აბუ ჯიჰადის იგავი


ღამეთა შორის ჩემმა ძველმა ზმანებამ აღმოშვა ეს იგავი. აღარც ვაპირებდი დაწერას, მაგრამ არ დამეხსნა. ცეცხლის გველად ეგო იგი გულსა შინა და მამწუხრა. მიყიოდა, რომ კალამი ამეღო ხელში და განმეწიგნა ესე ჯავრიანი საფიქრალი იმაზედ, თუ ვითარ ირვალება კაცის ბედისწერა. იმას ვილამიდი, რომ გულშივე მომკვდარიყო ეს ზმანება. ის კი მდაგველ ალად დაეგზო თავსა შორის ჩემსა. იმად ვყოვნიდი მის დაწერას, რომ საზარელია საფიქრად. გულსა მსჭვალად დამედო და ჩემგან ხარკი მოითხოვა. უცნაური რამ ვიძილისშორისე სუფიური წიგნების კითხვისას და ახლა განვასიტყვებ.  მოყვასთა თემს ოდენ ტკბილი ამბები ეთნება და უსვეო სოფელში, სადაცა არს მქანარეობაი ბოროტისა, ის უჭირველად ელტვის სვიანობას. სვიანობა კი მისთვის ნადიმი და დიაცთმადევრობანია. ამიტომ მცირაკთათვის ვი-რაი-წიგნე აბუ ჯიჰადის ამბავი.

დერვიშთა თარიყათი ეგო დამასკოს მახლობლად. მაშრიყიდან ხორასნამდე ჰქონდა მას სახელი გავარდნილი. სამოსწავლოდ მოდიოდნენ არაბ მეფეთა ძენი ერაყიდან, მისრიდან, ჰიჯაზიდან, ლაჰჯადან, იემენიდან. დერვიშთა საძმოდან აღმომხდარმა ხანმოთეულმა მოძღვრებამ ბევრეულნი სიბრძნეს მიამთხვია. ამ საძმოს შეიხი იყო წარმოშობით აჯამი ალ-ჯუვეინი, დერვიშთა შორის ჰამოდ განმბჭობელი, დიდად მომეტყვი და მსიბრძნებელი, წოდვილი სუფიების შუქურად, ვინცა კაცთ უცანობისგან მეცნავობისკენ წარუძღვებოდა. შეიხი ალ-ჯუვეინი წიგნსა და სუნნას გულით ესავდა. აბდ ალ-ჰაქი უწოდეს მას, რაიც მოარაბებრ ჭეშმარიტების მსახურს ნიშნავს. შეგირდნი მისნი გა-ცა-ექცნენ სოფელს, გემონი მისნი მოიძაგეს და დიდების მორიდალნიც იყვნენ. აი სახელნი მათნი, ვისაც ალ-ჯუვეინიმ თავისი სიკვდილის წინ გაანდო საზარო ამბავი აბუ ჯიჰადისა: ელიშ ალ-ბაღდადი, თამიმ იბნ ალ-ფაზარი, ალაა აშ-შამსი, ჰათიმ ალ-ჯაბარი და მუჰედინ იბნ თაღრი. ღმერთში დანთქმულიყვნენ ისინი. მათი ძალოვანი ზიქრი და ფიქრი ცას სწვდებოდა, გარნა ჩალმას არ იმაღლებდნენ. განითქვა მათი რიაზათი. არასაცნოს საცნოდ მქმნელნი იყვნენ ეს დერვიშნი. თვისთა შიგან მოცნების ცეცხლს ჰბერვიდნენ და სამღთო აღშურვებას უფრორე აგზებდნენ.

აჰა, უგრძნო გულმან წლებით დამძიმებულ ალ-ჯუვეინის, რომ მისი სიკვდილის ჟამი ახლოვდებოდა. იხმო მან დერვიშნი და არქვა მათ:

„ჰოი, მუყიმნო, მოცნებაში დადგინებულო დერვიშნო, სოფელსა შინა კეთილად მვლელნო, ვინცა კრებნ სიტყვათა სასიბრძნოთა! მოცნებად შთაღრმობილნო, სუფიანო კეთილმდღეველნო, მეგანძენო სულისანო, კაცთა მგეშავნო და მათთვის თასლიბის გამწევნო! თქვენ მოჰკიდეთ მეძიებელნი დაფარულთა სწავლას. თქვენ განვლეთ წელნი სიწბილისა, დრეკისა და რუდუნებისა და ჰპოვეთ მოცნება. მოდექით და მოყავით სასმენელნი, რათა მო-რაი-გითხროთ გულთა შემაპყრობელი საზარო ამბავი. დერვიშთა წესით იწრთვით და კეთილად გიყვიათ ცნობანი, ჩემს ირგვლივ შემომკრბარნო. სიკვდილი მიდგს წარყვანებად და გამცნობთ იმას, რასაც მოაქამდე ვფარვიდი. ჩემი მოძღვრის, საუბან ალ-ზუჰაირისაგან მეუწყა ეს ამბავი, რომელმანცა ღმრთისა მოიშიშა და საშინელი ფიცით მაფიცა, რომ სიკვდილის მოწევნამდე დღეთა ჩემთა შიგან არავისთან მეუბნა ამაზე. ჯავრი შემომექმნა, ძრწოლა განმეღვარა გვამსა შიგან და ძილი განელტვა ჩემს თვალთ, რა ეს ამბავი ვისმინე. გულს დავიჭდიე და ლოდად ვატარე. აწეღა მინებს მბობა მისი. ნუ იყოფინ მისი დავიწყება დერვიშთა შორის! გულის დანამალობას გაგანდობთ. დაე, საცხადოდ იქმნეს ესე ამბავი და შეგონებად ეგოს დია საძნიადო საფიქრველი. ეჰა, ღმერთო, განართხენ მადლი შენი ჩვენზედა და განახმენ ბჭენი მეცნებისა, რათა შევიგოთ აბუ ჯიჰადის სვე! ღრმათა ჭვრეტა მუდამ თანაგვაძს. შეძლებთ ძმანო გამოიწვლილოთ ამბავი ესე?

თავმან თქვენმან, თავდაოკებულნო და გულთაზრიანო დერვიშნო, ალალ-გეზით მოარულნო, გულსალად დადგრომილნო, შესაძინელთა შემძენელნო და ბნელთა მამზევებელნო! ჩვენ, უდაბნოსა შინა დაყუდნილნი შევეღწვით დაფარულ სამეცნოთ და საკვირველი მოგვინაგრებია. აი, დღენი შრომილნი!  ჩვენგან თესულის ნაყოფს მოვისთვლით და ვართ მპოვნებელნი უნჯთა. ვუწყით ფიქრი თვინიერ სიტყვებისა. გვისვამს ღვინო, რომელიც უწინარეს ვაზისა იყო. ამ ღვინით სავსე საწდე უსაწადლესი მიწყივ დგას სუფიათა ტაბლაზე. გემოს მისას ოდენ მეცოდინი სინჯულობს. ყალანსა სიკვდილისას ვზიდავთ მოკვდავნი. ჩვენ ვუჭვრეტთ სიძვითა და სტომაქთმაძოვნელობით წარპარულ უაღვირო კაცთა არვეს, ვისი სიცოცხლეც შთამრეც სოფელში გარდიარს ფუჭად. ბრიყვობასა შინა მქანარენი, გამომკრთომელნი უცან-უგებობისანი ვერასდროს მიემთხვევიან სიბრძნეს. სასინათლო მათი დაშრტა. მუდამ უცანობისა მთხრებლსა შთაიბნევიან ისინი. კაცნი მძიმედმხედველნი, ცუდმბორგნი და ამაონი მრავლად ჰგიან. თავთა ვერ მხედნი მიმოიტაცებიან ქროლისა მიერ ბოროტისა სოფლისა. საცნობელნი ცნობისა მათისა დახშულა. ბათილია მათი ცხოვრება. განა ბევრჯერ არ არის, რომ ერთი პირუტყვი ათას პირმეტყველზე მეტია? სხვათა უგებობის გამო ჩვენ ვვალალებთ. განა შეასმენ მათ, რომ მოუწოდო – ნუღა ჰლაღოით! სათნო დერვიშნო, ჩვენ ვგივართ იმ სახლში, რომელსაც არ ჰბია კარი და არ აქვს კედლები, გარნა ეს სახლი უხილავი სიმაგრეა და ბრიყვთა ხომლეული ვერასოდეს შეეთხევა მუნ. დავლახეთ საწუთრო და გვიხამს სიბრძნისაკენ გავიმხროთ სავალი. ვინცა შეიძლებს, მოგვდიოს და განისწავლოს.

მიწევნილნი ვართ დერვიშნი მოცნებაში, გარნა არ ვუწყით, მგზოვარი ქმნის გზას, თუ გზა ქმნის მგზოვარს? კაცი ქმნის თავის სვესა და ხვედრებას, თუ ეტლი მისი უწყალობებს კაცს ხეირათსა და ხვასტაგს? არიან ის მგზოვარნი, ვინც გზაში ყოფნისას ეწევა ბედს. არიან ისინი, ვინც არა მგზოვარებს, გარნა სვიანია. ამ ფიქრს ვფიხიზლობთ და ვამრჩობლებთ. არც არის რა უფრო დახვანჯული და იკლიკანტური საფიქრველი, ვიდრე ყოვლის მიმართ სწორად მიმფენელი და მაინც შეუცნობელი ბედისწერა.  კაცთა ჭვრეტა გვარწმუნებს იმაში, რომ ვიეთნი დაბადებიდანვე განმზადილ არიან წარსაწყმედად. რისხვამაღალი ღმერთი თავისი ხელით განუჩინებს მოკვდავთ მათი ბედისწერის უხილავ სიტყვებს, მხოლოდ სიკვდილის მოსვლისას რომ ხილულიქმნება. ესაა ყოვლისგანმწონელი ბედი კაცისა. ყოველი იძვრისი და მშვინვიერი ბედისწერის მსახვრალ ხელს ჰმორჩილებს. ენამან არაბთამან ნასიბად და ყადრად იცის მისი წოდებაი. სპარსნი კი მას დოვლათად იტყვიან. ფრიად ძნელოვანია სიტყვაპოვნილებით საცნაურვყოთ სვე კაცისა. ვითარ შთაიწთომება ეტლი და განჩინება მოკვდავისა? უსიტყურნი გულისსიტყვანი, ნამუსის უბნობა კაცში მცირე რას გვეტყვის კაცის სვესა და წერაზე. სული შინამძღოლი მუდამ დიდ საშემეცნებო გარჯას მოითხოვს მოკვდავისაგან, გარნა ცოტა ეძლევა მას. ესრე არს სიპოხენი მზაკვარი სოფლისა.

ახლა კი გაუწყებთ ამბავს აბუ ჯიჰადისას. ფესვ ღრმა-ვყოთ სიტყვა გულხმიერი და ყურნი მივუპყრათ ბედისწერის ქროლას. სულს წარგიტყვევთ ესე ამბავი. ისმენთ და იგონისებთ მას და თვალნი ცრემლით აგევსებათ. ნუ გერცხვინებათ მისი, რამეთუ ცრემლი მმეცნებელი მამრისა, კაეშანში აღმომხდარი, წმინდაა, ვითარც წყარო ცათა მტილოვანისა. ჰე, დერვიშნო, აქამდე უდავებელი ვადავოთ, აქამდე უკითხველისა ვიკითხოთ! კვლავ მოვინაგროთ სიბრძნე, ჭირთა შინა საიმედოვნე. გულის ურჩო ჰანინი აღამაღლებს სიბრძნის მძებრ მოკვდავს, ცხოველჰყოფს მის ჰაზრვას. განცხოველდეს სიჩჩოება სულისა, რომელიც გახენეშებულა სოფლის საცთურთაგან. ჰე, ღმერთო, მრისხველო და პირმრუმეო, გვფარვედ! განფხვარ ჩვენგან უგებობის ნატამალი და მეოხგვეყავ ჰაზრობის საღვაწოში, ოდეს ვისმენთ აბუ ჯიჰადის ზავთიან ამბავს! დერვიშთათვის სასური სხვათათვის სამძიმოა და საშიშარი. მრავალ საცთურთა შორის ვვალთ და მოცნებას მივუმხრეთ გული. წარიოტეთ შიში წინაშე შეუცნობელი ბედისწერისა და სიტყვა თქვენი მთიებად აღუჩნდეს სოფელს. არასოდეს ინატროთ კვლავ სიჭაბუკე. კურთხეულია ის, ვინც მოხუცად დაიბადა, რამეთუ მასთან ჰგიეს სიბრძნე. სვიანია კაცი, ვინც უწყის სოფლიდან განსვლის ჟამი. ვინც ჭაბუკობიდანვე სიკვდილს იმეცნებს და დასაბამიდანვე დასასრულზე ფიქრობს, ისაა ბრძენი.

დიდად საომენი მოიომნა დერვიშთა საძმოს მეომარმა და ამად ეწოდა აბუ ჯიჰადი. თავთა თვისთა დიდება მან მახვილით მოიღონა. შე-ცა-ებმოდა სპასა და აოტებდა. იხილავდი ომსა შინა მის ბუღრობას და ეტყოდი მას – შენ დუნიის მხოლოი მეომარი ხარ! სოფლის წასაღებად შთამოსრულ სიკვდილის ანგელოზს ედარებოდა. იგი, ციხეთა მარღვი, ომსა შიგან საოცრის მყენე, ვინცა თავი სპარაზენად განიცხადა და თავისი ფარ-შიმშერით დადასტურდა. არა იყო ჭაბუკი მისი მსგავსი პირისა ქვეყანისასა. ქორწილი აბჯრისა მან ახილვა სოფელს და შეაძრწოლა ყოვლნი რაყიფნი. მახვილით მიძრა და მოძრა დუნია. შებმას ულამიდა მილეთის ხალხებს. მეოტჰყო მან მემტერნენი თვისნი და მათი ულმობლად მსპოლავი იყო. საარაკოდ აგელა ხრმალი აბუ ჯიჰადიმ და განჰხდა ხმა შეუსადარი სპარაზენისა დუნიაზე. უფალი სწყალვიდა მას და იგი იყო ჭეშმარიტი სააბყარანი, ძე ექვსისა და ცხრისა. ომი იყო მისი ალიფი და იაა. სამიჯნურო შეახლებათა მომძულველი აბუ ჯიჰადის გული მეტრფეობის ლახვრით არ გასერილიყო და დიაცის გრძნებას მისთვის არ ევნო. ომით შეგრძნილი იყო მეომარი დერვიში. ომი იყო მისი ჰალი და ფანა. იტყოდნენ მისი შემჭვრეტი მუსლიმნი, რომ მზის მოყმე, იეშუ იბნ ნუნი მოსულაო კვლავ. აბუ ჯიჰადის მარცხენა მარჯვენა იყო. მარცხენით აღიპყრობდა და ამღერებდა შიმშერსა და ჰოროლს. აი, თვალნი ავად მომზირნი და მკლავნი ძალოვანნი!

ანდალუზიის აღების წინა დღეს რამლი ჰყარეს მოგვობაში ფრიად მიწევნილმა და ყადრის მბჭობელმა დერვიშებმა. მისნობისას აბუ ჯიჰადის დაღუპვის ნიშნები ამოვიდა. ღმერთმან იგი მეომარზედა ეტლი ავად აბრუნა და დაისკვნეს, რომ ღმერთმანცა არღარა დრო-სცეს განგრძობად დღეთა მისთა. ავი განჩინება განხმულიყო მისთვის. მწუხრეულ იქმნა ამის გამო მუსლიმთა ლაშქარი. გულსა ებავთა ჯარს ეს ნამისნი. ყოველმან შეიტყო, რომ ყირანი აუყივლდა აბუ ჯიჰადის. თავად აბუ ჯიჰადიმ, რა ცნა რამლის ყრისას გამოვლენილი ბაიინა, წართქვა – ინშალაჰ! მთელი ღამე ილოცვიდა ღვრემამორეული მეომარი დერვიში. უფლის ნებას მიენდო და თავის ყირანთან მისაგებებლად შეემზადა. მჩუმარე გლოვის ზარი იყო მოსაგრეთა შორის. ჯერ არ მომკვდარიყო აბუ ჯიჰადი და უკვე დასტიროდნენ მას მისი დოსტნი. დიდი და მცირე ბედისწერის უჩინარ ძალასა და უფლის განგებულებას დაეფიქრებინა. ხმამაღლა ვერვინ ბედავდა ამაზე უბნობას. იმ ღამეს ბევრეულ მოლაშქრეს თვალი არ მიურულავს. სიკვდილზე ფიქრსა და ლოცვაში დაითენეს თავზე აბუ ჯიჰადის აჯალის შეტყობით მწუხრეულმა მოსაგრეებმა.

აჰა ესერა, მნათობმან დღისამან სცნა ჟამი თვისი აღმოსვლისა და ამოთენდა! კურთხეულ იყოს ის განთიადი, რადგან იქიდან დაიწყო ისლამის ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ზეობა!

დაეწყო სისხამზე მუსლიმთა სპა, რომლის ზრინვა შორს ისმოდა. ჰხადა მან უფალს და აღიძრა საომედ. ბრძოლის მოსწრაფე აბუ ჯიჰადი აღჯდა ჰუნესა თვისსა. საღვთო შური და მძვინვარება მოავლინა მეომარმა დერვიშმა, ცათათვის თვისისა სისხლის მთხევმა. განკრთა იგი დიდი განკრთომით. იმ დღეს იგი ბედისწერისაგან განკრთომილი იყო და ადამიანს აღარ ჰგავდა ხმალთა არულში ყოვლით ჰარირი მეომე. მისი შესაზარი პირის ხილვა თავად მის დოსტებს შეუმძიმდათ. იყო იგი უმაძრწუნებლეს ძრწოლათა და აცვრია ცვარი სპარაზნობისა. ვინ ბრძო საშინლად, ვითარ იგი? ცანი მიწასა ზედა დასცა ბრძოლით. შთამოჰყივლებდა და ჰოროლის ჩხვერით ზედამიეტევნებოდა თვისთა დუშმანთ, რომელთაც ზურგის მძივნი მოეშალნეს ძრწოლით. მისგან ტყორცებული ჰოროლი ელვას ჰგავდა. აბუ ჯიჰადი შეშლილ ანგელოზს ემსგავსა, ვინცა გედეონ მსაჯულის დროს მიდიანის ჯარი სვრიმა ისრაელში. რა ენა ენდეს მისი სიალფის სახოტბოდ?! იგი გულმარიხიანი სპარაზენი მოცაკვლიდა ზახით და აოტებდა ყოველ წინაღმდგომს. სიკვდილს ეძალვიდა აბუ ჯიჰადი და სიკვდილი მისგან ილტვოდა მისი პირალმასი შიმშერისაგან შიშრეული. შერაივიდოდეს იგი დუშმანთა ჯარში, ვითარც გეზელ-ქორი შთაბრიალდებოდეს გუნდსა შორის კაკაბთა. იმ საგრობაში იგი სიკვდილის დიდად მდოსანი იყო. ყველაზე საშიშარ ალაგებში იბრძოლა და სძლია მემტერნენი თვისნი. მორჭმით აღილაშქრა ყოველთა მრემ. თავისი ჩაუქობით თვისთა მკლავთა შორის შემოილეწა აბუ ჯიჰადიმ ავი ხვედრი, რომელიც მას რამლის ყრისას უხილავად აეკვართა და ეკვროდა. მეომარი დერვიში თავისი სიმამაცით გარდავიდა განჩინებულსა ჟამსა თვისსა სიკვდილისასა. დიდი ყივილის მქონე იყო აბუ ჯიჰადი და იმ დღეს იგი თავად ბედისწერას უყიოდა.

ძლევით შეიმოსა არაბთა მხედრობა. ყურანის ხალხმა ანდალუზია აიღო. მოიალაფეს თვალმისატაცი საჭურველნი, ლარი და ფეხმარდი ჰუნენი. იყო სიხარული ფრიადი, ვითა იმ დღესა გაეწყობოდა. ნადიმი უნდა დაედვათ. ჰოი, საკვირველო! არ დაღუპულა აბუ ჯიჰადი. მრთელი გამოვიდა ომიდან და ნაკაწრიც არსად აჩნდა. განკვირდნენ ყოველნი, რა იხილეს მშვიდობით მოსვლა აბუ ჯიჰადისა. შეძრწუნდნენ რამლის მყრელი და ყადრის მბჭობელი დერვიშნი მის ძლევით მობრუნებაზე. არა სიხარულის ყიჟინა ისმოდა, არამედ დუმილი გამეფებულიყო მუსლიმთა ლაშქარში. ანდალუზიის აღება დავიწყნოდათ აბუ ჯიჰადის შემყურე ზაფრანაცემ მოლაშქრეთ. არა ამა სოფლისაგან მოვლენილი ეგონათ ყირანს გადარჩენილი აბუ ჯიჰადი. ვერვინ ბედავდა  ჩქამის გაღებას. სამადლობელი ლოცვის აღვლენა სურდათ აბუ ჯიჰადის გადარჩენისათვის იმ მებრძოლთ, ვინც მას ზურგს უნახავდნენ ომში და სიტყვა შეჰხმობოდათ პირზე. ცოცხალი იყო აბუ ჯიჰადი და მკვდრად მიაჩნდა ყველას. ვიეთნი მას მოჩვენებად თვლიდნენ, ვიეთნი კი შაითანის ოინებს ხედავდნენ მის მოსვლაში. არ სჯეროდათ, რომ მოკვდავი თავის დაღუპვის ჟამს დაეხსნა და მშვიდობით მობრუნდა ომიდან. ამად აღარ მიაჩნდათ აბუ ჯიჰადი ადამიანად. ვერ შეიძლეს მათ იმის დაჯერება, რომ აბუ ჯიჰადიმ დიდი სიმამაცით დაძლია თავისი ბედისწერა. ვერ ირწმუნეს მათ, რომ რამლის მყრელი დერვიშნი შესცდნენ და სწორად ვერ განბჭეს აბუ ჯიჰადის მოსაწევნი. ძრწოლამ განმსჭვალა მათი გულები. ბედისწერაზე ფიქრით ზარცემულთ სიტყვა დაჰკარგვოდათ. ენის გაგნება ვეღარავინ შეძლო. კი არ ხარობდნენ, არამედ ზარობდნენ აბუ ჯიჰადის საღ-სალამათად მოსვლას. კითხვაც ვერვინ შემართა. მებრძოლნი შიშითა და შეპოვნებით შესჭვრეტდნენ დიდ მეომარს.

ვითარ იქმნა გადარჩენა აბუ ჯიჰადისა? ამ დიდ საგონისს შეეპყრო ყოვლნი კაცნი და აიუბის აქამდე უცნობელი გვემით იგვემებოდნენ. ბედისწერის ქროლით გაიქარა მათი გულნი და ცნობანი. კვლავ იხმეს მერამლენი. მოიღეს მათ რამლი და თაყუმი და განჩხრიკეს. დუნიამ უწყის, რომ ძალოვანია არაბული მაგია, იგივე ალ-ქიიმიია და მას ძალუცს უცნაურის საცნაურყოფა. ღრმამსიტყველ მუყრთ გაუძახეს და მათ ყველა წაკითხვით წაიკითხეს ყურანი. მრავალი უბნობანი მოიუბნეს და მაინც ვერ განმარტეს აბუ ჯიჰადის სიკვდილისაგან დახსნა. გაიხსენეს ისიც, როგორ გადათქვა უფალმა დიდი ქალაქის, ნინევიის იავარქმნა. დიდი ბჭობა და დავა შეიქმნა აბუ ჯიჰადის გამო. ითქვა, რომ ცუდად გაბრჭესო დერვიშებმა, ოდეს მათ აბუ ჯიჰადის მოსაწევნზე რამლი ჰყარესო. ისიც თქვეს, რომ ცას მისწვდაო მისგან დაღვრილი სისხლი და განრისხდაო თვალი უფლისა ზემხილვარი მის ეგზომ ულმობლობაზედ. ისიც თქვეს, რომ დიდი ყისმათი ანიჭა ღმერთმა აბუ ჯიჰადის ომებში და ახლა იგი კაცისაგან ხარკს ითხოვსო. უფრო იმატა დავამ და აზრიალდა მთელი ჯარი. დიდი ცილობა იქმნა და ყოველი კაცი ლამობდა აბუ ჯიჰადის ამბის გაგებას და სიტყვის გამოგებას. ცოტაც და ხმლებზე იტაცებდნენ ხელს.

მდუმრიად შესცქერდა ვარამღებული აბუ ჯიჰადი რამლის მცოდნეთა და მუყრთა თათბირს. უსმენდა ის თვის მოსაგრეთა ნათქვამს და გულს მუღაბანი უსერავდა. დიდი ჭირვებით შეჭირვებულიყო იგი მეომარი. პირი მისი მტვრითა და ნაცრით შესვარილიყო. წარსდგა აბუ ჯიჰადი ჯარის წინაშე და მოსთქვა სიტყვანი დამდაგველნი. იცა ხელნი თავსა ცრემლოით და ხმაჰყო:

„ჩემმან ბედმან ესრე განაგო, რომ საკვდავად გადადებული მაინც არ წამიღო სიკვდილმა. თუ უფლის მუქაფა იყო ჩემი დარჩენა, რად ამოვიდა ჩემი დაღუპვის ნიშნები დერვიშთა ნამისნში? თუ ღმრთის წყალობით მენიჭა დარჩენა, რაღად უკვირთ ეს ჩემს თანამოსაგრეთ? შევიძლებ მე იმის თქმას, რომ ჩემი მახვილით და ჩემს მკლავთა ძალით განვირიდე ჩემგან დაღუპვის ჟამი? როდესმე ყოფილა, რომ ბედისწერის დადგენილი მოკვდავს გაეუქმებინოს? პასუხმიგეთ ამაზე ჯამაათნო. რაღად მიჩნს მე სიცოცხლე, თუ იგი ჩემს თემში განხეთქილების მიზეზად იქცევა? ნუმცა ვცოცხალვარ! არა ვინები მე მტილოვნად, არა მსურს მტილნი ცათანი და ჰურიანი მუნ, არამედ შევძლო შევიმეცნო ის ბედისწერა, რომელიც კაცთ ესევითარ მოჰგვემს. მოიეც ჩემდა უფალო ნიჭი და ძალი ბედისწერის შეცნობისა!“

თავისივე ჰოროლს გადაეწვადა ელვისებრ აბუ ჯიჰადი და დაიცა ისე ძალოვნად, რომ პირი ჰოროლისა ბეჭთა შორის გაეწვერა და სიკვდილის ბჭეს მიეწურა იგი მეომარი. თავი მოითავა აბუ ჯიჰადიმ და სისხლითა თვისითა იპორფირა. უარჰყო მან სიცოცხლე და თავმოკვდინებაშიც ისევე ალალი იყო, ვითარც ომში. უფალში განანქრია მან სული თვისი მახვილოვანი.

დიდი ზახი და მოთქმა დადგა ლაშქარში აბუ ჯიჰადის სიკვდილის გამო.   მიწა-თიხანი გარდაიყარეს თავზედ და ღაწვთა იფრცხნიდეს მეომარნი. იქოლვებოდა და იშთვებოდა მთელი სპა დიდის ჯავრით. ვიეთნი მუყრნი განრისხდნენ აბუ ჯიჰადის სიკვდილზე. მათ შეაჩვენეს ის და თქვეს, რომ უფლის მუქაფას ხელი აუკრაო მან და არ ეღირსოსო მოსვენება მის სულს. ასი ჰაჯის მანძილზე არ ხსენდესო მისი სახელი. ჰაი, რომ აბუ ჯიჰადის მოსაგრეთ ყური არ ათხოვეს მუყრთა შენაძახს და მეომრული პატივით დამარხეს იგი. ყომუშ-ყომუშად იდგნენ მის სამარესთან და სტიროდნენ მის სიკვდილს. თხემთა იტყებდნენ ომიდან მორჭმით მოსრულნი. დიდ შაჰიდად შერაცხეს მათ აბუ ჯიჰადი. სვემან მისმან მიწა ამწუხრა.

ჰოი, სუფიანო, ფლასი და ძაძა შთაიცვით! ჩვენც ვცრემლობდეთ და ვმოხარულობდეთ აბუ ჯიჰადის გამო. განვამკვიდროთ ხსოვნა მისი. ხოტბა ვუყივლოთ აბუ ჯიჰადის, ჭეშმარიტ დერვიშს, ვინც თავისი თავი არ დაზოგა და არ ისურვა მუსლიმთა ჯამაათში განხეთქილების მიზეზად ყოფნა! ნეტარ იყოს სახელი მისი, ვინც შეეურჩა ხვედრებას თვისას და ვინც შემდეგ თავისივე ხელით მოისწრაფა თავი!

აი ჟამი, ოდეს ვიტყვით და ვიტყებთ! ზღვანიც კი დაშრებიან, გარნა ბედისწერის მრჩობლი საფიქრალი მიწყივ ეგება კაცთა შორის. უცნაურია ბედისწერის ქროლა და მეუფება სოფელსა ზედა. ლუკმანიც ვერა რას გვეტყვის საამისოდ. უფლის ძალა და ნება ვლინდება კაცის საკვდავად დადარნებული ბედისწერის მეუფებაში. მაინც ასრულდა რამლის მყრელთა ნამისნი აბუ ჯიჰადის სვეზედ და გული ირისხა უფალმან ესოდენი სისხლის მთხევ დიდ მოყმეზე.

საუბან ალ-ზუჰაირმა, ჩემმა ყოვლით სათნო მოძღვარმა, რა სცნო ამბავი აბუ ჯიჰადისი და განფარვა ეტლისა მისისა, თქვა, რომ მოჯიჰადისათვის იჯთიჰადის ბჭენი არასოდეს დახშულა. მათ დახშვაზე იმათთვის ითქვა, ვინც სუსტია გულითა და ცნობით. უფალს უყვარს ბეჯითი შემმეცნენი და სწყალობს მათ! ჯიჰადია არა მხოლოდ ღმერთისათვის ომი, არამედ შემეცნებაც. ყოველი ჭეშმარიტი დერვიში მოჯიჰადეა და დაე შეიძლოს მან იჯთიჰადის ბჭეთა შორის გავლა!“

ასე იუბნა ალ-ჯუვეინიმ დერვიშთა შორის და აღესრულა.

ნოემბერი, 2014

სიტყვათა განმარტებანი

-ა-

აბუ ჯიჰადი  (არაბ.) – მამა საღვთო ომისა

აიუბი – ბიბლიური იობი

ალიფი – არაბული ანბანის პირველი ასო

ალ-ქიიმიია (არაბ.) – სასწაულთქმედება

აჯალი (არაბ.) – ბოლო დღე, სიკვდილის ჟამი

აჯამი (არაბ.) – არაარაბი, უმეტესად სპარსელი

აჰა ესერა – აი

-ბ-

ბათილი (არაბ.) – უსარგებლო, ამაო

ბაიინა (არაბ. ალ-ბაიინა) – მოსწავება, ნიშანი

-გ-

განფარვა – ცხადქმნა, გასაჩინოება

გვფარვედ – დაგვიფარე

გულთაზრიანი – გულით გამგები

გულმარიხიანი – მამაცი

გულსა ებავთა – გული შეუწუხა

განკრთომა – გარდარევა, ექსტაზირება

განკრთომილი – ექსტატიკურად გარდარეული

-დ-

დავიჭდიე – დაუვიწყებლად დავიხსომე

დროის-ცემა – ვადის მიცემა, ყავლის დადგენა

-ე-

ეტლი – ბედი

-ვ-

ვამრჩობლებთ – აქ, ვაძლიერებთ

ვგივართ – ვართ

ვვალთ – დავდივართ

ვიტყებთ – ვიგლოვებთ

ზედამიეტევნებოდა – თავს ესხმოდა, ზედ ეტევებოდა

ზიქრი (არაბ.) – სუფიური მედიტაცია

ზრინვა – ჯარის დენისაგან დამდგარი ხმაური

-თ-

თანაგვაძს – გვმართებს

თარიყათი (არაბ.) – სუფიური საძმო

თასლიბის (არაბ. გამაგრება) გაწევა – სხვათათვის შეწევნა

თაყუმი (არაბ.) – სამისნო წიგნი

თხემთა იტყებდნენ – თავში ხელის ცემით მოთქვამდნენ

-ი-

იაა – არაბული ანბანის ბოლო ასო

იეშუ იბნ ნუნი – ბიბლიური იესუ ნავინი

იკლიკანტური – ორაზროვანი, ძნელად გასაგები

ინშალაჰ! (არაბ.) – ასე ნებავს ალაჰს!

იძვრისი – ის, რაც მოძრაობს

იჯთიჰადი (არაბ.) – ყურანის თავისუფალი ინტერპრეტაციის უფლება

-კ-

კითხვაც ვერვინ შემართა – ვერვინ გაბედა ეკითხა

კრებნ – კრებენ

-ლ-

ლარი – განძეული

ლუკმანი – იდუმალი ბრძენი ყურანში

მარღვი – დამარღვეველი, ამღები

მდოსანი – მსურველი

მერამლე – სამისნო წიგნის მკითხველი, მისანი

მიწევნილნი – მცოდნენი

მოცნება – ცოდნიერობა, სწავლულება

მუქაფა – საბოძვარი, ძღვენი

მუღაბანი (არაბ.) – ვარამი

მშვინვიერი – ის, რაც სუნთქავს

მუყიმი (არაბ.) – წუთისოფლის სტუმარი

მუყრი (არაბ.) – ყურანის მკითხველი, მოლა

ნუღა ჰლაღოით! – ნუღა ზვაობთ, დიდგულობთ!

ნუ იყოფინ! – ნუ იქნება!

-რ-

რამლი (არაბ.) – სამისნო წიგნი

რამლის ყრა – ქვიშაზე მისნობა

რაყიფი – მეტოქე

რიაზათი (არაბ.) – სუფიური სულიერი მეცადინობა

-ს-

სააბყარანი – სვიანი მოყმე, მეომარი

საგრობა – ომი

სასური – სასურველი

საძნიადო – ძნელი

საწდე – ფიალა

სიალფე – ძლიერება, მამაცობა

სიპოხენი – თვისებანი

სიჩჩოება – ყრმობა, სირბილე

სპარაზენი – მეომარი

-ტ-

ტყორცებული – ნატყორცნი

-უ-

ურჩო – მოურჩენელი

-ფ-

ფანა (არაბ.) – სუფისტის ექსტატიკური მდგომარეობა

-ღ-

ღაწვთა იფრცხნიდეს – ლოყებს იხოკავდნენ

-ყ-

ყალანი – ხარკი

ყირანი (არაბ.) – სიკვდილის ჟამი

ყომუშ-ყომუშად – დას-დასად

-შ-

შაჰიდი – რჯულისთვის შეწირული

შენაძახი – ნათქვამი

შეპოვნება – რიდი, კრძალვა

შთაიწთომება – შეიმეცნება

-წ-

წოდვილი – წოდებული

ხეირათი (არაბ.) – სიკეთე

-ჰ-

ჰალი (არაბ.) – სუფიური ექსტაზი

ჰამოდ – საამოდ

ჰანინი (არაბ.) – ჯავრი, დარდი, ვარამი

ჰაზრვა – გაგება, მოაზრება

ჰაზრობა – ფიქრი

ჰარირი (არაბ.) – გახელებული

ჰგიან – არსებობენ, არიან

ჰურია – სამოთხის ქალწული

ჰხადა – მოუხმო, მოუწოდა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s