კინოფილმ „მონანიების“ გამო


ეკრანზე გამოსვლის 30 წლისთავისათვის

ამ წელს შესრულდა თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“ ეკრანზე გასვლის 30 წლისთავი. ფილმის გამოსვლის თარიღად ხან 1984 წელია აღნიშნული, ხან – 1985 წელი.  მხოლოდ ქართული კინოს ისტორიაში კი არა, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში არ მახსენდება ფილმი, რომელსაც ასეთი პოლიტიკური აჟიტაცია გამოეწვიოს, რომელიც ჯერ ეროვნულ-განმათავისუფლებელი და დისიდენტური მოძრაობის ლეიბლად ქცეულიყოს და შემდეგ ისე საგულდაგულოდ მივიწყებულიყოს,  ვითომც არც არასდროს ეარსებოს.

ამ ფილმის ეკრანზე გამოსვლის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი წერილი 2000 წელს ძლივს გამოვაქვეყნე გაზეთში „მერიდიანი 44“.  ჟურნალისა და გაზეთის რედაქტორებმა, ვისაც მაშინდელი წერილი ვაჩვენე, უარი  თქვეს მის გამოქვეყნებაზე. მათ მოიმიზეზეს, რომ საზოგადოება მოუმზადებელია ფილმის ასეთი კრიტიკის გასაგებად. ვინ და როგორ უნდა მოამზადოს საზოგადოება და როდის შეიძლება იმის თქმა, რომ ის რაღაცის გასაგებად მზად არის? თვითონ ემზადება საზოგადოება?  მედია ამზადებს მას თუ ხელისუფლება? რა საკითხში ეტყობა ქართველთა საზოგადოებას მზაობა, რომელიც  მუდამ ბითურია?  თუ საზოგადოება მოუმზადებელია, მაშ რატომ აქებენ მას გამუდმებით, როგორც უკანასკნელ ინსტანციას და ჭეშმარიტების მეუწყეს?  ვაი ქვეყანას, სადაც საბოლოო სიტყვას ჟურნალისტი და გაპოლიტიკოსებული მსახიობი ამბობენ! უბედურებისთვის დაებედა საქართველოს უმეცართა ჭკუის კოლოფობა, მეკინოე ქალებისა და კაცების მსაჯულობა!  არ მოიშალა საქართველოში ეს წესი, რომლის მიხედვითაც მსახიობს თვალსაჩინო ინტელექტუალად მიიჩნევენ!

თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს ვითომ კომპრომეტანტული  ფილმი „მონანიება“ არის საქართველოს სირცხვილი, მისი სავაებო თვითგანაჩენი! ეს ფილმი არის ქართველთა მოდგმის თავისმომჭრელი და სამუდამოდ დამთარსავი! ეს ფილმი არის დემენტორი (მაგიჟებელი) და ქართველთა არტისტული დემენციის (ჭკუასუსტობის) ისტორიული დოკუმენტი.  რეჟისორს სურდა გროტესკული და უფრორე ეპატაჟური გამომსახველობითი ფორმების გამოყენებით წარმოეჩინა საბჭოთა რეჟიმის უკეთურებანი და ის გადაიქცა ქართველთა შემარცხვენელ კინონაწარმოებად.  თენგიზ აბულაძეს ეს ფილმი არ უნდა გადაეღო 1985 წელს! შევარდნაძის თათბირით შექმნილი ქართველთათვის საკეთილო არა იქნებოდა რა. ამ ფილმით დაიწყო შევარდნაძის მიერ ქართველი ხალხის მოღორების ახალი პერიოდი.  ამ საფილმო საცოდაობამ თენგიზ აბულაძის, როგორც ორიგინალური კინორეჟისორის სახელი გადახაზა და სირცხვილით შემოსა. რეჟისორს ერთობ აერია დავთრები ამ ფილმში. ესაა კინემატოგრაფიული სპეკულაცია 1924  – 37 წლების რეპრესიებზე. ფილმის პერსონაჟი ქეთევან ბარათელი (მსახ. ზეინაბ ბოცვაძე) თხრის და თხრის საფლავს ვარლამის გვამის ამოსაგდებად და გაიძახის: „მაინც ამოვთხრი!“.  ქეთევანი ეკლესიოფაგია, როცა ის აცხობს და ჰყიდის საყდრის ფორმის ტორტებს. ქეთევანის მიერ სამართლის ძიება სინამდვილეში ტრაგიკული ტაკიმასხრობაა. ქეთევანი ზვაობს, როცა ის მრავალგზის ამოთხრის ვარლამის გვამს და ცდილობს მის გასამართლებას. ქეთევანი ზვაობს და ქედმაღლობს სასამართლოზე. ეს არაა მართალი ადამიანის ბრძოლა სიმართლისათვის. რამ მოაფიქრა რეჟისორს ეს აზრი, რომ საფლავისმთხრელი, გვამითრევია, მეტორტე დედაკაცი ამ ფილმში დადებით გმირად წარმოეჩინა? ცნობილია, რომ აწ განსვენებულმა მწერალმა, ნოდარ წულეისკირმა მიაწოდა თენგიზ აბულაძეს გვამის ამოთხრის სიუჟეტი ფილმისათვის. მაგრამ წულეისკირის მიწოდებულ სიუჟეტში სამართლის ვერმპოვნელი კაცი ერთხელ ამოთხრის თავისი შეურაცხმყოფლის გვამს. აბულაძის ფილმის კანვა კი გვამის მრავალგზის ამოთხრაზე იქმნება. ამ ფილმის გავლენით იყო, რომ 1991 – 5 წლებში თბილისის ბაზრებში იყიდებოდა ეკლესიის ფორმის თუნუქის ყალიბები ტორტისათვის. საზარელი სახილველი იყო, რომ ამ ფილმით მოწამლულმა ქართველობამ რელიგიისაკენ შემობრუნება დაუკავშირა  ეკლესიის ფორმის ტორტების ცხობას. ასეთი ტორტების ცხობა იყო როგორც ბოლშევიკური ათეიზმის მიმართ ჯიბრში ჩადგომა. ამ ფილმის გავლენით აპოსტასიური მოდა იყო იმ უბედურ წლებში, რომ ეცხოთ და ეხეთქათ ტაძრის ფორმის ტორტები. ქრისტიანი ხარ და შენს სალოცავს ჭამ? მაგიის რიტუალი იყო წარმართულ დროებში, როდესაც ჭამდნენ მტრის გამოსახულებას. ეს რიტუალი აღასრულა ჰიტლერის გარემოცვამ, როდესაც მათ იხმიეს ნამცხვარი საბჭოთა კავშირის რუკის გამოსახულებით. ამ ფილმში ქრისტიანობა თავიდანვე თავდაყირა დაყენებულია. ფილმის სიუჟეტი სწორედ იმით იწყება, რომ ქეთევანი აცხობს და ჰყიდის ეკლესიის ფორმის ტორტებს.  ვინ მოიგონა ეს სიგიჟე, ეს იდიოტური დასაწყისი ამ ფილმისათვის? რეჟისორისათვის ამგვარი ტორტების ცხობა იმდენად ღირებული გამხდარა, რომ ფილმის დასასრულსაც იგი მსხვილი პლანით უჩვენებს გასაყიდად გამზადებულ ერთ დუჟინ ასეთ ტორტებს. საფლავის მთხრელი ქალი ეკლესიის ფორმის ნუგბარს აცხობს და ეს ამ ფილმის შემქმნელს ქალის სულიერების უდავო დასტურად წარმოუჩენია. მაშინ სამღვდელოებამ ეს მკრეხელობა – ეკლესიას მიმსგავსებული ტორტის ყალიბების გაყიდვა – ბოლშევიზმის ჯიბრით არ აკრძალა. თურმე ვის და რას ეჯიბრები?!  მღვდელნი აგრე ჰგონებდნენ და მრევლსაც მოძღვრავდნენ, რომ სატანის ტახტი გადავარდა ბოლშევიზმის დამხობით და თურმე რა ყოფილა! ბოროტება მოვიდა მანამდე არნახული, რომელიც ლიბერალიზმს მოჰყვა.

რეჟისორი არას ერიდება  საიმისოდ, რომ დაარწმუნოს ფილმის მნახველი ბოლშევიკების ჯალათობაში. მხატვარ სანდრო ბარათელთან (მსახ. ედიშერ გიორგობიანი)  თეთრი ნაბდით მოსული ვარლამი არიას შემოსცხებს ოპერიდან „ტრუბადური“ და მსხვერპლის ხელში ჩაგდებით ხარობს. მას თან მოუყვანია პატარა აბელიც. ვარლამს თან ახლავს ორი თანაშემწე – ქაიხოსრო დოქსოპულო და გენო რიკტაფელოვი.  ვარლამი წარმოთქვამს შექსპირის ცნობილ  66-ე სონეტს. ვარლამი ერკვევა მხატვრობაშიც.  ის სტუმრობის დასრულებისას ფანჯრიდან გადახტება და ცხენით გაჭენდება. ეს ტრიუკი რეჟისორს ვესტერნის ჟანრის ფილმებიდან აქვს აღებული. ჯერ პატარა აბელი გადახტება ფანჯრიდან და მერე ვარლამი მიჰყვება მას თავის ხელქვეითებთან ერთად. იმავე წუთს ვარლამი კარიდან დაბრუნდა მხატვარ სანდროსთან და პატარა აბელის წაღებული, ქეთი ბარათელის მიერ აბელისთვის ნასაჩუქრევი  ჯვარცმა მასპინძელს დაუბრუნა. ფილმის ბოლოში აღმოჩნდება, რომ ვარლამის მომღერლობა იმისთვის მოუგონია რეჟისორს, რომ უფრო შეაძულოს ის მაყურებელს. მომღერალი ვარლამი მანქანით მოჰქრის და მას ახლავს ცხენოსანი შეაბჯრული მეომრების ამალა. შუა საუკუნეების რაინდების გამოჩენა კადრებში იმისთვისაა გამიზნული, რომ ბოლშევიკურმა სასამართლომ ინკვიზიცია მოაგონოს მაყურებელს.  რომ მოსწეოდა თენგიზ აბულაძეს ფილმის გადაღება თვით ინკვიზიციასა და ცნობილ ევროპელ ინკვიზიტორებზე, მერე რაღა ეპატაჟს მოიშველიებდა?   ეს პოლიტიკური მხატვრული ფილმი უცუდესი რეჟისორული ნამუშევარია.  თენგიზ აბულაძე „ვედრებიდან“, ‘ნატვრის ხიდან“ დამდაბლდა და დახურდავდა „მონანიებამდე“. ამ ფილმმა ხელი შეუწყო ისტორიის იმ ფალსიფიკაციას, ქართველთა ილუზიებით მოწამლვას, რაც მთელი ეს 25 წელი გრძელდება.  გასული საუკუნის 70 – 80-იან წლებში ევროპაში შეიქმნა მრავალი ფილმი, სადაც ყველა ხერხით ნაცადია ფაშიზმისა და ნაციზმის გაშავება. მხოლოდ იტალიაში უამრავი მხატვრული ფილმია გადაღებული ფაშისტებსა და ბენიტო მუსოლინიზე. ფილმებში მთავარი პერსონაჟები არიან იმპოტენტი ესესელი, სადისტი და ჰომოსექსუალი გესტაპოელი და ა. შ. ფროიდის ფსიქოანალიზის გამოყენებით შექმნილი ეს ფილმები ევროპაში მალე მიეცა დავიწყებას. დღეს ამ კინოპროდუქციას 10 წუთითაც ვერ უყურებ.

ვარლამი არაა სრული და დამაჯერებელი პერსონაჟი. რა აზრი აქვს ფილმში მის განათლებულ კაცად წარმოჩენას, თუკი წლობით იმას იმტკიცებოდნენ, რომ ჩეკისტები იყვნენ გაუნათლებელი ხალხი? ამ ფილმში რა აზრი ჰქონდა ვარლამის განათლების წარმოჩენას? მისი ორი თანაშემწე, დოქსოპულო და რიკტაფელოვი წერა-კითხვის უცოდინარნი არიან. ესე იგი მთავარი ჩეკისტი განათლებულია და მისი ხელქვეითნი ყოვლად უწიგნურნი არიან? აგრე არ ყოფილა ისტორიაში. უწიგნურნი ვერ შექმნიდნენ ასეთ ორგანიზაციას, რასაც საბჭოთა უშიშროება ერქვა და რომელიც მთელ მსოფლიოს სწვდებოდა. ვის დასცინის რეჟისორი? ლავრენტი ბერიას, რომელსაც თავის დროზე ძლიერი სადაზვერვო სისტემა ჰქონდა შექმნილი? ვარლამი ბერიას პროტოტიპია. მაგრამ თუ მას დასცინის რეჟისორი, ბარემ სტალინიც ეხსენებინა.

საქართველოს წარსული ამ ფილმის დიდ ეკრანზე გამოსვლის დროიდან ვიდრე გუშინდელ დღემდე არის დროში გაწელილი „მონანიება“. ქართული სინამდვილე ისევ ის ანტისამყაროა, რაც ამ ფილმშია ნაჩვენები. ისევ ვარლამები და აბელები თავობენ და მთავრობენ ყველგან. ქართულ სინამდვილეში ვარლამ არავიძის შთამოება – ჭაბუკი თორნიკე თავს არასოდეს მოიკლავს მამათა ნაქნარ-ნაავკაცარის გამო. მას არასოდეს შეუმძიმდება თავისი ოჯახის არამობა. 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობას ისე მოუბოლოვდა, როგორც საფლავის მთხრელი და გვამის გასამართლების მოსურნე ქეთევანია ამ ფილმში. არ ხარ ქრისტიანი და ქრისტიანობას იჩემებ! ეროვნულ მოძრაობაში ქრისტიანობის ნატამალი არსად იყო და სწორედ ეროვნულ პარტიებში ხსენდებოდა ბიბლია, წმინდა მამები ისე, როგორც არსად. მხოლოდ დემოკრატიის კი არა, არამედ თეოდემოკრატიის დამყარებას იქდიდნენ.  მემძორეობისა და მძოვრთმოყვარების მეტი არაც არაფერი ყოფილა საქართველოს უახლოესი წარსული. ქართველი ქალი იყო ქვეყნის მთარსავი ჯერ კიდევ თამარის და რუსუდანის დროიდან. შემდეგ ეს მთარსავობა კინემატოგრაფში გაგრძელდა. მეტორტე ქეთევანია ის მზვაობარი დედაკაცი, რომელიც ასე არაქრისტიანულად იქცევა და ეს ზნეობრივ, რელიგიურ ქმედებადაა წარმოჩენილი ფილმში. გამუდმებით მარცხიან, კაცნაკლებ ქვეყანაში ქალია საბოლოო არგუმენტი. ქალებს საკლისობენ და იმედეულობენ, რომ ამა ჟამის პოლიტიკოსი ქართველი ქალები თამარ მეფის დროს მოაბრუნებენ. კაცმა ვერ ივარგა სამოღვაწოში და ქალებისას სასოებენ! რითი მთავრდება ეს ფილმი? შვილმკვდარი, მოტყებარი აბელი, ძე ვარლამისა, ავა სასაფლაოზე, ამოთხრის მერამდენედ შთაფლულ-ამოთხრილ მამის გვამს და კრულვით მოისვრის მას ღრანტეში. ეს ღრანტე კი თბილისია. თბილისი ჩანს კადრში ჰორიზონტზე. ვარლამის გვამი აბელმა თბილისს მიუტყორცნა. ეს გვამი დღემდე გდია ქალაქში ქართველთა თაობების დასათარსად და საწამებლად! სადმე უკაცურ ალაგას კი არ მოისროლა აბელმა შეჩვენებული მამის გვამი, არამედ თბილისში დააგდო. ქალაქში, რომელიც ისედაც ცოცხალი მკვდრების სამყოა. ამდენი მართლა მიწიდან ამოსაგდები მკვდარი მრავლობს 1991 წლიდან ქვეყანაში. თბილისი კი არა, არამედ ვარლამისი არის ეს ქალაქი. თენგიზ აბულაძის სიცოცხლეშივე ერთიასად გაფესვდა ვარლამი. განგებამ დასაჯა ქართველი ამ ფილმში გამოვლენილი ასეთი კადნიერების გამო და ეს არ დაინახა ქართველობამ, რომელმაც აიჩემა, რომ ის ოდითგანვე დასავლეთის სულიერი ნათესავი და იმთავითვე ლიბერალი იყო. კონსტანტინე კაპანელი წერდა: „ქართველი საზოგადო მოღვაწე ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერია; ქართველი მწერალი, ცრუ, კუდაბზიკა და ტრაბახაა; ქართული საზოგადო დაწესებულება ინტრიგებისა და ჭორების საზიზღარი ბუდეა“.

ქრისტიანული ეთიკა არ იყო 90-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში. მისი მესვეურნი თავიდანვე  ატყუებდნენ ქვეყანას ამ მოსაჩვენებელი ეკლესიურობით. 1990 წლის 28 ოქტომბერს სიონის საპარტიარქო ტაძარში წირვის შემდეგ, წაკითხულ იქნა პატრიარქ ილია II-ის საგანგებო გადაწყვეტილება. ქართველის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, ცხადდებოდა ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი უნდა შეტანილიყო საპატრიარქოს წიგნში და გადასცემოდა თაობებს, როგორც დასაგმობი. პატრიარქმა ეს საგანგებო ბრძანება იმის გამო მიიღო, რომ ბევრი მკვლელობა ხდებოდა და ეროვნულ მოძრაობას თავიდანვე სისხლის ლაქები დააჩნდა. ეკლესიას სურდა აელაგმა  მეშფოთარობისა და მესისხლეობის ქართული ზნე. პატრიარქი ატყობდა, რომ ეროვნული მოძრაობის მოთავენი, რომელთაც პირზე ეკერათ ფილმი „მონანიება“, უბედურებას დაატრიალებდნენ.  პატრიარქის ამ ბრძანებას ყური არავინ ათხოვა და რაც მოხდა ეროვნული მოძრაობის ვარლამებისა და აბელების გამოისობით, ყველამ კარგად უწყის. წესით, საპატრიარქოს იმ წიგნში ნახევარი საქართველო უნდა იყოს შეტანილი. ამ წიგნის გვერდები ყოველდღე ივსება. სინანული უცხოა ქართული ზნისათვის უწინაც ასე იყო და ახლაც ასეა.

აბელი ვერ აქცია მონანულად თავისი მამის მერემდენედ ამოთხრამ და არც თორნიკეს ნაქცეურშია ქრისტიანობის ნატამალი. ფილმის კომპოზიციაში არ ჩანს სინანული, არ ჩანს თვინიერება და სათნოება. ქეთევანის ნაამბობიდან თორნიკე (მსახ. მერაბ ნინიძე) შეიტყობს, თუ რა ჩაიდინა მისმა პაპამ და რა შვილიცაა მამამისი აბელი. აფექტების წყება და ბოღმის ჩანჩქერია მთელი ეს ფილმი. „მონანიება“ იმითაცაა სანიშნო, რომ მან დაასრულა ქართული კინო და ახალ, ნეოლიბერალურ დროებაში მთელ დუნიაზე შესახელებული, უცხოეთში მრავალგზის პრემირებული  ქართული კინემატოგრაფი უსახელოდ მოკვდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ საბჭოთა ცენზურა და ბოლშევიზმი ასულდგმულებდა ეროვნულ, მაღალთემატურ და მაღალმხატვრულ ქართულ კინოს. დასრულდა საბჭოთა სისტემა და აღმოჩნდა, რომ არც დასავლეთი, არც რუსეთი ქართულ კინოს აღარად ჩააგდებდნენ.  70 – 80-იანი წლები ქართული კინოს ზენიტი იყო. გაისმოდა კრიტიკაც.  მაგალითად, კინომცოდნე იური ბოგომოლოვმა 1978 წელს კრიტიკულად განიხილა ქართული კინემატოგრაფი, რასაც მოჰყვა პოლემიკა. სწორედ ბოლშევიკური ინტერნაციონალიზმის გარემოში იშვა ეროვნული ფილმები. დასავლური კოსმოპოლიტიზმის შემოჭრამ კი ნაციონალიზმი ამოძირკვა ქართული კინემატოგრაფიდან.

იმდენად დიდ პატივში ჰყავდა ბოლშევიზმს ქართული კინო, რომ რეჟისორთა და მსახიობთა მიერ შეიქმნა გადაჭარბებული წარმოდგენა ქართველ ერზე. ამ წარმოდგენას უფრორე ახელებდა 80-იანი წლების საბჭოთა საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა. ბოლშევიზმის გადავარდნამ კონტრასტულად წარმოაჩინა ქართული კინოს უიდეობა. 90-იანი წლების დამდეგს გადაღებულ იქნა მოდური, კონიუნქტურული ფილმები თეოფანიებზე, აღსრულებულ სასწაულებზე. შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს წლები ისე გავიდა, რომ არ გადაღებულა არც ერთი ისტორიულ-პატრიოტული ფილმი. სამაგიეროდ დაიწყო ტელესერიალების და სამეძაო ფილმების გადაღება. იმ წლებში მედია ხშირად იტყობინებოდა, რომ კინოში იქმნებოდა ახალი შემოქმედებითი გაერთიანებები, რომელთაც ექსტრავაგანტური სახელწოდებები ჰქონდათ. 90-იანი წლების ბოლოს ასობით დიპლომირებული კინორეჟისორი იყო საქართველოში და არაფერი მოსახსოვარი მათ მიერ არ შექმნილა.

ქართული კინოსტუდია ცკ-ს პირველ მდივანს, შევარდნაძეს მორჩილებდა. თ. აბულაძის „მონანიებამდე“ 1980 წელს გამოვიდა რეზო ჩხეიძის (1926 – 2015)  ფილმი „რაიკომის მდივანი“, რომელიც კომბინატორების წინააღმდეგ რაიკომის მდივნის, გიორგი თორელის (მსახ. თემურ ჩხეიძე) ბრძოლას ეძღვნებოდა. ამ ფილმის დასაწყისი ასეთია: მუშებს ბარდებში გახლართული არწივი შეუპყრიათ და გზაზე მიათრევენ. რაიკომის მდივანმა არ დაანება არწივის მოკვლა და მუშებს ის გააშვებინა. არწივს ვინ კლავს? განა ქათმის საბუდარს შეჩვეული ყვავი ან კაჭკაჭია? განა შეპყრობილი არწივის  გაშვებას რაიკომის მდივნის სიტყვა სჭირია? ბევრმა კინომცოდნემ პარტიული მოხელის მიერ არწივის გაშვებაში საქართველოს სამომავლო დამოუკიდებლობის იდეა დაინახა. „რაიკომის მდივნის“ შემდეგ, რომელიც ხელმძღვანელი პარტმუშაკის ერისკაცად წარმოჩენას ისახავს მიზნად, შევარდნაძე 1984 -5 წლებში  ნებას რთავს გადაიღონ „მონანიება“, რომელსაც სრულიად საპირისპირო მიზანი აქვს დასახული. ესაა კომპარტიის სრული დემონიზება და სატანურად წარმოჩენა რელიგიური თემატიკის მოშველიებით.

ეს ფილმი არის არა მხოლოდ კინოდივერსია მაშინდელი საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, როდესაც მზადდებოდა დიდი ღალატი და ყველა საშუალებით ცდილობდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სტატუს კვოს შერყევას, არამედ ქართველთა დამამდაბლებელი, ისედაც სუსტი ხალხის ეთნომაზოხიზმისა და ყალბისმქმნელობის განმაცხოველებელი ფილმი. ნუ მოგვატყუებს ის, რომ ამ ფილმის გამოსვლისას კაგებეს ოფიცრები მოქალაქეებს ართმევდნენ ფილმის ჩანაწერიან ვიდეოკასეტებსა და ასევე ვიდეომაგნიტოფონებს, რომლებსაც მაშინ აქირავებდნენ.   თბილისის უბნებში ნაცნობი ხალხი ხუთ-ხუთ საიმპერიო მანეთს უხდიდა ვიდეომაგნიტოფონის მფლობელს და ამ ფილმს მალულად ნახულობდნენ. აი ამ დევნამ შეუქმნა ფილმს იდუმალებისა და მაღალი ინტელექტუალიზმის  ნიმბუსი. ორაზროვნება კი ის იყო, რომ ეს ფილმი შევარდნაძის მოწონებით გადაიღეს და ფილმის აკრძალვა, მისი დევნა მოჩვენებითი რამ იყო. ეს ფილმი არის ნებადართული ნადისიდენტარი, რაც იმას არ ნიშნავს, რომ თენგიზ აბულაძე უშიშროების  აგენტი იყო. დიდი აფერა მზადდებოდა საბჭოთა სისტემის დასაშლელად და სახელის გასატეხად. აი ამ აფერის შემადგენელი ნაწილები იყო ფილმი „მონანიება“, სოლჟენიცინის ცნობილი ფალსიფიკატი  „გულაგის არქიპელაგი“. გორბაჩოვის დოქტრინამ და гласность-ის მისეულმა პრინციპმა ფილმს აკრძალვა მოუხსნა. 80-იანი წლების მიწურულს ფილმმა მთელ დუნიაზე გაითქვა სახელი. ის რელიგიურ მიღწევად გასაღდა და მის რეჟისორს – თენგიზ აბულაძეს წინაწარმეტყველიც კი ეწოდა. აღარ ღირს მაშინდელი გაზეთებიდან ამონარიდების მოხმობა ამ ფილმზე. თუ ფილმმა უცხოურ კინოფესტივალებზე პრიზები მოიპოვა (კანის კინოფესტივალის სამი პრიზი, ეკუმენური ჟიურის პრიზი და სხვ.), ეს იდეოლოგიური დივერსიის მიზნით მოხდა და არა იმიტომ, რომ დასავლეთი ჰუმანიზმის პრინციპებს იძღვანიებდა. ეს მოგვიანოდ წარმოჩინდა, როდესაც დასავლეთმა საქართველოში შემოსვლისთანავე დაამკვიდრა ნეოკოლონიალისტური პოლიტიკა.

30 წელი გავიდა ამ ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან და ამ სამ ათწლედში საუკუნის სამყოფი ისტორია ჩაეტია. დავაყენოთ კითხვა: შეიძინა თუ არა ამ განვლილ დროში ქართველობამ ცოდნა და სიდინჯე?  ამდენმა მარცხმა და ბითურობამ მოუნაგრა მას სინანულის ნიჭი?  შევხედოთ პირუთვნელად  ჩემო მკითხველო, ამ ფილმს და დავინახავთ, რომ იგი არის უფრო კლინიკური მოვლენა და დიაგნოზი ქართველთა მოდგმისათვის, ვიდრე აკრძალულ რელიგიურ თემაზე შექმნილი მხატვრული ფილმი. თენგიზ აბულაძე მოესწრო ქართული ლიბერალ-კაპიტალიზმის პირველ წლებს და ერთობ საგულისხმოა, თუ რას ფიქრობდა ის 1992 – 4 წლების საქართველოზე.  1994 წლის მარტის დამდეგს მიიცვალა „მონანიების“ რეჟისორი.  შეუძლებელია მას არ ენანა ამ ფილმის გადაღება, ოდეს ვარლამების, აბელების და ძეთა მათთა ბოგინს უჭვრეტდა იმ ცოდვიან წლებში. ცხოვრებამ ეს ონარი უყო „მონანიების“ გადამღებ რეჟისორს, რომ თავად მას გაუხდა სანანებლად და სამონანულოდ საქმე. შეუძლებელია 1992 – 4  წლების ქართველთა შემხედვარე თენგიზ აბულაძე არ შეძრწუნებულიყო!  რისი ქრისტიანობა?!  რისი დემოკრატია?!  თენგიზ აბულაძე აღარ მოესწრო განგების მიერ ქართველთა მრავალგზის დასჯას. მან არ იხილა ჩვენი დროის ვარლამების და დოქსოპულოების მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ ქართველთა პროტესტის სისხლში ჩახშობა. ვარლამებმა და დოქსოპულოებმა საწამებლები გახსნეს. ომში მერამდენედ დამარცხებულ ქვეყანას თავზე გადაედინა შოუმენი თორნიკეების მოწყობილი სანახაობანი. თენგიზ აბულაძე რომ მოსწრებოდა სააკაშვილის  ზეობას, რას იტყოდა და რას გადაიღებდა?

„მონანიება“ ეროვნულ მოძრაობასთან ერთად იყო ის კამუფლაჟი, რომლითაც დაიფარა და გამართლდა საქართველოს ქართველთაგანვე გაძარცვა და ლიბერტარიზმის დამკვიდრება. საბჭოთა წყობის სატანურად გამოცხადება ნიშნავდა სახალხო ქონების დატაცების და საქართველოს უსწრაფესი დეინდუსტრიალიზაციის ლეგიტიმაციას. საბჭოთა წყობის სატანურად გამოცხადება ნიშნავდა ჯერ კიდევ  არმომხდარ დანაშაულებათა გამართლებას. ქართველებმა გაძარცვეს და ჯართად გაიტანეს თავისი ქარხნები, გაყიდეს საზღვაო ფლოტი, რკინიგზა, ავიაცია და ახლა მიწას მისდგნენ გასაყიდად. კი, მაგრამ თუ ეს სისტემა სატანური იყო, იმ ძარცვა-ტაცების წლებში ლიბერალები ეშმაკს ჰპარავდნენ და ღმერთთან მიჰქონდათ?  თუ ეს სისტემა სატანური იყო, მაშინ რატომ მოხდა, რომ ამ სისტემის გადავარდნისას მრავალგზის ნაკურთხი პოსტსაბჭოთა საქართველო კრიმინალური ტერორის ქვეყნად იქცა და ასე ეგო ის მრავალი წელი?  ამას ხომ ხედავდა თენგიზ აბულაძე? მისი ფილმი არის კარგი ცხოვრებით გათამამებული ქართველის  მცდელობა, რომ გაეკვირვებინა მსოფლიო ზნეობრივი სახიობით. არავის არაფერი გაჰკვირვებია. დასავლეთს ვერანაირი ფილმებით ვერ გააკვირვებ და შენსკენ ვერ მოახედებ.

სწორედ 80-იანი წლების მიწურულს აიჩემეს სიტყვა „კათარზისი“, რაც ნიშნავს განწმენდას სინანულის გზით. კი მაგრამ დასავლეთი განწმენდილი იყო 80-იან წლებში? მას გავლილი ჰქონდა სინანულის გზა? აი ამ წარსულის მქონე დასავლეთს , რაც არის ევროპის ისტორია XVI – XX საუკუნეებში, ჰქონდა მორალური უფლება, რომ ვინმესთვის მოეწოდებინა კათარზისისაკენ?  დღეს ლიბერალური დასავლეთი დიდ კრიზისშია და ვინმეს ახსენდება იქ კათარზისი?  საქართველოში კათარზისის საკითხი მალევე მიივიწყეს. მისი ჯერ კიდევ მითური დროიდან მომდინარე აზრი და მნიშვნელობა სამომხმარებლო სიხარბით თვალდავსილმა და დაქიმითებულმა საზოგადოებამ ვერ გაიგო. საბჭოთა კავშირში ქართველებზე მეტს არავინ ლაპარაკობდა ლუსტრაციის აუცილებლობაზე და არავინ ისე მოხერხებულად არ ჩაფარცხა ეს საქმე, როგორც ქართველებმა. ქართველთა ეს მანკიერი ჩვევა, რომ ზნეობაზე ყვირილით გააშტერო მსოფლიო, სრულად ვლინდება ფილმ „მონანიებაში“.

შეუძლებელია ლიბერალი ინდივიდი იყოს კათარი (განწმენდილი). პირიქით, ის არის ბილწი და მწვირესა შინა მყოფი. ლიბერალი ინდივიდისათვის არ არსებობს ზნეობა. ეს წარმოაჩინა დრომ.  აპოსტასიაა, როდესაც იმტკიცებიან, რომ ბოლშევიკური ათეიზმის გამო მონანიება და ლიბერალიზმს შეყენება მონანულს ღვთივსათნო და თავისუფალ კაცად აქცევს. ეს სწორედ რომ აპოსტასიაა და არა უბრალოდ მცდარი მსჯელობა. პურით ცხონდა პოსტსაბჭოთა ქართველი და არა სამღთო სიტყვით. მთავარია ამ პურს ეკლესიის ფორმა ჰქონდეს, რითაც რჯულიერების მოჩვენებითობა იქმნება. მოსახმარის ნაირობამ ქართველი  ერთი დღის მოლაპარაკე ცხოველად აქცია. ფილმის დასასრულს თორნიკე ჰყვედრის თავის მამას სიცრუეში ცხოვრებას. ეს სიცრუე მთლიანად ბოლშევიზმს ბრალდება და იგულისხმება, რომ ლიბერალიზმია ბიბლიის შესატყვისი მართალი წყობილება. დღეს კი პური ჩვენი არსებობისა სიცრუით გვეძლევა ჩვენ! სარჩო კაცისა სიცრუით მოიპოვება. რას ნიშნავს ფილმში ნათქვამი, რომ „კაცობრიობას მხოლოდ ახლებური აზროვნება გადაარჩენს!“?  კი, დიდი ხანია შემოსულია ლიბერალურად აზროვნება, მაგრამ გადაარჩინა კაცობრიობა ლიბერალიზმმა?

ქართველმა ხელახლა მოიგონა თავისი თავი ფილმ „მონანიებაში“. მან შეთხზა მეტად მყვირალა კინემატოგრაფიული ჩმახი. ისტორიული კონტექსტიდან მოწყვეტით აქ ისეა წარმოჩენილი, რომ სინდის-ნამუსითა და რჯულიერებით განვსილ ქართველებს უღმერთო ბოლშევიკები შემოესივნენ. იყო კოლონიზატორული ევროპის მცდელობა, რომ კავკასიაში ფეხი მოეკიდათ ცარიზმის დასრულების შემდეგ. შემდეგ იყო ბრძოლა სტალინის და ტროცკი-ზინოვიევ-ბუხარინის დასებს შორის. ან ერთი უნდა ამოწყვეტილიყო, ან მეორე. ვარლამ არავიძე (მსახ. ავთანდილ მახარაძე) ლავრენტი ბერიას განასახიერებს. მისეული პენსნე, ულვაში, ჩეკისტური კიტელი იმ მიზნითაა ნაჩვენები, რომ დააბრმავოს ისედაც ვერმხედველი ქართველი. ლავრენტი ბერია იმ ქართველ ბოლშევიკთაგანია, ვინც საქართველოს ოკუპაციის შემდეგ (1921 წლის თებერვალი), ქვეყანა სომხური კაპიტალის უღლისაგან დაიხსნა. ლავრენტი ბერიამ განასახლა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი კახეთსა და ქართლში. მან მოახდინა თბილისის დეარმენიზაცია და ქართველიზაცია. სწორედ დასავლეთ საქართველოდან გადმოსახლებულ კოლხთა ხარჯზე იქცა სომხური თბილისი ქართულ თბილისად. პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ომის შემდეგ ისტორია ვერ იქნებოდა ისეთი, როგორც ეს ლიბერალმა ქართველმა წარმოიდგინა. მხოლოდ ეს არ იყო, რომ ბერიამ დახვრიტა მიხეილ ჯავახიშვილი, რაზეც წლობით ილაპარაკეს. ახლანდელი მედროვენი საკუთარი ანგარებისათვის უბნობდნენ რეპრესირებულებზე. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენი დროის კაცნი თავის გულშავობასა და უმეცრებას ფარავენ 1924 – 37 წლებში დახვრეტილებზე არტისტული ლაპარაკით. იქმნება ერთობის, დასობის მოჩვენებითობა და ამ მოჩვენებითობით სულდგმულობს ქართველი.  ფილმმა „მონანიებამ“  დასაბამი დაუდო ასეთ მოჩვენებითობას და დღემდე ასეა.

ეს ფილმი ისტორიის ფალსიფიკაცია და რელიგიის პროფანაციაა. ის იქცა ნეოლიბერალიზმის ხანგრძლივი აპოლოგიის დასაწყისად, შევარდნაძის ყველა იმ დანაშაულის გამართლებად, რომელმაც საქართველო დაშალა და გააღატაკა. ეს ფილმი იქცა ყველა იმ უსამართლობის გამართლებად, რაც საქართველოში დაამკვიდრა დასავლეთმა. ამიტომ იყო, რომ ლიბერტარიანული ტელეარხი „რუსთავი 2“ გამუდმებით უჩვენებდა ამ ფილმს ყოველი ახალი წლის დასაწყისიდანვე. ეს ფილმი მალევე იქცა მცდარ და ქართველთა გზიდან გადამგდებ პასუხად მიმდინარე ისტორიის მიერ წამოყენებულ კითხვებზე. თუ რამ სიმართლე მოიძევება ფილმ „მონანიებაში“, ისიც სიცრუისათვის ითქვა. საკინოო ჭკუით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ ის, რაც დიდ განსწავლას და შორსმჭვრეტელობას მოითხოვდა. ამ მთარსავმა ფილმმა შეცდომაში შეიყვანა არა მხოლოდ ეროვნული მოძრაობა. წლობით მიმდინარეობდა ინტერვიუების ჩაწერა მათგან, ვინც ამ ფილმში როლები ითამაშა. ისე იქნა წარმოჩენილი, რომ ეს მსახიობები იყვნენ თვალსაჩინო ინტელექტუალნი და თავისუფლების მოციქულნი. 70-იანი წლების ქართული სატირული გამოცემებიდან მოდის ეს წესი, რომ თაღლით პერსონაჟებს ბერძნული სახელები ჰქონდათ (ევტიხიჩ, პლატონიჩ, კალისტრატე, ბიკენტი და სხვ.). პერსონაჟის უარყოფითობას სწორედ ეს ბერძნული სახელი აძლიერებდა. არაფერი სასაცილო არ არის ბერძნულ სახელებში და ქართველს კი სწორედ ეს ბერძნული სახელები აცინებდა. „მონანიების“ დოქსოპულოც და ვარლამიც  მაშინდელი გავლენითაა შექმნილი. დოქსოპულო ბერძნული გვარია, ვარლაამი კი ერთ-ერთი წმინდანია ეკლესიის ისტორიაში. სახელი -ვარლაამი-  ბერძნულში გადავიდა ებრაული ენიდან. ქალდეურად და ძველებრაულად -ვარლაამ-  ნიშნავს ძეს ღვთისას. ეს  სახელი ახლოს დგას სხვა ებრაულ სახელთან -ყიმანუელ, ემანუელ, იმანუილ-, რაც ნიშნავს მესიას, ჩვენთანა უფლის გებას. იმდენად დიდი იყო ამ ფილმის გავლენა ქართველთა მასებზე, რომ სახელი -ვარლამი-  შეიძულეს და ის გაუტოლდა სახელს  -იუდა.  აბულაძის ნამუშევარი  უმსგავსი კინემატოგრაფიული იმპროვიზაცია და სიმულაციაა ბიბლიურ თემებზე. რეჟისორმა არ იცის სახელ ვარლამის ეტიმოლოგია და ფილმის ბოლოს ვარლამ არავიძე, რომელთანაც აბელი თავისი სახლის სარდაფში აღსარების სათქმელად მივა, თურმე თავად ეშმაკია. ვარლამის აჩრდილი ამბობს თავის თავზე, რომ ის ეშმაკია და ეშმაკთან მოსულა სააღსარებოდ მჭმუნავი აბელი! აბელი სარდაფში ხედავს ვარლამის მიერ მხატვარი სანდროს სახლიდან წამოღებულ სურათებს და იმ ჯვარცმას, რომელიც მას ბავშვობაში ქეთევან ბარათელმა აჩუქა. ვარლამს რად უნდა მხატვარი სანდროს ნამუშევრების თავის სარდაფში დამალვა? თუ მოსწონდა ეს ტილოები და ისინი მიითვისა, მაშინ ოთახში ჩამოკიდებდა და არა სარდაფში მიჰყრიდა.   ვარლამს რად უნდა ეს ჯვარცმა? ის ფილმის მიხედვით, ათეისტიცაა და ეშმაკიცაა. საკითხის ასე დაყენება, რომ ათეისტები ეშმაკეულნი არიან და ათეიზმი სატანიზმია, არის უაზრობა, რომლითაც მხოლოდ ბრბოს აყოლიება შეიძლება. მეტისმეტად ამლაშებს რეჟისორი და გარეგნულ ფორმებს გამოკიდებული, ის ისტორიას მალავს. თენგიზ აბულაძეს საფრანგეთის რევოლუციაზე (1789 – 93) რომ ფილმი გადაეღო, რას მოიგონებდა? ან ნაპოლეონის დროის პოლიციის მინისტრის, ჟოზეფ ფუშეს დროზე რომ მოსდომნოდა აბულაძეს ფილმის შექმნა, მერე რაღა ვარლამ-აბელობას შეთხზავდა?

არ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არ ვთქვა სასამართლოს კინოკადრებზე. ქეთევანი თეთრ სამოსელში გამოწყობილი მოდის სასამართლოზე და ეს მისი კარნავალური ჩაცმულობა, ფართოფარფლიანი, შავვუალიანი ქუდი არ ესადაგება მას, როგორც სიმართლის მაძიებელ რეპრესირებულ ქალს. ეს მისი სილუეტური ქვედაბოლო და ქუდი კომიკურია. ტრაგიკულ ვითარებას არ უხდება ქეთევანის კეკლუცობა, ირონიული სიტყვა და ირონიული მიმიკა. რა დროს სექსუალობაა? რა დროს შემოტმასნილი ქვედაბოლო და მაღალი ქუსლებია? ეს ქეთევანის ნეკროფილიაა. ეს მისი პერვერსირებული ლიბიდოა ვარლამის გვამის მიმართ. ქეთევანი ფილმის ბოლოშიც ისეთივე ირონიულია, რაც აფუჭებს და ფუშავს ფილმის ჩანაფიქრს სიმართლის მაძიებელ მარტოხელა ქალზე. მოსამართლე (მსახ. კოტე მახარაძე) მთელი პროცესის განმავლობაში რუბიკის კუბიკით იქცევს თავს. ესეც ბოლშევიკური სამართლის პაროდირებისათვის მოგონილა. აბელის ცოლი გულიკო (მსახ. ია ნინიძე) სასამართლოზე მოღიავებული კაბით, ფეხზე ფეხგადადებული ზის. გულიკოს სტრიპტიზული როკვა ვარლამის კუბოსთან, მღიმარე ვარლამის წამოდგომა, კუბოში გადაბრუნება და დაძინება ისტორიის მცოდნე ამ ფილმის მაყურებელს თავად ფილმს შეაძულებს და არა ვარლამს. ეს კადრები ვარლამის შესაძულებლადაა შექმნილი. ამავე მიზანს ემსახურება სასამართლოს შემდეგ ფოიეში მდგარი აბელის მეგობრების ოხუნჯობა. ერთ მათგანს ხელში ის ბარი უჭირავს, რომლითაც ქეთევანი ვარლამის საფლავს თხრიდა. ფილმის ჩანაფიქრი ამ მომენტშიც იფუშება. ესეც დაებედა საქართველოს, რომ დღეს მკვლელების, ჯალათების ცოლები სასამართლოზე ერთ ამბავში არიან, იძლევიან რიხიან ინტერვიუებს და ფეისბუკს უტიფრობით იკლებენ. განა ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ასე არ ოხუნჯობდა და ხარხარებდა  შევარდნაძისა და სააკაშვილის დროს, როგორც ქეთევანის სასამართლოზე აბელის მეგობრები ოხუნჯობენ და ხარხარებენ?

როდესაც დოქსოპულო ვარლამს მოჰგვრის დაპატიმრებულებს, ვარლამი ყველას ციხეში ჩასვამს. ამით რეჟისორს იმის თქმა სურს, რომ მაშინ კაცის სიცოცხლე ჩალად ფასობდა. იყო ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი იმ რეპრესიების დროს, მაგრამ მთლიანად ისე წარმოჩენა, რომ რეპრესიები იყო აბსურდული მიზეზის გამო გამოწვეული, არის სიყალბე. აუცილებელია გამოკვლევის სახით დაიწეროს ტროცკიზმისა და მენშევიზმის ისტორია საქართველოში და  გამოქვეყნდეს რეპრესირებულთა სასამართლო საქმეები. ისე წარმოჩენა, რომ  სასტიკი ბრძოლა სტალინელებსა და ტროცკისტებს შორის მოგონილი რამ არის, არაფრით არაა გამართლებული. აქვე სათქმელია, რომ ლუსტრაცია შეუძლებელი გახდა საქართველოში. 1989 წლიდან იმდენი ბოროტება ჩაიდინეს ქართველებმა, რომ ამან გაახუნა ყბადაღებული 1937 წლის რეპრესიები. თუ ამ რეპრესიებზე საკუთარი უსინდისობის, ანგარებისა და მედროვეობის დასაფარად ილაპარაკეს ამდენი წელი, მაშინ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველთა საარაკო მეტყუილეობას.  განა ჩალად არ ფასობდა შევარდნაძის და სააკაშვილის დროს კაცის სიცოცხლე? განა ყველაფერი უსამართლობის ჩასაფარცხად არაა მიმართული საქართველოში?  განა თავად შევარდნაძე ისე არ ჩავიდა საფლავში, რომ არაფერი მოუნანიებია? სიკვდილის წინ ინტერვიუები დასტა-დასტა დაარიგა და ამითაც კიდევ ერთხელ აბუჩად აიგდო ერი. სააკაშვილი თუ ნანულობს? განა ახლა ლიბერალი რეფორმატორები ისევე არ საუბრობენ, როგორც ვარლამი საუბრობდა მიხეილ კორიშელთან (მსახ. კახი კავსაძე)  მხატვარი სანდროს დაპატიმრების გამო? განა მთელი ქართული მედია ვარლამ-აბელობად არაა ქცეული? სადმე ნახულა მონანული ქართველი ჟურნალისტი?

დოქსოპულო ეტყვის ვარლამს, რომ რიკტაფელოვმა ერთი შპიონის დაჭერისთვის ხუთოთახიანი ბინა მიიღო და მე რაღაზე არაო. ესეც იმისთვის მოუგონია რეჟისორს, რომ მაყურებელმა შეიძულოს ბოლშევიზმი. თურმე რეპრესიებისთვის ხუთოთახიან ბინებს ღებულობდნენ ჩეკისტები! განა ახლანდელმა რიკტაფელოვებმა და დოქსოპულოებმა მუქთად არ ჩაიგდეს ხელში მრავალმილიონიანი უძრავი ქონება? ხუთოთახიანი ბინა რაღაა?

ქეთევანს საგიჟეთში წაყვანას გადაუწყვეტენ და მას საპყრობილეში თორნიკე მიაკითხავს პატიების სათხოვნელად. ქეთევანი რომელიღაც ლექსს ამბობს და ზედ არ უყურებს თორნიკეს. ის არ აფასებს ყმაწვილის სიალალეს, მის წუხილსა და ვარამს. ქეთევანს არც ფილმის დასასრულს დასცდება კეთილი სიტყვა თორნიკეზე. ის ბოლოს ისეთივე ირონიით უბნობს ვარლამზე და თავი გამარჯვებულად მიაჩნია. ქეთევანს არ გაუმარჯვია! ის არაა დადებითი გმირი ამ ფილმში. ის ცრუ ქრისტიანია, ჯადო და თარსი დედაკაცია, რომელმაც საბაბად გამოიყენა თავისი დედ-მამის დაღუპვა ვარლამის მიერ, რომელმაც სიმართლის ძიება საძაგელ სახიობად და პოლიტიკურ მასკარადად აქცია, რომელიც გვაცდუნებს თავისი ტორტებით.  ჩვენ, განგებისაგან სასტიკად გვემულმა ქართველებმა ვერ გულისხმავყავით, რომ ამ ფილმში გადმოცემული ამბავი საქართველოს სინამდვილეში განსხეულდა. აი ეს არის ის სატანიზმი (მაცდურება), რისი გაგების ნიჭიც ქართველთ ძვირად მოეძევებათ. განგებამ დასაჯა კიდევ ერთხელ საქართველო მზვაობრობისა და რელიგიური თითლიბაზობის გამო. ამ ფილმის გმირები ცხოვრებაში გადმოვიდნენ. ჩვენს გვერდით მიწყივ არიან ეს ქეთევანები, ვარლამები, აბელები, გულიკოები და თორნიკეები. რამდენი ქეთევანი დადის ახლა თბილისში. ბოღმის და ბაყლის ამდუღებელი ქალები იკლებენ პრესას, ტელევიზიას. ისინი უბნობენ ჭეშმარიტ რჯულსა და ივერიის გაბრწყინებაზე.  ამ ფილმით კიდევ ერთი წყევლა დაიწყვიტა თავზე ქვეყანამ, რომელიც ღმერთს ეყორჩებოდა და განაცრებული მასხარა გამოდგა. ზენას საქართველოსთან საწყრომი არ დაელევა! ამ ფილმში გავლებული ხაზი და ლარი ცხოვრებაში გაევლო ქართველთა საგვემად. მუჭში გაპარულ სილასავით შემოელია ქართველს ის ძველი სახელ-დიდება, რაც მას საბჭოთა დროს ებადა. ამ ფილმზე წაიტყუა ისედაც მცირე ჭკუა ქართველმა. ვარლამის საქოლავად თქმული ერის საქოლავად იქცა. ვერ გაიგო თენგიზ აბულაძემ ვის და რას აუჩემდა და რა თარსიანი საქილიკო გამოკანკლა.

არდაგით მოსილი დატუსაღებული სანდრო ბარათელის გასამართლება და მისი ჯაჭვზე  მკლავებით დაკიდება მიმსგავსებულია ქრისტეს წამებას. ეს რა კადნიერებაა?!  სადამდე მივიდა ამ ფილმში ქართველთა უტიფრობა, რომელნიც სხვა ხალხებზე მეტად ნაპატივებნი იყვნენ საბჭოთა კავშირში. ბევრ სილაღეს უთმობდა რუსი ქართველს და უმადურობის დაფარვა ბიბლიას ამოფარებით დიდი მაიმუნობაა. არა, შეგიძლია იმ ზნეობით ცხოვრება, რასაც ამ ფილმში მოითხოვ და დუნიას აოცებ? უახლოესი წარსული და აწმყო ამ კითხვას  ქართველთა სააუგოდ პასუხობს. კინორეჟისორმა არ უწყის, რომ ბოლშევიზმი რუსეთის ბედისწერა, მისი სასჯელი და მისი ხსნა იყო ერთდროულად. ასე მარტივად არაა, რომ სატანისტი ბოლშევიკები მოვიდნენ და ეკლესიებს აფეთქებდნენ. რისთვის ხმიანობს ამ ღვარძლითა და ტუტუცობით სავსე  ფილმში ბეთჰოვენის „ოდა სიხარულისათვის“ (Ode an die Freude, 1823 წ.)?  რა გვიხაროდეს? ამ ბილწობის გადაღება? ეს მასონთა დიდებული ოდაა მასონთა ტაძარზე, რომელიც დღეს ევროკავშირის ჰიმნია. გვიანდელი ჰუსერლი 1936 წელს ამ ოდას თავის ფენომენოლოგიაში ახსენებს. ამ ფილმის სამუსიკო გაფორმება (ნანა ჯანელიძე) ეპატაჟურ-პოზიორული რელიგიურობის განსაცხოველებლად და ვარლამის სათრევ-მოსაყივნადაა მოწოდებული. თუ რამ ტრაგიზმია ფილმში, ეს გადაიქცა ბალაგანად, მთელი ერის თავისმომჭრელ ტაკიმასრობად.  კონსტანტინე კაპანელის ნათქვამი მახსენდება: „ჩვენი ტემპერამენტი ქალური და ისტერიულია. ტრაგედიას ქართული სული არ იცნობს…“.  ამ ფილმში კონტრასტულად ჩანს ქართველისათვის დამახასიათებელი სულის სისუსტე, მეძავური ზნე და ისტერიული პოზიორობის ჩვევა.

ქალაქპეტი ვარლამი აივანზე სიტყვით გამოდის და იქვე ჰაერში მისი ფიტულია. გვერდზე კი ბურჟუის ფიტულს ახრჩოლებენ. აივნის გვერდით სახრჩობელაა და ზედ ყვავი ზის. მუშა ყავას სვამს. ამ დროს გაფუჭდება წყალგაყვანილობის მილი. წყალი შადრევნის მსგავსად მაღლა ადის და წუწავს იქ მყოფთ.  სიტყვით გამოსვლა კი მაინც არ წყდება. ეს კადრი არაფრად ვარგა. ვერეცინეა ბოლშევიზმი და ასე დასაცინი გახდა ადრეული ლიბერალების მიერ.

არა მგონია სადმე იყოს მხატვრული ფილმი, რომელიც წლების მანძილზე მთელი ერისათვის იყო მიმი (meme).  ჟურნალისტებს, ისტორიკოსებს, მღვდლებს წლობით აჩემებული ჰქონდათ ფრაზები ამ ფილმიდან („მაინც ამოვთხრი!“, „დოქსოპულო, შენ დედა გყავს?“, „ტარასი ტარასკონელი ამბობდა…“,  „ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბს გავთხრით!“, „მკვლელები კლავენ და ბოზები ბოზობენ!“, „გზა, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს“). პერიფრაზირების ერთი ნიმუშის მოყვანა აქ ნამდვილად ღირს: „ტაძრამდე ის გზა მიგვიყვანს, რომელიც მოსკოვზე არ გადის!“.  ისიც ითქვა 2002 წელს, რომ საქართველო ამერიკისათვის გამორჩეულად დამეგობრებული ქვეყანაა, რომელიც მალე გაბრწყინდება და ტაძართანაც მივალთ. ამ ფილმიდან აღებული გვირაბის გათხრა იქცა ქართული მასმედიის ლეგენდად. დიდხანს ილაყბეს ბერიას გვირაბზე, სუკის გვირაბებზე, საიდუმლო ბუნკერებზე.

რამდენი იუბნეს ქართველებმა სინდის-ნამუსზე, სამართალზე და ისინი ერთმანეთისათვის არიან აბსოლუტურად უცხონი. თუ ქართველთ სინდისი აწუხებთ 1921 – 37 წლების გამო, გადაიღონ მაშინ მართლა „მონანიება“ ნოე ჟორდანიას დროზე, რომელზეც დღემდე ერთი პირუთვნელი საისტორიო ნაშრომი არ დაწერილა.  გადაიღონ ახლანდელ დროზე  „მონანიება-2, 3…, 10“, როგორც პირველი „მონანიების“ სიქველი (sequel) და მიდქველი (midquel). განა ქართველთა აწმყო საამისოდ უმდიდრეს მასალას არ იძლევა? ვარლამთა, დოქსოპულოთა, თორნიკეთა და გვამითრევია ქეთევანთა ლეგიონები დაძრწიან ქართლში.

ამაზე მეტი ბედის დაცინვა და განგების სასჯელი რაღა უნდა იყოს, რომ  ეროვნული მოძრაობა დაწყებულივე სამუდამოდ დამთავრდა. 1992 წლის დამდეგს ისევ ქართველი ბოლშევიკები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში სწორედ ანტსაბჭოელი დისიდენტების ხელშეწყობით და 12 წელი მთავრებად ისხდნენ. ეს თავისმოჭრა ქართველებმა კაგებეს დააბრალეს. ქართველებს შევარდნაძის განდევნის თავი არ ჰქონდათ. ამერიკელებმა მოაწყვეს მსოფლიო პოლიტიკოსად წოდებული თაღლითის გაძევება. მასზე უარესი მოვიდა ქვეყნის სათავეში და იმისი გაძევებაც ისევ ამერიკელებმა მოაწყვეს. არა, ქართველთ სადმე ხმა ამოეღებათ?  მათ ეროვნული მოძრაობის განახლებაზე კრინტის დაძვრაც არ სურთ. გარეგნულ ფორმებს გამოკიდებული ყოვლად მოუმზადებელი და უუნარო ხალხის მაშინდელი ცას აწვდენილი პრეტენზიები დამთავრდა მიწაში ჩაძრომით, ერთურთისაგან დამალვით და წვრილბურჟუაზიული სტიქიით. პოლიტიკურ ყიამყრალობასა და არტისტობას გადაყოლილი მოდგმა ვერ იქცა პოლიტიკის სუბიექტად და დარჩა სხვის დაკრულზე მობუქნავე კაი ჩანჩურად. აბელები და მათი ცოლები ერთ ამბავში არიან. გადაშალე ნებისმიერი გაზეთი ან ჟურნალი და ისინი არიან ყველგან. არც თორნიკე მივა როდესმე მისი მამისგან ნაწამებ, აკლებულ, გაცარცულ ქართველებთან და არას ჰკითხავს. საქართველოში მოხდა ჩათლახობის იუნიორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ჯეელკაცობა ყმაწვილობიდანვე უსინდისოა. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიძალებული ჯღანა გოგო-ბიჭების სატელევიზიო მენტორობა და მსაჯულობა სავაებოა და არა მხოლოდ სასაცილო.

ფილმ „მონანიებაზე“ ფიქრისას, როდესაც უკან დარჩა ქართველთაგანვე გასყიდული და მოშთობილი 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, არ შეიძლება არ გაგახსენდეს 1924 წლის აჯანყება.  ეს აჯანყებაც იმავე ქართულმა თავნებობამ დაღუპა. აჯანყებული მენშევიკების ტუტუცობამ დასაწყისშივე წაახდინა აჯანყების საქმე. აჯანყებულთ არ ჰქონდათ შეგნებული, რომ ემიგრირებული მთავრობის იურისდიქციის აღდგენა შეუძლებელი იყო. ახალმოსული ნოე რამიშვილის მთავრობა მალევე დაამხეს ნოე ჟორდანიამ და ვალიკო ჯუღელმა (23 ივნისი, 1918 წ.). ჟორდანიას უაზრო ქმედებებმა დაუდო საფუძველი მისი მთავრობის დისკრედიტაციას. მენშევიკების მთავრობა იყო მყვირალა ლაჩრებისა და მაქინატორების დიდი ხროვა. პირველი საფრთხისთანავე ის ერთიანად გაიხვეტა უცხოეთში. ამ მთავრობის უკან დაბრუნების მცდელობა ფუჭი გარჯა იყო და ამის გაგება აჯანყებულთ ჯიუტად არ სურდათ. დაიხვრიტა 10 ათასზე მეტი აჯანყებული.  აჯანყება იყო გაუაზრებელი და მის მოთავეთ უნდა სცოდნოდათ, რომ არავინ იქნებოდა მათი დამხმარე თვით კავკასიაშიც კი. მხოლოდ იმის თქმა,რომ ეს აჯანყება იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კიდევ ერთი ეტაპი, არის სინამდვილისგან გაქცევა. ეს ხალხი სად იყო 1921 წლის თებერვალში, როდესაც წითელი არმია თბილისს მოადგა?

„მონანიების“გადაღებამდე ქართულ მწერლობაში იყო მამისა და შვილის დავისა და მონანიების მოტივი. ეს ის პერიოდია, როცა კომბინატორებთან ბრძოლის კამპანია გაიშალა შევარდნაძის ცკ-ს პირველ მდივნად მოსვლისას, 1973 წლიდან  80-იანი წლების დასაწყისამდე. მაგალითისათვის, აკად. გიორგი ციციშვილის (1922 – 2005) ცნობილ რომანში „სძლიე სიხარბესა შენსა“,  კომბინატორი გოდერძი ზეინკლიშვილი თავის შვილთან დავის შემდეგ მთელ ნაარმალ ქონებას სახელმწიფოს გადასცემს. ეს მისი მონანიებაა.  მის შვილს ემძიმება, რომ მამამ ამოდენა სიმდიდრე პარვითა და თაღლითობით დააგროვა. სხვა ლიტერატურული გმირები კი იმით ინანიებენ, რომ მილიციაში თავისი ფეხით მიდიან. ათეისტურ საქართველოში ეს მიიჩნეოდა მონანიებად. აბულაძის ფილმში მონანიებას უკვე ბიბლიური შინაარსი შეუძენია. თორნიკეს უმძიმს აბელის ძეობა და პაპის – ვარლამის საქმენი. ეს მწერლობასა და კინოშია ასე, თორემ ქართულ სინამდვილეში შვილი მამას არ აუჯანყდება ნაარმალი ნაშოვარის გამო. ამ ფილმში მონანიების მცნება მოხმარდა ლიბერალიზმის ჭეშმარიტების მტკიცებას და იმ აზრის დამკვიდრებას, რომ სწორედ ეს წყობილებაა ბიბლიასა და ეკლესიის დოქტრინასთან თანხმობაში. აბულაძეს სურდა წარმოეჩინა, რომ ვარლამ-აბელის ათეისტური ოჯახი ბოლოს რელიგიური პრინციპის აღსრულების აუცილებლობის წინაშე დგება. სინამდვილეში კი ვარლამის ოჯახის გალიბერალების დასაწყისია ნაჩვენები, როდესაც 90-იანი წლების საქართველოში პირველი კაპიტალისტები ისევ ვარლამი და აბელი არიან.

ვინ წავა დღეს ქვეყნის დამაქცევარ ქართველ მოხელეთაგან სამონანულოდ?  ამდენი მაოხრებელი ლაღობს და ბატონკაცობს.  მათ ვაჟებს როდესმე შეუმძიმდებათ მამათა საქმენი? ამ ფილმის პათოსის მიხედვით, მას შემდეგ, რაც საქართველოში მოხდა 1991 – 2012 წლებში, შვილები მამებს ხშირად უნდა დაეტაკონ. ყველგან უნდა ისმოდეს სილის გალაწუნებისა და გინების ხმა, ოდეს მამა მის მამხილებელ შვილს დედას აგინებს. ყველგან თოფების გავარდნის ხმა უნდა ისმოდეს, ოდეს თორნიკეებს აღარ სურთ თავისი დედ-მამის დანახვა და სიცოცხლეს ტყვიით მოისწრაფებენ. აბელები კი თავისი მამების საფლავების თხრას და გვამების გატყორცნას ვერ უნდა რჩებოდნენ. სინამდვილეში თორნიკე ტყვიას არ დაიხლის მამა-პაპის ნაქნართა გამო. ის მათ ტყვიით დაიცავს. მათ მოხვეჭილ სიმდიდრეს თორნიკე თოფით დარაჯობს. აბელი პატივით ჩავა საფლავში და რომელიმე პანთეონს დაეღირება. აბელის გასვენებაში მთელი თბილისის ელიტა შვილებითურ მივა. დაიწერება გაზეთში, რომ ცხონებული აბელი „ბობოქარ ვნებათა პატრონი იყო“, „ახალგაზრდობას აფრთიანებდა და შეჰხაროდა“, „მამული მისთვის სალოცავი იყო“. აბელის სახელობის ქუჩაც გაჩნდება.

არ ვარგა ფილმის დასასრულს აბელის მიერ ვარლამის დაწყევლა. მანამდე არაა დამაჯერებელი აბელისა და ვარლამის დიალოგი აბელის სახლის სარდაფში, ასევე დიალოგი თორნიკესა და აბელს შორის. თორნიკე ეტყვის მამას, რომ ვარლამს ბეტონის ბუნკერში დამალვა უნდოდაო. ბუნკერის თემა მეტად ხელოვნურადაა აქ ჩაკვეხებული. თუ ვარლამი თავად ეშმაკია, მას ბუნკერში მალვა რაში სჭირია? თუ ბოლშევიკური რეპრესიები სატანური იყო, მაშინ რა იყო მენშევიკური რეპრესიები? თუ ბოლშევიკური ათეიზმი სატანური იყო, განა მენშევიკურმა ათეიზმმა არ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის მაისში? თუ მენშევიკი ათეისტები ებრძოდნენ ბოლშევიკ ათეისტებს, ორი ეშმაკეული ებრძოდა ერთურთს?

1921 – 24 წლებში საქართველო გულგრილობამ და კლასთა გათიშულობამ მიიყვანა მარცხამდე. ახლაც ასეა. ლიბერალური საქართველოს ისტორია კატასტროფების გარდა არაფერია.  ქართველმა ყველაფერი შეიქვილიფა და გაიცინა. გაიცინა და ბუქნასაც ამოვიდა. ის ბედნიერია, რომ ცოცხალია. ამის იქით ის არას ხედავს. დუნიაზე ერთადერთი ხალხია ქართველობა, რომელმაც ასე ბრწყინვალედ შეძლო სინდისის ელიმინირება. ესეც საკითხავია: არაკაცის ცოლს როდესმე თუ შეუმძიმდა არაკაცის ცოლობა? თენგიზ აბულაძეს ყველაზე დიდმა ვარლამმა – შევარდნაძემ მისცა ნება ქართველთა საქვეყნოდ მომთხრელი ფილმის გადაღებისა. ეს აგრე გამოვიდა, რომ რომელიმე დიდ ინკვიზიტორს თავის წინამორბედ ინკვიზიტორზე „მონანიების“ მსგავსი წიგნი დაეწერინებინა ვინმე ბერისთვის  და მერე მრევლისთვის შეეძახოს, – აქამდე მონები იყავით და ახლა თავისუფალნი ხართო!  ხომ ნახეს ეს ფილმი შევარდნაძის შვილებმა და შვილიშვილებმა და ვინ ინამუსა? რჯულთამებრ, პასუხისმგებლობა ყველასია და მითუმეტეს მაშინ, როცა ერი ღვთის დედის წილხვედრობას ჩემულობს. მამის ნაჭამი მკვახი შვილს ჰკვეთს კბილს. ამ წესს ვერ გააბათილებს ლიბერალური სამართალი თავისი სამართლებრივი ველით და მისთანა კაზუისტიკით.  უკანასკნელი ქართველის ჩათვლით ყველაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდებოდა საქართველოში და რაც ხდება!  ლიბერალური ინდივიდუალიზმი არის უკანასკნელი თავშესაფარი ცხოვრებისაგან დაწიხლული, სახელგატეხილი ქართველისათვის. საქართველოში არსებული სტაბილურობა მიღწეულია სინდისის სრული გაბათილებისა და საკუთარი თავის მოლაპარაკე ცხოველად ქცევის გზით. ქართველი თავად განგების მოტყუებას წადინობს. ახლანდელმა ვარლამ-აბელებმა თავისი არაკაცობა ლიბერალურ ინდივიდუალიზმსა და ბოლო დროს აგებულ ეკლესიებს ამოაფარეს. ცხოვრება კი კვლავ გაახსენებს ლიბერალურ საქართველოს, რომ „მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოიკვეთნეს“. ჭამა ქართველმა, განდიდდა, განსუქნა, განისვენა და იწყო განზრახვანი ბოროტნი. ქართველს დაავიწყდა განგების სასტიკი მსჯავრით დადაღული თავისი ქვეყნის საზარო მატიანე. ცხოვრება კი მას ცემითა და ჯგვლემით შეახსენებს იმას, რისი მიფუჩეჩება და დავიწყება არანაირად არ ჰხამდა. დამალვასა და ქვემძრომობას მიჩვეული ქართველი, რომელმაც ეს ფილმი ეროვნული ტყუილის ქვაკუთხედად აქცია, ვეღარ დაიმალება. ახლა გადაემხოს მიხეილ კორიშელის დარად ვინმე მოვაგლახე თეთრკვართიანი თეთრ როიალზე, ოდეს ქვეყანა იშლება და ერი კვდება.

განა თორნიკეს თავის მოკვლით აღსრულდა მონანიება?  განა აბელის მიერ ვარლამის დაწყევლა და მისი გვამის ამოთხრა მონანიებაა? შემზარავია ფილმის ბოლოს ქეთევანის დამცინაობა და ჩაცინება ვარლამის ნეკროლოგის კითხვისას. რა აცინებს ქეთევანს? მოხუცი ქალი (მსახ. ვერიკო ანჯაფარიძე)  გამოივლის და ეკითხება ქეთევანს, რომ ეს გზა ტაძრისაკენ მიდის? ქეთევანი პასუხობს, რომ ეს ვარლამის ქუჩაა და ტაძრისაკენ არ მიდის. მოხუცი ეკითხება, მაშ რად გვინდა გზა, თუ მას ტაძართან არ მივყავართ?

კი მაგრამ, რომელი ტაძარი იგულისხმება? რევოლუციამდელი, მეფის დროის ტაძარი თუ საბაზრო ლიბერალური ტაძარი? ფილმი ლიბერალურ ტაძარს უნდა გულისხმობდეს. ამ ლიბერალური ტაძრისაკენ მიმავალი გზა ითვლება გზად და სხვა გზა არა?

მაისი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s