უსისხლო გზა


რევოლუციური ტერორის მსხვერპლთა მემორიალის ეთიკისათვის

წინასიტყვაობა:  1999 წელს დაწერილი ეს ადრინდელი ნარკვევი ეხება ისტორიოგრაფიის საკითხებს. აქ არის იმ პროვინციული ქართული საისტორიო მეცნიერების კრიტიკა, რომელიც მუდმივად მიდრეკილია თეატრალური შეფასებებისა და ვერბალური ფალსიფიკაციისაკენ. ნარკვევი სადღეისოდაც აქტუალურია. ის დაწერილია მემარცხენეობის პოზიციიდან. ესაა ჩემი პოლემიკა მერაბ მამარდაშვილთან, რომლისთვისაც საბჭოთა რევოლუცია და ბოლშევიზმი ისტორიული დროიდან ამოვარდნა იყო. გაზეთის რედაქციამ ამ ნარკვევის ოპონირებისათვის იმავე ნომერში დაბეჭდა ზაზა ფირალიშვილის პროპაგანდისტული საცოდაობა სათაურით „ჰომო სოვეტიკუსის აჩრდილი“.

ფირალიშვილი ვერ გაერკვა ჩემი ნარკვევის პრობლემატიკაში და თავისი ნაცოდვილარით შეეცადა ჩემს გააბუჩებას. ფირალიშვილი არაფერს შეეხო, რაც განხილულია ჩემს ნარკვევში და 90-იანი წლების ლიბერალურ კლიშეებს არახუნებს. აქედან ჩანს რა სამეცნიერო ბაგაჟის პატრონიცაა ამის დამწერი. ის ჩემს განქიქებას ისახავს მიზნად. ფირალიშვილის ნაწერი არის პროვინციელი ლიბერალის ტრიუმფალიზმი, მენტორობა და თავმომწონეობა. შევარდნაძის დასაცავადაა დაწერილი ფირალიშვილის ჩემთან შეკამათება. ის დღემდე შევარდნაძეს მისტირის. ეს საცოდაობა, პოლიტიკური პასკვილი დაუბეჭდა რედაქციამ ფირალიშვილს, რადგან გაზეთი სოროსის ფონდიდან ფინანსდებოდა და რედაქცია ლიბერალ მაყვირალებს კოჭს უგორებდა. საჯარო დისკუსია ასე არ უნდა მიმდინარეობდეს და ფირალიშვილმა თავისთვის დაიმარაგოს ის ქედმაღლური და დამცინავი ტონი, რასაც აქ წარმოაჩენს. ფირალიშვილის ნაწერი ესაა სპეკულირება რეპრესიებით, 80-იანი წლების მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმატიზმით და კომპარტიის პოლიტბიუროს მარაზმით. ფირალიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მემარცხენეობა ვერასოდეს იქნება საქილიკო და არც არასდროს შევარდნაძე ყოფილა ქართული ლიბერალიზმის ლიდერი. უკვე 1999 წლისთვის ქართულმა ლიბერალიზმმა უჩვენა თავისი სახე. მან გაძარცვა ქვეყანა და ნაძარცვი დაიკანონა. შევარდნაძის ლიბერალობამ ინდუსტრიული სოციალისტური საქართველო ერთ დიდ მივარდნილ, მომაკვდავ სოფლად აქცია. თქვენ კი, ფირალიშვილებო, ვექილად ედექით შევარდნაძეს და ხალხს აშტერებდით ბოლშევიკურ ტერორზე თეატრალური ლაპარაკით. თქვენ მოსპეთ 90-იანი წლების ბოლოს და ახალი საუკუნის დასაწყისში კრიტიკული დისკურსის შესაძლებლობა. სააკაშვილი რომ შევარდნაძეს აკრიტიკებდა 2003 წელს, ფირალიშვილმა ამას ბოდვა უწოდა და დღემდე შევარდნაძეს მისტირის. ესაა შენი ფილოსოფოსობა. ელემენტური საკითხები არ გესმის. რა ბრძნობა აგიტეხია? არ იცი თუნდაც მენშევიკური საქართველოს ნამდვილი ისტორია და და ჩემთან პოლემიკისას იოლას გადიხარ იდეოლოგიური შეძახილებით. სიტყვას ბანზე მიგდებ და მსჯელობა გადაგაქვს პუბლიცისტურ ოინბაზობაში.  ანდრეი პლატონოვს ახსენებ და არ გესმის, რომ პლატონოვი მხოლოდ იმ მომენტის მწერალი და კონიუნქტურული ფიგურა იყო და მეტი არაფერი. მისი ანტისოვეტიზმი გამოიყენა რუსულმა ლიბერალურმა დასმა და შემდეგ მიივიწყა. რა დაამტკიცე შენი ამ ნაწერით, ლიბერალო ფირალიშვილო? განა შენ შეძლებ ჩემთან სამეცნიერო პოლემიკას? კი მაგრამ არაფერია ჩემს ამხელა ნარკვევში სწორად ნათქვამი? რას რეზონერობ? რა იცი ასეთი, რომ შენს გარდა არავინ იცის? რატომ მამეტებ თავს? რა არის ეს ზღვარდაუდებელი აროგანტობა? ჩვენ ხომ კოლეგები ვართ? რა სიტყვების სროლა აგიტეხია? რას კაპასობ? მაშ მე ჰომო სოვეტიკუსი ვარ და შენ თავისუფალი ლიბერალი ინდივიდი? მე „იდეის პარანოიალურ ტყვეობაში მოქცეული ადამიანი“ და „იდეალისტური ინფანტილიზმით დაავადებული“ ვარ და შენ თავისუფლად მომსჯელე მისაბაძი ლიბერალი? ჟამმა უკვე აჩვენა, თუ ვისი ნამსჯელი არის მართებული. ოლოლო შენ, ფირალიშვილო! აგერ, შენგან ქებით ცაში აყვანილი ლიბერალიზმი რა გამოდგა! გახსოვს, გესალმებოდი უნივერსიტეტში და ზურგს მაქცევდი.  შენი მომდევნო წლების ნამსჯელი არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაც აქ თქვი. თვითკრიტიკის ნასახი არაა შენთან და იღეჭები ერთი და იგივეს. რაც ერთხელ აიჩემე, იმას ვერ გასცდი. შენ ჩემზე რა უნდა თქვა საკილავი? შენს მხარეს მოიძიე პარანოია და ინფანტილიზმი. ლიბერალებო, ისტორიას ვერ მოატყუებთ მაშინაც კი, თუ ბოლშევიკები უფრო დიდ სისხლის ტბორებს დააყენებდნენ! თქვენ საჟონგლიოროდ გახადეთ რეპრესირებულნი და არც არასოდეს გელმოდათ რევოლუციური ტერორით აკლებული ქართველთა ოჯახების უბედურება. ვერაფერი ვერ შექმენით, რაც ქვეყანას იდურ ორიენტირად გამოადგება. თქვენი ლიბერალობა იყო და არის სხვის დაკრულზე ბუქნა და ეპიგონობა.

ჩემი სამეცნიერო ბექგრაუნდისა და კომპეტენციის გამო ვიბეჭდებოდი ლიბერალების გაზეთ „ახალ 7 დღეში“. მე არ ვყოფილვარ თქვენი მსგავსი ეპიგონი და მეროჭიკე ლიბერალი. ჰომო სოვეტიკუსს ამ გაზეთში ვინ რას დაუბეჭდავდა? ჩემი ნონკონფორმისტობით იპყრობდა ეს გაზეთი მკითხველის ყურადღებას და ეს სხვებმა თქვეს. 90-იანი წლებიდანვე ვიცავდი იმ იდეას, რისი დაცვაც იმ წლებში ყველაზე ძნელი იყო. თქვენ კი ის აირჩიეთ, რაც ყველაზე იოლი იყო და გამზადებულზე მიხოხდით დასავლელ ექსპანსიონისტებთან.

„უსისხლო გზის“ გამოსვლიდან  17 წელი გავიდა და ისტორიის მსვლელობამ დამნახავს დაანახვა აქ მოყვანილი არგუმენტაციის სისწორე. შემცირებული სახით პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ახალი 7 დღე“ (2 – 8 ივლ., 1999). წინამდებარე ტექსტი შესწორებული და სრულია.

ქართველთა საზოგადოებაში დღეს ხშირად საუბრობენ, რომ ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალის გახსნა ზნეობრივი თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია. მემორიალის დადგმის საკითხს უშუალოდ უკავშირდება ლუსტრაციის კანონის მიღებაზე მიმდინარე დისკუსია. მსურს მკითხველის წინაშე წარვადგინო ჩემი აზრი ამ საკითხებზე. ეს საკითხები საისტორიო ძიების ფარგლებში უნდა მოექცეს და თავიდანვე ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩამოყალიბდეს ამ საკითხთა პუბლიცისტური გადაწყვეტისადმი შეურიგებელი დამოკიდებულება.

რას იტყვიან ქართველი ისტორიკოსები საქართველოს XX საუკუნის მეორე ნახევარზე? საკმაო დრო გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან და ისტორიკოსმა თავისი აზრი უნდა გამოთქვას იმაზე, თუ რა მოხდა და რა ხდება. რას იტყვის ქართული ისტორიოგრაფია დღევანდელ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაზე იმის გარდა, რასაც ყოველდღიურად ამბობენ გაზეთები და ტელევიზია? იპყრობს კი ისტორიკოსის ყურადღებას ის, რაც არასოდეს შეიძლება იყოს საგაზეთო სენსაციისა და სატელევიზიო კამათის საგანი? რა არის დღეს ისტორია? რა არის ისტორიული? ლიბერალიზმად წოდებული სოციალ-პოლიტიკური სისტემის უნივერსალობა ახდენს ისტორიის და ისტორიულის დესტრუქციას. შესაბამისად, იცვლება ისტორიის საზრისი.

აზრი, რომ ისტორიული მოვლენების ობიექტური კვლევისათვის ყოველთვის გარკვეული დროითი დისტანცია არის საჭირო, ხშირად ბოროტად გამოიყენება, რაც ამ აზრის მართებულობას საეჭველად ხდის. დროითი დისტანცია ხშირად იმისთვის გამოიყენება, რომ გულგრილი და ნაზარმაცევი ისტორიული კვლევა მოექცეს ტრაფარეტული მორალური შეფასებების და პუბლიცისტური სტანდარტების ჩარჩოებში. ეს კი ისტორიულ-კულტურული მოვლენების უარსებითესი მხარეების მიჩქმალვას უწყობს ხელს. დიდი დროის გასვლის შემდეგ იოლდება სიყალბის სიმართლედ წარმოჩენა ისტორიოგრაფიაში. მეცნიერული აკადემიზმის სიცივე, რომელიც მიუკერძოებულობად და ობიექტურობად იწოდება, გამორიცხავს მკვლევარის სუბიექტურობას. ბუნებრივად მიიჩნევა კვლევის კონიუნქტურულობა  და საკუთარი მყარი შეხედულების უქონლობა ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაზე. ამ ვითარების აღნიშნვა აუცილებლად მიმაჩნია, როდესაც საუბარია რევოლუციური ტერორის მსხვერპლთა მემორიალის საკითხზე.

ჩემის აზრით, ყოვლად გაუმართლებელია ის, რომ პოსტსაბჭოთა ისტორიოგრაფიამ რელიგიის ადვოკატის როლი იტვირთა, რითაც თავისი თავი დიდ წინააღმდეგობაში ჩააგდო. საქართველოში საყოველთაო განურჩევლობისა და ურთიერთდაცინვის ფონზე დასავლური კულტურიდან და მეცნიერებიდან მხოლოდ ის ელემენტები გადმოაქვთ, რომელნიც ქართული კულტურის შეზღუდულობის დაფარვას წაადგება. ეს ელემენტები აქ იმგვარად წარმოჩენილია, რომ დაფარულია დასავლური კულტურის ექსპანსიური ხასიათი, რომელიც უნივერსულ იმპერიულ იდეას ეფუძნება. დასავლური პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ეკონომიკის თეორიიდან ამოკრებილი ფრაზების დანერგვა მედიასა და სახელისუფლო ინსტიტუტებში ამართლებს ქართული კულტურის სისუსტეს და ქვეყნის ბუნდოვან მომავალს.

სიტყვის თავისუფლების მიუხედავად, ძნელია კვლევის ისე წარმართვა, როდესაც ანგარიში არ გაეწევა პროფანირებულ რელიგიურ მორალსა და პუბლიცისტურ ახირებულობას. ქართული ისტორიოგრაფიისათვის ამგვარი კვლევა ანტირუსიზმის დაძლევას უნდა დაეფუძნოს. ქართულმა საისტორიო აზრმა პუბლიცისტიკის გავლენით მარქსიზმის უარყოფა უდიდესი ხალისით გადაზარდა რუსეთისა და რუსეთის ისტორიის დაცინვაში. უფრო სავალალო ის იყო, რომ რუსული იმპერიული იდეის დაცინვა მორალისა და ქრისტიანობის სახელით, ქართული მართლმადიდებლობის სახელით წარიმართა. ეს გვიჩვენებს, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ ვერც წარსული გაიგო და ვერც აწმყოს შესაფერისი სიტყვა თქვა. ისტორიული კვლევა ამოეფარა ქრისტიანულ მორალს. ეს მისი სამეცნიერო სისუსტის მაჩვენებელია. ანტირუსიზმი ქართველთა საზოგადოების დღევანდელი კრიზისის გამამართლებელ საბუთადაც კი იქცა. ქართული კულტურის ეპიგონობა, სხვაზე დამოკიდებულება და უკმარობა კიდევ უფრო მძიმე ასატანი ხდება. საქართველოს ოდესღაც თავად გააჩნდა ის უნივერსალიზმი, რასაც მას დასავლეთი ახვევს თავს და რაც დღეს მისთვის უკვე უცხოა და მტრული.

საკუთარი კულტურის სისუსტეს პუბლიცისტიკად ქცეული ისტორიოგრაფია ამართლებს ყოველი კულტურის თვითმყოფადობის უზოგადესი იდეით. თვითმყოფადობა უმეტეს შემთხვევაში უნივერსული იმპერიული იდეის უარყოფად გაიგება და ასეთ გაგებაზეა დაფუძნებული ქართული ანტირუსიზმიც. რუსული კულტურა მუდამ სივრცულია, როგორც ნებისმიერი მსოფლიო კულტურა. ქართული კულტურა კი სივრცის მოშიში და აგორაფობიულია.

წარსულის იმგვარად წარმოჩენა, როგორიც ის არ ყოფილა, ყველა შემთხვევაში დაუშვებელია. ქვეყნის მუდამ მრუდი ისტორია ძეგლების აღებითა და ქუჩების სახელთა გადარქმევით არ გასწორდება. დედაქალაქში უნდა იდგეს მარქსის, ლენინის და სტალინის ძეგლები. ზნეობის სახელით მათი აღება, მაშინ, როცა საზოგადოებას ელემენტური სამართლიანობის დაცვა არ შეუძლია, ირონიის მომგვრელია. უნდა იყოს რაღაც მემორიალური, მიძღვნილი იმ რუს იმპერატორთადმი, რომელთა მოთავეობით წარმართულმა ომებმა თათრის დროს გაქელილ საქართველოს ღირსება აღუდგინა და წართმეული მიწები დაუბრუნა. თბილისში უნდა იყოს პირველ მსოფლიო ომში დაღუპულ ქართველთა მემორიალიც, იმ მეომრებისა, რომელნიც რუსეთის მეფეს რწმენით ემსახურებოდნენ ომის დროს. უნდა იყოს მემორიალი, რომელიც საქართველოს ისლამურ აღმოსავლეთთან კულტურულ ურთიერთობას უკვდავჰყოფდა. ეს ყველაფერი საქართველოს ისტორიაა და მისი შეფასების კრიტერიუმად დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მიჩნევა არასწორია.

ზნეობის, ღმერთის და თავისუფლების სახელით ძეგლებს შეურაცხყოფა, მაშინ, როცა საზოგადოებაში შეუძლებელი ხდება სამოქალაქო თანაცხოვრების ყველაზე მარტივი წესების დაცვა, იმის მაჩვენებელია, რომ ეს საზოგადოება ჩამორჩენილია. ქართველნი საკუთარი სივრცის მალიმალ გადაკეთებით იქცევენ თავს. ქართველობა გამუდმებით შლის და ასხვაფერებს საკუთარ სირცხვილიან წარსულს. ძეგლის დაცინვა და აღება უმსგავსი და ლაჩრული შურისძიებაა. ძეგლი თვალსაჩინო ისტორიული მახსოვრობაა. მისი აღება ხსოვნაზე უარის თქმაა, ხსოვნის, როგორც მოვალეობის ვერშემძლეობაა. ხსოვნა გვიცავს, რომ რაც მოხდა, ის აღარ უნდა განმეორდეს. ხოლო ის დადებითი, რაც წინამორბედ საზოგადოებას ჰქონდა, უნდა შენარჩუნდეს. ეს არ ესმით საქართველოში. ძეგლი კიდევაც გვავალებს, კიდევაც გვაფრთხილებს. მარქსის ძეგლი თაყვანისცემის გრძნობის გამო კი არ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ იმისთვის, რომ მარქსისტულ რევოლუციონიზმთან დაკავშირებული წარსულის ხსოვნამ შეგვაძლებინოს მიმდინარე ისტორიის სწორად გააზრება. ჟამთა სვლა ძეგლის არსებობას სულ სხვაგვარ შინაარსს ანიჭებს. ძეგლის აღებით კი არ სწორდება ქვეყნის მრუდი წარსული, არამედ საქართველო კვლავ პოლიტიკური გაურკვევლობისა და სისხლისღვრისათვის განწირული რჩება. ძეგლები კვლავ და კვლავ აყენებენ კითხვას – სამშობლო რა არის? ძეგლთა აღებით და გაზეთებში ატეხილი ხორხოცით ამ კითხვის უკუგდება ხდება, იმის მიუხედავად, რომ მათ იღებენ სწორედ სამშობლოს და თავისუფლების სახელით.

ძეგლების აღებაში გამოვლინდა ქართული ეთნოცენტრიზმი. ქართული საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ იმ ძეგლის არსებობას იწყნარებს, რომელიც ქართული მნიშვნელობისაა. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ძეგლებისადმი დამოკიდებულების მეორე მხარეც: დღემდე ვერ მოხერხდა 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალის გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წლობით ლაპარაკობენ. აზერბაიჯანში რუსულ არმიასთან შეტაკების დროს მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო. ბაქოში მალევე დაიდგა მემორიალური კომპლექსი. 9 აპრილის ტრაგედია კი იმით გაუფერულდა, რომ შემდეგ კიდევ არართხელ მოეწყო უარესი სასაკლაო თვით ქართველთა ხელით. სხვადასხვა დაწესებულებათა წინ დადგმული წარწერიანი ქვები, რომ აქ აღიმართება 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი, უაზრობაა. შეუძლებელია, რომ ყველგან დაიდგას ასეთი მემორიალები.

საკუთარი უნივერსული იმპერიული იდეის დავიწყებამ განაპირობა ის, რომ დედაქალაქში დავით IV -ის სახელზე ქვა არ დადგმულა და მისი სახელობისა არა ყოფილა რა. პლეხანოვის გამზირისათვის სახელის გადარქმევა სულაც არ შეიძლება ნაციონალური თვითშეგნების ზეიმად მივიჩნიოთ.  დავით IV -ის ძეგლიც დაიდგა, მაგრამ ეს მოჩვენებითობაა მატყუარა და მოძალადე ხელისუფლებისაგან. ძეგლის დადგმას არანაირი საზრისი არ აქვს. განა საქართველოს ხელისუფლება კავკასიური იმპერიის აღსადგენად წელებზე ფეხს იდგამს? გარდა ამისა დავით IV -ის ძეგლი არის კიჩი სკულპტურულ ხელოვნებაში. ცხენის ფეხების არასწორად განლაგებით შეცდომაა დაშვებული. გარდა ამისა, ხომ უნდა იყოს არსებითი განსხვავება სააკაძის ძეგლს, რომლის პიედესტალი უფრო მაღალია, პეტრე ბაგრატიონის, გორგასლის ძეგლებსა და დავით მეფის ძეგლს შორის? ასეთი უშნო ძეგლი რომ დაიდგა, ეს საზოგადოების ინდიფერენტულობის მაჩვენებელია.

******************

ისტორიკოსი, ემხრობა რა რევოლუციური ტერორის მსხვერპლთა მემორიალის გახსნას და ეს სახელმწიფოებრივი თვითშეგნების ზეიმად მიაჩნია, არ უფიქრდება იმას, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის ისტორიასთან შემდეგი მიზეზების გამო: კომუნიზმის იდეისა და მარქსიზმის უარყოფა სინამდვილეში არის არა რევოლუციური ეგალიტარიზმის უარყოფა, არამედ ანტირუსიზმის დაფუძნება. ამ ანტირუსიზმის მიზანი ბიზანტიური მემკვიდრეობის მოსპობაა დასავლეთის წაქეზებით.

ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის სრული უარყოფის ლოგიკას მივყავართ რუსული მონარქიის სისწორის აღიარებამდე, მაგრამ ასე არ ხდება. თან ამ დროს მართლმადიდებლური დოქტრინა ლიბერალიზმის მიერ გამოიყენება იმის დასადასტურებლად, რომ სინდისის თავისუფლება დაცულია. რელიგია ცდილობს დაიკავოს უარყოფილი სოციალისტური იდეოლოგიის ადგილი. ვხედავთ სრულ შეუსაბამობას, როდესაც ლიბერალიზმი ბოლშევიზმის ჯიბრით აღიარებს რომანოვების ტახტსა და რევოლუციამდელ რეჟიმს. დიდი ნონსენსი კიდევ ისაა, რომ ეკლესია თან ლიბერალობს და თან რომანოვების მონარქიის ლეგიტიმურობას იცავს. ისტორიკოსები ამაზე დუმან.

მიიჩნევენ, რომ ოქტომბრის რევოლუციამ ძალადობრივი გზით დაამხო კანონიერი რუსული მონარქია. ამ რევოლუციის უარყოფა მიდის არა მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმის, არამედ სოციალიზმის იდეების სრულ უარყოფამდე. აქაც თავს იჩენს გეოპოლიტიკური ანტაგონიზმი. ბოლშევიზმის უარყოფა ნიშნავს ბოლშევიზმის მიერ უარყოფილის სისწორის აღიარებას. ე. ი. ბოლშევიზმის მიერ უარყოფილი უსაფუძვლოდ უარყოფილად უნდა იქნეს გაგებული. აი, აქ ვაწყდებით წინააღმდეგობას, რომელიც ფრანგულ ისტორიოგრაფიაში ზედმიწევნით არის გააზრებული დიდი ფრანგული რევოლუციის (1789 – 93) სასარგებლოდ.

მსურს მკითხველს ვუთხრა, რომ წინააღმდეგობათა დამალვას კი არ ვცდილობ ზოგადი ფრაზებით თავისუფლებასა და დამოკრატიაზე, არამედ ვცდილობ ამ წინააღმდეგობათა წარმოჩენას. ოპონენტი ამას ჩემი მსჯელობის სისუსტედ ჩათვლის, მაგრამ ეს ასე არ არის. მე არ ვცდილობ მსჯელობის ცრუ თანმიმდევრულობის გზით შევქმნა ნამსჯელის სოლიდურობის ილუზია, რათა ამით მკითხველის მხარდაჭერა მოვიპოვო.

პოსტსაბჭოთა საზოგადოების ანტიკომუნიზმი მტკიცე რწმენისა და მყარი შეხედულების მაჩვენებელი კი არ არის, არამედ დროის მოტანილი საკმაოდ უსაფრთხო და სარფიანი ხმაურია პოლიტიკაში. ეს ხმაური დიდხანს გრძელდება იმის გამო, რომ ლიბერალების არგუმენტაცია სუსტია და ორივე ფეხით კოჭლი.

ახლა დავაყენოთ კითხვა: რუსეთში 1917 და 1905 წლების რევოლუციები შემთხვევით მოხდა? ჰქონდა თუ არა აზრი და მიზანი მუშათა მოძრაობას მთელს რევოლუციამდელ იმპერიაში? რამდენად მართალი იყო ბოლშევიზმი და მთლიანად რუსული მარქსიზმი, როცა ის ცარიზმს ებრძოდა? დიახ, მარქსიზმ-ლენინიზმის განვითარებაში 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ძალზე ბევრი უაზრობა დაგროვდა, მაგრამ ეს ხომ არ შეიძლება იქცეს სრული უარყოფის საფუძვლად? და ის, რომ საბჭოთა იმპერიის დაშლიდან 10 წლის შემდეგაც ბოლშევიზმის უარყოფის ინტენსივობა არ იკლებს, უნდა მივყავდეთ იმ ჭეშმარიტების აღიარებამდე, რაც სოციალიზმისა და და საერთოდ, ეგალიტარიზმის იდეის გაჩენამდე იყო. ე. ი. ჩვენ უნდა ვცნოთ, რომ რელიგიაზე და ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული მონარქიის დოქტრინა არის ერთადერთი ჭეშმარიტი და უეჭველი. ასე კი არ ხდება.

ახლა გადავიდეთ რევოლუციური ანტაგონიზმების კონკრეტიკაზე. ოქტომბრის რევოლუციის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ თეთრგვარდიელთა ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ გამართლდეს. ამის შემდეგ სამართლიანად უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ სამოქალაქო ომში დამარცხების შემდეგ უცხოეთში გადახვეწილი თეთრგვარდიელი მონარქისტები ყველა საშუალებით ცდილობდნენ ბოლშევიკური იმპერიისათვის ვნების მიყენებას. ისინი მიემხრნენ გერმანელ ნაციონალ-სოციალისტებს და მათთან ერთად იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იყვნენ თუ არა ისინი ამაში მართალნი? რა უნდა ვთქვათ იმ თეთრგვარდიელებზე, რომელნიც საბჭოთა დაზვერვამ გამოავლინა და დახვრიტა? მივიჩნიოთ ისინი უსამართლოდ დახვრეტილებად? რა უფლებით? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მოღალატენი იყვნენ და საკადრისი მიეზღოთ? არიან თუ არა ისინი „უსამართლობის მსხვერპლნი“? დიახ, მათ სძულდათ რევოლუცია და კომუნისტები, მაგრამ ჩვენ დღეს რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ისინი მართალნი იყვნენ? ან მათ მოღალატეობას რის საფუძველზე ვამტკიცებთ? განა ჩვენ თეთრგვარდიელები და როიალისტები ვართ? განა ჩვენ არისტოკრატიულ ეთოსს მივდევართ? ჩვენ ვართ გზააბნეული პოსტსაბჭოთა მოქალაქენი, რომელნიც დასავლურ სიუხვეს დახარბებულან. არც რევოლუციის ავკარგი გვესმის, არც ევროპის ისტორია, არც ახლანდელი ლიბერალიზმის განზრახვანი შეგვიტყვია. თუ რაიმეს ვამბობთ, სხვისი წაქეზებითა და ჩაგონებით ვამბობთ.

არისტოკრატიული ეთოსის მიხედვით, ეგალიტარიზმს მიმხრობილი არისტოკრატი მოღალატეა. რელიგიური ზნეობის მიხედვით, მღვდელი, რომელიც გაიკრიჭა, განიმოსა და ვოლტერს შეუდგა, მოღალატეა. არისტოკრატიზმისა და რელიგიური ტრადიციის ათასწლოვანი მხცოვანება იძლევა ასეთი კატეგორიული მსჯელობის სრულ საფუძველს. მაგრამ როდესაც არისტოკრატია გადაგვარების გზაზე დგება, როგორც ამას ნიცშე ისწავლება? როდესაც რელიგია გამოუვალ კრიზისშია შთავარდნილი? განა ამან არ წარმოშვა ანტიარისტოკრატიზმი, ეგალიტარიზმი და ათეიზმი? ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველგვარ ტრადიციას მოწყვეტილებმა განვსაჯოთ წარსული. არა გვაქვს არანაირი კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც განვსჯიდით ოქტომბრის რევოლუციას. დღევანდელი საზოგადოება ზნეობრივად არ აღემატება მის მიერ უარყოფილ ბოლშევიკურ საზოგადოებას. წინამორბედი რომ განსაჯო, მასზე რაღაცით მეტი უნდა იყო. ეს შეუვალი წესი საქართველოში დავიწყებულია.

იყვნენ თუ არა მართალნი განმანათლებლები, სოციალისტები, ათეისტები, მარქსისტები, როდესაც კი არ აკრიტიკებდნენ, არამედ სრულიად უარყოფდნენ სამართლიანობის იმ იდეალს, რომელიც მონარქიზმსა და რელიგიურ ტრადიციას ეფუძნებოდა? თუ ჩავთვლით, რომ ისინი ამაში ცდებოდნენ და მონარქიის უარყოფა უსამართლო იყო, მაშინ ახლანდელი საზოგადოება უნდა ცდილობდეს რელიგიური ტრადიციის ჭეშმარიტად აღდგენას და არა რელიგიურობის პროფანირებას, რომელიც დღეს ასე გავრცელებულია. თუ საზოგადოება ამას არ ცდილობს, მაშინ ეს კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ პოსტსაბჭოთა სოციუმის ანტიბოლშევიზმი ცრუ და სათავმოთნოდ თქმულია.

რადგან 1917 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ყველაფერი უარვყავით, ათვლის წერტილად რევოლუციამდელი პერიოდი უნდა მივიღოთ? მაგრამ ოქტომბრის რევოლუციამდე იყო თებერვლის რევოლუცია, მუშათა მოძრაობა, ანტიმონარქიზმი, ათეიზმი, 1905 წლის რევოლუცია. ოქტომბრის რევოლუციის უარყოფა გვაყენებს ამ მოვლენათა გააზრების აუცილებლობის წინაშე. ადვილია თეატრალური ლაპარაკი, რომ ბოლშევიკებმა მეფის ოჯახი დახვრიტეს. ვართ კი ჩვენ ზნეობრივნი, როდესაც დახვრეტილ რომანოვებზე ვლაპარაკობთ ზნეობის სახელით? მხოლოდ რუსეთში არ დაუსჯიათ მეფე სიკვდილით, მაგრამ რუსეთის რევოლუციის განქიქება და რევოლუციური ტერორის სისასტიკის რუსული ბარბაროსობით ახსნა გეოპოლიტიკური ანტაგონიზმის გავლენის მაჩვენებელია. ეს დასავლური პროპაგანდისტული ილეთია.

უარყოფის შეუვალ ლოგიკას მივყავართ იქამდე, რომ ისტორიული აუცილებლობით ჩვენ უნდა მოვახდინოთ რევოლუცია, რადგან რომანოვების რეჟიმი დროს ჩამორჩა და ანაქრონიზმად იქცა. პოლიტიკური ბრძოლის უსისხლო გზა არ არსებობს, რასაც ჩვენივე გამოცდილება ადასტურებს. რევოლუციის აუცილებლობის აღიარებას ვერ დავემალებით. ჩვენი ანტიბოლშევიზმი თავის მოტყუება და ნარცისული გაჭინთვაა. ჩვენ უარვყოფთ არა ეგალიტარიზმს და დემოკრატიის იდეას, რომლის წყაროც საფრანგეთის დიდი რევოლუციაა, არამედ მარქსიზმ-ლენინიზმს. ამავე დროს გამოვდივართ იმ რელიგიის აპოლოგეტებად, რომლის ტრადიცია მონარქიას ღვთისაგან სანქცირებულ ერთადერთ ლეგიტიმურ ხელისუფლებად მიიჩნევს დედამიწაზე. თუ ბოლშევიკურ სოციალიზმს უარვყოფთ, მაგრამ ეგალიტარიზმისა და დემოკრატიის იდეას ვტოვებთ რელიგიასთან ერთად, მაშინ  რელიგიაზე დაყრდნობით უნდა უარიყოს ეგალიტარიზმი და დემოკრატიაც, უნდა აღვადგინოთ მონარქია, ჩამოყვანილ იქნას უცხოეთში მცხოვრები რუსეთის დიდი მთავრის რომელიმე შთამომავალი ტახტზე ასასვლელად. ეს რომ ადვილი ყოფილიყო, საფრანგეთშიც აღადგენდნენ მონარქიას და დიდ რევოლუციას უსამართლოდ მიიჩნევდნენ. ამ შეუსაბამობას ჩვენ, უარყოფის ხიბლით გატაცებულნი, ყურადღებას აღარ ვაქცევთ.

იმის გამო, რომ ჩვენ უარვყოფთ მარქსიზმს, სოციალ-დემოკრატიას და მთლიანად სოციალიზმის იდეებს, მაგრამ ამოსავალ დებულებად მივიჩნევთ დემოკრატიასა და ლიბერალიზმს, თავიდან ვერ ავიცილებთ რევოლუციის აუცილებლობის აღიარებას. მონარქია იძულებულია დევნოს ეგალიტარიზმი და ეს რელიგიურ ტრადიციაზე მითითებით გაამართლოს.  აქ იკვეთება ანტაგონიზმი, რომლის გადაჭრა რევოლუციის გზით არის შესაძლებელი. რევოლუციაში კი ვლინდება ის ძალა და ნება, რომელსაც რელიგიური ტრადიციონალისტები სატანისეულს უწოდებენ. ამ რევოლუციური ძალისა და ნების მანიქეიზაციამ და დემონიზაციამ ბევრი ისტორიკოსი მცდარ გზაზე ატარა.

ფრანგულ ისტორიოგრაფიაში 1789 წლის რევოლუცია აღინიშნება როგორც ახალი, დიდი ეპოქის დასაწყისი კაცობრიობის ისტორიაში. საფრანგეთში არ მომხდარა რევოლუციის სრული უარყოფა, იმის მიუხედავად, რომ რევოლუციური ტერორი საზარელი იყო. 1989 წელს საფრანგეთში საზეიმოდ აღინიშნა რევოლუციის 200 წლისთავი. თუ მოვისურვებთ, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მორალისა და ღმერთის სახელით ისევე უარვყოთ ფრანგული რევოლუცია, როგორც უარვყოფთ 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას. რუსულ ისტორიოგრაფიაში ოქტომბრის რევოლუციის უდავოდ დიდი მნიშვნელობის სრული უარყოფით (როი მედვედევი და სხვ.) უარიყო რუსული იმპერიული ტრადიცია და გეოპოლიტიკური სტატუსის (კონტინენტური იმპერია) მართებულობა. ეს იყო გაუგონარი ღალატი და ის, რომ იგი გამართლდა მორალისა და ღმერთის სახელით, არ ამსუბუქებს ამ ღალატს. ფრანგულ ისტორიოგრაფიაში არსებობს რევოლუციის რადიკალური კრიტიკა, არსებობს მონარქისტული განხრის ისტორიული კვლევა, მაგრამ რევოლუციის ხელაღებით უარყოფას საფრანგეთში ერიდებიან. მრავალწლიანი პოლიტიკური კოლიზიების შემდეგ საფრანგეთი დარჩა რესპუბლიკად.

ფრანგული რევოლუციისა და საზოგადოდ ეგალიტარიზმის უარყოფისას მორალისა და ღმერთის სახელით, შეიძლება გამოვიყენოთ საფრანგეთის სამეფო კარზე მოღვაწე გრაფი დე სენ-ჟერმენის შესახებ დაწერილი მადამ დ’ადემარის მოგონებები. მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ ზნეობრივ დონეზე, რომ სენ-ჟერმენის მისტიკურ ავტორიტეტზე დაყრდნობით უარვყოთ ფრანგული რევოლუცია, როგორც უზნეო და უღმერთო. ჩვენ არ შეგვიძლია დავძლიოთ ressentiment, რომელსაც ნიცშე ეგალიტარული ეპოქის ნიშნად მიიჩნევდა. ადამიანის იდეისადმი დამოკიდებულება იცვლება, რის გამოც უკანასკნელ ადამიანს შეუძლია თავი კეთილშობილ არისტოკრატად წარმოიდგინოს. ეს არის ressentiment. ნიცშე მართალია ეგალიტარული ეპოქის შეფასებაში, მაგრამ ამის გამო ჩვენ ვერ უარვყოფთ პოსტრევოლუციურ ეგალიტარულ ცივილიზაციას. მოდერნი ეფუძნება სწორედ რევოლუციურ ეგალიტარიზმს და ის მის გარეშე ვერ დაფუძნდებოდა.

მსჯელობის გასაიოლებლად შეგვიძლია ეზოთერულ იდეათა გამოყენებით დიდი წარმატებით დავგმოთ რევოლუციური ტერორი. ეკლესიასა და ღმერთზე მითითებით შეგვიძლია რევოლუციონიზმის კვლევა დასრულებულად ჩავთვალოთ. მაგრამ ამ დროს წარმოიშობა კითხვა: ღმერთზე მითითება არის თუ არა ეგალიტარიზმის უარყოფა? თუ ვაღიარებთ, რომ ცივილიზაცია ეგალიტარულია, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი მასში მკვდარია. ეს ძნელად უარსაყოფი ფაქტია. ნიცშეს ფილოსოფემა – ღმერთი მკვდარია -, არა მხოლოდ მეტაფორული თქმა. ეს დიდი პრობლემის მონიშნვაა. საზოგადოებას არ შეუძლია დაუბრუნდეს ღმერთსა და რელიგიურ ტრადიციას. ეს კეთილსინდისიერ მოაზროვნეთ, ღვთისმეტყველთ და რელიგიურ ტრადიციონალისტებს მრავალგზის აღუნიშნავთ. ეგალიტარული ცივილიზაცია რელიგიური ტრადიციის ანტაგონისტია.

ფრანგი რელიგიური ტრადიციონალისტი, უდავოდ ორიგინალური მოაზროვნე, შეიხი რენე გენონი, ვინც დასავლურ საზოგადოებას უწყალოდ აკრიტიკებს, საფუძვლიანად შეეჭვებულია დასავლელი ადამიანის ზნეობრიობაში. შეიძლება სხვა ტრადიციონალისტების მოხმობაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დღევანდელი ცივილიზაცია და ევროპული მოდერნი არ შეიძლება არ იყოს ეგალიტარული.

არ არსებობს უსისხლო გზა და წინამორბედთა განქიქება იმის გამო, რომ მათ განვლეს სისხლიანი გზა და ამით ზნეობრიობის ილუზიის შექმნა, არის ბოროტება, რომელიც საფუძვლად ედება სადღეისოდ გამეფებულ უსამართლობას. ეს დაუსრულებელი მამხილებლობა და აკვიატებული ფრაზები მომდინარეობს ressentiment-ისაგან. ევროპისა და მთლიანად დასავლეთის მაგალითზე, როგორც უსისხლო განვითარების შესაძლებლობაზე  მითითება, არაა სწორი, რადგან დასავლეთი დღევანდელ კეთილდღეობამდე უდიდესი მსხვერპლის ფასად მივიდა.

უთუოდ სათქმელია ისიც, რომ სწორედ იმავე ressentiment-ის გავლენით ჩვენ განწირულნი ვართ ისეთივე დაცინვისა და უარყოფისათვის მომდევნო თაობებისაგან, როგორც ჩვენ უგუნურად უკუვაგდეთ წინამორბედი საზოგადოება. ასე ნაქები ქართული ლიბერალიზმი დიდი ვერაფერი გამოდგა და მინაღწევარიც მცირე აქვს. ქართული ლიბერალიზმი წვრილბურჟუაზიული სტიქიისა და თავაწყვეტილი კონსიუმერიზმის გარდა აქამდე არაფერი ყოფილა.

*************************

გადავიდეთ ახლა ქართულ კონკრეტიკაზე:  მენშევიკურ მთავრობასთან ერთად უცხოეთს გახვეწილ ქართველთაგან ბევრი იმედოვნებდა, რომ ნაცისტური გერმანია საბჭოთა იმპერიას დაამარცხებდა. წარმოვიდგინოთ ახლა გერმანელთა საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში რა რეპრესიები განხორციელდებოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ. იმის თქმა, რომ მენშევიკები საქართველოს განმათავისუფლებელნი იყვნენ, ძალზე ძნელია, ისევე როგორც ძნელია დაეთანხმო 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის დროს გაჩენილ აზრს, რომ ქართველი კომბინატორები და თაღლითები დადებით საქმეს აკეთებდნენ, რადგან თავისი საქმიანობით ანგრევდნენ საბჭოთა ეკონომიკას და მისი დანგრევის შემდეგ ისინი თავის საქმიანობას ქვეყნის სასიკეთოდ წარმართავდნენ.

შეგვიძლია თუ არა მენშევიკ ემიგრანტებს „უსამართლობის მსხვერპლნი“ ვუწოდოთ? ნოე ჟორდანიასა და მისი მთავრობის შესახებ ბევრი რამ დღემდე მიჩქმალულია და ეს ხდება იმიტომ, რომ მავან დევნილთ ტანჯულ გმირებად და ერისკაცებად წარმოაჩენენ. თავისუფლებისა და სამშობლოს თემით სპეკულირება ადრიდანვე წამლავდა ქართველობას.

თუ უსამართლობის მსხვერპლად მივიჩნევთ რევოლუციური ტერორის დროს დახვრეტილ ქართველებს და გვსურს ძეგლი დავუდგათ მათ, მაშინ ძეგლი უნდა დავუდგათ იმათ, ვინც მეფის რუსეთის დროინდელ ეგზეკუციებს შეეწირა, რადგან ისინი ხმას იმაღლებდნენ ცარისტული უსამართლობის წინააღმდეგ. ძეგლი უნდა დავუდგათ ქართული მუშათა მოძრაობის წარმომადგენლებს, ვინც ციმბირის კატორღებში დაიღუპა, ვინც საველე სასამართლოების მიერ დაიხვრიტა. რახან ქართველი ინტელიგენცია დღეისათვის ერთიანად გალიბერალდა, ამიტომ დავიწყებას მიეცა ბევრი რამ, რისი ხსოვნაც წიგნიერ ქართველთ უხამთ. ქართველთა წიგნიერმა კლასმა გალიბერალების გზით თავი დაიძვრინა და დავიწყებას მიაძალა ისეთი საკითხები, რაზე განსჯაც მას დიდად ჰმართებდა. რახან დღეს სოციალიზმისადმი მტრული, ანტიმარქსისტული და ნეოლიბერალური დემოკრატია ვრცელდება, ამის გამო მუშათა მოძრაობა და შრომის საკითხი დასაცინი არ უნდა გახდეს. ის ანტიმონარქისტი, რევოლუციონერი მუშები იდეისათვის იბრძოდნენ და ისეთივე დისიდენტები იყვნენ მეფის რუსეთის იმპერიაში, როგორც ანტიკომუნისტები იყვნენ საბჭოთა იმპერიაში.

როდესაც საუბრობენ 1937 წლის რეპრესიათა მსხვერპლზე, უნებლიეთ შეურაცხყოფა ადგება იმათ, ვინც ბოლშევიკურ რევოლუციამდე გახდა რეპრესიათა მსხვერპლი. ლაპარაკი მსხვერპლთა მემორიალზე გულის სიწმინდისაგან არ მომდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდება მორალის, სამართლიანობისა და ღმერთის სახელით. ეს ლაპარაკი სინამდვილეში ზნეობის ილუზიის შექმნა, პოლიტიკური თეატრალობა და უახლოესი წარსულის აბერაციაა. ქართველნი ცოცხალნი დაჰკარგვიან ერთურთს და მკვდრებს რას ეპოტინებიან? ირონიას იწვევს ქართველთა პრეტენზიულობა და საკუთარი თავის მიჩნევა ფრანგებზე უფრო დემოკრატიულად.

ჩვენს საზოგადოებას არა აქვს საიმისო კრიტერიუმი, რომ გადაჭრით თქვას რაიმე ბოლშევიკურ რეპრესიებზე. კრიტერიუმის უქონლობას პირველ რიგში ის განაპირობებს, რომ პოსტსაბჭოთა ქართული საზოგადოება უსამართლო და ცრუა ყველაფერთან მიმართებაში. საზოგადოებაში დიდია სისხლიანი დაპირისპირების შესაძლებლობა. საქართველოს წინ ელის სასტიკ უარყოფათა მთელი კასკადები და ნგრევა. საზოგადოება არ ცდილობს გაერთიანდეს. ურთიერთსიძულვილი და კლასობრივი მტრობის ინტენსივობა ძალზე დიდია.

უსამართლობის მსხვერპლნი არიან გამსახურდიას დახვრეტილი მომხრეები, ნაწამები პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. შევარდნაძის ხელისუფლება გრძნობს თავის უსამართლობას და თუ მისთვის წინა წლებში ეროვნული მოძრაობა დასაცინი იყო, დღეს ის მერაბ კოსტავას საფლავს პატივს მიაგებს და მოწიწებით მოიხსენიებს მას გამსახურდიასთან ერთად. ხელისუფლების ეს ქმედება მისი უსამართლობის მისაჩქმალადაა და მხოლოდ აძლიერებს განხეთქილებას.

რევოლუციური ტერორის დროს რეპრესირებულებზე საუბრისას კიდევ ერთი არსებითი გარემოებაა მხედველობაში მისაღები. ვინ გამოარკვია, რეპრესირებულთა შორის რამდენი იყო მეფის რეჟიმის რესტსვრატორი, მესაბოტაჟე, ჯაშუში, ბანდიტი? რაზე დაყრდნობით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ყველა რეპრესირებული უსამართლობას ებრძოდა და შესაბამისად, მსხვერპლად უნდა იქნეს მიჩნეული?

თუ საზოგადოებას ასე ძლიერ აწუხებს სინდისი, ლუსტრაციის კანონი აქამდე მიღებული უნდა ყოფილიყო. უნდა გარკვეულიყო 1924 თუ 1937 წლებში ვინ იყო დამსმენი. კომპარტიის ჯაშუშების შთამომავალნი დღეს ხელისუფლებაში არიან. ვინ დაუშვებს არქივების გამოქვეყნებას?! დავუშვათ, დაიდგა მემორიალი, რომელზეც ამოკვეთილი იქნება, რომ იგი ეძღვნება ბოლშევიკური რეპრესიების დროს დაღუპულთ. ქართველთა საზოგადოება განა ამის შემდეგაც იგივე არ დარჩება, რაც აქამდე იყო? ქართველობა კვლავ მოტყუებული იქნება.

თვალში საცემია ერთი ვითარება: რაც მეტად მოეცარა ხელი ქართველობას დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების გზაზე, მით უფრო უმატა ყვირილს: „ურჩხული ბერია!“, „სატანისტი მარქსი!“ და მისთანები. ლიბერალურ საზოგადოებას არ შეუძლია იმ ზნეობის შენარჩუნებაც კი, რაც წინამორბედ საბჭოთა სზოგადოებას გააჩნდა. ლიბერალური საზოგადოება ეცემა და ამ დაცემის შეჩერება შეუძლებელია. რატომ არ უჩნდება საზოგადოებას მისწრაფება, რომ ამდენი მარცხისა და დამცირების შემდეგ მოითხოვოს საკუთარი ცხოვრების წესის გარდაქმნა და მძიმე შრომით მოიპოვოს ღირსეული არსებობა? რატომ არ სურს მას ჩამოაცილოს მთავრობას თაღლითები და ჯაშუშები? რატომ აქამდე არ მიიღო ქვეყანამ ლუსტრაციის კანონი, თუკი ზნეობისა და ღმერთის სახელით ამხელს ყველა და ყველაფერს? იმიტომ, რომ ლუსტრაციის კანონი მას ისეთ პასუხისმგებლობას დააკისრებს, რისი ტვირთვაც მას არასოდეს შეუძლია. ლუსტრაციას ექვემდებარებიან ისინიც, ვინც გამსახურდიას დამხობის მიზნით მოსკოვში დადიოდა და საზღვარგარეთ მასალებს აგზავნიდა დიქტატურის შესახებ. ვინ სწამებდა ცილს გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას? რატომ ვერ მოხერხდა 9 აპრილის მომწყობ დამნაშავეთა მოძიება? ერთია ზღვა მასალის გამოქვეყნება 9 აპრილზე და სხვაა დამნაშავეთა გამოვლენა და გასამართლება.

რახან ერთხელ შეიქმნა პრეცედენტი, რომ ყველაფერი ნებადართულია, ამიტომ ახლანდელი ხელისუფლებაც ისეთივე უხამსი უარყოფის ქვეშ ექცევა. ხელისუფლება მორალის და ღმერთის სახელით ცდილობს აღკვეთოს მის მიმართ გამოვლენილი სიძულვილი.

სისტემის ბრალი და ნაკლი არ იყო ის, რომ ინტელიგენცია თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან. შეუძლებელია სისტემა აიძულებდეს ადამიანს დასმენას. ასე ბოლშევიკები ცარიზმსაც აბრალებდნენ იმას, რომ მეფის „ოხრანკა“ (უშიშროების სამსახური) იბირებდა ინტელიგენციას სოციალისტების და ათეისტების დასასმენად. მაშინაც საკმაოდ იყვნენ დამსმენები. ეს სენი მეფის დროის ინტელიგენციას შესამჩნევად ჰქონდა მოდებული და მაქსიმ გორკიმ ასახა რომანში კლიმ სამგინის ფსევდორევოლუციური ცხოვრების აღწერით.

დამსმენთა მთელი ლეგიონები დაძრწოდნენ საფრანგეთში იაკობინური ტერორის დროს. ამოწყდა მრავალი არისტოკრატიული ოჯახი. დღეს საფრანგეთში არავინ ცდილობს ამის მოაზრებას ფრანგული რევოლუციის ნაკლად და მისი შეფასებისას ამოსავალ დებულებად ქცევას. კარგი იქნებოდა ქართულად გამოსულიყო საფრანგეთის რევოლუციის ფრანგ მემატიანეთა ცნობილი შრომები.

საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება ვერ იქნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ზნეობის გარანტი. მუდმივად გაურკვეველი მომავლის მქონე საქართველოში ამერიკელებსაც შეუძლიათ იპოვონ ადამიანები საჯაშუშოდ რუსეთის თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესაძლებლობას ლუსტრაციის კანონის მიღება ვერ აღკვეთს. თუ დასაგმობია ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ, დასაგმობი უნდა იყოს ჯაშუშობა ამერიკელთა სასარგებლოდაც. ლუსტრაციის კანონის მიღება ქვეყნისათვის კიდევ ერთხელ თვალში ნაცრის შეყრა იქნება, რადგან მოხდება გამოქვეყნებული მასალების გაყალბება. კანონის მიღებით ზნეობა არ აღდგება. შეუძლებელია, რომ კანონმა ზნეობა განსაზღვროს. ზნეობა ქმნის კანონს და არა პირიქით.

საბჭოთა ინტელიგენციას პასუხისმგებლობა ეკისრება იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო აღეკვეთა ოქტომბრის რევოლუციისა და მარქსიზმის იდეების სრული უარყოფა.  საქმე ეხება გაუგონარ გეოპოლიტიკურ და არა მხოლოდ იდეოლოგიურ ღალატს, რომლის შედეგებს პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთთან ერთად ახლა აწყდებიან.

თუ პოსტსაბჭოთა დროის ინტელიგენცია ამბობს, რომ საბჭოთა სისტემა სიყალბე იყო და აუცილებელი გახდა მისი უარყოფა დემოკრატიის სახელით, მაშინ რატომ არის პოსტსაბჭოთა საზოგადოება კიდევ უფრო ყალბი და უსამართლო? ვინ გასცემს ამაზე პასუხს?

გარდაქმნის დოქტრინა, გამოცხადებული ცენტრალური ხელისუფლების მიერ, მოაზრებული იყო როგორც საბჭოთა სოციალიზმისა და სოციალისტური სისტემის განახლება. ეს რომ ვერ განხორციელდა, შემდეგ გამოაცხადეს, რომ საბჭოთა იმპერია დაღუპვისათვის იყო განწირული. აქ ისევ დგება ინტელიგენციის პასუხისმგებლობის საკითხი. სანამ საბჭოთა ხელისუფლება ანტიკომუნიზმის ლეგალიზებას მოახდენდა, მანამდე ინტელიგენცია ხომ იცავდა კომუნიზმის იდეას? გამოდის, რომ ის თავიდანვე შეგნებულად ცრუობდა. დღეს მაინც თუ არის ინტელიგენცია ლიბერალიზმისა და დემოკრატიის იდეის გააზრებულად მხარდამჭერი?  თუ ის დღესაც გამორჩენას ელის და ისევ იდეის პარაზიტია? ინტელიგენცია ამბობს, რომ სისტემა აიძულებდა მას ასეთი ყოფილიყო. ეს მას პასუხისმგებლობას არ უხსნის. ასე იმის თქმაც შეიძლება, რომ წარსულში რელიგია და ეკლესია აიძულებდა ადამიანს, რომ მონარქისტი ყოფილიყო. საბჭოთა ინტელიგენციას უნდა სცოდნოდა, რომ მას არ ეყოფოდა მორალური ძალა, რათა პოსტსაბჭოთა საზოგადოება ზნეობრივი პრინციპების დამცველად ექცია. ინტელიგენცია დიდად შეცდა, როდესაც წარმოიდგინა, რომ მარქსიზმის უარყოფით ზნეობას შეიძენდა.

მსურს, რომ მკითხველის წინაშე ნათელვყო სოციალ-პოლიტიკური რეალობის ის სიძნელეები, რომელთა სიმწვავე არ იფარება დემოკრატიის იდეაზე, როგორც საბოლოო ჭეშმარიტებაზე ზოგადი მითითებით. გადაჭრით წინააღმდეგი ვარ, რომ თავისუფალი აზროვნებისა და დემოკრატიის მომხრეობის სახელით მკითხველს თავს მოვახვიო კონიუნქტურული, არაფრისმთქმელი, შაბლონური აზრი. თუ მკითხველი გაიაზრებს ზემოთ აღნიშნულ წინააღმდეგობებს და ეჭვს შეიტანს საყოველთაოდ მიღებულ მსჯელობებში, ჩავთვლი, რომ ეს წერილი სამეცნიერო ღირებულებას მოკლებული არ ყოფილა.

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s