მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი და დოლარის მომავალი


*პორველად გამოქვეყნდა ჟურნალში “აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები” (N 10, 2015) (www.aaf.ge)  შემცირებული სახით. წინამდებარე ტექსტი სრულია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) (მისი წევრია 189 ქვეყანა)  მმართველმა დირექტორმა, კრისტინ ლაგარდმა მიმდინარე წლის სექტემბრის მიწურულს აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ადრე გამოთქმული პროგნოზი – 2015 წელს 3,3 %-ით და 2016 წელს 3,8 %-ით ზრდა არაა სარწმუნო. ეს ადრე გამოთქმული პროგნოზი  ეკუთვნოდა სავალუტო ფონდის მთავარ ეკონომისტს, ოლივიე ჟან ბლანშარს (Olivier Jean Blanchard)  IMF-ის ძირითადი პროგნოზების ბიულეტენში (2015 წლის 9 ივლ.), (www.imf.org/external/pubs/ft/weo/2015/update/02/ ). 

ამა წლის 6 ოქტომბერს კი, სავალუტო ფონდის განცხადებით, გლობალური ეკონომიკური რეცესიის საფრთხის ზრდა ნეგატიურად მოქმედებს მსოფლიო ეკონომიკაზე. სავალუტო ფონდის თანახმად, აშშ-სა და ევროზონის ეკონომიკების მცირედი ზრდა ვერ ახდენს განვითარებადი ბაზრების დაქვეითების კომპენსირებას. კრისტინ ლაგარდის თქმით, მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად მოქმედებს ჩინეთის ეკონომიკის კრიზისი, ნედლეულზე ფასების ვარდნა.

სავალუტო ფონდის ახალი მთავარი ეკონომისტი (პოსტი დაიკავა 2015 წლის 8 სექტემბერს), ობამას მრჩეველი, მორის ობსტფელდი ( Maurice Obstfeld)  2015 წლის ოქტომბრის მიმოხილვის წინასიტყვაობაში (WEO – World Economic Outlook) ამბობს, რომ „ექვსი წლის შემდეგ, რაც მსოფლიო ეკონომიკა გამოვიდა ყველაზე გავრცელებული და ღრმა ომისშემდგომი რეცესიიდან, მკაფიო და სინქრონიზებულ გლობალურ ზრდასთან დაბრუნება მოუხელთებელი რჩება“ (a return to robust and synchronized global expansion remains elusive). ამავე მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მრავალ ქვეყანაშია სიძნელეები და სიტუაციის გაუარესების რისკები მსოფლიო ეკონომიკაში სადღეისოდ უფრო გამოკვეთილი ხდება, ვიდრე სულ რაღაც რამდენიმე თვის წინათ იყო (www.imf.org/external/pubs/ft/weo/2015/02/pdf/text.pdf ).   აქვე აღნიშნულია, რომ „პროგნოზის მიხედვით, გლობალური ზრდა 2015 წელს შეადგენს 3,1 %-ს, რაც 0,3 პროცენტული პუნქტით დაბალია, ვიდრე იყო 2014 წელს“.

ობსტფელდის წინამორბედმა, ოლივიე ბლანშარმა 2014 წლის იანვრის ბოლოს გამოთქვა აზრი, რომ მსოფლიო ეკონომიკა იზრდებოდა და ინვესტორთა თავდაჯერებულობაც მატულობდა. მაშინ  ბლანშარს ამ აზრის გამოთქმის რაღაც საფუძველი ჰქონდა.  ორ წელზე ნაკლებ დროში კი გლობალური ეკონომიკური სიტუაცია სულ სხვაგვარი გახდა და სავალუტო ფონდმაც სადღეისოდ შესაფერისად გაანალიზა შეცვლილი ვითარება. პროგნოზების კორექტირება, რასაც ხშირად მიმართავენ სავალუტო ფონდი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, გამოწვეულია მრავალი ისეთი ფაქტორით, რომელიც წინასწარ განჭვრეტას არ ექვემდებარება. ახლანდელი გლობალური ბაზრების ვოლატილობა ძნელად განსაჭვრეტი მოვლენაა. თავად ისეთ ცნობილ ანალიტიკოსებს, როგორიცა, მაგალითად, ნურიელ რუბინი, ჯორჯ სოროსი, პოლ კრუგმანი, არაერთხელ მცდარი პროგნოზები გამოუთქვამთ ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ლათინური ამერიკის, ევროზონის ქვეყნების ეკონომიკებზე.

დიდად საგულისხმოა კრისტინ ლაგარდის განცხადება ამა წლის 8 ოქტომბერს, რომ სავალუტო ფონდი მიიღებს ზომებს, რათა ამაღლდეს განვითარებადი ბაზრების ქმედითობა. ეს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს კონგრესმა უარი თქვა IMF-ის რეფორმის რატიფიცირებაზე. სავალუტო ფონდის რეფორმა ჯერ კიდევ 2010 წელსაა დაწყებული, რის შედეგადაც ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და ჩინეთი შევიდოდნენ IMF-ის უმსხვილესი აქციონერების ათეულში. ისინი 2010 წლიდან ელოდებიან აშშ-ს კონგრესის რატიფიკაციას. სავალუტო ფონდის რეფორმები მიმართულია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს შექმნისაკენ, რასაც აბრკოლებს აშშ. წლობით ჭიანურდება სავალუტო ფონდის ინიცირებული რეფორმა აშშ-ს კონგრესის მიერ.  ერთი წლის წინ, 2014 წლის შემოდგომაზე, ლაგარდმა ვაშინგტონში ფინანსისტებთან შეხვედრაზე იხუმრა, რომ ის მზადაა კონგრესისათვის იცეკვოს მუცლის ცეკვაც კი (belly dancing) (www.thehill.com/policy/finance/220282-lagarde-id-belly-dance-for-imf-reforms ).  ლაგარდის ეს ხუმრობა გულისხმობს, რომ აშშ გზას უღობავს გლობალური ფინანსური ინსტიტუტის რეფორმისტულ წამოწყებებს, ვერ ეგუება თავისი ლიდერობის შერყევას მსოფლიოში და ახალი გიგანტების გამოსვლას ტრანსნაციონალურ  ასპარეზზე.

აქ მოვიხმობ ნობელიანტი ეკონომისტის, ჯოზეფ სტიგლიცის მსჯელობას. 2015 წლის 6 აგვისტოს პორტალზე Project Syndicate გამოვიდა მისი ანალიტიკური წერილი „გზაში მყოფი ამერიკა“ (America in the way). (www.project.syndicate.org/commentary/us-international-development-finance-by-joseph-e–stiglitz-2015-08 ).

სტიგლიცი ამბობს: „2002 წელს დასავლური საფინანსო ინსტიტუტები მიიჩნეოდნენ ჯადოქრებად რისკების მენეჯმენტისა და კაპიტალის განაწილების საკითხებში. დღეს კი ვხედავთ, რომ ისინი არიან ბაზრით მანიპულირებისა და სხვა თაღლითური პრაქტიკების ჯადოქრები“ (…they are wizards at market manipulation and other deceptive practices).

ამ სტატიაში სტიგლიცი განიხილავს 2015 წლის აგვისტოს დამდეგს ეთიოპიის დედაქლაქ ადის-აბებაში გამართულ სახელმწიფოთაშორის კონფერენციას განვითარების ფინანსირებისათვის. სტიგლიცი აკრიტიკებს აშშ-ს და ასკვნის, რომ ახალი გეოპოლიტიკური რეალობანი ითხოვენ გლობალური მენეჯმენტის ახალ ფორმებს, როდესაც განვითარებადი ქვეყნები უფრო ძლიერად იქნებიან წარმოდგენილნი. სტიგლიცი, წერს, რომ აშშ კი ლიდერობდა ადის-აბების კონფერენციაზე, მაგრამ ის ისტორიის მცდარ მხარეზე დარჩა. აქვე, ცოტა ზემოთ სტიგლიცი აღნიშნავს, რომ იგი იყო საერთაშორისო კორპორაციული დაბეგვრის რეფორმის დამოუკიდებელი კომისიის წევრი, რომელიც სწავლობდა ახლანდელი საგადასახადო სისტემის რეფორმირების ვარიანტებს. ამ კომისიამ, აგრძელებს სტიგლიცი, ადის-აბების კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება და ითქვა, რომ ახლანდელი საგადასახადო სისტემა ვეღარ მოქმედებს. კომისიამ შექმნა მისი ალტერნატივა, რასაც ეწინააღმდეგებიან აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები (სტიგლიცი აქ გულისხმობს G 7-ის ქვეყნებს). მათ სურთო მცირე ცვლილებები საგადასახადო სისტემაში, რომელიც რეკომენდებული იქნება OECD-ის მიერ. (სტიგლიცი  გულისხმობს 1948 წელს შექმნილ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (Organization for Economic Co-operation and Development), რომელიც დღეისათვის 34 წევრ ქვეყანას მოითვლის). სტიგლიცი მიუთითებს, რომ ამ ორგანიზაციაში განვითარებული ქვეყნები დომინირებენ, რომელნიც თავს არიდებენ გადასახადებს და ისინი უნდა გახდნენ ავტორები იმ სისტემისა, რომლის მიზანი არის გადასახადებისაგან თავის არიდების მინიმიზება. სტიგლიცი წერს, რომ ჩვენმა კომისიამ განმარტა თუ რატომაა OECD-ის რეფორმები ძირეულად არასრულყოფილი სისტემის მცირედი შეკეთება და ამ ორგანიზაციის რეფორმები უბრალოდ არაადეკვატური იყო.

სტიგლიცი განაგრძობს, რომ განვითარებადი ქვეყნები ინდოეთის მოთავეობით მიუთითებდნენ, რომ ასეთი საკითხების განსახილველად მიემართათ გაეროში არსებულ ექსპერტთა კომიტეტისათვის, რომელიც საგადასახადო საკითხებს სწავლობს (სტიგლიცი გულისხმობს კომისიას: Committee of Experts on International Cooperation in Tax Matters),  აშშ კი ამის წინააღმდეგი იყო, რადგან მას სურს, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს განვითარებული ქვეყნების ხელში. სტიგლიცის ეს წერილი თავის საიტზე განათავსა ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა (6 აგვ., 2015) და სათაურად წაუმძღვარა სტიგლიცისავე დამასრულებელი ნათქვამი, რომ „America is on the wrong side of history“(ამერიკა ისტორიის მცდარ გზაზეა).

საგადასახადო სისტემის საკითხი განიხილებოდა 2015 წლის 9 ოქტომბერს პერუს დედაქალაქ ლიმაში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ სამიტზე, სადაც შეიკრიბნენ ამ ორგანიზაციათა წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელნი. ამას ეძღვნება ზემოთნახსენები OECD-ის საიტზე 9 ოქტომბრით დათარიღებული ანალიტიკური მასალა (www.oecd.org) . ბევრია დამოკიდებული იმაზე, რას გადაწყვეტს აშშ-ს ფედრეზერვი (FRS). ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის აწევასა და მისი საქმიანობის პოზიტიურობაზე საუბარია სავალუტო ფონდის მოხსენებაში გლობალური ფინანსური სტაბილურობის საკითხზე (7 ოქტ., 2015).  ფედრეზერვის თავ-რემ, ჯანეტ იელენმა ამა წლის 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ფედრეზერვი აპირებს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის აწევას მიმდინარე წლის ბოლომდე. ფედრეზერვის ორგანოა ფედერალური კომიტეტი ღია ბაზრების საკითხში (FOMC – Federal Open Market Committee), რომელშიც ფედრეზერვის 12 ეკონომისტი რეგულარული შეკრებების დროს ადგენს საპროცენტო განაკვეთს. იმდენად დიდია ამ ორგანოს გავლენა მსოფლიოს ფინანსურ ბაზარზე, რომ FOMC-ის რომელიმე წევრის წინასწარი განცხადებაც კი აჟიოტაჟს იწვევს. 2015 წლის 9 სექტემბერს Financial Times-თან ინტერვიუში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, კაუშიკ ბასუმ (Kaushik Basu)  გააფრთხილა ფედრეზერვი, რომ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე პანიკასა და არეულობას შექმნის. ფედრეზერვის სიფრთხილის დასტურია 2015 წლის 14 ოქტომბერს FOMC-ის ერთ-ერთი წევრის დენიელ ტარულოს (Daniel Tarullo) განცხადება, რომ საპროცენტო განაკვეთის აწევა მიმდინარე სიტუაციაში არაა ადეკვატური გადაწყვეტილება. ფედრეზერვის საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 7 წლის მანძილზე, 2008 წლის დეკემბრიდან დღემდე უცვლელი რჩება და შეადგენს  0 – 0,25 %-ს.

ალქიმიკოსიც კი ძნელად გაერკვევა იმ ფინანსურ ურთიერთობაში, რაც აშშ-ს ფედერალურ მთავრობასა და კერძო ორგანიზაციას – ფედრეზერვს აქვთ. FRS-ის პოლიტიკის შედეგია  კატასტროფული ტემპით მზარდი აშშ-ს სახელმწიფო ვალი, რომელიც ახლა 19 ტრლნ. $-ს აღწევს. ფედრეზერვის მოვალეა აშშ-ს ფედერალური მთავრობა.

ჩემი აზრით, კატასტროფისტი და სპეკულატორი ანალიტიკოსების გავლენით იყო, რომ პერუს სამიტზე ყველა უტრიალებდა ერთ საკითხს – ჩინეთის ტემპების შენელება გამოიწვევდა თუ არა ახალ ფინანსურ კრიზისს მსოფლიოში? ბევრმა წამყვანმა ეკონომისტმა ამა წლის აგვისტოში დაიჯერა, რომ ჩინეთის ეკონომიკა არც არაფერი ისეთია და ის მალე კრახს განიცდიდა. ასე კი არ ხდება. პროგნოზების ეპიდემია იყო აგვისტოში და ასევე სექტემბრის დამდეგს. ბევრჯერ იმედგაცრუება გამოუწვევია იმას, რომ სპეციალიზებულ, იმპაქტ-ფაქტორიან გამოცემებშიც კი გამოქვეყნებულა სუსტი, სენსაციური და მიკერძოებული ანალიტიკური მიმოხილვები. ბოლო დროს ითქვა ფილიპინების, ვიეტნამის, ტაილანდის, უკრაინის ეკონომიკურ სასწაულზეც, რაც არ შეესაბამება რეალობას.

პერუს სამიტზე ლაგარდი ოპტიმისტური მოხსენებით წარსდგა და ასე იწყებს: „ძმებო და დებო, კიდევ ბევრის გაკეთება მოგვიწევს“. ლაგარდი პერუელი პოეტის სესარ ვალეხოს ციტირებას ახდენს და მოხსენების ბოლოშც კვლავ ესპანურად მიმართავს მსოფლიოს: „ძმებო და დებო“ (hermanos y hermanas). ლაგარდი ამბობს, რომ ძველი პარადიგმები ვეღარ მოქმედებს და ახალი ეკონომიკური ურთიერთობები წარმოიშობიან.  აქ ლაგარდი გულისხმობს ახალი დიდი ქვეყნების მზარდ როლს მსოფლიო ეკონომიკაში, რომელთათვის ძველი ფინანსური სისტემა მიუღებელია.

სტიგლიცის ზემოთ მოყვანილი  ნამსჯელი დაგვანახებს თუ რა დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან განვითარებადი ქვეყნები განვითარებული ქვეყნების მხრიდან. ძველებურად ვეღარ იქნება და განვითარებადი ქვეყნების ერთ ათეულზე მეტი, რომელნიც ახლა დიდ შვიდეულთან (G 7) ერთად შეადგენენ დიდ ოცეულს        (G 20), დგანან ახალი გლობალური სინამდვილის ფორმირების სათავესთან. მსოფლიო ვეღარ იქნება ევროცენტრული. მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის პოლუსები ადგილს იცვლიან. ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. რაც დღეს ხდება, ესაა აღმოსავლეთის დიდი რევანში დასავლეთთან საუკუნოვან ჭიდილში.  90-იან წლებში ხომ წარმოუდგენელი იყო იმის თქმა, რომ G 7-ის ქვეყნების დომინაცია დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ის გარდაისახებოდა  G 20-ად. ეს რომ 90-ანი წლების დამდეგს ვინმეს ეთქვა, სიცილს დააყრიდნენ. მაშინ ასევე გაეცინებოდათ იმაზე, რომ კომუნისტური ჩინეთი მალე დასავლეთის კონკურენტი გახდებოდა ყველა დარგსა და ყველა სფეროში.  დასავლური ტექნიკური მიღწევები აღმოსავლეთმა 20 – 30 წელიწადში აითვისა, მისი კონვეირეული წარმოება და სრულყოფაც დაიწყო. სადღეისოდ სულ მცირე მანძილით ჩამორჩებიან ტექნოლოგიურად განვითარებული აღმოსავლეთის ქვეყნები დასავლეთის ქვეყნებს. ჩინეთი სადღეისოდ პირველია კომპიუტერული ტექნიკის წარმოებაში, გემთმშენებლობაში და სხვ.  მისი ბრენდები მსოფლიო ბაზარზე გავიდა და კონკურენციას უწევს დასავლურ პროდუქციას. ჩინეთმა იყიდა ყოველგვარი ტექნოლოგია და ყველფრის წარმოებას ცდილობს თავის ტერიტორიაზე.  ერთი თაობის ცხოვრების მანძილზე, ისტორიისათვის ძალზე მცირე დროში მოხდა ჩინური ვალუტის მსოფლიო პოზიციებზე ასვლა. ზუსტად ამ საუკუნის დამდეგამდე, 2001 წლამდე იუანი მხოლოდ ჩინეთში ივაჭრებოდა. 30 წელზე მეტია ჩინეთი სავალუტო ფონდის (IMF) წევრია. მან 1990 წელს მთლიანად გადაიხადა ამ საფინანსო ინსტიტუტის ვალი და დღეს იგი თავად აფინანსებს სავალუტო ფონდს. აშშ მომავალშიც დააბრკოლებს იუანის ინტერნაციონალიზაციას ინსტიტუციური რესურსების მოშველიებით. ეს არის ამერიკის ბოლო შესაძლებლობა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ მან გამოიყენოს თავისი პრივილეგირებული მდგომარეობა რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გლობალურ ფინანსურ სისტემაში.

საგანგებო აღნიშვნას აღარ საჭიროებს ის, რომ ხანგრძლივი ომები ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მილიონობით ლტოლვილის მოსვლა ევროპაში არყევს გლობალურ მონტარულ და ფინანსურ სისტემას. ეს ომები კიდევ წლობით გაგრძელდება. სულ უფრო მზარდი აზიური და აფრიკული დემოგრაფიული ექსპანსია დასავლეთისათვის კიდევ ერთ დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ახლახანს რუსეთმა უარი თქვა უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე. თუ უკრაინის დეფოლტის მომენტი დადგა, ამან შეიძლება კიდევ ერთი კრიზისის ტალღა წარმოშვას ევროპაში. უკრაინის ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა დასავლურმა სანქციებმა გააცხოველა სავაჭრო ომი აშშ-სა და რუსეთს შორის. ამან ევროზონის ქვეყნები აზარალა. აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჯეიკობ ლიუმ 2015 წლის 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. ისევ დგას საბერძნეთის პრობლემა და მისი ევროკავშირიდან გასვლის ალბათობა დიდია. ევროს პოზიციები ხშირად ირყევა. მასზე, ისევე როგორც დოლარზე მოქმედებს მრავალწლიანი ომები უკრაინაში, სირიაში, ერაყში, იემენში, ავღანეთში. ომში ჩაერთო თურქეთიც. 2015 წლის 11 ოქტომბრის ცნობით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონ კიმმა აღნიშნა, რომ სირიის ომში ზარალმა მიაღწია 170 მლრდ. $-ს. მილიონობით ლტოლვილი საჭიროებს დახმარებას.

სულ უფრო იკვეთება მსოფლიოს დედოლარიზაციის პერსპექტივა, რაზეც თავად აშშ-ში საუბრობენ. შევძლოთ ავიცილოთ სენსაციური ანალიტიკური ტექსტების ზეგავლენა და სწორად დავინახოთ მიმდინარე ეკონომიკური კონიუნქტურა. დოლარზე დაფუძნებული მსოფლიო ფინანსური სისტემა განიცდის ძლიერ რყევას და მას ბზარები უჩნდება.  ჰორიზონტზე ისახება სხვა მსოფლიო წესრიგის სილუეტი სხვა რეგიონული და გლობალური ვალუტებით. პირველ რიგში აქ აღსანიშნავია ჩინური იუანი (ჟენმინბი (Renminbi) არის სახალხო ფული ჩინურად. ასე ეწოდება მას 1949 წლიდან. მისი ერთეული არის იუანი. აღინიშნება ასე – CNY. გამოიყენება აბრევიატურა – RMB).  ძნელი სათქმელია რამდენად მალე შეძლებენ ევროზონის ქვეყნები არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას. აქამდე ევრო განიხილებოდა როგორც დოლარის კონკურენტი და მსოფლიო სარეზერვო ვალუტად გახდომის პრეტენდენტი. თავად დოლარის გლობალურ სისტემას ის ვნებს, რომ ფინანსები და თავისუფალი ბაზარი სულ უფრო პოლიტიზებული ხდება დასავლეთში.

Wall Street Journal-ის ცნობით (8 ოქტ., 2015), მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკები სწრაფად ჰყიდიან ამერიკულ ობლიგაციებს (UST – US Treasures). მათ შორის არიან ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია, ნორვეგია და ტაივანი. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ფინანსური რეგულატორები თავიდან იშორებენ  აშშ-ს სახაზინო ობლიგაციებს. ეს ქვეყნები აშშ-დან იღებენ დოლარში ნომინირებულ თავიანთ რეზერვებს. შესაბამისად შემცირდა ამ ქვეყნების შენატანი ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებში. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე განხორციელდეს სავალუტო ინტერვენციები. ჩინეთი, როგორც ცნობილია, არის US Treasures (სახელმწიფო ობლიგაციების) ყველაზე მსხვილი მფლობელი. საუბარია 1 ტრლნ. $-ზე მეტ თანხაზე. ამერიკული ობლიგაციების სწრაფი გაყიდვა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მიერ ეკონომიკური კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ჩინეთი ამა წლის ზაფხულიდანვე ჰყიდიდა  UST-ს საკუთარი ვალუტის გამყარების მიზნით. ამ ოპერაციით ჩინეთის სახალხო ბანკმა (ჩჟუნგო ჟენმინ ინჰან) 20 მლრდ. $-ზე მეტი შეიტანა ქვეყნის ფინანსური სისტემის ლიკვიდობის განმტკიცებისათვის. სხვა ქვეყნები ადრე დიდი რაოდენობით ყიდულობდნენ ამერიკულ ტრეჟერის. ახლა პირიქით, მას დიდი რაოდენობით ჰყიდიან. ჩინეთის მიერ USTs-ის გაყიდვაზე ამა წლის 26 აგვისტოსაც იყო ინფორმაცია (www.bloomberg/com/news/articles/2015-08-27/china-said-to-sell-treasuries-as-dollars-needed-for-yuan-support ).  ბლუმბერგის სააგენტოს ანგარიშში აღინიშნებოდა, რომ ჩინეთი ამერიკული ტრეჟერის თავიდან მოშორების საშუალებით დოლარით ისევ თავის ვალუტას ყიდულობს. ტრეჟერის გაყიდვა ჩინეთის სახალხო ბანკის მიერ არის შემადგენელი იმ სავალუტო ომისა, რაც რამდენიმე წელია დაიწყო აშშ-სა და ჩინეთს შორის. აშშ-ს ხაზინის ყოველთვიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების გამოცემა TIC (Treasury International Capital) (www.treasury.gov ).  2015 წლის 19 ივლისს აღნიშნავდა, რომ ჩინეთი უფრო მეტ ტრეჟერის ყიდულობდა.  ამ დროს კი ჩინეთმა გაყიდა 143 მლრდ. $-ის ამერიკული ტრეჟერი.

Financial Times-ის ცნობით (8 ოქტ., 2015), ჩინეთის სახალხო ბანკმა 8 ოქტომბერს აამოქმედა თავისი გადახდის სისტემა China International Payments System (CIPS). მისი შექმნის მიზანია დოლართან კონკურენციის ზრდა, იუანის ინტერნაციონალიზაცია და ჩინური ანგარიშსწორების ნაკადების დაცვა აშშ-ს აგენტურისაგან, რომელსაც გააჩნია წვდომა ანგარიშსწორების უმსხვილეს პროვაიდერ SWIFT-ზე (ანგარიშსწორების ეს ბანკთაშორისი სისტემა დაფუძნდა 1973 წელს, მსოფლიოს 15 ქვეყნის 239 ბანკის მიერ. 2001 წლის 11 სექტემბრის მეგატერაქტის შემდეგ CIA-მ (ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ) ტერორიზმის პრევენციის მიზნით მიიღო SWIFT-ის ფინანსურ ტრანსფერტებზე წვდომის უფლება). 2014 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შექმნა SWIFT-ის ანალოგი. ესაა მისი პასუხი დასავლურ სანქციებზე. ჩინეთისა და რუსეთის მიერ SWIFT-ის ალტერნატივის შექმნა აძლიერებს დედოლარიზაციის ტრენდს.

უკვე დიდი ხანია მსოფლიო ეკონომიკაში სულ უფრო ცოტა ქვეყანა იყენებს დოლარს საერთაშორისო ფინანსური ოპერაციების დროს. დედოლარიზაციის საქმეში ჩინეთი ყველაზე მეტ თანმიმდევრულობას იჩენს. აქ გასახსენებია დიდად სანიშნო მოვლენა: 24 ოქტომბერს შესრულდება წელიწადი მას შემდეგ, რაც დაფუძნდა AIIB (Asian Infrastructure Investment Bank – ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აზიური ბანკი (2014 წლის 24 ოქტ.))  57 ქვეყნის მონაწილეობით (ორი ქვეყანა – უნგრეთი და ტაივანი კანდიდატები არიან). მისი საწესდებო კაპიტალი არის 100 მლრდ. $. აზიური ბანკის შექმნის წინადადება ჩინეთმა წამოაყენა.  ეს ბანკი უნდა იქცეს სავალუტო ფონდისა (IMF) ) და მსოფლიო ბანკის (WB) ალტერნატივად.  ანალიტიკოსთა შორის ასეთი აზრიც არის, რომ ეს აზიური ბანკი სულაც არაა შექმნილი დოლართან კონკურენციის მიზნით, რადგან მისი კაპიტალი დოლარს ეფუძნება. ეს კი ასეა, მაგრამ თუ იუანი იქცევა სრულად კონვერტირებულ ვალუტად, რისკენაც ჩინეთი მიისწრაფის, მაშინ მის მიერ დოლარის შევიწროება და განდევნა გარდაუვალია.  აქვე აღსანიშნავია ამა წლის ივლისში BRICS-ის (ხუთი ქვეყნის ჯგუფი) მიერ საკუთარი ბანკის დაფუძნება. ესეც დოლართან კონკურენციის მიზნით გაკეთდა. ჩინეთს ისიც აქვს განზრახული, რომ თავად გახდეს ნავთობზე ფასების რეგულატორი და უკუაგდოს  Brent-ისა და WTI-ის ნავთობის აქამდე არსებული სტანდარტები და სანავთობო ფიუჩერსები. 2014 წლის დეკემბერში ჩინეთმა დააფუძნა აბრეშუმის გზის ფონდი 40 მლრდ.-იანი $-ის კაპიტალით. დღეისათვის ჩინეთს მთელ მსოფლიოში შეუძლია ტრილიონიანი ინფრასტრუქტურული ინიციატივების უზრუნველყოფა. ესაა გზათმშენებლობა, კაშხალები, მილსადენები, აეროპორტები, დიდი ქარხნები. საქართველოში მოქმედებს ჩინური საინვესტიციო კომპანია „ჰუალინგი“, რომელმაც მრავალმილიონიან ინიციატივებს (ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვაზე, სასტუმროები) ხორცი შეასხა.

ჩინეთის შიდა ბაზრის განმტკიცებისათვის გადადგმული ნაბიჯია ამა წლის ოქტომბრის დამდეგს შექმნილი ფონდი (180 მლრდ. იუანი (28, 3 მლრდ. $)), რომელიც დააფინანსებს სახელმწიფო და კერძო კომპანიების პარტნიორობას. არის კიდევ სხვა ფონდები, რომელთაც აქ აღარ ჩამოვთვლი. წინა წლებში ჩინეთი მთელ მსოფლიოში გამალებით ყიდულობდა ოქროს. მისი ოქროს მარაგი სავარაუდოდ              10 000 ტონაზე მეტია. ზუსტი რაოდენობა გასაიდუმლოებულია. 2009 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ გავრცელდა გამოთქმა „ბრეტონ-ვუდსი 2“, რაც ნიშნავს ახალი ფინანსური არქიტექტურის შექმნისათვის მზადებას. ჯორჯ სოროსმა შექმნა ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტი (INET – Institute for New Economic Thinking.  www.ineteconomics.org ) და ჩაატარა კონფერენცია „ახალი ბრეტონ-ვუდსი“  2011 წლის 8 – 11 აპრილს, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი გლობალური ფინანსური სისტემის შექმნას. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს კონფერენცია არის გამოძახილი იმ ომისა, რომელიც მიმდინარეობს როტშილდებსა და როკფელერებს შორის.

აშშ-მა კონტრზომის სახით შექმნა TPP (Trans-Pacific Partnership, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა. მისი საიტია: www.ustr.gov ). 2015 წლის 5 სექტემბერს 12 ქვეყნის (აშშ, ავსტრალია, კანადა, იაპონია, ვიეტნამი, ბრუნეი, მალაიზია, სინგაპური, მექსიკა, პერუ, ჩილე, ახალი ზელანდია) ვაჭრობის მინისტრებმა ხელი მოაწერეს TPP-ის ხელშეკრულებას.  ამაზე ბევრი ოპტიმისტური რამ ითქვა დასავლურ პრესაში. მაგ., The Economist-ში  (Oct.10th , 2015) ნათქვამია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ეს პაქტი კრიზისულ გლობალურ ეკონომიკას ხელს შეუწყობს. პორტალ Project Syndicate -ზე ჯოზეფ სტიგლიცი ადამ ჰერშთან თანაავტორობით დაწერილ ანალიზში (2 ოქტ., 2015) მკაცრად აკრიტიკებს ამ პაქტს და ამბობს, რომ აშშ შეეცდება ამ ხელშეკრულების სათავისოდ გამოყენებას და ამიტომ TPP სულაც არაა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზე.

გასახსენებია ის ფაქტიც,  რომ  SWIFT-ის მონაცემებით, ამა წლის აგვისტოში იუანმა გაუსწრო იაპონურ იენას მეოთხე ადგილისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტების რეიტინგში. იუანი ახლა არის იმ ვალუტათა შორის (დოლარი, ფუნტი სტერლინგი, ევრო, იენა), რომელიც ხშირად მიმოიქცევა საერთაშორისო ბირჟებზე. იუანის წილი უწყვეტად იზრდება აკრედიტივების მსოფლიო მიმოქცევაში. ეს ვერ დააბრკოლა აგვისტოს კრიზისმა ჩინეთის ფინანსურ ბაზრებზე.  ჩინეთი ბოლო წლებში გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორი აშშ-სთან და იაპონიასთან ერთად. 2010 წლიდან გავიდა იუანი გლობალურ საფინანსო ბაზარზე. ეს იყო აუჩქარებელი  პასუხი აშშ-სა და ევროპაში მომხდარ 2008 -9 წლების დიდ ფინანსურ კრახსა და დოლარის შერყევაზე.  G 7-ის ქვეყნებიდან ინგლისი იყო პირველი, ვინც 2013 წლის ზაფხულში ჩინეთის სახალხო ბანკთან (იგივე ცენტრალური ბანკი) ხელი მოაწერა შეთანხმებას სამწლიან სავალუტო სვოპებზე, რაც მოიცავდა 200 მლრდ. იუანს (33 მლრდ. $). ჩინეთთან სავალუტო სვოპურ შეთანხმებას მოგვიანოდ ხელი მოაწერა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. ჩინეთის სვოპური გარიგებანი მრავალ ქვეყანასთან ნიშნავს იმას, რომ მხარეები ანგარიშსწორებისას დოლარს გვერდს უვლიან.  SNL Financial-ის მონაცემებით (www.snl.com ), (აგვ., 2015)  ხუთი უმსხვილესი მსოფლიო ბანკიდან ოთხი ჩინური ბანკია.  ამ სააგენტოს ტოპ-ათეულში დიდი დასავლური ბანკები – ბრიტანული HSBC და ამერიკული  JP Morgan Chase ჩამორჩებიან ჩინურ ბანკებს.

იქმნება იუანით მოვაჭრე საინვესტიციო პროდუქტების ბაზარი. აქაა  სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები, ობლიგაციები, აქციები, დერივატივები. საერთაშორისო კვალიფიცირებულ ინვესტორთათვის საჭიროა წვდომა დერივატივებზე სავალუტო რისკის ჰეჯირებისათვის. როგორც კი ეს სრულად განხორციელდება, ჩინეთის ბაზარს მიაწყდება დიდ და მცირე ინვესტორთა ლეგიონი. დღეისათვის ჩინეთის სახალხო ბანკი ადგენს იუანის კურსს და სავალუტო კურსის ფიქსინგი დახურულია. ის არაა ლიბერალიზებული. თუ იუანის კურსის განსაზღვრაში ბაზრის როლი გაიზრდება,  ეს იუანს ახალ ძალას შთაბერავს. ჩინეთის მთავრობას განზრახული აქვს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნა ჩინეთის ქალაქებში სანაპიროდან ქვეყნის სიღრმის მიმართულებით. უკვე არსებობს იუანის ონშორული (სანაპირო) და ოფშორული ბაზრები. იუანის ოფშორული ცენტრები დაფუძნდა აზიაში, ოკეანიაში, ევროპასა და ამერიკაში. ამის მიუხედავად ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო  შეზღუდვები. რუსეთის პრემიერმა მედვედევმა 2014 წელს თქვა, რომ იუანის ჩასართავად რუსეთის რეზერვებში საჭიროა კაპიტალის მიმოქცევაზე შეზღუდვების გაუქმება. იმისათვის, რომ იუანი გახდეს მსოფლიო სარეზერვო ვალუტა (reserve currency), მაკავშირებელი და გადამტანი ვალუტა (vehicle currency), ის უნდა იყოს კლირინგული სისტემის CLS (Continuous linked settlement) მონაწილე. ესაა კონვერსიული სავალუტო ოპერაციების საერთაშორისო სისტემა. დღეისათვის CLS-ში 17 კლირინგული ვალუტაა. რუსული რუბლის ჩართვა CLS სისტემაში დააბრკოლა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა. უთუოდ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთის მთავრობა რამდენიმე წელია ცდილობს დაითანხმოს სავალუტო ფონდი (IMF) სესხების აღების სპეციალურ უფლებებზე – SDRs (Special Drawing Rights).  SDRs  არის სავალუტო ფონდის მიერ  ცენტრალური ბანკებისათვის 1969 წელს შექმნილი სპეციალური სარეზერვო აქტივი. ის გადახდის საშუალებაცაა. ეს აქტივი მხოლოდ სავალუტო ფონდის შიგნით ცირკულირებს. თუ ჟენმინბი ჩართულ იქნა იმ ვალუტათა კალათში, რომელთა საფუძველზეც ხდება SDRs-ის კურსის ფიქსინგი, ეს დიდი ნაბიჯი იქნება CNY-ს (იუანის) ინტერნაციონალიზაციის საქმეში.  სავალუტო ფონდი 2015 წლის ბოლომდე ან ჩართავს იუანს SDR-ს კალათში, ან არა. თუ იუანს ამაზე უარი ეთქმება, შეყოვნება დიდხანს მაინც არ გაგრძელდება.

ჩინეთი პირდაპირ არ ამბობს, რომ ის ლამობს დოლარის განდევნას, მაგრამ თანმიმდევრულად ცდილობს იუანის მსოფლიო ვალუტად ქცევას. სიტუაციის უნიკალობა ისაა, რომ იუანის თანდათანობითი ინტერნაციონალიზაცია მიმდინარეობს ჩინეთის კომპარტიის კონტროლით. სარკაზმი იმაში მდგომარეობს, რომ სადღეისოდ ჩინეთის კომპარტიას უკეთ ესმის ლიბერტარიანული კაპიტალიზმის ნიუანსები, ვიდრე დასავლელ ეკონომისტებს. ფაქტია, რომ ამა წლის ივლის-აგვისტოს ჩინური საფონდო ბირჟების ვარდნა ჩინეთის მთავრობისათვის იყო გამოცდა და მან ეს გამოცდა კარგად ჩააბარა.  ჩინეთის კომპარტია დაუნდობლად ებრძვის კორუფციას, ცდილობს უფრო ეფექტურად დააფინანსოს სახელმწიფო საწარმოები და მიხედოს მრავალ პრობლემას ეკონომიკაში (არარენტაბელური სახელმწიფო საწარმოები, ბინათმშენებლობის ბუშტი (housing bubble) და სხვ.). იუანის სრულ კონვერტირებაზე გადასვლა აღარაა დიდი დროის საკითხი. ეს მოხდება 2017-19  წლებში. ეს ნიშნავს, რომ ლიბერალიზებულ იუანს არანაირი შეზღუდვა აღარ ექნება. ჩინეთის კომპარტიის XVIII ყრილობის მესამე პლენუმმა, რომელიც 2013 წლის ნოემბერში ჩატარდა, მიზნად დაისახა იუანის სრული კონვერტირება. იუანის მსოფლიო სარეზერვო ვალუტად ქცევა განზრახ შენელებული ტემპით მიმდინარეობს. ჩინეთი ჯერ კიდევ შიდა ბაზრების განმტკიცებას ცდილობს. გავიხსენებ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF)   (21 -24 იანვ., 2015) ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი კეციანის (Li Keqiang) გამოსვლას. მან თქვა, რომ 2014 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება 7,7 %-დან 7,4 %-მდე უკავშირდება ჩინეთის მთავრობის შეგნებულ პოლიტიკას ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისათვის. ესაა შენელებული ეკონომიკა (slowing economy), რომლის თავისებურებამ ბევრი ანალიტიკოსი მცდარ დასკვნებამდე მიიყვანა. პერუს სამიტზე შენელებული ეკონომიკის საკითხს ბევრჯერ მიმართეს. The Guardian-ის ცნობით (10 სექტ., 2015), დალიანში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლი კეციანმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობას საკმაო შესაძლებლობები აქვს ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად. მსოფლიო ბანკი (WB) 2015 წლის ივნისის მიმოხილვაში (GEP – Global Economic Prospects) აღნიშნავდა, რომ ჩინეთში გრძელდება ეკონომიკური ზრდის ტემპების საგანგებოდ რეგულირებული შენელება 7,1 %-მდე, რაც მსოფლიო ბანკს ადრინდელივით მაღალ დონედ მიაჩნია.

ჩინეთს ჰყავს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტები (დაი სიანლუნი, ჩჟუ ჟუნცზი, სუი სიანჩუნი, ჰუ ანგანგი, ლი ცზინვენი, ლუ ლეი, იაო იუდონგი და სხვ.). ეს ის ხალხია, ვინც ეკონომიკური განათლება დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღო და 90-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა იმას, რაც დასავლეთში China Rising-ად (ჩინეთის აღზევება) იწოდება.  2008 – 9 წლების დასავლური დიდი დეპრესის შედეგები ჩინეთმა მცირე დანაკარგებით დაძლია. გაცუდდა ძალზე ბევრი ცნობილი უცხოელი ანალიტიკოსის პროგნოზი ჩინეთის კრახზე, რომელიც დაჟინებით გამოითქმის დასავლეთში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუიდან. ესაა სპეკულაციური ანალიტიკა, რომელიც სამეცნიერო ეთოსისა და სამეცნიერო ღირებულებისგან შორს დგას. გაუგებარია, რა მიზეზის გამო ურევენ ერთმანეთში ეკონომიკის ზრდის ტემპების შენელებას და ეკონომიკის კოლაფსს? თუ აშშ-ში საფინანსო სისტემამ ბევრად გაუსწრო რეალურ ეკონომიკას და მის ბანკებს აქვთ უამრავი არალიკვიდური დერივატივები,  ჩინეთში პირიქითაა – რეალური ეკონომიკა უსწრებს საფინანსო სისტემას.

ჩინეთში ეკონომიკის თეორია უფრო ფილოსოფიაა, ვიდრე მხოლოდ მეურნეობის განკარგვის წესი. ათასწლეულის მასშტაბით აზროვნებენ ჩინეთში. ასევე ფილოსოფიაა ჩინური პოლიტიკაც. ხალხი (ჟენმინ) და ცისქვეშეთი (ტიანსია) ჩინურ ფილოსოფიაში ცენტრული ცნებებია. ცისქვეშეთად მოიაზრება მთელი პლანეტა. თანამედროვე ჩინური მარქსიზმი ეყრდნობა ლაო-ძისა და კუნ-ძის ფილოსოფიას. ჩინური სოციალიზმი არის სიმბიოზი მარქსიზმ-ლენინიზმისა და ძველი ჩინური ხალხოსნური ფილოსოფიისა.  ჩინელებმა შეისწავლეს დასავლური ეკონომიკური აზროვნების ყველა მინაღწევარი. ასევე ზედმიწევნით აითვისეს დასავლური სავალუტო პრაქტიკები, ბანკინგის მანიპულაციები და ლიბერტარიანული ფინანსური ალქიმია. ჩინეთის აღზევებას ასევე ხელს უწყობს ჩინური სოციუმის ერთგვაროვნება, რომელსაც აქვს დიდი ნდობა და რწმენა ჩინეთის კომპარტიისადმი. დასავლეთმა ვერ შეძლო დისიდენტური ქსელის შექმნა ჩინეთში, რომელიც ქვეყანას ძირს დასცემდა და მრავალი წლით უკან გადაისვრიდა.  ჩინელები ერთადერთი ხალხია გლობუსზე, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის არის ხალხი-ცივილიზაცია. ევროპამ რელიგიური ომების შემდეგ წარმოშვა ნაცია სახელმწიფოები, მაგრამ ეს მოხდა ერთიანი ევროპული ცივილიზაციის დანაწევრების ხარჯზე. მოგვიანოდ ევროპულმა აზროვნებამ ხალხის ცნება განდევნა და ის შეცვალა ლიბერალი ინდივიდის, მესაკუთრისა და მეწარმის ცნებით. უძველესი დროიდანვე ჩინურ აზროვნებაში ხალხის ცნება არის ცენტრული. ჩინეთის კომუნისტური პოლიტელიტა საკუთარი ხალხის შრომით შექმნილ დიდ დოვლათს არ გაანიავებს საგარეო ავანტურებში, როგორც ეს აშშ-ში მოხდა. ჩინეთი თავს არიდებს აშშ-სთან ომს, მაგრამ ემზადება ამისთვის.

2015 წლის მაისში მსოფლიო ბანკის ბრეტონ-ვუდსის კონფერენციაზე  ჯორჯ სოროსმა აღნიშნა, რომ თუ ომი დაიწყება ჩინეთსა და იაპონიას შორის, მსოფლიო აღმოჩნდება მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე. სოროსს მხედველობაში ჰქონდა სადავო კუნძულები (არქიპელაგი სპრატლი)  ჩინეთ-იაპონიას შორის. სოროსის თქმით, აშშ-მა ხელი უნდა შეუწყოს ჩინეთის ვალუტის სრულ კონვერტირებას. აშშ-ს არ სურს იენის ინტერნაციონალიზაცია, მაგრამ მას სხვა გზა არ აქვს, თქვა სოროსმა. 2,5 მლნ.-იანი არმიის  მქონე ჩინეთმა 2015 წლის 26 მაისს მიღებულ სამხედრო დოქტრინაში („თეთრი წიგნი“) აღნიშნა მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე და მოწინააღმდეგედ იგულისხმა აშშ. ჩინეთს განზრახული აქვს იქცეს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აძლიერებს ფლოტს. ჩინეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პროგრესირებს. სტოკჰოლმის ინსტიტუტის (SIPRI) ცნობით (მარტი, 2015), ჩინეთი იარაღის ექსპორტიორთა უმსხვილეს სამეულში შევიდა. ამა წლის 10 ოქტომბერს პორტალზე The Free Thought Project.com დაიდო ცნობა, რომ აშშ-მა გააგზავნა სამხედრო ხომალდები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

პლატონის დროს (V ს. ძვ.წ.) დაიწერა ჩინეთში სუნ-ძის ტრაქტატი ომის ხელოვნებაზე. განა დენ სიაოპინის რეფორმების დროიდან ვიდრე დღემდე ჩინეთის ისტორია ამ ტრაქტატის პოსტულატების ხორცშესხმა არაა? ომს ომის დაწყებამდე იგებენ, ასე ისწავლება სარდალი სუნ-ძი. ესაა აღმოსავლეთის ყვითელი დრაკონის, ჩინეთის იმპერიის დაო. სულ რაღაც 30 წელში უომრად იქცა ჩინეთი მსოფლიო გიგანტად. აშშ-მა კი 10-წლიან აღმოსავლეთის ომებში გაფლანგა თავისი არნახული ძლიერება და ანგლოსაქსური გლობალური ჰეგემონია, რაც მან დიდი პრიზის სახით მიიღო საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ. 90-იან წლებში აშშ-მა, როგორც ცივ ომში გამარჯვებულმა, მიიღო თითქმის ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ ეს მისი დაქვეითების დასაწყისი იყო. სუნ-ძის ტრაქტატი ჩინეთისათვის მხოლოდ ის არაა, რაც დასავლეთისათვის არის გეოპოლიტიკის კლასიკოსთა ტექსტების კორპუსი.

ახლანდელი მსოფლიო ბაზრების დინამიკა ძნელი განსაჭვრეტია მრავალი ფაქტორის გამო. ძნელია პროგნოზის გამოთქმა, თუ რა მოხდება უახლოეს  5-7 წელიწადში. უამრავი რამის წაკითხვა უწევს მას, ვინც თვალს ადევნებს მსოფლიო ეკონომიკის კრიზისების ციკლს, რათა გამოარჩიოს ეკვივალენტური ანალიტიკა სპეკულაციურისაგან. პოლიტიზება ძალზე  ვნებს ეკონომიკურ ანალიზებსა და პროგნოზებს. მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მთავარი ეკონომისტები და მრჩევლები, სავალუტო სტრატეგოსები, ტრანსნაციონალური კომპანიების ანალიტიკურ განყოფილებათა ხელმძღვანელები ხშირად არ ამბობენ, რა ვითარებაა რეალურად ეკონომიკაში. კი, არიან უმაღლესი კვალიფიკაციის ეკონომისტები დასავლეთში, მაგრამ მათ აღარ ძალუძთ ისეთი იდეების გენერირება, რომელნიც მსოფლიოს დევესტერნიზაციას და მის რეორიენტალიზაციას შეაჩერებენ.

ოქტომბერი, 2015 წ.

 

 

One thought on “მსოფლიო ეკონომიკის კრიზისი და დოლარის მომავალი

  1. ძალიან პროფესიონალური მიმოხილვაა. მიმიფურთხებია ტელევიზორის ჭორიკანა ექსპერებისთვის.

    აი როგორია ექსპერტული მიმოხილვა!

    გმადლობთ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s