ოფშორული ბიზნესის პრობლემა


 

*შემცირებული სახით პირველად გამოქვეყნდა ყოველკვირეულ გაზეთში „ობსერვერი“, 13 ნოემბ., 2017, N 26. წინამდებარე ტექსტი სრულია.

ფაილის მოცულობა – 5 გვ.

        ოფშორული ფინანსური ცენტრები (OFC), ოფშორული ბიზნესი, ოფშორული ზონები გასული საუკუნის 50-იანი წლებიდანაა ცნობილი. Offshore  ნიშნავს სანაპიროს იქით, ღია ზღვაში მყოფს, იზოლირებულ პუნქტს. ოფშორული ტერიტორია ის ადგილია, სადაც არარეზიდენტი კომპანიებისათვის აწესებენ რეგისტრაციის, ლიცენზირებისა და დაბეგვრის შეღავათიან რეჟიმს. ამას ეწოდება საგადასახადო სამოთხე (tax haven). არსებობს tax haven-ის მრავალი დეფინიცია.

ოფშორი არის ქვეყანა ან მისი ტერიტორიის ნაწილი, სადაც უცხოურ კომპანიებს ბიზნესის წარმართვის განსაკუთრებული პირობები ენიჭებათ. ეს პირობებია: კონფიდენციალობისა და ანონიმურობის დაცვა, რაც გამოიხატება ბიზნესისა და კაპიტალის ნამდვილ მფლობელთა ვინაობის დაფარვაში; ზომიერი ფიქსირებული გადასახადები; კორპორაციული მართვის გაიოლებული წესები; აუდიტური შემოწმების არარსებობა გამონაკლისი შემთხვევების გარდა; ბიუროკრატიული ზეწოლის არარსებობა.

ოფშორულ ბიზნესს მიეკუთვნება: 1) ოფშორული კომპანიები;  2) ოფშორული ბანკები;  3) ოფშორული ტრასტები;  4) ოფშორული სადაზღვევო კომპანიები.

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია ბიზნესს წარმართავს ოფშორული ტერიტორიის გარეთ. ესაა ამ კომპანიის ექსტერიტორიული საქმიანობა. ოფშორული კომპანიები ხშირად კუნძულებზეა რეგისტრირებული (ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბერმუდის კუნძულები, დომენიკელთა რესპუბლიკა და სხვ.). ოფშორული იურისდიქცია შეიძლება არსებობდეს ხმელეთის კონტინენტურ ნაწილზეც (შვეიცარიის კანტონი ცუგი, დელავერისა და ვაიომინგის შტატები აშშ-ში და სხვ.). ოფშორებში კონფიდენციალობისა და კაპიტალის ხელშეუხებლობის ისეთი გარანტიებია, როგორიც სხვაგან არაა. მცირე და საშუალო ბიზნესსაც კი აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ოფშორული ზონით. ბანკები და სადაზღვევო კომპანიები ოფშორულ კომპანიებს ხშირად მიმართავენ დანახარჯების ეკონომიის მიზნით. ოფშორული კომპანიები დიდად ხელსაყრელია ონლაინ-ტრეიდერებისათვის. ამ დროს ოფშორული კომპანია გამოდის შუამავლად მწარმოებელს, მიმწოდებელ ფირმასა და მყიდველს შორის. ონლაინ თამაშების ბიზნესშიც გამოიყენება ოფშორული შესაძლებლობები. არსებობს ოფშორული აუტსორსინგიც.

ოფშორული ბიზნესის პერსპექტივები ფართოვდება და მისი აკრძალვა მრავალი სკანდალის მიუხედავად შეუძლებელი ხდება. მსოფლიო მედიაში ბოლო დროს სულ უფრო მეტი ითქმის ოფშორების საკითხზე. 2008 წლის რეცესიის შემდეგ იყო საუბარი დერივატივებად წოდებული ფინანსური ინსტრუმენტების აკრძალვაზე. დერივატივები ისევ დარჩა ფინანსურ ბაზრებზე. ოფშორული ბიზნესი არ უშლის ხელს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. სხვა საკითხია, როდესაც ოფშორული ზონებით სარგებლობენ მაფიოზური ორგანიზაციები, ნარკოკარტელები და იარაღით მოვაჭრენი ფულის გათეთრების (money laundering) მიზნით. ოფშორული კომპანიების საქმიანობას რეგულარულად შეისწავლის 1948 წელს შექმნილი OECD (Organization for Economic Co-operation and Development – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია). ამავე საკითხს რეგულარულად იძიებს 2007 წელს შექმნილი საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენელთა გაერთიანება OCCRP (Organized Crime and Corruption Reporting Project – ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტი).

2016 წლის 2 – 4  ნოემბერს თბილისში გაიმართა OECD-ის  გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია. ის მიეძღვნა გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხს. ამ ფორუმზე ოფშორულ ზონებზეც იყო საუბარი.

ბოლოდროინდელი დიდი ოფშორული სკანდალი უკავშირდება პანამაგეიტს (პანამის დოკუმენტები). 2016 წლის აპრილის დამდეგს გამოქვეყნდა მრავალი დოკუმენტი ათობით ქვეყნის პოლიტიკოსთა და ბიზნესმენთა ოფშორებში დამალულ კაპიტალზე. ამ საქმეს იძიებდა ჯორჯ სოროსის და სხვა ცნობილი მეცენატების მიერ დაფინანსებული ICIJ (International Consortium of Investigative Journalists – გამოძიების ჟურნალისტთა საერთაშ. კონსორციუმი. დაფუძნდა 1997 წ.).  ესაა CPI-ს (Center of Public Integrity – საზოგადოებრივი პატიოსნებისათვის ბრძოლის ცენტრი, შეიქმნა 1989 წ.) პროექტი.  პანამაგეიტის გამო გადადგა არასამთავრობო ორგანიზაციის Transparency  International  (საერთაშორისო გამჭვირვალობა, დაფუძნდა 1993 წ.) ჩილეს განყოფილების ხელმძღვანელი გონსალო დელავო. გადადგა ასევე ისლანდიის პრემიერი სიგმუნდურ გუნლეიგსონი. პანამის დოკუმენტების დიდ ნუსხაში 80-ზე მეტი ქართველი ბიზმესმენის გვარი ფიგურირებს. დოკუმენტებში მრავლად არიან რუსი ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და შოუ ბიზნესის წარმომადგენელნი.

უფრო გვიანდელი, 2017 წლის ნოემბრის ოფშორული სკანდალი არის Paradise Papers (სამოთხის კუნძულების დოკუმენტები) (ბერმუდის, კაიმანის, ვირჯინიის და სხვ კუნძულები). ეს დოკუმენტებიც ICIJ-ს გლობალური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი.  ფინანსურ მაქინაციებში მხილებულ იქნა უდიდესი კომაპანიები: Uber, Facebook, Apple, Microsoft, Siemens და სხვ. ბრიტანეთის დედოფლის ელიზაბეს II-ის კუთვნილი $ 13 მლნ ინვესტირებულ იქნა კაიმანისა და ბერმუდის კუნძულების ოფშორულ ფონდებში. სკანდალში გარეულნი არიან სხვა ცნობილი ადამიანებიც, მათ შორის რუსი ბიზნესმენები და დეპუტატები. ოფშორულ სკანდალებში ბენეფიციარები ყოველთვის არიან ელიტის წარმომადგენელნი. მსგავსი დოკუმენტირებული მხილებანი ყოველთვის ელიტათა ომებს უკავშირდება. ოფშორული აფერები უკავშირდება დიდ მაქინატორებს, როგორებიც იყვნენ დომინიონ მელქისედეკის (Dominion of Melchizedek) (შეიქმნა 1986 წ.) წარმომადგენელი დევიდ პედლი (Pedley),  ოფშორული საგადასახადო დაგეგმვის სპეციალისტი მარკ ჰარისი (Harris) და სხვ.

სადღეისოდ ბევრი ითქმის ოფშორული ზონების საქმიანობის მკაცრი მონიტორინგის შემოღებაზე, მათ აკრძალვაზე. პრობლემა ისაა, რომ წარმატებული ბიზნესი სულ უფრო შეუძლებელი ხდება კრიმინალური პრაქტიკების, ფარული პროტექციის და კორუფციის გარეშე. გადავავლოთ თვალი მსოფლიოს ბიზნეს-ქრონიკას და ამაში დავრწმუნდებით. ოფშორულ ზონებს ხშირად მიმართავენ იმ ქვეყნების კომპანიები და ბიზნესმენები, სადაც საგადასახადო სისტემა არ ვარგა, სადაც ბიზნესი კანონით არაა დაცული, სადაც დიდი კორუფციაა, სადაც არსებობს ბიუროკრატიული ზეწოლისა და ბიზნესის წართმევის დიდი შესაძლებლობა. ამდენი სამთავრობო და არასამთავრობო მაკონტროლებელი ორგანოა და დიდი ბიზნესი მაინც კრიმინალიზებულია, ელიტებში კორუფციაა ფესვგადგმული. დიდი ხანია ცნობილია, რომ რუსეთის ოლიგარქატი კორუმპირებულია, რუსული ბიზნესი კრიმინალიზებულია. 2014 წლის ნოემბერში რუსეთში მიღებულ იქნა დეოფშორიზაციის კანონი. რუსეთის იურისდიქციაში გადმოდის ის ეკონომიკური აქტივები, რომელიც წინა წლებში უცხოეთში იყო გატანილი. დაბრუნდა „კამაზი“ (ავტომრეწველობა), „რუსალი“ (ალუმინის წარმოება), „მეგაფონი“ (ფიჭური კავშირგაბმულობა და საკაბელო ტელეარხები). ბევრი რუსი ოლიგარქი  დეოფშორიზაციის კანონის შემოღების შემდეგ უცხოეთში გაიქცა.  სკანდალების მიუხედავად ოფშორებს აქვს დადებითი პოტენციალი. ასე რომ არ ყოფილიყო, მათ დასავლეთში დიდი ხნის წინ აკრძალავდნენ.

ოფშორების ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენების მიზნით შევარდნაძის პრეზიდენტობის დროიდან იყო საუბარი, რომ საქართველოში გახსნილიყო ოფშორული ზონები ინვესტიციების მოსაზიდად. ეს საუბარი გაგრძელდა სააკაშვილის მმართველობის დროსაც. ცხინვალის ომმა ოფშორული ტერიტორიის გამოყოფის საკითხი დიდი ხნით გადადო. ქვეყანაში, სადაც ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია, ოფშორული ზონის გახსნა ახალი საშიშროების შემცველია. ახლა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელნი საუბრობენ თავისუფალი ეკონომიკური ზონების და არა ოფშორული ზონების გახსნაზე.

ოფშორების გარშემო ბევრი სპეკულაციური აზრი გამოითქმის ხელმოცარულ პოლიტიკოსთა მიერ, რათა მათ როგორმე მიიპყრონ ამომრჩევლის ყურადღება. მრავალი წელია საქართველოში დიდ ჰეჯერსა და ფილოსოფოს ჯორჯ სოროსს სპეკულანტს უწოდებენ და არ იციან რა სახის სპეკულაციას ეწევა სოროსი. ოფშორული ბიზნესი არაა დანაშაული. ასევე არაა დანაშაული ჰეჯურ ინვესტირებად წოდებული საბირჟო სპეკულაციები. ეს დასავლური ბიზნესის ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ხშირად მედია აჟიოტაჟის გაცხოველების მიზნით ისე წარმოაჩენს, რომ ოფშორული ბიზნესი მაფიოზური საქმიანობაა.

საქართველოს უკვე 90-იანი წლების ბოლოს და ამ საუკუნის დამდეგს შეეძლო გაეხსნა ოფშორული ზონა მაგალითად ბათუმის ან ფოთის პორტების მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს იყო ოფშორული ბიზნესის სტაბილიზაციის პერიოდი დასავლეთში. 2008 წლის რეცესიამდე კიდევ იყო შესაძლებლობა ოფშორული კომპანიების მოზიდვისათვის.  შევარდნაძის დროიდან მომდინარე ეკონომიკური სტაგნაციისა და ბიზნესისათვის მეტად არახელსაყრელი სიტუაციის გამო წლები დაიკარგა. საქართველომ ერთობ ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.

ამჟამად საქართველოში 7 თავისუფალი ინდუსტრიული (ეკონომიკური) ზონაა (თიზ). ანაკლიის ეკონომიკური ზონა მეშვიდე ასეთი პროექტია. მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ჩინური კომპანია „ჰუალინგის“ მხარდაჭერით ქუთაისში 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა თიზ-ი 30-წლიანი ვადით და იგეგმება $ 40 მლნ დოლარის მოზიდვა. მსოფლიოში 3 ათასზე მეტი თავისუფალი ეკონომიკური (ინდუსტრიული) ზონაა. მათგან ნახევარზე მეტი წარუმატებელი პროექტია. აშშ-ს დელავერის შტატში გახსნილი ოფშორული ზონა უფრო თიზ-ია, რომელიც შტატის გამოცოცხლებისათვის შეიქმნა. დელავერის თიზ-ში არის ოფშორული ელემენტები და ამიტომ ეკონომიკურ ლიტერატურაში მოიხსენიება დელავერის ოფშორული ზონა და არა დელავერის თიზ-ი. წინა წლებში ოფშორული ზონების გახსნა უფრო ხელსაყრელი იყო საქართველოსათვის, რადგან თიზ-ების გახსნას გაცილებით დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მძლავრი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, რათა ბიზნეს-იდეებს ხორცი შეესხას. საქართველოს ხელისუფლება მეტისმეტ აქცენტირებას ახდენს თიზ-ებზე. ძალისხმევა მიმართულ უნდა იქნეს საკუთარი ეკონომიკური სიმძლავრეების ასამოქმედებლად. სერვისის ეკონომიკა, ტურიზმი და სასტუმროების ბიზნესის ჰიპერტროფირება არაა დიდი შედეგების მომტანი. საქართველოში დაბალტექნოლოგიური პროდუქციაც ძლივს იწარმოება.  ახლანდელ სიტუაციაში ოფშორული ზონების გახსნა უკვე წარუმატებელი ბიზნეს-პროექტი იქნება. იმედია, რომ არსებული თიზ-ებიდან ერთი მაინც იქნება მართლაც წარმატებული პროექტი.  ანაკლიის თიზ-ს სასტიკ კონკურენტულ გარემოში მოუწევს არსებობა. ჩინეთი ახორციელებს „აბრეშუმის გზის“ მეგაპროექტს (OBOR), რომელიც რუსეთის გავლით დააკავშირებს შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას. ჩინეთი უკვე არის მსოფლიოს ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. თურქეთი გამალებით აშენებს ახალ სატრანსპორტო ხაზებს და სრულყოფს უკვე არსებულს. აზერბაიჯანშიც და ირანშიც  შენდება სატრანსპორტო არტერიები და კვანძები. უკრაინაც ცდილობს სატრანსპორტო დერეფნის სტატუსი დაიმკვიდროს. შევარდნაძის დროიდან საქართველომ უქმად დაკარგა მრავალი წელი. რეგიონში რამდენიმე ქვეყანას აქვს აზიისა და ევროპის დამაკავშირებლის პრეტენზია. საქართველოს ძალზე გაუჭირდება მათთან კონკურენცია.

10 ნოემბ., 2017

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s