებოდა?“. ეს ვრცელი წერილი გაზეთის სამ ნომერშია („საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წ., 2, 5, 6 მარტი). სტივენ ჯონსის წიგნში კი მხოლოდ წერილის პირველი ნაწილი (1991 წლის 2 მარტი) არის მითითებული. ლევან ღვინჯილიასთან კამათში გურამ პეტრიაშვილია სწორი. ის აქ წერს, რომ ინტელიგენცია ცრუ ოპოზიციონერია. წერილი ენათმეცნიერულადაც არის ღირებული, რაც მაშინ მოქილიკე ინტელიგენციამ არ დაინახა. ლევან ღვინჯილიას პირადად ვიცნობ. ის არც ქართული ენის დამცველად ვარგა და არც არაფერი დასავლური ლიბერალიზმისა გაეგება. ღვინჯილია ტელეეთერში ჯდომით მოიყარა. გურამ პეტრიაშვილმა ვერაფერი შეასმინა ზვიადის მომტერე ინტელიგენციას. ამ წერილის პირველ ნაწილში ის წერს: „ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა პოლიტიკაზე მაღლა დგას და იმდენად საკუთრივ პოლიტიკა არაა, რამდენადაც ქართველი პატრიოტის ქმედება“.  ეს კი ასე იყო, მაგრამ ოპოზიციონერი ინტელიგენცია არ ხედავდა, რომ ზვიადისადმი ნასროლი საქართველოს ხვდებოდა. თუ სტივენ ჯონსს ეს წერილი მიაწოდეს ინტელიგენტებმა, მაშინ მიეწოდებინათ მისთვის გაზეთი „თუთარჩელა“ და კლარა აბრამიას აქ ნაჯღაბნი დემოკრატიისათვის ბრძოლის ნიმუშად წარმოეჩინათ. 1992 წელს ამ გაზეთის რედაქტორი აბრამია წერდა, რომ „შევარდნაძე მისაბაძია და ის აგვამაღლებს!“.
ქართველი ინტელიგენცია არ ყოფილა მოქართლე და მოჭირისუფლე. ის ყოველთვის კონფორმისტი და კომპრადორული სულის მქონე იყო. მან დიდი წილი დაიდო ქვეყნის დაქცევაში, აფხაზებისა და ოსების ქართველთაგან სამუდამო განდგომაში. პეტრიაშვილი ალალად აფრთხილებდა ინტელიგენციას და ის სასაცილოდ აიგდეს. სტივენ ჯონსი თავის წიგნში ინტელიგენციის მხარეს იჭერს და ლიბერალური შაბლონებით ფარავს იმას, რაც უფრო ღრმა ჩახედვას და მკაცრ მსჯავრს მოითხოვს.
ახლა კი თანმიმდევრულად მივყვები სტივენ ჯონსის წიგნს ზვიად გამსახურდიას შეფასებაში მის მრავალ ცდომილებათა წარმოსაჩენად. ჯონსის ნაშრომის მესამე თავის ქვესათაურია „ბუნკერი“ (გვ. 73).  ქვემოთ, ტექსტში კი წერს ავტორი, რომ ბუნკერი ოპოზიციის მოგონილი ტერმინი იყო  ჰიტლერთან პარალელის გასავლებად. თუ ეს იცის სტივენ ჯონსმა, მაშინ მას ქვესათაურად სიტყვა „ბუნკერი“ აღარ უნდა გამოეყენებინა, ან ის ბრჭყალებში უნდა ჩაესვა.
ამერიკელი პროფესორი წერს: „გამსახურდიას სწამდა ნახევრად მითოლოგიური და რასობრივად წმინდა ქართული წარსულის; ის საქართველოს ადარებდა მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს, მაგრამ გამსახურდიას დიდი პოპულარობა მხოლოდ ამ ფანტაზიებით არ იყო განპირობებული“ (გვ. 74-5).
ეს ფანტაზიები არ იყო. ეს იყო მრწამსი ზვიადისა და ამერიკელ ავტორს ასე არ უნდა დაეწერა. განა ანგლოსაქსური მესიანიზმი, რომლის გავლენა თავად ჯონსის ამ წიგნშიც ჩანს, ბიბლიას არ ეყრდნობა? მესიანიზმი არაა ფანტაზია. არა, თუ ავტორს გამსახურდიას განქიქება დაუსახავს მიზნად, ეს სხვა საქმეა.
არ ვეთანხმები ავტორის ნათქვამს, რომ „გამსახურდია ისე იქცეოდა, როგორც საბჭოთა პარტიული ბოსი; გულში ქართულ ეროვნულ ინტერესებს ატარებდა,  მაგრამ ავტორიტარული ჩვევები საბჭოთა სისტემისაგან ჰქონდა შესისხლხორცებული, რამაც ის, საბოლოოდ დაამარცხა კიდეც“ (გვ. 75).
ეს მთლიანად არის ტრაფარეტული მსჯელობა, რომლის მსგავსსაც მრავლად წავაწყდებით დასავლელი პოლიტოლოგებისა და ისტორიკოსების ნაშრომებში. გამსახურდიას ვერ ექნებოდა საბჭოთა სისტემისაგან შესისხლხორცებული ავტორიტარული ჩვევები, რადგან ის ჭაბუკობიდანვე ამ სისტემის მიერ იყო დევნილი. ის არასოდეს ყოფილა ამ სისტემის რეპრეზენტაციული ფიგურა და როგორ შეისისხლხორცებდა ავტორიტარულ ჩვევებს? სტივენ ჯონსს ეს შევარდნაძეზე უნდა დაეწერა და არა გამსახურდიაზე. 1992 წლის მარტიდან პარტიული ბოსები ისევ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. მათ მოსვლას მოწონებით მიეგება რენეგატი ქართველი დისიდენტობა, რომელიც მანამდე ქვეყანას ანტისაბჭოური ყვირილით აყრუებდა და ატყუებდა. გამსახურდიას სისხლში გასვრილი ეს დისიდენტობა მტკიცედ შეეკრა ხელახლა მოსულ პარტიულ ელიტას და პოლიტიკაში გადმოსულ რეციდივისტებს. დიდმა ცოდვამ და განკითხვის შიშმა შეამტკიცა კვლავ მოსულ კომპარტიულ მუშაკებს  გაყიდული ანტისაბჭოელი დისიდენტები.  ეს იყო დიდი იდეური ღალატი, რაც არსად მომხდარა საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში. 1992-2003 წლები იყო საერთო ცოდვის ჟამი.  განა ეს ვერ დაინახა სტივენ ჯონსმა? ხელახლა მოსულ პარტიულ ბოსებს არ ჰქონდათ ავტორიტარული ჩვევები? თუ რახან ისინი ამერიკელების მხარეს დადგნენ, მათ ავტორიტარულ ჩვევებს, მათ სრულ არაკომპეტენტურობას პოსტსაბჭოთა დროში დასავლელი მეცნიერნი აღარ ხედავდნენ?
ვინ ჩააგონა სტივენ ჯონსს, რომ ზვიადი საბჭოთა პარტიული ბოსის დარად იქცეოდა? საიდან მოიგონა? არა, ვთქვათ, ზვიადს მშვიდობისმოყვარება არ გამოეჩინა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის სახელით ამოეწყვიტა თავისი მტრები და არა უბრალოდ ოპონენტები, რომელნიც თავიდანვე მის მოკვლას იზრახავდნენ. ზვიადს შეეძლო ეს გაეკეთებინა. მერე რაღას დაწერდა სტივენ ჯონსი? ინტელიგენციამ გაამართლა კრიმინალის პოლიტიზება და ყაჩაღების ამფსონად იქცა. ოპოზიციამ ციხიდან გამოყვანილი ხალხი შეაიარაღა და დაამხო სიმართლე. წლების შემდეგ მან თავისი ცოდვა რუსეთს დააბრალა და დღემდე ყველაფერს მას აბრალებს. ბევრმა ოპოზიციონერმა კი მოგვიანოდ ზვიადის ქება დაიწყო.
სტივენ ჯონსი არ უფიქრდება საკითხის თავისებურებას და ტრაფარეტულად წერს ქართველთა დიდ უბედურებაზე. ის ისე წარმოაჩენს, რომ აი რეფორმები, აი დემოკრატია და ყველაფერი ჰოლივუდურად იქნება საქართველოში. თუ ავტორიტარიზმში ბრალის დადება ასე დამკვიდრებულია ანგლოსაქსურ მეცნიერებაში, მიუხედავად დასავლური იდეის დისკრედიტაციისა, განა ჯორჯ ბუში ერაყში მეორე ომის დაწყებისას (2003 წლის მარტი) და მის შემდეგ ავტორიტარისტი არ იყო? მაშ რაღა იყო? განა ავტორიტარული არაა ნებისმიერი იერარქიული მმართველობა? ტერმინის კონიუნქტურულმა მნიშვნელობამ არ უნდა გვაცდუნოს, ისევე როგორც დღემდე გვაცდუნებს ტერმინი „ტოტალიტარიზმი“. ეს მაშინ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, დასავლური ჰუმანიტარისტიკის გავლენით სწამდა ბევრს, რომ მმართველობა შეიძლება იყოს არაავტორიტარული. სტივენ ჯონსს არ ჰყოფნის კომპეტენცია, რომ გაერკვეს მოვლენათა რიგში და ბანალური მსჯელობით ცდილობს ფონს გასვლას. მე არ ველოდი ასეთ რამეს ამერიკელი ისტორიკოსისაგან, რომელიც წლობით წერდა წიგნს საქართველოზე. სტივენ ჯონსს რისი თქმა სურს, რომ პოლიტიკაში მოსული კრიმინალები, რომელთაც ეყრდნობოდა შევარდნაძე, იყვნენ არაავტორიტარულნი და მათ დაამხეს ავტორიტარი გამსახურდია? უმეტესობა შევარდნაძის მთავრობის წევრებისა გახდნენ მულტიმილიონერები ქვეყნის გაძარცვის გზით. ცხადია, სტივენ ჯონსი ამას არ იტყვის და იგი მკითხველის გაოცებას ცდილობს იმით, რომ გამსახურდიას გაკილვას შესდგომია. ის არ აყენებს საკითხს, რომ 1992 წლიდან ქვეყანაში გამეფდა გაუგონარი უსამართლობა და ძარცვა-გლეჯა. მისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად იყო ამ დროს გარეგნული დემოკრატია. სტივენ ჯონსს ისიც არ დაუნახავს, რომ შევარდნაძის დროს, იოლი გამარჯვებით გალაღებულმა ხუნტამ აფხაზების ამოწყვეტის პროპაგანდა დაიწყო, რაც გამოუსწორებელი შეცდომა იყო. შემდეგ, როცა ხუნტას საქმე შავად წაუვიდა, მან ყველაფერი რუსეთს დააბრალა და წლობით ატყუა ქართველები ამ ფანდით. შევარდნაძე იყო აფხაზების გენოციდის პროპაგანდის ინიციატორი. აფხაზთა გარდა ხუნტა იქადიდა სამეგრელოს ამოწყვეტას გამსახურდიას მხარდაჭერისათვის და მან რამდენჯერმე დაარბია სამეგრელო, რაზეც ამერიკელი ისტორიკოსი განზრახ დუმს.
სტივენ ჯონსი არ იტყვის, რომ ზვიადმა გააკრიტიკა დასავლეთი, რადგან ის არ აფუძნებდა ზნეობრივ პოლიტიკას. არადა, დასავლეთი სულ ამაში არწმუნებდა დისიდენტებს, იმხრობდა ყველა ანტისაბჭოელ პოლიტიკურ მოღვაწეს. ამაზე კარგად უწერია უმცროს კონსტანტინე გამსახურდიას თავის წიგნში „დინების საწინააღმდეგოდ“ (1997).  დასავლეთის პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩა მტაცებლური და ამორალური, რამაც საბოლოოდ დასავლური ლიბერალიზმის დისკრედიტაცია მოახდინა მრავალი ხალხის თვალში. პრეზიდენტ გამსახურდიას დასავლელ ლიდერთაგან გაუცხოებაზე მოლაპარაკე სტივენ ჯონსი (გვ. 331) არ ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე (1991 წლის შემოდგომა) დასავლეთმა დაივიწყა თავისი დანაპირები ეთიკური პოლიტიკის  შესახებ და ის ისევ მაკიაველიზმის გზას დაადგა. ის ცრუობდა, როდესაც საბჭოთა იმპერიის დაშლას ბიბლიური მოსაზრებით ამართლებდა და პოლიტიკის ქრისტიანიზებას ისწავლებოდა. ამით მიიმხრო მან მრავალი უცოდინარი ანტისაბჭოთა დისიდენტი. ის სპეკულირებდა საბჭოთა იმპერიის თემით და მან მოიტანა თავისი იმპერიალიზმი, ლამაზი ფრაზებით შენიღბული ნეოკოლონიალიზმი.
ზვიადი ავტორიტარიზმის გამო კი არ დამარცხდა, არამედ ის დაამარცხა ქართველთა ენითაუწერელმა გამცემლობამ, მესისხლეობამ და სიშლეგემ. გამსახურდიას პოლიტიკას საბოტირებას უწევდა ინტელიგენცია და ის იყოლიებდა უმეცარ, კარგი ცხოვრებით გათამამებულ ქალაქელ ახალგაზრდობას. ინტელიგენცია განზრახ წამლავდა მაშინდელ პოლიტიკურ სიტუაციას და მზად იყო საქართველო გაექრო, ოღონდ ზვიადი მოეკლა. წიგნის დასაწყისში მოიარებით წერს სტივენ ჯონსი „ქართული ელიტის გროტესკულ ქცევაზე“ (გვ. XX). მეტს ის არას ამბობს მასზე.
სტივენ ჯონსმა ეს წიგნი გამოსცა 2012 წელს, მაგრამ ის 1995-7 წლებში დაწერილს ჰგავს. რამდენი მაშინდელი სტერეოტიპი და ანაქრონიზმი არის ამ წიგნში! რამდენი მიკერძოება და ცრუ განსჯაა! შეუმცდარმა მსაჯულმა – ისტორიამ გამსახურდიას სისწორე დაადასტურა ძალზე ბევრ საკითხში. შეუძლებელია, მას არ ჰქონოდა შეცდომები. მისი უშეცდომობის მტკიცება უაზრობა იქნებოდა. როდესაც კაცი ამხელა საქმეს ეჭიდებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც იგი პანკავკასიზმის დაფუძნებას ცდილობდა, ცხადია, შეცდომებიც ექნებოდა. მაგრამ მისი შეცდომები კენჭია იმ დანაშაულებებთან შედარებით, რაც შევარდნაძემ თავისი 12-წლიანი აბსოლუტიზმის დროს ჩაიდინა. ზვიადის უპირველესი შეცდომა იყო ის, რომ მან შეიარაღებულ ოპოზიციას თავით არ აგებინა პასუხი 1991 წლის შემოდგომაზე. მან ვერ გაიმეტა ქართველები დასახოცად. ის კი გაიმეტეს ქართველებმა და შემდეგ ლხინი გადაიხადეს. მისი შეცდომა ის იყო, რომ მან მართალ საქმეს ხმალი არ მიაშველა. ოპოზიციის ამ უაზრო მაქსიმალიზმმა გაქანებული კონფორმიზმის, პოლიტიკური არტისტობის გარემოში დაღუპა ქვეყანა და 1992 წლის ბოროტება დღევანდელობას სწვდება. ზვიადს ქრისტიანიზებული პოლიტიკისა სწამდა. ეს იდეა ბევრჯერ გასმენილა დასავლეთის საეკლესიო მოაზროვნეების მხრიდან. დასავლური ჰუმანიზმი დასამარდა  დასავლეთის მიერ ზვიადის გაწირვითა და მოკვდინებით. ზვიადი არის კაცისა და ღმერთის ურთიერთობის საკითხი ისტორიაში. იმ კაცისა, ვინც ცდილობს ღმრთის მცნებანი დაამკვიდროს პოლიტიკაში. არც ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ერთი სიტყვაც არ თქვა ზვიადზე მას შემდეგ, როცა დრომ ყველაფერს ფარდა აჰხადა და თავისი სახელი უწოდა ყოველს. ევროპული განმანათლებლობის დასრულების ერთ-ერთი ნიშანი იყო ზვიადის გაწირვა დასავლეთის მიერ. დასავლეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისევ თავისი ძველი სახე გამოაჩინა საქართველოში. ისევ ანტიქრისტიანიზმს მიეცა გასაქანი და ლიტონ სიტყვად იქცა ცნობილი ევროპელი ავტორების ამდენი ნაწიგნი ეთიკაზე.
სტივენ ჯონსის წიგნში არსად ჩანს კრიტიკული დისკურსი თავად დასავლეთის დისკრედიტებული იდეის – დემოკრატიის მიმართ. არც იმას იტყვის ამერიკელი ისტორიკოსი, რომ გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებით თავად დასავლეთის იდეას მიადგა დარტყმა პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისშივე. თუ დასავლეთთან დაახლოების გზა გადის ამდენ დანაშაულებაზე, რაც საქართველოში ხდება ბოლო 25 წლის მანძილზე, მაშინ თავად დასავლური ცივილიზაციის რაობაზე უნდა დაისვას საკითხი. სტივენ ჯონსი ისე წერს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, თითქოს იქ არ დამდგარიყოს ფორმაციული და ცივილიზაციური კრიზისი. 2008 წლის ომის განხილვისას სწორად წერს ამერიკელი ისტორიკოსი, რომ „ომმა განამტკიცა საქართველოს დასავლური ორიენტაცია, მაგრამ გამოამჟღავნა დასავლეთის იმედზე ყოფნის ილუზიები“ (გვ. 344).
90-იანი წლები იყო დემოკრატიის იდეის დევალვაციის უწყვეტი პერიოდი. ეს იყო ხანგრძლივი პოლიტიკური სიმულაციისა და სპექტაკლის, სიბრიყვის ტრიუმფის წლები. დასავლეთის მიერ ბოლშევიზმის კრიტიკა ხშირ შემთხვევაში უფრო სპეკულაცია და პოლიტიკური კომბინატორიკა იყო, ვიდრე მორალური პრინციპის გამო გამოთქმული მსჯელობა. ამას მაშინ, 90-იან წლებში ცოტანი ხედავდნენ და რომც ეთქვათ, მათ არავინ მოუსმენდა.
როცა ამ წიგნს წერდა სტივენ ჯონსი, რატომ არ შეხვდა ის უნივერსიტეტში, კვლევით ინსტიტუტებში მომუშავე გამსახურდიას  მომხრეებს? ხომ არ ვამბობ, რომ ის სამეგრელოში უნდა ჩასულიყო და გამოეკითხა 1992 წელს აკლებული ხალხი. არადა, ამ წიგნის დასაწყისში სტივენ ჯონსი ამბობს, რომ მას აქ გამოუყენებია bottom-up (ფსკერიდან ზემოთ) ანალიზი. 30 წელზე მეტი რომ აგროვებდა ის მასალებს, შევარდნაძის მხარდამჭერთა გარდა რატომ არ ჩანს მის წიგნში მეორე მხარის აზრი?
ამერიკელი ისტორიკოსი წერს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ზვიადმა მოღალატეებად შერაცხა (გვ. 77). არა, ღალატის გზას ადგნენ და იმიტომაც შერაცხა მოღალატეებად. საქართველოს დაშლას და გაძარცვას სწორედ ოპოზიციონერმა ინტელიგენციამ დაუდო სათავე. მას ეს არა მხოლოდ ხახვივით შერჩა, არამედ ჯილდოები მიიღო შევარდნაძის მოსვლის შემდეგ. სტივენ ჯონსმა, რომელიც ამ წიგნს 5 წელი წერდა, არ დაინახა, რომ ინტელიგენცია ღალატისა და საბოტაჟის გზას ადგა და ხელი შეუწყო კრიმინალის პოლიტიზაციას. ინტელიგენცია გაუამხანაგდა ბანდიტებს. ინტელიგენციამ (გურამ თევზაძე, ელდარ შენგელაია და სხვ.) თავისი თავი როკფელერის პაპას შეადარა, რომელიც ამერიკაში შარაგზის ყაჩაღობას მისდევდა. ინტელიგენცია იცინოდა საკუთარ ამორალიზმზე და ეგონა, რომ ეს ყველაფერი ჩაიფარცხებოდა და დაიფარებოდა დასავლეთიდან შემოსული ფულის ტომრებით. აბა, გამოვიდნენ ახლა გურამ თევზაძე, მიხეილ ნანეიშვილი, ნოდარ ნათაძე და ფილოსოფიურად განსაჯონ დღევანდელობა. მაშინ ხომ ფილოსოფოსობდნენ. გაბედონ აბა დასავლეთის კრიტიკა. აი ესაა კონფორმიზმი, რომელიც თავს იფარავს ლამაზი სიტყვებით და ეპიგონური ლიბერალობით.
სტივენ ჯონსის წიგნი თითქმის ახლახანს გამოვიდა. რა არ მოხდა, რას არ მოეფინა ნათელი და რა არ დააყენა თავის ადგილზე დროის მდინარებამ. ქართველი ინტელიგენციის თვითლუსტრირება და დეკლასირება მოხდა. აღმოჩნდა, რომ მისი დემოკრატობა კაპიტალსა და დასავლურ სისტემას არაფერში სჭირდება.  სისტემამ მხოლოდ გამოიყენა ინტელიგენცია ინტელექტუალური ილუზიების შესაქმნელად შემდეგ ის შორს მოისროლა. ამერიკელი ისტორიკოსი კი ისე წერს და ისეთ კლიშეებს იყენებს, რომ თითქოს არაფერი მომხდარიყოს, თითქოს არ გამოსულიყოს ცნობილი ამერიკელი ავტორების ბესტსელერებად ქცეული ათობით კრიტიკული წიგნი კაპიტალიზმისა და მთლიანად დასავლეთის კრიზისზე. აი ამიტომ, ამ წიგნის კითხვისას ხშირად მქონდა სურვილი შემეძახა სტივენ ჯონსისათვის: თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველა ბალახს ძოვს და არავის არაფერი ეყურება?
აღმაშფოთებელია სტივენ ჯონსის კიდევ ერთი მსჯელობა: „ვაცლავ ჰაველი რომ ყოფილიყო საქართველოში, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა“ (გვ. 77). კი მაგრამ, ჰაველი რითი იყო გამსახურდიაზე მეტი? მის დროს ხომ ორად გაიყო ჩეხოსლოვაკია. შეენარჩუნებინა მას ერთიანი ქვეყანა შუაგულ ევროპაში. ვაცლავ ჰაველი 90-იან წლებშივე გაუფერულდა. ის მაშინ სხივოსნობდა, როცა დისიდენტი იყო. ჰაველი ჰაველობდა დისიდენტობის დროს. როდესაც ჰაველი გახდა გლობალური ლიბერალ-კაპიტალიზმის სისტემის ნაწილი, ის ჩანდა როგორც მაღალი რანგის ფუნქციონერი და მეტი არც არაფერი. პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს არაფერი უთქვამს რაიმე ყურადსაღები და კრიტიკული დასავლეთის პოლიტიკაზე. ის ხომ ევროპის ცენტრში იყო და ბევრ არსებით მოვლენას შიგნიდან ხედავდა. ჰაველს კრინტი არსად დაუძრავს დასავლური პოლიტიკის გამო. გამსახურდიამ კი დასავლეთს შეახსენა, რომ აუცილებელი იყო წინა წლებში დეკლარირებული ზნეობრივი პრინციპების დაცვა. ჰაველს ეს არსად უთქვამს. ის 90-იან წლებშივე  გახუნდა და გაიცრიცა თავის დისიდენტურ ნაწერებთან ერთად. ის იქცა სისტემის კონფორმისტად. ცხადია, სტივენ ჯონსი ამას არ დაინახავს. ჰაველს არასოდეს არაფერი უთქვამს გამსახურდიაზე, როგორც იდეურ თანამებრძოლზე. განა მან არ უწყოდა, რა მოხდა საქართველოში, მაგრამ ერთი საკეთილო სიტყვა არ დასცდენია მას გამსახურდიაზე.  ჰაველი კი არა, არამედ ნაპოლეონი ვერას გახდებოდა იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი შლეგი, პოლიტიკური მეძავი და მედროვეა. მხოლოდ საქართველოში გახდა შესაძლებელი ასეთი სიმდაბლის გამოვლენა, რასაც 1991-2 წლების სამოქალაქო ომი და ქართველთაგან საკუთარი ქვეყნის გაძარცვა ჰქვია. ამერიკელი ისტორიკოსი კი ამაზე ასე თამაშ-თამაშით ჰყვება.
სტივენ ჯონსის მომდევნო მსჯელობაც დიდად მოიკოჭლებს. ის წერს: „მსგავსმა გარემოებებმა სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში მსგავსი პიროვნებები და რეჟიმები წარმოშვა“ (გვ. 77).  თუ ეს ასეა, რატომ არ დაამხეს იქაც „მსგავსი პიროვნებები და რეჟიმები“?  ამაზე სტივენ ჯონსი აღარ ლაპარაკობს. ის გამსახურდიას მოღვაწეობას პოპულიზმს უწოდებს. ეს არ იყო პოპულიზმი. ცნებების თვითნებური მიყენებითა და ტერმინების ჟონგლირებით ყველაფრის ნეგატივიზება შეიძლება. მწარე ღიმილის მომგვრელია სტივენ ჯონსის ირონიული მსჯელობა, რომ „გამსახურდიას რეჟიმი იმპერატორ ლუი ნაპოლეონის მსგავსად იმართებოდა საყოველთაო თანხმობით, არჩევნებითა და რეფერენდუმებით, მაგრამ მას უკან სწევდა პოპულისტური იდეები და არადემოკრატიული სტრუქტურები“ ( გვ. 77-8).
კი მაგრამ, უინსტონ ჩერჩილის მოღვაწეობაში არ იყო პოპულიზმი? მარგარეტ საჩერი, რეიგანი და განსაკუთრებით უმცროსი ბუში არ იყვნენ პოპულისტები? რა არის ეს? რა დაუწერია ამერიკელ ისტორიკოსს ზვიადზე?  არა, ხუთი წელი რომ წერდა ამ წიგნს და სულ ეს არის ხუთწლიანი შრომის ნაყოფი?  როცა ეს წიგნი ქართულად გამოიცა, რატომ არ წაუმძღვარეს მას ქართველმა გამომცემლებმა წინასიტყვაობა? გამოდის, რომ ისინი ეთანხმებიან სტივენ ჯონსის მიერ გამსახურდიაზე გამოთქმულ მსჯელობებს. ეს ინდიფერენტიზმი მათ ვერ მიეტევებათ.
სტივენ ჯონსი წერს ზვიადზე: „ის ერთ-ერთ ყველაზე მეტად ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელად მოგვევლინა“ (გვ. 78). გამსახურდიას ხანმოკლე პრეზიდენტობას სტივენ ჯონსი უწოდებს „არაკომპეტენტურ ავტორიტარიზმს“ (გვ. 74).  ვისი დამხობაც დასავლეთს განუზრახავს, მისთვის ავტორიტარიზმი დაუწამებიათ. მართლა ავტორიტარისტი რომ ყოფილიყო ზვიადი, მერე რაღას დაწერდა სტივენ ჯონსი? ის წერს, რომ „გამსახურდიას სამიზნე იყო არა ადამიანის უფლებები, არამედ ქართველის უფლებები“ (გვ. 78). აქ უკეთესი იქნებოდა მთარგმნელს გამოეყენებინა სიტყვა „მიზანი“. სწორი იყო ზვიადი იმაში, რომ უწინარესად ქართველი ხალხის უფლებებს იცავდა და არა ადამიანის უფლებებს. ახალგამოსული იყო საქართველო საბჭოთა იმპერიიდან და სხვაგვარად მაშინ ვერც იქნებოდა. სწორედ ამ საკითხში ედავება დასავლურ ლიბერალიზმს ევროპული კონსერვატიზმი (კარლ შმიტი და სხვები), რომ ხალხის უფლებათა დაცვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ადამიანის უფლებათა დაცვა. ეს საკითხი არ განიხილება ქართულ მეცნიერებაში მისი დიდი კონფორმიზმისა და პლაგიატიზმის გამო. ანგლოსაქსური წარმოშობის ისტორიკოსმა სტივენ ჯონსმა, შეუძლებელია არ უწყოდეს, რომ როდესაც ჩრდილოამერიკული კოლონიები ბრიტანეთის იმპერიისაგან თავის დახსნას ცდილობდნენ (1775-7 წწ.), და ჯორჯ ვაშინგტონს დიქტატორის უფლებანი მიანიჭა კონგრესმა, მაშინ იანკების უფლებებზე, ღვთისაგან რჩეულ ამერიკელ ხალხზე იყო ლაპარაკი ამერიკის დამფუძნებელ მამებთან და არა ადამიანის უფლებებზე.
არ მომწონს, როცა ამერიკელები აი ამ შტამპებითა და შაბლონებით განსჯიან ყველასა და ყველაფერს. მათ სურთ, რომ ამერიკის ისტორია და გზა იყოს ყველა ხალხის ისტორია და გზა. მათ სურთ, რომ ამერიკული ადლით იზომებოდეს ყველაფერი ყველა დროში. ასე კი ვერ იქნება. ისტორიამ ღმრთის ავტორიტეტით განმტკიცებული ათასწლოვანი მონარქიები ააყირავა და გააქრო.  ფუჭია და ამაო დასავლური ლიბერალიზმის ერთადერთობის ჯიუტად მტკიცება, მაშინ როცა განვლილი 25 წელიწადი არის ლიბერალიზმის კომპრომეტაციის და გაუფასურების დასტური. სტივენ ჯონსს რამდენჯერმე ჰყავს დამოწმებული ცნობილი ნეოკონი უმცროსი ჯორჯ ბუშის ბანაკიდან, ფარიდ ზაქარია. კარგი იქნებოდა, სტივენ ჯონსს ორი სიტყვა ეთქვა ზაქარიაზე, როგორც ყოფილ უნილატერალისტსა და ამერიკული იმპერიალიზმის ცნობილ აპოლოგეტზე ერაყის მეორე ომის დროიდან. შემდგომ წლებში ფარიდ ზაქარიამ გამოაქვეყნა მრავალი კრიტიკული წერილი და დააყენა საკითხი ამერიკის დაცემაზე. მხოლოდ ეგ არაა, რომ ფარიდ ზაქარიამ რაღაც თქვა დემოკრატიაზე და ეს ნათქვამი სტივენ ჯონსმა ქართველთა დასარწმუნებლად დაიმოწმოს.
ზვიადი თავისი პოლიტიკით, თავისი შეხედულებებით ახლოს იდგა ევროპულ მემარჯვენე კონსერვატიზმთან. ის ცდილობდა დაეცვა კოლექტივიზმი კაპიტალისტური ინდივიდუალიზმის შემოჭრისას. ეს დასაძრახი და სასაცილო კი არაა, როგორც ამას ოპოზიციონერები აკეთებდნენ და გაზეთებში ოხუნჯობდნენ, არამედ სანაქებო და მისაბაძია. მეტად გაუგებარია სტივენ ჯონსის ნათქვამი, რომ ზვიადი „თავდაცვით ეთნოპოპულიზმამდე“ მივიდა (გვ. 79). აქვე წიგნში წერია, რომ „გამსახურდიას ღვარძლი მიმართული იყო იმპერიის ცენტრისაკენ“. აქ თარგმანი არ ვარგა.  მთარგმნელმა ალბათ, სიტყვა resentment თარგმნა ღვარძლად. უკეთესი იქნებოდა სიტყვა „წყენა“, ან „აღშფოთება“. ასევე არ ვარგა თარგმანი და არც თავად სტივენ ჯონსის მსჯელობა, რომ გამსახურდიამ „მთელი გაღიზიანება გადაიტანა რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე“ (გვ. 79). ეს არ იყო გაღიზიანება, არამედ იყო ქართველთა მოყვარე პატრიოტის, ქრისტეს მოესავი პოლიტიკოსის მიერ თავისი ხალხის დაცვა.
მაშინ, 1989-90 წლებში თავად დასავლეთში არ იცოდნენ როგორი პოლიტიკა გაეტარებინათ სამერმისოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. 1990-1 წლებში დასავლურ მედიაში ისმოდა უფროსი ჯორჯ ბუშის კრიტიკა მისი საგარეო პოლიტიკის გამო. ამ დროს საქართველოში თუ იყო მრავალი გაუგებრობა, შეცდომა და პროვინციალიზმი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ეს ზვიადს ვერ დაბრალდება. აქაც ასე არ გამოვიდეს, რომ ყველაფერი ზვიადს დაბრალდეს და მის ყოფილი თანამებრძოლები, რენეგატი დისიდენტები გამართლდნენ. ზვიადმა დასახა გზა და ქართველთ მისცა ქართული იდეა, რომლის განხორციელებაზე ქართველებმა უარი თქვეს სხვის დაკრულზე ბუქნის ჩვევის გამო. ქართველებმა საკუთარი კერა შეაგინეს და ფესვი მოიკვეთეს 1991-2 წლებში.   ამ სავალალო ფაქტს ვერ დაფარავს პოლიტიკური ტერმინების კორიანტელი. სულაც არაა ისე, რომ ავტორიტარისტი გამსახურდია დემოკრატიულმა ძალებმა დაამხეს. სტივენ ჯონსის მსჯელობით ისე გამოდის, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლისთანავე გამსახურდია მაშინვე ლიბერალ-კოსმოპოლიტურ გზას დაადგებოდა და საბაზრო ექსტრემიზმის დამკვიდრებით გაამართლებდა ახალი დროის უსამართლობასა და ქვეყნის ძარცვას. ზვიადი არ დაუშვებდა საქართველოს გაძარცვასა და გაყიდვას.  ის ცდილობდა რეგულირებადი კაპიტალიზმის შენელებულად დამკვიდრებას, რაზეც მისი ოპოზიცია ქილიკს ვერ რჩებოდა და მას ფარულ კომუნისტობას სწამებდა.
სტივენ ჯონსი წერს, რომ მოწინააღმდეგეები ორ ბანაკად გაიყვნენ, „სადაც ერთ მხარეს იდგა სწორი, ჭეშმარიტი და ერთგული და მეორე მხარეს – მცდარი, ყალბი და ვერაგი“ (გვ. 79). ჯონსი ცდილობს ხელი დააფაროს ოპოზიციას და ზვიადს დააბრალოს ყველაფერი. ერთი სიტყვა არსად უწერია სტივენ ჯონსს, რომ გამსახურდიას დამხობა იყო დანაშაული და მან მოიტანა კატასტროფა. ის არაფერს ამბობს, რომ ოპოზიცია შეიარაღდა რუსეთის სამხედრო ბაზებიდან და დასავლეთის წაქეზებითა და მოწონებით მან საკუთარ ქვეყანას უბედურება დამართა. ის არ ამბობს, რომ შევარდნაძის 12-წლიანი აბსოლუტისტური მმართველობა იყო დიდი დანაშაული.  მაშ რაღას სწავლობდა საქართველოში მრავალი წელი სტივენ ჯონსი, თუ ეს ვერ დაინახა?  სისხლმოწყურებული ოპოზიციის მეცადინობით აირია ქვეყანა. არც დემოკრატია დამკვიდრებულა აქამდე, არც სამართალი. ახლა გამოვიდეს მაშინდელი ოპოზიცია და რაიმე თქვას. საქართველოს დაშლა გრძელდება.
განა მესიანისტმა უმცროსმა ბუშმა ორ ბანაკად არ გაყო მსოფლიო? განა მან არ თქვა, რომ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია? განა ბუშის დროს არ ითქმოდა, რომ სინათლის ძალები ებრძოდა ბნელეთს სადამ ჰუსეინის და სხვათა სახით? განა ეს ყველაფერი დემოკრატიის სახელით არ ხდებოდა? რატომ ამხელს ჯონსი ქართველთა ეროვნულ მოძრაობას „პრიმიტიულ მანიქეიზმში“ (გვ. 330)?  განა ეს მანიქეიზმი თავად ანგლოსაქსური პოლიტიკური დისკურსიდან არაა მომდინარე და რა გასაკვირია, თუ პროვინციალიზმის დაღმოუშორებელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იყო ეს მანიქეიზმი, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია და სატანიზმის ბუდეა, ხოლო დასავლეთი კი ღვთის ძალთა შესაკრებელი. პოლიტიკური მანიქეველობა იყო და არის დასავლური ლიბერალიზმის ფუძე. თუ მაშინ, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ანტისაბჭოელი დისიდენტები მანიქეისტურად განსჯიდნენ, რომ ბოლშევიზმი სატანიზმია და ლიბერალიზმი კი ღვთის სიტყვა, ეს დასავლეთის გავლენით ითქმოდა. განა შევარდნაძე პრიმიტიული მანიქეველი არ იყო, როცა გამსახურდიასთან ომს სიკეთის და ბოროტების ბრძოლას უწოდებდა? განა შევარდნაძის წაქეზებით არ იყო, რომ ზვიადს სატანისტს უწოდებდნენ 1992-4 წლების პრესაში? ამაზე ჯონსი მხოლოდ ერთგან, წიგნის ბოლოში მითითებული ლიტერატურის ჩამონათვალში ლაპარაკობს (გვ. 405). უკეთესი იქნებოდა, რომ ეს ავტორს ძირითად ტექსტში აღენიშნა.
მივყვეთ სტივენ ჯონსის მსჯელობას. ის წერს: „გამსახურდიას მმართველობის არალიბერალური პოპულიზმი ქმედუუნარო იყო. მან სამოქალაქო ომი გააჩაღა“ (გვ. 331). მანამდე სტივენ ჯონსს უწერია ჩემთვის სრულიად გაუგებარი წინადადება: „არალიბერალური პოპულიზმი უკეთესი ჩარჩოა გამსახურდიას ფენომენის სრული სპექტრის გასაანალიზებლად“ (გვ. 315).  რისი არალიბერალური პოპულიზმი? ვინ გააჩაღა სამოქალაქო ომი? ზვიადი გაოგნებული იყო ქართველთა გამცემლობითა და უზნეობით. მან არ მოისურვა ოპოზიციის ლიდერთა ლიკვიდაცია და ეს არის მისი შეცდომა. ამათ რაღა ბიბლიური შეგონება უნდოდათ? როგორ სდებს ბრალს ამდენი მასალის შემსწავლელი ამერიკელი ისტორიკოსი ზვიადს? მაშ რაღა შეისწავლა, თუ ესეც ვერ გაარკვია?  რატომ არაფერს ამბობს ის შევარდნაძის პოპულიზმზე? განა ის არ იყო მართლა პოპულისტი და დემაგოგიის ოსტატი? სააკაშვილი სულ პოპულისტი არ იყო? მერედა, სადმე აქვს ეს ნათქვამი ამერიკელ ავტორს? რატომ არ ამბობს სტივენ ჯონსი იმას, რომ სწორედ გამსახურდიას იდეისადმი აპელირებით მოიპოვა ნდობის უსაზღვრო ლიმიტი სააკაშვილმა 2004 წლის დამდეგს? რატომ არ ამბობს ჯონსი, რომ გამსახურდიას ნეშტის გადმოსვენება და მთაწმინდაზე დაკრძალვა სახალხო გლოვად იქცა? სადმე ყოფილა, რომ პოპულისტი და სამოქალაქო ომის დამწყები, როგორც სტივენ ჯონსი ზვიადზე ამბობს, ასეთი პატივით დაესვენებინოთ? ჯონსი ერთგან წერს, რომ შევარდნაძემ „მოწოდება გააკეთა საერთო კავკასიური სახლისა და საერთო კავკასიური ბაზრის შექმნისაკენ“ (გვ. 349). ზვიადისაგან გადაიღო საერთო კავკასიური სახლის იდეა შევარდნაძემ. ამ იდეას ოპოზიციონერი ინტელიგენცია მრავალი წელი დასცინოდა იმთავითვე ევროპასთან ნათესაობის სახელით. ზვიადის ბევრი იდეა გაიმეორა სააკაშვილმაც. მასთან და შევარდნაძესთან ეს იდეები ლიტონი სიტყვა იყო.
სხვაგან ჯონსი წერს, რომ გამსახურდიას „პოპულისტური სტილი ჰქონდა: ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ აქციებს იმ უმცირესობათა განტევების ვაცად ქცევისთვის იყენებდა, რომელსაც ასიმილაცია არ სურდა, ხოლო დაშინებას „ეროვნული ერთიანობის“ განსამტკიცებლად მიმართავდა“ (გვ. 305).  გამსახურდია არ ყოფილა ასიმილატორი. ის ცდილობდა ქართველობის სატიტულო ნაციად ქცევას პოსტსაბჭოთა საქართველოში და ქვეყანა, სადაც მოსახლეობის თითქმის 40 % არაქართველი იყო, უთუოდ იქნებოდა ეთნიკური შეჯახებები. ეს იმის მიუხედავად, ქვეყნის ახალი მმართველი ნეოლიბერალი იქნებოდა თუ მემარჯვენე კონსერვატორი. ზვიადმა სავალდებულო გახადა ქართული ენის შესწავლა და ქვეყნის პატივისცემა. რა იყო ამაში დასაძრახი? ბარემ რასისტობაში დასდონ ბრალი ზვიადს. ფაშისტი უწოდეს, კომუნისტი უწოდეს, სატანისტი უწოდეს, პარანოიკი დიქტატორი უწოდეს და ეს როგორ გამორჩათ? სტივენ ჯონსი მართებულად წერს, რომ გამსახურდია არაქართველთაგან ითხოვდა ქართული კულტურის უზენაესობის აღიარებას (გვ. 315). აქვე ჯონსი სწორად აღნიშნავს, რომ „გამსახურდიამ საქართველოდან გაძევებული მუსლიმი მესხებიც მიიწვია … სამხრეთ საქართველოში დასასახლებლად, … იმ პირობით, თუ ქართველებად დარეგისტრირდებოდნენ“ (გვ. 315).  მუსლიმი მესხების საკითხი საქართველოსათვის მაშინ ძნელი გადასაწყვეტი იყო. ოპოზიცია ამაშიც სულ გამსახურდიას ადანაშაულებდა. შევარდნაძემ ეს საკითხი გაყინა და მისი 12-წლიანი აბსოლუტიზმის დროს ის აღარ განიხილებოდა.  სტივენ ჯონსს უნდა გაეხსენებინა უზენაესი საბჭოს მიმართვა გაეროს, მსოფლიოს ხალხებისა და მთავრობებისადმი 1991 წლის 28 თებერვალს, სადაც ლაპარაკია სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შიდა ქართლში. ოპოზიციამ გამსახურდიას დამხობა მიახარა ოს სეპარატისტებს. მანამდე ინტელიგენციამ ხელზე დაიხვია ქართველ-ოსთა ომი და გამსახურდიას საწინააღმდეგო მიმართვებს აგზავნიდა უცხოეთში. რატომ არ ამბობს სტივენ ჯონსი, რომ ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლებიდან ერეკებოდნენ ქართველებს? საპასუხო ქმედება იყო ის, რომ ქართლში დაიწყო ოსების დევნა და აყრა. ოპოზიციამ კი ზვიადს დასდო ბრალი ეთნიკურ შუღლში.
უსუსურია და სრულიად გაუგებარი ჯონსის კიდევ ერთი მსჯელობა, რომ „ეროვნულ უმცირესობებთან კონფლიქტმა და ქართველთა შორის სამოქალაქო ომმა კათარზისი გამოიწვია. ამან მშვიდობის, წესრიგის დამყარებისა და ძველი, იდეალური მრავალეროვანი თანამშრომლობის სურვილი გააღვიძა“ (გვ. 331).  ესე იგი, კომუნისტური ინტერნაციონალიზმი სწორი ყოფილა? თუ სწორი ყოფილა და მაშ რატომ ცდილობდა მის ნეგატივიზებას დასავლეთი წლების განმავლობაში? რასაც აქ ჯონსი „ძველ, იდეალურ მრავალეროვან თანამშრომლობას“ უწოდებს, არის ევფემიზმი, რომელიც გულისხმობს საბჭოთა ინტერნაციონალიზმს.  კამათს არ საჭიროებს ის, რომ საბჭოთა ინტერნაციონალიზმს ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. ეკონომიკურად განვითარებულ, მაგრამ მუდმივი დემოგრაფიული პრობლემის მქონე  საბჭოთა საქართველოში ხდებოდა არაქართველთა დიდი მასის შემოდინება. ამ საკითხის მიმართ საბჭოთა საქართველოს მთავრობა ყოველთვის ინდიფერენტული იყო. შევარდნაძის ცკ-ს მდივნობის დროს საქართველო იყო ფორსირებული ინტერნაციონალიზმის პოლიგონი. ამან ქართველებში ნეგატიური დამოკიდებულება და  ცუდი მოგონება დატოვა. შევარდნაძემ საკუთარი კარიერის გულისათვის საბჭოთა დროსვე ბევრი ავი საქმე ჩაიდინა. სომხეთის და აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობებისაგან განსხვავებით საბჭოთა საქართველოს მთავრობა არ იცავდა თავისი ხალხის ინტერესებს. პრობლემა იზრდებოდა და გამსახურდიამ მოსვლისთანავე დაუფარავად მიუთითა მასზე. ორჯერ შეადარა სტივენ ჯონსმა გამსახურდიას პოლიტიკა ლენინის პოლიტიკას, რაც ჩემთვის ერთობ გაუგებარია. ჯონსი იხსენებს ლენინის დროს, მაგრამ განზრახ არ იხსენებს, მაგალითად, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის, თურქეთის იმპერიის, ბრიტანეთის იმპერიის დაშლის დროს წარმოქმნილ ეთნიკურ კოლიზიებს. პოლიტიკურად აქტუალური რომ ყოფილიყო, მაშინ დღეისთვის დასავლელი ისტორიკოსები დაწერდნენ წიგნებს, მაგალითად, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილ მოღვაწეზე, კლემენს მეტერნიხზე (1773-1859), რომელიც, როგორც რეაქციონერი, ამოგდებული ჰყავდა რევოლუციურ ისტორიოგრაფიას ევროპასა და რუსეთში. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლისას იყო მრავალი ეთნიკური შეჯახება. იუგოსლავიის ფედერაციის დაშლას გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს მოჰყვა სასტიკი ომები და გენოციდი შუაგულ ევროპაში. როდესაც ასეთ საკითხებზე ისტორიკოსი ჟურნალისტივით წერს, ეს მის სისუსტეს ადასტურებს. ჟურნალიზებული ისტორიკოსები პრესაში გამოსვლისას ქმნიან ზნეობისა და პატრიოტული ერთობის ილუზიას. საქართველოში ეს ყოველთვის ასეა.
სტივენ ჯონსი გამსახურდიას განსჯის 2009-12 წლების გადმოსახედიდან და დემოკრატიის არშინით ზომავს იმას, რაც მისით ვერ გაიზომება. მისი წიგნის მიზანია შევარდნაძისა და მისი მომხრე ინტელიგენციის, ასევე დასავლეთის გამართლება. ამერიკელი ისტორიკოსი წერს, რომ გამსახურდია ოპოზიციას კრიმინალურს უწოდებდა (გვ. 80), რომელიც მოსკოვში შევარდნაძეს შეეთქვა (გვ. 81). ეს ასე იყო და ზვიადს ტყუილად არ უთქვამს. ოპოზიციის შეფასებაში ის მართალი იყო. ამის თქმას კი გაურბის სტივენ ჯონსი. ის ზვიადს უკვე მერამდენედ უწოდებს პოპულისტს (გვ. 81) და ამბობს, რომ „კრიზისის მართვის უუნარობამ დაამხო ის საბოლოოდ“ (იქვე). ჯონსი ასეთი ბანალური ფრაზების მოშველიებით ფარავს დასავლური იმპერიალიზმის სინამდვილეს, ამართლებს შევარდნაძეს და ყოველივე იმას, რაც საქართველოში მოხდა 1992 წლის დასაწყისიდან. პოპულისტმა ზვიადმა თურმე კრიზისი ვერ მართა. კრიზისი ყოფილა ჯონსის თქმით ის, რაც იყო დიდი ღალატი და შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. სტივენ ჯონსს კიდევ სხვაგანაც აქვს ცუდად ნამსჯელი. ის არსად, არც ერთ ოპოზიციონერს არ მოიხსენიებს იმად, რანიც ისინი იყვნენ სინამდვილეში.
ზვიადმა აღნიშნა ერთ ტელეგამოსვლაში 1991 წელს, რომ საქართველო დაიშლებოდა ოპოზიციის დივერსიული ქმედებებით და მას მყისვე ბრალი დასდეს კრემლის აგენტობაში. ზვიადმა თქვა უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს, რომ საქართველოს შავი დღეები ელოდა, თუკი ის გადადგებოდა. ამაზე ოპოზიციამ ქილიკი დაიწყო და მთელი ოქტომბერ-ნოემბერი იცინოდნენ ზვიადის ამ ნათქვამზე. კარგი იქნებოდა, სტივენ ჯონსს ოპოზიციის ამორალობისა და უვიცობის ერთი ფაქტი მაინც მოეყვანა. მას უნდა ეთქვა რაღაც შლეგი გიორგი ჭანტურიას მოსკოვში სიარულზე შევარდნაძესთან შესახვედრად, ნოდარ ნათაძის ხეპრეობაზე, ძმები ხაინდრავების პოლიტიკურ არტისტობაზე. მაშ რაღა მასალები აგროვა 30 წელი სტივენ ჯონსმა? რაღა ვერ დაინახა? მაგრამ მაინც ასეა, რომ მისი ბამბაც ჩხრიალებს და ჩვენი ოქროც არა.
სარკასტული ღიმილის მომგვრელია სტივენ ჯონსის ნათქვამი, რომ გამსახურდიას გამონათქვამები გასაოცარ მსგავსებას ამჟღავნებს ლენინის აზრებთან (გვ. 81).  რატომ ჰგონია ასე ჯონსს? სად ლენინი და სად ზვიად გამსახურდია. ლენინი იყო პროლეტარული რევოლუციის ბელადი, რომელიც მოელოდა, რომ ევროპელი სოციალ-დემოკრატები გააგრძელებდნენ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას. ლენინი იყო მებრძოლი ათეისტი, რომლის ნააზრევმაც შეარყია მსოფლიო კოლონიალიზმის სისტემა. ის მსოფლიო რევოლუციაზე ფიქრობდა. მან დაამარცხა 1918-21 წლების  სამოქალაქო ომში თეთრგვარდიელები და რუსეთში შემოჭრილი ევროპული ქვეყნების ჯარები. მან რუსეთს თავს დაატეხა წითელი ტერორი. რაში ჰგავს მას გამსახურდია? ბარემ ეს თქვას სტივენ ჯონსმა, რომ ზვიადი კომუნისტი იყო. ან კიდევ ისაა, რომ ჯონსი ცუდად ერკვევა ისტორიაში. ლენინის გარდა ვერვინ ნახა მან შესადარები?  რატომ სწორედ ლენინს ადარებს გამსახურდიას ასე ხშირად სტივენ ჯონსი? მასხრად იგდებს ზვიადს, თუ რაა?  ლენინს ჰგავდა უმცროსი ბუში, რომელიც მსოფლიო ლიბერალურ რევოლუციაზე ფიქრობდა და ომი გამოუცხადა ყველას და ყველაფერს. ბუშმა გაყო მთელი მსოფლიო მტრებად და მეგობრებად, ბნელეთად და სინათლედ, ვითარც ლენინმა.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ წიგნის აბზაცები სტივენ ჯონსმა კი არა, არამედ აკაკი ბაქრაძემ, ელდარ შენგელაიამ, ჭაბუა ამირეჯიბმა, კობა იმედაშვილმა, თამაზ წივწივაძემ, მიხეილ ნანეიშვილმა დაწერეს. მოვიკრიბოთ მოთმინება ჩემო მკითხველებო და მივყვეთ ამერიკელი ისტორიკოსის მსჯელობას. ის წერს, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა თბილისის ყველაზე ფეშენებელურ რაიონებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვეს (გვ. 82). მერედა, ეს რა არგუმენტია? განა ეს რაიმეს ნიშნავს იმისთვის, რომ გაკილო გამსახურდია და ქვა დააყარო მას? ჯონსი არ ამბობს ვინ იყვნენ ეს კანდიდატები. პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ ვალერიან ადვაძე, ჯემალ მიქელაძე, ნოდარ ნათაძე, ირაკლი შენგელაია და თამაზ კვაჭანტირაძე. სტივენ ჯონსს რა სურს თქვას, რომ ესენი თვალსაჩინო ფიგურები იყვნენ პოლიტიკაში და  უფრო მეტად დემოკრატები, ვიდრე ზვიადი?  გაარკვია კი სტივენ ჯონსმა, რანი იყვნენ ისინი? თუ მან ეს იცის და განზრახ არას ამბობს? მას არ სურს დანახვა, რომ ინტელიგენციას და სხვა დისიდენტებს შურდათ ზვიადისა. მისი აღზევება ვერ აიტანეს და თავიდანვე მისი მოკვლა ამოიჭრეს გულში. მათ თავის შლეგობას ქვეყანა გადააყოლეს. ამას რად უნდა სამეცნიერო ტერმინებით შენიღბვა? სხვა ვინმე იყო მაშინ ერის ბელადი? ვთქვათ, პრეზიდენტი გამხდარიყო ნოდარ ნათაძე, ვალერიან ადვაძე, ან თამაზ კვაჭანტირაძე. კარგი რა იქნებოდა? ინტელიგენცია თავიდანვე განზე განმდგარი იყო იმ საქმეთაგან, რისი აღსრულებაც ზვიადმა დაიწყო. არაა სწორი სტივენ ჯონსის მსჯელობა, რომ გამსახურდიამ „ვერ შეძლო ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ძალების ჩართვა სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესში“ (გვ. 101). ზვიადი უხმობდა სპეციალისტებს მეცნიერებათა აკადემიიდან, უნივერსიტეტებიდან, საბჭოთა არმიიდან. მასთან არ მიდიოდნენ. სამაგიეროდ ახლადჩამოსული ედუარდის კარზე 1992 წლის მარტში რიგები და ჯგლეთა დადგა თანამდებობის მისაღებად. ინტელიგენცია დემოკრატიის არარსებობას მიზეზობდა და მას თავი მიაჩნდა იმ ახალ არისტოკრატიად, რომელმაც იცოდა გზა და გეზი.  აღმოჩნდა, რომ ის იყო უცოდინარი, საშინელი კონფორმისტი და მატყუარა. სადმე ყოფილა, რომ ინტელიგენციას ასე დიდი წვლილი შეეტანოს ქვეყნის დაქცევაში? ეს ინტელიგენცია გამსახურდიას დასცინოდა სახელმწიფო კაპიტალიზმის იდეის, სხვაგვარად – სოციალურად ორიენტირებული ბაზრის იდეის გამო. რა იყო აქ სასაცილო? ძალზე ვრცელი წერილი რომ არ გამომივიდეს, ამიტომ აქ აღარ დავიწყებ გამსახურდიას მოღვაწეობასთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტის ციტირებას. თუ ზვიადი ცდილობდა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მომხდარიყო ნაკლები დანაკარგებით (იხ. სამტომეული: „ზვიად გამსახურდია. ოფიციალური დოკუმენტები, მიმართვები და ინტერვიუები”, ტ. II, თბ., 2013, გვ. 84, ასევე მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა), შევარდნაძის მოსვლიდან ომებწაგებული და დაშლილი საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა უდიდესი დანაკარგებით.  ზვიადმა ისიც თქვა, რომ უცხოეთიდან მოვიწვევთო სპეციალისტებს საბაზრო ეკონომიკაზე გადასასვლელად და ამის გამოც ქილიკი დაიწყეს მისი დამხობის მოსურნეებმა. განა შევარდნაძეს სულ გვერდით არ ჰყავდა უცხოელი ეკონომისტი მრჩევლები? რატომ ამაზე არ იქილიკეს? ჰყავდა მრჩევლები და რა იხეირა ქვეყანამ მათი რჩევით?  საკადრო პოლიტიკას უწუნებდნენ ზვიადს და არ ხედავდნენ, რომ სანდო ხალხი არ იყო გარშემო. შევარდნაძესაც დაუწუნეს საკადრო პოლიტიკა. აღმაშფოთებელია სტივენ ჯონსის მიერ „მხედრიონის“ ვექილობა (გვ. 103). ჯონსი განზრახ არ ამბობს, რატომ დაშალა ეს ორგანიზაცია გამსახურდიამ 1991 წლის თებერვალში. სასაცილოა ის, რასაც სტივენ ჯონსი ამბობს იოსელიანსა და კიტოვანზე, როდესაც მათ დაამხეს გამსახურდია. ამერიკელი ავტორი ამბობს: „ეს გახლდათ უსაფრთხოების მაძიებელი გარიყული და გაძევებული ადამიანების პუტჩი“ (გვ. 104).  აი ასეთი მსჯელობა კიდევ ერთხელ დაგვანახებს, რომ სტივენ ჯონსს მიზნად დაუსახავს ყოველივე მომხდარის გამართლება.
სტივენ ჯონსი წერს, რომ „გამსახურდიას თავში აუვარდა“ (გვ. 88) ის, რომ მასზე იწერებოდა პრესაში და მისი სურათები იყო ყველგან. არ ვიცი ინგლისურად როგორ უწერია ეს სტივენ ჯონსს, მაგრამ მთარგმნელს აქ შეიძლება ვერწმუნოთ. ამის თქმა სტივენ ჯონსს, გამომდინარე ამ წიგნის სულისკვეთებიდან, არ გაუჭირდებოდა, რომ „გამსახურდიას თავში აუვარდა“. თავში ავარდნილი ვისაც ჰქონდა, მასზე, ცხადია, სტივენ ჯონსი ამას არ იტყვის. ვგულისხმობ სააკაშვილს. სტივენ ჯონსი აქვე ლაპარაკობს ზვიადის პარანოიაზე. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ყოფილ ოპოზიციონერებს ღონე არ დაუშურებიათ, რომ სტივენ ჯონსს ასე დაეწერა და ეს გაეტანა უცხოეთში. არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი სირცხვილი მათ არ გააჩნდათ არასოდეს. რამდენ რამეს მოჰფინა შუქი ჟამის დენამ და ესენი ისევ თავისას გაიძახიან. ისინი მზად არიან გაყიდონ ეს დარჩენილი საქართველოც თავისი დღეკეთილობისათვის. აქ შეიძლება არ იცოდნენ, მაგრამ სტივენ ჯონსს ეცოდინება, რომ ერაყის მეორე ომის გაჭიანურების დროს, როცა გამოიკვეთა ამერიკის მარცხი, ჯორჯ ბუშს უწოდეს პარანოიდი თავად ამერიკელმა პოლიტიკის მეცნიერებმა.
გასაკვირია ის, რომ ჯონსი წერს: „გამსახურდიას საკანონმდებლო პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად ვერ განხორციელდა, პრინციპში, დემოკრატიული იყო“ (გვ. 94). თუ ეს ასეა, როგორ შექმნა დემოკრატიული პროგრამა ჯონსის თქმით ავტორიტარმა გამსახურდიამ? მე ამერიკელი ისტორიკოსისაგან სიმართლეს მოველოდი და არა ასეთ ორაზროვნებას. ასე ჩემო მანასეო, ხან ასე და ხან ისეო!
სტივენ ჯონსი განსჯის: „დასავლეთის სახელმწიფოებთან უხეშ დამოკიდებულებას ქართული ელიტის იმედგაცრუება დაემატა“ (გვ. 95). აქ ისე ჩანს, რომ დასავლეთი ზნეობით აღვსილი სამყაროს მოძღვარია, უცდომელი მსაჯული და სამუდამო საწყაულია,  ხოლო თავისუფლების მაძიებელი ქართული ელიტა კი დემოკრატიის გამო წელებზე ფეხს იდგამდა. ეს უხეში დამოკიდებულება არ იყო. სტივენ ჯონსი ჩქმალავს რაღაც არსებითს. ზვიადი, როგორც ზემოთ ვთქვი, აკრიტიკებდა დასავლეთს მისივე პრინციპების დარღვევის გამო.  სტივენ ჯონსს შევახსენებ, რომ 1992 წელს გაზეთ Народная правда-სთვის (N 41) მიცემულ ინტერვიუში ზვიადმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში იმართებოდა ოკეანის გაღმიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის პირადი მონაწილეობით და ბუშის ლოცვა-კურთხევით. აქვე საქართველოს ღალატით დამხობილი პრეზიდენტი ლაპარაკობს ევროამერიკულ იმპერიალიზმზე. ზვიადი ამბობს, რომ ჩვენ არ დავუშვითო, რომ საქართველო დასავლეთის კოლონიად ქცეულიყო. დასავლეთს, ზვიადის თქმით, დასავლეთს მხოლოდ ისეთი ხელისუფლება აძლევდა ხელს, რომელიც უსიტყვოდ აღასრულებდა მის ნებას. ზვიადის სიტყვით, ეს იქცა სამხედრო გადატრიალების ერთ-ერთ მიზეზად და ხელისუფლებაში მოვიდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) აგენტი და ევროამერიკული იმპერიალიზმის პირდაპირი აგენტი. ეს ინტერვიუ შესულია ზემოთაღნიშნული სამტომეულის მესამე ტომში. ზვიადი აქ დასავლეთზე ამბობს იმას, რაც წლების შემდეგ გაიმეორეს თავად დასავლელმა მეცნიერებმა. სტივენ ჯონსი ამაზე არაფერს იტყვის.   1992 წლის 12 მარტს ზვიადმა შევარდნაძეს ბრალი დასდო ქართველთა გენოციდში და მის ხელისუფლებას უწოდა კრიმინალური ხუნტა.
წიგნის მეოთხე თავიდან იწყება შევარდნაძის ჩამოსვლის, 1992-4 წლების ამბების ობიექტური თხრობა. ესეც რომ არ იყოს, სტივენ ჯონსის წიგნი დაკარგავდა სამეცნიერო ღირებულებას. ჯონსი წერს, რომ შევარდნაძე 1995 წელს გაყალბებული არჩევნებით გახდა პრეზიდენტი (გვ. 106).  ისიც უნდა აღენიშნა მას, რომ სამსახურიდან გაგდების მუქარით შეიყვანეს „მოქალაქეთა კავშირში“ საწარმოთა ხელმძღვანელები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სხვები.  მეხუთე თავში ჯონსი წერს სააკაშვილის მოსვლაზე და არ ამბობს, რომ ეს იყო აშშ-დან ინსპირირებული მოძრაობა, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ახალი მთავრობის კიდევ უფრო მეტი ამერიკანიზება და რუსეთთან ხანგრძლივი დაპირისპირება, რამაც საქართველო უარეს დღეში ჩააგდო. არაფერ არსებითს არ  გვეუბნება სტივენ ჯონსის სასხვათაშორისო ნათქვამი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიღწევებმა „ლიბერალურ ეკონომიკასა და სამოქალაქო დემოკრატიას შორის დაძაბულობა გამოავლინა“ (გვ. 149). სად იყო საქართველოში სამოქალაქო დემოკრატია? დაძაბულობა კი არა, არამედ ანტაგონიზმი არსებობს კაპიტალსა და დემოკრატიას შორის თავად დასავლეთში. ეს საკითხს მრავალი წელია გულმოდგინედ გვერდს უვლის ქართული მეცნიერება. ლიბერტარიზმის ბატონობა გამორიცხავს „სამოქალაქო ღირებულებების“ განვითარებას. ეს ცარიელი სიტყვებია. წიგნის 151-ე გვერდზე ჯონსი აფასებს სააკაშვილის პოლიტიკას და არ ამბობს, რომ ის იყო ექსტრემისტი ლიბერტარიანელი. იმას კი ვეღარ მალავს ჯონსი, რომ სააკაშვილის დროს გაჩნდა პარტოკრატია. პარტია და სახელმწიფო ერთმანეთს შეეზარდნენ (გვ. 165). „სააკაშვილის ხელში სახელმწიფომ შეაღწია და დაიკავა მთელი ბიზნესი“ (გვ. 170). თუ ეს ასე მოხდა, მაშინ კიდევ ერთხელ გაცამტვერდა დასავლური პოლიტიკური ფილოსოფიის ყველა დებულება, რომ პარტოკრატია მხოლოდ საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს არსებობდა. კიდევ ერთხელ გაბათილდა თავად ცნება „ტოტალიტარიზმი“, რომელიც ბოლშევიზმის სინონიმად მოიაზრებოდა. აღმოჩნდა, რომ ნეოლიბერალიზმმა და საბაზრო ექსტრემიზმმა შვა ახალი ტოტალიტარიზმი და სააკაშვილს დროს რეპრესიებმა, თვალთვალმა, დასმენებმა, დევნამ მრავალგზის გადაამეტა ყბადაღებულ სტალინურ რეპრესიებს. ერთი სიტყვა არსადაა ნათქვამი ჯონსთან სააკაშვილისეულ სახელისუფლო ტერორიზმზე. აღმოჩნდა, რომ ბლეფი ყოფილა დებულება ბიზნესის აპოლიტიკურობაზე.
ჯონსი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მთავრობის „ეკონომიკურმა პოლიტიკამ გაამძაფრა ადამიანის სოციალური და ეკონომიკური გარიყვა…“ (გვ. 262). კარგია, რომ ჯონსს აქ ჰყოფნის მიუკერძოებლობა და ამას ამბობს. საქართველოს სინამდვილე იმდენად კონტრასტული და გროტესკულია, რომ შეუძლებელია ვერ დაინახო ქვეყნის მრავალი უკურნებელი წყლული. წიგნის დასაწყისში წერს სტივენ ჯონსი: „რასაც დღეს საქართველოში ვხედავთ, ეს გახლავთ ძალიან მდიდარი უმცირესობა, რომელიც კონცენტრირებულია თბილისის კოსმოპოლიტურ ურბანიზებულ კუნძულზე და უმუშევართა და ღატაკთა მასა, რომელიც რაიონებშია მიმოფანტული“ (გვ. 12).  ის ასევე აღნიშნავს, რომ შევარდნაძის დროს „კრიმინალურმა ჯგუფებმა სახელმწიფო ქონება დაბალ ფასებში შეიძინეს და ეკონომიკის, ისევე როგორც თავად სახელმწიფოს კრიმინალიზაცია მოახდინეს“ (გვ. 281).  ეს კი ასე იყო შევარდნაძის დროიდან და გაგრძელდა სააკაშვილს დროს, მაგრამ რატომ არაფერი თქვეს ამაზე დასავლელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა? განა ვერ ხედავდნენ, რომ ეს ყველაფერი ახდენდა ლიბერალიზმის კომპრომეტაციას და ქმნიდა პირობებს მისი იდეური კრახისათვის? ეს ხომ პრინციპის საქმე იყო? დასავლეთი დუმდა ყველაფერზე, რაც ხდებოდა 1992-2003, 2004-2012 წლებში. რატომ სულ აქებდნენ ჯერ შევარდნაძეს, შემდეგ სააკაშვილს იმის გამო, რაც სინამდვილეში დასაძრახი არის? გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან ვიდრე დღემდე ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალური სიცრუის გარემოში და ლაპარაკი ღია საზოგადოებასა და გამჭვირვალობაზე არის სავალდებულო ბლეფობა. შევარდნაძისა და სააკაშვილის ყველა მთავრობამ 1992 წლიდან 2012 წლამდე აჩვენა დიდი არაკომპეტენტურობა. წარმოვიდგინოთ, ზვიადის დროს პატიმრები ეწამებინათ, დაეხოცათ, მათი ორგანოებით ევაჭრათ, იარაღი მაფიოზურად გაეყიდათ მინისტრებს და რა ამბავს ასტეხდა ცალკე ოპოზიცია, ცალკე დასავლეთი. ახლა კი დასავლეთი კბილებით იცავს სააკაშვილს და საქართველოს მთავრობას ემუქრება. წარმოვიდგინოთ, რომ ჯაბა იოსელიანი ზვიადის გვერდით მდგარიყო. მერე გენახათ ოპოზიციის ყვირილი და ყვედრება, რომ ზვიადი ბანდიტების პრეზიდენტი იყო.  სტივან ჯონსი ამ წიგნში არსად ამბობს, რომ არაერთხელ დადგა საკითხი სამართლებრივად შეფასდეს 1991-2 წლების მოვლენები. სტივენ ჯონსს არც ის აღუნიშნავს, რომ შევარდნაძემ 2009-11 წლების ინტერვიუებში გამსახურდიას უწოდა სახელმწიფო მოღვაწე და იგი ქებით მოიხსენია. რამდენიმე ოპოზიციონერმა (თემურ ჟორჟოლიანმა, ნოდარ ნათაძემ, მამუკა არეშიძემ და სხვებმა) სინანული გამოთქვეს ზვიადის დამხობის გამო.
სტივენ ჯონსი ვერ გაექცა სინამდვილეს და სწორი თქვა 2008 წლის ცხინვალის ომში ქართველთა ჯარის მოუმზადებლობაზე, გენერალიტეტის დიდ შეცდომებსა და ამპარტავნებაზე.  კარგია ისიც, რომ ჯონსი აღნიშნავს – ბრიტანელებსაც დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო, ისევე როგორც არაბებს, სპარსელებს, თურქებს, რუსებს ძველად (გვ. 326).  ეს ყურადსაღები უნდა იყოს მათთვის, ვინც გაძალებით იმტკიცება, რომ საქართველო ნოე ჟორდანიას დროს თავისუფალი იყო. ჯონსი იმას კი აღარ ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც აშშ ისევ ცდილობს საქართველო გამოიყენოს პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ, რაც ქვეყანას კიდევ მეტ ვნებას მოუტანს.
ლიბერტარიზმი და საბაზრო ექსტრემიზმი საერთოდ გამორიცხავს ხალხის მონაწილეობას პოლიტიკაში. ამიტომ სიყალბეა ისეთი ცნებების მოხმარება, როგორიცაა „ჩართულობა“, „თანამონაწილეობა“ და სხვა. 25 წელი იმ ილუზიით ცხოვრობს საქართველო, რომ თავისუფალი ბაზარი და დემოკრატია ერთი და ერთმანეთისაგან გამომავალია. გასაკვირია ის, რომ ამდენი მარცხის მიუხედავად ყოველი ახალი მთავრობა ისევ ამ ილუზიას ებღაუჭება. ყოველი ახალი მთავრობა იმას ამტკიცებს, რაც აშკარა აბსურდია. ამაზე წერენ დისერტაციებს, ბეჭდავენ მონოგრაფიებს. დემოკრატიად საღდება პოლიტტექნოლოგია. თავად დასავლეთი ყველა საშუალებით ცდილობს ამ ილუზიის გახანგრძლივებას, რადგან მას ისტორიის მიერ კატეგორიულად დაყენებულ პრინციპულ კითხვებზე პასუხი არ მოეძევება. თავისუფალი ბაზარი იქცა ტოტალურ, რეპრესიულ იდეოლოგიად. ბიზნესი იქცა პოლიტიკად და ის სულ უფრო მეტად რეპოლიტიზებულია. ბიზნესი არაა და ვერ იქნება აპოლიტიკური. ის ხელისუფლების ბაზისია. ზედნაშენი კი არის პოლიტტექნოლოგია, სპექტაკლის საზოგადოება და შოუბიზნესი. მე რომ ამაზე მივწერო სტივენ ჯონსს იმეილით ან ფეისბუკით, არ მგონია, რომ მან მიპასუხოს. ჯონსი, ისევე როგორც დასავლელ ისტორიკოსთა უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი არის ერთადერთი და მარადიული წყობილება. დღეს მეცნიერს ეს არ მიეტევება. ახლა 2014 წელია. ამ საუკუნის პირველ ნახევარში დიდი ძვრებია მოსალოდნელი.
თავად ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენელნი თუ შეეკითხებიან საკუთარ თავს: რას ნიშნავს დღეს ღია საზოგადოება? რა საზრისის მქონეა ახლა დემოკრატიის იდეა? რატომ არის პლურალიზმის დროს ასეთი საშინელი კონფორმიზმი? რატომ არაა ფილოსოფიური ღიაობა და საკითხების დაყენების თავისუფლება? თავად ამ ფონდის დამფუძნებელს – ჯორჯ სოროსს მიბაძონ, რომელიც ისე მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთს თავის ბოლო ნაშრომებში, რომ ის მარქსისტი გეგონება. ეს თუ არ შეუძლიათ, თავად სოროსის ამ ნაშრომებზე მითითებით მაინც თქვან რაღაც ნონკონფორმისტული. სულ უმალავენ ქვეყანას სოროსის ამ ნაშრომებს, ასევე ბოლო დროს გამოსულ დასავლელ მეცნიერთა კრიტიკულ ნაშრომებს. რატომ ვერ დაიცვა დასავლეთმა თავისი პრინციპები? თუ მან მხოლოდ იმიტომ დაშალა საბჭოთა იმპერია, რომ თავად ყოფილიყო ერთადერთი იმპერია?  თუ საბჭოთა იმპერიალიზმი შეიცვლებოდა დასავლური იმპერიალიზმითა და ნეოკოლონიალიზმით, მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ამდენ ლაპარაკს დემოკრატიაზე?  რამდენად არის საქართველო დამოუკიდებელი და  საერთოდ რას ნიშნავს დამოუკიდებლობის (independence) ცნება დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში? როგორ აისახება საქართველოს სინამდვილეში ნაციისა და იმპერიის ძველისძველი კოლიზია?
წიგნის დასაწყისში სტივენ ჯონსი მართებულად აღნიშნავს, რომ დასავლეთის სახელმწიფოები დამარცხდნენ საქართველოში და ვერ მიაღწიეს ქვეყნის დემოკრატიზებას (გვ. XIX).  ის წერს, რომ მას აქვს სურვილი დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული სახელმწიფოსაკენ წინსვლაში (გვ. XXII). ეს კი ვერაფერი შვილი ნუგეშია მცირე ქვეყნისთვის, რომელიც ამდენი წელი სამართლიანობის საწყისებსაც ვერ ამკვიდრებს. აქამდე თუ არ აშენდა დემოკრატიული სახელმწიფო, არც აშენდება. თუნდაც დასავლეთის ყველა საუკეთესო ექსპერტი ჩამოვიდეს საქართველოში, მაინც ისევ ის მრუდობა და ძალადობა იქნება.
წერილის ბოლოს მინდა ვთქვა, რომ წიგნის მთარგმნელს შეცდომები გაჰპარვია. თუ ერთხელ მითითებულია უცხოელი მეცნიერის სახელ-გვარი ინგლისურად ფრჩხილებში (ესაა თომას ქაროთერსი) (გვ. 9), მაშინ დანარჩენებიც უნდა მიეთითოს ფრჩხილებში ინგლისურად.  წერია: „რობერტ პუტნამი“ (გვ. 20, 27, 37).  უნდა იყოს – პატნემი (Putnam). წერია: „ეგზიბიციონიზმისაკენ“ (გვ. 54). უნდა იყოს -ექსჰიბიციონიზმისაკენ. ეს სიტყვა ლათინურ და არა ინგლისურ ყაიდაზე გამოითქმის ქართულში. წერია: „რურალური“ (გვ. 77). უნდა მიეთითოს ფრჩხილებში – სოფლური. ქართულში სოფლურის, მწყემსურის აღსანიშნად ვიყენებთ ლათინური ძირის სიტყვებს – ბუკოლურს, პასტორალურს, მაგრამ არა რურალურს. ტერმინ „ურბანულს” იცნობენ და თარგმნას არ საჭიროებს. ტერმინ „რურალურს“ არ იცნობენ. წერია: „ჰერენფოლკი“ (გვ. 84). უნდა განიმარტოს ფრჩხილებში – მბრძანებელი ხალხი და ასევე გვერდით გერმანულად მიეწეროს. მით უმეტეს, რომ 319-ე  გვერდზე ნახსენებია კიდევ ერთი ჰიტლერისეული ტერმინი – Staatsvolk. წერია: „რობერტ რეიხი“ (გვ. 151). უნდა იყოს – რაიხი (Reich). 261-ე გვერდის დასაწყისი, პირველი წინადადება ვერაა კარგად ნათარგმნი. 264-ე გვერდზე კომპანიის სახელწოდება „ენრონი“ ბრჭყალებში არაა მოქცეული, ან უნდა ეწეროს ინგლისურად. წერია: „რეინოლდ ნეიბური“ (გვ. 345). უნდა იყოს – რაინჰოლდ ნიბური (Niebuhr).  როცა რამდენიმე ადგილას მეორდება სიტყვის „თანამედროვე“ მცდარი დაწერა (თანამდეროვე – გვ. 24, 26, 27, 305, 306 და სხვ.), ეს დიდი უყურადღებობის ნიშანია. წერია: „საქართველო რუსეთის პროტექტორად იქცა“ (გვ. 440). უნდა იყოს – პროტექტორატად. წერია: „საფავიდები“ (გვ. 441). უნდა იყოს – სეფევიდები, რადგან ქართულში ასეა დამკვიდრებული. ინგლისურშია – The Safavids.
დიდი ინტერესით დაველოდები მკითხველის აზრს სტივენ ჯონსის წიგნის ჩემეულ შეფასებაზე.
აპრილი, 2014 წ.

შემცირებული სახით გადაბეჭდა გაზ. “განმათავისუფლებელმა” (მაისი, 2014, N 41)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s