დიდი ტექნოლოგოსი


„მეცნიერების გამარჯვება კი არ არის ჩვენი XIX საუკუნის    განმასხვავებელი ნიშანი, არამედ მეცნიერული მეთოდის გამარჯვება მეცნიერებაზე“.

ფრიდრიხ ნიცშე

*ეს წერილი 15 წლის წინანდელია. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „მერიდიანი 44“ (11-13 სექტ., N 100, 2000 წ.).  ის ეხება ტექნიკის ფილოსოფიასა და ლიბერალიზმის მომავალს. ვფიქრობ, იგი დღესაც ეხმიანება ამა ჟამის ჭირბოროტობას.  ახლა, 2015 წლის აპრილში, მას ხელახლა ვაქვეყნებ შესწორებული და შევსებული სახით. 

ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ინფორმაციული ანუ კომუნიკაციური აფეთქება, რაზეც ხშირად აღინიშნება სოციოლოგიასა და ფილოსოფიაში. ამ აფეთქებამ  წარმოშვა ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის იდეა, რაც გულისხმობს თანასწორ ურთიერთობას მსოფლიო კომუნიკაციის სფეროში, მაგრამ ინფორმაციის გაცვლა არათანასწორ ურთიერთობებს ემყარება. ჯგუფი გარკვეული ქვეყნებისა კომუნიკაციური პროგრესის ავანგარდში დგას, ქვეყნების სხვა, გაცილებით დიდი ჯგუფი მის არიერგარდშიც ძლივს ინარჩუნებს ადგილს.  ასეთ ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება საქართველო. ინფორმაციული ექსპანსია არის კულტურული ექსპანსიის ერთ-ერთი ძირითადი სახე. ტელეპროგრამათა უმრავლესობა უცხოური და უცხოეთზე გადაცემებისაგან შედგება. ათიდან ცხრა წიგნი, იქნება ეს მხატვრული ლიტერატურა, ბიზნესი, სოციოლოგია, თუ სხვა, არაქართულია, შემოტანილია რუსეთიდან ან დასავლეთიდან.

სიტყვისა და აზრის მონოპოლიას დასავლეთი ფლობს და ასეთ ვითარებაში საქართველოსათვის ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის იდეა რჩება ფიქციურ შესაძლებლობად. საქართველოს სათქმელიც არაფერი აქვს დასავლეთისათვის, გარდა იმისა, რომ ის განუწყვეტლივ ადასტურებს თავის დემოკრატობას და იმეორებს აზრს ლიბერალ-კაპიტალიზმის ჭეშმარიტების შესახებ. საქართველოში ყველაფერი დასავლეთისაკენ მიხედვით ითქმის. ქართული საზოგადოებრივი აზრი მუდამ დასავლეთისაგან ელოდება მოწონებას, რადგან იგი რწმენას მოკლებულია. იგი მუდამ კატეგორიულად იმტკიცება და ამ დროს თვითონაც არ სჯერა თავისი ნათქვამისა. რატომ მიიჩნევა, რომ  დემოკრატია ჭეშმარიტებაა  და ის არის საკაცობრიო გზის დამასრულებელი?  საქართველოში დასავლელ მოაზროვნეებზე უფრო ჭკვიანები არიან, თუ უფრო მეტად დემოკრატები, ვიდრე თავად დასავლელები?  ქართველთა დისკურსში გვერდიგვერდ არსებობს უდიდესი დამცინაობა ყველასა და ყველაფრის მიმართ, უსაზღვრო პირონიზმი  და თავგადაკლული დემოკრატობა, რომელიც ყოველგვარ კრიტიკას ბოროტად ხვდება, იმის მიუხედავად, რომ პოსტსაბჭოთა ლიბერალიზმი თავიდანვე ღრმად კრიზისული და მანკიერი აღმოჩნდა.

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა მოიპოვა გამარჯვება სოციალისტურ ბანაკზე, აღარ საუბრობენ წინააღმდეგობებზე კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის. ეს წინააღმდეგობანი მოიხსნა, მაგრამ არ გადაწყდა. საბჭოთა იდეოლოგია გორბაჩოვისეული გარდაქმნის დოქტრინის გამოცხადების მიუხედავად, 90-იანი წლების დასაწყისამდე დასავლური ფუტუროლოგიის მეცნიერულ ღირებულებას გადაჭრით უარყოფდა, რადგან ფუტუროლოგია საბჭოთა სოციალიზმის პერსპექტივების კვლევისას მის გარდაუვალ დაცემაზე მიუთითებდა. მაგრამ აქ არა ამაზე მექნება საუბარი. უაზრობაა საბჭოთა იდეოლოგიის მარცხის ფაქტზე დაყრდნობით დამცინავად ილაპარაკო მარქსის მოძღვრებაზე და შეუდგე კაპიტალიზმის აპოლოგიას.  სწორედ ამ  აპოლოგეტობის სისწორეში შემაქვს ეჭვი თვით დასავლელ მკვლევარებზე დაყრდნობით.

პოსტსაბჭოთა საზოგადოების ყოვლისმომცველი კრიზისის ახსნასა და გადაწყვეტას ცდილობენ რელიგიური საკითხების შემოტანით. საუბრობენ მეორედ მოსვლის წინა ჟამის ნიშნებზე, ტექნიკის სატანურობასა და იმ ხელისუფლების უზნეობაზე, რომელიც ტექნიკისა და ტექნოლოგიის მეშვეობით მართავს საზოგადოებას.  ეს იმ დროს, როდესაც გამეტებით ამტკიცებენ დემოკრატიის უეჭველობასა და საბოლოო ჭეშმარიტებას. ერთი საკითხიდან მეორეს მიწყდომა  ძალზე ახასიათებს  საზოგადოებრივ აზროვნებას საქართველოში.  განიხილება რომელიმე საკითხი და შემდეგ ეს საკითხი მისი სიძნელისა და მასზე მომსჯელეთა ზერელეობის გამო დავიწყებას ეძლევა. რატომ არის ტექნიკა სატანური? თუ ის სატანურია, განკითხვის დღე მას უარყოფს, თუ დატოვებს და ღვთიური მადლით შემოსავს? თუ ნებისმიერი მესიანიზმი და მისიონერიზმი მიიჩნევა ავადმყოფური გონების ნაყოფად, რატომღა იტყვიან ეგზომ ბევრს მეორედ მოსვლაზე? ყველგან ვხედავთ ქართველთა დისკურსის მრუდე ფუძეზე დგომას და დაუძლეველ პროვინციალიზმს.  საუბრობენ, მაგალითად, ტექნოფობიაზე და ცდილობენ ის საზოგადოებრივი აზროვნების თვალსაწიერში მოექცეს, მაგრამ დაწყებული მსჯელობა რამდენიმე ცნებისა და ტერმინის კონსტატაციის შემდეგ წყდება. ეს არის ქართველთა დიდი ნაკლი. საკითხი, რომელსაც ეს-ესაა შეეხნენ, თავად ვიწრო ფილოსოფიურ წრეებშიც კი გაუაზრებელი რჩება ამდენი ლაპარაკის შემდეგ. ამის გამოა, რომ ინტელექტუალურ ასპარეზზე დემოკრატობაზე თავის დამდები სნობები თვითნებობენ. ქართული ფილოსოფიური აზრი უნაყოფოა. არაფერს არ იძლევა რიგი დასავლური ფილოსოფიური თეორიების გამოწვლილვით ცოდნა. ქართველთა საზოგადოებრივი აზროვნება ფილოსოფიურ საფუძველსაა მოკლებული. ეკლესიას კი არ შეუძლია ამ ნაკლის აღმოფხვრა.

80 – 90 წლებში დასავლური ფუტუროლოგია  2000 წლის დადგომის მოლოდინში ძალზე მძიმე პროგნოზებს ადგენდა. პოლიტიკური და სოციალური პერსპექტივების კვლევამ წარმოშვა და გააძლიერა ტექნოფობია. მრავალი პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა და ფუტუროლოგიის ავტორიტეტი შეირყა, მაგრამ ეს არ მისულა ფუტუროლოგიური კვლევის აუცილებლობის უარყოფამდე.  პროგნოსტიკას უდიდესი ყურადღება ექცევა დასავლეთში. არსებობს მრავალი კვლევითი ცენტრი და ავტორიტეტული მკვლევარი, რომელთა ნააზრევს სწავლობენ მთელ მსოფლიოში. იშვიათია ისეთი მკვლევარი, რომელიც თავის ნაშრომებში მარქსიზმს არ შეხებოდეს. მარქსის ნააზრევს კვლავ და კვლავ უბრუნდებიან და ის, რომ პერიოდულად წამოიწყებენ ხოლმე მარქსის უარყოფას, მიუთითებს მისი ნააზრევის წარუშლელ კვალზე.  მარქსი საუბრობს არა დასავლური ცივილიზაციის, არამედ კაპიტალიზმის დაღუპვაზე. დასავლური ცივილიზაციის მომავლად მას ესახება სოციალიზმი.  პიტერ დრაკერი (1909 – 2005),  ანტიმარქსისტი ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ვინც შექმნა ბიზნესის საზოგადოების თეორია,  მარქსის მთელ რიგ დებულებებს მცდარად მიიჩნევს და მიუთითებს, რომ მარქსის პროგნოზები კაპიტალიზმის დაღუპვაზე არ გამართლდა. სხვა ამერიკელი სოციოლოგები საუბრობენ კაპიტალიზმის დაღუპვაზე და კაპიტალიზმის დაცემაში ისინი უკვე დასავლური ცივილიზაციის დაღუპვას გულისხმობენ.

ოქტომბრის რევოლუციის (1917 წ.) დროს ლენინი წითელი არმიის გამარჯვებათა უდიდეს ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ რევოლუციის გამარჯვება დიდ გავლენას მოახდენდა აღმოსავლეთის კოლონიურ ქვეყნებზე. ამ დროს (1918 – 24 წწ.) ევროპაში წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ აზიისა და აფრიკის კოლონიები როდესმე შეძლებდნენ ევროპელი და ამერიკელი კოლონიზატორების განდევნას, რომელნიც ტექნიკური განვითარებულობით აღმოსავლეთზე ბევრად მაღლა იდგნენ. ამაზე არავინ კამათობდა ევროპაში. ლენინი კი ამბობდა, რომ ბოლშევიკური რევოლუცია სწორედ კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მისცემდა დასაბამს აღმოსავლეთში. სწორედ ამ პერიოდში თურქეთში დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლა და მას მოჰყვნენ სხვა აღმოსავლური ქვეყნები. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ აღმოსავლეთის ხალხებმა ძალზე სწრაფად აითვისეს დასავლეთის ტექნიკური მონაპოვრები, რომელთა შექმნასაც ევროპაში მრავალი თაობის მეცნიერთა შრომა დასჭირდა. შპენგლერი წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ტექნიკის მიღწევებმა აღმოსავლეთის ქვეყნებში გაჟონაო, რითაც ევროპული ჰეგემონიზმის საფუძველი შეირყა.

ტექნიკისა და ტექნიკაზე დამყარებული ძალაუფლების ფილოსოფიურ გააზრებას დასავლეთში უდიდესი ყურადღება ეთმობა. ვებლენის მიმდინარეობას მიკუთვნებული ჯონ გელბრეითი (1908 – 2006), ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ამბობდა, რომ ტექნიკური ბიუროკრატია თანდათანობით ხელთ იგდებს პოლიტიკური მართვის სადავეებს. ეს აზრი გელბრეითამდე გამოთქმული ჰქონდა ამერიკელ სოციოლოგს ტორსტაინ ვებლენს (1857 – 1929), რომლის ნააზრევზეც გავლენა მოახდინა კანტმა და მარქსმა. ტექნოკრატიული იდეა არის ტექნიკური პროგრესით გამოწვეული ადამიანის სიამაყისა და მეცნიერული ოპტიმიზმის უკიდურესი ზღვარი.  გელბრეითის თეორია აფუძნებს ტექნიკური კომპლექსების პრიმატს ინდუსტრიულ საზოგადოებაში.  აზრი ტექნოკრატიაზე  გელბრეითმა წამოაყენა 60-იან წლებში. 80-იან წლებში მოხდა ამ აზრის ხელახლა წინ წამოწევა კომპიუტერის გაჩენასთან ერთად, ხოლო საზოგადოებას კი ეწოდა ინფორმაციული, პოსტინდუსტრიული საზოგადოება.

ტექნოკრატიის იდეა არის ტექნიკის პრეტენზია ძალაუფლებაზე, ადამიანის დაპყრობასა და მის მართვაზე. ეს იდეა არის მანქანური კრატოლოგემა. ტექნიკური პროგრესი საზოგადოებას მოიაზრებს როგორც ტექნოლოგიათა კომპლექსს. იწყება საზოგადოების ტოტალური კონტროლი კალკულირების საფუძველზე. მედია აქ თვითონ არის კონტროლირებადიც და მაკონტროლებელიც. სოციალურ ურთიერთობებზე კი არ საუბრობენ, არამედ სოციალურ ტექნოლოგიაზე, როგორც ეს კარლ პოპერთან არის. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები გაიაზრება მანქანური ურთიერთობების ანალოგიურად. ადამიანი განიხილება არა როგორც ადამიანური სუბსტანცია, არამედ როგორც მანქანის ნაწილი. ის, რასაც ნაცისტები მეცნიერული ცინიზმით აკეთებდნენ, დღეს უკვე თავის განვითარებას ჩვენს ინფორმაციულ საზოგადოებაში პოულობს. არსებითი კი აქ ისაა, რომ ადამიანის ტექნიზირება დაიწყო მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. ადამიანი ამით აღტაცებულია და თავისი გონების ძალოვანებას იქადის. ეს არის დასავლური ცივილიზაციის ხვედრი და წერა. ჰაიდეგერს ნათქვამი აქვს, რომ უბედურებაა ის, რომ მსოფლიო სრულიად ტექნიზირებული ხდება, მაგრამ მეტი უბედურებაა ის, რომ ადამიანი მომზადებული არ არის მსოფლიოს ასეთი შეცვლისათვის.

ტექნიკა, ეს კიბერნეტიკული სფინქსი ატყვევებს ადამიანის გონებას და სამყაროს დასაპყრობად აღძრავს მას. დიდი ტექნოლოგოსი აიძულებს ადამიანს ეძიოს, სრულჰყოს და იკვლიოს. ეს არის ტექნიკის იმპერატივში გამოხატული გონი, რომლის ძალოვანებით შეძრწუნებული ღვთისმეტყველი მას სატანის მანქანებად რაცხს.

ინფორმაციულ საზოგადოებაში მასობრივი კომუნიკაციები უშუალო მიმართებაში იმყოფებიან ტექნოკრატიული ძალაუფლების იდეასთან. ტელევიზია ყოველთვის  ტექნოცენტრული რადიკალიზმის დამფუძნებელი და ტექნიკის აპოლოგეტია. ტელევიზიით ნაჩვენები ტექნოლოგიური სიახლეები მოწოდებულნი არიან დაარწმუნონ ადამიანი საზოგადოების ყოვლისმომცველ წინსვლაში. უიდეობისა და საზოგადოებრივი იდეალის არქონის გამო საქართველოში ხდება ტექნიკის პრიმატის  განსაკუთრებულად ხაზგასმა. ტექნიკამ აქ იდეის მაგივრობა უნდა გასწიოს. ესე იგი მკვიდრდება ტექნოკრატიული ლოზუნგი: „ტექნოლოგიისაგან თავის დახსნა მეტ ტექნოლოგიაშია!“.  იზრდება მანიპულირების მასშტაბი და აქ გამოყენებულია ის არსენალი, რომელიც გერმანელი ნაცისტების, რუსების, ამერიკელების მიერ არის მოპოვებული, როდესაც სამხედრო ლაბორატორიებსა და კვლევით ცენტრებში ტარდებოდა ექსპერიმენტები ცხოველებსა და ადამიანებზე.  ტელეპროდუქციაში ხდება იმ ცდების პირდაპირი გადატანა ჩვენი დროის ადამიანებზე. ცდების მიზანი იყო ცხოველთა პირობითი რეფლექსების გამომუშავება და წინასწარგანსაზღვრული ქცევის ჩამოყალიბება. ამ დროს ტელეჟურნალისტი მუდამ უმაღლესი მსაჯულის როლში გამოდის. მთელი საქართველო პავლოვის ძაღლად იქცა. არაფრის მთქმელია ამდენი სატელევიზიო ინტერაქტივი, საჯარო დისკუსია. მანიპულაციის პროცესში შეგნებულად ხდება ენის დესტრუქცია, ცნებათა გაყალბება. მანიპულაცია მოიცავს რელიგიასაც. ტექნოლოგიური ძალაუფლებისათვის უხშირესად გამოყენებული სიტყვა „კონტროლი“ მაგიურ აზრს იძენს. აი ამ ტექნოლოგიური კონტროლით ხდება საზოგადოების უზნეობის, უიდეობის და იდიოტიზმის ნეიტრალიზება.  ტექნოკრატიული იდეა ცდილობს ადამიანის გარდაქმნას და მის მანქანურ დანამატად გადაქცევას. სოციალური საკითხები (სიღარიბე, შემოსავლების გროტესკული უთანასწორობა და ა.შ.) ტექნიკის განვითარებით კი არ წყდება, როგორც ამას მრავალი მეცნიერი ირწმუნება, არამედ უფრო მწვავდება.

წარსულში სახელმწიფო ძალაუფლება არ საჭიროებდა ტექნიკისადმი აპელირებას. მეფის ძალაუფლება თავისი ლეგიტიმურობის დადასტურებას ღმერთზე მითითებით პოულობდა. დღეს ძალაუფლების იდეური ლეგიტიმაციის პრობლემა ვერ წყდება დემოკრატიაზე მითითებით. დემოკრატია სოციალური ტექნოლოგიისა და კალკულაციის შემადგენელი ნაწილია. ის არ დგას ტექნიკური პროცესის მიღმა ან მასზე მაღლა. ამიტომ დემოკრატიას არ შეუძლია წინ აღუდგეს ტექნოკრატიას.  დემოკრატიაზე მითითება იგივე ტექნიკის იმპერატივზე მითითებაა.

ორ სისტემას შორის დაპირისპირების მოხსნამ ტექნოცენტრიზმი უფრო გააძლიერა. ეს იმიტომ, რომ ორივე ბანაკში, როგორც სოციალისტურში, ასევე კაპიტალისტურში სოციალური იდეალი და მიზანი დაიკარგა. დაპირისპირების დროს ორივე ბანაკი მიუთითებდა საკუთარი სოციალური იდეალის სისწორეზე. ორივე სისტემის იდეალი ეგალიტარული რევოლუციების პირმშო იყო. დასავლეთმა გაიმარჯვა საბჭოთა სისტემაზე, მაგრამ ეს გამარჯვება მისი იდეალის სისწორეზე ძალზე ცოტას მეტყველებს. ლიბერალ-კაპიტალისტურ სისტემას დღეისათვის უჭირს დააფუძნოს თავისი სოციალური იდეალის სისწორე და მართებულობა მთელი მსოფლიოსათვის. ამ იდეალს დასავლეთი აფუძნებს ტექნიკის განვითარების აუცილებლობაზე მითითებით. დასავლეთი ერთმანეთს უშუალოდ  უკავშირებს ლობერალიზმსა და ტექნოცენტრიზმს.  დასავლეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს კულტურულ-ისტორიულ ინიციატივას  მსოფლიოში და ტექნოლოგიური განვითარების ავასნგარდში დგას. ესე იგი ტექნიკის განვითარების აუცილებლობაზე მითითება გულისხმობს დასავლური სოციალური იდეისა და ლიბერალ-კაპიტალიზმის უდავო სისწორის მტკიცებასაც. აი ამაშია სიძნელე, რომელიც ტექნიკური პროგრესის ტელეოლოგიის  გარკვევისას  წარმოიშობა. ტექნიკა კრიტიკის მიღმა აყენებს ლიბერალ-კაპიტალიზმს.

          როდესაც პოსტსაბჭოთა ქართველი ინტელიგენცია საუბრობს დასავლური სისტემის ერთადერთობაზე, ამით ის ტექნოკრატიის ერთადერთობასაც ამტკიცებს. დასავლური ცივილიზაცია და ევროპეიზმი უფრო ტექნიკის განვითარებაზე ეფუძნება, ვიდრე პროგრესულ ჰუმანისტურ იდეათა განხორციელებაზე.  განვითარების სხვა გზა ევროპეიზმს დასავლეთში არა აქვს. სულ სხვაგვარია აღმოსავლეთი, როგორც ისლამური, ასევე ბუდისტური და ინდუისტური, რომელიც მიუხედავად ინტენსიური ვესტერნირებისა და ტექნიზირებისა, ინარჩუნებს განსხვავებული გზის შესაძლებლობას.  XIX საუკუნეში ევროპის მსოფლიო ჰეგემონობა ემყარებოდა  ტექნიკის განვითარებას. აღმოსავლეთი ევროპამ ტექნიკის ძალით დაიპყრო. ტექნიკას შეჰყვა დაპყრობილ აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანი მისიონერი და ტექნიკამ დაარწმუნა  გაქრისტიანებული აღმოსავლელი კაცი, რომ ქრისტეს სიტყვა ჭეშმარიტია სწორედ იმიტომ, რომ დასავლეთმა მოიტანა მანამდე არნახული ტექნიკური მოწყობილობანი.  ამის მიუხედავად, ტექნიკა ნაკლებად შეეხო აღმოსავლეთის კულტურების გონს. სხვა იყო ის, როდესაც ევროპელი კოლონიზატორი შედიოდა ჩინეთში, ირანში ან ინდოეთში და სხვა იყო ის, როცა კოლონიზატორი აფრიკის ქვეყნებში შედიოდა და მთელ სოფლებს აქრისტიანებდა.

დასავლური ფუტუროლოგიის წარმომადგენელნი ტექნიკური ცივილიზაციის ძლევამოსილ სვლას ეჭვით უცქერენ. ამერიკელი სოციოლოგი და ტექნიკის ისტორიკოსი ლუის მამფორდი (1895 – 1990) აღნიშნავს, რომ ტექნიკამ ადამიანის ღირებულება დაამცრო. ის ეძებს გამოსავალს და აყენებს იდეას ტექნიკისა და ზნეობრივი ღირებულებების გაერთიანებაზე.  მამფორდი ხშირად გამოდიოდა კაპიტალიზმის კრიტიკით და მერყეობდა პოლიტიკური შეხედულებების გამოთქმისას, რადგან მის დროს სოციალიზმმა თავისი უპირატესობანი აჩვენა კაპიტალიზმთან დავაში.

ამერიკელი სოციოლოგი და ეკონომისტი, ლიბერალ-კაპიტალიზმის დიდი კრიტიკოსი, რობერტ ჰაილბრონერი (1919 – 2005) მიიჩნევს, რომ დასავლური ბიზნესის ცივილიზაცია არის საზოგადოების განვითარების დამასრულებელი, რომ ბიზნესის ცივილიზაციიდან იწყება ისტორიის უკუსვლა და ადამიანი ისევ ბარბაროსობას უბრუნდება. ჰაილბრონერი გამოთქვამს აზრს, რომ დასავლეთსა და განვითარებად ქვეყნებს შორის დაძაბულობის ესკალაცია გარდაუვალია. ასეთ დროს უმთავრესი არა დემოკრატიის დაცვა იქნება. ჰაილბრონერს მიაჩნია, რომ კაპიტალიზმის ღირებულებათა გაუფასურება გამოიწვევს ავტორიტარული მმართველობის დამკვიდრებას.

ტოფლერი, შპენგლერი, ტოინბი და სხვები მიუთითებენ დასავლეთის დაცემაზე, მაგრამ ფრენსის ფუკუიამა თვლის, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლა აღნიშნავს აქამდე არსებული ისტორიის დასასრულს და ლიბერალ-კაპიტალიზმი, მისი აზრით, ერთადერთ პლანეტარულ წყობად გამოდის.  ფუკუიამას ნააზრევი გეოპოლიტიკური შინაარსის მქონეა და ატლანტიზმის აპოლოგიად გვევლინება. ეს არის დასავლური დემოკრატიის სამარადისო წყობად მიჩნევა. ეს ლიბერტარიანული ფინალიზმია. საგულისხმოა, რომ გვიანდელი ფუკუიამა (2010 – 14 წწ.) ისევ ისტორიის ლიბერალური დასასრულის  იდეას იცავს. მარქსის დაცინვაში გაწაფული ქართველი დემოკრატები ვერ ამჩნევენ, რომ ფუკუიამას იდეა არის მარქსისტულ-ლენინური  ისტორიის დასასრულის იდეის კაპიტალისტური ვერსია.

პოსტსაბჭოთა ქართველი ინტელიგენცია ხან რელიგიაზე მიუთითებს, ხან ტექნოკრატიის დამცველად გამოდის. ეს არის დასავლური კლიშეების ქართული სინმამდვილისათვის მორგების უხეირო მცდელობა. ძალზე კატეგორიული მსჯელობები მაშინ, როცა არაა გააზრებული საქართველოს ადგილი მსოფლიოში,  იდეური სისუსტის მაჩვენებელია. ქართველთა მიერ დემოკრატიის სამარადისო წყობად და ისტორიის ბოლო პუნქტად მიჩნევა საქართველოს ცივილიზაციის მაჩანჩალად აქცევს. ქართული პროვინციალიზმი თავისი დემოკრატობით  ახდენს იმ დასავლელ მოაზროვნეთა ტრეტირებას, რომელთა ნაშრომებში ადამიანური და მეცნიერული კეთილსინდისიერება გამოსჭვივის.

რა არის დასავლეთის მომავალი? რა პერსპექტივას გამოკვეთს ნატოს გაფართოება, ევროკავშირის შექმნა, როდესაც დასავლეთი ბარბაროსებით გარშემორტყმულ კეთილმოწყობილ ქალაქს ემსგავსება?

რუსეთის დაცინვით გატაცებული ქართული დემოკრატია ვერ ხედავს, რომ რუსეთისათვის საბაზრო ეკონომიკა  არაა გამოსავალი. რუსეთის ატლანტიზება და ბალკანიზება დააჩქარებს დასავლური ცივილიზაციის და ევროპეიზმის დაცემას. რუსეთი თავისი საკუთარი გზით, დიდი პაუზებით, მაგრამ მაინც ვითარდებოდა იმპერიად. მხოლოდ იმპერიაში იყო შესაძლებელი აღმოსავლური და დასავლური კულტურების სინთეზი. ევროპეიზმის, როგორც უნივერსული კულტურის გზა რუსეთზე გადის. რუსეთი არის ის, ვინც ახალ ფორმაციას უნდა დაუდოს საფუძველი და ბიზნესის ცივილიზაციის  საუკეთესო მონაპოვრები დანაკარგების გარეშე შეინარჩუნოს. ევროპეიზმის ახალი ჰორიზონტები რუსეთის სივრცეებშია საძიებელი. შპენგლერი საუბრობს  რუსული კულტურის დიდ სამომავლო შესაძლებლობებზე. ბიზნესის ცივილზაციის პირდაპირი გადმოღება რუსეთისათვის ნიშნავს როგორც მის დაცემას, ასევე ევროპეიზმის განვითარების დასასრულს. დასავლური გეოპოლიტიკა, რომელიც რუსეთის ბალკანიზაციას სახავს მიზნად, მიიჩნევს, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი და დასავლური ცივილიზაცია სამარადისო პლანეტარულ სისტემად იქცევა. სწორედ ამის გამოა, რომ ისლამური აღმოსავლეთი, განსაკუთრებით ირანი, დასავლეთის ანტაგონისტად გამოდის.

საქართველო არ არის ევროპული ქვეყანა. ევროპეიზმის ელემენტები აქ სხვისი გავლენით შემოვიდა. ისევე, როგორც ეს მოხდა მთელ კავკასიასა და შუა აზიაში. დემოკრატიის მომხრეობა არაა ევროპეიზმის შენარჩუნების გარანტი საქართველოსათვის, არაა იმის მაჩვენებელი, რომ საქართველომ თავისი გზა იპოვა და მსოფლიო ისტორიაში ადგილი დაიმკვიდრა.

    

One thought on “დიდი ტექნოლოგოსი

  1. შესანიშნავი ანალიზია გოჩა! გეთანხმები, რომ ევროპეიზმის მომავალი განვითარების ფაზა სლავიანურ კულტურაზე უნდა გავიდეს, ამას ჰეგელიც და ჰაიდეგერიც წინასწარმეტყველებდნენ. ასევე რუსეთის განვითარება დასავლური კულტურის სწორ ადაპტაციაზე გადის. ჩვენი განვითარების გზაც ალბათ მსგავს სინთეზს უნდა გულისხმობდეს, თუ საერთოდ გვიწერია სახელმწიფოებრივი გადარჩენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s