კიდევ ერთხელ ქურდებზე- 3.2


წერილი მეორე

*პირველად გამოვიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (5 – 7 დეკემბ., 2001, N 24). წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.

იმდენად დიდი იყო საზოგადოებაზე ქურდული კონტრკულტურის გავლენა, რომ მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა დაუჭერდნენ თუ არა ისინი მხარს ქართული დისიდენტურის ანტისაბჭოურ გამოსვლებს და ეროვნულ მოძრაობას 90-იანი წლების დასაწყისში. ხელისუფლების ოფიციალურ პერიოდულ ორგანოშიც კი აღინიშნა ერთხელ, რომ ქურდები მხარს უჭერდნენ ეროვნულ მოძრაობას.

რევოლუციონერები მონარქიის დროს დილეგებში ისხდნენ, კატორღა ჰქონდათ მოვლილი. მხედველობაში მყავს არა მხოლოდ მარქსისტები, არამედ სხვადასხვა მიმართულების ანტიმონარქისტული და ანტიკლერიკალური რევოლუციურ-დემოკრატიული ძალები. რუსული რევოლუციონიზმი, დეკაბრისტებიდან დაწყებული, ბოლშევიკებით დამთავრებული, მთელი ეპოქაა. ის არის ნაწილი ევროპული რევოლუციონიზმისა, რომელიც დაიწყო ფრანგული განმანათლებლობიდან და გაგრძელდა ლიბერალ-კაპიტალიზმისა და სოციალ-დემოკრატიზმის ისტორიულ პოლემიკაში.

რევოლუციონერთა შორის იყვნენ ქართველებიც. ქართულმა ანტიმონარქიზმმა და ანტიკლერიკალიზმმა მასობრივი გავრცელება XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰპოვა. ქართველი რევოლუციონერებიც ნატუსაღარნი და კატორღაგამოვლილნი იყვნენ 1905 – 07 წლების მასობრივი რეპრესიების შემდეგ. ამის აღნიშნვა საჭიროდ მიმაჩნია, რათა წარმოჩნდეს  პოსტბოლშევიკური პერიოდის ლიბერალთა მსჯელობის მცდარობა, რომ რევოლუციონიზმი ეს ბოლშევიზმია.  რევოლუციონიზმი მხოლოდ ბოლშევიზმი არ არის. ამ უსაფუძვლო მსჯელობის დამკვიდრებაში ქართულ ეკლესიასაც წვლილი მიუძღვის.

რეპრესირებული რევოლუციონერები და სოციალური ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენელნი (ო. ბლანკი, პ. ჟ. პრუდონი, კ. მარქსი და სხვები), რომელნიც მაშინ ინტელექტუალურ დისიდენტურას ქმნიდნენ და საფუძვლიანი ეჭვი შეჰქონდათ მონარქიული ძალაუფლების ლეგიტიმურობასა და ეკლესიის დოქტრინის მართებულობაში, უმნიშვნელოდ იქნენ მიჩნეული ქართველი ლიბერალების მიერ. ქართველთათვის საბჭოთა პერიოდშიც კი ეს რევოლუციონერები და მოაზროვნენი არ ყოფილან პატივსაცემნი. მხოლოდ ნაციხარი განაბი შეიმოსა გმირული შუქით. ანტიკომუნისტი დისიდენტებიც მასობრივად იყვნენ გადასახლებასა და დილეგებში, მაგრამ მათ ავტორიტეტი მხოლოდ გორბაჩოვისეული გარდაქმნის დოქტრინის გამოცხადების შემდეგღა მოიპოვეს.

ქართული საზოგადოებრივი აზროვნებისათვის ძალზე ცუდი იყო ის, რომ რევოლუციონერების ბრძოლა არაფრად იქნა ჩაგდებული. მას დასცინეს და მასხრად აიგდეს. ბოლშევიზმის გმობას გადააყოლეს ქართველმა ლიბერალ-დემოკრატებმა ევროპის ისტორია. ეს იყო თავნებობა და არაკეთილსინდისიერება, რომელიც არ გამართლდება იმ გაცვეთილ ფრაზაზე მითითებით, რომ „საქართველოს თავისუფლება სწყუროდა“. ეს იყო ბნელი წარსულისა და მარცხიანი მცირე ხალხის შურისძიება ცნებების აღრევის გზით.

ბოლშევიზმამდელ საქართველოში რევოლუციონერები ავტორიტეტით სარგებლობდნენ და მეცნიერულ საბუნებისმეტყველო ათეიზმსაც დიდი გავლენა ჰქონდა. ევროპეიზმი, დაკავშირებული რევოლუციურ ჰეროიკასთან, რუსეთის გავლითა და რუსული რევოლუციურ-დემოკრატიული მოძრაობის გავლენით საქართველოშიც აღწევდა. რევოლუციონერებს საქართველოში გავლენა რომ არ ჰქონოდათ, შეუძლებელი იქნებოდა მენშევიკი მარქსისტების ქვეყნის სათავეში მოსვლა დემოკრატიული არჩევნების შედეგად. არ იქნებოდა ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც საქართველოში XX საუკუნის დასაწყისისათვის ჩამოყალიბდა. ვერც, მაგალითად, დღევანდელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც სხვა პოსტბოლშევიკური პერიოდის პარტიებთან ერთად წვლილი მიუძღვის დასავლური დემოკრატიის სახელით ყველაფრის განქიქებაში, ვერ მიუთითებდა თავის ბოლშევიზმამდელ პოლიტიკურ და იდეურ ტრადიციაზე.

ანტისაბჭოთა დისიდენტებს არ გააჩნდათ რევოლუციური ჰეროიკა. ისინი გარკვეული მიზნით გამოყენებულნი იქნენ დასავლეთის მიერ და 80-90-იან წლებში და შემდეგ გვერდზე მოისროლეს. ამას ადასტურებს ისიც, რომ ისინი ყოველთვის ხელისუფლების გარეთ არიან.

ზემოთ აღვნიშნე, რომ ქურდული კონტრკულტურის პროტესტანტობა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ქართველებში გაიგებოდა როგორც ბრძოლა დასავლური დემოკრატიის დამკვიდრებისათვის. ეს ასე არ იყო და ვერ იქნებოდა. ქურდულ კონტრკულტურას ამდენი აღარ ესმოდა. ის კი უარყოფდა საბჭოთა სისტემას, მაგრამ უარყოფა გულისხმობს რაღაც სხვა სისტემის მხარდაჭერას და მისთვის ბრძოლას. ქურდული პროტესტი სულაც არ გულისხმობდა ლიბერალიზმის მოყვანას. ამის დასტურია ის, რომ საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ ქურდულ კონტრკულტურას თავისი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენლების პირით თვითლიკვიდაცია არ გამოუცხადებია. არც დაუწერელი ქურდული კოდექსის გადახედვა მომხდარა დიდ სხოდნიაკზე. სოციალ-პოლიტიკური სისტემის შეცვლას არ გამოუწვევია ამ კონტრკულტურის ტრანსფორმირება. თუ ქურდული გაგების წარმომადგენელნი გადავიდნენ პოლიტიკაში, სამეწარმეო საქმიანობაში, ეს ისე მოხდა, რომ ქურდული კოდექსი არ შეცვლილა. ქურდულ გაგებას დღეს კონტრკულტურად არსებობის პრეტენზია აქვს, მაგრამ  მას ვერ დაუდგენია რა უნდა  გააპროტესტოს, რა უნდა უარყოს და როგორ, რა უნდა მიიჩნიოს მისაღებად და მისაბაძად.

ასე თანდათანობით მივუახლოვდით იმ მოვლენას, რისმა განხილვამაც უნდა დაგვანახოს, თუ რამდენად სწორი იყო იუზგართა შორის ურთიერთბრალდებების სამართლიანობა, რაც ეხებოდა ქურდების საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს. ამ ბრალდებებმა დიდი მტრობა და სისხლისღვრა გამოიწვია შავებს შორის. აქედანაც ჩანს, რომ ქურდული პროტესტი საბჭოთა სისტემის მიმართ არ გულისხმობდა ამ სისტემის ანტაგონისტის – დასავლური ლიბერალ-კაპიტალიზმის დამკვიდრებისათვის ბრძოლას. ქურდული პროტესტის ამ თავისებურებას ადასტურებს ისიც, რომ ანტისაბჭოთა დისიდენტები და რამკიანი ქურდები საპყრობილეებში ერთად იყვნენ, მაგრამ არ დაახლოებულან. ქურდმა იცოდა რისთვისაც იბრძოდა დისიდენტი, მაგრამ არ უახლოვდებოდა მას, მიუხედავად იმისა, რომ თავად მუდამ შეურიგებელი იყო საბჭოთა სისტემისადმი. დისიდენტისაგან განსხვავებით, ქურდი არ იყო დაინტერესებული საბჭოთა სისტემის ნგრევით. აი ესაა აქ არსებითი ვითარება. როცა სისტემა დაინგრა, ქურდების ნაწილი პოლიტიკაში ჩაერთო. ვინც ძველებურად იცავდა ქურდული ჩაურევლობის პრინციპს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ძველი სისტემის შეცვლა ახალი, ლიბერალ-დემოკრატიული სისტემით არ მოახდენდა გავლენას ქურდულ კონტრკულტურაზე და ქურდული პროტესტი ამ ახალი სისტემის მიმართაც ისეთივე ღირებული და მნიშვნელობის მქონე იქნებოდა, როგორც ეს იყო საბჭოთა წარსულში. ე. ი. ორი ეპოქის გასაყარზე, როცა ბოლშევიზმი შეცვალა დასავლურმა ლიბერალიზმმა, ქურდულმა კონტრკულტურის წარმომადგენლებმა თავისი ღირებულებები უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნიეს, ვიდრე სისტემის შეცვლა. ძველი ყაიდის ქურდებმა თავისი შავური გაგება სისტემათა ანტაგონიზმზე, მათ ბრძოლაზე მაღლა მდგომად მიიჩნიეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქურდული გაგება არ იყო გარკვეული დასავლურ დემოკრატიაში და არ ხედავდა განსხვავებას მასსა და ბოლშევიზმს შორის. აქედანაც ჩანს, რომ არასწორია ქურდული ქურდული კონტრკულტურის შედარება ევროპის კრიმინალურ სამყაროსთან. არასწორია იმის თქმა, რომ კრიმინალები აქაც და იქაც ერთნი არიან. საკითხი ეხება არა დანაშაულის ჩადენას, არამედ დანაშაულის აყვანას ზნეობრივი დაუმორჩილებლობის რანგში, დანაშაულის ეთიკურ კონტრარგუმენტად ქცევას პოლიტიკური სისტემის ნორმატიული ეთიკის წინააღმდეგ და ამგვარი პროტესტანტობის, ამგვარი კრიმინალური დისიდენტობის გავრცელებას საზოგადოებაში. თორემ მხოლოდ დანაშაულის ჩადენა რომ ყოფილიყო აქაც და ევროპაშიც ერთნაირი, მაშინ არ იარსებებდა ქურდული კონტრკულტურა და მისი გავლენა მათზე, ვინც არ იყო კრიმინალურად მცხოვრები. და ეს რომ ასეა, ამის დასტური ისაა, რომ როცა ევროპაში დამნაშავეზე ძებნა ცხადდება და ჯილდოს ჰპირდებიან, ევროპელი ადამიანი სინდისის ქენჯნის გარეშე ასმენს დამნაშავეს. კრიმინალურ წრეებს იქ მოქალაქეებზე არ აქვთ დიდი გავლენა. მოქალაქეთათვის იქ სახელმწიფო და მისი სამართალია. იქ მისაღები ნორმატიული ეთიკაა. ჩვენთან კი ქვეყანა გადატრიალდა, ყველაფერი შეიცვალა და მაინც დამნაშავეზე ძებნა რომ ცხადდება, ქართველისათვის არაკაცური საქციელია მისი დასმენა. ეს იმიტომ, რომ ქურდული გაგება ისევ ინარჩუნებს ავტორიტეტს საზოგადოებაში. კარგია ეს თუ ცუდი, ამის გარკვევა მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს. არ შეიქმნა სახელმწიფო და მისი სამართალი. არ არსებობს ყველასაათვის საერთო ზნეობრივი ნორმები. ცრუობს ხელისუფლება. ამიტომაა, რომ ქურდული გაგება ქართველთათვის ისევ ზნეობრივ ორიენტირად რჩება. ქართულმა დისიდენტურმა რადიკალიზმმა ვერ შექმნა ზნეობრივი ღირებულებანი ვერც დემოკრატიაზე, ვერც ეკლესიაზე მითითებით. ამგვარი მითითებანი ფუჭი გამოდგა და აზროვნებაც მცდარი გზით ატარა.

ქურდი არაფრით არ შეეწია სატუსაღოში მასთან ერთად მყოფ, ბოლშევიზმთან მებრძოლ დისიდენტს. როდესაც ცარიზმის მიერ დევნილი რევოლუციონერები კატორღებში იხდიდნენ სასჯელს, კრიმინალები ინტერესდებოდნენ რევოლუციური იდეებით, უსმენდნენ რევოლუციონერთა პოლიტიკურ საუბრებს. კრიმინალები ებმებოდნენ რევოლუციურ მოძრაობაში, სწავლობდნენ ევროპელ და რუს რევოლუციონერთა შრომებს. კრიმინალები ეთანხმებოდნენ რევოლუციონერს იმაში, რომ აუცილებელი იყო ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შემდეგ ეს გარევოლუციონერებული კრიმინალი იდეის გულისათვის კლავდა მეფის ჟანდარმს, გზებზე თავს ესხმოდა კაზაკთა ბადრაგს, რომელსაც კატორღამისჯილი რევოლუციონერები გადაჰყავდა. რევოლუციონერი ძველი რეციდივისტი ძარცვავდა საიმპერატორო ფოსტას არა ძარცვის გულისათვის, როგორც უწინ, არამედ იდეის გულისათვის. ნაძარცვ ფულს კი ის რევოლუციის მიზნებს ახმარდა. ექსპროპრიაცია არა მხოლოდ ბოლშევიზმის წარსულია, არამედ მთელი რუსული და ევროპული რევოლუციური მოძრაობისა. კრიმინალური პირნი თავისი ქმედების გამართლებასა და მოწონებას რევოლუციონერისაგან ელოდნენ. კრიმინალს კი არ ჰქონდა მაშინ ზნეობრივი ავტორიტეტი, არამედ რევოლუციონერს. რევოლუციონერი უნაწილებდა კრიმინალს თავის ავტორიტეტს. ანტისაბჭოელი დისიდენტი კი მოწონებას ქურდისაგან ელოდა, რადგან ქურდს ჰქონდა უფრო მეტ ავტორიტეტი ციხის კედლებსა და მის გარეთ.

როცა კრიმინალური ელემენტი ცარიზმის დროს რევოლუციურ მოძრაობაში ერთვებოდა, ეს არ იყო გრეხი და კრიმინალურ სამყაროში რევოლუციონერ კრიმინალს ბრალს არ სდებდნენ პოლიტიკაში ჩარევის გამო. მაშინ ქურდული გაგება არ არსებობდა. საბჭოთა იმპერიის დაშლის დროს კი ქურდული გაგების მიხედვით, პოლიტიკაში ჩარევა გრეხი იყო. რაც არ უნდა ავტორიტეტული ყოფილიყო ქურდი, მას ამ აკრძალვის დარღვევისათვის კრიმინალური საძმო პასუხს მკაცრად მოსთხოვდა. საბჭოთა დროის ქურდული საძმოს წევრს ეგრეხებოდა საერთო-საქვეყნო საქმეში მონაწილეობა, მაგრამ როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ამან ქურდული კონტრკულტურა გაგების რევიზიის აუცილებლობის წინაშე დააყენა. აქ ქურდი უკვე ვეღარ მიუთითებდა იმაზე, რომ ეს საერთო საქმე საბჭოთა იდეოლოგიით იყო განსაზღვრული. შეუძლებელი იყო ქურდული პროტესტი ისევე ყოფილიყო გამოთქმული ანტისაბჭოური ეროვნულ-პატრიოტული იდეოლოგიის მიმართ, როგორც ის გამოითქმოდა ბოლშევიზმის მიმართ. ე. ი. ქურდული კონტრკულტურის ძველი სახით არსებობა ერთდროულად ეჭვქვეშ დააყენა როგორც ეროვნულმა პროტესტმა საბჭოთა იდეოლოგიის მიმართ, ასევე პლურალიზმისა და ლიბერალ-კაპიტალიზმის შემოჭრამ. 90-იანი წლების ქართულ ეროვნულ მოძრაობაში კრიმინალები კი მოვიდნენ, მაგრამ ისინი ქურდულ გაგებას თავიდანვე არ ეკუთვნოდნენ. ისინი უარყოფდნენ ამ კონტრკულტურის იერარქიას, ქურდების ავტორიტეტს და მხოლოდ მოსაჩვენებლად ახდენდნენ ქურდული გაგების რაღაც ელემენტების დემონსტრირებას. ამის გამო ქურდებს მათთან დიდი ხიპიში ჰქონდათ. ქურდული კონტრკულტურა ქართული ეროვნული მოძრაობისაგან განზე დარჩა. მხოლოდ საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როცა ახალ სინამდვილეში ინიციატივა ქურდული კოდექსის უარმყოფელი კრიმინალების ხელში იყო, ქურდები შეეცადნენ ამ სინამდვილეში თავისი ადგილის მოპოვებას. ამან სისხლისღვრა გამოიწვია. ქურდებს მარკა ჩამოუვარდათ. დაიწყო აბაროტების აღება (შურისგება). ჯერ იდეურად მოხდა ქურდული გაგების არსებობის მართებულობაში შეეჭვება ეროვნული მოძრაობის დროს და ახლა თავად კრიმინალურ ასპარეზზე დადგა ეჭვქვეშ ამ კონტრკულტურის არსებობა. ლიბერალ-კაპიტალიზმის და პლურალიზმის დამკვიდრებამ, ასევე კრიმინალურმა რევოლუციამ ქურდული გაგების წინაშე დააყენა ამოცანა გაამართლოს თავისი ღირებულებები. ქურდულმა კონტრკულტურამ ეს ვერ შეძლო. მის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ინერციით იცავს ძველ აკრძალვებს, მეორე, გაცილებით დიდი ნაწილი ამ აკრძალვებს აღარ იცავს, მაგრამ არ აცხადებს, რომ მთლიანად უარყოფს ქურდულ გაგებას. ისინი თავის თავს ისევ ქურდულ გაგებას მიაკუთვნებენ. კიდევ სხვა ნაწილი ქურდული გაგების აკრძალვებს საჯაროდ უარყოფს, მაგრამ მოსწონს ქურდის სახელი და განაბობას იჩემებს.

ძველი ყაიდის ქურდები მართალნი არიან, როდესაც ბრალს სდებენ მათ, ვინც პოლიტიკასა და სახელისუფლო ბიზნესში გაერია. ამავე დროს ისინი აღარ არიან მართლები, რადგან ის საბჭოთა სისტემა აღარაა, რომლის წინააღმდეგ ქურდული აკრძალვები იყო მიმართული. შესაბამისად, დღეისთვის ძნელად გასაგებია ვის და რის წინააღმდეგ არის მიმართული ქურდული ოტკაზნიკობა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა ქურდებისა, პოლიტიკაში გადასულ შავებს შავი გაგების დარღვევაში ბრალს სდებენ არაკრიმინალი პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები. ეს გვიჩვენებს, რომ ქურდული ეთოსი პოსბოლშევიკურ პერიოდშიც რჩება ზნეობის და ვაჟკაცობის საზომად, იმის მიუხედავად, რამდენად არიან ადამიანები გარკვეულნი ამ კონტრკულტურაში.

მაგალითად, პირადი ან პოლიტიკური მტრობის გამო ჯაბა იოსელიანს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბრალს სდებენ შავი გაგებიდან პოლიტიკაში გადასვლის გამო. ავრცელებენ ხმებს, რომ ძველი ყაიდის ქურდები ამის გამო მის პრავილკაზე გაყვანას და დასჯას აპირებენ, რომ სადღაც, რუსეთში მას ქურდები ელიან, რომ ჯაბა იოსელიანს ახლახანს საპყრობილეში ყოფნისას ქურდები შავ დღეში აგდებდნენ. ეს არის უაზრობა. ნებისმიერი ძველი ქურდისათვის ჯაბა იოსელიანს შეეძლო დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. სახელდობრ ის, რომ მისი პოლიტიკაში მოსვლა არ იყო გრეხი. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯაბა იოსელიანს არსად არასოდეს უთქვამს, რომ ის ქურდია. მას ეს არ სჭირდებოდა. ჯაბა იოსელიანს ავტორიტეტი ეროვნულ მოძრაობაში მოსვლისთანავე ჰქონდა. მას ახალგაზრდობის შემოკრება შეეძლო. ის საუნივერსიტეტო წრეებშიც მიღებული კაცი იყო. ავტორიტეტი მას კონტრკულტურაში და მის გარეთ ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, სანამ მისი ორგანიზაცია აფხაზეთში საქართველოს საზღვართან თურქი მესხების შემოსვლას წინ აღუდგებოდა. პოლიტიკაში გარეული სხვა კრიმინალები თავის ქურდობას ხაზს უსვამდნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური ავტორიტეტი. სხვა ქართველი დისიდენტებისაგან განსხვავებით, ჯაბა იოსელიანს ინტელექტუალურ ავტორიტეტთან ერთად კონტრკულტურული, ქურდული ავტორიტეტიც გააჩნდა, რაც ახალგაზრდობას განსაკუთრებით იზიდავდა და ქურდულ გაგებასაც მეტ შუქს ჰმატებდა, რახან მას ასეთი წარმომადგენელი ჰყავდა. ჯაბა იოსელიანი ასეთი ერთადერთი იყო საქართველოში. სხვა ინტელიგენტებისათვის ქურდული კონტრკულტურა მისაბაძი კი იყო და განაბებთან ძმაკაცობითაც მოჰქონდათ თავი, რითაც თავის მარკას სწევდნენ, მაგრამ საკუთარი ავტორიტეტი არ ჰქონდათ. ჯაბა იოსელიანის პირველი და ყველაზე გამოკვეთილი ღირსება არის ვაჟკაცობა. ეს ადამიანი არის ნამდვილი პასიონარი. სხვა საქმეა თუ რამდენად შეძლო მან პოლიტიკოსობა. ღვარძლითა და ნიშნის მოგებით აღნიშნავენ ხოლმე, რომ ის არ გამოდგა პოლიტიკაში. მაგრამ სხვა ვინ გამოდგა აქ პოლიტიკაში? ქართველ პოლიტიკოსებს იმის მეოთხედი ვაჟკაცობა რომ მაინც ჰქონდეთ, რაც ჯაბა იოსელიანს აქვს, ქართული სინამდვილე სხვაგვარი იქნებოდა.           

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s