გიორგი დანიბეგაშვილის ხელოვნება


 სანამ ახალგაზრდა ფერმწერსა და სკულპტორზე, გიორგი დანიბეგაშვილზე საუბარს დავიწყებ, მანამ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი არტ-კრიტიკისა და სახელოვნებო ანალიტიკის მიზანზე.

ერთი ხელის თითებზე ძლივს დაითვლებიან ისეთი კრიტიკოსები, რომელთაც გააჩნიათ ხელოვნების ქმნილებათა გაგებისათვის აუცილებელი ფილოსოფიური ხედვა. მცირენი არიან ისეთი ხელოვნებათმცოდნენი, რომელთაც ძალუძთ შთაიგრძნონ ესა თუ ის ნოვატორული არტ-ობიექტი და არა უბრალოდ,  სახელოვნებო კრიტიკულ-ანალიტიკური ცნებითი აპარატის გამოყენებით შაბლონურად აღწერონ ის. ასეთი აღწერა ვერ უწყობს ხელს იმ საქმეს, რასაც არტ-ობიექტის ჰერმენევტიკა და მისი შემქმნელის ინტენციის შთაწვდომა ჰქვია. არტ-კრიტიკის წერისას არსებითია სწორედ ხელოვანის გულისთქმის ნათელყოფა და მისი ახსნა პუბლიკისათვის, რომელსაც აბნევს მრავალი კრიტიკოსის currente calamo, სუსტი ტექსტი და განსახილველ ნამუშევართა არარელევანტური ექსპლიცირება.  არტ-კრიტიკოსმა უნდა გადმოსცეს არა ის, რაც მისთვისაა საგულისხმო და ამით დაამცროს ის ხელოვანი, რომელზეც ის წერს. მან უნდა წარმოაჩინოს ის, რაც ხელოვანისთვისაა საგულისხმო. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს ხელოვნების მიმომხილველისა და კრიტიკოს-ჰერმენევტიკოსის მოღვაწეობა.

არტ-კრიტიკა არის ის დრაივერი, რომელიც  ბევრს ნიშნავს ხელოვანთა ასპარეზზე. ხელოვნების კრიტიკოსი კი ის მედიატორია, რომელიც ასაბუთებს ხელოვნების ამა თუ იმ მიმართულების ავკარგიანობასა და ამ მიმართულებას მიკუთვნებული მხატვრებისა და მოქანდაკეების სახელოვნებო ბექგრაუნდს. ჩემთვის იდეალი არის სოკრატული საუბარი ხელოვანსა და კრიტიკოსს შორის. საუბარი ვერ შედგება იქ, სადაც კრიტიკოსი სნობი, აროგანტი ინტელექტუალი და სალონის მასხარაა. გიორგი დანიბეგაშვილთან ბევრჯერ მისაუბრია მის ხელოვნებაზე და საზოგადოდ ხელოვნების დანიშნულებაზე. წინამდებარე გამოხმაურების სილუეტი სწორედ ამ საუბრების შემდეგ მოიხაზა.

მხატვარი და სკულპტორი, რომელმაც შექმნა ქართული არტ-სივრცისათვის უჩვეულო, შედევრული ნამუშევრები, საჭიროებს მხარდაჭერას, ობიექტურ შეფასებას და წარმოჩენას. ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს მიუკერძოებელი რეცენზიის სახით უნდა გააჩნდეს სიმბოლური ავანსი, რომელიც განსაზღვრავს მის ადგილს არტ-სცენაზე და მის სტატუსს. იგი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი ესმით, რომ მას აქვს რეკოგნიცია (დაფასება), რათა მან მომეტებული აღტყინებითა და დაღვინებული სიხალისით გააგრძელოს შემოქმედება.

არტ-კრიტიკისა და სახელოვნებო ანალიტიკის ინსტიტუტი საქართველოში როგორღაც ღიმღამობს. ჩემის აზრით, გიორგი დანიბეგაშვილს აქამდე არ მიუღია ის ყურადღება და აღიარება, რასაც იმსახურებს. ქართულ არტ-სივრცეში იქმნება ბევრი პლაგიატური, ეპატაჟური, იმპროვიზაციული, მიმიკრიული და კიჩური რამ. ახლანდელი სახელოვნებო სიტუაციის ტრენდი ისაა, რომ ბევრი მხატვარი და მოქანდაკე თავის შემოქმედებას არ უმორჩილებს კონცეფციას, სამხატვრო გნომს, რაც იწვევს კიჩიზმისა და არტ-ტროლინგის მოძალებას. მხატვრები ფუნჯის ან საჭრეთელის ფლობის ტექნიკურ ჩვევას, სამხატვრო სასწავლებლებში შეძენილ ხელგაწაფულობას იყენებენ და ნამუშევარს არ უქვემდებარებენ იდეას. ასეთი წესით ძალზე ბევრი ნამუშევარი იქმნება და ყურადღებიანმა არტ-კრიტიკოსმა ეს მყისვე უნდა შენიშნოს, იმის მიუხედავად, თუ რამდენად თვალმისატაცადაა შექმნილი ასეთი სახის ნამუშევრები. სახელოვნებო თამასის დამდაბლებამ მოამრავლა არტ-დუერების მიერ შექმნილი სუმბურული, ნათამაშები, სიმულაციური ტილოები, კატასტროფული სკულპტურები. ეს ტილოები გააქვთ გამოფენებზე, ხოლო მდარე ნაქანდაკარი კი იდგმება ქალაქის სკვერებსა და მოედნებზე. ქართული საქანდაკო ხელოვნების კიჩიზაციასა და დაქვეითებაზე სხვაგან ვიტყვი.

არტ-კრიტიკოსი არის ფილოსოფოსი, ხელოვნების ფენომენოლოგი, რომელიც აღმოაჩენს ხელოვნების ქმნილებებში შთადებულ იდეას და მსჯელობს იმაზე, რამდენად სრულად გამოხატა ეს იდეა ავტორმა თავის ნამუშევრებში, სად და რა ზომით გაკრთა ან სრულად გამოვლინდა პლატონური თეია მოირა (ღვთიური ნიჭი), რამდენად მზაობდა ხელოვანი მიეღო ზეგარდმო ინსპირაცია და რამდენად შეძლო მან მისი დატევა თავის თავში. რა თქმა უნდა, ისიც უნდა ითქვას, რა ხინჯი გამოჰყვა მის ნამუშევრებს და ეს ხინჯი რისგანაა. არტ-კრიტიკოსი და ხელოვნების ანალიტიკოსი არის ის პაიდაგოგოსი, რომელიც ასრულებს განმანათლებლურ მისიას, განაცხოველებს ხელოვნების პაიდეიას და საგამოფენო გალერეებსა და მუზეუმებში მორონინე ბოჰემურ პუბლიკას აჩვევს სერიოზულობას, დისკურსის სიმკაცრეს. არტ-კრიტიკოსი საცნაურჰყოფს რატომაა ამა თუ იმ ხელოვანის ნაღვაწი აქტუალური და საცოდნელი.

გამოვიტყვი ჩემ აზრს და წარვადგენ მას პირქუშ ფილოსოფოსთა, მკაცრ ხელოვნებათმცოდნეთა და გამოცდილ ფერმწერთა სამსჯავროზე. გიორგი დანიბეგაშვილის ნამუშევართა ხილვისას (გამოფენა მოეწყო „ქარვასლაში“  2015 წლის 18 თებერვალს, სახელწოდებით „დროის ექსტაზები“ (Ecstasy of time)) გამახსენდა ჯონათან ქრერის (Jonathan Crary) გამოკვლევა „მზირის ტექნიკა“ (Techniques of the Observer). აქ ქრერი ამბობს, რომ XIX საუკუნეში გამოგონილი „მზირის ტექნიკები“ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა ათვისებული  XX საუკუნეში და ბევრი რამ დავიწყებას მიეცა. ქრერი გადმოსცემს ვიზუალობის განვითარების ისტორიას და აღწერს გარდასული დროის ოპტიკურ მოწყობილობებს (სტერეოსკოპი, ფენაკისტისკოპი და სხვ.). სტერეოსკოპით მზერდნენ მოცულობით გამოსახულებებს. ეს იყო ახლანდელი სამგანზომილებიანი გამოსახულების (3 D) პროტოტიპი. აქვე გავიხსენებ ვალტერ ბენიამინის აზრს, რომ ფოტოგრაფია და კინემატოგრაფი ახდენენ უნიკალურის  ნიველირებას ხელოვნებაში.

გიორგი დანიბეგაშვილის კედლის ინსტალაციები არის თავისებური ანამნეზისი იმისა, რაც უკვე დავივიწყეთ თანამედროვე კინემატოგრაფისა და ინტერნეტის ფერადოვნებით მოჯადოებულებმა. ხელქმნილი ფოტოგრაფიული სიზუსტით გამორჩეული გიორგის კედლის სკულპტურების შემზერა ჩვენში აღადგენს მზერის იმ ნიჭს, რომელიც დავკარგეთ გამომსახველობითი ტექნიკის არნახული განვითარების გამო. განა მხოლოდ ესაა. ინტერნეტმა თავისი ინფორმაციული გადავსებულობით გამოიწვია ზღვარის გაქრობა ხელოვნების შემმეცნებელსა და ხელოვნების მომხმარებელს შორის. ნონკონფორმიზმი და ჭეშმარიტი ნოვატორობა არტ-სარბიელზე ძნელად გამოსარკვევი გახდა იმის გამო, რომ ბოჰემა ახალ-ახალ კონსიუმერულ ფორმებს იგონებს. ხელოვნების სიახლენი სასაქონლო ფეტიშად და სნობიზმის მორიგი ტალღის აღმძვრელად იქცევა. კინემატოგრაფმა ანიმაციური პროგრამების გამოყენებით და ასევე ინტერნეტმა გააზარმაცა ისედაც ზერელე პუბლიკა. ხელოვნების ქმნილებაში ჩაღრმავების უნარი მას აღარ აქვს. ინტერნეტმა ყველაფერი ხელოვნებად აქცია და დაუქვემდებარა მოხმარებას.

უპირველესად რა მეცა თვალში გიორგის სკულპტურული ოპუსების ხილვისას? თვალში მეცა მისი თავაუღებელი მაძიებლობა, რაც ამ გამოფენაზე წარდგენილ ცამეტივე ექსპონატში სჭვივის. დავრწმუნდი იმაში, რომ ავტორი ქართულ არტ-სისტემაში ახალ სიტყვას ამბობდა. ტექნიკურად უნაკლოდ შესრულებული ინსტალაციების ზომები მკაცრად დაცულია. რომელიმე მათგანი რომ უფრო დიდი, ან უფრო მცირე იყოს, მაშინ ავტორის შთანაფიქრი და მიზანი ვეღარ იქნებოდა გადმოცემული ასე აპოდიქტურად. გიორგის აქვს ფერთა ძალუმი განცდა და ზუსტად მიგნებული აქვს, რომელ სკულპტურაში ფერთა რა კომბინაცია უნდა იყოს. გიორგის ინსტალაციები ესაა non-fiction ხელოვნებაში. ყოველი აქ წარმოდგენილი ქმნილება არის დოკუმენტი ავტორის ცხოვრებისა და მისი შემეცნებითი გზისა. ამ ნამუშევრებში ვხედავთ ავტორის ცხოვრებას, მის განცდებს, მის რეტენციასა და პროტენციას, მის რეფლექსიასა და იმანენტიზმს. გიორგი უტრიალებს დროის საკითხს და ცდილობს ტემპორალური და ჰიპერურანული (ცისმიღმიერი) საზრისით განმსჭვალოს თავისი ნამუშევრები. მისი ხელოვნება ელიტურია და არაა იოლად გასაგები. გიორგი დანიბეგაშვილი არაა ის შემოქმედი, ვინც პუბლიკის სიმრავლესა და ტელევიზიასაა დახარბებული. იმ ქართველ მხატვართაგან, რომელთაც პირადად ვიცნობ, გიორგი გამონაკლისია იმით, რომ მუდმივად კითხულობს ანტიკურ ფილოსოფიურ ტექსტებს. სწორედ ანტიკურობა ანიჭებს მის ხელოვნებას ასეთ ძალასა და გენუინურობას. ვიეთი იკითხავს, რომ როგორაა შესაძლებელი contemporary art-ის მიმდევარი გიორგი დანიბეგაშვილი ანტიკურობასთან ჰგიებდეს? ამაზე ქვემოთ ვიტყვი.

გიორგი ექსტატიკურად ეძებს, პლატონურად ეძებს და რისკავს იყოს მუდმივი მეძიებელი და შემკითხველი თავის ხელოვნებაში. ესაა რისკი, რომელსაც იგი არ უფრთხის. შემოქმედებითი მეძიებლობა გარისკვაა იმ აზრით, რომ დიდი შესაძლებლობაა ხელი მოგეცაროს და ვერაფერი მოიძიო. მეძიებლობა დიდი ტვირთიცაა იმ აზრით, რომ საკუთარი მონაპოვარი ამ ძიების პროცესში იმპერატიულად მოგიწოდებს მეტის მიღწევისაკენ. აქ ჩნდება ცდუნება, რომ საკუთარ მიღწევათა სისტემა გადააქციო დოგმატიკად, რათა მეძიებლობის რისკისა და ტვირთისაგან ამ გზით დაიხსნა თავი. ხელოვნება შემეცნების სახეა და აქაც ვლინდება სოლიფსიზმის დემონური პრობლემა. ჭეშმარიტი მეძიებლობა ხელოვნებაში პრომეთეანულია და ის სხვაგვარი ვერასდროს იქნება. Искусство это искус быть художником и творцом, а также быть искусителем посредством изображения прекрасного.  გიორგი დანიბეგაშვილი პლატონის განაკვალში მდგარი და პლატონისაკენ მიმსწრაფია, პლატონური საკითხების დამყენებელია. ახალგაზრდა ხელოვანი თავისი ნამუშევრებით მოგვიხმობს ვიყოთ მისი თანაშემოქმედნი, მის ინსტალაციათა ინტერპრეტაციების შესაძლებლობათა დამდგენელნი. მისი სკულპტურები იმმატერიალურია თავისი შინაარსით და მათში სჭვივის პლატონური ენთუზიასის მანია (საღვთო გახელება). ენთუზიასისი ახლოს დგას ექსტაზისთან და აქ ვუახლოვდები იმის საჩინოქმნას, თუ რატომ უწოდა ამ ნამუშევრებს ავტორმა „დროის ექსტაზები“.  ავტორი თავად ექსტაზირებს და ისე ქმნის ამ ორიგინალურ სკულპტურებს. ავტორი ლამობს დროის საზღვრებიდან გაჭრას და აქამდე აუსახავის ასახვას ხელოვნებაში.

როგორაა შესაძლებელი, რომ პლატონური იყოს პოსტმოდერნთან ახლოს მდგარი გიორგი დანიბეგაშვილის contemporary art-ი? გიორგის კონტემპორარული ხელოვნება არის პოსტმოდერნიზმიდან გამოსვლა, პოსტმოდერნის დოგმატიზებული რელატივიზმისა და ნომინალიზმის დაძლევა. გიორგის „დროის ექსტაზები“ არის ერთიანი კონცეფციის მქონე ისეთი დეკონსტრუქცია, რომელიც ქმნის დიდი უნივერსალისტური ინტერპრეტაციების, შემკრები და მასინთეზირებელი პოტენციის მქონე გნომს. გარდა ამისა, ეს ექსპონატები პოსტლიბერალიზმის დასაწყისის აღმნიშვნელია. პოსტმოდერნიზმი და ლიბერალიზმი ათეული წლებია გვერდიგვერდ მოაბიჯებდნენ უახლოეს ისტორიაში. ლიბერალიზმმა პოსტმოდერნისტული ნომინალიზმისა და პირონიზმის გარდა არანაირი სხვა მოძღვრება არ იგუა. გიორგი დანიბეგაშვილის კონცეპტუალიზმი მონიშნავს ახალ ჰორიზონტს და  საფუძველს უყრის ასე მძლავრად ფესვგადგმული პოსტმოდერნიზმის დაძლევას ქართულ არტ-სისტემაში.  „დროის ექსტაზებში“ თავმოყრილი ნამუშევრები ფილოსოფიაა და ფილოსოფიურ შეფასებას საჭიროებს. ამ თვალსაჩინო არტ-ობიექტების ჭვრეტა გვაიძულებს ჩავწვდეთ იმ პლასტებს, რომელიც, გიორგი დანიბეგაშვილის აზრით, სწორედ კედლის სკულპტურაში საჩინოვდება და არა ფერწერაში. ესაა სკულპტურული ფერწერა. ესაა არტ-ობიექტის  რეპრეზენტაციის ახალი ფორმა. რამდენადაც ვუწყი, კედლის სკულპტურაში ჩვენთან არავის უმუშავია ასე კონცენტრირებულად და სერიოზულად. ეს ნამუშევრები თავისი ფიგურატიულობით, გეომეტრიული ფორმებითა და  ფერებით არის მოკვდავთა წინაშე მიწყივ მდგარი კითხვები და არა პასუხები. აქ გვეძლევა დაუმზერის დამზერის შესაძლებლობა.

კრიტიკოსები მკითხავენ, თუ რატომ გადავიდა გიორგი დანიბეგაშვილი ფერწერიდან კედლის სკულპტურაზე? ჭეშმარიტი ხელოვანი იმად არის ხელოვანი, რომ მას შეეძლოს შემოქმედება არა მხოლოდ ფერწერაში, არამედ სკულპტურაშიც. ეს გამოფენა იყო სკულპტორის დებიუტი და და გიორგი აქ დადასტურდა, რომ მას შეუძლია იყოს ქანდაქარი. მისი ნამუშევრებიდან ვხედავთ, რომ ავტორი გულმოდგინედ ემზადებოდა  ფერწერიდან სკულპტურაში გადასასვლელად. მისი ჩანაფიქრია გააუქმოს ფუნჯი თავის ფერწერულ სკულპტურაში. მისი ინსტალაციები არის ფერთან უშუალო მიმართება ფუნჯის გარეშე. ინსტალაციებში გადმოცემული ფერთა გამა ავტორის სულიერი მდგომარეობაა, მისი შემოქმედებითი გზნების დოკუმენტირებული  გამოხატვაა. ესაა მისი მედიტაციური კონტემპორარი.

როდესაც უდავო სიახლეს ვხედავთ საგამოფენო ექსპონატებში, როდესაც ვჭვრეტთ ხელოვნების ქმნილებათა ორიგინალობას, ძნელდება უკან დასწიო სენტიმენტალიზმი და ემოცია და წინ წამოსწიო ამ ქმნილებათა ფილოსოფიური გააზრება. გააზრების სიძნელე კიდევ უფრო მატულობს მაშინ, როდესაც ავტორი გავრცელებული მიმდინარეობის მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით და არა მათი უარყოფით, ქმნის ახალ პერსპექტივას და თანდათანობით გასცდება ამ მიმდინარეობას. გიორგის მიერ შექმნილი არტ-ლეიბლი არის მოდერნის ახალი ინტერპრეტაცია ხელოვნებაში და ისინი მჭვრეტელს უბიძგებენ, რომ გააგრძელოს ეს ინტერპრეტაცია. ესაა ის ინტერსუბიექტივიზმი ხელოვანსა და მისი ქმნილების მჭვრეტელს შორის, რაც ინტერნეტისა და ანიმაციური პროგრამების ერაში მეტად იშვიათი მოვლენაა. ასეთი ინტერსუბიექტივიზმი ჩვენ გვაქცევს ხელოვნების ჰერმენევტიკოსებად. ესაა ფილოსოფიური, სოკრატული და არა ლიბერალური ღიაობა. ლიბერალური ღიაობა მასხრობაა, ცინიზმი და სიყალბეა. სოკრატული ღიაობა სულ სხვა რამ არის და მას არ ესაჭიროება იდეოლოგიური გამართლებანი, როგორც ეს ლიბერალურ-პოსტმოდერნისტული ღიაობის დროს ხდება. გიორგის „დროის ექსტაზები“ ასევე არის ინტერსუბიექტურობაში გადაზრდილი პერფორმანსი. პერფორმერ ავტორსა და მის ნამუშევართა მჭვრეტელ არტ-კრიტიკოსს შორის იწყება სიმფილოსოფეინი (ერთობლივი ფილოსოფოსობა).  „დროის ექსტაზების“ ექსპონატების გასაგებად ფილოსოფიურად მომზადებული მზირი უნდა მოვიდეს. სხვაგვარად მისთვის გაუგებარი დარჩება ამ ექსპონატებში საჩინოქმნილი სიგნიფიკატი (სიმბოლური ნიშნები).

Contemporary  ნიშნავს დროსთან ერთად მყოფს, სინქრონიას. Contemporary art-ის მოთარგმნა თანამედროვე ხელოვნებად კარგად ვერ გადმოსცემს იმ სემანტიკას, რაც გავრცელებულ ინგლისურ ტერმინს აქვს. განა modern art-საც თანამედროვე ხელოვნებად არ თარგმნიან? ამიტომ ხდება აუცილებელი დაზუსტება, თუ რას ნიშნავს contemporary art-ი. დადაიზმმა დაუდო დასაბამი contemporary art-ს. გავიხსენოთ მარსელ დიუშანი, რომელმაც სამრეწველო ფაიფურისაგან შექმნილი პისუარი აქცია საგამოფენო ექსპონატად. რა იყო ამის მიზანი? ის, რომ ყოველდღიურად მოხმარებადი, უბანალურესი სერიული წარმოების ნივთი გადაიქცა ხელოვნების ობიექტად და მისი აქამდე შეუმჩნეველი საზრისი ევიდენტურად იქცა. საზრისის ასეთმა გასაჩინოვებამ შექმნა ინტერპრეტაციების შესაძლებლობაც. Contemporary art-მა გადაფარა  modern art-ი. Contemporary art-ი დაშორდა მანამდე არსებულ ფერწერულ და სკულპტურულ პრაქტიკებს. მან დაიწყო სხვადასხვა აქამდე გამოუყენებელი საშუალებების გამოყენება. გაჩნდა მულტიმედია. არტ-სცენაზე შემოიჭრა პოსტმოდერნისტული ნაკადები, რომლითაც გაიჟღინთა მრავალი სახელოვნებო მიმდინარეობა. პოსტმოდერნიზმს ჰქონდა ის დადებითი თვისება, რომ მან ნიჭიერ ხელოვანთ უბიძგა მოეძებნათ გამოსახვის ახალი ფორმები. ეს ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როდესაც პლატონის დროს სოფისტებთან კამათში ნაწრთობი პოლემისტი, სოფისტიკური სატყუარების დამძლევი ფილოსოფოსი უკვე სხვა ჰორიზონტზე გადადიოდა. სოფისტიკის დადებითი თვისება იყო გონების წვრთნა სილოგისტური კონსტრუქციების  მეშვეობით და მოფიქრალის გამუდმებული პროვოცირება, რათა მას დაენახა ამა თუ იმ სოფისტური დებულების ძლიერება ან სისუსტე.  პლატონის ფილოსოფია სოფისტიკასთან დიდი კამათია. ხელოვნებაშიც იჭრება სოფისტიკა სხვადასხვა მხატვრული თეორიების სახით და ნამდვილი ხელოვანი ისაა, ვინც ამ არტ-სოფიზმების დადებით მხარეს დაინახავს და მათი სოკრატულ-პლატონური დაძლევით ამაღლდება უნივერსალიებამდე.

რახან გიორგი კონცეპტუალური კონტემპორარის მიმდევარია, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ერთი მიმდინარეობის საზღვრებში რიგორისტულად იკეტება. გიორგის კედლის ინსტალაციები და ასევე მისი ფერწერა არის ძველი ხელოვნების გაცოცხლება და მხატვრული რემინისცენცია ჩვენს ორიენტირდაკარგულ დროში. გიორგი იყენებს ნებისმიერ მასალასა და გამომსახველობით საშუალებას. ის არის მულტიმედია არტისტი, რომელიც ცდილობს დაძებნოს დავიწყებული მიმართებანი გარდასული დროის ხელოვნებასთან. გიორგის შემოქმედება ესაა კლასიკის გაგრძელება ახლანდელ დროში, კლასიკა, გამოხატული contemporary art-ში.

როგორი თეორია და ექსპოზიციაც არ უნდა შეიქმნას ხელოვნებაში ჩვენი დროის ანალიტიკოსთა და ხელოვანთა (კლემენტ გრინბერგი, როზალინდ კრაუსი, ჯორჯო აგამბენი, ირიტ როგოფი, მარეკ ბარტელიკი, პიტერ შელდალი, ანსელმ კიფერი, იოზეფ ბოისი, ჯონ ქეიჯი და სხვ.) მიერ, შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ანტიკურობიდან მომდინარე ინტენცია დასრულდა და სულ სხვა მოვლენა იწყება. ანტიკურობა დურაციული და უსასრულოა ისტორიულ ეპოქებში. ესაა პაიდეიისა და humanitas-ის კონტინუალობა. ანტიკური ინტენცია ქრება და ჩნდება, მაგრამ არ სრულდება. რენესანსი იყო ანტიკურობის რეინკარნაცია ბარბაროსულ ევროპაში. ხელოვანის კომპეტენცია და პიროვნული მზაობა ისინჯება იმით, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ბერძნულ-რომაული ანტიკურობისა და რენესანსული ანტიკურობის მიმართ და რამდენად შესწავლილი აქვს მას რენესანსის ტიტანების შემოქმედება. ტილოები, ზეთის საღებავი და ტემპერა რენესანსიდან იწყება. ყველა მხატვარს უწევს ამ მასალებთან შეხება იმის მიუხედავად, რა მიმდინარეობას აკუთვნებს ის თავის თავს.

არა მხოლოდ modern art-ი, მინიმალიზმი, კონცეპტუალიზმი, აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი, ორფიზმი, კუბიზმი და contemporary art-ი, არამედ ყველა თეორია ხელოვნებაში არის პლატონური იდეების ინტერპრეტაციები. არტ-პროცესი, რაოდენ რადიკალური და ეპატაჟურიც არ უნდა იყოს ის, მაინც უტრიალებს პლატონურ მშვენიერების იდეასა და მითოსს. მოდერნი ხელოვნებაში არის მითოსის გაგრძელება მითოსის უარყოფის გზით. უცნაური და პარადოქსულია, მაგრამ ასეა. მოდერნმა შემოიტანა რევოლუციის, ხალხთა მასების, ინდუსტრიის თემა ხელოვნებაში, მაგრამ ეს ყველაფერი სახეცვლილი humanitas-ი და მითოსია. რა ხდება დღეისთვის ასე  განტოტვილ და მრავალშენაკადიან ხელოვნებაში? ის, რომ გრძელდება ძველისძველი კამათი სოკრატესა და სოფისტ ჰიპიასს შორის (პლატონის დიალოგი  „ჰიპიას დიდი“). დიალოგის საგანია მშვენიერების საკითხი. რა არის მშვენიერება (კალონ) და მშვენიერი (კალოს)?  კი, უფრო მრავალმხრივია ახლანდელი ხელოვნებათმცოდნეობისა და არტ-ანალიტიკის ცნებითი აპარატი, მის ლოგიკური კონსტრუქციები, მაგრამ მთელი ეს პოლემიკა ხელოვნების არსზე უტრიალებს იმ       2 500 წლის წინანდელ საკითხს, რაიც სოკრატესა და სოფისტ ჰიპიასის დიალოგშია.

მშვენიერების საკითხი მეტად ანატრეპტიკულია (პოლემიკურია), იმის მიუხედავად, რომ პლატონის შემდეგ ამაზე უამრავი რამ დაიწერა. მშვენიერების საკითხის განხილვა არის ის ხიდი, რომელიც გვაკავშირებს ფილოსოფიის უდიდეს პრობლემებთან. გიორგი დანიბეგაშვილის სკულპტურებში ასევე იკვეთება პლატონის „მენონიდან“ და „თეეტეტიდან“  მომდინარე ძველისძველი თემა. ესაა შეგრძნებებისა და აზროვნების მიმართება, ანამნეზისის თეორია. ფილოსოფიასა და ხელოვნებაში არსებული გნოსეოლოგიური პრობლემატიკა ამოიზარდა პლატონის „თეეტეტიდან“. ჰუსერლი ამ საკითხებს ფენომენოლოგიურად ამუშავებს.

„დროის ექსტაზებში“ თავმოყრილ კონცეპტუალურ ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიძლიერეს ანიჭებს ფილოსოფიური ლიბო.   ავტორის შეგრძნებათა  ვიზუალიზაცია ერთობ მიმზიდველია. შეგრძნებებისა და მახსოვრობის იმანენტური რეფლექსები გამოხატულა ამ სკულპტურებში. ეს სივრცითი და მოცულობითი კომპოზიციები ტემპორალური და კონ-ტემპორალურია და გვაფიქრებს დროის ენიგმაზე. გიორგი დიდად შემსჭვალულია საკითხით – რა არის დრო? მისი ხელოვნება დროის ძიებაა ამ უდროო დროში. მისი ოპუსები ტემპორალური მომენტების მოხელთების მცდელობაა. ეს ინსტალაციები სუბიექტური დროისა და დროის ცნობიერების მხატვრული ანალიზია. „დროის ექსტაზებში“ გაერთიანებულ სკულპტურებს  არა აქვთ სახელწოდებები. ავტორმა განზრახ  არ მისცა მათ დასახელებანი.  ცამეტივე ნამუშევარი ფენომენოლოგიური ცნობიერების ერთიანი ნაკადია. აქ უთუოდ უნდა ვთქვა ის, რომ ჰუსერლისეული ფენომენოლოგია პლატონიზმია. კი ამტკიცებდა ჰუსერლი, რომ მისი ფილოსოფია არაა პლატონური, მაგრამ ეს შეუძლებელია! პლატონიზმისა და ფენომენოლოგიის გზები მრავალჯერ ერთდება. ჰუსერლის ფენომენოლოგია განვითარდა როგორც ჰაიდეგერიანული პლატონიზმი. ეს იყო მისი ინტერპრეტაციის ყველაზე ბუნებრივი გზა. ჭეშმარიტი ფენომენოლოგია ისევ პლატონიზმია, პლატონთან გრძელი გზით დაბრუნებაა.

ჩემთვის, როგორც ფილოსოფოსისათვის,  გიორგი დანიბეგაშვილის  „დროის ექსტაზები“  მეტად ახლოა და მონათესავე. ამ ნამუშევრების იმანენტიზმი ჩემთვის გასაოცარი იყო. დავინახე პლატონურ იდეათა ძალუმობა ხელოვნებაში. გიორგის სკულპტურები დროითი გეშტალტია (Zeitgestalt). აქ წარმოდგენილი 13-ვე ნამუშევარი საკუთარი ტემპორალური მოჩარჩოებულობით გამოირჩევა და დროის შინაგანი ცნობიერების პრობლემას რელიეფურად წამოსწევს მზირის წინაშე. ავტორს ბევრი უღვაწია, რომ დროის ინტუიციური გამოცდილება, რაც ბრენტანოსთან და ჰუსერლთან იწოდება Zeitanschauung-ად, გადმოეცა ამ სკულპტურებში.

სკულპტურა გულისხმობს სტატიკურობას, ერთხელ და სამუდამოდ დადგენილობას, როგორიცაა მაგალითად, ძველეგვიპტური ქანდაკებანი. გიორგის სკულპტურები კი მედინია, მოძრავია და ცნობიერების ნაკადს მიჰყვება. ეს არტ-ობიექტები ორი სამყაროს ზღვარზე იმყოფებიან და ჩვენ ვჭვრეტთ მათ ფიბრილაციას, ფერთა თრთოლასა და ციმციმს. სკულპტურაში ამის მიღწევა ერთობ საძნელოა და გიორგიმ ეს შეძლო. მასთან იდეის წარმოჩენაა პრიმარული და მის ქმნილებათა მრჩობლედობაც (ორადობა) ამას ემსახურება. ესაა შეკითხვითი სკულპტურები და მცირედნი მოიძებნებიან შემმზერთა შორის, ვინც ძალიდვებს პასუხის გაცემას. ეს სკულპტურები ფერთა სიმფონიაა. ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანთან  ვხედავთ სინესთეზიას, როდესაც ფერი აღიქმება ბგერით. მსგავს მოვლენას ვხედავ გიორგის სკულპტურებშიც. მისი ფერები ფონემებია. პლატონის დიალოგში „იონი“ სოკრატე ამბობს, რომ პოეტები ზეგარდმო შთაგონებულნი არიან და მხოლოდ ცოდნით პოეზია ვერ შეიქმნება. ჭეშმარიტი შთაგონება კი, სოკრატესა და პლატონის თანახმად, ყოველთვის ცოდნიერ შემოქმედთანაა. მხოლოდ პოეზიას არ ეხება პლატონის ეს ნამსჯელი. ასევე არის ფერწერასა და ქანდაკებაში. მხოლოდ ხელის გაწაფვა, ფუნჯისა და საჭრეთელის ფლობა არ ნიშნავს დიდ ქმნილებამდე მისვლას. შთაგონებისა და მუზათა მოვლენის საკითხი თანამედროვე კრიპტომიზანთროპულ და ნიჰილისტურ ხელოვნებათმცოდნეობაში სრულიად გამქრალია.

გამოფენის ავტორის ერთი თავისებურება უთუოდ აღსანიშნია. ესაა ორად წარმოდგენილი ინსტალაციები. ხახულის კარედს ჰგავს ფორმით მისი ერთ-ერთი ნამუშევარი (47х 33 სმ.). ინდიგო აქ რელიგიურობისა და მითოსურობის სიმბოლოა. ორად ორი ფერია აქ – ინდიგო და ოქროსფერი. ექვსი ოქროს ცენტრი ქვემოთაა განლაგებული და მათ ზემოთ ოქროს რკალში ნიგვზის ლებანია დავანებული. ესაა ზედა იერარქიის გამომხატველი ნიშანი, შუქის მანიჭებელი, ზეცნობიერის სავანე. ექვსი ცენტრი ესაა წარსული, აწმყო და მომავალი. ესაა შვიდნი ცანი და ასევე შვიდნი მთიებნიც. ამ ორი ფერის შეწყობისას შეუძლებელია არ გაგახსენდეს ძველეგვიპტური ხელოვნება, სადაც ინდიგო და ოქროსფერი დომინანტური ფერებია. მეორე ასეთივე ინსტალაცია თეთრ ფონზეა. თეთრი და ოქროსფერი სისპეტაკის, საღვთო სიწმინდისა და სრულყოფილების ფერებია.  შორიდანვე გიზიდავს კარედული ხატის სილუეტის მქონე ეს ორი ნამუშევარი. მე არ მახსენდება ქართულ ხელოვნებაში ვინმეს ჰქონდეს ორად წარმოდგენილი ნამუშევრები. ეს ორიგინალური გადაწყვეტაა ხელოვნებაში. ზერელე მჭვრეტელს დააბნევს ინსტალაციათა ასეთი ორადობა. კარგი ჩანაფიქრია წითელ ფონზე გამოსახული ხის ჯვარი (24 х 24 სმ.). ოთხი მართკუთხედის შეერთება ცენტრში ქმნის კვადრატს. კვადრატის გულში თეთრი წრით შემოსაზღვრული ოქროთი დაფერილი ნიგვზის ლებანია. ასეთი კონფიგურაციის ჯვარს სწორედ მეწამული ფონი მიესადაგება. უზუსტესი მხატვრული მიგნებაა! თუ ხახულის კარედის მსგავს ინსტალაციაში ლებანი ზედა მხარეზეა, აქ ის ცენტრშია. ლებანი ერთდროულად  არის კვადრატის ცენტრშიც და ჯვრის ცენტრშიც. ერთი ინსტალაცია თითქოს რამდენიმე ნამუშევრის სინთეზირებითაა შექმნილი. იგივე ფორმისა და ზომის, მაგრამ სხვა ფერისა და უკვე სხვა მხატვრული სემანტიკის მქონეა შავი ჯვარი თეთრ ფონზე და აქაც ცენტრში ოქროს ლებანია, ოღონდ ის წითელი წრითაა შემოსაზღვრული. ყურადღებას იპყრობს შემდეგი ნამუშევარი, სადაც ხის ორი კვადრატი აღნიშნავს ორ სხვადასხვა სამყაროს, რომელნიც ტრიადულად ურთიერთიმსჭვალვიან სამი ვერტიკალური ხაზით, მაგრამ მაინც ცალკე სამყაროებად რჩებიან. თუ ამ ინსტალაციას სხვა ფონზე ვჭვრეტთ, მაშინ ის გარდაისახება და უკვე სხვა ხდება. ამ ნამუშევრის ტეტრამორფულობა მიგვამთხვევს დასაბამიერ საკრალურ ოთხთან. ჯოზეფ კოშუტი ტექსტებს ათავსებდა სხვადასხვა ფონზე და ამით ტექსტი სხვა სემანტიკას იძენდა.

თვალში საცემია ავტორის მიერ წითლისა და შავის შეხამება იმ ნამუშევარში (33 х 25 სმ.), სადაც წითელ ფონზე ხის ექვსი პარალელური ხაზია. მთლიანად ეს ინსტალაცია შავ ფონზეა გადაწყვეტილი. შესანიშნავია ფორმაც, შავ-წითელის შეთანხმებაც და მინიმალური გამომსახველობითი საშუალებით მაქსიმალურად გამოხატული შინაარსიც. ექვსი ხაზი, ექვსი ვერტიკალი არის როგორც მოკვდავის გამუდმებული სწრაფვა ზენაარისაკენ. იმავე ზომის მეორე ნამუშევარში ექვსი პარალელური ხაზი უკვე შავ ფონზეა და მარჯვნივ და მარცხნივ მსხვილი წითელი საზღვრებია. სინქრონულად უნდა ჭვრიტო ორივე ნამუშევარი, რათა შენში ხელახლა იშვას დავიწყებული სპეციფიკური ხედვა, რაც ასეთი ნამუშევრების გაგებას სჭირდება. ამიტომ ვახსენე ამ რეცენზიის დასაწყისში ჯონათან ქრერი. სხვა ნამუშევარში (36 х 27 სმ.) ინდიგოსფერი ჰორიზონტი მოქცეულია შავ საზღვრებში და მის გვერდით ნამუშევარში შავი ჰორიზონტია მოქცეული ინდიგოსფერ საზღვრებში. ზეციერი მაიას სამყაროთია შებოჭილი. ესაა პირველი ნამუშევრის საზრისი. მეორეში კი მაიას ბური გარემოცულია იმსოფლიურის ძლიერებით. ცისფერი უზეშთაესი სამყაროა და შავი კი დროში მყოფიარე დუხჭირი წუთისოფელი. ამ ორი ფერის კომბინაცია კარგ ვიზუალურ გამომსახველობას ანიჭებს ორივე ინსტალაციას. ცისფერი და შავი ორი კონტრასტია, ორი ანტაგონისტია, რომელნიც მუდამ გვერდიგვერდ ჰგიან. მინიმალური საშუალებით გამოხატულია დიდი აზრი.  დიდ ყურადღებას იპყრობს ოქტაგონური  ფორმის ნამუშევარიც ფერთა შეხამებითა და ფორმების კონფიგურაციით.  გამონაკლისი ამ გამოფენაზე არის გადაშლილი შავი წიგნი თეთრი ნიგვზის ლებნებით, რომელიც არაა კედლის ინსტალაცია. აქ ავტორს ორიგინალურად გადმოუცია ერთისა და სიმრავლის ძველისძველი ფილოსოფიური პრობლემა, რაიც გვხვდება პლატონთან და ნეოპლატონიკოსებთან. მრავალი ერთშია მოქცეული. ესაა შემეცნების შავი წიგნი. შესაქმის ბნელიდან ამოზევდება სპეტაკი სიბრძნე. შავი და თეთრი კონტრასტულადაა წარმოჩენილი ამ ნამუშევარში.  18 ნიგვზის ლებანია გადაშლილ წიგნში და ამ რიცხვს აქ საკრალური საზრისი მინიჭებია. შავ წიგნში დაუნჯებულა მოცნების სისპეტაკე. წითელ ფონზეა გადაშლილი შავი წიგნი და აქაც შავისა და წითლის ავტორისეული კომბინაციაა. ამ ორი ფერის შეერთება ალქიმიიდან და ჰერმეტიკიდან მოდის. ამ ინსტალაციის შექმნა გიორგის შთააგონა ჰაიდეგერის ნაშრომმა „დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა“. ეს თეთრი ლებნები ასევე აღნიშნავს ფენომენოლოგიურ ცნობიერების ნაკადს. ინსტალაცია მთლიანად ირაციონალურია თავისი ფერებით, ფორმითა და შინაარსით. ადრინდელ საუბარში გიორგის დაუყენებია ასეთი კითხვა – რამდენად შესაძლებელია ჰაიდეგერის ზაინის გადმოცემა ხელოვნებაში?  ის ამ ნამუშევრებში ცდილობს გადაწყვიტოს ეს მეტად ძნელოვანი საკითხი.

ბოლოს კი შევეხები, ჩემი აზრით, ამ გამოფენის მშვენებას. ესაა პირამიდულად აგებული მრჩობლი ცისარტყელა, რომლის წვერი არის ოქროს ვერტიკალი (41 х 17 სმ.). ორი ცისარტყელა ერთიანდება ოქროს ზენიტში. ინსტალაცია ვერტიკალია და არა უბრალოდ ვერტიკალური. ცისარტყელა ბუნებაში რკალისებურია. აქ კი ის ისრისებური და ზეაღმსწრაფია. ცისარტყელა აქ იმპერატიულია, მახვილისებურია. წვიმის შემდეგ ცათა შინა გამომზევებული ცისარტყელა ქალურია, რბილია და უფლის წყალობის ნიშანია ბიბლიური დროიდანვე, ოდეს ნოე კიდობნის წიაღ იყო მშთარი. ღრუბელთა შორის ჩენილი ცისარტყელა მოკვდავში სასოებასა და დედაშვილურ გრძნობას აცხოველებს. გიორგის ცისარტყელა კი მამრულია, ნიცშეანურია და ის უფრორე აშინებს, ვიდრე ანუგეშებს მსასოოვარს. ცისარტყელა ზეციდან ქვემოთ ეშვება, ამ ქმნილებაში კი ორადი ცისარტყელა მიწიდან ზეცისკენ აღესწრაფება. პირამიდულად გადაწყვეტილი მრჩობლი, ისრისებური ცისარტყელა დიდი შედევრია!  ეს კედლის პირამიდა საოცარი ნამუშევარია, რომელმაც მომნუსხა გამოფენაზე და ის კარგახანს ვჭვრიტე. ამ მრჩობლ ცისარტყელაზე ვერ იტყვი, რომ ის ვნახე. ის უნდა ჭვრიტო! მდუმარე მჭვრეტელობით საცნაურდება ამ შედევრის საზრისი. ადამიანის აღმასვლის გზა, სრულყოფილების მიღწევის ბოლო ოქროა. ოქროდ იქმნება მოკვდავი. ესაა ალქიმიის, ეზოთერიზმის, ჰერმეტიზმის უმაღლესი მიზანი. ინსტალაციის ფუძე აქ მეწამული ფერებია. ცისფერი კი ოქროს ცენტრსა და ვერტიკალთანაა ახლოს. ტემპორალობიდან პერპეტუალობისაკენ და ეთერნულობისკენ  მიმსწრაფი ორი ცისარტყელა გვიპყრობს და აღარ გვიშვებს. მისი სახება აღიბეჭდება ჩვენს მახსოვრობაში და ჟამიდან ჟამს გვახსენდება რაა მოკვდავის ხვედრი და მისი სავალის მიზანი. ისევ პლატონის „ჰიპიას დიდი“ მახსენდება, რომელსაც ფილოსოფოსთა მეფე ასრულებს ბერძნული ანდაზით Χαλεπά τα καλά (მშვენიერი ძნელოვანია, Beauty is harsh, ). ბრძენ სოლონს მიეწერება ეს ნათქვამი. დიახ, ფრიად საძნელო საქმეა ქმნიდე მშვენიერებას და ამავე დროს თავად იდგე სრულყოფის გზაზე და იყო მშვენიერი. პლატონის ეს დიალოგი იწყება სოკრატეს ირონიული მიმართვით ჰიპიასისადმი – ქველო და ბრძენო (ო კალოს ტე კაი სოფოს)! ხელოვანი მიწყივ იმის მოლამე უნდა იყოს, რომ ჭეშმარიტად ქველი და ბრძენი იყოს და სოკრატეს ქორებრივმა მზერამ მასში საირონიო ვერაფერი ჰპოვოს! ჭეშმარიტი ხელოვანი სიბრძნესთან ზიარებულია და ის არის ბრძენი (სოფონ).

ამ ნამუშევრების ჭვრეტა ფილოსოფიური ნიშატის მქონე ადამიანს ბევრს შემატებს და დააფიქრებს ისეთ საკითხებზე, რაზეც მას აქამდე არ უფიქრია. სათქმელია ისიც, რომ „დროის ექსტაზების“ ექსპონატების ავტორი მუსიკოსი და კლასიკური მუსიკის დიდი მცოდნეა. შეუძლებელია მის ხელოვნებას არ დასტყობოდა მუსიკალური ინფლუენცია. მუსიკოს-მხატვრის, გიორგი დანიბეგაშვილის კედლის სკულპტურები უნდა გავიდეს უცხოეთში და გამოიფინოს ნიუ-იორკის, პარიზისა და პეტერბურგის გალერეებში. გზა ვუტიოთ დიდი ტალანტის მქონე, შემოქმედებითად მზარდ ახალგაზრდა ხელოვანს! ის შექმნის ნამუშევრებს, რომელთაც მსოფლიო დაინახავს!

ამა წლის 2 დეკემბერს გიორგის განზრახული აქვს გამართოს დროის პრობლემისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა „დიაქრონული ვარიაციები“, რომელშიც კვლავინდებურად 13 ნამუშევარი გაერთიანდება. სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ავტორი აქაც ორიგინალური და ფილოსოფიურად შემკითხველი  იქნება და ისეთ სახელოვნებო კოგნიციას დაგვანახებს, რომელიც ხნულს გაავლებს და წარუშლელ კვალს დაატყობს არტ-სივრცეს.

ნოემბერი, 2015 წ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s