მეუფე ანანიას მონოგრაფიის გამო


მეუფე ანანიამ 2010 წელს გამოსცა საისტორიო შინაარსის წიგნი: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. „ქართველთა დენაციონალიზაცია XVII – XX საუკუნეებში. საინგილო. აფხაზეთი. ქართლ -კახეთი. მესხეთი. თრიალეთი. შიდა ქართლი“.  526 გვ.,  საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“,  2010 წ.  ერთობ გასახარია, რომ მეუფემ ასეთი კრებული გამოსცა. მან თავი მოუყარა ადრინდელ წლებში გამოცემულ თავის ნაშრომებს და ერთ წიგნში მოაქცია მეტად დამაფიქრებელი მასალები, რომელთა შესახებ ბევრმა ახლანდელმა ქართველმა არა უწყის რა. მეუფეს დიდი შრომა გაუწევია და ერთიან მატიანედ აქცია საქართველოს სხვადასხვა მხარეებში მიმდინარე დექართველიზაციიის საუკუნოვანი პროცესი.  გასახარია ისიც, რომ მაღალი სამღვდელო პირი წერს ისტორიის საკითხებზე და ქართულ მეცნიერებაში წვლილი შეაქვს. ჩვენი მღვდელნი საერო და სამეცნიერო ცხოვრებაში ისევე უნდა იდგნენ, როგორც იეზუიტი და პროტესტანტი მეცნიერი მღვდელნი დგანან საერო ასპარეზზე. მეუფე ანანიას ეს ნაშრომი განგაშისა და გოდების წიგნია. ვაებით წასაკითხია ქართველთა დევნა-შევიწროება ლეკების, ოსების, მთიელი აფხაზების, თურქების, სომხების მიერ.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მიწევს ხოლმე მისვლა და ეს წიგნი იქ წავიკითხე შარშანწინ. განვიზრახე მასზე გამოხმაურების დაწერა, რაც მხოლოდ ახლაღა  მოვახერხე. 2014  წლის ივნისში მეუფის წიგნი მეორედ წავიკითხე პარლამენტის ბიბლიოთეკაში. წიგნი სამჯერ გამოვიწერე, რადგან მისი კოდი კატალოგში არასწორად იყო აღნიშნული და სხვა წიგნი მომდიოდა. კოდი კი შეასწორეს, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ ამდენი წლის მანძილზე ეს წიგნი არავის გამოუწერია ბიბლიოთეკაში. ვინმეს რომ გამოეწერა, წიგნის შიფრი აქამდე გასწორებული იქნებოდა. ქართველობა სრულიად ინდიფერენტული გახდა თავისი აწმყოს მიმართ და წარსულზე ხომ აღარაფერია სათქმელი. წარმოვიდგინოთ, მეუფე ანანიას ეს ერთიანი ნაშრომი გამოსულიყო 1990-91 წლებში. ის მამულიშვილური გრძნობის განმაცხოველებელი იქნებოდა იმ დროებაში. მითუმეტეს, როდესაც ასეთი წიგნი მღვდელმთავარმა დაწერა. სადღეისოდ ასეთი ნაშრომები თითქმის შეუმჩნეველია. საქართველოს ისტორია, როგორც ერის ერთობის განმამტკიცებელი და მის ძალთა მობილიზების მეტად ქმედითი ფაქტორი, ქართველთათვის დაიკარგა. უცნაური ისაა, რომ საბჭოთა წყობილების დროს გაცილებით მეტი წონა და გავლენა ჰქონდა ისტორიის მეცნიერებას. ის ქართველთა მასებში იწვევდა დაინტერესებას. ახლა ისტორია დაფარა პოლიტოლოგიურმა ერზაცმა. ისტორია შეცვალა პოლიტოლოგიამ ისე, როგორც კულტურა შეცვალა მასკულტურამ. ისტორიკოსს ემაგიერება სამთავრობო პოლიტოლოგი, რომელიც მასებს მუდამ ატყუებს. ისტორიის დანიშნულებაზე აღარ დაისმის საკითხი. ქართულ ისტორიოგრაფიას არ შეუძლია იტვირთოს ერის მაკონსოლიდირებელი მისია, იმის მიუხედავად, რომ მას არანაირი ცენზურა არ ზღუდავს და უამრავი ნაშრომი გამოიცემა აქამდე დახურული არქივების გამოყენებით.

მესხეთის ისლამიზებაზე მეუფე ანანიას ნაშრომი: „მესხეთი. ქართველთა გამაჰმადიანება“ („ქართველთა დენაციონალიზაცია…“, გვ. 251 – 300) დათარიღებულია 1991 წლის 7 თებერვლით. ეს ის დროა, როდესაც ქართველთა ეროვნული შეგნება განცხოველდა და დიდი მოლოდინი გაჩნდა. მეუფე ამ ნაშრომს ასე ასრულებს: „შევთხოვთ უფალ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს იესო ქრისტეს, ვითარცა უძღები შვილი დაუბრუნდა მშობელ მამას, მსგავსადვე თავის ერს დაუბრუნოს მისგანვე განშორებულნი შვილნი, რათა ისინი მიიღოს და ძველებურადვე შეიტკბოს საქართველოს სამოციქულო დედა-ეკლესიამ“ (გვ. 300).

ეს ასე უნდა ყოფილიყო, ვითარც მეუფე წერს, მაგრამ 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა იქცა საქვეყნო უბედურებად. ქართველნი კვლავ ათასობით წავიდნენ უცხო ქვეყნებში. მუსლიმ ქართველთა დაბრუნება კი არა, არამედ ქართველთა მასობრივი ემიგრაციაა საწუხარი. ეს ემიგრაცია ხშირად იგივე „დაკარგვაა“. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ ისევ ის ძველი ისტორია გაგრძელდა საქართველოში. ესაა მთელი რიგი მხარეების გაუკაცრიელება და გაღატაკება. 20 წელზე მეტია ეს გრძელდება.

საქართველოს უწყვეტი უბედურების თხრობაა მეუფე ანანიას კრებული. ელდა გეცემა, როდესაც თავიდანვე ამას წაიკითხავ მის წიგნში: „XVII საუკუნის დასაწყისიდან ქართველებმა, ანუ კახელმა თავად-აზნაურებმა ყოველგვარი უფლება დაკარგეს თავიანთ მამულებზე…“ (გვ. 26).  „აღმოსავლეთ კახეთში ქართველები იქცნენ ლეკებად, სომხებად, აზერბაიჯანლებად“ (გვ. 28). მეუფე ანანიას აღნიშნული აქვს ქართველი გლეხების გალეკების მიზეზი. ისინი ბატონყმობის მძიმე უღლისაგან თავის დაღწევას ლამობდნენ (გვ. 37).  ეს იყო ქართველთა გალეკების კლასობრივი ფაქტორი. ასევე მოხდა ქართველთა გააფხაზება (გვ. 142). ბატონყმობას გაურბოდნენ გლეხები და არც სამეფო კარს, არც მღვდელმთავრებს არაფერი უღონიათ, რათა ჩრდილოკავკასიელთა უბატონო თემებში არ გაქცეულიყვნენ ქართველი გლეხები.

ასე თახსირად (არაბ. სიტყვა „თახსირი“ ნიშნავს იავარქმნასა და დამდაბლებას) იყო ქართლ-კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი, აფხაზეთ-სამეგრელო საუკუნეთა მანძილზე. როგორღა მოატანა აქამდე ამ ქვეყანამ? ან დღეს ისევ ისე თახსირობასა შინა მყოფი, რაზე დგას დარჩენილი საქართველო? რაზე დგას სიცრუეში დამარხული ეს ქვეყანა?

რამდენი ასეთი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, რომ გლეხის ოჯახის ამკლები თავადი, მისი შვილების უცხოეთში გამყიდველი მოკლა აკლებულმა გლეხმა და სამუსულმანოში გადაიხვეწა. ის საქართველოს მტრად იქცა და ცდილობდა, მისთვის ევნო. ასე მომხდარა როგორც ქართლსა და კახეთში, ასევე იმერეთ-გურია-სამეგრელოში.  ამას „დაკარგვას“ ეძახდნენ ძველად.  მიზეზი, რის გამოც მრავალ გალეკებულ და გათათრებულ ქართველს სძულდა საქართველო, იყო უსამართლობა მეფეების, თავადების მხრიდან. ამ უსამართლობაზე დუმდა სამღვდელოება. აი, ამის გამო გარბოდა ქვეყნიდან ათასობით ქართველი და ისლამზე გადადიოდა. კაცის სიცოცხლე საქართველოში კიტრად ფასობდა და თავადი ქორ-მიმინოებსა და მწევრებზე ცვლიდა ყმა გლეხებს. თავადი ართმევდა ყმებს შვილებს და მათ თურქეთში მონებად და ხარჭებად ჰყიდიდა.

აქ მახსენდება ლიბერალი ისტორიკოსების მტკიცებანი XX საუკუნის 90-იან წლებში, რომ ბატონყმობა არ ყოფილაო საქართველოში, რომ ქართველ ბატონსა და ყმას შორის მამაშვილური ურთიერთობა სუფევდა, აქ თურმე იყო პატრონყმობა და არა ბატონყმობა.  ეს ითქმოდა მარქსისტული კლასთა ბრძოლის თეორიის უარსაყოფად. ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა მარქსისეულ კლასთა ბრძოლის თეორიას სატანური უწოდეს და მის სპირწონედ წამოაყენეს ეროვნული კონსოლიდაციის იდეა. ეს იდეა 1991 წელსვე დავიწყებას მიეცა, როდესაც ქართველნი ჩაებნენ სამომხმარებლო შეჯიბრში.   მოგვიანოდ, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ქართველმა ლიბერალებმა და ლიბერტარიანელებმა თქვეს, რომ ბატონყმობის საკითხი გამოიგონეს საბჭოთა ისტორიკოსებმა, რათა გაეღვივებინათო კლასობრივი მტრობა. ლიბერალთა სიცრუის მიზანი იყო ყველა სოციალური რეგულაციის მოშლა და ველური კაპიტალიზმის შემოსვლა, რამაც გააღატაკა და გასაწყვეტად გაწირა ქართველობა. ჯერ კიდევ რუსთა კავკასიაში შემოსვლამდე ბატონყმობა იყო საქართველოში თავისი უსაძაგლესი გამოვლინებებით და არა პატრონყმობა. ამაზე მეტყველებს მეუფე ანანიას ეს წიგნიც. ბატონყმობა საქართველოს ჭირი იყო, რომელმაც ქვეყანას ასიათასობით ქართველი დააკარგვინა სხვადასხვა საუკუნეებში. XVIII  საუკუნეში ერთი ქართველი თავადი, ერთი წიგნიერი ბერი ვერ მიხვდა იმას, რომ ეს წყობილება გასაუქმები იყო. ისევ რუსეთიდან მოვიდა ბატონყმობის გაუქმების იდეა. მე მეეჭვება, რომ საქართველოს წიგნიერ ფენას დამოუკიდებლად შეძლებოდა ბატონყმობის უარყოფა, მონარქიის კრიტიკა და სეკულარისტული ერეტიკოსობის დაფუძნება, როგორც ეს ევროპაში იყო.  ეს ყველაფერი აქ უცხოეთიდან მოვიდა და ასევე არის დღესაც, როდესაც ქვეყანას ჰყავს ათასობით ლიბერალი სიმულანტი. ქართველობა არის ოდენ ეპიგონი და სხვისი ნამღერის გადამამღერებელი. თუ ქართულ ლიბერალიზმს რაიმე მონაპოვარი აქვს, ისიც ამერიკელ მეთვალყურეთა თავზე დგომითა და მათი პირდაპირი მითითებით იქმნება. რომ არა ეს მეთვალყურეობა, საქართველო ისევ აირევა. ქართველებს არ შეუძლიათ შეთანხმდნენ რაიმე მცირე საკითხზე კი. ქართული სინამდვილე ესაა სამოქალაქო ომის წინარე სიტუაცია. ამის გასანეიტრალებლად მიმართულია ქართული შოუბიზნესი და პოლიტიკური მაქინატორობა. ქართულ პოლიტიკურ ელიტას არ შეუძლია დამოუკიდებლად ქვეყნის გაძღოლა. იმედგაცრუებული ქართველნი კი ისევ მრავლად მიდიან უცხოეთში. რამდენი ქართველია, რომ აქეთ გამომხედავი აღარაა. მათ არ შეუცვლიათ რჯული, მაგრამ ისინი ყოველივე ქართულის მიმართ მტრულად განწყობილნი და გულარძნილნი არიან. ერთი საუკუნის წინ მენშევიკური ემიგრაციის შთამომავლობა ამ მიზეზით გაფრანგდა და არაფერი ქართულის ხსენება მას არ სურდა.

XVII – XVIII საუკუნეების ქართველი თავადობა ხედავდა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქართველთა საქართველოდან გაქცევისა იყო ბატონყმური წესები.  გლეხი  იქ გარბოდა, სადაც შეღავათს ხედავდა. ბატონისაგან შევიწროებულს, მას აღარც ქართველობა სურდა და არც ქრისტიანობა. ათიათასობით ქართველს კარგავდა ქართლი და კახეთი და ბატონებმა ოდნავაც არ შეუმსუბუქეს გლეხებს ბატონყმობის უღელი. მუსლიმურმა თემებმა ამით მოიზიდეს ქართველი გლეხები და ისინი სამუდამოდ მოსწყვიტეს საქართველოს. ერთი დოკუმენტი არსად მოიძევება საქართველოს მატიანეში, რომ ბატონებს ეფიქრათ ქართველი გლეხობის შენარჩუნებაზე, სოფლის მეურნეობის ახლებურ გაძღოლაზე. მათ ეს არასოდეს ამწუხრებდათ. ისინი ხედავდნენ, რომ  მათგან ათასობით გლეხი გარბოდა, გაუკაცრიელდა ქვეყანა, უამრავი ხარაბა (ნასახლარი, გავერანებული ადგილი) იყო ქვეყნის ოთხსავე კუთხეში და მაინც ისევ ისე რჩებოდა ყველაფერი. მეუფე ანანია წერს: „…გლეხისა და ხელოსნისათვის  არსებითი იყო ის, რომ გრიგორიანობის მიღებით იგი ძალზე ხშირად თავისუფლდებოდა ბატონყმური ურთიერთობისაგან, ანდა თუ ყმად რჩებოდა, ის იცვლიდა სოციალურ კატეგორიას – გლეხიდან ის იქცეოდა ვაჭრად, რომელიც გაცილებით დიდი თავისუფლებით სარგებლობდა და ქონების დაგროვების შემდეგ ყმობიდან გამოხსნაც კი შეეძლო მაშინ, როცა ეს გლეხისათვის გაცილებით უფრო ძნელი იყო“ („ქართველთა დენაციონალიზაცია…“, გვ. 226 – 7).

რევოლუციონიზმის ტალღამ რომ შემოაღწია XIX საუკუნეში, აქ იყო ჩამყაყებული სისტემა, გაშეშებული ბატონყმური რეჟიმი, რომელმაც ყიზილბაშ-ოსმალოზე უარესი უყო ქვეყანას. ეს არის საქრთველოს საძაგი სინამდვილე, რომელიც დღეს სამთავრობო ლიბერალური პატრიოტიზმით დაიფარა და დავიწყებას მიეცა თავად ისტორიკოსთა წრეებში. მეუფე ანანიას წიგნმა ამ საგანგებოდ დაფარულ საკითხს ისევ მიმართა და ძველისძველი წყლულების მატიანე შეგვახსენა. მეუფის წიგნი თავში ხელის ცემით წასაკითხია.  საქართველოს ყველა მხარეში საუკუნეთა მანძილზე უბედურება მეფობდა. სიძულვილით, თარსით, ღალატითა და გადაგვარებით არის გაჯერებული საქართველო. ივანე ჯავახიშვილის ნათქვამი ქართველთა სამუდამო მსჯავრად ისმის: „საქართველოსათვის გარეშე მტერს იმდენი არ დაუკლია, რამდენი ვნებაც მთავრებისა და დიდგვაროვან აზნაურების თავგასულობამ, უგუნურმა ქცევამ და ქვეყნისა და ხალხის ღალატმა მიაყენა“.

რატომ იყვნენ ქართლისა და კახეთის მეფეები და თავადობა ასე გულგრილნი ამდენი ქართველის დაკარგვის გამო? ეს კითხვა ხომ თავისთავად ჩნდება მეუფე ანანიას ამ წიგნის კითხვისას. ხომ უწყოდნენ თავადებმა როგორი იყო გლეხთა მდგომარეობა უბატონო ლეკურ თემებში? რატომ არ შეუმსუბუქეს მათ ბეგარა გლეხებს, რომ აღარ მომხდარიყო ამდენი ქართველის გაქცევა და გალეკება-გათათრება? ისეთი გარემო იყო ბატონყმურ, ბნელით მოცულ საქართველოში, რომ ქართველებს აღარაფრის გაგონება აღარ უნდოდათ. ერთი საგლეხო რეფორმა არ განხორციელებულა საქართველოში, რომელიც წარმოების წესს შეცვლიდა და ელიტის განახლების ახალ მეთოდებს შემოიღებდა.   ბატონყმობის გაუქმებისა და მეფის დამხობის იდეებიც უცხოეთიდან შემოვიდა. სოციალური და სოციალისტი მოაზროვნენი საქართველოში არ ყოფილან მანამდე. არც არასოდეს დიდი ერესიარქები ყოფილან საქართველოში. გლეხთა აჯანყებები არასოდეს გადაქცეულა რელიგიურ დისიდენტობად, როგორც ეს იყო ევროპასა და რუსეთში. საუკუნეთა მანძილზე აზრი ვერ დაიძრა საქართველოში.

აკაკი სურგულაძის წიგნიდან მოვიყვან ამონარიდს: „ქვემო ქართლში XVIII ს. პირველ მეოთხედში იყო 870-მდე სოფელი, საუკუნის ბოლოსათვის 12 სოფელიღა დარჩა. შუა ქართლში (ატენის ხეობა) 26 სოფლიდან მხოლოდ ერთი (ხიდისთავი) გადარჩა, სადაც 72 კომლი ცხოვრობდა. ასეთივე ბედი ეწვია ზემო ქართლს, ჯავახეთს. მთელ ქართლში 1802 წ. აღწერით 641 სოფელი იყო დარჩენილი. გავერანება, გაუკაცრიელება … წილად ხვდა კახეთსა და დასავლეთ საქართველოს სოფლებს“ (აკ. სურგულაძე.  „ქართული კულტურის ისტორიის ნარკვევები“, წიგნი I, გამომც. „ხელოვნება“, თბ., 1989, გვ. 281).

გავიხსენოთ მეფე არჩილის პოეზია. ეს სწორედ ის XVII საუკუნეა, რაზეც მეუფე ანანია სწერს. განა სადღაც დიდ ქვეყანაში, არამედ ცხენის სამი-ოთხი გაქცევის ოდენა ერთ მცირე სამეფოში ხდებოდა ამდენი ცოდვა თაობათა ცხოვრების მანძილზე. არჩილი საუბრობს „გლეხთა მიმძლავრებაზე“ თავადების მხრიდან და არა ლეკების, ან ოსმალების მხრიდან. იოანე ბაგრატიონმა თავის „კალმასობაში“ XVIII საუკუნის საქართველოს სინამდვილე ასახა. აქაც ბატონთა მხრიდან გლეხთა ჩაგვრაზეა ლაპარაკი. XVII – XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია საშინელებაა. ესაა პერმანენტული კატასტროფა და დეგენერატიზმის მოძალება ქართველთა რასაში. ვახტანგ VI-ის დროს დიდი კატასტროფა მოხდა. მეფე თავის რამდენიმეათასკაციან გარემოცვასთან ერთად გაიქცა ქვეყნიდან და ქართლი ღვთისანაბარად დააგდო. დავით გურამიშვილს გაცამტვერებული აქვს ვახტანგ მეფის დიპლომატია თავის „დავითიანში“. მე არ მესმის, დღეს რატომ იწერება ვახტანგ მეფეზე ამდენი საქებარი მხოლოდ რუსეთისა და იმპერატორ პიოტრ I-ის გაშავების მიზნით. პატივით მოსილი იყო ჯანიშინი ვახტანგი, მორჭმით იჯდა ქართლის ტახტზე და ისე გაიხადა საქმე, რომ სამუდამოდ გადაიხვეწა თავისი სამეფოდან. მას აქ აღარ დაედგომებოდა. ამაზეა დავით გურამიშვილის „დავითიანი“.  დიპლომატიური მარცხი და საქვეყნო საქმის ჩაფლავება ვერ გამართლდება პუბლიცისტური ჟინიანობითა და ცრუპენტელობით. მეფე ვახტანგმა ვერ უპატრონა ქართლს და უამრავი უბედურება მისი უჭკუობის გამო მოხდა. კახეთი და ქართლი ერთმანეთს გადაემტერნენ და კახნი ქართლელთ ეომებოდნენ.  ვახტანგს აღარც სპარსეთის ყაენთან და აღარც ოსმალეთის ხონთქართან გამოსაჩენი პირი არ ჰქონდა. თბილისი რამდენჯერმე აიკლეს ყიზილბაშებმა, ოსმალებმა და მათმა მოკავშირე ლეკებმა. ქართლსა და კახეთს ლეკი არბევდა, ხოლო იმერეთ-სამეგრელო-გურია ქართველთავე ორგანიზებულმა ტყვეთასყიდვამ სრულიად წაწყმიდა. სანამ ქართველთა მოდგმა იარსებებს, მას სამუდამო ცოდვად გაჰყვება თავისიანთა ტაცება და გასაყიდად გარეკვა. ზოსიმე ორბელიანს, სულხან-საბას ძმას, მიეკუთვნება ნათქვამი: „ …მას ჟამთა ლიხთ-იმერეთს უმეფობა იყო და უღმრთოებასა დაეპყრა დიდნი და მცირენი და ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა კაცთა მაჰმადიანთ მიჰყიდდნენ. და კაცთასა არა თუ ოდენ ხორცთა, არამედ სულითურ ჭამდენ…“.  აქვე გასახსენებია ერეკლე II-ის თანამედროვის, ისტორიკოსისა და თეოლოგოსის, იოჰან გოტფრიდ ჰერდერის (1744 – 1803) თხზულება „კაცობრიობის ჩამოყალიბების ისტორიის ფილოსოფიისათვის“ (Auch eine Philosophie  der Geschichte  zur Bildung der Menschheit, 1774), სადაც ჰერდერი წერს ქართველებზე, რომ მშობლები შვილებს ჰყიდიან, ქმრები ცოლებს ჰყიდიან, თავადები ყმებს ჰყიდიან. ჰერდერი ქართველთ ღალატიან ხალხს უწოდებს.

ერეკლე II-ის კარზე შინაკაცად იყო გერმანელი ექიმი და დიპლომატი იაკობ რაინეგსი. მან დაწერა თავისი დროის ქართველებზე წიგნი და რასაც ხედავდა, ის ასახა. გაპარტახება, სიღატაკე,  ფეოდალთა თავაშვებულობა, ბნელეთი. აი ამაზე დაწერა რაინეგსმა. ტყვეთასყიდვაზე წერდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი და სხვები. ეროვნულ ტრადიციად იყო ქცეული ტყვეთასყიდვა. ახლა ტყვეთასყიდვის სახეობაა ქართველთა მიერ ქართველების თურქეთში გაყვანა, მათი იქ მონებად და მეძავებად გამწესება. ეს ათეულობით წელი ასეა.

ახლაც არის წლობით მიმდინარე ტრეფიკინგი. ეს საქართველოში ბიზნესად იქცა. ბავშვების და ქალების გაყიდვა, ქართველთა მასობრივად წაყვანა უცხოეთში ტყვეთა გასყიდვისაგან მცირედ განსხვავდება. კი ბევრს უბნობენ საქართველოს ღვთის დედის წილხვედრობაზე, მაგრამ ღვთის წილი და უნჯი თავად ქართველთა მიერ იყიდება და იბილწება მრავალი წლის მანძილზე.  ტყვეთასყიდვა ვერ მოიშალა საქართველოში რუსების შემოსვლამდე. ვერც მეფეებმა, ვერც მღვდელმთავრებმა ვერ მოსპეს ეს ცოდვა საქართველოში და ის ისევ განახლდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ძველი ეროვნული ტრადიცია. სერგეი მესხი 1875 წელს წერდა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ იყო ადამიანით ვაჭრობა (სერგეი მესხი. თხზულებანი. ტ. 2, გამომც. „საბჭ. საქ.“, თბ., 1963, გვ. 107-8).  XIX  საუკუნის დამდეგს, რუსეთის საქართველოში შემოსვლის დროიდან, მთელი საქართველო ვერანი და ხარაბა იყო. 1795 წლის კატასტროფა საქართველოს აღმოსავლური ეპოქის დასასრული იყო. მთლიანად ქართველობა 1802- 9 წლებისთვის ნახევარი მილიონიც აღარ იქნებოდა. ტყვეთა სყიდვამ დაადნო მოდგმა ლიხის იქითაც და აქეთაც.

რამდენი დაიწერა XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ქართველ გლეხობაზე, ქართული სოფლის მეურნეობის ფეხზე წამოყენებაზე და არც არაფერი. საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი ბოლშევიკების შემოსვლამდე იყო აქაური სომხების ხელში. სომხებმა არა პარვითა და ძარცვით მოინაგრეს დიდი კაპიტალი, არამედ შრომითა და მომჭირნეობით. 1877 წელს ნიკო ნიკოლაძემ დაწერა „საახალწლო გოდებაში“: მოიყვანეთ საქართველოში უკანასკნელი ევროპელი გლეხი, გააცანით მას ქართული გარემო და ის მეორე დღესვე გეტყვით – ჩვენში სატუსაღოში დაბმა მირჩევნია თქვენთან ცხოვრებასაო.

ფილიპე მახარაძემ და სერგო ორჯონიკიძემ ჩამოართვეს სომეხ კაპიტალისტებს ქონება. საქართველოს და არმენიზებულ თბილისს სულზე მოუსწრო გასაბჭოებამ. საქართველოს ეკონომიკის 86 % სომხების ხელში იყო. რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, სომხური კაპიტალის დომინაცია იქნებოდა დიდხანს და ეს რომ საქართველოს ხეირს არ დააყრიდა, ამას კამათი არ სჭირია. ნოე ჟორდანია კი მარქსისტობდა, მაგრამ ის ვერ შეეხო სომხურ კაპიტალს საქართველოში. ეს კი მოახერხა მენშევიკთა მთავრობამ, რომ ქართველ თავადებს ჩამოართვა მამულები. ჟორდანიას მთავრობის მიერ მსხვილი მამულების კონფისკაცია 1918 წელს წარმოადგენდა ბატონყმობის საბოლოო ლიკვიდაციას საქართველოში. ამაზე წერს ალექსანდრე ბენდიანიშვილი (ალ. ბენდიანიშვილი. „საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918 – 1921 წწ.)“, გამომც. „მემატიანე“, თბ., 2001,  გვ. 119 – 23).  ქართველნი რუსულმა ხიშტმა მოარჩინა თათრის დროს. შემდეგ უკვე ბოლშევიკურმა რუსეთმა უშველა საქართველოს. ეს ნაშველი კეთილად ვეღარ გამოჩნდა იმის გამო, რომ იყო რეპრესიები და გასაბჭოებისას დაიკარგა საქართველოს მიწები, რაზეც მოგვიანოდ სპეკულირებდა უსახელოდ დასრულებული 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა.

ჟორდანიას მთავრობამ ვერ შეძლო ქვეყნის ორგანიზება. ხდებოდა უამრავი დანაშაული სამთავრობო მოხელეთა მოთავეობით. შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი ბევრს ატუსაღებდა და ხვრეტდა, მაგრამ ქვეყანაში გაქანებული პარვა-თაღლითობა იდგა. ბოლშევიკების შემოსვლისას მთელი მთავრობა უცხოეთში გაიხვეწა. ის არ დარჩა აქ და არ იბრძოლა. ნოე ჟორდანიას წითელი გვარდია ვალიკო ჯუღელის სარდლობით ბრძოლის ველიდან გაიქცა. შემდეგ ემიგრაციაში გაქცეული ჯუღელი 1924 წლის აჯანყებულებს ევროპის დახმარებას ჰპირდებოდა. გავიხსენებ სერგია ერისთავის ერთ ოხუნჯობას: „1918 წელს სასახლეს გვარდიელები ყარაულობდენ. – ღმერთო გმადლობ შენს მოწყალებას! კაცო, ვინც ყაჩაღი და დამცემია, ყველა შიგნითაა და გარედან ამ ხალხს ვისი დაცემის ეშინიაო – გაიკვირვა სერგიამ“ (სევდიანი (პლატონ ლეჟავა). „სერგია ერისთვის ოხუნჯობა“. თბ. აღმასკომის სტამბა. ტფილისი, 1926, გვ. 27).

ბოლშევიზაციის შემდეგ იწყება ათასობით სომეხის გაქართველება და სომეხთა ქართველიზაცია გაგრძელდა 50 – 80-იან წლებშიც. თბილისში ეს პროცესი ყველაზე ინტენსიური იყო. სომხების გაქართველებაზე მეუფე ანანიას წიგნში არაფერია ნათქვამი. ქართველთა გასომხება და სომეხთა ქართველიზაცია ძველი დროიდანვე უწყვეტი პარალელური პროცესი იყო. ბოლო დროს, სააკაშვილის მმართველობისას გაქართველდა ბევრი აქაური სომეხი. გასახსენებია ისიც, რომ    1989 – 91 წლებში სომხებად დაწერილმა ქართველებმა დაიბრუნეს ადრინდელი ქართული გვარები. იყო მომენტები, როდესაც სომეხთა გაქართველება არ იყო ისეთი ინტენსიური პროცესი, როგორც ქართველთა გასომხება, მაგრამ ეს ორივე პროცესი მაინც ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა და ის სათავეს იღებს ჯერ კიდევ წარმართული საქართველოდან. ისტორიკოს გურამ მაისურაძის წიგნი (გ. მაისურაძე. „ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა XIII – XVIII საუკუნეებში“, გამომც. „მეცნიერება“, თბ., 1982)  კიდევ ერთხელ ნათელს ხდის, თუ როგორ იყო უწინ ერთურთს გადაწნული საქართველოსა და სომხეთის ისტორია. გ. მაისურაძე ამ წიგნში წერს ქართველ ხელოსანთა და ვაჭართა გასომხებაზე (გვ. 304 – 5). აქვე ნათქვამია, რომ „ქართულ ფეოდალურ კლასში შემოსული სომხური წარმოშობის პირთა დიდი უმრავლესობა XVII საუკუნისათვის უკვე გაქართველებული ჩანს“ (გვ. 309). ავტორს მოჰყავს თავადი თუმანიშვილების, მარტიროზიშვილების, ბეგთაბეგიშვილების ამბავი. თუმანიანების გვარისანი ახლაც არიან საქართველოსა და სომხეთში. გვარი მომდინარეობს მონგოლური სიტყვიდან „თუმენ“, რაც ნიშნავს ათიათასიან ცხენოსან ჯარს. აქედან წარმოსდგა ფულის დასახელება „თუმანი“. თუმნიანი ახლაც ეწოდება ფულს.  გ. მაისურაძეს სხვა თავის გამოკვლევაში (გურამ მაისურაძე.  „ნარკვევები საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის ისტორიიდან IV – XII სს-ში“, გამომც. „მეცნიერება“, თბ. 2002)  მოჰყავს მხარგრძელთა გვარის გაქართველების ამბავი (გვ. 241). ისინი თავიდან სომხურ გარემოში მოქცეული მონოფიზიტური ქრისტიანობის მიმდევარი ქურთები იყვნენ. შემდეგ მხარგრძელები გაქართველდნენ. ისტორიიდან ცნობილია, რომ 1205 და 1207 წლებში ზაქარია მხარგრძელმა მოიწვია ორი საეკლესიო კრება, რომელთა მიზანი იყო ქართული და სომხური ეკლესიების დაახლოება. ეკლესიათა განყოფაზე კარგად უწერია ანტიმონოფიზიტ არსენი საფარელს (IX ს.) თავის თხზულებაში „განყოფისათვის ქართლისა და სომხეთისა“. (იხ. ასევე: ზაზა ალექსიძე. „საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში VII ს-ის დამდეგს. კირონ ქართლის კათალიკოსის დიპლომატია“ // „ზ. ალექსიძე. „ქრისტიანული კავკასია“, ტ. 1, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბ., 2010, გვ. 394 – 410). აქვე გასახსენებია ორბელთა ერთი შტოს სომხეთს გადახვეწა და გასომხება. სომეხ ორბელიანებს ახსოვდათ, რომ უწინ ქართველნი იყვნენ. სომეხი მემატიანე სტეფანოზ ორბელიანი საკუთარ ქართულ ძირებს აღნიშნავდა. სომეხი ორბელიანები ამერიკაშიც არიან. ბაგრატიონების სომხურ წარმოშობაზეც ბევრჯერ თქმულა (ბოლო დროის ლიტერატურიდან ბაგრატიონების წარმოშობაზე იხილე: ზაზა ალექსიძე. „უძველესი ცნობა ბაგრატიონთა დინასტიის შესახებ“ // ზ. ალექსიძე. „ქრისტიანული კავკასია“, ტ. 2, თბ., 2011).  აქ ზ. ალექსიძე წერს:  „კავკასიოლოგიური ისტორიოგრაფია იმ აზრისაა, რომ ქართველი და სომეხი ბაგრატიდები ერთი დინასტიის განაყოფი არიან. ქართული შტოს მამამთავრები სომხეთის შტოს გამოეყვნენ და საქართველოში დამკვიდრდნენ დაახლოებით VIII ს-ის ბოლოს. განსხვავებული შეხედულებები ამის შემდეგ იწყება. კავკასიოლოგთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ბაგრატიდთა საგვარეულო წარმოშობით ჭანურია და მხოლოდ შემდეგ მოხდა მათი ერთი შტოს გასომხება“ (დასახ. ნაშრომი. გვ. 125).

ჯერ მაშინ მიმდინარეობდა სომეხთა გაქართველება, როდესაც სომხურმა ეკლესიამ მონოფიზიტობა აღიარა (VII ს-ის დამდეგი) და მოხდა განწვალება ორ ეკლესიას შორის და უფრო ადრე, როდესაც სომხური ეკლესია დიოფიზიტური იყო, სომეხთა ქართველიზაციის პროცესი უფრო ინტენსიური იქნებოდა. კიდევ უფრო ადრე, წარმართობის დროს სომეხთა გაქართველება მთელ ქართლში უწყვეტად მიმდინარეობდა. სომხეთის პროვინციები საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყო თამარ მეფის დროს და ქართული გარემოს გავლენით სომეხთა ქართველიზაცია ბუნებრივად ხდებოდა. 451 წელს, როდესაც ირანის წინააღმდეგ აჯანყებული სომხები დამარცხდნენ, ქართლს შემოეფარნენ მამიკონიანები თავისი თანმხლებლებით. სომხების შემოსვლა საქართველოში ხდებოდა დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, როსტომ ხანის, ვახტანგ VI-ის, ერეკლე II-ის, შემდეგ რუსი მეფისნაცვლების დროს. სომხური წარმოშობის ქართველები არიან ავქოფაშვილები, მხითარიშვილები, მარქარაშვილები, ყულიჯანიშვილები, ვარდანაშვილები, ჩილინგარაშვილები და სხვ.  სარაჯიშვილებზეც ბევრჯერ თქმულა, რომ ისინი წარმოშობით სომხები იყვნენ. მიტროფანე ლაღიძეზე, კომპოზიტორ ვანო მურადელზე თქმულა, რომ ისინი გაქართველებული სომხები იყვნენ. გაქართველებულ სომხებს აქვთ აქვთ -ძე-სა და -ია-ზე დამთავრებული გვარებიც. ეს იყო მრავალსაუკუნოვანი პროცესი. რამდენჯერ მოხდებოდა, რომ გაქართველებული სომეხის შთამომავალნი ისევ სომხდებოდნენ, ხოლო გასომხებული ქართველის შთამომავალნი ისევ ქართველდებოდნენ. ბევრმა მათგანმა თავის მამა-პაპის წარმოშობაზე აღარაფერი იცოდა. ახლა ქართლში ათასობითაა ქართულ-სომხური ოჯახები. ბოლშევიკების დროს გაქართველებული სომეხნი ქართველობენ და ცუდი ისაა, რომ ბევრი მათგანი მალავს თავის სომხურ წარმოშობას. ეს აგრე გამოდის, რომ ისინი თაკილობენ სომხურ წარმომავლობას. ბოლშევიკების დროს გაქართველებულ სომეხთაგან რამდენი იყო, რომ სინამდვილეში ისინი უწინ ისედაც ქართველნი იყვნენ.  აი ასეთი მაგალითიც ბევრის მთქმელია: რამდენ ქართველს ეტყობა გარეგნობაზე, რომ არმენოიდია, მაგრამ დღეს ისინი ქართველები არიან. ბევრი საერთოა ამ ორ ხალხს შორის, მაშინაც კი, როდესაც მოხდა ჰაოსიანების ინდოევროპეიზება, არიიზება და მათ ეწოდათ მეორე სახელი – არმენები, მაშინაც კი, როდესაც სომეხნი მონოფიზიტობას შეუდგნენ. სიახლოვის ნიშანია, რომ საქართველოს ერთ-ერთ მხარეს ეწოდებოდა სომხითი. სომხითი საქართველოს პროვინცია იყო, მაგრამ სახელი ასეთი ჰქონდა. მხოლოდ მითოსი არაა ეთნარქების – ქართლოსის და ჰაოსის ძმობა. ეს ამბავი ძველისძველი ისტორიული სიახლოვის მადასტურებელია. ქართლოს ევ ჰაოს ეხპარნერ ენ ეღელ – ქართლოსი და ჰაოსი ძმები იყვნენ. განგებამ დაუდევარ და ლაზღანდარა ქართველებს მომჭირნე, მუყაითი და თავისი მიწის დიდად მოყვარე სომხები არგუნა მეზობლად. სომხური მატიანეები უფრო ბევრს იტყობინება საქართველოზე, ვიდრე თავად ქართული მატიანეები. უწინ სომხებს ქართული ხმლის იმედი ჰქონდათ. ახლა ქართველნი მეტად დაკნინდნენ და დუნიის ხალხების დასასტვენი გახდნენ. სომეხნი ავს იზრახავენ და ქართლის სამტროდ აღძრულან. მათ უნდა უწყოდნენ, რომ საქართველოს დაცემა მათ ვნებას მოუტანს. ეს არის ორი პატარა ქრისტიანული ქვეყანა ისლამის მიწის (დარ ალ-ისლამ) მოსაზღვრედ. ნუ აცდუნებს სომხებს ქართველთა ახლანდელი გაუგონარი დაცემა. თუ ხალიფატის საზღვრები კავკასიისკენ გადმოიწევს, მაშინ უფრო მეტი საშიშროება წარმოიშობა. რუსეთის მოკავშირე სომხეხთა მტრობას საქართველოსადმი განამტკიცებს ქართველთა მტრობა რუსეთისადმი. დაე, კვლავ აგრე ყოფილიყო, რომ სომეხთ ქართული ხმლის იმედი ჰქონოდეთ და საქართველოსთან მოკავშირეობაზე ეფიქროთ!

გურამ მაისურაძეს მოჰყავს ფაქტები, რომ სომეხნი თურქმანული (ყარაყოიუნლუს) ექსპანსიის დროს საქართველოსას სასოებდნენ და მისი მარცხი მათ ამწუხრებდათ („ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობა…“, გვ. 118 – 125, 156, 238). ავტორს მოჰყავს თომა მეწოფეცის ნათქვამი, რომ სომეხნი უსჯულოთა ხელში ყოველთვის ქართველების იმედად ვიქადოდითო (გვ. 122).  ეს ის დროა, როცა ჯეჰან შაჰმა სამშვილდე და თბილისი დაარბია.  თომა მეწოფელის მატიანე (XV ს.)  ქართულად თარგმნა და გამოსცა ლეონ მელიქსეთ-ბეგმა (თბ., 1937).  აქ წერს თურქმანთაგან სომეხთა ჟლეტით გამწარებული თომა, რომ „მხდალი და ღორმუცელა, მსმელი და კურდღელჭამია ტომი ქართველთა, რომლებიც სიმთვრალეში კვეხულობენ, რომ ყველა ტომზე იმარჯვებენ“, ჯაჰან შაჰის შემოსვლის დროს შიშსა და კანკალში იყვნენო (გვ. 29). თომას მიხედვით ქართველები არ მიეშველნენ სომხებს და ამის გამო სომეხთა შორის დიდი ოხრება და ყათლანი ყოფილა.

საქართველოს სამეფოს მრავალმა მარცხმა გააძლიერა ქართველთა გაქცევის პროცესი. ამ მარცხით სარგებლობდა სომხური ეკლესია და ის ხშირად სტაცებდა დიდ მრევლს საქართველოს ეკლესიას. მეუფის მონოგრაფიაში კარგადაა ნაჩვენები, რომ სომხური ეკლესია გამუდმებით ცდილობდა ქართველთა გასომხებას. მეუფე ანანია აღნიშნავს, რომ „შიდა ქართლის ბარში, მიუხედავად მოსახლეობის სიჭარბისა, გაუქმდა ყველა ქართული საეპისკოპოსო, რადგან მოსახლეობა გაგრიგორიანდა და ეჩმიაძინს შეემატა. ამიტომ ერეკლე II-ის დროისათვის მცხეთიდან ვიდრე ლიხის ქედამდე თითქმის აღარც ერთი ქართული საეპისკოპოსო აღარ არსებობდა, მხოლოდ მცხეთა-თბილისში და კახეთში ისხდნენ ქართველი ეპისკოპოსები!“ (გვ. 228).

მეუფეს ისიც ნათქვამი აქვს, რომ XVIII ს-ის პირველ ნახევარში საქართველოს დიდძალი ქართველი ეკარგებოდა. სომხური სარწმუნოება თავად საქართველოში მიმზიდველი გახდა. რადგან მუსლიმნი სომხურ ეკლესიას არ დევნიდნენ, ამიტომ ქართველნი მასობრივად სომხდებოდნენ (გვ. 207).  მეუფე წერს: „არა მარტო თურქეთი და სპარსეთი აძლიერებდნენ სომხურ ეკლესიას, არამედ ქართველი მეფე- მთავრებიც განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდნენ გრიგორიანებს“ (გვ. 220).  მეუფე იმ საზარო ამბავსაც გვაუწყებს, რომ ეჯიმიაწინს (სომხური ეკლესიის ცენტრს) მთელი ქართველობა თავის მრევლად მიაჩნდა (გვ. 210).  ესე იგი რამდენი ათასი ქართველი გასომხდა ერეკლე II-ის დროს, რომ სომეხთა ეკლესიას უკვე მთელი საქართველო თავის მრევლად მიაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სომეხ მისიონერებს მთელი საქართველოს გასომხება ჰქონდათ განზრახული. სხვაგან სადმე სომეხი მისიონერები გაბედავდნენ ასეთ რამეს? იმდენად იყვნენ ისინი ფესვგადგმულნი ქართლში, რომ თავად კათალიკოს ანტონი I-ის გასომხებას ლამობდნენ სომხები. სომეხთა კათალიკოსი ლაზარე ჭაუკელი უქადაგებდა ანტონი კათალიკოსს მონოფიზიტობას. ეს აღნიშნული აქვს მეუფე ანანიას (გვ. 212).  მხოლოდ ერეკლე მეფისა და კათალიკოსი ანტონის დროს არ ყოფილა ასე. სადამდე დაცემული და უღონო იყო ქართველობა 1918 წელს, რომ მას სომხები დედაქალაქს ედავებოდნენ? სომხები იმ დროს ამტკიცებდნენ, რომ თბილისი სომხების აშენებული და ოდითგანვე სომხური ქალაქი იყო. ომი დაიწყეს სომხებმა თბილისის გამო.

ჩემს მიერ მეუფე ანანიასთან ადრე ჩაწერილ ინტერვიუშიც (გაზ. „ხალხი და ხელისუფლება“, N 5, დეკ., 2004, „ერი ღვთის ქმნილებაა…“) მეუფემ აღნიშნა, რომ ოსმალეთის მიერ დაპყრობილ მესხეთში ხელი ეწყობოდა სომხურენოვანი კათოლიკური ეკლესიის გაბატონებას და სომეხი კათოლიკე მღვდლები მესხეთის კათოლიკე ქართველებს უცვლიდნენ გვარ-სახელებს და ამის გამო მოხდა მესხეთის ქართველების დიდი ნაწილის გასომხება. მუსულმან ქართველებს თათრებს უწოდებდნენ, კათოლიკე ქართველებს – ფრანგებს და მონოფიზიტ ქართველებს კი – სომხებს. ქართველობის შენარჩუნება შეძლეს მხოლოდ მართლმადიდებელმა ქართველებმა.  მეუფე ანანია ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს საკითხები გამოკვლეული აქვთ მიხეილ თამარაშვილს, პეტრე ხარისჭირაშვილს და სხვა ქართველ მეცნიერებს. მეუფე ამავე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მხოლოდ რუსეთის იმპერის საზღვრებში მოქცეულმა ქართველ კათოლიკეთა ერთმა ნაწილმა შეძლო ქართველობის შენარჩუნება ილია ჭავჭავაძისა და სხვა თერგდალეულების წყალობით. მეუფე ანანიას თავის მონოგრაფიაში მოჰყავს ქართველ გრიგორიანელთა გვარები: აბულაძე – აბულიანცი, გიორგაძე – გიორგიანცი, მამულაშვილი – მამულოვი, შაბურიშვილი – შაბუროვი. მეუფის თანახმად, გასომხებულან ასევე გვარები: აღნიაშვილი, მალხაზიშვილი, მირზაშვილი, მაჩაბელი, ნადირაძე, თარხნიშვილი, წერეთელი, ჩხეიძე, ქიტიაშვილი და სხვ. („ქართველთა დენაციონალიზაცია …“, გვ. 235 – 6). მეუფე ანანიას მოჰყავს რუსი ეთნოგრაფის, ვოლკოვას არქივის მასალებზე დამყარებული მონაცემი, რომ XX ს-ის დასაწყისში შიდა ქართლში ეჩმიაძინს ჰყავდა თითქმის ასი ათასიანი მრევლი. ისინი წარმოშობით ქართველნი იყვნენ (გვ. 248).  აქვე მეუფე ანანიას მოუხმია მკვლევარ ალექსანდრე ფრონელის 1914 წელს ნათქვამი (ალ. ფრონელი. „დიდებული მესხეთი“, ქ. გორი, 1914): „ …ბევრს ზღაპრად მოეჩვენება ორი მილიონი ქართველის გამაჰმადიანება და 400 ათასის გასომხება, მაგრამ სრული ჭეშმარიტება და სინამდვილე კია“ („ქართველთა დენაციონალიზაცია…“, გვ. 248).

მეუფე ანანიას აქვე დაუმოწმებია ნიკიფორე ირბახის (ჩოლოყაშვილის) (XVII ს.) სიტყვებიც: „ყოველდღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი ქართველნი სომხდებიან და თათრდებიან, გაფრანგება რაღად უნდა დავუშალოთო“.

მეუფე მესხეთის ქართველთა გაბერძნებასაც საკმაო ადგილს უთმობს ამ წიგნში და ის წერს, რომ ქრისტიანი, თურქულენოვანი მართლმადიდებელი ქართველები უცხო, ბერძნული ეკლესიის მრევლი გახდნენ (გვ. 307). მეუფეს მოჰყავს გაბერძნებულთა გვარები: ასლანიშვილი, ბერძენიშვილი, თეთრაძე, ისაკაძე, თოფურიძე, უფლისაშვილი, ფურცელაძე, ხეჩინაშვილი და სხვ.

თავად სომხეთის ეკლესია ძველთაგანვე წინააღმდეგი იყო კათოლიკე მისიონერებისა როგორც სომხეთში, ასევე ქართლში. ერეკლე II-ს  ქართლში მყოფი სომეხი მღვდლები კათოლიკე მისიონერების წინააღმდეგ აქეზებდნენ. გაკათოლიკებული სომეხის აგდებითი სახელი იყო „აღთარმა“ (გადარჯულებული). „შურტვაწი“ (გადაკეთებული) კი ნიშნავს გაქართველებულ, გარუსებულ და სხვ. სომეხს. სიტყვა „შურტვაწ“ ახლაც გამოიყენება სომხურ ენაში. სიტყვა „აღთარმა“ თომა მეწოფეცის ქრონიკაში გვხვდება.

ქართველთა გასომხების საკითხს შეეხო ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე (ს. ვარდოსანიძე.  „საქართველოსათვისაც საგულისხმოა, თუ ვინ დაჯდა ეჩმიაძინის ტახტზე“. „დილის გაზეთი“, 26 ნოემბ., 1999 წ., გვ. 10). ავტორი აქ წერს, რომ „XIX საუკუნის 70-იან წლებში ძალიან აქტუალური იყო კავკასიის ხალხთა ერთიანობის იდეა. ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტი ახალგაზრდობა ჟენევაში შეიკრიბა და საკუთარი ხელიდან გამოსული სისხლით ხელი მოაწერეს კავკასიის ერთიანობის დეკლარაციას. მათი აზრით, თუ კავკასიის ხალხთა ერთიანობა არ იქნა, ისე გამარჯვება წარმოუდგენელია. როგორც ჩანს, ამავე მისიას ემსახურებოდა თერგდალეულთა ღირსეული წარმომადგენლის გიორგი წერეთლის შეხვედრა სომეხთა კათალიკოს მკრტიჩ პირველთან (აირიკ ხრიმიანი) 1894 წელს თბილისში“.

ნიკო მარი დეკანოზ იოან ივანოვიჩ ვოსტორგოვის (1864 – 1918) წინააღმდეგ მიმართულ პოლემიკაში ეხება ქართველთა გათათრებისა და გასომხების საკითხს (ნ. მარი. „ქართველთა ეროვნება“, ქუთაისი, ი. კილაძისა და ი. ხელაძის სტამბა, 1905, გვ. 39 – 43).  გავიხსენოთ, რომ მოგვიანოდ ნიკო მარი მხარს უჭერდა ამიერკავკასიის ფედერაციას. კავკასიური გაერთიანების შექმნა დღესაც საჭირბოროტოა და იმის მიუხედავად, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სხვადასხვა გზას ადგანან და განცალკევებულნი არიან, მაინც აქტუალურია კავკასიური გაერთიანების შექმნა.

ჩვენს დროშიც ცდილობს სომხეთი ეჩოსავით მიითალოს ქართლის მიწები. ქართველთა გამუდმებული ურთიერთქიშპი, საქართველოს დამარცხება ბოლო დროის ომებში და ქვეყნის ახლანდელი სისუსტე და პოლიტიკური ელიტის გამუდმებული ოპორტუნიზმი საქართველოს ყველა მეზობელს სამტროდ აღძრავს. სომხურ საკითხებზე წერს არმენოლოგი ალექსანდრე არველაძე.  საქართველოში არსებულ სომხურ ეკლესიებზე საუბრისას ის ამბობს, რომ სომხეთს აშშ-ში გავლენიანი ლობი ჰყავს, სომხები ცდილობენ საქართველოს მიწების მიტაცებას და მათი იდეოლოგიის თანახმად, საქართველო სომხეთის შემადგენელ ნაწილად უნდა იქცეს (გაზ. „საქართველო და მსოფლიო“, 14 – 20 იანვ., 2015 წ., გვ. 15).  ეს ისევ იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც სომეხნი ადგნენ ერეკლე მეფისა და პატრიარქ ანტონის  დროს.

ძველი პოლემიკა, რომელიც ეხება საქართველოსა და სომხეთს შორის სადავო მიწებს, სომხების მიერ მეტად გაცხოველდა ბოლო წლების განმავლობაში. თუ ქართველი მეცნიერი დაწერს ნაშრომს ამ საკითხზე, სომხები ამის საპასუხოდ სამ და ოთხ ნაშრომს წერენ. ისინი იდეურად ამზადებენ მიწების წართმევას და მათ პოზიციებს განამაგრებს ქართველთა დოყლაპიობა, გაუტანლობა და გამუდმებული ურთიერთმტრობა. სომხები ყველაფერს სადავოდ ხდიან. ძველი ეკლესიებიდან დაწყებული ვიდრე კულინარიამდე. ისინი იმასაც საკამათოდ ხდიან, რომ სულგუნი არა ქართული, არამედ სომხური ყველია. ამაზე ცოტა ხნის წინ დაწერა ეთნოლოგმა როლანდ თოფჩიშვილმა.  იმ დიდი დაცემის მიუხედავად,  რასაც ახლა ვჭვრეტთ, საფუძველი უნდა ეყრებოდეს საქართველო-სომხეთის დაახლოებას და  სამხრეთ კავკასიაში ანგარიშგასაწევი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას. ამ გაერთიანებაში უნდა იყოს აზერბაიჯანიც. საქართველომ ძალთა უდიდესი დაძაბვით უნდა იბრძოლოს კავკასიის ჰეგემონობის დასაბრუნებლად. ქართლი იყო და ქართლი უნდა იყოს კავკასიის ცენტრი!  პოლიტიკა საქართველოში არ უნდა რჩებოდეს დიდმოხელე ქალუკების კაპრიზებისა და მყრალპატრიოტული გაზეთების დონეზე. სწორედ მედასავლეთეობამ დააკარგვინა ყველაფერი საქართველოს.

1744 წლის ივნისში (ამა წლის ივნისში სრულდება ამ ამბიდან 271 წელი) ნადირ შაჰმა თეიმურაზი ქართლის მეფედ, ხოლო ძე მისი, ერეკლე კახეთის მეფედ დანიშნა. თეიმურაზი ქრისტიანული წესით ცხებულ მეფედ ეკურთხა. ეს აღწერილი აქვს პაპუნა ორბელიანს თავის მატიანეში „ამბავნი ქართლისანი“.   ნადირ შაჰმა ქართლს დაუბრუნა შაჰ-აბასისაგან მიტაცებული მხარეები: ბორჩალო, ლორე, ბაიდარი.  ერეკლე II-ს დროს ქართლი მაინც ახერხებდა კავკასიის ცენტრად ყოფნას. 1749 წელს ერევნის სახანოს ერეკლემ დიდი მეშვეობა უყო და ამის გამო ერევნის სახანო ერეკლე მეფეს ხარკს უხდიდა. ერეკლე სომეხთა დიდად მოყვარე იყო. მისი მეფობის დროს ინდოელმა სომეხმა იოსებ ემინმა შექმნა გეგმა, რომლის მიხედვითაც სომეხნი საქართველოს სამეფოს ქვეშევრდომნი უნდა გამხდარიყვნენ. ემინს ჰქონდა ქართველ-სომეხთა ერთიანი სამეფოს შექმნის პროექტი. ეს უნდა ყოფილიყო ფედერაცია. ამ იდეას მოგვიანოდ იცავდა ინდოელი სომეხი დიდვაჭარი შაამირ შაამირიანი. გურამ მაისურაძე აღნიშნავს, რომ ერეკლე მეფე ამ საკითხს დიდხანს და ფრთხილად უტრიალებდა.

პაპუნა ორბელიანის მატიანე ისევე გავსებს ნაღველით, როგორც მეუფე ანანიას მონათხრობი. თავადების ბრძოლის, აკლების, ტყვევნის, გაპარტახების, ქართველთა აყრისა და უცხოეთს გადახვეწის ამბავია მოთხრობილი პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანში“.

მეუფე ანანიას წიგნი გვიჩვენებს საქართველოს მუდმივ ეკონომიკურ სისუსტესა და სამეურნეო მოუწყობლობას. დღემდე ასეა ეს ქვეყანაში. ამდენი რეფორმის შემდეგ  სოფლის მეურნეობას მაინც ვერ მოება თავი საქართველოში. მხოლოდ შუა ქართლის რამოდენიმე რაიონს, ან ქვემო ქართლის (ბორჩალოს) რაიონებს ნახევარი აზიის გამოკვება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით. ჰექტრობით სავარგულები მივარდნილია და წლობით არ იხვნება. თუ ამ სავარგულებს უცხოელნი დაეპატრონებიან, ქართლს შავი დრო დაუდგება. საგლეხო საკითხი ისევ გადაუჭრელია. სოფლები დაცარიელებულია. ახალგაზრდობა გარბის სოფლებიდან. არაა სოფლის შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამები. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგაც ქართველნი ისევ ათასობით მიდიან უცხოეთში. აქ დარჩენილნი საკუთარ ქვეყანაშივე არიან ემიგრანტები.

მეუფე ანანიას წიგნი დოკუმენტებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოების სავაებო სინამდვილეს. ქართველნი ან უცხოეთს აშურებდნენ, ან აქვე ხდებოდა მათი გალეკება, გასომხება, გათურქება. მეუფის მონოგრაფია არის უწყვეტი დემოგრაფიული კატასტროფის მაჩვენებელი მატიანე. დემოგრაფიული კატასტროფა მხოლოდ შობადობის შეწყვეტა არაა. როდესაც ასიათასობით ქართველი საქართველოდან გარბის შიმშილით სიკვდილისაგან თავის დასაღწევად, ესეც დემოგრაფიული კატასტროფაა. როდესაც ქართველებს აღარ სურთ სამშობლოს გაგონება, ესეც კატასტროფაა.

1989 – 2012 წლები არის საქართველოს ტოტალური ფიასკოს პერიოდი. საქართველოს ისტორიის ძველ კატასტროფებს მიემატა მუდმივი მარცხიანობის, შერცხვენის და დაცემის  კიდევ ერთი ციკლი უწყვეტი კატასტროფების მწკრივში. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიკარგა 100-ზე მეტი ქართული სოფელი. ხელისუფლების უგუნურობის გამო ამერიკელთა გაქეზებით ატეხილ ცხინვალის ომში საქართველო დამნაშავედ და აგრესორად გამოვიდა და დაკარგა ჩრდილო ქართლის საკმაოდ დიდი მხარე. ქართველთა სამყოფელი კვლავ შემცირდა. ლიახვისა და ფრონეს ხეობები დაიკარგა. ქვეყნის საზღვარი ახლა გადის ქალაქ გორის სიახლოვეს. ნურვინ იფიქრებს, რომ დასავლეთი რუსეთს აიძულებს ამ საზღვრის ძველ ადგილზე გადაწევას.  მეფის რუსეთის დროს ჯერ ქართველი თავადების დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო იკარგებოდა მიწები ჩრდილო ქართლში. შემდეგ სააკაშვილის ატლანტისტურმა ავანტიურამ ეს მხარე მთლიანად დააკარგვინა საქართველოს. ეს ისევ იმ ისტორიის გაგრძელებაა, რაც გადმოცემულია მეუფე ანანიას წიგნში. აღმოჩნდა, რომ ქართული მედასავლეთეობა, დიდი მოიმედეობა დასავლეთზე არის ერთი ქართული ტყუილი, ინფანტილური ჟინიანობა და მეტი არც არაფერი. ქართულ მედასავლეთეობას არა აქვს თავისი ნიადაგი. აქამდე მის უნიადაგობას მოხერხებულად მალავდა საბჭოთა იმპერიაზე არტისტული ლაპარაკი, რომელიც გამიზნული იყო ქართველთა უცოდინრობის, კუდაბზიკობისა და მეტისმეტი ეთიკური პრეტენზიულობის გასამართლებლად. ცხოვრებამ მეტად სასტიკად განსაჯა და ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. ქართული მედასავლეთეობა ბევრ შემთხვევაში პარაზიტირებდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილ მრავალ უსამართლობაზე. ქართულ მედასავლეთეობას უფრო გამუდმებული ნეგაცია და ყვირილი ეხერხება, ვიდრე ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს საქართველო. ქართულ მედასავლეთეობას არ შეუძლია თვითკრიტიკული რეფლექსია მას შემდეგაც, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დასავლეთი საქართველოსათვის არაფერს გააკეთებს. საბჭოთა იმპერიის დაშლიდან გამოხდა 24 წელი და რა არის ქართული მედასავლეთეობისა და ლიბერტარიანიზმის მონაგარი? წაგებული ომები, დაკარგული მხარეები, ასიათასობით აყრილი და გამოგდებული ქართველი, უაზრო მსხვერპლი. ყველაფერი ქართველ მედასავლეთეთა ნათქვამის საპირისპიროდ მოხდა. ამის მიუხედავად, მათ მიერ ისევ ისე გრძელდება ძველი შაბლონების გამეორება ევროკავშირსა და ნატო-ზე. არა, არ შეჰყავხარ დასავლეთის ელიტას ამ ევროკავშირსა და ნატო-ში. ეს ხომ აშკარაა და მაინც იგივეს ამტკიცებენ შიზოთიმიური აკვიატებულობით. ესაა იდიოტიზმის პიკი. ამდენმა მარცხმა, ამდენმა დიპლომატიურმა ხელისმოცარვამ ქართველთ ვერაფერი ასწავლა. ამ ბრიყვულ ლოდინში დანელდა საქართველო და უარესი ბრიყვობა ისაა, რომ დაკარგული მიწების დაბრუნებას მაინც ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას უკავშირებენ. ამ ილუზიებმა საქართველო კავკასიის ყველა მეზობელს გაუუცხოვა. ქართველებმა მოიგონეს, რომ ისინი არიან ევროპელები და მათ სულ საკლისობდნენ ევროპაში. აღმოჩნდა, რომ ევროპა მათ თავიდან იშორებს. ეს არის ქართული მედასავლეთეობის დასასრული, რომელიც თავად დასავლეთმა დაასრულა. ეს არის ქართველთა ილუზიის ამოძირკვა თავად ევროპის მიერ.

გავიხსენებ ღვთისმეტყველ გრიგოლ რუხაძის ნამსჯელს: „როგორ მოხდა, რომ დიდი ისტორიული გამოცდილებისა და განათლების მქონე ერის შვილებმა თავის გადასარჩენადაც კი ვერ გამოიყენეს ინტელექტუალური იარაღი და იმის მაგივრად, რომ მოვლენათა ობიექტური და მეცნიერული ანალიზით საზოგადოება გამოეფხიზლებინათ, განზე გადგომა და საერთო მასაში გათქვეფა ამჯობინეს?“ (გ. რუხაძე.  „საქვეყნო ამბების მიმოხილვა“//ჟურნ. „სამი საუნჯე“, N 4, დეკ., 2014, გვ. 56). აქვე გრიგოლ რუხაძე საუბრობს შეძლებულ ქართველთა უმოქმედობაზე.

რამდენიმე წლის წინათ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ქართველ მილიონერთა მრავალრიცხოვანი კლასი არასოდეს არაფერს იღონებს ქვეყნისათვის. მქონებელთა კლასის სიმრავლის მიუხედავად, საქართველოს არასოდეს ეყოლება ქვეყნის ინტერესების დამცველი ნაციონალისტური ქართული ბურჟუაზია. ეს არასოდეს მოხდება. ქართული ბურჟუაზია იყო და დარჩება კომპრადორული. ის არასოდეს შეუწყობს ხელს საშუალო კლასის გაჩენას საქართველოში. პირიქით, ის უკვე თავისი არსებობით განაცხოველებს დიდ ქონებრივ უთანასწორობას და ყოვლისმომცველ ფულის კულტს. ქართველ მევახშეს ვერ შეედრება ვერც ვენეციელი ვაჭარი, ვერც XVI – XVIII საუკუნების ებრაელი მევახშე. ეს რა ჭირი შესჩენია ქართლს ქართველი კაპიტალისტის სახით! გათათრებულ ქართველს სძულდა საქართველო, რაზეც მეუფე ანანიას წიგნში არის საუბარი. მუსლიმ ქართველს ქრისტიანი თანამოძმენი ურჯულოებად მიაჩნდა და მზად იყო ომი დაეწყო მათთან. გათათრებულ ქართველზე მეტად სძულს ახლანდელ ქართველ მდიდარს თავისი ხალხი. კი, ის გარეგნულად ქრისტიანია, ტელევიზიით გამოდის და ლაპარაკობს წინაპრებზე, მაგრამ ის მაქცია, მავნებელი და მწამლავია. ქართველებმა ვერ შეძლეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნა და ახლა იმას იგონებენ, რომ მეფის ტახტი აღადგინონ. ახლა ამის გარშემო იწყება ილუზიის შექმნა.

საქართველოში არსებული კომპრადორული გარემო სპობს ქართველთა პოლიტიკურ ნაციად გადაქცევის შესაძლებლობას. ეროვნულმა მოძრაობამ ქართველობა ვერ აქცია პოლიტიკის სუბიექტად და პოლიტიკურ ნაციად. პირიქით, ეროვნულმა მოძრაობამ უკან დასწია ქვეყანა. სააკაშვილის წასვლის შემდეგაც ქართველობა ისევ არის დასავლური ლიბერტარიანული ექსპერიმენტის ობიექტი.  ცხოვრებამ არაერთხელ შეახსენა ახლანდელ ქართველობას ჟამთა აღმწერელის სიტყვები: „იქმნა მოწევნა სრულიადისა ღმრთისა რისხვისა და განწირვა ქართველთა ნათესავისა სიმრავლისათვის უსჯულოებათა ჩვენთასა… აქა ჟამამდი სვიანი იყო ბრძოლასა შინა დროშა დავითიანი და გორგასლიანი, ხოლო ამიერითგან იქმნა ცვალება ბედისა ქართველთა ნათესავისა“.

დღეისათვის ისევ მაჰმადის სჯულის მჭირავთაგან მოდის საფრთხე. თვით მუსლიმებს არ ინდობენ ხალიფატის ჯარები და სხვას დაინდობენ? ქრისტიანთა სისხლის ტბორები დააყენეს მათ ერაყში, სირიასა და ეგვიპტეში. ქვემო ქართლში ათასობით ადგილობრივი მომხრე ჰყავს სალაფიტურ მოძრაობას. ღმერთმა არ ქნას, რომ აქ ხალიფატის ემისრებმა ომი ატეხონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვემო ქართლიც სულ დაიცლება ქართველთაგან. ათას კილომეტრზე ცოტა მეტი მანძილია საქართველოდან ხალიფატის სამფლობელოებამდე.

საქართველოს ისტორია ბოლო ექვსი საუკუნის განმავლობაში არის მიწებისა და ქართველთა მოდგმის დაკარგვის უწყვეტი პროცესი. ეს პროცესი დროებით შეჩერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ცარისტულმა რუსეთმა საქართველო შეიერთა და მეფის ტახტის გაუქმების გზით გააერთიანა საქართველო. ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ინდუსტრიალიზაცია. ჩამოყალიბდა საბჭოთა ქართველი ერი. როგორც კი ბოლშევიკური სოციალიზმი გადავარდა, მყისვე თავი იჩინა ყველა ძველმა ქართლის ჭირმა. განახლდა მიწების დაკარგვის პროცესი და ასიათასობით ქართველი კვლავ გაიქცა საქართველოდან.   ფუჭი აღმოჩნდა დასავლეთზე დამყარებული ყველა იმედი. ჟამთა დენამ დაგვანახა, რომ საქართველო სრულიად მარტოა და მას კავკასიაშიც არ ჰყავს მოკავშირე და მეგობარი ქვეყანა. ეს არის ქართული დიპლომატიის სრული ფიასკო.

წარსული არასოდეს კვდება. ეს ლიტონი ნათქვამია, რომ დრო ყველაფერს კურნავს. დრო არაფერს კურნავს! წარსული მუდმივად აქ არის. ბოლშევიკურმა მეურვეობამ, ცენზურამ, მოდერნის შემოტანამ შექმნა ილუზია, რომ საქართველოს ყოვლად საძაგი წარსული გაქრა და გაბათილდა. ეს წარსული მუდმივად აქაა კრულვად აწევს ქართველთა თაობებს. ძველი ნაკლი და ცოდვა ისევ ძალუმობს. წარსულის ილუზიებით ცდილობენ უგვანი აწმყოს შეფერადებას, რასაც ივ. ჯავახიშვილი გაზვიადებულ, ადვოკატურ ისტორიას უწოდებდა.  ივ. ჯავახიშვილს დამღუპველად მიაჩნდა ის, როცა ერი თავის მოგონებებში იყინება და არ იღვწის თავისი აწმყოსა და მომავლისათვის.

სხვა ხალხები (ძველი ბერძნები, არაბები, ინგლისელები, რუსები)  უცხოეთს რომ მიდოდნენ, თავის სახელმწიფოებს აარსებდნენ, ქართველები კი მხოლოდ იმიტომ მიდიოდნენ და მიდიან უცხოთა მხარეს, რომ  ასიმილირდნენ და სამუდამოდ დაიკარგონ საქართველოსათვის. ქართველებს ორგანიზებული დიასპორის შექმნაც არ შეუძლიათ, როგორც არის ბერძნული და სომხური დიასპორები. სხვებს აგრე ძალუძთ, რომ დემოგრაფიულ ექსპანსიას სხვის მიწაზე ახორციელებენ, ასიათასობით სახლდებიან უცხო მხარეში და ქმნიან ეთნიკურ ანკლავებს. ასე არიან ლათინოამერიკელები აშშ-ში, არაბები და თურქები ევროპის ქვეყნებში.  ქართველებს ისიც არ შეუძლიათ, რომ საკუთარ გაუკაცრიელებულ კუთხეებს მიხედონ. უცხო მოდის ქართლსა და კახეთში და ჰექტრობით ყიდულობს მიწებს. ქართველი კი ქირის კაცად არის უცხოელის მამულად ქცეულ თავის სამშობლოში. მიწის ფონდის სიდიდის მიხედვით საბჭოთა კავშირში საქართველო ბოლოსწინა ადგილზე იყო 15 მოკავშირე რესპუბლიკიდან. მას შემდეგ, რაც ჩრდილო ქართლის ოსები და აფხაზები გავიდნენ საქართველოს შემადგენლობიდან, სურათი უფრო სავალალო გახდა. აფხაზეთის დაკარგვა და მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის მტრად მოკიდება საქართველოს დიდი მარცხია. საქართველოს ყველა მხრიდან მიწების დაკარგვის საშიშროება მოელის. მეუფე ანანია ნათელს ჰფენს აფხაზეთის ისტორიისა და აფხაზთა ეთნოსის ბევრ სადავო საკითხს („ქართველთა დენაციონალიზაცია…“, გვ. 49 – 174). ნათქვამია, რომ აფხაზნი იყვნენ ქართველნი და ქართულ წესსა და რიგს მისდევდნენ ძველად. აქვე აღწერილია აფხაზ-ჩერქეზთა შემოსევები XVII საუკუნის შუისთვის. ამ შემოსევების შემდეგ სამეგრელოში გამოიკვეთა აფხაზური დომინაცია. მოყვანილია ის ფაქტიც, რომ 1730 წელს თურქებმა მოაწყვეს დიდი ლაშქრობა ჯიქებისა და მთიელების დასამორჩილებლად და თურქებს მხარს იმერეთის მეფეც უჭერდა (გვ. 137).  აფხაზთა დომინაციამ გამოიწვია ის, რომ ბევრი ქართველი გააფხაზდა. მეუფე ანანია ჩამოთვლის გააფხაზებულ ქართულ გვარებს: აბაშიძე, ახვლედიანი, ბარათელია, ბოკუჩავა, გულია, გოგუა, მახარაძე, ლორთქიფანიძე, მელაძე, ნოდია, ჭავჭავაძე, წერეთელი, ჩხაიძე და სხვანი (გვ. 165 – 6).

ისტორიიდან ცნობილია, რომ XVI – XVII საუკუნეებში ქრისტიანი აფხაზები გაწყვიტეს თურქებმა და გაუკაცრიელებულ ზღვისპირეთში პროთურქული ჩერქეზული ჯგუფები ჩამოასახლეს მთებიდან. ეს არ ხსენებულა წლების მანძილზე. რუსებმა რომ გაწყვიტეს აჯანყებული ჩერქეზები და აფხაზები, ამაზე 25 წელი ილაპარაკეს ჯერ ანტისაბჭოელმა დისიდენტებმა და შემდეგ ლიბერალებმა. აფხაზეთის ომის ღალატით წაგების შემდეგ მთელ აფხაზეთში დარჩენილი იქნება რამდენიმე ათასი ქართველი. მათ დიდი ხანია წაუყენებდნენ გააფხაზების მოთხოვნას. სხვაგვარად არ შეიძლება ყოფილიყო. აფხაზეთს მყოფი შერეული ქართულ-აფხაზური ოჯახების ბავშვები არასოდეს იქნებიან ქართველები, არამედ იქნებიან საქართველოს მოძულე აფხაზები.

ქართველთა სამეფოს გამუდმებულმა მოუწყობლობამ, საშვილიშვილო ტრადიციად ქცეულმა უსამართლობამ მოიტანა ამდენი უბედურება. ქართული ბატონყმობა და მონარქიზმი უმთავრესი მიზეზი იყო ქვეყნის დაცარიელებისა და ქართველთა სამუდამოდ გადახვეწისა. მრავალრიცხოვან ქართველ თავადთა კლასში არ გაჩენილა რეფორმატორი მოაზროვნე, პოლიტიკური ღვთისმეტყველი. ბატონყმობამ დააიარა და დაადამბლავა ქართველთა შეგნება და ეს დღემდე ასეა. თუ უცხოეთიდან არ მოდის რაიმე ახალი იდეა, აქ დამოუკიდებლად ვერას ქმნიან და ქართული სინამდვილე არის ერთი დიდი ჭაობი.

ქართული ლიბერალიზმის მიღწევა ისაა, რომ ისევ ის ბატონყმობა დაბრუნდა, რაზეც ასე კარგადაა ნათქვამი მეუფე ანანიას წიგნში. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობასა და უზენაესობაზე ამდენმა ლაპარაკმა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები კი არა, არამედ ბატონყმობა დაამკვიდრა და დააკანონა. რამდენი ქართველი ახლა იღებს ევროპისა და რუსეთის ქვეყნების პასპორტებს და ცდილობს საქართველოდან სამუდამოდ წავიდეს. ისევ იმ წარსულის რეციდივირება ხდება, რამაც ძველ დროში დაანელა ქართლი. უარყოფითი მიგრაციული სალდო დღეისათვის მეტად შესამჩნევია. ათასობით ქართველი ეშურება უცხოეთს. არ ვაპირებ ამ საკითხზე საუბრისას დრამატიზებას, მაგრამ ვითარება მძიმეა. შობადობის დაბალი დონე და ემიგრაციაში წამსვლელთა დიდი რაოდენობა ასუსტებს ისედაც სუსტ ქართველობას. სიყალბეა ის, როცა ქართულ მედიაში 15 წელზე მეტია მტკიცდება, რომ საქართველოდან მილიონნახევარი ქართველია წასული. ეს ნაჩმახავი და მოგონილი რაოდენობაა. ყველაზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს. 200 ათასიანი ქართველთა დიასპორააა რუსეთის ფედერაციაში. ევროპის ქვეყნებში იქნება 250 ათასი ქართველი. აშშ-სა და სხვა ქვეყნებში იქნება 150 ათასი ქართველი. საერთო ჯამში 600 ათასი ქართველი არის უცხოეთში.

როდის აქვს აზრი იმის მწუხარებით თვლას, თუ რამდენი ქართველი წავიდა საქართველოდან? დათვლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ქვეყანაში სუფევს ზნეობრივი კანონი და ერთიანობის სული. საქართველოშიც ერთიც და მეორეც სამუდამოდ ამოშანთულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით. თუ ეს ზნეობრივი კანონი და ერთობის შეგნება არაა, მაშინ გინდაც მთელი ქართველობა გაიქცეს საქართველოდან, ამაზე წუხილსა და მოთქმას აზრი არა აქვს. ერთ დღეში რომ  დაიკარგოს ნახევარი მილიონი ქართველი, არავინ იქნება მათი მომკითხავი საქართველოში. ფერად-ფერადი პატრიოტული ჟურნალები და წიგნები კი ათასობით გამოვა. როდის აქვს აზრი ან მკვდრის, ან ცოცხლის დათვლას? როცა სახელმწიფო დგას, როცა ერი ერობს და ბერი ბერობს, როცა ხალხს თავისი მიწა-წყლის პატრონობა შეუძლია.

2002 – 3 წლებში ტარდებოდა მოსახლეობის აღწერა და მაინც ვერ დადგინდა ქვეყანაში მყოფ ქართველთა რაოდენობა. სხვადასხვა პარტიებმა თავისი აღწერა ჩაატარეს. აღწერის შედეგები ყალბი იყო. 1992 წლიდან ყველაფერი ქართველთა პოპულაციის მოსპობისკენაა მიმართული. დასავლეთთან ნათესაობისა და დემოკრატიული რეფორმების სახელით ქართველი დათანხმდა თვითამოწყვეტაზე. ერმა უარი თქვა თავის ფესვებსა და ვინაობაზე.

საქართველო მომაკვდავი და კიდევ უფრო დაპატარავებისაკენ მიდრეკილი ქვეყანაა. 2003 წლისათვის საქართველოში იყო 800 000-ზე მეტი პენსიონერი. ნახევარ მილიონამდე ქრონიკული ნარკომანია ქვეყანაში. მთლიანად ქართველთა რიცხოვნება ჩემი ვარაუდით უნდა იყოს 2 მლნ. 500 ათასამდე. ვგულისხმობ ეთნიკურ ქართველთა რაოდენობას და არა საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას. საყოველთაო აღწერის შემდეგ გამოცხადა საქართველოს მოსახლეთა რაოდენობა – 3 მლნ. 700 ათასი.  ქართველთა დაცემით გული მოეცა საქართველოს ყველა მეზობელს და მათ მიწების წაგლეჯაზე უჭირავთ თვალი. კილომეტრობით ქართული მიწები მიითვისეს ბოლო წლებში სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუსეთმა. თურქეთში მდებარე  ძველ ქართულ ტაძრებზე რამდენი ითქვა!  დოკუმენტური მასალები გადაიღეს იშხანზე, ოშკზე, შატბერდზე, ტბეთზე, ოპიზაზე, ხანძთაზე და ა.შ. უპატრონოდაა ყველა ეს ძეგლი. მათ თურქები ან შლიან, ან მეჩეთებად გადააკეთეს (პარხალის და ხახულის ტაძრები). ამდენს იმტკიცებიან, რომ თურქეთი არის მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. თურქეთმა განახორციელა დემოგრაფიული და რელიგიური ექსპანსია აჭარაში. 25 ათასი თურქი მხოლოდ ბათუმში სახლობს. ისინი ყიდულობენ უძრავ ქონებას, აშენებენ ისლამურ სკოლებს. საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდანვე თურქეთში აჭარის დაბრუნებაზე საუბრობდნენ და ბათუმს თავისად თვლიდნენ. ამაზე შეუფარავად ლაპარაკობენ თურქები. ბათუმის დაბრუნების პროპაგანდა მათთან საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. ეს არაა ერთი და ორი დღის ამბავი, რაც დრეს აჭარაში ხდება. ახლაც დგას ათასობით ქართველის გათურქებისა და აჭარის დაკარგვის საფრთხე.

ლევ გუმილიოვი თავის ნაშრომში „ეთნოგენეზი და დედამიწის ბიოსფერო“, მსჯელობს ეთნოსის მიერ პასიონარობის დაკარგვაზე და მოჰყავს მრავალი მაგალითი. სადღეისოდ ქართველთა ეთნოსმა დაკარგა პასიონარიზმი. ახლა ქართველთა მოდგმის ფემინიზაცია მიმდინარეობს. ქართველნი ყველაფერზე თვალს დახუჭავენ, მომხმარებლობის და გართობის გულისათვის. ოღონდ თავი არაფრით შეიწუხონ და ილუზიები არ წაერთვათ! მოხდა ქართველთა რასის აბსოლუტური ბურჟუიზება. ადრე გათათრების, რუსიფიკაციის საფრთხე იყო. ახლა კი ქართველთა კლებადი მოდგმა ლიბერალური ინდივიდუალიზმის საფრთხის წინაშე დგას. ეს უფრო საშიშარი რამ არის სუსტი და დამარცხებული ქვეყნისათვის, ვიდრე გათათრება და გარუსება. ერი უარს ამბობს თავის ვინაობაზე. ეს ყველგან ჩანს. კი, გამოდის რაგინდარა ჟურნალ-გაზეთი, არის ასობით პარტია, შენდება ეკლესიები, მაგრამ ერი ილევა! ქართველი მოსწყდა თავის ფესვსა და კერას და ყარიბია საკუთარ მამულში.  საქართველოში ურთიერთუცხოობა და ურთიერთსიძულვილი მუდამ პიკზე დგას. სამშობლო ფეისბუკია და ქართველნი კი ფეისბუკის მეგობრები. ეროვნული დასი არსადაა. სამაგიეროდ ასობით ფეისბუკის ჯგუფია.  ესაა ხალხი, რომელიც დიდი ხანია დათანხმდა თვითგენოციდზე. საქართველო არის იოლად დასაპყრობი ობიექტი.  ელიტა ცდილობს უცხო ჯარის ჩაყენებას ქვეყანაში, რათა ქვეყნის პოლიტიკა მთლიანად უცხოელებს მიანდოს და ხელი არ შეეშალოს მომხმარებლობასა და კომპრადორიზმში. ფაქტია, რომ ელიტა ვერ პატრონობს ქვეყანას. პოლიტიკოს-პოლიტიკანები კი წლობით დაიარებიან ტელევიზიებში, იცოხნებიან და იფხანებიან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ამდენი მტერი ჰყავს თავისიანთა შორის. ლევ გუმილიოვის სიტყვებია: «Именно отсутствие внутренней поддержки «своих» определяет гибель этносов от немногочисленных, но пассионарных противников» (სწორედ „თავისიანთა“ შინაგანი მხარდაჭერის არარსებობა განაპირობებს ეთნოსთა დაღუპვას მცირერიცხოვან, მაგრამ პასიონარულ მოწინააღმდეგეთა მხრიდან).

დაცემულ ქვეყანაში წლობით გრძელდება დავა ქვეყნის პოლიტიკური გეზის გამო, თუ სად უნდა შევიდეს ქვეყანა – ევროკავშირში თუ ევრაზიულ კავშირში? საკითხი ეხება ქვეყნის გადარჩენას. ქვეყანას არ ჰყავს მის ბედზე მოფიქრალი პოლიტიკური ელიტა და არც მომავალი ელიტა არის გამოკვეთილი. უდასობა ჩანს ყველგან. მეუფე ანანია წერს: „ისტორიის გამეორებას, მომავალში მსგავსი სიტუაციის განახლების შემთხვევას, ჩვენი ხალხი ეროვნული ცნობიერების მაღალი დონით უნდა შეხვდეს“ (გვ. 304).  მეუფეს მხედველობაში აქვს ქართველთა ასიმილაცია და სხვა ხალხებთან შერევა. ვაგლახ, რომ ქართველნი ვეღარ ქართველობენ და უცხოეთში კი არა, არამედ საქართველოშივეა ქართველთა ასიმილირებისა და ეროვნული გადაგვარების საფრთხე! როცა ძველი დროისამებრ ასიათასობით ქართველი იკარგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველობამ ლიბერალიზმის გარემოშიც ვერ შეძლო შეექმნა სახელმწიფო ორგანიზაცია. რაც ახლა არის, ეს მოდერნიზებული ბატონყმობაა. მეუფე მსჯელობს: „ეროვნული გადაგვარების საფრთხე დღესაც რომ რეალურია, იქიდანაც ჩანს, რომ თვით რუსეთშიც კი საცხოვრებლად გადასული ქართველი ადამიანის შთამომავლები ეროვნებას ვერ ინარჩუნებენ და 2 – 3 თაობის შემდეგ ასიმილირდებიან სხვა ერში“ (გვ. 304). კითხულობ მეუფე ანანიას ამ წიგნს და გაკვირვება გიპყრობს. როგორ გადარჩა ქართველობა? როგორ მოატანა საქართველომ აქამდე?   ქართველნი უცხოეთში ვერ ხარობენ. თუ გაიხარებენ და უკვე ქართველნი აღარ არიან. ამიტომაა, რომ სადღა არ გაბნეულ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას არა აქვს ძლიერი ორგანიზაცია, როგორიც აქვთ ემიგრანტ ბერძნებსა და სომხებს, თურქებსა და არაბებს.

ჩემი აზრით, მეუფე ანანიას ეს წიგნი უნდა ისწავლებოდეს უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სკოლებში. ის ალაგმავს ქართულ ინფანტილიზმს, დაუდევრობასა და ილუზიების აჩემების ჩვევას. წიგნი უნდა გამოიცეს დიდი ტირაჟით და მიეწოდოს საქართველოს ყველა კუთხის წიგნსაცავებს. ეს უნდა იკითხონ ქართველმა ახალგაზრდებმა და არა მენეჯმენტისა და საბანკო საქმის უახლესი სახელმძღვანელოები. ლიბერალიზმს გამოკიდებულმა ერმა ქართველი ახალგაზრდობა საკუთარ ქვეყანაშივე დაკარგა და გაიუცხოვა. ამის უცუდესი შედეგები მომავალში გასაჩინოვდება. საქართველოს ჰყავს ქართულად მოლაპარაკე ლიბერალი ახალგაზრდები, მაგრამ აღარ ჰყავს ქართველი ახალგაზრდები.

მეუფე ანანიას ვუსურვებ გრძელ ჟამს და საისტორიო შემოქმედების გაგრძელებას. დაცემულ ერში ბრძოლა მაინც ჰხამს, რათა საბოლოო დაღუპვა არ მოხდეს. იყოს სიტყვისაებრ შენისაებრ, მეუფეო! უფალი გფარავდეს იმ ღვთივსათნო საღვაწოში, რასაც შესდგომიხარ!  იპრიანოს უფალმა, შეწყდეს ამდენი თარსის თოვა ქვეყანასა ზედა და მოჰხედოს ყოველთა მაარსმა მოძულებულ და წყმედულ მოდგმას!

ივნისი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s