მიწის იდეა


წინასიტყვაობა:  2000 წელს გამოქვეყნებული ორნაწილიანი  წერილი – მიწის იდეა – საქართველოს საგარეო ორიენტაციას ეხება. წარვადგენ ამ პუბლიკაციის ნაწყვეტს პირველი წერილიდან და მეორე წერილს თავდაპირველი სახით და სრულად. პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „მერიდიანი 44“ (20 – 27 დეკ., 27 დეკ., 2000, N 130, 131). გამუქებული სტრიქონები რედაქციამ გამოჰყო.

ლიბერალთა მიერ საქართველოს ევროპელობის მტკიცება იმის საფუძველზე, რომ ქვეყანა მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკას და სამომხმარებლო, ღია საზოგადოებას, არის ქიმერა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე მონუსხული ჰყავს პოსტსაბჭოთა საქართველო. ასეთ დროს უკიდურესად გამწვავებული პოლემიკა მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე მხოლოდ აძლიერებს საზოგადოების დეზორიენტაციას. პოლემიკას კი ის ამწვავებს, რომ მემარჯვენეობა გაიგება მხოლოდ როგორც დასავლური ინტეგრაციისაკენ სწრაფვა, ხოლო მემარცხენეობა მხოლოდ როგორც მარქსიზმ-ლენინიზმის რესტავრაცია და რუსეთთან რეინტეგრირება. დემოკრატებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ მარქსიზმიც და ლიბერალიზმიც დასავლური მოდერნიზმის გამოვლინებანია და საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ მოდერნიზმი ახდენს ლიბერალიზმის ისეთსავე დოგმატიზაციას, როგორც მარქსიზმის დოგმატიზაცია ხდებოდა საბჭოთა იმპერიაში. როცა ვმსჯელობ საბჭოთა იმპერიის, როგორც პოლიეთნიკური, უნივერსული გაერთიანების დაშლის უმართებულობაზე, ოპონენტმა დემოკრატმა ბრალი არ უნდა დამდოს იმპერიული აზროვნების დაუძლევლობასა და საბჭოთა წარსულისადმი ნოსტალგიაში. მას შევახსენებ, რომ დასავლეთი თვითონ ცდილობს პოლიეთნიკური, უნივერსული გაერთიანების – ევროპული ინტეგრაციის შექმნას და ამავე დროს მტრულად განწყობილია ნებისმიერი სხვა ინტეგრაციისადმი. მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე მსჯელობისას საკითხი ეხება არა არჩევანს ლიბერალებსა და კომუნისტებს შორის, არამედ იმას, რომ დაიძლიოს დილემა – რუსეთი-დასავლეთი. საქართველომ უნდა მოიძიოს მესამე გზა და ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ თავისი კულტურული მახსოვრობისაკენ მობრუნებით შექმნას აღმოსავლეთთან დაახლოების საფუძველი. ქვეყნის სააზროვნო ძალა ამაზე უნდა იყოს მიმართული, რათა პოსტლიბერალურ და პოსტდასავლურ სინამდვილეში საქართველო მის გარეთ არ დარჩეს. ახლანდელი დოგმატიზებული ლიბერალიზმი არის დასავლური ცივილიზაციის განვითარების უკანასკნელი ზღვარი და დასავლური ქრისტიანობის დასასრული. მსურს ვკითხო ოპონენტ დემოკრატს – რას გულისხმობს ის, როდესაც ლაპარაკობს დემოკრატიის განვითარებაზე? კი ყარიბობდა ეულად სულხან-საბა ევროპაში, რაც დემოკრატებს საქართველოს ევროპისაკენ ისტორიული სწრაფვის დასტურად გაუხდიათ, მაგრამ სულხან-საბამდე ქრისტეს სიტყვით გულანთებული ქართველი მოღვაწენი აღმოსავლეთისაკენ ისწრაფოდნენ.

თუ საქართველო ვერ შეძლებს მესამე გზაზე დადგომას, ეს ნიშნავს, რომ ის კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა და ცხადი გახდება, რომ ამ ხნის მანძილზე მან ვერ შეძლო სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და არ შეუძლია თავისი ბედის განკაგრვა. კრემლის ჭიშკარი საქართველოსათვის კანოსად იქცევა. ის, დასავლეთის „მეგობარი ქვეყნებისაგან“ მიტოვებული ვერავისთან მივა, გარდა რუსეთისა და ერთმორწმუნეობის სახელით მას შეავედრებს თავს. დასავლეთსა და რუსეთს შორის დისტანცია სწრაფად იზრდება. გავა დრო და მთელი ეს აპოლოგია დემოკრატიისა უარიყოფა და დაიგმობა. მესამე გზა საქართველოსათვის არის სრული იდეური გაკოტრების სიმძიმის შემსუბუქების საშუალება. ეს არის გზა, რომელიც ქართულ კულტურას დიდი კატაკლიზმებით გამოწვეული რყევისაგან დაიცავს.

წერილი მეორე

სწორედ დღეს, როცა დემოკრატიის აპოლოგია ქართველ დემოკრატთა ნაუბარში ზენიტს აღწევს, იქმნება იდეური დასრულებულობისა და გარკვეულობის მაცდუნებელი მოჩვენებითობა, მთელი სიმწვავით დგება საკითხი – შეუძლიათ თუ არა ქართველებს შობონ იდეა, რომელიც მრავალი თაობისათვის იქნება ღირებული, რომელიც რესენტიმენტულ სწრაფვაზე მაღლა იდგება და არ მიუთითებს დასავლეთზე, როგორც ჭეშმარიტების საწყაოზე? ეს ქართული იდეა უნდა იშვას არა მამხილებლობისა და უარყოფის, არამედ შინაგანი ძიებისა და ექსტროვერტული ბუნების დაძლევის გზით.

მამხილებლობამ უკვე შვა პოსტსაბჭოთა ეკლესიურობა, რომელიც მყისვე ქიმერად იქცა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ეკლესიურობა ეფუძნებოდა რესენტიმენტულ შურისგებას და არა ღმერთის ძიებას თავის თავში. დღეისათვის საქართველოს, ამდენი ხნის გასვლის მიუხედავად, ბოლშევიზმის ღმერთის სახელით ქირდვა არ დაუსრულებია. ეს კი ისევ ღმერთის უარყოფაა და არა სულიერების ნიშანი. შეუძლებელია მაცხოვარმა როდესმე გაამართლოს ქირდვა და ქილიკი.  არც ერთ წერილში ქრისტე არ იცინის. მესიისათვის ხუმრობა, ენაკვიმატობა და ოხუნჯობა შეუწყნარებელია. ის ამხელს ფარისეველთ, როგორც ეს წინასწარმეტყველთა ტრადიციისამებრ ხდება. ეს არაა რესენტიმენტული შურისგება. ესაა ქრისტეს, როგორც ღმერთის მსჯავრი.  ტაკიმასხრობად ქცეული მარქსიზმის მხილება ქართულმა დემოკრატიამ ქრისტესადმი აპელირებით  წარმართა და ყოველგვარ ზღვარს გადასულ ქილიკში ღმერთიც ტაკიმასხარად აქცია.

თუ ქართველებს შეუძლიათ იდეის შობა, იგი უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ქართული მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი, რომელიც რესენტიმენტულია და ვერ სცილდება ეთნოცენტრიზმისა და კულტუროფობიის საზღვრებს. ქართული ფუნდამენტალიზმი ყოველთვის იბეროცენტრულია. მას ქრისტიანული მესიანიზმი დაჰყავს ქართველ ერამდე და მხოლოდ ქართველთა ცხონების იმედამდე. ამით ის როგორღაც ემსგავსება იუდაისტურ მესიანიზმს. ქართული რელიგიური ეთნოცენტრიზმი ცდილობს ქრისტე ქართველთა ღმერთად აქციოს. ამ ეთნოცენტრიზმისათვის მიმზიდველია ებრაელებთან 26-საუკუნოვან სიახლოვეზე ლაპარაკი. ფუნდამენტალიზმი ამკვიდრებს აზრს, რომ განკითხვის ჟამს ქართველნი რჩეული ერი იქნებიან უფლის თვალში. ფუნდამენტალიზმი ყოველი საშუალებით ამართლებს ეთნოცენტრიზმს. ის ივიწყებს, რომ დიდ რელიგიათა წმინდა წერილებს მხოლოდ დიდ, პოლიეთნიკურ სივრცეში აქვთ მნიშვნელობა და მართლმადიდებლობის სიძველით მოსილი ბიზანტიური ტრადიცია, რის მცველებადაც თავს ფუნდამენტალისტები აცხადებენ, იმპერიული და პოლიეთნიკური ბუნებისა იყო. შეუძლებელია, რომ მართლმადიდებლური ტრადიცია საქართველოთი შემოისაზღვროს. მსოფლიო რელიგიის იდეა, დამცრობილი მცირე ხალხამდე, ყველა შემთხვევაში გადაგვარებას განიცდის. მაგალითად, ჩეჩნებმა თავი ისლამური ჯიჰადის მებრძოლებად და ჭეშმარიტ მუსლიმებად მიიჩნიეს. ქვეყნის ისლამიზაციამ გამოიწვია ჩეჩენთა მოწყვეტა როგორც ევროპეიზმისაგან, ასევე აღმოსავლეთისაგანაც. ასევე მოხდა ავღანეთში. მცირე ქვეყანა, რომელშიც არასოდეს ყოფილა რელიგიური მოძრაობისა და უნივერსალისტური  იდეისათვის ბრძოლის ტრადიცია, ვერასოდეს გახდება რელიგიური მოძრაობის მედროშე.

ქართველ ფუნდამენტალისტთა გაურკვევლობა იქიდანაც ჩანს, რომ ისინი დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მომხრენიც არიან და ბიზანტიურ ტრადიციაზეც მიუთითებენ, რაც ერთმანეთის გამომრიცხველია. თუ მართლმადიდებლობას შერჩენილი აქვს დასავლური მოდერნიზმისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ლიბერალიზმი ყველა საშუალებით შეეცდება მის ნეიტრალიზებას და ეს ნაწილობრივ მან განახორციელა რელიგიის არნახული პროფანაციით პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში. ფუნდამენტალიზმის მიხედვით, მომავალში სწორი მმართველობა დამყარდება და აღდგება რელიგიური ტრადიცია, მაგრამ სიძნელე ისაა, რომ თეოკრატიის ან მონარქიის დამყარება ნიშნავს ეგალიტარიზმისა და ლიბერალიზმის ყველა დიდ მონაპოვართა უარყოფას. ტრადიციის აღდგენა ნიშნავს არსებული სინამდვილის რადიკალურ უარყოფას და დაბრუნებას მონარქიულ-არისტოკრატიულ საზოგადოებასთან. ეს საკითხები ფუნდამენტალიზმს არა აქვს გარკვეული. მხოლოდ ანტიქრისტეზე ლაპარაკი არაა საკმარისი ამ საკითხთა გადასაწყვეტად. ყველაზე ცუდი აქ ის არის, რომ სატანაზე საუბარი და არსებული სინამდვილის მხილება ეფუძნება რესენტიმენტულ ცნობიერებას, რომელიც თავს იფარავს რელიგიური ტრადიციითა და უფლის სახელით.

ილიასა და აკაკის დროინდელ ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებასთან შედარებით, დღევანდელი აზროვნება გაცილებით რესენტიმენტულია. ეროვნული მოძრაობა მაშნაც იყო, მაგრამ ასეთი სიღრმის ურთიერთსიძულვილი, რომელიც წლების მანძილზე გრძელდება, არ არსებულა. ილიას დროინდელ ეროვნულ მოძრაობაში არ ყოფილა რუსეთის ასეთი ლანძღვა, როგორიც დღეს არის. დემოკრატებმა დაამკვიდრეს წესი, როდესაც ყველა ცდილობს მენტორობას, შემფასებლობას და მსაჯულობას. ქართული აზროვნება ყველაფერს აქილიკებს, რაც არ ეტევა კონიუნქტურის ფარგლებში და ამავე დროს თავგადაკლული იცავს რაღაცას, როგორც ჭეშმარიტებას. ამის გამოა ქართული აზროვნება დაკნინებული, მდაბიური და კეთილშობილებას მოკლებული. მორიგი იდეური გაკოტრების გასამართლებლად კი ეს დაკნინებული აზროვნება კვლავ სიცრუეს იგონებს. ასეთ აზროვნებას არ შეუძლია კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და განამტკიცოს ერთიანობა. ეს აზროვნება ყოველთვის უმაღლესი ზნეობის სახელით გამოდის, მაგრამ ყოველთვის რესენტიმენტული და დისენსუალურია. მისი შურისგება მომენტის სიმართლეზე ეფუძნება და სულ ეს არის. ასე ადვილია დაუსრულებელი მხილება. ყველა დადებითი ღირებულება საზოგადოებაში გაუფასურებულია, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ზნეობაზე ლაპარაკობენ. საზოგადოებაში არ არსებობს ურთიერთნდობა. ერთმანეთის მოტყუება მუდამ იყო ქართული ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილი. ბევრს ლაპარაკობენ სოციალურ აფეთქებაზე და თვით ამ გამოთქმის მრავალგზის გამეორებაში გამოსჭვივის რესენტიმენტული სწრაფვა. საქართველოში სოციალური აფეთქება, როგორც მასების გამოსვლა ხელისუფლების წინააღმდეგ, არ მოხდება, რადგან საზოგადოება სრულიად მოკლებულია თვითორგანიზების უნარს ზნეობრივი პრინციპის საფუძველზე. ადამიანებს ყოფით დონეზე სძულთ ერთმანეთი და არავინ არავის ენდობა. სოციალური მოძრაობა ეს არის მოძრაობა რაღაც იდეის განხორციელებისათვის, რაც მოძრაობის მონაწილეთაგან მოითხოვს ზნეობრივი ნორმების მინიმალურ დაცვას. საქართველოში სოციალური მოძრაობა არასოდეს ყოფილა. თუ ილიას დროს საქართველოში აღინიშნებოდა მუშათა მოძრაობა, ეს ხდებოდა გარეგანი ძალების, რუსეთიდან მოსული მარქსისტული იდეების გავლენით. ქართულ საზოგადოებაში სოციალური იდეა არასოდეს შობილა. ამის გამოა, რომ საშუალო ფენის გაჩენისათვის საჭირო მობილიზების უნარი საზოგადოებას არ აქვს. ის გარეგან გავლენას უფრო ემორჩილება, ვიდრე თავის შინაგან მისწრაფებას. სოციალური პრობლემატიკის იგნორირებამ თავი იჩინა ეროვნული მოძრაობის დროსაც. მაშინ ამ პრობლემატიკის თავიდან მოშორებას შეეცადნენ იმით, რომ ხდებოდა რელიგიისადმი დაუსრულებელი აპელირება და მარქსისტული საკითხები (სოციალური ანტაგონიზმი, კლასთა ბრძოლა) ყალბად ცხადდებოდა. დღევანდელი პოლიტიკური ორგანიზაციები სოციალურ პრობლემატიკას ასევე გვერდს უვლიან და მუდამ პოლიტიკურ საკითხებზე გადააქვთ ყურადღება. სოციალური მოძრაობა და სოციალური იდეა არის ის, რაც საზოგადოების ყველა წევრისაგან სავალდებულო ნორმების დაცვას მოითხოვს. ასე იყო ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში. მათ აქვთ სოციალური მოძრაობის კულტურა. საქართველოში კი სავალდებულო ზნეობრივი ნორმების დაცვა არაფერს ნიშნავს. ლაპარაკობენ პოლიტიკაზე, რელიგიაზე და ამით იქმნება ზნეობის მოჩვენებითობა. სოციალური ცხოვრების კულტურის არქონის გამოა, რომ ქართველთა საზოგადოებაში ვერ დამკვიდრდა სამოქალაქო სინდისიერებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მინიმუმი. ქვეყნის პოლიტიკური ელიტა ყოველთვის თავის ამომრჩეველზე უარესია. პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც მეტი ავტორიტეტულობისათვის რელიგიას მიმართავს, მოკლებულია სოციალურ შინაარსს. ამის გამოა, რომ ქართული სინამდვილე სავალალოა. ვერც ერთი წყობა და მმართველობის ტიპი ქართულმა საზოგადოებამ ვერ მოირგო და ამის გამოა, რომ წყობის ან მმართველობის შეცვლისას ყველაფერი თავიდან დასაწყები ხდება. იკარგება ხოლმე სამოქალაქო სინდისიერების ის მინიმუმი, რომელიც წინამორბედმა წყობამ ან მმართველობამ რეპრესიული აპარატის მეშვეობით დაამკვიდრა. საერთოდ, თუ შეიძლება არსებობდეს ისეთი იდეა, რომლის დამკვიდრებისათვის ქართველი იბრძოლებდა? დღეს, როცა ცხადზე უცხადესია, რომ სამმილიონიანი ქვეყანა ვერ ახერხებს თვითორგანიზებას, სოციალურ მობილიზაციას, რათა მძიმე შრომით მოიპოვოს ღირსეული არსებობა და თავის მოტყუებაში გაჰყავს წლები, საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება მოდგმის ანთროპულ სრულფასოვნებაში. ამდენი სიცრუისათვის მან უნდა ზღოს. ისტორიის სამსჯავროს წინაშე დაისმის ერის სინდისის საკითხი. მსჯავრის სიმძიმეს ვერ შეამსუბუქებს ქართულ გენსა და ქართველთა განსაკუთრებულობაზე ლაპარაკი.

ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ქვეყანამ ტანჯვით უნდა შობოს ქართული იდეა და მისთვის იბრძოლოს. ქართველნი მიწის ხალხი და და კონტრასტულად გამოხატული ტელურული ბუნების მქონენი არიან. ზღვის სივრცე ქართველთათვის არასოდეს ყოფილა სამოქმედო არეალი. მცირე ქართული სივრცის მოშლა გზაგამტარებითა და მილსადენებით იწვევს მიწის იდეის კვდომას. უმიწოდ ქართველი არაა ქართველი, გინდაც მთელი დუნიის სიმდიდრე მის ხელთ იყოს. კულტურული სერვილიზმი მასშტაბური ხდება და საქართველოს ევროპულობის დასტურს შუა საუკუნეებშიც ეძებენ. ქვეყანა, რომელიც თავისი ასაკოვნებით და ქრისტიანული კულტურით ერთ-ერთი უძველესია კონტინენტზე, დემოკრატიას ისტორიის უკანასკნელ ინსტანციად თვლის. გამოდის, რომ დასავლეთამდე არსად არავინ უწყოდა ადამიანის ღირსებისა და აზრის უსაზღვრობის შესახებ.

მეოცე ასწლეულის დასაწყისის დროინდელი ქართველი მოაზროვნენი ევროპაში მიდიოდნენ და ქართული გეორგიანული მიწის იდეა გერმანულ მიწაზე პოულობდა იდეურად მონათესავეს. გეორგიანული მიწის იდეა მცირე ნაწილია ბერძნულ-გერმანული გონის ერთიანობისა. გერმანელებს სრული საფუძველი აქვთ იმსჯელონ წარმართულ-ბერძნული გონისა და გერმანული გონის ერთიანობაზე. ასევე რუსებს აქვთ სრული საფუძველი იმსჯელონ ქრისტიანულ-ბერძნული გონისა და რუსული გონის ერთიანობაზე. გეორგიანული მიწის იდეა კი ორივე ერთიანობას ენათესავება. გერმანელებიც და რუსებიც კონტინენტის ხალხები არიან. ისინი წარსულშიც და ახლაც ატლანტიზმის მცდელობათა წინააღმდეგნი იყვნენ. ატლანტისტური ჰეგემონიზმი შეუძლებელია სამძიმო არ იყოს გერმანელებისათვის. მომავალში სწორედ იმის წინ წამოწევა მოხდება, რის განეიტრალებასაც ამერიკელები მეორე მსოფლიო ომის დასასრულიდან ცდილობენ გერმანელთა შორის. მომავალი გერმანული ნაციონალიზმისაა და რაც უფრო მეტ ზემოქმედებას მოახდენენ ამერიკელები მასზე, მით უფრო წინ წამოიწევს ის იდეები, რომელიც ნაციონალ-სოციალისტებმა შექმნეს. გერმანული არიელობის იდეას არ ამოუწურავს თავი. ის არის ატლანტიზმის პოტენციური მოწინააღმდეგე ევროპაში. რაც უფრო მეტად შეეცდებიან ამერიკელები რუსეთზე გავლენის მოხდენას, მით უფრო მეტად მოხდება იმ იდეათა აქტუალიზება, რის ნეიტრალიზებასაც ამერიკელები მთელი ძალით ცდილობენ. დემოკრატიული რეფორმებით იმედგაცრუება რუსეთში საყოველთაოა. ახალი მსოფლიო წესრიგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც მას 90-იანი წლების დასაწყისში წარმოაჩენდნენ. ლიბერალიზმის კრიზისი მთელი სიმწვავით იჩენს თავს. საბაზრო ეკონომიკა და ღია საზოგადოება, რაზედაც მიუთითებდნენ ქართველი აპოლოგეტები, როგორც ადამიანის თავისუფლებისა და სულიერების გარანტზე, არის სწორედ იმ მატერიალური ინტერესების პრიმარულობა (პირველადობა), რასაც დემოკრატები მარქსისტული აზროვნების პრინციპად მიიჩნევდნენ და ეკლესიაზე მითითებით უარყოფდნენ მას. საბაზრო სისტემის უდავო რელიგიურობის დასტურად ქართველ დემოკრატებს ის მიაჩნდათ, რომ დემოკრატიამ შესაძლებელი გახადა მარქსისტული ათეიზმის უარყოფა და ეკლესიების შენება. სინამდვილეში ეს საბაზრო სისტემის უტილიტარულ მიზნებს ემსახურება.

ქართველ დემოკრატთა იდეური გაურკვევლობის გამომხატველია ისიც, რომ ისინი დასცინიან ბიზანტიურ ცივილიზაციას და ამავე დროს, მარქსიზმის უარყოფისას ეკლესიაზე მიუთითებენ. მათ ნააზრევში ყველგან აღმაშფოთებელ შეუსაბამობასა და პლაგიატს აქვს ადგილი. ამის მიუხედავად, ისინი არანაირ უხერხულობას არ განიცდიან და კატეგორიულად მსჯელობენ დემოკრატიის ერთადერთობაზე. დასავლურმა იდეოლოგიურმა კაზუისტიკამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაზე. იოანე პეტრიწი ასწავლიდა, რომ „მტერი იგი ბოროტი სულისა სძილსა ჰყვარობს, რათა მოღვაწე დააბრკოლოს ამითა და ღრმას მოქცევასა ზუაობისასა აშთოს“.

აღსანიშნავია ასეთი ტენდენციის წარმოშობა: დემოკრატიისაგან მოტყუებული პოლიტიკურ ძალთა ნაწილი საშველს რელიგიურ ტექსტებში ეძებს, მაგრამ წმინდა წერილსა და რჯულის კანონზე მითითება არ არის პასუხი იმაზე, რასაც აწმყო ეკითხება საქართველოს. რელიგიური ტექსტები ეთნოცენტრისტულ სივრცეში მნიშვნელობას კარგავენ და გადაიქცევა leges barbarorum-ად (ბარბაროსთა სამართალი). ქართველები გერმანელებისა და რუსების მსგავსად ახალგაზრდა ერია. მოდერნის ეპოქაში ქართველთ ჯერ არ უთქვამთ თავისი სიტყვა. საქართველომ მსოფლიო გონის წინაშე რაღაცით უნდა გაამართლოს თავისი არსებობა. უნდა მოხდეს ქართველთა ისტორიაში არსებული ყოველივე დადებითის კონცენტრაცია და ქართველობა წინ უნდა აღუდგეს რესენტიმენტული აზროვნების მოძალებას. ქართველებმა უნდა შეძლონ სხვა ხალხების გვერდით ისე ცხოვრება, რომ სიცილი და ქილიკი მოიშალონ.

ხომალდზე ასვლა, ატლანტისტური ორიენტაციის მიდევნა ქართველთათვის იმას ნიშნავს, რომ ის გადაგვარებას განიცდის და სწრაფად აბსორბირდება უცხოელი ხალხების ნაკადში. ხომალდზე ასვლის ხიბლითაა, რომ ქართულ საზოგადოებაში დიდია ტექნიკური პროგრესისადმი რწმენა. ხელისუფლება, მეცნიერნი, მედია მოხიბლულნი არიან ტექნოცენტრიზმის იდეით. არადა, დასავლეთის სამეცნიერო წრეებში ტექნოცენტრიზმი გაკრიტიკებული და გარდასულია. ესეც გვიჩვენებს, თუ რაოდენ ყალბი იყო სულიერებასა და ეკლესიურობაზე ქართველთა ლაპარაკი. ხელმოცარულმა და შერცხვენილმა ქართველმა თავისი თავი ტექნოცენტრიზმს მიანდო. ამით ცდილობს ის თავის დაძვრენასა და იოლას გასვლას.

ხომალდზე ასვლით ქართველი კარგავს იმ ღვთიურ ცეცხლს, რამაც მას, მრავალი დაცემის მიუხედავად, დღემდე მოატანინა თავი. ქართველი მორჩილ თოჯინად, ბედნიერ ტიკინად იქცა და მას არა აქვს საკუთარი ქვეყნის მოვლის უნარი. ამის დასტურია სამთავრობო მოხელეთა კალეიდოსკოპური ცვლა. წყლის ნაყვაა ეს რეფორმები. სტრუქტურულ გარდაქმნებად წოდებული საუწყებო მაქინაციები ადამიანის არარაობად ქცევასა და საზოგადოების ატომიზაციას უწყობს ხელს. სტაბილურობა შენარჩუნებულია საზოგადოების მაქსიმალური ატომიზაციის გზით. საქართველოს მაღალკულტურულობა, მიღწეული ბოლშევიზმის დროს, სადღეისოდ იქცა მაქინაციად და ფალსიფიკაციად. სოციალური მოძრაობის ნასახი არ არსებობს ქვეყანაში. სამაგიეროდ პოლიტიკა ჰიპერტროფულ განვითარებას აღწევს. სტაბილურობის ატომიზაციის გზით შენარჩუნება თავის თავში დამანგრეველ პოტენციას შეიცავს, რომლის აქტუალიზება მცირედი დივერსიითაც არის შესაძლებელი. საქართველო დასაპყრობი ობიექტია და არა სახელმწიფო. მეზობელი სომხები და აზერბაიჯანელები გაცილებით ორგანიზებულნი არიან. ესვე ითქმის ოსებსა და აფხაზებზეც.

დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დამკვიდრებას საქართველოში ეროვნული ერთიანობა შეეწირა. დასაყრდენს მოკლებული დემოკრატია ძალადობად და სიცრუედ არის ქცეული. ადამიანის უფლებებმა დაჩრდილა ხალხის უფლება, ერის უფლება. ამას სწორედ საზოგადოების ატომიზაცია უწყობს ხელს, როცა ყველა თავისთვისაა, თავისი უფლებებისა და სამომხმარებლო მინიმუმის შენარჩუნებაზე ზრუნავს. დემოკრატები ინდივიდის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და არა ერის სტატუსის დამდაბლებაზე, არა საქართველოს დაშლაზე. ყველაფერი საქართველოს საწინააღმდეგოდ წარიმართება და ეს ყველას განვლილი გზის გააზრებას ავალებს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s