ესპანეთის ეკონომიკა კატალონიის სეპარატიზმის ფონზე


 

*პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“ N 12 (216) 2017.

ანოტაცია: სტატიაში განხილულია კატალონური სეპარატიზმის პრობლემა და ესპანეთის ეკონომიკის მდგომარეობა, დარგების განვითარება. საუბარია იმ ზარალზე, რასაც კატალონია და ესპანეთის სამეფო მიიღებენ კატალონიელი სეპარატისტების გამარჯვების შემთხვევაში.

საკვანძო ცნებები: კატალონური ინდეპენდიზმი, ბასკური სეპარატიზმი, შოტლანდიური სეპარატიზმი, ტაბარნია.

პერსონალიები: კარლეს პუჩდემონი, მარიანო რახოი, ფელიპე VI ბურბონი, ლუის დე გინდოსი, ლუის კომპანისი, ნიკოლა სტერჯენი, ჟან-გი ტალამონი, ჟან-კლოდ იუნკერი.

ფაილის მოცულობა – 11 გვ.

2017 წლის 7 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა კატალონიის ესპანეთისაგან გამოყოფის მომხრეთა მრავალათასიანი მიტინგი. აქ იყვნენ კატალონიის განდევნილი პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი (ამჟამად იმყოფება ბელგიაში. ის 54 წლისაა) და  ესპანეთის ტახტისაგან გამოყოფის მომხრე სხვა პოლიტიკოსები. მიტინგზე გამოტანილი იყო ბევრი ესტელადა (კატალონიელთა დროშა), რომელიც დღეს ევროპული სეცესიონისტური მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. კატალონიელები ცდილობენ მიიპყრონ ევროკავშირის მოხელეთა ყურადღება.

კატალონიელთა სეპარატიზმი კატალონური ინდეპენდიზმის (ესპ. –                 El independismo Catálan) სახელითაცაა ცნობილი. 2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიის ჟენერალიტატმა (ავტონომიურმა მთავრობამ) ჩაატარა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმში მონაწილე კატალონიელთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა ესპანეთის სამეფოდან გასვლას. 2017 წლის 27 ოქტომბერს კი კატალონიის პარლამენტმა გამოაცხადა კატალონიის დამოუკიდებლობა. ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქვეყნის კონსტიტუციის 115-ე მუხლის თანახმად, სეპარატიზმის  საპასუხოდ შემოიღო პირდაპირი მმართველობა კატალონიაში და შეაჩერა ავტონომიის უფლებამოსილებანი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, მარიანო რახოის პირველმა მოადგილემ სორაია საენს დე სანტამარიამ პუჩდემონის ადგილი დაიკავა და ის ითვლება კატალონიის მეთაურად. კატალონიის მინისტრთა კაბინეტი მადრიდიდან გამოგზავნილი ესპანელი მოხელეებით დაკომპლექტდა. ამის გამო ამა წლის დეკემბრის მიწურულს კატალონიელმა სეპარატისტებმა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. მათ არაკანონიერად მიაჩნიათ ცენტრალური ხელისუფლების მმართველობის შემოღება კატალონიის ავტონომიაში. კარლეს პუჩდემონმა კი თავის საახალწლო მიმართვაში კატალონიელი ხალხისადმი მადრიდისაგან მოითხოვა კატალონიის ავტონომიური მთავრობის აღდგენა.

ბასკური სეპარატიზმისაგან განსხვავებით, კატალონიური სეპარატიზმი არ მიმართავს ტერორს და ცდილობს არ გავიდეს კანონის საზღვრებიდან. წინა წლებში კატალონიის ჟენერალიტატმა მხარი დაუჭირა კოსოვოს დამოუკიდებლობას და ესპანეთის მთავრობისაგან მოითხოვა კოსოვოს დამოუკიდებლობის (თებერვალი, 2008 წ.) ცნობა. ბრიტანეთის სამეფოდან გასვლის მოსურნე შოტლანდიელთა შემდეგ კატალონიელთა სეპარატისტული მისწრაფებანი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.  თვით ესპანეთში კატალონიის ამბებს რეგულარულად აშუქებენ წამყვანი გაზეთები: El Mundo, ABC, El País და La Vanguardia. პორტალზე Project Syndicate ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ჯოზეფ ნაი (Joseph S. Nye) გამოეხმაურა კატალონიის საკითხს.

2017 წლის 21 დეკემბერს კატალონიის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღეს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა. ესპანეთის სამეფოდან გასვლისათვის იბრძვის კარლოს პუჩდემონის კოალიცია  Junts Per Catalunya („ერთად კატალონიისათვის“). მან მიიღო 34 მანდატი. პარტიამ „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“, რომელიც ასევე სეპარატიზმს ემხრობა, მიიღო 32 მანდატი. პუჩდემონმა ამ არჩევნების შედეგებს კატალონიის მონარქიაზე გამარჯვება უწოდა. ამ არჩევნებმა უფრო გაამწვავა კატალონიის საკითხი. ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას სურს თუ არ სურს, ანგარიში უნდა გაუწიოს ამ არჩევნების შედეგებს. ესპანეთის მეფემ ფელიპე VI ბურბონმა თავის საშობაო მიმართვაში მოუწოდა კატალონიის პარლამენტს, რომ მან უარი თქვას სეპარატისტული კონფრონტაციის გაგრძელებაზე. მეფის გამოსვლაში ჩანს სურვილი, რომ შენარჩუნებულ იქნეს ესპანეთის სამეფოს ერთიანობა.  უფრო ადრე ესპანეთის მეფემ 2017 წლის 3 ოქტომბრის გამოსვლაში დაგმო კატალონიის რეფერენდუმი. ამას მოჰყვა ანტიმონარქისტული პროტესტის ტალღა. სეპარატისტებმა და მათმა მომხრეებმა ესპანეთში (გალისიელები, ბასკები, ანდალუზიელები) მოითხოვეს ბურბონების ტახტის დამხობა და ესპანეთის მესამე რესპუბლიკად გამოცხადება.

კატალონიელთა სეპარატიზმი რამდენიმე საუკუნეს მოითვლის. არაერთხელ მოხდა აჯანყებები ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის მიზნით.  XX  საუკუნეში დიქტატორმა ფრანსისკო ფრანკომ რეპრესიები განახორციელა ბასკური და კატალონიური სეპარატიზმის აღმოსაფხვრელად. 1940 წელს ფრანკომ დახვრიტა ლუის კომპანისი, რომელმაც 1934 წელს კატალონიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. უფრო ადრე დიქტატორმა მიგელ პრიმო დე რივერა-ი ორბანეხამ ბარსელონის სამხედრო გუბერნატორის პოსტზე ყოფნისას (1920-იანი წლები) განახორციელა რეპრესიები კატალონიელ სეპარატისტთა წინააღმდეგ.

კატალონია ეკონომიკურად და კულტურულად ესპანეთის ყველაზე განვითარებული მხარეა. უკვე 500 წელია კატალონია ესპანეთის შემადგენლობაში შედის. სწორედ კატალონია იყო ესპანეთის ინდუსტრიალიზაციის პიონერი XIX  საუკუნის ბოლოს. კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში ამუშავდა პირველი ქარხნები. სადღეისოდ ბარსელონისათვის საფირმო ნიშანია ანტონიო გაუდი ი კორნეტის სატაძრო კომპლექსი „საგრადა ფამილია“, რომელიც მსოფლიოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 2017 წლის აგვისტოში ბარსელონის მცხოვრებნი პროტესტით გამოვიდნენ ტურისტების მეტისმეტი რაოდენობისა და ფასების ზრდის გამო.

ძველ დროში კატალონიის მხარეში მოსულან ბერძნები, რომაელები, ალანები, არაბები. ჩვენს ერამდე 237 წელს ბარსელონას საფუძველი ჩაუყარა ჰანიბალის მამამ, კართაგენელმა სარდალმა, ჰამილკარ ბარკამ. მის სახელიდან მომდინარეობს ამ ქალაქის სახელწოდება. სიტყვა „კატალონია“ კი მომდინარეობს გოთლანდიიდან. ასე უწოდეს ვესტგოთებმა თავის სამეფოს. ისინი V საუკუნეში მოვიდნენ პირენეს (იბერიის) ნახევარკუნძულზე. კატალონიელები ადრიდანვე ვაჭრობას და ნაოსნობას მისდევდნენ. ამას ხელს უწყობდა მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა.

ესპანეთის სამეფოს და შემდეგ ესპანეთის იმპერიის (Monarquía universal española (XV – XIX სს.) ცუდმა მმართველობამ გამოიწვია ის, რომ ესპანეთის შემადგენელი მხარეები ვერ შედუღაბდა ერთ მთლიანობაში, როგორც ეს მოხდა საფრანგეთში და ასევე იტალიაში. ბრიტანეთის იმპერიული ელიტისაგან განსხვავებით, ესპანეთის ელიტამ სამხრეთ ამერიკის კოლონიებიდან შემოსული დიდი სიმდიდრე ვერ გამოიყენა და ვერ განახორციელა ისეთი სამეცნიერო, ეკონომიკური და კულტურული პროგრესი, როგორც ეს იყო ბრიტანეთის იმპერიაში. ბრიტანეთის იმპერიასთან და შემდეგ აშშ-სთან ჭიდილში ესპანეთის იმპერია საბოლოოდ დამარცხდა.  XX  საუკუნის დამდეგს ესპანეთი იყო ევროპის უღარიბესი და უჩამორჩენილესი ქვეყანა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ესპანეთმა ვერ მიიღო დახმარება მარშალის გეგმის მიხედვით, რახან ის ფაშისტური ქვეყანა იყო. 1960 – 74 წლებში ესპანეთს ჰქონდა ეკონომიკის ზრდის ერთობ მაღალი მაჩვენებლები. ამ პერიოდს ეწოდება „ესპანეთის ეკონომიკური სასწაული“.

ესპანეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პრობლემური ეკონომიკის მქონეა. 2008 წლის რეცესიამ ესპანეთის ეკონომიკა დიდად აზარალა. ამ რეცესიამ ასევე აზარალა კატალონიის ეკონომიკა, რომელიც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ესპანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) მიახლოებით 20 %-მდე (სხვა მონაცემებით 24 %) შეადგენს. კატალონიის სეპარატიზმისათვის  ახალი ბიძგის მიმცემი 2008 წლის რეცესია იყო.  ბლუმბერგის სიღარიბის ინდექსი (Bloomberg’s Misery Index) ესპანეთს ხშირად ასახელებს მწირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის. ბლუმბერგის საიტზე არის ანალიზი: These Economics Are Getting More Miserable This Year (March 2, 2017).  აქ ესპანეთი არის სამხრეთ აფრიკის, არგენტინის, საბერძნეთის, თურქეთის, უკრაინის გვერდით.

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ესპანეთი ევროკავშირის მეხუთე ეკონომიკაა. ქვეყანაში ყოველწლიურად იქმნება მრავალი ათასი სამუშაო ადგილი. ევროზონის პრობლემური ქვეყნებიდან (PIGS – პორტუგალია, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი) ესპანეთმა ყველაზე წარმატებით დაძლია 2008 წლის რეცესიის შედეგები და ეკონომიკის ზრდის ტემპებიც აჩვენა, მაგრამ მაინც ბევრი პრობლემებია დაგროვილი.

ცხადია, კრიზისული სიტუაცია ესპანეთის ეკონომიკაში უფრო განამტკიცებს კარლეს პუჩდემონის მომხრეთა სეპარატისტულ არგუმენტაციას. 2009 წელს ქალაქ არენშ-და-მუნიდან დაიწყო პირველი „სახალხო კონსულტაციები“ კატალონიის ესპანეთიდან გასვლის თაობაზე. შემდეგ ჩატარდა ადგილობრივი რეფერენდუმები კატალონიის მრავალ ქალაქსა და დაბაში. კატალონიელ სეპარატისტებს მხარს უჭერს შოტლანდიის პრემიერ-მინისტრი და ბრიტანეთის სამეფოდან გამოყოფისათვის მებრძოლი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერი ქ-ნი ნიკოლა სტერჯენი (Nicola Sturgeon). კატალონიელებს ასევე მხარს უჭერს კორსიკის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარე ჟან-გი ტალამონი (Jean-Guy Talamoni). კორსიკელებში არ ჩამკვდარა საფრანგეთისაგან გამოყოფის სწრაფვა. კატალონიელთა სეპარატიზმმა გამოაცოცხლა ევროპის სეპარატისტული წრეები. რუმინეთის ტრანსილვანიაში ცხოვრობს მილიონზე მეტი ეთნიკური უნგრელი. აქაც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა. იტალიის ორი მდიდარი მხარე – ლომბარდია და ვენეტო (ვენეცია) მეტ ავტონომიას მოითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ იტალიის ღარიბ რეგიონებს ისინი ინახავენ და რომს უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე მისგან ღებულობენ. სეპარატიზმი მწვავდება ფლანდრიაშიც (ბელგიის ფლამანდია). სადღეისოდ ყველა ევროპელი სეპარატისტი კატალონიელთა მხარდამჭერი განცხადებებით გამოდის.

მადრიდსა და ბარსელონას შორის ურთიერთობას ამწვავებს საბიუჯეტო პოლემიკა. კატალონიელმა ეკონომისტებმა გამოთვლებით დაასაბუთეს, რომ კატალონია განიცდის საბიუჯეტო დისკრიმინაციას ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. მათ თანახმად, კატალონიას ესპანეთის ბიუჯეტში შეაქვს უფრო მეტი, ვიდრე ის იღებს სუბსიდიებს მადრიდიდან. ამ ფაქტმა ბევრად გაზარდა სეპარატისტთა რიცხოვნება განსაკუთრებით კატალონიის საშუალო ფენის წარმომადგენელთა შორის. მიტინგებზე გაჩნდა ლოზუნგი: „მადრიდი ჩვენ გვძარცვავს!“. სეპარატისტებს მიაჩნიათ, რომ კატალონია ინახავს ესპანეთის ღარიბ რეგიონებს (ანდალუსია, მურსია, ესტრემადურა და სხვ.). აქ უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთში 12 მლნ-ზე მეტი ადამიანი (ესაა ესპანეთის მოსახლეობის 27, 9 %) იმყოფება სიღარიბის რისკის ზონაში. სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია კანარის კუნძულებზე, სეუტასა და ანდალუსიაში. სიღარიბის მაჩვენებელი ასევე მაღალია ესტრემადურაში, მურსიაში, ვალენსიაში და სხვ. ესპანეთში არაა მაღალი ხელფასები. ქვეყნის მთავრობა 2020 წლამდე გეგმავს ხელფასების 20 %-ით  გაზრდას ახლანდელ ხელფასებთან შედარებით და ის გახდება 850 ევრო.  ბოლო მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასები მადრიდსა და ბარსელონაშია. ესაა მიახლოებით 30 ათასი ევრო წელიწადში. კატალონიაში ცხოვრობს 30 ათასზე მეტი მილიონერი. ცნობილი კატალონიელი მილიარდერები არიან ისაკ ანდიკი, მაღაზიათა ქსელის Mango-ს მფლობელი და სოლ დაურელია, რომელიც ფლობს კომპანიას Coca-Cola Iberian partners.  ესპანელ სოციალისტთა მხრიდან ხშირად გამოითქმის კრიტიკა, რომ პრემიერ მარიანო რახოის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია  Partido Popular („სახალხო პარტია“) ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს მზარდ სოციალურ უთანასწორობას.  2016 წელთან შედარებით 2017 წელს უმუშევრობა შემცირდა და შეიქმნა ასიათასობით სამუშაო ადგილი. ესპანეთის ეკონომიკის სამინისტროს ოპტიმისტური პროგნოზი აქვს უმუშევრობის შემდგომ შემცირებასთან დაკავშირებით. ესპანეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემთა თანახმად, ესპანეთის ექსპორტმა 2017 წლის იანვრიდან სექტემბრამდე მიაღწია € 205  560  მლნ-ს, რაც 9, 1 %-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  ესპანეთში საექსპორტო პროდუქციის დამამზადებელი 40 ათასამდე კომპანიაა, რომელნიც ხელს უწყობენ ესპანური პროდუქციის ცნობადობას საზღვარგარეთ. ამ კომპანიებისათვის შექმნილია ექსპორტის განვითარების სახელმწიფო გეგმა (PIPE – Plan de Iniciacion a la Promocion Exterior). სახელმწიფო ყოველმხრივ ეხმარება ბიზნესს. ამისთვის არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია: ესპანეთის კომპანია განვითარების ფინანსირებისათვის (COFIDES – Compania Espanola de Finanziacion del Desarrollo), მცირე და საშუალო საწარმოთა ესპანეთის კონფედერაცია (CEPYME – Confederacion Espanol de Pequenas y Medianas Empresas) და სხვ. სახელმწიფო ბიზნესს ეხმარება თანადაფინანსების პრინციპით. ყველა კერძო წამოწყებას, ყველა სტარტაპერს სახელმწიფო ფინანსურად უჭერს მხარს.  ესპანეთი მსოფლიოს მე-13 ეკონომიკაა და ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით (Human Development Index) ის 23-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ესპანეთის ტახტი ცდილობს კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ლათინური ამერიკის ესპანურენოვან ქვეყნებთან.

კატალონიელ ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ესპანეთის ტახტისაგან გამოყოფა კატალონიას შესაძლებლობას მისცემს გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 8 %-ით. ისიც კიდევ ითქვა, რომ კატალონია არჩენს მთელ ესპანეთს. კატალონიის მთავრობის განცხადებით, ბარსელონას მადრიდისაგან ყოველწლიურად აკლდება      € 16 მლრდ. ესპანეთის მთავრობა კი საუბრობს მხოლოდ € 10 მლრდ-ზე.  2017 წლის დეკემბერში ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი ლუის დე გინდოსი საუბრობდა ესპანეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. მისი აზრით, რომ არა კატალონიის კრიზისი, ესპანეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები მეოთხე კვარტალში უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე მიმდინარე წლის წინა კვარტალებში იყო. სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2017 წლის დეკემბრის მიწურულს გამოაქვეყნა შეფასება, რომლის თანახმადაც 2018 წელს ესპანეთის ეკონომიკის ზრდის დინამიკა შეადგენს + 3, 1 %-ს. მომდევნო ორ წელიწადში კი ზრდა მიაღწევს + 2, 5 %-ს.

კატალონია ესპანეთის სამეფოს ტერიტორიის 6, 3 %-ს შეადგენს. კატალონიაში ცხოვრობს ესპანეთის მოსახლეობის 16 % (7, 5 მლნ ადამიანი). ესპანეთის წარმოების მოცულობის ერთ მეხუთედს შეადგენს კატალონიის ეკონომიკა. ბარსელონა ევროპაში მეხუთე ადგილს იკავებს სტარტაპების რაოდენობით და მადრიდსაც კი უსწრებს. კატალონიის უმსხვილესი ქალაქები ბარსელონას შემდეგ არის ბადალონა, ოსპიტალიტეტ-დე-ლობრეგატი, ტარასა, საბადელი, სანტა-კოლომა-დე-გრამენეტი.  კატალონიის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა შეადგენს 3, 3 %-ს. წარმოებაში დასაქმებულია კატალონიელთა 25 %, სერვისის სფეროში – 64 %, სასოფლო სამუშაოებზე – 2 %. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოებაში მომუშავეთა ფენა, კატალონიის მუშათა კლასი არ გამოირჩევა სეპარატისტული მისწრაფებით საზოგადოების სხვა ფენებთან შედარებით. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი (ასტურია, ბასკეთი, კანტაბრია)  ეკონომიკურად  გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მხარეები.  კატალონია არის ეკონომიკური ჰაბი და დარგობრივი კლასტერების მქონე რეგიონი. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ის ესპანეთის ეკონომიკაში დრაივერის როლს ასრულებს. ბარსელონასთან ერთად ესპანეთში ყველაზე განვითარებული სამრეწველო რაიონებია ბილბაო, ხიხონი და ვალენსია.

კატალონიას დიდ შემოსავლებს აძლევს ბარსელონის საზღვაო პორტი განვითარებული ინფრასტრუქტურით. ეს პორტი ტვირთბრუნვის რაოდენობით შედის ევროკავშირის 20 უმსხვილესი პორტის შემადგენლობაში. პორტში ერთდროულად შეიძლება შევიდეს 1 700 გემი. შემოსავლიანია ასევე კატალონიაში მდებარე ნავთობქიმიური კომპანიები. ქალაქი ტარაგონა ევროკავშირის ქიმიური მრეწველობის ცენტრია. ელ-პრატის აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია ესპანეთში. 2017 წლის აგვისტოს მონაცემებით, მას თვეში გადაჰყავს 5 მლნ მგზავრი. ძალზე განვითარებულია ტურისტული ბიზნესი. ყოველ წელს ბარსელონას  ათეულობით მილიონი ტურისტი სტუმრობს. სოფლის მეურნეობის დარგებიდან კატალონიაში განვითარებულია მეღვინეობა. მეღვინეობის ცენტრებია კატალონიის ოთხი პროვინცია: ბარსელონა, ტარაგონა, ლერიდა და ჟირონა. კათოლიკე ბერებმა შექმნეს აქ მეღვინეობა. ღვინის დაყენების მათეული ტექნოლოგიები დღესაც გამოიყენება. თანამედროვე ესპანური მეღვინეობის პიონერიც კატალონია იყო. საფრანგეთის ღვინის კონკურსზე მეღვინე მიგელ ტორესმა სახელი გაუთქვა 1970 წლის ღვინოს Torres Gran Coronas Black Label. ღვინის კრიტიკოსის, რობერტ პარკერის მიხედვით, ენოლოგ ალვარო პალასიოსის კატალონიურმა ღვინომ L’Ermita-მ  მიიღო ასი ქულა 2013 წელს. საერთოდ კი, ესპანური ღვინოები დიდ კონკურენციას უწევს ფრანგულ და იტალიურ ღვინოებს. ღვინის ბაზრის მონიტორინგის ცენტრის მიხედვით, 2017 წლის აგვისტოსათვის ესპანური ღვინის ექსპორტმა გადააჭარბა $ 1 მლრდ-ს.

მაღალტექნოლოგიური დარგები ესპანეთში არაა განვითარებული. კომუნიკაციური ტექნოლოგიების წარმოებით ესპანეთი ბევრად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. ესპანეთი ავითარებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს (ქარის გენერატორები, მზის პანელები) და ამ დარგში ის მხოლოდ აშშ-სა და გერმანიას ჩამორჩება.  ძველი დროიდანვე ნაოსნობით განთქმულ ესპანეთში მაღალ დონეზე დგას გემთმშენებლობა და დაზგათმშენებლობა. ესპანური ჩარხები მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გადის. საავტომობილო მრეწველობის წილი ესპანეთის ეკონომიკაში შეადგენს 10 %-ს.  ესპანეთში განვითარებულია სამთომომპოვებელი დარგი. ქვეყანა ლიდერობს ვერცხლისწყალისა და პირიტების მოპოვებაში. ესპანეთი მსოფლიო ლიდერად ითვლება ზეითუნის ზეთის წარმოებაში. ზეითუნის ზეთი ძირითადად იწარმოება ანდალუსიაში. მისი მოხმარება ქვეყნის შიგნითაც მაღალია. ესპანეთი ასევე ევროპის ლიდერია თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მოპოვებაში. ეს შესაძლებელია იმის გამო, რომ ესპანეთს აქვს 8 ათასი კმ სანაპირო ხაზი. განვითარებულია ტყავის ფეხსაცმლის და ტანსაცმლის წარმოება. ტურიზმი ესპანეთს აძლევს მიახლოებით € 80 მლრდ-ს წელიწადში. აქაა მსოფლიო მნიშვნელობის  ათეულობით ისტორიული ძეგლი. ესპანური კულტურა არაბული და ევროპული კულტურების სინთეზია.  ესპანეთის სოფლის მეურნეობა აზარალა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა უკრაინის ომის გამო. ამჟამად ესპანეთის აგროსამრეწველო სექტორში მუშახელის დეფიციტია. ესპანელები ნაკლებად მუშაობენ მინდვრებსა და პლანტაციებში. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა უმრავლესობა იმიგრანტები არიან, რომელნიც გადადიან უფრო მაღალანაზღაურებად დარგებში, ან სამუშაოდ მიემგზავრებიან მეზობელ საფრანგეთსა და იტალიაში.

ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ და ევროპაში პირველია, რომელსაც გააჩნია ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზები და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევებით აღჭურვილი სამატარებლო შემადგენლობები. ესპანეთი ასევე პირველია ევროპაში ჩქაროსნული ავტობანებით. ესპანეთის ინფრასტრუქტურული ობიექტების ქსელი მსოფლიოში მოწინავეა. Global Competitiveness  Report 2016 – 2017-ის თანახმად, ესპანეთი იმ თორმეტი ქვეყნის სიაშია, რომელთაც საუკეთესო ინფრასტრუქტურა და მაღალორგანიზებული სატრანსპორტო სისტემა აქვთ.

კატალონიის ექსპორტის ორი მესამედი გადის ევროკავშირის ქვეყნებში. ესპანეთის ექსპორტში კატალონიის წილი არის 25, 6 %. თუ კატალონია გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა, მაშინ ევროკავშირთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობანი თავიდან დასაწყები გახდება. მადრიდიდან ბარსელონა სოლიდურ  სუბსიდიებს იღებდა. 2012 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ შექმნა რეგიონების დახმარების ფონდი. კატალონიამ დიდად ისარგებლა ამ ფონდით. მან სუბსიდიების სახით მადრიდიდან  მიიღო € 67 მლრდ.

თუ კატალონია საბოლოოდ გამოეყოფა ესპანეთს, მაშინ დადგება საკითხი, რომ ბარსელონას მადრიდის წინაშე აქვს ვალები და არა პირიქით. გაუქმდება მრავალი ხელშეკრულება, რაც კატალონიას შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ევროკავშირის სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებით. პირველ რიგში შეწყდება კატალონიის ბანკების ფინანსური ურთიერთობანი ევროპის ცენტრალურ ბანკთან. ესპანეთისაგან გამოყოფის შემდეგ კატალონიას სურს ევროკავშირში შესვლა. ევროკავშირი და კატალონიელთა სეპარატისტული ნაციონალიზმი კი ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებია. ევროკავშირი, აშშ და ნატო მხარს უჭერენ არა კატალონიელ სეპარატისტებს, არამედ  ესპანეთის პრემიერს მარიანო რახოის.

2017 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ კატალონიაში მდებარე ორი უმსხვილესი ბანკი Banco Sabadell და Caixa Bank ბარსელონიდან სხვა ადგილას გადადიან. Sabadell ალიკანტეში გადავიდა, Caixa კი გადადის პალმა-დე-მალიორკაში (ბალეარის კუნძულები).  მათ სურთ ევროზონაში დარჩენა და ევროპის ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობის გაგრძელება. ამის საპასუხოდ კატალონიის ნაციონალურმა ასამბლეამ მოუწოდა კატალონიელებს, რომ მათ გაიტანონ თავისი ანაბრები ამ ბანკებიდან. მათ გარდა კატალონიაში კიდევ სამი ძირითადი ბანკია: BBVA, Bankia და Santander. ამერიკული კვლევითი სააგენტოს Forrester Research-ის მიხედვით, ბანკი BBVA 2017 წლისათვის მიჩნეულ იქნა საუკეთესო მობილურ ბანკად. ამ ბანკს აქვს უნიკალური მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობით მან 18 ქვეყნის 50 კონკურენტ ბანკს გაუსწრო.  კატალონიის დატოვებას აპირებს ბევრი დიდი კომპანია: Mediolanum (საბანკო ინვესტიციები), Dogi (ტექსტილის წარმოება), Oryzon (ბიოტექნოლოგია) და სხვ.  ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო კატალონიაში მოღვაწე სულ უფრო მეტი კომპანიის მომავალი გაურკვეველი ხდება. ესპანეთის კომერციული რეგისტრატორების ასოციაციის მონაცემთა თანახმად, 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე კატალონიიდან ესპანეთის სხვა რეგიონებში გადავიდა 1 300-ზე მეტი კომპანია. 2018 წლის იანვრის დამდეგის მონაცემებით, უკვე 3 000-ზე მეტმა კომპანიამ თავისი წარმომადგენლობები კატალონიიდან ესპანეთის სხვა რეგიონებში გადაიტანა.  კატალონიას მოელის ინვესტიციების შემცირება, ტურისტული ბიზნესის დაქვეითება. ესპანეთის სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, დაახლოებით 4 მლნ ესპანელი უმუშევარია. კატალონიის გასვლა ესპანეთის სამეფოდან ბევრად გაზრდის ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობას. კატალონიამ დამოუკიდებლობის მიღწევის შემთხვევაში უნდა დაიწყოს საკუთარი სახელმწიფო დაწესებულებების მშენებლობა და ერთიანი ევროპის ინტეგრირებულ სტრუქტურებში თავისი ადგილის მოძიება. ეს არაა იოლი საქმე.

თუ კატალონია საბოლოოდ მიაღწევს დამოუკიდებლობას, ესპანეთი დაკარგავს 580 კილომეტრ ზღვის სანაპიროს, საუკეთესო საზაფხულო და საზამთრო საკურორტო ადგილებს. კატალონია, ბალეარის და კანარის კუნძულები ყველაზე მაღალმოთხოვნადი ტურისტული ადგილებია ესპანეთში. კატალონია ესაა ესპანეთის ნახევარი საზღვარი საფრანგეთთან. აქვეა ლა-ჟუნკერას სატრანსპორტო არტერია, რომელიც ესპანეთს ევროპასთან აკავშირებს. მადრიდი-ბარსელონის სარკინიგზო ხაზი კი ძალზე მნიშვნელოვანია ესპანეთისათვის. კატალონიის სარკინიგზო ქსელს მადრიდი მართავს. კატალონიის გამოცალკევების შემთხვევაში ესპანეთი დაკარგავს ტარაგონაში მდებარე ატომურ ელექტროსადგურებს, რომელნიც გამოიმუშავებენ ესპანეთის ელექტროენერგიის მიახლოებით 40 %-ს.   აქვეა ცნობილი ინდუსტრიული ობიექტები –  Seat-ის,  Nissan Iberica-ს და Volkswagen España-ს ქარხნები (ავტომობილების წარმოება). ცნობილი მზარდი ავიაკომპანია Vueling Airlines-იც კატალონიაში მდებარეობს. ელ-პრატის აეროპორტს Vueling-ი მართავს.  კავშირგაბმულობა კატალონიაში  ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგულირდება.

ძალზე საგულისხმოა ერთი რამ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება კატალონიელთა სეპარატისტულ მისწრაფებებს. ესაა ტაბარნიის (Tabarnia) საკითხი. არსებობს ორგანიზაცია Barcelona is not Catalonia, რომელიც იცავს ბარსელონისა (ზემო ტაბარნია) და ტარაგონას (ქვემო ტაბარნია) კატალონიისაგან გამოყოფის იდეას. კატალონიის ესპანეთისაგან გამოყოფის შემთხვევაში კატალონიას უნდა გამოეყოს ბარსელონა და ტარაგონა. ეს იქნება ახალი ზღვისპირა ავტონომია ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში. ტაბარნიის ავტონომიის მოძრაობა შეიქმნა 2017 წლის ზაფხულში. ტაბარნიის საკითხი ფართოდ განიხილება არა მხოლოდ ესპანურ, არამედ დასავლურ მედიაში. თქმა არ უნდა, რომ კატალონიელი სეპარატისტები თავად კატალონიის დაშლას არ დაუშვებენ. ბარსელონის გარეშე კატალონია წარმოუდგენელია. უნდა ითქვას ისიც, რომ საკმაოდ ბევრია სეპარატიზმის მოწინააღმდეგე კატალონიელი. მათ სურთ, რომ კატალონია დარჩეს ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში. 2017 წლის მარტში კატალონიის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ  Societat Civil Catalana („კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება“. დაფუძნდა 2014 წლის აპრილში) ჩაატარა მრავალათასიანი მიტინგი, რომელმაც სეპარატისტები დაგმო.  2018 წლის 1 იანვარს ესპანეთის რადიოსთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრმა ლუის დე გინდოსმა აღნიშნა, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი და პოლიტიკური კრიზისი ესპანეთს € 1 მლრდ დაუჯდა.

კატალონიური სეპარატიზმი მკაცრად შეაფასა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა. სეპარატისტთა რადიკალიზმი თანდათან მატულობს, მაგრამ ესპანეთის ტახტი მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეეცდება დაიცვას პირენეს სამეფოს ერთიანობა. უახლოეს მომავალში მადრიდსა და ბარსელონას შორის მხოლოდ კონფრონტაციის ზრდა არის მოსალოდნელი. კატალონიური სეპარატიზმი წამბიძგებლის როლს ასრულებს ევროპის სეპარატისტული მოძრაობებისათვის. ამ მოძრაობათა ლიდერები თავად ევროკავშირის იდეურ საფუძვლებს უარყოფენ და ნაციონალისტური ტალღის გაძლიერებას უწყობენ ხელს.  ევროკავშირისათვის ეს მოძრაობები დესტაბილიზაციის კერებს წარმოადგენენ. ამის გამო ბრიუსელი ყოველთვის შეეწინააღმდეგება და დაგმობს  სეპარატისტთა მიზნებს. სეპარატიზმის გაძლიერებას ევროპაში ხელს უწყობს ლიბერალიზმის იდეური კრიზისი, რომელიც უფრო გამწვავდა 2008 წლის რეცესიის შემდეგ. ლიბერალიზმის კრიზისს მოჰყვა სეცესიონისტური და ხალხოსნური (დასავლეთში მას ეწოდება პოპულიზმი) მოძრაობის გაცხოველება ევროპასა და ამერიკაში. ძველისძველი ისტორიული ანტაგონიზმი ნაციონალიზმსა და უნივერსალიზმს შორის დღეისათვის თავს იჩენს ევროპელ სეპარატისტთა შორის.

დეკ. 2017 წ.

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s