Laissez-faire capitalism-ის დასასრულისათვის


თავი  II

ამ ნაშრომის პირველი თავის გამოქვეყნებიდან (სექტემბერი, 2012 წ.) ორ წელზე ცოტა მეტი გავიდა. მკითხველი მას საკმაოდ ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნონკონფორმისტულ ანალიტიკურ ნაშრომს უდავოდ დიდი სამეცნიერო და ფილოსოფიური ღირებულება გააჩნია, აქამდე ვერსად მოვისმინე მასზე თუნდაც ერთი გამოხმაურება ჩემი ყოფილი ეკონომისტი ლექტორების ან ფილოსოფოსი კოლეგების მხრიდან.  Laissez-faire-ს პირველი თავი ჩემი ბლოგიდან სამ ნაწილად გადაბეჭდა ჟურნალმა „საისტორიო ვერტიკალები“ (2013 – N27; 2013 – N 28; 2014- N29), (www.saistoriovertikalebi.ge).   ნაშრომის ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა საკრედიტო დეფოლტურ სვოპებს, დაიბეჭდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ (N 8 (164) 2013), (www.aaf.ge).  ახლა ვაქვეყნებ ამ ნაშრომის მეორე თავს. როგორც პირველი, ასევე მეორე თავი მხოლოდ ეკონომიკური ანალიტიკა არაა. ეს პოლიტიკური ტექსტია, რომელიც აკრიტიკებს ნეოლიბერალიზმსა და საბაზრო ფუნდამენტალიზმს. ნეოლიბერალიზმი ეკონომიკური მოძღვრებიდან, ბაზრის თავისუფალი ცხოვრების იდეიდან გადაიქცა ახალ ტოტალურ იდეოლოგიად, რეპრესიულ პანიდეად. ამიტომ სადღეისო ეკონომიკური ანალიზი თავისთავად იქცევა სისტემის პოლიტიკურ კრიტიკად. ნეოლიბერალური სისტემის კრიტიკა არ ნიშნავს მარქსისტულ რეციდივს. ნეობოლშევიზმსა და მარქსიზმ-ლენინიზმის რეანიმაციაზე არტისტულ-ფალსიფიკატორული ლაპარაკი გაკოტრებულმა პოსტსაბჭოთა ლიბერალებმა და ასევე მრავალმა მედიასაშუალებამ საფრთხობელად აქციეს. მარქსიზმ-ლენინიზმი აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ აქტუალური დარჩება სოციალიზმის იდეები. ახლებურად უნდა მოხდეს სოციალიზმის იდეის თეორეტიზება და მესამე გზა უნდა იქნეს მოძიებული, რომელშიც ლიბერალიზმი თავის ადგილს დაიჭერს. ფრენსის ფუკუიამას იდეა ისტორიის ლიბერალურ დასასრულზე, ნეოლიბერალურ ფინალიზმზე, რომელიც დღეს ისევ გაბატონებულია, მარქსიზმ- ლენინიზმის მსგავს დოგმად არ უნდა იქცეს ჰუმანიტარისტიკაში. კრიტიკა და რეფლექსია მუდმივი უნდა იყოს მაშინაც კი, როცა გამარჯვების პიკზე დგახარ.

ნეოლიბერალიზმი გამოვიდა კულტურის, ისტორიის, მიმდინარე პოლიტიკის შემცვლელად. ასეთი რამ მარქსიზმ-ლენინიზმსაც არ გაუკეთებია. ნეოლიბერალურ ეკონომოცენტრიზმთან შედარებით მარქსისტულ-ლენინური ეკონომოცენტრიზმი ხუმრობად მოჩანს. საბაზრო თავისუფლების იდეად ჩაფიქრებული ნეოლიბერალიზმი გადაიქცა ყოვლისმომცველ რეპრესიულ სისტემად. იდეოკრატია შეიცვალა მარკეტოკრატიით. ნეოლიბერალიზმმა აღრია ერთმანეთში ეკონომიკა და პოლიტიკა. მან გააუქმა აქამდე არსებული ისტორია და კულტურა. მან თავისუფალი ბაზრისა და ლიბერალიზმის სახელით დახურა ვოლტერის, დიდროს და რუსოს დროიდან მომდინარე განმანათლებლობა. აი ამიტომ იქცა პლურალიზმი უმნიშვნელოდ. სიტყვის თავისუფლება და საბაზრო თავისუფლება სხვადასხვა ცნებებია.  პოლიტიკას, კულტურას და ისტორიას თავისი კრიტერიუმები და კატეგორიები აქვს და შეუძლებელია ყველაფრის თავი იყოს საბაზრო თავისუფლება. ამ ცდომილებას 90-იან წლებში განამტკიცებდა საბჭოთა იმპერიის დაშლით გამოწვეული აღტყინება. ისტორიის მსვლელობამ კი საეჭველი გახადა ის დებულებანი, რაც ადრე ურყევ და სამარადისო ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა.

სათქმელია ისიც, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მათი კოლონიალიზმის გარეშე ნეოლიბერალური და ლიბერტარიანული მოდელი ვერ იარსებებდა. კოლონიებიდან წამოსული სიმდიდრე ანეიტრალებდა მეტროპოლიებში არსებულ დიდ კლასობრივ ანტაგონიზმს, რომელზეც წერდნენ ევროპელი თეორეტიკოსები. ეს ითქმის ბრიტანეთის იმპერიაზე, რომელიც უკვე XVIII საუკუნიდან იყო ლიბერტარიზმის ბურჯი. ბრიტანეთს მიუძღვის დიდი წვლილი ლიბერტარიზმის იდეოლოგიის ყველგან  გავრცელებაში XX საუკუნის 70-იანი წლებიდან. ბრიტანულ ლიბერალ-კაპიტალიზმს კიდევ ის შეეწია, რომ ბრიტანეთის იმპერიას შეეძლო საკუთარი პროლეტართა მასები, ინდუსტრიული ქალაქების ასიათასობით პაუპერიზებული ბრიტანელი თავიდან მოეშორებინა, როცა ისინი გადაასახლა ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, კანადასა და ჩრდილო ამერიკაში. მეტროპოლიისათვის სხვა შესაძლებლობა იყო ღატაკთა მასების ჩართვა ხშირად მიმდინარე სახმელეთო და საზღვაო საომარ კამპანიებში. ინგლისურ ლიბერტარიზმს, რაზეც კარგად უწერია ჩარლზ დიკენსს (1812 – 70)  თავის რომანებში, განამტკიცებდა ის, რომ ბრიტანეთი იყო იმპერია. ლიბერტარიზაციისა და იმპერიალიზაციის პროცესები ბრიტანეთში პარალელურად მიმდინარეობდა. აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ოლივერ კრომველის კალვინისტური რესპუბლიკანიზმის საწინააღმდეგოდ ქვეყნის მოწყობა კვლავ მონარქიული იყო. ანგლიკანური ეკლესია კი ყოველთვის მხარს უჭერდა ქვეყნის ლიბერტარიზაციას. და კიდევ ერთი არსებითი გარემოება, რის გამოც ბრიტანეთში განმტკიცდა ლიბერტარიზმი, იყო ის, რომ ეს ქვეყანა იყო კუნძული, კუნძულოვანი საზღვაო-სავაჭრო იმპერია და მას არ ჰყავდა კონტინენტური მეზობლები. აშშ-ს ლიბერტარიანულ მოდელს კი დღევანდელ დღემდე ასულდგმულებდა დოლარზე დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკა და დოლარიზებული მსოფლიოს ბირჟები.

ამა წლის 9 ნოემბერს 25 წელი შესრულდა ბერლინის კედლის დაცემიდან (1989 წლის 9 ნოემბ.). ეს კედელი იყო საბჭოთა სისტემის მაკომპრომეტირებელი სიმბოლო. ის გაცილებით ადრე უნდა დაშლილიყო არა დასავლეთის, არამედ საბჭოთა მთავრობის ინიციატივით. ამ კედლის გამო დასავლეთი ძალზე მოხერხებულად სპეკულირებდა მრავალი ათეული წლის მანძილზე. მთელი ეს 90-იანი წლები იყო ლიბერტარიანელობისა და საბაზრო ფუნდამენტალიზმის ზეობის ჟამი. ახალი საუკუნის დასაწყისში, 2001 წლის 11 სექტემბერს, მეგატერაქტის დროს, ნიუ იორკის „თვინ თაუერსის“ აფეთქება იყო იერიში ლიბერტარიანული ეკონომიკის არქიტექტურულ გამოხატულებაზე. მეფე სოლომონის კოშკებად გააზრებული ეს ორი ცათამბჯენი, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრი მდებარეობდა, საბაზრო ექსტრემიზმის სიმბოლოდ იყო ქცეული. ნეოლიბერალიზმის ამ მრჩობლი გოდოლის აფეთქება იმას მოასწავებდა, რომ დამდეგ საუკუნეში ლიბერტარიანიზმის ტრიუმფი ვეღარ გაგრძელდებოდა. წარმოიშვა მრავალი ახალი საფრთხე და ახალი კონტროვერზა საბაზრო ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ. ამა წლის 4 ნოემბერს  ეს ორი აღდგენილი ცათამბჯენი კვლავ გაიხსნა. ეკონომიკური კრიზისის ნიშნები უკვე ჩანდა  2002-3 წლებში. დიდი სიუხვით მეტად თავდაჯერებული დასავლელი ადამიანი ჯიუტად  ასკვნიდა, რომ ყოველივე შეიძლება მოექცეს მენეჯმენტისა და მანიპულაციის ჩარჩოებში. აქამდე არნახული ფინანსური სიძლიერე დასავლელ ადამიანს სულ უფრო მეტად აცდუნებდა ყოვლისშემძლეობის ილუზიით და მას ისტორიის გონი კალკულაციის საგნად მიაჩნდა. 2008 წლის დიდმა დეპრესიამ მისი აროგანტიზმი ერთიანად გააცამტვერა.

ნენსი ბირდსელი და ფრენსის ფუკუიამა აღნიშნავენ, რომ დიდმა დეპრესიამ დასაბამი დაუდო მკაცრი მონეტარიზმისა და ლეისეი-ფეარ პოლიტიკისაგან დაშორებას და კეინსიანელობასთან დაახლოებას. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, წერენ ბირდსელი და ფუკუიამა, რომ მოხდა კაპიტალისტური სისტემის დელეგიტიმიზაცია, რომელმაც გზა მისცა რადიკალურ და ანტილიბერალურ მოძრაობებს მთელ მსოფლიოში (The Great Depression set the stage for a shift away from strict monetarism and laissez-faire policies toward Keynesian demand management. More important, for many it delegitimized the capitalist system itself, paving the way for the rise os radical and antiliberal movements around the world), (Nancy Birdsall and Francis Fukuyama. The Post-Washington Consensus. Development After the Crisis. Foreign Affairs.  March/April  2011, p. 45).

XX საუკუნის 30-იან  წლებში აშშ-ში მომხდარ დიდ დეპრესიაზე გაცილებით მძიმე შედეგების მომტანია 2008-9 წლების დეპრესია. მაშინ არსებობდა საბჭოთა კავშირი და სოციალიზმის ევროპეისტული იდეა ცივილიზაციის განვითარების ანტიკაპიტალისტურ შესაძლებლობას ქმნიდა. კრიზისი დასავლეთში იქაურ ადამიანს ახედებდა სოციალიზმისაკენ, როგორც ევროპეიზმის სხვა შესაძლებლობისაკენ.  საბჭოთა იმპერია დასავლური ცივილიზაციის განვითარების სხვა ჰიპოსტასი იყო. გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდი დეპრესიის დასაძლევად პრეზიდენტ რუზველტის რეგულაციური პოლიტიკა იყო სოციალისტური. ეს იყო ფედერალური მთავრობის ჩარევა ფინანსისტი სპეკულანტების ბოგინით გავერანებულ ეკონომიკაში. ეს იყო რუზველტის დირექტიული ეკონომიკის დრო. ახლანდელი ეკონომიკური კრიზისი კი ცივილიზაციურ კრიზისში გადაიზარდა. 2008-9 წლების დეპრესიამ დასავლური ცივილიზაციის საფუძვლებს მიაყენა დარტყმა. სოციალიზმიც და მასზე გამარჯვებული კაპიტალიზმიც დისკრედიტებულნი და გაკოტრებულნი არიან. სხვა იდეა კი დასავლეთში აღარ შობილა. დასავლეთის ელიტა ჯიუტად ებღაუჭება ნეოლიბერალიზმსა და ლიბერტარიზმს ისევე, როგორც საბჭოთა ელიტა ებღაუჭებოდა მარქსიზმ-ლენინიზმს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. დასავლეთის ელიტა ისევ იმას იმეორებს: measures of liberalization, deregulation, privatization and fiscal constraint (ლიბერალიზაციის ზომები, დერეგულაცია, პრივატიზაცია და ფისკალური შეზღუდვები).

აქვე სათქმელია ისიც, რომ 1945 წლის შემდეგ, იაპონია აღდგენილ იქნა სახელმწიფოს რეგულაციური და დირექტიული ჩარევით ქვეყნის ეკონომიკაში. ასევე იყო ამავე დროის გერმანიაში. შეუძლებელია ისე ყოფილიყო, რომ მსოფლიო ომში დამარცხებული და გაღატაკებული ქვეყნების, გერმანიისა და იაპონიის ეკონომიკაში 1946-54 წლებში თავიდანვე ლიბერტარიზმი ყოფილიყო. 80-იანი წლების მიწურულის საბჭოთა პრესაში რომ ითქმოდა ბევრი იაპონიის ეკონომიკურ სასაწაულზე, დავიწყებულ იქნა, რომ ამ სასწაულის საფუძველი იყო სახელმწიფოს რეგულატორული და დირექტიული პოლიტიკა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა საკმარისი სიმდიდრე გერმანიასა და იაპონიაში, შესაძლებელი გახდა ნეოლიბერალური ბაზრის დამკვიდრება. ამას ხელი შეუწყო ამ ორი ქვეყნისათვის გაწეულმა მრავალმილიონიანმა დახმარებამ აშშ-ს მხრიდან. ასევე იყო მოგვიანოდ სამხრეთ კორეაში. 70-იანი წლებიდან, როდესაც დასავლეთში იყო იქაური დისიდენტობა ორიენტალიზმის, ჰიპების მოძრაობის და სხვათა სახით, ნეოლიბერალიზმი იწყებს გაბატონებას დასავლეთ ევროპაში. ამ დროისათვის დასავლურმა პროპაგანდამ მოახერხა საბჭოთა სისტემის დისკრედიტაცია დასავლელი მასების თვალში. მანამდე, ომის შემდგომ საფრანგეთსა და გერმანიაში (XX საუკუნის 50-70-იანი წლები) იყო სოციალური სახელმწიფოები. 1946 – 68 წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თვით ბრიტანეთში ვერ იქნებოდა ის ნეოლიბერალიზმი, რომელიც მოგვიანოდ გაბატონდა.  ბევრი რამ განზრახ იქნა მიჩქმალული პოსტსაბჭოთა საქართველოში, რათა თავიდანვე, სამოქალაქო ომითა და აფხაზეთში დამარცხებით დასუსტებულ ქვეყანაში საბაზრო ექსტრემიზმი დამკვიდრებულიყო და სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში სრულიად აღმოფხვრილი ყოფილიყო. საფრანგეთის პარლამენტსა და მთავრობაში სოციალისტური პარტია მრავალი წლის მანძილზე უმრავლესობას წარმოადგენდა. გერმანიის ფედერაციაში სოციალისტური პარტიები პოლიტიკური კლიმატის დამდგენელნი იყვნენ მრავალი წელი. სოციალისტური პარტიები იყვნენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც. აქ 90-იანი წლების დამდეგიდან ისე წარმოაჩინეს, რომ მთელი დასავლეთი იყო მემარჯვენე ნეოლიბერალი. დღემდე არა აქვს გასაქანი საქართველოში მემარცხენე, სოციალისტურ მოძრაობას. საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, მასობრივი სიღატაკისა და ქვეყნის დეპოპულაციის მიუხედავად, ვერ ხედავს ნეოლიბერალიზმის დამთავრებისა და სხვა გზის არჩევის აუცილებლობას. მას არ ჰქონია და არა აქვს საკუთარი იდეები. ის დარჩა პლაგიატორი და ეპიგონი. მას არ ესმის იმ კრიზისის არსი, რაც დასავლეთში ხდება.

აშშ-სა და ევროპაში მიღებულ იქნა სანაციური ზომები 2008-9 წლების ფინანსური კოლაფსის შედეგების დასაძლევად.  ეს ზომები თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ყველა პოსტულატის დარღვევით გატარდა და საბოლოოდ უარიყო ბაზრის საქმიანობაში ჩაურევლობის აქამდე საკრალიზებული პრინციპი თავად დასავლეთის მიერ. როცა გაჭირდა, მრავალგზის შეჩვენებულ და განდევნილ „კეინსის დემონს“ ისევ საშველად უხმეს ლიბერტარიანელებმა. რეცესია დასავლეთის ეკონომიკაში კი მაინც გრძელდება. 6 წელი გავიდა 2008 წლის დიდი დეპრესიიდან. რეცესიიდან გამოსვლაზე დასავლურ მასმედიაში ბევრი დაიწერა.  Time-ში (September 23, 2013, pp. 31-5) არის მისი მიმომხილველის, რანა ფოროჰარის (Rana Foroohar) ანალიტიკური წერილი: The Myth of Financial Reform. Five years after the crisis, growth is back, but risk remain. What’s needed to finish the job and keep your money safe (საფინანსო რეფორმის მითი. ხუთი წელი კრიზისის შემდეგ. ზრდა განახლდა, მაგრამ რისკი მაინც არსებობს).  ფოროჰარი მოიხმობს კრიზისის ექსპერტის, ჯეიმს გელბრეითის და ეკონომისტის, ჰაიმენ მინსკის (Hyman Minsky, 1919-96) სიტყვებს (p. 35). აქვე მოყვანილია ნობელიანტი ეკონომისტის, ჯოზეფ სტიგლიცის მსჯელობა საფინანსო კრახისა და რეცესიის გამო. სტიგლიცი ამბობს – ჩვენ რომ შეგვძლებოდა ციხეში ჩაგვესვა რამდენიმე კაცი, მომავალში გაცილებით ნაკლები მოისურვებდა ცუდი საქციელის ჩადენას (p. 35).

რეცესიიდან გამოსვლის ზომები, რაც ფედრეზერვის თავ-რის, ბენ ბერნანკეს შემდეგ გააგრძელა მისმა შემცვლელმა ჯანეტ იელენმა (Yellen), (Time-ში, January 20, 2014,  არის დიდი სტატია ჯანეტ იელენზე), არ ისახავს მიზნად ლიბერტარიანული პლატფორმის შეცვლას. აი ესაა ყველაზე არსებითი, როდესაც ვმსჯელობთ პოსტკრიზისულ დასავლურ ეკონომიკაზე. ფედრეზერვის მიერ გატარებული ზომები ამა წლის ოქტომბრის მიწურულს კრიტიკულად განიხილა მისმა ყოფილმა თავ-რემ ალან გრინსპენმა. მან თქვა, რომ უკვე დასრულებულმა რაოდენობრივი შემსუბუქების პროგრამამ (quantitative easing, QE) ვერ აჩვენაო დადებითი შედეგი  აშშ-ს ეკონომიკის მწარმოებლურ სექტორში. აქვე აღსანიშნავია, რომ  QE-ს პროგრამის გამო ფედრეზერვი და მისი თავ-რე, ბენ ბერნანკე წინა წლებში მრავალგზის გააკრიტიკეს ცნობილმა ეკონომისტებმა, პოლ კრუგმანმა, ნურიელ რუბინიმ, მარკ ფაბერმა, რიჩარდ ფიშერმა და სხვებმა. ამა წლის ოქტომბრის ბოლოს QE-ს პროგრამა დახურა ფედრეზერვის თავ-რემ, ჯანეტ იელენმა. ეს პროგრამა დაიწყო 2008 წლის ნოემბერში Lehman Brothers-ის ბანკროტობის შემდეგ. QE-ს პროგრამა მოიცავდა  გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების გამოსყიდვას 600 მლრდ. $-ის ოდენობით და იმ სააგენტოების ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვას, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იპოთეკური კრედიტებით. The Economist  (September, 21st – 27th , 2013, p. 74) აღნიშნავდა, – ფულის ბეჭდვა იმ მიზნით, რომ შეისყიდონ აქტივები, ცნობილია როგორც QE.  ჟურნალის ამ ნომერში (pp. 74 – 80)  განხილულია ბენ ბერნანკეს მიერ გატარებული ზომები, რაც ეხება QE-ს.

გერმანიის ბუნდესბანკის პრეზიდენტმა იენს ვაიდმანმა 2014 წლის დეკემბრის დამდეგს განაცხადა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა არ უნდა გაიმეოროს აშშ-ს ფედრეზერვის QE-ის პოლიტიკა. ვაიდმანის ეს განცხადება მოჰყვა იმას, რომ ევროპის ცენტრობანკის თავ-რე, მარიო დრაგი განიხილავს ევროკავშირის საკუთარი QE  პროგრამის ამოქმედებას. აშშ-ს სურს, რომ ევროკავშირში QE პროგრამა დაიწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ პონცის პირამიდა, რომლის დიდ პოტენციასაც შეიცავს QE პროგრამა, ევროკავშირშიც აიგება თავად მისი უმთავრესი ბანკის მიერ. იან ბრემერი და ნურიელ რუბინი წერენ, რომ ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა (გვიდო მანტეგა)  აღნიშნა, რომ აშშ-ს QE-ს პოლიტიკა არაკეთილსინდისიერი პრაქტიკაა, ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა (გიდო ვესტერველე) აშშ-ს პოლიტიკა დაახასიათა როგორც უმეცრული (clueless)  (Ian Bremmer and Nouriel Roubini.                  A G-Zero World. The New Economic Club Will Produce Conflict, Not Cooperation. Foreign Affairs.  March/April 2011, p. 5).

ბევრ ეკონომისტს QE 1, 2, 3 მიაჩნია ახალი ფინანსური ბუშტის ხელშემწყობ ინსტრუმენტად. მართლაც, რა არის QE ? ეს არის ზომათა კომპლექსი, რომელიც უფრო ამდიდრებს მდიდრებს და აღარიბებს ღარიბებს. ბენ ბერნანკეს მიერ ერთი შეხედვით წარმატებით გატარებული QE ფინანსური პოლიტიკა სინამდვილეში მომდევნო რეცესიის დადგომას შეაფერხებს გარკვეული დროით. ხატოვნად რომ ითქვას, ეს არის ფინანსური ჯიჰადი, რომლის სათავეშიც ფედრეზერვი დგას. QE 1, 2, 3 არის სახელმწიფოს ხანგრძლივი ჩარევა ლეისეი ფეარ ეკონომიკაში და ლიბერტარიანული იდეოლოგიის სრული მარცხი. QE  არის დოლარის ემისია, როდესაც ფულის საბეჭდი მანქანა შეუჩერებლივ მუშაობს და ამ ფულით ხდება შესყიდვა სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებისა. ეს არის ფინანსური ბუშტის გაბერვა თავად სახელმწიფოს მიერ, რათა თავიდან იქნეს აცილებული მრავალი ბანკის ბანკროტობა. ეს არის მონეტარიზმის რემონეტარიზაცია ეკონომიკაში. ბაზარმა თვითრეგულირებითა და თვითორგანიზებით კი არ შეძლო რეცესიის დაძლევა, არამედ სახელმწიფოს ჩარევით საბაზრო ეკონომიკაში და სახელმწიფო რომ ჩაერია ბაზრის ცხოვრებაში, ის ჩაერია როგორც ფინანსური სპეკულანტი და ბუშტის მბერავი. თვით ფედრეზერვმა გაბერა მრავალმილიარდიანი ბუშტი და არა ვინმე ახალმა ბერნი მეიდოფმა. სანირებული დიდი ამერიკული ბანკები ფედრეზერვის ხილულმა ხელმა და არა ბაზრის უხილავმა ხელმა იხსნა წაქცევისაგან. ბაზრის უხილავი ხელი უძლური აღმოჩნდა საამისოდ. ბენ ბერნანკემ 2012 წლის თებერვლის ბოლოს გამოიყენა ტერმინი fiscal cliff ( ფისკალური ფლატე), რაც ნიშნავს გადასახადების გაზრდას და ბიუჯეტის სეკვესტრირებას ერთდროულად. ეს ტერმინი გამოიყენება საფრთხის თავიდან აცილების აზრით. ფედრეზერვი ბევრს ცდილობს 2008 წლის დეპრესიის მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად, მაგრამ თუ როკფელერებმა და როტშილდებმა მიატოვეს დოლარის საბეჭდი დაზგა, რომლის მონოპოლიასაც ფედრეზერვი ფლობს, ეს სისტემის დასასრული იქნება და არა მხოლოდ დოლარის კრახი. ფედრეზერვის მიერ განხორციელებული ლიკვიდობის ინექციები ბანკებს და მთლიანად საბაზრო ეკონომიკას გადაუვადებს მორიგ რეცესიას. საკითხავი აქ ესაა: QE-ს პროგრამის გარდა ფედრეზერვს კიდევ აქვს რაიმე შესაძლებლობა თავის არსენალში? ამ საფინანსო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული მრავალმილიარდიანი ემისია შეუძლებელს ხდის გავერკვეთ ეკონომიკის რეალურ და საფინანსო სექტორებს შორის არსებულ სხვაობაში. არსებობს უამრავი მცდარი მონაცემი, განზრახ დამახინჯებული, ცრუ ოპტიმიზმით გაჯერებული სტატისტიკა, ერთმანეთის გამომრიცხავი ანალიტიკური მასალები. ერთი კი დღესავით ნათელია, რომ მაკროეკონომიკური სიტუაცია ნეგატიურია დიდი ხნის მანძილზე.

The Economist -ის ამავე ნომერში აღნიშნულია, რომ ფედრეზერვი გააგრძელებს თვეში 85 მლრდ $-ის სახაზინო და იპოთეკური ობლიგაციების (Treasury and mortgage bonds) შესყიდვას ახლახანს დაბეჭდილი ფულით (p. 77).  შევხედოთ, რა ხდება: მხოლოდ ასეთი ბუშტის გაბერვით, რასაც ეწოდება QE 1, 2, 3 გახდა შესაძლებელი 2008 წლის დეპრესიის შედეგების დაძლევა და დიდი ბანკების ბანკროტობისაგან ხსნა. თავიდან დასაწერი და ასახსნელი გახდა ნეოლიბერალიზმისა და საბაზრო ფუნდამენტალიზმის ყველა დებულება და გასაკვირია, რომ უკვე ყავლგასული ეკონომიკსებით ისწავლება ეკონომიკა დასავლეთის უნივერსიტეტებში. ასე მარტივად არაა საქმე, რომ მანტრად ქცეული გამოთქმებით, როგორიცაა, მაგალითად, free flow of people, trade and capital (ხალხის, ვაჭრობის და კაპიტალის თავისუფალი დენა) ახსნა და განმარტო ის, რაც სადღეისოდ ხდება მსოფლიო ეკონომიკაში.

მსოფლიო ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ეკონომისტი, ინდოეთის მთავრობის მთავარი ეკონომიკური მრჩეველი, კაუშიკ ბასუ (Kaushik Basu) წერს, რომ ფასიანი ქაღალდების კურსის ზრდა, რაც გულისხმობს ეკონომიკის ზრდის მოლოდინს, ხელს უწყობს ფინანსური ბუშტის წარმოქმნას. აქვე ბასუ აღნიშნავს, რომ ნობელიანტი ეკონომისტი რობერტ შილერი (Robert J. Shiller) ამას უწოდებსო „პონცის სქემის ბუნებრივად წარმოშობას“ (Каушик Басу. Экономика по схеме Понци. В мире науки.  № 7-8, 2014, стр. 159).  აქვე ბასუ ამბობს, რომ პონცის სქემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა დოდ-ფრენკის კანონი, რომელიც აშშ-ს კონგრესმა მიიღო 2010 წელს. ბასუ წერს, რომ ყველა დიდ კომპანიაში არის პონცის სქემის წარმოშობის დიდი შესაძლებლობა. კაუშიკ ბასუ მონეტარიზმისა და ლიბერტარიზმის ცნობილი კრიტიკოსია. 2010 წელს მან გამოსცა წიგნი „უხილავი ხელის მიღმა: ახალი ეკონომიკური მეცნიერების საფუძველი“ (Beyond the Invisible Hand: Groundwork for a New Economics), რომელიც რუსულად გამოვიდა 2014 წელს. ამ წიგნში ბასუ აკრიტიკებს ადამ სმითისეული უხილავი ხელის იდეას და ლეისეი ფეარის პრინციპს. მის თანახმად, გლობალური ეკონომიკის წარმართვის წესი უნდა შეიცვალოს, რადგან ის უსამართლოა. მსოფლიოში, ბასუს თქმით, დიდი სიღატაკეა და საჭიროა მისი დაძლევა. (www.rusplt.ru/society/kapitalizm-10058.html).

2014  წლის 4 დეკემბერს პაპმა ფრანცისკემ და პატრიარქმა ილია II-მ  აღავლინეს ლოცვა ღატაკთათვის. ეს პირველი ფაქტი არ არის, როდესაც პონტიფექსი ღარიბთათვის ლოცულობს და ვატიკანი ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოში არსებულ სიღატაკეზე. 2008-9 წლების კრახის შემდეგ სიღატაკემ სულ უფრო მეტად დაიწყო ზრდა თავად ევროპასა და აშშ-ში. დასავლეთის მასმედია ვეღარ მალავს ამ ვითარებას. ისეთი მასშტაბის მზარდი სიღატაკეა მსოფლიოში, რომ ის დანგრევით ემუქრება გლობალურ კაპიტალიზმს. მონეტარისტული პონციანური ეკონომიკისათვის სიღატაკის დაძლევა სულ უფრო შეუძლებელი ხდება. აშშ-ში, ფერგიუსონის მღელვარებამ 2014 წლის ნოემბერში წარმოაჩინა კლასობრივი ანტაგონიზმი, დაუძლეველი რასიზმი და ამერიკული დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხი. რამდენი გააკეთა ამერიკულმა შოუ ბიზნესმა, რომ ძველი მტრობა ამერიკელ ანგლოსაქსებსა და აფროამერიკელებს შორის აღმოფხვრილიყო. ფერგიუსონისა და სხვა ქალაქების არეულობამ კვლავ გაამიზეზა როგორც თეთრი, ასევე შავი რასიზმი.  ძალზე დიდ პრობლემად იქცა ქონებრივი უთანასწორობა. რა არ მოიგონა დასავლურმა ჰუმანიტარისტიკამ და მასმედიამ ამ პრობლემის მისაჩქმალად და გასანეიტრალებლად, მაგრამ ის სულ უფრო გამწვავდა ნეოლიბერალურ სოციუმში. არსებობს 1886 წელს დაფუძნებული სოციალური რეგისტრის ასოციაცია (Social Register Association. მისი საიტია: www.socialregisteronline.com ), რომელიც წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ამერიკის ყველაზე ცნობილი ოჯახების სოციალურ რეგისტრს.          Bloomberg-ის  საიტზე ყოფილა გამოქვეყნებული მსოფლიოს მილიარდერთა ნუსხები.  გასაკვირია ასეთი დაუჯერებელი სიდიდის კაპიტალი კონცენტრირდეს რამდენიმე მულტიმილიარდერის ხელში. ერთად აღებული ბურბონთა, ჰოჰენცოლერნთა, რომანოვთა სამეფო დინასტიები არ ყოფილან ასე მდიდარნი, როგორც ერთი რომელიმე დინასტიური  მულტიმილიარდერის ოჯახი. ბაბილონის მეფებიდან დაწყებული, ვიდრე ბრიტანეთის მონარქამდე აღებული სიმდიდრე ახლოს ვერ მივა ამ მულტიმილიარდერების სიმდიდრესთან. როცა მავანი მილიარდერი საკუთარი  იახტის ასაგებად ხარჯავს 600 მლნ. $-ს და ამას მასმედია განსაკუთრებულ და სანატრელ მოვლენად წარმოაჩენს, აქ უკვე აზრს კარგავს  საუბარი რაიმე ეთიკურ ღირებულებაზე. მდიდართა კლასის ერთადერთი საზრუნავი არის გადასახადებისაგან განთავისუფლება (tax exemption). ბანკებისა და საფინანსო კაპიტალის აგენტები ავრცელებენ დასავლეთის პრესაში ხმებს, რომ სახელმწიფო ზღუდავსო ეკონომიკურ თავისუფლებას და ისინი მოითხოვენ მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, ბაზრის მეტ ლიბერალიზაციას.  როგორი დიდიც არ უნდა იყოს ეკონომიკური დეპრესია, ამ მილიარდერებს არაფერი აკლდებათ. პირიქით, ეკონომიკის რეცესია მათ სიმდიდრეს უფრო ზრდის.  აზრი ეკარგება უკვე ყველაფერს, როდესაც უზენაესი პრინციპი და ერთადერთი მიზანი ხდება ფული. სიტყვა „დემოკრატიის“ წარმოთქმაც კი სასაცილოა. აღარაფერს ვიტყვი დემოკრატიაზე ამდენი სამეცნიერო წიგნების გამოცემასა და აკადემიურ დისკუსიებზე იმის გამო, თუ რა არის genuine democracy (ჭეშმარიტი დემოკრატია). ეს არაა ჰუმანიზმი და ჰუმანიტარისტიკა. ეს ადამიანის აბუჩად აგდებაა, სამეცნიერო აფრონტია, რომელიც მრავალი წელია გრძელდება თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით. მითსა და ისტორიაში ასეა, რომ ადამიანი არაა ღირსი ძალზე დიდი სიმდიდრისა და ის მას სიავეს დამართებს. სასიკვდილოდ მიმავალ ლიდიის მეფე კრეზოსს აუხდა სოლონის ნათქვამი. მოვა დრო, როდესაც მრავალნი, სიმდიდრით განდიდებულნი იტყვიან: „ო, სოლონ, სოლონ!“, ვითარც ეს თქვა დამარცხებულმა და დატყვევებულმა კრეზოსმა. ვოლტერის სარკაზმი, მარქსის რევოლუციური კრიტიციზმი და სტეინბეკის რისხვა არ ეყოფა იმას, რასაც დასავლური პლუტოკრატია და ოლიგარქიზმი ჰქვია. ახალი პლუტომაქიური აზრი ნელ-ნელა ისახება დასავლეთში. მსოფლიო საფინანსო სისტემა არის ბოროტება. ეს არის მართლაც Evil Axes (ბოროტების ღერძი), რომელიც თეთრი რასის, ევროპეიდული მოდგმის წყმედად და დიდ საფრთხედ იქცა. ყოველი კრიზისის დროს ხელისუფლების საზრუნავი ისაა, როგორ მოახდინოს ამ მერამდენედ კომპრომეტირებული სისტემის გამართლება, უამრავი დანაშაულის ფაქტის იმგვარი პრომულგაცია (გამოქვეყნება), რომ არ დაიწყოს სახალხო ჯანყი.

კიდევ ერთხელ გავიხსენებ ჯორჯ სოროსს. ისაა ნეოლიბერალი ფინანსური შულერი, რომელიც ამავე დროს ლიბერალ-კაპიტალიზმის სისტემის კრიტიკით გამოდის, რის გამოც ნეოლიბერალთა გლობალური ოლიგარქატის ბანაკიდან მას მარქსისტობაში სდებენ ბრალს. უცნაური ისაა, რომ  ჯორჯ სოროსი პოპერიანელია და მას დღემდე სწამს თავისი მასწავლებლის, კარლ პოპერის ღია საზოგადოების იდეისა. ფილოსოფიაში ხელნაცარავი კაცი იყო სოროსი და მან დისერტაციაც ვერ დაწერა პოპერზე, რაც მისი ბიოგრაფიიდან არის ცნობილი. ვერაფერი შვილი ფილოსოფოსი რომ არის სოროსი, ეს მის დაწერილ წიგნებსაც ეტყობა, მაგრამ რახან დიდი ფულის პატრონი შეიქმნა, ამიტომ მისი ბამბაც ჩხრიალებს. კაპიტალიზმის მისეული კრიტიკა კი მეტად საყურადღებოა. სოროსი არაა ტექსასელი ან კალიფორნიელი მილიარდერი ფლეიბოი, როდესაც ბებერი ბობოლები 20-24  წლის გომბიოებს დასდევენ და მედიისათვის ეს მუდმივი სენსაციაა. ჯორჯ სოროსს აფიქრებს მომავალი. ის ცდილობს მერმისში გახედვას, ანალიზირებას და პროგნოზირებას. ჰეჯ-ფონდების საქმის ერთ-ერთი ყისმათიანი პიონერია სოროსი. ჰეჯირების საქმეში მას კოჭი ალჩუზე დაუჯდა და ფინანსების ისტორიაში დიდი სახელით შევიდა. ფილოსოფიაში სუსტმა სოროსმა სავალუტო ბირჟაზე დიდი გამჭრიახობა გამოიჩინა და განჭვრიტა ბევრი რამ საფინანსო ბაზარზე, რაც თავად ანალიტიკოსებისათვის დაფარული იყო. თუ სისტემა არის პირამიდების, ბუშტების, სპეკულაციური ბროკერობის წამახალისებელი, მაშინ სოროსის გმობა, რომ ის აფერისტი და სპეკულანტია, უაზრობა გამოდის და არაფერს ნიშნავს. ნეოლიბერალურ ფინანსურ სუპერმარკეტებზე დიდი ხანია ლეგიტიმიზებულია ვალუტებისა და აქციების კურსთა სხვაობაზე სპეკულირება. სოროსი აი ამ აზრითაა სპეკულანტი. ეს დღემდე არ ესმის მის მგმობელ პატრიოტ პოლიტიკანთა უმეტესობას. 1973 წელს დაფუძნებული სოროსის ჰეჯ-ფონდი „Soros Fund Management”, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ცნობილ „Quantum Fund”-ად, თავის სიტყვას ამბობს ჰეჯირების საქმესა და  საფინანსო ბაზარზე.  „Quantum“-ის აქტივი 1990 წელს აღწევდა 10 მლრდ. $-ს.  „Quantum“-ის ისტორიის ნაწილია 1992 წლის 16 სექტემბერს სოროსის სპეკულაცია ბრიტანეთის ბანკის წინააღმდეგ. იმ დღეს სოროსმა 1 მლრდ. $ მოიხვეჭა და აზარალა ბრიტანეთის საფინანსო სისტემა. ამ სპეკულაციის შემდეგ სოროსი გაიცნო მთელმა მსოფლიომ. ეს არ იყო კრიმინალი, თორემ ბრიტანეთის მთავრობა თავისი ბანკიდან ერთმილიარდიანი ქეშის აწაპნვას ვის შეარჩენდა?! დიდი დეპრესიის წელს (2008 წ.) სოროსის ჰეჯ-ფონდი იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოთხი ცნობილი ჰეჯ-ფონდიდან. ესენია ჯონ პოლსონის, ჯონ არნოლდსის და ჯეიმს საიმონსის ჰეჯ-ფონდები. თვით ეკონომისტთა უმრავლესობისათვისაც კი უცნობია ეს სახელები. აი, სოროსი კი მთელი მილეთის სათრევი გამხდარა. 2009 წლის აპრილში სოროსის ფონდი დააჯარიმა უნგრეთის ხელისუფლებამ ქვეყნის უმსხვილესი ბანკის წინააღმდეგ მიმართული სპეკულაციების გამო. სებასტიან მოლაბის წიგნის: „უფრო მეტი ფული, ვიდრე ღმერთს აქვს“ (Sebastian Mallaby.  More Money Than God) ნაწყვეტი (Forbes   N 5 (110) 2013, стр. 330 – 7) გვიყვება სოროსის ბიოგრაფიას და მისი კომპანია „Quantum”-ის ისტორიას. სოროსს ესმის და ამბობს კიდეც, რომ თუ ნეოლიბერალური სისტემა ასე გააგრძელებს, ის დაიღუპება.

მარგარეტ საჩერის დროინდელი trickle-down-ის ლიბერტარიანულ იდეას     (trickle-down ნიშნავს წვეთ-წვეთად დენას) რეიგანიც იზიარებდა. ამ თეორიის მიხედვით, მდიდართა კლასის შემოსავლების ზრდა კეთილად მოქმედებს ღატაკთა კლასზე და მდიდართა შემოსავლის ნაწილი ღარიბებამდეც აღწევს. უბრალოდ რომ ითქვას, მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცები ღარიბს ხვდება. Trickle-down-ის იდეას 80-იან წლებში ბევრი ცნობილი დასავლელი ეკონომისტი იზიარებდა. არანაირად არაა ეს იდეა სწორი და გასაკვირი ისაა, რომ ეს უაზრობა წარმმართველ თეორიად იქცა დასავლეთის ეკონომიკაში. არაფერიც არ ერგებათ ღარიბებს იქიდან, რომ მულტიმილიარდერების წლიური შემოსავალი ასობით მილიონი დოლარია. სულ უფრო მეტი რომ იყოს მილიარდერების შემოსავალი, trickle-down-ი მაინც არ ხორციელდება. ასტრონომიული კაპიტალი დაგროვდა მდიდართა კლასის ხელში და ეს არც ლიბერალიზმს წაადგა სასიკეთოდ და არც დემოკრატიაზე არის რაიმე სათქმელი. საჩერიზმი და რეიგანიზმი იყო ნეოლიბერალური უტოპია, რომლის მიხედვითაც ყოველი ადამიანი გახდებოდა მესაკუთრე, ხელს მოჰკიდებდა მცირე და საშუალო მეწარმეობას და ქვეყანაც საბოლოოდ აშენდებოდა.

აშშ-ს ჯორჯიის შტატში მდებარე კუნძულ ჯეკილზე მულტიმილიარდერთა დახურულ კლუბში ხდება ამა სოფლის ძლიერთა შეკრებები და ბჭობენ მსოფლიოს მომავალზე. მივიდეს მათთან რომელიმე ცნობილი NGO-ს წარმომადგენელი და მოითხოვოს ტრანსპარენტულობა (გამჭვირვალობა). გამოვა როდესმე ამ მულტიმილიარდერთა წრიდან მოაზროვნე? სატონ ფლეისი (Sutton Place) და ვესტჩესტერი (Westchester)  არის ნიუ იორკის ელიტური რაიონები. განა აქედან, მდიდართა კლასის შვილთაგან, ვინც მიიღო საუკეთესო განათლება,  როდესმე ვინმე გამოვა განგაშის დამცემად, რომ დასავლური ცივილიზაციის ბოლო დამდგარა? განა აშშ-ს მდიდართა კლასიდან ვინმე იქნება ალარმისტი იმის გამო, რომ თეთრი რასა დიდ საფრთხეშია? წლები გავიდა და სადმე ნახულა ამ კლასიდან გამოსული ნონკონფორმისტი მოაზროვნე? ევროპასა და ამერიკაში არაევროპელთა დემოგრაფიული ექსპანსია ძალიან ფართოვდება. იქ ამაზე ბევრი იწერება ბოლო წლების განმავლობაში ცნობილი ავტორების (პატრიკ ბიუკენენი და სხვ.) მიერ.

ნეოლიბერალიზმის ერთადერთ ავტორიტეტად, ერთადერთ არგუმენტად იქცა ფული. ეს სისტემა მიაჩნდათ 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა დროის ლიბერალებსა და ანტისაბჭოელ დისიდენტებს სატანური საბჭოთა ტოტალიტარიზმის ოპონენტად? მახსენდება მათი ნათქვამი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომ გზასაცდენილი უძღები შვილი უფალთან დაბრუნდა. აქ იგულისხმებოდა თავიდანვე ფორსირებული კაპიტალიზმისა და საბაზრო ექსტრემიზმის დამკვიდრება. ამას როგორ უწოდეს ღმერთისაკენ შემობრუნება? უკვე ამით გაბათილდა მათი ყოველი ნადისიდენტარი. თავად დასავლელმა კლერიკალებმა შეუწყვეს ხელი ამ მცდარი მსჯელობის დამკვიდრებას. მათ ევანგელიზმი მიაბეს ნეოლიბერალიზმს და ამით მოკლეს სახარების სული. Безумие креста было заменено безумием банков и финансистов. დიდი ნონსენსია, როდესაც დასავლური ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი გამოდის საბაზრო ფუნდამენტალიზმთან უნისონში. დასავლეთის პოლიტიკის გამოისობითაა, რომ აქამდე მოღწეული ძველი ქრისტიანული კერები ერაყში, სირიაში, ეგვიპტეში სამუდამოდ აღიხოცა წინა ორ წელიწადსა და მიმდინარე წლის განმავლობაში. აქამდე იყო ეს ქრისტიანული კერები ისლამურ აღმოსავლეთში და უძლებდა დროს. დამთავრდა იმით, რომ სალაფიტებმა დახოცეს ბერები, დაანგრიეს საყდრები და უცხოეთში განდევნეს მრევლი. 2003 წელს, აშშ-ს ერაყში შეჭრით დაწყებული ისლამური აღმოსავლეთის ლიბერალიზების დიდი დასავლური პროექტი, რომელიც დღემდე გრძელდება, სრული მარცხით და ფანატიკური ანტივესტერნიზმით დასრულდა. შეიქმნა მზარდი ხალიფატი, რომელიც სრულიად მოსპობს ვესტერნიზმის ყველა საუკეთესო მიღწევას აღმოსავლეთში. ხალიფატს ისლამურ ქვეყნებში ჰყავს ასიათასობით მომხრე. ამერიკულმა soft power-მა ვერ მოახერხა მიემხრო ისლამური ქვეყნების ახალგაზრდობა. ეს მაშინ, როდესაც მასების მიმხრობის ამერიკული პროპაგანდა დღემდე ახერხებს მოიპოვოს მილიონობით მხარდამჭერი ევრაზიის ქრისტიანულ ქვეყნებში.  ეს არის ევროპეიზმის კატასტროფა აღმოსავლეთში.

ლიბერტარიანული ეკონომიკა თავისი ოფშორებით, დერივატივებით, ტრეიდერი რობოტებით, online banking-ით და ამისი თანამდევი ელექტრონული საფრთხით (cyber-threat) ძალზე დიდ შესაძლებლობას ქმნის პონცისა და მეიდოფის ფინანსური პირამიდებისათვის. ფედრეზერვის მიერ დოლარის ემისია წლების მანძილზე და შემდეგ ამ ფულით სახაზინო ობლიგაციებისა და ბანკების ფასიანი ქაღალდების შესყიდვა სწორედ პონცის სქემის ის ბუნებრივი წარმოშობაა, რაზეც აქ კაუშიკ ბასუ წერს. ფედრეზერვი მხარს უჭერს უზარმაზარი ბუშტის წარმოქმნას, რადგან მას სხვა გზა არა აქვს დიდი ბანკებისა და კომპანიების გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. თუ სახელმწიფოს უმთავრესი ფინანსური ორგანო არის ფინანსური ბუშტის  წამახალისებელი და მხარდამჭერი, მაშინ სისტემის ქვედა საფეხურებზე უფრო მეტი იქნება პონცის სქემისა და ფინანსური პირამიდების შექმნის შესაძლებლობანი. ამას კანონი ვერ აღმოფხვრის. აშშ-ს ფედრეზერვი არის კომერციული და არა სახელმწიფო ორგანიზაცია. ეს კომერციული ინსტიტუცია, საიდუმლო საფინანსო დაწესებულება ქვეყნის სათავეში დგას. დერივატივებისა და რედერივატივების (ეს არის როგორც სვოპის სვოპი, დაზღვევის დაზღვევა) ახალ-ახალი კლასების გაჩენა, ასევე ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების შემოსვლა საფინანსო ბაზრებზე სულ უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ მთელი პოსტდეპრესიული ლიბერტარიანული ეკონომიკა ხელახლა იქცეს ერთ დიდ პონცისა და მეიდოფის სქემად.  Natural News-ში ამა წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „პონცი: ხაზინამ უნდა გამოუშვას 1 ტრლნ. $ ახალი ვალები, რათა გაისტუმროს ძველი ვალები“ (Ponzi: Treasury issues $ 1 T in debt to pay old debt). (www.naturalnews.com/047859_Treasury_Department_national_debt_Ponzi_scheme.html ).

აშშ-ს სახელმწიფო ვალი (National debt) კი ამ პერიოდისათვის აჭარბებს 18 ტრლნ. $-ს. ბრიტანეთის სახელმწიფო ვალი კი აჭარბებს 1 ტრლნ. ფუნტ სტერლინგს. გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს და ამ საუკუნის დამდეგს, მაშინდელი მედიის მონაცემთა მიხედვით, აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტი პროფიციტული იყო. არსებობდა თავისუფალი ფულის მრავალმილიარდიანი მასა. ეს კაპიტალი უმეტესწილად იქმნებოდა ოფშორებით, სხვადასხვა სახის პონცის სქემებით. ამ კაპიტალის საკმაო ნაწილი ქარს იქნა გატანებული ერაყის მეორე ომის (2003 -2011), ავღანეთის ოკუპაციის დროს. 2014 წლის 14 დეკემბრის  Financial Times-ი წერს, რომ ამერიკის ისტორიაში უხანგრძლივესი სახმელეთო ომი ავღანეთში მიახლოებით 1 ტრლნ. $ დაჯდა, ერაყის ომი კი 1 ტრლნ. 700 მლრდ. $. ავღანეთის საომარი კამპანიის (2001 – 2014) დასრულებაზე ასევე  წერენ CFR, Brookings Institute და სხვა ავტორიტეტული think tank-ები. მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ ვერ განხორციელდა ვერც ერაყის და ვერც ავღანეთის ლიბერალიზაცია.

ეკონომიკური მოდელი, რომელიც სახელმწიფო პონციანის გზით ცდილობს 2008 წლის დიდი კრახის მძიმე შედეგების დაძლევას, ისევ იდეალურად არის დასახული დასავლეთში. ეს ხომ შეუძლებელია ლიბერალური პლურალიზმის დროს, მაგრამ ასეა და სხვაგვარად არც შეუძლია იმ ფორმაციას, რომელიც გასცდა კაპიტალიზმს და იქცა აბსოლუტურ ფინანსურ კაპიტალიზმად. თავისუფალი ბაზრის, კერძო სექტორის კრიზისი გადაიქცა არა მხოლოდ სახელმწიფო კრიზისად, არამედ ფორმაციულ კრიზისად. მაკროეკონომიკური ფაქტურის ანალიზი ამას მკაფიოდ დაგვანახებს. ლიბერტარიზმის ყველა თეორია და  40 წლის განმავლობაში ნაგები გლობალური ფინანსური არქიტექტურის კონსტრუქცია ჩამოიშალა. კერძო სექტორი თურმე არ დგას სახელმწიფოსაგან განცალკევებით. აქამდე ამ ილუზიას განამტკიცებდა ის, რომ სახელმწიფო ორგანოები ლიბერტარიანულ ქვეყნებში კომერციალიზებული სტრუქტურები არიან. პირველ რიგში ეს ითქმის აშშ-ს ფედრეზერვზე (FRS). 40 წელი განმტკიცდებოდა ის მცდარი აზრი, რომ კაპიტალიზმი არის კორპორატივიზმი და კაპიტალიზმმა შექმნა ერთიანი მსოფლიო საზოგადოება, რომელსაც ასევე ეწოდებოდა გლობალური სოფელი.

New normal (ახალი ნორმალობა) (ეს ტერმინი გამოხატავს გლობალიზებული ეკონომიკის სინამდვილეს) არის ნეოლიბერალურად და ლიბერტარიანულად დოგმატიზებული. ცრუ გამოდგა დასავლურ სოციოლოგიაში მრავალგზის გამოთქმული აზრი კონვერგენციაზე (სისტემათა დაახლოებასა და ურთიერთგაზიარებაზე). არაფრის კონვერგირება არ მოხდება დასავლეთში. ეკონომიკის იდეური საფუძველი, კრახის მიუხედავად, იგივე დარჩა. ესაა საბაზრო ფუნდამენტალიზმი და ლიბერტარიზმი. მსოფლიო ეკონომიკის წარმართვის ანგლოსაქსური დომინაცია მხოლოდ ლიბერტარიანული შეიძლება იყოს. სხვა წესს დასავლეთი არ სცნობს. ეკონომიკური ალგორითმი ისევ უცვლელი რჩება.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი რეცესია და ცივილიზაციური კრიზისია მოსალოდნელი. ერთადერთი გზა, რითაც ანგლოსაქსური დომინაცია შეეცდება თავის გადარჩენას, არის მსოფლიო ომის პროვოცირება. კაპიტალის დეიფიცირება მოხდა დასავლეთში. ყველა ტრიბუნიდან ძველებურად მიმდინარეობს მისი მისტიფიკაცია. ისევ ისე, კაპიტალიზმის მანტრებად არის ქცეული სიტყვები: „ინვესტიციების მოზიდვა“, „კრედიტები“, „ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი“. დასავლურმა ეკონომიკურმა მეცნიერებამ მძარცველობა, სიხარბე და უსამართლობა გაამეცნიერულა და მრავალგვარი ფრაზებით შემოსა. კაპიტალისტური სისტემა კრიტიკის მიღმა დადგა და იქცა ახალ, ლიბერალურ ტოტალიტარიზმად. შოუ ბიზნესი კი გამალებით ქმნის ამ სისტემის ჰუმანურობის ილუზიას. ხუმრობენ კიდეც ლიბერტარიანულ ტოტალიტარიზმზე, რაც განამტკიცებს თავისუფლების ილუზიას. ეს იმას ჰგავს, როცა, მაგალითად, ხუმრობენ ბრიტანეთის დედოფალსა და სამეფო კარზე, როცა ჰოლივუდში კომედიურ ფილმებს იღებენ ბრიტანეთის სამეფო ტახტზე. ეს არაა ანტიმონარქიზმი. ეს სისტემის ფანდია და მეტი არაფერი.

საბანკო-საფინანსო კაპიტალი გაიზარდა როგორც მესაფლავე კაპიტალისტური სისტემისა. ლიბერტარიანული სისტემა გაიხრწნა და მისი ბრუტალიზაცია სულ უფრო ექსტრემული ხდება. ბანკებს არ ჰქონიათ და არა აქვთ არანაირი სოციალური მისია, მაშინ, როცა, 90-იანი წლებიდან დაწყებული, მათ ქველმოქმედების ცენტრებად ასაღებდნენ. ახლა ისაუბრონ დასავლეთში სისტემის კათარზისზე, მონანიებაზე, როგორც 90-იან წლებში რუსეთს უკიჟინებდნენ. სისტემას არ აღმოაჩნდა ის ზნეობრივი პრინციპები და ღირებულებები, რომელთა სახელით ის მრავალ ქვეყანას ატყუებდა. რჩება მხოლოდ ტერორიზმი ინსტიტუციურ, აკადემიურ, მასმედიურ დონეებზე.

დასავლური ჰუმანიზმის აქამდე შემორჩენილი ოაზისები ქრება. მეორე განმანათლებლობას დასავლეთი ვერ დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ათიათასობით ჰუმანიტარი.  ევროპაში მეტად არ გაჩნდება გენერალური დიდი იდეა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ განმანათლებლობა ახალ საფეხურზე აეყვანა. ამის მაგივრად, მან დახურა განმანათლებლობა და ის აქცია სეგრეგაციულ სწავლებად მხოლოდ რჩეული პოპულაციისათვის – ოქროს მილიარდისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განმანათლებლობა დაიხურა საბაზრო რენტაბელობაზე მითითებით.  ანტისაბჭოელ დისიდენტთა უმრავლესობა ამაზე დუმს და დღემდე მხოლოდ იმას ცდილობს, როგორმე იშოვოს სათავისო სინეკურა. 90-იან წლებში თავად დასავლეთში გამოდიოდა საყურადღებო წიგნები ბიზნესზე. მაგალითისათვის, დენის ლივაინმა უილიამ ჰოფერთან ერთად გამოსცა წიგნი: Dennis B. Levine with William Hoffer.   Inside out. A Insider’s Account of Wall Street. G.P. Putnam’s Sons. N.Y. 1991. ლივაინი იყო Drexel Burnham Lambert-ის მმართველი დირექტორი, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა ინსაიდერული ვაჭრობის კანონების დარღვევისათვის (for violation of insider-trading laws). შემდეგ ლივაინი იყო კონსალტინგური კომპანიის მმართველი. ასეთ წიგნებს 90-იან წლებში არ ექცეოდა ყურადღება. ასევე დავიწყებას მიეცა ნაგვის მქექავებად (Muckrakers) წოდებული კაპიტალიზმის კრიტიკოსების (ფრენკ ნორისი, ჯოზეფ სტეფენსი, აიდა ტარბელი, ეპტონ სინკლერი, გუსტავ მაიერსი, თეოდორ დრაიზერი და სხვ.) ნაწერები. შემდგომ კრიტიკა გააგრძელეს ბობ ვუდვორდმა, კარლ ბერნსტაინმა, კინოდოკუმენტალისტმა მაიკლ მურმა და სხვებმა. უფრო მოგვიანებით კრიტიკა გააგრძელეს ჯულიან ასანჟმა და ედვარდ სნოუდენმა. ამ უკანასკნელთა საქმიანობა საფუძველს უყრის ახალ დისიდენტობას თავად დასავლეთში. კარტეზიანელი ადამიანის დასასრული იწყება. ლიბერალიზმის კრახი ახლოვდება. კრიტიკა ბევრი ისმის დასავლეთში, მაგრამ მას ყურად არ იღებენ დასავლეთის ქვეყნების ელიტები. ისევ მილიტარიზმის ესკალაცია, ისევ ომისათვის სამზადისი. აი ესაა დასავლეთის ელიტის პასუხი ყველაფერზე. 2008 წლის დეპრესიის მძიმე შედეგი ისაა, რომ მან მეტად შეამცირა აშშ-სა  და მთლიანად დასავლეთში საშუალო კლასი. ქონებრივი უთანასწორობა იღებს სულ უფრო საშინელ სახეს. უმუშევრობის საკითხი კი ვერ დაიძლია პოსტკრიზისულ ევროკავშირსა და აშშ-ში. 2014 წლის 11 დეკემბრის The New York Times  აღნიშნავს, რომ აშშ-ში მამაკაცთა 16 % 25-დან 54 წლამდე უმუშევარია. აქვე მოცემულია სტატისტიკა მთელი აშშ-ს მასშტაბით.  (www.nytimes.com/interactive/2014/12/12/upshot/where-men-arent-working-map.html?=smid=fb-nytimes&smtyp=cur&bicmp=AD&bicmlukp=V ). აშშ-ში დასაქმებისა და უმუშევრობის ახლანდელ საკითხზე წერს ნ. პეტროვსკაია. მის თანახმად, გლობალური კრიზისის დროს ახალგაზრდათა უმუშევრობა აღწევდა 19, 6 %-ს (2010 წ.) ამასთანავე ეს მაჩვენებელი 16 – 19 წლის ასაკის შავკანიანთა შორის აღწევდა    43 %-ს, ესპანურენოვანთა შორის – 29 %-ს, თეთრ მოსახლეობას შორის – 22, 8 %-ს, აზიური წარმოშობის პირთა შორის – 18, 4 %-ს. (Н. Е. Петровская. Тенденция занятости в США в начале XXI века// Россия и Америка в XXI веке.  2014, № 1 (электронный журнал) (www.rusus.ru/?act=archive&edition=41). დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის Center on Budget and Policy Priorities (საბიუჯეტო და პოლიტიკური პრიორიტეტების ცენტრი) (მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი არის რობერტ გრინსტაინი) (Robert Greenstein)) ვებ-გვერდზე 2014 წლის 9 დეკემბრის აპდეიტში არის მონაცემები: „დიდი რეცესიის მემკვიდრეობა“ (The Legasy of the Great Recession). აქ მოყვანილია სტატისტიკა, რომ სამუშაოს დაკარგვა უპრეცედენტო იყო და უმუშევრობის ნიშნული ძალზე მაღლა ავიდა (www.cbpp.org/research/index.cfm?fa=topic&id=142 ).

აშშ-ს პოსტრეცესიულ ეკონომიკაზე, 2008-9 წლების დეპრესიის მძიმე შედეგების თანდათანობით დაძლევაზე წერს ვიქტორ სუპიანი (Виктор Б. Супян. Экономика США. Тенденции и вызовы текущего десятилетия. Ежемесячник – США. Канада. Экономика. Политика. Культура. № 6. 2014, стр. 3 – 18).  ავტორი აღნიშნავს, რომ მაშინდელი რეცესიის ნეგატიური გავლენა მაინც თავს იჩენს მრავალ დარგში. სუპიანის ეს წერილი არაა კრიტიკული. აქ ლიბერალი ავტორის მიერ ფაქტების კონსტატაცია უფროა, ვიდრე კრიტიკული დისკურსი, რომელიც სადღეისოდ მეტად საჭიროა.

1989 წელს გამოვიდა უილიამ გრეიდერის წიგნი: „ფულის უბედურება“ (William Greider.  The trouble with money. Whittle direct books, 1989). ამ წიგნის ბოლო თავში Farewell to laissez-faire (დამშვიდობება ლეისეი ფეართან) გრეიდერი წერს, რომ კონსერვატორთა თანახმად, ბაზრის საქმიანობაში ჩაურევლობა ძირითადი პრინციპი იყო. თანამედროვე ვერსიის ლეისეი ფეარისადმი რწმენის სიძნელე, გრეიდერის თქმით, ისაა, რომ იგი მხოლოდ გრძნობაზე ეფუძნება და არაა საფუძვლიანი იდეა (The trouble with the laissez-faire creed in its contemporary version is that it is only a sentiment, not a serious idea) (p. 83). აქვე გრეიდერი საუბრობს, რომ ამერიკული საბანკო და საფინანსო ბაზრები ერთობ საჭიროებენ სამთავრობო პროტექციას, რათა თავი დაიცვან ბაზრის მკაცრი სინამდვილისაგან. შემდეგ გრეიდერი მსჯელობს ლეისეი ფეარის იდეის არალოგიკურობაზე (ibid.)

ჯერ კიდევ როდის გამოთქვა კრიტიკული დისკურსი უილიამ გრეიდერმა ლეისეი ფეარზე და ეჭვი შეიტანა საბაზრო ექსტრემიზმის იდეის სისწორეში.  ეს იყო 1989 წელი, როდესაც საბჭოთა კავშირში დაიწყო თავისუფალი ბაზრის გიჟური აპოლოგია ჯერ ანტისაბჭოელი დისიდენტების მიერ, შემდეგ პოსტსაბჭოთა ელიტებისა და მედიის მიერ. ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა თავის უმრავლესობაში არაფერი უწყოდნენ კეინსიანელებსა და ჰაიეკის მიმდევართა შორის წარმართულ ხანგრძლივ პოლემიკაზე. ისინი თავიდანვე ლიბერტარიზმის პროვინციელ აპოლოგეტებად იქცნენ და ატყუებდნენ ხალხს. საკუთარ უვიცობას კი ისინი მოხერხებულად ფარავდნენ ბოლშევიზმის არტისტული კილვით ან უცხოურ დეკლარაციებსა და ქარტიებზე დაუსრულებელი მითითებით. ეს დანაშაულია, როდესაც ქვეყნის გაძღოლას იჩემებ და არ გესმის ელემენტური საკითხები, ხოლო საკუთარ უვიცობას კი ფარავ საგაზეთო რიგორიზმითა და სხვათა გამუდმებული მხილებით.  ანტისაბჭოელი დისიდენტები არ ყოფილან არც ლიბერალები, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, არც ეკონომიკის რეფორმატორები. მათ გავლილზე დარჩა მხოლოდ ნანგრევები, რენეგატობა და დამარცხებულთა კონსიუმერიზმი. ვლადიმერ პაპავა მართებულად აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ღატაკი ქვეყნის სამომხმარებლო ეკონომიკის მოდელი (Владимер Папава. Экономика Грузии: в поиске модели развития. Мир перемен.  3/ 2013, стр. 47, 51). შოკურ თერაპიაზე, რომელიც, 90-იან წლებში პანაცეად მიიჩნეოდა, ვლადიმერ პაპავა წერს თავის წიგნში „ნეკროეკონომიქსი“ (Vladimer Papava.  Necroeconomics. The Political  Economy of Post-communist Capitalism (Lessons from Georgia). iUniverse, Inc., New York, Lincoln, Shanghai, 2005, pp. 123 – 136).

1992 წლიდან საქართველომ აიტაცა საბაზრო ექსტრემიზმის იდეა და დღემდე მას იცავს. ქვეყნის პოპულაციის უმრავლესობა არის ღატაკი დეკლასანტი. ვერ განხორციელდა 90-იანი წლების ნეოლიბერალური შოკური თერაპიის პრინციპი: მინიმალური შოკი მაქსიმალური თერაპიით (Minimal shock with maximum therapy). ლიბერტარიანიზმი საქართველოში თავიდანვე ნიშნავდა არა თერაპიას და ეკონომიკის უსწრაფეს გადაყვანას კაპიტალიზმის რელსებზე, როგორც ეს ბევრჯერ ითქმოდა, არამედ დეპოპულაციას, ქვეყნის მთელი მხარეების კვდომას, ნაქურდალი და ნაძარცვი საბჭოთა ქონების დაკანონებას უმცირესობის მიერ და ამის საეკლესიო პროპაგანდით შენიღბვას. გადაშენებისათვის განწირულ, პაუპერიზებულ ხალხის მასას კი მიაჩეჩეს გაზეთები, რელიგია და შოუ ბიზნესი. პოსტსაბჭოთა ქართული ნეოლიბერალიზმის დასაბამი არის არა შრომა, არა ლიბერალიზმის იდეა, არამედ დიდი კრიმინალიტეტი და საკუთარი ქვეყნის ძარცვა. ამის მეტი არც არაფერია ქართული ნეოლიბერალიზმი. ლიბერტარიანული მოდელი საქართველოში მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუ ქვეყანა საკმაოდ მდიდარი იქნებოდა საიმისოდ, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სოციალური დაცვის განხორციელება კაპიტალისტური ელიტის მიერ. საქართველო 25 წლის მანძილზე არის fragile and emerging state (მყიფე და გაურკვეველი ქვეყანა).

საყურადღებოა უილიამ გრეიდერის მიერ გამოთქმული მსჯელობა კაპიტალიზმის სისტემის რეფორმირებაზე. ზემოთ დასახელებულ თავის წიგნში ის წერს, რომ ამერიკულმა დემოკრატიამ თავისი დაქვეითებისა და მწვერვალების გავლით შეინარჩუნა თვითკორექციის მყარი უნარი (has retained a stubborn capacity to self-correct), მაგრამ ეს დაგვიანებით ხდება.  რეალური რეფორმების პერიოდები იშვიათია და ისინი, როგორც წესი, მოდის მხოლოდ აღშფოთებული ადამიანების საკმარისი რაოდენობის გაჩენის შემდეგ (p. 94).

აი, რას ამბობდა დემოკრატიაზე ჟან ბოდრიიარი ჯერ კიდევ 2006 წელს: „დემოკრატიას გააჩნია ავტოკორექციისა და თვითმოწესრიგების დიდი მარაგი, მაგრამ სადღეისოდ, ჩანს, რომ ეს შესაძლებლობანი ამოიწურა. ადამიანის უფლებები, თავისუფლება, დემოკრატია – ეს ყველაფერი პაროდიად იქცა“. აქვე ბოდრიიარი საუბრობს, რომ სახალხო წარმომადგენლობის სისტემა არაა დემოკრატია. ეს აბუჩად აგდებაა. ძალზე მცირე შანსებია, რომ სისტემის კორექტირება იყოს შესაძლებელი, ასკვნის ბოდრიიარი. (www.gtmarket.ru/laboratory/publicdoc/2006/663 ).

გორბაჩოვისეული დოქტრინის (Перестройка) დროიდან შეიქმნა კონიუნქტურული ლეგენდა საბაზრო ეკონომიკასა და დემოკრატიაზე. უოლ-სტრიტის მითოლოგიას მიეძღვნა უამრავი აპოლოგეტური წიგნი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სასწრაფოდ გადმოთარგმნეს მარკეტინგისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოები და ასაღეს როგორც უმაღლესი სიბრძნე. გაჩნდა კომპრადორული ბურჟუაზია, ჰიპერკონფორმისტული ოლიგარქია, რომელმაც ძირი გამოუთხარა დასავლურ ლიბერალიზმს და მოახდინა იდეის სრული დისკრედიტაცია. მიხაელ შუმანის (Michael Schuman) სტატიაში „მარქსის შურისძიება. როგორ აყალიბებს კლასთა ბრძოლა მსოფლიოს“ (Marx’s Revenge: How Class Struggle is shaping the world), (Time,  March 25, 2013) ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩინეთის კაპიტალიზმისაკენ გადახრის შემდეგ ისე ჩანდა, რომ მარქსი დავიწყებას მიეცა, მაგრამ გლობალური ეკონომიკის გაჭიანურებული კრიზისი მარქსის დებულებებს კვლავ გვახსენებს. შუმანი აღნიშნავს, რომ კლასთა ბრძოლა განახლდა მთელ მსოფლიოში. მსგავსი სტატიები კი ქვეყნდება დასავლეთში, მაგრამ საქართველოში ამისი ხსენებაც არაა. მრავალწილად ეკონომიკური აზროვნება საქართველოში დარჩა 90-იანი წლების ტრიუმფალიზმის დონეზე. ამას ხელს უწყობს ქართული სოციუმის საშინელი კონფორმიზმი. კლასთა ბრძოლა იყო და არის საზოგადოდ პოლიტეკონომიის მეცნიერების და არა მხოლოდ მარქსისტული პოლიტეკონომიის უძირითადესი, ღერძული იდეა. ბედის დაცინვა ისაა, რომ ლიბერტარიზმის კრახის შემდეგ აქტუალური გახდა მონეტარისტების (მილტონ ფრიდმანის მიმდევრების) მიერ 40 წლის მანძილზე აბუჩად აგდებული მარქსისტული პრობლემატიკა არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ ისტორიის მეცნიერებაში, გლობალურ პოლიტიკაში. ჯონ მეინარდ კეინსმა სწორი თქვა, რომ ეკონომისტმა ეკონომიკის გარდა უნდა იცოდეს ისტორია, რელიგია და ენათმეცნიერებაც კი. კეინსივე ამბობდა: „I prefer to be roughly right, than precisely wrong“ (მირჩევნია ვიყო მიახლოებით სწორი, ვიდრე სრულიად მცდარი). კეინსიანიზმი მთელი ეპოქაა ეკონომიკურ აზროვნებაში. სადღეისოდ მარქსისტული და კეინსიანური დებულებები კვლავ ბევრის მომცემია. გენერალური გზის დამდგენი ეკონომისტები დასავლეთს აღარ ჰყავს. კრიტიკოსებს კი დასავლეთის სისტემა არ უსმენს. ეკონომიკის თეორეტიკოსი სხვა არა არის რა, თუ არა ფილოსოფოსი. ცნობილი იტალიელი მენეჯერი, რომის კლუბის (Club of Rome) დამაარსებელი, აურელიო პეჩეი (Aurelio Peccei, 1908 – 84), რომელიც მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა კერძო კომპანიებში, მიიჩნევდა, რომ განსაკუთრებული იმედის დამყარება კერძო საკუთრებაზე უსაფუძვლოა.

დრომ მოიტანა, რომ აქტუალური გახდა ფრიდრიხ ლისტის (Friedrich List, 1789 -1846),  გუსტავ შმოლერის (Gustav von Schmoller, 1838 -1917) და მისი მოწაფის, ვერნერ ზომბარტის (Werner Sombart, 1863 – 1941) პოლიტეკონომია. ისინი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის მომხრენი იყვნენ. ლისტის ნაშრომი „პოლიტიკური ეკონომიის ნაციონალური სისტემა“  (Das nationale System der politischen Ökonomie, 1841), ახლაც გამოსადეგია. კეინსი სწორედ აი ამ ეკონომისტების იდეებს ავითარებდა. რამდენია ჩინურ პოლიტიკურ ეკონომიასა და ჩინეთის ეკონომიკაში ლისტისეული, შმოლერისეული და კეინსისეული იდეები. სახელმწიფოა გარანტი სიმდიდრის, მთლიანი შიდა პროდუქტის დაგროვებისა. სახელმწიფოა რეგულატორი და დიდი ჩინური ბაზრის საქმიანობის წარმმართველი ძალა.

ბარაქ ობამა კონგრესისადმი საბიუჯეტო მიმართვაში (2012 წლის 13 თებერვალი) ამბობს, რომ ჩვენ ვაშენებთ დიდ ამერიკულ საშუალო კლასს (the great American middle class) და ჩვენ ქვეყანას ვაქცევთ მოდელად მთელი მსოფლიოსათვის (Fiscal year 2013, Budget of the U. S. Government, p. 1). ამა წლის ოქტომბრის დამდეგს კი ობამამ განაცხადა, რომ “როცა საშუალო კლასი ჰყვავის, ამერიკაც აყვავებულია. როცა ეს არ ხდება, მაშინ ჩვენც ვერ გვაქვს წინსვლა” (When the middle class thrives, America thrives. When it doesn’t, we don’t) (www.brookings.edu/blogs/fixgov/post/2014/10/02/-obama-speech-at-northwestern-jobs-economy-galston?utm_sourse=Facebook&_medium=Soc ).

ამერიკული საშუალო კლასი კი მცირდება. რჩებიან მხოლოდ ძალზე მდიდართა კლასი და ღატაკთა მრავალმილიონიანი კლასი. შეფარდება ამ ორ კლასს შორის ასეთია: აშშ-ს რომელიმე საბანკო დინასტიის ოჯახი უფრო მდიდარია, ვიდრე ამავე ქვეყნის რომელიმე მდიდარი შტატის მთელი პოპულაცია. არსებობს კატასტროფული ქონებრივი დიფერენციაცია კლასებს შორის. მარქსისტული პროლეტრიზაცია გარდასული ამბავი კი არაა, არამედ აქტუალობაა. ამაზე ბევრი დაიწერა თავად ამერიკაში. ამერიკული ეკონომიკა მცირე შესაძლებლობას ტოვებს საშუალო კლასისათვის. თუ ამერიკული და მთლიანად დასავლური საშუალო კლასი ქრება, რომელიც ლიბერალ თეორეტიკოსთა შრომებში სისტემის ბურჯად და მის საიმედო მცველად მოიაზრებოდა, მაშინ ეს დარტყმას აყენებს თავად ლიბერალიზმს. კლასობრივმა უთანასწორობამ სულ უფრო გროტესკული სახე მიიღო. ფიქციად ქცეული დემოკრატია, ლიბერალური კონფორმიზმის სისტემა საშუალო კლასს მოიაზრებს, არა როგორც იდეურ საყრდენს, არამედ სამომხმარებლო სტრატას, რომელის კონსიუმერული აქტივობა უნდა აისახოს სხვადასხვა მოხსენებებსა და ანალიზებში. საშუალო კლასი, როგორც მოაზროვნე და კრიტიკული უნარის მქონე სოციალური ფენა ლიბერალურ სისტემას არ ესაჭიროება. საშუალო კლასი ვეღარ გამოდის მოდერნიზაციის აგენტად. ეს კლასი იქცა აუტსაიდერად და ლუზერად. საშუალო კლასი ლიბერალურ ჰუმანიტარისტიკაში იწოდება პლურალისტური სოციუმის ძირითად სუბიექტად, სოციალურ-ეკონომიკური ადაპტაციის მთავარ აქტორად. მსგავსი განაზრებანი სადღეისოდ ცოტას ნიშნავს. ერთი პერიოდი ეფექტურად ისმოდა ასეთი განსჯანი: „პოლიტიკოსებმა უნდა შეასრულონ ხალხის დაკვეთა“, „პოლიტიკოსი ემსახურება დამკვეთს“ და მისთანანი. თუ ადამიანი პოლიტიკაშც  მოიაზრება მომხმარებლად, მაშინ ლიბერალური სისტემა დასამხობად განწირულია. ადამიანები არ არიან ლიბერალები. ისინი ლიბერალიზმს ამოფარებული კონსიუმერთა მასა არიან. რაც არ უნდა იდეალური იყოს პოლიტიკური წყობა, რაც არ უნდა დიდი იყოს მასში პლურალიზმი და ინდივიდუალისტური ატომიზმი, სისტემის სიცოცხლისათვის აუცილებელია იდეური ადამიანი და იდეირებით შექმნილი ღირებულებანი. ნეოლიბერალიზმის სისტემა ამ მუდმივ წესში არაა გამონაკლისი.  ერთი არსებითი ვითარება აბათილებს მთელ ამ სოციოლოგიურ შტუდიებს საშუალო კლასზე. თუ ლიბერალური სისტემა მუდმივად იყენებს ჰუმანიტარულ ტექნოლოგიას, რაც მაქინაცია და ფალსიფიკაციაა და სხვა არაფერი, თუ ლიბერალიზმს არ აქვს არანაირი პრინციპები და ღირებულებები, მაშინ საშუალო კლასს რომც ჰქონდეს ეს პრინციპები და ღირებულებები,  როგორც ეს ლამაზად არის ნათქვამი სოციოლოგიურ ტექტებში, სისტემა მას, აი ამ საშუალო კლასს დათრგუნავს და შემდეგ გააქრობს. სისტემა თავისი მასმედიისა და აკადემიური ტრიბუნის მეოხებით ახდენს იმის დეკლარირებას, რომ იგი ხელს უწყობს მერიტოკრატიულ პრინციპს, სოციალურ მობილობას და ცდილობს საშუალო კლასის გაზრდას. ასე კი არ ხდება. და ასე რომ არ ხდება, ეს თავად დასავლეთში კონტრასტულად  გამოჩნდა 2008 წლის დეპრესიის შემდეგ.  ნეოლიბერალურ სისტემას ესაჭიროება მხოლოდ yesman-ი (კონფორმისტი), რომელიც თავს აჩვენებს თავისუფალ მოქალაქედ და ლიბერალ კრიტიკოსად.  საშუალო ფენა არის ბურჟუაზიის სინონიმი. უფრო სწორად, „საშუალო ფენის“ ცნება არის ევფემიზმი, რაც გულისხმობს ბურჟუაზიას, კლაინბიურგერობას (წვრილბურჟუაზიულობას). რადგან ცნება „ბურჟუაზია“ დისკრედიტებულია მრავალ მიზეზთა გამო, ამიტომ ის საჭიროებს ევფემიზმს მეცნიერებასა და პოლიტიკურ ლექსიკაში. თუ სახელმწიფო კომერციული ორგანიზაციაა და მისი ჭეშმარიტება არის ფული, თუ მისი იდეოლოგია არის პოსტმოდერნიზმი, თუ ის არის ყველა ღირებულების გამაუქმებელი, მაშინ  მას არა აქვს მორალური უფლება, რომ მოქალაქისაგან მოითხოვოს ღირებულებითი, პლატონური დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ. რამდენი რამ ითქვა ადამიანურ კაპიტალზე, როგორც უმთავრეს ღირებულებაზე, რამდენჯერ მიუთითეს ადამიანურ ფაქტორზე. ამაზე დაიწერა უამრავი მონოგრაფია სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში. სინამდვილეში კი ფიქციურია ეს ყველაფერი. მოსახმარის ნაირობამ, ყოველგვარი პროდუქციის სიუხვემ და გადამეტწარმოებამ გააიოლა სოციალური კალკულაცია და მანიპულაცია. ამას ვერ აკავებს განათლებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა. სინდისის PR-ტექნოლოგიით შეცვლამ შეუძლებელი გახადა მერიტოკრატიული პრინციპი ელიტის ფორმირების დროს. გასაქანი ეძლევა სოციალურ მაქინაციებს და ვინერები არიან  თავიდანვე სისტემას მორგებული მედროვეები, მდაბალი ადამიანები.  ალექსის დე ტოკვილი (1805 – 59) ამბობს თავის ცნობილ ნაშრომში „ძველი წესრიგი და რევოლუცია“ (L’Ancien Régime et la Révolution), რომ „ვინც ეძებს თავისუფლებაში არა თვით თავისუფლებას, არამედ სხვა რაიმეს, ის მონობისთვისაა გაჩენილი“.

ლიბერალიზმის იდეალები გაიცრიცა. დასავლეთმა ვერ შეძლო საკუთარი უპირატესობის დამტკიცება საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. ის იმპროვიზაციით, პოლიტიკური სპეკულაციით და ინერციით ცხოვრობდა განვლილი 20 წლის მანძილზე. დასავლეთს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ჰქონდა უსაზღვრო ნდობის ლიმიტი და ის მან უკვე 90-იანი წლების ბოლოს სრულად გაანიავა. ნეოლიბერალიზმმა შექმნა მრავალი ფიქცია ეკონომიკაში. მაგალითად, სერვისის სექტორის ზრდასა და ხვედრით წილზე. შეუძლებელია, რომ მომსახურების ობიექტების სიმრავლე გადამწყვეტ სიტყვას ამბობდეს ეკონომიკაში. სხვა ასეთი დოგმად ქცეული ფიქცია არის მსჯელობა მცირე და საშუალო საწარმოების პრიორიტეტულობაზე დიდ საწარმოებთან შედარებით. ითქმოდა, რომ დიდი საწარმოები არარენტაბელურია და ქვეყანას ტვირთად აწევს. ამ ფიქციაზე მითითებით მოხდა საქართველოს სრული დეინდუსტრიალიზაცია 1992-5 წლებში. გაიძარცვა ან სრულიად დემონტირებულ იქნა დიდი ქარხნები. პასუხი ამაზე არავის უგია. ნეოლიბერალური უტოპიისა და საეკლესიო იდეოლოგიის პროპაგანდირებით გამართლდა იმ წლების დიდი დანაშაული. ერთმანეთში იქნა აღრეული საეკლესიო იდეოლოგია და საბაზრო ფუნდამენტალიზმი. ამ სპეციფიკურ მოვლენაზე ცალკე კრიტიკული გამოკვლევაა დასაწერი.  

მივმართავ თავად დასავლურ გამოცემას: The Guardian (5 August, 2014). აქ ჯორჯ მონბაიოტი (George Monbiot) წერს: „საბაზრო ფუნდამენტალიზმი ყველაზე შეუპოვრად ფუძნდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი, სადაც სოციალური მობილობა დიდად დაქვეითდა. აქვე ავტორი კრიტიკულად  მსჯელობს, რომ „ბაზარს ჩვენთვის უნდა მოეტანა ემანსიპაცია, მას უნდა შემოეთავაზებინა ავტონომია და თავისუფლება. ამის მაგივრად მან მოგვცა ატომიზება და მარტოობა“.      (www.theguardian.com/commentisfree/2014/aug/05/neoliberalism-mental-health-rich-poverty-economy )

 ჯორჯ სოროსი თავისი წიგნის „ცდომილებათა ჟამი“ (The Age of Fallibility, 2006)  მეორე ნაწილის მესამე თავში წერს, რომ ამერიკული საზოგადოების ერთ-ერთი ნაკლი არის მეტისმეტი ქედმოხრა წარმატებისა და ფულის წინაშე. აქვე, მეოთხე თავში სოროსი ამბობს, რომ კონსიუმერული მიზნებისთვის შექმნილმა მანიპულირების მეთოდებმა პოლიტიკაშიც ჰპოვა გამოყენება. ემანუელ ტოდი (Todd) კი თავის წიგნში „იმპერიის შემდეგ“ (Après l’empire, 2002) ამბობს, რომ ორთოდოქსული ეკონომიკური თეორია ვერ ახსნის ამერიკის მრეწველობის შემცირებას და მის გადაქცევას ქვეყნად, რომელიც სპეციალიზებულია მოხმარებაზე და დამოკიდებულია საგარეო მოწოდებაზე.

სამართლებრივი საზოგადოების იდეა და მასზე დაუსრულებელი მითითება სინამდვილეში არის ზნეობრივი ნორმების სრული უგულებელყოფა. ეს არის კალკულაციური იურისპრუდენციით  ზნეობის შეცვლა. ეს არის მეტად ვერაგული სუბსტიტუცია. ეს სამართალი რელატივიზმის, სოციალური ატომიზმის და ჰედონიზმის დამაკანონებელია. ლიბერალური სამართალი არა მხოლოდ ნეიტრალურია ეთიკისა და ზნეობრივი იმპერატივისადმი, არამედ მისი გამაუქმებელია. სისტემა, რომლის იდეოლოგია არის პოსტმოდერნიზმი, რადიკალური ანტიტელეოლოგიზმი, ვერ იქნება სამართლიანი იურისპრუდენციის შემქმნელი. ფილოსოფიურად ეს ასეა: პირონისეული ეპოქე და აფაზია განსხვავდება ჰუსერლის ეპოქესაგან იმით, რომ პირონის ეპოქე სკეპტიციზმის უკიდურეს ზღვარამდე მიყვანაა, რის შემდეგაც იწყება რელატივიზმი. ჰუსერლის ეპოქე კი საგანთა არსის შეცნობას ისახავს მიზნად, რის შემდეგაც იწყება ახალი ტელეოლოგია, ახალი ფენომენოლოგიური პლატონიზმი, ახალი ტრანსცენდენტალური გნოსეოლოგია. სკეპტიციზმთან პოლემიკაში იშვა სოკრატესა და პლატონის დისკურსი. ამ დისკურსმა საუკუნეებში გაავლო ხნული და აზროვნება თავის განაკვალში ჩააყენა. ამას ვერ ვიტყვით პირონსა და პირონიზმზე. ნეოლიბერალიზმი და მისი იურისპრუდენცია პირონისეულია, ანტიტელეოლოგიურია. ფილოსოფიურ დისკურსსა და კოგიტირებაში პირონისეული სკეპტიციზმი მხოლოდ დასაწყისია, ფილოსოფიის ისტორიაში კი პირონიზმი მცირე მოვლენაა. ნეოლიბერალიზმში კი პირონისეული სკეპტიციზმი ყოველივეს დასასრული და საბოლოო ჭეშმარიტებაა. ახლანდელ დიდად კრიზისულ დროს ახალი ტოტუსის შექმნა ესაჭიროება. მიზანი უნდა იყოს ის, რაზეც ჰაიდეგერის დიდი მასწავლებელი, გვიანდელი ჰუსერლი ბჭობს თავის ნაშრომში „ევროპულ მეცნიერებათა კრიზისი და ტრანსცენდენტალური ფენომენოლოგია“. აქ ამბობს ჰუსერლი, რომ არსებითი ხდება საკითხები ადამიანის ცხოვრების საზრისსა და უსაზრისობაზე (die Fragen nach Sinn oder Sinnlosigkeit).

კრიზისული, პირონისტული ნეოლიბერალიზმი ბოლონიის პროცესის მეშვეობით გამალებით ცდილობს განათლების საბაზრო საქონლად ქცევას. მან უნივერსიტეტი და სკოლა უკვე აქცია ბაზრის ნაწილად. მან პედაგოგიური პროცესი დაუქვემდებარა საბაზრო ფუნდამენტალიზმს. მან საამისოდ შექმნა შესატყვისი ცნებითი აპარატი და აპოლოგიური ლექსიკა. რას ასწავლის მარკეტიზებული სკოლა და უნივერსიტეტი მოწაფესა და სტუდიოზუსს? იმას, რომ ის გახდეს წარმატებული კონტრაქტანტი და ბედნიერი მომხმარებელი. ადამიანი პირდაპირ ვალდებულია, რომ იყოს yesman-ი (კონფორმისტი). სხვა მიზანი ნეოლიბერალურ განათლებას არ აქვს. ლიბერალური სოციუმი გადაიქცა წარმატებული უკანასკნელი ადამიანების დიდ ტრიუმფად. ეს არის აბსოლუტური ანტიპლატონიზმი.

მსოფლიო ეკონომიკაში ბევრი რამ არის ილეგალური. ამაზე თვალს ხუჭავენ, რადგან სხვაგვარად ვერ გამოდის მისი ტემპის შენარჩუნება და დასავლეთის ქვეყნებში სამომხმარებლო კალათის დამაგრება აქამდე არსებულ შკალაზე. დასავლეთში მასობრივი კონსიუმერიზმი შესაძლებელია მხოლოდ იმით, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას, ოფშორულ ბიზნესს, დერივატივებს და ა.შ.  ძალზე დიდ ადგილს უტოვებენ და არ დევნიან. Time (September 23, 2013) წერდა: „სამწუხარო ფაქტია, რომ ის ცინიკური ვითარებები, რაც წინ უსწრებდა ფინანსურ კრიზისს, როგორიცაა ბანკების გამოშვებული დერივატივები, იყო სრულიად ლეგიტიმური“ (p. 33). ხოლო The Economist (May 10th 2014) აღნიშნავს ჩრდილოვან ბანკინგზე. აქ ნათქვამია, რომ ესაა უზარმაზარი, სწრაფად მზარდი და შეუცნობელი მძლავრი ინსტრუმენტი, მაგრამ დაუდევარი მენეჯმენტის მქონე, პოტენციურად ფეთქებადი (It is huge, fast growing in certain forms and little understood – a powerful tool for good but, it carelessly managed, potentially explosive), (p. 7). ჟურნალის ამავე ნომერში არის სპეციალური მოხსენება საერთაშორისო ბანკებზე. აქვე აღნიშნულია ჩინეთის ჩრდილოვანი ბანკინგის შესახებ (p. 15).

ამ ჟურნალის მრავალ ნომერში არის მასალები ჩინეთის ეკონომიკაზე. ეკონომიკის წარმართვის ჩინურმა წესმა შეარყია ანგლოსაქსური იდეური მონოპოლია ეკონომიკის თეორიაში.  ჩინეთის ეკონომიკა არის ქრესტომათიად მიჩნეული და პრემირებული ანგლოსაქსური ეკონომიქსების სრული უარყოფა. ჩინურმა ეკონომიკამ აღმასვლა დაიწყო სწორედ ლიბერტარიანული მოდელის ზეობისას. საბჭოთა პოლიტეკონომიის მარცხის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა გამოვიდა როგორც ახალი ანტითეზა, რომელიც არგუმენტირებულ პოლემიკას წარმართავდა  ეკონომიკის ანგლოსაქსურ თეორიასა და პრაქტიკასთან. ჩინურმა ეკონომიკამ დაადასტურა თავისი სისწორე. ყურადღებას იქცევს ცნობილი ჩინელი მეცნიერის, ჰუ ანგანგის წიგნი: „ჩინეთი 2020 წელს. ზესახელმწიფოს ახალი ტიპი“ (Hu Angang. China in 2020. A New Type of Superpower. Brookings Institution Press, 2011). ამ წიგნში საუბარია ათასწლეულის განვითარების მიზნებზე (Millennium Development Goals, MDG). ეს MDG მოიცავს რვა მთავარ მიზანს, 18 ქვემიზანს (subgoals) და 48 მაჩვენებელს (indicators) (p. 143).  წიგნში ხაზგასმულია, რომ ჩინეთი ქმნის სოციალური ჰარმონიის საზოგადოებას სოციალიზმის იდეის საფუძველზე. აქ გავიხსენებ ჰაიდეგერის ცნობილ, 1969 წლის ინტერვიუს სათაურით: „ატომური ბომბი უკვე პარმენიდეს პოემაში აფეთქდა“. ჰაიდეგერმა აქ თქვა, რომ სამერმისოდ მას უფრო სოციალიზმისა სწამს, ვიდრე ამერიკანიზმისა. ჩინეთი ერთმანეთს უთავსებს ბაზრის ლიბერალიზაციას და სახელმწიფო რეგულაციას. ჩინეთი იყენებს მკაცრ ხილულ ხელს ბაზრის უხილავი ხელის საწინააღმდეგოდ.  2000 წლიდან ჩინეთში კორუფციასთან ბრძოლის პროცესში დახვრიტეს ათი ათასამდე ბიზნესმენი და მოხელე. 120 ათას მექრთამეს მიესაჯა 10-დან 20 წლის საპყრობილე. ჩინეთში დიდი ხანია არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც მილიონ იუანზე მეტის მპარავი ან ქრთამის ამღები სიკვდილით ისჯება.

The Economist (October 12th-18th , 2013, p. 20) სპეციალურ მოხსენებაში წერდა, რომ ისტორიულად გლობალიზაციას ჰყავდა ჰეგემონი. ჩანს, რომ ამერიკა უკან იხევს ჰეგემონის როლისაგან და ჩინეთი კი ჯერ მზად არაა ამისთვის. აქვე მოყვანილია ცნობილი ნეოკონის, ჯონ აიკენბერის (John Ikenberry) ნათქვამი, რომ ამერიკის ჰეგემონია შეირყა (p. 20). სხვა ცნობილი ნეოკონი, ფარიდ ზაქარია თავის ცნობილ ბესტსელერს „პოსტამერიკული მსოფლიო“ (Fareed Zakaria.  The Post-American World. W. W. Norton & Company. New York, London. 2011), იწყებს ასეთი თავით: „დანარჩენი ქვეყნების აღზევება“ (The Rise of the Rest), (pp. 1 – 5).  ზაქარია ამბობს, რომ ჩვენ ვართ მოწმენი მესამე ჯერის დიდი ძალთა შეცვლისა ახლანდელ დროში. ამას შეიძლება ეწოდოს „დანარჩენი ქვეყნების აღზევება“ (We are now living through the third great power shift of the modern era. It could be called “the rise of the rest”), (p. 2).   ფარიდ ზაქარია აქ გულისხმობს სემუელ ჰანტინგტონის ნათქვამს: the West and the rest (დასავლეთი და დანარჩენები).

Forbes-ში (N 3, (108), 2013, стр. 134 -9) არის ნაწყვეტი ამერიკელი ეკონომისტების, საიმონ ჯონსონისა და ჯეიმს კვაკის წიგნიდან (Саймон Джонсон, Джеймс Квак. «13 банков, которые правят миром»). აქ არის ფაქტობრივი მასალა იმაზე, თუ როგორ უშველა ფედერალურმა მთავრობამ ბანკებს. საგულისხმო ისაა, რომ ავტორები არ ახდენენ განზოგადებას, როდესაც ამგვარი პროტექციონიზმი იწვევს ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიისა და ბაზრის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპის – ლეისეი ფეარის სრულ გაკოტრებას.

ცნობილი დამოუკიდებელი ანალიტიკური კომპანიის Fathom Consulting-ის თანახმად, უახლოეს მომავალში მსოფლიო ეკონომიკა მიუახლოვდება კიდევ ერთ „მინსკის მომენტს“ და უკვე დღეს დგას იმ რისკების წინაშე, რომელიც დაკავშირებულია ჩინეთისა და ევროზონის ეკონომიკურ პრობლემებთან (www.expert.ru/2014/08/7/mir-na-poroge-krizisa/). აქვე ნათქვამია, რომ ოთხი წელია ჩინეთის ეკონომიკის კოლაფსს განჭვრეტენო, მაგრამ ეს არ მომხდარა. ევროზონა კი ბალანსირებსო რეცესიის ზღვარზე.  2014 წლის ნოემბერში G 20 სამიტის დასრულებისას ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა Guardian -ისთვის დაწერილ თავის სტატიაში (17 November, 2014) აღნიშნა, რომ „ექვსი წლის შემდეგ, როდესაც ფინანსური კრახი მოხდა, რომელმაც მსოფლიო მუხლებზე დააყენა, გამაფრთხილებელი წითელი სიგნალები კვლავ ციმციმებენ გლობალური ეკონომიკის პანელზე“.  კემერონმა ევროზონის ეკონომიკაზე თქვა, რომ ის მესამე რეცესიის ზღვარზე ბალანსირებს მაღალი უმუშევრობით, ეკონომიკური ზრდის დაქვეითებითა და ფასების ვარდნის რეალური რისკით (The eurozone is teetering on the brink of a possible third recession, with high unemployment, falling growth and the real risk of falling prices too). (www.theguargian.com/commentisfree/2014/nov/16/red-lights-global-economy-david-cameron ).

ბრისბენის სამიტი მოეწყო იმისთვის, რომ მოძიებულიყო პოსტკრიზისული მსოფლიო ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები. ამის მაგივრად სამიტი იქცა რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ დემონსტრაციულ საბოტაჟად. საკითხების განხილვა ამ სამიტზე იყო ტენდენციური და პოლიტიკურად მიკერძოებული. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში დავოსის ფორუმებზე (2010 წლის იანვარი, 2011 წლის თებერვალი, 2012 წლის იანვარი), სადაც იკრიბებიან პოლიტიკოსები და მილიარდერები, არაფერი საიმედო არ ითქმის. არაფერს ნიშნავს დავოსის ფორუმების ფართოდ ანონსირება მასმედიაში. ეს ფორუმები არის ამა სოფლის ძლიერთა თავშესაქცევი და სალაღობო. სხვა დანიშნულება მას არც ჰქონია და არც ექნება.

დასავლეთი დადგა ფორმაციული კრიზისის წინაშე. ის საკითხები, რაც მარქსისტულ პოლიტეკონომიაშია, გაუქმებულად მოჩანდა 90-იანი წლების ლიბერტარიანული ტრიუმფის შემდეგ. დაკვირვებული თვალი დაინახავდა, რომ პიტერ დრაკერის განმაქიქებელი განაზრებანი მარქსიზმზე იმ 90-იან წლებშიც არ იყო დამაჯერებელი. ახლა ეს საკითხები მთელი სიმწვავით კვლავ დადგა დასავლეთის წინაშე.  პირველ რიგში ესაა შრომისა და კაპიტალის დიალექტიკისა და კლასთა ბრძოლის მუდმივი პრობლემა. აქ კიდევ ერთხელ საჭიროდ მიმაჩნია იმის თქმა, რომ მარქსისტული პოლიტეკონომიის კატეგორიების ხსენება არ ნიშნავს იმას, რომ ბოლშევიზმი და მარქსიზმ-ლენინიზმი დაბრუნდება. ეს ლიბერტარიანელებისა და მათი ადგილობრივი ეპიგონების მონაჩმახია. მათ დაამკვიდრეს ეს ფობია.  მსოფლიო ეკონომიკის საკითხებზე წერს ცნობილი კათოლიკე მღვდელი ჰანს კიუნგი (Hans Küng). ის 1995 წლიდან არის  Stiftung Weltethos-ის (მსოფლიო ეთიკის ფონდი) პრეზიდენტი. ჰანს კიუნგის,  კლაუს ლაიზინგერისა და იოზეფ ვილანდის ორენოვან გერმანულ-ინგლისურ კრებულში „გლობალური ეკონომიკის ეთოსის მანიფესტი. გლობალური ბიზნესის შედეგები და გამოწვევები“ (Hans Küng, Klaus M. Leisinger, Josef Wieland. Manifest Globales Wirtschaftsethos. Konsequenzen und Herausforderungen für die Weltwirtschaft. Deutscher Taschenbuch Verlag, München, 2010) კიუნგი საუბრობს ბაზრების, ლიბერალური ინსტიტუციებისა და მორალის მარცხზე, კაზინო-კაპიტალიზმზე, ინვესტორების სიხარბეზე. კიუნგი მიუთითებს ეთიკური გლობალური ეკონომიკის შექმნის აუცილებლობაზე (pp. 168-9). ამავე წიგნში არის ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორის, იოზეფ ვილანდის ნაშრომი „როგორ შეგვიძლია ვმართოთ ღირებულებები?“ (How can we manage values?, pp. 223-64).  არ მესმის როგორაა შესაძლებელი აქსიოლოგიაში (ღირებულებათა მეცნიერებაში) მენეჯმენტი? ის ღირებულებები (პატიოსნება, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ა.შ.), რაზაც ვილანდი წერს (p. 234), მრწამსის საკითხია და მენეჯმენტი მათ როგორ უთავსდება? ღირებულებათა დევალვაცია მიმდინარეობს დასავლეთში და რა აზრი აქვს მათი მართვის მეთოდებზე განმარტების წერას? ეს კრებული ხომ 2008-9 წლების დიდი რეცესიის შემდეგ გამოვიდა და რატომ ისევ ის ბევრი ძველი შაბლონი მეორდება, რაც მრავლადაა 80-იანი წლების დასავლური ეკონომიკური ანალიტიკის კრებულებში? ღირებულებათა მენეჯმენტზე კი არა, არამედ ღირებულებათა თავიდან დადგენაზე, ფასეულობათა გადაფასებაზე უნდა იყოს მსჯელობა. გლობალურმა კაპიტალიზმმა თავისი ნეოლიბერალური და ლიბერტარიანული სახით იდეური კრახი განიცადა და ახალი გეზის მოძიებაა საჭირო.

ულრიხ ბეკი თავისი ნაშრომის ბოლოში „რა არის გლობალიზაციის პროცესი? გლობალიზმის ცდომილებანი და პასუხები ამ პროცესზე“ (Ulrich Beck.  Was ist Globalisierung? Irrtümer des Globalismus – Antworten auf Globalisierung. Suhrkamp, 2002) წერს: მსოფლიო სპეკულანტს მიაჩნია, რომ ლიბერალური საფინანსო კაპიტალი უფრო საშიშია, ვიდრე კომუნიზმი იყო ადრე (S. 264).  ულრიხ ბეკს შესაძლოა, მხედველობაში ჰყავს ჯორჯ სოროსი, რადგან მსგავსი გამონათქვამები სოროსს აქვს თავის წიგნებსა და ინტერვიუებში.  აქვე ბეკი აღნიშნავს, რომ  დადგა ფასეულობათა გადაფასების დრო და დისიდენტიზმმა ვერ მიაღწიაო სახაროვის გაქანებას, მაგრამ ელიტის შეცვლის შესაძლებლობა (die Möglichkeit eines Elitewechsels) ახლოვდება (S. 264).

ამ წიგნის გამოცემამდე, 2001 წლის 15 ნოემბერს ულრიხ ბეკმა Le Monde -ში გამოაქვეყნა სტატია (Ульрих Бек.  Конец неолиберализма. Глобальное нашествие террора похоже на Чернобыль мировой экономики), (www.inosmi.ru/untitled/20011115/142162.html ).  აქ ბეკი საუბრობს გლობალიზაციაზე და განიხილავს ნეოლიბერალიზმის დებულებას სახელმწიფოს ჩაურევლობაზე ეკონომიკაში. ბეკის თქმით,  კაპიტალისტი-რევოლუციონერების რწმენა, რომ დერეგულირებული ეკონომიკა და ბაზრების გლობალიზაცია გადაწყვეტს კაცობრიობის პრობლემებს, აღმოჩნდა საშიში ილუზია. აქვე ბეკი ამბობს, რომ პოლიტიკისაგან გამიჯნული მსოფლიო ეკონომიკა არის ილუზია.

შევხედოთ, ულრიხ ბეკმა ეს აზრი ელიტების ცვლასა და დასავლეთში გაჩენილ დისიდენტობაზე თავის წიგნში გამოთქვა ჯერ კიდევ 2002 წელს, როდესაც, ულრიხ შეფერის სიტყვით რომ ვთქვათ, კაპიტალიზმის უოტერგეითი ჯერ არ იყო დამდგარი.  შეფერი თავის წიგნში „კაპიტალიზმის კრახი. რატომ ჩაფლავდა თავის ნებაზე მიშვებული საბაზრო ეკონომიკა და რა უნდა ვაკეთოთ ახლა“ (Ulrich Schäfer. Der Crash des Kapitalismus. Warum die entfesselte Marktwirtschaft scheiterte und was jetzt zu tun ist“. Campus Verlag. 2009) წერს Lehman Brothers-ის ბანკროტობიდან დაწყებულ კრახსა და უოლ-სტრიტის კაპიტულაციაზე (S. 188 – 198).   შეფერი  ახსენებს „ლეგენდურ სპეკულანტს“, ჯორჯ სოროსს (Der legendäre Spekulant George Soros), (S. 269).  შეფერი წერს, რომ სოროსი ამბობს იმას, რასაც არ იტყოდა მენეჯერთა უმრავლესობა. შეფერს მოჰყავს სოროსის გამონათქვამები: „საბაზრო ფუნდამენტალიზმი ბოლო ათწლეულებში იყო დიდი შეცდომა“. „ეს კრიზისი განსხვავდება ყველა კრიზისისაგან, რაც გვინახავს ბოლო 60 წელიწადში. ეს უფრო უარესი რამ არის!“ (Der Marktfundamentalismus der letzten Jahrzehnte war ein großer Fehler. Diese Krise unterscheidet sich von allen, die wir in den letzten 60 Jahren gesehen haben – sie ist schlimmer!) (S. 270).

ულრიხ შეფერი ამბობს სოროსზე, რომ კაცი, რომელიც სპეკულაციებით გახდა მილიარდერი, მოუწოდებს ახალი ეკონომიკური პარადიგმისა და ძლიერი სახელმწიფოს საჭიროებაზე. ეს ახალი პარადიგმა სახელმწიფოს მზარდი როლით თანდათანობით იკვეთება (ibid.). შეფერი თავისი წიგნის ბოლოში ასკვნის, რომ კრიზისი დიდხანს დარჩება და 2008 წლის რეცესიამ ღრმა კვალი დატოვა (S. 307). შეფერი მომდევნო კრიზისის მოსვლაზე წერს და ერთ-ერთ სამერმისო სცენარად მიაჩნია დოლარისაგან გაქცევა (die Flucht aus dem US-Dollar).

მსოფლიოში იზრდება დედოლარიზაციის პროცესი, რაშიც ჩართულნი არიან ჩინეთი, რუსეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ბრაზილია და სხვა ქვეყნები. 1861 წელს გამოსული დოლარი მრავალი რყევის შემდეგ იქცა ყველაზე სტაბილურ და საიმედო მსოფლიო ვალუტად XX საუკუნის 50 – 90-იან წლებში. ხანგრძლივმა ომებმა და ასევე 2008 წლის დეპრესიამ შეარყია დოლარის ძლიერება. ჩინური იუანი კარგა ხანია აღარაა დოლარზე მიბმული. ის მას მცირედ დაკავშირებულია. უკვე რამდენიმე წელია ჩინეთი იღებს ზომებს, რომ იუანი სრულიად მოსწყდეს დოლარს. ჩინეთის სახალხო ბანკი 2014 წლის დასასრულისათვის მიიჩნევს, რომ იუანი დოლართან ერთად უკვე მეორე მსოფლიო ვალუტაა. ჩინეთმა ხელი მოაწერა სავალუტო შეთანხმებას კანადასთან და ყატართან, რაც ზრდის მსოფლიო დედოლარიზაციის მასშტაბს. ყურადღებას იპყრობს IMF-ს (მსოფლიო სავალუტო ფონდი) მოხსენება (2014 წლის ოქტომბერი) მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობაზე. აქ ნათქვამია, რომ ძველ შვიდეულთან კონკურენციას იწყებს ახალი შვიდეული (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, მექსიკა, ინდონეზია, თურქეთი)    (www.expert.ru/2014/10/9/novaya-semerka/ ).

ნეოკონსერვატორული ჟურნალი The National Interest  (September 29, 2014)  წერდა, რომ ხმები დოლარის დაცემაზე მეტად გაზვიადებულია და მისი სტატუსი, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტისა, არა საეჭვო. სტატიის ბოლოს კი ითქმის, რომ რაღაც მომენტში დოლარი დაკარგავსო სავალუტო ჰეგემონის როლს, მაგრამ მან უნდა გააგრძელოს დომინირება უახლოეს მომავალში. (www.nationalinterest.org/blog/the-buzz/king-the-world-why-the-almighty-us-dollar-dominates-11370 ).

ძალზე ბევრი იწერება ამერიკულ გამოცემებში დოლარის მომავალზე. კრიტიკულ წერილებში გამოკვეთილია ერთი ძირითადი აზრი, რომ ფედრეზერვის მიერ დოლარის მასის განუსაზღვრელი ემისია დიდი საფრთხის შემცველია. აშშ-ში საკმაოდაა გამოსული ანალიტიკური მასალები იმაზე, რომ ფედრეზერვი ებრაელთა ფინანსური დომინირების ორგანოა. ეკონომიკური კრიზისის გაჭიანურება, ამერიკის მარცხი ავღანეთსა და ერაყში, შიდაეკონომიკური სიძნელეები სულ უფრო აძლიერებს ანტიისრაელურ დისკურსს ანგლოსაქს ამერიკელთა შორის. კრიტიციზმი სულ უფრო ძლიერდება როგორც ამერიკელ ნეოლიბერალთა, ასევე მემარცხენეთა ბანაკებში. ბარაქ ობამას კრიტიკა სულ უფრო ხშირად რასისტულ სახეს იძენს ფერგიუსონის არეულობის შემდეგ. ეს უკვე დაცინვაა და არა კრიტიკა. ფეისბუქი სავსეა ობამას დაცინვითა და კარიკატურებით მისი აფრიკული წარმოშობის გამო.

ამერიკული Great society (დიდი საზოგადოება), რომელშიც აღარ უნდა ყოფილიყო კლასობრივი ანტაგონიზმი და რომელიც მთელი მსოფლიოს ხალხებისათვის მისაბაძ ნიმუშად უნდა ქცეულიყო, დაშლის პირასაა. გახანგრძლივებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა აშშ-ში გაამწვავა სოციალური კრიზისი და აშალა ისტორიული წყლულები. ესენია – წინააღმდეგობა ამერიკის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, რასიზმის პრობლემა, ანგლოსაქსური იდენტობისა და კალვინისტური მესიანიზმის პრობლემა, ძველი დავის განახლება იზოლაციონისტებსა და ნეოკონ  პანამერიკანისტ იმპერიალისტებს შორის.

საერთაშორისო ინვესტორი, ფინანსისტი მარკ ფაბერი ინტერვიუში ამბობს, რომ მას გლობალურ ეკონომიკაზე ნეგატიური პროგნოზი აქვს და მისი თქმით, სისტემური კრიზისი გაღრმავდება (Forbes  N 9 (114) 2013, стр. 88 – 90). ერთია ნეგატიური პროგნოზები გამოთქმული მაღალი კომპეტენციის მქონე პირთაგან და მეორეა ეკონომიკური კატასტროფიზმის მუდმივი თემა, რომელიც მოეძალა საინფორმაციო საშუალებებს. ამ კატასტროფიზმითა და ანგაჟირებული პოლიტიკური განსჯით ცდილობენ მკითხველთა მიზიდვას. მეტად დამღლელი და შრომატევადი საქმეა იპოვო ანალიტიკის ამ მასივში ღირებული და ყურადსაღები რამ. მომაბეზრებელია ამდენი ლაპარაკი „ათვლის ახალ წერტილსა და შემობრუნების მომენტზე მსოფლიო ეკონომიკაში“, მაშინ როცა არაფერი შემობრუნებულა.   ინფორმაციული კვანტიფიკაციითა და ოპტიმისტური ჰიპერეკონომიზმით იფარება ის, რომ დასავლეთში დადგა მწვავე ცივილიზაციური კრიზისი. აქ მხოლოდ ის არაა, რომ გლობალური ორგანიზაციების (IMF, WB და სხვები) ტრიბუნიდან გამოითქმის პროგნოზები მომდევნო კვარტლიდან ამა თუ იმ დიდ ქვეყანაში წარმოების მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდაზე, საფონდო ბირჟების გამოცოცხლებაზე და ა.შ. საკითხი ეხება კაპიტალიზმის ფორმაციის კრიზისს და ნეოლიბერალური გლობალური სისტემის კრახს. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ვერ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას, ხოლო WTI და  Brent მარკების ნავთობზე ფასების დაწევა მხოლოდ რუსეთის, როგორც მსოფლიოს მერვე ეკონომიკაზე, რომელიც დიდი ხანია ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში თავისი ბანკებითა და მრეწველობით, არ აისახება ნეგატიურად. რუბლის რყევას და ნავთობზე ფასების დაცემას გადაიტანს რუსეთი. იზარალებს მისი რიგი დარგები მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, მაგრამ რუსეთი ამას გაუძლებს. ნუ მოგვატყუებს რუსი ლიბერალი ექსპერტების, განსაკუთრებით მოსკოვის მეხუთე კოლონის წარმომადგენელთა დაწერილი პანიკური, სენსაციური და აპოკალიპტიკური პროგნოზები, რომლითაც სავსეა ინტერნეტი. ასეთი აზრიც კი გამოითქვა, რომ რუსეთს მოელის ელცინის დროინდელი დეფოლტის (1998 წლის 17 აგვისტოს გამოცხადდა რფ-ს ტექნიკური დეფოლტი) განმეორება. ახლანდელი კრიზისი რუსეთის ეკონომიკაში ამის თქმის საფუძველს არ იძლევა. სხვა იყო 1998 წლის მძიმე კრიზისი და სულ სხვაა ახლანდელი კრიზისი რუსეთში, რაც გაამწვავა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა. რუსეთი დგას და იდგება! რუსეთის ახლანდელი მთავრობა სახელმწიფო კაპიტალიზმის დამცველია და არა გაიდარ-ჩუბაისის დროის ლიბერტარიზმისა. ნუ შეგვიშლის ამის დანახვაში ხელს ოლიგარქების სიმრავლე პუტინის გარშემო. ნავთობზე ფასების ვარდნის გაგრძელება დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკასაც შეეხება. ის დაარტყამს სხვადასხვა დარგებს და ასევე ფინანსურ ბაზრებს ევროზონის ქვეყნებსა და აშშ-ში. ეს იმას ნიშნავს, რომ გაბათილდება პოსტდეპრესიული 6 წლის მანძილზე მიღწეული შედეგები რეცესიიდან გამოსვლისათვის. იქმნება ახალი რისკები, რომელთა დაძლევა გაძნელდება დიდ ქვეყნებს შორის არსებული ექსტრემისტული პოლიტიკის გამო.  შეუძლებელია გამართლდეს პოსტრეცესიული მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებაზე დიდი ბანკებისა და სარეიტინგო სააგენტოების ექსპერტთა მიერ გამოთქმული პროგნოზები, რადგან ომები უკრაინაში, ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში, აფრიკის ქვეყნებში  ცუდად მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე. შეუძლებელია ეკონომიკის გამოცოცხლება იქ, სადაც პოლიტიკა მიმართულია ესკალაციასა და მილიტარიზმზე. 2014 წლის 19 დეკემბრის ცნობით, სარეიტინგო სააგენტომ  Standard & Poor’s -მა უკრაინის საკრედიტო რეიტინგი დასწია CCC -დან CCC- -მდე.  S & P  მიიჩნევს, რომ უკრაინის დეფოლტი მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი. რუსეთთან ომმა უკრაინა გააპარტახა. სხვაა უკრაინის სინამდვილე და სხვაა ის ტენდენციური ანალიტიკური ტექსტების მასივი, რაც მრავალი თვეა ქვეყნდება პრესასა და ელექტრონულ ქსელში. გავა დრო და ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

საბჭოთა იმპერიის დაშლა და დასავლური იდეოლოგიის გამარჯვება არის არა მზის ამოსვლა, არამედ დასავლეთის მზის ჩასვლა. და რადგანაც ნეოლიბერალური დაისი ძალზე ბრწყინვალეა, ბევრზე ბევრს ეს ისევ აისად ეჩვენება. დაველოდოთ, რას გვიჩვენებს უახლოესი მომავალი. ერთი კია, რომ მასშტაბური ძვრებია მოსალოდნელი მიმდინარე ისტორიაში, რომელიც რადიკალურად შეცვლის ძალთა განლაგებას დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე.

დეკემბერი, 2014 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s