ფიქრები ლევან ბებურიშვილის წიგნზე


     
ახალგაზრდა ავტორის, სალიტერატურო კრიტიკოსის, ლევან ბებურიშვილის ნაშრომი „მწერლობის „მოთვინიერება“ გრძელდება“ (გამომც. „მერიდიანი“, თბ., 2012, 136 გვ.), კრიტიკული აზრის დიდად განმაცხოველებელია იმ გარემოში, სადაც კრიტიკა ძლივს ღიმღამობს. ფილოლოგ ავტორს ხელი მოუკიდია იმ საკითხისათვის, რაზეც ჩვენში ან დუმილს ამჯობინებენ, ან მის ქებას შესდგომიან, ან ყასიდად იმხილებიან. 22 წლის ავტორი, ამჟამად დოქტორანტი, ამ წიგნში წერს საქართველოს წყლულებზე. ლევან ბებურიშვილი კრიტიკის ადიდაში აძვრენს იმას, რასაც ქართველი ლიბერალები თავისუფალი მოაზროვნეების მისაბაძ ინტელექტუალურ მონაპოვრად მიიჩნევენ და რაც სინამდვილეში ქვეყნის სირცხვილია. ამ წიგნში ჩანს ქართული მწერლობის ბედზე დაფიქრებული კრიტიკოსის ნემეზისი (აღშფოთება) იმ უმსგავსობათა გამო, რაც წლების მანძილზე გაფესვდა და ღვარძლად მოედო სამწერლო სარბიელს.

წიგნიერ ქართველთა უმეტესობამ თავისუფლებად იგულისხმა სინდისისაგან დახსნა, სიშტერის ნორმატიზება და სიძვის მეხოტბეობა. ლევან ბებურიშვილის მიერ განხილულ მწერალთა და მათ მიმბაძავთა ნაწერების კითხვისას კვლავ რწმუნდები იმაში, რომ ქართველთა ხმამაღალი განაცხადი სულიერებასა და ტრადიციულობაზე არის ლიტონი სიტყვა. იმის წლობით მტკიცება, რომ ქართველობას მხოლოდ ლიბერალიზმის მეოხებით შეეძლო თავისი გზისა და დვრიტის პოვნა, იყო შეგნებული სიცრუე. ქართველს არ შეუძლია სხვისი ჩაძახილის გარეშე ცხოვრება. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ლიბერალი ინდივიდის თავისუფლებას გადაჰყვა ყველაფერი.
რას ხედავს ლევან ბებურიშვილის თაობის ქართველი ახალგაზრდობა? იმას, რომ სიცრუეს და ჭკუამხიარულობას მოუცავს ქვეყანა. ქართული მწერლობა მრავალგზის შელანძღულია, ქართველ მწერალთა კავშირი 90-იანი წლების დამდეგიდანვე სახელგატეხილია. ასპარეზზე გამოდიან ერთობ კონიუნქტურული მწერლები: ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე და სხვები. ამ მწერალთა მიზანი არის მასხრობით და ანგლობით გაამართლონ ის, რაც საქართველოში გარდასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ხდება. ეს არაა ირონია, არაა სატირა. ეს არის პროფანაცია ირონიისა და სატირისა. ირონია და სატირა მოჩვენებითია და ამით იფარება საკუთარი კონფორმისტობა, სისტემის აპოლოგეტობა. ვითომ პოლიტიკას განდგომილი მწერლები სინამდვილეში ხელისუფლებისა და მთლიანად სისტემის შენიღბული მცველები და მსახურნი არიან.  განუწყვეტელი სიცილით, უმიზნო ირონიით, ცრუ ნონკონფორმისტობით ხდება იმის გამართლება, რაც ფესვამოსაგდებია და შესაჩვენები. აი ეს მოხდა ქართულ მწერლობასა და მთელ ქვეყანაში. მოვიდა თაობა, რომელმაც არაფერი იცის ქართველ განმანათლებელთა – ილიას, აკაკის, ნიკო ნიკოლაძის და სხვათა ნაღვაწზე.
ლევან ბებურიშვილის ამ წიგნზე გამოხმაურებას ვერ დაწერ შაბლონური ფრაზებით. აქ დიდი დარდია ავტორისა, რომელიც თავის ტოლ-სწორთაგან განსხვავებით, არ გაურბის მძიმე და სამტკივნელ საფიქრალს. ქართველი ჯეელკაცობა საკუთარ ახალგაზრდულ ასაკს თავისი უმეცრების, ზნედაცემულობის და უდისციპლინობის გამართლებას ახმარს. წლები მალე გადის და ქვეყანას ემატება უგები, საქვეყნო საქმისათვის ყოვლად გამოუსადეგარი, ღვარძლით სავსე ადამიანების მასა, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, რომ სოციალურ ქსელებში უაზროდ ილანძღება, ან ქილიკობს. ესაა შინაური მტერი, რომელიც მზადაა გაჰყვეს პოლიტიკანებს და საკუთარი სიშლეგით კვლავ სიავე დაიტეხოს თავზე. 
წინამდებარე წიგნი არის დავა მწერლობაში გამედგრებულ ლიბერტარიანულ ექსტრემიზმთან, თვალისსეირად გადაქცეულ დეჰუმანიზაციასთან. უკვე წიგნის წინასიტყვაობიდან ჩანს ავტორის თეორიული მომზადებულობა. ჩანს, რომ ლევან ბებურიშვილს ბევრი უფიქრია და უკითხია.
საუკუნის მეოთხედი გავიდა და პლურალიზმის გარემოში ქართულ მწერლობას მეტად გაუჭირდა. მან ვერაფერი ისეთი ვერ შექმნა, რაც კონიუნქტურაზე მაღლა მდგარი იქნება. ლიტერატორობა გადაიქცა თავის არიდებად საქვეყნო უბედურებისაგან. მწერალს აღარ აქვს იდეა, რომელსაც ის თავის გულსა და კალამს შესძღვნის. მწერალი ძველებურად ხელისუფლების მაქებარია და ეს მხოლოდ ბოლშევიზმის ნაკლი არ იყო. ლევანის წიგნიდან კარგად ჩანს, რომ პოსტმოდერნიზმი, რომელიც თითქოს აპოლიტიკური იყო, პოლიტიკის ნაწილად და იდეოლოგიად იქცა. ეს ვითომ აპოლტიკური და განზე განმდგარი მწერლები სინამდვილეში პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან. სარკაზმულ ღიმილს ჰბადებს ის, რომ პოსტმოდერნიზმი, რომელიც დასრულდა დასავლეთში, საქართველოში ისევ გაბატონებული იდეოლოგიაა. ქართველი ნეოლიბერალები და ლიბერტარიანელები ისევ მის დებულებებს ებღაუჭებიან, რადგან მის წიაღში შექმნეს მათ თავისი კარიერა და ამის იქით გამხედავნი არასოდეს იქნებიან. მათ არასოდეს გააჩნდათ რაიმე საკუთარი იდეა. ისინი იყვნენ და არიან სხვისი ჩაძახილით მოლაპარაკენი. ეს არის გაშეშებული პროვინციალიზმი და პლაგიატიზმი, სექტანტური კაცთმოძულეობა სხვათა მიმართ. მათ ხეირიანად გამოიყენეს წლობით მიმდინარე ბოლშევიზმის ძაგება და თავის ხელობად აქციეს ხელისუფლების ყველა უსამართლობის გამართლება. ფილოსოფია და ლიტერატურა მათ გადააქციეს რეპრესიულ სახელისუფლო დისციპლინებად. ისინი არიან იდეოლოგები ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით იმ დროს, როდესაც ლიბერალიზმი 90-იანი წლებიდან აცხადებდა სრულ დეიდეოლოგიზაციას. ბ-ნი ლევანი თავისი ნაშრომის V თავში წერს პოსტმოდერნიზმის შემოჭრაზე ქართულ მწერლობაში. კამათი უსასრულოდ შეიძლება იმაზე, პოსტმოდერნიზმი თავად გაჩნდა ქართულ ლიტერატურაში, თუ დასავლეთიდან მოვიდა. ჩემი აზრით, ქართველი პოსტმოდერნიზმამდეც სიმულაციას მისდევდა და რელატივისტი იყო. ეს კარგად ვერ ჩანდა საბჭოთა ცენზურის ბატონობის გამო. პოსტმოდერნიზმის გადავარდნის შემდეგაც ქართველი ისევ ისეთი რჩება. პოსტმოდერნიზმამდელი პოსტმოდერნისტი იყო თამაზ წივწივაძე, ასევე ტარიელ ჭანტურია. წივწივაძის მასხრობები 90-იანი წლების დამდეგს საღდებოდა კრიტიკად. მაგალითად, საბჭოთა დროს გამოსული მისი წიგნი „მართალს ვიტყვი“ მასხრობის ნიმუშია. გვიან დაინახა ქვეყანამ, რომ ეს არ იყო კრიტიკა. ასევე არიან ახლანდელი მწერლები. საკითხავი ისაა, ვინ მოვა ქართულ მწერლობაში ზაზა ბურჭულაძის, ერეკლე დეისაძის, ლაშა ბუღაძის შემდეგ? რას მოიგონებენ ისინი და რაზე იმასხრებენ? ისევ ისე დაიცავს მათ ქვეყნის მთავრობა და ლიტერატურის ინსტიტუტი?
განსვენებულმა შოთა ბოსტანაშვილმა დაწერა: „დღეს – პოსტმოდერნისტული ლიტერატურის სახით – სახეზეა ახალი ტოტალიტარული ლიტერატურა, ტექსტი, რომელიც აღარ ქადაგებს ჭეშმარიტებას“ (მრგვალი მაგიდა თემაზე: „მწერლობის მოთვინიერება“. (9. X. 2009 – 12.00 – 14.00),  ლიტმცოდნეობის საერთაშორისო კონფერენცია: ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი (XX საუკუნის გამოცდილება). თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, („კრიტიკა“, 2009, N 4, გვ. 283).
პოსტმოდერნული რომანის თავისებურებანი კარგად დაახასიათა კონსტანტინე ბრეგაძემ თავის ნაკვლევში „პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა (Summa postmodernica)“, „სჯანი“, 2013, N 14, გვ. 58 – 76). აქ საუბარია ამ მიმართულების რომანის უმიზნობასა და უიდეობაზე, ტექსტის თავშესაქცევობასა და დესტრუქციულობაზე. 
პარადოქსი ისაა, რომ პლურალიზმმა დაამკვიდრა ახალი ტიპის იდეოლოგია მაშინ, როცა წლების მანძილზე დეიდეოლოგიზაციაზე იყო საუბარი. 90-იან წლებში ამას ამტკიცებდა ქართველ ფილოსოფოსთა დიდი ნაწილი (ვახტანგ ერქომაიშვილი, გურამ თევზაძე და სხვები). ნეოლიბერალიზმმა მოახდინა ყოვლისმომცველი რეიდეოლოგიზაცია და რეპოლიტიზაცია. ამიტომა, რომ ერთი შეხედვით აპოლიტიკური ლიტერატურული ტექსტი სინამდვილეში პოლიტიკური ტექსტია. ეროტიკული, სკაბრეზული და ფრივოლური ტექსტის მიღმა იკვეთება ლიბერტარიანული პოლიტიკური იმპერატივი. ეს მაშინაც ასე ხდება, როდესაც პროზაიკოსებსა და პოეტებს არ აქვთ გააზრებული იმ მიმდინარეობის არსი, რის მიმდევრებადაც თავს წარმოაჩენენ. მხედველობაში მაქვს პოსტმოდერნიზმი. ლევან ბებურიშვილი ამბობს: „რაც არის ნეოლიბერალიზმი პოლიტიკაში, იმავეს წარმოადგენს პოსტმოდერნიზმი ლიტერატურაში“ (გვ. 69). აქვე ის წერს, რომ ნეოლიბერალები ცდილობენ ისეთი ცნობიერების შექმნას, როდესაც არ არსებობს არანაირი მორალური იმპერატივი, არაფერი საკრალური (გვ. 28).
ნუგზარ მუზაშვილი თავის ნარკვევში „არსებობს, მაგრამ… არ არსებობს“, სავსებით სწორად მსჯელობს: „როგორღაც ისე მოხდა, რომ დასავლური წარმოშობის ისეთი ლიტერატურათმცოდნეობით-კულტუროლოგიური ტერმინები, როგორებიცაა, ვთქვათ, კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, მოდერნიზმი, აგერ ჩვენს თვალწინ პოსტმოდერნიზმი და სხვა, ჩვენში მრავალი გაუგებრობისა და ილუზიის წარმოქმნის მიზეზი ხდება ხოლმე“ („კრიტიკა“, 2007, N 2, გვ. 8).
ლევან ბებურიშვილის წიგნში განხილულ მწერალთა (აკა მორჩილაძე, დავით ბარბაქაძე, ზაზა ბურჭულაძე, ერეკლე დეისაძე და სხვანი) შემოქმედება არის სწორედ გაუგებრობა და ილუზიონიზმი. ეს არის საკუთარი სისუსტის დაფარვა გენიტალიზმითა და ფრივოლურობით, ქურდული ლაპარაკითა და განუწყვეტელი მასხრობით. ეს პროფანირებული ეროტიზმია. არა, უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს საიგავო აფრაკობაა. აკა მორჩილაძემ და მისმა მიმბაძავებმა ქურდული კონტრკულტურაც სასეიროდ აქციეს. რამდენი თხზულება შეიქმნა 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში და მხატვრული ღირსების მქონე ეროტიკული ტექსტები მაინც არსადაა. აქ რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა ეროტიზმის თემაზე ქართულ ლიტერატურაში. ქეთევან ელაშვილი აღნიშნავს: „ქართული სიტყვის შინაგანმა ბუნებამ ვერ იგუა ეროტიზმის შესატყვისი ლექსიკა – ანუ არ შეიქმნა ამ ნაკადის მეტყველი სისტემა და, შესაბამისად, მკვეთრად აქცენტირებული ეროტიული მწერლობა“. „ქართული მწერლობის წიაღში არ განვითარდა „ეროტიზმის ესთეტიკა“. აქვე ქვემოთ, ქ-ნი ქეთევანი იტყვის, რომ „ბესიკის პოეზია ერთგვარად აქარწყლებსო ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას – ქართულ ცნობიერებაში „ეროტიზმის ესთეტიკის“ არარსებობაზე“. (ქეთევან ელაშვილი. „ეროტიზმის დიაპაზონი ქართულ სიტყვაში“. „ლიტერატურული ძიებანი“, 2008,  XXIX, გვ. 252-5). აქვე ვიტყვი, რომ ბოლო დროს ბესიკზე გამოსული ლიტერატურიდან გოჩა კუჭუხიძის ნარკვევი „ბესიკის შემოქმედების აღმოსავლურ-დასავლური ასპექტების ურთიერთმიმართებისათვის“ („ლიტერატურული ძიებანი“, 2010, XXXI, გვ. 29 – 43) შესანიშნავი რამ არის. 
ქეთევან ელაშვილმა ეს აზრი გამოთქვა მაშინ, როდესაც უკვე კაიხნის შექმნილი იყო მრავალი ცნობილი ქართველი გენიტალისტი მწერლის ნაწარმოები. მის ნამსჯელში ჩანს, რომ იგი არ აღიარებს ამ მწერლებს და მათ ნაწერებს. ამაში ქ-ნ ქეთევანს სრულიად ვეთანხმები. ის ხსენების ღირსადაც არ თვლის ახლანდელ გენიტალისტ ქართველ მწერლებს. ქ-ნი ქეთევანი წერს: „საუკუნოვანი ტაბუირება ეროტიკული თემატიკისა, რაღა თქმა უნდა დაემჩნა ჩვენს მწერლობასაც, სადაც მიხეილ ჯავახიშვილის გარდა, ჩვენი საუკუნის დასაწყისამდე, ფაქტობრივად ვერვინ გაბედა შეხებოდა ამ ერთობ სარისკო საკითხს“ (იქვე, გვ. 254).
ბესიკის გარდა დავით გურამიშვილთანაა ეროტიკული პოეზია. ქართული ლიტერატურის ისტორიას ახსოვს რუსთველის სიძვის პოეტად გამოცხადება, მისი პოემის შეჩვენება და დევნა სამღვდელოთაგან. მიუხედავად იმისა, რომ სპარსული გავლენით არსებობდა ძველქართული სამიჯნურო ლიტერატურა,  ეროტიზმმა ვერ მოიდგა ფეხი ქართულ ლიტერატურაში. ილია ჭავჭავაძის დროს საქართველოში იცნობდნენ ემილ ზოლასა და გი დე მოპასანს. და მაინც, უახლეს დროში თვინიერ მიხეილ ჯავახიშვილისა, ვერვინ შეძლო ტაქტისა და გემოვნების შენარჩუნებით ეწერა ამ თემაზე. ტაქტი ყველა დროში აკლდა ქართველს. ლევან ბებურიშვილის წიგნში სწორედ ეს ჩანს, რომ ეროტიკაზე მწერ ჯეელებს ტაქტი დაჰკარგვიათ. სხვადასხვა დროს ლიტერატურის ინსტიტუტში ითქვა რაღაც ახლანდელ გენიტალისტ მწერლებზე, მაგრამ ვერვინ გაბედა სალიტერატურო კრიტიკის მახვილით მოესრა ის მწერლები და პოეტები, რომელნიც ლევან ბებურიშვილმა განიხილა აქ დასახელებულ წიგნში.  მაგალითისათვის, თამარ ჩიხლაძე თავის წერილში „ლიტერატურა, ახალგაზრდობა, სექსი და მოდა“, წერს სექსიზმის მოძალებაზე ლიტერატურაში („კრიტიკა“, 2011, N 6, გვ. 39), მაგრამ არაა ნათქვამი, ვინაა ასეთი მწერალი. გაგა ლომიძე კლასიკური ლიტერატურის ტექსტებთან მიმართებაში განიხილავს აკა მორჩილაძის ერთ რომანს „აგვისტოს პასიანსი“ (გაგა ლომიძე. „რეალისტური/პოსტმოდერნული პროზის კომპოზიცია“, „სჯანი“,  2010, N 12, გვ. 38-48). ლიტერატურის ინსტიტუტში ვერ გაბედეს გაეკრიტიკებინათ ეს ლიბერალ-გენიტალისტები, რადგან ეს დაწესებულება ხელისუფლების ნაწილია და პოლიტიკური განზრახულობით მხარს უჭერს აი ამ სახის ნაწერების დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში. პლურალიზმის მიუხედავად ლიტერატურის ინსტიტუტი ისევ ხელისუფლების მიერ დადგენილ პოლიტიკას იცავს და მას მისაღებად მიაჩნია ლიბერალი გენიტალისტების მომრავლება ქართულ მწერლობაში.  „ჩვენი მწერლობის“  მე-10 ნომერში (2013 წლის 17 მაისი) გამოქვეყნებულია თამთა ცეცაძის მიერ ჩაწერილი დიანა ძიძიგურის საუბარი იმაზე, რომ ლიტერატურას უხამსობა მოეძალა. ოღონდ, ქ-ნი დიანა არსად ახსენებს რომელიმე გენიტალისტ მწერალსა და პოეტს.
ლევან ბებურიშვილის წიგნის რედაქტორს, რუსუდან ბურჯანაძეს თავის წინათქმაში სხვაგვარად უხამდა თქმა იმაზე, რომ ჭირი მოედო ქვეყანას, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს სალიტერატურო იდიოტობას, რომ ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის აღარაფერს ნიშნავს მამულიშვილობა, ქართული წესისა და ადათის მიდევნა. სრული პლურალიზმის დროს ქართველობამ წარმოაჩინა თავისი უძლურება საკუთარი ქვეყნის პატრონობაში. თსუ-ს ენისა და ლიტერატურის კათედრებმა უმკაცრესად უნდა გაილაშქრონ ამ ჭირის წინააღმდეგ. საქართველო მეტად სუსტი და სიავეში მყოფი ქვეყანაა და მან თავს არ უნდა მისცეს ასეთი ფრივოლურობის ნება.
სხვადასხვა წლებში ლიტერატურის ცენზიან წარმომადგენელთა მიერ დაიწერა გამოხმაურებები დავით ბარბაქაძის გენიტალისტურ პროზაზე, სახელწოდებით „ტრფობა წამებულთა“, რომელიც 90-იანი წლების შუიდან იხილა მკითხველმა. ბარბაქაძეს მყისვე მიბაძა ჩიტირეკია კალმოსნების ლაშქარმა და რა დაიწერებოდა, თქმა აღარ უნდა. ქართულენოვანი ინტერნეტის გაჩენა 90-იანი წლების ბოლოს აღინიშნა გენიტალისტური პროზისა და პოეზიის დამკვიდრებით. ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობის“ გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო გამოსული დავით ბარბაქაძის „ტრფობა წამებულთა“. დეისაძეს მრევლი საცემად დასდევდა და ის იმალებოდა. ბარბაქაძის ნაწერის გამო კი ჩქამი არ გაუღია არც მრევლს და არც არავის. წარმოვიდგინოთ, მორალისტობის რა კორიანტელს დააყენებდნენ ლიბერალები, ზვიადის მომხრე მწერალს რომ დაეწერა გენიტალისტური რომანი ან მოთხრობა. როგორ თავს გამოიდებდნენ ლიტერატურის პროფესორები ეროვნული მოძრაობის საძაგებლად. სხვას არ შეარჩენდნენ ამას. თავად კი ერეკებიან, როგორც მოესურვებათ.   მათი ნაწერები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სახელ-გვარის გარეშე რომ გამოვიდეს ამათი ნაკალმევი, ერთი ავტორისა გეგონება ყველა ეს ტექსტი. არსად ჩანს ავტორთა თვითობა, ფიქრის სიღრმე და ტრაგიზმი.  სწორად მსჯელობს ბ-ნი ლევანი, რომ „თანამედროვე ლიტერატურის დიდი ნაწილი ერთი ზერელე მწერლის ხელიდან გამოსულ ტექსტებს ჰგავს. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, რა სტილური თავისებურებებით განსხვავდება ლაშა ბუღაძის პროზა ბესო ხვედელიძის პროზისაგან, ანდა დ. ქართველიშვილის ნაწარმოებები თეონა დოლენჯაშვილის ნაწარმოებებისაგან?“ (გვ. 75).
განა მხოლოდ მწერლობაში არის ასეთი უიდეობა. ასევეა სათეატრო ხელოვნებაშიც. თეატრებში იდგმება სიძვის სპექტაკლები. აქაც სიტყვების რახარუხია: „ვირტუალური ტრაგედია“, „ტრანსცენდენტალური პერფორმანსი“ და ა. შ. მწერლობა და თეატრი აღარაა დიდ განმანათლებლურ პაიდეიასთან ზიარებაში. ქართულმა თეატრმა დიდი წვლილი შეიტანა 1992 წლის უბედურებაში. შემდგომ წლებში კი თეატრი იქცა პოლიტიკის ნაწილად, ხელისუფლების იდეათა დამცველად. 
წიგნის დასაწყისში ლევან ბებურიშვილი ეხება დიდად საჭირბოროტო საკითხს. ესაა მწერლის მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 90-იანი წლების დამდეგიდან დამკვიდრდა აზრი, რომ მწერალი არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს კომუნისტურ რეციდივად და საბჭოთა ტოტალიტარიზმის გადმონაშთად იქნა მიჩნეული. ნეოლიბერალი მწერლები კი არსებული პოლიტიკური სისტემის დამცველებად გადაიქცნენ, რამაც დაგვანახა ზემოააღნიშნული აზრის მცდარობა. გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარ საქართველოში მწერალი არ შეიძლება იყოს მოსეირე და თავს არ უნდა არიდებდეს საერთო საქმეს. ქართველი მწერალი ვერ იქნება ასოციალური საქვეყნო ჭირის ჟამს. 
რომ შეეკითხო ზაზა ბურჭულაძეს, ლაშა ბუღაძეს, აკა მორჩილაძეს ერეკლე დეისაძეს, დავით ბარბაქაძეს და სხვებს პოსტმოდერნიზმის ფილოსოფიაზე, დარწმუნებული ვარ, ვერაფერს იტყვიან. რომ ჰკითხო მათ, მიეკუთვნებიან თუ არა რომელიმე ლიტერატურულ მიმდინარეობას, ან ქმნიან თუ არა თავად რაიმე მიმდინარეობას ქართულ მწერლობაში, ასევე ვერაფერს იტყვიან. პოსტმოდერნიზმი მათთვის არის ძახილი თავაშვებულობისაკენ, ლიტერატურული კეთროვნებისაკენ. კიდევ დიდი ხანი რომ გავიდეს, ისინი მაინც არ გასცდებიან თავის თვალსაწიერს. ისევ ისე და ისევ იმაზე დაწერენ, რაზეც აქამდე უწერიათ. მათი წარმოსახვა არ გასცდება სქესობრივ ფიზიოლოგიასა და დეფეკაციას. ლიბერალი მწერლების მოგონილია ტუალეტში დაწერილი ლექსები და მოთხრობები. ისინი ხელისუფლებამ გამოაჩინა და არა თავად გამოჩნდნენ. ამათი ნაწერები არის შეთანხმება ხელისუფლებასთან. ესაა პათოგენურობის გაბრწყინება. ესენი არიან ახალი ყაიდის სადისტები ლიტერატურაში, კოპროლალიით შეპყრობილი მწერლები. მათ კალამი ზურგში ჩასაცემ ლახვრად უქცევიათ. მწერალი არ გადის ხალხში. ის ემალება ყველას. მწერალი არაა ნონკონფორმისტი და რებელიზმის (მოჯანყეობის) იდეის მცველი. მწერალი შოუმენია და ჯამბაზი. მას არ აღელვებს თავისი ქვეყნის უბედურება და ამავე დროს ტელეეთერს გამოკერებულია. ლიბერალ მწერალს უხარია ქართველთა უხეირობა, ესახელება ქვეყნის ასეთი არნახული დაცემა. მისი კოსმოპოლიტობა სინამდვილეში მისვე ფეხებზემკიდიობისა და ანგარების დასაფარი ოინია. ყველაზე დიდი უბედურება პოსტსაბჭოთა საქართველოსი ისაა, რომ ქართველობა იყო და არის კოლექტიური შევარდნაძე და კოლექტიური სააკაშვილი. ბოლო წლებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. ვერც ერთ საკითხზე ვერი იქნა მიღწეული კონსენსუსი. ქართველობა არის ერთადერთი ხალხი, რომელმაც სრული პლურალიზმის გარემოშიც ისევ მონობა არჩია. ქართველი შეეჩვია უსაზრისო ცხოვრებას. მან უარი თქვა კავკასიელობაზე, თავის ვინაობასა და ფესვებზე. ქართველი არის კავკასიის სირცხვილი. კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ დამთავრდება ლაპარაკი ლგბტ-ზე. არა აქვს ქართველს პანკავკასიური შეგნება. ყასიდი მოთქმით წერენ რუსეთ-ჩეჩნეთის ომებზე, აფხაზეთისა და ქართლის ჩრდილოეთის დაბრუნებაზე. განა მართლა აფიქრებთ ეს საკითხები. ზვაობას იხელებენ, ჭიას იხარებენ. თავს იტყუებენ მთელი ცხოვრება, რადგან არ იციან ცხოვრების საზრისის მოძიება, არ შეუძლიათ ერთურთის მოსმენა. იდიოტობად იქცა სტალინის კილვა. ამას აღარ აქვს აზრი. მხოლოდ უბედურების კომერციალიზებაში გამოიჩინა ქართველმა მარიფათი. ლიბერალებმა სტალინური რეპრესიები თავის სამუდამო ალიბიდ აქციეს და გაიბოგინეს. ნებისმიერ კრიტიკას ისინი საბჭოთა აზროვნების ვერდაძლევას უწოდებენ და 20 წელზე მეტი თავს აჩვენებენ, რომ რაღაც აქამდე უნახავი იციან. ლიბერალთა თაღლითობის ნიმუშია რუსეთის მიერ ჩერქეზთა გენოციდზე ლაპარაკი. კი იქექებიან ისტორიაში, რათა დაარწმუნონ ქვეყანა თავის ნათქვამში, მაგრამ იმას კი არ იტყვიან, რომ რუსების კავკასიაში შემოსვლამდე ჩერქეზი და აფხაზი მთავრები მრავალი წელი იკლებდნენ სამეგრელოს, შინაყმებად და გასაცვლელ მონებად ჰყავდათ მეგრელ-გურულ-იმერლები და ტყვეებს ოსმალეთში ჰყიდიდნენ. ასეც იყო, რომ იმერეთის მეფე თურქებთან ერთად აპირებდა ჩერქეზეთის დალაშქრვას. როდის გაახსენდათ შევარდნაძის უბეში გამოზრდილ და ყველაფრით შევარდნაძისაგან დავალებულ ქართველ ლიბერალებს ან ჩეჩნები, ან აფხაზი მუჰაჯირები და ან რუსის ჯარის მიერ ამოწყვეტილი ჩერქეზები? ქართველები სძულთ ამ ლიბერალებს და ვინ დაიჯერებს, რომ ისინი ჩეჩნებსა და ჩერქეზებს ეჭირისუფლებიან? თავისი კარიერის გარდა მათ როდესმე რაიმე აფიქრებდათ? სიმართლის თქმაც ტაკიმასხრობად გადაიქცა ლიტერატურაშიც,  ისტორიოგრაფიაშიც და პოლიტიკაშიც
საქართველოში ყველა დაწესებულება მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი შეეგუოს უწმინდურებას და ის ცხოვრების ერთადერთ წესად მიიჩნიოს. ამიტომ იქცა ყოველივე ქართული ბილწობის სინონიმად. ქართველმა თავისი ავაზაკობის თავისუფლებას მამული შესწირა და კიდევ სხვებს აგინებს წლობით.
90-იანი წლების დამდეგიდან მკითხველი დაარწმუნეს იმაში, რომ საბჭოთა იდეოლოგია სექსს უმალავდა ხალხს და მას დიდი რაღაც დააკლდა. რა ამბავი იდგა ამ დროის გაზეთებში. ჩაიქროლა ამ მონაბერმა, დარჩა ბითურობა და ბილწობა. სხვა რომ არაფერი შეუძლიათ, ისევ ამ გაცვეთილ საკითხს ეწებებიან. თან ქრისტიანობენ, თან სექსუალური ლიბერალიზაციის გამო იღეჭებიან წლობით.
ქართული ირანისტიკის აწ გარდაცვლილმა ბურჯმა, ქართული ფოლკლორის ამაგდარმა, ვახუშტი კოტეტიშვილმა 2006 წელს გამოსცა სკაბრეზული ქართული ფოლკლორის ნიმუშები მცირე კრებულად („დაუკრეფავნი“). ამაზე გაზეთებში ყასიდი აღშფოთებით დაიწერა და მორალისტობის კორიანტელი დადგა. ასევე შეხვდნენ გაზეთები ზაზა ბურჭულაძის, ერეკლე დეისაძის და სხვათა ნაწერების გამოსვლას. ეს ყალბი კრიტიკა, მოსაჩვენებელი უარყოფა იყო. ნამდვილი კრიტიკა სულ სხვა რამ არის და ამას ვხედავთ ლევან ბებურიშვილის წინამდებარე წიგნში.
ბ-ნი ლევანი აღნიშნავს, რომ ლიბერალები აკრიტიკებენ გალაკტიონს. აქ ერთი რამ მინდა დავამატო: გალაკტიონის, ილიას და სხვათა განქიქება ბევრჯერ გასმენილა ლიბერალთა მხრიდან, მაგრამ ესეცაა, რომ ისინი ცდილობენ დიდ ლიბერალებად და თავის იდეურ წინამორბედებად წარმოაჩინონ გალაკტიონი, ვაჟა-ფშაველა, ილია. თუ დასავლეთში პოსტმოდერნისტმა ფილოსოფოსებმა მოახდინეს ჰაიდეგერისა და ნიცშეს პროფანირება, საქართველოში ლიბერალებმა მოახდინეს ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის და ილია ჭავჭავაძის პროფანირება. ჰაიდეგერსა და ნიცშეს ისინი ვერ შესწვდნენ.
ქართული ლიბერალიზმი ფალსიფიკატად იქცა და ასე რომ იქნებოდა, ეს  1994-6 წლებშივე ჩანდა ლიბერალთა ტრიუმფალიზმში ეროვნული მოძრაობის დასამარების გამო. მაშინვე გამოიკვეთა დიდი მარცხის სილუეტი, რასაც მახვილი თვალი უთოუდ შეამჩნევდა. ლევან ბებურიშვილს თავისი წიგნის 42-ე გვერდზე მოჰყავს როსტომ ჩხეიძის კრიტიკული განსჯა თანამედროვე ლიბერალ მწერლებზე. მაგრამ თავად როსტომ ჩხეიძე იმავე ლიბერალთა დასის წარმომადგენელია. როსტომ ჩხეიძე ადრე, გაზეთ „ჩვენ მწერლობაში“ თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობებს ბეჭდავდა და დადებითად აფასებდა იმას, რაც არაფერი ისეთი არ იყო. როსტომ ჩხეიძის ჟურნალ „ჩვენ მწერლობაში“ (2013, N 5) არის ექსპრეს-ინტერვიუ ნეოლიბერალ მწერალთან და კრიტიკოსთან, მალხაზ ხარბედიასთან (გვ. 7). როსტომ ჩხეიძე არას კითხულობს იმაზე, რომ რედაქტორმა მ. ხარბედიამ ნაწილ-ნაწილ დაბეჭდა ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობა“ ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“  სალიტერატურო დანართში. დეისაძის ეს ნაწერი როსტომ ჩხეიძისთვის მისაღებია. ეს ექსპრეს-ინტერვიუ არის მისი რევერანსი გალაღებულ ნეოლიბერალ მწერალთადმი. ჩხეიძეს ერთი ფეხი ლიბერალების დასში უდგას და მეორე ფეხის დადგმას ეროვნულ ძალთა შორის ლამობს. კრიტიკას ამის გამო კი ვერ იტანს როსტომ ჩხეიძე. ნამეტურ გაიბოგინეს ნეოლიბერალმა მწერლებმა. ამ ერეკლე დეისაძეს, ამ ზაზა ბურჭულაძეს და მათ მიმბაძავებს არავინ ჰყავთ, რომ შეუძახონ მათ? რაებს სწერთ თქვენს დედებსა და მამებზე? რას ფიქრობთ და რა გამოგიფენიათ?   
ბ-ნ ლევანს მოჰყავს ამონარიდი (გვ. 17) დიდი კრებულიდან „საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე“ (2005).  აქ გია მირზაშვილი ნახევარგვერდიან შენიშვნაში (გვ. 336) წერს, რომ „უგემოვნო, უტიფარი, უნიჭო, უბირი ადამიანია საქართველოს სიმბოლო. შემცბარი, უგუნური, ბოღმიანი გამოხედვაა საქართველოს სიმბოლო…“. ეს ითქმის საბჭოთა საქართველოს გასაშავებლად, მაგრამ იგივე ამონარიდი მიესადაგება იმ ლიბერტარიანელ მწერლებს, რომელთა ნაწერებსაც ლევან ბებურიშვილი აკრიტიკებს თავის წიგნში. უნიჭობა, უტიფრობა, ბოღმიანი გამოხედვა ამათი ინახოს! დიახ, ისინი არიან ნეოლიბერალური საქართველოს სიმბოლო. წლობით ტელეეკრანს გამოკერებულნი ისინი უბნობენ იმაზე, რაც არ იციან არც თეორიულად და არც ისტორიულ ჭრილში. 90-იანი წლების შუიდან ნეოლიბერალმა და პოსტმოდერნისტმა სნობურმა ინტელექტუალებმა წლობით იბოგინეს. ამათთვის სნობობაც კი დიდი კომპლიმენტია. 2004 წლიდან კი მათი ზეობის ხანა დადგა. ხელისუფლება მათ დიდ ავალას აძლევდა. ამ ინტელექტუალთა შორის იყვნენ ფილოსოფოსნი, ისტორიკოსნი, მწერალნი, პოეტნი. რა შექმნეს მათ ქვად დასადები? რა გარდაქმნეს მათ თავისი სიტყვით? სად რა ხნული გაავლეს და ვინ დგას მათ განაკვალში? მათ გავლილზე დარჩა მხოლოდ სიცრუე და კაცთმოძულეობა. ამისკენ მიდიოდნენ ისინი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში? ეს ხომ ქართული ნეოლიბერალიზმის კრახია? ქართული ლიბერალური პოლიტეია ვერ დამკვიდრდა. ქართველთა აგორა ვერ იშვა. რამდენი დაიყბედეს ღია საზოგადოებაზე, აზრთა გაზიარებაზე, ჰუმანიზმზე ნოდარ ლადარიამ, გია ნოდიამ, ლაშა ბაქრაძემ, გიგა ზედანიამ და სხვებმა. ისინი არასოდეს არავის უსმენენ. ისინი არად აგდებენ და ქვეყანას უმალავენ დასავლეთის დასავლელ კრიტიკოსებს. ისინი დასცინიან ყველას. ესაა ქართველის ზნე. ღია საზოგადოება არის ილუზია. მისი ილუზორულობა სულ უფრო აშკარა ხდება მასებისათვის. ადამიანის აბუჩად აგდებად იქცა ლიბერალთა გამოცემული წიგნები:  „დემოკრატიის განვითარება საქართველოში“, „ცნობარი აქტიური მოქალაქისათვის“ და მისთანანი. ნეოლიბერალთა რადიკალიზმი და იმის მტკიცება, რომ ყველაფერი 2004 წლიდან დაიწყო და მანამდე არა ყოფილა რა, არის წაქეზებულ პროვინციელთა შაბაში და მეტი არც არაფერი. ლევან ბებურიშვილის წიგნში (გვ. 19) მოყვანილია გიორგი მაისურაძის მსჯელობა, რომ „ქართული ისტორიოგრაფიის, ლიტერატურისმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფილოსოფიის დონე არათუ საერთაშორისო სტანდარტებთან ახლო ვერ მიდის, არამედ უბრალო კრიტიკასაც ვერ უძლებს“. 
რომელი საერთაშორისო სტანდარტების სახელით უარიყოფა წარსულის ნამუშაკარი? ეს ხომ კრიტიკანობაა? რა ვერ უძლებს უბრალო კრიტიკას? განა საბჭოთა დროს არ შეიქმნა სახელოვან ქართველ ისტორიკოსთა შრომები? საბჭოთა ქართულ ლიტმცოდნეობას ხომ ჰყავდა თავისი მეტრები? საბჭოთა ქართულ ფილოსოფიაშიც იყვნენ სოლიდური კომპეტენციის მქონე მეცნიერნი – ზურაბ კაკაბაძე, ანგია ბოჭორიშვილი, კოტე ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი. ჩვენი თვალსაჩინო თანამედროვენი არიან ზურაბ კიკნაძე და ბაჩანა ბრეგვაძე. არა, ნოდარ ლადარიას, გიგი თევზაძის, გიგა ზედანიას, გია ნოდიას და ქართული ლიბერტარიზმის სხვა იდეოლოგთა შრომები ხომ დგას საერთაშორისო სტანდარტებთან ახლოს? მაჩვენეთ რა შექმნა ლიბერტარიანელ ფილოსოფოსთა, ისტორიკოსთა და ხელოვნებათმცოდნეთა დასმა საქართველოში? სასათბურე პირობები ჰქონდათ შექმნილი. შევარდნაძის დროიდანვე გრანტებს იღებდნენ. ბევრი მათგანი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი და პრეზიდენტ შევარდნაძის სტიპენდიატი იყო.  უცხოეთშიც იარეს სამოსწავლოდ. ისინი გაიზარდნენ შევარდნაძის უბეში და ადრევე შეითვისეს მაშინდელი დროის ყველა უკეთურება. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ მათ დაეკისრათ  ხელისუფლების ფილოსოფიური, იდეური გამართლების მისია. მიიღეს კათედრები, ადმინისტრაციული პოსტები უნივერსიტეტებში, სამინისტროებში. მათ იარეს უცხოურ მივლინებებში. რა შექმნეს მათ? რაიმე დაიდო მათგან დემოკრატიაზე დაწერილი კონფორმისტული და ეპიგონური წიგნების გარდა? კომპარტიის ნომენკლატურა შეიცვალა მეტად გაახალგაზრდავებული ლიბერალური ნომენკლატურით. მეფის ოხრანკისგან ნადევნ, კატორღაგამოვლილ პირველი თაობის ბოლშევიკებს 1917-30 წლებში ჰქონდათ რწმენა. ქართველი ლიბერალების პირველივე თაობა კი არის საიგავო ლაჩარი, პოლიტიკური მედროვე, უსინდისო მომხმარებელი. მას არ ჰქონია და არც ექნება ლიბერალიზმის რწმენა. თავის განათლებას ის თავისივე ანგარებისა და სიმდაბლის გამართლებას ახმარს და სულ ესაა. რომელიმე მათგანს ამ ლიბერალებიდან თუ შერცხვა სააკაშვილის მმართველობის ასეთი კომპრომეტაციის გამო? ესენი კიდევ იმოძღვრებიან და იქით ედავებიან სხვებს. რომელიმეს გააჩნია ფილოსოფოსის ეთოსი? სინდისმა ვინმე შეაწუხა უმიზეზოდ დახოცილი და ნაწამები ხალხის გამო? სადმე გამოვლენილა მათი როგორც ლიბერალების ჰუმანიზმი და თანალმობა? ამავე დროს, ესენი 20 წელზე მეტი ყბედობენ სტალინურ რეპრესიებზე, 1924 წელს დახვრეტილ აჯანყებულებზე. ეს ხომ სიყალბეა! აი ამ აკა მორჩილაძეს, ზაზა ბურჭულაძეს და სხვებს კრინტი სადმე დასცდენიათ სააკაშვილის აწ გარდასულ კრიმინალურ მმართველობაზე? მაშ რაღაა ლიბერალიზმი, თუ ესეც არ შეუძლიათ?  არა, ეროვნულ მოძრაობას ხომ სულ დასცინიან ესენი და თუ სადმე შეცდომა იყო ეროვნულ მოძრაობაში, მასზე მითითებით ამართლებენ ისინი თავის ინდიფერენტიზმს ეროვნულ-პატრიოტული საკითხებისადმი. 90-იან წლებში ქართველ ლიბერალთა მსჯელობას აიოლებდა ყოველივე ქართულის დამახინჯება. წარიწყმიდა ქართული სუფრა, ქართული წესები. კარგი ცხოვრებით გალაღებული ქართველნი შუბლით შეენარცხნენ სინამდვილეს. სიმახინჯემ, სიზანტემ, სიცრუემ დიდად გააიოლა ქართველი ლიბერალების ასევე მახინჯი, ზანტი და ცრუ მსჯელობა. მათი კრიტიკა კრიტიკანობა იყო. მათი ლაპარაკი საბჭოთა ტოტალიტარიზმზე პოლიტიკური სპეკულაცია იყო და არა ახალი ფილოსოფიური აზრის აღმომშობი სიტყვა. ეს იყო ახალი ტიპის ვერბალური კომბინატორიკა საკუთარი უიდეობისა და ანგარების დასაფარად. დრომ პირუთვნელად განსაჯა და თავისი სახელი უწოდა ყოველივეს. დრომ გამოაჩინა ის, რაც საგანგებოდ დაფარული იყო ლიბერალების ლამაზი სიტყვებით. ბევრმა ლიბერალმა მოიარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნები. მერე? რაიმე იდეით განიმსჭვალნენ? კულტურტრეგერები როდესმე ყოფილან? მაშ რას იჩემებენ ლექტორობას? ისინი არიან ამ ცხოვრების ტურისტები და საკუთარ უბედურ ქვეყანაშიც ტურისტებად ცხოვრობენ. ეს ტიპური ქართული ამბავია, რომ კაცი ქვეყანას იკლებს კრიტიკის აუცილებლობაზე ლაპარაკით და ამ დროს უმცირეს კრიტიკას ვერ იტანს, ისტერია ეწყება და სხვათა კილვას იწყებს.
შევარდნაძის დროს გამომავალ სალიტერატურო ჟურნალებში წერდნენ მავანნი და ისე მოჩანდა, რომ ქვეყანას ჰუმანისტები ეზრდებოდა. სააკაშვილის მოსვლისას ისინი ხელისუფლების კარზე დაეყუდნენ და დღემდე იცავენ იმ 9-წლიანი ჯალათური მმართველობის ყველა დანაშაულს. ისინი არასოდეს ყოფილან ჰუმანისტები, არამედ იყვნენ და დარჩნენ ქვეყნის მოძულეებად, კალმოსან მტარვალებად. ეს კი ვერ დაბრალდება დასავლურ ლიბერალიზმს, ისევე როგორც კომუნისტური ჟამის სიმდაბლენი ვერ დაბრალდებოდა მხოლოდ მარქსისტულ-ლენინურ იდეოლოგიას. ქართველის ზნეა ასეთი და პოლიტიკური სისტემისათვის ამის დაბრალება მეტად უბრალო ხერხია. ეს ცრუ ფილოსოფოსობაა. ეს ფსევდოლოგიაა. ქართველთა უკან დგას მათივე მამხილებელი 25-წლიანი საძაგი წარსული.
ზუსტია ლევან ბებურიშვილი, როდესაც წერს, რომ ლიბერალები ფილოსოფოსობანას თამაშობენ (გვ. 77). მას მოჰყავს ლევან ბერძენიშვილის ნათქვამი, რომელშიც საზრისი და მნიშვნელობა არაა. ბერძენიშვილი პატრიოტიზმის განმარტებაზე ლაპარაკობს და აქედან ჩანს მისი კონფორმიზმი და უცოდინრობა, რომელიც შენიღბულია ვერბალური იმპროვიზაციით. ბერძენიშვილი პატრიოტიზმის ამერიკულ განმარტებაზე ასე მსჯელობს: „პატრიოტიზმი ზუსტად იგივეა, რაც ლოიალობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი“ (გვ. 78). თუ ეს ასეა, მაშინ ლიბერალიზმის დასაბამთან მდგომი ევროპელი პროტესტანტი დისიდენტები არ ყოფილან პატრიოტები, რადგან ისინი არ იყვნენ ლოიალურნი პანევროპული კათოლიკური მონარქიისადმი. ასევე არ ყოფილან პატრიოტები აშშ-ს დამფუძნებელი მამები, რომელთაც ბრიტანეთის იმპერიას და მეფის ტახტს ომი გამოუცხადეს. ლევან ბერძენიშვილმა სადღაც ყური მოჰკრა მსჯელობას ლოიალობაზე და ახლა ცდილობს, რომ ქვეყანას ეს მიაწოდოს, როგორც უმაღლესი ლიბერალური ჭეშმარიტება. ლოიალობას (loyalty) რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის ნიშნავს ერთგულებას, მომხრეობას და აქ ის არის სიტყვის partisanship (თავდადებულება)  , მაგრამ ლოიალობა ასევე ნიშნავს ფორმალურ, კორექტულ, გარეგნულ დამოკიდებულებას რაღაცისადმი, როდესაც ერთგულება საჭირო არაა. ლევან ბერძენიშვილის ნათქვამით კი ის ერთმნიშვნელოვნად კონფორმისტულად გაიგება. ლოიალობა აქ ევფემიზმია, რომელიც კონფორმიზმს გულისხმობს. კონფორმიზმმა კი აზრი დაუკარგა ყოველივე საუკეთესოს, რაც ლიბერალიზმს გააჩნდა და რასაც დასავლური ცივილიზაცია თავის ზეობას უნდა უმადლოდეს. სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ლოიალობა არაა ზუსტად იგივე, რაც პატრიოტიზმი. თუ ეს ასეა, მაშინ ლიბერალთა ყველა მსჯელობა ლიბერალურ ეთიკაზე არის ცრუ.  ესე იგი თავს აჩვენებენ ლიბერალად, ლოიალურნი არიან და გულში სულ სხვა ფიქრი აქვთ. ამდენის გაგება კი აღარ აქვს ლევან ბერძენიშვილს. ის მეტისმეტად სუსტია ფილოსოფიაში, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტია. აი ამან, ამ მოჩვენებითობამ დაღუპა საქართველოში ლიბერალიზმის ყველა საუკეთესო პრინციპი. ლოიალური ხარ, ესე იგი მატყუარა ხარ და ქართული ლიბერალიზმი ტყუილების გუდის მეტი არაფერია.   
ის ძველი ლიბერალები, აი ისინი, ვის ცხოვრებასაც მაქს ვებერი სანაქებოდ იკვლევდა, კათოლიკურ ინკვიზიციას გაურბოდნენ, რელიგიურ ომებში, საკათედრო თეოლოგიურ დისპუტებში მონაწილეობდნენ. მათ უკან დაახევინეს ვატიკანს და ათასწლოვან კათოლიკურ მონარქიას. ისინი თავს სწირავდნენ მრწამსის გამო. ინკვიზიციის საწამებლებში იგვემებოდნენ და კოცონზე ადიოდნენ. ისინი იყვნენ ჭეშმარიტი ერეტიკოსები და დისიდენტები. მათ შექმნეს პოლიტიკური ევანგელიზმი, პროტესტანტული თეოლოგია, ნაცია-სახელმწიფოს სუვერენიტეტის იდეა.  მათ შექმნეს ახალი შრომითი კოდექსი და წარმოიშვა ფეოდალიზმთან მოდავე ბურჟუაზიული კლასი. აი, აქედან დაიწყო ლიბერალიზმი. ეპოქა შექმნეს იმ ძველმა ლიბერალებმა და წარუშლელი კვალი გაავლეს ისტორიაში. განა ქართველი ლიბერალები თავს შესწირავენ იდეას? გამზადებულზე მოვიდნენ და მაინც ვერაფერი შექმნეს. მათ აქვთ გრანტები, თანამდებობები, სახელისუფლო ფრომოუშინგი. ნახევარი ცხოვრება ტელესტუდიაში გაატარეს და ქვეყანას მოძღვრავდნენ. რაა მათი კრიტიციზმის ნაყოფი? რა შექმნეს მათ ან ბიბლიის პოლიტიკურ განმარტებაში, ან ქრისტოლოგიაში? მარტო ესაა, რომ ანონიმურად პოსტავენ გვერდზე „ღმერთო, ტაბურეტკა მესროლე“. რატომ იმალებიან? განა ქართული ეკლესია ინკვიზიტორი ყოფილა როდესმე? ნუ არა, ვიღაცას მისდევდა ტაბურეტით ხელში ბეჩავი და უმეცარი ქართველი მღვდელი? მერე ამას დევნას ეძახიან? სადამდე მხდალია ქართველი, ეს ჩანს ანონიმური, სამასხრო ფეისბუკის გვერდების მომრავლებაში. არაფერი შეუძლიათ და მხოლოდ ბილწსიტყვაობენ. რატომ არ ძალუძთ ლიბერალებს თავისი სახელით თქვან, რომ აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ შემიძლია? რას ჰმატებს ქართულ ლიბერალიზმს ქილიკი მონაზონი ქალებისა და მღვდლების უცოდინრობაზე?  ჯერ ახლა იმალებიან ლიბერალები და აქ რომ რელიგიური ომი ყოფილიყო, ისეთი, როგორიც იყო პროტესტანტ ლიბერალებსა და კათოლიკე მონარქისტებს შორის ევროპაში, მერე ხომ მთლად მიწაში ჩაძვრებოდნენ ეს ლიბერალები. ამათი ჩასვრა და წახდენა მერე გეხილათ! წარმოვიდგინოთ, რომ ნოდარ ლადარიას, ზაზა ბურჭულაძეს, ლაშა ბუღაძეს და სხვებს მოსწეოდათ ლიბერალობა ცარიზმის დროს 1890-იან წლებში, ან 1905- 07 წლების რევოლუციის დროს. ესენი დაიცავდნენ პოლიტიკურ მრწამსს? ქართველი ლიბერალების დიდზე დიდი უმადურობა ისაა, რომ ისინი არას ამბობენ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ღვაწლზე. ზვიადის განაკვალმა მოიყვანა ისინი. რომ არა ზვიადის ბრძოლა, ან ნოდარ ლადარია, ან ლაშა ბუღაძე და სხვები შეძლებდნენ ასე ბრძოლას? დღეს, გამზადებულზე ადვილია ლიბერალობა და უცხოური ფონდების ხელშეწყობით  ჟურნალების გამოცემა. გაკოტრებული ქართველი ლიბერალების ბოლო არგუმენტი არის ლგბტ-ს უფლებათა დაცვა. რამდენს ლაპარაკობენ ამაზე.  ქართველი ლიბერალობა არც დიალოგის შემძლეა, არც სხვისი აზრის მომსმენი. ეს არის პრივილეგირებული მიზანთროპების სექტა, ჩაკეტილი, გაუცხოებული ყველასგან და ყველაფრისაგან. მათთვის ლიბერალობა არის მონოპოლია, სამთავრობო ეზოთერიკა, ელიტარების დიდი მონოლოგი. მათ გარდა არავინ კითხულობს მათივე გამოცემულ ჟურნალებს. ხალხისაგან შორს არიან და ურთიერთობის ერთადერთი წესი მათთვის არის ტელეეთერი. სხვა დროს საგანგებოდ დამალულნი არიან. იმის მაგივრად, რომ ლიბერალების სიტყვა ხელს უწყობდეს კონსოლიდაციას, ერთიანი ეროვნული შეგნების დამკვიდრებას, ის სთესს განხეთქილებას, სიძულვილს, სეგრეგაციას, ექსტრემულ დეჰუმანიზაციას. თუ მათ სექტას არ ეკუთვნი,  რაც არ უნდა ღირებული აზრი გამოთქვა, მაინც არად ჩაგაგდებენ. ეს არის სეგრეგაცია ღია საზოგადოებისა და გამჭვირვალობის სახელით. ამავე დროს სექტის წევრთა მიერ დაწერილი არგამოსაჩენი წიგნები მუდმივად ანონსირებულია. მათ ეკუთვნით ვებ-გვერდები (www.artside.ge და სხვა) ამას ვკითხავ მათ: რა აზრი აქვს ელიტარად მიგაჩნდეს თავი იმ ქვეყანაში, რომლის გაწყვეტაც გულში გაქვს ამოჭრილი? ელიტარი ინტელექტუალი თუ ხარ, ცოცხალ კარიკატურად როგორ იქეცი?  ისინი ამბობენ რომ იქმნება „მეტატექსტი“, „მეტაპროზა“, „მეტაპოეზია“, „ტექსტ-გაჯეტი“. ეს მხოლოდ სატყვების რახარუხია. ან კიდევ: „ერეკლე დეისაძის უპრეცედენტო ნარატიული სტრატეგია“, „დეისაძემ შემოგვთავაზა ლიტერატურული დისკურსის განსაკუთრებული მოდელი“. არა, ყველა ჭკვას გადასცდა? ყველა გამოშტერდა? აქ აღარ ვახსენებ იმათ, ვინც ეს დაწერა. ერეკლე დეისაძემ რა მოდელი შემოგვთავაზა? რა სტრატეგია?
რელიგია ქართველი ლიბერალებისათვის არის გასართობი. რელიგია მათთვის არის საკუთარი თავმოთნეობის და სნობობის გახელების მიზეზი. საიმისო გაბედულება არ აქვთ, რომ თქვან, – ჩვენ ვართ ათეისტები. ლიბერალ-კაპიტალიზმის იდეოლოგიამ რელიგია ჰუმანიტარული ტექნოლოგიის ნაწილად აქცია და ამიტომ ქართველი ლიბერალები ვერ გაბედავენ ანტირელიგიურ კრიტიკას. მათი მხრიდან რელიგიის ფილოსოფიურ კრიტიკაზე აღარას ვამბობ. ამდენს ისინი ვერ შესწვდებიან. მათი ნეოლიბერალობა არის რელიგიით შენიღბული მატერიალიზმი და აკადემიური ფრაზებით შემოსილი კონსიუმერიზმი. 
როცა ყველგან მარცხი და სახელგატეხილობა იკვეთება, აი შემდეგ, იწყება ფამილარობა და ლაპარაკი, რომ „ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“. ეს ინფანტილიზმი არის მუდმივი გამართლება ქართველისათვის, რომელიც კი ეპოტინება დიდ იდეებს, მაგრამ ყოველთვის უმწიფარია და ხელნაცარავი, ხუმრობას იწყებს თავის მარცხიანობაზე. ეს ინფანტილიზმი შეზავებული საშინელ ამპარტავნებასთან, ქართველთა ერთ-ერთი სენია. ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ იყო ესა თუ ის კაცი დიდი ბავშვი, არის სისულელე. ნოე ჟორდანიას დროს სწორად თქვა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ ქრისტე რომ მოვიდეს ქართველებში, ცოტა ხანში მასაც ეტყვიან, – ბიჭო, იესო, რასა იქმ, შე ჩემა ნალავ? წამო, ღვინო დამალევინეო.
ლევან ბებურიშვილის წიგნში მოხმობილია ირაკლი ჩარკვიანის ნამსჯელი ზემოთ დასახელებული კრებულიდან, რომ ქართველი კაცი ქალურია და ისტერიული და მას მეძავის ზნე აქვს. ეს ადრეც თქმულა კონსტანტინე კაპანელის და სხვათა მიერ. ირაკლი ჩარკვიანი კაი გულის კაცი იყო და სული მისი იშვებდეს იმ ქვეყნად, მაგრამ დიდი ცოდნა მას არ ჰქონია. ის სასეიროდ უფრო ამბობს ქართველის ნაკლს, ვიდრე საჭირისუფლოდ. ისიც ქართველ ნეოლიბერალთა ბანაკს ეკუთვნოდა და იმავე ილუზიებითა და შაბლონებით იყო დამძიმებული. არც ის იყო ავტონომიური კრიტიკოსი, ისევე როგორც სხვა, უფრო მეტად ცოდნიერი ქართველი ნეოლიბერალები. ქართველთა სააუგოდ უთქვამთ ნიკო ნიკოლაძეს, ვაჟა-ფშაველას და სხვებს. ისინი ამას წუხილით ამბობდნენ და არა სასეიროდ. ამ დიდ კრებულში („საქართველო ათასწლეულთა გასაყარზე“, 2005) ბევრია ისეთი მაგალითი, როდესაც გზაარეული ადამიანი თავს ინიღბავს აკადემიური ფრაზებით და კიდევ სხვათა სამოძღვროდ იზიდება. აქაა ჯანრი კაშიას წერილიც. რა უნდა თქვას კაშიამ, რომელიც ევროპაში, იოანე პეტრიწის ფსევდონიმით წლობით ცილს სწამებდა ეროვნულ მოძრაობას? აქ ჩამოვიდა კაშია მოგვიანოდ და სააკაშვილის მაგინებლად დადგა. რაა მისი სარწმუნო? მან რა უნდა თქვას პატრიოტიზმზე?
კრებულის რედაქტორის, ზურაბ კიკნაძის ჩანაფიქრი და მცდელობა მეტად კარგია. მას სწადდა წარმოეჩინა ორიენტირები და გამოესახა დიდი დიალოგის გზით ნაპოვნი ჭეშმარიტებანი. ეს არ გამოვიდა აქ მომსჯელე ავტორთა მეტისმეტი კონფორმიზმისა და კონიუნქტურული დაღის გამო. რამდენია ამ კრებულიდან შევარდნაძის ძველი მხარდამჭერი და როდესაც აქ პატრიოტიზმის სემანტიკა განიხილება, რომელიმეს უთქვამს, როგორ ესმოდა მას პატრიოტიზმი 1992 – 2003 წლებში?  რომელიმემ თქვა აქ, რომ 1992 წელს მოხდა დიდი კატასტროფა და საქართველოს დაშლას დაედო დასაბამი? ამას არ იტყვიან აქ მომსჯელე გია ნოდია, ზაზა ფირალიშვილი, დავით დარჩიაშვილი და სხვები. თავად ქართული ლიბერალიზმის რეპრეზენტაციულმა ფიგურებმა მოახდინეს ლიბერალიზმის ყველა საუკეთესო იდეის დისკრედიტაცია. ამდენი ადგილი დაეთმო ამ კრებულში პატრიოტიზმის განხილვას და კრინტი არსადაა დაძრული 1992 – 3 წლებზე.  სად არ გადასწვდნენ, ვინ აღარ დაიმოწმეს და არც არაფერი ამით. ტექსტები ვერბალურად ეფექტურია, მაგრამ უსაზრისო და ფილოსოფიურ ავტონომიურობას მოკლებულია. ამ  544-გვერდიან კრებულში დიალოგი ვერ შედგა თავად ერთი დასის წარმომადგენელ ნეოლიბერალთა, თავგადაკლულ მედასავლეთეთა შორისაც. კრებული მთლად წაახდინა ზეკონფორმისტი გია ნოდიას დამასრულებელმა წერილმა, სადაც ის სააკაშვილისა და შევარდნაძის ბრძოლაზე წერს. რაც არ უნდა თქვას მან, მაინც სიყალბე გამოვა.  აქ მინდა გავიხსენო ამ საუკუნის დამდეგს ნაირა გელაშვილის მართებული ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვართ მზად თავისუფლებისათვის, გვაქვს არასტაბილური ფსიქიკა და ავტორიტარულობით, მონოლოგურობით, ზნეობრივი არათანმიმდევრულობითა და დიალოგის შინაგანი შეუძლებლობით ვხასიათდებით (კრებული „ეკლესია და სამოქალაქო საზოგადოება. საქართველო. XXI  საუკუნის დასაწყისი. „კავკასიური სახლი“, 2001, გვ. 4).
რამდენი ითქვა დიალოგზე 1989 წლიდან და არსად ისე არაა შეუძლებელი დიალოგი, როგორც წიგნიერ ქართველთა შორის. ქართველს არ შეუძლია თანამოსაუბრის მოსმენა. ის ვერ უძლებს მკაცრ და თანმიმდევრულ მსჯელობას. ის ან მალემრწმენი და ზერელე აპოლოგეტია, ან ყველაფრის თავგამოდებით მავერანებელი. მისი არგუმენტაცია ცილისწამების, ტაკიმასხრობის, შაბლონებისა და ილუზიებისაგან შესდგება. ქართველი შეეთვისა უსაზრისო ცხოვრებას და ნებისმიერი ფილოსოფიური რეფლექსია იწვევს მის ბრუტალურ გახელებას. ქართველი თავს არიდებს შემეცნებით სატანჯველს. ის შინაგანად პასკვილანტი და ფელეტონისტია. ის კრიტიკანია და არა კრიტიკოსი. ყოველივე ეს კარგად ჩანს, როდესაც ლევან ბებურიშვილი განიხილავს ორიგინალურ მწერლებად შესახელებულ ეპიგონებს. ამ მწერალთა ნაწერი, რომელიც ბ-ნ ლევანს მოჰყავს თავის წიგნში, სწორედ რომ კრიტიკანობა და ტაკიმასხრობაა. ეს არის მოსეირე ლიბერალების მიერ ისედაც შეგინებული სახლისა და კერის კიდევ ერთხელ შეგინება. ისინი განზე განმდგარნი არიან ყველა საქვეყნო ჭირისაგან, თავი ელიტარებად მიაჩნიათ და შორიდან ისწავლებიან. მათ სძულთ საქართველო უფრო მეტად, ვიდრე გარეშე მტრებს. მათი ლიბერალური რეცეპტები სინამდვილეში ქართველთა გენოციდის გამართლება და გაგრძელებაა. ეს 1992 წლიდან მომდინარეობს. ქართული ლიბერალიზმის ბოლო არის პარაზიტიზმი, მანიად ქცეული კონსიუმერიზმი და მიზანთროპია. ასევე პარაზიტიზმი იყო დუბლირებული ეროვნული პარტიების მხრიდან შევარდნაძის ძაგება 1995 – 2001 წლებში. მათთვის შევარდნაძის ყოფნა ქვეყნის სათავეში ხელსაყრელი იყო იმ აზრით, რომ ეს ფარავდა ეროვნული ძალების დეზორგანიზაციას, შიდა მტრობასა და ახლომხედველობას. შევარდნაძის წასვლა კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა მათ უცოდინრობას. ეს სავალალო სინამდვილეა, რომელიც ვერ დაბრალდება გარეშე ფაქტორებს.  
ახლა რომ გამოდის ჟურნალი და წიგნი, ამდენი არ გამოსულა არასოდეს საქართველოს ისტორიაში. ამდენი მწერალი არასოდეს ყოფილა. ასობით პოეტი და მწერალია. მერედა, რა ხეირი დაეყარა ქვეყანას ამ სიმრავლით? სადმე ძალუმობს ქართველთა იდეური დასი? სადმე არის, რომ კალამი მახვილს ედარებოდეს ამ ავ დროებაში? ფულის იმედი აქვთ საქართველოში. სიმართლისა და მართალყოფნის იმედი კი არა. წერა იქცა მათრობელად, როდესაც თავს იტყუებენ და ჭიას იხარებენ. წერას არა აქვს არანაირი მიზანი. ერთი დღის გასართობია პოეზიაც და პროზაც. ამიტომ მრავალი წიგნი სინამდვილეში ჟურნალ-გაზეთია. აგერ, განახლდა ჟურნალ „არილის“ გამოცემა. გამოდის ჟურნალი „ახალი საუნჯე“. რამდენი ახალი ჟურნალიც გამოვიდა, სულ ერთი და იგივე ხალხია იქ.  წამლავს ისედაც მოწამლულ ქვეყანას ამდენი ორღობის მაყვირალი და სიძვის მოციქული მწერალი. განა მკითხველი უფრო თავისუფალი ხდება ზაზა ბურჭულაძის, აკა მორჩილაძის, ერეკლე დეისაძის, დავით ბარბაქაძის, შოთა იათაშვილის ნაწერების კითხვით? განა ის სწავლობს ფიქრს ცხოვრების საზრისზე, ქვეყნის ბედზე?  კინტოური არზაქარობაა მათი მწერლობა და პოეტობა. ჭიანაჭამი ლიბერტინაჟია (თავისუფალი აზროვნება) ეს მათი დიდად ნაქები, ნომინირებული და პრემირებული თხზულებანი. სხვა უბედურება კიდევ ისაა, რომ ერეკლე დეისაძეს, ზაზა ბურჭულაძეს, შოთა იათაშვილს ჰყავს ბევრი მიმბაძავი. ისინი ინტერნეტს იკლებენ თავისი სამსიძაო ნაწერებით. განა ორი და სამი, არამედ ასობით არიან მწერლის სახელსა და ტელესტუდიის ბრძნობას დახარბებულნი. სნეული მოდგმა უფრო დასნეულდა. სიძვით შეიშალა ისედაც სუსტი სულის მქონე ქართველობა და ფიზიკურადაც გადაგვარდა. 2005 – 8 წლებში ქალაქში ხშირად დაინახავდით მანქანებს, რომელთა სანომრე ნიშნები იწყებოდა სიტყვით – SEX. ნეოლიბერალიზმს საქართველოში გამოუჩნდა თავისი კალე ფედოსიშვილები. ის მელექსე კალე ფედოსიშვილი რევოლუციის ფანატიკოსი იყო. ანგელოზად გამოჩნდა იგი ახლანდელ მწერლებთან შედარებით, რომელნიც სიძვის ფანატიკოსები არიან. ხელისუფლებისაგან მომდინარეობს დაუწერელი დირექტივა, რომ წერონ და წერონ სიძვაზე, რომ გაააბუჩონ ყველაფერი, რაც სააკაშვილამდე არსებობდა. 
1992 წლიდან ლიბერტარიზმი ზეობს საქართველოში. გამოყენებული იქნა ყველა ადმინისტრაციული და პროპაგანდისტული შესაძლებლობა. შედეგი კი მეტად მცირეა. კლასიკური ლიბერალიზმის ვერც ერთი პრინციპი ქართველის გულში ვერ დამკვიდრდა. ქართველი თავისი შეგნებით იყო და არის გაქანებული კონფორმისტი. ქართველი დარჩა წამგლეჯი, სიმულანტი და მტარვალი. საქართველოში ლიბერალიზმმა ბატონყმობა დააკანონა. აი ესაა მისი დიდი მიღწევა. 
ნიკო ნიკოლაძე 1887 წლის ოქტომბერს, თავის „საკვირაო საუბრებში“ წერდა: „ჩვენი საზოგადოება სრულიადაც არ წასულა შორს იმ მონური ურთიერთობებისა და ბატონყმური შეხედულებისაგან, საიდანაც წარმოიშვა და გაიზარდა!“ (ნიკო ნიკოლაძე. თხზულებანი, ტ. 9, საგამომც. ცენტრი „ქუთაისი“, 2006, გვ. 107).
რატომ ვერ შეძლო ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ქართულმა ლიბერალიზმმა ახალგაზრდობა აღეზარდა და კვალი გაევლო? რატომ არ ძალუძს ქართველ ლიბერალს დამოუკიდებელი ფილოსოფიური განსჯა და ის მუდამ ეპიგონია? ეპიგონობის მაგალითია ბ-ნი ლევანის წიგნში ნახსენები გიორგი მაისურაძის კრებული „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები“. ეს არის კარლ პოპერის ცნობილი ნაშრომის დასახელების „ღია საზოგადოება და მისი მტრები“ გადასხვეფერება. ღირს იმის განხილვა, რა ეწერება მაისურაძის ამ კრებულში? ქართველ ლიბერალებს არ შეუძლიათ ლიბერალიზმის ლიბერალი კრიტიკოსების ნააზრევის შემოტანა. 2008 – 9 წლების დიდი კრახის შემდეგ დასავლეთის აკადემიურ წრეებში დაიწყო ლიბერალ-კაპიტალიზმის რევიზია და კრიტიკულად შეხედეს იმას, რაც წინა ათწლეულებში უმაღლეს ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული. ქართველი ლიბერალები კი ჩარჩნენ 90-იან წლებში. მათთვის არაფერი მომხდარა. ისინი ვერაფერს ხედავენ. ცუდია ის, რომ ამ ლიბერალთა ოპონენტებიც 90-იან წლებში ჩარჩენილან და ვერას ხედავენ. ისინი აკრიტიკებენ ლიბერალებს ეკლესიის სახელით, ილია ჭავჭავაძის იდეების სახელით. ლიბერალები კი ილიას ნაღვაწს იჩემებენ და ეკლესიას აკრიტიკებენ. ეს ცოტაა სადღეისოდ. ახლა სხვაგვარი არგუმენტაციაა საჭირო. ამის გააზრება რომ არ შეუძლიათ ლიბერალებსა და მათ ოპონენტებს, ამიტომაა, რომ აზროვნება საქართველოში, გარდა იმისა, რომ ორივე ფეხით მოიკოჭლებს, ორივე თვალითაც ელამია და მხოლოდ იმას ხედავს, რასაც მოიგუნებებს. სამღვდელოებაც ვერ კამათობს ლიბერალებთან. ეს აღარაა საკმარისი, რომ ლიბერალებთან დავაში მღვდელმა მიუთითოს იოანე ოქროპირზე, მაქსიმე აღმსარებელსა და სერაფიმ საროველზე. არც ესაა საკმარისი, რომ ანტიქრისტეს მოსვლაზე იუბნო მათთან დავაში. ფილოსოფიური განსჯაა აქ დიდად საჭირო. 
ლევან ბებურიშვილი სწორად წერს გიორგი მაისურაძის უცოდინრობაზე საეკლესიო საკითხებში. ბ-ნი ლევანი წერს: „ოღონდ რომის პაპი არ გამოიყვანოს დამნაშავედ და ყველაფერს „ბნელი“ მართლმადიდებლების იმპერატორს აბრალებს ავტორი“ (გვ. 55).
საქართველოში 90-იანი წლებიდან ასე დამკვიდრდა, რომ ლიბერალიზმის ბურჯად მიჩნეულ პაპს ქებას აღუვლენენ და მართლმადიდებლობას კი ქვას აყრიან. გემოს ჩატანებით წერენ ბიზანტიის ბასილევსების კარზე მომხდარ ინტრიგებზე, იმის წარმოსაჩენად, თუ რა საძაგელია აღმოსავლური ქრისტიანობა და კრინტს არ დაძრავენ ინკვიზიციაზე, 30-წლიან ომზე ვატიკანსა და პროტესტანტებს შორის. ლიბერალები უახლესი დროის მართლმადიდებელ პატრიარქებს უშიშროების აგენტებად რაცხენ. ბ-ნი ლევანი აღნიშნავს: „ნეოლიბერალები კატეგორიულად აყენებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდაქმნის მოთხოვნას, თუმცა იშვიათად აკონკრეტებენ, რა იგულისხმება ამ გარდაქმნაში…“ (გვ. 90).
ამ გარდაქმნაში იგულისხმება ის, რომ ქართულმა ეკლესიამ სცნოს პაპის უზენაესობა, ან ის, რომ ქვეყანა გადავიდეს პროტესტანტიზმზე. შევარდნაძის დროიდან დაიწყო ამაზე ლაპარაკი. აქვე ლ. ბებურიშვილს მოჰყავს ზაზა შათირიშვილის ნამსჯელი ეკლესიაზე. არა, შათირიშვილი ნეოლიბერალთა მოდასე კათოლიკეა. ის კათოლიციზმის პოზიციიდან უტევს საქართველოს ეკლესიას, როდესაც ის ლაპარაკობს „სტალინურ მართლმადიდებლობაზე“. ეს არაა ფილოსოფიური მსჯელობა. ასე შეიძლება იმაზე ვილაპარაკოთ, რომ იყო ნაპოლეონური კათოლიციზმი, ფაშისტური კათოლიციზმი მუსოლინის დროს იტალიაში და ფრანკოს დროს ესპანეთში. რა, არ იყო? სულ ახლახანს უმცროსი ბუშის დროს იმპერიალისტური პროტესტანტიზმი არ იყო? რასაც შათირიშვილი ამბობს, ესაა პუბლიცისტური ილეთი, როდესაც სურთ ახსოვდეთ ბოლოს მომხდარი და არ ხედავენ ბოლოსწინა მოვლენებს. ეს ბოლოს მომხდარი გადაიქცევა ხოლმე პუბლიცისტური სპეკულირებისა და რეზონერობის საგნად. მასა კი ზანტი და უცოდინარია და ვინც მის თავმოთნეობას აამებს, ვინც მისთვის პამპულს გამართავს, იმას ემხრობა. შათირიშვილი ფილოსოფოსია და რელიგიაზე უბნობისას მას მეტი მოეთხოვება, ვიდრე სხვას. ბ-ნი ლევანი თავის წიგნში სწორს წერს, რომ თანამედროვე მწერლების კრიტიკა ეკლესიის მიმართ ზედაპირული ხასიათისაა და თანამედროვე რელიგიური სატირა უაღრესად ზედაპირულია (გვ. 101).
განა რომელიმე მათგანს აფიქრებს და სტკივა ის, რომ ეკლესიამ ბევრი სიმრუდე ჩაიდინა 1992 წლიდან. ისინი ერთობიან ამით. თუ რომელიმე მათგანს ევროპა დაუვლია და თეოლოგია უსწავლია, აქ მობრუნებული სნობურად ღვთისმეტყველობს. ბევრჯერ წავეყარე მათთან კამათს და ვერაფერი შევასმინე. მათთან საუბარი გამორიცხულია. ერთხელ აიკვიატებენ და ასე არიან მთელი ცხოვრება. ამათ კიდევ სხვები უნდა აკრიტიკონ?
ბ-ნი ლევანის წიგნში მოყვანილია ციტატა ეკლესიის ლიბერალი კრიტიკოსის, ავთო ჯოხაძის ნაწერიდან (გვ.19). ავთო ჯოხაძე ამბობს: „საქართველოს ეკლესია თავისი ორგანიზაციული წყობით ე. წ. „მასობრივი ტიპის“ ბოლშევიკური ყაიდის პარტიას ჩამოჰგავს“. ეს ფელეტონიზმია და არა კრიტიკა. ეკლესიის ორგანიზაცია პავლე მოციქულმა დააფუძნა. ბარემ მოციქულ პავლეზე ითქვას, რომ ის იყო ბოლშევიკი. სოციალიზმის იდეა ქრისტეს სწავლებიდან იღებს დასაბამს და ბარემ ქრისტეზე ითქვას, რო ის იყო ბოლშევიკი. საქართველო, რომ კათოლიკური ქვეყანა ყოფილიყო და მას შეხებოდა ომი ლუთერელებსა და კათოლიკეებს შორის, მაშინ ზუსტად ასევე იქილიკებდნენ საქართველოს კათოლიკურ ეკლესიაზე. მონარქის დამხობა რომ საქართველოს გუშუნდელი დღე ყოფილიყო, აი მერე გენახათ ამდენი ფელეტონისტის ქილიკი და ხითხითი მეფეზე, სამეფო დინასტიაზე. ავთო ჯოხაძეს რომ წაეკითხა ნეოლიბერალ ფრენსის ფუკუიამას წიგნი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“, ასე აღარ იმსჯელებდა ეკლესიაზე. ქართველი ლიბერალების დამცინაობა მღვდლების მიმართ, მათი ქილიკი ეკლესიაზე არის სხვისი ჩაძახილით ნაშობი. ისინი არც ათეისტებად გამოდგებიან, არც დეისტებად, არც ერეტიკოს-დისიდენტებად. მათი სიძულვილი საქართველოს მიმართ არის კონსიუმერული გაცხარება ცუდი საქონლის გამო. მათ აღშფოთებასა და სიძულვილს არ აქვს იდეური წარმომავლობა და თვითობა, არა აქვს მერმისი. ამიტომ ყოველი მათი ნეგაცია უნაყოფოა და უმიზნო. ლევან ბებურიშვილის წიგნში კარგადაა დახასიათებული ლიბერალთა სიძულვილი საქართველოს მიმართ (გვ. 20 – 22)
საქართველოში რელიგიური ომი ვატიკანთან და შემდეგ იეზუიტური კონტრრეფორმაცია გუშინდელი დღე რომ ყოფილიყო, ვატიკანს რომ ინკვიზიციის კოცონები დაეგზო ქვეყანაში, მაშინ, 25 წელი აი ეს ქართველი ლიბერალები, ამერიკელი პროტესტანტების გაქეზებით, ილაპარაკებდნენ კათოლიციზმის ანტილიბერალიზმზე, რეაქციულობაზე, ტოტალიტარულობაზე. მაშინ ქართველი ლიბერალნი პირველები იქნებოდნენ იმის მტკიცებაში, რომ პაპი სატანის მოციქულია. განა ისინი წლობით არ ამტკიცებენ, რომ მარქსი და ლენინი სატანის მოციქულნი არიან? შეიქმნებოდა პაპების, კათოლიკე ბერების დასაცინი მრავალი ტექსტი და ვებ-გვერდი, როგორიც ახლა არის „Dark Side“ და მისთანები. 
რასაც ახლა ამბობენ ლიბერალები ეკლესიის გასაკრიტიკებლად, ეს უკვე შევარდნაძის დროსვე იყო თქმული ნაირა გელაშვილის მიერ 2001 წელს ზემოთ დასახელებულ კრებულში (გვ. 4 – 11).  აქ მხოლოდ ერთი რამ არაა სწორი: ქ-ნი ნაირა წერს ზვიად გამსახურდიას პიროვნულ დაპირისპირებაზე ილია II-სთან, რახან პატრიარქმა 9 აპრილის მიტინგის დაშლისაკენ მოუწოდა. არა, ეს პიროვნული დაპირისპირება არ იყო. შეკრებილნი არ დაეთანხმნენ პატრიარქს და არ დაიშალნენ. სხვა ყოველივე, რაც რედაქტორის წინასიტყვაობაში წერია, სრულიად სამართლიანი კრიტიკაა. ცუდი ისაა, რომ ასეთ კრიტიკას ისევ ლიბერალი გამოთქვამს და არა ეროვნული დასის წარმომადგენელი. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელ მწერალთა უმეტესობა ლიბერალ მწერლებს შაბლონურ კონფორმიზმში ტოლს არ უდებს. ეს გაცილებით უარესია, ვიდრე სამსიძაო პროზისა და პოეზიის მოძალება.
ლევან ბებურიშვილს შეედავნენ ცნების „ვულგარული ნატურალიზმის“ გამო (იხ. http://www.mtserloba.wordpress.com   ლევან ბებურიშვილი. „ნეოპლაგიატიზმი“ თუ ბოღმიანი უმეცრება?!“. 23 აპრ. 2014 წ.) . ფილოლოგმა თამთა ცეცაძემ თქვა, რომ ეს ცნება ბ-ნმა ლევანმა სხვას მოჰპარა. ცნება მომდინარეობს XIX საუკუნის ევროპული ლიტმცოდნეობიდან და მოსაპარი აქ არაფერია. ლიტმცოდნეობის ცნებები იმიტომ იქმნება, რომ ისინი სამწერლო მიმოქცევაში შემოვიდეს და სახეც იცვალოს (უხეში ნატურალიზმი და სხვ). საკამათო ეს კი არა, არამედ ზაზა ბურჭულაძის და სხვათა ნაწერებია. საწყენია, რომ ბ-ნ ლევანს უფროსი კოლეგები არ დაუდგნენ გვერდში ლიბერალ-გენიტალისტ მწერალთა გაკრიტიკების დროს. ფრიად საწუხია, როდესაც, ბ-ნი ლევანი ამ პოლემიკაში წერს: „ჩემი ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ უფროსთაგან უფრო მიგრძვნია შური, ვიდრე თანატოლთაგან“. ამ პოლემიკაში ლევან ბებურიშვილი ცამდე მართალია და მე მის გვერდით ვარ. მის შრომას დანახვა ესაჭიროება. მისი წიგნის წაკითხვა პრინციპულ და ნათელ დამოკიდებულებას მოითხოვს და არა ქვეშიდან გამოძრომას ლიბერალი მწერლებისა და მათი მხარდამჭერი ხელისუფლების რიდით. ისევ თავად ბ-ნი ლევანის ნათქვამს დავიმოწმებ. ის წერს: „ჩვენს ხელისუფლებას კი ჯერჯერობით გამუდმებით უწევს თავის მართლება დასავლეთთან … მოიცლის თუ არა იგი ეროვნულ ფასეულობათა დასაცავად, არავინ იცის“ (ლევან ბებურიშვილი. „ოიკოფობია როგორც თანამედროვე ქართული ლიბერალიზმის არსებითი ნიშანი“. „ჩვენი მწერლობა“, 3 მაისი, 2013, N 9, გვ. 4). 
გზას დავულოცავ ლევანს, რომელსაც სიტყვაც მოუდის და კალამიც დიდად ემარჯვება! ვუსურვებ მას შემოქმედებით აღმაფრენას! მეტი გაეკეთებინოს ძველი თავადური გვარის შთამომავალ ახალგაზრდა კაცს ქართული სიტყვის ასპარეზზე!
                                                                                                                 ივლისი, 2014 წ. 

   
  

   

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s