რუსეთი პუტინის შემდეგ


ანოტაცია: ესაა ჩემი რუსული სტატიის თარგმანი. პირველად გამოქვეყნდა ევრაზიული გაზეთის  «Завтра»-ს (რედ. – ალ. პროხანოვი) ბლოგში 2016 წლის 14 სექტემბერს. ტექსტი დევს ასევე ჩემს ბლოგში. სტატიაში გაკრიტიკებულია რუსული ევრაზიელობა და რუსეთის პოლიტიკური ელიტა. ბლოგის მკითხველთა თხოვნით ტექსტი ქართულადაც  გადავთარგმნე.

            თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ მოკლე სტატიაში გადმოცემული იქნება ევრაზიელობის მკაცრი კრიტიკა. საუბარი იქნება მეტად პირუთვნელი და მწარე. ამ სტატიის დასათაურებამ მკითხველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს. მკითხველმა არ უნდა მიიჩნიოს, რომ სტატია დაწერილია რომელიმე ჩასაფრებული ლიბერალის მიერ, ვინც ღვარძლითა და ჩაცინებით უცდის პუტინის წასვლასა და რუსეთის ფედერაციის დაშლას.

            შევეცდები ფურცლის ოთხ გვერდზე გამოვთქვა ჩემი აზრი ევრაზიელობაზე. აუცილებლად მიმაჩნია დავწერო რამდენიმე სიტყვა არარუსთა მონაწილეობაზე ევრაზიულ მოძრაობაში. მინდა, რომ აქ დაწერილი იყოს როგორც შეგონება ყველა არარუსისათვის, რომელნიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მის გარშემო. მრავალი წლის გასვლის შემდეგ ევრაზიელობაში ვპოვე მხოლოდ გაუცხოების სიმწარე, რუსული შოვინიზმი და სიცრუე, რაც დაფარულია ლამაზსიტყვაობით პლურივერსუმსა და ხალხთა ევრაზიულ თანამეგობრობაზე. მე ვპოვე მოსკოველი და პეტერბურგელი ევრაზიელების ქედმაღლობა, არად ჩაგდება და მტრობა არარუსი ადამიანისადმი. აღმოჩნდა, რომ მათთვის ყოვლად სულ ერთია, ვინ მოვა ევრაზიული მოძრაობის რიგებში. მხოლოდ თავისი თავის საფერაოდ და გასართობად უნდათ ევრაზიული საუბრები! მოძრაობაში ბევრი რამ კეთდება საეგებისოდ და მოსაჩვენებლად. ძალზე ხშირად ხდება, რომ ევრაზიელობა სინამდვილეში მხოლოდ სახეცვლილი მედასავლეთეობაა, პოლიტიკური მეტაფიზიკოსების ფრაზიორობაა  და მეტი არაფერი. ისე გამოდის, რომ ვიღაც კავკასიელი მუჟიკი მოეყუდა, სულ მოსკოველებთან საურთიერთოდ მიძვრება და პირს იცვეთს სიმართლის გამო.

            მე ძველი ევრაზიელი ვარ ჩემი მრწამსით. რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის დროიდან ვიცოდი, რომ რუსეთი ან იმპერია იქნებოდა და დიდი ძალისხმევით შეეცდებოდა მოეცილებინა გორბაჩოვის დროის გაუგონარი ღალატის ლაქები, ან დაიღუპებოდა. მე  მდუმარედ მიმქონდა ევრაზიული იდეის ტვირთი და არასოდეს მოვტყუებულვარ ლიბერალიზმის ბრჭყვიალა დაპირებებით. ევრაზიული უნივერსუმის იდეა ამოდის სარწმუნოებიდან, იმპერიული აღმოსავლეთქრისტიანული ნომოსიდან. ამ იდეის გულისათვის ბევრ რაიმეზე ვთქვი უარი. მთელი ახალგაზრდობა ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდი განკიცხულად და გარიყულად. წლების მანძილზე ვცხოვრობდი დიდ გაჭირვებაში. თითქმის საუკუნის მეოთხედია ვემსახურები ევრაზიული იმპერიის იდეასა და ბიზანტიურ მემკვიდრეობას. სანამ რუსეთი იმპერიად იქცეოდა, მანამ იყო ბიზანტიური ბასილეია, აღმოსავლეთქრისტიანული ოიკუმენა და იყო საქართველოს პანკავკასიური იმპერია დავით IV-ის დროს.

            გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მივმართავდი რუსებს სუფთა გულითა და ნათელი განზრახულობით. ყოველთვის გულმოდგინედ ვეპყრობოდი იმას, რაც დაწერილი იყო რუსი ევრაზიელების მიერ წიგნებსა და პორტალებზე ქსელში. იდეისადმი მსახურების მრავალმა წელმა დამანახა, რომ მე არ დამიშვებენ ევრაზიული მოძრაობის ქვედა რგოლებში რიგით წევრადაც კი. არანაირად არ გამოდის, რომ ჩავერთო და გავხდე ევრაზიელების საქმეთა და იდეათა თანაზიარი. წლები მიჰქრის, ათწლეულები გადის და ყოველთვის ვაწყდები მოძრაობის მოსკოველ წარმომადგენელთა შოვინიზმს. როგორ არ ვცდილობდი გამეგონებინა მათთვის ჩემი ხმა და ამაოდ დავშვერი! ახლანდელი რუსული ევრაზიელობა არის მხოლოდ თავშესაქცევი რამდენიმე დედაქალაქელი რუსი ინტელექტუალისათვის. ისინი საერთოდ არ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ მიიზიდონ მოძრაობაში იდეური და ნაცადი ადამიანები. გასული საუკუნის დამდეგს ბოლშევიკები იყვნენ ინტერნაციონალისტები და აფასებდნენ ადამიანთა იდეურობას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმოშობისა. მე მოველოდი, რომ ევრაზიელებიც ასეთივე ინტერნაციონალისტები იქნებოდნენ. თუ ისინი ასეთნი არ არიან, მაშინ რისთვის წერენ ამდენს, რომ „ჩვენ ვეძებთ თანამოაზრეებს ყველა ქვეყანაში“? რაღა საჭიროა წლების მანძილზე ტყუილის მოგონება და ევრაზიული იდეით ადამიანთა გასულელება? რაღა საჭიროა ხატოვნად ჩივილი, რომ რუსებს არ ჰყავთ მეგობრები და ირგვლივ მხოლოდ შენიღბული მტრები არიან? რა არის ეს თანამედროვე ევრაზიელობა?  თუ ეს რუსი შოვინისტების სამემკვიდრეო მამულია, მაშინ რისთვის იწერება ამდენი კონტინენტის ყველა ხალხის მეგობრობასა და თანხმობაზე? მიმდინარე საუკუნის დამდეგიდან ჩატარდა ევრაზიელთა ბევრი შეხვედრა. არც ერთხელ არ ყოფილა ერთი მიწვევა მაინც, თუნდაც ზრდილობის გამო. მე ვერ ვხედავ ევრაზიელების სწრაფვას იმისკენ, რომ მათ შეიძინონ საიმედო თანამებრძოლნი მეზობელი ქვეყნებიდან. ყველასათვის სულ ერთია არიან თუ არა ევრაზიელობის მიმდევარნი კავკასიასა და სხვა ადგილებში!        

            თავად მოსკოველი ევრაზიელები ერთმანეთის კილვას ვერ რჩებიან (მ. კალაშნიკოვი ალ. დუგინის წინააღმდეგ და სხვ.). არაა შეთანხმებულობა და ორგანიზაციული დისციპლინა. სამაგიეროდ უხვადაა არაფრის მომცემი ვრცელი გარჩევები მეტაფიზიკაში, დასავლელ ანტილიბერალთა და ეზოთერიკოსთა შრომების განხილვები. თეორიული ძიებებით მეტისმეტ გატაცებას მოაქვს პრაქტიკული პოლიტიკისაგან დაშორება. ამერიკელები ამ საკითხში ბევრად თანმიმდევრულნი და გამჭრიახნი არიან. მათ არად არგიათ ევოლასა და გენონის შრომების გარჩევა.

            რატომ დავარქვი ამ სტატიას – რუსეთი პუტინის შემდეგ? იმიტომ, რომ პუტინის შემდეგაც რუსეთის ელიტა, კრემლის მთელი შემადგენლობა არასოდეს იქნება იდეურად ევრაზიული. ახლანდელი ელიტა ორსახოვანია და მისი ორსახოვნება არა მხოლოდ გულს უმძიმებს ევრაზიული იდეის მიმდევარს, არამედ ზიანს აყენებს და ნებას უკარგავს მას. ელიტა თავს იცავს პოსტნეოკონური ამერიკის შემოტევისაგან. ის იძულებულია თავს იცავდეს და ამას სულაც არ აკეთებს იდეურ მოსაზრებათა გამო. ეს ელიტა არ დაუშვებს თუნდაც ერთ ევრაზიელს სახელისუფლო ვერტიკალში. ახლანდელი ელიტის ბატონობისას ევრაზიული პარტია არასოდეს იქნება დაშვებული რუსეთის პარლამენტში. ამერიკელი ნეოკონები უმცროსი ბუშის პოლიტიკის მარცხის შემდეგაც კი რელიეფურად არიან წარმოდგენილნი ხელისუფლების ყველა რგოლში. ისინი იღებენ მძლავრ დაფინანსებას, დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას და ძველებურად ადგენენ რუსეთის ფედერაციის დაშლის გეგმებს. რუსული ევრაზიელობა კი ეგზოტიკური განკვეთილის მდგომარეობაშია. თავად რუსი ევრაზიელები ეგუებიან ამ გარემოებას და ამავე დროს ბევრს წერენ ლიბერალ-კაპიტალიზმისადმი გლობალურ წინააღმდეგობაზე. მაგრამ რათა წინ აღუდგე, საჭიროა ევრაზიული ინტერნაციონალი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სწრაფვას კონტრლიბერალური ინტერნაციონალის შესაქმნელად. არის მხოლოდ ლაპარაკი და მითითებანი, მაგალითად, ალენ დე ბენუაზე, რომლის სიტყვები მხოლოდ სანუგეშოდ გამოდგება და არა საქმისათვის. 2008 – 9 წლების დეპრესიისა და ყველა ლიბერალური დებულების იდეური კრახის შემდეგ ამერიკელები მაინც ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს ყველა ძველ მოკავშირესთან – საუდის არაბეთიდან სამხრეთ კორეასა და იაპონიამდე. ამერიკა კიდევ ახერხებს გაატაროს უკიდურესად მტრული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. რუსეთს კი ახლო საზღვარგარეთშიც არ შეუძლია მოკავშირეთა შეძენა. რუსეთი თავს იცავს და ვერ გადადის კონტრშეტევაზე მაშინაც კი, როცა დასავლეთი ძალზე დასუსტდა. რუსული soft-power-ი დღემდე ძლიერ ჩამორჩება ამერიკულს.

            ნეოევრაზიელობას არ შესწევს ძალა, რომ მოაწყოს რევოლუცია. ევრაზიელები რფ-ში არ გახდებიან ბევრნი კრემლის ელიტის მოღალატეობის ახალი ციკლის შემდეგაც. მოღალატეობა ძალზე დიდ ადგილს იჭერს რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოღალატეებს აქ სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც პატივს მიაგებენ. მათ ძეგლებს უდგამენ. მათ სამქებრო წიგნებს უძღვნიან. რუსული ელიტა შედგება ოლიგარქატისაგან. ყოველთვის შიშით შევცქერი ამ ელიტას და არ მწამს მისი პატრიოტიზმისა. ის წარმოიშვა ადამიანის ისტორიაში გაუგონარი ღალატის საფუარზე. ის თავისი არსებობითა და წარმატებით ამ ღალატისაგანაა დავალებული. ის არაა დაინტერესებული გლობალური პოლიტიკური პარადიგმის შეცვლით, თუმცაღა თავის სამაუწყებლო საშუალებებში აქეზებს დასავლეთის ყოველმხრივ კრიტიკას.

            პუტინის წასვლის შემდეგაც კი ნეოევრაზიელები დარჩებიან იმავე მდგომარეობაში. მთელს რუსეთში ძლივს მოიკრიბება ორი ასეული ურყევი ევრაზიელი. რუსული სოციუმი გამოხრული და მოწამლულია ლიბერალური მომხმარებლობის დებულებებით. ძალზე ძნელია დაარწმუნო თანამედროვე რუსი იმაში, რომ ევრაზიელობა არის ერთადერთი სწორი იდეური გზა ქვეყნისათვის. ელიტა აქეზებს მომხმარებლობასა და ჰედონიზმს მასებში. ხალხი კი ხედავს მექრთამეობის გაქანებას, როდესაც მოხელენი მილიარდებს იპარავენ. რუსმა მილიარდერებმა იყიდეს სასახლეები და მთელი რაიონები უცხოეთის ქვეყნებში. მათი შვილები სწავლობენ და რჩებიან დასავლეთში. პუტინს მთელი ქვეყანა სახელმწიფო უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავს. სხვაგვარად დიდი უბედურება იქნება. გასაოცარია მოღალატეთა და ღვარძლიანთა სიმრავლე ქვეყნის შიგნით. ისინი ამბობენ, რომ რუსეთის მთელი პოლიტიკა სახელმწიფო უშიშროებისაგან მომდინარეობს და რომ ის ცრუ და უსამართლოა. რუსეთის პოლიტელიტა არ ამზადებს ახალგაზრდობას და არ ასწავლის მას გააჩნდეს ევრაზიული შეხედულება. მოდის თაობა, რომელიც ხედავს და აფასებს მხოლოდ ფულსა და გამორჩენას. ამ თაობასთან უფრო ძნელი იქნება ურთიერთობა და საუბარი ევრაზიულ იდეაზე. ეს თაობა იქნება ბევრად უფრო არაშორსმჭვრეტელი და შოვინისტი.

            დღეს ჩემი მეილიდან წავშალე მთელი მიმოწერა ალეკსანდრ დუგინთან. ვერ დავეხსენი იმ გრძნობას, რომ მთელი ეს მიმოწერა ფილოსოფიურ საკითხებსა და პოლიტიკის თეორიაზე იყო ტყუილი.  როგორ არ ვცდილობდი და ვერც ერთ რუს ევრაზიელთან ურთიერთობა ვერ გამოვიდა. არ მესმის, რა სურთ მათ საერთოდ? აღარ შევდივარ ევრაზიელთა საიტებზე. ეს არის ძალისა და დროის ფუჭი ხარჯვა. ეს თვითმოტყუება და საწამლავია. რას ვეცდები ასე გულით წლების განმავლობაში და წელებზე ფეხს ვიდგამ, როცა აშკარად არად ჩაგდებული ვარ, როგორც არარუსი სხვისტომი? რას ვეწვალები ამ ევრაზიელობას, როცა რუსი მდიდრების სახელოვანი ლეგიონიდან არ მოიძებნება თუნდაც ერთი ევრაზიელი და რუსული ოიკუმენის მომხრე? არავინ რუსი ოლიგარქებიდან არასოდეს დაეხმარება ევრაზიულ ორგანიზაციებს თუნდაც ასი რუბლით. მე რისი იმედი მაქვს დღემდე? ვის რაში არგია ჩემი იდეურობა ქვეყანაში, სადაც სულ იმტკიცებიან რუსულ გულითადობაზე, სინამდვილეში კი ფული აჰყავთ აბსოლუტის რანგში? სადაა ეს რუსული მართლიერობა და რუსული უმწიკვლოება (праведность)?  ცოტაა ის, რომ რუსეთში ახლა შეუძლიათ რაკეტებითა და უახლეს სასროლ სისტემათა ლულებით თავის მოწონება. არაა რუსეთში სიმართლე! რა აღორძინებაზეა საუბარი, როდესაც ელიტას ყოველთვის შიშით უნდა უცქირო, რათა მან მორიგი გაუგონარი ღალატი არ ჩაიდინოს? დაასახელეთ ქვეყანა, სადაც ამდენი სხვადასხვა ყაიდის მოღალატეა! არის რაკეტები, არის ყოველგვარი იარაღი, მაგრამ არაა სული. სიმწარეს მგვრის ეს გაბედული და მამხნევებელი სტატიები სირიის ომზე. რუსეთისათვის ეს ომი იქცა ჭაობად არაბულ აღმოსავლეთში! ჩვენ კი გვიმტკიცებენ რუსული იარაღის ტრიუმფს და იმას, რომ რუსეთი გადაიქცა სოლიდურ მოთამაშედ ახლო აღმოსავლეთში.

            რა არის რუსული იდეა? როგორ შეძლებენ რუსი ევრაზიელები და საზოგადოდ რუსი პოლიტიკოსები დაარწმუნონ არარუსი ხალხები, როდესაც უკრაინელებთანაც კი ვერ აგვარებენ ურთიერთობას? რატომაა, რომ რუსი ნეოევრაზიელების სიტყვანი და საქმენი ასე დაშორებულია ერთმანეთს?

            ყოველთვის მქონდა დაფარული სურვილი წავსულიყავი რიაზანს, ნოვგოროდს, პსკოვს, სუზდალს, მომევლო ძველი რუსული წმინდა ადგილები და მესაუბრა სტაროსლავურ, საეკლესიო ენაზე ადგილობრივ მოძღვრებთან, ბერებთან და მონაზვნებთან. უკვე ვშიშობ ამის გაკეთებას. მეშინია დიდი ხნის ნაცნობი, ცხოვრების მომწამლავი და ყოველივეს უაზროდ მქმნელი გრძნობისა. ესაა გრძნობა უცხოობისა და გადამთიელობისა. არაფერია უფრო მძიმე, როდესაც ერთმორწმუნისა და თანამოაზრისაგან ხედავ მხოლოდ სიძულვილს. როდესაც შენთვის ახლობელი ადამიანი, რომელიც ერთ აღმოსავლეთქრისტიანულ კერას ეკუთვნის, შენთვის ჩასაფრებული მტერია. შემდეგ კი ის საქვეყნოდ ბჭობს იმაზე, რომ ის არ უყვართ სხვა ხალხებს და მარტოა.

                                                      თარგმანის თარიღი:  19 სექტემბერი, 2016 წ.           

             

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s