მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები 2016 წლისათვის


ბოლო დროს დასავლეთში ბევრი იწერება ახალ ეკონომიკურ პარადიგმაზე, არსებული ეკონომიკური სისტემის ძირეულ ტრანსფორმაციასა და გლობალური რეცესიის ხელახლა განმეორების შესაძლებლობაზე. ცხადია, გაჩნდა ბევრი ერთმანეთის საწინააღმდეგო პროგნოსტიკული მოდელი. ერთი კი ცხადია, რომ დასავლეთში მატულობს კრიტიციზმი, რევიზიონიზმი და ეჭვქვეშ დგება აქამდე შეუვალი ეკონომიკური ჭეშმარიტებანი და laissez-faire-ს (თავისუფალი ბაზარი) პოსტულატები.

2008 წლის დეპრესიამ წარმოშვა ის კრიტიკული დისკურსი, რაც აქამდე აკლდა ეკონომიკურ აზროვნებას. კვლავ მიმართავენ კეინსისა და მის განაკვალში მდგარი ეკონომიკის თეორეტიკოსების (როი ჰაროდი (Harrod), ელვინ ჰანსენი(Hansen), მაიკლ ვუდფორდი (Woodford) და სხვ.) გამოკვლევებს. ამ ტენდენციას აძლიერებს კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკის დაუჯერებელი წარმატებანი. მსოფლიო ეკონომიკა დამოკიდებული გახდა ჩინეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ძირითადი ჩინური ინდექსის Shanghai Composite-ს რყევებზე ბაზრების რეაქცია გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე.  ეს სულ უფრო ხშირად აღინიშნება სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) რეგულარულ პროგნოზებში.  IMF-ის მთავარი ეკონომისტის, მორის ობსტფელდი მიმდინარე წლის 4 იანვრის ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ 2016 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა შენელდა, რადგან მისი ეკონომიკა ინვესტიციებიდან და საწარმოო საქმიანობიდან გადადის მოხმარებასა და მომსახურების სახეობებზე (სერვისებზე). ამაზე ფედრეზერვის თავ-რემ, ჯანეტ იელენმაც ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთის გადასვლა საექსპორტო მოდელიდან შიდა მოხმარებაზე რისკის შემცველია მსოფლიო ეკონომიკისათვის. ამა წლის 6 მარტის ცნობით, განვითარებისა და რეფორმების ჩინეთის სახელმწიფო კომიტეტის თავ-რემ, სიუ შაოშიმ განაცხადა, რომ ჩინეთი არ აფერხებს მსოფლიო ეკონომიკას. თუმცა მსოფლიოს მეორე ეკონომიკას შეუძლია გარკვეული გავლენის მოხდენა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე. სიუ შაოშიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა კი შეამცირა ექსპორტი, მაგრამ ის ხდება კაპიტალის უმსხვილესი ექსპორტიორი  და ჩინეთის ინვესტიციები უცხოეთში იზრდება (www.expert.ru/2016/03/6/kitaj-6_9-rosta—eto-myi-tak-tormozim/ ).

ეკონომისტ კეიუ ცზინის ანალიტიკაში, რომელიც გამოქვეყნდა პორტალზე Project Syndicate, (11 თებ., 2016) სათაურით Overhauling China (ჩინეთის გარდაქმნა), აღნიშნულია, რომ ოფიციალური განმარტება, რომლის თანახმადაც ჩინეთი  ექსპორტიდან ორიენტირდება შიდა მოხმარებაზე, არაა სწორი. ავტორი წერს, რომ ეს განმარტება მოსახერხებელია, მაგრამ ის ილუზიებს ქმნის. ცზინი ამბობს, რომ სახელმწიფო სექტორი თრგუნავს კერძო სექტორს. არსებობს წინააღმდეგობანი ქალაქსა და სოფელს შორის. ეკონომიკური რეფორმები პოლიტიკურ რეფორმებსაც მოითხოვს. ავტორი ამბობს, რომ საამისო ძალა ჩინეთს შესწევს.

The Guardian-ში (18 იანვ., 2016) გამოქვეყნდა დეიმიენ მაკბრაიდის (Damian McBride) ანალიტიკური სტატია „მომდევნო ფინანსური კრახი წინაა. რა გზისკენ შემობრუნდება მსოფლიო?“ (The next financial crash is coming. Which way will the world turn?). სტატიაში საუბარია სახელმწიფოს ჩარევაზე კრიზისულ ეკონომიკასა და ბანკების საქმიანობაში. განიხილება დასავლეთის მომავალი პოლიტიკური კურსი და პოლიტიკური ძალების იდეური ორიენტაცია (მემარცხენეობა, მემარჯვენეობა).

ცნობილი ბრიტანელი ავტორი ანატოლ კალეტსკი (Anatole Kaletsky) პორტალზე Project Syndicate (31 მარტი, 2016)  წერს, რომ მთელ მსოფლიოში იგრძნობა მიმდინარე ერის დასასრული (a sense of end of an era). კალეტსკი მიმოიხილავს კაპიტალიზმის ადრინდელ კრიზისულ პერიოდებს და მიუთითებს, რომ დღეს მცირენი არიან მზად, რათა კრიზისამდელი ეკონომიკური ორთოდოქსია ეჭვქვეშ დააყენონ. პოლიტიკოსებმა უნდა უკუაგდონ კრიზისამდელი სახელმძღვანელოები ეკონომიკაში და მხარი დაუჭირონ რევოლუციას ეკონომიკურ აზროვნებაში, მსჯელობს კალეტსკი (www.project-syndicate-org/commentay/next-phase-for-democratic-capitalism-by-anatole-kaletsky-2016-03 ).

კალეტსკის მსჯელობა მაგალითია იმისა, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მომდინარე ეკონომიკური სისტემა კრიტიკის ქვეშ მოექცა. კალეტსკი საუბრობს, რომ დემოკრატიულ კაპიტალიზმს აქვს თვითგანახლებისა და დროის შესატყვისი ცვლილებების უნარი და მაგალითად მოჰყავს მარგარეტ საჩერისა და რონალდ რეიგანის დროის ეკონომიკური პოლიტიკა, რამაც კრიზისიდან გამოსვლას ხელი შეუწყო.

ამავე პორტალზე განთავსებულია ნურიელ რუბინის სტატია სათაურით 2008 Revisited? (დაბრუნდება  2008  წლის კრიზისი?), (2 მარტი, 2016).  რუბინი ამბობს, რომ ასეთი კრიზისი აღარ განმეორდება, მაგრამ ის მიუთითებს ეკონომიკის განვითარებისათვის ხელისშემშლელ ვითარებებზე.

მიმდინარე წლის 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკის Societe Generale-ს ეკონომისტმა, ალბერტ ედვარდსმა ახალი რეცესიის ალბათობაზე ისაუბრა. რადგან საწარმოთა მოგების შემცირება გამოიწვევს კორპორატიული კრედიტების დეფოლტს. ედვარდსი საუბრობს აშშ-ს კორპორატიული სექტორის დიდ ვალებზე, რაც მას რეცესიის შემამზადებელ პირობად მიაჩნია.

სხვა ანალიტიკოსების თანახმად, გლობალური კრიზისის განმეორების შესაძლებლობა დიდია. ისინი მიუთითებენ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის დაბალ მაჩვენებლებზე, გიგანტურ ვალებსა და ფინანსურ ბუშტებზე. ანალიტიკოსებმა ჯერალდ სელენტემ (Gerald Celente) ჯერი რობინსონმა (Jerry Robinson) 2016 წლის თებერვალში გამოაქვეყნეს პროგნოზი მიმდინარე წლისათვის და მიუთითეს ახალი გლობალური კრიზისის შესაძლებლობაზე (www.ftmdaily.com/ftm-radio-show/top-10-trends-for-2016/ ).

ჟურნალი The Economist  ამა წლის 12 აპრილის სტატიაში სათაურით The IMF downgrades global growth again (სავალუტო ფონდმა კვლავ დააქვეითა გლობალური ზრდის მაჩვენებელი), წერს, რომ რეცესიაში ჩავარდნის საფრთხე არსებობს, მაგრამ კრიზისის დადგომა საალბათოა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში (2 აპრ. 2016) განაცხადა დიდი რეცესიის (very massive recession) დადგომის შესაძლებლობაზე. ტრამპის თქმით, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და ზედმეტად შეფასებული აშშ-ს საფონდო ბაზარი ქმნის ამ რეცესიის შესაძლებლობას. ამ ინტერვიუში ტრამპმა ისიც თქვა, რომ 19 ტრილიონი $-ის სახელმწიფო ვალს ის 8 წელიწადში აღმოფხვრიდა.

გაეროს მოხსენებაში World Economic Situation and Prospects 2016 აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას აბრკოლებს მთელი რიგი ფაქტორებისა: მდგრადი მაკროეკონომიკური გაურკვევლობა და ვოლატილობა; დაბალი ფასები ნედლეულზე და სავაჭრო ნაკადების შემცირება; სავალუტო კურსებისა და კაპიტალის ნაკადების მზარდი არასტაბილურობა; სტაგნაცია ინვესტირებაში და წარმოების ზრდის შემცირება; მზარდი დაშორება საფინანსო და რეალური ეკონომიკის სფეროებს შორის.  ამის შემდეგ გაეროს ამ მოხსენებაში გამოითქმის ვარაუდი, რომ 2016 წელს გლობალური ზრდის ტემპები მიაღწევს 2,9 %-ს, ხოლო 2017 წელს – 3,2 %-ს (www.un.org/en/development/desa/policy/wesp_current/2016wesp_full_en.pdf ).

OECD-ის (Organisation for Economic Co-operation and Development – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) პროგნოზის თანახმად, რომელიც გამოითქვა მიმდინარე წლის თებერვალში, 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა  შენელდება 3 %-დე, ხოლო 2017 წელს შეადგენს 3,3 %-ს (www.oecd.org/eco/outlook/OECD-Interim-Economic-Outlook-February-2016.pdf ).

საგულისხმოა როტშილდის მიერ გამოთქმული მსჯელობა მსოფლიო ეკონომიკაზე. ლორდი ნათანიელ ჯეიკობ როტშილდი თავის მიმართვაში (2015 წლის ბოლო) RIT Capital partners-ის ინვესტორებისადმი (ეს არის ბრიტანული საინვესტიციო ტრასტი), ამბობს, რომ ნახევარი წლის მომცველ წინამორბედ ანგარიშში გამოვთქვიო შიში და გამოსვლა დავასრულეო ფრაზით: „კლიმატი ახლა ისეთია, რომ ზურგის ქარი ხელს არ გვიწყობს (the climate is one where the wind may  well not be behind us). შემდეგ როტშილდი ამბობს, რომ რეალურად ჩვენ შესაძლოა მოვყვეთ შტორმის ეპიცენტრში (indeed we may well be in the eye of a storm). ამას მოსდევს ჩამონათვალი, რის გამოც როტშილდი პესიმისტურად განწყობილია. რაოდენობრივი შემსუბუქების (QE) პროგრამების ეფექტი სულ უფრო ქვეითდება, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დაძაბულია, აშშ-სა და ევროპის ეკონომიკების ზრდის პერსპექტივები არაა საიმედო, საბერძნეთში კვლავ მძიმე ვითარებაა, ჩამოთვლის როტშილდი. მის თანახმად, ინვესტორებს 2016 წელს დიდი პრობლემები მოელით (www.yournewswire.com/lord-rothschild-warns-of-big-problems-in-2016/ ).

რაოდენობრივი შემსუბუქების (QE – Quantitative easing) პროგრამები, როდესაც ხდება გრძელვადიანი ობლიგაციების გამოსყიდვა,  გააკრიტიკეს სტიგლიცმა, რუბინიმ და სხვა ცნობილმა ეკონომისტებმა, მაგრამ ფედრეზერვის (FRS) თავ-რემ, ჯანეტ იელენმა მიმდინარე წლის 29 მარტს ნიუ-იორკში ეკონომიკური კლუბის (The Economic Club of New York)  სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ QE ახალი პროგრამა ამოქმედდება. ფედრეზერვმა 2008 წლის ბოლოს დაიწყო QE პროგრამების სერია. ფედრეზერვის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბარია იელენის 16-გვერდიან მოხსენებაში (www.federalreserve.gov/newsevents/speech/yellen20160329a.pdf ).

ამერიკული საინვესტიციო კომპანიის, საობლიგაციო ფონდის PIMCO-ს დამფუძნებელი (ბილ გროსი (Bill Gross) ასევე აკრიტიკებს ფედრეზერვის პოლიტიკას (www.cnb.com/2016/02/03/bill-gross-shades-of-2007-as-central-banks-fail.html ). გროსი ობლიგაციების ბაზარზე მეტად მსხვილი მოთამაშეა და მის შეფასებაც სოლიდურია. პორტალზე Investopedia (www.investopedia.com) მიმდინარე წლის 11 აპრილს განთავსდა ბილ გროსის შეფასება მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე. გროსი აკრიტიკებს მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას და და საუბრობს განვითარებული ბაზრების შემოსავლიანობის დაცემაზე.

პორტალზე Project Syndicate (8 თებ,. 2016) გამოქვეყნებულია ჯოზეფ სტიგლიცისა და ჰამიდ რაშიდის ერთობლივი სტატია „რა აფერხებს მსოფლიო ეკონომიკას?“. აქ ნათქვამია, რომ QE პროგრამამ ვერ მოიზიდა ინვესტიციები და ვერ გაზარდა მოხმარება. ეს ნაწილობრივ იმის გამო მოხდა, წერენ ავტორები, რომ დამატებითი ლიკვიდობების დიდი წილი ცენტრალურ ბანკებს უკან დაუბრუნდათ ჭარბი რეზერვების სახით. ავტორები წერენ, რომ 2006 წელს მიღებულმა კანონმა ფინანსური მომსახურების რეგულირების შერბილებაზე ფედრეზერვს ნება დართო გადაეხადა პროცენტები სავალდებულო და ჭარბი რეზერვებისათვის, რამაც აზრი დაუკარგა QE-ს პოლიტიკას.

ამავე პორტალზე ამა წლის 1 აპრილით დათარიღებულ ძალზე კრიტიკულ ანალიზში სათაურით Unconventional Monetary Policy on Stils („ხიმინჯებზე მდგარი არატრადიციული სავალუტო პოლიტიკა“) ნურიელ რუბინი აღნიშნავს, რომ წლების წინ ZIRP მხოლოდ თეორიულად დაიშვებოდა. ახლა კი ცენტრალური ბანკები ZIRP-ის პოლიტიკას მიმართავენ. (ZIRP – Zero interest rate policy – ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკაა, რასაც ბოლო დროს მიმართავენ დასავლური ბანკები).  აქვე რუბინი ამბობს, რომ QE პროგრამა შეიძლება იქცეს ვერტმფრენიდან ჩამოყრილ ფულად (helicopter drop of money). Helicopter money ნიშნავს იმას, რომ ცენტრალური ბანკები პირდაპირ აფინანსებენ ბიუჯეტს.  რუბინი წერს, რომ შემდეგ გაჩნდა FG. FG (forward guidance) არის ვალდებულება, რომ არსებული განაკვეთები შენარჩუნდება ნულოვან დონეზე უფრო დიდხანს, ვიდრე ეს გამართლებული იქნება ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით. რუბინი თავისი განსჯის დასასრულს ამბობს, რომ თუ ახლანდელი სიტუაცია განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში შენარჩუნდება ათწლედის განმავლობაში, მაშინ შესაძლებელია, რომ ვერტმფრენის ფული, ვალის მონეტიზაცია, ასევე ნაღდი ფულიდან მოსაკრებლის შემოღება (taxation of cash) გახდება იმის ახალი ანალოგი, რასაც ახლა ეწოდება QE, CE (საკრედიტო შემსუბუქება), FG, ZIRP, NIRP (Negative interest rate policy – ნეგატიური საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკა, როდესაც ცენტრალური ბანკის რეზერვებში დაცული ბანკების თანხები იბეგრება. ესაა მასტიმულირებელი ზომა, რათა ბანკებმა რაც შეიძლება მეტი ფინანსები გაუშვან ბრუნვაში). უიმედო დროებას შეუპოვარი ზომები შეესაბამება (Desperate times call for desperate measures), დასძენს რუბინი.

რუბინის ეს კრიტიკული ანალიზი გვიდასტურებს, რომ სახელმწიფო უშუალოდ ერევა საბაზრო სისტემაში და სახელმწიფო მიმართავს სანაციურ ზომებს რეცესიის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო წარმართავს მონეტარულ (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკას, რადგან კრიზისში მყოფ საბაზრო ეკონომიკას აღარ შესწევს საიმისო ძალა, რომ დამოუკიდებლად თვითრეგულირდეს და ტრანსფორმირდეს. ჯორჯ სოროსის სიტყვით რომ ვთქვათ, რუბინის მიერ  ზემოთ ჩამოთვლილი ზომები და მეთოდები არის ფინანსების ალქიმია, რომელმაც უნდა გადაარჩინოს ღრმა კრიზისში მყოფი მსოფლიო ეკონომიკური სისტემა. ფაქტია, რომ ნეოლიბერალური პოსტულატები, რითაც 30 წელზე მეტი დროის მანძილზე ხელმძღვანელობდა დასავლური ეკონომიკა, სადღეისო ვითარებებს ვეღარ პასუხობს.

მსოფლიო ფინანსურ ბაზარს ასევე არყევს პანამის ოფშორებზე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. ამ ამბავმა დასცა ისეთი უმსხვილესი ბანკების ავტორიტეტი, როგორიცაა UBS, Credit Suisse, HSBC და სხვები. ბანკები მონაწილეობდნენ ფულის გათეთრებაში, ფიქციური კომპანიების შექმნაში. ამ ოფშორული სკანდალის შემდეგ ამა წლის აპრილის დამდეგს ისლანდიის პრემიერ-მინისტრი სიგმუნდუს გუნლეიგსონი გადადგა. პანამის სკანდალში ფიგურირებენ ქვეყნების პრეზიდენტები. ევროკომისარმა ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში პიერ მოსკოვისიმ ამა წლის აპრილის დამდეგს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს შემოიღოს სანქციები იმ ოფშორი ქვეყნების წინააღმდეგ, რომელნიც არ მონაწილეობენ ფულის გათეთრებისა და გადასახადებისაგან თავის არიდების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში.

მსოფლიოს ძირითადი ვალუტის კურსები ძალზე ცვალებადია და ძნელია წინასწარ განჭვრეტა რა მოხდება უახლოეს მომავალში. ფედრეზერვის პოლიტიკა მიმართულია აშშ-ს ეკონომიკის სტიმულირებისა და დოლარის პოზიციების განმტკიცებისაკენ მსოფლიოში. გაურკვევლობას აძლიერებს თავად ფედრეზერვის მოხელეთა განცხადებები და ფედრეზერვის ფინანსური პოლიტიკა.  მსოფლიო სავალუტო ბაზარზე  სულ უფრო ძნელდება  წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედება. ფასების მერყეობა ნედლეულზე, ხანგრძლივი ომები, მზარდი საერთაშორისო ტერორიზმი, მიგრაციის მრავალმილიონიანი ტალღა, სანქციები და კონტრსანქციები არყევს საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემას.

ამა წლის 26 თებერვალს შანხაიში დაიწყო G 20-ის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა სამიტი. სამიტს ესწრებოდნენ ჯანეტ იელენიც და კრისტინ ლაგარდიც (IMF-ს დირექტორი). გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფინანსისტების დახურულ შეხვედრაზე დაიგეგმა იუანის რეალური კურსის დაწევა, რითაც ჩინეთი სარგებელს მიიღებდა. იგეგმებოდა სავალუტო მანიპულაციების განხორციელება G 20-ის ცენტრალური ბანკების დონეზე, რაც ჯერ კიდევ იელენის წინამორბედის, ბენ ბერნანკეს მიერ იყო განზრახული. ძნელი სათქმელია, რამდენად განხორციელდა ეს განზრახვა სამიტის შემდეგ.

იუანთან დაკავშირებით აღსანიშნავია ბრუკინგსის ინსტიტუტის (Brookings Institution) 2016 წლის 4 თებერვლის მოხსენება – China’s Efforts to expand the International use of the Renminbi (ჩინეთის მცდელობანი იუანის საერთაშორისო გამოყენების გაზრდისათვის). ამ მოხსენების თანახმად, 10 წელიწადში იუანი დოლარს დაამარცხებს საერთაშორისო ვაჭრობაში.  გავიხსენოთ, რომ 2015 წლის დეკემბრის დამდეგს სავალუტო ფონდმა იუანი შეიყვანა IMF-ის ძირითადი მსოფლიო ვალუტების ელიტურ კალათში. იუანი იქცა სავალუტო ფონდის დე ფაქტო ვალუტად. CNY (იუანი) უკვე ისარგებლებს  სავალუტო ფონდის სარეზერვო აქტივით, რასაც ეწოდება SDRs (Special Drawing Rights – სესხების აღების სპეციალური უფლებები). ჩინეთი მრავალი წელია ცდილობდა SDR-ის მიღებას. კრისტინ ლაგარდმა ეს მოვლენა დადებითად შეაფასა. იუანის შეყვანა ელიტური ვალუტების ჯგუფში უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ეკონომიკური, რადგან დასავლეთის ეკონომიკა დიდად დამოკიდებული გახდა ჩინეთზე. ასევე ჩინეთი ბევრითაა დამოკიდებული დასავლეთზე.  ჟენმინბის (იუანი) ინტერნაციონალიზაცია იმას ნიშნავს, რომ მომავალში ფინანსების ნაკადების მოძრაობა დიდწილად შეიცვლება. ჩინეთის ფინანსური გავლენა მსოფლიოში ისეთივე იქნება, როგორიც ახლა არის მისი ეკონომიკის გავლენა მსოფლიო ბაზრებზე.

ჩინეთის ობლიგაციებისა და აქციების ბაზარი სადღეისოდ მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით და მისი მოცულობა არის 6,7 ტრილიონი $. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ის იზრდებოდა საშუალოდ 22 %-ით. ასეთია სავალუტო ფონდის მონაცემები. მას შემდეგ, რაც იუანი IMF-ს ელიტურ ვალუტებს შეუერთდა, ჩინური ობლიგაციებისა და აქციების აქამდე დახურული ბაზარი უცხოელი ინვესტორებისათვის მისაწვდომი გახდა.

ამა წლის 5 აპრილს ფრანკფურტში გამოსვლისას ლაგარდმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა ძალზე ნელა და მყიფედ მიმდინარეობს, ხოლო რისკები კი იზრდება. ლაგარდის აზრით, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება G 20-ის ქვეყნებში, საბიუჯეტო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის პირობების შექმნისაკენ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი უნდა ორიენტირდეს ფულის შეთავაზების გაზრდაზე. იგულისხმება კრედიტების გაცემის წესების სრულყოფა.

ამა წლის 7 აპრილს ნიუ იორკში მოეწყო დისკუსია ფედრეზერვის ახლანდელი და წინამორბედი თავმჯდომარეების – ჯანეტ იელენის, ბენ ბერნანკეს, ალან გრინსპენის და პოლ ვოლკერის  მონაწილეობით. ბერნანკემ აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეცესიის ალბათობა არ გაზრდილა, მაგრამ პოსტკრიზისული აღდგენის პროცესი გაჭიანურდა. ალან გრინსპენმა კი თქვა, რომ  საქმე ეხება იმას, რომ აშშ-ს ეკონომიკის პროდუქტიულობა ეცემა. იელენი არწმუნებდა აუდიტორიას, რომ აშშ-ში ეკონომიკა სტაბილურად წინ მიდის, არ შეიქმნება ახალი ფინანსური ბუშტი და არ განმეორდება 2007-9 წლების რეცესია. ამაზე მიმდინარე წლის 8 აპრილს წერდა The Financial Times  სტატიაში სათაურით Yellen defends December rate rise. იხილე ასევე ვიდეობმული:  www.video.cnbc.com/gallery/?video=3000507877 .

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური მდგომარეობაც კრიზისულია. თომას ფაზი (Fazi) პორტალზე Social Europe (31 მარტი, 2016) წერს, რომ ევროპის პოსტკრიზისული დროის პასუხი, რომელიც შედგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის, ნეოლიბერალური სტრუქტურული რეფორმებისა და ექსპანსიონისტური სავალუტო პოლიტიკისაგან, ერთმნიშვნელოვნად არაქმედითი გამოდგა. ავტორს მოჰყავს სტატისტიკური მონაცემები, თუ როგორი ფინანსური სიტუაციაა ამჟამად ევროზონაში (www.socialeurope.eu/2016/03/austerity-cripped-european-economy-numbers/ ).

საბიუჯეტო ეკონომიის (fiscal austerity) პოლიტიკას, რასაც რამდენიმე წელია ევროპული ქვეყნები ადგანან, აკრიტიკებენ ცნობილი ევროპელი ეკონომისტები და მიუთითებენ, რომ მას მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტურობა ახასიათებს. ამა წლის 4 თებერვლის ცნობით, ევროკომისიამ დააქვეითა ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2016 წლისათვის. ევროზონაში იზრდება რისკები სანედლეულო და საფინანსო ბაზრებზე არსებული ვოლატილობის გამო. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება ნეგატიურ გავლენას ახდენს ევროზონის ქვეყნებზე, რაც ბევრჯერ აღნიშნულა ევროპის ცენტრალური ბანკის მოხელეთა მიერ. საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ისევ კრიზისული ვითარებაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა 2015 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ თუ შენგენის შეთანხმება დაირღვევა, ამას მოჰყვება ერთიანი ევროპული ვალუტის გაქრობა. შენგენის ზონას საფრთხეს უქმნის მიგრანტების დიდი მასის შედინება ევროკავშირის ქვეყნებში.

ამა წლის იანვრის ბოლოს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს 1,5 ტრილიონი ევროს მოცულობის QE პროგრამა. ევროზონის ეკონომიკურ და მონეტარულ განვითარებაზე საუბარია ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს ანგარიშში (18 თებ., 2016). ამ ანგარიშიდან ჩანს, რომ ევროპის ცენტრობანკი მზადაა გადამჭრელი ზომების მისაღებად (www.ecb.europa.eu/press/accounts/2016/html/mg160218.en.html/ ).

ევროს და დოლარის კრიზისის ფონზე რუსეთი და ჩინეთი გამალებით ყიდულობენ ოქროს. რუსეთის ოქროს რეზერვი უკვე აჭარბებს 380 მლრდ. $-ს. რუსეთის ეკონომიკამ გაუძლო სანქციებს, ნავთობზე დაბალ ფასებს და არასწორი გამოდგა ყველა ის პროგნოზი, სადაც საუბარია რუსეთის მორიგ დეფოლტზე.  ვითარება მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე უშუალოდ დაკავშირებულია  დიდ პოლიტიკასთან.  ამის გამო ძნელდება წმინდა ეკონომიკური პროგნოზის გამოთქმა. ეკონომიკა უამრავი ძარღვითაა დაკავშირებული პოლიტიკასთან. სადღეისოდ დასავლელი ანალიტიკოსები და მედიაკორპორაციები ბევრს საუბრობენ ახალი მსოფლიო ომის შესაძლებლობაზე. ამა წლის 12 აპრილს პორტალზე Radio Free Europe. Radio Liberty განთავსდა სტატია სათაურით Rising U.S. – Russia Tensions Cited By Nuclear Doomsayers , რომელშიც საუბარია აშშ – რუსეთს შორის შესაძლო ბირთვულ ომზე. ასეთი სტატიები მრავლად ქვეყნდება მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე დასავლურ ანალიტიკურ ჟურნალებში. დღევანდელობა არის არა მხოლოდ სისტემური, არამედ ყოვლისმომცველი კრიზისის  დრო. აღმოსავლეთი და დასავლეთი ეჯახებიან ერთმანეთს. განმსაზღვრელი ხდება არა სეკულარული იდეები და ეკონომიკური მოდელები (სოციალიზმი, კაპიტალიზმი), როგორც ეს იყო 30-40 წლის წინათ, არამედ რელიგიური ფუნდამენტალიზმი. მთავრობათა მიერ მიღებული ზომები კრიზისის დაძლევის გზაზე ხშირად მეტად შაბლონური, ნაგვიანევი ან არაადეკვატურია. იმედი გვქონდეს, რომ ამ კრიზისის დაძლევა მსოფლიოში დიდი დანაკარგების გარეშე მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლური მოდერნი გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

 

აპრილი, 2016

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s