შავი სამყაროს არისტოკრატია


*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „7 დღე“ (2 – 8 თებერვალი, 1996, N 5) რედაქციისეული ცვლილებებით.  ეს არის გადამუშავებული ტექსტი.

მაფია იშვა ეგალიტარულ ძალაუფლებასთან ერთად. მას შემდეგ, რაც ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის სახელით დაინთხა სამეფო სისხლი და გაიჟლიტა არისტოკრატია. მაფია მიმიკრიულია და ხშირად ერწყმის სახელმწიფო ძალაუფლებას. ქურდულ კონტრკულტურაზე ამას ვერ ვიტყვით. ქურდების კორპორაციაში вор в законе ღირებულებათა დამდგენი და მათი დაცვის გარანტი არის. ის თავით აგებს პასუხს ქურდული წესების დაცვაზე. ქართველთა საზოგადოებაზე ქურდული კონტრკულტურა განუზომელ გავლენას ახდენდა, რაზეც ქვემოთ ვიმსჯელებ.
ქურდულ ეთოსში აკრძალვათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია შრომის აკრძალვა. ესაა გამოწვევა იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც „საზოგადოებრივ-სავალდებულო შრომას“ იყენებს ადამიანის ტოტალური სოციალიზებისათვის. ყველა მოვალეა იშრომოს სოციალისტურ საზოგადოებაში. მხოლოდ ქურდი გამოხატავს დაუფარავად დაუმორჩილებლობას საყოველთაო შრომითი ვალდებულების მიმართ. ის მზადაა საპყრობილეში ჩაჯდეს ამის გამო. ვის შეეძლო ამ აკრძალვის შექმნა, თუ არა არისტოკრატს? არისტოკრატის შექმნილია ასევე ერთ-ერთი უმთავრესი აკრძალვა – საბჭოთა ძალაუფლების უარყოფა და მისგან დისტანცირება. გლეხი და მუშა ამგვარ აკრძალვას ვერ შექმნიდნენ. ისინი რევოლუციისათვის იბრძოდნენ.
მაფიურ ორგანიზაცია არ კრძალავს შრომას. ის, პირიქით, ახორციელებს შრომით ექსპანსიას და ერთნაირი ჟინით იპყრობს ბაზრებს, ტერმინალებს, პარლამენტს, სამეძაო სახლებს, საწარმოებს. ის თავად ადგენს შრომის პირობებს და თვითონაც მუშაობს. მაფია უკიდურესად სოციალიზებული ორგანიზაციაა და არ გამოდის არსებული იდეოლოგიის წინააღმდეგ. მაფიას არასოდეს შეუძლია უარი თქვას ძალაუფლებისათვის სახელმწიფოსთან ომზე. ქურდების საძმო კი საზოგადოებისგან დისტანცირებულია და ინარჩუნებს იმ თავისუფლებას, რაც სხვებს არ აქვთ. წარსულში არისტოკრატიისათვის ციხე-კოშკი მისი თავისუფლების სიმბოლო იყო. რამკიანი ქურდისათვის კი ციხე (საპყრობილე) არის ის ადგილი, სადაც იგი მუდმივი პროტესტანტია და უარყოფს არსებულ პოლიტიკურ სისტემას. დღეისთვის პოლიტიკური მოღვაწე ხშირად მაფიოზია, მაგრამ გამორიცხულია, რომ პოლიტიკური მოღვაწე იყოს რამკიანი ქურდი.  პოსტსაბჭოთა დროში მრავალი ქვეყანა გადაიქცა მაფიოზურ წარმონაქმნად. მათ გააჩნიათ სახელმწიფოებრიობის ატრიბუტები და საერთაშორისო ორგანიზაციათა წევრებიც არიან.
მაფიასა და ქურდების კორპორაციას შორის შუალედური ადგილი უკავია ისეთ ტრადიციულ კრიმინალურ ორგანიზაციას, როგორიცაა იაკუძების კლანები იაპონიაში. ეს არის სამურაების ყაიდაზე შექმნილი ორგანიზაცია თავისი ეტიკეტითა და სიმბოლიკით. იაკუძები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდნენ იაპონიაში. ისინი არასოდეს უპირისპირდებიან სახელმწიფოს, არ ერევიან პოლიტიკაში და თავს არიდებენ პოლიციასთან ისეთ ომს, როგორიც იცის მაფიამ. იაკუძები არ არღვევენ სოციალური იერარქიის ძველისძველ იაპონურ პრინციპს. ისინი არასოდეს არიან იაპონური კონსენსუსის დამარღვეველნი. იაკუძები იაპონური სოციუმის ნაწილი არიან. ისინი იცავენ იაპონელთათვის დამახასიათებელ კოლექტივიზმს. ეს განასხვავებს მათ რამკიანი ქურდებისაგან. იაკუძებს არ გააჩნიათ ქურდული პროტესტანტიზმი და ოტკაზნიკობა. ქურდული საძმო ჩამოყალიბდა როგორც კრიმინალური წინააღმდეგობის ორგანიზაცია, დაუმორჩილებელთა გაერთიანება, რომელიც თვით სახელმწიფოს უარყოფს. იაკუძების კორპორაცია კი წარმოიშვა არა დევნისა და ჟლეტის შედეგად. დევნილი არისტოკრატები, ძველი თეთრგვარდიელები და მონარქისტი მესაბოტაჟეები უკიდურესი პროტესტის ნიშნად გადავიდნენ კრიმინალურ სამყაროში და შექმნეს ქურდების ეთოსი, რათა შეენარჩუნებინათ არისტოკრატიული აზატობა.
რამკიანი ქურდი – შავი სამყაროს არისტოკრატი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა თავის გარემოცვაზე. ის აქ აღმზრდელის როლსაც ასრულებდა და თავისი ავტორიტეტით შემაკავებელი ძალა იყო. ქურდის ავტორიტეტი სცილდებოდა შავ სამყაროს და მას საზოგადოების სხვადასხვა ფენებიც სცნობდნენ. ამ ავტორიტეტს აძლიერებდა კაცობის ნაკლებობა საზოგადოებაში. ქურდის სიტყვას წონა ჰქონდა. ქურდის ავტორიტეტის მოსპობამ ლიბერალიზმის შემოჭრის შემდეგ წამოატივტივა მრავალი ნაძირალა. ამ ვითომ ქურდების და ცრუ განაბების გამოსვლამ მოახდინა რამკიანი ქურდების საძმოს დისკრედიტაცია. ამის შემდეგ გადემოკრატებულმა ნაცარქექიებმა მოითხოვეს „კანონიერების განმტკიცება“, რაც სინამდვილეში გულისხმობდა ქურდების კიდევ ერთ გაჟლეტას. ეს ნაწილობრივ განხორციელდა კიდეც ყოფილი საბჭოეთის მასშტაბით.
ქურდული საძმოები მალევე გაჩნდა რუსეთის იმპერიის ყველა იმ ქალაქში, რომელნიც სამოქალაქო ომის (1917 – 23 წწ.) დროს თეთრგვარდიელთა ციტადელებს წარმოადგენდნენ. ქურდული საძმოები მოედო საპყრობილეებსა და კოლონიებს, სადაც ბევრი კონტრრევოლუციონერი ტუსაღობდა. ბოლშევიკების საბოლოო გამარჯვების შემდეგ ლაგერებში ყველგან იყო ქურდული საძმოები. 30-40-იან წლებში განსაკუთრებით ცნობილნი იყვნენ როსტოვისა და ოდესის ქურდები. ამ ქალაქებში ხშირად ეწყობოდა ქურდული სხოდნიაკები (შეკრებები). აქ გარჩეული საქმე შემდგომ გარჩევას აღარ ექვემდებარებოდა. როსტოვსა და ოდესაში ქურდად მონათლული განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. ოდესელ და როსტოველ ქურდებზე ლეგენდები არსებობდა მთელ საბჭოთა კავშირში. ქურდები შავი სამყაროს რაინდებად იყვნენ მიჩნეულნი. მათი სიტყვა შეუვალი ავტორიტეტი იყო. ვის შეეძლო შეექმნა ადამიანის ასეთი ტიპი, თუ არა ბოლშევიკებისაგან დევნილ არისტოკრატს?
ქურდული საძმოების მოსპობას საბჭოთა ხელისუფლება რამდენჯერმე შეეცადა განსაკუთრებით სტალინის მმართველობის დროს, მაგრამ ქურდებმა გაუძლეს ამ რეპრესიებს და თავი გაიტანეს. მათ შეინარჩუნეს დაუწერელი ქურდული კოდექსი. საბჭოთა ხელისუფლებამ უსიტყვოდ აღიარა ქურდული საძმოები და სტალინის სიკვდილის შემდეგ ისინი აღარ უდევნია. პარადოქსული ვითარებაა ის, რომ ეგალიტარულმა საბჭოთა ხელისუფლებამ უსიტყვოდ აღიარა შავ სამყაროში გადასული არისტოკრატების მიერ შექმნილი ქურდული საძმოები. საბჭოთა საზოგადოების მოცინარი მონობისა და დასმენის, ანონიმური ჩაშვებების ფონზე ჰეროიზმად მოჩანდა ქურდული ურთიერთგატანა, ერთობის სულისკვეთება და ორგანიზებულობა. საბჭოთა ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება ქურდების მიმართ იმანაც განაპირობა, რომ ისინი არასდროს ერეოდნენ პოლიტიკაში და შორს იდგნენ ყოველგვარი პოლიტიკოსობისა და პოლიტიკანობისაგან. საბჭოთა საზოგადოების მოცინარი მონობა შეიცვალა ლიბერალური მონობით, ახალი ყაიდის დამსმენთა და გამცემთა აღზევებით.
ადამიანის სწრაფვა თავისუფლებისადმი, თავისთავადობისადმი გამოვლინდა ისეთი სახითაც, როგორიცაა ქურდული კონტრკულტურის მოვლენა. მრავალმა ქურდმა, რომელთა სახელები უცნობია, დათმო სიცოცხლე და არ გაყიდა სხვა ქურდი. მრავალმა ქურდმა ქურდული გაგებისადმი ერთგულება სიცოცხლის ფასად დაამტკიცა რუსეთის ციხეებში. მორალიზება და მენტორობა, ასევე განქიქება, რასაც მრავალი აკეთებს, ძალზე ადვილია. ქურდული სამყარო მეტად მტკივნეულად აღიქვამდა ქურდის მიერ სხვა ქურდის გაყიდვას და ამისთვის სასჯელი სიკვდილი იყო. ქურდი მოვალე იყო შავი სამყაროს წინაშე. მას ასი თვალი უმზერდა და ვინც განუხრელად მისდევდა ქურდულ წესებს, მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. შავ სამყაროში ავტორიტეტის მოპოვება იოლი რომ არაა, ეს უმეცარმაც იცის.
ქურდული გაგება არის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოების კულტურის ნაწილი. ეს არის კონტრკულტურა, რომელიც უპირისპირდება ბოლშევიკურ ეთოსსა და სოციალისტურ ღირებულებებს. ევროპელი ან ამერიკელი ადამიანისათვის ეს კონტრკულტურა გაუგებარია. ქურდული გაგების გავლენა ჯერ კიდევ ძალუმად იგრძნობა, მიუხედავად იმისა რომ ლიბერალიზმის შემოჭრამ გაამართლა ადამიანთა  მდაბალი ვნებანი. ამერიკელისათვის პოლიციაში დასმენა მისი მოქალაქეობრივი ვალია. პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში კი ასეთი რამ სათაკილოდ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რო საბჭოთა ხელისუფლება ამას სკოლიდანვე გვასწავლიდა. მშრომელთა ინტერესების დასაცავად ყველაზე ბინძური დასმენაც კი გამართლებული იყო.
რა იყო იმის მიზეზი, რომ რამკიან ქურდს განსაკუთრებული ავტორიტეტი ჰქონდა კავკასიაში და უფრო მეტად საქართველოში? საქართველოში რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციამდე ქურდების კორპორაცია არ არსებობდა. აქ იყვნენ შარაგზის ყაჩაღები, რომელთაც არც სიმბოლიკა გააჩნდათ და არც დაუწერელი კოდექსი. მათგან მრავალი მათგანი კაზაკთა რაზმებს შეაწყდა, მრავალი გააციმბირეს და კატორღაზე გაგზავნეს. მთელი ამ ყაჩაღობიდან ხალხში სახელი მოიპოვა იმან, ვინც ოდნავ მაინც ალტრუისტი იყო. ასეთი იყო არსენა ყაჩაღი. სახელმწიფოებაწართმეული, გაროზგილი და ეგზეკუციაგამოვლილი ქართველობა თანაუგრძნობდა არსენას, რადგან მასში ხედავდა მებრძოლი დაუმორჩილებლობის მაგალითს. არსენა და მრავალი მისი მსგავსი, იყვნენ გააბრაგებული, ტყედგასული ახალგაზრდა გლეხები. მათ არ გააჩნდათ კორპორაციული სულისკვეთება და არ დაუსახავთ მიზნად შავი სამყაროს სადავეების ხელთ გდება. მათი მოქმედება შემოიფარგლებოდა ერთი რამით: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“, როგორც ეს ლექსშია ნათქვამი. ისინი დასაღუპად განწირული მარტოხელა დამნაშავენი იყვნენ. მაშინდელი ქართველობა არსენაში, მიუხედავად მისი ყაჩაღობისა, თავისუფლებისათვის მებრძოლ რაინდს ხედავდა. საქართველოში ეს შეგნება იმდენად ძლიერია, რომ უცვლელი სახით მოვიდა დღემდე. ყაჩაღს სიკვდილის შემდეგ ძეგლი დაუდგეს. ხალხური ლექსი არსენაზე დღემდე ისწავლება სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ლექსი ტლანქია და არანაირი აღმზრდელობითი მისიის შესრულება არ შეუძლია. აქ გამოვლინდა დაცემული და დამცირებული ხალხის ტკივილი და სევდა, რომელიც თავის დროზე კავკასიის ჰეგემონი იყო და ქრისტეს მხედრობის ავანგარდს წარმოადგენდა აზიაში. ქართველი იქამდე დაეცა, რომ  თავისი იდეალი შარაგზის ყაჩაღს დაუკავშირა. ოღონდაც ყოფილიყო ვინმე დაუმორჩილებელი და უარმყოფელი და ხალხი მყისვე მას უკავშირებდა თავის იდეალს. ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ იქ, სადაც სახელმწიფოებრიობა მიუტევებლად დიდი ხანი იყო მორღვეული. პროტესტისა და დაუმორჩილებლობის ყოველგვარ ფორმას დაცემული ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლას უკავშირებდა, მაშინ, როცა ამ საქმისათვის მებრძოლი არსად იპოვებოდა.  მას შემდეგ, რაც შეიქმნა ქურდების კორპორაცია, თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდის იდეალი ქურდებს დაუკავშირდა. ქართველთა შორის არავინ იყო სხვა, ვისაც ეს იდეალი დაუკავშირდებოდა. შემდგომ, ანტისაბჭოური დისიდენტობის გაჩენასთან ერთად (XX საუკუნის 60-იანი წლები) ამ იდეალს თანაბრად იყოფდნენ ქურდები და დისიდენტები. იდეალის დაკავშირებამ რამკიან ქურდთან კი გამოიწვია თვით  ქურდის იდეალიზება. არსად საბჭოთა კავშირში რამკიანი ქურდების გავლენა არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც საქართველოში. კონფორმიზმითა და დასმენებით გახრწნილი ქართული საზოგადოება პროტესტის ფორმად ირჩევს ქურდებთან წილნაყარობას, მათ საქმეებში თანამონაწილეობას. ეს პირველ რიგში გააკეთა ქართული ინტელიგენციის მრავალმა წარმომადგენელმა. ქურდული მეტყველება და ქცევის წესი დამკვიდრდა ქართველთა შორის და თავიდან ბოლომდე განმსჭვალა ის. ახალგაზრდობა მთლიანად ქურდების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. მისთვის ქურდი იყო ერთადერთი ავტორიტეტი. საქართველო, როგორც დიდი ხნით სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა ყოველთვის მტრულად უცქერდა დამპყრობლის მიერ დაწესებულ ინსტიტუტებს და განსაკუთრებით სადამსჯელო ორგანოებს. ეს უფრო აძლიერებდა ქურდების გავლენას და ამ ინსტიტუტებისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვად მიჩნეული იყო ქურდული ქცევისა და მეტყველების დემონსტრირება. იქამდე გავრცელდა ქურდების გავლენა, რომ სკოლებს მიჩენილი ჰყავდა ქურდების წარმომადგენლები -მაყურებლები (смотрящие), რომელთაც უწყოდნენ, ვინ იყო მომავალი ქურდი სკოლაში. მოზარდებში ქურდულად ირჩეოდა საქმეები და ჩხუბიც ქურდულად ხდებოდა. მოქალაქენი დავის დროს ქურდებს მიმართავდნენ და არა სასამართლოს. ეს იყო დამონებული ხალხის პროტესტის ფორმა მაშინ, როცა პროტესტის გამოხატვის ყველა შესაძლებლობა აღკვეთილი იყო. ქურდის წილი საწარმოებსა და ავტოსატრანსპორტო გაერთიანებებში ხელუხლებელი იყო. დათქმულ ვადაში მოდიოდა ქურდის შუსტრიაკი და მიჰქონდა ეს წილი. ეს იცოდა ყველამ, დაწყებული ცკ-ს პირველი მდივნით, დამთავრებული უბნის ინსპექტორით. ქურდებმა თავად მოიპოვეს ეს წილი თავისი სამართლიანობითა და სიტყვაგაუტეხლობით. ეს თვისებანი საზოგადოებაში სანთლით საძებნი იყო.
რამკიანმა ქურდებმა ქართველებზე განუზომელი გავლენა მოახდინეს და გარკვეულწილად აღმზრდელის ფუნქციაც კი შეასრულეს. 70-80-იანი წლების ქართველ ახალგაზრდობაში დაუმორჩილებლობის სულისკვეთება დისიდენტებთან ერთად შეინარჩუნეს ქურდებმა. ქურდული კონტრკულტურა ქართული სინამდვილის განუყოფელი ნაწილია. ეს კულტურა, ისევე როგორც მრავალი სხვა რამ თანდათანობით იკარგება თავისუფლების სახელით მიმდინარე ნიველირების გლობალური ტენდენციის გავლენით, როდესაც ყველაფერი ერთ სიმაღლეზეა დაყენებული.  ამ უნივერსალისტურ და კოსმოპოლიტურ ტენდენციას დღეისთვის ვერაფერი უპირისპირდება. ეს არის ეგალიტარიზმის უკანასკნელი სიტყვა. არისტოკრატიული წარმოშობის ქურდული ეთოსი უძლურია დაუპირისპირდეს დემონური ძალმოსილებისა და ხიბლის მქონე ამ პლანეტარულ ტენდენციას. ნიველირება სპობს ნებისმიერ არისტოკრატიზმს. ის მანიპულირებს თავისუფლებისა და ბედნიერი მომავლის სახელით. ნიველირების მედროშენი გამოდიან და ქადაგებენ მორალს. მორალზე ლაპარაკით მართლდება მასობრივი ამორალიზმი. შორს მდგარი ქურდი კი დუმს. დუმან ძველი თაობის ქურდები. მათეული პროტესტი და აკრძალვები, მათეული ოტკაზნიკობა  ახალ გარემოში აღარას ნიშნავს. მათ უკვე არ იციან როგორი უნდა იყოს ქურდული კონტრკულტურა ახალ დროებაში. თანასწორ, თავისუფალ და თანამედროვე ადამიანებს ხელიდან გვეცლება არისტოკრატიზმი და ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან ხშირად არ ვუწყით რა არის არისტოკრატიზმი. ქართული საზოგადოებისათვის კი ეს იმას ნიშნავს, რომ ის დაკარგავს დაუმორჩილებლობის სულისკვეთებას და მსწრაფლ ჩაეფლობა ფილისტერიზმის ჭაობში. იგი მთლიანად განიმსჭვალება მომხმარებლური სულით და თავის ყოფას ცივილიზებულს უწოდებს. დაუმორჩილებლობა და კორპორაციული სულისკვეთება კვლავ გაიყიდება პურსა და სანახაობაზე, ხოლო ხანდახან ამოხეთქილ სინდისის ხმას კი ეს საზოგადოება სიცილსა და იუმორში, საჯარო ფამილარობაში ჩაახშობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s