კიდევ ერთხელ ქურდებზე – 3.1


წერილი პირველი

*ეს სამნაწილიანი პუბლიკაცია პირველად გავიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (3- – 5 დეკემბ., 5 – 7 დეკემბ., 12 -14 დეკემბ.,  2001, N 23, 24, 27) შეცვლილი სათაურით – „ქურდული კონტრკულტურის შესახებ“. ზოგგან სტრიქონები მუქი შრიფტით რედაქციამ გამოყო. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.

მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ერთი მყარად დამკვიდრებული აზრის მცდარობა: ქართველი ახალგაზრდობა თურმე იმიტომ ბაძავდა და მისდევდა ქურდულ კონტრკულტურას, რომ საბჭოთა იდეოლოგიის მხრიდან ყველაფერში აღკვეთილი ჰქონდა თავისი პოტენციის თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა, რომ ყველგან ათეისტური სიცრუე იყო, დემოკრატია არ იყო, რასაც ახალგაზრდობის თავისუფლებისმოყვარე ბუნება ვერ ეგუებოდა.

ამგვარ მსჯელობაში იგულისხმება, რომ ახალგაზრდობა ყველა ვითარებასა და ყველა შემთხვევაში ზნეობრივია და არსებული სისტემის განსჯა შეუძლია. კი მაგრამ, რატომაა სწორედ ახალგაზრდობა მიჩნეული ზნეობრიობის შეუმცდარ მსაჯულად? რადგან ის ასაკობრივად ახალგაზრდაა? თუ ამას დავუშვებთ, ეს ნიშნავს, რომ ვინც ახალგაზრდა აღარაა, მის ზნეობრიობაში ეჭვი შეგვაქვს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ასაკმორეული კაცი ახალგაზრდისაგან განსხვავებით არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ან რელიგიური პროტესტანტი. ასე კი ვერ იქნება.

თუ ქურდული პროტესტის გამოხატვა ახალგაზრდის მიერ მიიჩნევა ზნეობისათვის ბრძოლად საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ქურდული კონტრკულტურა უკამათოდ მიუჩნევიათ ზნეობრივ საწყისად და ხდება მისი გამართლება და მხარდაჭერა, ოღონდ რაღაც ხელმოსაჭიდი გვქონდეს ბოლშევიზმისა და ათეისტური იდეოლოგიის დაგმობის საქმეში. კი მაგრამ, თუ ახალგაზრდობა ყველა ვითარებაში ზნეობის მეტრად მიიჩნევა, რა, მან ვერაფერი ნახა ქურდული გაგების გარდა თავისი პოლიტიკური პროტესტის გამოსათქმელად? ძნელი დასაჯერებია, რომ საბჭოთა სისტემაში არსად არაფერი არ იყო ზნეობრივი და მხოლოდ ქურდული კონტრკულტურის მიდევნით შეიძლებოდა მის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. რამდენად ზნეობრივია, რომ კრიმინალური სამყაროს პროტესტი მიჩნეულ იქნა ახალგაზრდობისთვის შესაფერისად? არ გვინდა დავინახოთ ის, რომ საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ქურდულად პროტესტის გამოთქმა და ამით თავის მიჩნევა უფრო ზნეობრივად, ვიდრე საბჭოთა სისტემა იყო, უაზრობაა. უაზრობა რომ იყო ამგვარი მსჯელობა, ეს დრომ, პოსტბოლშევიკურმა ქართულმა სინამდვილემ წარმოაჩინა.

საბჭოთა სისტემაში თავის გამოვლენისათვის საკმაო შესაძლებლობები იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, არ იარსებებდა საბჭოთა მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, სპორტი. მაგრამ მასობრივ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა მაინცა და მაინც პოლიტიკაში გარევა მოისურვა, ისე, რომ მხედველობაში არ მიუღია თავისი ერუდიცია, ცოდნა და უნარი. ამგვარი სწრაფვა პოლიტიკის მასოვიზაციისაკენ საღდება თავისუფლებისმოყვარებად და თავისუფალ აზროვნებად.

თუ მიაჩნიათ, რომ ბოლშევიზმის დროს ახალგაზრდა თავს ვერ ავლენდა, ასევე, უფრო მეტი საფუძვლიანობით შეიძლება თქმა, რომ მონარქიის დროს არ იყო მეცნიერების განვითარებისაა და რევოლუციური მოძრაობის გაშლის შესაძლებლობა. მაშინ, XIX საუკუნის 60 – 90-იან წლებში, ასევე XX საუკუნის დასაწყისში, ახალგაზრდობას, სტუდენტობას ასევე არ ჰქონდა მონარქიული და კლერიკალური რეჟიმის მხრიდან თვითგამოვლენის შესაძლებლობანი, მაგრამ ის პოლიტიკური პროტესტის ფორმად ირჩევდა არა დამნაშავეთა წრის მანერებსა და მეტყველებას, არამედ რევოლუციურ მოძრაობაში ებმებოდა. ასე იყო ევროპასა და რუსეთში. ახლა ვიკითხოთ: მაშინ მონარქია და ეკლესია იყო არსებული იდეოლოგიის განმსაზღვრელი, მაგრამ ახალგაზრდობა თავს ძალზე შეზღუდულად გრძნობდა და ამ იდეოლოგიას უარყოფდა. რატომ? ღმერთი უშლიდა ახალგაზრდობას ხელს თუ მეფე?

ლიბერალები მონარქიისა და ეკლესიის წინააღმდეგ ოქტომბრის რევოლუციამდელი ახალგაზრდობის ბრძოლის საკითხს გულმოდგინედ თავს არიდებენ. ეს იმიტომ, რომ ისინი თავიდანვე მიზნად ისახავენ ბოლშევიზმის და მთლიანად ათეიზმის გმობასა და ბოლშევიზმამდელი სინამდვილის იდეალიზაციას.

დღეისათვის არის დემოკრატია და პლურალიზმი, არის ასობით პარტია, ასოციაცია, NGO, არის მრავალი პერიოდული გამოცემა, მაგრამ რატომაა ირგვლივ ინდიფერენტიზმი და უიდეობა? ე.ი. სრული თავისუფლებაა, მაგრამ ახალგაზრდობას არანაირი იდეალი არ აქვს, არც პოლიტიკური, არც რელიგიური. არსებული ლიბერალ-დემოკრატიული სინამდვილე ახალგაზრდობას იდეალს ვერ აძლევს. ქართველი ახალგაზრდობის საკმაო ნაწილი ისევ ქურდულ კონტრკულტურას მისდევს. ამის დასტურია საქართველოს სხვადასხვა მხარეების მასობრივი კრიმინალიზაცია.

საკითხი ეხება იმას, თუ რატომაა ქურდული გაგება ახალგაზრდობისათვის ასეთი მიმზიდველი ცხოვრების რადიკალურად შეცვლის მიუხედავად? ეს უეჭველი ვითარება, რომელიც ჩვენ ყველას თვალში გვხვდება, წარმოაჩენს იმ აზრის უსაფუძვლობას, რომ ქურდული კონტრკულტურა ახალგაზრდობისათვის იმიტომ იყო პროტესტის ფორმა, რომ არ იყო პლურალიზმი და დემოკრატია. თუ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ ქურდული გაგება ახალგაზრდობისათვის იყო ბოლშევიკური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტი, მაშინ როგორღა განვმარტოთ ის, რომ დასავლეთში ახალგაზრდული და სტუდენტური პროტესტი XX საუკუნის 60 – 70-იან წლებში მიმართული იყო ლიბერალ-დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ? ხომ ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდობას იქაც თავისუფლება სურდა? იქ ახალგაზრდობა სწორედ იმ ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოვიდა, აქ რომ ჩვენს დემოკრატიის ავგურებს ღვთის ნებად, ჭეშმარიტებად და ისტორიის უკანასკნელ სიტყვად მიაჩნიათ. და ეს იყო არა კრიმინალური, არამედ ახალგაზრდა ერუდიტების ჯანყი. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიო ავტორიტეტის მქონე ლიტერატორნი და ფილოსოფოსნი. მათ საფუძვლიანი ეჭვი შეჰქონდათ ლიბერალიზმის პოსტულატების სისწორესა და სამართლიანობაში. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ აღმოსავლეთით, სახელდობრ სუფიზმით, ძენ-ბუდიზმით, ინდუიზმით, დაოიზმით.

ქართველ მედასავლეთეებს ლიბერალ-დემოკრატიზმი ერთადერთ სამართლიან წყობად მიაჩნიათ, მაგრამ თუ ეს ასეა, რატომღა გამოდიოდნენ მის წინააღმდეგ თვით დასავლელი სტუდენტობა და ახალგაზრდა ინტელექტუალები? ჩვენთან რომ ვინმეს ეჭვი შეაქვს ლიბერალ-დემოკრატიზმის სისწორესა და სამართლიანობაში, დემოკრატები მას მყისვე ბრალს სდებენ იმპერიულ აზროვნებასა და კომუნისტური წარსულისადმი ნოსტალგიაში. მაგრამ დასავლელი ახალგაზრდობის პროტესტის შემთხვევაში რაღას იტყვიან ლიბერალ-დემოკრატები? ისინი რა, დემოკრატები არ იყვნენ? თუ აქაური დემოკრატები თავად დასავლელ დემოკრატებს აღემატებიან დემოკრატიაში? XX საუკუნის  60 – 70-იანი წლების დასავლური დისიდენტური მოძრაობა ის მოვლენაა, რომელსაც ქართველი მედასავლეთენი ყველა საშუალებით გვერდს უქცევენ, რადგან ეს მოვლენა მათ მეხოტბეობას ძირიანად არყევს. მათთვის მხოლოდ კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპების რედუქციონისტული აპოლოგია არსებობს.

ქართველი ახალგაზრდობა რომ ქურდულ გაგებას ირჩევდა პროტესტის საშუალებად, ეს იყო ინტელექტუალური სიზარმაცე და სააზროვნო ძალთა ყველაზე ნაკლებად დაძაბვის გზა. ქურდული გაგების მიყოლა ახალგაზრდისაგან არც ფიქრს, არც განსჯასა და სწავლას მოითხოვს, არც შრომას. თუ ქართველი ახალგაზრდები ქურდულს აწვებოდნენ, ეს სულაც არ იყო ქართველთა განსაკუთრებული ვაჟკაცობისა და კავკასიური ჯიგიტობის უეჭველი გამოხატულება, როგორც ეს მიაჩნდათ ქართველთა თაობებს. ეს საბჭოთა დროს მიიჩნევდა ყველა, რომ ნამდვილი ვაჟკაცობა არის საქართველოში და ქართული ვაჟკაცობის ნამდვილობას განამტკიცებდა ქურდულის მიწოლა. ე. ი. ქართველი კაცის მიერ ვაჟკაცობის გამოვლენა გულისხმობდა ქურდულ კონტრკულტურასთან ზიარებას. ქართულ ვაჟკაცობას ყოველთვის ქურდული გაგება უმაგრებდა ზურგს. ყოფაში არავაჟკაცურად მიიჩნეოდა მაგ., თმის მოშვება, შორტების ჩაცმა, მეკობრული თავსაკრავის ტარება. თუ სადღაც ევროპაში დადიოდნენ ასე, ეს ქართველებში ირონიას იწვევდა. ისინი კაი კაცებად არ მიიჩნეოდნენ. საქართველოში თაობათა მანძილზე შავი ფერის სამოსელი ყველაზე კაცურად ითვლებოდა, რაც ქურდული გაგების გავლენით დამკვიდრდა.

60 – 70-იან წლებში, როცა საბჭოთა პრესა აშუქებდა დასავლურ სტუდენტურ მოძრაობას, ეს ქართველი ახალგაზრდობისათვის არ გამხდარა მსჯელობის საგანი. რადგანაც ამ მოვლენას საბჭოთა პრესა აშუქებდა, ის სიცრუედ მიიჩნეოდა. ძნელი არ იყო იმის დანახვა, რომ დასავლური სტუდენტური დისიდენტურის პროტესტი ევროპული სეკულარისტული კულტურის კრიზისის ნიშანი იყო. რელიგიური იდეის სახელით უარიყოფოდა ევროპული რევოლუციონიზმის მიღწევები, ლიბერალ-დემოკრატიის პრონციპები. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ეს რელიგიური იდეა ქრისტიანული კი არ იყო, არამედ აღმოსავლური კონფესიებიდან იყო გადმოღებული. ეს ვითარება იმას გვიჩვენებს, რომ მაშინდელმა ორიენტალისტმა დისიდენტებმა ევროპულ ქრისტიანობაში ვერ ჰპოვეს ვერაფერი ისეთი, რაც შეიძლებოდა წინ აღდგომოდა ლიბერალიზმის სეკულარულ იდეოლოგიას, როგორც კონტრარგუმენტი. ამ დისიდენტებმა ლიბერალიზმს დაუპირისპირეს არა სოციალიზმი, მარქსიზმი და სოციალ-დემოკრატიზმი, არამედ აღმოსავლური რელიგიური იდეა.

60 – 70-იანი წლების ქართულ საზოგადოებაში ყოფით დონეზე ევროპული ლიბერალიზმისადმი მხარდაჭერა გამოიხატებოდა იმ აზრით, რომ იქ, ფირმაში (ეს ჟარგონული სიტყვა გულისხმობს საზღვარგარეთს) ყველაფერი საუკეთესოდ იყო მოწყობილი. საიმედო საიმპერიო პროტექცია ქართულ მცონარებას უფრო აძლიერებდა და თვით 70 – 80-იანი წლების ანტიკომუნისტ, ლიბერალ ქართველ დისიდენტებს არ სურდათ იმის დანახვა, რომ ლიბერალ-დემოკრატიზმი არ იყო იდეალური და მისი უტოპია ძალზე ჰგავდა მარქსისტულ უტოპიას. ქართველნი არ ხედავდნენ, რომ ამ უტოპიის შეურიგებელი კრიტიკით თვით დასავლელი ადამიანები გამოდიოდნენ და სულაც არ იყო ისე, რომ ყველა ეს კრიტიკოსი მარქსისტი ან სოციალიზმის იდეებით იმპონირებული იყო. ლიბერალიზმის კრიტიკა უთუოდ მარქსისტობას არ ნიშნავდა. ეს ძალზე არსებითი ვითარებაა. საქართველოში დემოკრატიის მეხოტბეებმა დაამკვიდრეს ის აზრი, რომ ლიბერალიზმის კრიტიკა და მისი უარყოფა უთუოდ ფარულ კომუნისტობას და რუსეთუმეობას გულისხმობს.  ასე ადვილია მოწინააღმდეგე იდეათა სისტემის განქიქება და პირდაპირ ბრალდებაზე გადასვლა. ამ ხერხით გააქვს ქართულ ლიბერალ-დემოკრატიას თავი და ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, მან ვერ შექმნა რაღაც მყარი და დამაჯერებელი არგუმენტაცია.

დასავლური დისიდენტურა 60 – 70-იან წლებში ძალზე მრავალფეროვანი სპექტრით იყო წარმოდგენილი. იყვნენ ანარქისტები, ტერორისტები, ექსტრემისტი მარქსისტები და სხვები. მაგრამ ძირითადი ის არის, რომ ამ პერიოდის დასავლური დისიდენტური მოძრაობა აშკარას ხდის ევროპული კულტურის საერთო კრიზისს, ლიბერალიზმის დიდი იდეათა დევალვირებას და იწყებს მათი კომპენსირების მცდელობას აღმოსავლური კონფესიური სწავლებებით.

ქართველი დისიდენტების ნაწილი (მ. კოსტავა, ზ. გამსახურდია და სხვები) დაინტერესებულნი იყვნენ ინდუიზმით, ანთროპოსოფიით, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქართულ დემოკრატიას ისინი იდეურად განამტკიცებდნენ მართლმადიდებლობის საფუძველზე. მათ ქართული მართლმადიდებლობა მიაჩნდათ იმ პოტენციის მქონედ, რაც დასავლელი დისიდენტი ორიენტალისტების აზრით, ევროპულ ქრისტიანობას აღარ გააჩნდა. ორიენტალისტების აზრი მიკერძოებული რომ არ იყო, ამის დასტურია თვით ევროპელ რელიგიურ ტრადიციონალისტთა და ქრისტიან ფუნდამენტალისტთა განსჯა ქრისტიანობის ღრმა კრიზისზე. ამასვე იმეორებენ ევროპული აკადემიური ფილოსოფიის წარმომადგენელნი.

ქართველი დისიდენტების ნაწილი კი იყო რელიგიური იდეებით დაინტერესებული, მაგრამ აქაური ახალგაზრდობის ძალზე მცირე ნაწილმა მიაპყრო ამ იდეებს მზერა. მოხდა ისე, რომ დემოკრატებმა და სხვა დისიდენტებმა, ასევე პოსტბოლშევიკურმა ქართულმა ეკლესიამ ზვიად გამსახურდიას ბრალი დასდეს სატანიზმში, რახან ის აღმოსავლური კონფესიებით იყო დაინტერესებული. ეს ქართველთა სიბრიყვე იყო. თუ ორიენტალისტიკით დაინტერესება სატანიზმია, მაშინ სატანისტები ყოფილან დასავლელი დისიდენტები და ევროპული აკადემიური ფილოსოფიის ის წარმომადგენელნი, რომელნიც მსჯელობენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოებაზე.

ქურდული კონტრკულტურის მიდევნა მოლიბერალო ქართველ ახალგაზრდას ათავისუფლებდა შემეცნებითი შრომისაგან და ამართლებდა მის უქნარობას. დასავლური სიუხვე, რომლის გამოხატულებას ის სპეკულანტებთან ნაყიდ იმპორტულ ტანსაცმელში ხედავდა, მას თვალს სჭრიდა. მას არ ესმოდა დასავლური დისიდენტურის მიერ წარმართული ლიბერალიზმის რადიკალური კრიტიკის არსი. მან არც მარქსიზმი იცოდა, არც ევროპული რევოლუციონიზმის გენეზისი და სეკულარიზმის ისტორია. ამ უცოდინრობის კომპენსირებას ქართველი ახალგაზრდობა შეეცადა ქართული ეკლესიის აპოლოგიით, მაგრამ უბედურება ისაა, რომ არც ქრისტიანობაზე დაუსრულებელმა მითითებამ  ახალგაზრდობაში არ აღძრა შემეცნებითი ინტერესი. რელიგია გამოყენებულ იქნა სულ უფრო და უფრო მზარდი რედუქციონიზმისათვის, ცრუ ფუნდამენტალიზმისათვის. ცხადია, ასეთ ვითარებაში შერისხულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ აღმოსავლური რელიგიური სწავლებანი, არამედ ევროპული აკადემიური ფილოსოფიაც. ეს დღემდე ასე არის.

ერთადერთი, რაც დასავლური ანტილიბერალური პროტესტანტიზმისაგან და დასავლური კონტრკულტურებისაგან ქართველმა ახალგაზრდობამ მასობრივად გადაიღო, იყო როკ-მუსიკა და ნარკოტიკები. დასავლური სექსუალური რევოლუცია, როგორც კონტრკულტურული ელემენტი, საქართველოში არ დამკვიდრდა. მკაცრი საბჭოური იდეოლოგიური პროტექცია განამტკიცებდა ქართულ ყოფით ჩვეულებებს, რომელნიც სექსუალურ ლიბერალიზაციას კრძალავდნენ. შემდეგ კი, ეროვნული მოძრაობისას, 90-იან წლებში ეს საკითხი ქართველ ლიბერალებში საოხუნჯოდ და საბჭოთა სისტემის დასაგმობად გამოიყენებოდა. არ მიექცა ყურადღება იმას, რომ რელიგიურ აღორძინებასა და სულიერებაზე ამდენი ლაპარაკი და ამავე დროს დასავლეთზე მითითებით სექსუალური ლიბერალიზაციის მოთხოვნა ერთურთის გამომრიცხველი იყო. ქართველი ლიბერალი კი არას დაგიდევდათ. მან ჭეშმარიტების კრიტერიუმად ლიბერალობა მიიჩნია.

პოსტბოლშევიკურმა ქართულმა ლიბერალ-დემოკრატიამ ქრისტიანობაზე მითითებით დაასაფუძვლა თავისი მწირი და საეჭვო არგუმენტაცია. არ მიექცა ყურადღება იმას, რომ თვით დასავლეთში იქაური დისიდენტები გამოვიდნენ არა მხოლოდ ლიბერალური საზოგადოების უარყოფით, არამედ ქრისტიანობის უარყოფით. ეს უკანასკნელი ვითარება – ქრისტიანობის უარყოფა, მკაფიოდ არ წარმოჩინდა სწორედ იმის გამო, რომ დასავლურ საზოგადოებაში ქრისტიანობა ათეისტურად კი არაა დევნილი, როგორც ეს ბოლშევიკებთან იყო, არამედ სეკულარიზებულია უკიდურეს ზღვარამდე და სიტემის ნაწილად არის ქცეული.

1998 წლის ბოლოდან მოდისიდენტო ქართველი ახალგაზრდობა იმ პოლიტიკური მოთხოვნებით იწყებს გამოსვლას, რომელთა არსი მან არ იცოდა. საბჭოთა იდეოლოგიის უარყოფით მოხდა არა დეპოლიტიზაცია, არამედ ყოვლისმომცველი რეპოლიტიზაცია საზოგადოებრივი ცნობიერებისა. პლურალიზმის დამკვიდრებამ ქართული მართლმადიდებლობის სეკულარიზაცია დააჩქარა. უწინ მას ამისგან იცავდა საბჭოთა იდეოლოგიის და ბოლშევიკური პოლიტიკური სისტემის გამიჯნულება ეკლესიისაგან. ამით ეკლესია დაცული იყო. საბჭოთა ავტორიტარიზმი საეკლესიო ავტორიტარიზმს იცავდა.  პლურალიზმმა კი რელიგიურ იდეათა ლიბერალიზაციით ქართული ეკლესიის სეკულარიზაცია მოახდინა და ის აქცია ახალი პოლიტიკური სისტემის ნაწილად.

მოდისიდენტო ახალგაზრდობას არანაირი შეუსაბამობა ან უხერხულობა არ უგრძვნია, როცა ის პოლიტიკურ მოთხოვნათა წამოყენებისას ღმერთსა და ეკლესიაზე მიუთითებდა და ამავე დროს ძველებურად ქურდულს აწვებოდა. ეს რიგ ვითარებათა გარდა იმანაც განაპირობა, რომ ქურდული კონტრკულტურა რელიგიურ სიმბოლიკას იყენებდა ბოლშევიკური ათეიზმის წინააღმდეგ და ქართულ მასობრივ ცნობიერებაში ეს გაიგებოდა როგორც კონტრკულტურის ბრძოლა ლიბერალიზმის პრინციპების დამკვიდრებისათვის. სინამდვილეში კი შეუძლებელი იყო, რომ ეს ასე ყოფილიყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s