რატომ არ გამოვდივარ საჯარო ლექციებით?


აუცილებლად მიმაჩნია იმის თქმა, რასაც აქ ვიტყვი 2 გვერდზე. საკითხი მხოლოდ ჩემს გამოსვლებს არ ეხება. საუბარი იქნება ქართველთა უკუღმართ ზნეზე, რომელიც ერთობლივი ფილოსოფიური განსჯის შესაძლებლობას ძირშივე აშთობს.

ჩემთვის ბევრჯერ შეუთავაზებიათ საჯარო ლექციების წაკითხვა თსუ-ში, პარლამენტის ბიბლიოთეკაში. მირჩიეს დამედო ვიდეოჩანაწერები ინტერნეტში. ბევრჯერ მთხოვეს ინტერვიუ. ყოველივე ამაზე უარს ვამბობდი ჩემსავე პედაგოგიურ  გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბევრი ვიშრომე, რომ შემექმნა ჩემი ორიგინალური ტექსტები.  ძალზე ცუდად მოქმედებს კოლეგების ჯიბრში დგომა და გაბმული ცილისწამება. ჩემს ნაშრომს ინტერვიუს გულისათვის არ გავაუბრალოებ და არც არაფერში  სნობების ეფემერული აღიარება მარგია. მე კი არ უნდა დავიდე მათ დონემდე, არამედ თავად უნდა ცდილობდნენ ჩემს საკითხებამდე გაზრდას. ეს მათ არ სურთ. ფილოსოფიური საკითხები მათთვის თავშესაქცევია

 სემინარებზე ადრე გამოვსულვარ სიტყვით, მიწვეული ვიყავი თსუ-ში, ფილოსოფიის ინსტიტუტში მოხსენების წასაკითხად. რაც არ უნდა აზრიანი სიტყვა თქვა, გეკარგება ბოლოს ყველაფერი აუდიტორიის მოუმზადებლობისა და შურიანობის გამო. როდესაც ცდილობ რაღაც ნიშნული დაადგინო, აუდიტორია არ გისმენს და ინფანტილურად გეწინააღმდეგება. ქანცგამცლელია და მატრავმირებელი გაჯიუტებულ კოლეგებთან საუბარი. ელემენტური საკითხები არ ესმით თავად პროფესორებს და პოლემიკას კი იწყებენ.  დამთრგუნველი სახილველია დროის მოსაკლავად შემოხეტებული ამდენი პროფანი და თვალახილული ბრმა.  

საჯარო ლექციის წაკითხვა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს მიგეთვალოს სამეცნიერო აქტიურობაში, არაა სწორი. მეცნიერს მოეთხოვება, მაგრამ აუდიტორიასაც უნდა მოეთხოვებოდეს. თუ მსმენელნი ყოვლად მოუმზადებელნი არიან, მაშინ აზრი ეკარგება საკითხის განხილვას და მით უმეტეს დისკუსიას. არ გამოდის, რომ ყველა თავისას იმტკიცებოდეს. მძიმე საკითხები, რომელნიც არა მხოლოდ დიდ ცოდნას, არამედ სულის დისციპლინას მოითხოვენ, გადაჰყავთ სიმჩატეში და ერთი სული აქვთ რაიმე სასაცილო თქვან. თუ არ ესწრები სხვადასხვა ნეთვორქებს, ცუდს ამბობენ შენზე. თუ მიხვალ და ცდილობ რაღაც თქვა, მაშინვე პატივმოყვარეობაში გდებენ ბრალს. თავისი ჭიის გასახარად ადიან ტრიბუნაზე ის ადამიანები, რომელნიც ცოცხალი მუმიები არიან. რანიც იყვნენ 10 – 20 წლის წინ, იგივენი არიან თავის ცოდნით, თავისი ზნით, ფიქრითა და სიტყვით.  როდესაც წარმოაჩენ ცდომილებას და ცდილობ მსჯელობა სწორი გეზით წაიყვანო, მყისვე ბრალს გდებენ, სიგიჟე ეწყებათ და ყველაფერს ეკარგება აზრი. ასეც მომხდარა, რომ განხილვის დროს თანამოსაუბრის ნათქვამი დამიდასტურებია. ის კი იმდენად მოწამლულია უარყოფის ჟინით, რომ უარყოფს  ჩემს დასტურს მისსავე საკუთარ ნათქვამზე და მიმტკიცებს, რომ ასე არაა. წინ წასვლა ვერ ხერხდება საუბარში, რადგან მოსაუბრენი უბრუნდებიან იმავე ტრუიზმებს, რაც ფილოსოფიის ისტორიის სახელმძღვანელოებიდანაა ცნობილი. არა აქვთ საიმისო რიტორული გზნება და ჰერმენევტიკული ნიშატი, რო დაინახონ ახალი ინტერპრეტაცია და მას გაჰყვნენ. ისინი ერთ ადგილს ტკეპნიან ცრუმეტყველებაში და ასე გადის ათწლეულები. თუ მათზე ბევრად ძლიერი ხარ, ცილისწამებაზე გადადიან, რომ თურმე ცდილობ ცოდნის წარმოჩენას, საკუთარი აზრის სხვებისთვის თავსმოხვევას, მომხრეების გაჩენას და ა.შ.  უკუღმართი ყველაფერს უკუღმართად ხედავს. 

რასაც ახლა ინტელექტუალიზმად წარმოაჩენენ, ეს არის კონსიუმერული სტანდარტებით გაგიჟებული აბსოლუტისტი ინდივიდის ნარცისული ექსცესები და ხანგრძლივი თვითინსცენირება. ცრუა ამდენი პრეტენზიულობა, რომ ესა და ეს არ გაგვაჩნია, არ გვაქვს მიმდინარეობანი და ა. შ.  სათავისოდ უწყვეტი შეღავათი, თვალის მოხუჭვა, მცირე ხროვებად ყოფნობა,  სხვისთვის კი დაუნდობლობა. 

ქართველთა აუდიტორია ვერ იტანს სამეცნიერო განხილვის სიმკაცრეს. ის მოელის სიმულაციასა და გართობას, სნობურ სტიქიასა და პატრიოტულ ბალაგანს. ყოველი ფილოსოფიური საკითხის განხილვა ქართველთა შორის მასხრობითა და ხითხითით ბოლოვდება. როგორც ლიბერალიზმმა ვერ უშველა ქართველს და კუზიანი ვერ გაასწორა, ასევე პლურალიზმმა ვერ უშველა ქართულ სამეცნიერო გარემოს. როდესაც აკადემიური წრეების გასაკეთებელი საქმე, სახელდობრ კოლეგის ნაღვაწის დანახვა, მიგდებულია ადმინისტრაციაზე, იქ ყველაფერს აზრი ეკარგება. ადმინისტრაცია ვერასოდეს შეაფასებს მეცნიერის შრომას მისი ღირსებისაებრ.

ახლა ჩემი მკითხველისათვის გასაგები გახდება, თუ რატომ ვირჩევ ურთიერთობის ერთადერთ ფორმად წერას და ტექსტების ბლოგში განთავსებას. სოკრატული დიალოგი და ინტერსუბიექტური ფილოსოფიური მეძიებლობა საქართველოში შეუძლებელია!  საჯარო გამოსვლებს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც აუდიტორიაში არიან თანამოსაუბრენი, რომელთაც საუბრისას ძალუძთ აზრის გაგება, დაფასება და მისი ინტერპრეტირება. საქართველოში არაა ხალხი, რომელიც დაინახავს, რომ ის, რაც ნაკლულებაში იყო, აღივსო. არაა ხალხი, რომელიც უკვე შექმნილს გეზის მაჩვენებლად დაისახავს.    

                                                                       12 ოქტომბერი, 2016

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s