რას მიმერჩით მე რიტორსა, არ მანებებთ ჩემსას ჩემად?


             

როგორ მომპარეს მღვდლებმა თერიონის ვარდი

ამა წლის გაზაფხულზე ჩემი ბლოგის მკითხველმა, სასულიერო სემინარიის ერთმა სტუდენტმა შემატყობინა, რომ სემინარიის სასწავლო პროგრამაში შეუტანიათ ჩემი იიობ ყუცელის ძლევა (თერიონის ვარდის მეოთხე თავი), როგორც  ეგზეგეტიკის ნიმუში.

როდესაც სასულიეროს ლექტორებს დაურიგებიათ  შესასწავლი კონსპექტები, სემინარისტს უთქვამს, რომ აქ მოცემული იობის წიგნის ეგზეგეტიკა სინამდვილეში პორფირეს დაწერილია. მისთვის მიუგიათ, რომ ამაზე ჯგუფმა იმუშავა და ეს მათ დაწერეს. პორფირე რას დაწერდაო იობის წიგნის ეგზეგეტიკას. არა, პორფირე ვერ დაწერდა იიობ ყუცელის ძლევას და სასულიერო სემინარიის ჯგუფი  დაწერდა?  არა, ასეთ ნაშრომს სასულიერო პირნი წერენ?  აგრე რომ იყოს, აქამდე ქართლი ათენად იქმნებოდა. ბარემ ეგ თქვით, რომ მთელი თერიონის ვარდი ბერებმა დაწერეს, ვიეთმა კი ეშმაკის მანქანებით მოგპარათ და თავად პორფირე დაირქვა.

ახლა ამას ვიკითხავ: სასწავლო პროგრამაში კი შეიტანეთ მამანო ჩემი თერიონის ვარდის ნაწყვეტები და გამოცდაზე ეკითხებით ამას მომავალ მღვდლებს, მაგრამ რომელიმე მღვდელი თუ აღინთება ამ წიგნის სამოჯანყო ცეცხლით? რომელიმე მღვდელი თუ გაბედავს და დაიცავს კაცსა და მიწას მრისხველი უფლის წინაშე? პორფირეს ნაწერი თქვენ მაღალი საეკლესიო ქართულის ნიმუშად, ასევე ეგზეგეტიკის ნიმუშად მიიჩნიეთ და შესასწავლად დასახეთ, მაგრამ თუ შეიძლებთ ან თქვენ და ან თქვენი ნაშეგირდალნი ამ ენაზე ფიქრსა და მისით ისეთი რაღაცის განწიგნებას, რაიც მოაქამდე არ თქმულა?  ეს კონსპექტი შეუდგენიათ სასულიერო სემინარიის სტუდენტებს. სტუდენტები როგორ ადგენენ იმას, რაც წესით ლექტორებმა უნდა შეადგინონ?

ის შესასწავლი კონსპექტი, რომელიც ნაცნობმა სტუდენტმა მომაწოდა და რომელიც სემინარიაში მიუტანია ლევან პეტრიაშვილს, ორი ენითაა შედგენილი. ახალი ენით იობის წიგნზეა საუბარი, ძველი ენით კი, რაც ჩემეული ენაა, ეგზეგეზებია ჩამოწიგნარებული. ეს ეგზეგეზები არის სტრიქონები ჩემი იიობ ყუცელის ძლევიდან. თერიონის ვარდის ეს თავი საეგზეგეტიკოდ არ დამიწერია. ეს ფილოსოფია და ფილოსოფიური თეოლოგიაა პლატონური გაგებით. რატომ ვერ შეამჩნიეს, რომ ეს შეკოწიწებული კონსპექტი სინამდვილეში ორი სხვადასხვა ავტორის ნაწერია? იმიტომ არ შეამჩნიეს, რომ ფარულად აფასებენ რიტორი პორფირეს ნააზრევს და მისი გამოყენება საეკლესიოდ სწადთ. ამ კონსპექტს ხომ ნახავდა სემინარიის ადმინისტრაცია და მან პორფირენი ესევითარ ითნო, რომ შესასწავლად დასახა. მანდ ხომ გულმოდგინედ ისინჯება, რა უნდა შევიდეს სასწავლო პროგრამაში.

აი ასე ჰპარავდნენ უწინ ეკლესიის მამანი პლატონიკოს ფილოსოფოსებს ნააზრევს და ეკლესიის დიდებას ახმარდნენ. ახლაც იგივე მეორდება. მამანი მე მპარავენ და თან იმტკიცებიან, რომ ეს მათი ამქრის დაწერილია.  კი მაგრამ როდის აქეთ ასწავლით აი ამ პორფირესეული ქართულით სასულიერო სემინარიაში? ვინ უბნობს და წერს მანდ აი ამ ენით, რაც თერიონის ვარდშია?  ეგ ამას რას დაწერდაო? არა, მე ვერ დავწერდი და თქვენ დაწერდით თერიონის ვარდის თავებს? ასეთი ძლიერი თეოლოგოსები და ეგზეგეტიკოსები დასობთ სასულიერო სემინარიაში, რომ აი ასეთი ენით, რაც მე ვიხმიე და ვიწდიე თერიონის ვარდში, წერთ ბიბლიის წიგნთა განმარტებას? თქვენ წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, რომ ფილოსოფოსს ასე დაეწერა იობის წიგნზე, ვითარც მე დავწერე მასზე თერიონის ვარდში, მაგრამ ჩემი წიგნი ხომ ხელში გეჭირათ და იქიდან ამაწაპნეთ სტრიქონები?  ჩემ ბლოგშიც  დევს იიობ ყუცელის ძლევა და ყველაზე მეტი ნახვა სწორედ მას აქვს. კაცის დავაა აქ ღმერთთან უფლისა და სატანისგან სინჯული იიობის გამო და თუ ქართველთ ეს მცირედ მაინც შეიგეს, უკვე რაღაცას ნიშნავს.  მას შემდეგ, რაც ზურაბ კიკნაძემ ჟურნ. „კადმოსში“   (N 5, 2013) იიობ ყუცელის ძლევაზე დაწერა გამოხმაურება („იობის ახალი აპოლოგია“), ამ ბმულის ნახვები ბლოგში უფრო მოემატა.

მამანო, უწყით რას ადასტურებს ეს თქვენი კომპილაციური კონსპექტი? ესაა ფილოსოფიის გამარჯვება თეოლოგიაზე და ეს თავად ეკლესიაში მოხდა. არა უნივერსიტეტში, არამედ საეკლესიო სასწავლებელში გაიმარჯვა ფილოსოფიამ და აქ აღიარეს რიტორი პორფირეს ნააზრევი.  ეს გამარჯვება მოხდა უჩუმრად და არა საჯარო დისპუტაციაში მღვდელსა და ფილოსოფოსს  შორის. წიგნი, რომელსაც წლების მანძილზე ბოროტი დუმილით უვლის გვერდს მრავალი კრიტიკოსი და ლიტერატურის მიმომხილველი, მწერალი, ფილოსოფოსი,  დაფასდა ეკლესიაში და თავად მღვდლებმა დაიჩემეს მისი ავტორობა. წიგნი, რომელზეც მრავალჯერ შევატყობინე ლიტერატურის ინსტიტუტს, ცალკეულ ადამიანებს – ლექსიკოგრაფებს, ფილოლოგებს, ლიტერატურის ისტორიკოსებს, ფილოსოფოსებს, რომელიც საბოტირებული და მიჩუმათებულია მრავალი წელი, დანახეს და მიიჩემეს ბერებმა.

ჩემი აღარ დავიცვა? ჩემსას აღარ მივეპატრონო? თავი შევწირე ფილოსოფიას და დავადასტურე რისი შემძლეც ვარ. ცუდად ვრიტორობ?  (რიტორი ფილოსოფოსს ნიშნავს ძველქართულად). შევქმენი საქართველოს დუნიაზე შემასახელებელი ორიგინალური ნაშრომები ისტორიოგრაფიაში, პედაგოგიკაში, ფილოსოფიაში, ლიტერატურაში, ლიტმცოდნეობაში.  ნახეთ ჩემი ამონაქმი და მერე იქირქილეთ ჩემზე სასულიერო სასწავლებლებსა და საპატრიარქოში.  ჩემი სიქადულია იიობ ყუცელის ძლევა და თქვენ კი არ უნდა თქვათ, პორფირე ამას რას დასწერდაო, არამედ მე უნდა გითხრათ – მღვდელნო, თქვენ ამას რას დასწერდით?!  ჩემი ტაბლიდანაა იიობ ყუცელის ძლევა. ჩემი ნამეტყვია ეს ნაშრომი. რომელმა ბერების და სემინარისტების ჯგუფმა იმუშავა იიობ ყუცელის ძლევის დასაწერად?  ჩემ წყალში ჩემ თევზს ვიჭერ. ჩემს პურს ვჭამ და ჩემ ყველს ვატან. სად გავიყვანე ქართული აზრი და სადამდე ავამაღლე ჭეშმარიტი ქართული ენა! პლატონს ვფიცავარ! იცით რა არის პორფირეს ტაბლა? შეიძლებთ, რომ მას მიუახლოვდეთ? ამ ტაბლასთან ინახობის ერთი წუთი ჭკუიდან შეგშლით, მღვდელნო! ჩემივე გაზრდილი გამექცა ამ ტაბლიდან და სამჯერ მოვაბრუნე. აზრთა საზარლობა, სიკვდილის ჭვრეტა და უღმერთობის გამოჩხრეკა შევასწავლე მას მის ჭაბუკობაშივე.  არა ვინ ჰპოვოს ამა ტაბლასა ზედა სიხარული, გარნა სიბრძნე სავარამო და ფიქრი სიკვდილად აღზენაებული!  კეისრის გვირგვინი მძიმეა, მაგრამ ფილოსოფოსის გვირგვინი უმძიმესია.  კეისრის გვირგვინს ყველა ხედავს, ხოლო ფილოსოფოსის გვირგვინი უხილველია.

ფიქრთა მარცხლ მიმქცევი და მარცხენა ხელის ფილოსოფიის შემქმნელი ვარ. მე ვისწავლები შავსა და წითელში აზრით მუშაკობას. მე ვარ წითლოსანი თერიონის ვარდში. შემწევდა ძალი  ქადილისა და ვაწიგნე თერიონის ვარდი. განა სადმე ავდივარ ტრიბუნაზე და ვუბნობ? ვინმეს ვეტორღიალები, რომ ჩემი ნაწერებისკენ მოვახედო? კალთაზე ვინმეს ვექაჩები, რომ ჩემი მიმდევარი იყოს?  ტაკიმასხარა, ცრუპენტელა და ყიამყრალი  ქართველების დასაცინი და ცილშესაწამები გავხდი! შური ადუღდა და გადმოდუღდა!  შურით დაიარებულნი მუდამ რაღაცას მიზეზობენ და ავენაობას მისცემიან. წლობით მქირდავენ და მზაკვრულად მზვერავენ. ბოროტად თვალს ჭუტავენ და პირს იბრეცენ.  ჩემივე ტექსტებიდან აღებულ ამონარიდებს თავის აზრად ასაღებენ. რამდენჯერ წავაწყდი!  ამავე დროს მე დამცინიან ისინი, ვისაც ფილოსოფიისა არასოდეს არა ეყურებოდა რა,  ვინც ქათმის ჭკუით მსაჯულად დაჯდომას ლამობს.  როგორ ჰყოფნით 23 – 28 წლის ჯეილებს იმდენი კადნიერება, რომ საჯარო ლექციებს ნიშნავენ, ვიდეოჩანაწერებს ავრცელებენ? ფუყეობას და ლიტონობას ახალ აზრად ასაღებენ. ესენი მერე ნახეთ, კაცობაში რომ შევლენ! სასულიერო სასწვლებლიდან გამოსული ჯეილები ოინბაზურად უბნობენ ქრისტეზე, სულიერებაზე.  წიგნუკებს წერენ წმინდა მამებზე, ჭეშმარიტი რჯულის პყრობაზე  და მიწას ფეხს არ აკარებენ, აგრე დადიან. ამათ რომ მართლა რაიმე მოსახსოვნელი დაეწერათ, მერე რაღას იზამდნენ? რამდენი უგები და ნიშატდავსილი კაცი ამხილა მათმავე ნაკალმევმა! სულ მცირე რაღაც თავში უვარდებათ და რა მოსდით! მე, ასეთი ფილოსოფიის შემქმნელი, არ გამოვდივარ საჯარო ლექციებით და არც ვიდეოჩანაწერებს ვდებ. ესენი კი სულ იბღინძებიან. თერიონის ვარდის ფილოსოფიაზე ვერ იუბნებ დროის მოსაკლავად შემოხეტებული ვინგინდავინ მსმენელების წინაშე. წანწალა ჭკუისა და წანწალა ენის პატრონები. მოარული არარაობანი, რომელთაც ეს ცხოვრება თავისი ჰგონიათ. მე ვერ გამოვბერტყავ მათგან ქართულ ჩიტირეკიობას, რადგან მათი ხვედრი ესაა. თერიონის ვარდს არ ესაჭიროება ზერელე და სნობი მასის მოწონება, მისი ტაში და ღიმილი, ყალბი ლაპარაკი და თავის რიტორად მოჩვენება. დავჯდე ახლა და დავუწყო ქალაქელ მოსეირეებს ან იუდას ფენომენოლოგიაზე, ან გოგის მეომარზე უბნობა? რომც ვიუბნო, რას შევაგნებინებ?  ეს ფილოსოფია არ საჭიროებს მასის სანქციას პოპულარობის მოსახვეჭად. თერიონის ვარდის ფილოსოფია პოპულარობით არ გაიზომება, რაც უწინაც მითქვამს. ბევრეულნი არიან აბსოლუტურად უსმნი ლოგოსის მიმართ. რჯულს, ფილოსოფიისაგან განსხავებით, ესაჭიროება მასის სანქცია. რჯული კრიზისშია და ეცემა. საარსებო ძალასა და არგუმენტაციას  შეჭირვებული რჯული ნათხოვრობს ფილოსოფიისაგან და ფილოსოფიის ბჭეთა გავლით იძენს რელიგია დამაჯერებლობას.  ამას ადასტურებს მატიანე.  არ არსებობს თეოლოგია ფილოსოფიის გარეშე, მაგრამ ფილოსოფია არსებობს თეოლოგიის გარეშე.  ადამიანის ისტორიაში არაფერი სხვა ისე უნამუსოდ და უღმერთოდ არაა გაყალბებული, როგორც სიკვდილი და კაცის სიკვდილისშემდგომი ხვედრი, როგორც კაცისა და ღმერთის შეხვედრა. არსად იმდენს არ ცრუობს მოკვდავი, როგორც ამ საკითხებში. ათეიზმი სწორედ ამაში ამხელს რელიგიას. ათეიზმის მიხედვით, თუ ღმერთი არსებობს, რატომღაა ამდენი სიცრუე თვით თეისტთა და მღვდელთა შორის?

რატომ მფრცქვნით და მცარცვავთ, მღვდელნო? აქამდე გოჩა გვასალია მოგზავნილი პროვოკატორი, სოროსის აგენტი და რაღაც თერიონის დამწერი იყო თქვენთვის. ახლა ჩემსას თქვენად ასაღებთ? ჯერ არ მოვმკვდარვარ და უკვე სათქვენოდ შეხლართეთ და გაამრუდეთ ჩემი თერიონის ვარდი და რომ მოვკვდები, მერე რაღას იზამთ?  თქვენს ხელში წაწყმდა რჯული და მისი ტიპიკონი. ეშმაკს რას აბრალებთ? ქრისტიანს ქრისტიანობას შეაძულებთ და გააქცევთ. ნათლულს ნათლობას ანანებინებთ. ნედლს გაახმობთ და სწორს გაამრუდებთ. მაჩვენეთ, რას სულიერობთ სასულიერო სემინარიაში? სად რა სულობაა? ვინ რა მესულეა? ზედიზედ 12 ოსკარი რომ უნდა მიანიჭო, აი ასეთი მსახიობია მღვდელი. რამდენ მღვდელს უჭირს რჯულში დგომა, ბიბლიის გააზრება და ვერ ამბობს.

ეგზეგეტიკა გაგჭირვებიათ? ალალად დამიძახეთ, მიხმეთ, როგორც ძმას და ისეთ ეგზეგეტიკას დაგიწერთ, რომ ძვრას ვერვინ უზამს. მე, ფილოსოფოსი გასწავლით თქვენ ქრისტეს ქოფაკობას და რჯულის წიგნთა განმარტებას.  ერთია ესაია და მითოსი და არაა სწორი, ოდეს მათ ურთიერთჯმნასა და განყოფას ისწავლებიან. მონოთეიზმი და ტრითეიზმი (სამღმერთიანობა) ძველისძველი მითოსის ერთი ნაწილია. ერთია იერემია და პლატონი. ჟამის დენას მრავალი გარეგანი მოვლენანი დაუხვავებია და ეგრე ჩანს, რომ სამუდამოდ განყოფილნი არიან იერუსალიმი და ათენი. სინამდვილეში ათენთა ხვაიშნობა დიდად სჭირია იარუსალიმს. ამის მეტი რა დაადასტურა ისტორიამ?  თეოლოგია მითოსიდან გამოიკვირტა, მეცნიერება კი მაგიიდან და ალქიმიიდან. ფილოსოფია კი ყოველთა ჩინჩლი და ძირია. მითოსიდან მოაღწია დღემდე მარადიული ცეცხლის დანთებამ, ომის გმირთადმი მიმართვამ, ფიცის დადებამ, იშთარის ვარსკვლავმა (პენტაგრამამ), იმპერიის წმინდა საზღვრების ცნებამ.

მითხარით, რომ ხენეშებამან სოფლისამან გაგვღუნა, ქროლამან ჟამისამან ფრიად შეგვაჭირვა და ვეღარ ვიცავთ რჯულს. მიხმეთ და მოვალ დიდი ხვაიშნობის გასაწევად. შემიძლია ეს და ვამბობ. სამღთო ქადილს თუ გამოვიტყვი და აღვასრულებ კიდეც! თქვენ თან ჩემზე ქირქილებდეთ თერიონის ვარდის დაწერის გამო და თან მე მფრცქვნიდეთ? ასე ვერ იქნება.

თქვით, რომ იიობ ყუცელის ძლევა ჩვენგან გაქცეულმა ძმამ დაწერა, რომელსაც ადრე სასულიეროში სწავლა სურდა და გაგვექცა  ჩვენი უმსგავსობის შემჭვრეტი-თქო.  ესეც იცოდეთ მამანო, კი მოგაყივნეთ თერიონის ვარდში, მარა ვერ შეგიძულეთ. ბევრი საერთოა პორფირესა და მღვდელს შორის, თერიონის ვარდსა და ბიბლიას შორის. მეტისმეტად შევიძულე ზვიად გამსახურდია, რომელსაც აქამდე სულ ვიცავდი. თქვენ კი ვერ შეგიძულეთ, მამანო. უძლურ არს გული ჩემი შეძულებად თქვენდა! გაგექეცით, მაგრამ ვერ შეგიძულეთ. გამოქცეული მრევლი ვარ. შემიმძიმდა მღვდლის უდიერება,  დამაჭმუნა მრევლის უგვანმა ნაქცეურმა და მქირდაობამ. ისეთი მრევლი და სამოყვასოა, რომ ქრისტიანობას კი არა, ადამიანად დაბადებას შეგაძულებს! რაც არ უნდა ქრისტიანულად მოვიქცე, მრევლში ყველაფერი მეკარგება. ყოველი ჩემი ნათმენ-ნამუშაკარი არარავდება მრევლში. განა არ ვთქვი ეს თერიონის ვარდში?  შემაღონა სამოყვასოს უმოყვასობამ. დავმდაბლდი და შევიბილწე  თვით მოყვასთა შორის. ერთადერთი მიზნით აჩვენებენ კაცნი თავს ქრისტიანებად, რომ როგორმე დამალონ საკუთარი მეცრუეობა, სიმდაბლე და შიში ბედისწერის წინაშე.  არ დავთმობ ჩემი დათმენითა და ჯავრით მონაგრებულს და სიყვარულის სახელით არ გავერევი უგებთა და ბილწთა დასში!  ჩემს მიერ საზარლობაში მოპოვებულს უნიათოთა სათნოებას არ ვანაცვალებ. შრომილნი ჩემნი არა მათთვისაა. რასაც მე გავუძელი, იმას არ დავთმობ მოყვასისადმი სიყვარულის სახელით!

მაგრამ უწყოდეთ, მამანო: შეგაჭირვებთ ცხოვრება და მაინც მოვალ თქვენს საშველად! ერთნი ვართ საფიქრალში რიტორი და ეკლესიის მამა. ერთი ტვირთი გვაწევს და ერთ ძმარს გვახვრეპინებს ეს წუთისოფელი. გარეგნულად ჩანს, რომ სხვადასხვა გზით ვიარებით. სინამდვილეში გზაი ჩვენი ერთია, გზაი ვიწრო და საცთურებით სავსე. ერთი საგონისით ვართ გასენილნი შენ, მამაო, მოძღვარო ეკლესიისაო, სამღთო კაბით მოსილო ბერო, მუდამ ზეცის დამცველო და მე, მოჯანყე რიტორი და მიწის დამცველი წინაშე უფლისა.  მე თავად შეუტყობელი ბერი ვიყავი და ვარ. იტყვით, რომ ფილოსოფოსი ამა სოფლისაგანი არისო და ვერ იქნებაო ბერი. სწორედ ფილოსოფოსი არის ჭეშმარიტი და უტყუელი ბერი. იგია, ვინც საყდრის გარეთ დააოკა გული მრავალმღელვარი და მიუპყრო იგი ფესვთა სასიბრძნოთა. დასტური ამისა ჩემი ნაკალმევია. როგორ ფიქრობთ მამანო, თერიონის ვარდი თვინიერ დიდი ვარამისა დაიწერებოდა?  უწყით, რა უნჯი ვიუნჯე ამის დაწერამდე და რა ცეცხლი მგზებია?   უწყით რარიგ მოქვესკნელე უნდა იყოს მოკვდავი, რომ პორფირეთა განწიგნება შეძლოს? გარეგნულად ჩანს, რომ სჯულვილება რიტორისა სხვაა და სჯულვილება მღვდლისა სხვა. თავად ეკლესიის მამებს არ შეუგნიათ, რომ ეს ასეა. ისინი მუდამ ჯგვლემენ და ქოლავენ ფილოსოფიას.  პატრიარქმა ილია II-მ სხვადასხვა დროს რამოდენიმეჯერ თქვა, რომ ჩვენ გვჭირდებაო ფილოსოფია. ფილოსოფიის სწავლების საქმე კი ვერაა კარგად დაყენებული სემინარიასა და აკადემიაში.

მღვდელნო, რიტორებანი პორფირესი ჰპოვეთ კეთილოვან და არა ზნოან, იმის მიუხედავად, რომ ის აკრიტიკებს ქრისტიანობასა და მღვდლებს. ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ პრომეთეანული ფილოსოფია ეკლესიას იმდენად ესათნოვოს, რომ ის შესასწავლად დაესახოს მომავალი მღვდლებისათვის? როგორ მოხდა, რომ კაცის ჯანყი წინაშე უფლისა , რაიც არის თერიონის ვარდი, ეკლესიას რჯულის განცხოველებისათვის შეეხმარებინოს?

ვუწყი, რომ თერიონის ვარდის გამოსვლის შემდეგ ძვირს ამბობდით ჩემზე და თან გულმოდგინედ კითხულობდით მას. შეუძლებელია გულით არ გეგნოთ, რომ დიდი ალი დავაგზე და ქვესკნელის უნჯი ამოვამზევე. კაცის გულისათვის ვიდავე უფალთან და სატანთან. ბედისწერის კალთა ხელში მეჭირა და ბოროტის ჩინჩლი შევიცან.  რას ვაქნევ მე სასუფეველს და როდის ვყოფილვარ მისი მახვეწარი წინაშე უფლისა?

ადრეც მომდიოდა ხმა, რომ ჩემს ნააზრევს ეკლესიაში იყენებდნენ და მღვდელნი უბნობდნენ ჩემზე. რამდენი მათგანი იტყოდა უკვე ამბიონიდან ქადაგებისას პორფირეს სიტყვას და მრევლი კი ჰგონებს, რომ მოძღვარმან ჩვენმან საამოდ იუბნაო ტაძარსა შინა. გრძნეულია პორფირეს სიტყვა და და შეგრძნიდა იგი ყოველ მსმენელს. სიბრძნის მძებრთათვის დიდი თასლიბის გამწევია პორფირენი. ბრიყვთაც კი მოდრეკს და შეამეცადინებს პორფირენი.   პორფირესთანაა დიდი ქართული ენის თოიჯობა და დიდი სიღრმის წარმოჩინება ამ ენით. ასე არავის აღუმზევებია დიდი ქართული ენა დიდი ფილოსოფიური აზრის გამოსათქმელად, ვითარც პორფირემ.  პორფირენი ისმის საყდრის თაღებს შორის და ეგრე კი ჩანს, რომ მღვდელი უბნობს სამღთო საუბნოს. თერიონის ვარდის ამონარიდები ისწავლება მართლმადიდებლური დოგმატიკის ერთ-ერთ ბურჯში – სასულიერო სასწავლებელში და თქვენსავე სემინარისტებს, მომავალ მღვდლებს ატყუებთ, რომ ეს თქვენი დაწერილია. სხვას ეტყვით მართალს? ეჭვი არ მეპარება, რომ თერიონის ვარდი სასულიერო აკადემიაშიც მოიხმარება და ეს უკვე დიდი ხნის ამბავია. ბარემ დააკონსპექტეთ თერიონის ვარდის სხვა თავებიც – გოგის მეომარი, იუდას ფენომენოლოგია, სატანაელის ენქირიდიონი.  რამდენი რამ არის აქედან სამღთო სჯულისათვის შესახმარები!

რაც არაა თეოლოგია და ეგზეგეტიკა, არამედ ფილოსოფიაა, იმას საეკლესიო სწავლების ნაწილად ასაღებთ. თან მე დამცინით და თან ჩემსას თქვენად ასაღებთ. ჩემს იიობ ყუცელს, სამოჯანყოდ დაწერილს, იიობსა და ღმერთს შორის  იმ ძველი დავის ხელახლა განმაცხოველებელს, ეგრეღა ითნევთ, რომ შესასწავლ კონსპექტში წითლურითღა სწერთ, რომ უფრო იგულისყურონ და დაისწავლონ სემინარისტებმა.

მიკვირს, რომ საეროთა შორის ვერ ვპოვე თერიონის ვარდის შემგები და დამფასებელი და პორფირენი ისევ მღვდელთა შორის დაფასდა! ეგაა, რომ მე არ ვხსენდები არსად. ეჰა, სოფლის მზაკველობასა!  თსუ-ს ფილოსოფოსთ მრავალჯერ შევატყობინე თერიონის ვარდზე. წლები გავიდა და სიტყვა არავის დასცდენია. ისევ მღვდლებმა დაინახეს მღვდელთა საყივნებლად დაწერილი ეს ნაშრომი და არა მარტო დაინახეს, არამედ მისი ავტორობაც მიიჩემეს. ეკლესიასა შინა მღვდელთა გამოსაწვრთნელად და შესამეცადინებლად დაიდო ჩემი იიობ ყუცელის ძლევა. მე ვწერ იიობს და არა იობს. თქვენც ჩემებრ დასწერეთ იმ ბიბლიური მარტვილის სახელი. ჩემამდე არავინ წერდა აქ მის სახელს ორი ი-თი.

უფალმა გააჩუმა იიობი და მოქრთამა ის უმეტესი ხვასტაგითა და შვილთასხმით. ცათა მეუფემ აღარ ისურვა ღმერთს, სატანსა და კაცს შორის ატეხილი ამ დიდი დავის გაგრძელება. დიდნი შესაკითხნი, რომელნიც ასე კონტრასტულად დადგა ბიბლიაში, იობის წიგნის დასაწყისში, ამავე წიგნის ბოლოში მიიჩქმალა უფლისაგან გამტყუნებული იიობისადმი შეძლეული ქრთამით და მისთვის ნიჭებული სვიანი ცხოვრების გრძელი ჟამით. მე ავტეხე ხელახლა ეს ძველი დავა. კაცი დავიცავი უფლის წინაშე. იიობი და სოკრატეც ვადავე ერთურთში და სამუნათო სიტყვა გამოვუგე ყუცელ მარტვილს.  ესეც ვთქვი, რომ ღმერთი არაა სიყვარული. ცათა შინა მოყივარ უფალს რიტორმა პორფირემ  უკუჰყივლა კაცის გულისათვის, იმ დაწყევლილი მიწის გულისათვის, რომლის ზურგზეც ცაბაოთ ღმერთი მეომრად მოვიდა. ასე იტყვის შურიანი და მრისხველი ღმერთი, – არ თქვანო ხალხებმა, რომ ვერ ივარგაო ისრაელის ღმერთმა, გამოიყვანა თავისი ხალხი უდაბნოში და მიატოვაო. უფალი მეომრად მოვიდა მისგანვე დაწყევლილ მიწაზე და აღარ გაიხსენა, რომ ადამის ცოდვა სამისხო გამხდარიყო კაცთა მოდგმისათვის. უფალი ხილულ მეომრად დადგა მოსეს ბანაკში და არასოდეს ღმერთს კრინტი არ დაუძრავს მოშე რაბენუს, იესუ ნავეს ძის  წინაშე ადამის დაწყევლის გამო. მეომარია ცაბაოთ ღმერთი და ის არაა სიყვარული. მეომარია ქრისტე და არა სიყვარული. მისი მეორედ მოსვლა მეომარი უფლის მოსვლაა და არა სიყვარულის ღმერთისა. სოფლის ასატირებლად მოდის მესია და ცხონება ამის შემდეგაა მცირედთათვის. განა მან არ თქვა: „მოვედ, რათა ცეცხლი მოვდო ქვეყანას“?  განა მოკვდავი ძალიდვებს, რომ ღმერთის არეული რაცაა, ის დაალაგოს? თქვენ კი მღვდელნო, იიობ ყუცელის ძლევა ეგზეგეტიკად აქციეთ და შეაბრუნეთ ჩემი აზრი იმაზე, რომ ღმერთი არაა სიყვარული.  ებრაელებმა არ იცოდნენო, რომ ღმერთი არისო სიყვარული. თქვენ თუ ეს იცით, რითი მეტობთ ვინმეზე? რა საღვაწოში წარემატეთ იმის მტკიცებით, რომ ღმერთი სიყვარულია?

იცია მღვდელო, რაა თერიონის ვარდი თავის ერთიანობაში? უწყი, რა მეღვაწლე უნდა იყო, რომ მოკვდავმა შეიძლო დაწერო ეს წიგნი?  შეგიგნია, რა მოჯანყე და ქვესკნელთა მხილველი უნდა იყო, რომ განასიტყვო პორფირენი?  შეგიძლია გაიაზრო ბოლო ჟამის გოლემი, გოგის მეომარი, იუდას ფენომენოლოგია და სატანაელის ენქირიდიონი და თავად იიობ ყუცელის ძლევა?  უფლის შეშლილი უნდა იყო, რომ შეიძლო ამის დაწერა და გულსა შინა იმარხო უხორცოთა კაცთაგან დაფარული ვარამი. მე ვარ ასეთი შეშლილი. მიწყივ ქვეკნელთა დვრინვას უნდა აყურადო და მათი ღრმოვანება ჭვრიტო. არა იმად, რომ ბრიყვ და ლაყბიერ მოყვასთაგან შესახელდე, არამედ იმად, რომ თავად უფალს დაუდასტურო:  მე, მოკვდავს ტყუილად არ მიხმევია შემეცნების ხისგან!  ჯერ ამის დადასტურება იყოს წინაშე უფლისა, რომ მართლაც შემიძენია კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი და ნანვა მერე იყოს ნაყოფის ჭამის გამო! არ შეგიცვნია კეთილი და ბოროტი, უცან-უგებად მშთარი იყო და უკვე მონანულობდე შემეცნების ხის ნაყოფის გამო? კაცის ბედისწერა იყო შემეცნების ხისაგან ხმევა. მისთვის იდგა ის ხე მტილოვანში. მისთვის გამოუტევა იმ ხემ ნაყოფი.

თერიონის ვარდი დიდი ფილოსოფიაა, როგორიც ადამის მოდგმაში არ გასმენილა. მამაო, შეიძლებ ცათა მეუფესთან იდავო თავმიცემითა და წმინდა გულით? მამაო, რისთვის ნანულობ შემეცნების ხისაგან ხმევას, როცა სწორედ ნაყოფმან შეკრძალულმან განიჭა შენ ცნობანი და სამღთო სიტყვის გამოგების ნიშატი? რისთვისღა ნანულობ შემეცნების ხისაგან ხმევას და ადამის ცოდვას, ოდეს იესუმ გამოისყიდა ეს ცოდვა და საეკლესიო გარდამოცემის მიხედვით, მაცხოვარი სოფლისა  წარსაწყმედელს შთაჰხდა და დაიხსნა მუნით ადამი? მამაო, შეგიძლია გაიაზრო ადამის მიახლება უფალთან? იცნობდაღა ადამ იმ შემეცნების ხეს, რის გამოც იგი მოიკვეთა და შეჩვენდა უფლისაგან?  ვითარ იუბნებს წარსაწყმედელის ცეცხლით დაღული ადამ წინაშე უფლისა?  ადამ ისევ ისე შიშვლად წარსდგება უფლის პირის სახილველად, თუ საბლარდნელი რამ ემოსება სიშიშვლის დასაფარად? თუ ადამ იესუს ხვაიშნობით აღმოყვანებულ იქნა წარსაწყმედელიდან, ეს ნიშნავს, რომ მის მიერ ნაყოფის ხმევა გამართლდა და რაც უწინ წყეული იყო, ესაა სატანისგან ნაძღვნევი, ახლა კურთხეულია  უფლისაგან. ნიშნავს თუ არა ადამის გეჰენიის ბნელთაგან აღმოყვანება და კვლავ უფალს მიახლება იმას, რომ  განიღმრთო ადამ და შესაქმის პირველ დღეთაებრ ჰგია ცათა მტილოვანში?  ოცი საუკუნე გავიდა და ეს საკითხები არც დამდგარა ქრისტიანულ თეოლოგიაში. მამაო, შეიძლებ ათი თავით ამაღლდე ყველაზე, ქვესკნელის ფსკერს შენი მარცხენის ანაბეჭდი დაატყო და ეს ოდნავაც არ შეიმჩნიო, გულზვაობის საცთურს გაუძლო და უღონოებასა შინა მაგე მოყვასს თავი ოდნავაც არ დაამეტო? შეძლებ იყო მეცნიერ, ვითარცა გველი და ოდნავაც არ შეგეტყოს.   მე შევძელი ეს ყოველივე. ბრიყვი და ლიტონი მოყვასის წინაშე მეც ბრიყვად და ლიტონად მომაქვს თავი. მებრალვის მოყვასი მისი უძლურების გამო და ამად მიწევს ასეთი თვალთმაქცობა. ესეცაა, რომ სამოყვასოს ბრიყვობამ და ცნობახშულობამ შემზარა და გავერიდე მას. ეს ხომ სრული იდიოტობაა, უბნობა დავუწყო და მოველოდე აღიარებას იმათგან, ვინც მცირედაც ვერ შეიგებს, სად ვარ გასული და სადამდე გაღწევა შეძლო მოკვდავმა. იმას კი არ ცდილობს მოყვასი, რომ ჩემამდე მოვიდეს და ვარამში მგებმა სიბრძნის ნაღველი ხვრიპოს, არამედ მიწყივ  იმის მოწადეა, რომ მე დავმდაბლდე მის სიმდაბლემდე. მოყვასს თავად უნდა უგნოს გულმა, რომ ჩემამდე მოსვლას ილამიდეს.

უწინ რაც ვთქვი, იმას კვლავ ვიტყვი: უკვე მაშინ აღარ ხარ რიტორი, ოდეს წარმოთქვამ სიტყვა „ბედნიერებას“ და იმედეულობ, რომ ცხოვრებაში მას ოდესმე ჰპოვებ. ფილოსოფოსი ვერასდროს დატკბება სიცოცხლით. ეს ცხოვრება გლოვის ველი და ბოროტების ბაღია. ის ასეთი იყო ქრისტეს მოსვლამდე და მისი ჯვარცმის შემდეგაც იგივედ შთება. ფილოსოფოსს ეს ავი საწუთრო ესაჭიროება ერთი მიზნით. ესაა შემეცნება და სიბრძნის მონაგრება. ფილოსოფოსის ერთადერთი სიხარული არის აქამდე უფიქრველის ფიქრი და ქვესკნელთა დავლა. არის ბევრი ისეთი რამ, ოდეს რიტორი მერჯულე ასკეტზე მაღლა დგას. ასკეტი არ იმეცნებს. ის მსახურებს ღმერთს და ეს გადადის ავტომატიზმში. ასკეტი არ ეძიებს. მოყვასნი რომ ღვთის ძიების შემგებნი არასდროს ყოფილან და არა უწყიან გვემანი გულისანი, ამად ჰგონებენ, რომ სწორედ მოღმრთე ასკეტი ეძიებს და ჰპოვებს ღმერთს. ფილოსოფოსი კი ისაა, ვინც მიწყივ უდასტურებს ღმერთს, რომ ტყუილად არ უგემნია ადამს ნაყოფი შემეცნების ხისაგან. მხოლოდ ფილოსოფოსს შეუძლია გაამართლოს ადამი ნაყოფთა ხმევის გამო. ფილოსოფოსი იმისთვის არაა, რომ ეფეროს მენტალურ ინვალიდებს და მათ მოწონებას ელოდეს. ფილოსოფოსმა არ უნდა თქვას, რომ ღმერთი სიყვარულია, რადგან ეს არის კაცის უცანობისა და უძლურების გამართლება. უფალს კი ეთნება სულში მოჯანყენი, შემეცნების ბნელში მდუმრიად მეშფოთარნი და უხმოდ მკვნესარნი, ცოფოვანნი მოცნებისანი, ვინცა იბუღრის და ჰბორგნის მრავალ წბილობასა და ვაებასა შინა. ფილოსოფოსი არ გამოელის უფლისაგან სასუფევლის გოლეულსა და წალკოტოვანში გებას. არა მსურს მე მტილნი და სამოთხენი! აი ესაა ფილოსოფოსის სიტყვა წინაშე უფლისა და შეუცნობელი ბედისწერისა.

თერიონის ვარდში არის ქრისტიანობის კრიტიკა, მაგრამ ეს არაა ლიბერალის მიერ გამოთქმული ის კრიტიკანობა, რაც სულ ისმის ლიბერალთა საიტებსა და ბეჭდურ გამოცემებში. ეს სულ სხვა კრიტიკაა, რომელიც თქვენ აღიარეთ და მიითვისეთ, მამანო. ბარემ მე შემმოსეთ ანაფორით, თავზე ბარტყული დამხურეთ, ოლარითა და პანაღიით შემამკეთ, საცეცხლური დამაჭერინეთ ხელში და მაკმევინეთ. ადრეც მითხრეს ბერებმა, რომ დამეგდო ფილოსოფია და მღვდელი გავმხდარიყავი. მერე ვიღა დაწერდა ასეთ ფილოსოფიას? ესევითარ ვიღა იჯანყებდა კაცის გულისთვის?

თქვენც მპარავთ და მიითლით მღვდლებო და საერონიც მპარავენ. ჩემებრი ენით ლამობენ წერასა და რიტორებას. აქვს აზრი ამ ჩალით დახურულ ქვეყანაში საჩივრის გაჩაღებას?  აქვს აზრი, რომ მივიდე პატრიარქთან და შევჩივლო, მღვდელნი ჩემსას თავისად ასაღებენ-მეთქი? განა სასამართლოს გარეშეც არ ჩანს, რომ პორფირე ერთია!  ჩემი მეშვეობაა იიობ ყუცელის ძლევა ეგზეგეტიკისათვის. იყოს და კეთილად ეხმიოს ყოველ ჭაბუკს, ვინცა იზრახავს მრევლის მოძღვრობასა და მღვდლობას! სასიკეთოდ მოიხმაროს სასულიერო სემინარიამ პორფირენი. რაღა მეთქმის? ეს არის ჩემი ნააზრევის ჩუმი და ეშმაკური აღიარება იმათგან, ვისგანაც მე ამას არ მოველოდი. მოვა ჟამი და ყოველ ქართველს პირზე ეკერება თერიონის ვარდი და პორფირე. მაგრამ რამდენად შეიძლებენ ქართველნი ამ წიგნის გააზრიანებასა და ჩემებრ ფილოსოფოსობას, აი ესაა არსებითი.

ივნისი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s