რამკიანი ქურდების კორპორაცია


*ეს ორნაწილიანი წერილი შეცვლილი და შემცირებული სახით პირველად გამოვიდა ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“  (6-11 იანვარი, 1996, N 1) სათაურით „კანონიერი ქურდების კორპორაცია“. წერილს ახლა ვაქვეყნებ სრული სახით. მეორე ნაწილი გავიდა ჩემივე სათაურით – შავი სამყაროს არისტოკრატია. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ქურდული ლექსიკის სიტყვებს ვწერ ბრჭყალების გარეშე.  წერილებს იმ დროს დიდი მოწონება ჰქონდა. შემდგომ წლებში ქურდების საკითხზე გამოვაქვეყნე წერილების ციკლი. ყველა მათგანს ახლა დავდებ ბლოგში.

თემა, რომელსაც ამ წერილში შევეხები, უშუალო მიმართებაშია კრატოლოგიასთან, ძალაუფლებასთან, ეგალიტარიზმსა და ეგალიტარულ საზოგადოებასთან. მასზე საუბრისას საჭიროა უკუვაგდოთ ყალბი მორალიზება და ცხოვრების პროზა მივიღოთ ისეთად, როგორიც ის არის. ასევე უკუვაგდოთ ეიფორია და სენსაციურობა. რამკიანი ქურდების კორპორაცია იყო და არის საქართველოს სინამდვილე, რომელიც ფილოსოფიურად და სოციოლოგიურად შეუსწავლელია.
რამკიან (კანონიერ) ქურდებზე პირველად გორბაჩოვისეული „გარდაქმნის“ ფარსის დროს დაიწერა და ის რაც დაიწერა, მდარე სენსაციისა და ინსპირირებული ეიფორიის ფარგლებს არ გასცილებია. ამ თემას კინემატოგრაფმაც მოჰკიდა ხელი. შეიქმნა ბრჭყვიალა სანახაობა. საბოლოოდ საკითხის არსი მიუწვდომელი დარჩა. პოსტსაბჭოთა საზოგადოებამ მალე დაივიწყა ეს საკითხი. მან ფილისტერულ ზერელეობასა და სამომხმარებლო შეჯიბრს შეაფარა თავი.
რამკიანი ქურდების კორპორაცია არის ეგალიტარიზმისა და ეგალიტარული საზოგადოების საპირისპირო მოვლენა. რევოლუციური ეგალიტარიზმი არისტოკრატიის გაჟლეტის შემდეგ ცდილობს შექმნას საზოგადოება, სადაც ყველა თანასწორია. ასე იყო საფრანგეთში და მოგვიანოდ საბჭოთა რუსეთში. ეს საზოგადოება ვერ იტანს ადამიანთა რაიმე გაერთიანებას, რომელიც როგორღაც დამოუკიდებელი იქნება მისგან. ესე იგი ეგალიტარული საზოგადოება გულისხმობს ადამიანის ტოტალურ სოციალიზებას და ამას ამართლებს ადამიანის თავისუფლების სახელით. ადამიანს ერთმევა შესაძლებლობა დამოუკიდებლად დაადგინოს ღირებულებები, დაადგინოს ყოფნობის წესი, რომელიც საზოგადოების მიერ დადგენილი ყოფნობის წესისაგან განსხვავებული იქნება. ყოველგვარი ეგალიტარიზმი, იქნება ის სოციალისტური, ნაციონალ-სოციალისტური, სოციალ-დემოკრატიული თუ ლიბერალ-დემოკრატიული, გულისხმობს არისტოკრატთა კორპორაციის ანიჰილირებას, რადგან არისტოკრატი თავისი ყოფნობის წესითა და ეთოსით არის ის, ვინც ეგალიტარულად სოციალიზებული, თავისუფლებაწართმეული და ანონიმური ადამიანის საპირისპიროა. არისტოკრატთა კორპორაცია არ ემორჩილება ეგალიტარული საზოგადოების მანიველირებელ ძალაუფლებას. ის არის ერთადერთი გაერთიანება, რომელიც ინარჩუნებს თავისუფლებას თავისი პიროვნულობისა და მახვილის ძალით და არ ჰყიდის მას პურსა და სანახაობაზე. ეგალიტარული საზოგადოების იდეოლოგები ყოველთვის გვიმტკიცებენ, რომ სწორედ მათ საზოგადოებაშია შესაძლებელი განხორციელდეს ადამიანის თავისუფლება. აქ ხდება მიუტევებელი შეცდომის დამკვიდრება, რომელიც მყარად ფეხმოკიდებულია ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში. შეცდომა ისაა, რომ თავისუფლება თანასწორობის იგივურ ღირებულებად მოიაზრება.
ამ საზოგადოებაზე დოსტოევსკი ამბობს, რომ თითოეული თანასწორია მონობაში და თითოეული დავალებულია სხვისაგან დასმენით. ეგალიტარულ საზოგადოებაში სოციალური მობილურობა და დინამიზმი მიიღწევა ადამიანის გაყალბების ხარჯზე, რომელიც უცხო და მიუღებელი იყო არისტოკრატიული და მონარქისტული საზოგადოებისათვის. არისტოკრატიული ეთოსი ხელს უშლიდა ადამიანის გაყალბებას, რაც რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, გახდა არისტოკრატიის დაღუპვის უმთავრესი მიზეზი. ეგალიტარული ეთოსი ყოველთვის უზოგადესი ცნებებით (თანასწორობა, თავისუფლება) მანიპულირებს და აუქმებს ყოველგვარ აკრძალვას, რომელიც დადგენილი იყო არისტოკრატთა მიერ. ეს მასობრივ ცნობიერებას მიეწოდება როგორც თავისუფლების მოპოვება. ქურდულ კონტრკულტურაზე საუბრისას თავიდანვე ამ გარემოების გააზრება უნდა მოხდეს.
საბჭოთა საზოგადოებაში ქურდების კორპორაცია შეიქმნა ოქტომბრის რევოლუციის (1917 წ.) შემდეგ. ეს არა მხოლოდ კრიმინალური პროტესტი იყო. ეს იყო მუდმივი დაუმორჩილებლობის გამოხატვა საბჭოთა ეგალიტარიზმისადმი. რევოლუციის შემდეგ დაწყებულ არისტოკრატთა ჟლეტას გადარჩენილნი გადავიდნენ შავ სამყაროში და თან წაიღეს თავისი საუკეთესო თვისებები (თვითორგანიზება და იერარქიული ეთოსის შექმნა), რაც მათ გამომუშავებული და შესისლხორცებული ჰქონდათ ასწლეულების მანძილზე. ქურდების დაუწერელი კოდექსის შექმნა მხოლოდ არისტოკრატს შეეძლო და არა მუშასა და გლეხს, რომელნიც რევოლუციის იდეალებს მისდევდნენ. ქურდების კორპორაცია თავისი სულისკვეთებით ყოველთვის არისტოკრატიულია. ქურდული მიმართვა „შე ძველო!“ გულისხმობს იმ სიძველეს, რომელიც რევოლუციამდე იყო და რომელიც ახლა შავი გაგების სახით ვლინდება. კორპორაციული სულისკვეთების ტარება- შენარჩუნება მუშისა და გლეხისათვის ყოველთვის უცხო და სამძიმოა. ეგალიტარული იდეოლოგია აპელირებს მუშათა და გლეხთა სოლიდარობის იდეისადმი და ქმნის ისეთ სახელმწიფო დაწესებულებას, რომელიც შეინარჩუნებს იდეურ ერთობას რევოლუციურ კლასებში. სახელმწიფო მათ მშრომელებს უწოდებს და შრომის რევოლუციური საკრალიზება ხდება. ქურდული ეთოსი კი შრომის უარმყოფელია. ქურდი არ შრომობს. მას შრომა ეგრეხება. ასევე უარყოფდა შრომას ძველად არისტოკრატია. მშრომელთა ინტერესების სახელით მოხდა მეფის სისხლის დაღვრა და არისტოკრატიის გაწყვეტა. მშრომელთა ინტერესებზე მითითება იმდენად უნივერსული ხასიათისაა, რომ მისით შეიძლება გამართლდეს ყველაფერი.
არისტოკრატიის ნაწილი გადავიდა შავ სამყაროში უკვე ნეპის (НЭП – Новая экономическая политика) დროს 1920-იან წლებში და თითქმის მთლიანად ხელში ჰქონდა აღებული მისი სადავეები. მან  თავისი სულისკვეთებით განმსჭვალა შავი სამყარო, შეიტანა მასში რამკიანი ქურდისათვის დამახასიათებელი კეთილშობილება, რაინდული ქცევა. არისტოკრატიამ შეიტანა შავ სამყაროში იარარქიის პრინციპები. შეიქმნა აკრძალვათა მთელი სისტემა (წითელი ფერის ტარება, საბჭოთა დროშასთან მიახლოება, საბჭოთა არმიაში სამსახური და მრავალი სხვა). ეს აკრძალვები გამოხატავდა საბჭოთა ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას და მის უარყოფას, ეგალიტარიზმისადმი შეურიგებლობას. ის, ვინც წარმოადგენდა ქურდული კორპორაციის თავს, ეწოდებოდა вор в законе (ამ ცნების თარგმნა კანონიერ ქურდად მთლად კარგად ვერ გამოხატავს მის არსს). სხვა რამ კი არ ეწოდებოდა შავი სამყაროს თავს შეფარულად და პირფერულად, არამედ ასე პირდაპირ, გამომწვევად და დემონსტრაციულად -вор в законе. ეს იყო კრიმინალური დისიდენტობა, აპოლიტიკური отказничество (უარმყოფლობა), რომელიც მაინც ისევ პოლიტიკური პროტესტანტობა იყო.
ოქტომბრის რევოლუციამდე ქურდების ასეთი კორპორაცია არ არსებობდა რუსეთის იმპერიაში. იყვნენ მხოლოდ მარტოხელა მპარავები,მძარცველები და შარაგზის ყაჩაღები. ორგანიზებული პოლიტიკური ოტკაზნიკობის სახე მაშინდელ კრიმინალს არ ჰქონია. ქურდული კორპორაცია თავისი იერარქიით, სასტიკი კოდექსითა და აკრძალვათა სისტემით არ ყოფილა. ქურდული კოდექსი რელიგიურ სიმბოლოებს იყენებდა საბჭოთა ათეიზმის ჯიბრით და ქურდს ხშირად ჯვარცმით ან ღვთისმშობლის სურათით ჰქონდა ტანი მოსვირინგებული. ცარისტულ იმპერიაში გლეხთა აჯანყებების დროს ყაჩაღები და მპარავები ეტმასნებოდნენ აჯანყებულებს. თუ ისინი აჯანყების პირველ საფეხურზე ავანგარდს წარმოადგენდნენ, მალე მათ გამო აჯანყებულთა რიგებში განხეთქილება იწყებოდა. მათ არ გააჩნდათ დაუწერელი სასტიკი კოდექსი და არც კორპორაციული სულისკვეთება ჰქონიათ. ისინი ხდებოდნენ აჯანყების დამარცხების მიზეზი, რადგან არასოდეს იცოდნენ ზომა და ზღვარი. ასე დამარცხდა პუგაჩოვის, რაზინის აჯანყებანი და სხვა მრავალი მცირე აჯანყება. ანონიმური მდაბიორი მოჯანყისათვის ყოველთვის უცხო იყო არისტოკრატიული ურთიერთგატანა. მისთვის სამძიმო იყო არისტოკრატიული წესით ყოველთვის სხვათა თვალწინ ყოფნა, არაფამილარული ქცევა და მეტყველება. ხშირად მოჯანყე მდაბიორი შინაგანად მიდრეკილი იყო ღალატისა და გაქცევისათვის.
ქურდების კორპორაცია მხოლოდ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში არსებობს. ასეთი რამ არაა დასავლეთ ევროპაში ან შეერთებულ შტატებში. რევოლუციურ ევროპაში არისტოკრატიის ჟლეტას არ მიუღია მასშტაბი, როგორც ეს რუსეთსა და მის სატელიტ ქვეყნებში მოხდა. დასავლეთში არისტოკრატია ნაწილობრივ რჩებოდა ძალაუფლების სათავეში და ერწყმოდა ბურჟუაზიას. შეერთებულ შტატებში ქურდების კორპორაცია არ არსებობს, რადგან იქ სხვა ისტორია იყო. იქ სამხრეთელი არისტოკრატია შეავიწროვეს და არა გაჟლიტეს სამოქალაქო ომის (1861-5 წწ.) დროს. აქ არ იყო ისეთი ანტიარისტოკრატიზმი, როგორიც იყო ევროპასა და რუსეთში. აშშ წარმოიშვა კატორღელების და კოლონისტების დასახლებათა შემდეგ. აშშ-ში წარმოიშვა განგსტერიზმი და მაფია, რომელიც ძირეულად განსხვავდება ქურდების კორპორაციისაგან. მაფიამ არ იცის ისეთი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც ქურდულმა გაგებამ. ეს არ უნდა იქნეს დავიწყებული დღეს, როდესაც მომსჯელეთა მიერ ხდება მაფიისა და ქურდების აღრევა. ეს არის ორი სხვადასხვა კრიმინალური ტრადიცია. ქვემოთ ამ განსხვავებას ვუჩვენებ.
ქურდთა კორპორაცია თავისი სულისკვეთებით ყოველთვის არისტოკრატიულია მაფიისაგან განსხვავებით. მაფია უფრო დემოკრატიულია. პრინციპული განსხვავება მაფიასა და ქურდებს შორის ისაა, რომ მაფია ყოველთვის მიისწრაფის სახელმწიფო ძალაუფლებისაკენ და ამ მიზნით ებრძვის სახელმწიფოს. მაფიას არ გააჩნია ისეთი ოტკაზნიკური სიმბოლიკა და წესები, როგორიც ქურდებს. მაფიას არ გააჩნია აკრძალვათა ისეთი სისტემა, როგორიც ქურდებს. მაფიას არ აქვს ზაპრეტკები. ის არაფერს ერიდება და ერთნაირად შთანთქავს ყველაფერს. ის იჭრება და ინერგება პოლიციაში, პარლამენტში. ამას არასდროს იზამს ქურდების კორპორაცია. Вор в законе თავის თავს შეუფარავად უწოდებს ქურდს და ამაყობს ამით. მაფიოზი კი არ იტყვის, რომ ის მაფიოზია. ასევე განსხვავებაა მეტყველების მანერაში. ქურდი მყისვე იცნობა ლაპარაკში. ის ჟარგონულად მეტყველებს. მაფიოზი კი მეტყველებს საერთო სალაპარაკო ენით. თუ პოსტსაბჭოთა მაფიოზი მეტყველებს ჟარგონულად, ეს ჟარგონი მთლიანად აღებულია ქურდული ლექსიკიდან. პოსტსაბჭოტა მაფიოზი ყოველთვის ცდილობს მიბაძოს ქურდებს და გამოხატავს პატივისცემას მათ მიმართ.  მაგრამ ქურდული კონტრკულტურის ზეგავლენა მაფიაზე მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია. მაფია აქ მოგვიანო მოვლენაა.
მაფია, როგორც კრიმინალური სამყაროს ორგანიზაციის სახე, ეგალიტარული საზოგადოების იდეოლოგიას კი არ უარყოფს და ემიჯნება მას, როგორც ამას ქურდები აკეთებენ, არამედ იყენებს ამ იდეოლოგიას თავისი ძალაუფლების გასავრცელებლად და განსამტკიცებლად. მაფია ყოველთვის ერევა პოლიტიკაში. მასში მონაწილეობისა და ჩარევის ინტენსივობით განისაზღვრება ამა თუ იმ მაფიოზური ორგანიზაციის ძალა და სიცოცხლისუნარიანობა. მაგრამ ამ კრიტერიუმით, ამ საზომით ვერ განვსაზღვრავთ ქურდული ორგანიზაციის ძალასა და სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ქურდული გაგების უპირველესი პრინციპია სახელმწიფო ძალაუფლებისა და პოლიტიკისაგან დიდი გამიჯნვა. ამ პრინციპის დარღვევა ნიშნავს ქურდის სახელის ჩამორთმევას. ჟარგონულად ამას  ეწოდება ატაშოლი (отошёл).
ძალაუფლების დემონური დილემურობიდან გამომდინარე ძალაუფლებისაკენ მავალ და მისთვის მებრძოლ ორგანიზაციას არასოდეს არ შეუძლია შეჩერდეს მიღწეულზე. ის ყოველთვის ცდილობს გაფართოვდეს და განივრცოს. ისეთი ტიპის ორგანიზაციისათვის, როგორიცაა მაფია, ძალაუფლება წარმოადგენს მისი არსებობის მიზანსა და საზრისს. მაფიას არასოდეს შეუძლია შეჩერდეს, დაკმაყოფილდეს მიღწეულით და დაეტიოს არსებულ ფარგლებში. შეჩერება მისთვის სიკვდილს უდრის. შეჩერება ნიშნავს სხვა მაფიოზური ოჯახის გაბატონებას. მაფიის ძალაუფლების სისუსტე და სიძლიერე ერთდროულად არის ის, რომ შეჩერება მას არასდროს შეუძლია. ამიტომ არის, რომ ეგალიტარულ საზოგადოებაში მაფია უკვდავია. ის არის ჰიდრა, რომელსაც წაჭრილი თავის მაგივრად მსწრაფლ ეზრდება ახალი თავი. ხმაურიანი ანტიმაფიოზური კამპანიები ვერასოდეს აღმოფხვრიან მაფიას. თანამედროვე მაფია თვით ეგალიტარიზმის პირმშოა. იგი უცხო მოვლენა იყო მონარქისტული და არისტოკრატიული საზოგადოებისათვის. ეგალიტარულ ძალაუფლების სისტემაში ხდება დაპირისპირება სახელმწიფოსა და მაფიას შორის. ორთავენი სათავისოდ იყენებენ ეგალიტარიზმს. მაფიას კი ამ ბრძოლაში აძლიერებს ხელისუფლების ამორალიზმი და გამყიდველობა. ხელისუფლება თავადაა მაფიოზური. ამიტომ ხშირად ეს ორი ძალა – მაფია და სახელმწიფო ერთმანეთს ებრძვიან როგორც თანასწორნი. ეს აღუწერლად დემონური მოვლენაა.

One thought on “რამკიანი ქურდების კორპორაცია

  1. Subieqturi, viwro ganxilvaa. Esaa werili sadac sakitxi viwrodaa gashlili, sadac damaxinjebuli subkultura shedarebulia aristokratiastan! ! Ra shuashia egalitarizmi da proletariati ? Religia xo saertod. Am rakursit tu shevxedavt ra uflebaa aqvs e.w. ramkian qurds waartvas sicocxle vinmes, rodesac es tviton ar miucia ? ? An ra aris mosawoni ,,, sastik dauwerel kodeqsshi ,, ? ? Essaa kriminales ertgvari mutaciuri forma.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s