ეროვნული იდეების დამარცხების მიზეზებისათვის


*ამ წერილმა თავის დროზე მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი შინაარსი ეხება ეროვნული იდეებისა და ეროვნული მოძრაობის დამარცხების მიზეზებს. ის დავწერე რედაქტორის თხოვნით, რომელსაც სურდა, რომ 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ანალიტიკური წერილი დამეწერა. კრიტიციზმისა და ნონკონფორმისტული კითხვების გამო, ქართველი დისიდენტების უვიცობის წარმოჩენის გამო, ის გადაკეთებული და შემცირებული სახით მაინც გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“ (4-10 ნოემბერი, 1999 წ.).  დისიდენტების კრიტიკა გავაგრძელე ჩემ კრებულში – ფორმაცია და ცივილიზაცია. ნარკვევები (2005 წ.). 15 წელი გავიდა „ახალ 7 დღეში“ ამ წერილის გამოქვეყნებიდან. გადავხედე მას და გუშინ დაწერილს ჰგავს. ისევ იგივე მეორდება დღესაც, რაზეც ამ წერილშია საუბარი. აქ დაყენებული საკითხები ისევ ისე პასუხგაუცემელია ამდენი მარცხიანი წლის გასვლის მიუხედავად. დღეისათვის, 2014 წლის შემოდგომისათვის, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ვერ შექმნეს საკუთარი, ქართული იდეა. ვერ შექმნეს პოლიტიკური დასი. ამდენმა მარცხმა, ამდენმა სირცხვილმა მათ ვერაფერი შეაგნებინა. ისინი დარჩნენ გასული საუკუნის 90-იან წლებში და ისევ იმ დიდად დაძველებულ და უაზროდ ქცეულ არგუმენტაციას იყენებენ, რაც გამოიყენებოდა 90-იანი წლების დამდეგს. წინამდებარე ტექსტი ქვეყნდება სრულად.

რატომ ხდება, რომ მრავალპარტიულობა და პლურალიზმი ქართულ საზოგადოებაში მაღლა კი არ სწევს პოლიტიკურ და მთლიანად საზოგადოებრივ აზროვნებას, არამედ მის დაუჯერებელ დაცემას იწვევს? რატომ ხდება, რომ დემოკრატიის დამკვიდრება ქართული ეროვნული ერთობის იდეას კი არ განამტკიცებს, არამედ აუფასურებს მას და პლურალიზმს არ შეუძლია მზარდი ტრაიბალიზმის აღკვეთა? რატომ ჩაკვდა ისტორიოგრაფიული აზროვნება საქართველოში? იდეოლოგიურ აკრძალვათა გაუქმებას ხომ უნდა მოეხდინა კვლევის მასშტაბებისა და სიღრმის პროვოცირება? რატომ შექმნა დემოკრატიის იდეამ აზროვნებაში ასეთი კონფორმიზმი? რა უშლის ხელს  ქართულ პოლიტიკურ განსჯას, რომ ის არ ამბობს იმას, რასაც უნდა ამბობდეს?

1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა და ამ არჩევნებისწინა პერიოდმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული ეროვნული იდეის სრული მარცხი. მაშინ, გორბაჩოვისეული გარდაქმნის დოქტრინის დროს, ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს, საუბრობდნენ, რომ კომუნისტურმა იდეოლოგიამ მოახდინა ცნობიერების გაორება ადამიანში. ითქვა, რომ ამ გაორებას აღმოფხვრიდა დემოკრატიისა და პლურალიზმის დამკვიდრება. მაგრამ დემოკრატიამ ვერ აღმოფხვრა ცნობიერების გაორება. პირიქით, უფრო გააღრმავა იგი. ქართული პოლიტიკური დისკურსი მიიჩნევს, რომ დასავლური გზა საქართველოს განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა. ამ დროს მას არ სურს იმის დანახვა, რომ დასავლურმა ექსპანსიამ კიდევ უფრო გააორა პოსტსაბჭოთა ქართველის ცნობიერება. ქართული ეთნოცენტრიზმი ცდილობს დასავლურ უნივერსალიზმთან შეგუებას, რომელიც მისთვის მტრულია. ქართველი მედასავლეთენი, როგორც შევარდნაძის მომხრენი, ასევე გაცამტვერებული ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელნი იმტკიცებიან, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ის, რაც დღეს დამკვიდრდა, სწორედ ქართველთა წინაპართათვის საოცნებო მიზნის აღსრულება არის.

საბჭოთა ადამიანის ცნობიერების გაორებულობაზე განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობდნენ ანტისაბჭოელი დისიდენტები.  დასავლურმა ექსპანსიამ მოახდინა სწორედ დისიდენტების ცნობიერების კიდევ უფრო გაორება. დასავლურმა ექსპანსიამ სრულად წარმოაჩინა დისიდენტების უცოდინრობა ელემენტურ საპოლიტიკო საკითხებში.  დისიდენტთა მტკიცებანი, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი ქართული ნაციონალიზმისა და ეროვნული იდეის განვითარების წინაპირობა იქნებოდა, არ გამოდგა სწორი. მოხდა ქართული იდეის სრული გაუფასურება. თუ დღეს არსებული სინამდვილე ნამდვილად ის არის, რაც ქართველთა ზნესა და ბუნებას ყველაზე მეტად მიესადაგება, მაშინ რატომ არ აღმოიფხვრა ცნობიერების გაორება? ჰქონდათ კი ან დისიდენტებს, ან ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებსა და ფილოსოფოსებს ამ ცნების (ცნობიერების გაორება) მნიშვნელობა გააზრებული? როცა აღმოჩნდა, რომ მათ არ იცოდნენ ამ ცნების მნიშვნელობა, ის დაივიწყეს. საქვეყნო კატეგორიულობა შეცვალა გაჩუმებამ და მიჩუმათებამ.

დღეს არსებული სინამდვილე სწორედ იმის წინააღმდეგია, რაზეც დისიდენტები ასე პათეტიკურად ამდენს უბნობდნენ 7-8 წლის წინათ. იწვევს თუ არა ეს გარემოება მათი ცნობიერების გაორებას?  თუ არ იწვევს, გამოდის, რომ ისინი ვერ ერკვევიან არსებულში, ან დღემდე შეგნებულად  ცრუობენ. დისიდენტების პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი დგება. მათ საკუთარი უვიცობა ბიბლიაზე არტისტული ლაპარაკით დამალეს. მათ ვერ განჭვრიტეს და წინ ვერ აღუდგნენ დასავლური კაპიტალის მიერ საქართველოს დაკაბალებას და პოლიტიკური მაფიის დამკვიდრებას. . მათი პოლიტიკური დისკურსი ძირითადად შედგებოდა პატრიოტული ყვირილისაგან. ამით ატყუეს მათ ქვეყანა ჯერ 90-იანი წლების დამდეგს და სამოქალაქო ომის შემდეგაც დღემდე ისევ ისე ტყუიან დისიდენტები.

დღეისთვის აღარავინ ლაპარაკობს პოსტსაბჭოთა ადამიანის ცნობიერების გაორებულობაზე. ეს საკითხი მოიყირჭეს და მიივიწყეს ისე, რომ მასზე მოლაპარაკეთაგან არავინ დაფიქრებულა მის ნამდვილ მნიშვნელობაზე. უსიტყვო შეთანხმებით, კონვენციონალისტურად იგულისხმება, რომ ეს საკითხი გადაწყვიტა დემოკრატიის დამკვიდრებამ. ცნობიერების გაორების ფილოსოფიურ პრობლემაზე 90-იანი წლების დამდეგს მხოლოდ საბჭოთა სისტემის უარყოფის მიზნით უბნობდნენ და ანტიკომუნიზმთან მიმართების გარდა მასში შემავალი აზრი და შინაარსი არავის აფიქრებდა.

ქართული იდეის დამარცხების მიზეზთა და ვითარებათა ძიება უნდა დაიწყოს კითხვის დასმით – რატომ ვერ გადაწყვიტა ცნობიერების გაორებულობის პრობლემა დემოკრატიისა და პლურალიზმის დამკვიდრებამ? დემოკრატიისა და ლიბერალ-კაპიტალიზმის  გარემოშიც ქართველი ისევ ისეთი უიდეო, მატყუარა და ხაზინის ქურდია. ქართველთა საზოგადოება კი ისევ ისე მოჩვენებითია. ესე იგი დემოკრატიამ დაამკვიდრა და განამტკიცა ახალი ყაიდის ქართული ეროვნული ტყუილი. შეუძლებელია ეს დაბრალდეს ლიბერალიზმის სისტემის მანკიერებას. ასე მარტივად აღარაა საქმე და უამრავ ქართველს მაინც ტყუილებში მოპოვებული სიმარტივე ურჩევნია. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობის ოპოზიციონერობა მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკით შემოიფარგლება. უფრო შორს გახედვა მათ არ შეუძლიათ. ყველა მცდელობა ეროვნული ძალების გაერთიანებისა და ხელისუფლების დამღუპველი პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოსვლისა მარცხით დამთავრდა თავად ქართველთა თავაშვებულობისა და თავნებობის გამო. მოხდა უფრო უარესი: ეროვნული მოძრაობის იდეები გაუფერულდა ქართველთათვის და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა დაკარგეს ავტორიტეტი. პარტიები და დასები, რომელნიც 1989-92 წლებში  უდიდეს როლს ასრულებდნენ ეროვნული შეგნებისათვის ბრძოლაში, დღეისათვის განდევნილნი არიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ესენია – მერაბ კოსტავას საზოგადოება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, მრგვალი მაგიდა – თავისუფალ საქართველო, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რუსთაველის საზოგადოება, არჩილ ჯორჯაძის საზოგადოება.

ამ პარტიებმა 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვეს ხმათა უმცირესი რაოდენობა. შექმნილია იმგვარი პოლიტიკური გარემო, რომ ეროვნული იდეების საფუძველზე შექმნილი პარტიები 1992 წლიდან თანდათანობით განიდევნნენ საპოლიტიკო ავანსცენიდან. ქართველებმა უარი თქვეს საკუთარ ეროვნულობასა და მისთვის ბრძოლაზე. ლიბერალ-კაპიტალიზმისა და დემოკრატიის დამკვიდრებამ, რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, მხოლოდ ხელი შეუწყო მათ განდევნას. აღარა აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლები. ყველაფრის მიუხედავად, ისინი ამბობენ იმას, რაც ხელსაყრელია გლობალურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული საქართველოს ხელისუფლებისათვის. ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყოფნით საიმისო ერთობა, რომ წინ აღუდგნენ ამგვარ უსამართლობას. ოპოზიციური პარტიები არ დგანან ეროვნულ საფუძველზე. ისინიც ისეთივე დაშტამპული ლიბერალები არიან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელნი. როგორ არ აკრიტიკებენ შევარდნაძეს და მის პარტიას, მაგრამ ვერ ბედავენ გააკრიტიკონ დასავლური ნეოკოლონიალიზმი და ლიბერალ-კაპიტალისტური მისიონერიზმი. ოპოზიციურ პარტიებს იდიოტურად სწამთ, რომ დასავლური ლიბერალიზმის მხარდაჭერის გარეშე მომავალში ისევ კომუნისტური მმართველობის აღდგენაა მოსალოდნელი. ეს ფობია დასავლეთმა იმ მიზნით გაავრცელა, რომ გაამართლოს საკუთარი ნეოკოლონიალიზმი. აი, აქედან ჩანს პარტიების უიდეობა, პარაზიტიზმი და უცოდინრობა. ოპოზიციურობა სამართლიანობისა და იდეის სადარაჯოზე ყოფნა კი არაა, არამედ სიმართლისმაგვარობაა. ამ სიმართლისმაგვარობამ, მორალით შენიღბულმა სიცრუემ მოსპო ქართულ პოლიტიკაში ზნეობრივი საფუძვლები. ყველა ყვირის და ყველა ყველას ატყუებს. პარტიები იდეისათვის კი არა, არამედ ხელისუფლებაში მოხვედრისათვის იბრძვიან. შექმნილია იმდენად ნეგატიური და ბილწი გარემო, რომ ნებისმიერი აზრი პატიოსან პარტიულ კონკურენციაზე ბოროტად უარიყოფა.

პოლიტიკური აზროვნება შედგება ან ხელისუფლების ლანძღვის, ან მისი ქებისაგან. მუდამ რუსეთის გინება და დასავლეთის ხოტბა ისმის. ასეთ სწორხაზოვნებას, გამარტივებასა და სიმდარეს მოაქვს ის, რომ ისედაც მწირი სააზროვნო შესაძლებლობანი მამხილებლობასა და უაზრო ლანძღვაში იშრიტება. ქართველი კაცი იყო და არის გამაოგნებელი თავისი პრიმიტიულობითა და უნამუსობით. პოლიტიკური აზროვნების აქტივობა უტოლდება მორიგ კონიუნქტურულ საგაზეთო სტატიას. ყველა ეძებს შემსრულებელს, დირიჟორს. ყველამ იცის მოსახდენი და ყველა მეტად ჭკვიანია. მაგრამ ამდენი ჭკვიანის ხელში ქვეყანამ სრული მარცხი განიცადა.

არ შეიძლება ხელისუფლება და პრეზიდენტი მუდამ ასე სძულდეთ. რამდენი სიძულვილია ყველგან! ეს მუდმივად არსებული გამოთქმული თუ ყრუ სიძულვილი იქცევა საკუთარი კულტურის დამანგრეველ ძალად. პარტიულ ურთიერთობებს იდეისათვის ბრძოლა კი არა, არამედ სიძულვილი განსაზღვრავს. ასეთ ვითარებაში უაზრობაა უცხოური მისიების სამართლიანობის გარანტად მიჩნევა. საქართველოში არსებობს პოლიტიკურ ძალთა სიმრავლე, მაგრამ ეს სიმრავლე ოდნავაც ვერ უწყობს ხელს პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. უაზრობაა ლაპარაკი მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე, ცენტრიზმზე, ნაციონალიზმზე, კონსერვატიზმზე, მართლმადიდებლურ ფუნდამენტალიზმზე. ის იდეურობა, რომელიც ამ ცნებებშია ნაგულისხმევი, საქართველოში არ არსებობს. ეს ყველაფერი არის ფუჭი ლაპარაკი და სიტყვებით თამაში. ამის გამოა ასე დაქსაქსული ქართული შიდა პოლიტიკა. ამ მსჯელობის სისწორის წარმოსაჩენად აღვნიშნავ შემდეგ ფაქტს: პოლიტიკურ ასპარეზზე არსებობს რამდენიმე ნაციონალისტური პარტია, რამდენიმე კომუნისტური პარტია, რამდენიმე გამსახურდიას იდეების მიმდევარი პარტია, ორი მრეწველთა პარტია, ორი კონსერვატიული პარტია. პარტიათა ამგვარი დუბლირება გამოწვეულია ურთიერთსიძულვილითა და მოუშორებელი ქართული შლეგობით. ერთურთის ჯიბრის გამო ქმნიან დუბლირებულ პარტიებს.

პოლიტიკა და პოლიტიკური აზროვნება გადაიქცა ქართველთა მომსპობ, უკიდურესად ნეგატიურ ძალად, რომელიც ანგრევს ქართველთა გაერთიანების ყველა შესაძლებლობას. ამ ნეგატიურობის გამოვლინებაა მუდმივი პოლიტიკური ეპატაჟი, რომელიც უსინდისოდ საღდება პოლიტიკურ ნებად. დიდი ხანია ნორმად იქცა ცილისწამება, ისტერიული მტკიცებები, იმის დაცინვა, რაც არაა დასაცინი.  ნორმად იქცა შიმშილობა, პირის ამოკერვა. ეს ყოველივე მეტყველებს ზნეობის არარსებობაზე ქართველთა შორის. ლიბერალიზმმა ქართველობის ადამიანური სტატუსი კი არ აამაღლა, არამედ ის ნახირად აქცია. ათიათასობით ადამიანი ეტმასნება პოლიტიკას და თვალთმაქცობით ცდილობს თავის გატანას იქ, სადაც ცოდნა და პიროვნული უმწიკვლობაა საჭირო. ეს კი ზრდის ტყუილის ხარისხსა და მასშტაბებს. საყოველთაო ზნედაცემულობა იწვევს ტყუილის ზრდის აუცილებლობას. საჭირო ხდება უფრო და უფრო მეტი ტყუილი, რათა პოლიტიკურ ასპარეზზე თავი დაინარჩუნონ. ასეთ ვითარებაში პოლიტიკის რეალურობა აღარავის აფიქრებს.  პოლიტიკოსები იძულებულნი არიან გამოიგონონ ახალ-ახალი ქიმერები. შეშფოთებული ხმებით იწყებენ ყალბი არგუმენტაციის დამკვიდრებას. საზოგადოება კარგავს სინამდვილის გააზრების უნარს და აქ იწყება მისი პოლიტიზება ამ სიტყვის ყველაზე უარესი გაგებით. ადამიანები უკვე უმარტივეს საკითხებში ვეღარ ერკვევიან და მედიის მიერ წამოწყებულ მორიგ ფობიურობას მათი ისტერიამდე მიყვანა ძალზე იოლად შეუძლია. შემდეგ ეს საღდება ხალხის ნებად, საზოგადოებრივ აზრად. საარჩევნო ურნასთან მისული ამომრჩეველი უკვე შურისგებად აქცევს თავის არჩევანს. ის იდეას კი არ აძლევს ხმას, არამედ საკუთარ პატივმოყვარებასა და პოლიტიკურ ნარცისიზმს. სისტემურ ტყუილთან მუდმივი ზიარება ქანცავს საზოგადოებას და აბოროტებს ადამიანებს. ყოვლისმომცველმა სიყალბემ მოიცვა საზოგადოებრივი, ყოფითი და ოჯახური ურთიერთობები.

ხელისუფლების განმაქიქებელი ოპოზიცია არაა ხელისუფლებაზე ზნეობრივად მეტი. ასე რომ ყოფილიყო, ოპოზიცია მოახდენდა მასების მობილიზებას და აიძულებდა ხელისუფლებას გადამდგარიყო. ყველა საამისო მცდელობა მარცხით დამთავრდა. გაერთიანების შეუძლებლობის გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიციამ არ იცის, როგორ წარმართოს ქვეყნის პოლიტიკა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ეს მხოლოდ გამსახურდიას დამხობისას ჩანდა ასე, რომ მის გარდა ყველამ იცოდა რა იყო დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა. დღეს კი, როცა ოპოზიცია ლაპარაკობს ხელისუფლების გასამართლებაზე, ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა. მრავალმა ოპოზიციონერმა დაინახა, რომ მათი დემოკრატობა დასავლეთისათვის ყოვლად უმნიშვნელო იყო. არა ქართული ოპოზიციის დემოკრატიულობაა დასავლეთისათვის მნიშვნელოვანი, არამედ დიდი პოლიტიკის მიზნები. ქართულმა დემოკრატიამ ჯერ კიდევ 1991-4  წლებში არად ჩააგდო ის ნეგატიური გამოცდილება, რაც აზია-აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ჰქონდათ მიღებული დასავლური კოლონიალიზმისაგან განთავისუფლების შემდეგ. 9-10 წლის გასვლა გახდა საჭირო, რომ საქართველოს თავის თავზე ეწვნია გლობალური კაპიტალის მათრახი და ქართველებს დაენახათ, რომ საქართველო მისი ქრისტიანობითა და კულტურით დასავლეთისათვის არაფერს ნიშნავს. საქართველო არაა და არ იქნება ევროპული ქვეყანა. ცუდი ისაა, რომ პოლიტიკური აზროვნების მესვეურებს არ ესმით უფრო მეტი, ვიდრე ფართო საზოგადოებას. პარტიები ერთმანეთს ამხელენ პოპულიზმსა  და დემაგოგიაში, მაგრამ პარტიათა უმეტესობა სწორედ პოპულიზმითა და დემაგოგიით იგებს ამომრჩევლის გულს. ეს საზოგადოების დაბალი განათლების გამო ხდება. ყველა ამხელს, ყველა სამართლიანობაზე მსჯელობს, მაგრამ ეს სულაც არაა მამხილებელთა ზნეობისა და სამართლიანობის მაჩვენებელი. სიტყვებით თამაშმა მიაღწია ისეთ ზღვარს, როცა უკვე ძნელია გაირკვეს ამა თუ იმ პარტიის ნამდვილი ზრახვანი. თანდათან გამოიკვეთა კიდევ ერთი მანკიერება – პარტიული კორუფცია. ნებისმიერ თაღლითს შეუძლია თანხის გადახდის შემდეგ მოხვდეს საარჩევნო პროპორციულ სიაში. პარტიას ფული სჭირდება, ხოლო თაღლითს სადეპუტატო მანდატი თავისი საქმიანობის რესპექტაბელურობისათვის. აქ გამორიცხულია პარტიულ იდეალებზე ლაპარაკი. პარტია პოლიტიკურ მაფიას ემსგავსება. ქართული ცხოვრების წესი ამგვარი ვითარების განმტკიცებას დიდად ხელს უწყობს. პარტიის არსებობა ბინძური ბიზნესის წარმართვის ერთ-ერთ ხერხად არის ქცეული. პარტიული ცხოვრება უმახინჯეს სახეს იღებს. პარტიის დამფუძნებლად წოდებული მისი მესაკუთრე თანაპარტიელებს ისე ექცევა, როგორც ბატონი ყმებს. მრავალი პარტიის არსებობა საქართველოში სულაც არაა დემოკრატიის განვითარების ნიშანი.  არსებობს უსიტყვო ვალდებულება, რომ ყველანი უნდა შეეგუონ ამ ტყუილს და თავისი წვლილიც შეიტანონ მასში. ფული ხდება ყველაფრის განმსაზღვრელი და დღეს იწყება იმ  კაპიტალის დაკანონება, რომელიც წინა წლებში იქნა მოპოვებული ძარცვითა და ქურდობით. პარტიათა პროგრამები და იდეები ერთმანეთის მსგავსია. შეუძლებელია ისეთ პლაგიატურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რაიმე ახალი ითქვას კაპიტალის სისტემის ტოტალიზაციისა და გლობალიზაციის დროს. საქართველოში არსებული პარტიათა სიმრავლე დემოკრატიის განვითარება კი არა, არამედ წყლის ნაყვაა. არაადამიანური ქართული სინამდვილე იფარება მოჩვენებითი კაცთმოყვარებით, ქველმოქმედებითა და მხიარულებით.

ქართველთა პოლიტიკური აზროვნების დაცემის მაჩვენებელია პარტიული დენომინაციის მოვლენა, როცა ადამიანი გადადის ერთ, მეორე, მესამე პარტიაში არა იდეური შეუთავსებლობის გამო, არამედ პატივმოყვარეობის და პარტიული თანამდებობის ვერმიღების გამო. პარტიები ერთმანეთს ბრალს სდებენ იდეურ ღალატში, ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსში. ფარული ალიანსების მოჩვენებითობა იქმნება პარტიულ ლიდერთა უპრინციპობისა და გაურკვევლობის გამო. მონათესავე იდეები არ თანხვდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ტრადიციონალისტები, წესით, უნდა გაერთიანებულიყვნენ მონარქისტებთან და კონსერვატორებთან. ამ გაერთიანებასთან ახლოს უნდა მდგარიყო მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტთა პარტია და ნაციონალისტური პარტიები. ასევე გამსახურდიას იდეების მიმდევართა პარტიები კი არ გაერთიანდნენ, არამედ სხვადასხვა ბლოკებში გაიფანტნენ. ყველა თავისთვისაა და თავის გამორჩენაზე ფიქრობს. ყველას თავისი იდეა მიაჩნია ერთადერთად, მაშინ, როდესაც იდეა არ აქვთ.

ქართველთა საზოგადოება ყოვლისმომცველი უნდობლობის საზოგადოებაა. ყველგან უნიფორმაში თუ ცივილურ სამოსში გამოწყობილი მოთვალთვალე დგას. ქართველთა საყოველთაო დაცემა ადამიანურ ურთიერთობებს სპობს. კანონი და სამართალი გადაქცეულია ანგარიშსწორების საშუალებად. თუ მავანი მეწარმე ხელისუფლებას ემხრობა, მას აძლევენ საქმის კეთების შესაძლებლობას. თუ მეწარმე ოპოზიციონერია, მაშინ მას ყველანაირად აბრკოლებენ. საამისოდ შექმნილია ქართული ბიუროკრატია, რომელიც საბჭოთა ბიუროკრატიაზე გაცილებით მექრთამე და თავნებაა. ეს ბიუროკრატია არის დასავლური კაპიტალის აგენტი საქართველოში. პარტიული აზროვნების მანკიერებითაა გამოწვეული პარტიების შექმნა ვიწრო სეგმენტური ნიშნით. მაგალითად, პენსიონერთა, ვეტერანთა, ქალთა უფლებების დაცვის პარტიები.

1991-2 წლებში იყო საუბარი ბურჟუაზიული პარტიის შექმნაზე, რომლის მიზანი იქნებოდა მრეწველთა ინტერესების დაცვა პარლამენტში. სანამ ყველა არ დარწმუნდა, რომ არც ხელისუფლება და არც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულნი ქართული მეწარმეობის განვითარებით, მანამ მეწარმეებს არ ჰყავდათ ლობი პარლამენტში. ესე იგი მრეწველთა მოძრაობის ჩამოყალიბება გამოიწვია იძულებამ. ის მიზნად ისახავს წინ აღუდგეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების თვითნებობას. ხელისუფლებამ კი მრეწველთა მოძრაობას ხმები დაუყარა, რომ ის ხელისუფლებასთან არის ალიანსში. ასე ცდილობს ხელისუფლება ამომრჩეველი ჩამოაშოროს მრეწველთა მოძრაობას. არის მეორე მრეწველთა პარტია, რომელიც ედპ-ს (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია) ალიანსში – მესამე გზა, არის გაერთიანებული რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად. აქ მინდა შევეხო ედპ-ს კონცეფციას. 1988-91 წლებში ედპ და რესპუბლიკელები დიდ როლს ასრულებდნენ ქართველთა მასების მობილიზების საქმეში. ისინი ამბობენ, რომ მმართველი პარტია (მოქკავშირი) და ბლოკი „აღორძინება“ აჭარიდან ქვეყანას ერთნაირად ვნებენ და საჭირო ხდება მესამე გზის მოძიება. ეს ნიშნავს რაღაც ალტერნატიულს შევარდნაძის პარტიასა და ასლან აბაშიძის პარტიას (ბლოკი „აღორძინება“) შორის. ესე იგი პირველი გზა შევარდნაძის პარტიისაა და მეორე – ბლოკ „აღორძინებისა“. არაა გარკვეული როგორი უნდა იყოს მესამე გზის გეოპოლიტიკური ორიენტაცია. პარტიის კონცეფციის დასაბუთებულობა ამის ნათელყოფით უნდა იქნეს წარმოჩენილი. ეს კი არსად ჩანს მესამე გზაზე ამდენი ლაპარაკის მიუხედავად. მესამე გზის ცნება დიდი აზრის და შინაარსის მქონეა და სულაც არაა უაზრობა, როგორც ამას ალიანს „მესამე გზის“ ოპონენტები აცხადებდნენ. ამის საფუძველი მათ იმან მისცათ, რომ მესამე გზის კონცეფცია ცარიელი სიტყვებისაგან და ზოგადი ფრაზებისაგან შედგება. როგორი უნდა იყოს ეკონომიკის წარმართვის წესი? დარჩება თუ არა ის ექსტრემისტულ-ლიბერალური? ეს არაა განსაზღვრული, რადგან მეეჭვება, რომ საამისო ცოდნა ალიანსში ვინმეს ჰქონდეს. მესამე გზის გლობალური იდეა გულისხმობს ალტერნატივის მოძიებას სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის. ეს იდეა იშვა დასავლეთის სამეცნიერო წრებში. მასზე საუბრობდა ზბიგნევ ბჟეზინსკი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მასზე აღარ უსაუბრიათ. დაიწყო ექსტრემისტული ლიბერალიზმის დრო.  რახან ქართული აზროვნება კუთხე-კუნჭულის აზროვნებაა, ამიტომ მესამე გზის იდეა მიუყენეს ქართულ სინამდვილეს და არ გახსენებიათ მისი ნამდვილი აზრი და წარმომავლობა.

ედპ-მ დისკრედიტაცია განიცადა. არადა, ის 1989-92 წლებში  მრავალათასიან მხარდამჭერს მოითვლიდა. დღეს ეს პარტია პოლიტიკურ არიერსცენაზე იმყოფება. დასავლურმა ლიბერალიზმმა ყველა ყოფილი ანტისაბჭოელი დისიდენტი მოაცილა ხელისუფლებას. არც ერთი დისიდენტი არაა რაიმე მნიშვნელოვან სამთავრობო პოსტზე. ყველგან ყოფილი კომპარტიელები და კომკავშირლები არიან. ეროვნული მოძრაობა გასრისა დასავლურმა ლიბერალიზმმა. ეროვნული მოძრაობა გადაგვარდა და იქცა ეროვნულ ეპატაჟად, საძაგ პროვინციალიზმად და რელიგიის პროფანაციად. ქართველი დისიდენტურა და ეროვნული მოძრაობა სასტიკად მოტყუვდა, როცა გამსახურდიას დამხობა ლიბერალიზმის სახელით გაამართლა. გამსახურდიას დამხობით ეროვნულმა მოძრაობამ საკუთარი თავი სამუდამოდ დაამხო. შეუძლებელია, რომ ნაძირალებთან წილნაყარი ეროვნული მოძრაობა სასტიკად არ დამარცხებულიყო.

შეჰყურებ ქართველებს და ჩნდება კითხვა – არიან კი ისინი იმაზე მეტის ღირსნი, ვიდრე ახლა აქვთ? იძულებული ხარ იცრუო ყოველთვის, რომ როგორმე შეეთავსო ამ თვითკმაყოფილ უვიცობას და მხიარულ სიბრმავეს. საზოგადოება, მცხოვრები მუდმივი მარაზმულობის, სკაბრეზულობისა და იდიოტიზმის გარემოში, შეუძლებელია როდესმე იყოს იდეალად დასახული დასავლური საზოგადოების მსგავსი კი არა, არამედ ნორმალური საზოგადოება. თუ დასავლური ლიბერალიზმი თავისი პრინციპების დამკვიდრებას ცდილობს ამ ავადმყოფ საზოგადოებაზე დაყრდნობით, მაშინ შეუძლებელია მან მარცხი არ განიცადოს. იმიტომ კი არა, რომ ლიბერალიზმის საუკეთესო პრინციპები არარეალურია და უტოპიური, არამედ იმიტომ, რომ ქართველის სიმდაბლე ვერც ამ პრინციპების ტვრთვას  შეძლებს. ამის გამო ლიბერალ-დემოკრატიული სისტემა თავის გადარჩენის მიზნით იძულებულია იქცეს სოციალური ინსტიტუტების თვითნებობად, ყოველდღიურ შანტაჟად და ადამიანის გაყალბებად.

1992-4 წლებში, როდესაც დემოკრატიით გამოწვეული ეიფორია თავის აპოგეას აღწევდა, პოლიტიკურ სიტყვათხმარებაში ხშირად ისმოდა გამოთქმა „გულწრფელი დიალოგი“. ეს ითქმოდა ოფიციალური ვიზიტების გაშუქებისას, მისიათა ჩამოსვლისას. ამით ცდილობდნენ აუდიტორიის დარწმუნებას, რომ პოლიტიკა მსოფლიოში სწორედ გულწრფელი დიალოგის გზით წარიმართებოდა. დღეს ამ გამოთქმას აღარ მოიხმარენ, რადგან ის ძველი რწმენა დასავლური დემოკრატიისადმი და ლიბერალიზმის იმედი გაქარწყლდა.

ხედავდნენ რა ქართული პოლიტიკის სიცრუეს და ეროვნული იდეების  მარცხს, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ უთქვამთ, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა მოვიდეს ახალი ძალა. კი მაგრამ, ამდენი პოლიტიკური ძალები ისე მოძველდნენ, რომ აღარაფრის გაკეთება არ შეუძლიათ? ეს მსჯელობა ხომ იმის აღიარებაა, რომ ამდენი პარტიის არსებობის მიუხედავად ქართული პოლიტიკა ადგილიდან ვერ იძვრის. საიდან უნდა მოვიდეს ახალი ძალა? ვინ უნდა იყოს? რაში არგია ქვეყანას ამდენი ცრუ რაფინირებულობა, კულტურულობა და ინტელექტუალობა? ქართული პოლიტიკური აზროვნება მიწასაა მოწყვეტილი. ესაა უპრეცედენტო მარცხი ქვეყნის ისტორიაში. ასეთი რამ არ ყოფილა არც მე-17, არც მე-18, არც მე-19 ასწლეულებში. თუ გამოითქმის აზრი ახალი ძალის მოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ ძველ ძალებს თავისი შესაძლებლობანი ამოუწურავთ. მაგრამ ეს კი არაა მნიშვნელოვანი, არამედ ის, თუ რატომ ამოწურეს ძველმა ძალებმა თავისი შესაძლებლობები მაშინ, როცა ისინი მუდამ დემოკრატიასა და ევროპულ ფასეულობებზე მიუთითებდნენ. დემოკრატია და ლიბერალიზმი მოძველდა? თუ მოძველდა, მაშინ რატომ ემხრობოდნენ საქართველოში ისტორიის დასასრულის ფუკუიამასეულ ლიბერალ-აპოლოგეტურ იდეას? ევროპული ღირებულებანი მოძველდა? თუ ქართველთა ბუნებამ ვერ იგუა და იუცხოვა ეს ღირებულებანი? რატომ არის დღეს, ათი წლის შემდგომ პოსტსაბჭოთა დემოკრატია ასეთი სავალალო? ამისთვის იბრძოდა ეროვნული მოძრაობა?

ეროვნული იდეოლოგიის არქონა და მისი შექმნის მცდელობათა უარყოფა ქართული პოლტიკური მიმიკრიისათვის ძალზე ხელსაყრელია. ასე ყველაზე და ყველაფერზე დაუსრულებელი ლაპარაკი შეიძლება. მთავარი ლაპარაკია და არა ის, მოსდევს თუ არა მას რაიმე შედეგი.  ქართველთა დიდი ნაწილის თვალში პარტიულმა პლურალიზმმა გაუფასურება განიცადა. ეს არის ქართველი დისიდენტების პიროვნული მარცხი, რომელთაც დასაბამი მისცეს პოსტსაბჭოთა მრავალპარტიულობას. მათ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ საბჭოთა მონაპოვრის -საერთოქართული შეგნების ტრაიბალიზმით შეცვლას. მათ ვერ აღკვეთეს ნეგატიური პლურალიზმის გავრცელება, როცა ყველა გამუდმებით ილანძღება და ყველაფერი წაბილწულია. მათ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სახელისუფლო ბანდიტიზმისა და პოლიტიკური მაფიის ჩამოყალიბებას. დღეს უკვე ძნელი გასარჩევია, სად იწყება სახელმწიფო და სად – მაფია. ასეთი ხელისუფლება ეროვნულ ძალებს, ცხადია, მოქმედების არანაირ შესაძლებლობას არ დაუტოვებს. ქართული დისიდენტურა, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა საბჭოთა სისტემას, რომელმაც გააღვიძა ქართველთა შორის ეროვნული იდეა, უძლური აღმოჩნდა თავის ქვეყანაში პოლიტიკური მაფიის წინაშე, რომელიც ლიბერალიზმის იდეებს არის ამოფარებული. ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ ეროვნული იდეა მოსწყვიტა თავის ფესვებს და მთლიანად დაუკავშირა დასავლურ ლიბერალურ უნივერსალიზმს. ამან გამოიწვია დამარცხება და მის დასაფარად მოიგონეს უამრავი ილუზია. საქართველო ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ გადაბრუნებული ურმის იქითაც არ ჩანს გზა. შეძლებს კი ხელისუფლება არჩევნების შემდეგ დაკარგული ეროვნული გზის პოვნას?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s