ქურდული კონტრკულტურის შესახებ – 2


წერილი მეორე
*პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „მერიდიანი 44“ (24 -31 იანვარი, 2001, N 3). მუქშრიფტიანი სტრიქონები რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.

კონტრკულტურა, როგორც ნორმატიული საზოგადოებრივი ეთიკისაგან განსხვავებული ეთიკა, მუდამ ცდილობს მოიცვას რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გაიჭრას კონტრკულტურის ფარგლებს გარეთ და იქცეს საყოველთაო სინამდვილედ. მაგრამ საყოველთაო სინამდვილედ ქცეული კონტრკულტურა  უკვე აღარაა პროტესტანტული ხასიათისა და სიცილით გამოხატული შეურიგებლობა ნორმატიული ეთიკის მიმართ უკვე ნაყალბევი და მახინჯია. სასაცილო უკვე აღარ გვაცინებს, არამედ აღგვაშფოთებს თავისი უმსგავსობით.
კონტრკულტურული ღირებულება თავის თავში საკვირველის, არაჩვეულებრივის შემცველია. ის სიცილისა და სატირის მაპროვოცირებელია. კონტრკულტურული ღირებულება მუდამ საზღვრითი მოვლენაა. ამ მოვლენაში გამოხატული სიცილი და ირონია იმყოფება სინამდვილისა და ილუზორულობის ზღვარზე. სასაცილო გვაფიქრებს არსებულზე და ადამიანს საიმისოდ აღძრავს, რომ მან ეჭვი შეიტანოს სინამდვილის ზნეობრივ სისწორეში, რომელიც აქამდე უეჭველი და ურყევი ჩანდა. სიცილი უარმყოფელია სინამდვილისა, მაგრამ როდესაც უარმყოფელი თავად იქცევა სინამდვილედ, ის უკვე აღარაა სასაცილო. ის თავადაა უარყოფითი უფრო მეტად, ვიდრე მის მიერ უარყოფილი სინამდვილე. ეს ნიშნავს, რომ თვით სიცილი შერცხვა, იქცა რა სინამდვილედ. სიცილი და სირცხვილი სინამდვილის ფუნდამენტური თვისებანი არიან.
თუ რევოლუციამდელ ხალხურ კულტურაში ქურდობა ღვთისმსახურების მსგავს ქმედებად მიიჩნევა, ეს გულისხმობს, რომ სასაცილოა ეკლესია, რომელიც არსებული უარყოფითი სინამდვილის გამამართლებელია. შესაბამისად ხალხურ სიცილის კულტურაში ეკლესია სიცილს იწვევს თავისი ღვთისმსახურებით. ხალხური სატირის ანტიეკლესიურ ფორმებს ადგილი ჰქონდა შუა საუკუნეების ევროპაშიც. ბოლშევიზმის კრიტიკამ დავიწყების მტვერი მიაყარა მრავალი ბოლშევიკური მოვლენის ევროპულ წარმომავლობას. შუა საუკუნეების რუსეთში სატირა უკავშირდება სამიკიტნოში თრობას, უხამს ხუმრობას მღვდელზე, მაღლის დამდაბლებას და სასაცილოდ გადაქცევას სამიკიტნოში. სამიკიტნო სიცილის ასპარეზია. სიცილი უკავშირდება სამიკიტნოს, აბანოს, სამეძაო სახლს. აქვე იმყოფება სალოსიც. სიცილის კულტურისაგან განუყოფელია რუსული სალოსობაც. სალოსობა არა ხალხური, არამედ რელიგიური კულტურაა. რუსული მართლმადიდებლობა რელიგიათა შორის ერთადერთია, რომელსაც გააჩნდა სალოსობის კულტურა. სალოსი ცრუ გიჟია, ქრისტეს მაქციაა. სალოსი იქ სალოსობს, სადაც სამიკიტნო და სამეძაო სახლია. სალოსი უბნობს მდაბიორებთან, ავაზაკებთან, მპარავებთან, მეძავებთან. ამაში სალოსი ქრისტეს მიმბაძველია. გზაი ქრისტეისი შეშლილობასა და ექსტაზისზე გადის. სალოსი ყველგან ხელშეუხებელი და წმინდაა თავის სიგიჟეში. სალოსური სიწმინდე მუდამ თავს ავლენს როგორც სასაცილო, სულელური. კაცი გამოიცდება იმით, თუ რას იტყვის ის სალოსის სულელობაზე. სიბრძნე სისულელით იფარავს თავს და სიცილის მიღმიერ მყოფია. ქრისტეს გზით მავალი სალოსი თავისი შეშლილობით ჯვარცმის შეშლილობის გამომხატველია. ევროპაში არ ყოფილა სალოსობა. სიცილის კულტურა იქ მასხარას უკავშირდება. სალოსობა რუსეთში აკრძალა ნიკონიანურმა ეკლესიამ და იმპერატორ პიოტრ I-ს სძულდა სალოსები.
საქართველოში სალოსობა არ ყოფილა. ქართული რელიგიურობა რუსულ რელიგიურობას ვერ შეედრება. სასაცილო, როგორც კონტრკულტურული ღირებულება, რომელზეც ხალხმა იცის, საქართველოში გამოიხატება დეკლასირებული ადამიანის, კინტოს მიერ. კინტო თავისი პლებეური დარდიმანდობითა და ენამოსწრებულობით და ყარაჩოხელი თავისი სიდარბაისლით არა მხოლოდ ქალაქელ მდაბიოთათვის არის მიმზიდველი, არამედ ქართველი არისტოკრატიისთვისაც. კინტო და ყარაჩოხელი სამიკიტნოდან და დუქნიდან გამოუსვლელნი არიან. აქაც სამიკიტნო სიცილის ასპარეზია. გაღარიბებულ, უსაქმურ და შფოთისთვის ატეხილ ქართველ თავადებს მოსწონთ კინტოს დამცინაობა, ცბიერება და ღირსების თავისებური გრძნობა. თავადებს მოსწონთ კინტოს მანერები და დამოკიდებულება ურთიერთშორის. თავადებს მოსწონთ, როცა მათ კინტო მიმართავს „კნიაზჯან!“. თავადი კინტოებს შეამხანაგებულია და მათთან ერთად ილხენს. ეს ამბავი ქართულ ხელოვნებაში, განსაკუთრებით კინემატოგრაფში რაღაც არაჩვეულებრივ თბილისურ კოლორიტადაა წარმოჩენილი. ქართულ ხელოვნებაში კინტო მიიჩნევა ქალაქური კულტურის მატარებლად. თბილისში კინტოს გამოსახულებაა ყველგან. დუქნის შესასვლელთან კინტოს სურათია, რესტორნის წინ კინტოს სამოსელში გამოწყობილი ბიჭი დგას. 80-იანი წლების რესტავრირებულ თბილისშიც ყველგან კინტოს სტილიზებული გამოსახულება ეკიდა. ამან ყოვლად უმსგავსი სახე მიიღო.
ქართულ ქურდულ კონტრკულტურაში ბევრია კინტოური ელემენტი. იმდენად ბევრი, რომ ხშირად ის ფარავს ქურდულ არისტოკრატიზმს. კინტოური გავლენა დიდია საზოგადოებაზეც. რაც თბილისში ყველაზე ცუდი იყო, სწორედ მისი სტილიზაცია და ეროვნულობის რანგში აყვანა მოხდა, სწორედ ქალაქური კულტურის არარსებობის გამო. სხვა თუ არაფერი იყო თბილისში, ეს ხომ მაინც იყო.
ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ საბჭოთა იდეოლოგიამ მოიცვა მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება და ხალხურ სატირას გამოვლენის არანაირი შესაძლებლობა არ დაუტოვა. ქართველი ხალხი ისევ იმპერიის ფარგლებში მოექცა. ხალხური კულტურის პროტესტი დაუკავშირდა რუსეთიდან შემოსულ ქურდულ კონტრკულტურას და მისი მოშველიებით გამოთქვამდა კრიტიკას. რუსეთში ასე არ მომხდარა. ქურდული კონტრკულტურა ძირითადად კრიმინალური სამყაროთი შემოსაზღვრული რჩებოდა. რუსი ხალხი ხედავდა, რომ ბოლშევიკებმა შეინარჩუნეს იმპერია და გააგრძელეს რუსული მესიანიზმის გზა. ბოლშევიკებმა დაამარცხეს ნაცისტები. დერჟავა ისევ არსებობდა და ძლევამოსილ სვლას აგრძელებდა. რუსი ხალხი ხედავდა, რომ დიდი მსხვერპლი, რაც მან გაიღო, ღირებული იყო. რუსთა თაობებისათვის სამოქალაქო ომის გმირების, შემდგომ დიდი სამამულო ომის გმირების საქმე მისაბაძი იყო და ზნეობრივი ორიენტირის როლს ასრულებდა. ომის შემდეგ თაობები აღიზარდნენ მატროსოვის, კოშევოის და სხვათა გმირობაზე. ქართული ეთნოცენტრიზმისათვის რუსული რევოლუციური მესიანიზმი გაუგებარი იყო. ბევრჯერ რუსეთის გმირები ქართველებში ირონიულ დამოკიდებულებას იწვევდნენ. მაგრამ ქართველებს არც საკუთარი გმირები ჰყავდათ. ჟორდანიას მთავრობა გაიქცა და განძეული გაიტაცა. შემდეგ ამას დრამატულ ამბად წარმოაჩენდნენ. საქართველო ბოლშევიკებამდეც რუსეთის იმპერიაში იყო მოქცეული და სანამ რუსეთი კავკასიაში შემოვიდოდა, სახელმწიფოებრიობა მანამდეც დიდი ხანი მოშლილი იყო საქართველოში. აქ მოხდა სახელმწიფოებრიობისაკენ სწრაფვის ატროფირება. ქართველმა დაკარგა საკუთარი სახელმწიფოს განცდა, რაც დღეს მთელი სისრულით ვლინდება. ამიტომ ერის ენერგია და აზრი მიიმართა მთლიანად ისეთისკენ, რაც არსებული საბჭოთა სისტემის ანტიპოდი იყო. მოხდა ქურდული ცხოვრების წესის იდეალიზება ეროვნულ ცნობიერებაში. იყვნენ ცნობილი საიმპერიო ქართველი მოღვაწენი, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ისინი იმპერიას ემსახურებოდნენ, მათ არ სცნობდა ქართველობა. მათი უარყოფის მიუხედავად, ქართველს არც საკუთარი სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლა შეეძლო. ქართველთათვის იდეალი იყო რუსეთში გადახვეწილი ქართველი ქურდი, რომელზეც ლეგენდები იქმნებოდა. მეფის რუსეთის დროს ქართველთათვის ლეგენდად იქცა შარაგზის ყაჩაღი არსენა. მაშინდელ ქართველთათვის ბატონების ამკლები არსენა ეროვნული გმირი იყო. საბჭოთა დროში  ასეთად რუსეთს გადახვეწილი ან აქ მყოფი ქართველი განაბი გამოვიდა. რაც შეეხება კინტოს, ის გაქრა ქართულ მუშათა მოძრაობის გარიჟრაჟზე. კინტო დეკლასირებული ელემენტი იყო, რომელიც არც რევოლუციის მხარეს დადგებოდა და არც რუსულ თვითმპყრობლობაზე დაფუძნებული სისტემის დამცველად გამოდგებოდა. კინტო, ეს წვრილვაჭარი ქუჩის მასხარა, რომელიც თბილისში ყველგან თვალში საცემი იყო თავისი სასაცილო სამოსელითა და ქცევით, გაქრა და მისგან მხოლოდ სალანძღავი სიტყვა დარჩა.
საბჭოთა იდეოლოგიამ ჩაკლა ხალხური სატირული კულტურა, რომელშიც წარმართული პლასტები მრავლად იყო, მაგრამ საბჭოთა იდეოლოგიამვე ფოლკლორს განვითარების დიდი შესაძლებლობანი შეუქმნა. ფოლკლორი მოედნებიდან და სახალხო დღეობებიდან საგამოფენო და საკონცერტო დარბაზებში შემოვიდა. საბჭოთა ხელისუფლებამ იმპერიის ხალხთა ფოლკლორს აკადემიურ სიმაღლეზე ასვლაში შეუწყო ხელი. ასე მოექცა ფოლკლორი იდეოლოგიური გავლენის ქვეშ. ეს იგრძნო ხალხურმა სატირამ და შეიქმნა ახალი სატირული კულტურა, რომელიც დაუკავშირდა პოლიტიკანურ ანეკდოტებს რევოლუციის ბელადებზე – ლენინზე, ჩაპაევზე, კამოზე და სხვებზე. ხალხური სატირა დაუკავშირდა ქურდულ პროტესტს.
საზოგადოებაში ადამიანურ უთიერთობათა ინტენსივობა არ იყო ისეთი, რომ მას შეძლებოდა შეექმნა რაღაც კორპორაცია თავისი იერარქიულობით, იდეურობით. ამიტომ  ქურდული კორპორაცია ლეგენდებით შეიმოსა. ნებისმიერი ნონკონფორმისტული გაერთიანება იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას. მხოლოდ 80-იანი წლების შუიდან მასებში ავტორიტეტი მოიპოვეს ანტიკომუნისტურმა დისიდენტურმა ჯგუფებმა და ახალგაზრდულმა არაფორმალურმა გაერთიანებებმა. საზოგადოებისათვის შორეულ დროთა გმირები (ცოტნე, თევდორე) ნაკლებავტორიტეტულნი იყვნენ. ისინი ეკუთვნოდნენ იმ წარსულს, რომელიც უარყო ეგალიტარიზზმა, ქართული სოციალ-დემოკრატიის ორივე მხარემ. ახალ რევოლუციურ დროს ახალი გმირები ესაჭიროებოდა. ბოლშევიკურ გმირებს კი საზოგადოების უფართოესი ფენები არ სცნობდნენ. გმირული, ვაჟკაცური დაუკავშირდა რუსეთში მყოფ ქართველ ქურდს, რომელიც ზონას უყურებდა, პალაჟენიე ეჭირა. ამგვარად გამოითქმოდა ქართველთა პროტესტი რუსეთის მიმართ. მართალია, რუსები პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით იმპერიის მოთავენი არიან, მაგრამ კაცობისა და გაგების ამბავში ქართველი იჩემებდა პირველობას. ამ შეგნებით აღიზარდა ქართველთა რამდენიმე თაობა. ქართული ეთნოცენტრიზმი ცდილობდა თავისი განსაკუთრებულობა ქურდული ეთოსის მიდევნით წარმოეჩინა. მრავალი ქართველი ახალგაზრდა თავს არიდებდა საბჭოთა არმიაში სამსახურს და ვენებს იჭრიდა ამ მიზნით. საბჭოთა დროს ქართულ საზოგადოებაში ადამიანი კი არ შრომობდა, არამედ ჩალიჩობდა. ქართული ცხოვრების წესი ახლაც ასეთია. ჩალიჩი გულისხმობს იმას, რომ ქურდულად გაგებული კაცი საქმეს აკეთებს გაგებაში. ჩალიჩი იყო ქართველთა პროტესტიც. ჩალიჩობდა ყველა. გულის სიღრმეში ქართველი გრძნობდა, რომ ეს დამღუპველი იყო, მაგრამ თავს იმით იმართლებდა, რომ საბჭოთა იდეოლოგიის მიხედვით ცხოვრება შეუძლებელი იყო. დისიდენტური მოძრაობა უფრო შორს წავიდა და ქართველ კომბინატორთა ჩალიჩი ეროვნული მნიშვნელობის საქმედ მიიჩნია იმ აზრით, რომ მათი ჩალიჩი ხელს უწყობდა საბჭოთა ეკონომიკის ნგრევას. საზოგადოება ქურდული გაგებით ცხოვრობდა. ყოველ ვიგინდარას თავი ძველ ბიჭად მოჰქონდა და ეს იყო ეროვნული კატასტროფის დასაწყისი. საბჭოთა იდეოლოგიასთან უთანხმოების სახელით გამართლებული იყო ის, რომ ქართველი სახელმწიფოს ჰპარავდა. ამიტომ იყო, რომ ქურდის წილი გადადებული იყო საწარმოებში, საქმიან ეზოებში და ყველგან, სადაც ფული კეთდებოდა. ქურდთან მეგობრობდნენ ქარხნების დირექტორები. ქურდული გაგება ამართლებდა ქართული ცხოვრების წესს. ჩრდილოვანი ეკონომიკის საქმოსნები ჩავარდნის შემთხვევაში ქურდისაგან მოითხოვდნენ ჩალიჩს საქმის გამოსასწორებლად. ე.ი. თვით მართველ წრეებში ქურდი ზნეობრივი ავტორიტეტი იყო. მრავლად იყო შემთხვევები, როცა საწარმოში ხელმძღვანელთა შორის წარმოშობილ დავას ქურდები არკვევდნენ. მათ საამისოდ ეძახოდნენ, რადგან მათი მსჯავრის სამართლიანობისა სჯეროდათ. უბრალო ქართველი ამართლებდა იმას, როცა ქურდი საწარმოს დირექტორს წილს სთხოვდა. თუ ერთი ლევი ფულს აკეთებდა, ის მოვალე იყო გაენაწილებინა ეს ფული მისთვის, ვინც ზნეობრივ ავტორიტეტად ითვლებოდა. კომუნისტი მმართველები ამ ფაქტისადმი ლოიალურნი იყვნენ. ყველამ იცოდა, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის საწარმოში პროკურორის და ქალაქკომის წილების გარდა არსებობდა ქურდის წილი და მას ხელისუფლება არ ეხებოდა. ხელისუფლება იმპონირებული იყო ქურდული კონტრკულტურით. ვასილ მჟავანაძის მმართველობის დროს დიდი ფული კეთდებოდა საქართველოში და როცა შევარდნაძე ცკ-ს პირველი მდივანი გახდა, მექრთამეობასთან ბრძოლის სახელით უამრავი კომბინატორი ციხეში ჩასვეს. ამის შემდეგ მექრთამეობასთან ბრძოლის კამპანია მრავალჯერ იყო, მაგრამ ქურდის ავტორიტეტი და მისი სტატუსი ქართულ საზოგადოებაში ურყევი რჩებოდა. ქურდებით იმპონირებული იყო ინტელიგენციაც, რომელმაც გაამართლა ჩალიჩი. მოჩალიჩე პოეტთა, მწერალთა, რეჟისორთა, მეცნიერთა მთელი რიგები შეიქმნა და ასე მოდის დღემდე. ყველა შემთხვევაში ქართველობა ცდილობდა რუსებზე შეეწმინდა ხელი. ასეთი ცხოვრების წესი უვნებელი და მიმზიდველი რჩებოდა მანამ, სანამ საიმპერიო პროტექცია და საბჭოთა იდეოლოგია არსებობდა. როცა იმპერია დაიშალა, ცხოვრების ეს წესი იქცა დამანგრეველ სინამდვილედ. აღმოჩნდა, რომ ქართველს არ შეუძლია სხვაგვარად ცხოვრება. ჩალიჩნოები და მაღარიჩები მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს შექმნა. საბჭოთა სისტემის დაშლამ ქურდის ავტორიტეტი და სტატუსი შეარყია, მაგრამ ქურდული გაგება ისევ არსებობს.
ქურდული კონტრკულტურა ქართული უსახელმწიფოებრიობის ისტორიაა. უახლოეს წარსულში უბრალო ქართველნი ქურდულ სამართალს მიმართავდნენ. მისი სჯეროდათ და არა საბჭოთა სამართლისა. ქართველი ქართველისათვის არა თანამოქალაქე, არამედ ჩვენი ძმა და კაი მასტი იყო, როგორც ეს ქურდებში იციან. სიტყვის გამტეხს, ზნეობრივი წესის დამრღვევს ქურდულად განიკითხავდნენ. ეს ყველაფერი ძალზე რომანტიკულად მოჩანდა იმპერიის ფარგლებში. ქურდული გაგების მიდევნით ქართველს თავისი თავი იმპერიის სხვა ხალხებზე აღმატებულად მიაჩნდა. კონტრკულტურა სასიცოცხლო ძალას იღებდა იმისგან, რასაც თავისებურად აკრიტიკებდა და დასცინოდა. საბჭოთა სინამდვილისაგან დევნილი ქურდული კონტრკულტურა  მნიშვნელობის მქონე იყო მხოლოდ მასთან დაპირისპირებაში. ქურდულ გაგებას არ შეუძლია პროტესტი გამოთქვას პოსტსაბჭოთა სინამდვილის მიმართ. აღარაფერს ნიშნავს ქურდული რელიგიური სიმბოლიკა და აკრძალვები.
გორბაჩოვისეული გარდაქმნის დოქტრინის გამოცხადების შემდეგ ქურდული კონტრკულტურა კომერციალიზებულ იქნა, სადამდეც ეს იყო შესაძლებელი. დაიწყო მანამდე აკრძალული ქურდული სიმღერების ესტრადაზე გამოტანა, დიდი ტირაჟით გამოვიდა უწინ აკრძალული წიგნები ქურდებზე. დაიწერა ახალი პროზაული ნაწარმოებები ქურდულ ცხოვრებაზე. გადაღებულ იქნა ფილმები (80-90-იანი წლები).  ხალხი ყველაფერ ამას აღტაცებით აწყდებოდა იმ პერიოდში. უთუოდ სათქმელია, რომ კონტრკულტურა დევნილებასა და ციხის გალავნის მიღმა მყოფი უფრო მიმზიდველი ჩანდა. როდესაც მას საჯაროდ გამოსვლის ნება დართო ხელისუფლებამ, აღმოჩნდა რომ ძალზე ბევრი რამ კომერციული მიზნით უტრირებული ყოფილა და ის სულაც არ იყო ისეთი რომანტიკული, როგორადაც წარმოიდგინებოდა. კინემატოგრაფსა და პროზაში პირველად გაისმა და დაიწერა ისეთი ჟარგონული სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც მხოლოდ ქურდულ საძმოში იცოდნენ. ქურდულ სიტყვათა ლექსიკონები მხოლოდ სამსახურებრივი გამოყენების მიზნით ეწყო პროკურორებისა და გამომძიებლების კაბინეტებში. კონტრკულტურის კომერციალიზების გამოხატულება იყო კრიალოსნით თამაშის მოდაში შემოსვლა 91-4 წლებში. ეს ერთ-ერთი ფილმის გავლენით მოხდა. შემდეგ კონტრკულტურის კომერციალიზების ტალღას საქართველოში მოჰყვა სამოქალაქო ომი, საძმოების შექმნა და თვით კრიმინალურ სამყაროში გახდა შეუძლებელი იმის გარჩევა, ვინ ვის ეკუთვნოდა, ვინ იყო ქურდი და ვინ ცრუ ქურდი. დაიწყო ომი თავად შავ სამყაროში. ბევრგან მოისპო იერარქია. ქურდულმა აკრძალვებმა თანდათან მნიშვნელობა დაკარგა თვით ქურდებს შორის. ქურდული გაგების მაფიიზაცია დაიწყო.
კონტრკულტურის ხელახალი კომერციალიზების მცდელობა მარცხით დამთავრდა. წიგნები და ფილმები ქურდებზე აღარ იპყრობდა ყურადღებას. ყოველივე ამის მიუხედავად, ქართველთა შორის მყარ ჩვევადაა ჩამოყალიბებული ქურდულად მეტყველება, კინტოური უხამსი ენამოსწრებულობა. ამის დასტურია ქართულ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული მასალები. იწერება თუ ვის რა დილიხორი ჰქონდა, ვინ ვისი პოდელნიკი იყო და ა.შ. კონტრკულტურის კომერციალიზებამ წარმოაჩინა ის, რომ საზოგადოება მოკლებულია ისეთ თვისებებს, როგორიცაა კორპორაციულობა, ზნეობრივი მოვალეობა და თავის გაწირვა. ქურდი შავი გაგების პრინციპებისათვის თავს გაწირავს, ძმაკაცის გულისათვის სროკს აიკიდებს, ქვას გახეთქავს და გაჭირვებაში მყოფს ფულს უშოვის. ის ამისთვის ემზადებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ დემონსტრაციულად უარს ამბობდა საბჭოთა პასპორტის აღებაზე.  სწორედ ამ თვისებათა გამო მოხდა განაბთა და მათ იუზგართა ერთობის მითოლოგიზაცია საზოგადოების თვალში. რამკიანი ქურდი, შავი სამყაროს სინდისი და ღირსება, რომლის კვდომასთან ერთად კვდება არისტოკრატიზმი, რომლის ცხოვრება მუდმივი რისკია, ჩვენს დროში ისეთივე მნიშვნელობის მქონე იყო, როგორც ღვთაებრივი წარმოშობის ქურდი, ჰერმესის ორეული – ავტოლიკე ელინისტურ სამყაროში, რომლის ქანდაკებასაც თაყვანს სცემდნენ ელინები და ელინიზებული ხალხები.
საბჭოთა იმპერიაში არსებული ქურდული კონტრკულტურა დასავლელი ადამიანისათვის ხშირად გაუგებარია. ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში კრიმინალური კონტრკულტურა სხვაგვარი სახით არსებობდა. ძველადაც და ახლაც იქ კრიმინალები ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობდნენ. კოლონიალიზმის ეპოქაში ესპანურ, პორტუგალიურ, ინგლისურ, ფრანგულ გემებზე მრავლად იყვნენ კრიმინალები. რისკიან შორეულ ნაოსნობაში ახალი მიწების აღმოჩენა-დაპყრობის მიზნით ყველა არ წავიდოდა. ზღვაოსნობა მაშინ თავზეხელაღებულთა საქმე იყო. ხშირი იყო შემთხვევები, როცა გემის ეკიპაჟი ჯანყს აწყობდა, კლავდა კაპიტანს და მეკობრეობას იწყებდა. ავსტრალია დაარსდა გადასახლებულ ტუსაღთა და კატორღელთა მიერ, რომელნიც ინგლისმა თავიდან მოიშორა მათი ქვეყნიდან გასახლებით. აშშ-ს ადმინისტრაცია მეორე მსოფლიო ომის დროს თავისი მიზნებისათვის იყენებდა მაფიას. ასევე აკეთებდა ის ლათინურ ამერიკაში. ასეთი ურთიერთობის შემდეგ მაფიას სრული უფლება ჰქონდა თავისი პრეტენზიები წაეყენებინა თეთრი სახლისათვის. ის, რომ საქართველოს ქურდული სამყაროს ნაწილი პოლიტიკაში ჩაერია და კრიმინალურ რევოლუციას დაუდო საფუძველი, დასავლეთის გავლენით მოხდა.
პოსტსაბჭოთა კრიმინალური სამყაროს პოლიტიზაცია იმითაც გამოიხატა, რომ 1992-5 წლებში რუსეთს წასული ქართველი ქურდები დამხვდურებმა მტრულად მიიღეს. მათი აზრით, თუ საქართველოს არ სურდა რუსულ საიმპერიო სივრცეში ყოფნა, ქართველები ისევ რუსეთში აღარ უნდა მოსულიყვნენ. ძველი წესების მიმდევარმა რუსმა ქურდებმა ქართველ ქურდებს ბრალი დასდეს პოლიტიკაში ჩარევაში. რუსების აზრით, ქართველებმა ხელი შეუწყვეს ანტირუსული ქართული პოლიტიკის ჩამოყალიბებას. თუ უწინ ქართველი ქურდი რუსულ კრიმინალურ სამყაროში შინაური იყო და ლაღად ცხოვრობდა, ახლა მას ძალზე გაუჭირდა. თვით რუსულ კრიმინალურ სამყაროში მოხდა დაყოფა მაფიად და ძველი ქურდული წესების მიმდევრებად. დაიწყო ომი და ქართველები ბევრგან გამოდევნეს. ამის დასტურია ასობით მოკლული კრიმინალი ქართველი რუსეთის ქალაქებში. ისინი 1993-5  წლებში წავიდნენ საქართველოდან. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მოკლული ქართველი ქურდი ერთად ჩამოუსვენებიათ რუსეთიდან. რუსული ქურდული სამყაროს ყურსაც სწვდება რუსების დაცინვა ქართველთა მიერ და ის უკვე მტრულად ხვდება ყველა იქ ჩასულ ქართველ კრიმინალს. ანტიკავკასიურ განწყობას აძლიერებს ჩეჩნეთის ომი და რუსული მედიის პროპაგანდისტული კამპანია.
საქართველოსათვის უბედურება ისაა, რომ ახალგაზრდობას დღეისათვის არა აქვს არანაირი იდეალი და ბევრ შემთხვევაში მისთვის იდეალად ისევ ქურდული გაგება რჩება. ინტელიგენცია, რომელიც პერიოდულად ქურდულ ტრადიციასთან ბრძოლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ახალგაზრდობისათვის უავტორიტეტოა. დღეისათვის კრიმინალიზებულია ქართლ-კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი. პატიოსანი შრომა დევალვირებულია უფრო მეტად, ვიდრე ეს საბჭოთა მმართველობის დროს იყო. მუდმივად კრიზისული ხელისუფლების წაფორხილების შემთხვევაშიც კი საქართველოს ბანდიტიზმი მოიცავს, რომელიც სოციალური მოძრაობის ადგილს დაიკავებს და მისი სახით გამოვა. საზოგადოებას არ ძალუძს პასუხი აგებინოს ქვეყნის დამაქცევართ და ის დიდი მოწონებით შეხვდება ბანდიტურ ანგარიშსწორებას ისევე, როგორც ის უწინ ქურდულ შეწერებს იწონებდა. ეს კი ქართული სახელმწიფოებრიობის შესაძლებლობას ძირშივე სპობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s