ზღვიდან ზღვამდე


საქართველოს გეოპოლიტიკური სიმართლისათვის

წინასიტყვაობა: 1999 წელს გამოქვეყნებული ეს ნარკვევი ეხება საქართველოს მომავალს. ეჭვქვეშ დაყენებულია აზრი საქართველოს ოდინდელ ევროპულობაზე. ნარკვევის ოპონირებისათვის დავით დარჩიაშვილმა (მაშინ გია ნოდიას კავკასიური ინსტიტუტის თანამშრომელმა) დაწერა აროგანტული საცოდაობა სათაურით „გეოპოლიტიკიდან პოლიტიკის გაადამიანურებისაკენ“. დარჩიაშვილი შემდეგ  სოროსის ფონდის ხელმძღვანელი იყო. ის შედიოდა საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში. შემდეგ იგი სააკაშვილის პარტიაში გადავიდა და გახდა პარლამენტარი. ეს კიდევ სხვებს დაუწყებს ზნეობის სახელით დანამუსებას. რას ისწავლება და რის გამო ოპონირებს ის ჩემთან, გაუგებარია. მან დაახვავა ლიბერალური კლიშეები და მიიჩნია, რომ აზრი გამოთქვა. მისი წერილის დასასრული დაქირავებული ლიბერალის, საშოვარზე გამოსული ფრაზიორის ჯამბაზობაა. დღეს რომ მას შეეკითხო, – რატომ ვერ გაადამიანურა პოლიტიკა დასავლეთმა? – ის თავს აარიდებს პასუხს. მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ბრუტალური ხდება და ამის მოთავე არის სწორედ დარჩიაშვილის, ნოდიას, ზაქარეიშვილის ნაქები ლიბერალური დასავლეთი. რომელიმე ქართველი ლიბერალი გამოვა როდესმე და იტყვის, რომ აი ამაში ვცდებოდი და არასწორად ვმსჯელობდი, ქვეყანას ვატყუებდი საკუთარი კარიერის გულისთვის?  დარჩიაშვილმა უნდა იცოდეს, რომ  ატლანტიზმს არ ესაჭიროება ბრჭყალებში ჩასმა და ირონიზება. ატლანტიზმს არ სჭირდება ისე წარმოჩენა დარჩიაშვილის მიერ, რომ მე ვიგონებ ამას და ის ფიქციური ტერმინია. ატლანტიზმი არის დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურის ძველი ცნება. არც გეოპოლიტიკა არის დარჩიაშვილის საირონიო დისციპლინა. ეს ლიბერალები 90-იანი წლებიდანვე საგანგებოდ მალავდნენ, რომ ამერიკა თავის თავს ყოველთვის მოიაზრებდა მსოფლიო იმპერიად და ის საკუთარ იმპერიულობას სოლიდური გეოპოლიტიკური არგუმენტაციით ასაბუთებდა. დიდი პოლიტიკა იყო და დარჩება იმპერიების ბრძოლად. ამას ვამბობ ჩემს ნარკვევში და ამ სინამდვილეს დარჩიაშვილი ლიბერალური შაბლონების ტრიალით ფარავს. დარჩიაშვილის ნამსჯელის მიხედვით, აგრე გამოდის, რომ დასავლეთი მხოლოდ იმას ცდილობს, რათა ყველგან ლიბერალური ინდივიდუალიზმი დაამკვიდროს და ყოველ ინდივიდს თავისი უნარების რეალიზება შეეძლოს.  ტოტალური პოლიციური კონტროლი, რაზეც დარჩიაშვილი თავისი წერილის ბოლოს ლაპარაკობს, განახორციელდა სწორედ აშშ-ში. ეს კონტროლი მცდარად მიიჩნევა საბჭოთა სისტემის ნაკლად. ქართველ ლიბერალთა დასში ტაბუირებული იყო და არის დასავლური სისტემის რღვევა.

შემცირებული სახით პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „ახალი 7 დღე“  (4 – 11 ივნ., 1999).  წინამდებარე ტექსტი თავდაპირველი სახითაა. წინასიტყვაობის დაწერის თარიღი: 24 ივნისი, 2016 წ.

******************

მიუხედავად ყოვლისმომცველი დეგრადაციისა და მარცხისა საქართველო ჯერ კიდევ რჩება კულტურულ ქვეყნად კავკასიაში. ამას განაპირობებს საბჭოთა იმპერიაში ყოფნის დროს დაგროვილი დიდი პოტენციალი.

სირცხვილია, როდესაც ქართული პოლიტიკის სიმართლე ყველა შემთხვევაში დასავლურ ორიენტაციაზე მითითებით სრულდება. არაა სწორი, როდესაც განვითარების ერთადერთ შესაძლებლობად დასავლური გზა მიიჩნევა.

საკითხთა სწორად დასმისათვის უპირველესად მიმაჩნია შეურიგებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება აკადემიურ წრეებში გავრცელებული პოლიტიკის პატრიოტულ-პუბლიცისტური ვერსიებისადმი. პოლიტიკური აზროვნების საგაზეთო პროფანირებას თავად მეცნიერნი უწყობენ ხელს, რადგან მათ დაბალი კომპეტენცია აქვთ და პროფანაციით გადიან იოლას. მსჯელობათა სისუსტეს ფარავენ საგაზეთო ფამილარობით. სერიოზული პოლიტიკური საკითხი წარმოჩინდება რაღაც სკაბრეზულ ამბად.

დღეისათვის ისე გადაჭრით ლაპარაკობენ დასავლური ორიენტაციის სისწორის უეჭველობასა და რუსული ორიენტაციის დამღუპველობაზე, როგორც თავის დროზე იყო ლაპარაკი რუსული ორიენტაციის სისწორესა და სპარსული ორიენტაციის დამღუპველობაზე. ასეც დამკვიდრდა საქართველოს ისტორიის ანალებში. ეროვნული მოძრაობის დროს ალექსანდრე ბატონიშვილის (ერეკლე II -ის ძე) მალიმალ ხსენება ნონსენსი იყო, რადგან უფლისწული ალექსანდრე სპარსეთის ჯარის დახმარებით ცდილობდა რუსეთის განდევნას ქართლ-კახეთიდან. განა ალექსანდრე მედასავლეთე იყო? ან ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა რას აიჩემეს ალექსანდრე ბატონიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად? სად ალექსანდრე და სად ქაქუცა?  საქართველოს ისტორიაში დამკვიდრდა აზრი, რომ რუსეთთან შეერთებამ საქართველო ამოწყვეტას გადაარჩინა. აღარ მიექცა ყურადღება იმას, რომ ეს შეერთება მაშინ  საკუთარი სახელმწიფოებრივი უუნარობის ცნობა უფრო იყო, ვიდრე რუსული ორიენტაციის უდავო სისწორის დასაბუთება. ერეკლე მეფის შვილების უთავბოლობამ და ქიშპმა  მოიტანა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ტახტის გაუქმება. უბედურების თავი და თავი მაშნაც ისევ ქართველი იყო.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გაუგებრობების დამკვიდრებას ყოველთვის ხელს უწყობდა პოლიტიკური ორიენტაციის არჩევის უკიდურესი არადამაჯერებლობა და სადავოობა. დღეს მიზანმიმართულად მკვიდრდება აზრი, რომ საქართველოსათვის დასავლური ორიენტაცია არის ის, რისკენაც ის საუკუნეთა მანძილზე მიისწრაფოდა და რაზეც ქართველთა წინაპრები ოცნებობდნენ. ყოველგვარი სხვა აზრი იდევნება. ის, რაც კვლევითი არაკეთილსინდისიერებისა და კონიუნქტურულობის გამოხატულებაა, მიიჩნევა მიუკერძოებელი, დემოკრატიული აზრის მიღწევად.

ატლანტიზმის გზით სვლა საქართველოსათვის გეოგრაფიულად არაბუნებრივი და რასობრივად მიუღებელია. ქვემოთ ვუჩვენებ ამ ვითარებას. მკითხველის ყურადღებას მივაპყრობ ისტორიულ ფაქტებზე. ფოლკლორიზებული პატრიოტიზმისა და ფსევდორელიგიურობის განასერში წარმოჩენილი ეს დიდი საკითხი ბევრ ილუზიებს ჰბადებს.

კავკასიის სამხრეთით გეოგრაფიულად ევროპა კი არ გრძელდება, არამედ აზია იწყება. საქართველო ევრაზიის კონტინენტის ის მცირე აზიური ნაწილია რომელიც მდებარეობს იმპერიული ტრადიციის მქონე რუსეთის, თურქეთის და ირანის გვერდით. არავინ იფიქროს, რომ ლიბერალიზმის შემოსვლა აუქმებს იმპერიას. რუსეთი და ირანი ანტიატლანტისტური ინტეგრაციისათვის იბრძვიან. თურქეთში კი, მიუხედავად მისი მჭიდრო ინტეგრაციისა დასავლეთთან, ყოველთვის დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური კურსი კონტინენტალიზმისაკენ შემობრუნდეს. თურქეთისათვის, როგორც უახლოეს წარსულამდე ექსპანსიური ისლამის მედროშე ქვეყნისათვის, არ შეიძლება სამძიმო არ იყოს ამერიკანიზმის პლაცდარმის როლი მცირე აზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკანიზმი მისთვის სარგებლიანია. თურქეთის კონტინენტალიზმისაკენ შემობრუნების შესაძლებლობა კიდევ უფრო გაზარდა საბჭოთა იმპერიის დაშლამ. თურქეთი საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ცდილობს პანთურქიზმის იდეის გამოცოცხლებას და თურქული იმპერიის აღდგენას. ამ იდეისათვის ბრძოლის ლოგიკა ისეთია, რომ იგი ვერავითარ სხვაზე დამოკიდებულებას ვერ იგუებს. თურქეთი გეოგრაფიულად ევრაზიის ნაწილია და მისი იმპერიალიზმი ვერ იქნება ატლანტისტური. თურქული იმპერიის შექმნა, რაზეც ბევრი ისმის თურქეთის ხელისუფლების მხრიდან, თავისთავად გულისხმობს თურქეთის გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას.

ქემალ ათათურქის მიერ სულთანთა თურქეთის და ისლამის მედროშის როლის უარყოფა ნიშნავდა ხალიფატის იდეის გაუქმებას. ათათურქს ეწინააღმდეგებოდნენ არა რელიგიური ფანატიზმისა და ჩამორჩენილობის გამო, როგორც ეს ისტორიაში ბევრჯერ თქმულა. პარადოქსი ისაა, რომ თვით მოკავშირე თურქეთშიც კი, ამერიკანიზმი, მისი ძლევამოსილების მიუხედავად, ვერ მოახდენს კონტინენტური იმპერიული ტრადიციის ნეიტრალიზებას. ამერიკული იმპერიული ტრადიცია სოციალური კოსმოპოლიტიზმია, რომლის ძირები საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მოდის. თავიდან რელიგია სრულად უარიყოფოდა საფრანგეთში. ლიბერალიზმმა რელიგია ადამიანის უფლებად განიხილა და ის გადაიყვანა სოციალურ, კონსიუმერულ განზომილებაში. ამერიკული პოლიტიკა ცდილობს მოწინააღმდეგის იმპერიული ტრადიციის დამცრობასა და უარყოფას.  კონტინენტური იმპერიული ტრადიცია რელიგიურ იდეას ეფუძნება. ათეისტური იყო ბოლშევიკური სახელმწიფო, მაგრამ ის იმპერიისათვის იბრძოდა და 1917 წლის რევოლუციის შემდეგ იმპერიის ცენტრად ბოლშევიკებმა კვლავ მოსკოვი აქციეს.

სადღეისოდ ისლამის მედროშის როლს იტვირთავს ირანი და ის თურქეთის მოწინააღმდეგედ გამოდის, როგორც ეს წინა საუკუნეებში იყო. საუდის არაბეთი, მიუხედავად მის ფინანსური ძლიერებისა, ვერ ჩაითვლება ისლამური იმპერიული ტრადიციის მცველად. ერაყი სოციალისტური ქვეყანაა, რომელიც ანტიამერიკანიზმით გამოირჩევა.  სოციალიზმის იდეებს შესამჩნევი ადგილი უკავიათ ირანულ ფუნდამენტალიზმშიც. ვერც პაკისტანი ჩაითვლება ისლამური იმპერიული ტრადიციის მცველად. ისლამური ქვეყნების უმეტესობა ატლანტისტურ ორიენტაციას მისდევს.

თუ რუსეთი და ირანი ატლანტიზმის ანტაგონისტები არიან, ხოლო საქართველო ატლანტისტური ქვეყანაა, მაშინ საქართველო რუსეთისა და ირანისათვის არის მტერი. როდესაც აღშფოთება გამოითქმის რუსეთის საქართველოსადმი მტრობის გამო, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არ ესმით პოლიტიკა. უმეცრებას პატრიოტიკით ფარავენ და თავს იტყუებენ. თავის მოტყუებაა ისიც, რომ საქართველო მასზე ძლიერ ქვეყნებს მოუწოდებს თანასწორი ურთიერთობისაკენ. ერთად აღებული კავკასიის ან შუა აზიის ქვეყნები ვერ ისაუბრებენ რუსეთთან, ირანთან ან თურქეთთან, როგორც თანასწორნი. მსოფლიო პოლიტიკაში შეუძლებელია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ნანოსურ, ჯუჯა ქვეყანას, საქართველოს შემთხვევაში კი პოსტიმპერიულ გაურკვეველ პოლიტიკურ წარმონაქმნს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ იმპერიული ტრადიციის მქონე ქვეყანას ესაუბროს, როგორც თანასწორი.

ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში იმპერიული იდეა დიდი ხანია ამოიკვეთა თვით ქართველთა მიერ. დავით IV -ის დროს ქართული სახელმწიფო ეფუძნებოდა იმპერიულ ტრადიციას. ტრადიციის დაკარგვამ გამოიწვია სახელმწიფოებრიობის გაუმართლებლად დიდი ხნით მოშლა. ასე გრძელდება დღემდე. საქართველოს ხვედრი არის დამორჩილებულობა, განაპირას ყოფნა.

გეოგრაფიული და სივრცითი მიზიდულობის ძალით საქართველო მიიზიდება იმ ქვეყანათა ინტეგრაციაში, რომელნიც თავისი იმპერიული ტრადიციის გაგრძელებას ცდილობენ ლიბერალიზმის დროსაც. ეს ქვეყნებია რუსეთი, თურქეთი და ირანი. საქართველოს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს ის, რომ იგი რუსეთისა და ირანის მიერ განიხილება როგორც მტერი. ასეთია მსოფლიო პოლიტიკის კანონი. საქართველო თავს იტყუებს იმით, რომ დასავლურ გზაზე მდგარი თურქეთი  საფრთხის შემთხვევაში საქართველოს მოკავშირედ გამოვა. ეს მცდარი აზრია. თურქეთი არასოდეს იქნება საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და მეგობარი. საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ თურქეთს სრული საფუძველი აქვს იმისთვის, რომ საქართველო თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნიოს. თურქეთისა და საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციათა იდენტურობას არ შეუძლია მოხსნას ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიულად განპირობებული სუბორდინაცია, რომელიც მყისვე თავს იჩენს იმპერიის დაშლისას და ძველი სატელიტი თავისი ადრინდელი დომინანტის პირისპირ რჩება.

საქართველოს თავისი 10-წლიანი სუვერენიტეტის მიუხედავად, დღემდე არ შეუქმნია სამხედრო დოქტრინა. ეს ქართული პოლიტიკის არაბუნებრიობას კიდევ ერთხელ გვიჩვენებს. დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედად ყოფნა უაზრობაა. საუბარი, რომ კოსოვოს საკითხის გადაჭრის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ბლოკი აფხაზეთის საკითხს გადაჭრის. აქ იგულისხმება, რომ ამერიკელები იარაღის ძალით მოდრეკენ აფხაზურ სეპარატიზმს. ასეთი აზრი დაჟინებით მეორდება მისი სრული უსაფუძვლობის მიუხედავად. ამ სიცრუით ცდილობენ დაასაბუთონ საქართველოს დასავლურ ორიენტაცია. თუ საქართველო ცდილობს, რომ მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყანამ დაიწყოს სამხედრო მოქმედებანი, ამის შედეგი უკეთეს შემთხვევაში მეზობელ ქვეყნებთან წაკიდება, უარეს შემთხვევაში კი ქვეყნის დაშლა იქნება.

ქართული პოლიტიკა დასავლეთის მითითებით ცდილობს ირანული ფუნდამენტალიზმის საფრთხობელად წარმოჩენას. როცა ეს სისტემატურად მეორდება, ვხედავთ იმას, რომ ქართული პოლიტიკური აზრი პროვინციულ თავმომწონეობას არ ეშვება. დროის შესაბამისი პოლიტიკური განსჯის მაგივრად ქვეყანას აყრუებენ თეატრალიზებული საუბრით, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ურჯულოთა წინააღმდეგ. პოლიტიკური აზროვნების არაკეთილსინდისიერება და თვალთმაქცობა ხშირად იფარება ეკლესიაზე მითითებით.

უბედურება ისაა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ საქართველო აღმოსავლეთს სრულიად მოსწყდა და აღმოსავლეთის ამბებს საქართველო რუსეთისგან, ან ევროპისგან იგებდა. აღმოსავლეთს მოწყვეტა საქართველოსათვის დიდი დანაკარგი იყო. ისლამურ იმპერიებთან საუკუნოვანი ურთიერთობა  (იყო არა მხოლოდ ომები, არამედ კეთილისმყოფელი კულტურული გავლენა, პოლიტიკური მოკავშირეობა) გაწყდა მეტისმეტი ჩამორჩენილობისა და მართლმადიდებლური ქედმაღლობის გავლენით. თუ საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მაშინ მან უნდა აღადგინოს პოლიტიკური ურთიერთობა ირანთან, არაბულ ქვეყნებთან, თურქეთთან. მხედველობაში მაქვს არა ის ტრაფარეტული ურთიერთობები, რაზეც ტელევიზია ზეიმით აცხადებს და  მიღწევად ასაღებს, არამედ  გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ურთიერთობები, რომელთაც არ დაეტყობათ პოლიტიკური ნარცისიზმისა და ფსევდორელიგიური აროგანტიზმის დაღი. მაღალი პოლიტიკური და აკადემიური ტრიბუნიდან ხშირად ისმის აზრი, რომ საქართველომ, როგორც აზია-ევროპის გასაყარზე მდგომმა ქვეყანამ, უნდა მოახდინოს აღმოსავლური და დასავლური, აზიური და ევროპული კულტურების შერწყმა. ეს აზრი აღებულია რუსი გეოპოლიტიკოსის, პიოტრ სავიცკის (1895 – 1968) განაზრებიდან. მაგრამ თუ სავიცკისთან ეს აზრი დასაბუთებულია (აქ აღარ შევუდგები მისი ავკარგიანობის განხილვას), საქართველოში ის უსაფუძვლოა. კულტურათა სინთეზი იმპერიაში ხორციელდება. სავიცკიმ ეს რუსეთზე თქვა. რუსეთია აზია-ევროპის გასაყარზე მდგარი იმპერია. როგორ უნდა მოახდინოს საქართველომ კულტურათა შერწყმა, როცა ის ეთნოცენტრისტული, ტომური ცნობიერების ქვეყანაა და ქართული ქრისტიანობა სხვა არა არის რა, თუ არა ამ ეთნოცენტრიზმის რელიგიურ იდეაზე დაფუძნება? როგორ შეუძლია საქართველოს კულტურათა შერწყმა, როცა მან აღმოსავლეთთან კავშირი დიდი ხანია, დაკარგა? როგორ შეუძლია იმპერიული ტრადიციის უარმყოფელ საქართველოს მოიძიოს კულტურათა სინთეზირებისათვის საჭირო ძალა და უნარი? კულტურულ-ისტორიული ინიციატივა საქართველოს მრავალი საუკუნეა დაკარგული აქვს. მას ისიც კი არ შეუძლია, რომ რასობრივად მოძმე ჩრდილოკავკასიელებს დაუახლოვდეს და მათთან ერთად რაღაც ღირებული პოლიტიკური გაერთიანება შექმნას. საიდან შესწევს მას მსოფლიო კულტურათა სინთეზირების უნარი? მხოლოდ აზია-ევროპის გასაყარზე დგომა ცოტას ნიშნავს. ქართულ კულტურას სადღეისოდ ისიც აღარ შეუძლია, რომ საქართველოში მცხოვრები არაქართული ეთნიკური ჯგუფები თავის ორბიტაში მოაქციოს.

უღრმესი ცდომილება, რასაც ქართული პოლიტიკური აზროვნება ამკვიდრებს, არის ის, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი იმპერიული იდეისა და იმპერიული ტრადიციის გაუფასურებასა და მოხსნას იწვევს. ეს წარმოშობს უამრავ გაუგებრობას, რასაც ქართული მედია განზრახ ავრცელებს. საქართველოში განვითარების ერთადერთ შესაძლებლობად ატლანტიზმის (ლიბერალ-კაპიტალიზმის) მიჩნევა არის საკუთარი წარსულის და საკუთარი ისტორიული გონის სრული უარყოფა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იკრძალება და ყველაფერი ნებადართულია. სწორედ ყველაფრის ნებადართულობა ფარავს ვითარების რეალურ არსს.

თვალი გადავავლოთ კავკასიის სხვა ქვეყნებს: სომხეთი თავისი მდებარეობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კონტინენტური ორიენტაციის მქონე ქვეყანაა. ის არ ცდუნდება იმით, რომ მას ამერიკაში ჰყავს ძლიერი დიასპორა (ზბიგნევ ბჟეზინსკის თქმით, ამერიკაში ყველაზე ძლიერი ლობი არის ბერძნული, სომხური და ებრაული).  სომხეთის კონტინენტური ორიენტაცია და რუსეთის მოკავშირეობა ნიშნავს იმას, რომ საქართველო სომხეთისათვის განიხილება როგორც მტერი. საქართველოს მიერ საკუთარი თავის განსაკუთრებულ და უძველეს ქვეყნად წარმოჩენა ვერ შეცვლის მსოფლიო პოლიტიკის კანონებს. თუ აზერბაიჯანი ატლანტისტური ორიენტაციის მქონეა, ეს სულაც არ აახლოვებს მას საქართველოსთან სომხეთის წინააღმდეგ. აზერბაიჯანი რუსეთთან შეერთებამდე ისლამური იმპერიების უკიდურეს პროვინციას წარმოადგენდა. მისი განცხადებანი კავკასიაში დომინანტობაზე, უსაფუძვლოა. კავკასიის ამ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას არა აქვს იმპერიული ტრადიცია და ის ვერ მოიპოვება ისლამზე ხშირი მითითებებით და მედრესეების გახსნით. ისევე როგორც საქართველოში პოლიტიკურ სინამდვილეს ვერ შეცვლის ზარების რეკა და ეკლესიათა შენება.

ჩეჩნეთი, მიუხედავად მისი წარმატებული ბრძოლისა რუსეთის წინააღმდეგ, მარტოა. თეორიულად, მის ბრძოლას ბიძგი უნდა მიეცა კავკასიის მთიელების გაერთიანებისათვის, მაგრამ ჩეჩნეთი მარტო იყო რუსეთთან პირველი ომის დროსაც და ახლაც მარტოა. გარდა პოლიტიკური ჩამორჩენილობისა, კავკასიაში ჩაკეტილობას ხელს უწყობს მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალი. მკვიდრდება ეთნიკური და ტრაიბალური იზოლატები, რომელნიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ჩაკეტილად არსებობენ. მაგრამ თუ შუა საუკუნეებში დავით IV -მ შეძლო მთების დაძლევა და ჩრდილოკავკასიელები ქართულ-კავკასიურ იმპერიაში მოაქცია, რატომ ხდება ეს შეუძლებელი დღევანდელი განვითარებულობის ეპოქაში?

დაღესტანი დღეს რუსეთისადმი ლოიალურია. ჩრდილო ოსეთი რუსეთის მოკავშირეა. არასოდეს ისმის ადიღეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ჩერქეზეთის ხმა. აფხაზეთი საქართველოს მტრად მიიჩნევს. საქართველოსთან ომში აფხაზები იყვნენ მართალნი. აქ ჯერ აფხაზებს სრულ ამოწყვეტას უქადიდნენ, შემდეგ მათ ძმები უძახეს. თვით საქართველოში ძლიერდება ტრაიბალიზმი და არა უბრალოდ კუთხურობა. კავკასიელები, მიუხედავად საერთო იმპერიული წარსულისა, არ ერთიანდებიან. კავკასია არის ერთგვარი მინიატურული ბალკანეთი, სადაც მცირე ხალხებს შორის დამოკიდებულება ისეთია, როგორიც აფრიკულ ტომებს შორის. ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, კომუნიკაციების ხელმისაწვდომობა არანაირ გამაერთიანებელ იდეას არ შობს კავკასიიის ხალხებში. კავკასია უფრო ლამაზი სიტყვაა, ვიდრე რაიმე ისტორიული წამოწყების აღმნიშვნელი ცნება.

პერიოდი, როდესაც საქართველომ ირანთან ურთიერთობა გაწყვიტა და რუსეთას შეუართდა გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით, არის მთელი აღმოსავლეთის დაცემისა და დასავლეთ ევროპის მსოფლიო ასპარეზზე გასვლის ჟამი. ამ დროისთვის დაქვეითების გზას ადგა ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ბრწყინვალე პორტა. ამ პერიოდში რუსეთის იმპერია ევრაზიის ცენტრად და უდიდეს კონტინენტურ იმპერიად იქცევა. ის, რომ სპარსეთს აღაშფოთებდა ქართველ მეფეთა რუსეთთან დაახლოების მცდელობანი, ეს სულაც არაა მამხილებლობის საფუძველი. ეს აღშფოთება სავსებით ბუნებრივი იყო, ისევე როგორც ბუნებრივია ის, რომ საქართველოს მიერ რუსული ორიენტაციის უარყოფის მცდელობებს რუსეთი მტრულად უცქერის. განდგომილი, ურჩი პროვინცია სპარსეთმა 1795 წელს დაარბია. რუსეთთან შეერთება რომ საქართველოს სამეფო კარის ერთსულოვანი გადაწყვეტილება ყოფილიყო, სპარსეთი თბილისს ვერ ააოხრებდა. ბევრი ქართველი არისტოკრატი სპარსული ორიენტაციისა იყო. ერეკლე მეფის სიკვდილის შემდეგ ბრძოლა სპარსული ორიენტაციის გასამარჯვებლად მეტი ინტენსივობით გაგრძელდა.

რუსული ორიენტაციის ორსახოვნება ქართველმა არისტოკრატიამ გვიან დაინახა. ერთმორწმუნეობამ საქართველოს ვერ ააცილა მრავალი შეურაცხყოფა. ამასთან ერთად, სწორედ რუსულმა ორიენტაციამ გადაარჩინა საქართველო სრულ გაქრობას. ისიც ფაქტია, რომ რუსულმა ხიშტმა საქართველო კვლავ კავკასიის ლიდერად აქცია. ასე იყო როგორც ცარიზმის დროს, ასევე ბოლშევიზმის დროს.  საქართველოში შემოსულმა ცარისტულმა რუსეთმა დაინახა ჩამორჩენილობა, სიბნელე და უმეცრება შეზავებული ტომობრივ ურთიერთსიძულვილთან და საყოველთაო უსამართლობასთან. ესეც აძლიერებდა ცარისტულ ასიმილატორულ პოლიტიკას და რუსების დაბალ წარმოდგენას ქართველებზე.

რუსული ექსპანსია საქართველოს ართმევდა იმას, რაც სპარსული გავლენის ქვეშ ყოფნისას ხელშეუხებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთ-საქართველოს ომები საქართველოს ისტორიაში ძალზე უტრირებულადაა წარმოჩენილი, ძნელად იფარება ის ფაქტი, რომ სპარსეთი, მიუხედავად რელიგიური ანტაგონიზმისა, არ ყოფილა საქართველოს ამოწყვეტის მოცადე. მას ეს რომ სდომნოდა, გააკეთებდა. ქართველთა მოდგმის გადარჩენაში დიდი როლი შეასრულა საუკუნოვანმა მტრობამ სუნიტებსა და შიიტებს შორის, ოსმალოებსა და ყიზილბაშებს შორის. ქართველთა და სპარსელთა მეზობლობა და კულტურული სიახლოვე თავის დასაბამს ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე იღებს აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე წარმართობის დროიდან მოდის მეგრელთა და ბერძენთა ურთიერთობა დასავლეთ საქართველოში.

სპარსული ორიენტაციის შენარჩუნებისა და ძალთა მობილიზების შემთხვევაში საქართველოს შეეძლო აღედგინა ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობა და მათთან ერთად ებრძოლა კავკასიაში რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. მაგრამ რადგან პირიქით მოხდა, ამან გამოიწვია ჩრდილოკავკასიელთა მტრობა საქართველოსადმი. საქართველო რუსეთის არმიასთან ერთად დიდ როლს ასრულებდა კავკასიის მთიელთა დაპყრობის საქმეში. ქართული არისტოკრატია რუსეთის სახელმწიფო სამსახურში ირიცხებოდა. არისტოკრატიამ სრულიად დაივიწყა დავით აღმაშენებლიდან მომდინარე საკუთარი იმპერიული ტრადიცია.

ამ წერილის დასაწყისში ვთქვი, რომ გარდა გეოგრაფიული შეუსაბამობისა, ატლანტისტური ორიენტაცია საქართველოსათვის რასობრივად მიუღებელია. შევეცდები ამის განმარტებას. მიუხედავად ორიათასხუთასწლოვანი წარსულისა, ქართველური მოდგმის ხალხები არასოდეს მიისწრაფოდნენ ზღვისკენ. არადა, საქართველო საზღვაო ქვეყანა იყო. ზღვისადმი გულგრილობა დღესაც ძალზე კონტრასტულად არის გამოხატული ქართველთა ბუნებაში. საზღვაო ხომალდი ქართველისათვის არასოდეს ყოფილა სახლი და სამყოფელი. ლურჯი სივრცისადმი სწრაფვა ქართული ბუნებისათვის უცხოა. ქართველი უფრო მიწათმოქმედი და მეომარი იყო, ვიდრე ზღვათამკვლეველი, მოგზაური და ვაჭარი. ქართველი ხშირად ცუდი მეომარიც იყო, მაგრამ მაინც მეომრად ყოფნას არჩევდა ვაჭრობას. ამ სულისკვეთებისა იყო ქართული არისტოკრატია, რომელიც გადაშენდა, მაგრამ ვაჭრობას არ მოჰკიდა ხელი.  XIX  ასწლეულში არისტოკრატია ან რუსულ სამხედრო სამსახურში მიდიოდა, ან პროვინციულ მამულებში უსაქმურობდა.  გაკოტრებული ქართველი აზნაურობა უმალ მიწათმოქმედებას იწყებდა. ვაჭრობას კი აზრადაც არ ივლებდა.

ქართული ბუნება ეწინააღმდეგება ანგლოსაქსურ ლიბერალ-კაპიტალიზმს. ეს ანტაგონიზმი დღეისათვის იმაში ვლინდება, რომ საბაზრო ურთიერთობებმა გამოიწვია საზოგადოების დაუჯერებელი დემორალიზება, დაშლა და ატომიზება. ქართული კულტურა სახმელეთო, კონტინენტური კულტურაა. დავით IV -ის დროს ექსპანსიური ვექტორები მიიმართებოდა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის (აზერბაიჯანი, სომხეთი), ჩრდილოეთის (ჩეჩნეთი, დაღესტანი) და დასავლეთის (აფხაზეთი, ჯიქეთი, ჩერქეზეთი) მხარეთაკენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზღვიდან ზღვამდე (შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე) გადაჭიმული კავკასიური იმპერია იყო და საზღვაო ქვეყანას წარმოადგენდა, მას არასოდეს ჰყოლია საზღვაო ფლოტი. თამარ მეფის დროსაც საზღვაო ექსპანსიისაკენ მისწრაფება არასოდეს გამოვლენილა. იმპერიის ზენიტის პერიოდში სავსებით ბუნებრივი იყო ზღვის სანაპიროს აჰყოლოდნენ სოჭი-ტუაფსეს მიმართულებით და ქართული ახალშენები შეექმნათ, როგორც ამას აკეთებდნენ წარმართი ბერძნები შავი ზღვის აკვატორიაში. საქართველოში ასე არ მომხდარა. ტრაპიზონის იმპერია შეიქმნა როგორც სახმელეთო იმპერია.

ინგლისელის, ჰოლანდიელის, სკანდინავიელის, რუსის და ესპანელისაგან განსხვავებით, ქართველს ღია ზღვაში გასვლის სურვილი არასოდეს ჰქონია. ქართული ბუნებისათვის უცხოა მოგზაურობა, ყარიბობა არა მარტო ზღვით, არამედ ხმელეთითაც. ქართველს დიდი სივრცისადმი მისწრაფება არასოდეს გააჩნდა. იმპერიული იდეა და სივრცისადმი სწრაფვა დავით აღმაშენებელმა მონარქიული ტირანიით, ცეცხლით და მახვილით დაამყნო ქართულ სულში და ამისთვის მან გამოიყენა ყივჩაყური არისტოკრატია და ყივჩაყთა არმია. სივრცისადმი სწრაფვის უქონლობა გამოვლინდა ქართული ქრისტიანობის ეთნოცენტრიზმში. ქრისტიანობის მსოფლიურობა ქართველმა დაამცრო ქართულ ქრისტიანობამდე. დავით მეფის შემდეგ ქართველი არასოდეს ყოფილა ექსპანსიონისტი.

ჩემს მსჯელობათა უარსაყოფად ოპონენტმა შესაძლოა მიმითითოს ჩრდილოკავკასიელებზე. მაგრამ შედარებით გაშლილი სივრცე მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში არის. სწორედ საქართველო იყო ძველად კავკასიის ჰეგემონი. ვისაც მეტი ჰქონდა, მეტიც მას მოეთხოვებოდა. დავით IV -ის შექმნილი კავკასიური იმპერია მონგოლებმა ერთი დარტყმით მოსპეს. მათ უნდა გასჭირვებოდათ მთიან რელიეფზე ბრძოლა, მაგრამ საქართველოს იმპერიამ მცირე წინააღმდეგობაც ვერ გაუწია მონგოლთა არმიას. ამის შემდეგ საქართველოში იმპერიული იდეისათვის მებრძოლი მეფე აღარ გამოჩენილა. ქართველთა ერთადერთი საზრუნავი საუკუნეთა მანძილზე  თავის გადარჩენა იყო. ასე მოაღწია საქართველომ დღევანდლამდე.

საქართველო, როგორც პოლიტიკური ორგანიზმი, დღეისათვის დასნეულებულია. ის არაბუნებრივად ვითარდება. სასიცოცხლო ძალები მიმართულია არა ცენტრიდან გარეთ, არამედ პირიქით, პერიფერიებიდან ცენტრისაკენ. ეს ისეთი ინტენსივობით ხდება, რომ დედაქალაქი მახინჯ სხეულზე დადგმულ უზომოდ დიდ თავს ემსგავსება. ქვეყნის მასშტაბთან შედარებით თბილისი უზარმაზარია. დედაქალაქი გადაჭედილი და გადამეტდასახლებულია, მაშნ როდესაც ქართული პროვინციები დაუსახლებელია და დასახლებულიც ცარიელდება. ქვეყნის სასიცოცხლო ძალები ვერსად პოულობენ გამოყენებას და ქართველთა მცირე ღონე ურთიერთმტრობაში ილევა.

საქართველოს მკვდარი ქალაქები და სოფლები დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის არსებობას. მთელი ინტელექტუალური ძალების კონცენტრაცია თბილისში მოხდა. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ქართული პროვინციები უფრო მობილური და ეკონომიკურად ძლიერი არაქართული ჯგუფებით დასახლდება. ასე თუ გაგრძელდა, თბილისისა და მისი ახლომდებარე რამდენიმე სოფლის გარდა საქართველოსაგან აღარაფერი დარჩება. საქართველოს ამ სატკივარს დასავლეთი არ მიხედავს და თავისმოტყუების გარდა არაფერს ნიშნავს იმის გამუდმებით გამეორება, რომ საქართველო დღეს ევროპული ინტეგრაციის ნაწილია.

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s