კავკასიის გეოპოლიტიკის საკითხისათვის


წინასიტყვაობა: 1999 წელს გამოსული ეს ნარკვევი საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას ეხება. პირველად გამოქვეყნდა გაზეთში „ახალი 7 დღე“ (17 – 23 დეკ., 1999).  წინამდებარე ტექსტს შემოკლებული სახით წარვადგენ. ვფიქრობ, რომ მაშინ თქმულს არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ამ ნარკვევში არის ანტიციპაციური ნამსჯელი. ათწლეულების მანძილზე საქართველო ერთ მანკიერ წრეზე დაჩანჩალებს და ერთ ილუზიას არის გამოკიდებული, რომელსაც ასულდგმულებენ ქართველი მედასავლეთენი. დასავლეთი არასოდეს ყოფილა და არც იქნება საქართველოს მოკავშირე! დასავლეთი მხოლოდ იმას შეეცდება, რომ საქართველო გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. ლიტონი სიტყვა გამოდგა წლობით იმის მტკიცება, რომ დასავლეთი რუსეთის დემოკრატიზებას ცდილობდა. დასავლეთი იყო და არის რუსეთის მტერი! სწორედ ესაა გეოპოლიტიკური ანტაგონიზმი, რის განმარტებასაც ოპონენტი პაატა ზაქარეიშვილი ჩემგან ითხოვს. მან ჩემთან საპოლემიკოდ დაწერა გამოხმაურება სათაურით: „გლობალური საკითხების კვლევის პრეტენზია ვიწრო თვალსაწიერიდან“.  ზაქარეიშვილი საგულდაგულოდ ფარავს სინამდვილეს, მაგრამ შუბი ხალთაში არ დაიმალება! ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ ლიბერალ-კაპიტალისტური ურთიერთობები იყო ძველ საქართველოში. სად იყო? რა იყო? ზაქარეიშვილი წერს, რომ საქართველოში არ ყოფილა ბატონყმობა, არამედ იყო პატრონყმობა. სწორედ ქართულ ბატონყმობას  გაექცა ასიათასობით ქართველი და ქვეყნიდან გადაიკარგა.  პატრონყმობა რომც ყოფილიყო საქართველოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალ-კაპიტალიზმი იყო მეფეების დროს. ზაქარეიშვილი წერს, რომ „საქართველოში არ არსებობდა ჩატეხილი ხიდი, ის რუსეთმა შემოგვიგდო“. საქართველოში რომ არსებოდა კლასთაშორისი გაუცხოება, ამაზე წერდა ილია ჭავჭავაძე. რუსეთმა რა შემოგვიგდო? რა მსჯელობაა? ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ „საქართველოში არ არსებობდა მამათა და შვილთა ბრძოლა, ეს იყო ერის გამთლიანების პროცესი“. აბა ვის ედავებოდა თერგდალეულთა დასი, თუ არა მამათა თაობას? მოიცა, საქართველოში არსებობდა ლიბერალ-კაპიტალიზმი და რუსეთი აშთობდა მას? რა ერის გამთლიანების პროცესი იყო? ქართველი მებატონეები და მეფეები იყვნენ ლიბერალ-კაპიტალისტები?  ლუთერს ან კალვინს მისდევდა რომელიმე? არ იცის ზაქარეიშვილმა ლიბერალ-კაპიტალიზმის ისტორია და მას ლიბერალიზმი თავისუფალი ბაზრის  აპოლოგია ჰგონია. ლიბერალ-კაპიტალიზმის დროს არსებობს მხოლოდ სოციალური ატომიზმი და კონსიუმერიზმი. ესაა მისი იდეალი და არა სახალხო, ზეკლასობრივი ერთობა. ამასაც ვკითხავ ზაქარეიშვილს: განა ისლამური ექტრემიზმის გამარჯვება ჩრდილო კავკასიაში ლიბერალიზმს დაამკვიდრებდა კავკასიის მთიელთა შორის? რატომ ტყუოდნენ ექსპერტები წლების განმავლობაში, როდესაც აშუქებდნენ რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს? რატომ გესლავდნენ ისინი რუსეთს? ღმერთმა არ ქნას, რომ ისლამურმა რადიკალიზმმა გაიმარჯვოს კავკასიაში! საქართველოს ლეკიანობაზე უარესი დრო დაუდგება! ვინმეს კიდევ  ჰგონია, რომ აქ NATO მოვა და საქართველოს დაიცავს მუსლიმი ექტრემისტებისაგან?

მედასავლეთე ექსპერტები ყოველთვის მალავდნენ იმ ფაქტს, რომ დასავლეთი იყო მტერი რუსეთისათვის. მათ ეს შენიღბეს გაწელილი ლაპარაკით აფხაზეთის ომზე. არ თქვეს, რომ ეს იყო აფხაზ-ქართველთა ომი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომი. საქართველოს ამ ომში დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა. ასევე იმედოვნებდა საქართველო 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის სამხედრო დახმარებას, როცა მან ატეხა ომი ცხინვალში. მედასავლეთეობის ილუზიამ საქართველო აქცია სათამაშოდ ამერიკის ხელში. საქართველომ სამუდამოდ დაკარგა სოხუმი და ცხინვალი და თავის მოტყუებაა ამდენი ლაპარაკი, რომ დასავლეთი და NATO საქართველოს დაუბრუნებს დაკარგულ მიწებს.

ზაქარეიშვილი ხომ არის ექსპერტი და თქვას მან ერთხელ მაინც რაღაც ლიბერალიზმის კრიზისზე. თქვას რაღაც იმაზე, რომ დასავლეთის მიერ მოწყობილი ლიბერტარიანული ექსპერიმენტი ჩაიფუშა საქართველოში. მთელი ცხოვრება აპოლოგია და თავის კანტური გაგონილა? მთელი ცხოვრება პოლიტკორექტულობას ამოფარება და ფრაზიორობა გაგონილა?

25 ივნ., 2016 წ.

გეოპოლიტიკური ანტაგონიზმის კონკრეტული გამოვლენების გაშუქებისას ქართული პოლიტიკური აზრი ძალზე სცოდავს და აშკარად ამჟღავნებს, რომ საკითხში ვერ ერკვევა.

ვითარება პოლიტიკურ გლობალისტიკაში დღეს ისეთია, რომ თუ ამერიკელები შეჩერდებიან მიღწეულზე – საბჭოთა კავშირის დაშლასა და რფ-ს ღრმა კრიზისში ჩაგდებაზე, ამით ისინი თავს საშიშ მდგომარეობაში ჩაიგდებენ. რუსეთს, მიუხედავად კრიზისისა, შესწევს ძალა, რომ იბრძოლოს იმპერიის აღორძინებისათვის. ამ ბრძოლის დაწყება ატლანტიზმისათვის მარცხის მომტანი იქნება, რადგან რუსული ექსპანსია ახალ იდეებზე იქნება დაფუძნებული და მასში ბევრი რამ იქნება დასავლური სისტემიდან გადმოღებული, რაც დასავლეთს გაუძნელებს რუსული ექსპანსიის იდეოლოგიურ უარყოფას. თუ ერთგან მოიშლება დასავლური სისტემის შემაერთებელი კვანძი, ეს გამოიწვევს მთლიანად ატლანტიზმის რღვევას.

გეოპოლიტიკური ანტაგონიზმი აიძულებს ამერიკელებს ყველა საშუალებით ბოლომდე იბრძოლონ ბიზანტიური მემკვიდრეობის მოსპობისათვის. შეჩერება უკვე მიღწეულზე ატლანტიზმს დაღუპვას უაქადის.

მიუკერძოებელი და არაკონიუნქტურული პოლიტიკური ანალიზისათვის ზემოთ ხსენებული არსებითი ვითარება უნდა იქცეს ამოსავალ დებულებად. ამის გარეშე შეუძლებელია საკითხის კვლევა ღირებული იყოს. ამ წერილში დაინტერესებული მკითხველის წინაშე წარვადგენ საკითხის ჩემეულ გააზრებას.

გასაკვირია ქართველ პოლიტიკოსთა უაზრო გაბოროტება რუსეთის მიმართ. რაც დრო გადის, ეს მტრობა უფრო ძლიერდება. საკითხავია, ვის ასწავლიან ჭკუას, როცა საკუთარ ქვეყანაში საგანგაშოდ აქვთ საქმე? პლურალიზმის მიუხედავად, ქართული პოლიტიკური აზროვნება ისტორიის უარეს გაყალბებას ახდენს, ვიდრე ეს საბჭოთა სისტემის დროს ხდებოდა.

ექსპერტები ხშირად ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს პრეტენზია გავლენა ჰქონდეს კავკასიაში და არაფერს ამბობენ ამერიკელებზე, რომელთაც იგივე პრეტენზია აქვთ. მათზე ამბობენ, რომ  „ამერიკელები დაინტერესებულნი არიან“. აქ უკვე მკვლევარი აღარ შეიძლება იყოს მიუკერძოებელი.  საკითხის არცოდნა და ზეკონიუნქტურულობა განაპირობებს იმას, რომ პოლიტოლოგთა და ექსპერტთა დიდი ნაწილის კომპეტენცია არაფრით განსხვავდება ჟურნალისტის კომპეტენციისაგან. ეს ვითარება კიდევ ერთხელ სრული სიცხადით წარმოჩინდა ჩრდილოკავკასიური ისლამური სეპარატიზმისა და რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის გაშუქებისას. ქართული მედიით ვრცელდება ინფორმაცია: „დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, რუსეთს ჯერაც არ გააჩნია ოპტიმალური სტრატეგია კავკასიაში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“. ასეთ მსჯელობას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჯერ ერთი, რას ნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი? ვისგან და რისგან არის ის დამოუკიდებელი, ყოველთვის ასე ხაზს უსვამენ მის დამოუკიდებლობას? ან საიდან ჩანს მისი დამოუკიდებლობა? და საერთოდ, თუ ექსპერტი დამოუკიდებელი არ არის, რა აზრი აქვს მის ექსპერტობას? რას ვარაუდობენ ექსპერტები? რუსეთს კი აქვს თავისი პოლიტიკა კავკასიაში, მაგრამ მას ხელს უშლიან დასავლური ძალები. ეს არის უმკაცრესი სინამდვილე გეოპოლიტიკური ანტაგონიზმისა, რასაც მსხვეპლად ეწირება ათასობით ადამიანი კავკასიაში, ჩეჩნეთის და დაღესტნის რელიგიური წინამძღოლები, რუს სამხედროთა ოჯახები. ვარაუდი ნიშნავს ჰიპოთეტურ მსჯელობას იმაზე, რომ რაღაც არის, ან არ არის. ასეთი ვარაუდის გამოთქმა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. ექსპერტისგან მეტს უნდა ველოდეთ. გარდა არაკომპეტენტურობისა ასეთ ფრაზებში ჩანს გულგრილობა ათასობით ამოწყვეტილი ადამიანის მიმართ. შეუძლებელია ასე გამოითქვას აზრი, მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ კავკასიელთა ერთობასა და ნათესაობაზე. გარდა სინამდვილის უგულებელყოფისა და გულგრილობისა, ასეთი ფრაზა წარმოაჩენს ექსპერტის შიშს. ის ცდილობს აზრის ისე გამოთქმას, რომ მოვლენათა ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში თავი დაიძვრინოს და მსჯელობა იმავე მანერით გააგრძელოს. ექსპერტი იტყვის, რომ სწორედ ისე განვითარდა მოვლენა, როგორც ის ფიქრობდა. ექსპერტი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ანალიზის დროს არასოდეს ცდება. არაკომპეტენტურობის გარდა მის ნამსჯელი მეცნიერულად არაკეთილსინდისიერია.

ქართული პოლიტიკის გაურკვევლობა და უძლურება ჩეჩნეთის ომთან მიმართებაში იფარება გამოგონილი არგუმენტებით. მაგალითად: „რუსეთს სურს საქართველოც ჩაითრიოს ჩრდილოკავკასიურ კონფლიქტში“.  ეს უაზრობაა, მაგრამ ის მრავალგზის მეორდება ექსპერტების, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ და ექოსავით ვრცელდება მედიაში, ფიქციის სახით მკვიდრდება პოლიტიკურ აზროვნებაში. როგორ ჩაითრევს ვინმე საქართველოს ჩრდილოკავკასიურ ომში, როცა საქართველოს არ აქვს კავკასიური პოლიტიკა? გამოდის, რომ საქართველო თვითონ იწევს საომრად და მას ძლივს აკავებენ. გამოთქმა „ჩათრევა“ სრული გაუგებრობაა არსებულ ვითარებაში. გამორიცხულია, რომ საქართველომ საკუთარი ინიციატივით რაიმე გააკეთოს ჩეჩენთა დასახმარებლად. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვინც ასეთ დროს მოკავშირედ გამოდგება.

ქართული პოლიტიკა აგებულია არა იდეაზე, არამედ ხალხის მოტყუებაზე, საყოველთაო ურთიერთსიძულვილსა და უნდობლობაზე. პოლიტიკას წარმართავს რამდენიმე მმართველი ქართული ოჯახი. ქართული პოლიტიკური ელიტა კი უმცირეს რისკსაც არ გასწევს, რათა თავის კეთილდღეობას საფრთხე არ შეუქმნას.

1999 წლის სექტემბერში რუსეთმა ფსოუზე საზღვარი გახსნა საქართველოს მტრული მოქმედების საპასუხოდ. ახლა საქართველოს მთავრობა ლამის იმუქრება, რომ გახსნის საქართველოდან ჩეჩნეთში გამავალ გზას. საკითხავია, თუ საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა გააჩნდა და ამ გზას მნიშვნელობას ანიჭებდა, აქამდე რატომ არ დაასრულა მისი მშენებლობა? ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს სახსრების უქონლობით იყოს გამოწვეული. თუ მოხდა ისე, რომ დასავლეთის რეზიდენტურის ინსპირირებით, ომის პერიოდში გაიხსნება ეს გზა, ამას ხელისუფლება ისე წარმოაჩენს, რომ საქართველოს გააჩნია ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა.

საქართველოში არსებული ანტირუსიზმი უნდა გულისხმობდეს მხარდაჭერას ყველას მიმართ, ვინც რუსეთს ებრძვის. საქართველო ვერ წარმართავს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ქვეყანაში არსებული უთანხმოებისა და ურთიერთსიძულვილის, არმიისა და ეკონომიკის არქონის დროს. ამიტომ საჭირო ხდება ყალბი არგუმენტაციის მოშველიება („რუსეთი დაგვბომბავს“, „იმპერიული ურჩხული აგონიაშია და უნდა მოვერიდოთ“). ამავე დროს ხელისუფლება თავისი თავისაგან ქმნის რუსეთის მტრის იმიტაციას. ეს პოლიტიკა კი არა, არამედ ჭორიკანობაა. თუ ასე ეშინიათ რუსეთისა, რატომღა დასცინიან მას უკვე მეათე წელია? ქართველების ყასიდი ქადილი და დაცინვა პოლიტიკად საღდება.

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ჩრდილო კავკასიაში, საქართველო კვლავ კავკასიის მოღალატედ და თავისი იმპერიული იდეის უარმყოფლად წარმოჩნდება. ასე იყო იმამ შამილის დროს. ასე იყო საქართველოში სამოქალაქო ომის დროსაც და აფხაზეთის ომის დროსაც. ჩეჩნები და ლეკები აფხაზეთის მხარეზე იბრძოდნენ აფხაზეთ-საქართველოს ომში. მათ ქართული მედია მოიხსენიებდა აკვიატებული სიტყვით „გადამთიელები“. აფხაზეთის მომხრე ჩრდილოკავკასიელები საქართველოში ხედავდნენ კავკასიის მტერს, ხედავდნენ ხელისუფლებას, რომელმაც დაამხო კავკასიური ერთიანობის იდეის დამცველი გამსახურდია, შემდეგ კი მხარი დაუჭირა რუსეთს ჩეჩნეთის ომში დუდაევის დროს. სტალინზე კი არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან, როგორც ქართველმა, ჩრდილოკავკასიელებს ავნო, რადგან ის კულტურული კუთვნილების მიხედვით, თავს რუსად თვლიდა და რუსულ იმპერიულ იდეას იცავდა.

იქნება კი საქართვლო საიმედო მოკავშირე ამერიკელებისათვის, რომელთა ინსპირირებითაც ისლამური სეპარატიზმი დამკვიდრდა ჩრდილო კავკასიაში? შეუძლებელია, თვით ამერიკელებს არ ეპარებოდეთ ეჭვი ქართველთა მოკავშირეობის საიმედოობაში. როგორც ატლანტისტური, ასევე ევრაზიული ორიენტაცია საქართველოსაგან მოითხოვს ელემენტარულ სამოქალაქო თანხმობას და სოციალურ წესრიგს, რაც ქვეყანაში დღემდე არ არის მიღწეული.

ქართული პოლიტიკა მთლიანად ისეა აგებული, რომ მასში გამორიცხულია ზნეობრივი კანონი, იდეისადმი ერთგულება და რწმენა, თამოყვარეობისა და პრინციპულობის კრიტერიუმები. ქვეყნის პოლიტიკის ამგვარ ხასიათს განსაზღვრავს ქართული პროვინციალიზმი და ეთნოცენტრიზმი, საუკუნოვანი მონობა. პოლიტიკა გადაიქცა ეროვნული ტყუილის გარკვეულ გამოვლინებად. ხშირად გამოიყენება ასეთი ხერხი: მაგალითად, რომელიმე დასავლურ პერიოდულ გამოცემაში იქაური ჟურნალისტი დაწერს, რომ სომხეთი კავკასიის ჟანდარმია (ე. ი. სომხეთის ევრაზიული ორიენტაცია დასავლური მედიის მიერ უარიყოფა). აქ ამ აზრს მრავალგზის იმეორებენ და მიუთითებენ, რომ ის დასავლეთში ითქვა. ესაა სერვილიზმი.

ქართველნი საკუთარი ანტირუსიზმის განსამტკიცებლად იშველიებენ რუსი ინტელიგენტების ნათქვამს, რომელთაც თურმე რცხვენიათ თავისი ქვეყნის იმპერიული წარსულისა. მაგრამ ამას რუსული ინტელიგენცია კი არ ამბობს, როგორც ამის წარმოჩენა აქ სურთ, არამედ ინტელიგენციის ნაწილი, რომელიც მედასავლეთეთა შტოს მიეკუთვნება. მათი მტკიცებით, რუსეთმა წარსულში ტყუილად იომა იმპერიული იდეისათვის. დასავლეთი კი ამ დროს სულ სხვა გზით მიდიოდა. მაგრამ დასავლეთი დღეს არის ასეთი მიმზიდველი და წარმოებაში მაქსიმალური ეფექტიანობის მქონე. 50 წლის წინ ის არ ყოფილა ასეთი. დასავლეთმა იდეურობის დამცრობის ხარჯზე მიაღწია ასეთ კეთილდღეობას. დასავლეთი ანტიიდეოკრატიულია, რელიგიით სანქცირებული ტრადიციის ანტაგონისტია. ეს იწვევს აღმოსავლეთის მტრობას დასავლეთისადმი. იმპერიული იდეა თვით მართლმადიდებლობის დოქტრინაში ძევს და თუ ამ იდეას უარყოფენ, მაშინ უნდა უარყონ მართლმადიდებლობა და მთლიანად ეკლესია, რომელმაც მოახდინა იმპერიული იდეის სანქცირება. ამის დანახვა მედასავლეთე რუს ინტელიგენტს არ სურს. განვითარების დასავლური გზა არ არის ერთადერთი და არც სოციალიზმის იდეებია ასე ადვილად უარსაყოფი. თუ საქართველოში ამტკიცებენ დასავლური გზის ერთადერთობას, ეს გაუგებრობაა, იმიტომ, რომ არ ეგების ამის მტკიცება ქვეყანაში, რომელშიც არასოდეს ყოფილა ლიბერალ-კაპიტალისტური ურთიერთობები და კაპიტალიზმის შემამზადებელი რელიგიური ერესები. ქართველი დემოკრატისათვის დღეს რუსი ვანია აგრესიას იწყებს ჩეჩნეთის წინააღმდეგ, მაგრამ ის ვერასოდეს გაბედავს დამცინავი მეტსახელით მოიხსენიოს ამერიკელი თუ ინგლისელი.

მოხდა ისე, რომ რუსეთმა კი არ დაიწყო ჩეჩნეთის წინააღმდეგ მეორე ომი 1999 წლის სექტემბრის ბოლოს, არამედ დასავლეთმა. ატლანტიზმმა დაიწყო აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნურ-დაღესტნური ისლამური სეპარატიზმის სახით.  ახლა საქართველოში ისეთი სურათის დახატვას ცდილობენ, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს ბომბავს და მან დაარღვია ხასავიურტის შეთანხმება. ტყუილად ცდილობს საქართველო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების დარღვევაში დაადანაშაულოს რუსეთი. საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იქ ირღვევა სადაც საქმე პირდაპირ ეხება გეოპოლიტიკურ ინტერესებს. ასე დაარღვია დასავლეთმა საერთაშორისო სამართალი, როცა დაბომბა ერაყი, სერბეთი.

ქართველთა მამხილებლობა იმასაც არ ივიწყებს, რომ რფ-ს ახლანდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი უშიშროების მუშაკი იყო. კი მაგრამ, იგი ხომ ოფიციალურად იყო უშიშროების ოფიცერი? საქართველოს ხელისუფლება პირველი პირიდან დაწყებული. მილიციის, უშიშროების და პარტაპარატის ყოფილი ფუნქციონერებისაგან შედგება. ამას ემატება უშიშროებასთან ფარულად მოთანამშრომლე მრავალი ინტელიგენტი. მაღალი რანგის ამერიკელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი CIA -დან არის მოსული. ამგვარ მხილებებს რუსეთის წინააღმდეგ აქვს აკადემიური პოლიტიკური ანალიზის პრეტენზია. დღეს საქართველოს არ ჰყავს რუსეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერი. საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკის თეორეტიკოსები. მეცნიერს არ შეუძლია არ გაიმეოროს ის, რაც გაზეთში ყოველდღიურად იწერება.  ეს მისი უცოდინრობისგან მოდის.

კი, ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები ჩეჩნეთში, მაგრამ დასავლეთს უჭირს აზრის გამოთქმა ამაზე. ის თავადაც ასე მოქმედებდა სერბეთის დაბომბვისას. რუსეთი ბომბავს საწარმოებს, ნავთობსადენს, რადგან მიაჩნია, რომ ჩეჩნური ტერორიზმი სწორედ აქედან იღებს დაფინანსებას. ასევე ბომბავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სერბეთის ინდუსტრიულ ობიექტებს, ხიდებს, საცხოვრებელ სახლებს. თავიდან ითქვა, რომ დაიბომბებოდა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, მაგრამ ეს განცხადება ფუჭი გამოდგა. შემდგომი დაბომბვებისას NATO -ს ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ესა თუ ის შენობა სტრატეგიული დანიშნულებისა იყო. ამ ლოგიკით, ხე, რომელიც დგას მოწინააღმდეგის მიწაზე, უნდა მოიჭრას, რადგან მის ჩრდილს შესაძლოა, მტერი შეეფაროს დასასვენებლად.

არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ დასავლური მედია უფრო თავისუფალია ჩეჩნეთის ომის გაშუქებისას, ვიდრე ქართული მედია, რომელიც ამ საკითხში ზეკონფორმისტულია და ცრუ მხარდაჭერას გამოთქვამს ჩეჩნეთის მიმართ.

რუსეთის მომტერე ქართველთათვის სასიხარულო გამოდგა ის ამბავი, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში ისახება სეპარატიზმი და იქმნება აზრი დიდი ჩერქეზეთის შექმნაზე, რომელიც გარდა ყაბარდო-ბალყარეთისა და აფხაზეთისა მოიცავს კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეთა ნაწილს. ასეც რომ იყოს, რაა აქ ქართველთათვის სასიხარულო?  რომც მოხდეს და რუსეთი ჩრდილო კავკასიიდან გავიდეს, საქართველო ჩრდილოეთის მხრიდან მტრების გარემოცვაში მოექცევა. გეოპოლიტიკის კანონთა მიხედვით, საქართველო დასაპყრობი ობიექტია და არა სახელმწიფო. აქ ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნებისათვის საჭირო ერთიანობაც არსადაა. ზედმეტია ლაპარაკი რაიმე იდეისათვის ბრძოლაზე. ჩრდილოკავკასიური ისლამური პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრები მუდამ თავდასხმის მიზანი იქნება. რუსეთის გასვლა სტაბილიზაციას კი არ მოიტანს კავკასიაში, არამედ პირიქით. კავკასიაში არსებულ ტრაიბალიზმს ვერავითარი ძალა ვერ აღმოფხვრის და შესაძლოა, გაეროში დაისვას საკითხი სამეურვეო საბჭოს აღდგენაზე. ეს საბჭო თავის დროზე უჩამორჩენილეს ხალხებს მეურვეობდა. ჩრდილო კავკასიაში ვრცელდება პოლიტიკური ისლამი, მაგრამ კავკასიური ისლამური გაერთიანება მსოფლიო ისლამის პროვინციად დარჩება.

დღეს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დაწყებისას (1999 წლის ოქტომბრის დასაწყისი), ვრცელდება ინფორმაციული ფობია, რომ ომი კავკასიურ აფეთქებას გამოიწვევს. ეს არაა სწორი. ყველა ჩრდილოკავკასიელი არ დაიწყებს რუსეთის წინააღმდეგ ომს. კავკასია დღეს მხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა და არა პოლიტიკურ-კულტურული.

ქართულ პოლიტიკაში ფეხმოკიდებულია ორაზროვნება ჩეჩნეთის ომთან დამოკიდებულებაში. გამოითქმის ზოგადი განცხადებები: „ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი ჩრდილოკავკასიელთა მიმართ“, „მოძმე კავკასიელებს საქართველო დახმარებაზე უარს არ ეტყვის“, ‘შევარდნაძის კავშირები კავკასიის საკითხს მოაგვარებს“. მაგრამ შევარდნაძეს ვისთანაც აქვს კავშირები, სწორედ ისინი აქეზებენ ისლამურ სეპარატიზმს.

თუ ქართული პოლიტიკური აზროვნება არ მალავს თავის სურვილს რუსეთი დაშლილი იხილოს, მაშინ ის ჩრდილოკავკასიური სეპარატიზმისათვის მოკავშირე თუ არა, თანამგრძნობი მაინც უნდა იყოს. თუ ხელისუფლების მიერ აღინიშნება, რომ რუსეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ისლამური სეპარატიზმი საშიშია საქართველოსათვის (ეს აზრი ჯერ კიდევ 1996 – 8 წლებში გამოითქმოდა), მაშინ რა არის გასახარი იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია დაიშლება?

ჩეჩნებისადმი თანაგრძნობა მოჩვენებითია. თუ რუსეთი დათრგუნავს ჩეჩნურ სეპარატიზმს, საქართველოში მყისიერად სხვაგვარ ლაპარაკს დაიწყებენ. იტყვიან, რომ რუსეთი ჩვენი ისტორიული მეზობელია. თუ რუსეთი ვერ შეძლებს სეპარატიზმის ჩახშობას, იტყვიან, რომ რუსეთი იშლება და ჩვენ ასე ვიწინასწარმეტყველეთო. 1999 წლის აგვისტოში დაღესტანში ომის დროს ქართული მედია წერდა ღვარძლითა და სიძულვილით რუსეთზე. ითქმოდა, რომ რუსეთს კავკასია ხელიდან ეცლება. თუ საქართველო მართლა რუსეთის მტერია, მაშინ მას უნდა გააჩნდეს ჩრდილოკავკასიელთა მოკავშირეობის პოლიტიკა. გაზეთებში სიტყვების სროლა არაფერს ნიშნავს. ეს არის უძლურებისა და სიმხდალის დასაფარი ილეთი.

იდიოტობაა პოლიტოლოგთა მიერ გავრცელებული აზრი, რომ ვაჰაბიზმი შექმნეს რუსეთის სპეცსამსახურებმა. ეს მანკიერი ჩვევაა, როცა ყველაფერი რუსეთის სპეცსამსახურებს ბრალდება. ვაჰაბიზმის კავკასიაში გავრცელების მიზანი არის რუსეთის ფეხის ამოკვეთა კავკასიიდან. ესაა საუდის არაბეთიდან მომდინარე ატლანტისტური ორიენტაციის ფუნდამენტალიზმი. სიძნელე იმაშია, რომ მთელი დაღესტნის, ან მთელი ჩეჩნეთის მოქცევა ვაჰაბიზმზე შეუძლებელია.

ძნელია დაეთანხმო იმ რუს პოლიტიკის ანალიტიკოსებს, რომელნიც ამბობენ, რომ ტერორიზმი რუსეთს დაუბრუნდა როგორც საპასუხო ღვთიური სასჯელი იმის გამო, რომ ის ავღანეთსა და აზია-აფრიკის სხვა ქვეყნებში სისასტიკეს სჩადიოდა. ასეთი მსჯელობა მთავრდება შეგონებით, რომ უნდა განვიწმინდოთ და მოვინანიოთ. მაგრამ განა ამერიკელები ნაკლებ სისასტიკეს სჩადიოდნენ? პოლიტიკის თეორიაში რელიგიურ ზნეობაზე დაფუძნებული გამარტივებანი არ გამოდგება.

იმპერიული რუსი ხალხისათვის რჩება ერთადერთი შესაძლებლობა: ეს არის იმპერიული იდეისათვის ბრძოლა. სხვაა ის პოლიტიკური სინამდვილე, რაც მიესადაგება, მაგალითად, ყაზახეთს, ან მოლდოვას, და სხვაა რუსეთის სინამდვილე. რუსეთში იმპერიული იდეა მიინავლა, მაგრამ არ ჩამქრალა. რაც არ უნდა კორუმპირებული იყოს რუსეთის ხელისუფლება, ყოველთვის იარსებებს ძალა, რომელიც იმპერიული იდეისათვის იბრძოლებს. რუსეთის ფედერაცია არ დაიშლება. უაზრობაა, როცა ქართული პოლიტიკური აზროვნება უკვე მერამდენე წელია ამას ბრიყვული სიხარულით ელოდება. რფ-ს არც ერთ სუბიექტს არ აქვს ძალა, მარტომ გაიტანოს თავი მსოფლიო ეკონომიკაში.

ჯერ არ შექმნილა ისეთი იმპერიული სისტემა, რომელსაც შეეძლებოდა თავისი შემადგენელი ქვეყნისათვის სუვერენიტეტისა და ეკონომიკის ერთდროულად უზრუნველყოფა. ერთი მუდამ მეორის სანაცვლოდ კეთდებოდა. იმპერიული სისტემიდან გამავალი სუბიექტი კარგავს ეკონომიკურ პროტექციას და იღებს პოლიტიკურ სტატუსს – სუვერენიტეტს. სუვერენიტეტის შეზღუდვა იმპერიაში ყოფნისას გამოიხატება საგარეო პოლიტიკის და სამხედრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვის უფლების ჩამორთმევით. ამის საფასურად ქვეყანა იღებს გარანტირებულ გასაღების ბაზარს, ეკონომიკურ და კულტურულ პროტექციას. ნამდვილი სუვერენიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებითა და სახელმწიფო დროშების  ამ ორგანიზაციათა შტაბ-ბინების წინ გამოკიდებით კი არ დასტურდება, არამედ არმიისა და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობით. ეს ორი კომპონენტი ერთად და არასოდეს ცალკე აღებული, განსაზღვრავს სუვერენიტეტის ნამდვილობას. თვით დღევანდელი დასავლური ინტეგრაცია ვერ აუვლის გვერდს ამ კანონს. მეტი ეკონომიკური პროტექცია მხოლოდ სუვერენიტეტის მეტი შეზღუდვით შეიძლება მიიღონ ინტეგრაციის შემადგენელმა ქვეყნებმა. დასავლური ქვეყნების არმიები ბუტაფორიებია, ხოლო საგარეო ურთიერთობები მხოლოდ ატლანტიზმის ფარგლებშია თავისუფალი. ამ ფარგლებს გაცილება იწვევს რიგ სანქციებს დამრღვევი ქვეყნის მიმართ. ასე იყო შარლ დე გოლის დროინდელი საფრანგეთის შემთხვევაში.

დღეას დასავლეთს არ ჰყავს გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იბრძოლებს ბიზანტიური მემკვიდრეობის მოსპობისათვის. დასავლური სისტემის მცდელობები საამისოდ არასაკმარისია. სერბეთის დაბომბვას დასავლეთმა მილიარდობით დოლარი დაახარჯა ყოველგვარი შედეგის გარეშე. დასავლურ სისტემას არ ჰყავს პიროვნება. დასავლელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი კონფორმისტია.

რუსეთს, მიუხედავად მისი ღრმა კრიზისისა, აქვს უდიდესი იმპერიული პოტენციალი, რაც არ აქვს დასავლურ სისტემას, მიუხედავად მისი გამარჯვებისა საბჭოთა იმპერიაზე. რატომ სჯერათ საქართველოში, რომ რუსეთმა ჩეჩნეთის პირველ ომში საბოლოოდ წააგო? რუსეთს ყოველთვის ექნება იმდენი ძალა, რომ საქართველოს ავნოს, იმიტომ რომ საქართველოში ხელისუფლების დემორალიზებისა და ქვეყნის დაცემის ხარისხი რუსეთთან შედარებით ერთი ათად მეტია. ამ დროს გაჯიბრება მასთან, ვინც მსოფლიოს დამპყრობელი იყო და მორალის სახელით მისი დაცინვა პოლიტიკური სიბრმავეა. საკუთარი უაზრო ქედმაღლობისა და ეთნოცენტრული ნარცისიზმის გამო იმის მტრად მოკიდება, ვისგანაც მუდამ დავალებული იქნები, არ არის პოლიტიკა. არ შეგეძლოს საკუთარი მცირე ქვეყნის მოწესრიგება და ქმნიდე იმის მოჩვენებითობას, რომ საბრძოლველად მიიწევ და მეგობარი ქვეყნები ძლივს გაკავებენ და თან თავშეკავებისათვის მადლობას გიხდიან, სასაცილოა. ასე იყო გალში დამარცხების დროს.

დასავლეთის მხარდაჭერით გულმოცემული საქართველო ცდილობს ჩაერთოს საშიშ თამაშში რუსეთის წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმართვის ტრადიცია. იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს ასეთ თამაშში მონაწილეობა, მას უნდა გააჩნდეს ეკონომიკა, სამოქალაქო ერთიანობა და არმია. საქართველოს ეს არ გააჩნია. გამორიცხულია, რომ ქართული სპეცსამსახურები გაუტოლდნენ რუსეთისას და ქართული კონტრდაზვერვა ოდესმე შეძლებს რუსეთის მოტყუებას.

1999 წლის სექტემბერში მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ყირგიზეთში სამთავრობო ჯარები ებრძვიან ისლამისტთა ამბოხებულ რაზმს. როდესაც საქართველოში ცდილობენ განამტკიცონ აზრი, რომ ისლამური სეპარატიზმი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის ინსპირირებული, ავიწყდებათ, რომ შუა აზიაშიც არსებობს ისლამური მოძრაობა. ხანგრძლივი სამოქალაქო ომი ტაჯიკეთში გამოწვეულია ატლანტიზმის მცდელობით, ფეხი მოიკიდოს ტაჯიკეთში. ეს ქვეყანა ევრაზიის ცენტრია. ჯერ კიდევ მეფის რუსეთისა და ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომი სამოქალაქო ომის დროს ინგლისი ცდილობდა თავისი რეზიდენტებისათვის ფეხი მოეკიდებინა შუა აზიაში. XIX  საუკუნეში ამასვე ცდილობდა ინგლისი ავღანეთში.

დღეისათვის ჩეჩენ სეპარატისტთა სამხედრო ძალა უკან იხევს დიდი დანაკარგებით. ანტირუსული მედია ისე წარმოაჩენს, რომ მთელი ჩეჩნეთი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასე არ არის. ჩეჩენთა შორის აღარ არის ისეთი საომარი აღფრთოვანება, როგორიც იყო რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროს. პარტიზანული ბრძოლა ჩეჩნეთს ვერ გადააქცევს კავკასიურ ავღანეთად, იმიტომ რომ რამდენიმე ასეული მებრძოლის გარდა რუსეთს არავინ შეებრძოლება. პარტიზანულ ბრძოლას რუსული არმია სასტიკად ჩაახშობს. ჩეჩნეთი სრულ განადგურებამდე რუსეთის წინაშე არაფერს დათმობს. რუსეთმა კი არ უნდა დაუშვას თავისი დამარცხება, რადგან დამარცხება ნიშნავს კავკასიური სეპარატიზმისა და შუააზიური ისლამური ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას. საქართველოს თვალწინ ერთმანეთს ეჯახება ორი იმპერიული იდეა. ორივე მხარე მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას იყენებს გამარჯვებისათვის. ეს არის ომი მთელი პლანეტისათვის.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s