ქურდული კონტრკულტურის შესახებ – 1


წერილი პირველი

*პირველად გამოვიდა ყოველკვირეულ გაზეთში „მერიდიანი 44“  (17 – 24 იანვარი, 2001, N 2). გაზეთში მუქშრიფტიანი ადგილები რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.   

კონტრკულტურა სოციოლოგიაში განიმარტება როგორც  სოციალურ-კულტურული ნორმების ერთობლიობა, რომელიც ეწინააღმდეგება კულტურას და საზოგადოებრივი წესების უარმყოფლად გამოდის. გარდა ამისა, კონტრკულტურა განიმარტება როგორც ახალგაზრდული სუბკულტურა, რომელიც ასევე არსებული კულტურის უარმყოფელია. ეს ნიშნავს, რომ მამათა კულტურას უარყოფს მოჯანყე შვილთა კულტურა. დასავლეთში სუბკულტურული პროტესტის სახით გამოვიდა ორიენტალისტური მოძრაობა, როკერთა მოძრაობა, სექსუალური რევოლუცია და სხვა. კონტრკულტურა ასევე არის იდეათა და ღირებულებათა ის სისტემა, რომელიც კრიმინალურ სამყაროს აქვს.

საბჭოთა იმპერიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ქურდული კონტრკულტურის გავლენამ საზოგადოების ყველა ფენა განმსჭვალა. ამ კონტრკულტურამ სახელმწიფოებრიობის არქონის კომპენსირება მოახდინა და ის გამოვიდა როგორც ქართველთა ზნეობა, რომელიც ცდილობდა საბჭოთა იდეოლოგიაზე მაღლა დამდგარიყო. ქურდულ გაგებასთან დაკავშირებულ ქართველთა სამოქალაქო კრიტიციზმს მუდამ ნამდვილობის პრეტენზია გააჩნდა.

ქურდული კონტრკულტურა იყო რუსეთშიც, მაგრამ საზოგადოებაზე მისი გავლენა იქ კრიმინალურ წრეებს იშვიათად სცილდებოდა. რუსეთში დასავლეთის მიბაძვით შეიქმნა ახალგაზრდული სუბკულტურები (როკერები, ბაიკერები, პანკები და სხვ.) რუსი ახალგაზრდობა დაინტერესებული იყო ამ სუბკულტურებით და არა ქურდული კონტრკულტურით. ქართველი ახალგაზრდობა კი პირიქით იყო. მისთვის მისაბაძი იყო ქურდული გაგება. ქურდული გაგების ავტორიტეტი ვლინდებოდა ინტელიგენციის უმაღლეს წრეებსა და ხელისუფლებაში. მრავალი ცნობილი ინტელიგენტი ქურდებთან მეგობრობდა, ქურდულად მეტყველებდა. ინტელიგენციაზე ქურდების გავლენა ისე დიდი იყო, რომ არსებობდა თეთრი ქურდი. ეს იმას ნიშნავს, რომ მავანი არ იყო ციხეგამოვლილი, არ ჰქონდა ჩადენილი არანაირი დანაშაული, მაგრამ ქურდობას იჩემებდა და ინტელიგენტურ წრეში ტრიალებდა. ის ამ წრეში მიღებული კაცი იყო და ზნეობის საკითხებში მას ავტორიტეტად სცნობდნენ. ქართველთა საზოგადოებაში ქურდების ასეთ გავლენას მიაწერენ ხოლმე საბჭოთა იდეოლოგიის მანკიერ ბუნებას, მაგრამ ეს არაა სწორი. საბჭოთა იდეოლოგია იყო ჩრდილოეთ კავკასიაშიც, შუა აზიაშიც, მაგრამ იქ ათეიზმის მიუხედავად, უხუცესთა და რელიგიურ წინამძღოლთა გავლენა ახალგაზრდობასა და მთლიანად საზოგადოებაზე დიდი იყო. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ იქ ეს გავლენა უფრო განმტკიცდა. საქართველოში რელიგია და ეკლესია საზოგადოებაზე გავლენას ვერ ახდენდა. უხუცესთა ავტორიტეტი მცირედ შენარჩუნებული იყო მხოლოდ ქართლის მთიანეთსა და სვანეთში. დღეისთვის საბჭოთა იდეოლოგია უარყოფილია, მაგრამ ქურდული კონტრკულტურა ახალგაზრდული მასებისათვის საქართველოში კვლავ იდეალად რჩება.

საბჭოთა იდეოლოგიის სიმძიმეს განიცდიდნენ რუსებიც, მაგრამ რუსული სოციუმი ხედავდა, რომ ამ იდეოლოგიაზე ეყრდნობოდა ბოლშევიკური იმპერიის ძლიერება და ეს იდეოლოგია რუსული მესიანიზმის მემკვიდრე იყო. რუსი ძალზე ხშირად ჭეშმარიტი რევოლუციონერი და ალალი კომუნისტი იყო, რაც საქართველოში მუდამ დამცინავ დამოკიდებულებას იწვევდა რუსთა მიმართ. რუსს სწამდა მარქსისტულ-ლენინური იდეისა და ამ იდეათა სისწორის დასტურად მიაჩნდა ის, რომ რუსეთი ზესახელმწიფო იყო. ქართველს არ ჰქონდა და არა აქვს სახელმწიფოს განცდა.

ითქმის ხოლმე, რომ ქართველი ახალგაზრდობა იზრდებოდა უზნეო გარემოში, კომუნისტური სიცრუის პირობებში და არანაირი ჭეშმარიტი იდეალი მას არ გააჩნდა.  ქურდული კონტრკულტურა გარკვეული სახით არსებობდა საბჭოთა პერიოდამდეც. დავიწყებას მიეცა პოლიტიკური პროტესტის ის ფორმები, რომელნიც არსებობდა მეფის რუსეთში. საქართველოში ქურდული კონტრკულტურა იქცა ხალხური, მდაბიური კულტურის გამოხატულებადაც. ქართველთა პიეტეტი ქურდების მიმართ იყო პოლიტიკური პროტესტის ფორმა საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ. ამის გამო იყო, რომ ქურდმა საზოგადოებაში ზნეობრივი ავტორიტეტისა და აღმზრდელის როლი შეასრულა. ქურდულმა ეთოსმა ხელი შეუწყო ნდობის განმტკიცებას ურთიერთობებში. ქურდული დასჯის შიშით ქართველს ეშინოდა სიტყვის გატეხისა. რაც არანორმალური იყო, ქართველთა შორის ნორმალურად მიიჩნეოდა. ქართველთა საზოგადოებას არ გააჩნდა და არ გააჩნია შინაგანი მისწრაფება დამოუკიდებლად დაადგინოს ღირებულებები და მათი დაცვისათვის იბრძოლოს.

საქართველოში ქალაქური, ხალხური კულტურის მატარებელნი იყვნენ კინტო და ყარაჩოხელი. კინტო სიცილის კულტურას ეკუთვნის და თბილისში ის ისეთსავე როლს ასრულებდა, როგორც მასხარა ევროპის ქალაქში. კინტო უდაბლეს ფენებს მიეკუთვნება და მისი ქცევა არის პროტესტი არსებული საზოგადოების მიმართ. კინტოსგან მოელიან იმის თქმას, რისი თქმაც თავად არ შეუძლიათ შიშის გამო. კინტოს დარდიმანდობა, მდაბიორული დარბაისლობა მიმზიდველია, მაგრამ კინტო შფოთისთავი, ქურდბაცაცა და ავყიაა. თბილისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთაგანია და მან განიცადა არაერთი იმპერიული კულტურის გავლენა. ამის მიუხედავად, აქ არაა ქალაქის დღის ტრადიცია, როცა პლებეური კულტურა, სიცილის კულტურა თავს საზეიმოდ ავლენს. ამის გამოა, რომ თბილისობა ვერ იქცა ქალაქის დღედ და ქალაქურ-ხალხური კულტურის ზეიმად.

ქურდულ კონტრკულტურაზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ხალხურ, მდაბიოთა კულტურას რუსეთში. ეს არის народная смеховвая культура. დანაშაული და ქურდობა რევოლუციამდელ რუსულ ხალხურ კულტურაში გაიაზრებოდა ქრისტიანული ღვთისმსახურების მსგავსად. ითხზვებოდა სიმღერები თუ როგორ გაქურდეს გლეხის საკუჭნაო და ეს სიმღერაში აღწერილია როგორც საღვთისმსახურო საქმიანობა. ეს იყო მდაბიური პროტესტის სახე ეკლესიისა და მონარქიის მიმართ. რევოლუციისშემდგომი ქურდული კონტრკულტურა კი ბოლშევიკური ათეიზმის საწინააღმდეგოდ რელიგიური სიმბოლოების დემონსტრირებას ახდენს. არისტოკრატიზმი, რელიგიური სიმბოლიკა, აკრძალვები ქურდულ კონტრკულტურაში არის გვიანდელი მოვლენა და ის იშვა როგორც კონტრარგუმენტი ბოლშევიკური, პროლეტარული დიქტატურის წინააღმდეგ.  რუსეთში გლეხთა აჯანყებების (პუგაჩოვის და სხვ.) დროს კრიმინალები უერთდებოდნენ აჯანყებულებს, რომელნიც მეფის დამხობას იზრახავდნენ. კრიმინალები მუდამ მოჯანყე голытьба-ს ემხრობოდნენ. რევოლუციისშემდგომ კონტრკულტურაში მკაცრი იერარქირება იყო იმის შედეგი, რომ აქ მოვიდა დევნილი არისტოკრატი. ბოლშევიკურმა რევოლუციამ დათრგუნა თეთრი ტერორი და კონტრრევოლუცია აღმოფხვრა. ბოლშევიკურ ლოზუნგს „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს!“ უპირისპირდება ქურდული პრინციპი, რომ ქურდი არასდროს არსად მუშაობს. ციხეებსა და ლაგერებში ქურდები პოლიტიკურ ტუსაღთაგან შორს იდგნენ. დღეს შეუძლებელია ძველი დროის მსგავსად დამნაშავენი აჯანყებულ მუშებთან და გლეხებთან ერთად გაერთიანდნენ.

ქურდული ანტიკულტურის პროტესტმა თავის ზენიტს საბჭოთა წლებში მიაღწია. ქურდული ენა თავდაყირა დაყენებული ენაა. სიტყვები სხვა მნიშვნელობით გამოდიან. ასევე თავდაყირა დაყენებულია ზნეობრივი პრინციპები. ძველი დროის ქურდული ანტიეკლესიური სიმღერებისაგან განსხვავებით, საბჭოთა დროს შეთხზულ სიმღერებში უკვე აღარაა მწვავე პოლიტიკური შინაარსი. ქურდები აღარ ერეოდნენ საზოგადოებრივ მღელვარებაში. ქურდული გაგებით საზოგადოებრივი ნორმებით მცხოვრები კონფორმისტი ყვავია.  ცნობილი ქურდული სიმღერის სიტყვები „აბა, ყვავებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში ბულბულები ზიან“, გულისხმობს იმას, რომ ზნეობრივი სიმართლე ქურდის მხარესაა და არა საზოგადოების მხარეს. პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა ცნობილ ქურდულ სიმღერას „ყ..ს ვერ მომჭამს ყარაული“.

რელიგიური სიმბოლიკა ქურდულ კონტრკულტურაში დიდი მნიშვნელობის მქონეა. ქრისტესთან ერთად ავაზაკი ბარაბაც უნდა განკითხულიყო. მაცხოვარი ჯვარს აცვეს ორ ავაზაკს შორის. ერთმა იწამა მისი. აქვე მინდა აღვნიშნო ქრისტეს ყურადღება განკიცხულთა და ცოდვილთა მიმართ. დიდმა ცოდვამ დიდი მონანიება უნდა შვას. დიდ ცოდვაში მყოფ კაცს აქვს ის გრძნობა, რაზეც არ უწყის მართალმა, რომელმაც არასოდეს სცოდა. „ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს…“. ქურდული რელიგიური სიმბოლიკა გულისხმობს იმას, რომ ქურდი, რომელიც გარიყული და დევნილია, როგორც დიდი ცოდვილი, შეწყალებას მხოლოდ მაცხოვრისაგან ელოდა. რელიგიური სიმბოლიკა მსასოებელი ქურდის იმედს გამოხატავს. კაცთაგან არავინ, მხოლოდ უფალი მიუტევებს რამკიან ქურდს ისე, როგორც მან მიუტევა თავის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს.

რუსეთის სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, 20-30-იან წლებში ქურდული დაუწერელი წესები გაცილებით მკაცრი იყო. ქურდული საძმოს წევრები იცავდნენ რაინდულ-ბერულ სიღატაკეს, იყვნენ შავით მოსილნი, უოჯახონი და უსახლკარონი. ეს ჰგავს რელიგიურ მოღვაწეობას. შავ სამყაროში ისინი ურყევი ავტორიტეტები იყვნენ. ისინი იყვნენ ქურდების ქურდები, ქურდული ასკეტიზმის წარმომადგენლები. ეს არის ციხის საკნის განდეგილობა, კრიმინალური სალოსობა. აქ აღწევს ზენიტს ქურდული პროტესტი სახელმწიფოს მიმართ. რელიგია დევნილი და აკრძალულია ბოლშევიკთა მიერ და ის შეიფარა დევნილმა ქურდულმა კონტრკულტურამ, როგორც თავისიანი. ქურდი არ წავა წითელ არმიაში, თუნდაც დახვრიტონ. ის ახლოს არ მიეკარება ბოლშევიკურ დროშას. ციმბირის ლაგერებში მყოფი ქურდები გამყიდველებს სასტიკად უსწორდებოდნენ და მათ სამსჯავროში ვერვინ ერეოდა. ეს იციან პოლიტიკურმა ტუსაღებმაც, რომელთაც ქურდები პატივს სცემენ ერუდიციის გამო. დისიდენტები და ქურდები ერთი სისტემის მიერ იყვნენ დევნილნი და პყრობილნი, მაგრამ ეს მათ არ აახლოებდა. მათ შორის უფსკრული იდო.

ქურდული კოდექსი შერბილდა 50-60-იან წლებში. ქურდი აღარ იყო უოჯახო, უსახლკარო და ღატაკი. აქედან ჩაეყარა საფუძველი ქურდული კონტრკულტურის გადაგვარებას. ქურდად მონათლვის სურვილი მრავალს გაუჩნდა და თავიც დაკარგა. სათქმელია ისიც, რომ იყვნენ რეციდივისტები, ციხის საკანში დაბერებული ადამიანები, მაგრამ მათგან მხოლოდ ცოტანი მოინათლნენ ქურდებად. იყვნენ ქურდული იერარქიის მაღალ საფეხურზე მყოფი ციხის მაყურებლები, მხრებზე ამოსვირინგებული ორი ვარსკვლავით. ისინი ქურდები აღარ გახდნენ. ქურდად გახდომას უფრო მეტი რაღაც უნდა, ვიდრე მთელი ცხოვრება ციხეში ყოფნა და ქურდული წესების ზედმიწევნით ცოდნაა. ქურდად ყოფნა პასუხისმგებლობის რისკია.

საზოგადოების სადღეისო დამოკიდებულებაზე ქურდული კონტრკულტურის მიმართ შეიძლება ითქვას შემდეგი: მასას ყოველთვის სძულს ავტორიტეტული წინამძღოლნი შურის გამო. იგი სამართლიანობის სახელით ჯანყს აწყობს წინამძღოლთა წინააღმდეგ. წინამძღოლნი მიდიან და მასა კი ისევ ისეთი მდაბალი და ყველაფერში უსამართლო რჩება, როგორიც აჯანყებამდე იყო. ძველი დროის ადამიანები არ იყვნენ განათლებულნი, მაგრამ მათ თანამედროვეთაგან ის განასხვავებდათ, რომ შეეძლოთ თავისაზე აღმატებული ადამიანის ცნობა ისე, რომ საკუთარი ადგილი და ღირსება იცოდნენ. ჩვენი დროის ადამიანებს აშინებთ დიდი ერთგულება და დიდი სისხლი. ისინი ადამიანის უფლებათა სახელით ყოველთვის ცდილობენ უწყინარ გაურკვევლობას და ნეიტრალობას შეაფარონ თავი.

ქურდული კონტრკულტურა დღეს მთლიანად გადაგვარდა და ასპარეზზე გამოვიდა მაფია, რომელიც არაა კონტრკულტურა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი აკრძალვა და ის კი არ ემიჯნება პოლიტიკას, არამედ მის წარმმართველად იქცევა. ერთადერთი, რაც აახლოებს მაფიას ქურდულ კონტრკულტურასთან, არის ის, რომ ორივე კოსმოპოლიტურია და ეთნიკურ კუთვნილებაზე მაღლა ადამიანს აყენებენ. მაფია ქურდული საძმოსაგან განსხვავებით ღია ორგანიზაციაა და მას შეუძლია მთელი ქვეყანა თავის საამქროდ აქციოს. დემოკრატიის დროს, როცა არ არსებობს არანაირი იდეოლოგიური აკრძალვები, მაფიის ძალაუფლება გადადის სახელმწიფო ძალაუფლებაში და ისეთ მეტამორფოზს განიცდის, რომ ზღვარის გავლება მასსა და სახელმწიფოს შორის უკვე შეუძლებელია. მაფია სრულად ერწყმის სახელმწიფოს და სახელმწიფო მაფიურ სინდიკატად გადაიქცევა. ხოლო როცა მაფიას არ ჰყავს ავტორიტეტები და დავას პოლიციაში არჩევს, ეს ნიშნავს, რომ მაფიისა და სახელმწიფოს შერწყმა დასრულებულია. მაფიურ სინდიკატად ქცეულ სახელმწიფოში მაფიას, ძალიანაც რომ მოისურვოს, აღარ ძალუძს სახელმწიფოსგან გამოყოფა და ცალკე დგომა. მაფია უკვე თავად არის სახელმწიფო. სახელმწიფოს კი მხოლოდ მაფიის მეოხებით და მაფიოზურად შეუძლია სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელება. უახლოესი წარსულის გადახედვისას მხოლოდ ასე შეიძლება იმსჯელო. ეს რაღაც საოცარი მოვლენაა. მსგავსი რამ ძნელია მოვიძიოთ ცივილიზაციის ისტორიაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოხდა დიდი კრიმინალური რევოლუცია, რომელმაც დაასრულა ევროპეიზმის ისტორია და განმანათლებლური რევოლუციონიზმი. ლიბერალ-დემოკრატია მაფიის საფუძვლად იქცა. საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩეველი ერთდროულად ხმას აძლევს სახელმწიფოს და მაფიას.

ბოლშევიკური რევოლუციის დროს გათარხნებულ მდაბიოთა მთელი არმია დასცინოდა არისტოკრატიზმს. მას საკუთარი სიტლანქე და უხამსობა ერთადერთ შესაძლებელ მორალად მიაჩნდა. ის მას ხალხურობის სახელით ამართლებდა. მდაბიოთაგან გამოსული საბჭოთა ინტელიგენცია თანდათან დაიხვეწა და არისტოკრატიზმის პრეტენზია გაუჩნდა. არისტოკრატიზმი კი ყოველთვის მახვილით მოიპოვება. კეთილშობილების წყარო ძველთაგანვე ომი იყო. ასეა სოფლის წესი. არისტოკრატიული ეთოსის სიმკაცრე ზნეობრივ კომპრომისებსა და პოლიტკორექტულობას გამორიცხავს. პოსტსაბჭოთა ადამიანისათვის ზნეობრივი პრობლემა არის დამოკიდებულების გამომუშავება ბოლშევიკურ რევოლუციასა და თეთრგვარდიელთა მოძრაობის მიმართ, არჩევნის გაკეთება მათ შორის. ძალიან ბევრს და დიდხანს ლაპარაკობენ ბოლშევიკურ რევოლუციაზე დღეს და ეს საკითხი დაყენებულიც არაა, რადგან ვერ გრძნობენ რა იყო და რა რის გამო მოხდა. ეკლესიაზე მითითება ვერ ხსნის ამ პრობლემის სიმწვავეს.

არისტოკრატიული ეთოსის მიხედვით, მღვდელი რომელიც გაიკრიჭა და ვოლტერიანელობას შეუდგა, მოღალატეა. არისტოკრატი, რომელიც მარქსისტი გახდა, მოღალატეა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მღვდელი და არისტოკრატი ისტორიოგრაფიისათვის პროგრესულად მოაზროვნე, მოწინავე ადამიანები არიან. და ის მომენტიც არის, რომ მონარქიზმი დალპა რევოლუციის წინა პერიოდში. მეფე მოარულ კარიკატურად იქცა ევროპასა და რუსეთში. არისტოკრატია კი დაკნინდა. ცხოვრება მხოლოდ გროტესკთა და უკიდურესობათა წყებაა. გადავხედოთ, რამდენი სიცრუეა ისტორიის სახელმძღვანელოებში. უვიცობის გამო ეს სიცრუე კომუნისტებს და ათეიზმს დაბრალდა. ვერც ეკლესიაზე მუდმივმა მითითებამ შეძლო სიცრუის აღმოფხვრა. რატომ ხდება ასე? ღმერთია უძლური? როგორი უნდა იყოს ღვთიური სიმართლე?

კონტრკულტურის თავისებურება ისაა, რომ იგი თავის საპირისპიროსთან მიმართებაში არის ღირებული. არსებობს ზღვარი, რომლის დარღვევისას ხალხურ კულტურასთან, სიცილთან და საიტირასთან დაკავშირებული კონტრკულტურა აღარაა პროტესტანტული და პოლიტიკურ სინამდვილედ ქცეული ძალზე უარყოფით სახეს იძენს. ასე მოხდა საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში. ქურდული განდგომილება და საზოგადოებრივ საქმეებში ჩაურევლობა ამ კონტრკულტურის გული იყო. მისი დარღვევა დიდ გრეხად ითვლებოდა. თვით გრეხის ცნება რელიგიური ცნებითი აპარატიდან არის აღებული. ქურდული კონტრკულტურა პოლიტიკაში ჩაერია სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგაც. პოლიტიკის კრიმინალიზებას დასაბამი დაუდო დამნაშავეთა სამყაროს პოლიტიკური პრეტენზიებით გამოსვლამ 1991-4 წლებში. ქურდები ორად გაიყვნენ.  რომელმა ქურდებმაც ქურდული განდგომილება დაიცვეს, მათ პოლიტიკაში მოსულთ ბრალი დასდეს და დიდი გრეხის ჩამდენად მიიჩნიეს. დაიწყო მტრობა და დაიღვარა სისხლი. პოლიტიკაში მოსულმა ქურდობამ კი პოლიტიკის კრიმინალიზაცია დიდ კრიმინალურ რევოლუციაში გადაზარდა და მაფიად იქცა. ასე მოხდა რუსეთშიც. მაფია ქურდული კონტრკულტურის მტრად და მის მდევნელად გამოვიდა. სახელმწიფოს შერწყმული მაფია ამ კონტრკულტურის ანტიპოდია.

 

 

 

 

2 thoughts on “ქურდული კონტრკულტურის შესახებ – 1

  1. სამწუხაროა რომ ესეთი ცოცხალი ანალიზი და მეცნიერული სწრაფვა ცოცხალი ცოდისკენ არ ახასიათებს უნივერსტეტს. მე როგორც სტუდენტი ვწუხვარ. მადლობა საინტერესო წეტილისთვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s