კიდევ ერთხელ ქურდებზე -3.3


წერილი მესამე

*პირველად გამოვიდა გაზეთში „ახალი მერიდიანი 44“ (12 – 14 დეკემბ., 2001, N 27).    გაზეთში სტრიქონების გამუქება რედაქციისეულია. წინამდებარე ტექსტი შესწორებულია.

როდესაც ჯაბა იოსელიანზე ამბობდნენ, რომ მას ციხეში ქურდები მოუთმენლად ელიან, რათა დასაჯონ, აქ გულისხმობდნენ არა მარტო მის გადასვლას კონტრკულტურიდან პოლიტიკაში, არამედ მის მიერ ზვიად გამსახურდიას დამხობასა და სამოქალაქო ომს. ე. ი. ისე მოიაზრებოდა, რომ ქურდები ციხეში ჯაბა იოსელიანს პასუხს მოსთხოვდნენ არა მარტო კონტრკულტურიდან პოლიტიკაში გადასვლის გამო, არამედ ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის გაჩაღების გამო. მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო, რადგან ქურდების მხრიდან სამოქალაქო ომის გაჩაღების ბრალდების წაყენება იოსელიანისადმი ნიშნავდა მათ პოლიტიკაში გარევას. იმის მტკიცება, რომ ციხეში ქურდები ელოდნენ ჯაბა იოსელიანს, რათა ის დაესაჯათ ხელისუფლების დამხობისა და სამოქალაქო ომის გამო, გულისხმობდა იმას, რომ ქურდები პატრიოტები იყვნენ და საქვეყნო საქმისათვის გული შესტკიოდათ. მაგრამ საქმეც სწორედ იმაშია, რომ ქურდები არასოდეს ყოფილან პატრიოტები. ქურდულ კონტრკულტურაში პატრიოტიზმის ცნება არ არსებობს. ქურდი კოსმოპოლიტია, უსამშობლოა ყველგან და მისი სამშობლო არის ლაგერი ან ციხე. ქურდი დღეს ციმბირის ლაგერშია, ხვალ შეიძლება ის კავკასიაში იყოს საძმოს მოთავე.  ქურდული გაგება ინტერნაციონალურია და ქურდის ეთნიკურ კუთვნილება უმნიშვნელო რამ არის შავ გაგებაში. ქურდული გაგების ინტერნაციონალიზმმაც განაპირობა, რომ მრავალი ქართველი ქურდი 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობისადმი გულგრილი იყო. ჯაბა იოსელიანს სამოქალაქო ომის გამო ციხეში პასუხს ვერვინ მოსთხოვდა ქურდების მხრიდან. თუ ეს ქურდის გასარჩევი გახდა, მაშინ თვით ბრალმდებელი ქურდი პოლიტიკაში ჩაურევლობის წესის დამრღვევად გამოდის. აქამდე ციხეში იყო და ხმას არსად იღებდე იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა ამდენი წელი და შემდეგ უცებ გაგახსენდეს სამოქალაქო ომი და ბრალი დასდო იმას, ვინც ახალი დროების დადგომისას ერთ-ერთმა პირველმა დაინახა მრავალი ქურდული აკრძალვის უაზრობა, ვერაფერი შვილი ქურდული გაგებაა. და თუ მაინც ქურდი შეეცდება ჯაბა იოსელიანის განსჯას სამოქალაქო ომის გამო, მაშინ მან პასუხი უნდა მოსთხოვოს მაშინდელი სახელმწიფო საბჭოს ყველა წევრს.

ქურდული გაგება ინტერნაციონალურია, მაგრამ საქართველოში, კონტრკულტურის ფარგლებს გარეთ, საზოგადოებაში მან ნაციონალისტური სახე მიიღო. ქართველებს თავი მოჰქონდათ ქურდული გაგებით და ეს გაგება ქართველთა მასობრივ პროტესტად იქცა რუსული საიმპერიო დომინანტობის წინააღმდეგ. თვით ქართველი ქურდები კი საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ ქურდული პროტესტის გამოთქმისას სულაც არ გულისხმობდნენ ერთიანი საიმპერიო, პოლიეთნიკური სივრცის დაშლას. ქურდული პროტესტი არ იყო ნაციონალისტური და პატრიოტული. ქართველ ქურდზე ლაღად რუსეთში არავინ იყო კავკასიელი ქურდებიდან. რუსი ქურდები ქართველ ქურდებსაც პატივს სცემდნენ და ქართველებსაც. დღეს რაც არ უნდა თქვან რუსეთის მოძულე ქართველმა მედასავლეთეებმა, ამას ვერ დამალავენ. ქურდული გაგების განმტკიცებაში რუსეთში მყოფი ქართველი ქურდების წვლილი დიდი იყო. ეს არის ერთადერთი სფერო, რაშიც საქართველოს გარეთ მყოფმა ქართველებმა თავი ასე გამოიჩინეს.

როდესაც აქ ეროვნულ მოძრაობაში მოსული კრიმინალების მიერ ქურდების შევიწროება დაიწყო, ქართველი ქურდები რუსეთს მიაწყდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქურდული გაგების ინტერნაციონალურ ბუნებას. რუსეთში მუდმივად მცხოვრები ქართველები 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს უბრუნდებოდნენ და სამშობლოს იხსენებდნენ. ეს მათი პატრიოტიზმი იყო. ქართველი ქურდები კი 90-იან წლებში ისევ რუსეთში მიდიოდნენ. მათზე ეროვნულ-პატრიოტულმა იდეებმა გავლენა არ მოახდინა. მაგრამ თუ აქამდე რუსეთის ქალაქებსა და ლაგერებში ქართველ ქურდს ვერხი ეჭირა და პალაჟენიეს აყენებდა, ახლა იქ ჩასულს დახვდა ისეთივე ბრძოლა პოლიტიკის კრიმინალებსა და ძველი ყაიდის ქურდებს შორის, როგორიც საქართველოში იყო. რუსეთს მისული ქართველი ქურდები, ცხადია, ჩაერთნენ ამ ბრძოლაში. ნაწილი ახალ კრიმინალებს შეუერთდა, ნაწილმა ძველი ქურდების მხარე დაიჭირა. ამის გარდა, რუსეთში ქურდული გაგება აღარ იყო ინტერნაციონალური 90-იან წლებში. ერთიანი პოლიეთნიკური საიმპერიო სივრცის დაშლის გამო წყენა არა მხოლოდ რუს პოლიტიკოსებს გააჩნდათ. ასე მარტივად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ რუსი ლიბერალ-დემოკრატი ერთიანი საიმპერიო სივრცის დაშლის მომხრე იყო და კომუნისტი კი ამის წინააღმდეგი, მხოლოდ იმის გამო, რომ ის კომუნისტი იყო. წყენა ერთიანი პოლიეთნიკური სივრცის დაშლის გამო რუსულ კრიმინალურ სამყაროშიც არსებობდა. ქართველი ქურდები აღარ გაახარეს და ნებისმიერი მცდელობა ქართველი ქურდებისა ვერხი აეღოთ, სისხლიანი ანგარიშსწორებით დამთავრდა. კავკასიელი ქურდები აღარ დაინდეს რუსეთში.

ქურდულ კონტრკულტურას მხოლოდ პოლიეთნიკურ სივრცეში აქვს მნიშვნელობა, რადგან ის არის პროტესტი რევოლუციონისტური ბოლშევიკური უნივერსალიზმის წინააღმდეგ. მარქსისტულ-ლენინურ პოლიეთნიზმსა და ინტერნაციონალიზმს დაუპირისპირდა კრიმინალურ-კონტრკულტურული, ქურდული პოლიეთნიზმი და ინტერნაციონალიზმი.  არა ქურდული ნაციონალიზმი, კრიმინალური ეთნოცენტრიზმი, კონტრკულტურული ქსენოფობია, არამედ ქურდული პოლიეთნიზმი დაუპირისპირდა ბოლშევიკურ უნივერსალიზმს.  ქურდული პროტესტი გამორიცხავდა ისეთ ნაციონალიზმს, როგორიც იყო ანტისაბჭოელ დისიდენტებთან 80 -90-იან წლებში. დისიდენტურის პროტესტი კი იყო ნაციონალისტური, ეთნოცენტრული და ერთიანი პოლიეთნიკური სივრცის უარმყოფელი. თავის ნაციონალისტურ იდეას დისიდენტები ამაგრებდნენ სწორედ ამ იდეის საპირისპირო ლიბერალ-დემოკრატიულ პოლიეთნიზმსა და უნივერსალიზმზე მითითებით.  ე.ი. დისიდენტი ვერ გაერკვა იმაში, რომ დასავლური ლიბერალიზმი ისეთივე პოლიეთნიკური და იმპერიული ბუნების მქონე იყო, როგორც ბოლშევიზმი და საერთოდ მარქსისტული სოციალ-დემოკრატია. მაშასადამე, ანტისაბჭოთა დისიდენტურის მიერ წამოყენებული თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეა და  ერთიანი პოლიეთნიკური საიმპერიო სივრციდან გასვლის სწრაფვა თავის გამართლებას ისევ პოლიეთნიკურ და იმპერიულ იდეაში – ლიბერალ-კაპიტალიზმში პოულობდა. განა სოციალიზმიც და ლიბერალიზმიც განმანათლებლური ათეისტური უნივერსალიზმის პირმშონი არ არიან?

რომ ვერ ერკვეოდა ანტისაბჭოთა დისიდენტურა ამაში, ამის დასტური ისიცაა, რომ ის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეით გამოსვლისას, საბჭოთა პოლიეთნიკური სივრცის დაშლის მცდელობისას, დასავლური დემოკრატიის გარდა ის მიუთითებდა ეკლესიასა და ღმერთზე. ეს გულისხმობდა, რომ ბოლშევიკური ათეიზმი იმპერიულია და პოლიეთნიკური, ხოლო თეიზმი და რელიგიურობა კი ნაციონალისტური და დამოუკიდებლობის იდეის დამცველი.  კი მაგრამ, განა რელიგია ყოველთვის პოლიეთნიკური არ არის? განა ქრისტიანობის, ეკლესიის პრეტენზია მიწიერ სინამდვილეზე მსოფლიო მონარქიის – ქრისტეს იმპერიის შექმნაში არ გამოიხატებოდა? განა ამას არ ცდილობდნენ კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიები?  დისიდენტების მტკიცებათა თანახმად, ბოლშევიკური პოლიეთნიზმი სატანური იყო და საბჭოთა იმპერია კი ბაბილონის გოდოლი, რაც ღმრთისათვის არასათნო იყო და ის უფალმა თურმე დემოკრატიის ძალით დაშალა. ანტისაბჭოური დისკურსის თანახმად, პოლიეთნიზმი და ინტერნაციონალიზმი სატანიზმია. თუ ეს ასეა, მაშ რატომღა არის ქრისტეს სწავლება პოლიეთნიკური? ან ქრისტემ, ან მოციქულებმა სად და ვის უთხრეს თუნდაც ერთი სიტყვა სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე? საქართველოში დისიდენტები და ყველა ლიბერალ-დემოკრატი ლიბერალიზმის მეხოტბეობისას რომ ღმერთზე მიუთითებდნენ, მინდა ვკითხო მათ: როდის გახდა ღმერთი დემოკრატი და სუვერენიტეტისათვის მებრძოლი?

გარდა ზემოაღნიშნული ბრალდებებისა ჯაბა იოსელიანის მიმართ შავების მხრიდან ისმოდა ბრალდება, რომ მან დასცა ქურდული გაგება და შეავიწროვა ქურდები. მაგრამ ქურდული კონტრკულტურის დაცემა და და მასში რასკოლის მოხდენა განაპირობა საბჭოთა იდეოლოგიის მარცხმა და სისტემის შეცვლამ. ჯაბა იოსელიანის ორგანიზაციას მიზნად არ დაუსახავს ქურდების შევიწროება. კი, იყო ანგარიშსწორებები, მკვლელობები. რასაც ადრე ქურდი უყურებდა, იმის ყურება ახლა ჯაბა იოსელიანის ხალხმა დაიწყო. ეს არ ნიშნავდა, რომ „მხედრიონს“ ქურდების გაწყვეტა და შავი გაგების რეპრესირება სურდა, როგორც ხალხში დადიოდა ხმები 1992 – 97 წლებში. ჯაბა იოსელიანის მთავრობაში ყოფნის დროს ქურდები გულაობდნენ ისე, როგორც არასდროს. ახლა ხომ აღარ არის „მხედრიონი“ რამდენი ხანია, მაგრამ ქურდული გაგება დაკნინებულია. „მხედრიონის“ არგუმენტაცია ქურდებთან კამათში ობიექტების გადანაწილების დროს ასეთი იყო: ჩვენ მივიღეთ ცხოველი მონაწილეობა ეროვნულ მოძრაობაში, შემდეგ სამოქალაქო ომში. ჩვენ ვიბრძოლეთ აფხაზეთში. თქვენ კი ეს ყველაფერი გეგრეხებოდათ. აი ამიტომ ჩვენ საკამათო გავხადეთ თქვენი წილები და შეწერები. თქვენი ბრალდება, რომ ჩვენ გრეხში ვართ პოლიტიკაში გარევის გამო ფაიზაღი ბაზარი აღარაა. ჩვენი მოსვლა მთავრობაში გრეხი არაა. ქურდები ამაზე ვერას პასუხობდნენ. ასეთ ლაპარაკს ერთხელ-ორჯერ მეც შევესწარი და ვიცი, იქ რაც იყო. აი ეს არსებითი ვითარებაა საგულისხმო, როცა საუბარია „მხედრიონისა“ და ქურდული გაგების ხალხის დაჯახებაზე. ის, რომ ბრალდებები მხოლოდ ჯაბა იოსელიანის მიმართ არის წამოყენებული, გამოწვეულია იმით, რომ ეს ადამიანი ყველგან კონტრასტულად ჩანს თავისი პასიონარობით და მან დაჩრდილა ყველანი. ის გამოიკვეთა როგორც კონტრკულტურაში, ასევე საზოგადოებაში. ამიტომაა, რომ ყველაფერში მას სდებენ ბრალს, მისი შურთ და ამ შურს მორალიზებით ფარავენ. ჯაბა იოსელიანი საუბრისას ქურდულ სიტყვებს იყენებდა, მაგრამ ეს არ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ მას მთავრობაში ყოფნისას ქურდობის დაჩემებაში დაედოს ბრალი. განა მთელი საქართველო ქურდულად არ ლაპარაკობს?

„მხედრიონი“ ხელისუფლების მიერ იქნა რეპრესირებული კანონიერების დაცვისა და სამართლიანობის სახელით, მაგრამ ხელისუფლება გაცილებით უფრო კრიმინალურია, ვიდრე მხედრიონი. ჯაბა იოსელიანის პიროვნულობით იმპონირებული მრავალი ახალგაზრდა „მხედრიონში“ შევიდა. ესენი იყვნენ ახალგაზრდა პასიონარები. აი ისეთი ადამიანები, როგორიც ეროვნულ გმირად შერაცხული არსენა ყაჩაღი იყო. „მხედრიონს“ სისტემურად სახელს უტეხდა შევარდნაძის ხელისუფლება და მისი გარემოცვა. ამით უბრალო მოქალაქეების ბინძურ წარმოსახვას ფართო გასაქანი ეძლეოდა მეჭორეობისათვის, ხმების დაყრისათვის. ადამიანთა უმეტესობა ლაჩარია და მათი ლაჩრული ბუნება სწორედ ამ მეჭორეობაში ვლინდებოდა. ყველა დანაშაულში „მხედრიონს“ დაედო ბრალი და ბოლოს ყველამ მას შეაწმინდა ხელი. „მხედრიონზე“ უარესი კი შევარდნაძის მთავრობა იყო. ქართულ საზოგადოებას ყოველთვის უდიდესი სწრაფვა ახასიათებდა ცილისწამებისა და მეჭორეობისადმი. აფხაზეთის ომის დროს კრიმინალური სამყაროს ნაწილი არ სცნობდა არც „მხედრიონს“ და არც ქურდების ავტორიტეტს. ისინი იყვნენ თავისუფალი ყაჩაღები და თავისი დილიხორის გასწორებას ცდილობდნენ. მათი დანაშაულებანიც ისევ „მხედრიონს“ მიეწერა.

კრიმინალი პასიონარი დანაშაულს რომ სჩადის, აქ ყველაფერი გარკვეულია, ხოლო როცა არაპასიონარი ადამიანი, ზეკონფორმისტი სამთავრობო მოხელე დანაშაულს სისტემურად სჩადის, ეს საქვეყნო უბედურებაა. კრიმინალური ჯგუფის დილიხორი კი არაა საშიში, არამედ ის, რომ ხელისუფლებაც დილიხორს ისწორებს. არსადაა იდეა, ზნეობრივი მოვალეობა, არაა არანაირი საერთო მიზანი. ამიტომაა, რომ ქართული სინამდვილე მავანთა დილიხორებს ვერ გასცდა და საზოგადოება არაფრით მეტი არაა კრიმინალებზე. უფრო ცუდი კიდევ ისაა, რომ ინტელიგენციასაც სადილიხორო და არა სამოქალაქო შეგნება აქვს. ინტელიგენტი ჩალიჩობს. ჩალიჩი გულისხმობს უსინდისობას, ტყუილის გამართლებას ადამიანთშორის და საზოგადოებრივ ურთიერთობაში. ქურდისათვის ჩალიჩი სულ სხვა რამეს გულისხმობს. ქურდი ეჩალიჩება ჩრდილოვანი ეკონომიკის საქმოსანს და საწარმოს ხელმძღვანელს. ეპადხოდება და გრუზავს მათ. ქურდი რომ მავანს ეჩალიჩება, ეს ნიშნავს, რომ კონტრკულტურის წარმომადგენელი  ამხელს ნორმატიული კულტურის წარმომადგენელს. შავი ამხელს თეთრს. საზოგადოებიდან განდევნილი და შერისხული ქურდი ამხელს იმას, რაც თავისი თავი ზნეობრივად გაუსაღებია და შავი თეთრად წარმოუჩენია. ამგვარად, ქურდი ამხელს, მაგალითად, ქარხნის დირექტორს და ამ მხილებით, შერისხული კაცის მართალი სიტყვით კომბინატორი და მპარავი დირექტორი იგრუზება, სირცხვილს განიცდის. ქურდული ჩალიჩის მიზანი ისა, რომ მან მაყუთი დაიადოს იმათგან, ვინც ნორმატიულ კულტურას აფარებს თავს და მპარავი კია. ქურდულად დაგრუზვა გარდა იმისა, რომ არის შავის მიერ თეთრის მხილება და მისი შერცხვენა, კიდევ იმ ვითარების წარმოჩენაცაა, რომ ადამიანი არავაჟკაცურ საზოგადოებაში ცხოვრობს. ქურდი რომ მავანს ეჩალიჩება, ამით მატყუარა და ხაზინის ქურდ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, რომ მაყუთის დადებით, იმით, რომ მან ქურდს ფული დაუადო, ვაჟკაცურ საქმეს იქმს და ეს მას, როგორც კაცს, გაგების ამბავში ჩაეთვალა. მან კაი ბიჭებს, შავებს ხელი გაუმართა და ამით შავ გაგებას ეზიარა. ამით გამართლდა მისი მპარავობა და სიცრუე. ეს არის ხარკი მათთვის, ვინც მართლა ვაჟკაცურად, რისკიანად ცხოვრობს და არ საჭიროებს შეეფაროს ნორმატიულ ეთიკას. ესააა ხარკი შავებისათვის იმის გამო, რომ თავისი თავის თეთრად გამსაღებელი ცრუობს. მაყუთის შეწერა არის ხარკი სიცრუის გამო. ამ ხარკს რეგულარულად უხდიან მას, ვინც ნორმატიული კულტურის მიერ უზნეოდ არის მიჩნეული.  ამგვარად, ქურდულმა გაგებამ თავდაყირა დააყენა საზოგადოებრივი მორალი. ქურდი ყოველთვის მართალი ჩანდა, რადგან საბჭოთა საზოგადოება გამოხრა სიცრუემ და დიდმა კონფორმიზმმა.

ქურდული დაგრუზვა და შეწერა არაა რეკეტი. ქურდი რომ მავანს ეჩალიჩება, კი არ ძალადობს, კი არ ემუქრება, არამედ არცხვენს, ამხელს სიცრუეში და ეს საკმარისია. ხაზინის ქურდი და ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქინატორი რომ წილს დებს ქურდისათვის, მხოლოდ ეს მიიჩნევა ვაჟკაცურ საქციელად. სხვა ყველაფერი სიცრუეა იმის გამო, რომ საზოგადოებაში ყველაფერი ტრუხაა (გაყალბებულია). და არის კიდევ ერთი ვითარება: მხილება და შერცხვენა ყოველთვის საჯაროა, საქვეყნოდ ითქმის. მაგრამ ქურდული მხილება, ის რომ ქურდი მავანს გრუზავს, არის ჩუმი და უჩინარი. ამითაც ქურდული ბაზარი აღემატება მოქალაქეთა ლაპარაკს.

ნორმატიულმა ეთიკამ 90-იან წლებში ევფემიზმად აქცია სიტყვები: „შავი გაგება“, „შავები“. ქურდული კონტრკულტურის წარმომადგენლები კი არიან შავები, მაგრამ ქურდული შავი თეთრია და შავი არის ის, რაც თეთრადაა გასაღებული. ეს არის საბჭოთა სისტემა. შავი ფერი ქურდების ფერია. ქურდი შავად შემოსილია. ის გლოვობს. შავი ფერი ქრისტიანობიდანაა აღებული, ისევე როგორც ქრისტიანული საკულტო მსახურებიდან არის აღებული ქურდად მონათვლა და ხელდასხმა.  ქურდული ჩალიჩი ქურდის სიმართლის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ქურდი დანაშაულს სჩადის, მაგრამ მართალია. ინტელიგენტის ჩალიჩი კი არის მისი საკუთარი სიცრუის და უსინდისობის გამართლება ქურდული გაგების საშუალებით. ე. ი. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტელიგენტი მატყუარაა, მაგრამ კაცურ ამბავში ის ნაღდია, ფაიზაღია. ინტელიგენტის ჩალიჩი გამართლებულია ქურდული კონტრკულტურით. მაგალითად, პოეტი ჩალიჩობს, წერს ლექსებს მამულზე, წინაპრებზე, ღმერთზე და ა.შ. ყველამ იცის, რომ ეს არის ტყუილი. მოჩალიჩე პოეტი ატყუებს საზოგადოებას და საზოგადოებაც ატყუებს პოეტს. ტაშს უკრავს, აქებს მას. გულში კი სულ სხვას ფიქრობს. პოეტობა საქართველოში უეჭველ ერისკაცობად და მოაზროვნეობად გაიგებოდა. ამის დაშვება არასგზის არ შეიძლებოდა. პოეტის მაგალითი იმიტომ მოვიხმე, რომ საქართველოში პოეტობა ჩალიჩის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახე იყო. ქართველთა საზოგადოება დასაშვებად მიიჩნევს ამგვარ ტყუილს, რადგან ყველა ჩალიჩობს. ამით ყველაფრის გამართლება შეიძლება. მოჩალიჩე ქართველი ქმნის სიქველისმაგვარობას, ვაჟკაცობისმაგვარობას. ჩალიჩი თეატრალურად წარმოჩინდება როგორც სინამდვილე, როგორც ადამიანის ნამდვილი ცხოვრება. ეს ისევე ხდებოდა, როგორც უწინ კინტო წარმოაჩენდა თავის ვაჟკაცობასა და დარდიმანდობას, მაგრამ კინტოს ვაჟკაცობა ბაზრის მოედანს, სამიკიტნოს და საროსკიპოს არასოდეს გასცილებია. კინტო საქვეყნო საქმისათვის არასოდეს გამოდგებოდა. საქვეყნო საქმე მაშინ რევოლუციური მოძრაობა იყო. რევოლუციის მატიანეს არ ახსოვს გარევოლუციონერებული კინტო. ჩალიჩი ნებისმიერ სიმდაბლეს შემწყალე თვალით უცქერის.  ამიტომ ითქმოდა საბჭოთა საქართველოში: „ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩალიჩობს თავისთვის“.

ბოლშევიზმის დროს მოჩალიჩე ინტელიგენტი თავს იმართლებდა ათეისტური საბჭოთა სისტემის ბრალდებით, რომ ეს სიტემა ყალბი იყო და ადამიანი თავს ვერ ავლენდა. მაგრამ ახლა ხომ დემოკრატიაა და რელიგიაც? ჩალიჩი კი ისევ ქართული ცხოვრების წესად დარჩა. ე. ი. ტყუილი ყოფილა ქართველის თავგადაკლული დემოკრატობა და მორწმუნეობა, მის მიერ ბოლშევიზმის გმობა. გამოდის, რომ ეროვნული მოძრაობა მხოლოდ ჩალიჩი იყო. ქართველმა იმდენი შეძლო, რომ ღმერთსაც კი ეჩალიჩა. კი მაგრამ, რაღა არის ნამდვილი საქართველოში? თუ ყველაფერი ყველა ვითარებაში ჩალიჩია, შეგნებული სიცრუეა, რაღა მნიშვნელობა აქვს ქართულ კულტურას, რომელზეც ყოველთვის მიუთითებენ როგორც რაღაც მყარ გარანტზე? ამ კულტურამ ვერ შეძლო წინ აღდგომოდა იმას, რაც დღეისათვის დამკვიდრდა საქართველოში. გამოდის, რომ ეს კულტურაც მხოლოდ ჩალიჩია. ის ვერანაირ დასაყრდენს ვერ აძლევს ადამიანს, რომელიც ცდილობს გაარკვიოს თუ რა არის ნამდვილი საქართველოში.

One thought on “            კიდევ ერთხელ ქურდებზე -3.3

  1. ბრწყინვალე ანალიზია, ორიგინალური მიგნებებით! დიდი მადლობა, გოჩა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s